საქართველო
კატეგორია - საქართველო

ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592

როგორც „მედიაომბუდსმენი“ წერს, აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ-ერთი სამიზნეა. მათი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია: ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში კი, ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმა აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე.

„მედიაომბუდსმენის“ ზოგადი რეკომენდაციები იმ შემთხვევისთვის, თუ დაგაკავეს:

1. მოითხოვეთ დაკავების საფუძვლის განმარტება;
2. მოითხოვეთ თქვენი უფლებების განმარტება.


ამ დროს თქვენი უფლებებია:

  • ადვოკატთან ან ახლობლებთან კომუნიკაციის უფლება;
  • საქმის მასალების გაცნობის უფლება;
  • ახსნა-განმარტების მიცემის უფლება;
  • მტკიცებულებების წარდგენის უფლება;

1. საქმის განხილვისას ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლება;

2. საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის უფლება. ამ უფლებებით სარგებლობა ნებაყოფლობითია.

3. როცა გექნებათ ახლობელთან/ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობას, ეცადეთ თქვენი ტელეფონი არ ჩართოთ და სამართალდამცველების ტელეფონით ისარგებლოთ;

4. დაიმახსოვრეთ “მედიაომბუდსმენის” ცხელი ხაზი: 577 070 592 დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ თქვენი დაკავების შესახებ;

5. შეგიძლიათ ისარგებლოთ დუმილის უფლებით და ხელი არ მოაწეროთ არავითარ დოკუმენტებს;

თუ მოთხოვნის შემდეგ, გადმოგცეს დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები (დიდი ალბათობით არ გადმოგცემენ, მაგრამ მაინც) ჩაიბარეთ და ორივე მათგანზე შენიშვნა გააკეთეთ რომ არ ეთანხმებით.

6. სანამ ნივთებს ჩამოგართმევენ, ეცადეთ ტელეფონი გამორთოთ და თუ კი სახის ამომცნობი გაქვთ, ეგეც გათიშეთ.

7. საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება;

8. მოითხოვეთ სახალხო დამცველთან შეხვედრა, თუ კი ადგილი ჰქონდა თქვენს მიმართ სიტყვიერ ან/და ფიზიკურ ძალადობას;

9. თუ კი თქვენ მიმართ პოლიციელებმა იძალადეს ან/და ხელი შეგიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მოითხოვეთ ინფორმაცია გადაეცეს “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს” ცხელი ხაზი: 199
კატეგორია - საქართველო


ფაქტების გადამოწმების პორტალი - „მითების დეტექტორი“ წერს, რომ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მტკიცება, თითქოს აქციაზე შეიარაღებული დემონსტრანტი იმყოფებოდა, დეზინფორმაციულია:

„მედიის მიერ გავრცელებული ფოტო „ტელეკომპანია პირველის“ პირდაპირი ჩართვიდანაა მოჭრილი. უწყვეტი ეთერის ყურებით ვადგენთ, რომ საინფორმაციო ბარათზე ასახული პირი არა შეიარაღებული დემონსტრანტი, არამედ მედიის წარმომადგენელია, რომელსაც არა იარაღი, არამედ შტატივი უჭირავს“. 

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 1 დეკემბერს (1:54 წუთი) ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „სავარაუდოდ შეიარაღებული "მშვიდობიანი" მომიტიგნე“.



„მითების დეტექტორმა“ „ტელეკომპანია პირველის“ 1 დეკემბრის ფეისბუკის უწყვეტი პირდაპირი ეთერი გადაამოწმა, რომელიც 00:20 საათზე დაიწყო. 

„პირდაპირი ეთერის დაწყებიდან, დაახლოებით, საათისა და ოცი წუთის შემდეგ (დრო: 1:22:46), კადრში ჩნდება ის ეპიზოდი, რომელიც „იმედმა“ საინფორმაციო ბარათისთვის გამოიყენა. უწყვეტი ეთერის ყურებისას ჩანს, რომ საინფორმაციო ბარათზე ასახული პირი შტატივითა და კამერით დგას, მას ასევე უკეთია ბეიჯი, რომელიც, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ ის მედიის წარმომადგენელია. აღნიშნული პირი შეიარაღებული არ არის, მას ხელში არა იარაღი, არამედ კამერის შტატივი უჭირავს და მიმდებარე ტერიტორიას იღებს.

ზუსტად იმ ეპიზოდში, რომლის საფუძველზეც სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ აქციაზე შეიარაღებული დემონსტრანტი იმყოფებოდა, ვხედავთ, რომ აღნიშნულ პირს ბეიჯი უკეთია, ასევე ჩანს კამერის საკიდიც.

რამდენიმე წამის შემდეგ, პირი ბრუნდება და კადრების გადაღებას აგრძელებს, რა დროსაც პირდაპირ ეთერში მისი კამერა სრულად ჩანს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას შტატივი და კამერა უჭირავს და არა – იარაღი. ამასთანავე, ტელეკომპანიის საინფორმაციო ბარათისთვის გამოყენებულ ფოტოზე ერთ-ერთ დეტალს მომხმარებლები, სავარაუდოდ, იარაღის დეტალად, მჭიდად აღიქვამენ. “პირველის” პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ ის სინამდვილეში საწვიმარი მილია“, - წერს „მითების დეტექტორი“. 

 

კადრი რომ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერიდან იყო ამოჭრილი, ამის შესახებ „იმედმა“ თავადაც დაწერა: „ნანუკა ჟორჟოლიანი „ტვ პირველის“ კადრზე ამტკიცებს რომ „იმედის“ კამერის გადაღებულია“

„მითების დეტექტორის“ ამ სტატიის საფუძველზე Facebook-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ „იმედის“ მასალა დეზინფორმაციაა.

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები იმართება. ირაკლი კობახიძემ ამ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.



კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 28 ნოემბერს - 1 დეკემბერს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდებს.


1 დეკემბრის ღამით პროევროპულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ: 

  • „ტვ პირველის“ ოპერატორი, გიორგი შეწირული. ის ფეხის დაზიანებით კლინიკაში  გადაიყვანეს. 
  • „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. ფოტორეპორტიორს დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზევე აღმოუჩინა. 
  • POSTV-ს ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე, რომელსაც, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მხრიდან გასროლილი გაზის კაფსულა მოხვდა. 
  • ტელეკომპანია „ფორმულას" ოპერატორი, რის შესახებაც „მთავარი არხის" ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში თქვა. 
  • ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა 1 დეკემბერს ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა. 
  • ონლაინ გამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, 1 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი
როგორც ქარტია წერს, მიიღეს დამატებითი ინფორმაცია 28-30 ნოემბრის პერიოდში დაშავებული მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის შესახებაც: 
  • 30 ნოემბერს მუშაობის პროცესში პოლიციელები თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნუცა ბახუტაშვილსა და ოპერატორს, ირაკლი ბართავას. ბახუტაშვილს პოლიციელმა ზურგში ძლიერად ჩაარტყა.

ამავე დღუს აქციაზე ფიზიკურად იძალადეს “რადიო თავისუფლების” რეპორტიორ დათო ქორიძეზეც.

30 ნოემბერს დაშავებული გერმანელი ჟურნალისტი, დომინიკ რაიხერტი კი, აქციას რუსული პროპაგანდისტული არხის, „რაშა თუდეისთვის“ აშუქებდა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ის ჰოსპიტალიზებულია თხემის ძვლის მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით ტვინის გარსში.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე მის წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ. 

წინა დღეებში დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ ვრცლად იხილეთ მასალებში:

 
კატეგორია - საქართველო


„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათი პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა წუხელ ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა, ნაცემია და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ბექა ბერაძემ ადვოკატს,  ჯანო ჭკადუას უამბო, როგორ მიდიოდა აქციის სიახლოვეს და როგორ აღმოჩნდა მოულოდნელად პოლიციელების ალყაში. 

„მანქანაში დაახლოებით რვა ადამიანი ჰყავდათ. ბექა ბერაძის მონათხრობიდან ვიცით, რომ სპეცრაზმის წევრები დროდადრო აღებდნენ კარს, თქვენ გინდათ რევოლუცია? ეუბნებოდნენ დაკავებულებს, ურტყამდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.

ბექას გარდა, იმ წუთებში დააკავეს მისი ძმა, თორნიკე და მათი მეგობარიც. თორნიკე ბერაძეც ნაცემია და ის ფიზიკური დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც მისმა დედამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას დაახლოებით ორ დღეში გაწერენ. თორნიკეს ტვინის შერყევა აქვს და გატეხილი არის სინუსის ძვლები. ახლა სტაბილურადაა და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ორ დღეში უნდა გაიმართოს ბექა ბერაძის სასამართლო პროცესი. მას წვრილმან ხულოგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან“.

ბექა ბერაძეს „რადიო თავისუფლება“ ღამის 03.00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. 

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე მის წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ. 

 
კატეგორია - საქართველო



„მოამბის“ ჟურნალისტმა, ნოდარ ჩაჩუამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დატოვა. ის ტელევიზიის თანამშრომელი ოფიციალურად 22 ნოემბრიდან აღარ არის. როგორც ჩაჩუა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, მისი და არხის მენეჯმენტის შეხედულებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რის გამოც ტელევიზიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ბუნებრივია, „მოამბის“ ყველა თანამშრომელი ქვეყნის ევროპული კურსის ერთგულია, მე ასე მჯერა, ისევე როგორც მე“, - ამბობს ნოდარ ჩაჩუა.

დღეს, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ოთხმა ჟურნალისტმა: ბექა პატურაშვილმა, მარიამ ჯანელიძემ, მარიამ მენაბდემ და ვანო გავაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.

ნოდარ ჩაჩუა 16 ოქტომბერს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალიდან ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ამბობდა, რომ ამაყი იყო, როგორც „საქართველოს პირველი არხის“ თანამშრომელი. 1tv.ge-ზე კი მისი სახელი და გვარით ბოლო მასალა - „„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება“ 23 ოქტომბერს იძებნება. 


ნახეთ ნოდარ ჩაჩუასთან დაკავშირებული მასალები:

  • ნოდარ ჩაჩუას “რუსული კანონის” განმარტება. ვინ გვესაუბრება "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ეთერიდან?
  • რას ნიშნავს მიუკერძოებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვე საბჭოს თავმჯდომარისთვის?
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მედიაზე ძალადობისთვის პირად პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს აკისრებს. ორგანიზაციის განცხადებით, საპოლიციო ძალებმა 30 ნოემბრის ღამესაც განაგრძეს იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. 

„ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამიზნებით და ახლოდან სახეში ასხამდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, მიზანმიმართულად ძალადობდნენ მათზე, რომ მედიის წარმომადგენლები დასახიჩრებულიყვნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიეღოთ. პოლიციელები ჟურნალისტებს ართმევდნენ და უმტვრევდნენ ვიდეო და ფოტო აპარატურას, ტელეფონებს, ისეთ დამცავ აღჭურვილობას, როგორიცაა რესპირატორები და სათვალეები. 

პოლიციელები ჟურნალისტებს განსაკუთრებული გავეშებით მაშინ ესხმოდნენ თავს, როცა ისინი პოლიციელთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს - აქციის მონაწილეების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევებს აფიქსირებდნენ.  

29 და 30 ნოემბრის ღამეს საპოლიციო ძალების ქმედებაზე დაკვირვება გვაძლებს საფუძველს დავასკვნათ, რომ მათი აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო სისტემური, დაგეგმილი და განზრახი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამგვარი ქცევით მედიის ერთ ნაწილზე შურისძიებას, ხოლო მათი სამაგალითოდ დასჯით უკვე მეორე ნაწილის დაშინებას ისახავდნენ მიზნად“.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობასა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ათობით დოკუმენტირებულ ფაქტზე პირად პასუხისმგებლობას ვახტანგ გომელაურს აკისრებს და მას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ასევე, „ქარტია პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მრავალი ფაქტის სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას, საპოლიციო ძალების მოძალადე თანამშრომლების, ასევე, მათი ხელმძღვანელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს“.

30 ნოემბრის ღამეს, „ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს და მის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს. მარიამ გაფრინდაშვილმა თავზე მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ტვინის შერყევა აქვს.

შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა „რეალპოლიტიკის“ რედაქტორს, აკა ზარქუას. ათამდე სპეცრაზმელმა ის წრეში მოაქცია და წიხლებით სცემა, მათმა მეთაურმა კი ზარქუასთვის პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათის პირში ჩატენვა სცადა. მას წაართვეს აირწინაღიც. 

სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს. როგორც „პუბლიკა“ წერს, მსხალაძე ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.

პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს. „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ბათუმში მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაუზიანდა ტექნიკაც. ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ თედიაშვილმა აქციიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა. თედიაშვილმა ჩართვისას აღნიშნა ისიც, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ფოტოგრაფი.

28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას კი 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც  პროევროპული საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 30 ნოემბრის განცხადებით, 28-30 ნოემბერს სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით დაიწყო. 

 
კატეგორია - საქართველო

„ამ დროისთვის (00:57) რუსთაველის გამზირზეც პოლიცია ძალადობრივად, წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით შლის მშვიდობიან აქციას. პოლიცია ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მისდევს, უსაფუძვლოდ აკავებს და ფიზიკურად უსწორდება მათ, იყენებს სპეციალურ საშუალებებს მათ წინააღმდეგ უსაფუძვლოდ და გამოყენების წესის დარღვევით.

23:03 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რის შემდეგაც აღნიშნულ საშუალებას პერიოდულად იყენებენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. წყლის ჭავლს იყენებენ ჭიჭინაძის ქუჩაზეც. აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში სავარაუდოდ კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცალსახად არასათანადო მოპყრობას წარმოადგენს.

წესების დარღვევითა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის თანამშრომლის, საბა ბრაჭველის, წინააღმდეგ და აღნიშნული საშუალებით დამიზნებით, სახის არეში, თვალთან ახლოს დაზიანება მიაყენეს.

23:44 საათიდან სპეცრაზმმა ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე დაიწყო აქციის მონაწილეთა დევნა და ძალადობრივი დაკავება. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავებულ პირებზე სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა.

ჩიტაძის ქუჩაზე ძალადობრივი დაკავებების პროცესში დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან პირდაპირი ჩართვისას დააკვეს ადვოკატი ბექა ბასილაია.

პოლიცია ძალადობრივად აკავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ასევე ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე. აღსანიშნავია, რომ შსს-ს თანამშრომლები ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს. აშკარაა, რომ შსს-ს მიერ მიღებული ზომები კვლავ პროტესტის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორებას ისახავს მიზნად და ლეგიტიმური, მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიული მექანიზმებით ჩახშობას ემსახურება.

საპოლიცო ძალები დღესაც ძალის დემონსტრაციისთვის მიზანმიმართულად უსწორდებიან სამოქალაქო პოზიციებით აქტიურ ადამიანებს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რაც, სავარაუდოდ, გარდა ამ ადამიანების დასჯისა, საზოგადოებაში კრიტიკული ხმების ჩახშობასა და შიშის დანერგვას ემსახურება”, - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გმობს საპოლიციო ძალების მიზანმიმართულ და მასობრივ ძალადობას ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე და საქართველოს პროკურატურას დანაშაულებრივი ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, 29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა ზიანი არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. 

„თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც“.

ქარტია აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო პროტესტს გამოთქვამს. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა. 


28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

კატეგორია - საქართველო

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, 28-29 ნოემბრის ღამე საქართველოს უახლეს ისტორიაში შევა, როგორც „ქართული ოცნების“ ხელით მედიის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი სისტემური ძალადობის აქტი. 

„რეჟიმის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ორგანიზებული ძალადობა ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობაა.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბების შემდეგ, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებდა. პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას ძალოვნებმა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ოპერატორების წინააღმდეგ დამსჯელობითი ოპერაცია განახორციელეს – დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა მედიის  30-ზე მეტ წარმომადგენელს. შემთხვევათა სია მზარდია. 

სპეცრაზმელები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული ნიშნებით იდენტიფიცირების მიუხედავად. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ჟურნალისტების ცემის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაკავებისა და მათი პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება/წართმევის შემთხვევები, რომლის მიზანია მედიის მუშაობის შეგნებულად შეფერხება“.  

კოალიციის შეფასებით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მედიას, არამედ საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელსაც აქვს უფლება, მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებული იყოს. 

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, სამართალდამცველებს მოუწოდებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

 

კატეგორია - საქართველო


28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს ტელეკომპანია „ფორმულა“ ეხმაურება.

ტელეკომპანიის განცხადებით, მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთები კი, განსაკუთრებით სასტიკები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ იყვნენ.

„მძიმე დაზიანებები აქვს ჩვენი არხის წამყვანს, ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელიც პროფესიული მოვალეობის განხორციელების მომენტში, ღია ეთერში, ნიღბიანი სპეცრაზმელის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ეს ფაქტი აღბეჭდილია რამდენიმე ვიდეო კამერის მიერ რამდენიმე განსხვავებული რაკურსით, რომლითაც მტკიცდება რომ გურამ როგავა ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, არანაირ შემხებლობაში არ იყო საპოლიციო შენაერთებთან და არ მონაწილეობდა არცერთ არასამართლებრივ აქტშია“.

„ფორმულას“ განცხადების მიხედვით, ვინაიდან მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მიერ წახალისებული და განხორციელებული არცერთი შემთხვევა სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და დამნაშავე სათანადოდ დასჯილი, „ფორმულას“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის არ მიუმართავს.

„დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა ცხადყო, რომ სპეციალური სამსახურები თავად იყვნენ ჩართული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების ორგანიზებასა და უზრუნველყოფაში. ვითარებას ამძიმებს ის, საპოლიციო შენაერთები ერთმანეთისგან არ განირჩევიან რაიმე ცხადი ნიშნით, მათი როგორც უწყებრივი, ისე პერსონალური იდენტიფიცირება შეუძლებელია“.

ტელეკომპანია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ საქართველოში რუსული მოდელის ავტორიტარული სისტემის შემქმნელებისა და მათი უკანონო ბრძანებების შემსრულებელი პირების მოქმედებებზე.

„საქართველო თავისუფალი ხალხის ქვეყანაა, სადაც მედია, როგორც თავისუფალი პროფესია ყოველთვის იყო, არის და იქნება სახელმწიფო, პროფესიული, თუ პერსონალური თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში.

ჩვენი დაშინება და შანტაჟი შეუძლებელია. ამ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა გვაძლიერებს. დარწმუნებული ვართ, ეს ბრძოლა, ბოლო დიდი რისკებით სავსე ძალისხმევა იქნება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად ავტოკრატული, კრიმინალური მმართველობისგან დაცულ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ვიბრძოლებთ დამნაშავეების პასუხისგებისთვის და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ჩვენს კოლეგას ამ ღირსეული მისიის შესრულებისას მიღებული ტრავმების გამო“.

28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

დაშავებული ჟურნალისტების შესახებ, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - გუშინდელი საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა

 
კატეგორია - საქართველო


28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

დაზარალებული მედიის წარმოამდგენლების განახლებადი სია მედიასაშუალებების მიხედვით:

„TV პირველი“


„მთავარი არხი“

„ფორმულა“

„რადიო თავისუფლება“

„პუბლიკა“

OC Media

„ნეტგაზეთი“/ „ბათუმელები“

JAMnews

„სტუდია მონიტორი“

  • ნინო წვერავა, ჟურნალისტი - პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს;
  • ნინო შუბითიძე, ჟურნალისტი - შეასხეს წიწაკის სპრეი;
  • გიორგი ბარამიძე, ოპერატორი - პოლიციამ წიხლი ჩაარტყა.

„პირველი არხი“

  • დავით ბეჟანიშვილი, ოპერატორი - „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავდა აქციაზე. 

„რუსთავი 2“

„ ექსპრესნიუსი“

„პროექტი 64“

„აჭარის ტელევიზია“

სხვა შემთხვევები:

კატეგორია - საქართველო

 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში ხელშეშლის, ტექნიკის დაზიანებისა და წართმევის გამო.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა.

29  ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა ზიანი არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს.

„მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს  ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

28-29 ნოემბრის ღამეს დაშავებული ჟურნალისტები დილის 10-ის ნახევრის მდგომარეობით:

  •  „ტვ პირველის” ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა  კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად  მუშაობდა.
  • „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუა.
  • „მედია აპრილის“ ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.  
  • ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.
  • საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.
  • დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.
  • დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
  • ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი. 
  • „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • „მედია აპრილის“ ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.
  • აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.
  • „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.
  • „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.
  • JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი. 

 „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართლად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

„სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა  კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი   დანაშაულები“.

„მედიაომბუდსმენმა“ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. ორგანიზაცია სამსახურს მოუწოდებს: 

- დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება;

- საქმეებს მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი)  და დევნის  (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია;

- აწარმოოს ეფექტიანი და დროული გამოძიება;

- ჟურნალისტების საქმეები არ გააერთიანოს სხვა დაზარალებულების საქმეებთან.

“მედიაომბუდსმენი" მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს.  ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია  საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით კი, მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშულებების გამოყენების ფაქტები, მათ, ასევე, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

„ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა.

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცავებს: იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონდებლობის შესაბამისად. ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. არ შესრულონ უკანონო დავალებები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონსტიტუციის, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" და "პოლიციის შესახებ" კანონების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ დაიწყო პროევროპული მშვიდობიანი შეკრების წყლის ჭავლით (რომელშიც გარეულია ქიმიური მინარევები), ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით დაშლა, აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება, რომელსაც თან ახლავს მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

„პოლიცია ახლაც აგრძელებს მშვიდობიანი ადამიანების თბილისის ქუჩებში დევნას, შეურაცხყოფას და ცემას.

ასევე, აქციის დროს პოლიცია ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტებს, მიზანმიმართულად აყენებს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას.

პოლიციის მიერ გამოყებებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ“.