საქართველო
კატეგორია - საქართველო



„ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ“ - ერთ-ერთი ის ბოლო მიმდინარე სასამართლო დავაა, რომელსაც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ე.წ. SLAPP საქმედ მიიჩნევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის მეორე პროცესი წინა კვირაში, 19 ივნისს გაიმართა. 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და ტელევიზიისა და ჟურნალისტისგან 100 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 ივლისს არის ჩანიშნული. სადავო სიუჟეტი პროკურატურის მიერ 2024 წლის 3 თებერვალს თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, დაკავებულებს ეხებათ.

"ტელეკომპანია პირველის" ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ბოლო სასამართლო პროცესზე ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატმა თქვა, რომ ყოფილი მინისტრი მაღალი თანამდებობის დასაკავებლად ისევ ემზადება და ამ რეპორტაჟმა მას საქმიანი რეპუტაცია შეულახა. 

"როგორც ბიზნესმენმა, მან უცხოური კონტრაქტები დაკარგაო. ამ სიტყვების ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ადვოკატმა და ისიც განაცხადა, რომ ამის არავითარი ვალდებულება არ აქვს და სიტყვაზე უნდა ვენდოთ…ჩვენი ადვოკატი [GDI-დან] ითხოვდა პროკურატურიდან იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოთხოვნას, რომელიც, სავარაუდოდ, ჭიკაიძის მონაწილეობას ეხება და რომელზეც საუბარი იყო ჩვენს რეპორტაჟში. თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ამ საქმეში არ ფიგურირებს ჭიკაიძე, ჩვენ ავიღებდით პასუხისმგებლობას და ვაღიარებდით შეცდომას. მაგრამ, ცხადია, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა", - თქვა მელაძემ "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის განმარტებით, ეს საჩივარი იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულის ორგანიზატორობა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დააბრალეს.

"ვფიქრობ, ესეთი მძიმე ბრალდება როდესაც არის, ადამიანს ელემენტარულად შიდა კანონმდებლობითაც და საერთაშორისო კონვენციებითაც აქვს უფლება, რომ თავისი თავი დაიცვას", - ამბობს ცუცქირიძე.




ჟურნალისტი, როგორც "სათანადო მოპასუხე"


მიმდინარე წლის 10 აპრილს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა საქმეზე - "ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ" სათანადო მოპასუხედ ტელეკომპანიასთან ერთად ჟურნალისტიც ცნო. „მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, სასამართლოს მიერ ცილისწამების დავაზე ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ ცნობა ცალსახად ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს. კანონი ცალსახად ადგენს სათანადო მოპასუხეთა წრეს და განმარტავს, რომ „მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციისთვის“ განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის გარემოებაა, რომ არაერთ მსგავს საქმეზე სასამართლოებმა კანონში არსებული ჩანაწერი უგულებელყვეს და ჟურნალისტები სათანადო მოპასუხეებად მიიჩნიეს. 

ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატის, მარინე ცუცქირიძის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს არაფერი არ ეწინააღმდეგება და ამაზე  უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცებული პრაქტიკა არსებობს.

"ჩვენ ჟურნალისტი ჩავრთეთ ახალი პრაქტიკიდან გამომდინარე, რადგან უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე უკვე დაადგინა, რომ თუ ჟურნალისტი ემიჯნება ამ საკითხს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი არ იქნებოდა მოპასუხე, მაგრამ თუ ჟურნალისტი ბოლო წუთამდე იზიარებს ამ თავის პოზიციას, მაშინ ისიც უნდა იყოს მოპასუხე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე დავაყენეთ ეს მოთხოვნა…ეს პირველი საქმე არ არის, სადაც ჟურნალისტია მოპასუხე და რატომ უკვირთ, ვერ ვხვდები," - განმარტავს ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.



რას ნიშნავს SLAPP საქმე


"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დაკვირვებით, კრიტიკული მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (Strategic Litigation against Public Paritipation) სარჩელებით სასამართლოსთვის მიმართვის ტენდენცია საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

SLAPP საქმედ განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრული, აშკარად უსაფუძვლო სარჩელები ცილისწამების შესახებ, რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" 2023 წლის ანგარიშის - "SLAPP საქმეები საქართველოში, ახალი საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის" მიხედვით, კრიტიკულად განწყობილი მედიების და უფლებადამცველების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. დღევანდელი მონაცემებით SLAPP სასამართლო დავების რაოდენობამ 41-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ სარჩელთა უმეტესობის ადრესატი სამი კრიტიკული მედია: “მთავარი არხი”, “ტვ პირველი” , ”ფორმულა” და მათი ჟურნალისტები არიან.

2024 წლის ერთ-ერთ SLAPP სასამართლო დავად "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" სწორედ „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილ ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელს მიიჩნევს. 

"ტელეკომპანია პირველის" ადვოკატის, ვასილ ჟიჟიაშვილის განმარტებით, სარჩელი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ არის აღძრული. ეს ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურად გავლენიანი პიროვნებაა, სამიზნედ კი სწორედ ისეთი ტელეკომპანიაა არჩეული, რომელიც კრიტიკული ხედვებით არის ცნობილი. 

"საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსი ტიპის სარჩელები საკმარისად მომრავლდა ბოლო პერიოდში, რაც მიუთითებს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მიერ აღძრული სარჩელების კამპანიურობასა და მცდელობაზე, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენონ კრიტიკულ მედიას. გარდა ამისა, ალექსანდრე ჭიკაიძე "ტვ პირველისგან" მორალური ზიანის ანაზღურების სახით 100 000 ლარს ითხოვს, რაც აშკარად არაპროპორციული თანხაა. საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკით, ცილისწამების საქმეებზე მოსარჩელის მიერ დავის მოგების შემთხვევაში გავრცელებული ცნობების უარყოფა ხდება, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი კი სულიერი განცდებისა და ტანჯვის შემსუბუქებას უნდა ემსახურებოდეს. ამის საპირისპიროდ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ალექსანდრე ჭიკაიძის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააჟღერეს, რომ "ტვ პირველსა" და მის ჟურნალისტზე 100 000 ჯარიმის დაკისრებით მედიები და მათი ჟურნალისტები “ჭკუას ისწავლიან” და სამომავლოდ მსგავს სიუჟეტებს აღარ გააკეთებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელის რეალური მიზანი არა მისი პირადი ცხოვრებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების გაჩუმებაა, რაც საკმარისი პირობაა საქმის SLAPP-ად კვალიფიცირებისთვის", - ამბობს "მედიაჩეკერთან" საუბრისას ვასილ ჟიჟიაშვილი.

"ტელეკომპანია პირველის" ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მათი გადაცემა სამიზნეში ჰყავთ ამოღებული, რადგან მათ მიერ მოძიებულმა ფაქტებმა და რეპორტაჟებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს.

"მთავრობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ჩვენი გადაცემა აღარ არსებობდეს, გამომდინარე იქიდან, რომ რეიტინგი და შესაბამისად, გავლენა ძალიან მაღალი გვაქვს. მაგალითად, ისტორია იყო ასეთი: ჩვენ გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჰქონდა ბიზნესი, რომელიც სხვის სახელზე იყო გაფორმებული. ამ თემაზე მოვამზადეთ ჟურნალისტური გამოძიება. მათ გვიჩივლეს და მოითხოვეს ჩემი და გამოძიების ავტორის საბანკო, სახელფასო ანგარიშებისა და საცხოვრებელი ბინების დაყადაღება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება. ამის უფლება სინამდვილეში არ ჰქონდათ. ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ამასობაში, მოულოდნელად ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქარხანა, რომელზეც გვქონდა ის ჟურნალისტური გამოძიება მომზადებული, ნამდვილად გადაფორმდა ღარიბაშვილის მამაზე. ახლა ეს საქმე, უკვე 3-4 წელია თაროზეა შემოდებული. გააჩერეს, რადგან ახლა, ცხადია, აღარ აწყობთ ამ საქმის გახმაურება. სამაგიეროდ მოძებნეს სხვა საქმეები და ახლა იმათზე დაიწყეს ინტენსიურ რეჟიმში სასამართლო პროცესები. ახლა უკვე საქმის შესვლიდან პროცესების ჩანიშვნამდე, რეკორდულად მოკლე დროში აკეთებენ ყველაფერს, როდესაც სხვა შემთხვევებში მსგავს საქმეებს 4-5 წელს ანდომებენ".

"მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარის, მამუკა ანდღულაძის შეფასებით, ეს ორგანიზებული ხასიათი ცალსახად მიუთითებს, რომ მომჩივანთა ამოსავალი წერტილი საკუთარი უფლებების აღდგენა კი არა, არამედ ჟურნალისტების დაშინება, ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხი, რეპუტაციული დაზიანება და თვითცენზურის გაზრდაა.

"სტატისტიკა არის საინტერესო. მსგავსი საქმეები ცილისწამებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, წლების განმავლობაში განიხილება. ხოლო ეს, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, როგორც SLAPP საქმეები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახეზე გვაქვს კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტირება. კანონში მტკიცების ტვირთი, როდესაც საქმე ცილისწამებას ეხება, მოსარჩელეზეა. ეს სპეციალურად არის გაწერილი, რომ  ჟურნალისტის დაცულობის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. აგრეთვე, როდესაც კერძო პირი რომელიმე რეპორტაჟის გამო ტელეკომპანიას უჩივის, მოპასუხე ტელეკომპანიის მესაკუთრეა და არა კონკრეტული ჟურნალისტი. ესეც სრულიად შეგნებულად იყო გაწერილი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში, როგორც დამატებითი ჩამკეტი დაცვის მექანიზმი.  სამწუხაროდ, ორივე ეს პრაქტიკა იცვლება, კანონს არ გიცვლიან, მაგრამ ცვლიან პრაქტიკას. ახლა მტკიცების ტვირთიც ჟურნალისტზეა, მოპასუხეც ჟურნალისტი და არა მედიის მფლობელია. ეს ყველაფერი არის ორგანიზებული მოქმედება კრიტიკული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ, რაც თვითცენზურის საფრთხეებს ქმნის", - ამბობს მამუკა ანდღულაძე "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

"მედიის ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარი საჯარო მოხელეებზეა, რომელთაც თმენის ვალდებულება აქვთ. 

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონი კი მკაფიოდ განასხვავებს  საჯარო და კერძო პირს, მათ შორის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. მტკიცების ტვირთი ყოველთვის უფრო მაღალია, როდესაც მომჩივანი საჯარო პირია, მისი როლისა და ფუნქციიდან გამომდინარე. როდესაც ასე ორკესტრირებულად მიმდინარეობს მაღალჩინოსნებისგან ჟურნალისტებზე სარჩელებით თავდასხმა, აქ ცალსახაა, რომ მიზანი არა შელახული უფლებების აღდგენა, არამედ მედიის დაშინებაა", - განაცხადა ანდღულაძემ.

"ტელეკომპანია პირველს" 2024 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის ცილისწამებად აღიარება მოითხოვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა. სიუჟეტი შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. 

ყოფილი პრემიერ მინისტრის ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის მაშინდელი განმარტებით, მათი მიზანი კანონით დადგენილი წესით, ტელეკომპანიის მიერ ამ სიუჟეტის სიცრუედ აღიარებაა.

როგორც ნოდარ მელაძემ "მედიაჩეკერთან" საუბრისას განაცხადა, ხელისუფლებამ მაღალი ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით ტელევიზიების წინააღმდეგ ახალი ტალღა დაიწყო. 

"პრაქტიკულად კრძალავენ ჟურნალისტის მიერ ფაქტების გაანალიზების შედეგად საავტორო გადაცემებში ვარაუდის გამოთქმას. ტერმინების - „სავარაუდოა", "შესაძლოა“ გამოყენების შემთხვევაშიც კი მე, როგორც ჟურნალისტს მზღუდავენ, გამიჩნდეს რამის ვარაუდი. ასეთია ღარიბაშვილის საქმე, რომლის მასალებიც ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ ადვოკატის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, ამ ახალი საქმის წარმოების მიზეზი ჟურნალისტის გამოთქმული ვარაუდი გახდა".  



ანტი-SLAPP საქმიანობა


ევროპარლამენტმა 2024 წლის დასაწყისში ანტი-SLAPP დირექტივა მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს, დაიცვას ჟურნალისტები და მედიასაშუალებები სასამართლოს ძალის ბოროტად გამოყენებისგან მათზე ანგარიშსწორებისთვის. 

დირექტივაში გაანალიზებულია SLAPP საქმეების გავლენა და მათგან თავდაცვის სამართლებრივი მექანიზმები. დირექტივის მე-9 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოების ვალდებულებასაც, შექმნან ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც SLAPP სარჩელების განსახილველად მიღებაზე უარის თქმა ადრეულ ეტაპზე იქნება შესაძლებელი. 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელი, გიორგი დავითური "მედიაჩეკერთან" საუბრისას განმარტავს:

"SLAPP კანონმდებლობა ქმნის დამატებით გარანტიებს, რომ [ამ საქმეებს] სასამართლოები არ მიუდგნენ სტანდარტული სამართლებრივი მოცემულობით, როგორც უდგებიან ნებისმიერ ორ კერძო პირს შორის დავას. გაითვალისწინონ ის საჯარო ინტერესი, რასაც ჟურნალისტი ემსახურება და სარჩელის ინიციატორი მხარის ის ინტერესი, რომელიც, როგორც წესი, ლეგიტიმური საქმიანობისთვის ჟურნალისტის დასჯაა. ამისთვის ისინი სამართლიანი სასამართლოს უფლებას იყენებენ. ამ შემთხვევაში ამის გათვალისწინება ნიშნავს იმას, რომ განსახილველად მიღებამდე თუ მიღების შემდეგ, მსგავსი უსაფუძვლო სარჩელებით, რომელიც შეტანილია არა იმისთვის, რომ საკუთარი შელახული უფლებები დაიცვან, არამედ იმისთვის, რომ დასაჯონ ჟურნალისტი, მათ ამის საშუალება არ მისცენ".

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" იმ ანტი-SLAPP პლატფორმის წევრიც არის, რომელიც საქართველოში 2023 წელს დაარსდა. მისი მიზანი SLAPP საქმეებიდან მომდინარე საფრთხისგან მედიის, უფლებადამცველებისა და სხვა სუბიექტების დაცვა და გაძლიერებაა. 

"თუკი ევროპაში SLAPP საქმეების მიზანი მთავრდება იმ ეტაპით, რომ ჟურნალისტს დააკარგვინოს რესურსები, საქართველოში თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო, ეს SLAPP საქმეები ხშირად კმაყოფილდება. მარტივად რომ ვთქვათ, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ან თავად პარტიის წევრები და მათი ოჯახის წევრები სასამართლოს მეშვეობით აღწევენ თავიანთ მიზანს, დასაჯონ ჟურნალისტი. ჩვენი პლატფორმის სტრატეგია და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზრდა ადვოკატებსა და იურისტებში, რომ მსგავსი საქმეები, სადაც იკვეთება არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, არამედ ამ უფლების ბოროტად გამოყენება და ჟურნალისტის დასჯის მცდელობა, იდენტიფიცირებული იყოს და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ". 

ხვალ, 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართება კიდევ ერთ იმ საქმეზე - "გიორგი კაპანაძე 4 მედიასაშუალებისა და 8 ჟურნალისტის წინააღმდეგ", რომელსაც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივი" ასევე SLAPP სარჩელად მიიჩნევს.
კატეგორია - საქართველო


ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო  ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად წამყვანმა დაუდასტურა.

ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა. „იმედის დღე“ მაისში კიდევ ერთმა წამყვანმა, ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვა. 

ამირეჯიბთან ერთად გადაცემა „იმედის დილა“ წამყვანებმა, ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა დატოვეს. 

მათ მაგივრად, „იმედის“ გადაცემების წამყვანები ვასიკო ოდიშვილი და ირინა ბათიაშვილი გახდნენ. 

ტელეკომპანია „იმედი“ გუშინ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემაც დატოვა. მან ტელევიზიიდან წასვლის მიზეზად დაასახელა:"მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა".

 
კატეგორია - საქართველო


„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 18.8%-ით (15.1 მლნ ლარით) გაიზარდა და 95 მლნ ლარი გახდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა.


ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლების დინამიკა:

2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 18.6%-ით (13.7 მლნ ლარით) გაიზარდა უშუალოდ ტელევიზიების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალიც და 87.4 მლნ ლარი გახდა. სარეკლამო შემოსავლების ზრდას წინ უსწრებდა 2022 წლის II კვარტლიდან აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამის შეზღუდვის გამო სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 7.8%-იანი (თითქმის 10 მლნ ლარი) შემცირება. 2023 წელს, 2021 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი მხოლოდ 4.3 მლნ ლარით - 5.3%-ით გაიზარდა.

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი ძირითადად პროსამთავრობო („იმედი“,  „მედიაჰოლდინგი“, „პოსტვ“) მაუწყებლების ხარჯზე გაიზარდა. ამასთან, მათი ჯამური  სარეკლამო შემოსავალი 3.1-ჯერ (57.1 მლნ ლარი) აღემატება ხელისუფლებისადმი  კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ჯამურ სარეკლამო შემოსავალს (18.4 მლნ  ლარი).

პროსახელისუფლებო ტელევიზიებისგან განსხვავებით, შემცირდა ხელისუფლებისადმი  კრიტიკულად განწყობილი სამი (“მთავარი არხი”, “ფორმულა”, “ტელეკომპანია პირველი”) ყველაზე შემოსავლიანი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი. მათგან 2022 წელთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი ყველაზე მეტად - 2.1 მლნ ლარით - ტელეკომპანია “მთავარ არხს” შეუმცირდა.

 

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯებს: 

 

2023 წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში რეკლამაში 1.14 მლნ ლარი დახარჯეს, საიდანაც მხოლოდ 45,529 ლარი (4%-მდე) მოდიოდა სატელევიზიო რეკლამაზე. 2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც პოლიტიკურ რეკლამის ნახევარზე მეტი - 631.1 ათასი ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, დანარჩენი თანხა კი - 12 პარტიაზე გადანაწილდა.

2023 წელს, მაუწყებლებში ჯამში 1.6 მლნ ლარის სოციალური რეკლამა განათავსეს. სოციალური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავლები - 861.3 ათასი ლარი და 608.4 ათასი ლარი პროსამთავრობო მაუწყებლებმა „მედიაჰოლდინგმა“ („რუსთავი 2“) და „პოსტვ“-მ მიიღეს.

პროსახელისუფლებო ტელევიზიები ლიდერობენ მსხვილი (50 000+ ლარის) სარეკლამო დაკვეთებითაც. მაგალითად, 2023 წელს, ტელეკომპანია “იმედში” 216 ასეთი  რეკლამა განათავსეს, „მედიაჰოლდიგში“ კი - 109.

2023 წელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 28 მაუწყებლისგან ჯამში 206 სხვადასხვა ტიპის ღირებულების მომსახურება იყიდეს. აქედან ნახევარზე მეტ შემთხვევაში (127) სერვისის მიმწოდებლები პროსამთავრობო ტელემაუწყებლები იყვნენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიების ხარჯები 2-ჯერ, რიგ შემთხვევებში 3-ჯერაც კი აღემატება მათ შემოსავლებს.

ნაციონალური დაფარვის მაუწყებლებთან შედარებით, კიდევ უფრო მწირია რეგიონული ტელევიზიების როგორც ჯამური, ისე სარეკლამო შემოსავლები. მაგალითად, 2023 წელს, ერთ-ერთმა ყველაზე შემოსავლიანმა რეგიონულმა მაუწყებელმა, ტელეკომპანია „ოდიშმა“ მხოლოდ 240,013.63 ლარის ჯამური შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2023 წელს მათი შემოსავალი 7.6 მლნ ლარი იყო, რაც წინა, 2022 წლის მონაცემებს 21%-ით აღემატება. რადიომაუწყებლების შემოსავლების 90%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი - სპონსორობაზე მოდიოდა.

„წლიდან წლამდე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სარეკლამო ბაზარი არაა საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ამას ემატება გაუარესებული კანონმდებლობა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაზე გაზრდილი წნეხი. 

ქართული მედია ვერ ახერხებს წარმატებულ მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბებას, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, შესაძლოა, ბიზნესგარემოში არსებული თვითცენზურაც იყოს.

ასევე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სარეკლამო შემოსავლების უდიდესი ნაწილი პროსახელისუფლებო არხებზეა აკუმულირებული. ამას ერთვის ჰიბრიდული საინფორმაციო ომი და პოლარიზებული გარემო, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის მედიაგარემოს და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მედიაპლატფორმების არსებობას რთულს ხდის. 

ხსენებული გამოწვევები კი - განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასაარჩევნო

პერიოდში, როდესაც იზრდება პოლიტიკური რეკლამების წილი ტელევიზიებში. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ პროცესებზე დაკვირვება, რომლებსაც, შესაძლოა, პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა მოახდინონ მედიის გრელვადიან სიცოცხლისუნარიანობაზე.

ეს, შესაძლოა, იყოს საკანონმდებლო ინიციატივების „მსუსხავი ეფექტი“, ჟურნალისტების დაკავება-დაჯარიმება, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. SLAPP (საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგიული სარჩელები) შემთხვევები, რომელიც ზრდის ფინანსურ წნეხს მედიაზე.

ასეთ დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მედიის საჭიროებების გათვალიწინება და მის ინსტიტუციურ მედეგობაზე გრძელვადიანი ორიენტირება,“  - აღნიშნავს ორგანიზაცია.

 
კატეგორია - საქართველო


ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ დატოვა.


„ჩემი და ტელეკომპანია იმედის, თითქმის, ხუთწლიანი თანამშრომლობა დასრულდა.

ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ!

მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს!

მადლობა ყველაფრისთვის, ყველა იმ გამოცდილებისთვის, ცოდნის მიღებისთვის და შანსისთვის რაც ამ ნიუსრუმმა მომცა.

გულწრფელად წარმატებას გისურვეთ მათ, ვისთვისაც ეს საქმე ისევ იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც საკუთარ სინდისთან მართალია

მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა.

უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მადლობა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ქრონიკაში, რომლებიც ღირსეულად გვერდით დამიდგნენ, რადგან ისინიც ჩემს აზრზე არიან!,“ - აცხადებს ჟურნალისტი

კატეგორია - საქართველო


„მთის ამბების“ წაშლილი მასალების დიდი ნაწილი აღდგა. ონლაინ მედიის Facebook გვერდიდან დაახლოებით 200 ვიდეო და ტექსტუალური მასალა 2 დღის უკან წაიშალა. წაშლილი კონტენტი კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და კრიტიკულ რეპორტაჟებს მოიცავდა. 




„მთის ამბების“ მთავარი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის თქმით, „შაბათსავე facebook-ის  შუამავალი კომპანიის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, კონკრეტულ პერსონალთან კომუნიკაციისა და გუშინ, facebook-ის ოფიციალურ „საფორთთან“ (მხარდაჭერის ჯგუფი) კომუნიკაციის შემდეგ, წაშლილი მასალების დიდი ნაწილი უკვე აღდგა. დაგვპირდნენ, რომ წაშლილი მასალები სრულად აღდგება, რისი დიდი იმედიც გვაქვს".

მედიის facebook გვერდზე მისულ შეტყობინებაში მასალის წაშლის მიზეზად Meta-მ კიბერუსაფრთხოება დაასახელა. „როგორც ჩანს, თქვენ ცდილობდით სხვებისგან სენსიტიური ინფორმაციის შეგროვებას,“ - წერია შეტყობინებაში.

კონკრეტული კონტენტის წაშლის ზუსტი მიზეზი კი მთივლიშვილისთვის უცნობია. 

„ჩვენც გვსურს, წაშლის მიზეზი ვიცოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. კომუნიკაცია გვაქვს წერილობით ელექტრონული ფოსტის საშუალებით და მიზეზების შესახებ შეტყობინება ჯერ არ მიგვიღია. გვითხრეს, რომ მუშაობას აგრძელებენ და უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან, თუმცა რას და როდის ჯერ არ ვიცით.

ყველა თემატიკის კონტენტი ნამდვილად არ წაშლილა. Რაც განცხადებაში გვქონდა და როგორც გვქონდა, ერთი მთავარი ეს იყო შოვი. Ანუ, სადაც სიტყვა შოვი ეწერა, იქნებოდა ეს სათაური, „დისქრიფშენი“ (აღწერა), ბმულში სიტყვის სახით თუ ა.შ. ყველაფერი წაიშალა“, - ამბობს ის „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

„მთის ამბების“ მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად, facebook-ის ათობით მომხმარებელმა განაცხადა, რომ გამოცემიდან გაზიარებული პოსტები მათი პირადი გვერდებიდანაც გაქრა.

 

 

 


სხვადასხვა ორგანიზაციის facebook გვერდებიდან წაიშალა ის მასალებიც, სადაც „მთის ამბები“ იყო მონიშნული. მაგალითად, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის", სტუდია „მონიტორის“ და  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდებიდან წაიშალა ის კონტენტი, სადაც შოვის ტრაგედიაზე მომზადებული საგამოძიებო ფილმით „მთის ამბები“ ფინალისტებსა და გამარჯვებულებს შორის იყო მონიშნული.

წაიშალა Movement EDU-ს მიერ მომზადებული ვიდეოც, სადაც „მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობდა.



„აგროგარემო TV“ facebook გვერდზე წვდომას ვერ იბრუნებს


„აგროგარემო TV“-ის რედაქცია კი facebook გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს ისევ ვერ აკონტროლებს.

„მედიაზე უცხო პირი თავად აქვეყნებს ახალ მასალებს ან მედიის მიერ მომზადებულ ძველ მასალებს აზიარებს. მედია Meta-თან კომუნიკაციას განაგრძობს", - წერს გამოცემა.



„აგროგარემო TV“-ის გუნდმაც facebook გვერდზე წვდომა 15 ივნისს დაკარგა. 

TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, „აგროგარემო TV“-დანაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მასალები წაიშალა.

კუპრაშვილის თქმით, გვერდის დაბრუნება ვერ ხერხდება და მათგან დამოუკიდებლად მასზე მალაიზიური კონტენტი და ძველი მასალები ზიარდება.

„პოსტების წაშლის მიზეზი არ ვიცით…ას შემდეგ, რაც ჩვენი გვერდი წაიღეს, ძველი გადაცემებიდან გადმოიტანეს ლაივში პროგრამები, სადაც დიდი დოზით იყო ნინო წილოსანი. Როგორც ჩვენ ვხვდებით, ვიდეობის ნაწილი - მალაიზიური, ხოლო ნაწილი ჩვენივე კონტენტია… საპარლამენტო სხდომებზე, როცა მიმდინარეობდა მსჯელობა კლიმატის საკითხებზე და მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე, ეს კონტენტი ზიარდება ლაივში".

"რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი „აგროგარემო TV“-ისა და „მთის ამბების“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ერთმანეთს უკავშირებს.

„აგროგარემო“ შოვის საკითხებს ძალიან ინტენსიურად და თანმიმდევრობით აშუქებდა. ზოგადად, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ჩართულობის პრობლემებს აშუქებს მუდმივად. ამავე მიმართულებით რამდენიმე საგამოძიებო ფილმიც გვაქვს მომზადებული. ვებგვერდზე კი გვაქვს წვდომა ჩვენს მასალებთან, მაგრამ მეტაზე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ“.





კატეგორია - საქართველო



იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია იხსნება, რომლის მეშვეობითაც იურისტებს საშუალება ექნებათ, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებები  გააცნონ.

ესეც ასე, ახალი ინოვაციური პროექტი “სტუდია იუსტიცია” დაწყებულია. "სტუდია იუსტიცია" იზრუნებს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე. იქნება პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც იურისტებს ექნებათ საშუალება, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მოსაზრებები. სტუდენტებს კი შეეძლებათ სრულიად ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ლექციების მოსმენა და განათლების მიღება. რაც განსაკუთრებულად მახარებს და ემოციურია არის ის, რომ ეს პროექტი ატარებს სამარკო ნიშანს დამზადებულია საქართველოში! უღრმესი მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ეს იდეა რეალობად აქცია. წინ ბევრი სასიამოვნო სიახლეა", - წერს იუსტიციის მინისტრი ფეისბუქის გვერდზე.

 
კატეგორია - საქართველო



„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ლგბტ უფლებების გარდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.

19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურომ ოფიციალურად ორშაბათს, 10 ივნისს დაარეგისტრირა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მისი პირველი მოსმენით მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ 28 ივნისამდე იგეგმება, მეორე და მესამე მოსმენით კი საშემოდგომო სესიაზე [3 სექტემბერს იხსნება] მიიღებენ.

მმართველი პარტიის საკანონმდებლო პაკეტი ერთი ძირითადი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე 18 მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებებისგან შედგება.

რა ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს საკანონმდებლო პაკეტი?


ძირითადი კანონპროექტი ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ 13 მუხლისგან შედგება და 11 საკითხს, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებას არეგულირებს.

მუხლი 8. ინფორმაციის გავრცელება

1. „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება.

ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.

2. „დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

3. „დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ აკრძალვის დარღვევა სუბიექტს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი რეკლამის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა“.


ცვლილებები უკვე მოქმედ კანონებში

ძირითადი კანონპროექტის მე-8 მუხლიდან გამომდინარე ცვლილებები შევა „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის [შინაარსობრივი ვალდებულებები] პირველ პუნქტს დაემატება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ელი ნაწილი, რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებული ჩანაწერი 63-ე მუხლს დაემატება. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაცავად კი 59² მუხლი გაჩნდება.

ჯარიმები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

კანონით აკრძალული რეკლამის გავრცელება "გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით“.

ინფორმაციის გავრცელება კი - "გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით". 



საქართველოს საკანონმდებლო ბაზით ნებისმიერი ტიპის სქესობრივი სცენების მაუწყებლის ეთერით გადაცემის უკვე რეგულირებაზე ამახვილებს ყურადღებას „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსსა“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ დეტალურად გაწერილი წესები და სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ნებისმიერი ტიპის სქესობრივი სცენის ეთერით გადაცემას არეგულირებს და პრაქტიკულად შეუძლებელიცაა ნებისმიერი ინტიმური კავშირის სცენების გადაცემა და ეს ცხადია, ემსახურება არასრულწლოვანთა დაცვას და მაუწყებლები ამ კანონებს იცავენ.

მაგრამ, პარლამენტი თავად აკეთებს აქცენტს კონკრეტულად ერთსქესიანთა ინტიმური კავშირისა და ინცესტის სცენაზე და თანაც, ამას ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელს არქმევს. ამიტომ, რჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის ამ ინიციატივას პოპულისტური ხასიათი აქვს, თითქოს, ისინი ოჯახის ფასეულობების დამცველები არიან.

რომელ არხზე ნახა პარლამენტმა მსგავსი სცენები ან პოპულარიზაცია? რა საჭიროება დაინახა? ვერ ვიხსენებ მაუწყებელს, რომელიც მსგავსი სახის პროდუქციას უშვებს ეთერში, რადგან საქართველოში მოქმედი კანონები ისედაც არეგულირებენ ნებისმიერი ინტიმიური სცენების ეთერით გადაცემას“.





კანონპროექტისა და მისი დაანონსების რუსულ სტილზე საუბრობს მედია „აპრილის" თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე.

„მთლიანად, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ეს თუ საკანონმდებლო პაკეტი, მიმართულია ერთი მხრივ სიძულვილის გაღვივებისკენ და მეორე მხრივ, ალბათ, გათვლა არის, რომ უფრო მეტად შეიზღუდოს თემი, მედია და ამით ცდილობენ, რაღაც ქულების დაწერას წინასაარჩევნოდ.

კანონში ჩანაწერი ეხება მაუწყებლებს და ჩემთვის ამ ეტაპზე ცოტა გაუგებარია, კონკრეტულად რა ფორმით უნდა მოხდეს ამ სცენების ამოღება თუ დაფარვა, არ ჩანს და ალბათ, ამ ნაწილს შემდეგ დაამატებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ამ ჩანაწერის შედეგად, ჩვენ მივიღებთ დაცენზურებულ ფილმებს, სერიალებს, გადაცემებს და ლიტერატურას. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ნაწარმოებს შეეხება ეს ჩანაწერი და იქნება ჩვეულებრივი ცენზურა, როგორც ეს იყო და არის რუსეთში"

ხატია ღოღობერიძის თქმით, ეს კანონი ლგბტ თემსა და მათი გაშუქების საკითხს ცალკე გამოყოფს.

„თუ კანონის მიზანია, დაიცვას არასრულწლოვნები, მაშინ მე მიჩნდება კითხვა - რა საჭიროა კანონში სექსუალური ორიენტაციის მითითება. ანუ, თუ ბავშვებს არ ვაჩვენებთ ინტიმურ ურთიერთობებს, არ ვაჩვენებთ მაგალითად, ქვიარ წყვილისას და ვაჩვენებთ ჰეტეროსექსუალი წყვილისას? ანუ, ჰეტეროსექსუალი წყვილის ინტიმური ურთიერთობების ჩვენება ნორმალურია?

„აპრილის“ თავმჯდომარის განმარტებით, Კანონში უკვე არსებული ჩანაწერით არასრულწლოვნებს ინტიმური ურთიერთობების სცენებთან ხელი ისედაც არ მიუწვდებათ და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ცვლილებების პროექტს გადახედავს, დარწმუნდება, რომ ეს პირდაპირ ლგბტ თემის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება და მედიას ცენზურას უწესებს.

„ინტიმურ ურთიერთობაში გულისხმობენ სექსუალურ ურთიერთობას, თუ გულისხმობენ მაგალითად, კოცნას? Როგორ გამიჯნოს ეს მედიამ? ძალიან ბუნდოვანია ეს ჩანაწერი. შესაბამისად, კანონის აღმასრულებელს ძალიან ფართო უფლებამოსილებებს აძლევს, რომ განმარტოს ისე, როგორც მას კონკრეტულ შემთხვევაში მოესურვება და გაზარდოს ტვირთი, რომელიც მედიას ისედაც აქვს რუსული კანონიდან და იმ წნეხიდან გამომდინარე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იღებენ“, - ამბობს ღოღობერიძე "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის შეფასებით, ეს Მორიგი პრობლემური კანონია და თუ დავაკვირდებით, ბოლო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ყველა ცვლილება შინაარსობრივ რეგულაციასა და ჯარიმას ითვალისწინებს. 

„ეს არ არის პრობლემური კანონი მხოლოდ მედიასთან დაკავშირებით. ის თავისუფლად ვრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც შეიძლება პირდაპირი კომუნიკაციის დროს რამე ისეთი გააზიაროს, რაც ძალიან ბუნდოვანია ჩანაწერების დონეზე. რას ნიშნავს ვთქვათ, ერთი სქესის ადამიანებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენა ან რაიმე ტიპის პოპულარიზაცია…მაგალითად, ძალიან მიყვარს ენძელა მაჭავარიანის ფოტო ცისარტყელის ქოლგით. ამ ფოტოს გაზიარებისთვის პირდაპირ კომუნიკაციაში ფიზიკურ პირებს შეიძლება დაეკისროთ  ჯარიმა. ასევე, ასეთი შინაარსის გაზიარებისას მედია შეიძლება დასანქცირდეს. ლამის ცისარტყელა გახდეს პრობლემური კადრში, ისეთი ტიპის ჩანაწერია. Შესაბამისად, ეს მედიისთვის და არამხოლოდ მედიისთვის პირდაპირ ცენზურის დაკანონებაა“.

ნათია კუპრაშვილი კანონპროექტის იმ ჩანაწერზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელი კანონს არ არღვევს, თუ მას შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივი კონტროლი არ აქვს.

„როგორი ტიპის ინტიმური სცენა შეძლება, არსებობდეს პირდაპირ ეთერში, ვერ გეტყვით. თითქოს, დიდი შეღავათია მედიისთვის, რომ მაგ ნაწილში არ ასანქცირებენ“.

TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის შეფასებით: „ეს უკვე ნიშნავს, თუ რამდენად რეპრესიული ხდება ზოგადად კანონმდებლობა მედიის მიმართ. აღარაფერს ვამბობ რუსულ კანონზე, რომელიც ასევე მიღებულია და თითოეულ მედიასაშუალებას 20 დღის ინტერვალით 55 000 ლარიანი ჯარიმით ემუქრება მარტო იმიტომ, რომ აგენტისა და უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის სახელს არ დაირქმევს“.







„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის
, თამთა მიქელაძის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა თავისი ლოგიკით ფაშისტური შინაარსისაა და ლგბტ ადამიანების მიმართ მტრულ სამართლებრივ მოწესრიგებას ქმნის, რომელიც მათთვის საბაზისო, პირად, ოჯახურ და  პოლიტიკურ უფლებებს აუქმებს.

„თუმცა,ამ კანონის გავლენა არ აისახება მხოლოდ ლგბტ ადამიანებზე.მას მძიმე გავლენა ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასა და აკადემიურ თავისუფლებაზე, რადგან ის ძალიან ფართო კონცეფციებით, გამოხატვის შინაარსობრივ ჩარევასა და რეგულირებას ახდენს.

ის ერთი მხრივ, შემოიტანს ისეთ ბუნდოვან ტერმინებს, როგორიცაა: პოპულარიზაცია ან პროპაგანდა და ერთსქესიანთა ცხოვრება. შინაარსი თუ რა შეიძლება გავიგოთ ამ ტერმინების უკან, Ძალიან ბუნდოვანია“.

როგორც თამთა მიქელაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, ამ ცვლილებებით გათვალისწინებული სეკუნდები, რომელიც რეკლამის, მაუწყებლის, შეკრების თავისუფლების, განათლებასთან დაკავშირებული ნორმების მოწესრიგებას ეხება, ცენზურის აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს მკვეთრად ეწინააღმდეგება.

„საკანონმდებლო ნორმების განხილვის დროს საუბარი იყო იმაზე, რომ მოხდება მონიტორინგი და შესაბამის მედიასაშუალებებს დაევალებათ ამგვარი გამოხატვის აკრძალვა და არგაშვება, რაც მთელი რიგი ფილმების, ტექსტებისა თუ სხვადასხვა ტიპის შინაარსების აკრძალვას გამოიწვევს და მისი გავრცელების შემთხვევაში, კანონი სხვადასხვა სუბიექტისთვის სამართლებრივ პასუხისმგებლობებსაც ითვალისწინებს. პასუხისმგებლობის ეს მასშტაბიც საკმაოდ მძიმე და რეპრესიულია. ცხადია, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის ამგვარი პასუხისმგებლობების დაკისრება, რომელიც მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს და ქმედების განმეორების პირობებში, მის კრიმინალიზებას უშვებს, გაუმართლებელი და მასში არაპროპორციული ჩარევაა.

ამ კანონს მედიისთვის ნადვილად ექნება ცენზურის ფუნქცია, რომელიც მთავრობას მთელ რიგ შინააარსებზე თვითნებური ჩარევისა და მძიმე რეაგირების ბერკეტებს აძლევს. სწორედ ამის გამო, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ის ხელისუფლების მხრიდან შინაარსის კონტროლისა და ცენზურის დაწესების ტოტალიტარულ ინსტიქტებს აჩვენებს".



კონსტიტუციური ცვლილებები


ამ ახალი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე ცვლილებების დაინიციირებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 2 თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიიცირა და თბილისის გარდა, საქართველოს 10 ქალაქში საყოველთაო-სახალხო განხილვებიც გამართა.

ამ განხილვების საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, დედაქალაქში 16 მაისს მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ამით მუშაობა დაასრულა. 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ კომისიამ ყველა მასალა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს გადასცა, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება საკომიტეტო და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვაც.

პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციურ ცვლილებას კვალიფიციური უმრავლესობა - ხმების ¾ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმების არ არსებობის მიუხედავად, ეს პროცესი მაინც დაიწყო. 

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტიც ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის, მე-7 ნაწილით „აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.


რუსული გამოცდილება


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მსგავსად, რუსეთში „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავი ჰომოფობიური კანონიც არსებობს.

2013 წელს მიღებულმა „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისგან“ არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონმა რუსეთში საბოლოოდ ისეთი სახე მიიღო, რომ აკრძალვა შეეხო ყველაფერს: სოციალურ ქსელებს, მედიას, კინოს, რეკლამას და დაწესდა ცენზურა.

ვენეციის კომისიამ რუსეთში, უკრაინასა და მოლდოვაში მიღებული მსგავსი კანონები „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ 2013 წელს ერთობლივად განიხილა და სისტემურ სამართლებრივ ხარვეზებზეც მიუთითა.

რუსეთში გამოცემული იტალიელი რეჟისორისა და პოეტის, პიერ პაოლო პაზოლინის ბიოგრაფიული წიგნი - "პაზოლინი. მოკვდე იდეისთვის", რომელსაც ცენზურა ეეხო.


კატეგორია - საქართველო



დღეს, 11 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ახალი ამბების პროდიუსერი ხათუნა საღინაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით გამოკითხეს. საღინაძეს კითხვები რუსული კანონის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაუსვეს. გამოკითხვის ბოლოს კი მას და მის ადვოკატს, ჯონი ქათამაძეს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. 

საქმის ძიება, რომლის ფარგლებშიც „ფორმულას“ პროდიუსერი გამოკითხეს,  სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე, 225-ე და 226-ე მუხლებით მიმდინარეობს.  რაც გულისხმობს: 1. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას; 2. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღანელობაა ან მასში მონაწილეობაა; 3. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას; 

ხათუნა საღინაძის ადვოკატისათვის გაუგებარია, რატომ მოაწერინეს მათ ხელი გაუთქმელობაზე, როდესაც ამის კონკრეტული საფუძველი და მიზეზი არ არსებობს.  

პროდიუსერის განმარტებით,  კითხვები ძირითადად მის აქციებზე დასწრებას, მონაწილეობის მიზანსა და მიზეზს შეეხებოდა. ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი დაკითხვები მხოლოდ იმ მოქალაქეების დაშინებისთვის არის, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.  „მედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი იღებდა და იღებს მონაწილეობას აქციებში, მაინც და მაინც მე რატომ გავხდი სამიზნე, ამაზე ჯერ პასუხი არ მაქვს“ - ამბობ ხათუნა საღინაძე "მედიაჩეკერთან" საუბრისას. 

საღინაძე ირაკლი საღინაძის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და  12.25%-იანი წილის მფლობელის დაა. “მედიაჩეკერის” კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი შესაძლებელია, სწორედ ეს ყოფილიყო, ხათუნა საღინაძე პასუხობს: “არაფერს გამოვრიცხავ. ისეთი აბსურდული კითხვები ჰქონდათ, შეფასებაც კი მიჭირს”. 

თავად ირაკლი საღინაძე კი “მედიაჩეკერთან” საუბრისას აცხადებს: “არ მგონია, რომ პერსონალურად ჩემზე ზემოქმედების მცდელობა იყოს. ადამიანების შესაშინებლად, მედიის მიმართაც არის ზეწოლა და ზოგადად, რაღაც შეთქმულებების კვება, რომ რაღაც ორგანიზებული ძალები არსებობს, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციას ურევენ. სხვა აზრს ვერ ვხედავ.”

კატეგორია - საქართველო



„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ტელეკომპანია "პირველს" თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის ცილისწამებად აღიარებას ითხოვს. სიუჟეტი შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. 

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ ყოფილი პრემიერ მინისტრის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა დღეს განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მათი მიზანია, რომ კანონით დადგენილი წესით, თავად ტელეკომპანიამ აღიაროს, რომ ეს სიუჟეტი სიცრუე იყო. 

"ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მათ Სარჩელი ჯერ არ მიუღიათ, ისინი დაელოდებიან და იურისტებს საქმეში ჩართვას შემდეგ სთხოვენ. 

"Ტენდენციად იქცა, ზოგადად, გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მსგავსი სარჩელების შეტანა, რომლის მიზანიცაა, შემდგომ ჩვენი დაშინება თუ დაყადაღება…Ბევრი საეჭვო გარემოებაა ამ ყველაფერში, რომლებზეც ჟურნალისტური გამოძიებების რამდენიმე სერია გვქონდა. Როგორც ჩანს, ღარიბაშვილი ჩვენი გუნდის მიმართ თავისი ბრაზით ცდილობს, ახლა გამოიყენოს მურუსიძისა და ჩინჩალაძის კლანის მართული სასამართლო", - განაცხადა მელაძემ "მედიაჩეკერთან" საუბრისას. 


2024 წლის 6 აპრილს „ნოდარ მელაძის შაბათის " სიუჟეტი - "როგორ გავხდეთ მილიონერი ერთ წელიწადში - რეცეპტი ღარიბაშვილისგან"

 

 
კატეგორია - საქართველო


პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე, ვისთან შელაპარაკების გამოც მოქალაქე გუშინ აეროპორტში დააკავეს, POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელია. 

მარიამ წიწიკაშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს უთხრა, რომ კანონისთვის ხმის მიცემის გამო უნდა რცხვენოდეს.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ განცხადებით, „[მარიამმა] შენიშვნა დააფიქსირა სიტყვისა და გამოხატვის უფლებების ფარგლებში, უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების გარეშე…დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების დაფიქსირების წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და წარმოადგენს მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“.

წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაკავების შემდეგ, წიწიკაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე დაიწყო, თუმცა, პროცესი გადაიდო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიქტორ ჯაფარიძეს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მოქალაქეები საჯარო სივრცეში უპირისპირდებიან. 

 

ჯაფარიძე და  POSTV


საჯარო რეესტრის მონაცემებით, რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა.

ჯაფარიძემ ნუგზარ რუხაძის, ზვიად ბლიაძის, ანა შენგელიას, ვახტანგ კომახიძის სრული და თემურ ჭარელაშვილის 4%-იანი წილები "ხალხის ძალაში" გაერთაინების შემდეგ შეისყიდა. 24-24%-იანი წილები დარჩათ შალვა რამიშვილსა და თემურ ჭარელაშვილს.

POSTV-ის "ხალხის ძალის" მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.


ჯაფარიძისა და მისი ოჯახის დეკლარირებული ქონება


ვიქტორ ჯაფარიძის მიერ შევსებული ბოლო, 2023 წლის ონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს მესტიაში მემკვიდრეობით მიღებული 8 მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი და საცხოვრებელი სახლი აქვს.

ჯაფარიძისა და მისი მეუღლის მფლობელობაშია რამდენიმე კომპანიის აბსოლუტური და მნიშვნელოვანი წილები და უძრავი ქონება თბილისში.

2013 წელს დეპუტატმა $180 000-ად იყიდა 131,5 კვ.მ ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე. მის საკუთრებაში არ არის ავტომობილი, თუმცა, $20 000-ად ნაყიდი ml ჰყავს მის მეუღლეს, ნათია ხვისტანს.

ვიქტორ ჯაფარიძემ მიმდინარე წლის 16 აპრილს 30 000 ლარი შესწირა „ხალხის ძალას“. 2012-2017 წლებში კი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" 120 000 ლარი აქვს შეწირული. 


როგორ ავსებს ქონებრივ დეკლარაციებს ვიქტორ ჯაფარიძე?


„ფლანგვის დეტექტორის" კვლევის - "ხალხის ძალის" არაკეთილსინდისიერი წევრები" მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძე ქონებრივ დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებს და მონაცემებს არასრულად ყველაზე ხშირად ადეკლარირებს. 

ორგანიზაციის შეფასებით, შესაბამისი ბერკეტი [საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დაჯარიმება] არც ისე წარმატებულად მუშაობს ვიქტორ ჯაფარიძის შემთხვევაში, რადგან ის წლიდან წლამდე არღვევს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსების წესს და არასრულ მონაცემებს ადეკლარირებს.

“ფლანგვის დეტექტორმა” მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები საჯარო სამსახურის ბიუროსგან გასულ წელს გამოითხოვა. 

ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ოთხჯერ: 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში შემოწმდა. ოთხივე შემთხვევაში ბიუროს შეფასება უარყოფითი იყო და რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს დასკვნით, ოთხივე შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა/ხარვეზი ვიქტორ ჯაფარიძის მიერ უძრავი ქონების არასრულ აღრიცხვასთან იყო დაკავშირებული.

მაგალითად, თუ ერთმანეთს შევადარებთ 2018 და 2019 წლის დეკლარაციებს, თვალსაჩინოა, რომ ჯაფარიძეს უძრავი ქონება სრულად არ აქვს ასახული. გარდა იმისა, რომ 2019 წლიდან დეკლარაციაში აღარ არის მოხსენიებული შვილი, ეკატერინე ჯაფარიძე და მისი უძრავი ქონება, ამავე დეკლარაციაში ვეღარ ვხვდებით ჩანაწერს ვიქტორ ჯაფარიძის უძრავ ქონებაზე, რომელიც მან 2002 წელს 26,300 აშშ დოლარად შეიძინა. ბინა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარეობდა. 

ასევე, საინტერესოა მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე მიწის ნაკვეთის შემთხვევაც, რომელიც ვიქტორ ჯაფარიძემ მემკვიდრეობით მიიღო. 2018 წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ნაკვეთი ჯაფარიძეს 2013 წელს გადაეცა მემკვიდრეობით და მისი ფართობი 693 კვ.მ იყო. 2019 წლის დეკლარაციაში კი, სავარაუდოდ, საუბარია იგივე მიწის ნაკვეთზე, თუმცა მემკვიდრეობით გადაცემის თარიღად 2011 წელია მითითებული, ფართობი კი 692 კვ.მ-ს შეადგენს. სავარაუდოა, რომ საუბარია ერთი და იგივე მიწის ნაკვეთზე, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ სხვადასხვა ნაკვეთი არის აღრიცხული, ფაქტია, რომ 2019 წლის დეკლარაციაში წინა წლის ქონებრივი მდგომარეობა სრულად არ არის აღრიცხული. 

განსხვავებულია 2019 და 2020 წლის დეკლარაციებიც. მაგალითად, 2020 წლის დეკლარაცაში ჩნდება ახალი ჩანაწერები ჯაფარიძის მეუღლის, ნათია ხვისტანის სახელზე. თუკი 2019 წელს მის სახელზე მხოლოდ ბინა და სხვენი ფიქსირდებოდა, 2020 წლის დეკლარაციაში ჩანაწერი გაჩნდა 1995 წელს შეძენილ ბინაზეც, რომელიც მანამდე არსად ფიქსირდებოდა. 

2022 წლის დეკლარაციაში ასახული ქონებრივი მდგომარეობა ასევე საკმაოდ განსხვავებულია წინა წლების ქონებრივი დეკლარაციებისგან. 2022 წლამდე არსად ფიქსირდებოდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ 2010 წელს დაბა მესტიაში მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღო. ასევე, ჩნდება ჩანაწერი 2018 წელს მემკვიდრეობით მიღებულ ორ მიწის ნაკვეთზე, რომლებიც მესტიაში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარეობს. თუკი, წინა წლების ქონებრივი დეკლარაციებიდან გამქრალი იყო თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჯაფარიძემ 2013 წელს შეიძინა, 2022 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ბინა კვლავ გამოჩნდა. 

გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ვიქტორ ჯაფარიძე უძრავ ქონებას არასრულად ასახავდა დეკლარაციებში, საჯარო სამსახურის ბიურო სხვა ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი ოჯახის წევრებს უკავშირდება.

ბიუროს წერილით, 2018 წელს ასევე ხარვეზები გამოვლინდა თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშების ნაშთებში. ასევე, თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის აღრიცხვასა და შემოსავლებში. 

ვიქტორ ჯაფარიძემ 2019 წლის დეკლარაციაც ასევე არაკეთილსინდისიერად შეავსო. ხარვეზები კვლავ უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს უკავშირდება. 

იგივე პრობლემა განმეორდა 2020 წელსაც. ბიუროს შეფასებით, დეკალარაციაში ჯაფარიძის მიერ არსწორად იქნა მითიებული ინფორმაცია უძრავი ქონების, საბანკო დოკუმენტაციისა, თანამდებობის პირის ანაზღაურებისა და ერთჯერადი გასავალის შესახებ, რომლიც ოდენობაც 5000 ლარს აღემატებოდა. 

2022 წელს გამოვლენილი ხარვეზებიც ამჯერადაც უძრავ ქონებას, სამეწარმეო საქმიანობასა და საბანკო ანგარიშზე ერთჯერად თანხის ჩარიცხვას შეეხება, რომლის ოდენობაც 3000 ლარს აღემატება.

 
კატეგორია - საქართველო


Გუშინ, 9 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგროსთან იასპარეზა და მატჩი 3:1 გაიმარჯვებით დაასრულა.

საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყო.

 

Გატანილი გოლები და "იმედის" ქარდები

 

საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური Მატჩის დაწყებიდან მე-10 წუთზე (22:56) პირველი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა და ტელეკომპანია „იმედმაც“ გოლის ამსახველი ქარდი დაახლოებით 6 წთ-ში (23:02) გამოაქვეყნა;

 

 

გიორგი მიქაუტაძის მეორე გოლზე „იმედმა“ ქარდი უფრო მალე, მისი გატანიდან (23:19) დაახლოებით 4 წთ-ში (23:23) გამოაქვეყნა;

 

საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური Მატჩის დაწყებიდან 66-ე წუთზე სტევან იოვეტიჩის გოლით ანგარიში 1:2 გახდა. 

 

83-ე წუთზე (00:26) კი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა და მატჩი საქართველოს გამარჯვებით 3:1, ზივზივაძის გოლიდან დაახლოებით 10 წუთში დასრულდა. 

 

კიტეიშვილისა და მიქაუტაძის გოლებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია „იმედს“ ზივზივაძის გოლზე ცალკე ქარდი არ გამოუქვეყნებია.

 

საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრა თბილისის დროით 00:36-ზე დასრულდა. Მატჩის დასრულებისა და „გამარჯვების“ აღმნიშვნელი ქარდი „იმედმა“ 3 წთ-ში, 00:39 სთ-ზე გამოაქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ამ Ქარდზე ინფორმაცია არასწორად იყო დატანილი, თითქოს, 3:1 ანგარიშით მატჩი მონტენეგროს გამარჯვებით დასრულდა. 

 

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების ქარდით "იმედმა" შეცდომა 38 წუთში, 01:17 საათზე გაასწორა.

 

 

ტელეკომპანიამ მალევე, 01:22 წუთზე საქართველო - მონტენეგროს ამხანაგური შეხვედრის ამსახველი ფოტოკოლაჟი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:

 

 

სწორედ ამ ფოტოკოლაჟში მოხვდა Ბუდუ ზივზივაძის ფოტოც და ინფორმაციაც მის გატანილ გოლზე. აღსანიშნავია, რომ "იმედმა" ეს კოლაჟი თამაშის დასრულებიდან დაახლოებით 46 წუთში (01:22) და ზივზივაძის გოლიდან დაახლოებით 56 წუთში გამოაქვეყნა.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის საწვრთნელი შეკრება მონტენეგროსთან მატჩის დაასრულა. 

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მატჩების კალენდარი ასეთია:

 

18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ | თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ | საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ | საქართველო-პორტუგალია

 
კატეგორია - საქართველო


ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ და პირველ ეტაპზე სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად ამზადებენ.

"Საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელზეც ეს კანონი ვრცელდება, მოუწოდებს სარჩელს შეუერთდეს და ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს. 

"თუ გსურთ იყოთ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსა ან/და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა უნდა შეავსოთ შემდეგი ბმული:

ინფორმაციის გამოგზავნის შემდეგ შეგეხმიანებით სარჩელისთვის/საჩივრისთვის საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებით.

ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 15 ივნისი, 2024 წ.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში