საქართველო
კატეგორია - საქართველო


საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი მეორედ გამოაცხადა.
შალვა პაპუაშვილის ბრძანების მიხედვით, „მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“.
პარლამენტი შესაბამის განაცხადებს 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით მიიღებს. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ყველას აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი კონკურსი პირველად 18 მარტს გამოცხადდა, თუმცა, საკმარისი აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა სამ წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

კატეგორია - საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე - ჯერ არა.

“იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედის“ ჟურნალისტებიც გამოკითხა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის, ნინი ტალახაძის განცხადებით, უწყებაში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე სამსახურს რეაგირება ეტაპობრივად ექნება: 
 
“ეტაპობრივად მოხდება სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება...ერთდროულად ყველა მოქმედების ჩატარება ვერ მოხდება...ყველა საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოახდენს რეაგირებას...ყველა საქმეზე ახდენს რეაგირებას და სწავლობს ყველა საქმეს, რაც შემოვიდა...“
 
ტელეკომპანია „იმედმა“ საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება დღესაც გამოაქვეყნა. 
 
“რადიკალური ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის" წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი გაშუქება“, - ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში. 
 
16 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებზე შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაერთმა ორგანიზაციამ მიმართა. 
 
“აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი“, - მოხვდა ომბუდსმენის 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველად შედეგებშიც.
კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. „იმედი“ სამართალდამცველებს მოუწოდებს,  ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს. მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„იმედმა“ გუშინ დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართა.

 
კატეგორია - საქართველო

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ სპეციალურ საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტების ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები დაუყოვნებლივ და სრულად გამოიძიონ, დაადგინონ დამნაშავეები და ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.

კოალიციის განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით ხელისუფლება ქმნის ბარიერს საზოგადოების ინფორმირებისთვის.

ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ხშირ მოვლენად იქცა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინებით მიმართა მედიაომბუდსმენმაც და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა. 

ორგანიზაციის განცხადებით, სამსახურმა სწრაფი და ეფექტური გამოძიებით უსაფრთხო მედიაგარემო უნდა უზრუნველყოს.

16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებს. 

 
კატეგორია - საქართველო

TV-პირველის ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის სამ ეპიზოდზე ნატო გოგელია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, 24 მარტს ოზურგეთში ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. მსგავსი ინციდენტი 2023 წელს 3-ჯერ მოხდა. ნატო გოგელია მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.

 

„2024 წლის 8 აპრილს ჟურნალისტი დამატებით გამოიკითხა ოზურგეთის პოლიციის დეპარტამენტში და დაზარალებულად იქნა ცნობილი მის მიმართ განხორციელებულ ქურდობის სამ ეპიზოდში“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ნატო გოგელიას დაზარალებულად ცნობას მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის მეოთხე ეპიზოდზეც ითხოვს, რომელიც 2023 წლის 27 თებერვალს მოხდა.

 
კატეგორია - საქართველო
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ძალადობას ახალისებს და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. 

„დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო შეშფოთებულია. 

16 აპრილს, ღამით პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-ის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების: "პუბლიკას", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს.

გუშინ, ღამით სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებსაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებებიც გამოიყენა. დემონსტრანტები დაკავებულებიც არიან.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა დროს ორი აქცია იმართება.


კატეგორია - საქართველო
 
16 აპრილს, ღამით პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-ის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების: "პუბლიკას", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა. ასევე, უზრუნველყოს მედიის წარმომადგნლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.   

ორგანიზაცია სამართალდამცველ უწყებებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.         

გუშინ, ღამით აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებებიც გამოიყენა. დემონსტრანტები დაკავებულებიც არიან.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა დროს ორი აქცია იმართება.



კატეგორია - საქართველო


ონლაინ მედიის ჟურნალისტები მესამე დღეა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებს ვერ ესწრებიან.მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში ამოქმედებული უსაფრთხოების ყვითელი დონეა. შეზღუდვა მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ ეხებათ.ონლაინ მედიის წარმომადგენლები მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას დისკრიმინაციად აფასებენ:

„პარლამენტის მიერ ჩვენს მიმართ განსხვავებული მოპყრობა და დევნა ხდება ხელისუფლების ნარატივისგან განსხვავებული პოზიციისა და შეხედულებების გამო, იმის გამო, რომ კანონპროექტი უპირველესად გვეხება ჩვენ და განკუთვნილია ჩვენს გასანადგურებლად. სწორედ ჩვენ, ონლაინმედიებმა ვუწოდეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული კანონი“, კრიტიკულად ვაშუქებთ მას და საზოგადოებას ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონპროექტი“.

ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი განცხადებით სახალხო დამცველს გუშინ მიმართეს.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა დროს ორი აქცია იმართება.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია საღამოს, 19:00 საათზეც.

რუსული კანონის პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონად ქცევამდე ის კიდევ 2 პლენარულ სხდომაზე უნდა მოისმინონ.

 
კატეგორია - საქართველო
 
ონლაინ მედიის ჟურნალისტებს მეორე დღეა პარლამენტში მუშაობა ეზღუდებათ. საკანონმდებლო ორგანოში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს. 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მისი ბრძანების ამოქმედების საფუძველი ონლაინ მედიის მიზანია, გააპროტესტოს რუსული კანონი. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა არა ჟურნალისტური საქმიანობისთვის, არამედ პროტესტის დასაფიქსირებლად სურთ, რაც ჟურნალისტური საქმიანობა არ არის, ამიტომ მედიამ ჟურნალისტური აკრედიტაციით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ არის სივრცე აქციების ჩასატარებლად და მისი მათ შორის პასუხისმგებლობაა კონსტიტუციითაც, რომ სამუშაო გარემო უზრუნველყოს. 

„ყველა ამ ჟურნალისტმა გუშინ შემდეგ წრეები ურტყა პარლამენტს სხვადასხვა პლაკატებით, შეძახილებით და ხმოვანი ინსტრუმენტებით, რითაც დაადასტურეს, დაადასტურეს მერამდენეჯერ უკვე, რომ მართალი, სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტო რო მათ არა აქვთ ჟურნალისტური ინტერესი აქ საქმიანობის, მათ აქვთ ინტერესი ჩაშლის“.

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, პარლამენტის შიგნით პროტესტის გამოხატვა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა და აკრედიტაცია ამისთვის არ არის: 
„აკრედიტაცია გაქვთ თქვენც და ყველას იმისთვის, რომ განახორციელოთ ჟურნალისტური საქმიანობა და ამისი ბოროტად სარგებლობაა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა, როდესაც აკრედიტაციით სარგებლობ...“

ონალაინ მედიის ჟურნალისტები რუსული კანონის საკომიტეტზო მოსმენაზე გუშინაც არ დაუშვეს.  
 
კატეგორია - საქართველო
 
 
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა ონლაინ გამოცემა „მედიაჩეკერისთვის“ საშვები არ დაუშვა.

„მედიაჩეკერმა“ საშვები ჟურნალისტებისთვის, მათ შორის ნინია კაკაბაძისთვის 8 აპრილს მოითხოვა. იმ დღეს, როდესაც პარლამენტის ბიურს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა განეხილა. 

მედია გამოცემას მიზეზი ოფიციალური მეილით ასე განემარტა: „ჩვენი დეპარტამენტი საშვებს უშვებს მხოლოდ იმ მედისაშუალების ჟურნალისტებზე, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას აშუქებენ“. 

ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლის თამარ ჯანელიძის დღევანდელი განცხადებით, „როდესაც ადამიანი არი აქტივისტი და პარლამენტში შემოდის იმისთვის, რომ აქ რაღაცა თავისი პოლიტიკური მესიჯები გააჟღეროს და არ იმუშაოს საპარლამენტო საქმიანობით, რითიც დაკავებულები არიან პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, შემოვუშვათ თუ არა. ეს ის შემთხვევა იყო, რო არ შემოუშვით“.
 
ჯანელიძე ამ ფაქტს „მედიაჩეკერის“ დისკრიმინაციად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ „ამ შემთხვევაში კი, ხდება ხოლმე ესეთი გამონაკლისები“. 

„ნინია, რო ჟურნალისტური საქმიანობით არ ეწევა, მითუმეტეს საპარლამენტო ჟურნალისტიკაში არანაირი შეხება არა აქვს ჟურნალისტიკასთან, ამიტომ ვიცოდით დაახლოებით, რისთვის მოდიოდა...ნინია კაკაბაძე მოდიოდა, რომ საპარლამენტო ღონისძიებები გაეშუქებინა პარლამენტში?...როდესაც არის ინფორმაცია, რო ადამიანი შემოდის...იმისთვის, რომ ფლეშმობი დადგას, ამიტომ იყო ეს პასუხი...“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის ბიუროზე განხილვას ჟურნალისტების ნაწილი ვერ დაესწრო. პარლამენტში არ შეუშვეს მათ შორის ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაციაც ჰქონდა.
 
 
კატეგორია - საქართველო
 
ონლაინ მედიის ჟურნალისტებს მეორე დღეა პარლამენტში მუშაობა ეზღუდებათ. საკანონმდებლო ორგანოში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ მისი ბრძანების ამოქმედების მიზეზებზე საუბრისას 8 აპრილის ბიურის სხდომა გაიხსენა, როდესაც მედია გამოცემა „პუბლიკას” ჟურნალისტმა საპროტესტო ბანერი - „არა რუსულ კანონს“ გაშალა. 

„შემოვიდა ერთხელ პუბლიკას ჟურნალისტი. ნახეთ, რომ აქცია ჩაატარა და გავიდა და საერთოდ 1 წამითაც რაიმე ჟურნალისტური საქმიანობა არ განუხორციელებია...სულ 3-ჯერ არის შემოსული აკრედიტაციით, აქედან 2-ჯერ წესები დაარღვია. აქაც ჩანს, რომ ჟურნალისტური ინტერესი მას არ აქვს“. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამოქმედებული უსაფრთხოების რეჟიმის მთავარი ამოცანა მსგავსი შემთხვევების პრევენციაა.

პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის თამარ ჯანელიძის თქმით, ნათია ამირანაშვილს აკრედიტაცია შეწყვეტილი აქვს. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის ბიუროზე განხილვას ჟურნალისტების ნაწილი ვერ დაესწრო. პარლამენტში არ შეუშვეს მათ შორის ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაციაც ჰქონდა.

საკანონმდებლო ორგანოში მოხვდა "პუბლიკას" ჟურნალისტი, ნათია ამირანაშვილი რომელსაც შენობაში შესვლამდე სუფთა ფურცელიც ჩამოართვეს.

ონალაინ მედიის ჟურნალისტები რუსული კანონის საკომიტეტზო მოსმენაზე გუშინაც არ დაუშვეს.  
 
 
 
 
 
კატეგორია - საქართველო
ქართული ტელემედიის ნაწილი პირდაპირ ეთერში მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვას აჩვენებს, პარლამენტთან მიმდინარე აქციას კი - არა. 

რა ჰქვია ამ ტელევიზიების სპეციალურ ეთერს:

საზოგადოებრივი მაუწყებელი: „„უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“

იმედი: „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა“ 

რუსთავი 2: „გამჭვირვალობის კანონის განხილვა კომიტეტზე“

პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო განხილვას ონლაინ მედიის წარმომადგენლები ვერ ესწრებიან. მიზეზი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ამოქმედებული  უსაფრთხოების ყვითელი დონეა, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს.

პარლამენტის გუშინდელი განცხადებით, შეზღუდვა მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ შეეხებოდათ.

ამ წუთებში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტან აქცია მიმდინარეობს. მას დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უერთდებიან.

საპროტესტო აქცია დაგეგმილია 19:00 საათზეც. 

436358257-1049717076844598-321176575558611655-n
436361547-1049716963511276-4708331099460552343-n
436443231-1049717120177927-5160275679484423138-n