საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“ განცხადებით, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა, რის გამოც ჟურნალის გამოცემა ამ ეტაპზე წყდება.
როგორც წესი, ყოველ წელს, აღდგომის ღამეს ქართული ტელეარხების
უმეტესობა სააღდგომო ლიტურგიას პირდაპირ ეთერში აჩვენებს. ვნახოთ, რა
ნახა მაყურებელმა ტელევიზიების ეთერით ამჯერად, 2024 წლის აღდგომის
ღამეს?!
„იმედი“
2024 წლის აღდგომის ღამეს „იმედმა“ სააღდგომო ლიტურგიის ნაცვლად, მაყურებელს პირდაპირ ეთერში ქართული ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ შესთავაზა.
4 მაისს ტელეკომპანია "იმედს" არ გაუშუქებია აღდგომის ერთად შესახვედრად ადამიანების შეკრება 23:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
23:00 საათიდან არხის სატელევიზო ბადეში მოხვდა:
„სტუმრად შუა ქალაქში“, „ვერის უბნის მელოდიები“, გვიან ღამით კი -
მხატვრული ფილმი „გაიცანით ჯო ბლექი.“
„პოსტვ“
სააღდგომო ლიტურგია ვერ მოხვდა ტელეკომპანია „პოსტვ"-ის პირდაპირ ეთერშიც. 4 მაისს, 22:30-დან 23:48 საათამდე ტელევიზიის ეთერში რუსული სერიალი გადიოდა. 23:50 საათზე ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ კი - ისევ რუსული სერიალი.
"იმედის" მსგავსად, 4 მაისის ღამეს რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები არც "პოსტვ"-ის გაუშუქებია.
ამ ტელევიზიებს მაყურებლებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ აქციის - „არა რუსულ კანონს“ მონაწილეები ქაშუეთის ეკლესიასა და პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, რათა აღდგომას ერთად შეხვედროდნენ. აქციის მონაწილეებმა ლოზუნგი - „მამული, ენა, ერთობა, სარწმუნოება“ სანთლებითა და ლაზერული გამოსახულებითაც დაწერეს.
აღსანიშნავია, რომ პროტესტანტ ახალგაზრდებს რუსული
კანონის მომხრეები „სარწმუნოების“ უარყოფაში ადანაშაულებდნენ.
"საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი"
აღდგომის ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდა "საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს". "პირველმა არხმა" სიონის ტაძრიდან პირდაპირი ეთერი მაყურებელს სრულად, 03:30 საათამდე შესთავაზა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ პარალელურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები არც "პირველი არხის" ეთერში მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე 4 მაისს 23:20 წუთზე
საინფორმაციო გამოშვების სპეციალური ეთერი დაიწყო. "კურიერი" სიონის
ტაძრიდან პირდაპირი ჩართვით გაიხსნა. შემდეგ აჩვენეს რუსთაველის
გამზირი და ქაშუეთი. წამყვანმა, სანდრო კაჭახიძემ მაყურებელს მიაწოდა
ინფორმაცია, ვინ და რისთვის იყო შეკრებილი ეკლესიასთან. აღნიშნა ისიც,
რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. საინფორმაციო გამოშვებაში
ქაშუეთის ეკლესიის ეზოდან ჩაერთო ჟურნალისტი, ბექა პატურაშვილიც.
როგორც პატურაშვილმა თქვა, ეს იყო აქციის უპრეცედენტო ფორმა,
როდესაც რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას საპროტესტო აქცია
ერწყმის.
სხვა ტელევიზიები
ტელეკომპანიებმა: „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“ კი 4 მაისს პირდაპირი ეთერი აღდგომის ერთად შესახვედრად შეკრებილებსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს დაუთმეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს,
თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი
გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის
დარღვევა დაადგინა.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ. ამ ღამით 40 მედიის წარმომადგენელი დაშავდა.
18 ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული სამართალდარღვევისთვის საქართველოს მთავრობას 5000 ევროს გადახდა დაეკისრა. ეს ჟურნალისტები არიან: მერაბ ცაავა, ბესლან კმუზოვი, ზაზა სვანაძე, თამარ ბაღაშვილი, გვანცა ნემსაძე, ანა ვახტანგაძე, ნინო ხოზრევანიძე, თორნიკე კოშკაძე, გურამ მურადოვი, გიორგი ჭუმბურიძე, ეკატერინე აბაშიძე, გიორგი დიასამიძე, დავით შეყილაძე, დიმიტრი ფოჩხიძე, ირაკლი გიორგაძე, ნიკოლოზ შარვაშიძე, თეიმურაზ დიდბერაშვილი და ვახტანგ ბერიკაშვილი.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს 15 000 ევროს გადახდა დაეკისრა: დავით ქურდოვანიძის, მაკო გომურის, გიორგი სულაშვილისა და ლექსო ჩანქსელიანის მიმართ.
მთავრობას ასევე დაეკისრა ნებისმიერი დამატებითი ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯებისა და თითოეული წარმომადგენლის მიმართ 6 000 ევროს ოდენობით თანხის გადახდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დღეს გამოიტანა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია აქცია, სადაც პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
30 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას
ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები დაშავდნენ და
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ.
სპეცრაზმელებმა მუშაობაში უკანონოდ ხელი შეუშალეს ტელეკომპანია
"მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფებს, ონლაინ
გამოცემების: "პუბლიკა", "აი, ფაქტი" და CNews Exclusive-ის
ჟურნალისტებს. დაშავდნენ ფოტოჟურნალისტებიც.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით "მედიაომბუდსმენმა" სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. გუშინდელი აქცია სპეცრაზმმა
რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლებმა მოქალაქეების
წინააღმდეგ გამოიყენეს: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის
სპრეი და წყლის ჭავლი. პრეცრაზმელები სცემდნენ აქციის
მონაწილეებსაც.
შსს-ის ცნობით, გასულ ღამეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე,
ჯამში, 63 პირი დააკავეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონის საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღე იმართება.
პარლამენტთან აქცია დაგეგმილია დღესაც, 17:00
საათზე.
საერთაშორისო მედიის გამოხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე - „არა რუსულ კანონს“
თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური აქციები
საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოხვდა. არაერთი ამერიკული თუ ევროპული
გამოცემა წერს და ჰყვება ამბავს, თუ რა მოხდა 30 აპრილის ღამეს, როგორ
და რა მეთოდებით დაარბია პოლიციამ მომიტინგეები.
ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული გამოცემა - New York Times საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქრონოლოგიურად, საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობს და განმარტავს, რას ნიშნავს ახალი კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს მთავრობა ხელმეორედ ცდილობს.
New York Times-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოში ამავე კანონის ინიცირებას, ასევე მასშტაბური აქციები მოჰყვა და ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევა მოუწია, თუმცა, ამჯერად როგორც ჩანს, ისინი უფრო თვითდაჯერებულები არიან, რომ კანონს დაამტკიცებენ.
სტატია რუსულ კანონთან შედარებასაც გვთავაზობს და აღწერს, თუ როგორ გახდა 2012 წელს რუსეთში ანალოგიური კანონი იარაღი კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წინააღმდეგ. ასევე, როგორ იქცა კრიტიკული მედია ორგანიზაციების ჩასახშობ ბერკეტად. აღნიშნულია ისიც, რომ მსგავსი კანონი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყირგიზეთმა და ყაზახეთმა მიიღო.
სტატიაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა პროტესტის - „არა რუსულ
კანონს“ მონაწილეები წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და
წყლის ჭავლით დაარბიეს.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა უმსხვილესი
ამერიკული
ტელევიზიები: NBC NEWS და abc
NBC NEWS-მა აქციის დარბევის კადრები გამოაქვეყნა და ამბავს ვრცელი სტატიაც მიუძღვნა სახელწოდებით: " ე.წ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.“
ტელეკომპანიამ გამოცემა "როიტერზე" დაყრდნობით, 30 აპრილს განვითარებული მოვლენები დეტალურად აღწერა, მათ შორის: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე ფიზიკური ძალადობა, დემონსტრანტების მხრიდან სხვადასხვა ხელოვნური ბარიკადებით გადაკეტილი ქუჩები და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. მედიამ ფართოდ მიმოიხილა გასული მოვლენები, თუ რატომ და როგორ გახდა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი პროტესტის საგანი. სტატიაში საუბარია საერთაშორისო გამოხმაურებებზეც, რომ ევროპა და ამერიკა საქართველოს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონზე შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან მას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ან ამერიკულ სტანდარტებთან.
მსგავსი სახელწოდების მასალა გამოაქვეყნა ტელეკომპანია abc-მაც.
“ საქართველოს დედაქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის მონაწილეების დასაშლელად რომელბიც პარლამენტის შენობის წინ იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური გავლენის გამტარებლებად რეგისტრაციას მოსთხოვს“ - abc news.
ამერიკული გამოცემის მიერ მომზადებულ ახალ ამბავში ნათქვამია, რომ ათასობით დემონსტანტი ქუჩაში იმ მოტივით შეიკრიბა, რომ მათი აზრით, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დიდი ხნის მიზანსა და სურვილს - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.
საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააშუქეს ბრიტანულმა და ევროპულმა გამოცემებმაც.
ბრიტანულმა ყოველდღიურმა გამოცემა The Guardian-მა თბილისურ პროტესტზე ვრცელი ბლოგი და ვიდეო მასალა მოამზადა. ბლოგში ქრონოლოგიურად, პუნქტებად არის აღწერილი 30 აპრილის ღამეს მომხდარი ფაქტები. ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სხვადასხვა საშუალება გამოიყენეს. აღნიშნულია, რომ ისინი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც დასავლური ქვეყნების შეშფოთების საგანია, რადგან ისინი მას ავტორიტარულ და რუსეთის ინსპირირებით შექმნილ კანონპროექტად მიიჩნევენ. "გარდიანს" არ გამორჩენია "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის", ლევან ხაბეიშვილის უმოწყალოდ ცემის ფაქტიც.
გამოცემა მკითხველს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და „რუსულ
კანონთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ევროპარლამენტარისა თუ
საერთაშორისო ექსპერტის შეფასებასაც სთავაზობს.
ონლაინ გამოცემა Politico საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე
მოვლენებს პროევროპულ აქციებს უწოდებს და ამბობს, რომ პროტესტის დროს
ათობით ადამიანი დააკავეს.
ევროკავშირის პოზიციასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე აკეთებს აქცენტს Al Jazeera. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირმა საქართველო გააფრთხილა, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსს საფრთხე შეუქმნას.
თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გააშუქეს ისეთმა მედიაორგანიზაციებმაც, როგორიც არის: BBC, France 24, Reuters, AP, DW, le Monde.
4 წლის შემდეგ "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მთავარი
საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანის, თეონა ბაკურიძის
სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ქუთაისის სააპელაციო
სასამართლომ ბათილად ცნო.
ბაკურიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს"
დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ხელისუფლების
კრიტიკის გამო ეთერიდან მოხსნეს.
აჭარის ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ის
სამსახურიდან 2020 წელს გაათავისუფლა.
ტელევიზიას გათავისუფლებული ჟურნალისტისთვის ექვსი თვის ხელფასის
სახით კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა, სავარაუდოდ, ვერაღდგენისთვის.
მოსარჩელე მხარე ბაკურაძის მიმართ დისკრიმინაციის დადგენასაც ითხოვდა,
თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.
თეონა ბაკურიძის განცხადებით, დისკრიმინაციისა და კომპენსაციის
რაოდენობის საკითხზე დავას სასამართლოში გააგრძელებს.
"მედიაჩეკერთან" საუბრისას ბაკურიძე ამბობს, რომ „გათავისუფლების დროს
მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ და მისმა იურისტებმაც
იცოდნენ, რომ კანონს არღვევდნენ, მაგრამ მათთვის მთავარი დროის მოგება
იყო, 4 წლის შემდეგ ბრძანების ბათილობა კოხრეიძისთვის არაფერს ცვლიდა,
მთავარი იყო იმ მომენტში ჩამოვეცილებინეთ სარედაქციო პოლიტიკისთვის.
სამსახურში არ აღმადგინეს, დაკისრებულ კომპენსაციას კი კოხრეიძე
ჯიბიდან არ იხდის. ეს მაუწყებლის ბიუჯეტს აზარალებს".
სააპელაციომდე ჟურნალისტის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ
დააკმაყოფილა. თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ
ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის
ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას ითხოვდა.
ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებით, ბაკურიძის საქმის განხილვისას
პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ხათუნა ბოლქვაძემ გადაწყვეტილება ისე
მიიღო, რომ მოწმეებისთვის კითხვებიც კი არ დაუსვამს.
თეონა ბაკურიძის თქმით, იმედი რომ სააპელაციო საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებას ბათილად ცნობდა, არ ჰქონდა, თუმცა, კეთილსინდისიერი
მოსამართლეების არსებობის სჯეროდა.
„თუ ასეთ ხელში მოხვდებოდა საქმე, იყო სამართლიანი გადაწყვეტილების
შესაძლებლობა. ასეთ ხელში კი იშვიათად ხვდება სისტემასთან
დაპირისპირებულების საქმეები (შრომით დავებზე მაინც უწევთ ხოლმე
კოდექსით იხელმძღვანელონ )“, - ამბობს თეონა ბაკურიძე.
ჟურნალისტმა "მედიაჩეკერთან" საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზეც
ისაუბრა:
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უპასუხოს იდეას, უნდა იყოს
რეალურად საზოგადოებრივი. ჩვენ არ ვიყავით მაშინ იდეალურები, მაგრამ
ვიდექით ამ გზაზე და ვცდილობდით, გავმხდარიყავით უკეთესები, ხალხის,
მაყურებლის ინტერესებით გვეხელმძღვანელა. ხელი შეგვეწყო დემოკრატიისა
და ევროინტეგრაციისთვის, ნაცვლად პარტიული ინტერესების
გატარებისა“.
2019 წელს "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს"
ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენება
ხელისუფლების მიერ ტელევიზიის გაკონტროლების სურვილს დაუკავშირა.
შემდეგ კი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ტელევიზიაში საქმიანობაც
შეეზღუდათ. იმ პერიოდში სასამართლოში 9 სარჩელი
შევიდა.