საქართველო
კატეგორია - საქართველო

„მედიის განვითარების ფონდმა“ სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის მედია მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. შედეგების მიხედვით, ერთწლიან საკვლევ პერიოდში სექსისტური და ჰომოფობიური ხასიათის 5695 დისკრიმინაციული შინაარსი გამოავლინა, საიდანაც 3915 შემთხვევაში წყარო -ტრადიციული, ხოლო 1780 შემთხვევაში სოციალური მედია იყო.

კვლევის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ჰომოფობიისა და სექსისტური ენის ყველაზე მკაფიო გამოვლინებები პოლიტიკურად ტურბულენტურ ფაზებს უკავშირდება. მსგავსი გამოხატვა 2023 წელს ნახტომისებურად გაიზარდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის, პრაიდის კვირეულის და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს.

სექსისტური სიძულვილის ენა / გენდერული სტერეოტიპიზაცია

ანგარიშის მიხედვით, სექსისტური შინაარსის შემცველი კომენტარების/პოსტების ყველაზე დიდი წილი როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაში პოლიტიკას უკავშირდებოდა და უმეტესწილად საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს, ასევე, ქალ აქტივისტებს და უფლებადამცველებს მიემართებოდათ. ყველაზე მეტი შემთხვევა კი მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას უკავშირდება და მრუშობით შერცხვენას გულისხმობს.

„გენდერული სტერეოტიპები ამკვიდრებდა აზრს, რომ ქალები ისტერიულები, სექსუალურად დაუკმაყოფილებლები არიან, პოლიტიკოსი ქალების ქცევა გაუწონასწორებელია, ქალის ნდობა არ შეიძლება და საქმე კაცთან უნდა დაიჭირო, ქართველი ქალის ადგილი კი ოჯახშია“.

მედია მონიტორინგის შედეგებით, საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციონერი ქალების, უფლებადამცველების და საპროტესტო აქციების მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით, ანონიმური სახელისუფლებო, გარკვეულ შემთხვევებში კი კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები, ხშირად ვიზუალურ მანიპულაციას იყენებდნენ და დასპონსორებული სახით ავრცელებდნენ.

ჰომოფობია

კვლევის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 3270 ჰომოფობიური კომენტარიდან/პოსტიდან ყველაზე მეტი (2558) ტრადიციულ მედიაში გვხვდება.  
„ჰომოფობიური შინაარსის ზრდა, როგორც რუსული ტიპის აგენტების შესახებ კანონს, ასევე, პრაიდის კვირეულს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის კანონმდებლობას შეეხებოდა“.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჰომოფობიური კომენტარების მთავარ წყაროს სამონიტორინგო ტრადიციული მედია (31,7%) წარმოადგენდა. გზავნილების გავრცელების მხრივ, კი კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის სეზონი ტვ (527) და ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (115) ლიდერობს, რომელთაც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის პოსტვ და გადაცემა პოსტ ანალიტიკა (50) მოსდევს.
 
გენდერული დეზინფორმაცია
 
2023 წელს ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ „მითების დეტექტორი“ 62 გენდერული დეზინფორმაცია გამოავლინა. კვლევის მიხედვით, გენდერული ნიშნით დეზინფორმაციის ყველაზე მეტი შემთხვევა დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული (27), საიდანაც ჰომოფობია (18) დომინირებდა.
„ყველაზე ხშირად გენდერული დეზინფორმაციის და მორალური კრიტერიუმების ნიშნით თავდასხმის სამიზნე დასავლელი პოლიტიკოსები, ასევე, ქართველი ქალი პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული პირები იყვნენ. სამ შემთხვევაში სამიზნე უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა იყო. ერთ შემთხვევაში გენდერული დეზინფორმაციის სამიზნეს საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანიც წარმოადგენდა“.
კვლევა 2023 წლის 1 იანვარიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. მედია მონიტორინგის სუბიექტებად კი შეირჩა იყო როგორც ტრადიციული (12 მედია საშუალება: 7 ტელევიზია, 3 ბეჭდური და 2 ონლაინ გამოცემა), ისე სოციალური მედია, კერძოდ, ფეისბუქის ანგარიშები ( 151 ).
 
კატეგორია - საქართველო
 
მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებული „რუსული კანონის“ პროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მედიაგამოცემებიც მიიჩნევა. ამ ტერმინით ესეთ მედიასაშუალებებად განისაზღვრება: 

  - ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, [რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ] რომელმაც 1 წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.

  - ისეთი მაუწყებელი, რომელმაც  1 წლის  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ბეჭდურ მედია საშუალებას და 1 წლის შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომელმაც 1 წლის განმავლობაში  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი მსგავს მედიასაშუალებებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. მათ საჯარო რეესტრში დარეგისტრირება კანონის მიღებიდან რამდენიმე თვეში მოუწევთ. თავის არიდება ან დადგენილ ვადაში საფინანსო დეკლარაციის არ წარდგენა კი გამოიწვევს ჯარიმას 25 000 ლარით. განსაზღვრულია სხვა ოდენობის ჯარიმებიც. 
 
„რუსული კანონი“ იძლევა პროექტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის შესაძლებლობასაც. მათ შორის ამის საფუძველი შეიძლება გახდეს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი განცხადება კონკრეტულ ორგანიზაციაზე სათანადო მინიშნებით. 
 
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი საკანონმდებლო ორგანოში მეორედ წარადგინა. ამჯერად კანონის პროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ ჩანაცვლდება ფრაზით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ტერმინში - „უცხოური ძალა“ კი იგულისხმება ისეთი ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი და ა.შ. რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

გასულ წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტია ამჯერად მისი მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის თანახმად, კი საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება. 

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - 

იხილეთ ბმული
 
კატეგორია - საქართველო

"ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მფლობელი აღარ არის. მან ტელევიზიის 12 %-იანი წილი მეუღლეს, სოფიო ლილუაშვილს გადაუფორმა. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაარეგისტრირა. 

ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოზიცია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა დ საკუთარი წილის მეუღლეზე გადაფორმების პროცესი დაიწყო. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა.  არხის მსხვილი მეწილეების გადაწყვეტილებით, მასთან ერთად დაინიშნა 2 ახალი დირექტორიც: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია.
საქართველოს კანონით მაუწყებლის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიაში თანამდებობას იკავებდეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად  პოლიტიკური პარტია "ახალი" დაარსა. ამ დრომდე გვარამია პარტიაში არანაირ თანამდებობას არ იკავებს. "ახალი" მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
 
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან: 
კატეგორია - საქართველო

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში გაცემაზე უარის თქმის 100-ზე მეტი შემთხვევა. 

ომბუდსმენს საჩივრებით ძირითადად უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები მიმართავდნენ. მათ განცხადებების ნაწილზე პასუხი კი მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც სახალხო დამცველის აპარატმა ადრესატ უწყებებს შესაბამისი კორესპონდენციითა და განმარტების მოთხოვნით მიმართა. ანგარიშის მიხედვით,  ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან, არაერთ შემთხვევაში, უფლებადამცველ ორგანიზაციებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ.

საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მოძველებულ კანონმდებლობასა  და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის არარსებობას მიიჩნევს. 

„დღემდე არ არის სავალდებულოდ აღიარებული „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია, რომლის მე-8 მუხლი ითვალისწინებს, რომ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ან სასამართლოში ან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში და ეს პროცედურა უნდა იყოს სწრაფი და იაფი“

საანგარიშო პერიოდში ომბუდსმენს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების გამო „პუბლიკას“, „მთის ამბების“ და „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტებმაც მიმართეს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ „ქვემო ქართლის მედიას“ საჯარო ინფორმაცია მაინც არ მიაწოდა. 

 
კატეგორია - საქართველო


„ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიცირებული „რუსული კანონის“ შესახებ დამოუკიდებელი ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა საერთო განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, კანონის მიღების მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე და იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და დაპირებების შეუსრულებლობაში.
ონლაინ მედიის განცხადებით, ეს ხელისუფლების მორიგი ტყუილი და წინასაარჩევნო გადადგმული ანტიევროპული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს დასავლურ მომავალს ასამარებს. „რუსული კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩა, განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.“
მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსული კანონის მიღებას ბოლომდე გაუწევენ წინააღმდეგობას და „ქართულ ოცნებას“ თავისუფლებაზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. „რუსული კანონი“ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელსაც წარადგინა, თუმცა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე კანონპროექტი უკან გაიწვია. ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა.
„რუსული კანონი“ ქვეყანაში მოქმედ თავისუფალ მედიასაც შეეხება. პროტესტი - „არა რუსულ კანონს" 2023 წელს სწორედ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დაიწყეს.

 
კატეგორია - საქართველო

მმართველი პარტია „რუსულ კანონს“ პარლამენტში მეორედ წარადგენს. „ქართული ოცნება“ ამჯერად მის მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 

„ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული“.

მდინარაძის განმარტებით, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ზუსტად იმავე ტექსტით დაინიცირდება. შეიცვლება მხოლოდ ტერმინი „უცხოური აგენტი“. ის ჩანაცვლდება ფრაზით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 

„რუსული კანონი“ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელსაც წარადგინა, თუმცა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე კანონპროექტი უკან გაიწვია. ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა.

„რუსული კანონი“ ქვეყანაში მოქმედ თავისუფალ მედიასაც შეეხება. პროტესტი - „არა რუსულ კანონს" 2023 წელს სწორედ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დაიწყეს.



ფოტო: publika.ge
კატეგორია - საქართველო


საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი მედიის მდგომარეობასაც აანალიზებს. 

დოკუმენტის თანახმად, გამოწვევას წარმოადგენს გამოხატვისა და მედიის თავისუფლების საკითხები და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. 

ომბუდსმენის შეფასებით, ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.

386-გვერდიან ანგარიშში გამოხატვის თავისუფლებას რამდენიმე თავი ეთმობა. მასში საკანონმდებლო დონეზე გასატარებელ რეკომენდაციებთან ერთად, საუბარია 2-9 მარტის პერიოდში ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების დაშავებისა თუ მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე, საგამოძიებო უწყებების რეაგირებასა და პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალ წესზე. 

2023 წელს მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისა და დაცულობის გამოწვევების მიმოხილვისას ომბუდსმენი წერს:  

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და ძალადობის მუქარის შემთხვევები, არის სერიოზული ხარვეზები ამ დანაშაულების გამოძიებისა და დევნის კუთხით. იმ საქმეებშიც კი, რომლებშიც ხდება სასჯელის შეფარდება, ხშირად გამოყენებულია მსუბუქი სასჯელი."

ანგარიში მიუთითებს მაღალი დონის არჩეული პოლიტიკოსების მიერ, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, მედიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და სიძულვილის დაგმობის საჭიროებაზე. 

გასულ წელს ჟურნალისტებს მუშაობა შეეზღუდათ პარლამენტში. ეს ფაქტი მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშშიც: 

„ჟურნალისტებს მათთვის სასურველი შეკითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის მიწოდების შესაძლებლობა, გარკვეულ შემთხვევაში, მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიაზე შეუძლიათ. ჟურნალისტებისთვის მსგავსი შესაძლებლობის შენარჩუნება კრიტიკულად აუცილებელია, რათა შეასრულონ „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, რაც მედიის ფუნქციაა“.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, გაუმართლებელია საკანონმდებლო მოთხოვნა ჟურნალისტების მიერ საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების თაობაზე. შეფასებულია ტერმინი „ჟურნალისტიც“.

„საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ცნებამ უნდა მოიცვას ყველა, ვინც რეგულარულად ან პროფესიულად არის ჩართული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მოგროვებასა და გავრცელებაში მასობრივი კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით“.

სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციით, ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოსაძიებლად, ყველა სამართალდამცველი უწყებისთვის კონკრეტული და დეტალური სახელმძღვანელო მითითებები უნდა შემუშავდეს.

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მედიის წარმომადგენლებთან ერთად და შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითებები შეკრებების, მანიფესტაციების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების მედიაგაშუქების შესახებ; 

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიში - https://ombudsman.ge/res/docs/2024040116015759558.pdf 

კატეგორია - საქართველო
 
 
"მთავარი არხი" ტელეკომპანიის მიერ გრანტის მიღებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით პასუხობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ არხს სხვადასხვა საერთაშორისო დონორისთვის არაერთხელ მიუმართავს. თანამშრომლობის მიზანი კი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება და დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა. 

„ეს არის თავად ხელისუფლების მიერ გამოგონილი სრული სიცრუე, რაც მარტივად ამოსაცნობია: ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებსა თუ სტატიებში არ არის მოყვანილი არცერთი ირიბი მტკიცებულებაც კი მსგავსი ბრალდების გასამყარებლად - არც სიტყვიერი, არც დოკუმენტური. ხელისუფლებისა და სამთავრობო არხების მხრიდან განზრახ ტყუილის გავრცელება არის იმ „რუსული კანონის“ ოპერაციის გაგრძელება, რომელიც გასული წლის მარტში, ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად, ხელისუფლებამ ვერ გაიტანა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში ტელევიზიის მიერ გრანტის აღება დაადასტურა და განმარტა, რომ ის მიზნობრიობის გარეშე მედიამხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი.  

31 მარტს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ "მთავარი არხისთვის " გრანტის დამტკიცებაზე ისაუბრა და ის ქვიარ თემის მხარდაჭერას დაუკავშირა.
 
კატეგორია - საქართველო


ნიკა გვარამიას „მთავარი არხის“ 12 %-იანი წილის მეუღლისთვის გადაფორმების პროცესი შეჩერებულია. გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, გადაფორმების პროცესის შეფერხებას საკანონმდებლო საფუძველი არ აქვს და ხელოვნურად ჭიანურდება, რაც სავარაუდოდ, მის პოლიტკიურ საქმიანობას უკავშირდება. საძაგლიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით მოთხოვნილი კონსოლიდირებული სადამფუძნებლო შეთანხმებაც შეიტანა. მისი თქმით, თუ რეესტრი განხილვაში ამ დოკუმენტსაც არ მიიღებს, მაშინ საქმეს უკვე სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ჩვენი წესდებით, პარტნიორთა [90% წილის] თანხმობაა საჭირო, რაც გავითვალისწინეთ წინა კრების ოქმში. დირექტორი რო შევიცვალეთ, იქვე თანხმობა გავაცემინეთ სხვა პარტნიორებს. ეხლა შემიჩერეს წარმოება და ისევ თავიდან ყველა პარტნიორის ხელმოწერით სადამფუძნებლო შეთანხმებას და წესდებას ითხოვენ“.
დიტო საძაგლიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „მთავარი არხის“ წილის ცვლილების მოთხოვნით 13 მარტს მიმართა. ნიკა გვარამიამ კი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციის დატოვების განცხადება 2024 წლის 27 თებერვალს დაარეგისტრირა. თანამდებობის დატოვებასთან ერთად, გვარამიამ "მთავარი არხის" საკუთარი 12%-იანი წილის მეუღლეზე - სოფო ლილუაშვილზე გადაფორმების პროცესი დაიწყო. მის ნაცვლად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა. არხის მსხვილი მეწილეების გადაწყვეტილებით, მასთან ერთად დაინიშნა 2 ახალი დირექტორიც: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია.
საქართველოს კანონით მაუწყებლის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიაში თანამდებობას იკავებდეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად პოლიტიკური პარტია "ახალი" დაარსა. ჯერჯერობით ის პარტიაში არანაირ თანამდებობას არ იკავებს. "ახალის" გუნდი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

კატეგორია - საქართველო

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტებს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

მედიის ხუთივე წარმომადგენელი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნეს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სამი ჟურნალისტი კი - 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციითაც, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ითვალისწინებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, 2024 წლის 23 იანვარს კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრები მარინა ხატიაშვილისა და მისი ოჯახის გამოსახლების პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტებს: ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს, რატი რატიანს, ზაზა ქარჩილაძეს და გიორგი არობელიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ. სამართალდამცავების მხრიდან გამოიკვეთა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ერთ-ერთ მათგანს არაერთხელ წაართვეს მობილური ტელეფონი. დაზიანდა მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ძვირადღირებული კამერა და ტელეფონის დამჭერიც. თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდა სამკერდე ნიშანი, რომლითაც შესაძლებელი იყო მათი, როგორც ჟურნალისტების იდენტიფიცირება.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა 2024 წლის 28 თებერვალს მოითხოვა.

კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებას. სასამართლომ ტელეოპერატორ გიორგი ჯიბღაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. ზუკა გუმბარიძის თქმით, „ფორმულა“ დავას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს.

2023 წლის დასაწყისში ტელეკომპანია „ფორმულას“ 25 ოპერატორი გაიფიცა და ხელფასების მომატებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებდნენ, არაადეკვატური იყო. რამდენიმე დღეში ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ყველა მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. გარკვეული ხნის შემდეგ კი, ტელეოპერატორების უმეტესი ნაწილი, მოლაპარაკებების შედეგად, სამსახურში აღადგინა.

გიორგი ჯიბღაშვილმა, რომელიც სამუშაო ადგილზე არ დააბრუნეს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით, სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, უკანონოდ ცნო „ფორმულას“ ბრძანებები ჯიბღაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და ტელეკომპანიას ოპერატორისათვის, გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კომპენსაციის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 14 მარტის განცხადებით, ორგანიზაცია გიორგი ჯიბღაშვილის ინტერესების დაცვას, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ინსტანციებშიც გააგრძელებს.

მთავარი ფოტო: გიორგი ჯიბღაშვილის Facebook გვერდიდან 

კატეგორია - საქართველო
ორგანიზაცია “მედიახმამ” ჩაატარა კვლევა — მედიაგარემო 2023: გამოწვევები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს საქართველოში. როგორც ავტორები ამბობენ, კვლევის მიზაბია, აღწეროს და შეაფასოს 2023 წელს საქართველოს მედიაგარემო და გამოკვეთოს საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც გავლენას ახდენს მედიაზე.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოში არსებობს როგორც რეალური, ასევე ე.წ. ცრუ/ილუზორული პოლარიზაცია;
  • ცრუ და ილუზორული პოლარიზაციის შედეგად, მედიის დღის წესრიგიდან ხელოვნურადაა განდევნილი ის თემები, რომლებიც საზოგადოებას აღელვებს;
  • პოლარიზაცია მოქმედებს ჟურნალისტურ წყაროებზეც და ვლინდება მათ თვითცენზურაში — პოლარიზაციის სხვადასხვა მხარეს მყოფ მედიას ერთი და იგივე რესპონდენტები სხვადასხვანაირად ესაუბრებიან;
  • პოლიტიკური პოლარიზება ამცირებს მედიაორგანიზაციებს შორის სოლიდარობას და საზოგადოებაში ჟურნალისტის პროფესიისადმი ნდობას;
  • მედია მხოლოდ კი არ აშუქებს/აირეკლავს პოლიტიკურ პოლარიზაციას, არამედ თავადაა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და მხარე, რომლისგანაც “მტრის ხატი” იქმნება; გაუარესდა მდგომარეობა ჟურნალისტების უსაფრთხოების და მათი დაუცველობის თვალსაზრისით;
  • ჟურნალისტები არ არიან მზად 2024 წელს ელექტრონული წესით არჩევნების პროცესის გაშუქებისთვის;
  • განსაკუთრებით გააქტიურდა ტროლ-ბოტების რესურსის მიზანმიმართული გამოყენება რუსული დეზინფორმაციის ტირაჟირებისთვის;
  • დამოუკიდებელ მედიაში ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკური პოლარიზაციაა;
  • ხალხის მხრიდან მედიისადმი სოლიდარობისა და ნდობის ნაკლებობაა — მედიის დღის წესრიგი თავად დაშორდა ხალხსა და მის პრობლემატიკას, მედია აღარაა საზოგადოებისთვის პრობლემების მოგვარების ხიდი.
პოლარიზაცია:

როგორც კვლევაშია აღნისბული, პოლარიზაცია აზიანებს როგორც მედიაგარემოს, ასევე საზოგადოებას. გარდა ამისა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის “მხარდაჭერილი” პოლარიზაცია, იწვევს მათი მხრიდან მედიასაშუალებების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო ლოიალურად ან კრიტიკულად განწყობილი.

“ეს ქმნის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემას ცალკეული მედიასაშუალებისთვის, რადგან “ე.წ. ოპოზიციურ მედიაში ისმის მხოლოდ ოპოზიციის ხმა, ხოლო ე.წ. სამთავრობო მედიაში — მხოლოდ მმართველი პარტიის”.

ჟურნალისტური საქმიანობის გამოწვევები: კანონის ინსტრუმენტალიზაცია მედიის წინააღმდეგ

ამ მიმართულებით გამოყოფილია ის ცვლილებები და არა მხოლოდ, რასაც 2023 წელს უარყოფითი გავლენა ქონდა მედიაზე. მათ შორისაა:


კვლევის ავტორების თქმით, მმართველი პარტიის მიერ მედიის წინააღმდეგ კანონის ინსტრუმენტალიზაცია საშიში ტენდენციაა — “მიუხედავად ნიკა გვარამიას შეწყალებისა, მედიაგარემოში დარჩა მნიშვნელოვანი საფრთხეები და გამოწვევები, ისეთი, როგორიცაა მარეგულირებლის გაზრდილი უფლებამოსილება და ამ კონტექსტში, სიძულვილის ენისა და უხამსობის რეგულირება”.

რეკომენდაციები

კვლევის მიხედვით, მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია აქტორების კოორდინირებული და სისტემური მუშაობა, როგორც პოლარიზაციის შესამცირებლად, ასევე არჩევნების გაშუქებისა და რუსულ დეზინფორმაციასთან გამკლავების პროცესში.

  • კვლევას თან ერთვის რეკომენდაციები მმართველი პარტიისთვის, მედიისთვის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნების გაშუქება, პოლარიზაციის შემცირება, ჟურნალისტების უსაფრთხოება.