საქართველო
კატეგორია - საქართველო


"საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2024 წლის პირველი სამი თვის ანგარიშით, სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული I კვარტლის მთლიანი ბიუჯეტი 50 968 379 ლარი იყო, ამავე პერიოდში გაწეულმა ხარჯმა კი 22 732 423 ლარი შეადგინა. 

"პირველი არხის" განმარტებით, სხვაობა - 28 მლნ. 235 ათასი ლარით ნაკლები ჯამური საკასო ხარჯი ძირითადად  საინვესტიციო ხარჯის სხვაობით არის გამოწვეული. 




შრომის ანაზღაურება


„საზოგადოებრივმა მაუწყებლმა“ 2024 წლის I კვარტალში შრომის ანაზღაურებაზე 8 084 221 ლარი დახარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი - 2 738 208 ლარი "ახალი და მიმდინარე ამბების" ბლოკზე მოდის. 





Მივლინება


Რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, 2024 წლის იანვარ-მარტის ბიუჯეტით განსაზღვრული 326 290 ლარი იყო, ფაქტობრივმა სამივლინებო ხარჯმა კი 213 015 ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილთან შედარებით 31 474 ლარით ნაკლებია.




საინვესტიციო ხარჯები

2024 წლის I კვარტლის განმავლობაში მაუწყებელს 5 268 287 ლარის კაპიტალური ხარჯი ჰქონდა.




კომერციული შემოსავლები


2024 წლის იანვარ-მარტში „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" საკუთარი სახსრებით 2 402 737 ლარი მოიზიდა. 



კატეგორია - საქართველო


5 ივნისს ონლაინ მედიამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრის, ბუდუ ზივზივაძის „ჯაფარას პოდკასტში" ნათქვამთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქარდი გაავრცელა. 

„ჯაფარას პოდკასტში“ სტუმრობისას ზივზივაძემ სხვა საკითხებთან ერთად „სპორტსა და პოლიტიკაზეც“ ისაუბრა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებით გამოყენება შეაფასა. 

მოგვიანებით, ზოგიერთმა ონლაინ მედიასაშუალებამ სოციალური ქსელებიდან ფეხბურთელის სიტყვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ქარდები წაშალა და განმარტება გაავრცელა. 



ზივზივაძესთან ინტერვიუს შესაბამისი ნაწილი წარწერით - "მონაკვეთი ამოღებულია სტუმრის თხოვნით“ ამოიჭრა „ჯაფარას პოდკასტიდანაც“.


მედიის არჩევანი - რატომ წაშალა და დატოვა მედიამ ზივზივაძის ქარდები 


"ტაბულა" ერთ-ერთი ის მედიასაშუალებაა, რომელმაც ფეხბურთელის ციტატა საკუთარი გვერდიდან წაშალა. გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ლევან სუთიძემ  ეს გადაწყვეტილება "მედიაჩეკერთან" ასე განმარტა:

„პირველ რიგში, წაშლის გადაწყვეტილება არ მიგვიღია ვალდებულების განცდით. გაშუქება იყო სრულიად ლეგიტმური. საპირისპიროს არც ციტატის ავტორი ამტკიცებდა.

ჩვენ მას კეთილსინდისიერად განვუმარტეთ, რომ სოციალური მედიიდან პოპულარული პოსტის წაშლა ამბის მიმართ მხოლოდ მეტი ყურადღების მობილიზებას იწვევს. ასევე ისიც, რომ წაშლა მხოლოდ სიმბოლური აქტია - ქარდი ჩამოწერილი და გაზიარებული ჰქონდა მრავალ ადამიანს.

წაშლის გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ ამ განმარტებების მიცემის და, ასევე, მას მერე, რაც ბუდუ ზივზივაძისგან მივიღეთ ნებართვა, რომ "ტაბულას" მკითხველი ინფორმირებული იქნებოდა წაშლის მიზეზების შესახებ. ჩვენ წაშლიდან რამდენიმე წუთში გამოვაქვეყნეთ განმარტება, რომელიც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით საზოგადოებისთვის ინფორმირებისთვის არანაკლები მნიშვნელობის დინამიკას აჩვენებდა.

არსებობდა ორი საჯარო ინტერესი - მათგან ერთი იყო ევროპის ჩემპიონატი, რასაც თავად ბუდუ ზივზივაძე ასახელებდა თხოვნის მიზეზად. ჩვენ ამ ინტერესის დაცვაც ვცადეთ.

საბოლოოდ საზოგადოება მეტად ინფორმირებული დარჩა,“ - განაცხადა სუთიძემ.

ბუდუ ზივზივაძის სიტყვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ქარდი წაშალა „პუბლიკამაც“. გამოცემის დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის თქმით, მედიასაშუალებამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის თხოვნის საფუძველზე მიიღო. 

„წაშლის გადაწყვეტილების საფუძველი თავად ფეხბურთელის თხოვნა გახდა. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს საჯარო და ფეხბურთელის პირადი ინტერესი დავუპირისპირეთ და გადაწყვეტილება ისე მივიღეთ. უბრალოდ, როდესაც ადამიანი თვითონვე გამოხატავს სურვილს, რომ თავისივე ნათქვამი არ იყოს გავრცელებული და ეს ადამიანი, ამ დროს, არ არის პოლიტიკოსი და არც ისეთი ფიგურა, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თემატიკასთან, ჩავთვალეთ, რომ მისი თხოვნის გათვალისწინება შეგვეძლო.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით თავად ფეხბურთელისთვის რაიმე კრახი მოხდა. თუ  მისი მიზანი იყო, რომ ეს ციტატები და ინფორმაცია გამქრალიყო ინტერნეტსივრციდან, ეს შეუძლებელია. ჩვენ, უბრალოდ, გავითვალისწინეთ მისი ინტერესი. არ ვფიქრობ, რომ მისი და საჯარო ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ფეხბურთელის ინტერესზე,“ - აღნიშნა ვარდიაშვილმა.

იმ მედიასაშუალებებს შორის, რომლებსაც ზივზივაძის სიტყვები არ წაშალეს, არის „ნეტგაზეთი“. გამოცემის მთავარი რედაქტორის, ნესტან ცეცხლაძის განმარტებით, კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით "ნეტგაზეთს" საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა და მათი ეს გადაწყვეტილებაც ამ პრინციპს ეფუძნება. 

„ჩვენთვის უშუალოდ ბუდუს არ მოუმართავს. ჩვენ მოგვმართმა ბუდუს დამ, მაგრამ ოჯახის წევრი ამ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის არგუმენტი. კონტენტის წაშლასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობთ და ამ პრინციპს ეფუძვნება ჩვენი გადაწყვეტილებაც.

ფეხბურთელის ინტერესი ჩვენთვის არ ყოფილა ცხადი, რა არგუმენტით სურდა მას წაშლა. როგორც გითხარით, ჩვენი რედაქციისთვის უშუალოდ ბუდუს არ მოუმართავს. ჩვენი სარედაქციო წესებითა და პოლიტიკით, კონტენტს ვშლით იმ შემთვევაში, თუ ეს კონტენტი არასწორია, მყისიერ საფრთხეს უქმნის ამა თუ იმ ადამიანს და ა.შ. მაგრამ ამის შემდეგაც, წესის მიხედვით, რადგან ანგარიშვალდებული ვართ ჩვენი მკითხველისა და აუდიტორიის წინაშე, ვაკეთებთ განმარტებას, თუ რატომ წაიშალა აღნიშნული კონტენტი. 

ამის გამოცდილება გვაქვს და თუკი საჭიროება დადგება ნებისმიერ ადამიანთან ან კონტენტთან დაკავშირებით, ამ წესებით ვხელმძღვანელობთ. ანალოგიურად იქნებოდა ბუდუს შემთხვევაშიც - განვიხილავდით რა არგუმენტი ჰქონდა, რამდენად საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის, რომ მიგვეღო წაშლის გადაწყვეტილება და შემდეგ ამაზე ჩვენი მკითველი, რომლისთვისაც ვმუშაობთ, ჩაგვეყენებინა საქმის კურსში,“ - უთხრა "მედიაჩეკერს" ცეცხლაძემ.


კონტენტის წაშლის და არ წაშლის სტანდარტი - მედიაექსპერტების შეფასება


ზვიად ქორიძის შეფასებით, ონლაინ მედიის სტანდარტი, რომ მას რაც აღარ მოუნდება, გაანადგუროს, პრინციპულად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რესპოდენტს თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი, რომ ის გააქროს.

„თუ მე ვაქვეყნებ ინტერვიუს და ამ ინტერვიუში დავუშვი შეცდომა, ვალდებული ვარ, შეცდომა გავასწორო და მივუთითო, რატომ ვასწორებ და რა ტიპის შეცდომა დავუშვი. მკითხველს აქვს იმის უფლება, იცოდეს ეს ინფორმაცია და არა რესპოდენტს. რესპოდენტმა თავისი სამუშაო დაასრულა მაშინ, როცა მან ინტერვიუ მისცა. ამის შემდეგ მას ამ ინტერვიუზე წვდომის უფლება არ აქვს“.

ქორიძის თქმით, თუ ჩვენ ამ მიდგომას წავახალისებთ, ამით ხელს შევუწყობთ იმ მახინჯ ზომასა თუ სტანდარტს, რომ როცა ვიღაცას ინტერვიუ არ მოუნდება, ის წაგვაშლევინოს.

„ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს განცხადება, მაგრამ იძულებით ვერავინ აიღებდა ინტერვიუს ბუდუ ზივზივაძესგან და მან თავისი მოსაზრება ღიად გამოთქვა.

ინტერვიუს გამოქვეყნებამდე და არც შემდეგაც, მას არ ჰქონია პროტესტი. ბუნებრივია, საზოგადოების რეაქცია ამ ინტერვიუს მიმართ იქნებოდა, ეს გარდაუვალია, რადგან თემები, მოსაზრებები შეეხებოდა ძალიან აქტუალურ საზოგადოებრივ საკითებს, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ერთობა ქვეყანაში არ არის, ამიტომ ვიღაცას ეს ინტერვიუ ძალიან მოეწონებოდა, ვიღაცას ძალიან არ მოეწონებოდა.

აქ ვითარების განმუხტვის მექანიზმი არ არის აღნიშნული ინტერვიუს გაქრობა. მას ვერ გააქრობ. ვინაიდან ის გავიდა საჯარო სივრცეში, ის ხდება საზოგადოების საკუთრება."

როგორც მედიაექსპერტი „მედიაჩეკერთან საუბრისას“ ამბობს, თუ რა მოჰყვებოდა ბუდუ ზივზივაძის კომენტარს, ყველაზე კარგად თავად ფეხბურთელმა იცოდა და ის ამ კომენტარს არ გააკეთებდა, მას რომ ეს არ ნდომოდა.

„შემდეგ, როდესაც ვიღაც შეწუხდა და ჩაერია ამ საქმეში, ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს რეპლიკა და გადაწყვიტა, რომ აღნიშნული ინტერვიუ გამქრალიყო. აქ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ ვანხორციელებთ ცენზურას. მათ შორის, თუ ბუდუ პირადად უკავშირდება და ეუბნება, რომ ეს ინტერვიუ აიღე, მას ეს უფლება არ აქვს, ვინაიდან მან ეს ინტერვიუ უკვე მისცა და ეს არის მედიის და მომხმარებელი უფლებამოსილია, ეს ინტერვიუ ნახოს…ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ვინაიდან ასე, შეიძლება, ხვალ რომელიმე ონლაინ მედიასაშუალებამ ინტერვიუ ჩაწეროს პრემიერთან ან პარლამენტის თავმჯდომარესთან, შემდეგ მივიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და თქვას, რომ ეს ინტერვიუ, რომელიც მან მისცა, არის რეზონანსული, საზოგადოებრივი რეაქციები ისეთია, რომელიც მას არ მოსწონს და მოდი, ავიღოთ ეს ინტერვიუ და შენც აიღებ ამ ინტერვიუს. ამ შემთხვევაში, რა პოზიცია უკავია ამ ადამიანს, რა მნიშვნელობა აქვს. ის საჯარო ადამიანია, მან თავისი მოსაზრება გამოთქვა“.

ქორიძის თქმით, მან ვერსად ვერ ნახა ბუდუ ზიბზივაძის მკაფიოდ გამოხატული ნება, რომ მას სურდა, რომ ეს ინტერვიუ აღებული ყოფილიყო და თუ მან ამ ინტერვიუს აღება მოითხოვა, მაშინ სად არის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

„თუ ბუდუ ამას სხვა გარემოებების გამო ითხოვს, მაშინ ეს არის დამატებითი საფუძვლები იმისა, რომ ჟურნალისტმა კვლევა და გამოძიება ჩაატაროს, რაშია საქმე და როგორ შეიძლება ადამიანი იდევნებოდეს მისი თავისუფალი მოსაზრების გამო…მე ჩვენს პროფესიულ ვალდებულებებზე ვსაუბრობ. ჟურნალისტმა არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გამოამჟღავნოს მომხმარებლის, აუდიტორიის მიმართ, რომლისთვისაც მან ინტერვიუ აიღო და შემდეგ გააქრო. ანუ, მან ჩათვალა, რომ სამუშაო, რომელიც გასწია მომხმარებლების ინტერესების დასაკმაყოფილებლად, შემდეგ ეს ინტერესები სრულიად უგულვებელჰყო, სრული იგნორირება გაუკეთა აუდიტორიის ამ სურვილებს და დაუმალა მათ ეს ინტერვიუ. ეს არ არის ჟურნალისტური სტანდარტი“.

მედიაექსპერტის შეფასებით, ის ჟურნალისტისა და რედაქტორის პროფესიულ საქმიანობას განიხილავს და მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება აუდიტორიის მიმართ არ შეიძლება.

„ეს არის ინტერვიუ, რომელიც ამ ადამიანმა აბსოლუტურად საღ გონებაზე, საღი გადაწყვეტილებით მისცა ჟურნალისტს და მას არ აქვს არავითარი უფლება ეს ინტერვიუ გააქროს. ეს რომ არ იყოს საჯარო პირი და არასაჯარო პირის რაიმე კომენტარი იყოს ჩაწერილი, მაშინ შეიძლება, სხვადასხვა კრიტერიუმით ვიხელმძღვანელოთ“.

მედიის ექსპერტი, ნინო დანელია კი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან ცენზურის გამოყენებაზე ამახვილებს. 

„მთავარი ამბავი ისაა, რომ ჩვენი ფეხბურთელები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, უნდა სარგებლობდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით და ცხადია, უნდა იცხოვროს ქვეყანაში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და სრულიად დაუშვებელია ცენზურა, არა თუ სიმართლის და მართალი სიტყვის, რაც ბუდუს შემთხვევაში იყო, არამედ სრულიად მიუღებელი აზრისაც კი.

ის რაც ახლა მოხდა, არის უბრალოდ კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი იმის, რომ სახელმწიფო იყენებს ცენზურას. ამ შემთხვევაში, ეს ცენზურა სრულიად უკანონოა და არღვევს მედიის თავისუფლებასაც და მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებასაც - თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი“.

როგორც დანელიამ აღნიშნა, ეთიკა არის ისეთი წესებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომელთა დაცვის შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და თითოეულმა მედიაორგანიზაციამ გადაწყვეტილება სწორედ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რაც პროფესიაში არსებობს და რა კონტექსტშიც უწევს ამა თუ იმ მედიაორგანიზაციას მუშაობა, თავად უნდა მიიღოს. 

„ჩვენ თუ შევხედავთ, როგორია ჩვენი მუშაობის კონტექსტი, აქვე შეგვიძლია, გავიხსენოთ პრინციპი - არ ავნო, რომელიც მედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებს წინ აქვთ მატჩი და მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის ჩემპიონატი, ეს კონტექსტიც გასათვალისწინებელია".

მედიაექსპერტის თქმით, ბოლო თამაშმა ანახა, რომ მთელი ქვეყანა ერთ გუნდად გადაიქცა და ეს იყო ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. დანელიას შეფასებით, ამ თამაშსა და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას პოლიტიკურ-სპორტული კონტექსტი მიეცა.

"იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ადამიანს წინ აქვს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან ლოგიკური მგონია, რომ რიგმა მედია ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, აეღოთ მისი თხოვნის შემდეგ ინტერვიუს ეს ნაწილი.

ასევე, ძალიან კარგად მესმის იმ მედიის გადაწყვეტილება, რომელმაც ეს არ გააკეთა. როდესაც ადამიანი არის საჯარო პირი, საზოგადოებრივი ინტერესი მის მიმართ ძალიან მაღალია. მითუმეტეს, მან თქვა ისეთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

სწორედ ამ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მედია ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ არ აეღო უკვე ნათქვამი და რასაკვირველია, ეს არ არის ეთიკის ნორმების დარღვევა.

რომ შევაჯამოთ, აქ არის ორი პრინციპის ერთობლიობა. მედიაორგანიზაცია რომელს მიანიჭებს უპირატესობას, იმის მიხედვით მიიღებს სარედაქციო გადაწყვეტილებას და ორივე შემთხვევა აბსოლიტურად მისაღებია პროფესიულადაც და პრინციპიდან გამომდინარეც,“ - აღნიშნა ნინო დანელიამ "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით, ონლაინ მედიამ მასალა უნდა წაშალოს:


  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს.
  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს.
  • მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
  • თუკი მომდევნო დღეებში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რაც არსობრივად ცვლის წინა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, უმჯობესია ცალკე მომზადდეს ახალი მასალა, უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ცხადად მიეთითოს ბმული და გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ.
კატეგორია - საქართველო



"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 ვაკანტურ პოზიციაზე პარლამენტმა 11 განცხადება მიიღო. 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა 3 წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული მეურვეები არიან.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები

მეურვეობის მსურველი 11 კანდიდატიდან 3 "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი, 2 კი - "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მრჩეველთა საბჭოს წევრი ერთხელ უკვე იყო. 

მეორედ მეურვეობა სურთ მიხეილ ჩიკვილაძეს,  გიორგი იაკობაშვილს, იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და თამარ წილოსანს. 

მიხეილ ჩიკვილაძ 2014 წლიდან დღემდე თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორია, მას მასწავლებლად მუშაობის 34-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩიკვილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი 2019-2024 წლებში იყო. 

1987-1989 წლებში მიხეილ ჩიკვილაძე მე-6 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, მუშაობდა. მაღლაფერიძე ამჟამად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. 

მიხეილ ჩიკვილაძე პარლამენტისთვის წარდგენილ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცენფციაში "პირველ არხზე" არასაკმარისად არსებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით გადაცემებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„გაუნათლებლობასთან ბრძოლა, ნამდვილად არის ის უმთავრესი ფუნქცია, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იკისროს“- წერს ჩიკვილაძე.

მარინა გიორგაძე 2007 წლიდან საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომელია. ამჟამად ის დეპარტამენტის პრესცენტრის წამყვანი სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

დონარა (დოდო) შონავა  1977-2018 წლებში "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელი იყო სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე, აგრეთვე რადიოშიც. დოდო შონავამ სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობა უკვე 6-ჯერ მიიღო, ის მეურვედ არც ერთხელ არ აირჩიეს. „ყველაზე ნაკლები იმედი ახლა მაქვს, მაგრამ პრინციპის საკითხია. ჩემს თავს, ცხადია, მხოლოდ ომბუდსმენის კანდიდატად მოვიაზრებ და ახლა არჩევანი მხოლოდ მასზეა“, - განაცხადა შონავამ "მედიაჩეკერთან" საუბრისას. 

გიორგი იაკობაშვილი 2010 წლიდან საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. ის "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი 2017-2020 წლებში  ერთხელ უკვე იყო. იაკობაშვილი მის მიერ წარმოდგენილ მაუწყებელის განვითარების კონცეფციაში დიდ ადგილს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) განხილვას უთმობს და წერს: „არათუ ჩვენთან, ალბათ, ბრიტანეთში და სხვაგანაც არსებობს საშიშროება თუ არა, ცდუნება მაინც პოლიტიკოსებისათვის, რომ რაღაც ფორმით ჩაერიოს (მინიმუმ აკონტროლოს) გარკვეული პროცესები მაუწყებელში და მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ესეც უნდა იყოს - მუდმივი “ანტაგონიზმი“ (ცხადია, ამ სიტყვას შეგნებულად ვწერ ბრჭყალებში) პოლიტიკოსებთან სწორედ ამ საკითხში.“

იაკობაშვილი პირველად სამეურვეო საბჭოს წევრი "ქართული ოცნების" კვოტით გახდა.

"მედიის განვითარების ფონდის" ინფორმაციის მიხედვით, For.ge-ის პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა აქვს და ამასთანავე, სხვა გამოცემებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ და ასევე, სხვა არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული.

იზაბელა ოსიპოვა 5-წლიანი სამეურვეო საბჭოს წევრობის შემდეგ, (2018-2024წწ)  კონკურსში მონაწილეობას ისევ იღებს. ოსიპოვა სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანია. ის სამეურვეო საბჭოს წევრი 2018 წელს, სწორედ, სახალხო დამცველის კვოტით გახდა.

იზაბელა ოსიპოვა წარდგენილ კონცეფციაში წერს, რომ 3 წელიწადში ერთხელ შექმნილ პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტს, ყოველწლიური პრიორიტეტების დოკუმენტიც უნდა დაემატოს, სადაც იმ წლის გამოწვევები და მოთხოვნები იქნება ასახული. ოსიპოვა აღნიშნავს, რომ ბორდის წევრად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და მხარს დაუჭერს ისეთ საკითხებსა და თემებს, როგორიცაა: საქართველოს  ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია/გაწევრიანების პოპულარიზაცია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო თანამშრომლობა. 

ოსიპოვამ "მედიაჩეკერს" კითხვაზე - ფიქრობს თუ არა ის, რომ ისევ ომბუდსმენის კანდიდატი იქნება, უპასუხა, რომ: “მე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს კონკურსში ბევრჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული, უმრავლეს შემთხვევაში ვერ გავედი და ერთხელ 2018 ამირჩიეს. მე არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ  წინასწარ არასდროს არ ვიცოდი და წარმოდგენა არ მქონდა, ვისი კვოტით გავიდოდი და ამირჩევდნენ საერთოდ თუ არა. ამ საკითხზე წინასწარ არასდროს მქონია ვინმესთან საუბარი, ამ ჯერზეც ზუსტად ასეა. მე წარმოვადგენ ჩემს პროგრამას, ჩემს ხედვას და დანარჩენი უკვე ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ პროცესში, იმ ადამიანების გადასაწყვეტია.” 

გიორგი ლაზრიშვილი  მათემატიკოსია. ის 2017-2024 წლებში "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ტელესკოლის გადაცემას - „ცვანციკას ონლაინ გაკვეთილები“ უძღვებოდა. ლაზრიშვილი მათემატიკის მასწავლებლად იმავე მე-6 სკოლაში მუშაობდა, სადაც სამეურვეო საბჭოს ამჟამინდელი წევრი გია მურღულია, თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და ყოფილი წევრი და ამჟამინდელი კანდიდატი მიხეილ ჩიკვილაძე. 

გიორგი ლაზრიშვილი მაუწყებლის განვითარების კონცენფციაში წერს: „"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ფინანსდება სახელმწიფოსგან, ანუ ხალხისგან და დაუშვებელია, მეტიც დანაშაულია, იგი სრულად არ ასახავდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ყველა მოქალაქის ინტერესს ფსოუდან წითელ ხიდამდე. ოპერატიულად და მიუკერძოებლად“. 

ემზარ დიასამიძე 2013 წლიდან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. 2012 წლამდე ის არაერთი მედია საშუალების, მათ შორის „ბათუმელების“, გაზეთ „24 საათის“, ტელეკომპანია „მე-9 არხის“ თანამშრომელი იყო. დიასამიძე არა ერთი ჯილდოს მფლობელია, რომელთა უმეტესობა მას ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრისათვის გადაეცა.  

ფირუზ ბოლქვაძე - "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" ადამიანური რესურსების მენეჯერი და გადაცემა “მთავარი ეკონიმიკაში” ავტორი, წამყვანი და პროდიუსერია. ბოლქვაძის “საზოგადოებრივი მაუწყებლობის" განვითარების კონცეფცია 22-გვერდიანია და მასში თითოეული პრობლემა და მათი მოგვარების გზებია განხილული. 

სოსო სტურუა პროფესიით ჟურნალისტი და არა ერთი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ავტორია. ის 1993 წლიდან აჭარის ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2019-2023 წლებში კი "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. სწორედ მისი წევრობის პერიოდში აირჩიეს გენერალურ დირექტორად გიორგი კოხრეიძე. კოხრეიძის დირექტორობის დროს  ცენზურაზე მაუწყებლის არა ერთი თანამშრომელი, ჟურნალისტები გაუშვეს სამსახურიდანაც. 

სტურუას მაუწყებლის განვითარების კონცეფციაში ცალკე თავი "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" თანამშრომლობასა და მისი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას ეთმობა. 

თამარ წილოსანი ფრანგული ენის სპეციალისტია. წილოსანი 2004-2019 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი იყო. 2019-2023 წლებში კი -  "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" მრჩეველთა საბჭოს წევრი. წილოსანმა აჭარის ტელევიზიის მაშინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების დროს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.  

პაატა სურგულაძე ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველია. 

სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს ორ ეტაპად შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

განსაზღვრული წესით, პირველ ეტაპზე კანდიდატები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეირჩევიან. მათი შეფასების დამატებითი კრიტერიუმები საკონკურსო კომისიის დებულებით განისაზღვრება. 

მეორე ეტაპზე კი კანდიდატები მათ მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციების განხილვისა და მათთან გასაუბრების შედეგად შეირჩევიან.

საკონკურსო კომისიამ შერჩეული მეურვეობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს. 

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვეების შესარჩევი კომისიის წევრები არიან: დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.

ამ 9-კაციანი კომისიიდან 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელი: დავით მაღლაფერიძე, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია და ოთარ ტატიშვილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოთარ ტატიშვილის ძმა, ვლადიმერ ტატიშვილი ახლა "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

 
კატეგორია - საქართველო


"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 ვაკანტურ პოზიციაზე პარლამენტმა 11 განცხადება მიიღო. 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა 3 წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული მეურვეები არიან.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან:

1. მიხეილ ჩიკვილაძე

2. დონარა (დოდო) შონავა

3. გიორგი იაკობაშვილი

4. იზაბელა ოსიპოვა

5. სოსო სტურუა

6. გიორგი ლაზრიშვილი

7. მარინა გიორგაძე

8. ემზარ დიასამიძე

9. ფირუზ ბოლქვაძე

10. პაატა სურგულაძე

11. თამარ წილოსანი

სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს ორ ეტაპად შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

განსაზღვრული წესით, პირველ ეტაპზე კანდიდატები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეირჩევიან. მათი შეფასების დამატებითი კრიტერიუმები საკონკურსო კომისიის დებულებით განისაზღვრება. 

მეორე ეტაპზე კი კანდიდატები მათ მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციების განხილვისა და მათთან გასაუბრების შედეგად შეირჩევიან.

საკონკურსო კომისიამ შერჩეული მეურვეობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს. 

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვეების შესარჩევი კომისიის წევრები არიან: დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.

ამ 9-კაციანი კომისიიდან 4 წევრი „იმედის“ თანამშრომელი: დავით მაღლაფერიძე, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია და ოთარ ტატიშვილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოთარ ტატიშვილის ძმა, ვლადიმერ ტატიშვილი ახლა "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

 
კატეგორია - საქართველო


ბოლო სამ დღეში პარლამენტმა აკრედიტაცია "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" 3 ჟურნალისტს შეუჩერა. 

ნატა ქაჯაიამ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის შესაბამისი განცხადება ორშაბათს, 3 ივნისს მიიღო. მასში განმარტებულია, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს პარლამენტის შენობაში „პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით "ხალხის ძალის" დეპუტატის, სოზარ სუბარის მიმართვის საფუძველზე შეუჩერდა. 

ტელეკომპანიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით, 

„რეპრესიული პოლიტიკის თანახმად, ჩვენ არ შეგვიძლია, აკრედიტაციის შეჩერების პერიოდში, ჟურნალისტი ჩავანაცვლოთ. ჩვენი გადაცემიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთ ჟურნალისტს ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მუშაობას ვეღარ შევძლებთ".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაციას უჩერებენ. 

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 3-4 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს და 6 თვით - ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს.

აღსანიშნავია, რომ ამ ჟურნალისტებისთვისაც აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი იგივეა - „პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.

გასულ თვეს, 21 მაისს აკრედიტაცია 1 თვით ამავე ზიზეზით შეუჩერდა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესაც. 

პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით,აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

 
კატეგორია - საქართველო



პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 4 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს 6 თვით პარლამენტში მუშაობა აეკრძალა. პარლამენტის წერილში ნათქვამია, რომ „მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა.“

პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

ჟურნალისტის აკრედიტაციის ნახევარი წლით შეჩერებას, სოფო გოზალიშვილი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლად მიიჩნევს.

„ჩემთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. წინა წლის აპრილში, როცა 1 თვით შემიზღუდეს პარლამენტში შესვლა, მაშინაც ნინო წილოსანი იყო ამის ინიციატორი და ახლაც. ეს არის  ჟურნალისტურ საქმიანობაში პირდაპირი ხელის შეშლა. ამ გზით ცდილობენ, აირიდონ ის დისკომფორტი, რასაც მათ პარლამენტში კრიტიკული მედია უქმნით. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. 

კადრშიც ჩანს, როცა ჩემი კოლეგები წილოსანთან დიალოგს ასრულებენ, ამის შემდეგ მხოლოდ ორ ნაბიჯს ვდგამ მასთან ერთად და შემდეგ, როცა კიბეზე ადის, მე ვრჩები იქ, სადაც ვიყავი ინტერვიუს ჩაწერერის მომენტში. არანაირ ,,დევნას" ადგილი არ ჰქონია და რაც ყველაზე საინტერესოს ხდის ამ ქეისს არის ის, რომ ეს მასალა შაბათის ფორმულას ეთერში არ გაგვიშვია,“ - აღნიშნავს ჟურნალისტი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტმა კრიტიკული მედიის ჟურნალისტს აკრედიტაცია ნინო წილოსანის მიმართის საფუძველზე შეუჩერა. ორშაბათს, 3 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძესაც.

ბალანჩივაძისთვის გაგზავნილ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წერილში აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად ასევე განმარტებულია, რომ „პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.

 
კატეგორია - საქართველო



დღეს, 4 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ლგბტ უფლებების შემზღუდავი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

პაპუაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ერთ ძირითად „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პროექტს და 18 გამომდინარე კანონპროექტს მოიცავს. 

19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი ლგბტ უფლებების გარდა, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ინიციატივით 8 საკითხი მოწესრიგდება, საიდანაც მე-6 სწორედ ინფორმაციის გავრცელებას ეხება. ეს ნაწილი მათ შორის მაუწყებლებს შეეხებათ და დაუშვებელი იქნება მათ მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. 

პაპუაშვილის თქმით, ეს აკრძალვა მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რადგან მმართველ პარტიას ამჟამად საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ ხელისუფლება ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს დაამტკიცებს. 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 2024 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში, რომელიც 28 ივნისს იხურება, ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ. მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე კი, რომელიც 3 სექტემბერს გაიხსნება, მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ. 

ამ ახალი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე ცვლილებების დაინიცირებამდე, "ქართულმა ოცნებამ" დაახლოებით 2 თვის წინ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიცირა და თბილისის გარდა, საქართველოს 10 ქალაქში საყოველთაო-სახალხო განხილვებიც გამართა. ამ განხილვების საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, დედაქალაქში 16 მაისს მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ამით მუშაობა დაასრულა. 

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ კომისიამ ყველა მასალა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს გადასცა, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება საკომიტეტო და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვაც. პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციურ ცვლილებას  კვალიფიციური უმრავლესობა - ხმების ¾ სჭირდება. 

აღსანიშნავია, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმების არ არსებობის მიუხედავად, ეს პროცესი მაინც დაიწყო. 

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტიც ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის, მე-7 ნაწილით, 

"აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული". 

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, ხელისუფლებას ამ ცვლილებებით საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოების დაცვა სურს.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას ამ ცვლილებებით არა ოჯახისა და ეროვნული ღირებულებების, არამედ საკუთარი ძალაუფლების უსაფრთხოების დაცვა სურს. ეს არის სახალხო მანდატის მოპოვების მცდელობა იმისათვის, რომ შემდეგ ძალაუფლება კიდევ უფრო მონოლითური გახადოს. ცვლილების შინაარსი მარტივია, ამ თემებზე პოზიტიური პერსპექტივიდან პოზიციის დაფიქსირება წერილობითი, ვიდეო, აუდიო თუ ვიზუალური ფორმით აკრძალული იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, მედია გააკეთებს ამას, რეჟისორი, მწერალი, მომღერალი თუ ჩვეულებრივი ტიკტოკერი. ეს არის ცენზურა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას სურს ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწეროს“, - ამბობს მენაბდე.

საკონსტიტუციო კანონპროექტით გათვალისწინებულ ცენზურის შესაძლებლობაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს "ქართული ოცნების" წევრებიც საუბრობდნენ. მაგალითად, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ფილმებიდან კონკრეტული ადგილების ამოჭრა არ გამორიცხეს. 

„რეალურად ჩვენ შეგვიძლია, მოვთხოვოთ კანონის დონეზე, რომ ასეთი ნაწილები იქნას ამოჭრილი, რაც მხოლოდ პროპაგანდა და პოპულარიზაცია იქნება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, კი "იქნება დავუშვათ ტელევიზიით კონკრეტული ნაწარმოები გაშვებული, აი ეს ნაწარმოები ემსახურება თუ არა პროპაგანდას, ეს იქნება შესაფასებელი…"

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის გზავნილების ფონზე მიმდინარეობდა.

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე "მედიაჩეკერთან" სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა ისაუბრა.

„ხელოვანისათვის ზოგადად რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესება, რაზე წეროს, როგორ წეროს, რა თემას შეეხოს და რა პრობლემა იკვლიოს, საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას. განსაკუთრებით სახიფათოა ცენზურა ხელისუფლების მხრიდან. არასრულწლოვნების ფსიქიკასთან რომ უკიდურესად ფაქიზი მოპყრობაა საჭირო, ეს ისედაც ცხადია და შვილები მშობლებმა უნდა დაიცვან ასაკთან შეუფერებელი კონტენტისგან და არა მთავრობამ“.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ცენზურად შეაფასა გოგი გვახარიამაც. 

„ცხადია, ეს საბჭოთა წარსულში დაბრუნებაა. ისევ შესაძლებელი გახდება ფილმების დაჭრა, დასახიჩრება. ყველა ქვეყანაში ფილმების გაქირავებას აქვს ასაკობრივი ზღვარი. მესმის, რომ ბერტოლუჩის „მთვარე“ არ უნდა აჩვენო ბავშვებს, მაგრამ მოზრდილი ადამიანი ბავშვი არაა. ჩვენი ხელისუფლება კი ხალხს ეპყრობა, სწორედ, როგორც ბავშვებს, რომელთა მოტყუება არაა ძნელი". 

კინომცოდნის აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ აიკრძალება ყველა ფილმი, რომელშიც მაგალითად, ინცესტის თემა იკვეთება:

"ბერტოლუჩის „მთვარე“ ანდა ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაღუპვა“. მადა ჭამაში მოდის და „ოიდიპოს მეფეც“ შეიძლება დაიჩაგროს. რაც შეეხება სქესის შეცვლას, შესანიშნავი ბელგიური ფილმია „გოგონა“, არასრულწლოვანზე, რომელიც სქესს იცვლის. ამ ფილმის არა თუ ჩვენებისთვის, ხსენებისთვისაც კი დავისჯებით“.

ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა კი დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება "მედიაჩეკერთან" საუბრისას ასე შეაფასა: “ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ჩანაწერი ზღუდავს მედიის და გამოხატვის თავისუფლებას. უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შესაძლოა, მონიშნოთ როგორც “პროპაგანდა”, რაც მედიის საქმიანობაში/შინაარსში გაუმართლებელი ჩარევისა და შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს".

აღსანიშნავია, რომ პროსახელისუფლებო სატელევიზიო მედია ამ თემას ჰომოფობიური შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირებამდეც აქტიურად აშუქებდა. ამის საილუსტრაციოდ, მაგალითად, ტელეკომპანია “იმედის” ვებგვერდზე ე.წ. თაგით - “ლგბტ პროპაგანდა” [სწორედ ასე მოიხსენიებენ ამ კანონს] 2024 წლის 26 თებერვლიდან 26 მარტამდე პერიოდში 37 მასალა იძებნება. "პირველი არხის" ვებგვერდზე კი დროის იმავე მონაკვეთში 20 მასალა გვხვდება, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობაც "ქართული ოცნების" წევრთა განცხადებებია. 

"მედიაჩეკერმა" შესადარებლად დროის იგივე მონაკვეთის მონაცემები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ვებგვერდებზეც მოიძია. აღსანიშნავია, რომ “მთავარი არხის” ვებგვერდზე ამ ე.წ. თაგით არცერთი მასალა არ იძებნება, ტელეკომპანია “ფორმულას" გვერდზე კი მხოლოდ - 2. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მსგავსად, რუსეთში "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი ჰომოფობიური კანონიც არსებობს.

წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რუსეთიდან გაქცეული თეატრისა და კინოს რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის ფილმის - „ლიმონოვი: ბალადას“ ჩვენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ასევე რუსეთიდან გამოქცეულმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსული კანონის“ გამო ეს ფილმი რუსეთის კინოს ეკრანებზე ნაჩვენები ვერ იქნება. „ლიმონოვი: ბალადა" რუსი მწერლისა და პოლიტიკოსის, ედუარდ ლიმონოვის ცხოვრების ერთ პერიოდს ასახავს, რაც მთავარი გმირის ჰომოსექსუალური ურთიერთობის გამოცდილებასაც გულისხმობს.

ჟურნალისტმა „რუსულ კანონში“ 2013 წელს მიღებული „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისგან“ არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონი იგულისხმა. საბოლოოდ, რუსეთში ამ კანონმა ისეთი სახე მიიღო, რომ დღეს გაყიდვიდან და გაქირავებიდან ამოღებულია, თითქმის, ყველა ის ფილმი, წიგნი, სპექტაკლი და სხვა ნაწარმოები, რომელიც პუტინის რეჟიმის მიერ „ლგბტ პროპაგანდად“ არის შეფასებული. 

 
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა და 15.6 მილიონი ლარი გახდა.

ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14 მილიონი ლარი მიიღეს, საიდანაც 64.9% პირდაპირ რეკლამას ეკუთვნის, 18.4% კი - პროდუქტის განთავსებას. 

2024 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 5.3 მილიონი "იმედს" ეკუთვნის. მისი შემოსავალი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.7 მილიონი ლარით გაიზარდა.

2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 0.1 მილიონით გაიზარდა „მთავარი არხის” შემოსავალიც და ის 1.4 მილიონი ლარი გახდა. უცვლელი დარჩა „პოსტვ“-ის შემოსავალი - 1.5 მილიონი.

წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით კი, სხვა ყველა ჩამოთვლილი ტელეკომპანიის კომერციული სარეკლამო შემოსავლები შემცირდა. 2024 წლის პირველ კვარტალში 0.3 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი - 1.8 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2”-მა, 0.3 მილიონი ლარით შემცირდა „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალიც. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები - 0.7 მილიონი შეადგინა ტელეკომპანია „ფორმულას“ სარეკლამო შემოსავალმა. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.4 მილიონით ნაკლები შემოსავალი - 0.1 მილიონი ჰქონდა "საზოგადოებრივ მაუწყებლსაც".

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2024 წლის პირველ კვარტალში მათ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა. 

 
კატეგორია - საქართველო


რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებიდან დღემდე "მედიაომბუდსმენი" 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლებებს 21 საქმეზე იცავს. ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით სახელმწიფოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა დანაშაულებრივი მექანიზმი გამოიყენეს.

"მედიაომბუდსმენის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მიმდინარე წელს მედიის წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს და ყურადღებას სამ მათგანზე ამახვილებს.

  • მედიის წარმომადგენლების მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა

"საქართველოს პარლამენტი იყენებს ყველა სადავო ინსტრუმენტს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ამ გზით ცდილობს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

  • ჟურნალისტების და ოპერატორების დევნა, სხეულის დაზიანება და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა

რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, “მედიაომბუდსმენმა” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რამდენჯერმე მიმართა.






შეტყობინებები  ჟურნალისტის უფლებების დარღვევისა და მათთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნას ეხებოდა. მედიის ეს წარმომადგენლები არიან: 

1. ალექსანდრე ქეშელაშვილი, "პუბლიკა" - სცემეს სპეცრაზმელებმა;

2. გიორგი ბადრიძე, "ტაბულა" - 16 აპრილს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2 მაისს ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ბადრიძეს 16 მაისს სახლიდან დაახლობით 100-200 მეტრის დაშორებით მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა;

3. გიორგი ბასხაჯაური, "აპრილი" - სპეცრაზმელებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს;

4. მარიამ ნიკურაძე, OC Media - სპეცრაზმელები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში;

5. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი" - სპეცრაზმელმა შეასხა წიწაკის სპრეი; 

6. ლიკა ზაკაშვილი და მამუკა მგალობლიშვილი, "პუბლიკა" - სპეცრაზმელებმა ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

7. ნანუკა ქაჯაია, დავით ბერაძე, “ტელეკომპანია პირველი" - ხელი ეშლებოდათ პროფესიულ საქმიანობაში;

8. რობი ზარიძე, "აი, ფაქტი" - სპეცრაზმელები გაუსწორდნენ ფიზიკურად; 

9. გიგა გელხვიიძე, CNews Exclusive • ახალი ამბები - მის მიმართ გამოიყენეს ე.წ “წიწაკის სპრეი”;

10. გიორგი ჟამერაშვილი, “ინტერპრესნიუსი” - სპეცრაზმელებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

  • სატელეფონო მუქარებით და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებით ჟურნალისტების დაშინების მცდელობა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “მედიაომბუდსმენის” შეტყობინების საფუძველზე გამოძიება ე. წ. სატელეფონო მუქარებისა და დაშინებების საქმეზე დაიწყო. ამ საქმეებზე გამოიკითხნენ როგორც ჟურნალისტები, ისე მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები და რედაქტორები: ნათია კუპრაშვილი, „TOK TV“ დამფუძნებელი და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნინო ზურიაშვილი, „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნანა ბიგანიშვილი, „სტუდია მონიტორის“ მთავარი რედაქტორი, "სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები: თეიმურაზ ინასარიძე და ნუნუ სტეფნაძე, რუსუდან გვარამაძე, “ფორმულას" ჟურნალისტი და “ტაბულას” რედაქტორი, გიორგი ბადრიძე.

"საგანგაშოა, რომ დაშინების მიზნით, 2024 წლის 10 მაისს, დილით „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს და მასზე სიძულვილის შემცველი წარწერები დატოვეს. მსგავსი მეთოდები გამოყენებული იყო სამოქალაქო საზოგადოების არაერთი წარმომადგენლის მიმართ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

რუსული კანონის მიღების პროცესში დაწყებული “მედიაომბუდსმენის” 21 საქმიდან 13-ზე (აქციის გაშუქებისას ზიანის მიყენება) გამოძიება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილით მიმდინარეობს. 7 საქმეზე - (სატელეფონო მუქარები და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრა) "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 154-ე მუხლით. 1 საქმე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (მუხლები 166/173) ეხება.

"მედიაომბუდსმენის" შეფასებით, ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:

- მედიის წარმომადგენლების საქართველოს პარლამენტის შენობაში მუშაობა, თითქმის, შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ უშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ან/და არ აქვთ მუშაობის სათანადო პირობები. გამოვლენილია დისკრიმინაციული მიდგომები და ონლაინმედიასაშუალებების უფლებების არაერთხელ დარღვევის შემთხვევები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანებების საფუძველზე;

- პარლამენტის აპარატი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ;

- “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას, უცვლელი ტაქტიკაა

ჟურნალისტების და ოპერატორების დევნა, სხეულის დაზიანება და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა;

- მმართველი პარტიის სასარგებლო ნარატივით, დაფიქსირებულია სატელეფონო მუქარებითა და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებით ჟურნალისტების დაშინების არაერთი მცდელობა;

- სამართალდამცველები ცდილობენ, არ მისცენ მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა, სრულად და თავისუფლად გააშუქონ საპროტესტო აქციები და იქ განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, საზოგადოებას ეზღუდება ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომა;

- როგორც 2023 წლის, ისე 2024 წლის დანაშულებრივ შემთხვევებთან დაკავშირებით, გამოძიება სწრაფი და ეფექტური არ არის. ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, სხეულის დაზიანებისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა ისევ გამოსაძიებელია;

- ამ დრომდე არ გამოვლენილან და არ დასჯილან დამნაშავე პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი იდენტიფიცირება თავად მედიის მიერ გადაღებული მასალების მიხედვით სრულიად შესაძლებელია.


ორგანიზაციის ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს სახელმწიფოს წარმომდგენლების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებაც:

1. გასულ წელს დაწყებული საგამოძიებო პროცესი, თითქმის, შეჩერებულია. 2023 წლის ივნისის შემდეგ გამოკითხულია მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი, რომელთა ჩვენებებიც საგამოძიებო პროცესისათვის არ არის მნიშვნელოვანი. პოლიციელები შაბლონური ტექსტებით განმარტავენ, რომ არ ფლობენ არავითარ ინფორმაციას ჟურნალისტებთან დაკავშირებული ძალადობის შესახებ;

2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის გადაცემულია ერთ ჟურნალისტთან დაკავშირებული სამედიცინო დასკვნა. დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ ჟურნალისტს მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ეს დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება 2023 წლის 08 მარტს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შემთხვევებთან დაკავშირებით “მედიაომბუდსმენმა” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 13 ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭების

მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა, უარი მიიღო. საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი 21 პირი გამოკითხა და აქედან სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მხოლოდ 8 ჟურნალისტს მიენიჭა.

"გასულ წელს მმართველი პარტიის მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო

არსებული ლეგიტიმური პროტესტის გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

“მედიაომბუდსმენი”  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს როგორც 2023, ისე 2024 წელს ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. 

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც მიმართავს, რომ შეწყდეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკა და გააუმჯობესოს მედიის წარმომადგენლების სამუშაო გარემო.


ფოტო: "ნეტგაზეთი"

"მედიაომბუდსმენის" ანგარიში სრულად

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 29 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, ამ მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედია საშუალებები: იმედი და POSTV  მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, თითქოს, 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია.

"სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება აბსოლუტურ სიღარიბეში და არაფერს ამბობს ამ მაჩვენებლის საფუძვლებსა და მიზეზებზე. ნათელია, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია, თუმცა ზემოაღნიშნული მედიასაშუალებები სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ.

რეალურად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი არა მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევის, არამედ სხვა არაერთი ფაქტორის გამო შეიძლება მცირდებოდეს. მათ შორისაა, ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაცია; 2023 წელს, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ - 163 000-ზე მეტმა ადამიანმა, დატოვა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განმარტავს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა არაერთ სხვა ფაქტორსაც ჰქონოდა, მათ შორის:

  • სოციალური შემწეობითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობას 
  • ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულებას 

"სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობაზე საუბრისას, აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ ისეთი მაჩვენებლებიც, როგორიცაა ფარდობითი სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი. ამ ორი მონაცემის ანალიზისას ირკვევა, რომ 2023 წელს მდგომარეობა წინა წელთან შეფარებით არათუ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც" - წერია განცხადებაში.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს შეუქმნიდა. რეალური რეფორმების ნაცვლად, კი მთავრობა ინარჩუნებს სისტემას, რომელიც მოსახლეობას სოციალურ გასაცემლებზე დამოკიდებულს ხდის და აგრძელებს ამ დამოკიდებულებისა და, ზოგადად, სოციალური საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას.

კატეგორია - საქართველო

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი კომისია დაამტკიცა. 

საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.

ამ 9-კაციანი კომისიიდან 4 წევრი ისევ „იმედის“ თანამშრომელი: დავით მაღლაფერიძე, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია და ოთარ ტატიშვილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოთარ ტატიშვილის ძმა, ვლადიმერ ტატიშვილი ახლა "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორია.

პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი მესამედ, 20 მაისს გამოაცხადა.

პირველად კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა და რამდენიმე დღეში სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაც შეირჩა. თუმცა, საკმარისი აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა.

22 მარტს შერჩეული კომისია პარლამენტმა გუშინ, 29 მაისს ხელმეორედ, თითქმის, უცვლელად დაამტკიცა. ამჯერად წინა კომისიის წევრი მაკო ჯაოშვილი ერმილე მესხიამ შეცვალა.

მეორედ გამოცხადებული კონკურსის დროს [18 აპრილი-3 მაისი] საკანონმდებლო ორგანომ საკმარისი (10) განაცხადი მიიღო, თუმცა, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმ პერიოდში პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მოქმედების გამო, პროცესი შეფერხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა 3 წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

პარლამენტი სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევად განაცხადებს 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით მიიღებს. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ყველას აქვს.

 
კატეგორია - საქართველო


საინფორმაციო სააგენტო INFO9-ის მანიპულაციური ფოტოკოლაჟი თავისუფლების მარშის - "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!" მონაწილეთა რაოდენობაზე ფეისბუქმა ყალბ ინფორმაციად მონიშნა.


26 მაისს INFO9-მ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი - "რეალური მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე", რომელსაც თანდართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობის 2 ფოტო ჰქონდა.



INFO9-ის მანიპულაციური კოლაჟის ერთ ფოტოზე ეწერა - "როგორ აშუქებს ოპოზიციური ტელევიზიები აქციას", მეორეზე კი - "რეალური მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე".




აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელსაც INFO9 ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაშუქებულ აქციას უწოდებს, ჭავჭავაძის გამზირზე მარშის დროს ფოტოგრაფმა, ეზ გაბერმა გადაიღო. ამ ფოტოს გარდა, გაბერს სოციალურ ქსელში დრონით გადაღებული მსვლელობის სხვა ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული. 



26 მაისის მარშის მონაწილეთა რაოდენობის შეფასება სხვა მედიების მიერ გავრცელებული დრონის კადრებითაც არი შესაძლებელი. მაგალითად, "რადიო თავისუფლების" ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული მასალით. 

INFO9-ის მანიპულაციური კოლაჟის მეორე ფოტოზე - "რეალური მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე" მარშის ბოლო ნაწილია ნაჩვენები. თავისუფლების მარში ფილარმონიასთან დაიწყო და მისი მონაწილეები მსვლელობით ვაკის პარკამდე მივიდნენ. ეს ფოტოც სწორედ მარშის დასრულების ადგილას, ვაკის პარკთან არის გადაღებული და მასზე მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობა სრულად არ ჩანს.



საინფორმაციო სააგენტო INFO9-ის ვიზუალური მანიპულაცია "მითების დეტექტორმა" Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში 

შეისწავლა და "მითების დეტექტორის" სტატიის საფუძველზე Facebook-მა ეს მანიპულაციური ფოტოკოლაჟი ყალბ ინფორმაციად მონიშნა.


"ისევე, როგორც სხვა დღეებში გამართულ აქციებზე 26 მაისის მარშთან დაკავშირებითაც პროსახელისუფლებო მედია და ფეისბუქ გვერდები ხალხის რაოდენობით მანიპულირებენ. მაგალითად, დრონით გადაღებული კადრებით აჩვენებენ მსვლელობის მხოლოდ ნაწილს – ადგილს, სადაც მარში დაიწყო და დასრულდა", - ვკითხულობთ "მითების დეტექტორის" სტატიაში.