„გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი მედიის მიმართ გაღვივებული სიძულვილის პირდაპირი შედეგია“ - ქარტია
17.03.2025


15 მარტს „მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა სოციალური ქსელ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წეროვანთან, ავტობანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი დაესხა თავს. „მთის ამბებმა“ მოგვიანებით ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, სადაც მომხდარია ასახული.

გელა მთივლიშვილის თქმით, ის თბილისში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას თეთრი ფერის პიკაპი აედევნა:

„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი მედიის მიმართ გაღვივებული სიძულვილის პირდაპირი შედეგია.

„არავინ დასჯილა ჟურნალისტების ცემისა და შეურაცხყოფის გამო, რაც მოძალადეებს ფართო ასპარეზს აძლევს“.  

ქარტია გელა მთივლიშვილს სოლიდარობას უცხადებს და შსს-ს  მოუწოდებს, „ამჯერად მაინც გამოიჩინოს პროფესიონალიზმი და დროულად დააყენოს მისი მოძალადე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი“.    

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ მოვალეობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში, მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად“.

„მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელსა და რედაქტორზე განხორციელებულ თავდასხმას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ გამოეხმაურა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოიძიებისკენ მოუწოდა.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შევახსენებთ, რომ მისი ვალდებულებაა გამოიძიოს სამართალდამცავთა მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულები. ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება ძირითადი უფლებების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დევნა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამჯერად მაინც იმოქმედოს საკუთარი მანდატის შესაბამისად, და საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება,“ - ვკითულობთ საიას განცხადებაში.

„მედიაჩეკერი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ