თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ „პუბლიკის“
ის რეპორტიორი, რომელიც გასული წლის ნოემბრის ბოლოს პარლამენტთან
მიმდინარე აქციის გაშუქებისას დააკავეს და სცემეს, პოლიციისადმი
დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი
შენიშვნა გამოუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს 12 თებერვალს მიმართა. უწყება მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, სახისა და თავის არეში სცემეს და სამუშაო აპარატურა წაართვეს.
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა.
გასული წლის იმავე ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება ევალება, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ქეშელაშვილს დაზარალებულის სტატუსი მალევე მიანიჭეს, თუმცა ამ დრომდე დასჯილი არავინ არ არის.
„პუბლიკის“ რეპორტიორის საქმის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - რა თქვეს პოლიციელებმა „პუბლიკის“ ნაცემი ჟურნალისტის პროცესზე.