„მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „მედიაჩეკერთან“
ინტერვიუში არხის მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრასა და ტელევიზიაში
მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
„სოლიდარობა მზია ამაღლობელს“
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანი მეორე კვირაა „მოამბეს“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორისთვის სოლიდარობის გამოცხადებით იწყებს.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, პროტესტის ეს ფორმა ბუნებრივად დაიბადა, რადგან ფიქრობდა, რომ მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის ერთხელ დაფიქსირებით სიმკვეთრეს ვერ გადმოსცემდა:
„პირველი, რაზეც ვფიქრობ, არის ის, რომ ჩემს განცხადებებს და მოქმედებებს დადებითი შედეგი მოყვება. ერთი კუთხით, ის რომ საზოგადოება დაინტერესდება მაგალითად, ჩემი განცხადებით, რატომ შეიძლება არ პასუხობდეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობაზე ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მაქსიმალური ყურადღება იქნება მიპყრობილი ამ საქმისადმი და ყველა ეცდება გაერკვეს, რასთან გვაქვს საქმე. იმ უსამართლობას, რომელსაც, ჩემი აზრით, ადგილი აქვს მზია ამაღლობელის მიმართ, შესაბამისი პასუხი გაეცემა და სამართალი იზეიმებს“.
როგორც ივანოვ-ჩიქოვანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი მაუწყებლის თანამშრომლებს კატეგორიების მიხედვით ხვდება, მასთან მსგავსი შეხვედრა კი ინდივიდუალურად გაიმართა.
„გასული კვირის პარასკევს, უკვე ეთერი როცა დამთავრდა, ჩვენმა HR-მა დამირეკა და მითხრა, რომ გენერალურ დირექტორს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. შედგა ასეთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა არხის იურისტი, ასევე ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (HR), საინფორმაციოს უფროსი და გენერალური დირექტორი. მანდ იყო საუბარი, თუმცა კონკრეტულად ამ სოლიდარობაზე არაფერი არ ყოფილა“.
„სამუშაო პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელში“
როგორც „მოამბის“ წამყვანი ამბობს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში დილის დაგეგმვა და სამუშაო თათბირები არ იმართება.
„ნიუსრუმში დილის დაგეგმვა არ იმართება. არ იმართება შემდეგ განხილვა, რას ვაკეთებთ კარგად, რას ვაკეთებთ ცუდად. არ იმართება სამუშაო თათბირები, შესაბამისად, ის რომ მე რაღაც, ოფიციალური შესაძლებლობა მქონდეს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ან მოსაზრებები, არ მაქვს…როდესაც არ არის სამუშაო პროცესი, ბევრი ადამიანისთვის რთულია, მოიქცეს ესე რომ იპოვოს ადამიანი, მაგალითად, უფროსი და მასთან ილაპარაკოს იმის შესახებ, რომ მოთხოვოს რაღაც“.
ცენზურა
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, არხზე შექმნილია ვერტიკალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს, რაც საინფორმაციო ველის შეზღუდვას იწვევს.
„როდესაც არ არის ასეთი დემოკრატიული განხილვის მექანიზმი და ყალიბდება კონკრეტული ვერტიკალი, აქ უკვე ინფორმაცია იზღუდება. შესაბამისად, ეს შეიძლება ჩაითვალოს ცენზურად, რომ ჩვენ ვერ ავსახავთ კონკრეტულად საზოგადოების დღის წესრიგს“.
ვალის მაღლაფერიძე - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე
ივანოვ-ჩიქოვანის შეფასებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს ეკისრება.
„ვასილ მაღლაფერიძე იყო ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ტელევიზიაში გენერალურ დირექტორად დაინიშნა. შემდეგ უკვე გენერალური დირექტორობიდან წავიდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ. ეს თანამდებობა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არგუმენტით დატოვა და შემდეგ იგი პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია. ხოლო, საბჭომ - თავმჯდომარედ…უპირველესი პასუხისმგებლობა, რა საკვირველია, ვასილ მაღლაფერიძეს ეკისრება, იმიტომ რომ სამეურვეო საბჭო ვალდებულია, თუ რაიმე არ მიდის ისე მაუწყებელში, სათანადო შეფასება მისცეს.
არაჯანსაღი მდგომარეობა ტელევიზიაში
„მოამბის“ წამყვანი ტელევიზიის თანამშრომლებს შორის არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზეც საუბრობს.
„გიდასტურებთ იმას, რასაც სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ესეთი დამოკიდებულება, პირადი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ მეც დამინახავს, რაღაც შემთხვევაში ჩავრეულვარ კიდევაც. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც უნდა იყოს სამსახურში“.
საგანგებო ეთერი
........................................................................................................................................
28 ნოემბერს
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების
პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი
მოჰყვა. 30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის
დათმობისა და მენეჯმენტის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. 2025 წლამდე
ტელევიზია „საგანგებო ეთერის“ ფორმატში პროევროპული აქციის
მონაწილეებსა და მომხრეებს გარკვეულ დროს უთმობდა, თუმცა მაუწყებელმა
ეს ფორმატი ახალი წლიდან
შეწყვიტა.
........................................................................................................................................
„ეს ეთერი, როგორც გენერალურმა დირექტორმა მე მითხრა, იყო კეთილი ნება. ამ საზოგადოებას იგი არ მოუპოვებია, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ეს ეთერი და ეს ფორმატი არ იყო გამზადებული, ბადეში რომ ჩაშვებულიყო. ეს ფორმატი ჩაეშვა ბადეში მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქცია გაიმართა“.
როგორც „მოამბის“ წამყვანი აღნიშნავს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კანონით ბევრი რამ ევალება, რისი შესრულებაც ახალ შებობაში გადასვლის მოტივით ვერ ხერხდება.
ამ ვითარებიდან მაუწყებელი უფრო ძლიერი გამოვა
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, არხზე მომუშავე კეთილსინდისიერი ადამიანების წყალობით, ამ ვითარებიდან, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უფრო ძლიერი გამოვა.
„ვიცი, რომ კომუნისტების დროს ხერხდებოდა ეს. ვიცი, რომ ყველა შემდეგი ხელისუფლების დროს ხერხდებოდა, მიუხედავად წნეხისა, ზეწოლისა, ცენზურის მცდელობების, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაინც შეძლო შეენარჩუნებინა ეს იდეა. ყოველთვის ეს კეთილსინდისიერი ადამიანები ახერხებდნენ, რომ ცენზურის პირობებშიც კი, რაღაც სინათლის სხივი გაეშვათ მაყურებლის მიმართულებით და მგონია, რომ ეს უფრო და უფრო მეტად გაძლიერდება. ამ ვითარებიდან მგონია, რომ მაუწყებელი უფრო ძლიერი გამოვა“.