საქართველო
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2019-ის" გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია შემდეგი ნამუშევრები:


პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის მხარდაჭერით; ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის, პრიზი დაწესებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ;

გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ.
კატეგორია - საქართველო

21 დეკემბერს, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში მომრავლებული ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტები გააპროტესტეს. აქციაში რამდენიმე ათეული ჟურნალისტი მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებებიდან და დედაქალაქიდან.

აქცია სპეციალურად დაემთხვა 21 დეკემბერს, ამ დღეს ზუსტად ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. თუმცა ამ ფაქტის შესახებ ეფექტური გამოძიება და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა. ამასთან ერთად, ჟურნალისტებმა გააპროტესტეს თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.

ქარტიის აღამსრულებელი დირექტორის, გიორგი მგელაძის განცხადებით, ქარტიის დაკვირვებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობებსა და ხელშეშლაზე ხელისუფლების რეაქცია არ არის სათანადო. ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას. .

აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა, პლაკატებით: "გამოიძიე", "ნუ გვესვრი", "ნუ გვიშლი ხელს მუშაობაში", "გვიპასუხე", ასევე, საყვირებითა და შეძახილებით - "გამოიძე", პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სასტუმრო თბილისი მარიოტამდე, სადაც ქარტიის წევრთა კრება იმართებოდა, მსვლელობაც გამართეს.

alt

alt

alt

მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ონლაინგამოცემა "პუბლიკას". 

კატეგორია - საქართველო
“ტაბულას” ჟურნალისტ თიკო ერაძის იურიდიული კომიტეტის სხდომის დარბაზიდან გაძევების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

როგორც უწყებაში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, გამოძიება ჟურნალისტის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. “ტაბულას” ინფორმაციით, ჟურნალისტი ითხოვდა გამოძიება ორი მუხლით დაწყებულიყო - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ფიზიკური ძალადობა.

12 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და მედიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, მანდატურებმა ჟურნალისტებს და ოპერატორებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
კატეგორია - საქართველო

2019 წლის დეკემბრიდან ონლაინგამოცემა „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა.  ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად გამოცემის გვერდზე გამოქვეყნდა.  განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. 

ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში,  მფლობელის, შორენა შავერდაშვილის შეთავაზების საფუძველზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყოფილმა გუნდმა, მფლობელთან შეუთანხმებლობის მოტივით, გამოცემა დატოვა.

"ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ „ლიბერალისთვის” გარდამავალი პროცესი რთული აღმოჩნდა. წინა სარედაქციო ჯგუფის წასვლამ მედია სივრცისა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეჭვი და კითხვები გააჩინა. ჩვენ გვესმის, რომ „ლიბერალის” პრინციპულ და სკეპტიკურ მკითხველსა თუ საკითხით დაინტერესებულ პირებს - მათ, ვინ ღელავს რედაქციისა თუ ჟურნალის მდგრად განვითარებაზე - ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდათ. სამწუხაროდ ეს ახალი სარედაქციო გუნდისა და „ლიბერალის” მფლობელის მიმართ უნდობლობაში ითარგმნა", - ვკითხულობთ გამოცემის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  სირთულეების მიუხედავად, ახალმა გუნდმა ჟურნალის უწყვეტ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა აიღო და მუშაობა განაგრძო იმ რწმენით, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალა პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს თავისთავად გააქარწყლებდა. ეტაპობრივად, გამოცემის ირგვლივ  რედაქტორთა და ავტორთა ახალი გუნდი შეიკრიბა: " ჩვენი სურვილი „ლიბერალის” სარედაქციო ღერძის გაგრძელება იყო. მოვალეობად მიგვაჩნდა „ლიბერალისთვის” დამახასიათებელი ხარისხისა და უკომპრომისობის შენარჩუნება და იმ ჟურნალისტური პრინციპების დაცვა, რამაც „ლიბერალის” მრავალწლიანი წარმატება და ქართულ მედიასივრცეში მისი უნიკალური ადგილი განაპირობა"

ამავე განცხადების მიხედვით, ამ პროცესების პარალელურად,  „ლიბერალი" ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა:  "დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც წლების მანძილზე „ლიბერალის" ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ, გარდამავალ პროცესში ჟურნალთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. აუცილებელი გახდა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება.

„ლიბერალისთვის” მდგრადი საორგანიზაციო მოდელის შესაქმნელად ჩვენ რამდენიმე ფინანსურ და იურიდიულ მოდელს განვიხილავდით. თუკი ფინანსური მდგრადობის პასუხისმგებლობა მთლიანად სარედაქციო (აღმასრულებელ) გუნდს დაეკისრებოდა, საჭიროდ ჩავთვალეთ მფლობელობის შესაბამისი, ხელახალი გადანაწილება, რომ მკაფიო ყოფილიყო პოტენციურ დონორებთან და მკითხველთან ანგარიშვალდებულების პირობები. სამწუხაროდ მფლობელთან შეთანხმება ვერ შედგა. ამის გამო, მოცემულ მომენტში, ლიბერალი წყვეტს ფუნქციონირებას", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.


"ლიბერალის" შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაცია პირველად დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.  

“გვაქვს ფინანსური პრობლემები, რომელთან გამკლავებასაც ვცდილობთ. როგორ გავუმკლავდებით ამ პრობლემებს, ამაზეა ბევრი რაღაც დამოკიდებული”- თქვა შორენა შავერდაშვილმა ტელეკომოანია “ფორმულასთან” საუბრისას. “მედიაჩეკერს” კი მაშინ განუცხადა, რომ ლიბერალთან დაკავშირებით იმ ეტაპზე საჯარო კომენტარებს არ აკეთებდა.  შორენა შავერდაშვილთან დაკავშირება დეტალების დასაზუსტებლად, "მედიაჩეკერმა" ამჯერადაც სცადა,  თუმცა, მან განაცხადა, რომ დამატებით საჯარო კომენტარებს არც ამჯერად აკეთებს. 

"ლიბერალზე" ბოლო ამბავი 29 ნოემბერს არის გამოქვეყნებული. 

6-წლიანი მუშაობის შემდეგ,  “ლიბერალის” ყოფილმა გუნდმა, 3-მა რედაქტორმა და 6 ჟურნალისტმა, გამოცემა მიმდინარე წლის ივნისში დატოვა. მათი სპეციალური განცხადებიდან, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, იკითხება, რომ გუნდს შეუთანხმებლობა ჰქონდა გამოცემის მფლობელთან შორენა შავერდაშვილთან მედიასაშუალების მომავალთან დაკავშირებით. ახალი სარედაქციო გუნდი, ხედვა და მიზნები  საზოგადოებას მფლობელმა 6 აგვისტოს წარდუგინა. იმ განცხადებაში ნათქვამი იყო,  რომ გუნდი განახლებულ მარკეტინგულ სტრატეგიასა და ვებგვერდზე მუშაობდა და განახლებულ პლატფორმის წარდგენას შემოდგომის ბოლოს გეგმავდა.

კატეგორია - საქართველო
12 დეკემბერს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. მანდატურებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.  ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა, “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, დაიწყო თუ არა პარლამენტში მომხდარზე მოკვლევა, თუმცა,  ამ დროისთვის (მომხდარიდან რამდენიმე საათში), უწყებიდან პასუხი არ გვაქვს.

იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და მედიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, მანდატურებმა ჟურნალისტებს და ოპერატორებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.



კადრებში ჩანს, რომ მანდატურებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა “ტაბულას” ჟურნალიტ თიკო ერაძეს, რომელიც სხდომათა დარბაზში მიმდინარე პროცესს აშუქებდა. თიკო ერაძემ “TV პირველთან” ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ჟრუნალისტებზე ძალადობის ფაქტს თვალს ადევნებდნენ უმრავლესობის დეპუტატები და მათ არაფერი მოუმოქმედებიათ:

alt“ჟურნალისტები ვაშუქებდით იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც იყო სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატებს შორის. მივედით სინქრონების ჩასაწერად. უცებ, წამიერად მანდატურები დაირაზმნენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით ჟურნალისტების და ოპერატორების გამოყვანა სხდომათა დარბაზიდან. რაც მთავარია, ეს ხდებოდა უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით. ხედავდნენ, რომ გვცემდნენ და ძალის გამოყენებით გამოვყავდით დარბაზიდან, არანაირი მსგავსი მოწოდება, რომ ნუ ძალადობთ ჟურნალისტებზე, მათი მხრიდან არ ყოფილა”.

საპარლამენტო კომიტეტიდან ჟურნალისტების გამოძევებას “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” გამოეხმაურა. ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა დაუშვებელია: “ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია პარლამენტში დღეს მომხდარი ფაქტით, დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა, ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დარბაზში დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება იყო და მედიის ინტერესი, გაეშუქებინათ კონფლიქტი, ბუნებრივი იყო”.

ქარტიამ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ მანდატურების ქმედებები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება.

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე განცხადება გაავრცელა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც”.

“მმართველი პარტია უნდა იაზრებდეს მედიის როლს და ფუნქციას და ვალდებულია, შეუქმნას ჟურნალისტებს გარემო, სადაც ექნებათ კანონით გარანტირებული პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების“ წევრებს, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების განხორციელება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას კრძალავს. კანონში განმარტებულია, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება:

“ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.”

მომხდარის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში ყველა კანონის შესაბამისად მოქმედებდა: “მე უზრუნველვყავი და მანდატურებმაც უზრუნველყვეს, რომ ჟურნალისტები შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში და გაეშუქებინათ ეს პროცესი ბოლომდე. ამიტომ, თუკი რაიმე გაურკვევლობა მოხდა, ამას გავარკვევთ, თუმცა არავინ არავის არ უნდა გადააბრალოს. ყველა მოქმედებდა კანონის შესაბამისად და იცავდა კანონს”.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზიდან მედიის “შეუსაბამო ფორმით” გაყვანას შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს:

“ის რაც დღეს იურიდიულ კომიტეტზე მოხდა ჟურნალისტების მისამართით, არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხეთ ამ ძალადობის თავიდან აცილება. შექმნილი არეულობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სიტუაციაში სათანადოდ გარკვევა. ვფიქრობ, უსამართლოდ და შეუსაბამო ფორმით მოხდა მედიის დარბაზიდან გაყვანა. ამაზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება”.

“მედიაჩეკერი” დაინტერესდა, დაიწყო თუ არა მომხდარზე მოკვლევა პარლამენტში. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ, გვითხრეს, რომ პარლამენტში არსებული ვითარების გამო (იგულისხმება რაღაც ნივთიერების დასხსმის შემდეგ განვითარებული მოვლენები. რედ.), ახლა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ და ინფორმაციას დღეს საღამოს მოგვაწვდიან.
კატეგორია - საქართველო
“იმედი”, “პირველი არხი”, “რუსთავი 2” და “მაესტრო” - 10 დეკემბერს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში გამართული ღონისძიების გასაშუქებლად, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, მხოლოდ ეს ოთხი მაუწყებელი მიიწვიეს. შერჩეული მედიების წინასწარ შედგენილ სიაში ვერ მოხვდნენ სხვა მაუწყებლები, მათ შორის, ისინი, ვინც ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან უშიკიშვილმა “მედიაჩეკერთან” დაადასტურა, რომ ღონისძიებაზე მედიები წინასწარ შერჩევით მიიწვიეს. ჩვენს შეკითხვაზე რა პრინციპით შეარჩიეს მედიასაშუალებები, გვიპასუხა:

“ჩვენ ესეთ ღონისძიებებზე ვიწვევთ იმათ, ვინც ციხის თემატიკით არის დაინტერესებული და არა, ვთქვათ, იმ დღის სხვა თემებით, რისთვისაც არსებობს სამინისტროში ბრიფინგი, პრესკონფერენცია და კომუნიკაციის სხვა საშუალებები”.

პენიტენციურ დაწესებულებაში მინისტრის სტუმრობის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა ნინო ვარძელაშვილმა კოლეგებისგან შეიტყო. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გადამღებმა ჯგუფმა ღონისძიებაზე წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ადგილზე მისულები დაწესებულებაში არ შეუშვეს, მიზეზად კი განუცხადეს, რომ ტელეკომპანია “ფორმულა” სიაში არ იყო:

“როგორც ვიცი, გუშინ დაურეკეს რამდენიმე არხის პროდიუსერს და უთხრეს, რომ დღეს 2 საათზე იყო ღონისძიება და თეა წულუკიანი უნდა მისულიყო რუსთავის მე-17 დაწესებულებაში. ჩვენ შემთხვევით გავიგეთ და გადავწყვიტეთ მისვლა, რადგან ვიფიქრეთ, რომ უბრალოდ გამოვრჩით. არ მეგონა, რომ ის პრობლემები შეგვექმნებოდა, რაც ადგილზე დაგვხვდა. ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჩავედით და პრესსამსახურმა გვითხრა, რომ არ ვიყავით სიაში და ვერ შეგვიშვებდნენ. პრესსამსახურმა განმიმარტა, რომ სია წინა დღეს იყო შედგენილი”, - გვიყვება “ფორმულას” ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი.

შეკითხვაზე, რატომ არ შეუშვეს “ფორმულას” გადამღები ჯგუფი, რუსუდან უშიკიშვილი ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მედიის დასაშვებად ერთი საათი საკმარისი არ იყო: “ერთი საათით ადრე ვერ მოხდებოდა ციხეში დაშვება. ფიზიკურად ვერ შევუშვებდით, იმიტომ, რომ დაშვებას თავისი წესები აქვს”.

პენიტენციურ დაწესებულებაში გამართული ღონისძიების შესახებ არც “ტვ პირველი” და “მთავარი არხი” იყო ინფორმირებული. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მედიების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა სამთავრობო უწყებების მხრიდან უკვე პრაქტიკაა:

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მსგავს დისკრიმინაციულ მიდგომას იყენებს კრიტიკული მედიის მიმართ. ზუსტად იგივე პრაქტიკა ჰქონდათ რამდენიმე კვირის წინაც, საერთოდ არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რა ღონისძიება იმართებოდა. იგივე გააკეთეს დღესაც. ჩვენ როდესაც გავიგეთ, უკვე ღონისძიება იმართებოდა და რუსთავში ჩასვლას აზრი აღარ ჰქონდა, ვეღარ ჩავასწრებდით. სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ ის პირები, ვინც არიან პასუხისმგებელი მედიასთან კომუნიკაციაზე ამ უწყებიდან.”

თეა წულუკიანის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიასთან კრიტიკული ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ კრიმინალური სუბკულტურაზე და არაფორმალური მმართველობაზე ისაუბრა. ცხადია, ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის შემდეგ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. სწორედ ამის გამო, ტელეკომპანია “მთავარში” და “ფორმულაში” ფიქრობენ, რომ კრიტიკული მედიის მიწვევა მთავრობის ინტერესში არ შედიოდა.
კატეგორია - საქართველო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) წევრად, 11 დეკემბერს პარლამენტმა 6 წლის ვადით კახა ბექაური აირჩია. მის კანდიდატურას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომუნიკაციების კომისიაში ეს ვაკანსია კახა ბექაურის, როგორც კომისიის წევრის ადგილზე იყო გამოცხადებული.

კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, 2017 წლიდან კი - თავმჯდომარეა. მას კომისიის წევრობის უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 24 იანვარს ეწურება.  მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ვაკანტურ ადგილზე კონკურსი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე, ან ვადის გასვლიდან 10 დღეში უნდა გამოცხადებულიყო.

საქართველოს მთავრობამ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 17 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში ოთხი განმცხადებელი მონაწილეობდა: კახა ბექაური, ივანე მახარაძე, მარიამ სულაბერიძე და მაია მეცხვარიშვილი. მათგან მაია მეცხვარიშვილის გარდა, სამივე განმცხადებელი კომისიის მოქმედი თანამშრომელია.

ოთხი განმცხადებლიდან საქართველოს მთავრობამ სამი შეარჩია: კახა ბექაური, ივანე მახარაძე და მარიამ სულაბერიძე. "მედიაჩეკერი" შეეცადა გაერკვია, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს საქართველოს მთავრობაში ეს სამი კანდიდატი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ და აუცილებლად მოგვაწვდიან (ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება. რედ.)

25 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე აღნიშნული კანდიდატების სიამ რამდენიმე ინსტანცია გაიარა. შესაბამისი პროცედურების შემდეგ კი, 11 დეკემბერს, პარლამენტის წევრებმა შერჩეულ კანდიდატებს უყარეს კენჭი. 

ვინაიდან, კახა ბექაურს, როგორც კომისიის წევრს უფლებამოსილების ვადა 2020 წლის 24 იანვარსეწურება, მისი წევრად დანიშვნის შესაბამისი დადგენილება 25 იანვრიდან ამოქმედდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება.

კატეგორია - საქართველო
2020 წლის 1 იანვრიდან სატელევიზიო რეიტინგებს საქართველოში, სავარაუდოდ, ისევ ერთი კომპანია გაზომავს, თუმცა მასში ბაზარზე დღეს უკვე მოქმედი ორივე მთვლელი მიიღებს მონაწილეობას.

“იქმნება ახალი კომპანია, რომელშიც 50-50%-ით შევა ბაზარზე უკვე არსებული 2 კომპანია - “თი ვი ემ არ საქართველო” და “ტრი მედია ინტელიჯენსი”. ის გააგრძელებს მუშაობას ბაზარზე ახალი წლიდან”, - უთხრა “მედიაჩეკერს” ნინო გოგოლაძემ, “თი ვი ემ არ საქართველოს” დირექტორმა.

მისივე თქმით, იქმნება ინდუსტრიის კომიტეტი (Joint Industrial Committee), რომელშიც ჩართული იქნებიან რეკლამის დამკვეთები, საეტელევიზიო არხები და სარეკლამო სააგენტოები.

“ანუ ყველა 3 მხარე იქნება ჩართული, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მართავს ინდუსტრიის კომიტეტებს. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ინდუსტრიის კომპანიები მართავენ მთვლელებს”, - ამბობს ნინო გოგოლაძე.

ინდუსტრიული კომიტეტი 3 წლის წინ შექმნა “რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციამ” საქართველოში. მასში მონაწილეობდნენ რეგიონული ტელევიზიების, სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნესმენები.

“გამოვაცხადეთ ფასთა მოკვლევა, მივიღეთ 3 განაცხადი - თი ვი ემ არ-ისგან, ტრი მედია ინტელიჯენსისგან და კიდევ ერთი კომპანიისგან, რომელიც ინოვაციურ დათვლებს გვთავაზობდა. მესამეზე ვერ მოვიპოვეთ დონორის მხარდაჭერა, ხოლო პირველი ორის შემთხვევაში ერთი რეგიონი მაინც რომ დაგვემატებინა, სადაც საერთოდ არ ხორციელდება დათვლა, მაგალითად, კახეთი, ნახევარი მილიონი მაინც უნდა მოგვეძიებინა. ამიტომაც ამ მიმართულებით ფიქრი აღარც გაგვიგრძელებია,” - უთხრა “მედიაჩეკერს” ნათია კუპრაშვილმა, რომელიც მაშინ “რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციას” ხელმძღვანელობდა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ არსებობდეს ინდუსტრიული კომიტეტი, რომელშიც რეგიონული მაუწყებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ისეთ ტექნიკურ დავალებას გასცემს, რომ შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ ურბანული ცენტრების, არამედ რეგიონულ დონეზე სატელევიზიო რეიტინგების მონაცემების ჩაშლა.

2016 წლიდან საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს 2 კომპანია ითვლის.

“ტრი მედია ინტელიჯენსის” (TMI) მფლობელები არიან მერაბ ფაჩულია (საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის “გორბის” დამფუძნებელი) გიორგი თევდორაშვილი (პალიტრა მედია ჰოლდინგის დამფუძნებელი). „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ცნობით, ის კანტარ მედიას სატელევიზიო აუდიტორიის ტექნოლოგიის ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. თავის მხრივ, კანტარ მედიას 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და 22,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. TMI-ის კლიენტებს შორის ნაციონალური მაუწყებლებიდან არიან საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო, ჯი დი ესი, პალიტრა.

“თი ვი ემ არ საქართველოს” 100%-ანი წილის მფლობელია კომანდიტური საზოგადოება თი-ვი ემ-არ (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). ეს კომპანია 2005 წლიდან აწვდის საქართველოს სატელევიზიო ბაზარს კვლევის შედეგებს. “თი-ვი ემ-არ საქართველო“ ამერიკული ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორია. TVMR-ის კლიენტებს შორის ნაციონალური მაუწყებლებიდან საქართველოში არიან რუსთავი 2, მთავარი არხი, ტვ პირველი, ფორმულა, კავკასია, საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვ.

სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი ორივე კომპანიის სანდოობის მიმართ სხვადასხვა დროს პერიოდულად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს მაუწყებლები. TVMR-ს წინა ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, TMI-ის კი - მოქმედი ხელისუფლების. თუმცა ამ ბრალდებებს ორივე კომპანიაში უარყოფდნენ.

ნინო გოგოლაძის თქმით, ჯერ ახალი კომპანია, რომელიც ახალი წლიდან უნდა შეუდგეს სატელევიზიო რეიტინგების თვლას, ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, მისი ინფორმაციით, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ინდუსტრიის კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელმაც უნდა შეიმუშაოს მეთოდოლოგია და პოლიტიკა, რომლითაც ახალი მთვლელი კომპანია იმუშავებს.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმე აღარ გადაიხედება - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, 10 დეკემბერს გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს განცხადება გააკეთა და სასამართლოს გადაწყვეტილება მთავრობის დიდ გამარჯვებად შეაფასა.

“გუშინ, 9 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ, ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას ითხოვდნენ.... სტრასბურგის გადაწყვეტილებები არის საბოლოო და დღეიდან არავითარ გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. ეს არის, მე ვფიქრობ, სახელმწიფოს და იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის, რომლის წინააღმდეგაც იყო ეს საჩივარი მიმართული, დიდი გამარჯვება, მეორე გამარჯვება”.

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა 24 ოქტომბერს მოითხოვეს. სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ კი 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა დაუშვებლად ცნო.
კატეგორია - საქართველო
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით უნდა აირჩეს, საკონკურსო კომისია 9 განმცხადებლიდან შეარჩევს. მათ შორის არიან ჟურნალისტები: მაუწყებლის თანამშრომელი ლაშა ზარგინავა და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტუდიის წარმომადგენელი ირმა ზოიძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატის შესარჩევი კონკურსი 6 დეკემბერს დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობენ:

  • ბეჟან გობაძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით;
  • თემურ დიასამიძე - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი წინა ხელისუფლების დროს;
  • ნათია აფხაზავა - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი;
  • ლაშა ზარგინავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ტოქშოუს "მთავარი აჭარაში" წამყვანი;
  • არჩილ ხახუტაიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • ციალა ქათამიძე - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი, ასევე, სახალხო დამცველის ყოფილი წარმომადგენელი აჭარაში; 
  • ჯემალ მეგრელიძე - მედიაჯგუფი “აჭარა p.s.-ის” გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი;
  • ირმა ზოიძე - ბათუმში მოქმედი საგამოძიებო სტუდია "REC-ის" ჟურნალისტი;
  • გია ქარცივაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი, აჭარის ტელევიზიის HR.

რატომ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობა ლაშა ზარგინავამ და ირმა ზოიძემ
 

მაუწყებლის მოქმედი თანამშრომელი, ტოქშოუს წამყვანი ლაშა ზარგინავა, ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ ბოლო კონკურსშიც მონაწილეობდა. მაშინ მან განაცხადის შეტანა იმ მოტივით ახსნა, რომ სურდა ბორდს ასარჩევად ბევრი ალტერნატივა ჰქონოდა. თავისუფალი სიტყვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის სურვილით ხსნის გადაწყვეტილებასაც, გახდეს ტელევიზიის მრჩეველი.

“ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო იმისათვის, რომ ტრიბუნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ექნება მრჩეველს, ბოლომდე გამოვიყენო,საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, ჩემი თნამშრომლებისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად”, - დაწერა მან 6 დეკემბერს ფეისბუკზე, მას შემდეგ, რაც კონკურსში განაცხადი შეიტანა.

“მედიაჩეკერთან” საუბარში იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ იყო: “20 წელია აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ და არ არის მარტივი, ჩამოშორდე იმ საქმეს, რომლის გარდა სხვა საქმე არ იცი, ფაქტობრივად”, მაგრამ, ასე გუნდთან ერთად გადაწყვიტა და მთავარი მიზანია, რომ მათი ხმა მრჩევლის პოზიციიდან ისმოდეს:

“წლების განმავლობაში ის მიღწევები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს აქვს, რეალური საფრთხის წინაშეა და ამაზე ყველა ფორმატში უნდა ვისაუბროთ. მინდა ვიყო მხარდამჭერი იმ ადამიანების, ვინც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვირვებით, შექმნა პრეცენდენტი და ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებისთვის. მეც ვარ ამ გუნდის წევრი და ჩვენს მონაპოვარს გავუფრთხილდები, რა თქმა უნდა, ყველა ფორმატში”.

ლაშა ზარგინავას მსგავსად, ირმა ზოიძეც, რომელიც დირექტორის შესარჩევ კონკურსებშიც მონაწილეობდა, ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზანია ბოლომდე იბრძოლოს მაუწყებლის დასაცავად.

“ცხადად დავინახე, რომ არის კრიზისი ადმინისტრაციას, ბორდსა და გუნდს შორის, ამავე დროს, მოვისმინე ფრაქციის განცხადება, რომ ისინი ამ კვოტას უთმობენ საზოგადოებას და ჟურნალისტებს და ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე მონაწილეობა”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში და ამატებს, რომ დღეს ტელევიზიის თანამშრომლებს ყველაზე მეტად ორი რამის ეშინიათ: ჩაერევიან მათ სარედაქციო პოლიტიკაში, ან თუ ამ ჩარევას არ მიიღებენ, მათ დაითხოვენ: “ორი გარანტი ჭირდება ამ ადამიანებს, მგონია, რომ ამ ორი გარანტის პირობა და საშუალება ჯერჯერობით არის და მინდა, რომ ამის მონაწილე ვიყო, რა თქმა უნდა, ღირებულებების დაცვით”.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობენ, იმ პირობებში, როდესაც სამეურვეო საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხი ხელისუფლებასთან არის აფილირებული, რამდენად შეძლებენ ბორდიდან რამე შეცვალონ, ირმა ზოიძე ამბობს, რომ მინიმუმი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, ბორდში მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროდ გახმოვანებაა:

“მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც მაგალითად გაასაჯაროებს შიგნით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას. ეს არის ბერკეტი გარეთ სათანამშრომლოდ და გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას”.

“არ მაქვს მოლოდინი, რომ ერთი ადამიანი იქ რაიმეს შეცვლის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ერთი ადამიანის საუბარი არ იქნება უშედეგო და აზრს მოკლებული, იმიტომ, რომ მრჩევლებს ზოგადად აქვთ ძალიან დიდი რესურსი”, - ამბობს ლაშა ზარგინავა.

ვინ და როდის აირჩევს მეხუთე მრჩეველს
 

ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, რომლის კვოტითაც მეხუთე მრჩეველი უნდა შეირჩეს, ვაკანტურ ადგილზე განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 5 დეკემბერს განაცხადეს, რომ თავიანთ კვოტას საზოგადოებისთვის და მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის მისაღებ კანდიდატს დაუთმობენ.

''ჩვენს კვოტას ვთმობთ საზოგადოების სასარგებლოდ... ჩვენ აჭარის ტელევიზიის იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც იბრძვიან სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის და საზოგადოებისათვის მისაღებ კანდიდატს დავუჭერთ მხარს", - განაცხადეს დეპუტატებმა​.

მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი საკონკურსო კომისიამ უნდა შეარჩიოს. ამ ეტაპზე კომისია დაკომპლექტებული არ არის. საკონკურსო კომისია მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება.კომისიამ მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა შეარჩოს და უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს დასამტკიცებლად.

მრჩეველთა საბჭოში ამ ეტაპზე ოთხი წევრია. სამი მათგანი - სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და გიგა ჩხარტიშვილი ბორდში ''ქართული ოცნების'', ხოლო ერთი თამარ წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით არის შესული. წილოსანი, ამავე დროს, არჩევისას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თანამშრომელი იყო, - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე.

საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილია. იგი ერთ-ერთი საბჭოს იმ ორ წევრს შორის, რომლებმაც მიმდინარე წლის 10 აპრილს იმდროინდელ ბორდს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართეს. მეხუთე წევრის შესარჩევად ეს კონკურსი განმეორებით არის გამოცხადებული. წინა კონკურსზე კანდიდატის წარდგენაზე “ნაციონალურმა მორაობამ” უარი თქვა იმ მოტივით, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა კანდიდატებს გასაუბრებოდნენ.

კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში) გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა და უწყებიდან მიღებული შეტყობინება გამოაქვეყნა.

ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაბარებას თავის ფეისბუქ პოსტს უკავშირებს, რომელიც 3 დეკემბერს გამოაქვეყნა.

"ერთი ფბ პოსტის გამო შეწუხდით ამხელა ხალხი? რა დონე პოსტები მცოდნია", - წერს გვარამია და ამ სტატუსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ უწყებას ურთავს, რომელშიც ვკთხულობთ, რომ 6 დეკემბერს, 11:00 საათზე, მას მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით იბარებენ უწყების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ დავით გოგოტიშვილთან.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც ნიკა გვარამია ამ დაბარებას უკავშირებს, შემდეგი შინაარსისაა:


alt“მარტივად:
სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.
საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.
ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც

•  არც თავისი ნებით მიდის
•  და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს 

ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და

•  უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და - სამშობლოს დავკარგავთ", - წერს გვარამია. 


"მედიაჩეკერის" შეკითხვაზე, აპირებს თუ არა  უწყებაში მისვლას,  ნიკა გვარამიამ გვიპასუხა: “ნებისმიერ შემთხვევაში დაკითხვაზე, ცხადია, გამოვცხადდები. ეს იქნება საგამოძიებო ორგანო თუ მაგისტრატი მოსამართლე, ამას ადვოკატთან ერთად, დღის მეორე ნახევარში გადავწყვეტ.”

 “მედიაჩეკერი” შეეცადა გაერკვია უკავშირდება თუ არა ტელეკომპანია "მთავარის" ერთ-ერთი მფლობელის გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, დეტალები არ დააკონკრეტეს.  

"ნიკა გვარამია დაბარებულია მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით", - რამდენჯერმე გაგვიმეორეს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კატეგორია - საქართველო

“ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია”, - ამ მოთხოვნით დღეს, 4 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა ტელევიზიის წინ აქცია გამართეს და განცხადება გაავრცელეს.

ჟურნალისტებმა დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრალდებები და დამოკიდებულება გააპროტესტეს და მოუწოდეს არ ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო საქმიანობაში.

"ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე. 22 ნოემბერს „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. პირველი, რაც ახალმა დირექტორმა გააკეთა, თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციაო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა

ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და სპექტაკლების დადგმაში დაადანაშაულა. გვითხრა რომ ვართ მიკერძოებულები, არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს”, - ვკითხულობთ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტებმა მიმართეს იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს. ჟურნალისტებმა მათ სთხოვეს, რომ გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე.


მაუწყებლის თანამშრომლებმა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევამდეც არაერთხელ გაანცხადეს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრებოდა. ასევე, შეგახსენებთ, რომ გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონსულტანტის პოზიცია მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა მარინა ვაშაყმაძემ დატოვეს.



მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორი აირჩიეს, თანამშრომლები, რომლებსაც სარედაქციო პოლიტიკის ხელყოფის შიშები ადრეც ჰქონდათ, ამ საფრთხეებზე ახლა უკვე ღიად და ინტენსიურად ალაპარაკდნენ. 

"ცენზურის სუნი მცემს", - დაწერა ფეისბუქზე 3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ. ის იყო პირველი, რომელსაც ეთერში ახალარჩეული დირექტორი ხმამაღალი ტონით ელაპარაკა და უთხრა, რომ უწუნებდა კრიტიკულ ტონს. 

 

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ორი დღეა მაუწყებელში შეხვედრებს მართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები - დირექტორი გიორგი მგელაძე და საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი. ისინი უკვე შეხვდნენ არხის ჟურნალისტებსა და ბორდის წევრებს, დღეს კი შეხვედრა დირექტორთან არის ჩანიშნული. 

"აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია" - ამ გზავნილით 2 დეკემბერს განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

"მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა", - ნათქვამია განცხადებაში. აქვე, ორგანიზაცია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.