საქართველო
კატეგორია - საქართველო

„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას.
 
ხელისუფლება ცდილობს დააშინოს და გააქროს ის მოქალაქეები და ორგანიზაციები, რომლებიც მას ვამხელთ მასშტაბურ კორუფციაში, ნეპოტიზმში, გაუმჭვირვალობაში, რუსული გავლენების გაზრდაში, სისტემური დანაშაულების გამოუძიებლობაში და ა.შ.

შექმნილი ვითარება - ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების შემცველი ქმედებები ხელს გვიშლის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას.

  • ნეტგაზეთი / ბათუმელები;
  • სტუდია „მონიტორი“;
  •  პუბლიკა;
  •  მთის ამბები / საქართველოს ამბები;
  •  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / მედიაჩეკერი;
  • სამხრეთის კარიბჭე;
  • ტაბულა;
  • oc-media;
  • jam-news;
  • on.ge;
  • Chai-khana;
  • ქართლი.ჯი;
  • ქუთაისიპოტი;
  • აპრილი მედია;
  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი";
  • პროექტი 64;
  • სათემო რადიო "მარნეული";
  • ინდიგო
კატეგორია - საქართველო


"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ტელეკომპანია "იმედს" მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ფარულ ჩანაწერებს, არ გამოიყენოს ისინი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისა და  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციისთვის. 
 
"იმედმა" Fორ.გე-ზე დაყრდნობით, უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გაავრცელა და საზოგადოებას როგორც უტყუარი ფაქტი, ისე შესთავაზა. 
 
ფარული ჩანაწერები რუსული კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სავარაუდო საუბარს ასახავს. 
 
ქარტიის განცხადებით, "იმედი" ამგვარი ქმედებით ინფორმაციის სიზუსტის პროფესიულ სტანდარტს არღვევს, უპატივცემულობას იჩენს აუდიტორიის მიმართ და გამიზნულად შეჰყავს შეცდომაში.
 
"„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველთვის პრობლემური იყო. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა, როდესაც მმართველმა პარტიამ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არაერთხელ გამოიყენა პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ. 
 
აღსანიშნავია, რომ ორი დღეა, მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული კანონის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატეს, მათ  შორის, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, უცხო ნომრებიდან უკავშირდებიან, ისეთი დეტალებით, რაც, გარეშე პირებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ემუქრებიან და სიტყვიერ  შეურაცხყოფას აყენებენ. კამპანიურობა და საუბრების შინაარსი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პერსონალური ინფორმაცია ამ პირებმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიიღეს".
 
ფარული ჩანაწერები გაავრცელეს ტელეკომპანიებმა "პოსტვ"-იმ და "რუსთავი 2"-მა.
კატეგორია - საქართველო



პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, უწყება უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას“, - წერია განცხადებაში.

დღეს, საღამოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილსა და სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების პოზიცია.

„ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება“, - ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან.  

 
 
კატეგორია - საქართველო


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე, გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ტელევიზიის თანამშრომლები გამოკითხა. გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებულები იყვნენ მედიის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც მომხდარ ფაქტს შეესწრნენ.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

„ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს შვედეთის საელჩოსთან თავს გუშინ დაესხნენ. კლდიაშვილი ტელევიზიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

მედიამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება გუშინვე შეძლო. "ფორმულას" ინფორმაციით, ის რეზო ვაშაყმაძეა, რომელიც "ქართული ოცნების" შემომწირველთა სიაშიცაა. 

გუშინ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, რუსული კანონის საწინაღმდეგო აქციის დაწყებამდე. მიკროფონის წართმევა სცადეს “ტვ პირველის” ჟურნალისტისთვის. 

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" გაავრცელა. ორგანიზაცია საგამოძიებო უწყებებს 7 მაისს თბილისსა  და თელავში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიისა და  პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

"„ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრულად და სისტემურად ეწევა თავისუფალი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას და ამგვარი მედიის ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საზოგადოების მტრებად და საფრთხედ წარმოჩენას ცდილობს. მაღალჩინოსნების მიერ საჯაროდ გამოხატული სიძულვილი ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ახალისებს, საგამოძიებო უწყებები კი დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას არ ჩქარობენ", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე, გიორგი კლდიაშვილსა და პედაგოგ ლადო აფხაზავაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტებს საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელი და მიუღებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

"მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების  პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“ განცხადებით, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა  "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა, რის გამოც ჟურნალის გამოცემა ამ ეტაპზე წყდება. 

„როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე წელს. 
 
გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. 
 
„არილმა“ მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას. 
 
„არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. 
 
არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმვლობაში. 
 
ამიტომ, ცხადია, "არილი" ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა. 
 
"არილის" არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება.  მივმართავთ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, საგამომცემლო სახლებსა და შესაბამის ფონდებს, იქნებ ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ერთად იდეა - „არილი“. ამის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როცა „არილის“ მკითხველებმა და გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟურნალის გადარჩენაში.
 
„არილი“ ათწლეულების ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების, მომავალზე ზრუნვის, წარსულის გააზრებისა და შემოქმედებითი ძალისხმევების სივრცედ ჩამოყალიბდა. „არილის“ იდეა ამ მცდელობებში იწრთობოდა წლების მანძილზე, ეს გზა გამოიარეს მისმა ერთგულმა ავტორებმა და მკითხველებმა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ეს იდეა დღემდე არსებობს და სულ უფრო და უფრო მწიფდება!“ - წერია განცხადებაში
 
კატეგორია - საქართველო


როგორც წესი, ყოველ წელს, აღდგომის ღამეს ქართული ტელეარხების უმეტესობა სააღდგომო ლიტურგიას პირდაპირ ეთერში აჩვენებს. ვნახოთ, რა ნახა მაყურებელმა ტელევიზიების ეთერით ამჯერად, 2024 წლის აღდგომის ღამეს?!

„იმედი“

2024 წლის აღდგომის ღამეს „იმედმა“ სააღდგომო ლიტურგიის ნაცვლად, მაყურებელს პირდაპირ ეთერში ქართული ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“ შესთავაზა.

4 მაისს ტელეკომპანია "იმედს" არ გაუშუქებია აღდგომის ერთად შესახვედრად ადამიანების შეკრება 23:00 საათიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

23:00 საათიდან არხის სატელევიზო ბადეში მოხვდა: „სტუმრად შუა ქალაქში“, „ვერის უბნის მელოდიები“, გვიან ღამით კი - მხატვრული ფილმი „გაიცანით ჯო ბლექი.“

„პოსტვ“

სააღდგომო ლიტურგია ვერ მოხვდა ტელეკომპანია „პოსტვ"-ის პირდაპირ ეთერშიც.  4 მაისს, 22:30-დან 23:48 საათამდე ტელევიზიის ეთერში რუსული სერიალი გადიოდა. 23:50 საათზე ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“ დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ კი - ისევ რუსული სერიალი.

"იმედის" მსგავსად, 4 მაისის ღამეს რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები არც "პოსტვ"-ის გაუშუქებია. 

ამ ტელევიზიებს მაყურებლებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ აქციის - „არა რუსულ კანონს“ მონაწილეები ქაშუეთის ეკლესიასა და პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, რათა აღდგომას ერთად შეხვედროდნენ. აქციის მონაწილეებმა ლოზუნგი - „მამული, ენა, ერთობა, სარწმუნოება“ სანთლებითა და ლაზერული გამოსახულებითაც დაწერეს. 

აღსანიშნავია, რომ პროტესტანტ ახალგაზრდებს რუსული კანონის მომხრეები „სარწმუნოების“ უარყოფაში ადანაშაულებდნენ.

May be an image of one or more people, heart and text

"საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი"

აღდგომის ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდა "საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს". "პირველმა არხმა" სიონის ტაძრიდან პირდაპირი ეთერი მაყურებელს სრულად, 03:30 საათამდე შესთავაზა. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ პარალელურად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები არც "პირველი არხის" ეთერში მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე 4 მაისს 23:20 წუთზე საინფორმაციო გამოშვების სპეციალური ეთერი დაიწყო. "კურიერი" სიონის ტაძრიდან პირდაპირი ჩართვით გაიხსნა. შემდეგ აჩვენეს რუსთაველის გამზირი და ქაშუეთი. წამყვანმა, სანდრო კაჭახიძემ მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, ვინ და რისთვის იყო შეკრებილი ეკლესიასთან. აღნიშნა ისიც, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. საინფორმაციო გამოშვებაში ქაშუეთის ეკლესიის ეზოდან ჩაერთო ჟურნალისტი, ბექა პატურაშვილიც. როგორც პატურაშვილმა თქვა,  ეს იყო აქციის უპრეცედენტო ფორმა, როდესაც რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას საპროტესტო აქცია ერწყმის. 

სხვა ტელევიზიები

ტელეკომპანიებმა: „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“ კი 4 მაისს პირდაპირი ეთერი აღდგომის ერთად შესახვედრად შეკრებილებსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს დაუთმეს.

 
კატეგორია - საქართველო



ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა. 

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ. ამ ღამით 40 მედიის წარმომადგენელი დაშავდა. 

18 ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული სამართალდარღვევისთვის საქართველოს მთავრობას 5000 ევროს გადახდა დაეკისრა. ეს ჟურნალისტები არიან: მერაბ ცაავა, ბესლან კმუზოვი, ზაზა სვანაძე, თამარ ბაღაშვილი, გვანცა ნემსაძე, ანა ვახტანგაძე, ნინო ხოზრევანიძე, თორნიკე კოშკაძე, გურამ მურადოვი, გიორგი ჭუმბურიძე, ეკატერინე აბაშიძე, გიორგი დიასამიძე, დავით შეყილაძე, დიმიტრი ფოჩხიძე, ირაკლი გიორგაძე, ნიკოლოზ შარვაშიძე, თეიმურაზ დიდბერაშვილი და ვახტანგ ბერიკაშვილი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს 15 000 ევროს გადახდა დაეკისრა: დავით ქურდოვანიძის, მაკო გომურის, გიორგი სულაშვილისა და ლექსო ჩანქსელიანის მიმართ.

მთავრობას ასევე დაეკისრა ნებისმიერი დამატებითი ხარჯის ანაზღაურება, მათ შორის მომჩივანთა სამართალწარმოების ხარჯებისა და თითოეული წარმომადგენლის მიმართ 6 000 ევროს ოდენობით თანხის გადახდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დღეს გამოიტანა. 

საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია აქცია, სადაც პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.

 
კატეგორია - საქართველო


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2024 წლის აპრილსა და მაისში აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე უწყებაში 80 შეტყობინება შევიდა, რომელიც აქციის მონაწილეებისა და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყებიდან დღემდე 67 პირი, მათ შორის 9 ჟურნალისტი გამოკითხა, სამედიცინო ექსპერტიზა კი 30 მოქალაქეს ჩაუტარდა.
 
სამსახურმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
 
„სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები; 
 
მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები;
 
გარდა ზემოხსენებულისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტებიდან და საჯარო უწყებებიდან, გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის პროცესი და მათი შესწავლა. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების ვინაობის შესახებ;
 
მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებიც 2024 წლის აპრილისა და მაისის აქციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას;
 
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
 
კერძო კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2024 წლის აპრილისა და მაისში ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
 
მიმდინარე საქმის ფარგლებში სამსახურმა 1 მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით:
 
„ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.
 
გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე;
 
სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით; შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე;
 
სხვადასხვა მედია საშუალებებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის“.
 
კატეგორია - საქართველო


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის 1 მაისის განცხადებით, „შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის" კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს“. 

„მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.  

ეს კანონი და ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას - რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ - არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა“.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი, რომელსაც მოქალაქეები ხელმეორედ დაინიცირების დღიდან აპროტესტებენ, პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.
 
 
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 30 აპრილსა და 1 მაისს სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლები მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდნენ: ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს. პრეცრაზმელები სცემდნენ  და აკავებდნენ აქციის მონაწილეებსაც.
 
 
დარბევის დროს, ორივე დღეს, დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი ეშლებოდათ მედიის წარმომადგენლებსაც.

განცხადების სანახავად გადადით ბმულზე.

 
კატეგორია - საქართველო


პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს, ნიკა საჯაიას და სალომე ბოკუჩავას.
 
„მთავარი არხის“ ოპერატორებს: ზუკა ჩხირკვია, ავთო მესხი და ლუკა ლავრელაშვილი.
 
სამართალდამცველმა დაარტყეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც. 
 
რეზინის  ტყვიები მოხვდა ჟურნალისტს დავით თამაზაშვილს.
მედიის წარმომადგენელები დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ 30 აპრილის აქციის დარბევის დროსაც. 
 
საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღე იმართება. აქცია დაგეგმილია დღესაც, 19:00 საათზე. 

კატეგორია - საქართველო

პარლამენტში გუშინ, 23:00 საათიდან ამოქმედებული უსაფრთხოების წითელი დონე 14.00 საათზე გაუქმდება და მოქმედებას ყვითელი დონე დაიწყებს.
 
უსაფრთხოების დამატებითი ზომების გამო საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 2 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები: ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება.

პარლამენტის ოფიციალური განცხადებით, „წითელი დონის დროს შენობაში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა".

უსაფრთხოების ყვითელი დონე კი ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს და შენობაში მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლები დაიშვებიან.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზანი პარლამენტის განცხადებით, შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.

რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებისას ონლაინ მედიის ჟურნალისტებს შენობაში სწორედ, უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო არ უშვებენ.

დაწესებული შეზღუდვები მიმდინარე კვირაში ნაწილობრივ ტელემედიის წარმომადგენლებსაც შეეხოთ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი, რომელსაც მოქალაქეები ხელმეორედ დაინიცირების დღიდან აპროტესტებენ, პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით მიიღო.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 30 აპრილსა და 1 მაისს სპეცრაზმმა რამდენჯერმე დაარბია. შსს-ის წარმომადგენლები მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდნენ: ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და რეზინის ტყვიებს. პრეცრაზმელები სცემდნენ  და აკავებდნენ აქციის მონაწილეებსაც.

დარბევის დროს, ორივე დღეს, დაშავდნენ და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი ეშლებოდათ მედიის წარმომადგენლებსაც.
კატეგორია - საქართველო
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 30 აპრილსა და 1 მაისს საპოლიციო ძალების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას გმობს და საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, რამდენჯერმე დაარბიეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. საპოლიციო ძალები იტაცებდნენ ადამიანებს და დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორცული ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. 

ამ პროცესში საპოლიციო ძალების სამიზნე აღმოჩნდნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. მათი ერთი ნაწილის მიმართ საპოლიციო ძალებმა სპეციალური საშუალებები, კერძოდ, წიწაკის სპრეი, გამოიყენეს, ხოლო მეორე ნაწილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

,,ტვ პირველის” ცნობით და და ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა ,,ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე (ნანუკა ქაჯაია, დავით ბერაძე) იძალადა  - მათ ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ,,ტვ პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს (გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს). ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ,,ტვ პირველის” ინფორმაციით,  მათ  ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში „პუბლიკას“ რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე, სრულიად მშვიდობიანად მდგომი, პოლიციელებმა ჯერ კორდონში შეითრიეს, სადაც მას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც პოლიციელები მიხვდნენ, რომ მათ მიერ დაკავებული პირი ჟურნალისტი იყო, მათ რობი ზარიძის პატრულისთვის გადაბარება გადაწყვიტეს, თუმცა პატრული ვერ იპოვეს და საბოლოოდ ჟურნალისტი გაუშვეს. მას დაუბრუნეს ჩამორთმეული ტელეფონიც, თუმცა დაზიანებული. 
 
პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს, რომელსაც ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, მას უკან დაეხია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.  
ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის” ცნობით, დაშავდა ასევე CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ საპოლიციო ძალების მხრიდან უკანონო ქმედების და ძალის გადამეტების ყოველი შემთხვევა და მოძალადეები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ. ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მოქალაქეებთან ურთიერთობისას კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.