საქართველო
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19.9 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 18.2 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23.5%-ით მეტია.

ტელევიზიების შემოსავლები — უახლესი მონაცემები:


კანონით, მაუწყებლები ვალდებულები არიან, კომერციული სარეკლამო შემოსავლების შესახებ მონაცემები კვარტალში ერთხელ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიაწოდონ.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი მოიცავს: კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს, განცხადებებს.

მაუწყებლების მიერ, 2023 წლის მესამე კვარტალში წარგენილი მონაცემებით, ტელევიზიების საერთო სარეკლამო შემოსავალი 18.2 მილიონი ლარი იყო.

აქედან:

  • 74% — პირდაპირი რეკლამა
  • 13.8% — სპონსორობის წილი.
ეს მონაცემი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით მეტია.

უფრო დეტალურად:

  • ტელეიმედი — 6.3 მლნ ლარი
1.4 მლნ ლარით მეტი, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

  • "მედია ჰოლდინგი" (ყოფილი "რუსთავი 2") — 2.6 მლნ ლარი
1.1 მლნ ლარით მეტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

  • მთავარი არხი — 1.9 მლნ ლარი
0.2 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

  • პოსტვ — 1.9 მლნ ლარი
0.5 მლნ ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

  • ფორმულა — 1.3 მლნ ლარი
0.4 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

  • ტვ პირველი — 1.2 მლნ ლარი
0.1 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

  • GDS TV — 0.7 მლნ ლარი
0.2 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

  • BMG — 0.7 მლნ ლარი
0.1 მილიონი ლარით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი — 0.5 მლნ ლარი
0.1 მილიონი ლარით მეტი კომერციული სარეკლამო შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

  • პალიტრანიუსი — 0.1 მლნ ლარი
0.07 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში
  • სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

რადიომაუწყებლების შემოსავალი

2023 წლის მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირმა რეკლამამ, 9%-ზე მეტი კი სპონსორობამ დაიკავეს.

რომელ კონმანიებს სეაქვთ რეკლამა ტელევიზიებში

კომუნიკაციების კომისიამ ეს მონაცემებიც გამოაქვეყნა.

ტელეიმედის რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, რომელთა გადახდილი თანხაც 100-დან 500 ათას ლარამდე მერყეობს, შემდეგნაირია:

  • „დიპლომატ ჯორჯია”; „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”; „სლობოდა”; „პსპ ფარმა”; „აიდიეს ბორჯომი თბილისი”; „წყალი მარგებელი”; „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს”; „ქართული სადისტრიბუციო – მარკეტინგული კომპანია”; „კოლგეიტ პალმოლივი” და „არქი პრომოუშენი”.

რუსთავი 2-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთი კომპანიების ათეული, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 50-დან 500 ათასი ლარის ფარგლებში უხდიდნენ იყვნენ:

  • „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „სლობოდა”, „გალფი”, „ვისოლი”, „კოლგეიტ პალმოლივი”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „შპს იმპელ დეველოპმენტი”, „ავერსი-ფარმა” და „დიპლომატ ჯორჯია”.

მთავარ არხს რეკლამისთვის 7-დან 500 ათასამდე ლარის ფარგლებში გადაუხადეს.

  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ”, „პსპ ფარმამ”; „ვისოლმა”, „დიპლომატ ჯორჯიამ”, „წყალი მარგებელმა”, „ავერსი ფარმამ”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა”, „სელფი მობაილიმა”, „ვიმ ბილ დან საქართველომ” და „მაკდონალდსმა”.

ტელეკომპანია ფორმულას რეკლამაში 7-დან 500 ათასამდე ლარს შემდეგი კომპანიები უხდიდნენ:

  • „კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯია”, „პსპ ფარმა”, „თიბისი ბანკი”, „შპს სი კორპორეიშენ22”, „თეგეტა მოტორსი”, „ავერსი-ფარმა”, „ჩინური მედიცინის ცენტრი”, „კ. ერისთავიის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”, „საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალი” და „დიპლომატ ჯორჯია”.

პოსტვის შემთხვევაში, ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომელთა გადახდილი თანხაც 7-დან 500 ათასამდე მერყეობდა იყვნენ:

  • „კავეა”, „კავკასუს ავტო სერვისი”, „ტიფლის ფაბი”, „სტერეო+”, „რესპუბლიკა”, „რძისამე”, „ფალავანი”, „ვისოლი”, ასევე, „გალფი” და „დიპლომატ ჯორჯია”.

ტელეკომპანია პირველს რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე უხდიდნენ:

  • „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „გალფი”, „კავეა”, „ჯინო პარკი”, „წყალი მარგებელი”, „ვენდისი”, „დანკინ დონათსი”, „დიპლომატ ჯორჯია” და „ვისოლი”.

I და II კვარტლის მონაცემები


  • 2023 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციული სარეკლამო შემოსავალი 15.6 მილიონი ლარი იყო.
  • 2023 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციული სარეკლამო შემოსავალი 23.3 მილიონი ლარი იყო.
კატეგორია - საქართველო
21 დეკემბერს, პროკურატურამ სასამართლოს მტკიცებულებად წარუდგინა ინტერპრესნიუსის ინტერვიუ ლაზარე გრიგორიადისთან, რომელიც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით არის დაკავებული. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რა პრობლემაა?

  • ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხებოდა, ლაზარეს პასუხის დროს, თავდაპირველად, ინტერპრესნიუსს ციტატაში არ ეწერა “ჰიჰიჰი, უდანაშაულობის პრეზუმფცია”… და ციტატა ასე ჩასვეს: "მე ვისროლე “მოლოტოვი”. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, “ლევომეკოლს” წავუსვამ და babuska boi-ს მოვასმენინებ.
  • მედია კი ამბობს, რომ პირველივე ვერსიაში აღიქმებოდა ცინიზმი, მაგრამ რეალურად, სხვა მედიასაშუალებებმა ის “აღიარებად” შეფუთეს და საზოგადოებაშიც ასე გავრცელდა.
  • მიუხედავად მედიის მტკიცებისა, რომ ეს ცინიზმი ნათელი იყო, დღეს ამ ინტერვიუს სასამართლო მტკიცებულებად განიხილავს.

რა დაწერა გრიგორიადისმა და რა (ვერ) გაიგო მედიამ

12 დეკემბერს ინტერპრესნიუსმა ლაზარე გირგორიადისი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც ე.წ. მოლოტოვის სროლას ეხება გრიგორიადისი მედიას ასე პასუხობს:

  • “მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, “ლევომეკოლს” წავუსვამ და babuska boi-ს მოვასმენინებ”.

თუმცა თავდაპირველად ციტატას აკლდა — “ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი”. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ წინადადების ამოღებამ წინადადებას თავდაპირველი შინაარსი დაუკარგა და ცინიზმი/სარკაზმი მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი გახადა.

არაერთმა მედიასაშუალებამ ლაზარეს ეს ციტატა აღიარებად ჩათვალა და ასეც გააშუქა.

ინტერპრესნიუსის მთავარმა რედაქტორმა, ლელა ბაღდავაძემ მედიაჩეკერთან განაცხადა, რომ მათი რესპონდენტის ნათქვამი ფრაზა, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, ირონიული იყო — “ბრალთან დაკავშირებულ საკითხზე მისი ირონია კი ნიუსში კარგად იგრძნობა”.

მისივე თქმით:

  • “ის, ვინც ინფორმაციას თავიდან ბოლომდე წაიკითხავს, მიხვდება, რომ ბრალდებული, რომელიც საკუთარ უდანაშაულობაზე და მისი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაზე საუბრობს, არ შეიძლება ბრალს აღიარებდეს”;
  • “ამას ემატება ის, რომ „ინტერპრესნიუსი“ აკადემიურ სტილში ამზადებს ინფორმაციებს და რადგან საკითხზე ლაზარეს ირონიული პასუხი ისედაც ჩანდა, ნიუსი გამოქვეყნდა აღნიშნული შორისდებულის გარეშე, თუმცა მას შემდეგ, რაც რესპონდენტის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, მეტი სიცხადისთვის მოხდა “ჰი ჰი ჰის” ჩამატება”.
  • “რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისის მიერ ბრალის აღების თაობაზე ცალკეული მედიასაშუალების ინტერპრეტაციას, გარწმუნებთ, ჩვენს რესპონდენტს რომ ეს გაეკეთებინა, ინტერპრესნიუს აღნიშნულის დაწერას ვერც ერთი მედიასაშუალება ვერ დაასწრებდა”.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა იმავე დღეს გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ფრაზა ირონიული იყო. იგივე გაიმეორა ჩვენთან საუბრისასაც.

“არაფერს ვნანობ”

ეს ფრაზაც გამოიყენეს მედიებმა ინტერპრეტაციისთვის. რეალურად ციტატა ასეთი იყო:

  • “რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ჩვენ არამარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ, ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ”.

ვინ და როგორ შეფუთა გრიგორიადისის განცხადება “აღიარებად”

1. “იმედი”

სანამ ინტერპრესნიუსი ციტატას მთლიანად დაწერდა, იმედმა ქარდი დადო, სადაც დანაშაული აღიარებულად გამოაცხადა და მიუთითა, რომ არაფერს ნანობს. მოგვიანებით, ჩასწორების შემდეგ ეს ქარდი წაშალეს.

ქარდი წაშალეს, თუმცა ნარატივი არ შეცვლილა — ჟურნალისტმა შესავალ სიტყვაში პირდაპირ თქვა, რომ გრიგორიადისი დანაშაულს აღიარებდა და არაფერს ნანობდა.

2. “რუსთავი 2”

ტელევიზიას არც ინტერპრესნიუსის ჩასწორების შემდეგ შეუცვლია, წაუშლია ან გამოუსწორებია არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქებული ამბავი.

  • 12 დეკემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში (ამ დროს ციტატა მთლიანად იყო გამოქვეყნებული), ის სრულად არ წაუკითხავთ, არც უჩვენებიათ.
  • დღემდე რუსთავიორის ნიუსში ჩამატებული არ არის “ჰი, ჰი, ჰი”.

3. საზოგადოებრივი მაუწყებელი

12 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებებში ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუზე სიუჟეტი არ ჰქონიათ, თუმცა მისი წერილი გააშუქეს ვებგვერდზე.

  • ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ სათაურში გამოტანილი ფრაზა სხვადასხვა ციტატის გაერთიანებაა ან ციტატის სხვადასხვა ნაწილიდანაა აღებული — “ლაზარე გრიგორიადისი — მე ვისროლე "მოლოტოვი", ევროპულ კურსს ვიცავდი, არაფერს ვნანობ”.

სასამართლო

  • დღეს, 12 დეკემბერს ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც პროკურატურამ ახალ მტკიცებულებად ინტერპრესნიუსისმიერ გამოქვეყნებული წერილი წარადგინა.
  • დაცვის მხარის თქმით, წერილი ცინიკურად იყო დაწერილი და ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს ნათქვამი სიტყვები ვერ ჩაითვლება დანაშაულის აღიარებად.
  • თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხურავს არხ ტელესკოლას და 7 გადაცემას. მიზეზად რესტრუქტურიზაციას ასახელებენ და ამბობენ, რომ ცვლილებები სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს და ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

რომელი გადაცემები იხურება:

  • გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე;
  • კაცები;
  • დღის კოდი;
  • ფერმა;
  • თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად;
  • ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ;
  • ნატალიასთან და დათუნასთან ერთად.

გარდა ამისა, ტელევიზიის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ექვსივე გარეწარმოების კომპანიასთან.

რით ხსნის საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ გადაწყვეტილებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი "უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს". საუბრობენ დაფინანსების წესის ცვლილებაზეც.

  • "არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება".

განცხადებაში პასუხობენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღქმას, რომ დავით გორგილაძის გადაცემის დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა "ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია".

  • "მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას".
  • "არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს";
  • "კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით".

დაფინანსების ახალი წესი

15 დეკემბერს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც 2026 წელს ამოქმედება. კანონის მიხედვით, დასაქმებული ადამიანების რიცხვი გამრავლდება 64-ზე - სწორედ ასეთი იქნება დაფინანსების ახალი წესი.

  • უფრო კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა - გასულ წელს 82 მილიონ ლარზე მეტი იყო, წელს კი 101 მილიონი ლარია.

რამდენი იყო და როგორ განაწილდა საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებელი გორგილაძის გადაცემას "გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს" ხურავს.

ინფორმაციას გადაცემის პროდიუსერი ნატა მაღალაშვილი ადასტურებს. როგორც ის "მედიაჩეკერთან" საუბრისას ამბობს, ხელმძღვანელების მხრიდან გადაცემის დახურვის მიზეზად არხის რეორგანიზაცია და ფინანსური პრობლემები დასახელდა. მისივე ინფორმაციით, იხურება სხვა გადაცემებიც.

გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2021 წლიდან გადიოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოქმედი ნორმა და 2026 წლიდან ტელევიზია ქვეყნაში თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.

• დღეს მოქმედი წესით, საზოგადოებრიცი მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს 69.6 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლისთვის 110.3 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება.

• წაიკითხეთ ვრცლად: "რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?"
კატეგორია - საქართველო
პარლამენტმა შეცვალა პირველი მოსმენით მიღებული და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკრიტიკებული კანონპროექტი. ახალი ვერსიის მიხედვით, ტელევიზია თითოეული დასაქმებულიდან 64 ლარით დაფინანსდება.

დეტალები:
  • მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი 2026 წლიდან ამოქმედდება და დაფინანსება დამოკიდებული იქნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობაზე.
  • თუმცა თუ რომელიმე წელს, ამ მეთოდით დათვლის შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით ნაკლები თანხა გამოვა, დარჩება მიმდინარე წლის დაფინანსების რაოდებობა.
  • უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ამჟამად მოქმედი წესი - ფინანსდება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით.
  • გარდამავალ პერიოდში, ანუ 2024 და 2025 წელს საზმაუ დაფინანსდება წინა წელს მისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობით.

დღეს მოქმედი წესით, საზოგადოებრიცი მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს 69.6 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლისთვის 110.3 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ წესის დარჩენის შემთხვევაში, ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების გათვალისწინებით 2027 წლამდე დაფინანსება ასე გადანაწილდებოდა:

  • 2025 - 119,520 ლარი;
  • 2026 - 129,260 ლარი;
  • 2027 - 139,800ლარი.
რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება

  • მოქმედი კანონის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − 17%-ით.
  • წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან 21%-ით.

კანონპროექტი, რომელიც ტელევიზიამ დაიწუნა

პარლამენტი იღებდა კანონპროექტს რომელიც დაფინანსების არსებულ მოდელს ცვლიდა, თუმცა ის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკრიტიკა. ისაუბრეს “დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზეც” და პარლემენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს.


დაფინანსების ახალი მოდელი სწორედ კონსულტაციების შემდეგ შემუშავდა.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ქარტიის პრიზი 2023-ის გამარჯვებულები გამოავლინა. წელს, ქარტიის პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცა.

1. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში

გამარჯვებული: ლანა კოკაია - რადიო თავისუფლება - “როგორ ვიმუშავე ქსელურ მარკეტში და რა გავიგე დასაქმებულთა უფლებებზე”.

ფინალისტები:


2. სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში

გამარჯვებული: გელა მთივლიშვილი - მთის ამბები - “დანაშაული შოვში”.

ფინალისტები:


3. ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში

გამარჯვებული: მარიამ მუმლაძე - Chai Khana - “ქართველები უკრაინული დროშის მიღმა”.

ფინალისტები:


4. ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში

გამარჯვებული: ბუთა ორჯონიკიძე - Netgazeti - "უცხო ქუჩა, რომელზეც ვცხოვრობ".

ფინალისტები:


5. ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება

გამარჯვებული: სოფო აფრიამაშვილი - Netgazeti - "პანკისელების ბრძოლა მოქალაქეობისთვის".

ფინალისტები:


6. ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება

გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი - რადიო თავისუფლება -"ქალთა თავშესაფარში მოსმენილი ამბები”

ფინალისტები:


7. ხალხის რჩეული - საუკეთესო ნამუშევარი ევროინტეგრაციის თემაზე

გამარჯვებული: თენგიზ გოგოტიშვილი 

ფინალისტები:


"ქარ­ტი­ის პრი­ზი", სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სი, რომელიც მეთერტმეტედ გაიმართა. კონკურსის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ეთი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბას და პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას.
კატეგორია - საქართველო
ინტერნეტმა შეცვალა მედია, თხრობის ხერხები და პლატფორმები. დღეს, მომხმარებელი ინფორმაციის დიდ ნაწილს ფეისბუქიდან, ტიკტოკიდან და იუთუბიდან იღებს. ეს კი მედიას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს.

"როიტერსის ინსტიტუტმა" და "ოქსფორდის უნივერსიტეტმა" გამოაქვეყნეს 2023 წლის ციფრული ახალი ამბების კვლევის ანგარიში, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიგნება სოციალური ქსელების მომხმარებლების მიერ ახალი ამბების მიღების შეცვლილ მეთოდს შეეხება:
  • ე.წ "ინფლუენსერების" აზრს დიდი გავლენა აქვს. გამოკითხულთა მესამედზე მეტი ამბობს, რომ უნახავს სოციალური მედიის "ინფლუენსერი", რომელიც აკრიტიკებს ტრადიციული მედიის ჟურნალისტს - ეს თავის მხრივ მედიისადმი საზოგადოების განწყობას ცვლის და სანდოობის ხარისხს ამცირებს.
რას ცვლის ეს "ინფლუენსერებისთვის"?

ბოლო დროის თითქმის ყველა კვლევა ადასტურებს, რომ დღეს ტრადიციული მედია კარგავს აუდიტორიის ნდობას და ზოგადად მკითხველს/მაყურებელს. ადამიანები უფრო მეტად ენდობიან სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს ("ინფლუენსერებს")

რადგან
  • მათ მიერ მიწოდებული ამბები ინდივიდუალური ანუ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის დამახასიათებელ საუბრის მანერას, ისტორიას ან სხვა დეტალებს მოიცავს.
  • მათი კონტენტი ზუსტადაა მორგებული სამიზნე აუდიტორიაზე, ამიტომ ადამიანები "ინფლუენსერებს" აღიქვამენ, როგორც მეგობარს ან ოჯახის წევრს, ეს კი განსაზღვრავს სანდოობას.

რა პრობლემაა?

ჟურნალისტი იძიებს, იკვლევს ინფორმაციას, ამოწმებს მასალას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით და მხოლოდ ამის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების გათვალისწინების აშუქებს.

თანამედროვე პლატფორმების განვითარებამდე, ინფორმაციის გავრცელების ფუქციას ძირითადად, სწორედ ტრადიციული მედია პლატფორმები ითავსებდნენ, დღეს კი ახალი ამბავი შეიძლება დაწეროს და გაავრცელოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, რადგან სოციალური ქსელები დიდ აუდიტორიაზე გვაძლევს წვდომას.
  • "ტიკტოკისა" და "სნეპჩეთის" გამოკითხულ მომხმარებელთა 55% ახალ ამბებს ე.წ "ინფლუენსერებისგან" იღებს. წაიკითხეთ ვრცლად: "ინფლუენსერები ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა"

შედეგად, ჩნდება კითხვა, რამდენად ეთიკური და სანდოა "ინფლუენსერების" მიერ გავრცელებული ამბები? ან რამდენად იღებენ ისინი პასუხისმგებლობას აუდიტორიის წინაშე?

რიცხვებში:
  • 2023 წლის კვლევით გამოკითხულ ამერიკელთა 70%-ზე მეტი მთავარ გამოწვევად ონლაინ გავრცელებულ დეზინფორმაციას მიიჩნევს.
  • სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის/ძალადობის წამახალისებელი კონტენტის რეგულირებაზე გამოკითხულთა აზრი იყოფა, ნახევარზე მეტი (65%) მხარს უჭერს რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა დაარეგულირონ დეზინფორმაციის ონლაინ გავრცელება.
  • 55% თვლის, რომ ამას სახელმწიფო სტრუქტურებიც უნდა აკონტროლებდნენ. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნაწილი ემხრობა დეზინფორმაციის დარეგულირებას იმ დაშვებითაც კი, რომ გარკვეულწილად შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება.

გამოწვევა

დეზინფორმაციასთან ან სხვა სახის მავნე კონტენტთან ბრძოლისთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით სახელმწიფოს ჩართულობით, ცენზურის რისკებს აჩენს.

სწორედ ამისთვის არსებობს მედიის თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში ფართოდ არის დანერგილი. ეს გულისხმობს მედიის მიერ შემუშავებულ და შეთანხმებულ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებსაც ჟურნალისტები უნდა მიჰყვებოდნენ. ასეთია, მაგალითად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები საქართველოში.

მაგრამ ეს სტანდარტები, არ ვრცელდება ინტერნეტ ინფლუენსერებზე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათ კონკრეტულ მედიასაშუალებებზე დიდი აუდიტორია ჰყავთ და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციაც შესაძლოა ჟურნალისტური პროდუქტი იყოს.

მეორე მხრივ კი, კვლევების თანახმად, ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უჭირთ ერთმანეთისგან გაარჩიონ ჟურნალისტის მიერ გადამოწმებული ფაქტი და "ინფლუენსერის" მოსაზრება, ამიტომ იჯერებენ ყველაფერს, რასაც ციფრულ სივრცეში ცნობილი ადამიანებისგან იგებენ.

მედია ექსპერტი (Media Ethicist) სტივენ ვორდი თავის სტატიაში, "ციფრული მედიის ეთიკა", საუბრობს, რომ მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ვინ არის ჟურნალისტი და უნდა ვუწოდოთ თუ არა ჟურნალისტი იმას, ვინც სოციალურ ქსელში ადამინებისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს.
  • "მათ ვინც უბრალოდ ხშირად წერს არ უნდა ვუწოდოთ ჟურნალისტი მანამ სანამ მინიმუმ არ გადამზადდებიან ან მიიღებენ ფორმალურ განათლებას ამ მიმართულებით ან სანამ არ დაიცავენ ინფორმაციის გავრცელების ეთიკურ, ჟურნალისტურ სტანდარტებს."

რა არის გამოსავალი?

სხვადასხვა მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ რეკომენდაციებს "ინფლუენსერებისთვის", რადგან "სოციალურ ქსელებში "აზრის ლიდერებს" სჭირდებათ მათი პასუხისმგებლობის გააზრება":
  • ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ამ ამბის პირველწყარო და ასევე, გამჭვირვალედ წარადგინონ ის წყაროებo, რომლებზე დაყრდნობითაც საუბრობენ;
  • აუცილებლად დაასათაურონ დასპონსორებული, თანხის სანაცვლოდ განთვსებული კონტენტი;
  • მოუწოდონ მათ გამომწერებს "კრიტიკული აზროვნებისკენ" და წაახალისონ ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკა.
  • აიმაღლონ ცნობიერება რასიზმსა და მის ფორმებზე. განსაკუთრებული სიფრთხილით ისაუბრონ დისკრიმინაციასა და ბავშვთა უფლებებზე, რათა თავად არ წაახალისონ ადამიანების რაიმე ნიშნით ჩაგვრა.
  • დიდმა პლატფორმებმა შეცვალონ მათი ალგორითმის მუშაობის პრინციპი და ხელი შეუწყონ დაბალანსებული, ფატქებზე დაფუძნებული ვიდეოების გავრცელებას.
კატეგორია - საქართველო
29 ნოემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და USAID მედია პროგრამამ ერთობლივი კვლევა წარადგინეს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს შეეხებოდა.

კონტექსტი

2023 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც ამტკიცებდა ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალ წესებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მოვალეობები მოიცავს:
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
  • პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;
ამ და სხვა პუნქტების დარღვევა იწვევს ჟურნალისტის და გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შეჩერებას 1 თვის ვადით, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი - 6 თვით.
  • წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?"
კვლევის მიგნებები, მოკლედ:

გამოკითხულია 67 აკრედიტირებული ჟურნალისტი, კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობის თვალსაზრისით, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ჟურნალისტები ყველაზე პასიურები იყვნენ.
  • "საპარლამენტო ჟურნალისტების" 24% ამბობს, რომ ერთხელ მაინც ჰქონია აკრედიტაციის შეჩერების გამოცდილება. ამ საქმეების თითქმის ნახევარი დაკავშირებულია ჟურნალისტების "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ პროტესტთან.
  • მედიის წარმომადგენელთა 55% ამბობს, რომ პარლამენტში აკრედიტაციის ახალი წესის დამტკიცების შემდეგ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუარესდა, ასევე მკვეთრადაა შეცვლილი პარლამენტის წევრების ზოგადი კეთილგანწყობა და მათგან კომენტარის მიღების შესაძლებლობა.
A diagram with different colored squaresDescription automatically generated with medium confidence

რა საფრთხეა?


მედიის წარმომადგენლები პარლამენტის აკრედიტაციის ახალ წესში ცენზურისა და დეპუტატების მხრიდან კრიტიკული კითხვების არიდების საფრთხეს ხედავენ.
  • პრობლემურია მედიასაშუალებებისთვის აკრედიტირებული ჟურნალისტების რაოდენობრივი შეზღუდვა;
  • 70%-ზე მეტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლიტიკური კრიზისისას, აკრედიტაციის სისტემა, ხელისუფლებამ შესაძლოა მედიაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს;

A graph with different colored barsDescription automatically generated with medium confidence





ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციები:

  • ქართულ საზოგადოებას არ უნდა წაერთვას უფლება, გაეცნოს არჩეული წარმომადგენლების მოსაზრებებს ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
  • აკრედიტაციის შეჩერება-გაცემის გადაწყვეტილება, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მიიღოს პარლამენტის დამოუკიდებელმა ორგანომ, რომელიც მიუკერძოებელი პირებისგან უნდა დაკომპლექტდეს.
  • აკრედიტაციის სისტემით განპირობებული შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები გამჭვირვალეა და საჯარო ინფორმაციას დროულად გასცემენ.
  • აუცილებელია, აკრედიტაციის წესების გადახედვა მედიის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
  • მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ დასახელებული პრობლემური საკითხების შესწავლა-გაანალიზება, მათ შორის ინტერსექტორული თანამშრომლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გასაზრდელად.
კატეგორია - საქართველო
პარლამენტში გეგმავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შეცვალონ, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება. ამ ცვლილებებში საფრთხეს ხედავს მაუწყებელი, სადაც ამბობენ, რომ არც მათთან და არც თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაცია არ გამართულა.

კანონპროექტით:

  • უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ამჟამად მოქმედი წესი - მისი დაფინანსება ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით.
  • საზმაუს ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
  • დაფინანსების წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

  • დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. ამ არგუმენტის გასამყარებლად მაგალითად ბოლო წლებში დაფინანსების რაოდენობის ზრდა მოჰყავთ - “ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით”.
  • მიზანშეწონილი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ორგანიზაციის ბიუჯეტის მოცულობის პირდაპირ დაკავშირება მთლიან შიდა პროდუქტთან.
  • ზრდა ყოველი კონკრეტული ფისკალური წლისთვის დაკავშირებული იქნება მაუწყებლის სპეციფიკური საჭიროებების, მიზნების, გასაწევი მომსახურებისა და მანდატის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, კონკრეტული წლისათვის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი მთლიანი ფინანსური რესურსების შესაბამისად.

რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?

კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივი ინიციატივაა. თუ არსებული წესი შეიცვლება, მისი დაფინანსება პირდაპირ დამოკიდებული აღარ იქნება ქვეყნის მაკროპარამეტრებზე.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, 2024 წელის ბიუჯეტის პროექტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეადგენს 110,302.0 ათასს ლარს. ასევე ბიუჯეტის პროექტის თანდართულ დოკუმენტში, რომელიც მომდევნო სამ წელში ქვეყნის ძირითად მონაცემებს და მიმართულებებს განსაზღვრავს, საზმაუს დაფინანსება 2024-2027 წლისათვის პროგნოზირებულია:

  • 2025 წელი – 119,520.0 ლარი
  • 2026 წელი – 129,260.0 ლარი
  • 2027 წელი – 139,800.0 ლარი

“კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს, როგორც კანონპროექტის ამოქმედების წელს ისე შემდგომი საშუალოვადიანი პერიოდისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე შემცირების კუთხით, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის, ერთი მხრივ, მაუწყებლის წინაშე შესაძლო საშუალოვადიანი პერიოდისათვის გაზრდილ საოპერაციო ხარჯებზე და მეორე მხრივ, მაუწყებლის სპეციფიკური საჭიროებების, მიზნების, გასაწევი მომსახურებისა და მანდატის განსახორციელებლად საჭირო დამატებით ფინანსურ რესურსებზე”, - წერია განმარტებით ბარათში.

რა პოზიცია აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს


ტელევიზიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონპროექტით დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება. საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე დიდ რისკს ხედავს კანონპროექტში.

გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით კი, ამჟამად არხს დაფინანსების ევროპული მოდელი აქვს.

“ვსაუბრობთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის, 47 ქვეყნის 64 მაუწყებლის მაგალითზე და მარტივი კითხვაა, თუ არცერთ მათგანს არ აქვს დაფინანსების ასეთი წესი, რატომ უნდა გვქონდეს ჩვენ? ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა ჩვენ არ მოგვეცა ამ კითხვის დასმის და შემდეგ პასუხის მოსმენის საშუალება. ასევე, ჩვენ მივიღეთ ძალიან მკვეთრი წერილი, სადაც ევროპის საბჭოს არაერთი ჩანაწერია იმის შესახებ, როგორი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და რა როლი აკისრია მას ქვეყანაში. სხვათა შორის, ევროპის საბჭოს მიერ სულ ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ჩვენი ქვეყნის შეფასებას ეხებოდა, ხაზგასმულია სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ის ფორმა, რომელიც ახლა არსებობს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი“, – ამბობს ბერძენიშვილი.

კონსულტაციები კანონპროექტის შემუშავებისას/განხილვისას

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები არ გაუმართავთ არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. არ აქვთ არც კანონპროექტის შეფასება რომელიმე ექსპერტის მიერ. ასევე არ არის გათვალისწინებული სხვა ქვეყნის მაგალითები.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, საზმაუს წარმომადგენლებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, განეხილათ და კონსულტაციების ფარგლებში ემსჯელათ მსგავს ცვლილებებზე. ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ საჭიროა პარლამენტის წევრებთან დიალოგი და რისკების განხილვა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან


საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თანამშრომელს, შალვა პაპუაშვილს შეხვედრას სთხოვენ.

  • “დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არც ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან”.
  • “ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის განადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ”.
  • “ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები”.
კატეგორია - საქართველო
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება, რითაც კომისიის წევრების შერჩევის პრინციპი ყალიბდება. კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება”.

რა ცვლილებები შევა კანონში?


1. მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატების შესარჩევად შეიქმნება საკონკურსო კომისია. როგორც კანონპროექტშია განსაზღვრული, საკონკურსო კომისია “დაკომპლექტებული უნდა იყოს მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით”.

  • კომისია გადაარჩევს განცხადებებს და გამართავს გასაუბრებებს იმ კანდიდატებთან, ვინც აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
  • საბოლოოდ, მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით.

2. იცვლება კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების მუხლიც. როგორც ავტორები აღნიშნავენ, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი “მეტისმეტად მკაცრია” და ცვლილებები მათ დამოუკიდებლობის გაზრდას ემსახურება.

  • მოქმედი კანონით, საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა - “კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში“.
  • ცვლილებებით კი - “კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში”.

3. კომუნიკაციების ეროვნული კომისიას და წევრის, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც განიხილება, ექნება უფლება წერილობით ან/და ზეპირად გააცნოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს.

4. იცვლება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერი.

  • მოქმედი: “კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით”.
  • ცვლილების შემდეგ: “კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით, კანონიერების, გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით”.

რატომ გახდა ახალი ცვლილებები საჭირო?


განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება”.

  • “რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ კომისიის დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით უნდა დაიხვეწოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთან თანამდებობაზე განწესების მარეგულირებელი ნორმები, დაემატოს კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები, ახლებურად ჩამოყალიბდეს მთავრობის მიერ წევრების კანდიდატთა ნომინირების საკითხები და შეიცვალოს კომისიის წევრთა გათავისუფლების საფუძვლები და პროცედურა”.

რატომ არის საკითხი მნიშვნელოვანი:

  • ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. კომისიამ დაასახელა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
  • ერთ-ერთ პირობა ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაა, მათ შორის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაში.
  • სფეროზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისიას ქართულ ოცნებასთან მჭიდო კავშირი აქვს და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებს.
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა ჯერ კიდევ გასულ თვეს აღნიშნავდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მოისმინეს მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს მარეგულირებლის დამოუკიდებლობას.
კატეგორია - საქართველო
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამის გარდა, კომისიამ დაასახელა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ჩანაწერები მედიაზე

  • პირველი პირობა: ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე.
  • მე-5 პირობა: საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
  • მე-9 პირობა: ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოა. სფეროზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას ქართულ ოცნებასთან მჭიდო კავშირი აქვს და გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებს.

  • ეს დაკვირვება მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც, სადაც ვკითხულობთ: "არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შემაშფოთებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისა და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ახლო კავშირები".
  • გარდა ამისა, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

კომისიის გაზრდილი უფლებები

  • გასულ თვეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რითაც გაიზარდა მისი უფლებები.
  • ცვლილებების მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების, ასევე, უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში მოექცა.

მუქარა და ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებზე


ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებული მაჩვენებლის მიზეზი ერთის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორეს მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი.

  • ორი წელზე მეტი გავიდა 2021 წლის 5 ივლისიდან, როდესაც თბილისში დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი მედიის 53 წარმომადგენელს თავს დაესხა. პროტესტისა და არაერთი მოწოდებების მიუხედავად თავდასხმის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან.
კატეგორია - საქართველო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა 7 ნოემბერს ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის წინასწარი დაკვირვებები და რეკომენდაციები წარადგინა.

რას თქვა ლოლერმა მედიაზე?


მერი ლოლერმა წინასწარი დაკვირვებები წარადგინა და აღნიშნა, რომ:

  • მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მაღალი რისკის ქვეშ არიან მედიის წარმომადგენლები.
  • გაძლიერებულია თვალთვალისა და მიყურადების შიში.
  • ვიზიტის დროს ჟურნალისტრნის და უფლებადამცველების დელეგიტიმაციის მცდელობის არაერთი მაგალითი მოისმინა, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრების საჯარო განცხადებები ჟურნალისტების მისამართით.

კონტექსტი:


გაეროს სპედციალური მომხსენებელი, მერი ლოლერი საქართველოში 30 ოქტომბერს ჩამოვიდა და შვიდი დღის განმავლობაში ხვდებოდა ხელისუფლების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს. ისაუბრა უფლებადამცველებთან, ადვოკატებთან, გამომძიებელ ჟურნალისტებთან, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან და ა.შ.

გაეროში სრულ ანგარიშს 2025 წლის დასაწყისში წარადგენენ. ერთ-ერთი თემა, რაზეც წინასწარ მოხსენებაშია საუბარი, მედიას და ჟურნალისტების უფლებებს ეხება.

დეტალურად, მერი ლოლერის წინასწარი დაკვირვების აქცენტები


დაუსჯელობა

  • გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რობლემაა ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობა.
  • ისაუბრა 2021 წლის 5 ივლისზე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე - ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები.
  • “როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტებს აწუხებთ ფიზიკური დაუცველობის განცდა”.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

  • “გარკვეულწილად, ხელისუფლებაც აფერხებს ჟურნალისტების მუშაობას, რასაც მიუთითებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ასევე პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული ქცევის კოდექსი, რომლითაც, როგორც ჩანს, გახსნილია გზა ჟურნალისტების წინააღმდეგ თვითნებური სანქციებისთვის.”
  • “მოქალაქეებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ თავისუფალი მედია”
მერი ლოლერის თქმით:

  • “გამომძიებელი ჟურნალისტები და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები რისკის ქვეშ არიან. ჩვენ გვაქვს ჟურნალისტების შეურაცხყოფის მტკიცებულებები. ინსტიტუციების მხრიდან რეაგირების ნაკლებობა, რაც ნამდვილად ძირს უთხრის ჟურნალისტების მუშაობას. ამის მიზანია შეზღუდონ მათი ლეგიტიმური და მშვიდობიანი ქმედებები”;
  • “ყველა ქვეყანას სჭირდება თავისუფალი მედია და მოქალაქეებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ თავისუფალი მედია. ჩვენ გვჭირდება ჟურნალისტები, რათა გააშუქონ, რაც ქვეყანაში ხდება. ასე რომ, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტების შესახებ ნეგატიური ნარატივის გავრცელება, ჟურნალისტების შეურაცხყოფა და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება”, - უთხრა ლოლერმა მედიაჩეკერს.

რეკომენდაციები


მონიტორინგის შედეგად მერი ლოლერმა სხვადასხვა უწყებისთვის გასცა რამდენიმე რეკომენდაცია.

პარლამენტი: “შეწყვიტოს ყოველგვარი სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: “შეწყვიტოს უფლებადამცველების, მათ შორის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების ყოველგვარი თვალთვალი, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს”.

სახალხო დამცველის აპარატი და პროკურატურა: “ჩაატარონ სუს-ის მიერ განხორციელებული უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების ყველა მიმდინარე თვალთვალის მიმოხილვა, რათა შეფასდეს ნებისმიერი ასეთი თვალთვალის შესაბამისობა რეგიონულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან, რომლებიც გარანტირებულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით”