საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მისი იმპიჩმენტიდან 5 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. კაპანაძე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებების დარღვევის დადგენას ითხოვს:
„მე ვითხოვ ჩემი აუნაზღაურებელი ზიანის სიმბოლურ ფასად ანაზღაურებას - დღეს ეს საფასურია 41 ევრო!"
აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორის თქმით, ის აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიის ხელშეუხებლობისთვის.
„ხუთი წლის შემდეგ მე, საქართველოს ერთი მოქალაქე უამრავი დამცირების, დევნის, დისკრიმინაციის, შეურაცხყოფის, დაშინების და დანაკარგის მიუხედავად, ასე ვაგრძელებ ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის. ბრძოლას ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის და მედიის ხელშეუხებლობისთვის. ზუსტად ხუთი წლის წინ, მმართველი პარტიის დაკვეთით, როგორც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი ბიძინა ივანიშვილის გუნდის სამიზნე აღმოვჩნდი. გუნდის, რომელსაც ასე სძულს სიტყვის თავისუფლება და რუსული მეთოდებით დაგეგმეს იმპიჩმენტი. დრომ და განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ცხადად აჩვენა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ გაცხადებული პოლიტიკური ინტერესები და დევნის ქრონოლოგია, თუმცა ამბავი დოკუმენტებში უკეთესადაა ასახული", - წერს ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძის განცხადებით, მან ამ ფორმით მიუკერძოებელ მედიაში მომუშავე ყველა ადამიანს სოლიდარობა გამოუცხადა.
კაპანაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტი გამოუცხადა. მან საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. კაპანაძემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებსაც. უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი არ განიხილა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ითხოვდა.
ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.
„ჟურნალისტი ჰყვება, რომ კაცი მას ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა. ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა“, - წერს „ფორმულა“.
ია სართანიას განმარტებით, ის ატარებდა ჩანთას, რომელზეც „ფორმულას“ ლოგოა დატანილი.
ჟურნალისტის განცხადებით, მან შსს-ს წარმომადგენელს მეტროშივე მიმართა, პირი უკვე დაკავებულია და სასამართლოშია გადაყვანილი.
"მედიაჩეკერს" შსს-მ დაუდასტურა, რომ მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ დაშავებული ჟურნალისტების გამოკითხვა დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოკითხა „აპრილის“ ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური და „ტაბულას“ ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე. გამოკითხვაზე დაბარებულია „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილიც.
საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, ეს ჟურნალისტები სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ, რაც სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით უკვე დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.
16 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებზე შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაერთმა ორგანიზაციამ მიმართა.
„აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი“, - მოხვდა ომბუდსმენის 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველად შედეგებშიც.
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი მეორედ
გამოაცხადა.
შალვა პაპუაშვილის ბრძანების მიხედვით, „მეურვეობის კანდიდატი უნდა
იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის
მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ
შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის,
საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და
სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“.
პარლამენტი შესაბამის განაცხადებს 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით
მიიღებს. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ყველას აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი
კონკურსი პირველად 18 მარტს გამოცხადდა, თუმცა, საკმარისი
აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა. საზოგადოებრივი
მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა სამ წევრს: მიხეილ
ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი
„ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის
მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის
ვადით ირჩევენ.
ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. „იმედი“ სამართალდამცველებს მოუწოდებს, ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს. მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„იმედმა“ გუშინ დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართა.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ სპეციალურ საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტების ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები დაუყოვნებლივ და სრულად გამოიძიონ, დაადგინონ დამნაშავეები და ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.
კოალიციის განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით ხელისუფლება ქმნის ბარიერს საზოგადოების ინფორმირებისთვის.
„ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ხშირ მოვლენად იქცა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინებით მიმართა მედიაომბუდსმენმაც და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, სამსახურმა სწრაფი და ეფექტური გამოძიებით უსაფრთხო მედიაგარემო უნდა უზრუნველყოს.
16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებს.
TV-პირველის ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის სამ ეპიზოდზე ნატო გოგელია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, 24 მარტს ოზურგეთში ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. მსგავსი ინციდენტი 2023 წელს 3-ჯერ მოხდა. ნატო გოგელია მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.
„2024 წლის 8 აპრილს ჟურნალისტი დამატებით გამოიკითხა ოზურგეთის პოლიციის დეპარტამენტში და დაზარალებულად იქნა ცნობილი მის მიმართ განხორციელებულ ქურდობის სამ ეპიზოდში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ნატო გოგელიას დაზარალებულად ცნობას მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის მეოთხე ეპიზოდზეც ითხოვს, რომელიც 2023 წლის 27 თებერვალს მოხდა.
ონლაინ მედიის ჟურნალისტები მესამე დღეა „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებს ვერ
ესწრებიან.მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში ამოქმედებული უსაფრთხოების
ყვითელი დონეა. შეზღუდვა მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია
საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ ეხებათ.ონლაინ მედიის
წარმომადგენლები მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას
დისკრიმინაციად აფასებენ:
„პარლამენტის მიერ ჩვენს მიმართ განსხვავებული მოპყრობა და დევნა ხდება ხელისუფლების ნარატივისგან განსხვავებული პოზიციისა და შეხედულებების გამო, იმის გამო, რომ კანონპროექტი უპირველესად გვეხება ჩვენ და განკუთვნილია ჩვენს გასანადგურებლად. სწორედ ჩვენ, ონლაინმედიებმა ვუწოდეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული კანონი“, კრიტიკულად ვაშუქებთ მას და საზოგადოებას ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონპროექტი“.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი განცხადებით
სახალხო დამცველს გუშინ მიმართეს.
პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მესამე დღეა
საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა დროს ორი აქცია იმართება.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია
საღამოს, 19:00 საათზეც.
რუსული კანონის პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
კანონად ქცევამდე ის კიდევ 2 პლენარულ სხდომაზე უნდა მოისმინონ.