ნიკა გვარამიას „მთავარი არხის“ 12 %-იანი წილის მეუღლისთვის
გადაფორმების პროცესი შეჩერებულია. გვარამიას ადვოკატის, დიტო
საძაგლიშვილის განმარტებით, გადაფორმების პროცესის შეფერხებას
საკანონმდებლო საფუძველი არ აქვს და ხელოვნურად ჭიანურდება, რაც
სავარაუდოდ, მის პოლიტკიურ საქმიანობას უკავშირდება. საძაგლიშვილმა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით მოთხოვნილი
კონსოლიდირებული სადამფუძნებლო შეთანხმებაც შეიტანა. მისი თქმით, თუ
რეესტრი განხილვაში ამ დოკუმენტსაც არ მიიღებს, მაშინ საქმეს უკვე
სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ჩვენი წესდებით, პარტნიორთა [90% წილის] თანხმობაა საჭირო, რაც
გავითვალისწინეთ წინა კრების ოქმში. დირექტორი რო შევიცვალეთ, იქვე
თანხმობა გავაცემინეთ სხვა პარტნიორებს. ეხლა შემიჩერეს წარმოება და
ისევ თავიდან ყველა პარტნიორის ხელმოწერით სადამფუძნებლო შეთანხმებას
და წესდებას ითხოვენ“.
დიტო საძაგლიშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „მთავარი
არხის“ წილის ცვლილების მოთხოვნით 13 მარტს მიმართა. ნიკა გვარამიამ
კი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციის დატოვების
განცხადება 2024 წლის 27 თებერვალს დაარეგისტრირა. თანამდებობის
დატოვებასთან ერთად, გვარამიამ "მთავარი არხის" საკუთარი 12%-იანი
წილის მეუღლეზე - სოფო ლილუაშვილზე გადაფორმების პროცესი დაიწყო. მის
ნაცვლად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდა.
არხის მსხვილი მეწილეების გადაწყვეტილებით, მასთან ერთად დაინიშნა 2
ახალი დირექტორიც: გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია.
საქართველოს კანონით მაუწყებლის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელი
არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიაში თანამდებობას
იკავებდეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ყოფილ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად პოლიტიკური პარტია
"ახალი" დაარსა. ჯერჯერობით ის პარტიაში არანაირ თანამდებობას არ
იკავებს. "ახალის" გუნდი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობის მიღებას გეგმავს.