კატეგორია: საქართველო

შესწორება:  სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მოცემული იყო, რომ  დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2019 წლის პირველ კვარტალში "პულსი ტვ-ს" 110 000 ლარი გადაუხადა. სინამდვილეში, 110 000 ლარი არის ერთი წლის მომსახურების თანხა და არა ერთი კვარტლის. 

 

სახელმწიფო ორგანოებიდან მედიასაშუალების თუ მის მიერ მომზადებული პროდუქტის დაფინანსება, შესაბამისი მითითების გარეშე, არამხოლოდ არაეთიკურია, არამედ მაუწყებლების შემთხვევაში უკანონოც კი. საჯარო ფინანსები მედიაში მხოლოდ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად შეიძლება დაიხარჯოს. ეთიკური სტანდარტების მიხედვით, დაფინანსებული ინფორმაცია რეკლამის სახით უნდა გამოქვეყნდეს როგორც ონლაინ, ისე ტელემედიაში. თუმცა პრაქტიკა არაერთგვაროვანია, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო უწყებების მიერ დაფინანსებული მასალა ყოველგვარი მითითების გარეშე, სარედაქციო მასალად ქვეყნდება. უფრო მეტიც, ისეთი შემთხვევაცაა, როდესაც თავად ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს წამყვანს.

მედიასაშუალებებთან ხელშეკრულების გაფორმებას საჯარო უწყებები ყოველი წლის დასაწყისში იწყებენ. 2019 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე პერიოდში 39-მა საჯარო უწყებამ ინფორმაციის გასავრცელებლად 772, 346 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

“მედიაჩეკერმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა)  მიერ, სატელევიზო,  რადიო და ახალი ამბების სააგენტოების მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის პირველ კვარტალში მედიასაშუალებებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საჯარო უწყებების მიერ მედიაში დასახარჯი თანხა თითქმის თანაბრად ნაწილდება ონლაინ გამოცემებსა და ტელეკომპანიებში, თუმცა გასავრცელებელი ინფორმაციის შინაარსი სხვადასხვაა.

 

alt


⇒   სატელევიზიო მომსახურება

მაუწყებლობის შესახებ კანონი საჯარო უწყების მიერ მედიის ნებისმიერი ტიპის დაფინანსებას კრძალავს, თუმცა აწესებს მხოლოდ ერთ გამონაკლისს, - საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით საეთერო დროის შესყიდვა შესაძლებელია. ასეთი შესყიდვა არ გულისხმობს რომელიმე მოვლენის გაშუქებას, გადაცემის დაფინანსებას და ა.შ. არამედ, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაცია რეკლამის სახით უნდა გავიდეს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, ახალი რეგულაციების შემოღების, სერვისების დანერგვის თუ სხვა ისეთი მოვლენის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

ტელეეთერში რგოლების განსათავსებლად, საჯარო უწყებები საეთერო დროს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ყიდულობენ. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ წელს რეიტინგის მიხედვით ხდება რანჟირება, განისაზღვრება ფასი და ირჩევიან გამარჯვებული არხები. საჯარო უწყებები, მთელი წლის განმავლობაში, ამის შესაბამისად წყვეტენ სად განათავსონ ვიდეო რგოლი. 

2019 წელს უპირატესობა ტელეკომპანია იმედს მიანიჭეს. აქ საჯარო უწყებებმა იანვარი - აპრილის პერიოდში 194, 259 ლარის ღირებულების მომსახურებაზე გააფორმეს ხელშეკრულება.  86.078 ლარზეა გაფორმებული ხელშეკრულება "რუსთავი 2-თან". 

alt

საინტერესოა ტელეკომპანია "პულსი ტვ-ს" შემთხვევა. ამ არხის მომსახურება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა. უწყებამ "პულსი ტვ-თან" 110 000 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება, ეს თანხა მთელი წლის მომსახურების ღირებულებაა.  შეძენილი მომსახურება არ გულისხმობს მხოლოდ ვიდეო რგოლების განთავსებას საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გასავრცელებლად, როგორც ეს კანონშია გაწერილი. არამედ უნდა მომზადდეს ადგილობრივი და უცხოური სიახლეების ამსახველი საინფორმაციო სტუდიური გადაცემა. ხელშეკრულებით განსაღვრულია მისი ქრონომეტრაჟი (26 წუთი), ეთერში გასვლის პერიოდულობა და უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოთქვამს სურვილს გადაცემის წამყვანს და ჟურნალისტებს ჰქონდეთ უმაღლესი სამედიცინო განათლება.

საჯარო უწყება მაუწყებელს თანხას უხდის იმაშიც, რომ მათი ღონისძიებები სამი კამერით გადაიღონ, დაამონტაჟონ და ეთერში გაუშვან. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო შორსაც მიდის და მაუწყებელს ხელშეკრულებით უსაზღვრავს გადაცემის შინაარსს - უნდა მომზადდეს შემეცნებითი პროექტი, რომლის მეშვეობითაც “ცენტრის ექსპერტები და სამედიცინო დარგის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები უახლეს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, კომპეტენტურ და აკადემიურ ინფორმაციას მიაწვდიან ქვეყნის მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე”.

ხელშეკრულებაში არსად არ არის რამე მინიშნება იმის შესახებ, როგორ უნდა მიეთითოს დაფინანსების წყარო ამ ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ გადაცემებს. სატენდერო დოკუმენტაციაში არსად ჩანს იმის დასაბუთებაც, რატომ მიიჩნევა ცენტრის ღონისძიებები ისეთ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინფორმაციად, რომლის გავრცელებაშიც ბიუჯეტიდან თანხა უნდა დაიხარჯოს.

⇒   ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება

ონლაინ გამოცემებში საფასურის სანაცვლოდ ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონი არ კრძალავს. თუმცა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები მედიას ავალდებულებს მკვეთრად გამიჯნონ ამგვარი მასალები რედაქციის პასუხისმგებლობით მომზადებული მასალებისგან, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემაა.

სახელმწიფო უწყებებმა 2019 წელს ჯამში 331,943 ლარის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა უმეტესობა გულისხმობს მათ მიერ მომზადებული პრესრელიზებისა თუ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. მხოლოდ ერთ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ “ბათუმელებთან” (netgazeti.ge) გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია ხაზგასმით, რომ მიწოდებული ინფორმაციის გამოქვეყნებისას “დაეწერება, რომ ის არის რეკლამა”.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს გამოცემა მიჯნავს სარეკლამო და სარედაქციო მასალებს. დაფინანსების შესახებ სხვადასხვანაირი მითითებები აქვთ მაგალითად ისეთ ვებსაიტებს, როგორიცაა: on.ge, reginfo.ge, interpressnews.ge. თუმცა, საერთო ჯამში სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა პრობლემად რჩება.

თუკი მაუწყებლების შემთხვევაში გასაგებია პრინციპი, რის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ირჩევენ მედიასაშუალებებს, სადაც სარეკლამო რგოლები უნდა განათავსონ, ონლაინ მედიასაშუალებებს რა კრიტერიუმებით არჩევენ, უმეტეს შემთხვევაში გაუგებარია.

alt


უწყებების ნაწილი ე.წ. შუამავალ კომპანიებს, “აიფიემმარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსს” და “კლიპ არტს” ანიჭებს უპირატესობას. ეს ორგანიზაციები იღებენ ინფორმაციის სხვა, ათეულ ვებსაიტზე გავრცელების ვალდებულებას. ნაწილი კი თავად, პირდაპირი შესყიდვის წესით ირჩევს ონლაინ გამოცემებს ინფორმაციის გავრცლებისთვის. ამგვარი ხელშეკრულებების რაოდენობით და თანხის მოცულობით შპს ახალი ამბები ლიდერობს, რომელიც inpterpressnews.ge-ზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას იღებს, მას მოსდევს ghn.ge და primetime.ge.

საჯარო უწყებებს შორის საპენსიო სააგენტო ის გამონაკლისია, რომელიც მომსახურებას უცხოურ მედიაში ყიდულობს. მან 1600 ფუნტი (4900 ლარი) უნდა გადაუხადოს The Financial Times-ს. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე ხელშეკრულება არ დევს, რაც როგორც "მედიაჩეკერს" საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, იმითაა გამოწვეული, რომ ეს ინტერნეტშესყიდვაა. ამ თანხას კი ვაკანსიის განსათავსებლად იხდიან. თანხის ნაწილი (800 ფუნტი) მარტში უკვე გადაირიცხა,

საერთო ჯამში შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე ატვირთული ხელშკერულებებიდან ირკვევა, რომ 2019 წელს ინფორმაციის გასავრცელებად ყველაზე მეტი, 152,165 ლარის ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა. დოკუმენტების თანხმად ვიდეორგოლები უნდა განთავსდეს ტელევიზიების ეთერში. შემდეგ კი მოდის სახელმწიფო სერვისების სააგენტო 121,197 ლარის ღირებულების ხელშეკრულებებით, რომელიც გადანაწილდება ტელევიზიებსა (მათ შორის რეგიონულში) და ონლაინ მედიაში. მესამე ადგილზეა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც პულსი ტვ-ში გადაცემებს დასაფინანსებლად 110 ათას ლარს ხარჯავს.


alt

საფასურის სანაცვლოდ გარკვეული მასალის გამოქვეყნება, მედიასაშუალებებს არ ეკრძალებათ, თუმცა, როგორც აღინიშნა, მაუწყებლების შემთხვევაში გადაცემების დაფინანსება სახელმწიფო ორგანოებს აკრძალული აქვთ და მხოლოდ ვიდეო რგოლების განთავსება შეუძლიათ. ონლაინ გამოცემების შემთხვევაში კი დაფინანსებული სტატიების გამოქვეყნება დასაშვებია, თუმცა აუდიტორიისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ იღებს კომერციული შინაარსის ინფორმაციას და არა რედაქციის პასუხისმგებლობით მომზადებულ მასალას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედიასაშუალება პასუხისმგებელია ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მისი რომელიმე პლატფორმით ვრცელდება. შესაბამისად, თუკი სარეკლამო მასალა გამოქვეყნდება შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ისე, როგორც სარედაქციო მასალა, რედაქცია პასუხისმგებელი იქნება მის შინაარსზე.

მედია ანგარიშვალდებულია აუდიტორიასთან და პატივს უნდა სცემდეს მის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და არა შეცდომაში შემყვანი, გადაუმოწმებელი სარეკლამო მასალა. ამავე წესების თანახმად, რედაქციას უნდა ჰქონდეს შემუშავებული სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნის პოლიტიკა, რის შესაბამისადაც უნდა გააფორმოს ხელშეკრულება სარეკლამო დამკვეთთან თუ მომსახურების შემსყიდველთან.

კატეგორია: საქართველო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, ტელემაუწყებელთა შემოსავლები 7%-თ შემცირდა. თუკი მაუწყებლებმა 2017 წელს 146,628, 371 ლარი მიიღეს, 2018 წელს შემოსავლებმა 135, 961, 492 ლარი შეადგინა. 9.52%-ით კლება დაფიქსირდა რადიო მაუწყებლებშიც, სადაც შემოსავლები 11,001,040-დან 9,953,993 ლარამდე შემცირდა.

შემოსავლების ტიპების ანალიზი აჩვენებს, რომ 2018 წელს ტელემაუწყებლებში ძირითადად სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები შემცირდა. თუკი ამგვარი კომერციული შემოსავლები 2017 წელს 69 მილიონზე მეტი იყო, 2018 წელს ამ მონაცემმა 66 მილიონს მცირედით გადააჭარბა.

არამხოლოდ სარეკლამო, არამედ ყველა ტიპის შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი კლება იმ კომპანიებმა განიცადეს, რომელთა შემოსავლებიც წელიწადში 50 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე მერყეობს. მაგალითად 40-დან 66%-მდე მერყეობს შემცირების მაჩვენებელი ისეთ არხებზე, როგორიცაა: ბორჯომი, ოდიში, ხარისხის არხი, ერთსულოვნება, არტარეა, პალიტრა TV, რიონი. 2017 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო მაესტრომ, კავკასიას კი 23%-ით შეუმცირდა შემოსავალი.

2018 წელს შემოსავლების 25%-ით ზრდა მოახერხა ტვ პირველმა, რომლის შემოსავალი რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებულ თანხას შეადგენს. 23%-ით გაიზარდა ობიექტივის შემოსავალი, თუმცა ამ კომპანიაში შესული თანხის 70% დამფუძნებლებისა და სხვა პირთა შემოწირულებაა.

თუ 2017 წელს მიღებულ შემოსავლებს კვარტლების მიხედვით შევადარებთ, ვნახავთ, რომ მკვეთრი ვარდნაა განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში, რომელიც მაუწყებლებში ყველაზე აქტიური პერიოდია, ემთხვევა არჩევნებს, განახლებულ სეზონს. თუკი 2017 წელს ბოლო კვარტალში ტელემაუწყებელთა შემოსავლებმა 57 მილიონს გადააჭარბა, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 41 მილიონ 566 ათასს მიაღწია.

საქართველოში არსებობს მაუწყებლობაზე ავტორიზებული 15 პირი, რომელსაც ორი წელია შემოსავალი საერთოდ არ აქვს. მათ შორისაა, მაგალითად, ტელეკომპანია ”I სტერეო”, ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის, ონლაინ მიუზიკ, მედ ეფემი, თბილისი 24, ევრიკა ტელერადიოკომპანია, რადიო-ტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა, საბავშვო ტელევიზია ცისარტყელა და ა.შ.

ამ ფონზე გამორჩეულად გამოიყურება საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2017 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მას საბიუჯეტოსთან ერთად კომერციული შემოსავლების ზრდის საშუალება მიეცა, რაც გამოიყენა კიდეც - 2018 წელს საერთო ჯამში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სარეკლამო შემოსავლები 70%-ით გაზარდა. თბილისში ბაზირებულმა და აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამიდან, სპონსორობიდან და პროდუქტის განთავსებიდან (Product Placement) 2,898,365 ლარი მიიღო, მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 858,336.84 ლარი იყო.

alt

სარეკლამო შემოსავლების გარდა, 2018 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონი ლარით მეტი მიიღო ბიუჯეტიდან. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯამური შემოსავალი მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა მაუწყებლების შემოსავალს, უფრო მეტიც, ყველა ტელემაუწყებლის ჯამური შემოსავლის 36%-ს შეადგენს. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 26% იყო.

alt


საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 2019 წელსაც იზრდება, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ის დაახლოებით 7 მილიონით მეტს, 58 მილიონს მიიღებს  (თბილისში ბაზირებული და აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელი ერთად) , რასაც კომერციული შემოსავლებიც დაემატება. სხვა მსხვილი კომერიციული მაუწყებლები, რომლებიც რეიტინგის თუ საინფორმაციო დღის წესრიგის შექმნის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად უსწრებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაფინანსების თვალსაზრისით სულ უფრო შორდებიან და მკვეთრად ჩამორჩებიან მას.


alt

კატეგორია: საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპირებს დაიწყოს მსჯელობა ცილისწამების უფრო მეტად რეგულირების შესახებ. მან ხაზი გაუსვა განსაკუთრებით სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციების. ამ საკითხის რეგულირების მაგალითად კი საფრანგეთში ახლახან მიღებული კანონდებლობა დაასახელა.



საფრანგეთმა მართლაც მიიღო ახალი კანონი ოღონდ არა ცილისწამების, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, რომელმაც დიდი დებატები გამოიწვია ქვეყნის შიგნითაც.

ამ კანონის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მოსამართლეებს მიეცათ უფლება, რომ პლატფორმებს ყალბი ინფორმაციის მოხსნა დაავალონ. თუმცა, იმისათვის რომ ინფორმაცია ყალბად იქნეს მიჩნეული და სასამართლოში განხილვის საგანი გახდეს, იგი სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ცხადი უნდა იყოს ყალბი ამბავი;
  • განზრახ ვრცელდებოდეს დიდი მასშტაბით;
  • გამოიწვიოს მშვიდობის დარღვევა და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. 

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მაუწყებლობის მარეგულირებელს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მაუწყებლობა, რომელიც “ლახავს ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს”.

ამავე კანონით, ციფრულ პალტფორმებს დაეკისრათ მეტი გამჭვირვლობა. წინასაარჩევნო პერიოდში მასალების რეკლამირების შემთხვევაში მათ დაევალათ გასაჯაროვება რეკლამის დამკვეთის და გადახდილი თანხის.

კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქცია ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა 75 ათასი ევროს სახით.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ ინიციატივის გამო მკვეთრად გააკრიტიკეს. ოპონენტები ცენზურასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებდნენ, თუმცა კანონი საბოლოოდ 2018 წლის ნოემბერში მიიღეს.



კატეგორია: ინტერვიუ
იმ ღონისძიებას Hague’s Talking (ჰააგური საუბრები) ერქვა. ორი ჟურნალისტი და ერთი ხელოვნებათმცოდნე იმაზე საუბრობდა, როგორ შეიძლება კონფლიქტის გაშუქებისას მედიამ და ხელოვნებამ დადებითი როლი ითამაშოს. მოდერატორი ჯანეტ ანდერსონი იყო. ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა გამოცემისთვის მუშაობდა, იყო BBC-ს რეგიონული რედაქტორი. ახლა ჰააგაში ცხოვრობს, International Justice Tribune-ის რედაქტორი და ორგანიზაცია RNW Media-ს მენეჯერია. ასწავლის ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ ამერიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, თუ როგორ გააშუქონ კონფლიქტები.

იმ შეხვედრაზე ერთმა ბულგარელმა სტუდენტმა იკითხა - საერთოდ არსებობს მშვიდობის ჟურნალისტიკა? მე ამ და დანარჩენ კითხვებზეც ჯანეტის პასუხი მიღებული მქონდა. ინტერვიუ ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე ჩავწერე.


-თქვენ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში აშუქებდით კონფლიქტებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი, რაც ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს კონფლიქტებზე მუშაობისას? საერთოდ, რა განასხვავებს კონფლიქტების გაშუქებას სხვა თემის გაშუქებისგან?

-ერთი მხრივ, კონფლიქტის გაშუქება არ განსხვავდება სხვა დანარჩენი თემებისგან, რასაც ჟურნალისტი აშუქებს. იმავე უნარებით და ღირებულებებით მუშაობ, ეძებ სიზუსტეს, ბალანსს იმისთვის, რომ აუდიტორიას გადასცე სათქმელი, მიაწოდო ინფორმაცია. ნებისმიერ შემთხვევაში აუდიტორიაა ჟურნალისტის ყურადღების ცენტრში, მაგრამ სხვაობა ისაა, რომ კონფლიქტის გაშუქების შემთხვევაში ბევრი კითხვის ნიშანი უნდა გაგიჩნდეს, რადგან წინასწარ განსაზღვრული კუთხით არ შემოიფარგლო. აუცილებელია დაისვას კითხვა: მხოლოდ ძალადობის ფაქტის ასახვა მინდა თუ მიზეზების კვლევაც? მნიშვნელოვანია იფიქრო ადამიანებზე, ვის ციტატებსაც იყენებ. უნდა შეძლო და ასახო რეალობა, მოძებნო ისტორიები, რომლებშიც მხოლოდ „მთავარი ფიგურები“, ლიდერები და სამხედრო პირები არ იქნებიან. საჭიროა დაინტერესდე - რას ნიშნავს ეს კონფლიქტი ხალხისთვის? აქ ჩნდება სხვა კითხვაც - ვინ არიან მხარეები? რატომ არიან ისინი ჩართულები ამ კონფლიქტში და რეალურად რას აკეთებენ? ისინი შეიძლება ამბობდნენ ერთს და აკეთებდნენ მეორეს. ასე რომ, ჟურნალისტი ღია უნდა კითხვებისთვის.

დაბოლოს, უნდა გააცნობიერო, რას ნიშნავს შენთვის იყო ჟურნალისტი, რომელიც კონფლიქტს აშუქებს. ეს შეიძლება იყოს ძალიან დამაბნეველი, შეიძლება იყოს ამაღელვებელი. ბევრი ადრენალინია კონფლიქტის გაშუქებისას. არ არის გამორიცხული, დაუშვა ბევრი შეცდომა, განსაჯო ვიღაც ისე, რომ ვერ გააანალიზო, რეალურად რას აკეთებ. კონფლიქტის გაშუქებისას ჩემთვის საკუთარი როლის გაცნობიერებაა მთავარი.

-თქვენ ახსენეთ მხარეები. ხშირად ჟურნალისტები კონფლიქტში ორ მხარეს ხედავენ, ვიღაც „კარგია“ ვიღაც „ცუდი“, არის ეს შეცდომა? როგორ უნდა გააშუქოს ჟურნალისტმა მხარეები?

-როდესაც შენ ხარ ჟურნალისტი კონკრეტულ ქვეყანაში და ერთ მხარეს ეროვნული ნარატივია, ძალიან ძნელია აირჩიო საკუთარი გზა ამ ნარატივის გავლით და გადაწყვიტო რა თქვა და რა - არა. ძალიან მარტივია გახდე შენს საზოგადოებაში არსებული დომინანტური ნარატივის გამხმოვანებელი. ასეთ დროსაც საკუთარ თავს უნდა დაუსვა კითხვები. ეს ხშირად უკავშირდება იმას, თუ ვის ეკუთვნის მედია, სადაც მუშაობ. შესაბამისად, უნდა გაანალიზო, რისი გაკეთება არის შესაძლებელი, რომ თქვა სიმართლე.

თუ არ დაუსვამ საკუთარ თავს კითხვას, არსებობს დიდი რისკი, რომ გახდე სახელმწიფოს გამხმოვანებელი და არა ჟურნალისტი, რომელიც აკეთებს არჩევანს, რა გააშუქოს.

-განსაკუთრებით რთულია, დარჩე მიუკერძოებელი, როდესაც კონფლიქტი შენს ქვეყანაში ხდება. ჟურნალისტსაც, როგორც რიგით მოქალაქეს, აქვს ემოციური, ადამიანური დამოკიდებულება მომხდართან. ფაქტობრივად ხარ მხარე. ამის გათვალისწინებით უფრო იოლი ხომ არ არის სხვა ქვეყნის კონფლიქტის გაშუქება?

-ორი მხარე აქვს ამ საკითხს. პირველი - არის თუ არა უფრო ადვილი გააშუქო რაღაც სხვა ქვეყანაში? ხანდახან მართლაც ასეა, რადგან შეგიძლია დაიჭირო დისტანცია იმ ამბებისგან, რასაც აშუქებ. მაგრამ როგორ უნდა გაიგო რა ხდება, როგორ უნდა გაიგო ენა, კულტურა, როგორ უნდა გაარკვიო, მართალს გეუბნებიან თუ არა...როდესაც აშუქებ საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ამბავს, გააცნობიერე რა უპირატესობას გმატებს ეს, რადგან ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ყველა ტიპის ინფორმაცია, კარგად იცი მანამდე არსებული სიტუაციაც, გაქვს ცოდნა, რომელიც გეხმარება ყველა დეტალის, სიტყვის, სიმბოლოს, ნიუანსის გააზრებაში. ამიტომაც არ უნდა ფიქრობდე, რომ საკუთარ კონფლიქტს ვერ გააშუქებ.

-სხვა საკითხია, როგორ გააშუქო კონფლიქტი, რომელიც შენს ქვეყანაში ხდება, მიუკერძოებლად. ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია ყველა ჟურნალისტისთვის. ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. მე ვაშუქებდი ჩრდილო ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის კონფლიქტს. თავად ბრიტანელი ვარ. მაქვს განათლება, ჩემი საცხოვრებელი ადგილი, ღირებულებები და აშ. ამიტომაც ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ კონფლიქტის გაშუქება. ვფიქრობდი, როგორ უნდა ვყოფილიყავი მიუკერძოებელი. მეგონა, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. მაგრამ არ უნდა იფიქრო ამაზე. მაგალითად, თუ ქართველი ჟურნალისტი დაუშვებს, რომ აბსოლუტურად მიუკერძოებლად გააშუქებს სამხრეთ ოსეთის ამბავს, სრული სიგიჟეა. როდესაც ქართველმა ჟურნალისტმა იცის, რომ შეუძლებელია იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ რაც არ უნდა ძნელი იყოს, თუ შეძლებს, გაიგოს და აჩვენოს რუსეთის პოზიცია, სამხრეთ ოსეთის პოზიცია, მაშინ ეს შესანიშნავია. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, უკეთესად გაიგო რა ხდება. თუ არ გინდა, რომ უკეთესად გაგო, მაშინ ვერ დაეხმარები შენს აუდიტორიას კარგად იყოს ინფორმირებული.

-კონფლიქტის გაშუქებისას ალბათ, ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს კონტექსტი, ტერმინოლოგია.

-შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ კონფლიქტზე მუშაობისას მარტივად, „შავისა და თეთრის“ ჭრილში კი არ უნდა გააშუქო მოვლენები, არამედ უდა იცოდე გეოგრაფია, ისტორია, კონფლიქტამდე მიმდინარე ამბები, მთლიანი სურათი, კონკრეტულ ქვეყანას რა ინტერესები აქვს. შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდნენ მეზობელი ქვეყნები, შეიძლება იყოს ეთნიკური პრობლემები. შენ უნდა ხვდებოდე რაღაც დინამიკას.

მეც ხშირად ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია მაქვს კონტექსტის მისახვედრად, თუმცა შემდეგ გამოჩნდება, რომ არსებობს სხვა დეტალი, შემდეგ კიდევ უფრო სხვა და ა.შ. მერე ვაანალიზებ, რამდენი რაღაცის ცოდნა გჭირდება იმისთვის, რომ უკეთ გაიგო სიტუაცია. ეს მუდმივი ძიება ახალისებს კიდეც სამუშაო პროცესს, მაგრამ თუ გაჩერდები და აღარ ეცდები, გაიგო მეტი და მიხვდე კონტექსტს, როგორ უნდა იმუშაო შენს აუდიტორიასთან? შენ ხომ აუდიტორიისთვის მუშაობ.

-ჟურნალისტიკაში არსებობს ორი ცნება - მშვიდობის ჟურნალისტიკა და ომის ჟურნალისტიკა. რა განსხვავებაა მათ შორის?

-ჩემთვის ომის ჟურნალისტიკაა, როდესაც აშუქებ კონფლიქტის ყველაზე ძალადობრივ ნაწილს, სამხედრო თემატიკას. არ ვიცი არის თუ არა ომის ჟურნალისტიკა ომის რეპორტინგი, როდესაც რეპორტიორი ფიზიკურად იმყოფება ცხელ წერტილში და ყვება რა ხდება. ამგვარ გაშუქებას დიდი ისტორია აქვს, ბევრი ჟურნალისტია, ვინც საკუთარი თვალით ხედავდა რა ხდებოდა ომის შუაგულში. მათი მუშაობა იყო უკიდურესად საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო რა ხდებოდა.

რაც შეეხება სამშვიდობო ჟურნალისტიკას, მე პირადად, არ მჯერა მისი არსებობის. მე მგონია, რომ არსებობს კონტექსტის ჟურნალისტიკა, ახსნაზე ფოკუსირებული ჟურნალისტიკა, ხალხის ჟურნალისტიკა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე კონფლიქტის დროსაც. ასე რომ მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი მშვიდობის ჟურნალისტიკისადმი, მაგრამ მოდი დავუტოვოთ არჩევანი ჟურნალისტებს, თავად გადაწყვიტონ რა არის შესაძლებელი.

-დღეს მსოფლიო მედიის მთავარი თემა ტერორიზმია, როგორ აშუქებს მედია ამ თემას თქვენი დაკვირვებით? რა არის მთავარი გამოწვევა ამ სიტუაციაში მედიისთვის?

-ყველაზე მთავარი გამოწვევა ისაა ჩვენ, მედია რა როლს ვასრულებთ ტერორისტული იდეის გავრცელებაში. რის მიღწევას ცდილობენ ტერორისტები? მათი მიზანია შეაშინონ და დააპირისპირონ ადამიანები. თუ მედიას წვლილი შეაქვს იმაში, რომ ხელს უწყობს ხალხის შეშინებას, მაშინ ვფიქრობ, რომ მედია ხელს უწყობს ტერორიზმს. მედიამ ეს უნდა გააცნობიეროს.

-როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ეს თემა? არ გამოაქვეყნოს ყველა პატარა ახალი ამბავი, რაც ტერორიზმს უკავშირდება?

-არა, ყველა ახალი ამბავი უნდა გავაშუქოთ, უნდა გავაშუქოთ მთელი სიზუსტით, ასევე უნდა შევინარჩუნოთ „მოდარაჯე ძაღლის“ როლი. ფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სამსახურები ყოველთვის კარგად იქცევიან? რასაკვირველია არა, ჩვენ ესეც უნდა გავაშუქოთ, დავსვათ კითხვები და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს სამუშაოს კარგად ვასრულებთ. შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, არ გავაჩეროთ ჟურნალისტიკა - ეს პირველი საკითხია. მეორე საკითხია გავაშუქოთ ისე, როგორც ზემოთ აღვწერეთ. კონტექსტი, ადამიანური მხარე -მნიშვნელოვანია. არ გავაშუქოთ ყველაფერი ერთნაირად. არ ვთქვათ, რომ ყველა ქალი ნიგერიაში სუიციდით ამთავრებს სიცოცხლეს, ყველა მუსლიმი არის ტერორისტი. შევარჩიოთ სიტყვები ძალიან ფრთხილად მაშინაც, როცა მოვლენათა ეპიცენტრში ვართ. უნდა გვქონდეს გაანალიზებული რა ტერმინებს ვიყენებთ მომხდარი ამბის აღსაწერად. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა ტონს ვირჩევთ, რათა არ მივცეთ საშუალება სპეკულაციისთვის. სიზუსტე, ბალანსი, სიცხადე და განმარტება აუდიტორიისთვის -ეს არის მთავარი. შენ მუშაობ აუდიტორიისთვის, იმისთვის, რომ მან უკეთ გაიგოს რა ხდება.
კატეგორია: ბლოგი
სირიაში, კენიასა და ერაყში რამდენიმე წელია, უმოწყალოდ ხოცავენ ადამიანებს. საქართველოში ხალხი ამ კვირაში აღშფოთდა, 19 აპრილს აქციაც გამართა და ასურელ ბავშვებს სოლიდარობაც გამოუცხადა, სახელმწიფოს კი მათი შეფარება მოსთხოვა. ამ საკითხზე კომენტარები გააკეთეს პრემიერ-მინისტრმა, მინისტრმა, საპატრიარქომ, არასამთავრობოებმა და ყველამ, ვინც თავი ვალდებულად მიიჩნია, დაეგმო ძალადობა.

რამდენიმე წლის დაგვიანებით ქართულ საზოგადოებას სირია მხოლოდ იმიტომ გაახსენდა, რომ „რუსთავი 2-მა“ „არჩევანის“ მთელი ეთერი დაუთმო. გადაცემა კი შემაძრწუნებელი სისასტიკის ამსახველი კადრებით დაიწყო.

არადა, ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერს წერდა “კახეთის საინფორმაციო ცენტრი“, სირიაში საბრძოლველად ადამიანები პანკისიდან მიჰყავთო. მას მერე გამოცემა პერმანენტულად ამზადებდა მასალებს ამ თემაზე, თუმცა მისი ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი სამართალდამცველებმა ინფორმაციის მისაწოდებლად მხოლოდ 18 აპრილს დაიბარეს - „არჩევანში“ ისიც ჰყავდათ მიწვეული და იმიტომ.

ის საზოგადოება, რომელიც ფეისბუქში მიმდინარე საკითხებზე ყოველთვის შფოთვით გამოირჩევა და ინფორმაციის მიღების ყველა საშუალება აქვს, უცნაურია, მაგრამ ამ თემით არც მაშინ შეძრწუნდა როცა ISIS-ის ("ისლამური სახელმწიფო") მებრძოლებმა ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს რაიტ ფოლის, თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს და არც მაშინ, კულტურული ძეგლების ნგრევის კადრებმა მსოფლიო რომ მოიარა. ისინიც მხოლოდ ეთერში გასულმა ვიდეომ შეაშფოთა.

როგორც ჩვენში ამბობენ, „რუსთავი 2-მა“ „თემა აწია“.

19 აპრილის აქციაზე აქცენტი ბავშვებზე გაკეთდა, საზოგადოებამაც ბავშვებისთვის თავშესაფრის მიცემა ითხოვა - ესეც იმიტომ, რომ „რუსთავი 2-ის“ იმ ვიდეოში ყურადღება სწორედ ბავშვებზე იყო გამახვილებული.

აცრემლებულმა პატარამ, რომელიც ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაცას ითხოვდა, გულგრილი არავინ დატოვა. მით უმეტეს წამყვანის შესავლის ფონზე, რომელმაც განაცხადა - „ნახეთ, რის საკეთებლად მიჰყავთ ახალგაზრდები სირიაში“.

ჰოდა, ვნახე, რომ კადრები ძველია და სინამდვილეში ის ბავშვები ვიდეოში ISIS-ის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტებზე არ ჩივიან. მარტივი ძებნის უნარებიც საკმარისია, რომ ნახო - აცრემლებული ბავშვების ვიდეო Youtube-ზე 2013 წელს არის გამოქვეყნებული.


ვიდეოს ინგლისური ტრანსკრიპტის მიხედვით, პატარები სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, ქმედების გამო არიან შეწუხებულები. მათი ენა არ ვიცი, თუმცა, ქვეყნის მმართველის სახელსა და გვარს რომ ნამდვილად ახსენებენ, მესმის.

რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვს ამ დღეში პრეზიდენტი ჩააგდებს თუ ტერორისტი, მაგრამ ცუდი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ მედია გატყუებს. არადა „რუსთავი 2-ს“ ფაქტებით მანიპულირება არაფერში სჭირდებოდა, ISIS-ს ისედაც უამრავი სისასტიკე აქვს ჩადენილი და ამის ამსახველ ვიდეოებს თავადვე ავრცელებს. უბრალოდ, ტელევიზიის მიერ გამოყენებულ კადრებში ბავშვები უფრო საცოდავად გამოიყურებოდნენ და აუდიტორიაზე მეტი ზემოქმედება მოახდინეს.

წამყვანი არც დაეჭვებულა ვიდეოს ავთენტურობასა და სიახლეში. პირიქით, დარწმუნებით თქვა, რომ სწორედ ამის საკეთებლად მიჰყავთ ქართველები სირიაში.

მედიაეთიკაში მნიშვნელოვანი წესია - ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ის ინფორმაცია, რომლის წყაროც დადასტურებულია. ამ სტანდარტის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მაყურებლის პატივისცემა, მას აქვს უფლება იცოდეს, როდის არის გადაღებული კადრები, ვინ არის ინფორმაციის წყარო. თუ ვერ ხერხდება წყაროს დადასტურება, ამის შესახებაც უნდა იყოს ინფორმირებული.

ამგვარი პატივისცემა და პასუხისმგებლობა აუდიტორიის წინაშე გაორმაგებული უნდა ჰქონდეს არხს, რომელსაც შეუძლია, თემა პრემიერ-მინისტრის დონემდე მიიტანოს, საკითხი მთავრობის სხდომაზე დააყენებინოს, ალაპარაკოს ყველა, დაკითხვაზე დააბარებინოს პირი, პერმანენტული აქციები გააკეთებინოს სხვადასხვა ჯგუფს და რაც მთავარია, მოიტანოს შედეგი - 500-მდე ბავშვს გაუჩნდეს თავშესაფრის მიღების შანსი.

მედიაეთიკაში მეორე წესიც არსებობს - მედიამ ინფორმაციის გადაცემისას უნდა დაიცვას ჯეროვანი სიზუსტე! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამბავი მთლიანად უნდა მოყვე, მხოლოდ ერთი წახნაგი არ უნდა აჩვენო საზოგადოებას. მაყურებელს მინიმუმ ის მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ბავშვების ხოცვა სირიაში ორი კვირის წინ არ დაწყებულა.
კატეგორია: ბლოგი
26 მარტს ანთიმოზ ბიჩინაშვილი სტუმრად იყო „მაესტროზე“, იმავე დღეს „ინფო 9“-ზე, ორი დღის შემდეგ „იმედსა“და„ობიექტივზე“, ერთი დღით გვიან„რუსთავი „2-ზე „P.S.-ში“, მერე ამავე არხზე "პროფილში“, ბოლოს „ტაბულაზე“ „მძიმე კაცთან“ .

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა არხმა ერთი კვირის განმავლობაში ჯამში 3 საათზე მეტი დაგითმოს? - უნდა იყო სასულიერო პირი, უნდა იგინებოდე და მერე ეკლესიიდან მიდიოდე, თან ორგანიზაციის შექმნაც უნდა დააანონსო, მერე „იმედმა“ ჰიპოთეტურად რომ განიხილოს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან შეერთების პერსპექტივა. დანარჩენები იმაზე იმსჯელებენ, გაიხდი თუ არა კაბას ან აგიხსნია თუ არა სიყვარული რომელიმე ქალისთვის...

ხშირად მედია ქმნის გმირებს.აი, ერთხელაც გადაწყვეტენ, რომ მაყურებელს, რატომღაც, მაინცადამაინც ეს ადამიანი დააინტერესებს და ასე იქმნება ახალი გმირი.უფრო იშვიათად აღმოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, ვისაც მედიამ ყურადღება მართლა განსაკუთრებული ნიშნის გამო მიაქცია.

გასართობ პროგრამებს ესა თუ ის არხი ხშირად საკუთარი წამყვანების თუ სერიალების გმირების გასაპიარებლად იყენებს. მაყურებელიც ისმენს მათ პირად ისტორიებს ან მათ გარდერობს ათვალიერებს.

ამგვარი სტრატეგია რეიტინგისა და შესაბამისად, ფულის შოვნისკენ არის მიმართული. გმირები - ამალია, პავლოვიჩი, „ჩემი ცოლის დაქალების“ ყველა პერსონაჟი - სწორედ იმიტომ იქმნებიან, რომ შემდეგ კარგად გაიყიდოს ის პროდუქტი, სადაც ისინი მონაწილეობენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ეს „გმირები“ ქრებიან ხოლმე ეკრანიდან. მათი აზრი იმ საკითხებზე, რაზეც ადრე სტუდიაში იწვევდნენ, ახლა მედიას კომენტარის დონეზეც აღარ აინტერესებს.

„სელებრითი - განსაკუთრებული ნიჭის არმქონე ინდივიდი, რომელსაც მედიაში გამოჩენამდე გამორჩეული კარიერა არ ჰქონია. როგორც საჯარო ფიგურას, აქვს ხანმოკლე სიცოცხლე“ - ავსტრალიელი პროფესორის, გრემ ტერნერის, ეს დეფინიცია ყველაზე კარგად ახასიათებს იმ პერსონებს, ვისგანაც ქართული მედია გმირებს ქმნის. ისინი მაყურებელთა არეალიდან მაშინვე ქრებიან, როგორც კი მედია ეთერში აღარ აჩვენებს. ასეთ ადამიანებს მაყურებელი მხოლოდ იმ კუთხით და ისე ხედავს, როგორც ჟურნალისტები წარმოაჩენენ. მათ ხშირად მედიით შექმნილ პერსონებსაც უწოდებენ (Mediated persona).

ცხადია, ეს მხოლოდ ქართულ მედიას არ ახასიათებს. უბრალოდ, აქაური სივრცე მეტისმეტად პატარაა და პერსონაჟები არხიდან არხზე უფრო ხშირად მეორდებიან.

გასართობ გადაცემაში ყალბი გმირები ასატანია. მთავარი პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როცა ამგვარი პერსონაჟები საინფორმაციო გამოშვებასა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ტოკშოუებში ჩნდებიან, როცა მედია მათ პრობლემისგან ყურადღების გადასატანად იყენებს ან, უბრალოდ, მთავარ პრობლემას ვერ ხედავს ხოლმე.

ასე შეიქმნა ეკა ყურშიტაშვილის გმირი. აი იმის, პატრულს შეურაცხყოფას რომ აყენებდა დაჯარიმების გამო და საპატრულო პოლიციის უფროსის მფარველობის იმედი ჰქონდა. ნეპოტიზმის, კორუფციის თემების გაშლის ნაცვლად მედიამ პირველ რიგში მისი ცხოვრებისეული ისტორიები გვაჩვენა და ისიც კი გავიგეთ, სკოლაში როგორ სწავლობდა. საბოლოოდ, მთავარ პრობლემად მისი უცენზურო სიტყვები შეგვრჩა. შედეგად მივიღეთ ის, რომ საპატრულო პოლიციის უფროსს, ცინარიძეს, ამბის გავრცელების შემდეგაც საერთოდ არაფერი შეხებია. ცინარიძის ნაცვლად მედიამ ხელში „გასელებრითებული“ ყურშიტაშვილი შეგვაჩეჩა.

ახლა პროგრამაში ანთიმოზია - ბერი, რომელიც 2013 წლის 17 მაისს ლგბტ პირთა დევნის დღის ერთ-ერთი გმირი იყო, სასულიერო პირი, რომელსაც გინების გამო ეპიტიმია დააკისრეს. რატომღაც, ყველა არხმა გადაწყვიტა, რომ მისთვის პრაიმ ტაიმში ნახევარსაათიანი ქრონომეტრაჟი მაინც დაეთმო. წამყვანები ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვეულებრივი რესპონდენტი არ ჰყავდათ სტუმრად და ასე მგონია, ამით ცდილობდნენ, მაყურებელთან როგორღაც თავი ემართლებინათ.

კვლევებმა დაადასტურა, რომ რაც უფრო ხშირად მზადდება სხვადასხვა ჟანრის, ფორმის მასალა ერთისა და იმავე პირის შესახებ, მით უფრო მეტად ემატება ამ პერსონაჟს ინდივიდუალური თვისებები, მის მიმართ მაყურებლის დამოკიდებულება იცვლება და პრობლემიდან აქცენტის გადატანა ხდება.

უფრო მარტივად, ანთიმოზ ბიჩინაშვილის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ერთ კვირაში ეს პერსონაჟი ვნახეთ სხვადასხვა კუთხით სხვადასხვა მიმართულების გადაცემაში - მოვისმინეთ მისი სიყვარულის ისტორია, ქალებთან დამოკიდებულება, იუმორი, პოლიტიკური გეგმები.

მისით ონლაინ მედია უფრო მეტად დაინტერესდა და ანთიმოზის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებს არაერთი მასალა მიეძღვნა. ამ მასალების კომენტარების ველზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ დავასკვნათ - ანთიმოზის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა და ის „მაგინებელი მამაოდან“ „ჯიგარ მამაოდ“ იქცა! მის ხსენებაზე 2013 წლის 17 მაისს ლგბტ თემის მიმართ განხორციელებული ძალადობა აღარავის ახსენდება.
კატეგორია: ბლოგი
მასკომუნიკაციაში დღის წესრიგის თეორია ამბების შერჩევა და საინფორმაციო გამოშვების ბადესა თუ გაზეთის ფურცლებზე, მნიშვნელობის მიხედვით, მათი რიგითობის და თანმიმდევრობის განსაზღვრაა.

მიიჩნევა, რომ მედია აყალიბებს საზოგადოებრივ დღის წესრიგსაც. ეს ნიშნავს, რომ მედიის მიერ მნიშვნელოვნად აღქმულ ამბებს მოქალაქეებიც მეტ ყურადღებას აქცევენ. რაც უფრო ხშირად, სხვადასხვა რაკურსით და დიდი ქრონომეტრაჟითაა გაშუქებული თემა, მით უფრო პრიორიტეტული ხდება ის საზოგადოებისთვის. თემები, რომლებიც პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის, შესაბამისად გადადის ხელისუფლების დღის წესრიგშიც. ამიტომაც მედიის მიერ დღის წესრიგის ჩამოყალიბებას განსაკუთრებული შედეგები მოაქვს საზოგადოებისთვის.

ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ ჯაჭვის რგოლებიც ბოლოს ერთდება - ვინ ახდენს გავლენას მედიის დღის წესრიგზე ანუ საიდან იღებს ის ინფორმაციას, რა კრიტერიუმებით არჩევს და როგორ აშუქებს მას? - სწორედ ამით დგინდება კორელაცია მედიის, საზოგადოების და პოლიტიკოსების დღის წესრიგს შორის.

ტოტალიტარულ ქვეყნებში მედიის და შესაბამისად, საზოგადოების დღის წესრიგს პოლიტიკოსები განსაზღვრავენ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში- პირიქით ხდება. კორელაციის ხარისხი ყველა შემთხვევაში სხვდასხვაა. ამ სამ სუბიექტს შორის კავშირი სახელმწიფოს შეფასების ერთგვარ ინდიკატორადაც გამოდგება.

საქართველოში მედიაზე ზედაპირული დაკვირვებაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე - აქ ჟურნალისტები თემებს ნაკლებად ქმნიან. ისინი, ძირითადად, პოლიტიკოსების მიერ შეთავაზებულ ამბებს მიყვებიან. პრესკონფერენციები, ბრიფინგები, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გავრცელებული განცხადებები მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დიდ წილს იკავებს.

Mediachecker - ის მონიტორინგის ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში, (23-29 მარტი) აკვირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის და კერძო კომპანია „რუსთავი 2“-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს. პირველ არხს დღის განმავლობაში საშუალოდ 2 მასალა აქვს მომზადებული, სადაც ჩანს, რომ თემა თავად მოიფიქრა ჟურნალისტმა. აქედან ერთი სიუჟეტი კულტურის ბლოკში ხვდება. უფრო მეტი თემის წამოწევას ცდილობს „კურიერი“, სადაც ერთ გამოშვებაში საშუალოდ სამ სიუჟეტში საკუთარი ინიციტივით წარმოჩენილია ესა თუ ის საკითხი. ორივე არხზე თემების უმრავლესობა ან პოლიტიკოსების მიერ ჩატარებული პრესკონფერენცია-ბრიფინგებია, ან მათი შეფასებები ერთმანეთის კომენტარებზე.

სიუჟეტების მთავარი სუბიექტი ნაკლებად არის მოქალაქე და ხშირ შემთხვევაში, მედია იმასაც არ უხსნის აუდიტორიას, თუ როგორ გავლენას მოახდენს მაგალითად, რომელიმე კანონის შეცვლა კონკრეტულად მასზე. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღებისას მოქალაქე მხოლოდ დამკვირვებლის როლშია და უმეტესწილად, ვერც ხვდება, რატომ ან როგორ ეხება მას საინფორმაციო გამოშვებაში ნაჩვენები თემები.

ზემოთნახსენებ წრეს რომ დავუბრუნდეთ და დღის წესრიგის თეორიას მივყვეთ, გამოდის, რომ საზოგადოებას ყველაზე მნიშვნელოვნად სწორედ პოლიტიკოსების შეფასებები მიეწოდება და ისინიც პრიორიტეტულად სწორედ იმ საკითხებს მიიჩნევენ, რაზეც ხელისუფლება აკეთებს აქცენტს. უშუალოდ საზოგადოების საჭიროებები მედიაში არ აისახება, შესაბამისად, ვერც გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე და მოქალაქე თამაშგარე მდგომარეობაში, პირდაპირი მნიშვნელობით - მაყურებლის როლში რჩება.

დღის წესრიგის ჩამოყალიბების თეორიას ხშირად ფრეიმინგის თეორიაც უკავშირდება, რაც გულისხმობს იმას, თუ რა კონტექსტში, როგორი მიმართულებით შუქდება ესა თუ ის თემა. პოლიტიკოსების გავლენა შინაარსზე კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ასეთ დროს ცდილობენ მედიას ისე მიაწოდონ თემა, რომ ფოკუსირება იმაზე და ისე მოხდეს, როგორც მათ სურთ. სწორედ ამით შეიძლება გაიზომოს პასუხისმგებლიანი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი - თანამედროვე მსოფლიოში სხვდასხვა საკომუნიკაციო არხებით მედიამდე მისულ ინფორმაციას როგორ სელექციას უკეთებს რედაქცია, ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ირჩევს, რა ფრეიმს მოარგებს შემდეგ გასაშუქებლად და სად ხედავს ის ერთი რიგითი მოქალაქის ინტერესებს.
კატეგორია: ბლოგი
როცა გადაცემის გამო მაყურებელი უკმაყოფილებას გამოხატავს, რეიტინგით კმაყოფილი გადაცემის წამყვანები აღშფოთებულ პუბლიკას სოციალური ქსელით პოსტს მიუძღვნიან ხოლმე და იქვე მიაწერენ - თუ არ მოგწონს, გადართე.

ხუთშაბათ საღამოს, „პროფილში“ შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ჯერ 12 წლის ორსული გოგოს პირადი ცხოვრება განიხილეს დეტალებში, შემდეგ კი წამყვანმა სტუდიაში ახალგაზრდა ქალი მოიწვია, რომელიც ყვებოდა, თუ როგორ აუპატიურებდა საკუთარი ძმა. ქალს ისტორიის გახსენება უჭირდა, ხმა უკანკანლებდა და უხერხულად იშმუშნებოდა. „შენთვის ამ საშინელი ისტორიის გახსენება არის ყველაფრის თავიდან განცდა და ამიტომ არავითარი გადაცემა და არანაირი რეიტინგი არ ღირს ამად“ – უთხრა წამყვანმა რესპოდენტს და გააჩერა, ოღონდ, მას შემდეგ, რაც ქალს თითქმის მთელი ისტორია უკვე მოყოლილი ჰქონდა.

„პროფილის“ შემდეგ ბლოკში კი მომდევნო სტუმარი ყვებოდა, როგორ ძალადობდა მასზე ნასვამი მეუღლე, როგორ სცემდა და აიძულებდა ხეზე თოკით ჩამოხრჩობის იმიტაცია გაეკეთებინა. სტუმრის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდეგ ის სახლიდან გაიქცა და თავის მოკვლა სცადა - მტკვარში გადახტა, თუმცა პატრულმა დაინახა და გადაარჩინა.

სტუმრების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში დაუფარავად ჩანდნენ მათი შვილებიც. მეტი ემოციურობისა და სიმძაფრისთვის არასრულწოვნების ჩვენება ხომ ქართული ტელეშოუების დამახასაიათებელ ტენდენციად იქცა.

რამდენად სწორია, შენი გადაცემის რეიტინგი სხვა ადამიანის პირადი უბედურების ტირაჟირების ხარჯზე აამაღლო? ეს კითხვა მიტრიალებდა, როცა „პროფილის“ სტუმრებს ვუსმენდი. მერე გამახსენდა, თუ არ მოგწონს, გადართეო, რომ მირჩევდნენ. ჰოდა, გადავრთე „იმედზე“, სადაც გია ჯაჯანიძე „სხვა რაკურსით“ გვიჩვენებდა ადამიანების პირად ცხოვრებას, წამყვანი ხან ერთ რესპონდენტს სთხოვდა დაჟინებით სექსუალური ცხოვრების დეტალების მოყოლას, ხან - მეორეს. აქაც ის რესპონდენტი დამხვდა, რომელიც ორი წუთის წინ „რუსთავი 2“-ზე კითხულობდა მორალს საზოგადოების დაბალი ცნობიერებისა და სიბნელის შესახებ და აქაც იმავე როლში იყო. აქაც, „პროფილის“ მსგავსად, ბავშვი ჰყავდათ სტუდიაში მშობლების ისტორიის გასამძაფრებლად. არადა ბავშვების გამოჩენის გარეშე არაფერი დააკლდებოდა არც ერთ და არც მეორე გადაცემას.

„გადართვა“ არ შველის. ყველგან ერთნაირი გადაცემებია და ამიტომ „გადართვისკენ“ უფრო გაბედულად მიგითითებენ ხოლმე, იციან,ისევ უკან გადმორთავ, სხვაგან განსხვავებული მაინც არაფერი ხდება.

როდესაც წამყვანი გადართვისკენ მოგიწოდებს, ეს ნიშნავს, რომ მას მაყურებლის აზრი არ აინტერესებს. მისთვის არ არის ძვირფასი თითოეული მაყურებელი და პატივს არ სცემს მის შეხედულებას. პასუხისმგებლიანი მედია სხვაგვარად იქცევა - აუდიტორიის განწყობებს უსმენს და პროდუქტის დახვეწას ცდილობს.

როცა სხვა არხისკენ გამისამართებენ, ან საერთოდ, ტელევიზორის გამორთვას გირჩევენ, ჟურნალისტებს მთავარი ავიწყდებათ ხოლმე - მაუწყებლობას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არეგულირებს. ტელევიზიებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესრულება კი ამავე კანონით ევალებათ. კოდექსში დეტალურად არის გაწერილი თუ როგორ უნდა გაშუქდეს ესა თუ ის თემა. როგორც კანონის, ისე კოდექსის ამოსავალი წერტილი საზოგადეობის და მასში შემავალი ინდივიდების, როგორც რესპონდენტების, ისე აუდიტორიის პატივისცემა და მათი ინტერესების გათვალისწინებაა.

გარდა ამისა, მაუწყებელი, კერძოა ის თუ საზოგადოებრივი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე, სიხშირის მეშვეობით მაუწყებლობს. სიხშირე კი არც რუსთავი2-ის კერძო საკუთრებაა, არც „იმედის“ და არც რომელიმე სხვა ტელეკომპანიის, ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ამოწურვადი რესურსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საზოგადოებრივი სიკეთე, ჩემი, როგორც მოქალაქის საკუთრებაცაა. შესაბამისად, მაუწყებლები, პირველ რიგში სწორედ აუდიტორიის ინტერესს უნდა ემსახურებოდნენ და არა უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

ვინც რეიტინგით ამართლებს გადაცემების უხარისხობას, ავიწყდება, რომ რეიტინგისთვის ბრძოლის პროცესში მაუწყებლები დაკისრებული პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებიან. ამ ლოგიკით, არხს შეუძლია პორნოგრაფიაც გაუშვას და ალბათ ეჭვიც არავის ეპარება, რომ რეიტინგის რეკორდსაც მოხსნის, მაგრამ ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული ნორმები თუ ეთიკური სტანდარტები, რომელთა შესრულებაც მაუწყებელთათვის სავალდებულოა.

„თუ არ მოგწონს, გადართე“ ისეთივე აბსურდული არგუმენტია, როგორც გაფუჭებული კარაქის ყიდვისას მაღაზიის გამყიდველის პასუხი „თუ არ მოგწონს, სხვაგან იყიდე“, მომხმარებლის უფლებაა, მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი. უხარისხო გადაცემა კი უხარისხო პროდუქტზე არანაკლებ საზიანოა.

როცა არ მომწონს, არ გადავრთავ! არ გადავრთავ იმიტომ, რომ გადართვა გამოსავალი არ არის.