ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ყელში სამი-ოთხი დღით კორონავირუსის ჩაბუდება, ყოველ 20 წუთში ერთხელ თბილი წყლის დალევა და თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკების პირში გამოივლება ვირუსის პრევენციისთვის - მითია. 22 მარტს “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” მაყურებელმა მოისმინა კორონავირუსის “დასაძლევი” რჩევები, რომელთა ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

“როგორ უზრუნველვყოთ, რომ კორონა არ დაგვემართოს. არ მოგესმათ, ეს სავსებით შესაძლებელია. პრევენციის სწორი მექანიზმების დაცვით, კორონავირუსის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. ჩემს ამერიკელ მეგობრებს ვთხოვე, გამოეგზავნათ რას ურჩევენ მათ მათი ცენტრალური ჰოსპიტალები”, - ამ შესავლით დაიწყო “მთავარი აქცენტების” წამყვანმა ნიკა გვარამიამ მაყურებლისთვის რჩევების მიცემა.

მისი მტკიცებით, აღნიშნული რჩევები ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ არის შემუშავებული და ამერიკის ყველა რეგიონის მცხოვრებს ეგზავნება გაიდლაინები კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

“მათი ცენტრალური ჰოსპიტალები აგზავნიან CDC-ის, ანუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, სხვანაირად მათ უფლება არ აქვთ ეს ქნან… CDC-ის რეკომენდაციები და მის საფუძველზე გამოცემული კლინიკური რჩევები მინდა გაგაცნოთ, იმიტომ, რომ იცოდეთ როგორ დაამარცხოთ კორონავირუსი, როგორც ამერიკელებმა იციან, ზუსტად იმ დონეზე,” - ამ შესავლის შემდეგ გადაცემის წამყვანი მაყურებლისთვის კონკრეტული რჩევების მიცემაზე გადავიდა.

რეკომენდაციები, რომლებიც ნიკა გვარამიამ ეთერში გააჟღერა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. შესაბამისად, “მედიაჩეკერმა” ინფექციონისტ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მაია ბუწაშვილთან გადაამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს CDC-ის სახელით გაცემული რეკომენდაციები.

მითი #1 - “დალიეთ ბევრი ცხელი სითხე 20 წუთში ერთხელ”

“დალიეთ ბევრი სითხე და დალიეთ 20 წუთში ერთხელ. მოდით, მოგიყვებით ეს რას ნიშნავს. სითხის დალევა ზოგადად ებრძვის ვირუსულ ინფექციებს - ეს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირში თბილი სითხის გამოვლების შედეგად, კორონავირუსი რომც გქონდეთ, ზედა სასუნთქ გზებში, ანუ ხახაში და ყელში, ეს ვირუსი ჩადის კუჭში თბილ წყალთან ერთად და კუჭის წვენი მას ანადგურებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, დალიოთ ძალიან დიდი რაოდენობით, რაც შეგიძლიათ, თბილი სითხე და სასურველია 20 წუთში ერთხელ. ეს იქნება სუპი, ჩაი თუ უბრალოდ თბილი წყალი. ისე, რომ იცოდეთ, თბილი წყალი ყველაფერს ჯობია”.

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ დიდი რაოდენობით თბილი წყლის დალევა ვირუსით ინფიცირებით რისკს ამცირებს. მისივე თქმით, თითქოს კუჭში ვირუსი კვდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ზოგადად, სითხით შევსება ორგანიზმისთვის აუცილებელია, უბრალოდ 20 წუთში ერთხელ სმა არავის დაუწესებია ჯერ. ზოგადად, სითხეების სმა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასარგებლოა. თბილ წყალს რაც შეეხება, არავითარი მტკიცებულება არ არის, რომ ეს რამენაირად ამცირებს ვირუსით ინფიცირებას, ამის სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს.

საერთოდ, უფრო ხშირად სასუნთქ გზებში ხვდება ვირუსი პირდაპირ ან შეიძლება მოხვდეს ცხვირის ლორწოვანზე, თვალის ლორწოვანზე. შესაბამისად, ასე უნივერსალურად, რომ მაინც და მაინც პირის ღრუდან ხვდება, ასე არ არის. კუჭში როდესაც მოხვდება ვირუსი, არის ლოგიკა, რომ კუჭის ლორწოვანმა ნაწილობრივ გაანადგუროს. თუმცა, როგორც კვლევებით დამტკიცდა, კორონავირუსი ეფექტურად ვრცელდება განავლის გზით, ამიტომ, როგორც აღმოჩნდა, კუჭის წვენი მას მთლიანად არ ანადგურებს და განავალი მასებითაც გარემოში გამოიყოფა ცოცხალი ვირუსები”.

მითი #2 - “გამოივლეთ ბუნებრივი ანტისეპტიკები”

“დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ პირში გამოივლეთ თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკები. არ გჭირდებათ აფთიაქი, არ გჭირდებათ ქიმიური ხსნარები. მარილი, ლიმონი ან ძმარი. ის, რაც არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. რატომ? იმიტომ, რომ ის ასუფთავებს პირის ღრუს. კლავს, თქვენ წარმოიდგინეთ, კორონავირუსს, რომელიც შემთხვევით იქ შეიძლება იყოს. რას ვასკვნით აქედან - პირის ღრუში კორონავირუსი, ანუ თუ ის გადმოგეცათ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ დაავადდით. თქვენ გაქვთ შანსი, რომ კორონავირუსმა არ განავითაროს მისი მძიმე, ასე ვთქვათ, შედეგები. ეს შანსი არსებობს რამდენიმე საათის და დღის განმავლობაშიც კი. ამისთვის მნიშვნელოვანია გამოივლოთ ბუნებრივი ანტისეპტიკები, როგორც უკვე გითხარით.”

მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თითქოს ძმრის, მარილის და ლიმონის გამოვლება ვირუსს მოკლავს - ამის სამეცნიერო მტკიცებულებებიც არ არსებობს.

მითი #3 - “პირველი საგანგაშო სიმპტომია დისკომფორტი ყელის არეში”

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და აუცილებლად უნდა იცოდეთ. პირველი და უმნიშვნელოვანესი საგანგაშო სიმპტომი არის დისკომფორტი ყელის არეში. ტკივილი, ხვრა ე.წ., ზუსტად რომ ვთარგმნოთ, როცა გხრავთ ყელში, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. შეიძლება სიცხე არ გქონდეთ, შეიძლება არანაირი სხვა სიმპტპმი არ გქონდეთ და ეს ოდნავ დისკომფორტს გიქმნიდეთ, მაგრამ ეს ოდნავ დისკომფორტი არის სიგნალი, რომ თქვენ ძალიან მაღალი ალბათობით კორონავირუსი გაქვთ ჩაბუდებული ყელში. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამას ყურადღება მივაქციოთ? სამი-ოთხი დღე კორონავირუსი ცხოვრობს მხოლოდ თქვენს ყელში. ის არ შლის თავის მომაკვდინებელ საცეცებს, იმიტომ, რომ არ მიუღწევია ჯერ ბრონხებამდე და ფილტვებამდე. ის ცხოვრობს ჯერ ყელში, სადაც არ არის ისე საშიში, კი არა და, მცირე დისკომფორტის შემქმნელია მხოლოდ. გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი ყველაზე საშიში არის, როცა ხვდება ფილტვებში. აი, ყელში როცა ის არის, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც, დიდი ალბათობით, მას მოკლავს იქ, სადაც არის, ანუ ყელის არეში და ის ვეღარ გააგრძელებს ცხოვრებას, ვეღარ ჩავა ფილტვებამდე და ბრონხებამდე და ვეღარ იმოქმედებს თქვენზე ისე მძიმედ, როგორც ის მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც დაავადებულნი არიან კორონავირუსით”.


მაია ბუწაშვილის თქმით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ ყელის ტკივილი კორონავირუსის პირველი საგანგაშო სიმპტომია.

“3-4 დღე კორონავირუსი ყელში არ ცხოვობს. ზოგადად, ყელის ტკივილი ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირ სიმპტომებში რაც შედის, არის ტემპერატურის მომატება და სუნთქვის გაძნელება. ყელის ტკივილი, სურდო და ა.შ., რა თქმა უნდა, ესენიც შესაძლო სიმპტომებია. ყელის ტკივილი, თეორიულად, შეიძლება პირველი სიმპტომიც იყოს, თუმცა ის, რომ ეს ყველაზე საგანგაშო სიმპტომია, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. კორონავირუსის სიმპტომებს შორის ყველაზე საგანგაშო არის სუნთქვის გაძნელება”.

რაც შეეხება “მთავარი აქცენტების” წამყვანის მიერ გაჟღერებულ სხვა რეკომენდაციებს - ხელების დაბანას, ყოველდღიურად შხაპის მიღებას, ლითონის ზედაპირიანი ნივთების დასუფთავებას, სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებას და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თითოეული რეკომენდაცია ისედაც ზოგადი ჰიგიენის და სწორი კვების ნაწილია და ჯანსაღი ცხოვრების წესი კორონავირუსის ბრძოლისთვისაც სასარგებლოა:

“შეიძლება, პირდაპირი ანტიკორონავირუსული ეფექტი არ ჰქონდეს, მაგრამ ზოგადად ჯანსაღი კვებაც და ჯანსაღი ცხოვრებაც, რა თქმა უნდა, ავსებს ჩვენს ძალებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლა. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, სწორი რეკომენდაციაა, ხელების დაბანა ამცირებს სერიოზულად რისკს, რამდენადაც ხელი ყოველ წუთში ეხება ზედაპირებს, სადაც შეიძლება იყოს ინფიცირებული ადამიანის წვეთები და ამ ხელით შემდეგ შეიძლება გადავიტანოთ ლორწოვან გარსზე. ეგ ისედაც ზოგადი ჰიგიენის ნაწილია და კორონავირუსის ბრძოლისთვისაც სასარგებლოა”.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების კვალიფიციური გაშუქება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამომწურავი და ზუსტი იყოს.

“ვირუსთან დაკავშირებით თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ყველა შესაძლო წყაროსთან, რადგან თქვენს მიერ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს”,- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული იმ რეკომენდაციებზე, რომლების გათვალისწინებაც კორონავირუსის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მართებთ.
კატეგორია - ეთიკა
"ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არ სჯეროდათ კორონავირუსის არსებობა და რეკომენდაციებსაც არ იცავდნენ", - მსგავსი ტექსტით ჩაერთო 23 მარტს, გვიან ღამით, მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტი „მაესტროს“ სპეციალურ გამოშვებაში. მან ვრცელი საუბარი, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ახალისებდა, ისე დაასრულა, რომ გამოშვების წამყვანს რეაქცია არ ჰქონია, პირიქით, ის დაეთანხმა სტუმარს და ადგილობრივების გაუფრთხილებლობას "ერთგვარი უპასუხისმგებლობა" უწოდა.

„მაესტროს“ სპეციალური გამოშვება მარნეულში 62 წლის ქალისთვის კორონავირუსის დადგენის ამბავსა და მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრებას დაეთმო. ვინაიდან ამ დაინფიცირების წყარო უცნობია, დაავადებულს კი ასობით მოქალაქესთან ჰქონდა შეხება, საქართველოს მთავრობის განმარტებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა და დაიკეტა. გვიან ღამით მიმდინარე სპეციალურ გამოშვებაში, წამყვანმა „მარნეული TV-ს“ ჟურნალისტი ჩართო, რომელთანაც მარნეულში ამ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა. წამყვანის ერთ-ერთი კითხვა ადგილობრივების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების თემას შეეხო.

გთავაზობთ ნაწყვეტს წამყვანისა და ჟურნალისტის დიალოგიდან:

წამყვანი: რეკომენდაციების შესრულებაზე რას გვეტყვით, სანამ მარნეული და ბოლნისი გადავიდოდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, ის რეკომენდაცები, რომლებიც დაწესებული იყო მთელი საქართველოსთვის, რამდენად სიზუსტით სრულდებოდა ეს მანდ?

სტუმარი: როგორ იყო იცი, ჩვენი ტელევიზიაც ორენოვანია, ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ იყო ასეთი მიდგომა, რომ იცი რა ეს ვირუსი არ არის, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური და თვითონ მოსახლეობას, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რატომღაც არ ჯეროდათ ამ ვირუსის.
წამყვანი: დიახ და შესაბამისად ისინი არ იცავდნენ ზედმიწევნით, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს?
სტუმარი: არა, არა, არანაირად არ იცავდნენ, ქუჩებიც სავსე იყო, ჩაიხანები ძლივს დაკეტეს, ზოგ ადგილას პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
წამყვანი: ფიქრობთ, რომ ამას შეიძლებოდა გამოეწვია ის სურათი, რაც დღეს მივიღეთ? მოქალაქეთა დაუდევრობამ, ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობამ? უპასუხისმგებლობამ, შეიძლება ასეც ვუწოდოთ...
სტუმარი: ზუსტად ეგ არის ის, რაც მივიღეთ, მოქალაქეების დაუდევრობა, გაუფრთხილებლობა, არ ჯეროდათ ამ ვირუსის, თან დაემთხვა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ერთმანეთთან ალბათ ხშირად მიდიოდნენ - მოდიოდნენ სტუმრად. და ამ დაუდევრობამ გამოიწვია, რომ არ ჯეროდათ ამ ვირუსის, ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ, წამყვანმა მას ჰკითხა, რა ხდებოდა იმ წუთებში მარნეულში და დაემშვიდობა ისე, რომ არ გამიჯვნია მის ნათქვამს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას ახალისებდა.




აღსანიშნავია, რომ ვიდეოს იმ მოკლე მონაკვეთს, რომელშიც ეს დიალოგია, სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი ახლავს და მათი უმეტესობა რასიზმსა და ქსეონოფობიას ახალისებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიაში გავრცელებული მასალები, სახიფათო შინაარსის გამო, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეებს აჩენს. კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო მედიაში გაჩნდა მასალები, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ გარკვეული ჯგუფების მიმართ უარყოფითი, რასისტული განწყობები იკვეთებოდა. საქართველოში ასეთი ჯგუფი თავდაპირველად ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც გუშინ მარნეულში ვირუსი დაუდასტურდა ადგლობრივ მცხოვრებს და ეს თემა მედიისთვის მთავარ თემად იქცა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რამდენიმე დეტალია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

„ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ეს არ არის ქარტიის საბჭოს მხრიდან კორონავირუსის თემაზე გავრცელებული პირველი განცხადება. თემის სიფრთხილით გაშუქების აუცილებლობაზე ქარტია ზუსტად ერთი თვის წინ ალაპარაკდა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

„კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას, არ გაამჟღავნოთ პაციენტის პირადი ინფორმაცია (ვინაობა, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.), ასევე არ გააკეთოთ აქცენტი პაციენტის ეროვნებაზე, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს ქსენოფობია“, - ვკითხულობთ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამავე დროს ქარტის საბჭოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს ამ განცხადებების გავრცელებაში, ამბობს, რომ ახლა მედიის პასუხისმგებლობა სიფრთხილით გააშუქოს თემა, გაათმაგებულია. მასალაში, რომელიც ამავე თემის გაშუქებისას „TV პირველის“ ეთერით გაჟღერებულ ასევე დისკრიმინაციულ განცხადებებს შეეხებოდა, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მედია ასეთ დროს არ უნდა იყოს ინფორმაციის მხოლოდ გამტარი და მას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ისევე როგორც რესპონდენტების შერჩევისას, ასევე მათი განცხადებების მოსმენისას.

„როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - უთხრა „მედიაჩეკერს“ ზვიად ქორიძემ.

„ვირუსს, დაავადებას არ აქვს არც მოქალაქეობრივი კუთვნილება არც ეთნიკური ნიშანი, ის ვრცელდება კონკრეტულ ქვეყანაში და ყველანაირი მიმართება, რომელიც ეხება ეთნიკურ ნიშანს, იქნება რასისტული და ქსენოფობიური“, - ამბობს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ეკა ჭითანავა.

გამოცემა ეკა ჭითანავას დაახლოებით ერთი თვის წინ ესაუბრა, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტირდა და მედიაში ამ თემაზე წერა გააქტიურდა.

„ ცალკე უსაფრთხოების საკითხის იგნორირება არ შეიძლება და აქაც სახელმწიფოები იღებენ სპეციალურ ზომებს, მაგრამ ასე კონკრეტულად ეთნიკური ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა ან ქსენოფობიური დამოკიდებულება არ არის გამართლებული”, - განაცხადა ეკა ჭითანავამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.
კატეგორია - ეთიკა
19 მარტს “TV პირველის” 16:00 სათიან საინფორმაციო გამოშვებაში კორონავირუსსზე სასაუბროდ ეთერში სტუმრად დიზაინერი ზალიკო ბერგერი მიიწვიეს. წამყვანის განმარტებით, რესპონდენტის ჩართვის მიზანი “ცოტა პოზიტივის შემოტანა” იყო. თუმცა, საბოლოოდ, მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ არარელევანტური რესპონდენტის ჩართვამ და წამყვანის ინერტულობამ, “პოზიტივის შემოტანის” ნაცვლად, გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების დისკრიმინაციას და კორონავირუსზე საშიში დეზინფორმაციისა და მითების გავრცელებას შეუწყო ხელი.

წამყვანმა კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბარი რესპონდეტთან შემდეგი კითხვით დაიწყო:

“ზალიკო, ეხლა რომ გვითხრა იმ თემაზე, რომელიც არის ჩვენი დღვანდელი, ასე ვთქვათ, ტელეეთერში შეხვედრის მთავარი მიზეზი, ეს არის ძალიან საშიში ვირუსი - კორონავირუსი. აი, რომ გვითხრა, ჩვენ გვინდა, რომ ცოტა პოზიტივი შემოვიტანოთ, არ იყო დღეს მარტივი დღე, როგორც ვიცით, გარდაიცვალა საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ესპანეთში, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს გარკვეული შიშის დაძლევა ამ მიმართულებით. პირადად შენ როგორ ცდილობ, რომ გაუმკლავდე ამ შიშს, რომ არ აგიტანოს ამ შიშმა, ვგულისხმობ, ცუდ ფორმებს. აი, რას აკეთებ ამისთვის?”

რაზეც რესპონდენტმა უპასუხა:

“რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ღმერთმა ოღონდ ყველა ქართველი 74 წლამდე აცოცხლოს და მერე მე რა ვიცი, ღმერთო მაპატიე, მაგრამ(იცინის) ისეთი თემაა, კორონა მოკლავდა თუ ისა, მე რა ვიცი, ღმერთმა იცის, ღმერთო მაპატიე. ცოტა პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამ ვირუსსაც და ამ თემასაც…”

პირდაპირ ეთერში რესპონდენტის ამგვარმა განცხადებამ ხელი შეუწყო გარკვეული ასაკის ადამიანების ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციას. წამყვანს კი არანაირი რეაგირება არ ჰქონია რესპონდენტის არასერიოზულ და დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარზე.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა არა კონკრეტული ადამიანის მსგავსი მოსაზრებები, არამედ მედიის დამოკიდებულებაა:

“ცალკეულ ადამიანს შეიძლება უფრო ექსტრავაგანტული აზრებიც ჰქონდეს , მაგრამ არ არის საჭირო გამოიტანო საეთერო განხილვაზე. მითუმეტეს, ეს შესთავაზო ადამიანს, რომელიც ისედაც დასტრესილია შექმნილი ვითარებით და მოჩერებულია შენს ეთერს. 74 წელზე უფრო ასაკოვანი ადამიანებიც უყურებენ ამ ეთერს, ჩამოვწეროთ ის ადამიანები?! აი, აქ, ამ შემთხვევაში, პრობლემა არის არა ის, რესპოდენტი რას ფიქრობს და როგორ აზროვნებს, არამედ რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს მედია, როდესაც ესა თუ ის ადამიანი მოჰყავს სტუდიაში და ესაუბრება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, შენ ამ ადამიანთან გექნება თუ არა კრიტიკული დიალოგი. უკვე ის, რომ ის თავისი მოსაზრებებით შენს ეთერშია, გარკვეულწილად ეს არის პოზიცია იმისა, რომ ეს არის ნორმალური და შენ მიგაჩნია რომ ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია.”

ზვიად ქორიძე მსგავს კრიზისულ ვითარებაში რელევანტური რესპონდენტების შერჩევის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელმა ინფორმაცია კვალიფიციური წყაროსგან მიიღოს:

“როდესაც წამყვანს ეთერში მოჰყავს ნებისმიერი რესპოდენტი, ის, პრაქტიკულად, იმ რესპოდენტის პირადი განწყობების გენერალიზებას ახდენს, ამიტომაც ყოველთვის მნიშნელოვანია ასეთ კრიზისულ ვითარებაში, არა ზოგადად საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მოსაზრებები და განწყობები გავიგოთ ჩვენ, არამედ კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზრებები და კომენტარები ამა თუ იმ საკითხზე. ეს არის მნიშვნელოვანი”.

წამყვანს რეაგირება არც მაშინ ჰქონია, როდესაც რესპონდენტი “TV პირველის” ეთერით საკუთარ უარგუმენტო და საშიშ მოსაზრებებს აჟღერებდა კორონავირუსზე. დისკრიმინაციული განცხადების შემდეგ, მაყურებელს ზალიკო ბერგერის ვარაუდების მოსმენა მოუწია და ამ ვარაუდების გაჟღერების დროსაც, იგი კვლავ შეეხო უფროსი ასაკის ადამიანების თემას.

ე.ი. კორონავირუსი დამთავრდება მალე, როგორც მე ჩემი კოსმიური ენერგია მომივიდა და მივხვდი რაც არის ეგ ვირუსი, როგორც ყველა ვირუსი მოდის ხოლმე ამ ყოველი წლის განმავლობაში...

- საიდან იღებ ზალიკო ამ კოსმიურ ენერგიას, ამას გეკითხები

- იცი რა, ძაან ვინერვიულე თქო მეც, რომ ესეთი მსგავსი რამე, ჰაერის ჩაკეტვა და რაღაცა მსოფლიოში არ მომხდარა აქამდე და რა ასაკობრივ ჯგუფზეც არის, მე სოციოლოგია მაქვს დამთავრებული და რაც ე.ი. დედამიწის გახშირვა, ალბათ, სჭირდება, რა ჰქვია, მსოფლიოს მამებს, როჩილდია თუ ვინ არიან კიდე, რამდენიმე ე.ი., ვინც ტრამპებს ნიშნავს და ა.შ. ეს ვირუსი დაამთავრონ ბოლო-ბოლო, როგორც დაიწყეს. მე ვფიქრობ, რომ 14-დან 20 აპრილამდე ვაქცინა იქნება და მანამდე ის, სამწუხაროდ, რა ასაკობრივ მოსახლეობაზე არის გათვლილი, რომელიც ევროკავშირს ძვირი უჯდება, იმ ასაკობრივ ადამიანებზე არის, ასე რომ, გავუფრთხილდეთ მოხუცებს.

ჩართვის დასასრულს რესპონდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ვარაუდი, რაზეც წამყვანმა უპასუხა:

“საინტერესოა, აუცილებლად დავიმახსოვრებთ ამ რიცხვებს, თუ გამართლდება შენი პროგნოზი.”

ზვიად ქორიძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ვარაუდების და დაუდასტურებელი ინფორმაციების ტირაჟირებამ შეიძლება გამოიწვიოს. იგი მიიჩნევს, რომ რთულ სიტუაციებში მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია და ის მხოლოდ ინფორმაციის გამტარი არ უნდა იყოს.

“შეიძლება, მაგალითად, ასეთმა მოსაზრებებმა გამოიწვიოს ინერტული დამოკიდებულებები იმ დათქმების მიმართ, რომელსაც მთავრობა სთავაზობს საზოგადოებას. ან დავუშვათ, გააჩინოს უფრო მეტი ნიჰილიზმი საზოგადოებაში, რაც ასევე მძიმეა კრიტიკულ ვითარებაში. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელზეც, რა თქმა უნდა, მედია უნდა ფიქრობდეს და მედია არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში გამტარი. როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - ამბობს ზვიად ქორიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

ჟურნალისტის მოვალეობა, მიაწოდოს საზოგადოებას გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსგავს კრიზისულ სიტუაციებშია. კორონავირუსის პანდემია მსოფლიო მედიისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. “მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული იმ რეკომენდაციებზე, რომლების გათვალისწინებაც კორონავირუსის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მართებთ. რეკომენდაციებში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და საკითხის კვალიფიციურ გაშუქების მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული. კვალიფიციური გაშუქებისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ ჟურნალისტებმა სიფრთხილით შეარჩიონ რესპონდენტები და წინასწარ გაითვალისწინონ მათი შეხედულებები.

გარდა ამისა, როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და ეს თემა მედიის დღის წესრიგშ ერთ-ერთი წამყვანი გახდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ ეს თემა მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს.
კატეგორია - ეთიკა

ვითარება ავტობუსის გაჩერებასთან - ამ წარწერით დღეს, 18 მარტს, "ტელეკომპანია პირველის" ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი ბევრი ხალხი ჩანს. "პოსტს" არ ახლდა არანაირი დამატებითი აღწერა, ასევე, არ იყო დაკონკრეტებული სად იყო ფოტო გადაღებული, ამიტომ მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის იგი შეცდომაში შემყვანი და პანიკის შემცველი აღმოჩნდა, - ფოტო, რომელიც სინამდვილეში არ არის საქართველოში გადაღებული, აუდიტორიის დიდმა ნაწილმა თბილისში გადაღებულად მიიჩნია.

აქვე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფოტოს გამოქვეყნება დაემთხვა პირველ დღეს, როდესაც თბილისში მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა და სოციალურ ქსელში დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია გადატვირთული ავტობუსებისა და მეტროს შესახებ. 

მოგვიანებით, ტელეკომპანიის დირექტორმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აუდიტორიამ ფოტო არასწორად აღიქვა და შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა.

"ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ატვირთა. მე, როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას, მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში", - წერს გრიგოლია.



იგივე შინაარსის ტექსტი, ოდნავ მოგვიანებით, TV პირველის ფეისბუკის გვერდზეც გამოქვეყნდა. აუიტორიას ბოდიში ტელეკომპანიამაც მოუხადა.




ამ დროისათვის TV პირველის ფეისბუკის გვერდზე ეს ფოტო პირველადი სახით აღარ იძებნება, მას აღარც საძიებო სისტემა ეძებს. ტექსტს, რომელსაც თან ერთვის თავდაპირველად გამოქვეყნებული ინფორმაციის ე.წ. სქრინშოთი, გამოქვეყნებიდან ერთ საათში 36-ზე მეტი გაზიარება და 200-ზე მეტი კომენტარი აქვს. მომხმარებელთა დიდი ნაწილი განმარტებას - რომ ფოტო ხალხმა აღიქვა არასწორად, არ ენდობა და წერს, რომ ტელევიზიამ ეს შეგნებულად გააკეთა პანიკის დათესვის მიზნით.

განმარტებისთვის რა მოხდა სინამდვილეში - მთავარი პრობლემა ფოტოზე არასრულად დართული ტექსტი იყო თუ ფოტოს გამავრცელებელმაც არასწორად აღიქვა იგი, "მედიაჩეკერი" ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა. 

ტელეკომპანიის დირექტორი ამბობს, რომ რა მოხდა სინამდვილეში ახლა ეს აღარ არის მნიშვნელოვანი, ფაქტი არის ერთი - რომ მათ შეეშალათ და ის სრულიად იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. 

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, იმიტომ რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რაც ჩვენ გვიწევს კორონავირუსის საფრთხეზე საუბარი, ვართ ძალიან მოზომილი, ყველა ინფორმაციას და ყველა სიტყვას ვწონით და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ძალიან ვინერვიულე. ახლა ჩემი მხრიდან იმაზე პასუხს ვისი მიზეზით მოხდა ეს ძალიან ცუდი შეცდომა, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე. მე კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ ბოდიშს ყველას, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ", - ამბობს იგი.

ინგა გრიგოლია ვარაუდობს, რომ ეს იყო მექანიკური შეცდომა, როდესაც არ მიუთითეს ფოტოს გადაღების ადგილი.

"იქ არ ყოფილა, რომ ეს თბილისია, მაგრამ ზუსტად რადგანაც არ იყო მითითებული, რომ ეს თბილისი არ არის, ეს იყო სწორედ ყველაზე დიდი შეცდომა. მე გვიან ვნახე ეს ფოტო, როცა უკვე აღებული იყო გვერდიდან. ბუნებრივია, მესმის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც გაუჩნდა კითხვა, ამიტომ ბოდიში ნამდვილად ჰქონდა ტელეკომპანიას მოსახდელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ვითარებაში, როდესაც ყველა სიტყვა უნდა ავწონ-დავწონოთ, ეს იყო ძალიან ცუდი შეცდომა, რომელიც ჩვენ დავუშვით, ვწუხვარ, რომ ასე მოხდა და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს", - განაცხადა მან "მედიაჩეკერთან" საუბარში. 


შეგახსენებთ, 18 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსული ინფექცია Covid-19-ით, მსოფლიოში 200 000-მდე ადამიანია ინფიცირებული. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 82 000-მდე დაავადებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 8000-ს აღწევს. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების 38 და გამოჯანმრთელების 1 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კარანტინში 1261, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 216 ადამიანია. 

კორონავირუსული ინფექციის გამო საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს. გუშინ შეზღუდვები შეეხო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. 

კორონავირუსი ახლა მსოფლიო მედიის სამუშაო თემაა. ქვეყნდება არაერთი რეკომენდაცია, როგორ უნდა გააშუქონ ჟურნალისტებმა ეპიდემიის ეს შემთხვევა. ამ რეკომენდაციებს შორის უპირველესია გადამოწმების მნიშვნელობა, განსაკუთრებული სიფრთხილე ციფრებთან, მანიპულაციური სათაურებისგან თავის არიდება და სიფრთხილე იმ ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებისას, რომელსაც მედია ამ თემასთან კავშირში აქვეყნებს. 

 

ამ თემაზე დაგაინტერესებთ:

 

კატეგორია - ეთიკა
ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიური განვითარებით შეცვლილმა ტრადიციულმა მედიაგარემომ მსოფლიო და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევის - დეზინფორმაციასთან, მცდარ ინფორმაციასა და საინფორმაციო პროპაგანდასთან გამკლავების საკითხის წინაშე დააყენა. ინტერნეტ-მედიის განვითარებამ ერთის მხრივ, შესაძლებლობა მისცა მოქალაქეს, რომ თავად აირჩიოს ინფორმაციის წყარო, თავად შექმნას და გააზიაროს ინფორმაცია, თავად შეუწყოს ხელი დღის წესრიგის განსაზღვრას, მეორე მხრივ კი შექმნა გადაუმოწმებელი, ყალბი, მრავალი ფობიის გამომხატველი ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო შესაძლებლობა.

თუკი გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული და საერთო კონტექსტში ჩასმული ინფორმაცია მოქალაქეს ეხმარება იყოს ინფორმირებული მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ და მიიღოს სწორი გადაწყვეტილები, დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის უმთავრეს მიზანს, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის გზით, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და საზოგადოების ინფორმირებულ არჩევანზე გავლენა წარმოადგენს.

გთავაზობთ კორონავირუსთან დაკავშირებით თებერვალში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მცდარ ამბებს, რომლებიც მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე ორიენტირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს და გადაამოწმეს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული მოკვლევის კვლევის ლაბორატორიამ გამოავლინა, რომ ვიდრე მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები მუშაობენ ვირუსის წარმოშობის მიზეზებისა და მისი სამკურნალო საშუალებების აღმოსაჩენად, პროკრემლისტური აქტორები აშშ-ს სდებენ ბრალს, თითქოს ისინი განზრახ ავრცელებენ ვირუსებს, რომლებიც მათ ბიოიარაღს წარმოადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შესახებ დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში არაფერია ახალი. ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია ამტკიცებდა, რომ აშშ განზრახ ავრცელებდა აივ ვირუსს. კამპანიას ერქვა “ოპერაცია ინფექცია” და სტატიები ავითარებდნენ კონსპირაციის თეორიას, რომ ვირუსი, რომელიც იწვევდა აივ ინფექციას ჩუმად შექმნეს შტატების ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებში და ახლა ცდიდნენ მას ადამიანებზე. ამ საინფორმაციო კამპანიას მაშინ რუსული უშიშროება, ე.წ. კაგებე მართავდა.

იგივე ტენდენცია ვლინდება კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებითაც. ამერიკის ბრალმდებელი ნარატივები პირველად, მარგინალურ პრო-კლემლისტურ მედიაში ჩნდება და შემდეგ უკვე გადადის გავლენიან პრო-კრემლისტურ მეინსტრიმ მედიაში. ასევე ვრცელდება რუსი პოლიტიკოსებისა და სოციალური მედიი პლატფორმების - youtube-ისა და vkontakte-ს საშუალებით.

მაგალითად, მარგინალური პროკრემლისტური მედია აშშ-ს ადანაშაულებს ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში და ამბობს, რომ შტატები იყენებს ეკონომიკურ და მილიტარისტულ იარაღს მის კონკურენტ ჩინეთზე ზეწოლისათვის. მაგ. ტოპკორ.რუ ვარაუდობს, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი ამერიკას ბილიონობით დოლარი დაუჯდა და ჩინეთის ეკონომიკის ზარალით ხეირობს ამერიკა.


altalt

პროკრემლისტური გვერდი Katushya.org კი ამტკიცებს, რომ ჩინეთის არმიის განცხადებით, ვირუსი ამერიკის ლაბორატორიებში ჩინეთის შიგნიდან გასატეხად შეიქმნა. ერთ-ერთ ვერსიად მუშავდება ისიც, რომ ვირუსის მიზანია შეამოწმოს ბიოლოგიური იარაღის წინაშე ჩინეთის თავდაცვისუნარიანობა.

alt

მესამე და ჩვენთვის საინტერესო ვერსია ეხება ლუგარის სახელობის ლაბორატორიას თბილისში. ამ ვერსიით, როგორც მითების დეტექტორმა მოიკვლია, REN-TV ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორია არის შტატების ერთ-ერთი ბაზა, სადაც ბიოლოგიური იარაღი მზადდება და გულისხმობს, რომ კორონავირუსიც სწორედ აქაა გამოგონილი.

ლუგარის ლაბორატორია პირველად არ ხდება დეზინფორმაციის სამიზნე, მანამდე, ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ (EUვსDisinfo) ინფორმაციით, ლაბორატორია გახდა C ჰეპატიტის გავრცელების წყარო, ასევე ამერიკელი დიპლომატების მიერ ჩამოტანილი სისხლის დამამუშავებელი იმისათვის რომ ეწარმოებინა ბიოლოგიური იარაღი რუსეთის წინააღმდეგ.

პროკრემლისტურ მედიას კვალდაკვალ მისდევს სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშები. აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები, ვკითხულობთ ონლაინ გამოცემაში “ტაბულა”, რომელიც თავის მხრივ AFP-ს ეყრდნობა.

AFP ინფორმაციით, ზოგიერთი ანგარიში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღვივებს აშშ "ეკონომიკურ ომს ჩინეთთან" და რომ ეს ვირუსი CIA-ის შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.

AFP-ს ცნობით, აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელების აღნიშნული ყალბი პროფილები იმართება არა ბოტების, არამედ ადამიანების მიერ და ერთდროულად იპოსტება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას, ვითომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ვირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მოყვა საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში. მოგვიანებით დადგინდა, რომ წერილი უკრაინის ფარგლებს გარეთ დაიწერა, მაგრამ მოქალაქეები უკვე ითხოვდნენ მათივე თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ვუჰანიდან იყვნენ ევაკუირებულები, უკრაინაში შესვლის აკრძალვას. შიში, დეზინფორმაცია და სანდოობის დაბალი დონე მთავრობის მიმართ ეს არის ის ნაყოფიერი ნიადაგი, რასაც პროკრემლისტური მედია იყენებს.

Facebook-მა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციულ და ადამიანებისთვის საზიანო ინფორმაციას წაშლის: მაგალითად, მსგავსს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მათეთრებლის მიღება კორონავირუსისგან განკურნების საშუალებაა. ასევე Instagram-ზე დაბლოკავენ და შეზღუდავენ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებულ ჰეშთეგებს. გარდა ამისა, კომპანია თავის მომხმარებლებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ვირუსის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით მიაწვდის.

შეზღუდვამდე კი საქართველოს მოქალაქეებს ისევ ხვდებათ მითი იმის თაობაზე, რომ ბანანი სხვადასხვა ვირუსისა და დაავადების წყაროა.

მითების დეტექტორის მიერ მომზადებული ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბანანი ყველა დროის კონსპირაციების ერთ-ერთი წყარო იყო.

კორონავირუსთან ერთად, ყალბი ინფორმაციის მუდმივ დღის წესრიგს წარმოადგენს ლიბერალიზმი და რაღა თქმა უნდა, ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერი, ამერიკელი ფილანტროპი ჯორჯ სოროსი. 18 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გააზიარა ფოტო, რომელზეც მათი მტკიცებით SS-ელი სოროსია გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა შემდეგი ტექსტი: “ფოტოზეა ესესელი ჯორჯ სოროსი. შემდეგში როცა სოროსის მიერ დაფინანსებული ლიბერასტი დაგიძახებთ რასისტს, ფაშისტს და ნაცისტს, ეს ააფარეთ სახეზე”. პოსტის ავტორად სანდრო ლობჟანიძეა მითითებული, ხოლო ფოტოზე გამოსახულია უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნ აცისტური SS-ის უნიფორმა აცვია.

მითების დეტექტორის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, გაირკვა, რომ ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნაცისტური SS-ის უნიფორმა აცვია, სინამდვილეში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ბუღალტერი ოსკარ გრონინგია და მისი ახალგაზრდობის იდენტური ფოტო DailyMail-ის სტატიაშიც იძებნება.

სულ ბოლოს უნდა ვახსენოთ ორგანიზებული შეტევის მორიგი გამოვლინება: ანტისაოკუპაციო საზოგადოებრივო მოძრაობის “სირცხვილია”, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სხვა ჯგუფების - “შეცვალე”, “გაბედე” და ერთიანი ოპოზიციის სახელით ყალბი ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელდა ყალბი განცხადება მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წლილისათვის“ დაბადების დღე მიულოცა.

განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, Facebook-ში შეიქმნა გვერდი სახელით - „ბოიკოტი რაგბის კავშირს“, რომელმაც შემდეგი დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნა, თითქოს პროტესტის ნიშნად, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა რომ 22 თებერვალს საქართველო - ბელგიის სარაგბო მატჩზე ეგულშემატკივრათ ბელგიისთვის: “22 თებერვალს საქართველო - ბელგიის სარაგბო მატჩზე ვუგულშემატკივროთ ბელგიას!!! საქართველოს სამარცხვინო რაგბის კავშირმა დაბადების დღის მისალოც ტექსტში ბიძინა ივანიშვილს მეცენატი უწოდა. „გაბედე“, „შეცვალე” , „სირცხვილია” , „20/30-იანელები“ და ერთიანი ოპოზიციის სახელით მოგიწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, 22 თებერვალს მოდით სტადიონზე და პროტესტის ნიშნად ვუგულშემატკივროთ ჩვენს მეტოქე ბელგიის ნაკრებს. ვაჩვენოთ სამარცხვინო რაგბის კავშირს, რომ სამშობლოს ღალატი არ შერჩებათ. ქვეყნის მოღალატეებისგან მსოფლიოს ჩემპიონობაც კი არ გვჭირდება. არც მაგ ბორჯღალის ტარების ღირსები ხართ გულზე რომ გახატიათ“.

ფაქტ-მეტრი ზემოთ ჩამოთვლილ სამოქალაქო მოძრაობებს დაუკავშირდა და თითოუელმა მათგანმა მსგავსი განცხადების გაკეთება უარყო. ამჟამად, Facebook-გვერდი „ბოიკოტი რაგბის კავშირს“, გაუქმებულია ან აღარ არის საჯარო.
კატეგორია - ეთიკა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ ამბის გაშუქებისას, “მთავარმა არხმა” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მაყურებელს ბრალდებულის დედის ისეთი კომენტარი შესთავაზა, რომლის მთავარი აქცენტი იყო, რომ მოძალადის პროვოცირება თავად დაზარალებულმა მოახდინა.

ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დედის თქმით, “მისი შვილი ალბათ ყოფილმა რძალმა გახადა იძლებული, რომ ამ ზომამდე მისულიყო და მოეკლა ან სიკვდილისთვის გაემეტებინა, რადგან ის იყო ცუდი დედა და ცუდი მეუღლე”.

ამის შემდეგ, სიუჟეტიდან უშუალოდ ბრალდებულის დედის ასევე ძალადობის გამამართლებელი კომენტარი მოვისმინეთ. სავარაუდო მოძალადის დედა შვილის ქმედების გამართლების მიზნით, ქალის უპასუხისმგებლო დედის როლში წარმოჩენას ცდილობდა, რომელიც შვილებით არ ინტერესდებოდა და მათ უყურადღებოდ ტოვებდა. “მიიყვანა ალბათ იმ დონემდე, რომ ასე გაუკეთა”, - თქვა ბრალდებულის დედამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტში თავადვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების დაცვის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ჟურნალისტებს ფემიციდის ფაქტების სიფრთხილით გაშუქებისკენ მოუწებენ, საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპების გამყარებას მისსავე მომზადებულ მასალაში ხელი თავადვე შეუწყო.

გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია: „ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს“.

„ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად „ეჭვიანობის ნიადაგის“ დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი „არასწორად“ იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა“, - ვკითხულობთ ამავე წესებში.

ტელეკომპანია “მთავარის” ამავე სიუჟეტში დაზარალებულის პირდაპირი იდენტიფიცირებაც მოხდა, დასახელდა მისი სახელი და გვარი, აგრეთვე ვიხილეთ კადრები, რომლებშიც ძირს დაწოლილი დაჭრილი ქალი ჩანდა, რომელსაც გარშემო ხალხი ეხვია. ერთ-ერთ კადრში თავად სავარაუდო მოძალადის სახეც გამოჩნდა.

ეს ამ თემაზე “მთავარი არხის” მიერ მომზადებული პირველი სიუჟეტი არ არის. ხაშურში მომხდარიდან მალევე “მთავარმა არხმა” ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში დაჭრილი ქალის კადრები პირდაპირ ეთერში აჩვენა. და მიუხედავად იმისა, რომ “მედიაჩეკერმა” ხაშურში მომხდარი ამბის შესახებ იმავე დღეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვები დაწყებამდეც დაწერა და მედიის მიერ თემის გაშუქების პრობლემაზე მიუთითა, “მთავარმა არხმა” თემა მაყურებელს მაინც ეთიკური სტანდარტების დარღვევით შესთავაზა.




დაჭრილი ქალის სახელი და გვარი დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია “ფორმულამაც” თქვა. ამასთან, დაფარვის გარეშე შემოგვთავაზა დაზარალებულის დედის კომენტარი. დაზარალებულის დედის იდენტიფიცირებით მსხვერპლის ირიბი იდენტიფიცრება მოხდა “რუსთავი 2-სა” და “ტელეკომპანია პირველზეც”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში, რომელიც კრიმინალის გაშუქებას ეხება, აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.


ფემიციდის შემთხვევების პრობლემურ გაშუქებაზე, "მედიაჩეკერს" არაერთი მასალა აქვს მომზადებული. მათგან ერთი ეხება "მთავარ არხსაც" და მეტწილად, სწორედ "მთავარი არხის" შეცდომებზე მიუთითებს. ამ მასლაში დეტალურად არის ახსნილი, რატომ არის სახიფათო ქალთა მიმართ ძლადობისა და ფემიციდის შემთხვევების გაშუქება სიფრთხილის გარეშე. 

 

გუშინ, 8 მარტს, "მედიაჩეკერმა" გამოაქვეყნა თიკო ცომაიას მიერ მომზადებული გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის ფემიციდის გაშუქების საკითხებზე. ამ გზამკვლევშიც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მედიას მართებს დიდი სიფრთხილე და მაღალი მგრძნობელობის გამოჩენა ფემიციდის გაშუქების დროს. 

 

კატეგორია - ეთიკა
5 მარტს ხაშურში, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა, ქალი დაჭრა. “მთავარმა არხმა” 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში დაჭრილი ქალის კადრები პირდაპირ ეთერში აჩვენა. “მთავარი არხის” მიერ გადაღებული ვიდეოკადრებით დაიწყო 16:00 საათიანი გამოშვება “TV პირველმა”. იგივე კადრები აჩვენა “ფორმულამაც” 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში.

“ეს არის კადრები, რომელსაც ადგილიდან ჩვენ ამ წუთებში ვიღებთ”, - “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ამ სიტყვების პარალელურად, ვიდეოში ჩანს ქუჩაში ძირს დაწოლილი, დაჭრილი ქალი, რომელსაც ხალხი ახვევია გარშემო და ისმის გარშემომყოფების ტირილი, ყვირილი და შემაშფოთებელი რეპლიკები: “კრიჭა შეეკრა”, “სასწრაფოს დაურეკეთ”, “დანა დაარტყა ვიღაცამ” და ა.შ.

“მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გასული ვიდეოდან, დაჭრილი ქალის ყველაზე მძიმე კადრები ამოჭრეს სხვადასხვა ონლაინ მედიებმა და სენსაციური სათაურებით გამოაქვეყნეს ვებგევრდებზე, მათ შორისაა “ფორტუნა”, droni.ge, newsreport.ge, exclusivenews.ge, progressnews.ge.

აღნიშნულმა მაუწყებლებმა და მედიასაშუალებებმა არ გაითვალისწინეს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს მსხვერპლის ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას.

გარდა იმისა, რომ გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულების მატარებელი იყო აუდიტორიისთვის დაჭრილი ქალის მძიმე კადრების ჩვენება, პრობლემურია მსხვერპლი ქალის იდენტიფიცირება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.
კატეგორია - ეთიკა
4 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭიათურაში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ჩანს. ამავე ვიდეოდან ირკვევა, რომ ქალი ქუჩაში ცემა ქმარმა და ისმის თვითმხილველების შეკითხვები, ხშირად სცემს თუ არა მას ქმარი. ვიდეოში ჩანს მცირეწლოვანიც, რომელიც ყველა ამ პროცესის მომსწრეა. იმავე დღეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის ამ თემაზე სიუჟეტები მოამზადეს მთავარ საინფორმაციო გამოშვებისთვის ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”, “ფორმულამ” და რეგიონულმა მაუწყებელმა “მეგა TV-იმ”. “მთავარ არხსა” და “მეგა TV-ზე” გასულ სიუჟტებში მსხვერპლი ქალის პირდაპირი და მისი მცირეწლოვანი შვილის ირიბი იდენტიფიცირება მოხდა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები, თავდაპირველად, ერთ-ერთმა თვითმხილვევლმა გადაიღო და ფეისბუკის პირად გვერდზე ატვირთა, მეორე დღეს კი წაშალა (5 მარტის, დაახლოებით, 12:00 საათის შემდეგ, ვიდეო სოციალურ ქსელში აღარ იძებნება). ვიდეოს თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც თვითმხილველმა გამოაქვეყნა, დაუფარავად ჩანდა მსხვერპლი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. წაშლამდე ვიდეო 3 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გააზიარა.

“მთავარი არხისა” და “მეგა TV-ის” მიერ მომზადებულ მასალებში აღნიშნული ვიდეოკადრები რამდენჯერმე განმეორდა, ამ კადრებში მსხვერპლი ქალი ღიად იყო ნაჩვენები. სიუჟეტებში ჩანდა, რომ ორივე არხს მცირეწლოვნის დაფარვის მცდელობა ჰქონდა, თუმცა, მაუწყებლებმა არ გაითვალისწინეს, რომ ბავშვის იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელი იყო მსხვერპლი ქალის პირდაპირი იდენტიფიცირებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე მაუწყებელი აქცენტს ჭიათურაში მომხდარ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ამახვილებდა და სიუჟეტების ფოკუსი სისტემური პრობლემის ჩვენება არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში პირდაპირ იდენტიფიცირებული იყო მსხვერპლიც და ბავშვიც, ეს არ ათავისუფლებდა მედიას პასუხისმგებლობისგან, დაეფარა ძალადობის მსხვერპლი ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი.

იგივე ამბავზე მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია “ფორმულამაც”. “მთავარი არხისა” და მეგა TV”-სგან განსხვავებით, “ფორმულა” მხოლოდ კონკრეტული ამბით არ შემოიფარგლა, თემა განაზოგადა და სისტემურ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ჩანდა მსხვერპლის და მისი მცირეწლოვანი შვილის ვინაობის დაფარვის მცდელობა, ქალის სახის არასათანადო დაბლარვის გამო, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელი ხდებოდა.

ძალადობის მსხვერპლი ქალის ვიდეო და ფოტო, მყვირალა სათაურებით გავრცელდა სხვადასხვა ვებგვერდებზეც და ამ დრომდე იძებნება ონლაინ მედიების ნაწილის, მათ შორის “ფორტუნას”, “მარშალპრესის”, “hotnews-ის” გვერდებზე, ასევე, ეგრეთ წოდებულ კლიქბაიტ საიტებზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნაქვამია, რომ მედია განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მუშაობისას და ისე უნდა გააშუქოს შემთხვევები, რომ ზიანი არ მიაყენოს მსხვერპლს, მის შვილებსა და ახლობლებს. ასევე, ძალადობის ფაქტების გაშუქებისას მედიამ ყურადღება სისტემურ პრობლემაზე უნდა გაამახვილოს და არა კონკრეტულ შემთხვევებზე.

“კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრისას უმჯობესია ფოკუსი სისტემურ პრობლემებზე გააკეთოთ და აჩვენოთ, რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით, რამდენად კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას საჯარო მოხელეები”, - ვკითხულობთ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.
კატეგორია - ეთიკა
ბოლო 10 დღეა, 14 თებერვლიდან დღემდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიდის და თითქმის ყოველდღე მაუწყებელში რაღაც ხდება (საკადრო ცვლილებები, აქციები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზააციების გამოხმაურებები, თანამშრომელთა პროტესტი). შესაბამისად, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები დანარჩენი მედიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა როგორ აშუქებს აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მედიამონიტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას 14 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდში დააკვირდა. (მონიტორი აკვირდებოდა არა მხოლოდ პრაიმტაიმის პერიოდს, არამედ დღის განმავლობაში მომზადებულ ყველა საინფორმაციო გამოშვებას, 25 თებერვლის, 18:00-საათიანი გამოშვების ჩათვლით, ანუ, მასალის გამოქვეყნებამდე).

მონიტორინგმა აჩვენა, რომ პირველი არხი ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში ზედაპირულად აშუქებდა, ძირითადად, რამდენიმეწამიანი კადრსინქრონით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ კი ამ თემას საერთოდ არ უთმობდა დროს.

სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში, პირველი არხის მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებისთვის თანმიმდევრულად ედევნებინა თვალი, მიეღო ამომწურავი ინფორმაცია, მოესმინა მედიაექსპერტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებები და დაენახა სრული სურათი.

რა მოხდა ამ დროის განმავლობაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში

 
  • 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე საშტატო განრიგში ცვლილებებს და მაუწყებელში სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობების გაუქმებას გეგმავდა. კოხრეიძის გადაწყვეტილებას, იმავე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედია კოალიცია და, ასევე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებით გამოეხმაურა.
  • „საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ამ სლოგანით 16 თებერვალს ქუთაისსა და ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
  • 17 თებერვალს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად პარლამენტის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ასევე, განცხადება გაავრცელა 8 პოლიტიკურმა პარტიამ.
  • 18 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის კანდიდატების შესახებ გახდა ცნობილი.
  • 19 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბორდმა საშტატო განრიგის ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მაუწყებელში ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე მოადგილეების შტატი გაუქმდა. იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
  • 21 თებერვალს კომისიამ დახურულ სხდომაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი აირჩია. იმავე დღეს მაუწყებლის დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მომხდარ ინცინდენტზე განცხადება გაავრცელა აჭარის ტელევიზიის პროფკავშირმა.
  • 24 თებერვალს ძალაში შევიდა ბორდის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის ცვლილება, გაუქმდა მაია მერკვილაძის შტატი, გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მერკვილაძე მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდანაც გათავისუფლდა და მის ნაცვლად ნინო ხაჟამია დაინიშნა. იმავე დღეს, ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მედია კოალიციამ საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის დამაზიანებელად შეაფასა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა კი გაფიცვისთვის დაიწყეს მზადება.
  • 25 თებერვალს “უკიდურესი პროტესტის” ნიშნად აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. მაია მერკვილაძემ კი მაუწყებელში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და დირექტორის ახალ შემოთავაზებას დათანხმდა. დღის ბოლოს, ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ.

რა არ გააშუქა და რა/როგორ გააშუქა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა - ქრონოლოგია

 
აჭარის ტელევიზიაში 14-25 თებერვლის პერიოდში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში პირველად, 16 თებერვალს დღის 12:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა. “აქცია ბათუმში” - ამ სახელწოდების 25 წამიანი კადრსინქრონით მაუწყებელმა ჟურნალისტების მხარდასაჭერად გამართული აქცია გააშუქა. წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად, ტელევიზიის წინ აქცია გამართეს აჭარის სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა და აქციაზე არასამთავრო ორგანიზაციის და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. იმავე დღეს, 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაშიც მაუწყებელი იდენტური 25 წამიანი კადრსინქრონით შემოიფარგლა.

17 თებერვალს 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში მაუწყებელმა 8 პოლიტიკური პარტიის განცხადება გააშუქა. “პარტიების განცხადება” ამ სათაურით, 2 წუთიან კადრსინქრონში მაყურებელმა მოისმინა პეტრე ზამბახიძის (ევროპული საქართველო), მირდატ ქამადაძის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), თეონა ხარაბაძის (აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი), გიორგი კოხრეიძის (აჭარის ტელევიზიის დირექტორი) და თამილა დოლიძის (აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი) კომენტარები. იმავე დღეს, იგივე განცხადება იდენტურად გააშუქდა 18:00 საათიან და 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას პირველმა არხმა ყველაზე მეტი დრო 19 თებერვალს დაუთმო. 12:00 საათიან გამოშვებაში მაუწყებელმა კადრსინქრონად გააშუქა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განვითარებული მოვლენების გაშუქებისას მაყურებელმა ნახა სიტყვიერი დაპირისპირების კადრები და მოისმინა ჟურნალისტ მალხაზ რეხვიაშვილის და არხის დირექტორის გიორგი კოხრეიძის კომენტარი. ამბის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა, რომ სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ, ამბის გაშუქების შემდეგ კი წამყვანმა მაყურებელს აჭარის ტელევიზიის წინ ნაციონალური მოძრაობასა და მოქალაქეების შორის მომხდარი დაპირისპირების შეასხებ აცნობა.

“აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ, ხმაური იყო შენობის წინ. მოქალაქეთა ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრის უფლება, რადგან სწორედ მათგან უხდებოდათ მედიის, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დაცვა”, - წამყვანის ამ წარდგენის შემდეგ მაყურებელმა ნახა სიტყვიერი დაპირისპირების კადრები და მოისმინა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის და ერთი მოქალაქის კომენტარი.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” აქცენტირება და ამბის ამგვარი გაშუქება იყო მანიპულაციური და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” პირდაპირ კავშირშია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმავე დღეს, 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაშიც გაშუქდა. თუმცა, ამჯერად, მაყურებელი 2 წუთის განმავლობაში მხოლოდ გიორგი კოხრეიძის საუბარს ისმენდა, რომელიც აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მიმართავდა, რომ უსაფუძვლო განგაშს ქმნიან. გიორგი კოხრეიძის კომენტარის შემდეგ კი, წამყვანმა 12:00 საათიანი გამოშვების მსგავსად, იდენტური ტექსტით, კადრებით, სინქრონებითა და აქცენტებით, გამოშვება “ნაციონალურ მოძრაობასა” და მოქალაქეებს შორის სხდომის პარალელურად მომხდარი დაპირისპირების ამბის მოყოლით გააგრძელა.

18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა მაყურებელს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - საშტატო განრიგის ცვლილების შესახებ აცნობა. მაყურებელმა მოისმინა გიგა ჩხარტიშვილის, მაია მერკვილაძის, გია ქარცივაძის, გიორგი კოხრეიძის კომენტარი. რის შემდეგაც წამყვანი კვლავ ნაციონალურ მოძრაობასა და მოქალაქეებს შორის სხდომის პარალელურად მომხდარ დაპირისპირებას დაუბრუნდა. 21:00 საათიან გამოშვებაში კი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების - საშტატო განრიგის ცვლილების დამტკიცების შესახებ მიიღო ინფორმაცია და კვლავ მოისმინა გიგა ჩხარტიშვილის, მაია მერკვილაძის, გია ქარცივაძის და გიორგი კოხრეიძის კომენტარი.

აჭარის მაუწყებლის ამბებს პირველი არხი 24 თებერვალს დაუბრუნდა. 18:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში 20 წამიან კადრსინქრონად გააშუქა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრების მიერ ტელევიზიის წინ გამართული აქცია. იმავე დღეს, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს 21:00 საათიან საინფორმაციოს დასკვნით ნაწილში 2 წუთი დაუთმო, და ტელევიზიის წინ ჟურნალისტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია კადრსინქრონად გააშუქა, მაყურებელმა მოისმინა მაუწყებლის დირექტორის და ორი ჟურნალისტის კომენტარი.

დღეს, 25 თებერვალს 15:00 საათიან გამოშვებაში წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები პროტესტს აგრძელებენ, ასევე, წამყვანმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაია მერკვილაძე დირექტორის შეთავაზებას დათანხმდა, აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს თანამშრომელმა დატოვა, რის შემდეგაც მაყურებელმა მოისმინა თეონა ხარაბაძის, მაია მერკვილაძის და გიორგი კოხრეიძის კომენტარები. 18:00 საათიან გამოშვებაში მაუწყებელი ამ თემას აღარ დაუბრინდა. 

საბოლოო ჯამში, ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მაყურებელს არ ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების შესახებ. არ მიუღია სრული ინფორმაცია სხვადასხვა ქალაქში გამართული სოლიდარობის და საპროტესტო აქციების შესახებ, არ მოუსმენია არცერთი მედიაექსპერტის მოსაზრება მიმდინარე მოვლენებზე და არც სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის შეფასებები მოუსმენია, რადგან პირველ არხს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული არცერთი განცხადება არ გაუშუქებია. პირველი არხის მაყურებელმა არც იმის შესახებ იცის, რომ აჭარის ტელევიზიას დირექტორის ახალი მოადგილე ჰყავს.
კატეგორია - ეთიკა

18 თებერვალს სამტრედიაში ყოფილმა ქმარმა 26 წლის ქალი მოკლა. ამ ამბის გაშუქებისას, "რუსთავი 2-მა" მაყურებელს მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების ისეთი კომენტარები შესთავაზა, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ბრალდებულს მკვლელობისკენ თავად გარდაცვლილის ქმედებებმა უბიძგა.

მიუხედავად იმისა, რომ 18 თებერვალს, "კურიერის" წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა თემის წარდგენისას მაყურებელს ემოციურად მიმართა,  და  ხაზგასმით თქვა, რომ ქალთა მკვლელობის გახშირებული ფაქტები „ფემიციდის ტენდენციაზე“ მიუთითებს, რაც „მთელი ქვეყნისთვის ტრაგედია უნდა იყოს“ და ასევე განმარტა, რომ მსგავსი ქმედებების „წამახალისებელი ფაქტორი ქალთა მიმართ ძალადობაზე საზოგადოების დამოკიდებულებაა“, სიუჟეტებში მომხდარისადმი სწორედ მსგავსი სტერეოტიპული შეფასებები მოვისმინეთ.

18 თებერვალს ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში, ჟურნალისტმა მაყურებელს უთხრა, რომ „ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, „არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, რომ ისინი მკვლელობას არ ამართლებენ, თუმცა „ნაწილობრივ აცხადებენ, რომ ამის საბაბს მამაკაცს მეუღლე აძლევდა“.

ჟურნალისტის ტექსტს უშუალოდ ბრალდებულის ოჯახის წევრების კომენტარები მოჰყვა, რომლებიც ქალის მხრიდან მეუღლის ღალატზე მიუთითებენ და მკვლელობის სავარაუდო მოტივადაც სწორედ ამას ასახელებენ.

იგივე სურათი იყო 19 თებერვალს გასულ სიუჟეტშიც. „ბრალდებულის ოჯახის წევრები გიგა აბრალავას ქმედებას არ ამართლებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სიტუციის პროვოცირებას მისი მეუღლე სალომე ბოხუა გამუდმებით ახდენდა“, - თქვა ჟურნალისტმა, რასაც აგრეთვე მოკლულის მხრიდან ღალატის არგუმენტით, ოჯახის წევრის მხრიდან ბრალდებულის გამართლების მცდელობა მოჰყვა.

გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია: „ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს“.

„ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად „ეჭვიანობის ნიადაგის“ დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი „არასწორად“ იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა“, - ვკითხულობთ ამავე წესებში.

ფემიციდის ეთიკური სტანდარტების დარღვევით გაშუქების შესახებ  "მედიაჩეკერს" არაერი მასალა აქვს მომზადებული.  ერთ-ერთ ბოლო მასალაში, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ, 21 იანვარს არის მომზადებული,  გენდერის საკითხების მკვლევარი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ  ფემიციდის საკითხების არასწორი გაშუქებით მედია ხელს უწყობს მსგავსი შემთხვევების განგრძობითობას. 
“იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება გამართლება, - თითქოს, ვინმე, ვისაც ეჭვიანობის ნიადაგზე მოუნდება პასუხი მოითხოვოს, ეს შეიძლება შეწყნარებული იყოს. ამიტომ არის ეს არასწორი და ამიტომ ვამბობთ რომ ასეთი ტიპის რეპორტინგის დროს ე.წ. გაშუქებას მოყოლილი დანაშაულებების სერია ხდება. ეს ძალიან სარისკოა”, - ამბობს იგი.
 

ამ თემაზე იხილეთ:  


ასევე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული ვიდეოგზამკვლევი

კატეგორია - ეთიკა
10 თებერვალს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 33 წლის პირი დააკავეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 11 თებერვალს “რუსთავი 2-მა” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ამბავს 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი გაცნობიერებულად ცდილობდა დაეფარა მსხვერპლების ვინაობა და დანაშაულის ჩადენის ადგილი, ბრალდებულის პირდაპირი იდენტიფიცირებითა და სიუჟეტში გამოყენებული კადრებით, მსხვერპლი ბავშვების ირიბი იდენტიფიცირება მაინც მოხდა.

ამბის გაშუქებისას ჟურნალისტმა ორჯერ დაასახელა მსჯავრდებულის სახელი და გვარი და იქვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი მისი დისშვილია, მეორე ბავშვი კი მისი თანაკლასელი. დამნაშავის ვინაობის გასაჯაროებასთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება სხვა გარემოებემაც მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში გამოყენებული კადრების ნაწილი დაბლარული იყო და ჟურნალისტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განზრახ ფარავდა ადგილმდებარეობას, დაუბლარავი კადრებიდან მაინც ადვილად იდენტიფიცირებადი იყო მუნიციპალიტეტი.

“რაც შეეხება თავად სოფელს, სადაც ინციდენტი მოხდა, ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ ადგილმდებარეობას”, “კურიერი შეგნებულად არ ასახელებს მუნიციპალიტეტს, სადაც შემთხვევა მოხდა” - ამბობს ჟურნალისტი, თუმცა, თავისივე სიტყვების პარალელურად, მაყურებელს ღიად აჩვენებს მეზობლების სახეებს, ასევე, დამნაშავის სახლის და ქუჩის კადრებს. დაუფარავად ჩანს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში (საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქალაქში) გადაღებული კადრები და რაიონული სასამართლოს შენობა, სადაც გარკვევით იკითხება ადგილმდებარეობა. ასევე, თავდაპირველად კადრებში დაუფარავად ჩანს ორი რესპონდენტი - ოჯახის ახლობლები, რომლებიც მოგვიანებით, ინტერვიუს დროს დაბლარულია.

ქარტიის მიერ შემუშავებული ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო გვეუბნება, რომ ბავშვის ვინაობის დაფარვა აუცილებელია, როდესაც იგი რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან. სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ “ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით”.

გარდა ეთიკური გაიდლაინებისა, ბავშვთა ფსიქოლოგებიც აცხადებენ, რომ დაუშვებელია სექსუალურ ძალდობასთან კავშირში მყოფი არასრუწლოვნის იდენტიფიცირება ნებისმიერი ფორმით და მედიას მსგავსი თემის გაშუქების დროს განსაკუთრებული სიფრთხილისა და პასუხისმგებლობს გამოჩენა მართებს.

"არაფრით შეიძლება, როდესაც ძალადობის მსხვერპლ ბავშვზეა საუბარი, ვინმეს, სადმე, რამე გაეპაროს. არ შეიძლება ამის გაკეთება, ამას არანაირი გამართლება არ აქვს”, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.
კატეგორია - ეთიკა
"ექსკლუზიური კადრები ისანში მომხდარი მკვლელობიდან, "კურიერმა" მოიპოვა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ თვითონ ახალგაზრდა მამაკაცმა მისი მკვლელობა გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ მისი მისამართით სამჯერ გაისროლეს", - ამგვარი შესავლით, ისნის რაიონში პაკისტანის მოქალაქის მკვლელობის თემით გაიხსნა 7 თებერვლის 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება "კურიერი". წამყვანის შესავალს ფონად მომხდარის ამსახველი კადრები გასდევა. 

აღნიშნული მასალა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საიტზე ამ დრომდე [19:30 სთ, 7 თებერვალი] იძებნება . მასალა ცალკე აიტვირთა ტელეკომპანიის Facebook-ის გვერდზეც, მაგრამ მალევე წაშალეს. თუმცა, კადრები ასევე ამ დრომდე იძებნება სამსაათიანი საინფორმაციო გამოშვების ე.წ. „ფეისბუკ-ლაივზე“.  (ამ მასალების ბმულებს "მედიაჩეკერი" შეგნებულად არ გთავაზობთ, რათა ხელი არ შევუწყოთ მათ გავრცელებას). 

„რუსთავი 2-ზე“ დაყრდნობით, ვიდეო სააგენტო newposts-მაც გაავრცელა. მოგვიანებით კი, მასალიდან მკვლელობის ამსახველი ვიდეო წაშალა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, რომ ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული“.  (მუხლი 41)

„ახალ ამბებში ძალადობის ამსახველი კადრების გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მათი ინფორმაციული ღირებულებისა და გასაშუქებელი მოვლენისადმი მათი მნიშვნელობის, აგრეთვე აუდიტორიის სავარაუდო რეაქციის გათვალისწინებით“, - ვკითხულობთ კოდექსში. (მუხლი 56)

ამავე კოდექსის მიხედვით, „შესაძლებელია საჭირო იყოს შოკისმომგვრელი მასალის გამოყენება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალზე ფრთხილი ანალიზის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული“ და შესაბამისად დასაბუთებული. „დაუშვებელია ძალადობის სენსაციად გადაქცევა“, - განმარტავს კოდექსი.

კრიმინალის გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ „ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას“.

„მედიასაშუალებამ არ უნდა გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც წაახალისებს კრიმინალს, დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას. პირდაპირ ეთერში რესპონდენტის პირდაპირ მოწოდებას ძალადობისკენ მედია უნდა დაუპირისპირდეს და დაგმოს“, - ნათქვამია სახელმძღვანელოში.