ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
“იმ მოზარდების უმრავლესობის შემთხვევაში, ვინც სუიციდი სცადა, საბოლოო მიზანი არ იყო თვითმკვლელობა, არამედ იყო პერფორმანსი, ჩვენება ვიღაცისთვის, რომ ის არის ცუდად. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილოა მსგავსი რამ, თუკი ბავშვები ამ ფორმით დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ არიან ცუდად, ეს იქნება კატასტროფა. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყველამ, რომ ეს კარგად გავიაზროთ”, - რას უნდა მიაქციოს მედიამ ყურადღება როდესაც სუიციდის შემთხვევებს აშუქებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მედიაჩეკერი“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა.

- ჩვენ არაერთხელ გამოგვიყენებია ჩვენს მასალებში თქვენი მოსაზრება იმ რისკებზე, რასაც შეიცავს სუიციდის შემთხვევების პრობლემური გაშუქება. მოდით, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ საფრთხეებზე..

სუიციდის შემთხვევების არაკვალიფიციური გაშუქების დროს, იზრდება რისკი, განსაკუთრებით, მოზარდების შემთხვევაში, რომ შეიძლება ეს იყო განმეორებული და ამას მოჰყვეს შემთხვევების ციკლი. ეს ნაკვლევია კიდეც მეცნიერულად, ამას უწდებენ copy-paste პრინციპს, ან, ე.წ. ვერტერის სინდრომს, როდესაც ის მოვლენა, რაც ერთხელ მოხდა, იქიდან გამომდინარე, როგორ მიაწოდეს საზოგადოებას, შეიძლება განმეორდეს, შეიძლება გამოიწვიოს დაინტერესება.

ძალიან სარისკოა უშუალოდ თვითმკვლელობის იარაღზე თუ შესაძლებლობებზე ლაპარაკი, იმ ადგილის ჩვენება, სადაც შემთხვევა მოხდა.

ასევე, ძალიან სახიფათოა (და ამას უნდა აარიდოს მედიამ თავი), რომ არ მოხდეს გაიდეალიზება, ან ზედმეტი ვიქტიმიზირება იმ ადამიანისა, რომელმაც სუიციდი ჩაიდინა. არ არის სასურველი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ის გამოვიყვანოთ გმირად და გავხადოთ ე.წ. “კუმირი”. ასეთი გაშუქება სარისკოა უშუალოდ მისი ახლობელი მოზარდებისთვის, მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.

მედია უნდა იყოს ფაქტებზე ორიენტირებული და ამ ფაქტებსაც სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. არის ფაქტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად არის სარისკო. მაგალითად, სუიციდის დროს ძალიან სარისკოა ვაჩვენოთ, როგორ განიცდის ახლობელი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ვაჩვენებთ ამას. ეს შეიძლება იყოს დამაინტერესებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გულში ატარებენ წყენას, რომელთაც აქვთ გარკვეული ბრაზი, ამიტომ, ძალიან საფრთხილოა ამის ჩვენება.

- ხშირად, როდესაც ამგვარი შემთხვევა ხდება, მედიის ნაწილის ფოკუსი ინაცვლებს იმაზე, როგორი ლამაზი, კეთილი, წარმატებული იყო ეს ადამიანი, რას წერდა ბოლოს და ა.შ.

ძალიან სარისკოა იმის ჩვენება, რომ ის ადამიანი, ვინც თვითმკვლელობა ჩაიდინა, იყო ლამაზი, მოღიმარი, წარმატებული... ალბათ, ჯობია, რომ ძალიან ნეიტრალური მასალა იყოს.

ნებისმიერი პირი, იქნება ეს სოციალური ქსელის მომხმარებელი თუ მედიის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა გადიოდეს გონების ფილტრს, რამდენად შეიძლება ამ თუნდაც ძალიან სენსიტიურმა, თუნდაც კეთილი სურვილებით გაკეთებულმა ემპათიურმა ფოტომ, მონათხრობმა, ზიანი მოუტანოს სხვა ადამიანს.

- ალბათ, არასრუწლოვნები არიან კიდევ უფრო მეტად მოწყვლადები მსგავსი ამბების დროს. ამ შემთხვევაში რა დამატებითი საფრთხეები ჩნდება?

არასრულწლოვნებისთვის ეს რისკები უკავშირდება იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, როგორ აღიქვამენ თანატოლები, რამ შეიძლება ის გადააქციოს პოპულარულად, გმირად. განსაკუთრებით სახიფათოა ეს იმ მოზარდებისთვის, რომელთაც შეიძლება ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები ჰქონდეთ, მარტოობის განცდა აწუხებდეთ, ან ურთიერთობის დეფიციტს განიცდიდნენ. ამიტომ არის ეს საფრთხილო.

და მეორეც, ზოგადად, ახასიათებთ ეს მოზარდებს, რომ ისინი ძალიან შთაგონებადები არიან და ადვილად შეიძლება გახდნენ შეპყრობილი რაღაც იდეით, რომელიც არის მოდური, შეიძლება ითქვას, და პოპულარული მათ თანატოლებში. ესეც ზუსტად, ისევ და ისევ, ამ საჭიროებას უკავშირდება, რომ თუ შენ აიტაცებ იმ იდეას, რომელიც არის პოპულარული თანატოლთა წრეში, თუ შენ დაემსგავსები “კუმირს”, შენ გაღიარებენ და მიგიღებენ.

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ხშირად ისინი არიან იმპულსურები, არ ფიქრობენ შედეგებზე. როგორც კვლევები აჩვენებს, იმ მოზარდების უმრავლესობის შემთხვევაში, ვინც სუიციდი სცადა, საბოლოო მიზანი არ იყო თვითმკვლელობა, არამედ იყო პერფორმანსი, ჩვენება ვიღაცისთვის, რომ ის არის ცუდად. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილოა მსგავსი რამ, თუკი ბავშვები ამ ფორმით დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ არიან ცუდად, ეს იქნება კატასტროფა. ამიტომ უნდა ვეცადოთ ყველამ, რომ ეს კარგად გავიაზროთ.

- არის შემთხვევები, რომელთა გაშუქებას, გარკვეული დეტალების ჩვენებას, ვხსნით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით...

ჟურნალისტმა ამას უნდა შეხედოს როგორც ადამიანმა, არის ხოლმე ზოგჯერ ასაწონ-დასაწონი, რა დევს სასწორზე, საზოგადოების მაღალი ინტერესი, პოპულარობა, მაღალი რეიტინგი თუ ადამიანი? როდესაც ერთ მხარეს არის მინიმალური რისკი მაინც, რომ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდეს, ეს უნდა იყოს ის, რაც გადაწონის ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს. ამაზე წასვლა, მე მგონია, რომ არამხოლოდ ეთიკის საკითხია, ადამიანობის საკითხიც არის.

თუ შენ იცი, რომ შენმა ქმედებამ შეიძლება ვიღაცას ზიანი მოუტანოს და არღვევ მთავარ პრინციპს სამყაროში - „არ ავნო“, მაშინ ეს უკვე არასწორია. შეიძლება პოპულარული გადაცემა გააკეთო, რომელსაც ექნება ძალიან ბევრი ნახვა, ასე ვითვლით ხოლმე, მარამ ეს შეიძლება გახდეს სარისკო. ერთი ადამიანიც კი, ვინც შეიძლება თუნდაც ემოციურად დაზიანდეს, არის საფიქრალი ჟურნალისტის მიერ.

- ბევრს ვსაუბრობთ რისკებზე, შეცდომებზე. ასეთ ამბებს მედია რომ უნდა აშუქებდეს, ამაზეც არ ვდაობთ, მაგრამ ახლა ვისაუბროთ, როგორ უნდა აშუქებდეს, რას უნდა სთავაზობდეს აუდიტორიას?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ისაუბროს პრევენციის გზებზე, პრობლემებზე, რომლებიც მიდის ასეთი ფატალური შემთხვევებისკენ, რისკ ფაქტორებზე, იმაზე, რომ არ არის სერვისები და, გარკვეულწილად, “ფუშინგი” გააკეთოს, გამოვიყენებ ამ სიტყვას.

მედიას ძალიან დიდი ძალა აქვს იმის, რომ აჩვენოს ის დეფიციტი, რაც არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში. ჰქონდეს, ასე ვთქვათ, სპეციალისტების მოსაზრებები, ინფორმაცია, როგორ დავეხმაროთ ბავშვს, თუ მას უდგინდება დეპრესია, ვის მივმართოთ, ამაზე სუბარია ძალიან მნიშვნელოვანი.

თუ ხდება ფაქტი, გარკვეული სტანდარტები, რაც დადგენილია კვლევით, უნდა დაიცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

- რა ხდება ტერმინების გამოყენების ნაწილში?

ძალიან სახიფათოა, როცა სათაურში არის გამოტანილი სიტყვები - თვითმკვლელობა, სუიციდი. არ არის სწორი - “წარმატებული სუიციდი”, არ შეიძლება ამ სიტყვათშეთანხმების გამოყენება, სუიციდი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩათვალოს ვინმემ წარმატებულად, ამ შემთხვევაში იყენებენ ტერმინს “დასრულებული სუიციდი”.

ტერმინები არ უნდა იყოს მყვირალა, სიუჟეტის დროს, როდესაც კი არ ვკითხულობთ, ხმა გვესმის, ეს სიტყვები ხშირად არ უნდა მეორდებოდეს და მათი გამოყენება უნდა იყოს ნეიტრალური. ნებისმიერი ემოციური შეფერილობა არის სახიფათო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს მთავარი თემა, თვითონ ეს მოვლენა, თვითმკვლელობა არ უნდა გადაიქცეს მთავარ მოვლენად. არ უნდა გადაიქცეს ამბავი სკანდალად, ყვითელ, გაყიდვად თემად, რისი ძალიან ბევრი მაგალითიც გვაქვს ჩვენ, არ უნდა მოხდეს რომანტიზება და ნებისმიერ სიტყვას, ფრაზას, რომელიც ამას ხელს შეუწყობს, თავი უნდა ავარიდოთ.
კატეგორია - ეთიკა
17 დეკემბერს, დაახლოებით 20:20 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციის  მხრიდან ზეწოლის გამო 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. გამოძიება მას ერთ-ერთი კერძო სკოლის კედელზე წარწერის გაკეთებას ედავებოდა.  

მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სწორედ მაშინ გავრცელდა, როდესაც მაუწყებლების დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები ან უკვე პირდაპირ ეთერში იყო ან საეთეროდ ემზადებოდნენ. “მედიაჩეკერი” მათ მიერ ამბის გაშუქების ტენდენციას დააკვირდა.

მომხდარი ტრაგედიის გაშუქებით დაიწყო მთავარი საინფორმაციო გამოშვება “მთავარმა არხმა”.  საღამოს ეთერში აქტიურად გაშუქდა საგამოძიებო და სახელისუფლებო ორგანოებთან დაგეგმილი სპონტანური სოლიდარობის აქციებიც. ამასთან, მოზარდის გარდაცვალება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ტოქშოუ "ღამის მთავარშიც".

იმავე რეჟიმში მუშაობდნენ ტელეკომპანიები - “ფორმულა” და “TV პირველი”.  "ფორმულამ" მოზარდის გარდაცვალების შესახებ ამბავი ჯერ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაფარა, შემდეგ კი, თემაზე დისკუსია ტოქშოუ “პოლიტიკის ფორმულაში" განაგრძო. ამავე გადაცემაში შემოგვთავაზეს ჩართვები სოლიდარობის აქციებიდან.

იმ დროს, როდესაც ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი, “TV პირველის” ეთერში გადაცემა “რეაქცია” გადიოდა. არხის მაყურებელმა მომხდარის შესახებ პირველად სწორედ აქედან გაიგო. ამავე გადაცემაში დაიფარა სოლიდარობის აქციებიც. ამასთან, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დიდი ნაწილი სწორედ მოზარდის გარდაცვალების შესახებ ამბავს დაეთმო. ამავე თემაზე გაგრძელდა დისკუსია ტოქშოუ “ღამის ამბებშიც”.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, “პირველმა არხმა” მომხდარის შესახებ მაყურებელს მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაახლოებით 38-ე წუთზე, მეექვსე ამბად, მოკლე ინფორმაციის სახით ამცნო.  გადაცემის მიწურულს კი მაყურებელს მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში გამართული ბრიფინგი შესთავაზა, სადაც ინსპექტორმა საზოგადოებას საქმის გამომძიებლის დაკავების შესახებ ამცნო.

ამის შემდეგ ეთერში სერიალი “იდეალური დედა” გავიდა. მისი დასრულების შემდეგ საეთერო დრო ტოქშოუ “თავისუფალ ხედვას” დაეთმო, რომელიც სწორედ ამ ამბის შესახებ ჟურნალისტის ჩართვით გაიხსნა. ამის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სისტემურ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საქმე მხოლოდ ერთი გამომძიებლის დაკავებით არ უნდა დასრულდეს. 

მოზარდის გარდაცვალებით დაიწყო დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ტელეკომპანია „რუსთავი 2-მაც“, გადაცემის დასასრულს კი, ამავე თემაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის ბრიფინგი შემოგვთავაზა. ამის შემდეგ, ეთერში იუმორისტული შოუ „გააცინე და მოიგე“ გავიდა. შემდეგ ეთერი ტელესერიალითა და მხატვრული ფილმით გაგრძელდა.

ამბის შესახებ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ასევე მოკლე ინფორამციის სახით მიიღო ინფორმაცია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “აჭარის ტელევიზიის” მაყურებელმა. ამის შემდეგ ეთერი ჯერ სერიალს, შემდეგ კი - დოკუმენტურ ფილმს დაეთმო.

მოზარდის გარდაცვალებისა და მომხდარის სავარაუდო მიზეზების შესახებ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ორი ჩართვის სახით უამბო მაყურებელს ტელეკომპანია “იმედმა”. გადაცემის დასრულების შემდეგ, ეთერში თურქული სერიალი “ერთხელ ჩუკუროვაში” გავიდა. სერიალს ყოველკვირეული ტოქშოუ “არენა” მოჰყვა, რომლის მთავარი თემაც 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ გამართული აქცია/კონცერტი და ოპოზიციის მიერ მისი დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა პირდაპირი ეთერის ფორმატში გადის, დასაწყისში წამყვანებს არც მოზარდის გარდაცვალების შესახებ უთქვამთ და  არც საპროტესტო აქციების. აღნიშნულის შესახებ კითხვა არც დედაქალაქის მერისა და "ქართული ოცნების" გენერალური მდივნისთვის კახა კალაძისთვის დაუსვამთ, რომელიც გადაცემაში "ოცნების" აქციის შესახებ სასაუბროდ იყო მიწვეული.

altმოზარდის გარდაცვალებას, წამყვანების ძალისხმევის გარეშე, თავად კახა კალაძე გამოეხმაურა, მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ მომხდარზე ყურადღება მხოლოდ ამის შემდეგ გაამახვილა და უბრალოდ თქვა, რომ სამძიმარს ისინიც უერთდებიან. მისი მხრიდან საკითხზე დისკუსიის გაგრძელების მცდელობა არ ყოფილა.

აღსანიშნავია გადაცემის ინტერაქტივიც, რომლის კითხვაც ასე იყო ფორმულირებული - “14 დეკემბრის ღონისძიება იყო თუ არა მოსახლეობის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მიმართ?” ინტერაქტივის შედეგების მიხედვით, კითხვაზე დადებითი პასუხი 90%-ზე მეტმა გასცა.

“არენის” შემდეგ გვიანი ეთერი უკვე ტოქშოუ “SWOT ანალიზს” დაეთმო, რომლის სტუმარიც ზემოთ ხსენებული გადაცემის წამყვანი, სოციოლოგი ვაკა გორგილაძე, დისკუსიის საგანი კი - ქართული სოციოლოგიის SWOT ანალიზი იყო.
კატეგორია - ეთიკა
სპორტულმა ვებგვერდებმა worldsport.ge, lelo.ge, sportall.ge, popsport.com, sarbieli.com, croco.ge და გამოცემა allmedia.news-მა ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის, ჩაწყობილ თამაშებთან კავშირზე დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელეს. აღნიშნულმა გამოცემებმა რამდენიმე ევროპულ სპორტულ გამოცემაზე დაყრდნობით დაწერეს, თითქოს, ჩოგბურთის გახმაურებულ სკანდალში ქართველი სპორტსმენიც ფიგურირებს. ვებგვერდების ნაწილი კი იმასაც წერდა, რომ უცხოური გამოცემები პირდაპირ ადებდნენ ხელს ქართველ სპორტსმენს. მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, არც ერთ მასალაში არ ჩანდა მცდელობა, რომ გამოცემებს დამატებითი არგუმენტები მოეძიებინათ და ინფორმაცია თავად ნიკოლოზ ბასილაშვილთანაც გადაემოწმებინათ.

საქმე ეხება ბოლო დროს გახმაურებულ სკანდალს, ჩოგბურთის ჩაწყობილ მატჩებს, რომელშიც, სავარაუდოდ, 135 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამბავი თავდაპირველად გერმანული ტელეარხის ZDF-ის ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რის შემდეგაც ბელგიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

altევროპული გამოცემები წერენ, რომ საქმეში არის ATP-ის რეიტინგის TOP30-ის წევრი, რომელსაც პროფესიულ დონეზე სამი ტურნირი აქვს მოგებული, ასეთი კი მხოლოდ ხუთი ჩოგბურთელია - მატეო ბერეტინი, დიეგო შვარცმანი, ალექს დე მინორი, ბენუა პერი და ნიკოლოზ ბასილაშვილი. თუმცა დადასტურებულად ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობაზე არც ერთი გამოცემა არ წერს.

მაგალითად, worldsport.ge წერს, თითქოს “სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთი ჩოგბურთელი რეიტინგის საუკეთესო 30-ეულშია და ATP-ის სამი ტიტული აქვს მოგებული. 
altამ მონაცემებში კი სწორედ ბასილაშვილი ჯდება. მეტიც, Gazzetta Dello Sport-ი სწორედ უშუალოდ ქართველზე მიანიშნებს და თავის მოსაზრებას იმითაც ამყარებს, რომ ბასილაშვილის სახელს მანამდეც უკავშირებდნენ გარიგებულ მატჩებს და მსგავს ჭორებთან არაერთხელ იყო დაკავშირებული”.  

გამოცემას ინფორმაციის წყაროდ Gazzetta Dello Sport-ის მასალის ნაცვლად, ჰიპერლინკად მითითებული აქვს tenniscircus-ზე გამოქვეყნებული სტატია. “მედიაჩეკერმა” ორივე გამოცემის მიერ ჩოგბურთის სკანდალთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები გადაამოწმა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Gazzetta Dello Sport-ი გაყიდული მატჩების საქმეში ბასილაშვილის ბრალეულობაზე პირდაპირ მიანიშნებს და მის სახელს მანამდეც უკავშირებდნენ გარიგებულ მატჩებს, არცერთი ზემოთაღნიშნული გამოცემის გვერდზე არ იძებნება.

altგავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ქართული სპორტული გამოცემები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ .

ნიკოლოზ ბასილაშვილის ფეისბუკ პოსტი Worldsport.ge-ის გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა გამოცემამ გამოაქვეყნა. სპორტსმენის გამოხმაურება გამოცემების ნაწილმა თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალას დაურთო თან, ნაწილმა sportall.ge-მ და allmedia.ge-მ კი ბასილაშვილის ფეისბუქ პოსტი ცალკე ახალ ამბად გამოაქვეყნა და თუ მკითხველი მხოლოდ პირველ ახალ ამბავს ნახავს, მისთვის ბასილაშვილის პოზიცია ისევ უცნობი, ამბავი კი არაზუსტი იქნება.
კატეგორია - ეთიკა
ოპოზიციის მიერ “დაცინვის” ობიექტად ქცეული და “დაშინებულებად” მონათლული ათიათასობით ადამიანი, რომელიც “ევროპულ ოჯახში დაბრუნების” სურვილის დადასტურების მიზნით, 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა - სწორედ ამ კონტექსტში გააშუქა ტელეკომპანია “იმედმა” კვირის შემაჯამებელ გადაცემაში “იმედის კვირა” “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული აქცია-კონცერტი, რომელზე დასასწრებადაც მმართველმა გუნდმა საჯარო სტრუქტურებში, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებულები, ასევე საჯარო სკოლებისა და ბაღების პერსონალი რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანა.

გადაცემის წამყვანმა დასაწყისშივე განმარტა, რომ 14 დეკემბერს “თავისუფალების მოედანი 150 000 ადამიანის თავშეყრის ადგილად იქცა”, ისე, რომ არ განუმარტავს კონკრეტულად რა მონაცემს ეყრდნობოდა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს დასცინა, მათ იძულებით ჩამოყვანილები უწოდა და შეკრების ზუსტად ის სცენარი განიხილა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” მმართველობის დროს თავად იყენებდა და დაუმორჩილებლებს სამაგალითოდ სჯიდა - სახლში ან ციხეში უშვებდა”.

ღონისძიებაზე მისული ადამიანების სიმრავლეზე ყურადღება სიუჟეტში ჟურნალისტმაც გაამახვილა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის მეშვიდე წელს, მმართველი გუნდის მიერ ორგანიზაებულ ღონისძიებას 2012 წლის მსგავსად კვლავ ათიათასობით მოქალაქე შეუერთდა. მანვე განმარტა, რომ ოცნების ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რეგიონებიდან მოქალაქეების ტრანსპორტირება, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა, ეს “ღონისძიებამდე საგანგებო ბრიფინგზე ითქვა”.

ჟურნალისტს სიუჟეტში არ უსაუბრია საჯარო მოხელეებზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასა და მუქარის ფაქტებზე, რომლის შესახებაც აქციამდე ერთი კვირის განმავლობაში, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, აღნიშნულის შესახებ განცხადება აქციამდე ერთი კვირით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმაც გაავრცელეს და მმართველ პარტიას მოქალაქეებზე ზეწოლისა და იძულების ნებისმიერი ფორმების აღკვეთისკენ მოუწოდეს.

ამასთან, სიუჟეტში აქციის მონაწილეების ისეთი კომენტარები იყო წარმოდგენილი, სადაც ყველა ამბობდა, რომ ისინი ღონისძიებაზე საკუთარი სურვილით მივიდნენ და დაძალებას ადგილი არ ჰქონია. ეს მაშინ, როდესაც სხვა ტელეკომპანიების მიერ ჩაწერილი რესპონდენტები ღიად ამბობდნენ, რომ ისინი აქციაზე ადგილობრივი თვითმმართველობების დავალებით, ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. აგრეთვე, მათმა დიდმა ნაწილმა არ იცოდა ის, თუ რა ღონისძიებას ესწრებოდნენ და რას ზეიმობდნენ. ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტში ვერცერთი ასეთი კომენტარი ვერ მოხვდა.

გუშინვე “იმედმა” ტელეკომპანია “მთავარი არხი” ტყუილსა და “პოლიტიკურ სპექტაკლშიც” დაადანაშაულა. კერძოდ, “მთავარმა არხმა” აქციის დღეს ერთ-ერთი ქალის კომენტარი გაუშვა, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი აქციაზე არმოსვლისთვის ერთ-ერთ მოქალაქეს სამსახურის დაკარგვით ემუქრება. “იმედის” მასალიდან გავიგეთ, რომ აღნიშნული ქალი უმუშევარია და იგი “მითუმეტეს არ არის დასაქმებული ქუთაისის გამგეობაში”, როგორც “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ითქვა.

ჟურნალისტი იქვე ამბის საეჭვო დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ქალს რატომღაც არცერთი კითხვა არ დაუსვა, მიუხედავად იმისა, რომ ესმოდა თუ როგორ ემუქრებოდა იგი “თავის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვით”. აგრეთვე იგი განმარტავს, რომ “ამ ხარისხის ხმის ჩაწერა, ამ მანძილიდან რაც ჩვენ კადრში ვნახეთ”, წარმოუდგენელია. “იმედმა” იმის დასტურად, რომ “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მხოლოდ “მთავარი არხის” კადრში მოხვედრილი ქალის სიძის კომენტარი შემოგვთავაზა, რომელიც ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ მისი სიდედრი “თავის ბიძაშვილს ეღადავებოდა”. სიძისვე თქმით, მათ “მთავარ არხს” ვიდეოს წაშლაც სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

"იმედის" ცნობით, თავად ქალი ტელეკომპანია “იმედთან” ინტვერვიუზე უარს ამბობს. დედის სურვილის გათვალისწინებით, იმავე აზრზეა მისი შვილიც, რომელიც “იმედისავე” ინფორმაციით ტელეკომპანია “ფორმულაშია” დასაქმებული. სიუჟეტში არ იყო წარმოჩენილი “მთავარი არხის” პოზიცია. არც ის იყო განმარტებული, რომ ტელეკომპანიას ამის მცდელობა ჰქონდა და უარი მიიღო. “მედიაჩეკერთან” საუბრისას “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “იმედის” მიერ ამბის მსგავს ინტერპრეტაციას პასკვილს უწოდებს და ამბობს, რომ კადრი არხის ოპერატორმა გადაიღო და ის მხოლოდ ტელევიზიაში ამბის “გადაგორების” შემდეგ აღმოაჩინეს. მისივე განმარტებით, ჟურნალისტმა, რომელიც მთავარი არხის კადრშივე ჩანს სავარაუდო მუქარის ავტორს კითხვებით სწორედ ამიტომ ვერ მიმართა. მისივე თქმით, მათ აღნიშნული ქალის პოვნის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ვერ იპოვეს.

მელაძისვე განმარტებით, არხს რომ რაიმე სცენის წინასწარ დადგმის სურვილი ჰქონოდა, ამას ისეთი ფორმით გააკეთებდნენ, რომ კადრში ქალის სახე საერთოდ არ გამოჩნდებოდა და სხვა არხის მიერ მისი იდენტიფიცირება ასე მარტივი არ იქნებოდა. რაც შეეხება სუფთა ხმას, მელაძის თქმით, ის “senheiser 4G მიკროფონის” დამსახურებაა.

მელაძე ადასტურებს, რომ ქალის ოჯახის წევრებმა არხს ვიდეოს წაშლა ნამდვილად სთხოვეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მან “მთავარ არხს” სანაცვლოდ შეთავაზებულ ინტერვიუზე უარი უთხრა, რედაქციამ ჩანაწერი არ აიღო. “საჯარო სივრცეში მოპოვებული ვიდეო იყო და ვფიქრობ, რომ არ უნდა წაგვეშალა”, - ამბობს “მედიაჩეკერთან” საუბრისას მელაძე.

მოვლენების მსგვავსი ცალმხირივი რაკურსით წარმოჩენა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ “იმედის” მიზანი საზოგადოებისთვის სწორედ იმის ჩვენება იყო, რომ “ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაძალებით არავინ მისულა და არა ამბის ობიექტურად და მრავალმხრივ კონტექსტში წარმოჩენა.
კატეგორია - ეთიკა
27 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედზე” ნიკა ლალიაშვილის გადაცემა „SWOT ანალიზს” სტუმრობდა. ინტერვიუ ამავე დღეს, დაახლოებით შუადღის სამ საათზე დაანონსდა და მაყურებელში დიდი მოლოდინი შექმნა.  ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში საათ-ნახევრის განმავლობაში, თითქმის მონოლოგის რეჟიმში, კრიტიკული კითხვების, ოპონირების და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრის გარეშე კომფორტის ზონაში იყო.

“დღეს მე გთავაზობთ გავაკეთოთ ქართული პოლიტიკის SWOT ანალიზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევაფასოთ ქართული პოლიტიკის არსებული მდგომარეობა ოთხი კრიტერიუმის მიხედვით - ეს არის სუსტი მხარეები, ძლიერი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები”, - ამ შესავლით დაიწყო წამყვანმა გადაცემა, რასაც სტუმრის რეპლიკა მოჰყვა:

- “კარგი ფორმაა, კარგი ფორმაა”

altშემდეგ კი წამყვანმა სტუმარს ფაქტობრივად ტრიბუნა დაუთმო და მთელი საათნახევრის განმავლობაში არც კი უცდია მისი კომფორტის ზონიდან გამოყვანა.

წამყვანს არ დაუსვამს არცერთი კრიტიკული კითხვა, ეჭვი არ შეუტანია ივანიშვილის არცერთ სიტყვაში და მეტიც, დაუფარავად აცხადებდა, რომ მის აზრს თავადაც იზიარებდა და ეთანხმებოდა - ზოგჯერ მიმიკებით, თავის დაქნევით, ზოგჯერ კი სიტყვებით - “დიახ”, “კი”, “რა თქმა უნდა”, “ზუსტად” და ა.შ.

გადაცემის მსვლელობისას, წამყვანი თავისი კითხვებით, მსჯელობით, შეფასებითი რეპლიკებითა და დიალოგით, მიკერძოებულისა და სუბიექტურის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ეს ყველაზე უკეთ ჩანდა მაშინ, როდესაც იგი საპროტესტო აქციის მონაწილეებზე, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობდა .


⇒ წამყვანის შეფასებები:

  • მთავარი საკითხი ქართულ პოლიტიკაში რაც არის, ეს გახლავთ ის ხმაური, რომელიც არის რუსთაველის გამზირზე და არამარტო ამ ერთ გამზირზე. ხმაური, რომელიც, ჩემი აზრით, ხელოვნურად არის შექმნილი.

  • მიშამ აკრძალა ქუჩა და ეხლა კრებითი მიშა დგას ქუჩაში (იცინის)

  • ნაცებს ჰქონდათ გულაგი და ირქმევდნენ დემოკრატიის შუქურას, თქვენ გაქვთ დემოკრატია და გეძახიან უნიათოებს

  • შეიძლება ქვეყანა, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი ცხოვრობდეს რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით. რომელსაც არავინ არ ენდობა… არც საზოგადოებაში, არც პოლიტიკურ სპექტრში, არც ამ რეიტინგებში გამარჯვებულებში და არც ამ რეიტინგებში დამარცხებულებში - არავისში ნდობა ნდობა აღარა აქვს უკვე რა (იცინის)

  • ერთხელ უკვე ვნახეთ 20 ივნისს, ე.ი. გადატრიალების პირდაპირი მცდელობა, პარლამენტის შტურმის მცდელობა, ეხლა რაღაც ანალოგიურ, ასე ვთქვათ, იმიტაციას, აი, ამ რევოლუციური სიტუაციის იმიტაციას ვხედავთ

წამყვანს სტუმრისთვის დამაზუსტებელი კითხვა არ დაუსვამს, როცა იგი ამტკიცებდა, რომ საზოგადოება ცილს წამებს, როდესაც მას შეუსრულებელ დანაპირებს ახსენებს: “ჩვენ ცილს გვწამებენ მუდამ, რომ რაღაც ვერ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, მაგრამ მე არცერთი პრინციპული არ მახსოვს, ჩვენი 7 წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვესრულებინა.”

altწამყვანი ბიძინა ივანიშვილის მონოლოგს მშვიდად უსმენდა მაშინაც, როდესაც მან თქვა, რომ “არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს “ქართული ოცნების” დემოკრატიულობას. და, ნახეთ, ყველა რეიტინგში, ყველა მიმართულებით რამდენად პრინციპულად წინა ვართ”. მას არ დაუსვამს კითხვა და არ უცდია დაზუსტება, კონკრეტულად რომელ რეიტინგებს გულისხმობდა იგი.

მთელი გადაცემიდან ნათელი გახდა, რომ ივანიშვილის გადაცამაში მიწვევა ემსახურებოდა არა საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას და დღეს აქტუალურ ბევრ საკითხზე ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის განმარტებების მოსმენას, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი კითხვების დასმას და მისი ხშირად დაუსაბუთებელი განცხადებების ტირაჟირებას, რაც მედიის მთავარ მოვალეობასთან საზოგადოების ინფორმირებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამას ადასტურებს წამყვანის შეკითხვების დეტალური აღწერა.


⇒  ნიკა ლალიაშვილის შეკითხვები:

  1. სანამ დავიწყებთ, მთავარი საკითხი ქართულ პოლიტიკაში რაც არის, ეს გახლავთ ის ხმაური, რომელიც არის რუსთაველის გამზირზე და არამარტო ამ ერთ გამზირზე. ხმაური, რომელიც, ჩემი აზრით, ხელოვნურად არის შექმნილი. მაგრამ სახელდება კონკრეტული საფუძველი ამ ხმაურის - ეს არის თქვენს მიერ მიცემული დაპირება, რომელიც არ შესრულდა. ამაზე, ასე ვთქვათ, რა შეგიძლიათ რომ თქვათ.”

  2. კიბატონო, გადავიდეთ “SWOT” ანალიზზე და აქ უფრო კარგად გავაკეთებთ დასკვნებს, ჩემი აზრით. ბატონო ბიძინა, ქართული პოლიტიკური სპექტრი, თუ შევხედავთ, დიდ სურათს თუ დავინახავთ, ცოტა თუ ვდისტანცირდებით, შეიძლება, ესეთი რაღაც აღმოვაჩინოთ, რომ დიდი ნაწილი ამ სპექტრის, შეიძლება უდიდესი ნაწილიც, არის აბსოლუტურად დაცლილი ერთის მხრივ იდეალიზმისგან, და მეორეს მხრივ - პრაგმატიზმისგანაც. ანუ არც იდეალისტები არიან და არც რაციონალიური არსი შიგნით არ არის.(“საოცარია” - ბიძინა ივანიშვილი) დარჩათ მარტო რადიკალიზმი. აი, ეს, ასე ვთქვათ, დაცარიელება, იდეებისგან დაცარიელება, იდეების ერთგულების აბსოლუტური დეფიციტი, ისეთი ადამიანების დადგომა ერთად და გაერთიანება, რომლებიც წესით, რომლებიც წესით, საერთოდ, ანუ კლასიფიკატორი მოიშალა, არც მემარჯვენე აღარ არის, არც მემარცხენე, არც ლიბერალი, არც კონსერვატორი, არაფელი აღარ არის, არის მარტო წყურვილი ძალაუფლების. ეს არის თუ არა სუსტი მხარე ქართული პოლიტიკის?

  3. ბატონო ბიძინა, პრაგმატიზმის არარსებობა, ე.ი. ელემენტარული გათვლების, სუფთა რაციონალურად რომ მიუდგეს, ხო, ვთქვათ, ქართული პოლიტიკური სპექტრი, ე.ი. შეუძლებლობა ის გზა რომელიც არჩეულია, შეუძლებელია, რომ მიიყვანოს მათ მიზნამდე. (“აი, რა კარგი რამე თქვით და რა კარგ რამეზე მიმანიშნეთ”) ეს არის თუ არა სუსტი მხარე?

  4. რახან რეიტინგები ახსენეთ, ბატონო ბიძინა, არ ვაპირებდი საერთოდ ამ შეკითხვას, აი, მაგალითად, IRI-ის კვლევა გამოქვეყნდა ამას წინათ, სადაც, კვლავ(იცინის) ე.ი. IRI-ის რეიტინგებით, მაგალითად, ბოლო 10 წელია ლიდერობს, ყველაზე პოპულარული ადამიანი ქვეყანაში არის მაგალითად, დათო ბაქრაძე. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მონაცემი არის თავდაყირა დაყენებული და მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ე.ი. ელოდება ამ რეიტინგების გამოქვეყნებას წლიდან წლამდე, რეიტინგიდან რეიტინგამდე ვცხოვრობთ ყველანი, მთელი მედია. გამოქვეყნდება ეს რეიტინგი, მერე ვწერთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ ენდობიან ამას, მერე ამაზე მიდის დისკუსიები, თოქ-შოუები, მერე ჩაწყნარდება ყველაფერი და ახლა ველოდებით მეორე კვლევა როდის გამოქვეყნდება. ეს ნორმალურია? შეიძლება ქვეყანა, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი ცხოვრობდეს რომელიღაც არასმთ.., თუნდაც ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით. რომელსაც არავინ არ ენდობა… (მოგვიანებით ამატებს) არც საზოგადოებაში, არც პოლიტიკურ სპექტრში, არც ამ რეიტინგებში გამარჯვებულებში და არც ამ რეიტინგებში დამარცხებულებში - არავისში ნდობა აღარა აქვს უკვე რა (იცინის).

  5.  - ძალიან მარტივი შეკითხვა დამებადა, ბატონო ბიძინა, რა. თუ ეს ასეა და ასეა, ვხედავთ ჩვენ, გუშინ, მაგალითად, ჩვენ გადაცემაში, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა არის “არენა”,სადაც ინტერაქტივი გვქონდა და ასეთი შეკითხვა დავსვით - როგორ აფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობას საქართველოში, დადებითად, უარყოფითად - იყო პასუხები. ე.ი. უარყოფითად იყო 95%.   
    alt
     - ნუ, გასაგებია [ბიძინა ივანიშვილი]  

    - მე მესმის, რომ ესეც არ არის ინდიკატორი  [წამყვანი]

    - არის ინდიკატორი  [ბიძინა ივანიშვილი]

    - კიბატონო  [წამყვანი]

    -მე ვთვლი, რომ ეს განცდა, საზოგადოებას უკვე ეზიზღებათ. აი, პირდაპირი მნიშვნელობით გეტყვით, რომ საზოგადოებას აგრესია აქვს ამ ტიპის ენჯეოებზე. წლობის განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირ სატელიტები არიან "ნაციონალური მოძრაობის"   [ბიძინა ივანიშვილი]

    - ვიცე თავმჯდომარე IRI-ის აღმოჩნდა რომ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული საერთაშორისო აგენტი ნაციონალური მოძრაობის, ლობისტი. ეს საერთოდ სკაანდალია და, მე ვფიქრობ, რომ გლობალურად შეიძლება ამ ინსტიტუტის რეპუტაციას დაარტყას. პარალელურად, არსებობს სრულიად სხვა რეალობა და ვაშინგტონსა და თბილისს შორის, ოფიციალურ ვაშინგტონსა და თბილისს შორის არასოდეს არ ყოფილა ამ ნიშნულზე ურთიეთობა და (ივანიშვილი - დიახ, დიახ, დიახ, სწორედ…) ამას თქვენ ამბობთ, ხო? მაშინ გამოსავალი რაშია?   [წამყვანი] 

  6. ძალიან საინტერესოა, საფრთხეებზე გადავიდეთ, ბატონო ბიძინა. ე.ი. ჩვენ მოვამზადეთ ერთი ვიდეო, თქვენი გამოსვლა, მაგრამ სანამ ამ ვიდეოს გაჩვენებთ, ესეთი თქვენი ფრაზა მინდა შეგახსენოთ. ზუსტად, ნუ, დაახლოებით, ერთი წლის წინ ნათქვამი: “ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”. ე.ი., გავიდა ერთი წელი და ვხედავთ გაუარესებას სიტუაციის. ვხედავთ ხმაურს რუსთაველის გამზირზე, ვხედავთ, ერთხელ უკვე ვნახეთ 20 ივნისს, ე.ი. გადატრიალების პირდაპირი მცდელობა, პარლამენტის შტურმის მცდელობა, ეხლა რაღაც ანალოგიურ, ასე ვთქვათ, იმიტაციას, აი, ამ რევოლუციური სიტუაციის იმიტაციას ვხედავთ. რა გაკეთდა ამ ერთ წელიწადში, რა გაუმჯობესდა? ( კარგი მაგალითები მოიყვანეთ… - ივანიშვილი)

  7. ბატონო ბიძინა, ეხლა უნდა გაჩვენოთ ერთი ვიდეო, სადაც თქვენ ამბობთ ფრაზას, რომელიც, აი, როგორც კამერტონმა, ეგრე განსაზღვრა ე.ი. რაღაცა რეგისტრი, მთელი ამ 7 წლის. მოდი, ვნახოთ ეს ვიდეო და მერე დაგისვამთ შეკითხვას (ვიდეო). ე.ი. ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ამას იმსახურებს ქართული კულტურა(ციტირებს ვიდეოდან) - ნანობთ ეხლა ამ სიტყვებს? აი, ეხლა რომ დააბრუნოთ, გადაახვიოთ ყველაფერი უკან …შეკითხვა ესეთი იყო, ე.ი., უარეს მდგომარეობაში ვართ, ხო, ე.ი. არსებობს თუ არა საფრთხე მეორეჯერ განმეორებით წრეზე წასვლის და გადატრიალების... კოჰაბიტაციით, აი, ამ თქვენი ფრაზით, რომელმაც განსაზღვრა კოჰაბიტაცია, ხო არ მოვედით ჩვენ აქამდე?

  8. გადატრიალების განმეორება იქნება თუ არა საფრთხე? (უფრო სწორად,)ამას თქვენ აღიქვამთ თუ არა საფრთხედ?

  9. აი, ზუსტად ეგ უნდა გკითხოთ, ბატონო ბიძინა. ძლიერი მხარე ქართული პოლიტიკის არის თუ არა არა პოლიტიკურ სპექტრში, არამედ თვითონ ხალხში. ხალში, რომელიც თავისი ალღოთი, თავისი ინსტიქტით, თავისი საზრისით ხვდება სად ტყუილია, სად მართალია, სად შენებაა, სად ნგრევაა

    alt-  გენიალურია, გენიალურია [ბიძინა ივანიშვილი]

    -  ეს არის ძლიერი მხარე, თქვენი აზრით?

  10. ჩვენ კიდევ ერთი შეკითხვა გვაქვს, აუცულებელი, ეს არის შესაძლებლობები. აი, ზუსტად მაქ შეიძლება ეს გავიაროთ. თქვენი ცნობილი ფრაზა იყო, რომ ჩვენი დემოკრატია უსწრებს ეკონომიკას. ეკონომიკის დაწევა დემოკრატიაზე ეგ არის თუ არა მთავარი შესაძლებლობა?

  11. ეს არის საზოგადოება, რომელიც ვერ თანხმდება ფუნდამენტურ საკითხებზე, ვერაფერზე ვერ ვთანხმდებით. კონსტიტუციას ვწვავთ და ვთბებით იმით რუსთაველის გამზირზე, ე.ი., იმაზეც კი ვერ ვთანხმდებით 2008 წლის აგვისტოს ომი მოვიგეთ თუ წავაგეთ, დავმარცხდით თუ გავიმარჯვეთ, მეორე მსოფლიო ომი 8 მაისს დამთავრდა თუ 9 მაისს დამთავრდა, ისტორიულ ფიგურებზე ვერ ვთანხმდებით. ე.ი. ისეთ თემებზე ვერ ვთანხმდებით, რომლის ირგვლივაც უნდა მოხდეს დაკონსოლიდირება ერის. ამ საზოგადოებას აქვს პერსპექტივა?
კატეგორია - ეთიკა
როგორ მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში - დადებითად თუ უარყოფითად? - ამ თემის გამოკვლევას მიუძღვნა ტელეკომპანია “იმედმა” 26 ნოემბერს გადაცემა “არენაში” ინტერაქტივიც და გადაცემის მეორე ბლოკიც.

გადაცემის წამყვანებმა და შერჩეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის არავინ იყო განსხვავებული მოსაზრების, მაყურებელს ასეთი სქემა დაუხატეს: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რეალურად კი ე.წ. მოდარაჯე ნაგაზის ფუნქციას ასრულებენ, არიან პოლიტიკური აქტორები და ყოფილი სახელისუფლებო, ამჟამად კი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები; საქართველოში მომუშავე გავლენიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს კი სათავეში უდგანან იგივე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლობისტები.

ამ კონსპირაციული თეზისის უკეთ წარმოსაჩენად “არენაში” შემოგვთავაზეს სიუჟეტი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში ემსახურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს. კერძოდ, სიუჟეტის მიხედვით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოქტომბერში ლობისტური მომსახურება შეისყიდა კომპანია “ორიონ სტრატეჯისგან”, რომლის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს რენდი შუნემანი, რომელიც იმავდროულად არის IRI-ის თავმჯდომარის მოადგილე.

“გამოდის, რომ შუნემანი, ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” პიარით არის დაკავებული, მეორე მხრივ, IRI-ში მუშაობს, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივ აზრს იკვლევს და ამ რეიტინგების გამოქვეყნებას ხშირად ახლავს კითხვები”, - ნათქვამია სიუჟეტში.

“არენას” წამყვანის თქმით, უცნაურად დაემთხვა თბილისში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციებს IRI-ის კვლევის გამოქვეყნება, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა პროპორციული არჩევნების მომხრეა. რეალურად, ეს ორგანიზაცია საქართველოში რეგულარულად ატარებს კვლევებს, თუმცა რაიმე კონკრეტული დადგენილი თარიღი ამ კვლევების ჩატარება-გამოქვეყნებისთვის არ აქვს.

რენდი შუნემანის ნეგატიური პორტრეტის შესაქმნელად სიუჟეტში გამოყენებულია, მაგალითად, გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, სკოტ რიტერის შეფასებები მაშინ, როცა თავად რიტერი არაერთ საერთაშორისო სკანდალშია გახვეული თავისი განცხადებებისა და ქმედებების გამო.

ამასთან, სიუჟეტში ნეგატიური კონტექსტის გასაღრმავებლად გამოყენებულია ის ფაქტი, რომ შუნემანი მუშაობდა სენატორ ჯონ მაკკეინთან, რომელიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე იყო.

“იმედის” სიუჟეტის მიხედვით, შუნემანის მსგავსად, ღიად ანტიტრამპისტია IRI-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი დევიდ კრემერი, რომელიც გასულ წლებში Freedom House-ში მუშაობდა. იმის მიუხედავად, რომ კრამერის მუშაობის პერიოდს არ უკავშირდება, სიუჟეტის ავტორი გვიამბობს Freedom House-ის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს შეცდომა საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის გამო მოხდა.

IRI-ის მსგავსად სიუჟეტში მიკერძოებულობაშია დადანაშაულებული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიც (NDI), რომელიც, ასევე, პერიოდულად აქვეყნებს კვლევებს საქართველოში და რომლებსაც მოქმედი ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს. სიუჟეტის მიხედვით, ამ უნდობლობას იწვევს ის, რომ NDI-ისთვის საველე სამუშაოებს ატარებს “კომპანია, რომელიც ლევან თარხნიშვილის მიერაა დაფუძნებული”.

რეალურად, NDI-ის კონტრაქტორი 2008 წლიდან არის CRRC-საქართველო, რომელსაც ჯერ კიდევ 2014 წელს აქვს გაცემული “ოცნების” ბრალდებებზე პასუხი, რომ ლევან თარხნიშვილი 2007 წლამდე იყო ამ ორგანიზაციის დირექტორი.  ქარტიის საბჭოს 2015 წლის გადაწყვეტილებაშიც, საქმეზე CRRC-საქართველო ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ, აღწერილია, რომ  "CRRC-საქართველოს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრების: ლევან თარხნიშვილის და თინათინ ბოკუჩავას მიერ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია არაზუსტია”.

სიუჟეტში არ იყო წარმოჩენილი ენმ-სთან გარიგებაში ბრალდებული არც ერთი ადამიანის კომენტარი, რომელიც დააბალსანსებდა “არენას” ჯგუფის მიერ შეთხზულ კონსპირაციას, რაც მანამდე არაერთგზის მოგვისმენია ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესხა თავს არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეულ ლიდერებს, ყოფილი პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ფაშისტებად და გონგოებად მოიხსენიებდა მათ, როცა “ოცნების” წევრები ერთმანეთის მიყოლებით გმობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს და ა.შ.

იგივე პათოსით გაგრძელდა გადაცემის სტუმრებთან საუბარი, რომელთა შორის იყვნენ მოქმედი ხელისუფლებისადმი ღიად გამოხატული სიმპათიების მქონე ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი, ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე.

სტუმრების მთავარი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მკაცრად გაეკრიტიკებინათ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და “გაეპრავებინათ” მათზე ხელისუფლების მიერ მიწებებული ე.წ. “მიშისტების”, მარგინალიზებული ჯგუფის იარლიყი.

  • გური სულთანიშვილის შეფასებები არასამთავრობო ორგანიზაციებზე: “ეს არის ძალიან მყარად გადაჯაჭვული მიშიზმთან”; “ჩვენი არასამთავრობოები არ არიან ხალხის რეპრეზენტატორები”. “მათი დღის წესრიგი და რეალური დღის წესრიგი განსხვავდება”.
  • გია აბაშიძის თქმით, ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი) პოლიტიკური ფიგურაა და შესაბამისად, მის ორგანიზაციაზე პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული კანონი უნდა ვრცელდებოდეს. მანვე ურჩია ხელისუფლებას, იმუშაონ IRI-ისა და NDI-ის დონორებთან, რომ შეუწყვიტონ მათ დაფინანსება;
  • ნუკრი შოშიაშვილმა ახალი ზედსართავი სახელი მოიფიქრა ამ ორგანიზაციებთან მიმართებაში - “NGO-ლიბერალური კლასი”, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ ლიბერალები არიან პოლიტური სუბიექტები;
  • “ეს არის ლიბერალების ხელწერა” - მიიჩნევს ნუგზარ რუხაძე, რომლის თქმით, IRI, NDI და სხვა შერისხული ორგანიზაციები არიან აშშ-ში დემოკრატიული პარტიის მიმდევრები არიან, ამიტომ უპირისპირდებიან ტრამპს, “რომელსაც სურს ამერიკა დაამსგავსოს ამერიკას”;
  • მანჯავიძის თქმით, არასამთავრობოები არიან დესტაბილიზაციის წყარო საქართველოში, რომელთა იდეოლოგი და დონორია სოროსის ფონდი და ა.შ.
არასამთავრობოების დისკრედიტაციისკენ მიმართული გადაცემა დასრულდა ინტერაქტივის შედეგების გამოცხადებით, რომელშიც 7541 ზარი დაფიქსირდა და აქედან 93.7%-მა არასამთავრობოების მუშაობა საქართველოში უარყოფითად შეაფასა.

გადაცემის წამყვანმა გვითხრა, რომ მათ შეთავაზეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მიხეილ ბენიძეს გადაცემაში მონაწილეობა, თუმცა მან ეს არ ისურვა. გადაცემაში არაფერი უთქვამთ, თუ რატომ არ მონაწილეობდა მასში არც ერთი სხვა წარმომადგენელი მესამე სექტორის, რომლებიც დადანაშაულებულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებაში. არ ყოფილა წარმოჩენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უფრო მეტიც მანიპულაციურად იყო შერჩეული ცალკეული ფაქტები.

იგივე პრობლემები ჰქონდა გადაცემის პირველ ბლოკსაც, რომელიც ე.წ. გერმანული მოდელის განხილვას მიეძღვნა. დებატები “გერმანული მოდელის” მომხრე დავით უსუფაშვილსა და მოწინააღმდეგე ირაკლი კობახიძეს შორის გაგრძელდა აუდიტორიაში, რომელშიც მხოლოდ კობახიძის პოზიციის მომხრეები იყვნენ შერჩეული.

“შესაძლოა ამ სკამზე მჯდარიყო ბატონი ჯონის [ხეცურიანის] კოლეგა, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, რომელსაც სხვა პოზიცია ექნებოდა, ასევე მჯდარიყო ბატონი ვახუშტი მენაბდე, რომელიც არა მგონია ბატონ ლადოზე [ბოჟაძე] ნაკლები სპეციალისტია ამ საქმეში და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ალბათ ორივე მხრიდან მოსაზრებებს მოვისმენდით, მაგრამ მე ეს არ მიკვირს”, - დავით უსუფაშვილის ამ შენიშვნას დუმილით უპასუხეს გადაცემის წამყვანებმა.
კატეგორია - ეთიკა
“ძალიან კარგად ვიცით, ჩვენს საზოგადოებაში რას ნიშნავს მსხვერპლობა და როგორ შეიძლება ეს მსხვერპლს უკან მოუბრუნდეს, მითუმეტეს, როდესაც ხარ ბავშვი და თან მსხვერპლი. მხოლოდ დამააზიანებელი კი არა, კატასტროფაა, არ შეიძლება ამის გაკეთება”, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერით 12 ნოემბერს გასული სიუჟეტის განხილვისას. მასალა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ოთხი წლის წინ 12 წლის ბავშვზე მეზობლის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ეხებოდა.

მიუხედავად სავარაუდო მსხვერპლის დაფარვის მცდელობისა, სიუჟეტში მისი პირიდაპირი და ირიბი იდენტიფიცირება მაინც მოხდა. კერძოდ, სამ შემთხვევაში, სიუჟეტში ისეთი კადრები აჩვენეს, სადაც არასრულწლოვნის სახე ნაწილობრივ ჩანდა და მარტივს ხდიდა მის ამოცნობას. არ იყო შეცვლილი მისი ხმა და ესეც ძალიან ამარტივებდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, მითუმეტეს, ამ თემში მცხოვრები ადამიანებისთვის. აჩვენეს არასრულწლოვნის სახლი, ოთახები, შიდა პერიპემტრი, ყოველგარი დაფარვის გარეშე, მოცემული იყო მისი მეზობლების კომენტარებიც. ასევე, კადრებში მართალია, სიბნელეში, თუმცა მაინც კარგად ჩანდა სავარაუდო მოძალადის დედაც. სიუჟეტში სავარაუდო მსხვერპლის დედის კომენტარიც მოვისმინეთ, რომლის სახეც დაფარული იყო, თუმცა მისი ხმის ტემბრით მის ახლობლებს არც აღნიშნული ქალის ამოცნობა გაუჭირდებოდათ.

მაია ცირამუა სექსუალურ ძალდობასთან კავშირში მყოფი არასრუწლოვნის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობის “ანბანურ ჭეშმარიტებაზე” საუბრობს და ამბობს, რომ დაუშვებელია მედიის მიერ ნებისმიერი სახის ინფორმაციის “გაპარვა”, რომელიც ეხება არასრუწლოვანზე ძალადობას, ან საზიანოდ მოქმედებს მასზე.

მისივე თქმით, ემოციური ფაქტორებისა და მთელი რიგი მიზეზების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი უფრო მაღალი რისკის ქვეშ არის, ვიდრე ნებისმიერ სხვა პირი, ამიტომ, მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ყველა ადამიანი პატივს უნდა სცემდეს. მედიას კი, მსგავსი თემის გაშუქების დროს განსაკუთრებული სიფრთხილისა და პასუხისმგებლობს გამოჩენა მართებს. “ძალიან კარგად ვიცით, ჩვენს საზოგადოებაში რას ნიშნავს მსხვერპლობა და როგორ შეიძლება ეს მსხვერპლს უკან მოუბრუნდეს, მითუმეტეს, როდესაც ხარ ბავშვი და თან მსხვერპლი. მხოლოდ დამააზიანებელი კი არა, კატასტროფაა, არ შეიძლება ამის გაკეთება”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

არასრულწლოვნის ვინაობის დაფარვის აუცილებლობაზე ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებშიც.

“ბავშვის სახის დაფარვა არა რის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთცის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მაია ცირამია მსგავის ინფორმციის საინფორმაციო ველსა და ინტერნეტში არსებობის სამომავლო საფრთხეებზეც საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს: “ეს არის ბომბი, ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია შეიძლება იყოს მუდმივი და მარადიული. მიუტევებელი შეცდომაა, მსგავსი [აქცენტებით გაშუქება], რადგან [მომავალში] ეს ამ ადამიანის ბიოგრაფიაზე, მის პირად ემოციურ მდგომარეობაზე შეიძლება აისახოს ძალიან მძიმედ“ხომ არ შეიძლება ქირურგმა ოპერაცია ჩაატაროს ხელთათმანების გარეშე? ასევე არაფრით შეიძლება, როდესაც ძალადობის მსხვერპლ ბავშვზეა საუბარი, ვინმეს, სადმე, რამე გაეპაროს. არ შეიძლება ამის გაკეთება, ამას არანაირი გამართლება არ აქვს”, - განმარტავს იგი.
კატეგორია - ეთიკა
ახალისებს თუ არა მედია ლგბტქ თემის დისკრიმინაციას, როცა შეუზღუდავად უთმობს ეთერს ჰომოფობიური ჯგუფების განცხადებებს? უწევს თუ არა მედია ფაშისტურ იდეოლოგიას პოპულარიზაციას, როცა ულტრანაციონალისტური ჯგუფების საჯარო აქტივობებს აშუქებს? - ეს იმ შეკითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც კიდევ ერთხელ წამოსწია გასულ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც რადიკალური ჯგუფები ქვიარ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას შეეცადნენ.

2019 წლის მარტში ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთსა და ისლამურ ცენტრზე ტერორისტული თავდახმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთმა ულტრამემარჯვენე ტერორისტმა თავდასხმა სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცა. მანამდე კი მიგრანტების წინააღმდეგ მანიფესტი გამოაქვეყნა.

ამ ლაივიდან ფრაგმენტებს შეიცავდა ვიდეო, რომელიც ივნისში გერმანიაში ერთ-ერთმა ტაბლოიდმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. დამონტაჟებულ ვიდეოში ნაჩვენები იყო, თუ როგორ იღებდა მანქანიდან იარაღს ტერორისტი, უახლოვდებოდა მეჩეთს, უმიზნებდა კარს იარაღს. ჩანდა სროლის პროცესი, მისი დაპატიმრება. სტატიაში, რომელიც თან ახლდა ვიდეოს, დეტალურად იყო აღწერილი კრიმინალური ამბავი, ნაჩვენები იყო სცენები, რაც ხდებოდა მეჩეთში თავდასხმის დროს. ასეთი გაშუქების გამო ამ გაზეთის 122-მა მკითხველმა საჩივრით მიმართა გერმანიის პრესის საჩივრების კომისიას. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ გაზეთმა პრესის კოდექსის მე-11 მუხლი დაარღვია, რომელიც ამბის სენსაციურ გაშუქებას ეხება. მათი აზრით, მკვლელი თავისი ტერორისტული მიზნების განხორციელებას არა მხოლოდ იარაღით, არამედ მისი დანაშაულის მედიაში ტირაჟირებითა და პროპაგანდით ცდილობდა.

გაზეთის მთავარი რედაქტორი და სარედაქციო საბჭო არ დაეთანხმა საჩივარს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გააშუქეს ის, რაც მოხდა რეალურად. მათი აზრით, როდესაც კონკრეტული ქმედება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხდება, საზოგადოების უფლებაა, მიიღოს ყოველმხრივი ინფორმაცია მედიისგან. მთავარი რედაქტორის თქმით, ჟურნალისტური თვალსაზრისით გაუმართლებელი იქნებოდა ამ ამბის ისე აღწერა, რომ ეს ვიდეო არ ეჩვენებინათ. მისი თქმით, სწორედ ის იქნებოდა პროპაგანდა, თუკი ჟურნალისტები დაიწყებდნენ ფაქტების შერჩევას და იმ დოკუმენტური მასალის სარედაქციო ჩარჩოში მოქცევას, რომელსაც ამხელა მსხვერპლი მოჰყვა.

გერმანიის პრესის საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევად მიიჩნია გამოცემის მიერ ტერორისტის ვიდეოდან ამონარიდების ჩვენება. იქაური პრესის კოდექსის მიხედვით, მედია არ უნდა იქცეს დამნაშავეების ხელში იარაღად. მოცემულ შემთხვევაში, პრესის საბჭომ მიიჩნია, რომ რედაქციამ ტერორისტს ის საჯარო ტრიბუნა დაუთმო, რომელსაც ეძებდა.

“შინაური ტერორისტები” (Domestic Terrorists) - ასე მოიხსენია FBI-ის მაღალჩინოსანმა რამდენიმე თვის წინ რასისტულად განწყობილი ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფები. მისი თქმით, სწორედ ამ “შინაური ტერორისტების” ანგარიშზეა ბოლო წლებში არაერთი მასობრივი მკვლელობის და ძალადობის ფაქტი.

მოქალაქეების ცემა, ტაბურეტკებით და კომბლებით დევნა მათი გენდერული იდენტობის გამო, ეს საქართველოში კარგად ნაცნობი ბოლო დროის ამბებია. არის იგივე მოტივით მკვლელობის შემთხვევებიც.

ამ ფონზე მედიის მხრიდან შეუზღუდავი ტრიბუნის დათმობა იმ რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევიან, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

გასული კვირის ბოლოს თბილისსა და ბათუმში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას რადიკალური ჯგუფები შეეცადნენ, მათ შორის, იყვნენ ულტრანაციონალისტური ჯგუფის - “ქართული მარშის” წარმომადგენლები, ამავე იდეოლოგიის მატარებელი ბიზნესმენის - ლევან ვასაძის მხარდამჭერები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალური ნაწილი და ა.შ. ისინი ეწინააღმდეგებიან ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვას; მოიხსენიებენ მათ ავადმყოფებად მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობა უკვე თითქმის 30 წელია ამოღებულია დაავადებათა ნუსხიდან; მანიპულირებენ რელიგიური მოტივებით და სეკულარულ სახელმწიფოში ითხოვენ “სოდომ-გომორის ცოდვასთან” ბრძოლას, მაშინ როცა დაუშვებელია ნებისმიერი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია და ა.შ. მათი განცხადებები და პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში კარგადაა ცნობილი მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში, შესაბამისად, ჩნდება კითხვა - როგორ უნდა აშუქებდეს პასუხისმგებლიანი მედია ამ ჯგუფების საჯარო აქტივობებს ისე, რომ ამ აბსურდული და თან საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საშიში მესიჯების ტირაჟირებისა და პოპულარიზაციის საშუალებად არ იქცეს?

BBC-ის ჟურნალისტი რეიჰან დემიტრი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ამბებს აშუქებს, ამბობს, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე კითხვებს უტრიალებს, როდესაც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების აქტივობების გაშუქება უხდება.

“პარასკევს კინოთეატრ ამირანთან და საქართველოს სხვა კინოეთეატრებთან საპროტესტო აქცია ნიუსის სახით გავაშუქე BBC-ის რადიოს მსოფლიო ამბების სამსახურისთვის. ნიუსში აღწერილი იყო ის, რაც ხდებოდა ყოველგვარი პირდაპირი ციტატების გარეშე, რასაც რადიკალები ამბობდნენ, თუმცა გადმოცემული იყო ის, თუ რატომ იყო ფილმი მათთვის მიუღებელი, მაგალითად, ასე: “პროტესტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ფილმი ერის შეურაცხყოფა იყო”, - გვითხრა რეიჰან დემიტრიმ.

მისი თქმით, როდესაც ულტრამემარჯვენე საკითხებთან დაკავშირებული ამბის გაშუქება უწევს, ცდილობს დაიცვას ბალანსი ისე, რომ თან აღწეროს მოვლენა და თან “საჯაროობის ჟანგბადად” არ იქცეს რადიკალური ჯგუფებისთვის:

“როდესაც ამ საპროტესტო აქციის გაშუქების გადაწყვეტილება მივიღე, ჩემთვის არგუმენტი იყო ის ფაქტი, რომ ეს ჯგუფები შეიძლება პოლიტიკაში ძლიერად არ იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ აქვთ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მხარდაჭერა”.

ასეთი სენსიტიური საკითხები გაშუქების დროს BBC-ის ჟურნალისტები ხელმძღვანელობენ გზამკვლევით, რომლის მიხედვით, მიუკერძოებელი გაშუქება მოიცავს იმაზე მეტს, ვიდრე ეს მოიაზრება განსხვავებული მოსაზრებების “ბალანსში”. გზამკვლევის მიხედვით, მრავალმხრივი გაშუქება არ მოითხოვს აბსოლუტურ ნეიტრალიტეტს ყველა საკითხთან მიმართებაში ან დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისგან დაშორებას, როგორიცაა არჩევნების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლის დეკანი ნინო ივანიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა “როიტერის” ტელევიზიის უფროსი პროდიუსერის თანამდებობაზე. მისი თქმით, რადიკალური ჯგუფები საკმაოდ საშიშია საზოგადოებისთვის. ამიტომაც თუკი ამ ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქტივობის გაშუქების გადაწყვეტილებას მიიღებს მედია, აუცილებელია არ მოხდეს ისეთი მესიჯების ციტირება, რომელიც შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებებს:

“არ უნდა იყოს პირდაპირი ციტირება ძალადობისკენ მოწოდების, არ უნდა დაუთმო მას ეთერი იმისთვის, რომ ათქმევინო, რომ გამოდით ახლა, ხალხო, და გადავუაროთ, დავხოცოთ, ჩავქოლოთ და ა.შ. მოწოდება არ უნდა იყოს ფიზიკური განადგურებისკენ. ცხადია, უნდა ვთქვათ, რა იყო პროტესტის მიზანი, მაგალითად, ის, რომ მათი აზრია, რომ დასავლეთიდან მოდის ყოველგვარი გარყვნილება და ა.შ.”

ნინა ივანიშვილის თქმით, თუკი პირდაპირ ეთერში გადაიცემა რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული აქცია, სადაც მედიისთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ მოსალოდნელია ჰომოფობიური განცხადებების გაკეთება, აუცილებელია, რომ ჟურნალისტები იყვნენ სათანადოდ მომზადებულები:

“ჩვენ ხომ ზუსტად ვიცოდით, გასული კვირის აქციებზე რას იტყოდნენ ამ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები, ამიტომაც პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ჟურნალისტს ხელში უნდა ეჭიროს შესაბამისი კონტრარგუმენტები, დოკუმენტები, ხოლო სტუდიაში მყოფი წამყვანი უნდა ხსნიდეს, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ, მაგალითად, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, მაგრამ რეალურად ამა და ამ დოკუმენტის მიხედვით, ეს არ არის ავადმყოფობა და ა.შ.”

გააშუქებდა თუ არა თავად, როგორც პროდიუსერი პირდაპირ ეთერში, მაგალითად, ლევან ვასაძის გამოსვლას აქციაზე? - ამ კითხვაზე ნინა ივანიშვილი გვპასუხობს, რომ არა, თუმცა არ არის დარწმუნებული, მიიღებდა თუ არა ასე სწორ გადაწყვეტილებას:

“თუნდაც იმიტომ არ დავუთმობდი ლევან ვასაძეს პირდაპირ ეთერს, რომ არ ეთქვა, აბა, ახლა კომბლები მოიმარჯვეთ ხელში და წამოდით, გავანადგუროთ და დავარბიოთ ეს კინოთეატრი და იქ მყოფი ხალხი”.

მისი თქმით, როდესაც მსგავსი სირთულის წინაშე აღმოჩნდებოდა ხოლმე, როდესაც როიტერში მუშაობდა პროდიუსერად, საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში 2-3 წუთის დაგვიანებით გადასცემდა:

“2 წუთს ვწერდი და თუ რაღაცა კატეგორიულად მიუღებელი და საზოგადოებისთვის საფრთხის შემადგენელ მოწოდებას გავიგონებდი, იქ ვწყვეტდი და ვაკეთებდი ჩართვას. ეს გამიკეთებია არაერთხელ იმიტომ, რომ მთავარია ჩვენთვის, რომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ტიპის პოლიტიკური ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, რამდენად საშიშია თუ არაა საშიში, ან მისაღებია თუ არაა მისაღები მათთვის, ეს უფლება აქვს საზოგადოებას, იცოდეს რა ხდება მის ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად უნდა დავიცვათ ის სტანდარტი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ფიზიკური ძალადობა პირდაპირ ეთერში და ამან არ გაამწვავოს სიტუაცია”.

ზოგადად, როდესაც მედია რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქტივობების პირდაპირ ეთერში გაშუქების გადაწყვეტილებას იღებს, მას გააზრებული უნდა ჰქონდეს ის ეთიკური დილემები, რაც ასეთ დროს წარმოიშობა, ესენია: ჰომოფობიის, ქსენოფობიის ან სხვა სახის დისკრიმინაციის წამახალისებელი კონტენტის ტირაჟირება, ძალადობისკენ მოწოდებები და ყალბი ინფორმაცია.
კატეგორია - ეთიკა

8 ნოემბერს, ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში, მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით სკოლის მასწავლებელი  დააკავეს. 11 და 12 ნოემბერს, ამბავი  მედიის ფოკუსში მოხვდა და მაუწყებლებისა და ონლაინ გამოცემების ნაწილში, პრობლემურად გაშუქდა.  "იმედისა" და "რუსთავი 2-ის" სიუჟეტებში სავარაუდო მსხვერპლის ირიბი და ბრალდებულის პირდაპირი იდენტიფიცირება მოხდა. 

"იმედმა"  თავის მასალაში დაუფარავად აჩვენა სკოლის დირექტორი და ბრალდებულის ოჯახის წევრები, რითაც ბრალდებულის პირდაპირი და არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება მოხდა.

"რუსთავი 2-მა" ამბის გაშუქებისას ბრალდებულის სახელი და გვარი დაასახელა და მაყურებელს მისი ფოტოები აჩვენა.  გარდა ამისა,  "იმედის" მსგავსად, ეთერში დაუფარავად აჩვენა ბრალდებულის ოჯახის წევრების კომენტარები.  ამგვარი დეტალების გასაჯაროებამ კი სავარაუდო მსხვერპლის იდენტრიფიცირებაც შესაძლებელი გახადა. 

ონლაინ გამოცემების ნაწილმა, მაუწყებლებისგან განსხვავებით, ამ თემაზე მომზადებულ მასალებში სოფლის სახელწოდება დაასახელა.  მედიებს მასწავლებლის ვინაობა ღიად არ დაუსახელებიათ, თუმცა დაწერეს  რომელ საგანს ასწავლის იგი და რომელ კლასშია არასრუწლოვანი. 

 კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში,  რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული, ცალსახად არის აღნიშნული, რომ კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება დაუშვებელია.

ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო კი გვეუბნება, რომ ბავშვის ვინაობის დაფარვა აუცილებელია, როდესაც იგი რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან.  ასევე, სახელმძღვანელო მიუთითებს მედიებს გაითვალისწინონ, რომ “ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით.”

გარდა იმისა, რომ არასრულწლოვნის იდენტიფიცირება დაუშვებელია, პრობლემურია ბრალდებულის იდენტიფიცირებაც. მისი ვინაობის გასაჯაროება განსაკუთრებით სარისკოა მაშინ, როდესაც საქმე ასეთ ბრალდებას ეხება. კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო გვეუბნება, რომ ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ:

“როცა საქმე ეხება პედოფილიას, ან სექსუალურ ძალადობას, მაშინაც კი, როცა საგამოძიებო უწყებები ასახელებენ ბრალდებულის ვინაობას, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მათი იდენტიფიცირებისგან. გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი,” - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.

კატეგორია - ეთიკა

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში, ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამის , “და ჩვენ ვიცეკვეთ” საპრემიერო ჩვენებების გამო, მედიის დღის წესრიგში ხშირად ხვდებიან სხვადასხვა რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩევიან და ფილმის ჩვენებების ჩაშლას გეგმავენ. ასეთი ძირითადად სამი ჯგუფია: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, როგორ უნდა გააშუქოს მედიამ მათთან დაკავშირებული საკითხები ისე, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას და ამავდროულად, უნებურად არ იქცეს ამგვარი ადამიანების თუ ჯგუფების მოკავშირედ.

“ჟურნალისტიკა არ არის მათემატიკა, სადაც მზა ფორმულები არსებობს”, - ასე იწყებს “მედიაჩეკერთან” საუბარს მედიაანალიტიკოსი, ლაშა ქავთარაძე, რომელიც ამავე დროს არის ავტორი სახელმძღვანელოსი “ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება” და მიმდინარე წელს ამ საკითხების კვლევას დიდი დრო დაუთმო.

იგი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საკუთარი სინდისისა და მაყურებლის წინაშე მაქსიმალურად პატიოსნად შეაფასონ ცალკეული სუბიექტები და სწორედ ამ შეფასებაზე დაყრდნობით მოიხსენიონ ისინი:

“პირველ რიგში, ალბათ უმჯობესი იქნება, თუკი ჟურნალისტები თავიანთ სახელს დაარქმევენ ყველა იმ სუბიექტს, ვინც ამ პროცესებშია ჩართული. მაგალითად, თუკი ადამიანები ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებენ, მედიამ არ უნდა შეუნახოს ასეთ რესპონდენტებს ნამუსი და უნდა თქვას, რომ ისინი ძალადობის წამქეზებლები არიან. თუკი ისინი გარკვეული სოციალური ჯგუფის დისკრიმინაციის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებენ, მედიამ უნდა უთხრას მაყურებელს/მკითხველს ამის შესახებ. თუმცა, დიდია იმის საფრთხეც, რომ გაშუქებისას გარკვეულ განზოგადებებს და გამარტივებას ჰქონდეს ადგილი, რაც ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა აირიდონ ჟურნალისტებმა თავიდან”.

იმ ჯგუფებს, რომლებიც ფილმის საპრემიერო ჩვენებების ჩაშლით იმუქრებიან, ონლაინმედიის უმეტესობა ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებად მოიხსენიებს.

“ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჰომოფობიური შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ, მოვიხსენიებთ, როგორც ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლებს და ანტილიბერალური განწყობების მატარებელ ადამიანებს”, - ამბობს ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი და ამატებს, რომ მათი სარედაქციო დამოკიდებულებაა მედიამ თავისი სახელი დაარქვას ყველაფერს.

On.ge-ს მსგავსად, ამ ჯგუფებს ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებად მოიხსენიებს ონლაინმედია “პუბლიკაც”.

“ვმსჯელობდით რედაქციაში და ასე შევთანხმდით”, - გვეუბნება გამოცემის მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

“ასეთ სიტუაციებში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ სიზუსტე და ნაკლებად ვიხმაროთ შეფასებები. უშუალოდ დავასახელოთ ორგანიზაციების სახელწოდებები. შევთანხმდით, რომ მინიმალური შეფასებები და მაქსიმალურად სახელწოდებები გამოვიყენოთ”, - ამბობს “რადიო თავისუფლების” საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ჯაფიაშვილი და ამატებს, რომ გაშუქებისას, განსაკუთრებით თუ ეს პირდაპირი ეთერის (ე.წ. ლივე) რეჟიმში ხდება, შესაძლოა რამდენჯერმე მოუწიოთ აღნიშვნა, რომ ემიჯნებიან ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს.

იმის გამო, რომ საპრემიერო ჩვენება დღეს იმართება და მისი ჩაშლის მსურველ პირთა ჯგუფებიც დილიდან განსაკუთრებით გააქტიურდნენ, ფაქტობრივად მთელი დღეა ისინი მედიის ფოკუსში არიან.

“მედია მნიშვნელოვანი რესურსია ზოგადად პოლიტიკური აქტორებისთვის, მაგრამ ასეთი რადიკალური ჯგუფებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი რეკლამისათვის, მედია ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ როგორც კი გადაწყვეტენ, რომ მიწისქვეშეთიდან ამოვიდნენ, ისინი მედიის ყურადღების მიქცევას ნებისმიერ ფასად ცდილობენ”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში “ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება”.

ამ სახელმძღვანელოს ავტორი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი უნდა მოხვდეს მედიის ფოკუსში და ეს საკამათო თემა არ არის, ვინაიდან ისინი ობიექტურად არსებობენ და აქვთ თავიანთი სათქმელი, ისევე არიან ნაწილები ჩვენი საზოგადოების, როგორც სხვა. მაგრამ, მედიამ უნდა შეძლოს გონივრული ზღვარი დაიცვას მათი გაშუქებისას და უნებურად არ გახდეს მათი მოკავშირე. მისივე თქმით, მედიის ყურადღების აქცენტი იმაზე უნდა იყოს გადატანილი როგორ შეიძლება დაპირისპირების თავიდან აცილება, რატომ არის მიუღებელი საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფისათვის თვითნებურად და უსაფუძვლოდ რაღაცების აკრძალვა.

“განსხვავება ის არის, რომ მათი ქმედებები თუ მოწოდებები შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს საზოგადოების სხვა წევრებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მედიამ დაიცვას გარკვეული „დიეტა“ მათი გაშუქებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მედია უბრალო გამტარად იქცეს ძალადობის მომწოდებლებისათვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი მესიჯის უფრო ფართოდ გავრცელება. არავითარი საჭიროება არ დგას იმისა, რომ ცალ-ცალკე ნიუსები მიეძღვნას ბრეგაძის, ფალავანდიშვილის, ვასაძის, ლორთქიფანიძის და ა.შ. გაკეთებული განცხადებების თითოეულ აბზაცს. ამით მედია, ასე რომ ვთქვათ, ჭარბ ხმაურს ქმნის, სიტუაციას ამძაფრებს, ძალადობისაკენ მომართულ ადამიანებს უფრო აქეზებს, ხოლო ძალადობის ობიექტებს კი თრგუნავს, ვინაიდან სიტუაციას ისე წარმოაჩენს თითქოს ჩვენს რეალობაში მხოლოდ ძალადობისაკენ მომართული ადამიანები არსებობენ, რომლებიც მზად არიან, რომ ნებისმიერ დროს თავს დაესხან ამა თუ იმ ჯგუფს”, - ამბობს იგი.

“ის, რომ ეს ჯგუფები აქტიურობდნენ და მედიამ უბრალოდ არ შეიმჩნიოს, მგონია, რომ არასწორი იქნება. On.ge-ს ახალ ამბებში ყველგან ჩანს ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია. ეს აქცია როგორც კი დაანონსდა, ხაზგასმა მოხდა იმის, რომ არიან ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები, არ იზიარებენ ლიბერალურ ღირებულებებს და ა.შ”, - გვეუბნება გელა ბოჩიკაშვილი.

“ძირითადად, ჩვენი ყურადღების ცენტში ექცევა ამ ჯგუფების მიერ გაჟღერებული ის განცხადებები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ პირდაპირ კანონდარღვევებზე მიანიშნებს და რომლებზეც შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ რეაგირება”, - გვეუბნება ლიკა ზაკაშვილი.

“ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონოდა თუ არა პირდაპირი ჩართვები. შევთანხმდით, რომ რადგან ჩვენი სარედაქციო პოლიტიკით წლების მანძლზე ცხადია, არ ვახდენთ ჰომოფობიის, ქსენოფობიის, სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის, ჩვენ შეგვიძლია საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ერთჯერადად გავაშუქოთ ხოლმე ისეთი მოვლენები პირდაპირ ეთერში, რომელიც კარგად წარმოაჩენს სხვადასხვა ჯგუფების რადიკალურ მიდგომებს, გეგმებს და მეთოდებს, თუ ეს პირდაპირი ჩართვები, რა თქმა უნდა, არ უქმნის საფრთხეს სხვა ჯგუფებს”, - ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.

მიდგომა, რომ მსგავსი ჯგუფები არ გაშუქდეს, არც მედიებს აქვს და ამას არც ზემოთნახსენები სახელმძღვანელო ამბობს. პირიქით, სახელმძღვანელო ცალსახად უთითებს, რომ ძალადობრივი ჯგუფების გაშუქების თავიდან არიდება პრობლემას სულაც არ მოაგვარებს. მთავარი კითხვა, რასაც ასეთ შემთხვევაში, რედაქციამ და ჟურნალისტმა უნდა უპასუხოს, არის ის - როგორ გააშუქოს მსგავსი ჯგუფები და იქვე ახსნილია, რომ კონტექსტის მიწოდება ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია.


სარედაქციო შენიშვნა: კითხვებით, რა ტერმინებით მოიხსენიებენ იმ პირთა ჯგუფებს, რომლებიც საპრემიერო ჩვენებების ჩაშლას გეგმავენ და როგორია მათი სარედაქციო მიდგომა - რა შემთხვევაში უთმობენ ეთერსა და სივრცეს მსგავს დაჯგუფებებს, “მედიაჩეკერმა” სტატიაში ციტირებული გამოცემების გარდა ასევე მიმართა სხვა ონლაინგამოცემებსა და ნაციონალურ მაუწყებლებს, თუმცა, იმის გამო, რომ დღეს მედიას ფაქტობრივად საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა, საინფორმაციო სამსახურებსა და რედქტორებს ინტერვიუსთვის დროის გამოყოფა გაუჭირდათ.

სტატიის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო

 

კატეგორია - ეთიკა
  • ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიცია;
  • რუსთაველმა თქვა, “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო” და ამის გამოხატულება არის ბიძინა ივანიშვილი;
  • განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელიც მან შეიტანა ეკლესია-მონასტრების და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში;
  • ბატონი ბიძინა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს სიძველეებისადმი;
  • ის, რაც 30 წელი ვერ გააკეთა სახელმწიფომ და ბიზნესმა, ერთი ადამიანის ძალისხმევით კეთდება...
ეს ამონარიდებია “ტელეიმედის” ეთერში, 5 ნოემბერს გასული ახალი გადაცემიდან, სახელწოდებით “არენა”. მთელი გადაცემა, საერთშო ჯამში, 2 საათზე მეტი დრო, სწორედ ბიძინა ივანიშვილისადმი დითირამბებს მიეძღვნა დაახლოებით იმ სტილში, როგორც ამას აკეთებდა საბჭოთა ბელადებზე - “ვრემია”, პუტინზე - ტელეკომპანია “როსია” ან ჩრდილო კორეის ტელევიზია - კიმ ჩენ ინზე.

ეს სტილი გულისხმობს ერთხმად ბელადის ქებას, როდესაც ფაქტობრივად არ არის წარმოდგენილი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გაჟღერების სიმულაციას ქმნიდა “არენაში” ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის მონაწილეობა.

რატომ იყო ეს სიმულაცია?

გადაცემის მესამე ბლოკი დაეთმო რუბრიკას “მედიარენტგენი”, რომლის ამოცანად წამყვანმა მაყურებელს დაუსახელა “ფეიკ ნიუსების” გამოვლენა და ამაზე “სიმართლის დაპირისპირება”.

მედიარენტგენში გაატარეს “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის პროექტებზე. გამოაცხადეს, რომ ეს მედიასაშუალებები არიან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, რომლებმაც “დაიწყეს შეტევა ბიძინა ივანიშვილზე”.

ამ “შეტევას” “კონტრშეტევით” უპასუხა ტელეიმედმა და გადაცემაში სამნაწილიანი ფილმი შემოგვთავაზა, რომელიც მიეძღვნა ბიძინა ივანიშვილის, როგორც აბასთუმნის ამღორძინებლის წარმოჩენას.

ფილმი იწყება ჟურნალისტის ასეთი ტექსტით:

“ნაციონალური მოძრაობის” და მისი განაყოფების, ასევე, მათი მედიარუპორების ქცევის წესი, ერთგვარი Modus Operandi ყოველთვის იყო სიცრუე და ძალადობა. ნაცმოძრაობის მიერ ტირაჟირებული ტყუილების დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილზეა. ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი და უტიფარი ტყუილით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, შენებას ნგრევა უწოდონ, ხოლო ქველმოქმედებას - ანგარება…

… მას შემდეგ, რაც სტრასბურგის განაჩენმა სააკაშვილს მიტაცებული ტელევიზია დააბრუნებინა, “რუსთავი 2-დან” წამოსული პროპაგანდისტი ჟურნალისტები ორი პარტიული ტელევიზიით დაესხნენ თავს აბასთუმნის პროექტს”.

ასეთი შესავალით ჟურნალისტი აპრიორი აცხადებს პროპაგანდისტებად და ნაციონალური მოძრაობის რუპორებად “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს, თუმცა არ გვთავაზობს არგუმენტებს, რას ეფუძნება ასეთი შეფასება, რომელ კვლევას, რომელ მედიამონიტორინგს და ა.შ.

ამის შემდეგ ფილმი სამ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას და ცდილობს ყალბ ინფორმაციად წარმოადგინოს ამ ეპიზოდებზე ზემოთ აღნიშნული არხების ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები.

პირველი ეპიზოდი ვრცლად მიმოიხილავს აბასთუმნის შემოვლითი გზის ამბავს. “არენის” ვერსიით, ჟურნალისტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, როცა, რეალურად, სპეციალისტების ნაწილზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შემოვლითი გზა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის, დააზიანებს ეკოსისტემას, საფრთხეს შეუქმნის იქ არსებულ ფლორას და ფაუნას.

“იმედის” მიერ მომზადებულ ფილმში რესპონდენტებად გვხვდებიან მხოლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ან მისი განხორციელების მომხრე ადამიანები: საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, “გეოგრაფიკის” წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა აბასთუმნის განვითარების გენგეგმის პროექტზე და ამ გეგმის ფარგლებში გადაწყდა, რომ საავტომობილო გზამ უნდა აუქციოს გვერდი აბასთუმანს და ა.შ. არ იყო წარმოჩენილი არც ერთი ოპონენტი, მათ შორის გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ შემოვლითი გზის გაკეთების აუცილებლობას, საუბრობენ გზის გაყვანის შედეგად შესაძლო საფრთხეებზე და ა.შ.

ანალოგიური დისბალანსი იყო სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს შორის. სტუმრები (სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) საუბრობდნენ, რომ ბაღდათი-აბასთუმნის გზა უნდა აშენდეს ისე, რომ ამ გზამ არ გაიაროს არც აბასთუმანზე და არც საირმეზე, რადგან ეს აუცილებელია კურორტებისთვის. თუმცა არ დასმულა შეკითხვები, თუ რა პრობლემებს უქმნის ეს გზები ამ კურორტებს? არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ სატრანსპორტო ემისიებით ჰაერის დაბინძურება საირმესა და აბასთუმნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ აუცილებელია ეროვნული პარკი გაიჭრას? ვინ, როდის და რა კვლევის საფუძველზე გადაწყვიტა ის, რომ აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილებისთვის უნდა იყოს გადაადგილება შესაძლებელი?

უფრო მეტიც გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს იმას, რაზეც ე.წ. ფეიკ სიუჟეტების ავტორებად მოხსენიებული ჟურნალისტები საუბრობენ, რომ გზის გაყვანის შედეგად მოიჭრება ხეები ეროვნული პარკის ტერიტორიაზე; მოხდება ცხოველების მიგრაცია, მაგრამ მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიადგეს პარკს. ოპონენტები კი სწორედ ამის გამო ეწინააღმდეგებიან ეროვნულ პარკში გზის გაჭრას, რომ არ მიადგეს მას ზიანი, რადგან გზის გაყვანის აუცილებლობა კვლევებით არ არის დასაბუთებული. ეს აზრი “იმედის” გადაცემაში არ გაჟღერებულა, ოპონენტად გამოცხადებულ ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს (რომელიც არ არის ეკოლოგიის, გარემოს დაცვის სპეციალისტი) კი წამყვანი უტრიალებდა კითხვას - აბასთუმანში რაც კეთდება, ეს ცუდია?

მეორე ეპიზოდი შეეხებოდა აბასთუმანში საჰაერო ფრენების აკრძალვას:

“ნაციონალმა ჟურნალისტებმა მოიგონეს პრობლემა, დაუკავშირეს ის ბიძინა ივანიშვილს, ჩართეს მორალურად გაკოტრებული ბიზნესმენი”, - ასეთი ფრაზებით ცდილობდა ტელეიმედი მომზადებული ფილმით მაყურებლის დარწმუნებას, რომ “ფეიკ ნიუსი” იყო ის, რომ “იკეტება ცა თვითფრინავებისთვის” და ეს ბიძინა ივანიშვილის ახირებით კეთდება. “იმედი” გვარწმუნებდა, რომ აბასთუმნის ობსერვატორიის და არა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით იცვლება საჰაერო მარშრუტები და რომ ეს მარშრუტი უფრო მისაღებია. ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამთავრობო სექტორიდან რესპონდენტები და არც ერთი ოპონენტი, მათ შეეძლოთ ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან წარმოედგინათ ვინმეს პოზიცია, რომელიც მიუკერძოებლად აუხსნიდა საზოგადოებას, რეალურად შექმნის თუ არა პრობლემას მარშრუტის ცვლილება და ა.შ.

მესამე ეპიზოდი ეძღვნებოდა იმის ჩვენებას, თუ როგორი აღმშენებლობა მიდის აბასთუმანში, როგორი კმაყოფილია მოსახლეობა და როგორ აყალბებენ ამ მხრივ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” “მსახური” ჟურნალისტები.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი აშენებს მაღალი კლასის სასტუმრო პარაგრაფს ტუბსაავადმყოფოს ადგილზე, ხოლო ფილტვის ცენტრი გააკეთა სხვა ადგილზე, რომელიც კერძო პირისგან შეიძინა. იმის საილუსტრაციოდ, რომ ივანიშვილ საუკეთესო ადგილი არ დაუსაკუთრებია სასტუმროსთვის, სადაც ადრე ტუბსაავადმყოფო იყო, “იმედის” ფილმი გვთავაზობს მოსაზრებას, რომ ახალი საავადმყოფოს ადგილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის კლიმატოლოგებმა მიიჩნიეს საუკეთესოდ. თუმცა არ ისმის კითხვა და არც პასუხია შესაბამისად, მაშინ რატომ არ ააშენეს საბჭოთა პერიოდში ამ საუკეთესოდ მიჩნეულ ადგილზე საავადმყოფო? ან თავად ბიძინა ივანიშვილმა რატომ არ ააშენა სასტუმრო ამ საუკეთესოდ მიჩნეულ ადგილზე?

გადაცემის ამ ნაწილში “იმედმა” შემოგვთავაზა აბასთუმანში აღმშენებლობით კმაყოფილი და აღფრთოვანებული მოსახლეობის კომენტარები. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელეიმედი ივანიშვილის პროექტებს მსგავს სიუჟეტებს უძღვნის. აბასთუმანზე წინა თვეებში არაერთი მსგავსი პათოსის სიუჟეტი გადაიცა ტელეიმედით. “არენაში” კი აბასთუმნის პროექტამდე წყალტუბოს “აღორძინების” პროექტზე გვიამბეს. ხოლო “არენამდე” ივანიშვილის გეგმები და წყალტუბოს მოსალოდნელი აღორძინება “იმედის” სხვა გადაცემების მთავარ თემად იყო წარმოდგენილი.

გადაცემა “არენა” საპატრიარქოს თემით გაიხსნა, უფრო სწორად იმის ჩვენებით, თუ როგორ შეეცადა “ნაციონალური მოძრაობა” საეკლესიო გადატრიალების მოწყობას და როგორ აირიდა ეს ქვეყანამ თავიდან. გადაცემის ავტორები ცდილობდნენ მაყურებლის დარწმუნებას, რომ პეტრე ცაავა აწყობდა საეკლესიო გადატრიალებას, როდესაც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პატრიარქი “პიდარასტიასა” და “მამათმავლობაში” დაადანაშაულა. ხოლო პეტრე ცაავა მოქმედებს “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით, რომლის საილუსტრაციოდ გადაცემაში შემოგვთავაზეს ამონარიდი მისი ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს ახალაიების ოჯახზე დადებით კონტექსტში, თუმცა იქვე ეხება გადაცდომების თემას. ამასთან, წარმოაჩენენ, რომ პეტრე ცაავა ხმას არ იმაღლებდა ენმ-ს მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეო და აქედან გამომდინარე, ასკვნიან, რომ სწორედ ენმ-მ დაუკვეთა საეკლესიო გადატრიალება.

გადაცემის ამ ნაწილშიც არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი განსახვავებული აზრი, მხოლოდ ამ იდეის გარშემო გაერთიანებული რესპონდენტები საუბრობდნენ შეთქმულების თეორიაზე, რომელიც ფორმალურადაც კი არ იყო დაბალანსებული.

გადაცემის სწორედ ამ პირველ, გამხსნელ ნაწილში შემოგვთავაზა “არენის” წამყვანმა ინტერაქტივის შეკითხვა: ვის ინტერესშია პატრიარქის დისკრედიტაცია - ხელისუფლების თუ ნაციონალური მოძრაობის? როგორც წესი, ტელემედიები ინტერაქტივს იყენებს იმ გადაცემებში, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ეჭვი იმის შესახებ, რომ “არენა” ეთერში წინასწარ ჩაწერილი გადაცემით გავიდა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა სტუმარმა ნიკა ჩიტაძემ ფეისბუკში საჯარო დისკუსიის დროს დაწერა, რომ ის გადაცემაში სტუმრად მისული იყო წინა დღით და არა მაშინ, როცა გადაცემა ეთერში გავიდა. ამასთან, ჩანაწერი, რომელიც “იმედის” ვებგვერდზეა განთავსებული, ინტერაქტივის გამოსახულების გარეშეა ატვირთული, ხოლო ეთერში გასულ გადაცემას თან სდევდა ინტერაქტივის ცხრილი, რომლის მიხედვით, ინტერაქტივში მონაწილე 96.7% ფიქრობდა, რომ პატრიარქის დისკრედიტაცია “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში იყო. ეს მონაცემები გადაცემის წამყვანს არ გამოუცხადებია, მან თქვა, რომ ინტერაქტივის შედეგები გამოსახული იყო ეკრანზე.

გადაცემის წამყვანმა გამსხნელ ტექსტში აღნიშნა, რომ კიბერშეტევის გამო პრობლემები შეექმნათ, თუმცა გადაცემა მაინც დათქმულ დროში გავიდა ეთერში. მას არ უთქვამს, რომ მაყურებელი გადაცემის ჩანაწერს უყურებდა ეთერში.
კატეგორია - ეთიკა
5 ნოემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია Freeom House-მა ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. მიუხედავად ამისა, ანგარიშში ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზეც არის საუბარი, მათ შორის, ოლიგარქიული მმართველობა, დემოკრატიული პროცესების სტაგნაცია, ე.წ. “ტროლებისა” და “ბოტების” პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ა.შ.

Freedom House-ის ანგარიში ქართული ტელევიზების 5 ნოემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მაუწყებლების დღის წესრიგის გათვალისიწინებით, განსხვავებული აქცენტებითა და კუთხით მოხვდა.

ამბავს ყველაზე მეტი დრო ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” დაუთმო. არხზე მთავარი აქცენტები ქვეყანაში არსებულ ოლიგარქიულ მმართველობაზე, დემოკრატიის სტაგნაციააზე, მთავრობასთან დაკავშირებულ “ტროლებსა” და “ბოტებზე” და კანონის უზენაესობის საფრთხეებზე გაკეთდა.

“ქართული დემოკრატიის უმძიმესი კრიტიკა, Freedom House-ის საქართველოში ტოტალურ სტაგნაციაზე წერს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია განსაკუთრებით საარჩევნო პროცესების დემოკრატიულობის ხარისხის გაუარესებაზე მიანიშნებს, ამ უარყოფითი პროცესების სათავედ კი, ოლიგარქიული მმართველობა სახელდება. დასკვნაში განსაკუთრებულად აღნიშნულია პროცესები, როდესაც Freedom House-ის მტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლება ანტისაოკუპაციო საბრძოლველად და სარჩევნო კამპანიაში ცვლილებების შესატანად საკუთარინტერნეტტროლებს იყენებდა”, - თქვა წამყვანმა თემის წარდგენისას. მასალიდან ასევე გავიგეთ, რომ Freedom House-ის ანგარიში უმწვავესია და აქ თავმოყრილია ყველა ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხეში აგდებს. აგრეთვე, ჟურნალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა, ხელისუფლებისთვის მძიმე წასაკითხია, თუმცა “ოლიგარქიული მმარველობისა და სტაგნაციაში მყოფი დემოკრატიის შეფასებების მიუხედავად, დღეს ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად არის”.

პარალელურად მოვისმინეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებებიც, რომლებიც ამბობენ, რომ “ერთადერთი ქარხანა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს ამუშავდა, ეს არის ტროლების ქარხანა”.

სიუჟეტის მიწურულს თემის ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით თავისუფალი ქვეყნების სიაშია, თუმცა იგი იქვე იმასაც მიუთითებს, რომ “დოკუმენტში ვრცლად არის მიმოხილული ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში დასკვნიდან-დასკვნამდე სულ უფრო იზრდება”.

Freeდom House-ის ანგარიშიდან განსხვავებული დეტალები შემოგვთავაზეს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა” და ტელეკომპანია “იმედმა”. ვრცელი ანგარიშიდან მათი ყურადღების ცენტრში მხოლოდ ის მოექცა, რომ საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდესით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად მეათე ადგილს ინაწილებს.

ამასთან, ორივე მაუწყებელმა აღნიშნა რომ ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება სრულად იყო დაცული და რომ ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყენებს უსწრებს, როგორიცაა იაპონია და უნგრეთი.

ანგარიშის დანარჩენმა კრიტიკულმა ნაწილმა, რომელშიც ზემოთ ხსენებულ პრობლემებზეა საუბარი, ამ ორი ტელევიზიის ინტერესი ვერ დაიმსახურა. ასევე, ამბავი საერთოდ ვერ მოხვდა შემდეგი ტელეკომპანიების 5 ნოემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში: “ფორმულა”, “ტელეკომპანი პირველი” და “რუსთავი 2”.