ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმიან თავს პატიმრები ციხის თანამშრომლებს, მედიის ნაწილმა უცვლელად გამოაქვეყნა. უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფარული მხოლოდ პატიმრების სახეა, ციხის თანამშრომლები კი ღიად ჩანან.

ვიდეომასალაში ხუთი შემთხვევაა ნაჩვენები, როდესაც პატიმარი თავს ესხმის ციხის თანამშრომელს. ხუთიდან ორ შემთხვევაში პატიმრის აგრესიის სამიზნე პენიტენციური დაწესებულების ექიმია, სამ შემთხვევაში კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მასალებში ჩანს, როგორ ეჩხუბებიან და ურტყამენ პატიმრები ციხის თანამშრომლებს (მაგ. მუშტს სახეში ბადრაგს, ესვრის სკამს ექიმს და ა.შ.). ყველა ის პირი, რომელსაც პატიმარი ღიად უსწორდება, ადვილად იდენტიფიცირებადია.

იუსტიციის სამინისტროს ეს ვიდეო დღეს, 21 იანვარს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ციხეებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიშის წარდგენას მოჰყვა. იუსტიციის მინისტრმა, ამ ვიდეომასალის საფუძველზე, სახალხო დამცველს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელი იყო, მაგალითად, პატიმრებისა და ექიმების მარტო დატოვება, ასეთი შემთხვევების ფონზე.

ვიდეომასალა, მასში მონაწილე პირების დაფარვის გარეშე, სრულად, მინისტრის ახსნა-განმარტებებიანად, უცვლელად გამოაქვეყნა რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, იმედმა, TV პირველმა. ასევე გამოქვეყნდა imedinews.ge-ზე, itv.ge-ზე, მარშალპრესზე, რეზონანსზე, allmedia-ზე, კვირა.ჯი-სა და ფაქტები.ჯი-ზე (ჩამოთვლილი მედიები იძებნება 21 იანვრის 19:00 საათის მონაცემებით).

ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემისადმი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და ეს ვიდეომასალა უნდა გავრცელებულიყო, მედიასფეროში მომუშავე პირები არ დავობენ. მათივე თქმით, ცალსახაა ისიც, რომ უწყება, რომელმაც ვიდეო ამ ფორმით გაავრცელა, უპასუხისმგებლოდ მოიქცა, მაგრამ, ეს არ ათავისუფლებს ეთიკურ მედიას პასუხისმგებლობისგან, ეპოვა სწორი ბალანსი საჯარო ინტერსსა და კონკრეტული პირების (ამ შემთხვევაში რიგითი მოხელეების) ინტერესების შელახვას შორის.

“ორი მხარე იკვეთება ჩემთვის, პირველი ეს არის იუსტიციის სამინისტროს დამოკიდებულება თავისივე უწყებაში, პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ, საერთოდ არ აქვთ მგრძნობელობა, გაავრცელეს სახე დაუფარავი კადრები, წარმოიდგინეთ როდესაც ამ კადრებს მათი თანამშრომლების ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დედები ნახავენ, როგორი ასატანი იქნება ეს მათთვის”, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი და აქვე მეორე მხრივ, მედიის პასუხისმგებლობის ნაწილზე საუბრობს.

“მედია არაეთიკურად მოიქცა, იმიტომ, რომ გაავრცელა იმ ადამიანების სახეები და მოახდინა მათი იდენტიფიცირება ვინც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მოხვდა ამ სიტუაციაში - მათზე განხორციელდა თავდასხმა. არანაირი საჭიროება არ იყო მათი იდენტიფიცირების, ამის გარეშეც თავისუფლად შეიძლებოდა საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება და ფაქტის სრულფასოვნად გაშუქება. მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მსგავს ფაქტებს, როცა მისმა გაშუქებამ შესაძლოა ღირსების შემლახავად იმოქმედოს კონკრეტულ ადამიანებზე”, - ამბობს იგი და დასძენს, რომ მედიას უნდა აღეწერა მომხდარი, გაევრცელებინა ეს ვიდეობიც, თუმცა, უნდა დაეფარა რიგითი მოხელეები და მიენიშნებინა იმ კონკრეტულ შემთხვევაში ვისზე ხდებოდა ძალადობა.

"მედიაჩეკერი" შეეცადა პასუხი კითხვაზე, რატომ არ დაფარეს გავრცელებულ ვიდეოში ციხის თანამშრომელთა სახეები, ქმნის თუ არა ეს მათთვის და მათი ახლობლებისთვის გარკვეულ უხერხულობას, სასჯელაღსრულების  სამინისტროდან მიეღო. 

უწყებამ ჩვენს კითხვას ასე უპასუხა: "ამაზე სახალხო დამცველმა უნდა ინერვიულოს, როცა გვაძლევს რეკომენდაციას, ეს ხალხი ერთი ერთზე დავტოვოთ პატიმართან".
კატეგორია - ეთიკა
  • კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ?”
  • “ისე როგორი ოჯახი იყო, კონფლიქტური?”
  • “ ოდესმე ჰქონია ქმართან რამე პრობლემა?”
  • “მანამდე იჩხუბეს გუშინ, ან დილით?”
ამ და მსგავს კითხვებს მოისმენდით ჟურნალისტებისგან იმ რეპორტაჟებში, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სურამში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ ცენტრალური მაუწყებლების ნაწილის საინფორმაციო გამოშვებებში გადიოდა. კითხვის ადრესატები გარდაცვლილისა და ბრალდებულის მეზობლები იყვნენ. ჟურნალისტებმა მაყურებელს შესთავაზეს ყველა ვერსია, რაც კი მეზობლებისგან მოისმინეს, გამოიკითხეს გარდაცვლილის პირადი ცხოვრების ყველა, სრულიად არასაჭირო დეტალი, ეძებს პასუხი სრულიად დამაზიანებელ კითხვაზე - რატომ მოკლა? და დაასკვნეს - “ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა”.

ამ კითხვების გარდა, მედიას ამ თემაზე მომზადებულ მასალებში არ დაუსვამს სხვა კითხვები, ის კითხვები, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო და რაზეც პირველ რიგში უნდა ესაუბრა ფემიციდის შემთხვევის გაშუქებისას. არ მოგვისმენია არცერთი სიტყვა საქართველოში ფემიციდის პრობლემაზე, პრობლემის მასშტაბურობაზე, სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე, მსხვერპლი ქალებისთვის საჭირო სახელმწიფო სერვისების გამართულობა/გაუმართაობაზე და ა.შ. მედიის მთავარმა კითხვამ, ძიებამ - “რატომ მოკლა ყოფილმა ქმარმა ცოლი”, პრობლემებისა და ეთიკური სტანდარტების დარღვევის მთელი ჯაჭვი გამოიწვია.

***

შემთხვევა სურამში 18 იანვარს მოხდა. სოფელ ბუღაურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა ქმარმა ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ბრალდებული მალევე დააკავეს, ის, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

ფემიციდის შემთხვევა ორი დღის განმავლობაში მაუწყებლების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და არაერთი სიუჟეტი მომზადდა. “მედიაჩეკერმა” ცენტრალური მაუწყებლების: “მთავარი არხის”, “რუსთავი 2-ის”, “იმედის”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” , ტელეკომპანია “ფორმულას” და “TV პირველის” ეთერში გასული მასალები შეისწავლა.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია ფორმულას 18 იანვარს ამ თემაზე მხოლოდ კადრ-სინქრონი ჰქონდათ მომზადებული და მასში ეთიკური სტანდარტები არ დარღვეულა. “რუსთავი 2-ის”, “იმედისა” და “ტვ პირველის” მასალებში რამდენიმე ტიპის პრობლემა იყო, განსაკუთრებით მძიმე ეთიკურ დარღვევებს კი “მთავარი არხის” ეთერში გასული მასალები შეიცავდა.

"მთავარი არხი"

“მთავარი არხის” ეთერში, 18 იანვარს გასული სიუჟეტი, რომელიც დაახლოებით 4.37 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ძირითადად ბრალდებულის დედისა და გარდაცვლილის მეზობლების კომენტარებზე იყო აგებული. 4.37 წუთიანი სიუჟეტიდან 3 წუთზე მეტი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სინქრონებს დაეთმო, აქედან თითქმის წუთნახევარი მაყურებელი ბრალდებულის დედის კომენტარს ისმენდა, რომელიც ოჯახურ დეტალებს იხსენებდა და გარდაცვლილის ბრალეულობაზე საუბრობდა. მთელი მისი კომენტარის არსი იყო ის, რომ გარდაცვლილი ბეტა ნაჭყებია ოჯახს ცუდ მდგომარეობაში აყენებდა,, ქმარს აიძულებდა მას ცუდად მოქცეოდა: “ჩემი შვილი ამბობდა, მაქსიმალურად თავს ვიკავებ, იმიტომ რომ არ მინდა, არც ციხე მინდა, არც ის მინდა, ჩემს შვილს დედა არ ჰყავდეს, ეს არ მინდა”. იქვე იგი ყვებოდა, რომ რძლის ძმას ბეტა სახლიდან გამოგდებული ჰყავდა და მის შვილსაც ეუბნებოდა ასე მოქცეულიყო: “ბაბოშენთან რატომ გყავს, გამოაგდეო, მე გავაგდე სახლიდან და შენ რად გინდაო, ძმამ უთხრა, მეზობლის კაცთან დავიჭირე, მე ეს დავაზუსტე ყველაფერი, ტელეფონითაც, ყველაფრით და შენ რათ გინდა სახლში რომ უშვებო”.

დედის ამ ვრცელი, გარდაცვლილის დამადანაშაულებელი კომენტარის შემდეგ, სიუჟეტში ვუყურებთ და ვისმენთ როგორ დადის ჟურნალისტი მეზობლებში და მათგან ცდილობს გაიგოს - რატომ მოკლა ქმარმა ცოლი და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ცოლ-ქმარს.

კითხვები რესპონდენტებთან (ამონარიდები):

რესპონდენტი I

- სად მოკლა?
- სახლში.
- რითი მოკლა?
- არ ვიცი, ნაჯახითაო და...

რესპონდენტი II

- ნაჯახით მოკლაო...
- არ ვიცი ახლა, ჩვენ არ შეგვიშვეს იქ მილიციამ და რა ხდებოდა, არ ვიცი.

რესპონდენტი III

- თქვეს რომ მოუკლიაო და სხვა არაფერი არ ვიცი, ხან საღაცა სოფელია მაგათი, ქალის სოფელში და იქ იყვნენ და ხანა მანდ იყვნენ. ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი?
- არა, არა, არა!

რესპონდენტი IV

- ლოგინში მოკლაო, მეტი არაფერი არ ვიცი შენ შემოგევლე.
- დღეს დილით მოკლა ლოგინშიო?
არ ვიცი, დღეს დილითა თუ შუაღამისასა, არ ვიცი არაფერი, თორე გეტყოდით, ისე გაბრაზებული ვარ რო, როგორ შეიძლება მკვლელობა.

რესპონდენტი V

- აქ გაიზარდა, ჩვენთან და კარგი გოგო იყო.
- ოდესმე ჰქონია ქმართან რაიმე პრობლემა?
- ქმართან? ქმართან რა ვიცი მე ახლა, სურამში იყო ის და რამე პრობლემა თუ ჰქონდა მე რა ვიცი.

რესპონდენტი VI

- ძაან კაი გოგო იყო, სამეზობლო და ყველგან, რას გვიშლიდა ჩვენ?
და თუ გაგიგიათ რომ ქმართან ოდესმე რამე პრობლემა ჰქონდა?
არ ვიცი არაფერი, ქე იყვნენ კარგად.

და ამგვარი კომენტარების შემდეგ ჟურნალისტი ასკვნის:

“მეზობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ყვებიან, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა”, და ბოლოს ისევ იმეორებს: “თანასოფლელებისთვის მკვლელობის მოტივი გაურკვეველია, თუმცა, წყვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მოკლულის მეზობლებისთვის და ახლობლებისთვის ცნობილია”.

მთლიანობაში, ამ სიუჟეტიდან მაყურებელმა მოისმინა ოჯახის ორი წევრის და ექვსი მეზობლის კომენტარი, მათგან არც ერთი რესპონდენტის კომენტარი ინფორმაციული ღირებულების არ იყო.

დაახლოებით იგივე პათოსით მოამზადა ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” თემაზე მასალა მეორე დღესაც, რომელშიც ახალი რესპონდენტი, ბრალდებულის ბებია გამოჩნდა.

“ჩვენი მაყურებელი ახლა ექსკლუზიურად მოისმენს მკვლელობაში ბრალდებული ლევან ლომიძის ბებიის კომენტარს, დუშა ლომიძე ფაქტის ერთადერთი მთავარი მოწმეა”, - ამბობს ჟურნალისტი და ეს ექსკლუზიური ინფორმაცია არის ის, რომ “შემთხვევის დღეს ცოლ-ქმარი კამათობდა”.

ბრალდებულის დედა ისევ ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტია ამ სიუჟეტშიც და კვლავ დაბეჯითებით იმეორებს: “დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ხშირად, ხშირად კი, ოფიციალურადაც გაცლილები იყვნენ და პრობლემა იყო ბავშვი, სულ, ბავშვის ნახვა”.

და უკეთ რომ განმტკიცდეს მაყურებლის დასკვნა, რომ “მთავარი დამნაშავე გარდაცვლილია”, ისევ ვისმენთ მეზობლის ვერსიას “ახალგაზრდა ქალის მეგობარ კაცზე”: “დაძაბულობა კი ჰქონდა მის ძმასთან, ეს ორი თვე არის. რა ვიცი რაღაც მეგობარი კაცი ჰყავსო და ამაზე ძალადობდა ეს ძმა”.

“მთავარი არხი” მხოლოდ სიუჟეტების ამგვარი წყობით არ შემოფარგლულა. თემისთვის სიმძაფრის მისაცემად, პირველი სიუჟეტის დაშეარებისას სოციალურ ქსელში აღწერად ბრალდებულის დედის სიტყვები წაუმძღვარა.


alt




“რუსთავი 2”, “იმედი”, “TV პირველი”

საკითხის ზედაპირული გაშუქება, “ოჯახური კონფლიქტის” მაძიებელი ჟურნალისტები და არცერთი სიტყვა ფემიციდის პრობლემაზე - წითელ ხაზად გასდევდა “რუსთავი 2-ის”, “იმედისა” და “TV პირველის” ეთერში გასულ მასალებსაც. ამათგან, ოჯახურ კონფლიქტს მეზობლებში განსაკუთრებით “TV პირველის” ჟურნალისტი ეძებდა.

“რუსთავი 2-სა” და “იმედზე” პრობლემური იყო მასალების წარდგენა. საინფორმაციო გამოშვების წამყვანებიც, თემის წარდგენისას, და მასალის ავტორი ჟურნალისტებიც, თავიანთ ტექსტში, ამბობდნენ, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა (“დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება” - "რუსთავი 2"; “წინასწარი ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა” - “იმედი”)


როგორ არ უნდა შუქდებოდეს ფემიციდის შემთხვევები


გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას მედია უნდა ეცადოს, ხელი არ შეუწყოს მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ.

“მაგალითად, მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა”, - ვკითხულობთ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების იმ თავში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეხება.

გენდერის საკითხების მკვლევარი იდა ბახტურიძე “მედიაჩეკერთან” განმარტავს, რომ ფორმულირება “ეჭვიანობის ნიადაგზე” კატეგორიულად დაუშვებელია: “ეს არის მორალზე აქცენტირება, მკვლელის გამართლება და იმის ახსნა, რომ დიახ, ჰქონდა მოტივი თითქოს მკვლელს”.

მისივე თქმით, ამგვარი გაშუქება, საკითხის ასე წარმოჩენა, თითქოს ეს არის მკვლელობის გამამართლებელი მიზეზი,ხელს უწყობს იგივე დანაშაულის სხვაგან ჩადენას: “იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება გამართლება, - თითქოს, ვინმე, ვისაც ეჭვიანობის ნიადაგზე მოუნდება პასუხი მოითხოვოს, ეს შეიძლება შეწყნარებული იყოს. ამიტომ არის ეს არასწორი და ამიტომ ვამბობთ რომ ასეთი ტიპის რეპორტინგის დროს ე.წ. გაშუქებას მოყოლილი დანაშაულებების სერია ხდება. ეს ძალიან სარისკოა”.

იდა ბახტურიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც მედია იწყებს პასუხის ძიებას კითხვაზე - რატომ მოკლა?

“მკვლელობას გამამართლებელი მიზეზი, რასაც მედია ეძებს ხოლმე, არ შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ეს კითხვაც არ შეიძლება რომ დაისვას. ამ კითხვის დასმის შემდგომ მოდის ის პრობლემური ნაწილი, რაც არის, ქალის მორალზე აქცენტი, რადგან ამ კითხვას, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე მორალურ პრიზმაში განხილული აქცენტები ოჯახის წევრების, მეზობლებისა და სანათესაოს მხრიდან”.

იგივე ჩანაწერს ვკითხულობთ გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოშიც: “ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანი არა მიზეზი, არამედ ფაქტი. არც ერთი მიზეზი არ არსებობს, რაც მკვლელობას გაამართლებს”.


რა უნდა იყოს მედიის აქცენტი ფემიციდის შემთხვევების გაშუქებისას


“ქალთა მიმართ ძალადობას სხვდასხვა ფორმა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ასეთი შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს”, - ვკითხულობთ გაიდლაინში.

“ერთადერთი, რისთვისაც შეიძლება გამოვიყენოთ მსგავსი ქეისები, არის კარგი ილუსტრირება იმის რა დასასრული აქვს ძალადობის არსებულ ჯაჭვს, სადამდე მოვყავართ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას”, - გვეუბნება იდა ბახტურიძე და ამატებს, რომ ამის ჩვენება უნდა იყოს გაშუქების მიზანი, - “საერთოდ არ არის საჭირო დეტალების ჩვენება, მაგალითად, რითი მოკლეს, რამდენჯერ გასროლით, რა იარაღით, ამის ახსნა საერთოდ არ არის რელევანტური, საინტერესო და რაიმეს მომცემი. რა სისტემურ პრობლემებს აწყდება მსხვერპლი, რა სისტემურმა პრობლემამ დააყენა ეს შედეგი, ეს შეიძლება იკვლიოს მედიამ, ეს უნდა იყოს ფუნქცია და ასევე აქცენტი იმ კულტურულ თუ სოციალურ კონტექსტზე, რა იწვევს ასეთი ტიპის მსხვერპლების თუ მოძალადეების არსებობას. და რა თქმა უნდა ამას უნდა აკეთებდნენ დარგის ექსპერტები".

მისივე თქმით, დეტალები - მეზობელმა რა თქვა, რომელი იარაღით მოკვდა, რამდენი გასროლა მოხდა, გარდაცვლილი ადამიანის სხეულის, სისხლის და კუბოს ჩვენება, ეს მხოლოდ და მხოლოდ სენსაციაზე ორიენტირებულობაა და საერთოდ არ ემსახურება პრობლემების მოგვარებას, პირიქით, შესაძლოა ხელს უწყობდეს ამ დანაშაულის განგრძობითად ან განმეორებითად ჩადენას.
კატეგორია - ეთიკა
17-18 იანვარს “newsreport.ge-ს” და “ალიას” გვერდებზე გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეოდან ფრაგმენტი, მანიპულაციური სათაურით. 9 წამიან ვიდეოში ისმის რამდენიმე სიტყვიანი ამონარიდი პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიიდან, რომელსაც იგი საქართველოს პრეზიდენტს უყვება.

"შოკოლადებს მოგცემ, ოღონდ შენ ხმა არ ამოიღოო" - არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილს” - newsreport.ge აღნიშნული სათაურით აქვეყნებს მასალას. იგივე ფრაგმენტი გამოცემა “ალიამაც” გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით - “შოკოლადებს მოგცემ, ოღონდ შენ ხმა არ ამოიღო“- რა მოუყვა თალაკვაძემ პრეზიდენტს”.

ორივე გამოცემა ვიდეოს თან ურთავს იდენტურ განმარტებას: “სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძის სახალისო ვიდეო გავრცელდა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილს ბავშვობის ისტორიას უყვება, რომელიც მის მუსიკალურ ნიჭს ეხება.”

აღნიშნული სათაურებით გამოქვეყნებული ვიდეო ფრაგმენტი, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილია, მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანია, რადგან არ იძლევა რეალურ ინფორმაციას და აღიქმება ისე, თითქოს ამგვარი თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიმართა.
კატეგორია - ეთიკა
“ახალი ჩინური ვირუსით ასობით ადამიანი დაავადდება - მეცნიერები” - ამ სენსაციური სათაურით გამოქვეყნდა სტატია 18 იანვარს პრტაიმტაიმის გვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი ნამდვილად გავრცელდა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ასობით ადამიანი დაავადდება, მაინც უსაფუძვლოა და მანიპულაციურად აღიქმება, ვინაიდან სტატიაში ამ საფრთხეზე არაფერია ნათქვამი და არ ჩანს, რას ეფუძნება ამგვარი დასკვნა.

“უცნობი კორონავირუსით ჩინეთის ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი გარდაიცვალა... ჩინეთში უცნობი ვირუსის აფეთქება დეკემბერში მოხდა. მთლიანად ვირუსი 41 ადამიანს აღმოუჩინეს, მათგან 7 კრიტიკულ მდგომარეობაშია. აღსანიშნავია, რომ ვირუსის მქონე ბევრი ადამიანი ზღვის პროდუქტების ბაზარში გამყიდველები და მყიდველები იყვნენ”, - წერს ავტორი.

მიუხედავად იმისა, რომ სათანადო არგუმენტები მასალაში არ მოიძებნება, სათაური მკითხველს არწმუნებს, რომ ასობით ადამიანის ვირუსით დაავადდების საშიშროება არსებობს. უფრო მეტიც, სტატიაში საპირისპირო ინფორმაციასაც ვკითხულობთ - ბოლოში განმარტებულია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის და მის საშიშროებაზე საუბარი ნაადრევია:

“ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს კორონოვირუსის ახალ ტიპს. პეკინში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, რომ ეს ვირუსი საშიშია, რადგან არ არსებობს მის მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის”.

ჩინეთში ახალი ვირუსის გავრცელების შესახებ უკვე იწერება საერთაშორისო მედიაშიც. ვირუსის არსებობას ადასტურებენ ჩინეთის ოფიციალური უწყებებიც. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ამგვარი, მტკიცებით ფორმაში მოცემული სათაურით გამოქვეყნდეს მასალა. შესაბამისად, აღნიშნული სტატიის სათაური მანიპულაციად აღიქმება და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მკითხველის განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
კატეგორია - ეთიკა
NDI-ის უახლესი კვლევა 16 იანვარს თითქმის ყველა მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთ წამყვან თემად გაშუქდა. მაუწყებლებმა სხვადასხვა აქცენტით გააშუქეს კვლევის შედეგები. “მედიაჩეკერი” საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს”, ტელეკომპანია “იმედს”, “მთავარ არხს”, “TV პირველს”, “ფორმულას” და “რუსთავი2-ს” დააკვირდა.

რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიიღო “იმედისა” და “მთავარი არხის” მაყურებელმა. ტელეკომპანია “იმედმა” ორგანიზაციის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა, “მთავარმა არხმა” კი მაყურებელს კვლევა წარუდგინა, როგორც მმართველი პარტიის “პოლიტიკურად გაკოტრების” მტკიცებულება.

ტელეკომპანია “იმედმა” 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში NDI-ის კვლევის შედეგების განხილვა ტელეკომპანიისთვის პოზიტიური ამბით დაიწყო. წამყვანმა მაყურებელს ამცნო, რომ “იმედი” მედიაბაზრის ლიდერია” და არხს მოსახლეობის 30% ენდობა. შემდეგ კი კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის მიმოხილვაზე გადავიდა და კვლევის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

ჟურნალისტმა კვლევის შედეგებზე საუბარი შემდეგი ტექსტით დაიწყო:

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული მორიგი კვლევა ტრადიციულად ისევ სადავო და საეჭვო გახდა. პოლიტიკოსები, სოციოლოგები და ანალიტიკოსები გამოქვეყნებულ შედეგს რეალობას აცდენილს უწოდებენ და იმ მაღალ ცდომილებებზე უსვამენ ხაზს, რაც კვლევის შედეგებსა და არჩევნების საბოლოო მონაცემებს შორის ყოველთვის ფიქსირდება. ეს ცდომილება ყველა არჩევნებზე თვალსაჩინოა, თუმცა, განსაკუთრებით, 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობის სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. საბოლოოდ კი, არჩევნებში დამარცხდა და მაშინდელ მმართველ პარტიას ოპოზიციაში გადანაცვლება მოუწია. ასეთი წარსულის გათვალისწინებით, ვნახოთ, როგორია დღეს გამოქვეყნებული შედეგების შეფასებები.”

აღნიშნული შესავლის შემდეგ კი, ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჟურნალისტმა მაყურებელს განსხავებული აზრი არ შესთავაზა. სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ შერჩეული თითოეული რესპონდენტი ამტკიცებდა, რომ NDI-ის კვლევა არასანდოა და ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებდა ორგანიზაცია CRRC-ის, რომელმაც კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა.

ჟურნალისტი თავადაც ეჭვქვეშ აყენებს ორგანიზაციის სანდოობას და ამბობს, რომ “ექსპერტები ანეგდოტურ მონაცემებს უწოდებენ იმ კვლევის შედეგებს, რომელიც NDI-იმ ორგანიზაცია CRRC-ის დაუკვეთა. ეს ის ადგილობრივი კვლევითი კომპანიაა, რომლის მიმართაც კითხვები ხშირად ჩნდება. მათ შორის, წინა ხელისუფლებასთან კავშირებზე. ბოლო კვლევით, ერთმანეთის გვერდით თავს იწონებენ შალვა ნათელაშვილი, ალეკო ელისაშვილი და მიხეილ სააკაშვილიც კი - ქვეყნიდან გაქცეული მთავარსარდალი”.

altჟურნალისტს, თავისი სიტყვების საპირწონედ, სოციოლოგის სტატუსით ჩაწერილი ჰყავს “იმედის” გადაცემა “არენას” წამყვანი ვაკა გორგილაძე და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. ორივე რესპონდენტი ამტკიცებს, რომ NDI-ის კვლევას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ვაკა გორგილაძისა და ზაალ ანჯაფარიძის გარდა, სიუჟეტში მაყურებელმა მოისმინა “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენლის - კახა კალაძის და მამუკა მდინარაძის შეფასებები. სიუჟეტის ბოლოს კი NDI საქართველოს დირექტორის ლორა თორნტონის კომენტარი, რომელიც კვევაზე დეტალურად არ საუბრობს და აცხადებს რომ ორგანიზაცია CRRC-ის სრულ ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებს.

საბოლოო ჯამში, “იმედის” მაყურებელმა ვერ მოისმინა ვერც ოპოზიციის და ვერც დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები კვლევის სანდოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სიუჟეტი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ არ მოიძებნება ადამიანი, ვინც NDI-ის კვლევას ნდობას უცხადებს.

“მთავარმა არხმა” 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში NDI-ის კვლევა პირველ ამბად გააშუქა და შედეგების მიმოხილვას 15 წუთზე მეტი დაუთმო. გადაცემის წამყვანებმა კვლევის შედეგები მაყურებელს “ქართული ოცნების” ხელისუფლების დასასრულის უტყუარ მტკიცებულებად წარუდგინეს.

კვლევის “კატასტროფული” შედეგების გაცნობა წამყვანებმა შემდეგი შესავლით დაიწყეს: “სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ნდობის კრედიტი ამოწურულია. ხალხს ოცნების აღარ სჯერა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია პოლიტიკურად გაკოტრებულია. მოსახლეობა ივანიშვილის პარტიაში აღარავის და არაფერს ენდობა. კვლევა აჩვენებს, რომ ისტორიულ მინიმუმზეა ინსტიტუტების მიმართ ნდობა. რაც შეეხება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილი ანტირეკორდების პიკშია.

altეკლესია, სასამართლო და პარლამენტი, ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილი რეიტინგის ვარდნის რეკორდსმენები არიან. მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში მოახერხა იმდენი, რომ საზოგადოებაში საბოლოოდ გააუფასურა ყველაზე სანდო ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულება და უფრო მეტიც, ხალხი ამბობს, რომ დემოკრატია ქვეყანაში საერთოდ აღარ არის. კვლევის შედეგები ასევე ადასტურებს, რომ მომავალ არჩევნებზე მოსახლეობა ოლიგარქს მხარს აღარ დაუჭერს, ოპოზიციის წარმატების შანსი კი განსაკუთრებულად მაღალია, თუმცა გარკვეული პირობით.” აღნიშნული შესავლის შემდეგ, წამყვანების ნარატივი ჟურნალისტებმა გააგრძელეს და კვლევა ორ ნაწილად მიმოიხილეს. პირველ ნაწილში ჟურნალისტმა საზოგადოებრივ განწყობაზე ისაუბრა და მაყურებელს კვლევის შედეგებიდან “ქართული ოცნების” რეიტინგების ანტირეკორდები წარუდგინა. ჟურნალისტი თავის მონოლოგში ამტკიცებს, რომ “ასეთი ცუდი შედეგები ისტორიას არ ახსოვს”, “უმძიმესია პარლამენტის მდგომარეობა”, “არ დარჩენილა არც ერთი სამინისტრო, რომელსაც ნეგატივის ზრდა არ აქვს” და “მოსახლეობა ივანიშვილის პარტიაში არავის და არაფერს არ ენდობა”. მეორე ნაწილში კი ჟურნალისტმა მაყურებელს პოლიტიკოსების შეფასებები შესთავაზა.

NDI-ის კვლევის შედეგების გაშუქებისას, “მთავარი არხის” მაყურებელმა მოისმინა ოპოზიციის ლიდერების კრიტიკული კომენტარები, ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები. ასევე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარი. სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები.

“მთავარი არხის” მსგავსად, ტელეკომპანია "ფორმულამ"დღის მთავარი გამოშვება 20:00 საათზე NDI-ის კვლევის შედეგების გაშუქებით დაიწყო. სიუჟეტში მთავარი აქცენტი მმართველი პარტიის რეიტინგის დაცემაზე კეთდებოდა. წამყვანიც და ჟურნალისტიც ყურადღებას ამახვილებდნენ კვლევის იმ ნაწილზე, სადაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები იყო წარმოდგენილი. “ფორმულას” მაყურებელმა მოისმინა როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები.

alt"რუსთავი 2-მა" 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში NDI-ის კვლევის შედეგები ორ ნაწილად მიმოიხილა. პირველ ნაწილში ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების რეიტინგებზე. მეორე ნაწილში კი სიუჟეტი კვლევაში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის ნაწილს მიეძღვნა. თემის გაშუქებისას მაყურებელმა მოისმინა როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის შეფასებები.

NDI-ის კვლევის შედეგების გაშუქებისას ტელეკომპანია “პირველის” აქცენტი მმართველი პარტიის ნდობის მაჩვენებელის კლებაზე, დემოკრატიის ხარისხსა და პოლიტიკურ რეიტინგებზე იყო გაკეთებული. 22:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში მაყურებელმა, კვლევასთან დაკავშირებით, მოისმინა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების, ასევე, პოლიტოლოგების შეფასებები.

სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხისთვის” NDI-ის კვლევა დღის წამყვანი თემა არ ყოფილა. მაუწყებელმა ამბავი 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების 32-ე წუთზე კადრსინქრონად გააშუქა. წამყვანმა ჯერ კვლევის შედეგები მიმოიხილა, შემდეგ კი მაყურებელს ოპოზიციისა და მთავრობის შეფასებები შესთავაზა.
კატეგორია - ეთიკა
11 იანვარს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია “იმედმა”, CNN-ის დაფინანსებული მასალების კატეგორიაში საქართველოში ახალი წლის აღნიშვნის შესახებ განთავსებული მასალა, მაყურებელს როგორც CNN-ის მიერ მომზადებულ სტატია ისე წარუდგინა. მაუწყებლებს არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ ეს ტექსტი სარეკლამო ხასიათის იყო და მასალის შინაარსი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ეკუთვნოდა.

დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა CNN-ის სტატიად გააცნო .




წამყვანმა სტატიიდან რამდენიმე ფრაზა გაიმეორა, მათ შორის: “თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გასახანგრძლივებლად საუკეთესო ადგილია” და “თუ თქვენ მზად არ ხართ დაემშვიდობოთ ჯადოსნურ განათებებს და ქუჩაში გაჟღერებულ საშობაო სიმღერებს, თბილისი თქვენი საუკეთესო გასაქცევი იქნება”, წაიკითხა ამონარიდები ქართული საახალწლო ტრადიციების შესახებ და თქვა, რომ ეს ყველაფერი CNN-ის სტატიაშია აღნიშნული. შემდეგ კი შემოგვთავაზა თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი, რომელმაც განაცხადა: “ძალიან ბევრი უცხოური პრესა იყო დაინტერესებული და CNN-მაც საკმაოდ ვრცელი მასალა მიაწოდა საზოგადოებას თბილისთან და საქართველოსთან დაკავშირებით და მისასალმებელი და მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მაღალი დონის პრესა აკეთებს სტატის ჩვენს ქალაქზე და საახალწლო განათებებზე”.

იგივე შინაარსის იყო ტელეკომპანია “იმედის” წამყვანისა და ჟურნალისტის ტექსტებიც. თემაზე მომზადებული მასალა სათაურით - “CNN-ის სტატია თბილისური შობა ახალ წელზე” მაყურებელს წამყვანმა შემდეგნაირად წარუდგინა: “CNN-ის გზავნილი ტურისტებს, მათ ვისაც დღესასწაულის გახანგრძლივება სურთ, აუცილებლად უნდა ესტუმრონ საქართველოს, ნათქვამია CNN-ის პუბლიკაციაში, რომელიც ქართულ საახალწლო ტრადიციებს ეხება. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნების მორთულობაზე, ნაძვის ხესა და საახალწლო კონცერტებზე, რომელიც თბილისში 25 დეკემბრიდან იმართება”.



საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, “იმედი” უფრო შორს წავიდა და თემაზე მხოლოდ კადრ/სინქრონით არ დაკმაყოფილდა. მასალაზე, როგორც CNN-ის სტატიაზე ისაუბრა თემაზე მომზადებული სიუჟეტის ავტორმაც. მან თქვა, რომ პუბლიკაციის ავტორი ყურადღებას რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე მიმდინარე ღონისძიებებზე ამახვილებს. ამავე მასალაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერის კომენტარიც, რომელიც კვლავ ამბობდა, რომ “ასეთი მაღალი დონის” პრესის მიერ “ჩვენს ქალაქზე” ყურადღების გამახვილება “მისასალმებელია”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ CNN-მა საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაულის შესახებ სტატია მოამზადა, იმავე დღეს განთავსდა ხსენებული მაწუყებლების ვებგვერდებზე - imedinews.ge-სა და 1tv.ge/news-ზე. იდენტური მასალები განთავსდა პორტალებზე - info9.ge და spnews.io.

ეს კი მაშინ, როდესაც იმის გარკვევა, რომ CNN-ზე გამოქვეყნებული მასალა დაფინანსებულია, თავად მასალის ბმულიდანაც ნათლად იკითხება (http://sponsorcontent.cnn.com). აგრეთვე, მასალის თავშივე ნათლად იკითხება, რომ ის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ეკუთვნის. მასალზე სხვა ავტორის ვინაობა მითითებული არ არის.

ცხადია, გაშუქება, რომ კონკრეტულ საიტზე კონკრეტული შინაარსის მასალა განთავსდა, თავისთავად პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემაა, როდესაც მედია აუდიტორიას არ აწვდის ინფორმაციას რომ ეს დაფინანასებული მასალაა. ამგვარი ქცევა მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს და მომხარებელი შეცდომაში შეჰყავს.
კატეგორია - ეთიკა
საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზე მყოფი და ზრდის საუკეთესო საპროგნოზო მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ევროპასა და რეგიონში, სწორედ ეს კონტექსტი შემოგვთავაზა ტელეკომპანია “იმედმა” 9 იანვარს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქვეყნის ეკონომიკური მდგმარეობის შეფასებისას, ისე, რომ ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე მასალაში ყურადღება არ გამახვილებულა.

თემის წარდგენისას, წამყვანმა, აღნიშნა, რომ “საქართველო ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ევროპაში პირველ ადგილზეა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით კი, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის რეალური ეკონომიკა ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება”. მანვე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსიც გაგვაცნო, სადაც უწყება განმარტავს, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები გამოაქვეყნა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ არ ასახულა და რომ საქართველო მშპ-ის ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციას კვლავაც ინარჩუნებს.

წამყვანის ტექსტიდან ასევე შევიტყვეთ, რომ სწორედ ახალი მეთოდოლოგიით დათვლამ აჩვენა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6%-ით გაიზარდა. “ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო გამოწვევების, ზოგადი გეოპოლიტიკური დაძაბულობის და გლობალურად შემცირებული ნაკადების ფონზე, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით”, - დასძინა მანვე.

წამყვანების ტექსტების მსგავსად, თემაზე მომზადებული სიუჟეტიც იმგვარად იყო აგებული, რომ მთავარი აქცენტები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით, საქართველოს წამყვან პოზიციებზე კეთდებოდა. იმავეს ამბობდნენ, სიუჟეტში წარმოდგენილი რესპონდენტებიც, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართულ სიცრუესა და რიცხვებით მანიპულირებაზე მიუთითებდნენ.

“ხელისუფლების ოპონენტებმა აჟიოტაჟი ჯერ არარსებული მონაცემების მიხედვით მას შემდეგ ატეხეს, რაც სომხეთის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. ფაშინიანმა სწორედ ის მეთოდოლოგია გამოიყენა, რომელიც საქართველოში ახლა დაინერგა და შესაბამისად 2019 წლის მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში ჯერ ვერ მოხვდა”, - თქვა ჟურნალისტმა სიუჟეტის დასასრულს.

არასამთავობო ორგანიზაცია GRASS-ის მედიაპროექტ Factcheck-ის მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია “მედიაჩეკერთან” საუბარში ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ამ მომენტისთვის ასახული სომხეთის მშპ-ის აბსოლუტური მაჩვენებლის, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის საქართველოს მაჩვენებლებთან შედარება ნამდვილად არასწორია, რადგან დათვლა მართლაც ახალი მეთოდოლოგიით განხორციელდა და იმავე მეთოდით საქართველოს მიერ დათვლილი მშპ-ის მაჩვენებლები მათ ანგარიშებში ჯერ არ ასახულა. მისივე განმარტებით, ახალი მეთდოლოგიით დათვლის შედეგად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაახლოებით 8.5%-ია და ის, უსწრებს თუ არა იგი ამ მაჩვენებლით სომხეთს 2019 წელს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქსტატი ახალი მეთოდოლოგიით გადაანგარიშებულ მონაცემებს გამოაქვეყებს. მისივე თქმით, ისიც აღსანიშნავია, რომ სომხეთი საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის მიხედვით ბოლო წლებია, უსწრებს.

ვალერი კვარაცხელია იმასაც განმარტავს, რომ რაც შეეხება საპროგნოზო მაჩვენებლებს, უახლოესი 5 წლის მონაცემებით საქართველო ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის, განვითარებადს ნამდვილად უსწრებს, თუმცა იგი იქვე განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის შედარება სპეკულაციის ნიშნებს შეიცავს, რადგან როგორც წესი, ეკონომიკურად შედარებით განვითარებული ქვეყნები ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ნელა იზრდება, რასაც განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკა, ათვისებული პოტენციალის განსხვავებულობა და სხვა ფაქტორები განაპირობებს.

შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ტემპის შესაფასებლად, ნიშნულად ამ ქვეყნების მაჩვენებელების აღება გარკვეულწილად არასწორია, რადგან სრულიად ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდეს უფრო სწრაფად, ამ ქვეყნებთან შედარებით”, - ამბობს იგი.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც შეფასებების გასაკეთებლად, მეტნაკლებად მსგავსი მახასიათებლების მქონე ქვეყნებს აერთიანებს ცალკეულ ჯგუფებში და საქართველოსაც “ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების” ჯგუფში განიხილავს. მისივე თქმით, 2020 წლისთვის მოცემულ ჯგუფში საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5 ქვეყანას აქვს (ჯიბუტი, ეგვიპტე, მავრიტანია, თურქმენეთი და უზბეკეთი), 2020-2024 წლების საშუალო საპროგნოზო მონაცემებით კი საქართველოს (5.07%)ამ ხუთ ქვეყენასთან ერთად იემენიც უსწრებს.

“საერთო ჯამში, არითმეტიკულად საქართველოს პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა ნამდვილად არის ერთ-ერთი მაღალი, თუმცა აღსანიშნავია, რომ, ერთი მხრივ, დანარჩენი ქვეყენების დიდი ნაწილის ანალოგიური მაჩვენებელი არსებითად არ განსხვავდება, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისას მეტი ყურადღება დაეთმოს ზრდის კონკრეტული მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში - 5% რამდენად არის მისაღები [და საკმარისი] საქართველოსთვის და შესაძლებელია თუ არა მისი გაუმჯობესება, ვიდრე სხვა ქვეყნებთან შედარებას”, - ამბობს იგი.

შესაბამისად, “იმედის” მხრიდან ამ კუთხით გაკეთებული მანიპულაციური შეფასებები და აქცენტები, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ არხის მიზანი არა ამ მხრივ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარი და პრობლემების რეალური განხილვა, არამედ მაყურებლისთვის მხოლოდ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის წარმატებულ საქმიანობაზე ხაზგასმა იყო, რაც ეთიკური და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ჩარჩოებს მიღმაა.
კატეგორია - ეთიკა
მგლოვიარე ჭირისუფლები, კუბოსთან მყოფი ახლობლების ემოციური კომენტარები და გარდაცვლილის ცხედრის კადრები - სწორედ ასე გააშუქა ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმე, რომელსაც 2 იანვარს, თბილისში ე.წ. “დამპალოს სასაფლაოზე” შშ-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა პირმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც იგი 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამბავი არხის ეთერში პირველად 6 იანვარს მოხვდა და ის მომდევნო სამი დღის განმავლობაში მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში თემაზე მომზადებულ მასალებში დიდი დოზით იყო ნაჩვენები ისეთი კადრები, რომლებიც მაყურებლის ემოციების გამძაფრებაზე იყო გათვლილი და თავად ამბავს დამატებით ინფორმაციულ ღირებულებას არ მატებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ჩანდა, ოჯახი მედიასთან ურთიერთობას არ გაურბოდა და არ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მათი კომენტარების ძირითადი ნაწილი, გარდაცვლილის კუბოს ფონზე იყო ჩაწერილი, რაც მსგავსი ქმედების მიზანმიმართულობაზე მიუთითებდა.

ოთახი, რომელშიც გარდაცვლილის კუბო იყო განთავსებული, ოჯახის წევრების გლოვა და ტირილი, ასევე ემოციური კომენტარი იმავე ოთახიდან მაყურებელს “ტელეკომპანია პირველმაც” აჩვენა. გარდაცვლილის კუბოს კადრები, მგლოვიარე ახლობლები იმავე ოთახში და გარდაცვლილის ფოტოები მცირე დოზით, თუმცა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერშიც მოხვდა. ასევე მცირე დოზით, კიბოს კადრები და მგლოვიარეთა ტირილის ხმების “ტელეკომპანია “ფორმულამაც” შემოგვთავაზა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი განმარტავს, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა:

“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა”, - ვკითხულობთ კოდექსში.

ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში კი ნათქვამია, რომ დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება, მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე, მიზანშეწონილი არ არის.
კატეგორია - ეთიკა
  • “დაიკეტოს ფრენები, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში ჩვენი დაუნდობელი მტრები!”
  • “ქართველები გავრბივართ, თურქები, ირანელები, ჩინელები კი საქართველოში შემოდიან”...
ასობით ასეთ ქსენოფობიურ კომენტარს იხილავთ ტელეკომპანია “მთავარის” ფეისბუკის გვერდზე გაზიარებულ სიუჟეტზე საქართველოში ჩამოსული ირანელი ტურისტების შესახებ.

სიუჟეტის წარდგენის დროს “მთავარის” წამყვანი მაყურებელს აუწყებს:

“თეირანიდან ადამიანები, რომლებიც ჩვენმა კამერამ დააფიქსირა, ჩამოსულები არიან უჩვეულოდ ბევრი ბარგით, რაც სავარაუდოდ უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მათ საქართველოში დიდი ხნით სურთ დარჩენა”.

მოგვიანებით იგივე ორჯერ გაიმეორა სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმაც:

  • “ჩვენი ეჭვი გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოში ჩამოსულები ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთით”
  • “ირანიდან ირანის მოქალაქეები ჩამოდიოდნენ ძალიან დიდი რაოდენობით ბარგით”.

სიუჟეტი, რომელიც 3 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, მთლიანად ამ ეჭვზეა აგებული, რომ ირანიდან ჩამოსულ ტურისტებს დიდი რაოდენობით ბარგი აქვთ თან. საილუსტრაციოდ ნაჩვენებია 3-4 მგზავრის ბარგი, თითოეულის შემთხვევაში 3-4 ჩემოდანი.

“მთავარის” ჟურნალისტები იუწყებიან, რომ მგზავრებს არ სურდათ საუბარი, თუმცა ჩაწერილი 5 ინტერვიუს პასუხები ეხმაურება შეკითხვას, თუ რა ვითარებაა ირანში მას შემდეგ, რაც მკვეთრად დაიძაბა ამ ქვეყნის ურთიერთობა აშშ-სთან. სიუჟეტში არ არის ნაჩვენები, დაუსვა თუ არა ჟურნალისტმა ამ მგზავრებს შეკითხვა სიუჟეტში გამოთქმულ ეჭვზე ბარგთან და საქართველოში შესაძლო დარჩენასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არც ამ ეჭვებზე პასუხებია მოცემული.

“ფაქტია, რომ ირანიდან ავიარეისები ბოლო დღეებში ძალიან ინტენსიური გახდა”, - უთხრა მაყურებელს “მთავარის” წამყვანმა. თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არც მას და არც სიუჟეტის ავტორს არ წარმოუდგენიათ.

ამას გარდა, საზღვრის კვეთის დროს ტურისტების ვიზიტის დეტალებზე სრულ ინფორმაციას იღებენ სახელმწიფო უწყებები, კერძოდ, იმაზე, თუ რამდენი ხნით და რა მიზნით კვეთენ ვიზიტორები საზღვრებს. შესაბამისად, ჟურნალისტს შეეძლო სიუჟეტში გამოთქმულ ეჭვებზე პასუხები მოეძიებინა შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაერკვია, რამდენი მგზავრი შემოვიდა ირანიდან, არის თუ არა ეს რაოდენობა გაზრდილი ბოლო დღეებში და ა.შ.

ამ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების ნაცვლად, ჟურნალისტმა ვარაუდების ჟანრი აირჩია, რამაც გამოიწვია ჟურნალისტის მხრიდან მანიპულაცია ცხელი საერთაშორისო ნიუსით, რომელიც შეეხებოდა აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობის გამწვავებას.
კატეგორია - ეთიკა
Fake News-ები და ოპონენტების ე.წ. “გაშავების პოლიტიკა”, როგორც ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი - სწორედ აღნიშნულ კონტექსტში განიხილა ტელეკომპანია “იმედმა” 24 დეკემბერს ტოქშოუ “არენაში” სოციალური ქსელის Facebook-ის განცხადება და ატლანტიკური საბჭოს ანგარიში, რომელშიც ხელისუფლების მხრიდან ე.წ. ტროლებისა და ბოტების გამოყენებაზე იყო საუბარი. გადაცემაში თემაზე ისე იმსჯელეს, რომ ამ კონტექსტში მხოლოდ ოპოზიციის როლი გამოკვეთეს და მმართველი გუნდის წინააღმდეგ ყალბი ამბების გავრცელებაშიც სწორედ ისინი დაადანაშაულეს.

აღნიშნულზე სასაუბროდ სტუდიაში “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურად და ოპოზიციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები იყვნენ მიწვეულნი, საპირისპირო პოზიცია კი წარმოჩენილი არ იყო. ასე მაგალითად, თემაზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ, ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ, ჟურნალისტმა გიორგი პაპუაშვილმა, იმედის წამყვანმა გურამ ნიკოლაიშვილმა, ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელმა ზურაბ ქადაგიძემ, კინოკრიტიკოსმა და PosTv-ს წამყვანმა ბაჩო ოდიაშარიამ და ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ისაუბრეს.

დისკუსიის დაწყებამდე ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელიც ოპოზიციის მიერ სიცრუისა და ყალბი ამბების გამოყენების ხელოვნებას ეხებოდა და აღნიშნული იყო, რომ ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური “მანიპულაციების მთელი ხელოვნება ყველაზე თვალსაჩინო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გახდა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაქირავებულმა რუსმა პიარტექნოლოგმა შკრიალოვმა პოლიტიკურად ყველაზე ბინძური და მთლიანად სიცრუეზე აგებული საარჩევნო კამპანია დაგეგმა”.

ითქვა ისიც, რომ “ზურაბიშვილის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების უსაფუძვლო ბრალდებების პარალელურად, სოციალურ ქსელში ასობით ყალბი გვერდიც გამოჩნდა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ და ცრუ ინფორმაციას მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ავრცელებდა. რატომღაც მთელ ამ ბინძურ კამპანიას არც ოპოზიცია შეუწუხებია და არც არასამთავრობო ორგანიზაციები. მეტიც სოციალურ ქსელში დღემდე ასობით გვერდი იძებნება, რომლებიც ყალბ ინფორმაციასა და სიძულვილის ენას ყოველდღიურად ავრცელებს. თუმცა რატომღაც ეს გვერდები ვითომ დამოუკიდებელი დამკვირვებლების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების და ფეისბუკის ყურადღების მიღმა რჩება”.

იმის საილუსტრაციოდ კი, რომ Facebook-მა მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ანგარიშები და გვერდები არ წაშალა, სიუჟეტში ხაზი გაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის მხარდამჭერი გვერდის წაშლასაც. საუბარია ტრამპის მხარდამჭერ გვერდზე, 55 მილიონი გამომწერით. ასევე, თქვეს, რომ CNN-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook-მა მხოლოდ გასულ წელს ხუთ მილიარდზე მეტი ანგარიში დახურა.

altამის შემდეგ, საუბარი სტუდიაში, სტუმრებთან ერთად გაგრძელდა. დისკუსიის მთავარი ხაზი დეზინფორმაციასა და ყალბი ამბების გავრცელებაში ოპოზიციის დადანაშაულება იყო. რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ოპოზიციას “ერთი დიდი სიცრუის სამყარო” უწოდა და თქვა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სიცრუის გავრცელება ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწყო, როდესაც “საქართველოს ომში გამარჯვება აზეიმა”. მანვე Facebook-ს “შეუმდგარი ადამიანებისა” და “დაფარული ვნებების სამყარო” უწოდა და თქვა, რომ “ის რაც მოხდა, გვერდების წაშლა, არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებული”.

“ასწრებენ ხოლმე მოვლენებს. ეს დაგეგმილი იყო წინასწარ, წინ უსწრებენ ხოლმე მოვლენებს და ამით საკუთარ თავს აჩენენ”, - დასძინა მანვე.

“პირველი მძლავრი ორგანიზებული ტროლინგის” შექმნაში “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაზე ისაუბრა ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამაც, რომელიც ასევე მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ ჯერ კიდევ წლების წინ ტროლების სახით მხოლოდ შსს-ს 500 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის დროზე ეს სამსახურები ძალიან კარგად ამუშავა. იგი გოგა ხაინდრავას მოსაზრებას დაეთანხმა და დაადასტურა, რომ Facebook-ის მიერ წაშლილი ანგარიშების უკან სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იდგნენ.

იმავე პათოსით გაგრძელდა საუბარი სხვა სტუმრებთანაც. ითქვა, რომ “ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებით ანტისამთავრობო ნარატივს ქმნის და ამის გასამყარებლად Fake News-ს იყენებს. ასევე, იმის საჩვენელად, რომ Facebook-ის განცხადება და ატლანტიკური საბჭოს ანგარიში, შესაძლოა, მთლად ლეგიტიმური არ იყოს, გადაცემაში რამდენჯერმე აღინიშნა, რომ Facebook-ს გაუქმებული გვერდების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა რესურსმა მიაწოდა, რომ ატლანტიკური საბჭოს ანგარიში, ასევე საქართველოს ორი მოქალაქის ნამუშევარი, რომლიდანაც ერთი ეთო ბუზიაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას თანამშრომელი იყო.

გადაცემაში ასევე ვრცლად ისაუბრეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაზეც. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების “სათავისოდ” თარგმანში ოპოზიცია დაადანაშაულეს და თქვეს, რომ მათ “მორიგი სიცრუე საზოგადოების წინაშე ისე შეთხზეს, რომ ამის გამო მინიმალური უხერხულობაც კი არ უგრძვნიათ”.

altგარდა ამისა, ამ კონტექსტში განხილვის საგანი ონლაინგამოცემა “ტაბულას” მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თარგმანის ერთი ნაწილიც გახდა. კერძოდ, სიტყვა “Urge”-ის თარგმანში ტაბულას “დაჟინებით მოწოდება” აქვს გამოყენებული, რაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არ გვხვდება. აღნიშნული კი, წამყვანის შეფასებით “ტაბულამ” ტექსტის შინაარსის გამძაფრებისთვის მოიმოქმედა.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ინგლისური ენის სპეციალისტი და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძეც ამბობს, რომ ამ სიტყვას ინგლისურში სხვადასხვა სემანტიკური დატვირთვა აქვს და ერთ-ერთი შეიძლება იყოს “დაჟინებით მოთხოვნაც”, იგი იქვე განმარტავს, რომ ასეთი ტიპის ტექსტებში ის უნდა ითარგმნოს, როგორც უბრალოდ “მოწოდება”.

სიტყვა Urge, რომ “დაჟინებით მოთხოვნად, მოწოდებად” შეიძლება ითარგმნოს, ეს სიტყვის სხვადასხვა ლექსიკონში მარტივი გადამოწმებითაც შეიძლება რომ დადგინდეს. ამასთან, არის მეორე მხარეც, რომელიც ამბობს, რომ როდესაც დიპლომატიურ ენაზე სათქმელისთვის მეტი სიმძაფრის შეძენა სურთ, მითითებულ სიტყვას სწორედ ამ დროს იყენებენ. ამ მიმართლებით მსჯელობა კი გადაცემაში არ ყოფილა.

ასევე აღსანიშნავია, გადაცემის ინტერაქტივიც, რომლის კითხვაც ასე იყო ფორმულირებული: “ვისი პოლიტიკური იარაღია ფეიკნიუსი - ხელისუფლების თუ ოპოზიციის?” რომელზეც მაყურებლების 82.2%-მა უპასუხა, რომ ოპოზიციის.

altგადაცემის მეორე ნაწილში სტუდიას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტუმრობდა, რომელმაც ქვეყანაში 2019 წელს განვითარებული მოვლენები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ მასთან საუბარმა კრიტიკული კითხვების გარეშე ჩაიარა. მასთან არც ხელისუფლების მხრიდან ე.წ. ტროლებისა და ბოტების გამოყენების შესახებ თქმულა რამე. პირიქით, კობახიძემაც სიცრუისა და ყალბი ამბების გავრცელებაში ოპოზიცია დაადანაშაულა. წამყვანი კი მისგან მხოლოდ იმით დაინტერესდა, ოპოზიციის მიერ მოწყობილი ღვარძლის საპასუხოდ ხომ არ იგეგმება რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია.

გადაცემაში ყალბი ამბების გავრცელებაში სრულად ოპოზიციის დადანაშაულებით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაცემის ავტორებისა და წამყვანების მიზანი არა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის გამართვა და დაფიქსირებულ პრობლემაზე საუბარი და გამოსავლის ძიება, არამედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების გამართლება და მისი იმიჯის გაპატიოსნება იყო.
კატეგორია - ეთიკა
“ვინ დაიწყო დაპირისპირება, რომელსაც გამსახურდიას დაჭრა მოჰყვა?! - "კურიერმა" სისხლიანი გარჩევის ყველა დეტალი გაარკვია” - ამ სათაურით, 24 დეკემბერს “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე, მანიპულაციური სიუჟეტი გავიდა. მასალის ავტორი და გადაცემის წამყვანი მთავარ აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ “ცოტნე გამსახურდია იმ დღეს აგრესიით გამოირჩეოდა და თავად იყო დაპირისპირების ინიციატორი”.

“ვინ დაიწყო დაპირისპირება, რომლის შემდეგაც ცოტნე გამსახურდია უკვე რამდენიმე დღეა სიკვდილს ებრძვის”, - ამ კითხვით იწყებს წამყვანი სიუჟეტის წარდგენას და თავისივე ტექსტში, თვითონვე პასუხობს კითხვას - მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, წამყვანი ამბობს, რომ საქმის გარჩევა თავად ცოტნე გამსახურდიამ დაიწყო.

alt“კურიერმა” მოიპოვა საქმეში არსებული ჩვენებები, სადაც დეტალურად არის აღწერილი გალის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები. საქმეში ფიგურირებს სუფრის დანა და ყავარჯენი. მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა კი ამბობს, რომ საქმის გარჩევა პირველად თავად ცოტნე გამსახურდიამ დაიწო. ასევე, ირკვევა, რომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირები ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. მათ შორის არის გიორგი სოლოღაშვილი, რომლის დაკითხვის ოქმი ასევე მოიპოვა სალომე ბოკუჩავამ. სწორედ ის ისაუბრებს ყველა დეტალზე. სალომე, რა ირკვევა ჩვენებებიდან, რას მოყვა ჩხუბი და რატომ დაიწყო უთანხმოება” - ამ კითხვით წამყვანი გადადის ჟურნალისტთან, რის შემდეგაც, ჟურნალისტი აგრძელებს წამყანის ნარატივს და მაყურებელს არწმუნებს, რომ გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, ცოტნე გამსახურდიამ კი კონფლიქტი თავად გაამწვავა.

სიუჟეტის შესავალ ნაწილში, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ყვება, რომ “სწორედ ცოტნე გამსახურდია გამოირჩეოდა აგრესიით” და მას “კონფლიქტის გამწვავებაში” ადანაშაულებს:

“ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ ყოფით საკითხზე დაიწყო დაპირისპირება. თუმცა, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ცოტნე გამსახურდია, ახლა უკვე დაკავებული პირების მიმართ, მთელი დღის განმავლობაში იყო საკმაოდ აგრესიული. ისინი ერთად იმყოფებოდნენ გარდაცვლილი მეგობრის დაბადების დღეზე და პირებმა, რომლებიც ახლა უკვე ბრალდებულები არიან, სცადეს ტერიტორიიდან წამოსვლა ვითარების გასანეიტრალებლად. თუმცა, მათ ქუჩაში დაეწია ცოტნე გამსახურდია, რა დროსაც უკვე გამწვავდა კონფლიქტი და, ჩვენებების მიხედვით, სწორედ ცოტნე გამსახურდია გამოირჩეოდა თავიდან აგრესიით”, - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტის წარდგენისას.

altსიუჟეტის ძირითადი ნაწილი აგებული იყო მოწმეთა ჩვენებებზე. ავტორმა, აღნიშნულ ჩვენებებზე დაყრდნობით, საზოგადოებას ქრონოლოგიის მიხედვით მოუყვა 19 დეკემბერს მომხდარის შესახებ. რის შემდეგაც მაყურებელმა მოისმინა ბრალდებულების ადვოკატების შეფასებები. სიუჟეტის დასკვნით ნაწილში კი, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის და ოჯახის წევრების კომენტარები გავიდა, რომლებიც მომხდარის სავარაუდო ვერსიაზე და გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების შესახებ საუბრობდნენ.

და მიუხედავად იმის, რომ მასალა ცოტნე გამსახურდიას ახლობლების კომენტარებსაც შეიცავდა და ერთი შეხედვით, მასალას მხარეების თანაბრად წარმოჩენის მცდელობა არ აკლდა, წამყვანისა და ჟურნალისტის ტექსტებმა მას იმგვარი ელფერი შესძინა, რომ თითქოს საქმეში მთავარი დამნაშავე ცოტნე გამსახურდიაა. რისი მტკიცება ანდა უარყოფა, ცხადია, არ არის მართებული, რადგან ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.
კატეგორია - ეთიკა

“გამოიძიე, “ნუ გვესვრი” - ამ და მსგავსი მოწოდებებით, 21 დეკემბერს, ათობით ჟურნალისტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან, თბილისში, პარლამენტის წინ, საყვირებით, საპროტესტო აქცია გამართა. ჟურნალისტები აპროტესტებდნენ ბოლო პერიოდში მედიაზე ზეწოლის მცდელობებს, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლას და ამ ფაქტების გამოუძიებლობასა და სხვა მსგავს შემთხვევებს.

alt21 დეკემბერს, სხვადასხვა დროს, საინფორმაციო გამოშვებებში აქცია გააშუქა ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”, “იმედმა”, “TV პირველმა”, “ფორმულამ”, “რუსთავი2-მა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიამ”. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქცია 16:00 საათზე გაიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” მაყურებელს არც 18:00 საათიან და არც 21:00 საათიან გამოშვებაში აქციის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. “მედიაჩეკერმა” პირველი არხის ვებსაიტიც დაამონიტორინგა, სადაც დღის განმავლობაში პროაქტიულად ქვეყნდება ახალი ამბები, თუმცა, ვერ საძიებო სისტემის მეშვეობით, ვერც 21 დეკემბერს გამოქვეყნებული ყველა ამბის გადამოწმებით, აქციის შესახებ საიტზე რაიმე ტიპის ინფორმაცია ვერ აღმოვაჩინეთ.

საპროტესტო აქცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ იყო ორგანიზებული. აქცია სპეციალურად დაემთხვა 21 დეკემბერს, ამ დღეს ზუსტად ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. თუმცა ამ ფაქტის შესახებ ეფექტური გამოძიება და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა. ამასთან ერთად, ჟურნალისტებმა გააპროტესტეს თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.


ინფორმაცია აქციის შესახებ წინა დღეს, 20 დეკემბერს, გამოქვეყნდა ქარტიის საიტზე, გავრცელდა სოციალურ ქსელში, მედიას გაეგზავნა პრესრელიზი და ფეისბუკზე გაკეთდა ე.წ. ივენთიც.

“მედიაჩეკერი” შეეცადა გადაემოწმებინა, რატომ არ მოხვდა ეს ამბავი არხის საინფორმაციო გამოშვებებსა და ვებსაიტზე და პირველ არხზე რამდენიმე ადამიანს დაუკავშირდა. ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და მოგვწერა, რომ შეხვედრაზეა. მას შემდეგ, რაც მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ავუხსენით რა გვაინტერესებდა, გვიპასუხა, რომ “ამაზე ინფორმაცია არ აქვს და არც ამის გადამოწმების დრო აქვს”.

პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა შონიამ კითხვაზე ასე გვიპასუხა: “ეტყობა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემები გვქონდა გასაშუქებელი და ჯგუფი არ გვყავდა”.

“მედიაჩეკერი” პირველი არხის ვებსაიტის რედაქტორის, ირინა დეკანოიძესაც დაუკავშირდა, თუმცა, მან გვითრხა, რომ უახლოესი ადამიანი გარდაიცვალა და კითხვა აღარ დაგვისვამს.


⇒  პირველი არხის 18:00 და 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული ამბები


18:00 საათიანი გამოშვება

  • ცოტნე გამსახურდიას საქმე (პირდაპირი ჩართვა და სინქრონები)
  • ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა (კ/ს)
  • შეხვედრა განათლების სამინისტროში (პირდაპირი ჩართვა და სინქრონები)
  • აქცია კანცელარიასთან (კ/ს)
  • გასაჩივრებული გადაწყვეტილება (კ/ს)
  • სასამართლო პროცესი ბათუმში (კ/ს)
  • სასამართლო პროცესი რუსთავში (კ/ს)
  • ანტისაოკუპაციო აქცია წალენჯიხაში (კ/ს)
  • ამერიკის საელჩოს განცხადება (კ/ს)
  • ევროკავშირის განცხადება (კ/ს)
  • უკანონო პატიმრობა (კ/ს)
  • ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება (კ/ს)
  • ფეისბუქის დახურული გვერდები და ტრამპი (კ/ს)
  • ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტს ხელი მოაწერა (კ/ს)
  • ადვოკატების საერთო კრება (კ/ს)
  • ფსიქოლოგიის ინსტიტუტი (კ/ს)
  • ესეების კონკურსი “მე ვარ ტოლერანტი” (კ/ს)
  • თავშესაფარი ცხოველებს (კ/ს)
  • “საქართველოს ვარსკვლავის” ნახევარფინალი (პირდაპირი ჩართვა და სინქრონები)


21:00 საათიანი გამოშვება

  • ცოტნე გამსახურდიას საქმე (სიუჟეტი)
  • 42 დღე უკანონო პატიმრობაში (სიუჟეტი)
  • შეხვედრა განათლების სამინისტროში (კ/ს)
  • ფეისბუქის ადმინისტრაციის განცხადება (კ/ს)
  • გაუქმებული გვერდები (კ/ს)
  • ქარიშხალი ევროპაში (სიუჟეტი)
  • ესეების კონკურსი - “მე ვარ ტოლერანტი” (კ/ს)
  • “საქართველოს ვარსკვლავის” ნახევარფინალი (პირდაპირი ჩართვა და სინქრონები)