საქართველო
კატეგორია - საქართველო
16 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელზე, გიორგი გვიმრაძეზე თქვა, რომ ის გადაცემებში, "მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს."

ბასილაია-შავგულიძემ მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მოუწოდა, წარადგინოს მოხსენებითი ბარათი და საბჭოს გაუზიაროს შეხედულება და დამოკიდებულება გიორგი გვიმრაძის "საგარეო ორიენტირის, მრწამსისა და მისწრაფებების შესახებ".

დეტალები:

  • თავდაპირველად, ლიკა შავგულიძე-ბასილაიამ საბჭოს სხდომაზე განახცადა, რომ გვიმრაძის მიმართ ბრალდებებს მასთან ერთად იზიარებს საბჭოს კიდევ ორი წევრი — ლაშა ტუღუში და ზაზა აბაშიძე.
  • დღეს კი, 17 მარტს, ამ საკითხზე საუბრისას გვითხრა, რომ ამ განცხადებას არ უერთდება ზაზა აბაშიძე. "მედიაჩეკერი" ვერ ახერხებს აბაშიძესთან დაკავშირებას და მისი პოზიციის დაზუსტებას.
  • საბჭოს წევრის ამ ბრალდებაზე არხმა განაცხადა, რომ "საშიშ ტენდენციას წარმოადგენს ადამიანების ორიენტაციისა და მრწამსის კვლევა და ამ ნიშნით სეგრეგაცია."

ბასილაია-შავგულიძის არგუმენტებით:

  • ქვეყნის მოსახლეობის 85 პროცენტი ევროინტეგრაციას უჭერს მხარს;
  • ამის საპირისპიროზე მიუთითებს გვიმრაძის საგარეო ორიენტირი რადგან, გადაცემებში სვამს "გაურკვეველ შეკითხვებს";
  • ეს კი, კითხვებს უჩენს მოსახლეობის ფართო ფენებს.

ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხედველობაში აქვს გიორგი გვიმრაძის ინტერვიუ "ქართული ოცნების"აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან, რომელშიც მდინარაძე "პირველი არხის" ტელემაყურებელს ესაუბრა ხელისუფლების ცნობილ თეორიაზე, რომლის მიხედვით, "გლობალურ ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა სურს".
სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შეფასებით, წამყვანმა უგულებელყო მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტი – "მაუწყებელმა ყველა საჭირო ზომას უნდა მიმართოს ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით, ჰიბრიდული ომის ვითარებაში."
  • საბჭოს წევრი ციტირებს დოკუმენტიდან, რომელშიც განსაზღვრულია საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022-2025 პროგრამული პრიორიტეტები.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია

არხი, განცხადებით პასუხობს საბჭოს წევრების პრეტენზიას და წერს, რომ:
  • მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული და საჯარო.
  • იგი ევროპული ინსტიტუციაა და მისი ვალდებულებაა, იყოს ქვაკუთხედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ხელი შეუწყოს ადამიანების მოსაზრების დაახლოებას, გააძლიეროს ქართული საზოგადოება და კულტურა.

მაუწყებელი, საბჭოს წევრების მოწოდებას თანამშრომლებზე ზეწოლად და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად აღიქვამს.
  • "ადამიანის მრწამსის შესწავლის მოთხოვნა თავისთავად სახიფათო პრეცედენტია იმ საზოგადოებაში, სადაც პოლარიზაციის დაძლევის ამოცანა ისედაც მტკივნეულად დგას.", — წერია მაუწყებლის განცხადებაში.
ამ დროისთვის უპასუხოდ რჩება "მედიაჩეკერის" შეთავაზება მაუწყებლის დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან, ვისაუბროთ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებული მოსაზრებების შესახებ, და აუდიტორიას მივცეთ შესაძლებლობა, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია.

არხის სარედაქციო კურსთან დაკავშირებულ კითხვებზე "მედიაჩეკერი" 2022 წლის ნოემბერში ესაუბარა გიორგი გვიმრაძეს — მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელს.

ინტერვიუში, გვიმრაძემ ღიად გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები:
  • "მათ მიმართ მაქვს პრეტენზიები და ვფიქრობ, იციან ჩემი პოზიციების შესახებ. ჩემთვის არასამთავრობო სექტორის ასეთი ფორმით არსებობა დემოკრატიისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და სერიოზულად აზიანებს დემოკრატიას."
სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, გვიმრაძემ გვითხრა, რომ არ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან:
  • "დასახელებულ პრობლემებს შორის ის შეიძლება იყოს მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე ადგილზე. შესაძლოა, სასამართლო მნიშვნელოვანი კომპონენტიც იყოს, თუმცა მზად ვარ, ვიკამათო — რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ფაქტია, მოქალაქეებსაც სულ სხვა საკითხები აწუხებთ. ჩემი აზრით, აბსოლუტური ტყუილია, როდესაც ამბობენ, დემოკრატია სასამართლოს დამოუკიდებლობით იწყებაო. დემოკრატია იწყება ძლიერი ჯგუფებისგან, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ და ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები. მათ შორის იწყება იმის "დალაგება", რა წესებით იურთიერთონ ერთმანეთთან და აქ შემოდის დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც ამ წესების მაკონტროლებელი არბიტრი."

ამასთან, ინტერვიუში, გვიმრაძემ გაგვიზიარა, როგორია მისი ხედვები:
  • დემოკრატიაზე;
  • ეთნიკურ უმცირესობებზე;
  • პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ეჭვებზე;
  • და კანონით განსაზღვრულ პრიორიტეტებზე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე, რადიო და ციფრული პლატფორმები უნდა ასრულებდეს.

ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ აქ
კატეგორია - საქართველო
"ტვ პირველის" ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებული ძალადობრივი, ჰომოფობიური მოძრაობა "ალტ-ინფოს" აქტივისტი, მამუკა ანდღულაძეა.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, განცხადებაში, დამატებით აღნიშნულია, რომ "რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი."

15 მარტს, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაესხნენ - წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე.
კატეგორია - საქართველო
15 მარტს, ოზურგეთში, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაესხნენ "ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნატო გოგელიას.

თავდასხმამდე, ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა ძალადობრივი მოძრაობა "ალტ-ინფოს" აქტივისტთან, მამუკა ანდღულაძესთან, რომელმაც 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და აქციის მონაწილეებს დასაწვავად გადასცა.

"ანდღულაძესთან ინტერვიუს ჩაწერის დაასრულებისას, გაურკვეველი მიზეზით, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამიმტვრიეს ტელეფონი, რომლითაც ვიდეოს ვიღებდი", — გვითხრა გოგელიამ.

კიდევ რა ვიცით?

"ტვ პირველის" ჟურნალისტის თქმით,
  • გუშინ, 15მარტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარტმა გამოკითხა და ექსპერტიზაც ჩაუტარდა, თუმცა, მისი ინფორმაციით, "ეს პირი [მამუკა ანდღულაძე] ამ დრომდე არ გამოუკითხავთ."
  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.
  • ამ ფაქტზე "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა. "ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია", — წერია განცხადებაში.
კონტექსტი
  • მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ, მეორე მოსმენით ჩააგდო რუსული კანონის ანალოგიური კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ":
  • "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, რომელიც შეიცავდა სიძულვილის ენას აქციის მონაწილეთა მიმართ, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს.
  • ჰომოფობიური და ძალადობრივი "ალტ ინფო"-ს წარმომადგენელი, მამუკა ანდღულაძე, ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტ ნატო გოგელიას ოზურგეთში.
  • და მანამდე, თბილისში, 14 მარტს, იგივე ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ იურიდულ ფირმა "BGI Legal"-ს, თავდასხმის მონაწილეებმა, ბეტონის ქვები დაუშინეს შენობას, დაშავებულია ერთი თანამშრომელი.
კატეგორია - საქართველო

საქართველოში დამოუკიდებელი გამოცემა "დოჟდის" კიდევ ერთი ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო არ შემოუშვეს. ინფორმაცია ამავე არხის ჟურნალისტმა, ეკატერინე კოტრიკაძემ, "ტელეგრამ არხში" დღეს, 14 მარტს გაავრცელა, აქ წერია, რომ ალექსანდრა შევჩენკოს არ განუმარტეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი და ახლა მას უკან, თვითმფრინავზე აბრუნებენ.





19 თებერვალს, საქართველოში ასევე მიზეზის განმარტების გარეშე არ შემოუშვეს რუსი ჟურნალისტი და პორტალი "Arzamas"-ს მთავარი რედაქტორი ფილიპ დზიადკო.

"რა ხდება დოჟდის ირგვლივ?" წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე.

კატეგორია - საქართველო
"ტვ პირველის" ჟურნალისტმა და თოქ-შოუების წამყვანმა მაია მამულაშვილმა არხი დატოვა. მამულაშვილიც და არხის ხელმძღვანელობაც, უარყოფენ ამ გადაწყვეტილების კავშირს სარედაქციო პოლიტიკასთან.

მამულაშვილი 5 მარტს, "დღის ამბების" ღამის გამოშვების შემდეგ, ეკრანზე აღარ გამოჩენილა.

რა ხდება?
მაია მამულაშვილმა გვითხრა, რომ:
  • ამ ეტაპისთვის შეწყვიტა ჟურნალისტური საქმიანობა, რადგან დაიწყო თანამშრომლობა უცხოური კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში — "ფიზიკურად ვეღარ ვეტეოდი დროში, რომ ამის პარალელურად შემეთავსებინა ტელევიზიაში მუშაობა".
"მაია წავიდა პირადი მოტივით. სჭირდება უფრო მეტი დრო ოჯახისთვის. დიდი ხანი ფიქრობდა სატელევიზიო ტაიმ-აუტზე, თუმცა, მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენიმეჯერ გადადო" — ამბობს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.


არქივიდან: კალაძე მამულაშვილის წინააღმდეგ
  • 2020 წლის 20 ივნისს, მაია მამულაშვილისა და "ტვ პირველის" წინააღმდეგ, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
  • არხს და ტელეწამყვანს ცილისწამისთვის ედავებოდა ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო — "კალაძემ 60 მლნ ერთ-ერთი ტენდერიდან ჩაიდო ჯიბეში" და ითხოვდა 100 00 ლარიან კომპენსაციას და ინფორმაციის უარყოფას.
  • 2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "TV პირველს" და მის ჟურნალისტ, მაია მამულაშვილს, კახა კალაძის სასარგებლოდ, 15 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
  • ამაზე არხმა თქვა, რომ ტვ პირველის ანგარიშებს ინკასო ადევს, შესაბამისად არხი კალაძეს თანხას "ვერანაირად ვერ გადაუხდის" და სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
კატეგორია - საქართველო
  • ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" დატოვა.
  • ის 13 წელი მუშაობდა "კურიერში" — არხის საინფორმაციო სამსახურში.
  • იყო კორესპონდენტი და ასევე, სხვადასხვა დროს, დილისა და დღის საინფორმაციო გამოშვებების პროდიუსერი.

რა ვიცით?
  • არხს განცხადებით 3 მარტს მიმართა. კონტრაქტი, ოფიციალურად, განცხადების დაწერიდან 1 თვეში, 2 აპრილს შეწყდება.
  • წამოსვლამდე, ესაუბრა ნინო შუბლაძეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსს. უკვე დაემშვიდობა ხელმძღვანელ პირებს და გუნდს, მაგრამ არხის დატოვების მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

"რუსთავი 2"-ის პოზიცია:
ტელევიზია ადასტურებს არხიდან ჟურნალისტის წასვლას.
  • "სალომე, ბოლო პერიოდში პროდიუსერად გადავიყვანეთ, რადგან არხმა მიიჩნია, რომ ის ამ პოზიციაზე უფრო მეტად გვჭირდებოდა, ვიდრე კორესპონდენტად. ეს აღმოჩნდა მისთვის არხის დატოვების მოტივაცია — გადაწყვიტა, სხვა არხზე განაგრძოს რეპორტიორობა, რადგან რეპორტიორობაა მისი არჩევანი, — გვითხრა ნინო შუბლაძემ, "კურიერის" ხელმძღვანელმა.

რას ამბობს სალომე ბოკუჩავა
  • "ვინც მიცნობს, იცის, რომ მუდამ "რუსთავი 2"-ის ლოგოს სადარაჯოზე ვიყავი, მაგრამ ხანდახან, არსებობს მომეტი, როდესაც ისტორიის დასასრული დგება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.
მიზეზებზე საუბარს საჯაროდ არ ვაპირებ, ამაზე უკვე ვესაუბრე ჩემ უშუალო ხელმძღვანელს, ნინო შუბლაძეს."

ასევე, ჟურნალისტმა გვითხრა, რომ:
  • თანამდებობრივ პოზიციაზე საუბარი არც ნინო შუბლაძესთან, და არც ვინმე სხვასთან, საერთოდ არ ყოფილა — "მითუმეტეს, რომ ეს იყო დროებითი პოზიცია";
  • ასეთი წვრილმანი, წასვლის მიზეზი ვერ გახდებოდა;
  • მიზეზებზე საჯაროდ მხოლოდ იმის გამო არ საუბრობს, რომ არხზე ტოვებს მეგობრებს, ვისთანაც 13 წელი იმუშავა.
კატეგორია - საქართველო


რა ხდება?

8-9 მარტს რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობის შესრულებაში.

რას ყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები?

აქციის გაშუქებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას" რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

  • "ვერ ვახერხებდი იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც ჩვენს მიმართ იყვნენ აგრესიულები, მათ ეცვათ შავი სამოსი, იყვნენ აღჭურვილი აირწინაღებით და ჯიბეში ჰქონდათ წიწაკის სპრეი, არ ჰქონდათ მინიშნება (წარწერა), რომ იყვნენ ძალოვანები, თუმცა დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. დასასრულისკენ, როდესაც პოლიცია ცდილობდა, რომ გზა გაეთავისუფლებინა და ხალხს აკავებდა, ამის გადაღების საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიზანმიმართულად, ისეთ ადგილას გადმოვყავდით, საიდანაც არ ჩანდა ეს პროცესი" ამბობს "მედიაჩეკერთან" საუბრისას "ფორმულას ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი, რომელიც ოპერატორ თემო ხუხიასთან ერთად აშუქებდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.
  • სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს "ფორმულას" კიდევ ერთი ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, რომელიც ოპერატორ დათო მანიასთან ერთად იმყოფებოდა გადაღებაზე, როგორც ჟურნალისტი იხსენებს, "დაახლოებით დილის 7 საათისთვის ვიმყოფებოდით რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დასდევდნენ და აკავებდნენ, ერთ-ერთი ასეთი ფაქტის გადაღების დროს 6-7 სამართალდამცველი შემოგვეხვია, გვირტყამდნენ მე და ჩემს ოპერატორს და კამერაზე აფარებდნენ ხელს. "
  • როგორც "ფორმულას" ჟურნალისტი, თეა თეთრაშვილი ამბობს, პარლამენტის ზედა მხარეს, ცდილობდნენ, რომ გადაეღოთ, როგორ ემატებოდა დამატებითი ძალები, სწორედ ამ დროს ხელი ჰკრეს "ფორმულას" ოპერატორს, ნიკა კოკაიას, "მე ვუხსნიდი რომ ჟურნალისტები ვიყავით, მივუთითებდი კამერასა და მიკროფონზე, მაგრამ მიზანმიმართულად თვალებში შემასხეს წიწაკის სპრეი".
დაზარალებულებს შორის არიან გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტები, ბასტი მგალობლიშვილი და ალექსანდრე ქეშელაშვილი.
  • "ცრემლსადენი გაზი ჩავყლაპე და ცოტახანი გავჩერდი, იქვე აღმოვაჩინე, რომ პროტესტის მონაწილეებს აკავებდნენ და დავიწყე გადაღება, სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა სამართალდამცველმა დაიყვირა "მოაშორეთ ჟურნალისტებიო" და დაიწყეს ჩემი გადაყვანა ძალის გამოყენებით, როდესაც მათ სიტყვიერ მოთხოვნას ისედაც დავემორჩილე და უკან-უკან მივდიოდი კამერით საითაც მიმითითეს"- ამბობს ალექსანდრე ქეშელაშვილი, მისი გადაღებული ვიდეომასალა "პუბლიკას" ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
  • "როდესაც პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა, წამოვედით პირველი სკოლისკენ და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავდიოდით, ვიდეოს ვიღებდი, როდესაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი მოვარდა, ამ დროს ჩემმა რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ დაიყვირა, რომ ჟურნალისტები ვიყავით და მეც მეკეთა პრესის ბარათი, მაგრამ ამ ფრაზიდან რამდენიმე წამში სპეცრაზმელმა წიხლი ჩამარტყა, ვიდეოს გადაღება სწორედ ამ მომენტში წყდება, იმედია სათვალთვალო კამერა დააფიქსირებდა ამ შემთხვევას" - ამბობს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია.
"მედიის ადვოკატირების კოალიციას ჰქონდა ცხელი ხაზი ჟურნალისტებისთვის, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ ხელისუფლება ტრადიციულად, უგულებელყოფდა ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს და ვაფიქსირებდით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს, ხვალიდან იწყება გამოკითხვის პროცედურები და სამი ჟურნალისტი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული" - ამბობს "მედიაომბუდსმენის" ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.

ცხელი ხაზის ნომერი ჟურნალისტებისთვის 555 79 57 76
კატეგორია - საქართველო
დღეს, 9 მარტის დილას, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა, "ქართულმა ოცნებამ" და მათივე საპალამენტო უმრავლესობის შემადგენელმა, ღიად ანტიდასავლურმა "ხალხის ძალამ" გაავრცელა ერთობლივი განცხადება, თითქოს, აპირბენ "უკან გაიწვიონ" კანონპროექტი "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ.

ამას მოჰყვა პარტია "ქარული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ჩავარდება.
თუმცა,
ისინი მაინც საუბრობენ იმაზე, რომ ამ კანონპროექტს "რუსული იარლიყი მიაკრეს" და სინამდვილეში "ის პრობლემური არ არის".

პრობლემაა, რომ:

  • კი ამბობენ, რომ მათ მიერვე მხარდაჭერილ კანონრპროექტს გაიწვევენ, თუმცა, რეალურად, პროცედურულად ეს შეუძლებელია. საუბარია კანონპროექტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც, პლენარულ სხდომაზე საპარლამენტმა უმრავლესობამ უკვე დაუჭირა მხარი.
  • ამაზე მოწმობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, რომლის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევა არ ხდება.
ამონარიდი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან, მუხლი 101
"კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე."

აბა, შეუძლებელია ამ კანონპროექტის ანულირება?

არა.
პროცედურულად:
  • საპარლამენტო კომიტეტმა კვლავ უნდა განიხილოს კანონპროექტი მეორე მოსმენით;
  • შემდეგ — გავიდეს პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით;
  • პლენარულზე, მეორე მოსმენისას, დეპუტატებმა აღარ უნდა დაუჭირონ მხარი წარდგენილ კანონპროექტს.

"ამის ალტერნატივაა ამ კანონპროექტის თაროზე შემოდება, თუმცა, ეს ვერ ჩაითვლება კანონრპროქტის ჩაგდებად, ეს იქნება მისი "მიძინება" და შეეძლებათ, ნებისმიერ დროს ჩამოიღონ თაროდან და მიიღონ", — გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ, კონსტიტუციონალისტმა.

მაგრამ მეორე მოსმენით ჩავარდნაც კი არ ნიშნავს კანონპროექტის კანონად ფორმირების პროცესის საბოლოო დასასრულს,
რადგან ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობას ექნება კიდევ 1 თვე, რომ მესამე მოსმენით გაიტანოს კანონი პლენარულ სხდომაზე და დაუჭიროს მას მხარი.

უფრო გასაგებად, რეგლამენტით:
  • "თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას" — და ეს არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, იმ განცხადების მთავარი გზავნილების ფონზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ", ღიად ანტიდასავლურ "ხალხის ძალასთან" ერთად გაავრცელად და თქვა, რომ:
ამონარიდები მათი განცხადებიდან:
  • "სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა";
  • "კანონპროექტს მიაკერეს "რუსული კანონის" ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს".

ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლება გააძლიერებს პროპაგანდას საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში, თითქოს, რუსული კანონი, "ქართულია".

რაც შეეხება პარლამენტში, ასევე, ანტიდასავლური "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კიდევ ერთ კანონპროექტს,

რომელზეც ინიციატორები ამბობენ, ამერიკული FARA-ს (*უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის" შესახებ) ზუსტი თარგმანიაო, რაც ასევე მანიპულაციურია.
რეალურად,
ინიციატორებს, აი, მხოლოდ ამ კანონპროექტის გაწვევა შეუძლიათ, რადგან პროცედურულად, რუსული შინაარსის ეს კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ბიუროზეა განხილული და მხარდასაჭერად ჯერ არ გასულა პლენარულ სხდომაზე. იმისთვის, რომ რუსული შინაარსის ამ კანონპროექტის ანულირება მოხდეს, რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტის ინიციატორებს უფლება აქვთ, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.

ჩვენ "ხალხის ძალას" ვკითხეთ, აპირებენ თუ არა ამის გაკეთებას, და თუ კი — როდის, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია "იმედის" რამდენიმე ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ "აგენტების შესახებ" კანონპროექტებთან დაკავშირებული პროცესები, საქართველოსთვის იზოლაციის საფრთხეს ქმნის, საქართველოს მომავალი კი — ევროპაშია.

ამ შინაარსით, ფეისბუკზე დაწერეს სოფო ბერიძემ, რუსა შელიამ, ქეთი ფარცხალაძემ.

  • "არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ!", — წერია რუსა შელიას სტატუსში. ის "იმედის" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტია.

სოფო ბერიძე, წლებია, "ქრონიკის" ჟურნალისტია, რომელიც მიიჩნევს, რომ:
  • "დღესაც და სულ, საქართველოს მომავალი ევროპაშია. ყველა კანონი, რომელმაც შეიძლება იზოლაციამდე მიგვიყვანოს, ცუდია."

"იმედის" ორივე ჟურნალისტმა ამის შესახებ დაწერა მას შემდეგ, რაც რუსული შინაარსის კანონის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

მანამდე,
ასევე, ფეისბუკზე გამოაქვეყნა სტატუსი ქეთი ფარცხალაძემ — არხის საკვირაო გადაცემის, "იმედის კვირის" რეპორტიორმა.
  • "[...] ასეთი ვნებათაღელვა რომ მოჰყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება, როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიცატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ქონდეთ?", — წერს ფარხალაძე.
ცალკეული ჟურნალისტების პოზიციის მიუხედავად,
  • არხი მხარს უჭერს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოზიციებს საინფორმაციო გამოშვებებსა თუ პოლიტკურ-ანალიტიკურ გადაცემებში.
  • მხარს უჭერს ღიად ანტიდასავლურ "ხალხის ძალას", რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილია.
  • ტელეკომპანიამ, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, 2021 წლის 18 ოქტომბერს საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა, რადგან "ვერ დაუშვებენ ნაციონალური მოძრაობის რევანშს".

რა უნდა გვახსოვდეს კანონპროექტებზე "აგენტების შესახებ"

"ოცნების" მიერ მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური "ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია დასახელებული.
  • 2022 წლის ბოლოს, ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.

ანტიდასავლური პარტიის "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გააკრიტიკა და საქართველოს პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" და "Human Rights Watch". დეტალები
კატეგორია - საქართველო
რუსული კანონის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამას მოქალაქეების დაშავება მოჰყვა, და მათ შორის, მედიის წარმომადგენლების.

დაშავებულთა შორისაა:

  • On.ge-ის რედაქტორი თამუნა გეგიძე და ჟურნალისტი იზაბელ მოდებაძე.
"როდესაც ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, ჟურნალისტები და ოპერატორები, სხვადასხვა მედიასაშუალებების გადამღები ჯგუფი, განცალკევებით ვიდექით. ამ დროს პირდაპირ ჩვენსკენ მომართა სპეცრაზმმა წყლის ჭავლი, მომიტინგეების მიმართულებით კი ისროლეს ცრემლსადენი გაზიც. რაღაც მომენტში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, სასწრაფოს მანქანასთანაც მივედი, მაგრამ ბევრი ხალხი იყო. მას შემდეგ, რაც სუნთქვა შედარებით გამიმარტივდა, დავუბრუნდი საქმეს", — ამბობს თამუნა გეგიძე. 

    alt
ფოტოზე: თამუნა გეგიძე
  • დაშავდა "მთავარი არხის" ოპერატორი ლუკა ლავრელაშვილი. ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ჩანს, რომ დაშავებულ ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
  • არხის პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ჩანს, რომ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გაშვების შემდეგ, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა "მთავარი არხის" ახალი ამბების რეპორტიორს, ნინო გაზდელიანს.
"რობოკოპები უშვებენ წიწაკის სპრეის, შესაბამისად, ძალიან გვიჭირს მუშაობა", — თქვა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვისას.
  • დემონსტრანტების წინააღმდეგ, წიწაკის სპრეის გაშვებისას დაშავდა ინტერნეტგამოცემა "გურია ნიუსის" რეპორტიორი, მერაბ ცაავა, როდესაც პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავდა
  • სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად, ინტოქსიკაცია მიიღო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორმა, ლევან მელიქიძემ.
  • შესაძლოა, ცრემლსადენი გაზის გაშვებას უკავშირდებოდეს თვალების წვა, რომელიც "კურიერის" ჟურნალისტებს — გიორგი პერტაიას და მარიამ ქაშაკაშვილს გამოუვლინდა.
  • მსგავსი სიმპტომები აქვთ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორებს: ვანო გორგიშვილს, გიორგი ნიკოლაიშვილს, გიორგი ჟამერაშვილს და ამავე სააგენტოს ჟურნალისტს — ანუკი მუმლაძეს.
  • აქციის დარბევისას დაშავებულია Cnews.ge-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძეც.
ასევე
  • "ინფოიმერეთის" ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა,
  • JRC-ის ოპერატორი ხვიჩა გაბუნია.

რა უნდა გვახსოვდეს ამ კანონპროექტზე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 6 მარტს განაცხადა, რომ "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ ორივე კანონპროექტს, 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა, საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დაანონსებული 9 მარტის ნაცვლად, 7 მარტს დაჩქარებულად დაიწყო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.

"ოცნების" მიერ მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,

  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია დასახელებული.
  • 2022 წლის ბოლოს, ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.

ანტიდასავლური პარტიის "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გააკრიტიკა და საქართველოს პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" და "Human Rights Watch". დეტალები
კატეგორია - საქართველო
ანტიდასავლური პარტიის "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გააკრიტიკა და საქართველოს პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" და "Human Rights Watch"

მთავარი გზავნილები "რეპორტიორები საზღვრების გარეშე"-ს განცხადებიდან:

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელი, ჟან კაველიე მოუწოდებს ქართველ პარლამენტარებს, რომ მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც აშორებს საქართველოს ევროპას. დამატებით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ:
  • "უცხოური აგენტების" კანონი საფრთხეა მედიის თავისუფლებისთვის და მისი რეალური მიზეზი პრესისა და NGO სექტორის მუშაობის შეფერხებაა.
  • ის შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისგან და მისი მიზანი მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და დაშინებაა.
  • "უცხოეთის აგენტის" სინონიმი ქართულში არის "უცხოეთის ჯაშუში".
  • კანონპროექტი ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონს, რომელიც 2017 წლიდან მედიაგამოცემებისა და ჟურნალისტების დევნისთვის გამოიყენება. ამ პრეცენდენტმა კი დაგვანახა მსგავსი კანონის დრამატული შედეგები.
  • საერთაშორისო დონეზე, კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ:

საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არცერთ ინიცირებულ კანონპროექტს, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მედიისა და არასამთვრობო სექტორისთვის დაწესდება დამატებითი "მოთხოვნები"(წესები) და რეგულაციები გაშუქებისას, მათი დარღვევისთვის კი ადმინისტრაციული და სისხლის დანაშულები, რომელიც 5 წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.

ასევე, აღნიშნულია, რომ ორივე კანონპროექტი:
  • მიმართულია კრიტიკული ჯგუფებისა და მედიის შეზღუდვისკენ
  • არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს
  • სერიოზულად დააზიანებს დემოკრატიულ ღირებულებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ინდივიდებს
ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროების ხელმძღვანელი, ჰიუ ვილიამსონი აცხადებს, რომ "უცხოეთის აგენტის" კანონპროექტის მიზანია დამოუკიდებელი და საჯარო ინტერესისთვის მომუშავე მედიის დისკრედიტაცია და მარგინალიზება".

რა უნდა გვახსოვდეს ამ კანონპროექტზე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 6 მარტს განაცხადა, რომ "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ ორივე კანონპროექტს, 9 მარტის პლენარულ სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა საქართველოს პარლამენტმა "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დაანონსებული 9 მარტის ნაცვლად, დღესვე (7 მარტს) დაჩქარებულად დაიწყო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

"ოცნების" მიერ მხარდაჭერილი და ღიად ანტიდასავლური პარტიის, "ხალხის ძალის" კანონპროექტის მიხედვით,
  • "უცხო აგენტად" დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალისა" და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს ვლადიმერ პუტინი სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
  • 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია დასახელებული.
  • 2022 წლის ბოლოს, ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

"იმედის კვირის" რეპორტიორმა, ქეთი ფარცხალაძემ, ფეისბუკზე დაწერა პოზიცია რუსული შინაარსის იმ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობას სურს, "აგენტებად" გამოაცხადოს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო სექტორი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ჟურნალისტის პოზიცია?

  • "იმედის კვირა" ტელეკომპანია "იმედის საკვირაო გადაცემაა, რომელიც პოლიტიკური შინაარსით, ღიად უჭერს მხარს როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე, "ხალხის ძალას".
  • ტელეკომპანია "იმედმა", საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში — 2021 წლის 18 ოქტომბერს საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა, რადგან "ვერ დაუშვებენ ნაციონალური მოძრაობის რევანშს".
  • "იმედი", სხვადასხვა კვლევებში, და მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პოსტ-საარჩევნო პერიოდის კვლევაში მოხსენიებულია, როგორც ხელისუფლებისადმი მიკერძოებული ტელევიზია.

დეტალები:

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია:
  • ევროკავშირისა და შეერთებული შტატების კრიტიკული შეფასებები
"ახალ ინიციატივაზე შეშფოთებას რომ გამოხატავენ ევროკავშირში - შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთანო, როგორ არაა გასათვალისწინებელი?.. ამერიკა რომ გეუბნება - ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოშიო." 
  • სამოქალო პროტესტი
"უამრავი ის ადამიანიც რომ გამოხატავს შეშფოთებას ქვეყნის შიგნით, რომელსაც კანონი პირდაპირ არ ეხება, არასამთვრობო სექტორს არ წარმოადგენს (იმასაც ვერაფრით იტყვი ამ ხალხზე, არ წაუკითხავს, ისე საუბრობსო, ან წაკითხულის გააზრება უჭირსო),
  • ხელისუფლება იზოლაციაშია
"ასეთი ვნებათაღელვა რომ მოყვა და იზოლაციაში რომ დარჩა ხელისუფლება, როგორ არ წონის ეს ყველაფერი ინიცატორთა მიზანს, რაც არ უნდა კეთილშობილური ინტერესი ქონდეთ?..
არგუმენტი ვერ იქნება, "ევროპა მიშას გათავისუფლებასაც გვთხოვს და გავათავისუფლოთ?"“ ვერც "არ უნდა ვიცოდეთ, რაღაც მოძრაობები საიდან მოდის?" და ა.შ და ა.შ", — დაწერა ქეთი ფარცხალაძემ.