საქართველო
კატეგორია - საქართველო
5 ივლისს, “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მათს ინტერესებს შვიდი ორგანიზაცია იცავს.

“საგამოძიებო ორგანო „არ ჩქარობს“ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების იდენტიფიცირებას და მათთვის ბრალის წარდგენას”, - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

რა ეტაპზეა გამოძიება?
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნინო ცხადაძის ინფორმაციით, მედიის წარმომადენლებზე თავდასხმის საქმეზე 22 ადამიანია დაკავებული.
  • პროკურატურის ცნობით, დღეისთვის დაზარალებულად 40 ჟურნალისტი ცნეს.
ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელისთვისაც ჯერ არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი, ნინო გაზდელიანია, “მთავარი არხიდან”. ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, მარიამ პატარიძე, რომელიც გაზდელიანის უფლებებს იცავს, ამობბს, რომ ჟურნალისტი თავდასხმიდან 11 დღის შემდეგ, 16 ივლისს გამოჰკითხეს - რაც შეიძლება დაგვიანებულად შეფასდესო.

ადამიანთა უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლობდარიძე 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაზე საუბრის დროს პარალელს 2019 წლის 20-21 ივნისიის მოვლენებთან ავლებს, როდესაც აქციაზე დაშავებული ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა: „სანამ მათი საქმეები სტრასბურგში არ გავაგზავნეთ, დაზარალებულადაც კი არ ცნეს“- ამბობს ცხადაძე.

როგორ აფასებენ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციები?

“ახლა ყველაზე მთავარი არა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, არამედ იმ დამნაშავეების დაკავებაა, რომლებიც სახეზე გვყავს და რომელთა საქმეების გახსნასაც სწორედ ჟურნალისტებმა შეუწყეს ხელი თავიანთი გადაღებული კადრებით”, - ამბობს ნესტან ლობდარიძე.

ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც 5-6 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს.

დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების ინტერესების დაცვაში შვიდი ორგანიზაციაა ჩართული:
  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
  • „ადამიანთა უფლებათა ცენტრი“
  • „უფლებები საქართველო“
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
  • “ადამიანის უფლებათა სახლი”
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) იურისტი მარი კაპანაძე ამბობს, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები აქვთ და მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ ხედავენ საგამოძიებო ორგანოები იმის აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობას.

„[“ალტ-ინფოს” წევრების] გამოკითხვაზე დაბარება უბრალოდ ფასადი მგონია. საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდათ, რომ ორგანიზატორების მიმართ დაეწყოთ სამართლებრივი დევნა. ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება იყო და ეს მათს დასაკავებლად და ბრალის წარსადგენად საკმარისია. საფუძველი არის, მაგრამ როგორც ჩანს, ნება არა” - ამბობს მარი კაპანაძე.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები მაუწყებელში გია გაჩეჩილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კითხვები აქვთ. პასუხებს კი არხის მფლობელებისგან და დამფუძნებლებისგან ამ დრომდე ელოდებიან.

15 ივლისს ვაკო ავალიანმა, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ მაუწყებლიდან მიდის. მისივე თქმით, არხზე გია გაჩეჩილაძე [უცნობი] რამდენიმე პროექტით ბრუნდება, ტელევიზიის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია.

“მაესტროს” ჟურნალისტები ამბობენ, რომ გაჩეჩილაძის დაბრუნების გამო კითხვები ისედაც ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, არხი ვაკო ავალიანმა დატოვა, მათ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდათ:

“თუნდაც, რა იგულისხმება პრიორიტეტების ცვლილებაში. ჩვენ, “მაესტროს” გუნდს, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გია გაჩეჩილაძეს არხზე მოაქვს საკუთარი პროექტები ე.წ. აუთსორსით და მას ახალი ამბების რედაქციასთან და მის პოლიტიკასთან შეხება არ ექნება. ჟურნალისტები ველოდებით პასუხს კითხვებზე არხის მფლობელებისგან და დამფუძნებლებისგან. იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას და გიყვებით ამბებს ისე, როგორც აქამდე გიყვებოდით”, – აცხადებენ “მაესტროს” ჟურნალისტები.

2016 წლიდან “მაესტრო” და “იმედი” ერთ ჰოლდინგში არიან გაერთიანებულები. გია გაჩეჩილაძე შპს “სტუდია მაესტროს” ერთ-ერთი მფლობელია, ყველაზე მეტ წილს - 55% პროცენტს სწორედ ის ფლობეს. კომპანიის დანარჩენი წილები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 5% - ეკატერინე აკობია, 15% - მამუკა ღლონტი, 25% - ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს მედია ფინანს გრუპ ბი.ვი, რომლის მესაკუთრე მაკა ასათიანია.
კატეგორია - საქართველო
"ალტ-ინფო" იუთუბ არხზე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში და ყველა მათგანის ბინა სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს.

"შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი, კოკა მორგოშია. მათი ბინის ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე საათის წინ, დილას" - ნათქვამია არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

წამყვანი ამბობს, რომ "ალტ-ინფოს" წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე მეორედ დაიბარეს. მისივე თქმით, აქვთ ეჭვი, რომ სამართალდამცავები მათ ოფისშიც აპირებენ მისვლას და ჩხრეკის ჩატარებას.

16 ივლისს დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს გურამ ფალავანდიშვილისა და "ალტ-ინფოს" წევრების სახლები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ "ჩატარდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა მისამართებზე". ამ ეტაპზე უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ და კონკრეტულ პირებსაც არ ასახელებენ. ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების სახლების ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "რუსთავი2-მა" გაავრცელა.
კატეგორია - საქართველო
პოლიციამ გაჩხრიკა 5 ივლისის ძალადობრივი აქციის რამდენიმე ორგანიზატორის საცხოვრებელი სახლი. "ალტ-ინფო" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ყველა წევრის სახლი გაჩხრიკეს და თითოეული მათგანი განყოფილებაში გადაიყვანეს. შსს არ საუბრობს "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ რამე სახის სამართლებრივი ქმედების დაწყებაზე, თუმცა იურისტები გამოძიების დაწყების საფუძვლებს ხედავენ.

5 ივლისიდან დღემდე

“ჩვენ ვნახეთ, რომ საფრთხე რეალური გახდა და ძალადობა მოხდა. მოვისმინეთ ამ ძალადობის გამამართლებელი განცხადებებიც, რაც ასევე ერთგვარი მოწოდებაა. ასეთ შემთხვევაში, პირდაპირი და უშუალო საფრთხის რეალიზების რისკია და ეს შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი”, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

5 ივლისს, თითქმის 12 საათის განმავლობაში, “ალტ-ინფო” საგანგებოდ, უწყვეტად, პირდაპირ ეთერში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა. მათი ერთ ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე კი პარლამენტის წინ აქციაზე მდგომ ხალხს მიმართავდა: “მე თუ მომიწევს ძალადობა, აი, აქ ვამბობ, თქვენ წინაშე, მე წავალ და ძალით ვიბრძოლებ. გამომყვებით?” რაზეც ისმოდა შეძახილები - “კი”.

ძალადობრივი ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს და რამდენიმეს მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

“ალტ-ინფოს” წამყვანები - შოთა მარტინენკო, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მარტინენკო და გიორგი ქარდავა ჰომოფობიური, ქსენოფობიური, დისკრიმინაციულ განცხადებებს თავიანთი ტელევიზიის ეთერით და იუთუბ არხით 5 ივლისის შემდეგაც ავრცელებდნენ.

ძალადობისკენ მოწოდება მედიიდან

ამ დროისთვის, “ალტ-ინფოს” არხის ყურება ტელევიზიაში “მაგთიკომის” და “ახალი ქსელების” მომხმარებლებს შეუძლიათ. “სილქნეტი” კი, “ალტ-ინფოს” არაერთი მიმართვის მიუხედავად, არხს თავის ქსელში არ რთავს. ამასთან დაკავშირებით, 15 ივლისს კომუნიკაციების კომისიას სხდომაზე “ალტ-ინფოს” საჩივარი უნდა განეხილა, თუმცა, დამატებითი დოკუმენტების საჭიროების გამო, განხილვა ორი კვირით გადაიდო.

„ალტ-ინფო“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ, დირექტორი კი - შოთა მარტინენკოა. დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში “ალტ-ინფო” მხოლოდ ინტერნეტში მუშაობდა. ტელემაუწყებლობის უფლება კი კომუნიკაციების კომისიისგან 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო.

ტელევიზიის გარდა, "ალტ-ინფო" ინფორმაციის გასავრცელებლად სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმასაც იყენებს.

რა შეუძლია სახელმწიფოს ძალადობრივი მოწოდებების აღსაკვეთად?

11 ივლისს ალტ-ინფოს ვებგვერდი გაითიშა. ამ დღეს ფეისბუკის მომხმარებელმა როი შენგელიამ დაწერა, რომ ჰოსტინგ კომპანია iPAge.com-მა ვებგვერდი მისი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე დაბლოკა.

არაერთხელ დაიბლოკა მათი ფეისბუკ გვერდიც, თუმცა მალევე სხვა სახელით აღადგინეს.

“მაგთიკომის” IP ტელევიზიის მომსახურების პაკეტში “ალტ-ინფო” 2021 წლის იანვარიდან არის ჩართული. “მაგთის” პიარ მენეჯერი ქეთევან ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მათ არხის განთავსებას კანონი ავალდებულებს და “მაგთიკომს” არ აქვს უფლება სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეზღუდოს არხის მაუწყებლობა.

“მაგთიკომისთვის” მიუღებელია როგორც სიძულვილის ენა, ასევე ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოწოდებები, რომელიც არღვევს გამოხატვის თავისუფლების დადგენილ სტანდარტებს” - დასძენს ქეთევან ნაცვლიშვილი.

“პრაქტიკაში უკვე ვნახეთ, რომ ამგვარმა მოწოდებებმა გამოიწვია 5 ივლისი. ეს მოწოდებები კვლავ გრძელდება და დღეს რას გამოიწვევს, არავინ იცის” - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი. მისი შეფასებით, რეალური საფრთხე არსებობს და აუცილებელია, რომ ამით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა დუმს. ოთხი დღის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიღეთ პასუხი, რომელიმე საგამოძიებო უწყებას დაწყებული აქვს თუ არა გამოძიება “ალტ-ინფოს” წამყვანებთან დაკავშირებით.

16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ “ტარდება საგამოძიებო მოქმედებები”. “დამატებითი კითხვებზე კი პასუხი ჯერ არ გვაქვს და როგორც კი გვექნება, გაგაგებინებთ” - გვეუბნება შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნინო ცხადაძე.

სისხლის სამართლის კოდექსის 239(1) მუხლი ითვალისწინებს სასჯელს, წერილობით ან ზეპირად საჯაროდ ძალადობრივ მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელსაც პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ახლავს თან. იურისტები გამოძიების დაწყების საფუძველს სწორედ ამ მუხლით ხედავენ.

“თუ შესაბამისი სამართლებრივი უწყებები ამას სწრაფად არ აღკვეთენ, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ხელისუფლება ახალისებს ძალადობას და მათ მსგავსი ძალადობრივი ჯგუფების დაუსჯელობის პოლიტიკა” - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

კონტექსტი

გასულ წელს, “სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) ფეისბუკში “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული 34 გვერდი გამოააშკარავა, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენდნენ. ანგარიშში წერია, რომ “ალტ-ინფო“ ქართულ საზოგადოებაში აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს; მათი გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით. ISFED-ის შეფასებით, „ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული.

„ალტ-ინფო“ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი - ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა” - წერს ISFED თავის ანგარიშში.

DFRLab-ის შეფასებით, კი „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.
კატეგორია - საქართველო
სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების, გურამ ფალავანდიშვილის, ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. "ნეტგაზეთი" ზურაბ მახარაძის მეუღლეზე დაყრდნობით წერს, რომ ის ბინის ჩხრეკის შემდეგ  პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ "ჩატარდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა მისამართებზე", თუმცა, ამ ეტაპზე უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ და კონკრეტულ პირებსაც არ ასახელებენ. ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების სახლების ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "რუსთავი2-მა" გაავრცელა.

14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, შსს-ს დეტალებზე არ საუბრობს.

გურამ ფალავანდიშვილი, კონსტანტინე მორგოშია და "ალტ-ინფოს" წამყვანი ზურაბ მახარაძე 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორები არიან. მათი მოწოდებების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფები 53 ჟურნალისტს თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
კატეგორია - საქართველო

12 ივლისს საქართველოს ვიცეპრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა Postv-ის ეთერში გამოთქვა აზრი, რომ „ფეიკ ნიუსის“ პირობებში გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს და ამისთვის კანონი საჭიროა. 

"ასეთი კანონპროექტი დაგვიწერია კიდეც, მაგრამ ის შემოდებული იქნა თაროზე ბევრჯერ, იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკურად პოპულარული თემა, არადა, მე ვფიქრობ, ეს გასაკეთებელია", - თქვა წულუკიანმა. 

რა პრობლემაა?

ამის გასაგებად ხუთი წლით უკან, 2016 წელში უნდა დავბრუნდეთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. სწორედ ტრამპი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად იყენებდა ტერმინ „ფეიკ ნიუსს“ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ როგორც გამოსვლებში, ისე ტვიტერზე. 


2017
 წლიდან მოყოლებული ეს ტერმინი იმდენად პრობლემური გახდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ თემაზე საგანგებოდ დაიწყეს მუშაობა.

პრობლემაა ერთი მხრივ პოლიტიკოსების მხრიდან მედიის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, მეორე მხრივ კი თავად ტერმინი, „ფეიკ ნიუსი“ - ყალბი ახალი ამბავი.

თუ სახელმწიფო გადაწყვეტს "ფეიკ ნიუსს" კანონმდებლობის დონეზე ებრძოლოს, ამ არგუმენტით შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი მისთვის არასასურველი ინფორმაცია.

„ტერმინი „ყალბი ახალი ამბები“ არაადეკვატურია „ინფორმაციული დაბინძურების“ კომპლექსურობის აღსაწერად“ - ვკითხულობთ ევროსაბჭოს 2017 წლის ანგარიშში.

აქვეა აღნიშნული, რომ მსოფლიოში ტერმინ "ფეიკ ნიუსს" პოლიტიკოსები იყენებენ იმ მედიასაშუალებების დასახასიათებლად, რომელთა გაშუქებასაც არ ეთანხმებიან. ეს ტერმინი ხდება მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ძალაუფლების მქონეებს შეუძლიათ შეზღუდონ და ძირი გამოუთხარონ თავისუფალ პრესას. 

რატომაა პრობლემა ტერმინი „ფეიკ ნიუსი?“

ძალაუფლების მქონე პირებისგან ტერმინ ფეიკ ნიუსის ყალბი ახალი ამბების გამოყენება იმ მედიის დისკრედიტაციის მცდელობად იქცა, რომელიც მათ არ მოსწონთ. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა, - ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი და მედია კონსულტანტი, ონნიკ ჯეიმს კრიკორიანი.

პრობლემაა ისიც, რომ „ფეიკ ნიუსის“ გამოყენება, ერთ პრიმიტიულ ტერმინში აქცევს ისეთ კომპლექსურ პრობლემებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, მცდარი ინფორმაცია, არაობიქტური გაშუქება, არაზუსტი გაშუქება და ა.შ.

მაგალითად, მცდარი ინფორმაცია შესაძლოა იყოს სტატია ან სხვა ტიპის მასალა, რომელშიც გარკვეული ელემენტები მცდარია, თუმცა არა მიზანმიმართულად და ვინმესთვის ზიანის მიყენების განზრახვით. დეზინფორმაცია კი ყალბი ინფორმაციაა და განგებ არის შექმნილი ზიანის მისაყენებლად.  

ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას ეუთოს და გაეროს ერთობლივი დეკლარაციაც „ყალბი ახალი ამბების“, დეზინფორმაციისა პროპაგანდის შესახებ: „ინფორმაციის გავრცელებაზე ზოგადი აკრძალვები, რომლებიც გაურკვეველ და ბუნდოვან იდეებს ეფუძნება, მათ შორის "მცდარ ინფორმაციასა" და "არაობიექტურ ინფორმაციას" შეუსაბამოა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო სტანდარტებთან“

კონტექსტი

თეა წულუკიანი მმართველი პარტიის პირველი წარმომადგენელი არაა, რომელიც ოპოზიციურ მედიას „ფეიკ ნიუსად“ მოიხსენიებს. 
„ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა გასულ წელს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ფეისბუქ“ გადაცემით დაიწყო. მედიის რეგულირების ინიციატივით გამოვიდა რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა კახიშვილიც.

თუმცა ვიცეპრემიერის მიერ პრესის რეგულაციაზე საუბარი დაემთხვა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციებს, რომლებიც 11 ივლისს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

ონნიკ კრიკორიანი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანი განსაკუთრებით შეშფოთებული უნდა იყოს თბილისში 5 ივლისს მომხდარი მოვლენების შემდეგ სიძულვილის ენაზე, თუმცა ის მხოლოდ ოპოზიცისს მხრიდან კრიტიკამ შეაწუხა: “დეზინფორმაციასთან საბრძოლველად კანონპროექტის ინიცირებამდე კი ხელისუფლება ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან  კონსულტაციას უნდა გადიოდეს და მათთან თანამშრომლობდესს, თუმცა ვიცით, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაციები არ მოსწონს, რაც ასევე პრობლემაა“.

კატეგორია - საქართველო

ნებისმიერ  დემოკრატიულ  ქვეყანაში  ჟურნალისტებს  უნდა  ჰქონდეთ  შესაძლებლობა,  უსაფრთხოდ  და  უვნებლად  შეასრულონ  თავიანთი  სამუშაო.  ხელისუფლებამ  არ  უზრუნველყო  საკმარისი  დაცვა,  როდესაც  აქტივისტებისა  და  ჟურნალისტების  წინააღმდეგ  ძალადობრივი  ქმედებები  ხორციელდებოდა.", -  ასე  აფასებენ  ევროკავშირის  წარმომადგენლები  5  ივლისს  განვითარებულ  მოვლენებს.

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები საქართველოს პრემიერმინისტრს, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილს უგზავნინ.

დიპლომატები ხელისუფლებას მომხდარ თავდასხმებზე შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების მიღებისკენ, ასევე ყველა დანაშაულებრივი ქმედების ეფექტიანად და სწრაფად გამოძიებისა და დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებენ.წერილში რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული:

  • ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს.
  • კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო.
  • ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.
  • ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
  • ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები.
  • არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.
  • ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.
  • ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ.
  • საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის.
„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე, აქტივისტებსა და ლგბტქი+ თემის წევრებზე ძალადობრივ თავდასხმებს, 11 ივლისს კი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ამის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებები, ელჩები, ევროპარლამენტარები და უფლებადამცველი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ.
კატეგორია - საქართველო

მედიის წარმომადგენლებმა  5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმები კიდევ ერთი აქციით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გააპროტესტეს. ჟურნალისტები მდუმარე აქციაზე "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. 

მედიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და თავდასხმებში მონაწილე და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. 

პროტესტის ნიშნად ოთხმა ცენტრალურმა ტელევიზიამ - "ტვ პირველმა" , "მთავარი არხმა", "ფორმულამ" და "კავკასიამ" 14 ივლისს 24 საათით მაუწყებლობას შეწყვიტეს 13 ივლისს 15:00 საათზე ეთერი გათიშეს რეგიონულმა ტელევიზიებმაც. 

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.
 
კატეგორია - საქართველო
• „ჟურნალისტობა დანაშაული არ არის“

• მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა

• ხელისუფლების ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები და არ წაახალისოს ძალადობა

ეს გზავნილები საქართველოს მისამართით საერთაშორისო საზოგადოებისგან 5 ივლისის შემდეგ ისმის.

„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე, აქტივისტებსა და ლგბტქი+ თემის წევრებზე ძალადობრივ თავდასხმებს, 11 ივლისს კი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ამის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებები, ელჩები, ევროპარლამენტარები და უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები მთავარ აქცენტს აკეთებენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.

დიპლომატიური კორპუსი და გამოხმაურება ამერიკის შეერთებული შტატებიდან

„ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.“,- ეს განცხადება ერთობლივი წერილის სახით გაავრცელეს ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გმობდნენ „ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის არ დაგმობას“ და ქართველ ლიდერებსა და სამართალდამცავ უწყებებს:

• დაუყოვნებლივ მოქმედების

• ძალადობის საჯაროდ დაგმობისა და

• თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით მოქმედი ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

"საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და ძალადობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მისცენ“,- ასე დაგმეს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, ჯერ ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებით, შემდეგ კი პრესკონფერენციის დროს, როდესაც დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ შეახსენა თავიანთი ვალდებულების შესახებ დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილეები.

იმავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებდნენ შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანი სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი. ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი გამოთქვა.

„თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.“, - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს].ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს“, - ამბობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნი და „ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მკვლევარი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ და მომხდარზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის ინიციატივაზე საუბრობდა.

საგარეო უწყებები, ევოატლანტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ელჩები

„თავისუფალი მედია ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესანარჩუნებლად. ჟურნალისტები ჩვენს თავისუფლებას იცავენ, ჩვენ მათი თავისუფლება უნდა დავიცვათ", - წერს ტვიტერზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დომინიკ რააბი.

5 ივლისს ქვიარ ადამიანებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმეს და ლექსო ლაშქარავას ახლობლებს სამძიმრი გამოუცხადეს შვედეთის, ლატვიის, ნიდერლანდებისა და სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მსგავსად 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობის სამართლიანი გამოძიების მოწოდებით გამოვიდნენ საქართველოში ნიდერლანდების, ჩეხეთის, ლიეტუვისა და სხვა ქვეყნების ელჩები.

"ხელისუფლებას მოვუწოდეთ, განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაიცვას უმცირესობები",- წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კალასი.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

“კატეგორიულად ვგმობ მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, მედიის პატივისცემას. ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, -ასეთი იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის შეფასება 5 ივლისის მოვლენებზე.

ხელისუფლებას ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე მოძალადეების დასჯის ვალდებულება შეახსენეს „ეუთო/ოდრიმა“ და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმაც.

ევროპარლამენტარები

საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის სურვილის ფონზე კი ევროპული ღირებულებების პატივისცემის აუცილებლობა გაახსენეს ევროპარლამენტარებიის ნაწილმა.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და მკაფიოდ ესაუბრათ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ პრაიდის მარშის წინ.“, - წერდნენ ერთობლივ განცხადებაში მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი.

ევროდეპუტატებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანა სურს, გაერთიანებაში გაწევრიანების წინაპირობა კი იმ ინსტიტუტების სტაბილურობაა, რომლებიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს.

„ლექსო ლაშქარავას დაღუპვა და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული.“ , -ასეთი იყო ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მთავარი გზავნილი.

„სირცხვილი“ - ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ის, რომ „ხელისუფლებამ არ დაიცვა ჟურნალისტები და მოქალაქეები“, რომლებიც თავდასხმების შედეგად საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები დამნაშავეების სათანადოდ არ დაგმობაში, საკითხით სპეკულირებასა და ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს ევროპარლამენტარებმა ვიოლა ფონ კრამონმა და ტაიშ როიტენმა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები

ქართველ ჟურნალისტებსა და ქვიარ აქტივისტებზე ძალადობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც.

“ვითხოვთ სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებებისა და იმ ჟურნალისტებზე თავდასხმების შემთხვევებზე, რომლებიც პოლიციამ ვერ დაიცვა “, - ეს არის მთაარი მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციისა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ძალადობის უკან მდგომი პირების პასუხისგებაში მიცემისა და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოწოდებები გაავრცელეს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა მდივანმა, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“.

გაშუქება საერთაშორისო მედიაში

თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობამ და რამდენიმე დღის შემდეგ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპრო საერთაშორსო მედიაშიც.

ჟურნალისტების პროტესტი გააშუქეს Reuters-მა, The Washington Post-მა, CNN-მა, BBC-მ, The AP-მ, Euronews-მა, The Guardian-მა, PetaPixel-მა, New York Post-მა, Deustche Welle-მ და სხვებმა.

საერთაშორისო გამოცემების მასალებში ყურადღება ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მიზანიმართულ თავდასხმებზე, ეკლესიის როლსა და ხელისუფლების რეაგირებაზეა გამახვილებული.

თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებმა კანის კინოფესტივალამდეც მიაღწია და ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას რეჟისორმა სპაიკ ლიმ უპასუხა. მან ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.
კატეგორია - საქართველო
ოთხი ცენტრალური ტელევიზია - "ტვ პირველი" , "მთავარი არხი", "ფორმულა" და "კავკასია" , პროტესტის ნიშნად, 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს. ამ ფორმით გამოხატავენ ტელევიზიები პროტესტს "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

13 ივლისს 15:00 საათზე ეთერი გათიშეს რეგიონულმა ტელევიზიებმაც. 10 წუთის განმავლობაში ათზე მეტი რეგიონული მაუწყებლის ეკრანებზე ჩანდა წარწერა “ლექSOSთვის”. ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი შემდეგმა მაუწყებლებმა: “გურია”, “მეცხრე ტალღა”, “ოდიში”, TOK TV , “აგროგარემო”, TV/25, “მეცხრე არხი”, “თანამგზავრი”, TV 4, “რიონი”, “ბორჯომი tv”

ლოზუნგით, "გადადგეს მკვლელი მთავრობა“ - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, 11-12 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციები გაიმართა. არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კატეგორია - საქართველო
13 ივლისს 15:00 საათზე რეგიონულმა ტელევიზიებმა, ალექსანდრე ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, 10 წუთით ეთერი გათიშეს. ათზე მეტი რეგიონული მაუწყებლის ეკრანებზე ამ დროის განმავლობაში ეკრანზე ჩანდა წარწერა “ლექSOSთვის”.

ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი შემდეგმა რეგიონულმა მაუწყებლებმა: “გურია”, “მეცხრე ტალღა”, “ოდიში”, TOK TV , “აგროგარემო”, TV/25, “მეცხრე არხი”, “თანამგზავრი”, TV 4, “რიონი”, “ბორჯომი tv”

დღეს დილით კი მთავრობის ადმინისტრაციაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე, ჟურნალისტები ტრიბუნის წინ ავიდნენ, ალექსანდრე ლაშქარავას ფოტოებით ხელში დადგნენ და მისი გარდაცვალება წუთიერი დუმილით გააპროტესტეს.

„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ - ამ ლოზუნგით, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, 11-12 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციები გაიმართა. არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.
კატეგორია - საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციაში მისულმა ჟურნალისტებმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, “TV პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება წუთიერი დუმილით გააპროტესტეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე, ჟურნალისტები ტრიბუნის წინ ავიდნენ და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოებით ხელში დადგნენ. საპროტესტო გამოსვლის შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფიგი დაიწყო.

„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ - ამ ლოზუნგით, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, 11-12 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციები გაიმართა. არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.