საქართველო
კატეგორია - საქართველო
17 მარტს ღამით, თბილისსა და ზუგდიდში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი “ფორმულასა” და “მთავარის” გადამღებ ჯგუფებს ორ განსხვავებულ ადგილას, განსხვავებულ თემებზე მუშაობის დროს შეუშალეს. ორივე შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.

რა მოხდა?

“ფორმულას” - ჟურნალისტს ნანო ჩაკვეტაძეს, ოპერატორსა და მის ასისტენტს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში ინტერვიუს ჩაწერის დროს მოქალაქე დაესხა თავს. ნაცემია ორი ოპერატორი. ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტსაც. დაზიანებულია აპარატურა.

მომხდარის დეტალები:
  • გადამღები ჯგუფი გადაცემა “დროებისთვის” უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსი მოქალაქეების ჩამოსვლის თემაზე ბარში წინასწარ შეთანხმებულ ინტერვიუს წერდა. რესპონდენტი რუსეთის მოქალაქე იყო.
  • ბარში შესვლისთანავე ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა პირმა ჰკითხა რომელი ტელევიზიიდან იყვნენ და რას აკეთებდნენ.
  • მოქალაქე მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც გაიგო, რომ ჯგუფი “ფორმულადან” იყო. ინტერვიუს ჩაწერის პროცესში ჟურნალისტის მიმართ ჰქონდა რეპლიკები. ამბობდა, რომ არ მოსწონდა “ფორმულა” და ის, თუ როგორ აშუქებს ტელევიზია ამბებს.
  • მოქალაქემ გინება დაიწყო რესპოდნეტის მიმართაც, თუმცა მას ფიზიკურად არ შეხებია.
  • მოქალაქემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გადამღები ჯგუფის სამივე წევრს.
  • ჟურნალისტმა ჯერ პროდიუსერებს შეატყობინა მომხდარის შესახებ, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა.
  • როდესაც პირველმა გადამღებმა ჯგუფმა ბარი დატოვა, ადგილზე “ფორმულას” კიდევ ერთი ჯგუფი მივიდა. აგრესიულმა პირმა ჩაწერის დროს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არხის მიკროფონი გადაადო.



პოლიციამ თავდამსხმელი ღამითვე დააკავა. სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს “ფორმულას თანამშრომლები.
  • “ ჩვენი პოზიცია, გამოძიებამ აბსოლუტურად გაიზიარა: რომ თუ დღეს ვინმეს რომელიმე არხის საქმიანობა არ მოსწონს, ლეგიტიმურად მიიჩნევს, ხელი შეუშალოს მას, იძალადოს და ა.შ.”, - თქვა ჟურნალისტმა ნანო ჩაკვეტაძემ ფორმულას ეთერში.

გამოძიება: ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ყველა საჭირო მოქმედებას შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით.
  • ძალადობრივ ქმედებასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა “ფორმულას” გადამღები ჯგუფის სამივე წევრს დღეს ჩაუტარდება.

“მთავარი არხის” - ჟურნალისტს ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს ზუგდიდში, ძალადობრივი ჯგუფის “ალტ-ინფოს” პარტიის ოფისთან დაესხნენ თავს. ემა გოგოხია ჰყვება, რომ:
  • ჟურნალისტები ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლების მიერ “ალტ-ინფოს” ოფისის შენობაზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერების წაშლას იღებდნენ. ჟურნალისტი ცდილობდა ოფისის ერთ-ერთი წარმომადგენლის ჩაწერას.
  • გადაღების დროს ოფისთან რამდენიმე ერთდროულად გაჩერდა და იქიდან გადმოსული “კასტეტებით” შეიარაღებული პირები მათ თავს დაესხნენ.
  • ოპერატორს დაახლოებით 8 კაცი სცემდა. იძალადეს ჟურნალისტზეც.
  • ძალადობის ამ ფაქტს საპატრულო პოლიცია შორიდან უყურებდა, პოლიციის ეკიპაჟი მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც ხმაური მოქალაქეებმა გაიგეს და შველას შეეცადნენ.
  • ადგილზე მოსულმა პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არა ყველა.
  •  თავდამსხმელები ერთმანეთს მიუთითებდნენ აპარატურის დამტვრევისკენ. ცდილობდნენ კამერის გატაცებას.


გამოძიება - ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს შედეგია და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.
კატეგორია - საქართველო
რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია თავდაპირველად 5 მარტს გვიან ღამით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.


რა მოხდა

ტელეწამყვანმა მიხაილ ფიშმანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას თქვა, რომ საქართველოში 5 მარტს ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მისი 4 წლის შვილი შემოუშვეს, მას კი უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე

  • „თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს, მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ შემიძლია, გადაწყვეტილება ათი დღის ვადაში გავასაჩივრო“- ამბობს ფიშმანი.

მისი თქმით, იკითხა, თუ რის გამო არ უშვებდნენ ქვეყანაში, თუმცა, არაფერი აუხსნეს და მიზეზი მისთვის გაურკვეველი დარჩა:

  • „მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ. პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი… კონტაქტებთან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ „დოჟდთან“ კავშირის გამო მოხდა“



კონტექსტი

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ოცამდე მედიასაშუალება დაიბლოკა ან დაიხურა. მათ შორის არის ტელეკომპანია „დოჟდიც“.
  • თავდაპირველად რუსეთში „დოჟდის” ვებგვერდი დაბლოკეს. 4 მარტს კი, არხმა სახელმწიფოსგან ზეწოლის გამო მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ქვეყანა დატოვეს „დოჟდის“ რედაქციის თანამშრომლებმა.
  • „დოჟდის“ ბოლო ეთერი 3 მარტს გავიდა და სიმბოლურად პეტრე ჩაიკოსვკის ბალეტის „გედების ტბის“ ნაწყვეტით დასრულდა. ამბების გაშუქების ნაცვლად, სწორედ ამ ოპერას გადასცემდა უწყვეტად საბჭოთა ტელევიზია 1991 წლის აგვისტოს პუჩტის დროს სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდების მცდელობისას.

ვრცლად ამ თემაზე: საინფორმაციო ომი რუსეთში - დაბლოკილი მედია და პროპაგანდა
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმის პროცესის შემდეგ ბრალდებულების ახლობლებმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

რა მოხდა?

2 მარტს 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ სასამართლო პროცესის შემდეგ, სავარაუდოდ, ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები
  • გამოკითხვიდან გამოსულ “ფორმულას” ჟურნალისტს, რატი წვერავას დახვდნენ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ცდილობდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ისმოდა მუქარები.
  • შეურაცხყოფა მიაყენეს “რუსთავი 2” -ის გადამღებ ჯგუფსაც არჩილ ჭიჭიბოშვილს და ხათუნა გაგნიძეს.
ვითარება მანდატურებმა განმუხტეს, ასევე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველებმა „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლები ადგილზე გამოკითხეს.



  •  „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ მომხდარი სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
  • მედიაკოაკიციის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ 2021 წლის 5-6 ივლისის მაშტაბური თავდასხმის მონაწილეებისა და ორგანიზატორების სათანადო დაუსჯელობამ წაახალისა მედიის წარმომადგენლებისა და, ზოგადად, უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ქმედებები.
ვრცლად განცხადებას გაეცანით აქ.

კონტექსტი

  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის „ფორმულას“ ჟურნალისტს რატი წვერავას, რომელსაც 22 თებერვალს სასამართლო პროცესზე ბრალდებულები დაემუქრნენ
  • ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ათას აბონენტს საკაბელო ტელევიზიაზე რუსული პროპაგანდისტული არხების ნაწილზე წვდომა შეუწყდება.

რა მოხდა?

მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების გაერთიანებამ „შპს ტივიჯიმ“ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყებისა და ევროკავშირში რუსული სამთავრობო მედიების დაბლოკვის შემდეგ, 5 პროპაგანდისტული არხის გათიშვა გადაწყვიტა:
  • RTR
  • RUSSIA24
  • რუსეთის პირველი არხი 
  • Russia Today
  • ალტ-ინფო „ტივიჯი“
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის 10 წევრი კომპანიისთვის მაუწყებლობის ტრანზიტს უზრუნველყოფს.

შესაბამისად, ეს 5 არხი 10 პროვაიდერს აღარ მიეწოდება.

შპს "ტივიჯის“ დირექტორის ბესიკ წაქაძის თქმით, არხები დაახლოებით 4 ათასამდე აბონენტს რამდენიმე რეგიონში გაეთიშება:
  • იმერეთში: ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია
  • გურიაში: ლანჩხუთი
  • სამეგრელოში: ზუგდიდი, სენაკი
  • ქვემო ქართლში: მარნეული
  • შიდა ქართლში: ხაშური, ქარელი
ბესიკ წაქაძის განმარტებით, არხების მიწოდებას დროებით იქამდე შეაჩერებენ, სანამ „რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას, ქართული არხები რუსულ პროპაგანდას“.

ასევე, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციით, Russia Today-სა და Sputnik-ის გათიშვის დაანონსების შემდეგ, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ქსელ „სილქნეტზე“ რუსული არხები RTR და ORT გაითიშა. მოგვიანებით, კომპანიაში განმარტეს, რომ გათიშვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.
კატეგორია - საქართველო
ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.


სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, ფეისბუქმა ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებით ცნობილი მედია ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს აწვდიან.

  • უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას - წერს ISFED

რა გზავნილები აქვს ალტ-ინფოს

  • ალტ-ინფოს ნარატივი ზუსტად ემთხვევა ვლადიმერ პუტინის გზავნილებს
  • მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, ალტ-ინფო ცდილობს თავისი მაყურებელი დაარწმუნოს, რომ ომის დაწყება დასავლეთის და უკრაინის ბრალია, რუსეთის დამარცხება კი შეუძლებელია. 
ამ თემაზე: როგორ ცდილობს ალტ-ინფო რუსეთის გამართლებას უკრაინასთან ომში

ეს ფეისბუქის მხრიდან ალტ-ინფოს გვერდების დაბლოკვის პირველი შემთხვევა არ არის.

  • 2020 წელს “სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) ფეისბუკში “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული 34 გვერდი გამოააშკარავა, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენდნენ.
  • ანგარიშში წერია, რომ “ალტ-ინფო“ ქართულ საზოგადოებაში აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს; მათი გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით.
  • ISFED-ის შეფასებით, „ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული.

მოკლედ, ალტ-ინფოს შესახებ


  • ალტ-ინფომ 2018 წელს ინტერნეტ ტელევიზია შექმნა - "ლიბერალურ პროპაგანდასთან" საბრძოლველად.
  • 2021 წლის 20 ნოემბერს კი პარტია დააფუძნა სახელწოდებით „ კონსერვატიული მოძრაობა“ და მთელი საქართველოს მასშტაბით ხსნიან ოფისებს.
  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები, რომლის ორგანიზატორებიც ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები იყვნენ, მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • ფეისბუქმა არაერთხელ დაიბლოკა ალტ-ინფოს გვერდები, თუმცა მუდმივად სხვადასხვა სახელით ახალ-ახალ გვერდებს ქმნიან.
  • DFRLab-ის შეფასებით, კი „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.
კატეგორია - საქართველო
უკრაინაში ომის პარალელურად, ალტ-ინფო ცდილობს მაყურებელი დაარწმუნოს, რომ ომის დაწყება დასავლეთის და უკრაინის ბრალია, რუსეთის დამარცხება კი შეუძლებელია.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებით ცნობილი მედია ალტ-ინფო თავის იუთუბ არხზე საგანგებო პირდაპირი ეთერის რეჟიმში მაუწყებლობს.
  • 24 თებერვალს 10:30 საათიან უწყევტ ეთერში ალტ-ინფოს წამყვანები, პრორუსულად განწყობილ რესპონდენტებთან ერთად, ცდილობდნენ, რომ რუსეთის ქმედებები გაემართლებინათ და მთელი აქცენტი „უკრაინის ბრალეულობაზე“ გადაეტანათ.
  • 25 თებერვალს კი, იდენტური გზავნილებით, ალტ-ინფომ 12:00 საათიდან დაიწყო პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა სადაც წამყვანები და რესპონდენტები მაყურებელს არწმუნებენ, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია და საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს, როცა სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს და რუსეთთან საქმეს არ იფუჭებს.
  • პარალელურად, ალტ-ინფოს მხარდამჭერები იმავე გზავნილებს ავრცელებენ რამდენიმე დღით ადრე შექმნილ ფეისბუქ გვერდებზე, ჯგუფებში და ვებსაიტზე.

ალტ-ინფოს მთავარი გზავნილები:

ალტ-ინფოს ნარატივი ზუსტად ემთხვევა ვლადიმერ პუტინის გზავნილს, რომ რაც უკრაინაში ხდევა, თითქოს „ეს არის იძულებითი ქმედება და დასავლეთმა უბრალოდ სხვაგვარად მოქცევის შანსი არ დაუტოვა რუსეთს“.

ამონარიდები:

  • ვლადიმერ ზელენსკის შეეძლო ომი აეცილებინა თავიდან.
  • უკრაინამ განაცხადა უარი მინსკის ხელშეკრულების შესრულებაზე და ზელენსკიმ დასავლეთის იმედად გაწირა უკრაინა.
  • უკრაინას უნდა დაეწყო მოლაპარაკებები, „სანამ დრო იყო“.
  • დასავლეთის პროპაგანდა აქტიურად მუშაობს და ცდილობს უკრაინელებში რუსებისადმი მტრული განწყობები გააღვივოს.
  • უკრაინის უბედურებაში ამერიკას და ევროპულ ქვეყნებს მიუძღვით ბრალი.

ალტ ინფოს წამყვანები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკზე კი, ცინიზმით და ირონიით საუბრობენ და მას „კავეენშიკ მხედარმთავარს“ უწოდებენ.

  • ალტ-ინფო მაყურებელს არწმუნებს, რომ „უკრაინა დიდხანს ვეღარ გაუძლებს რუსეთის შეტევას“.
  • მუდმივად ხაზს უსვამს რუსეთის „წარმატებებს“ და ამის დასამტკიცებლად, პარალელურ რეჟიმში, ეთერში ატრიალებს რუსი ჯარისკაცების გადაადგილების, საბრძოლო მოქმედებების და აფეთქებების ამსახველ კადრებს.
  • ამ კადრების მთავარი წყარო რუსული არხების მიერ გავრცელებული მასალებია, თუმცა ზოგჯერ, მეტი დამაჯერებლობისთვის მოჰყავთ გავლენიანი მედიაც, მაგალითად, BBC, CNN, DW.
  • ეთერში უშვებენ ყალბ ვიდეო/ფოტო მასალებსაც.

მანიპულაცია საქართველოს ინტერესების დაცვის სახელით

  • ალტ-ინფოს წამყვანები საზოგადოებას არწმუნებენ, თითქოს მათი მიზანია საქართველოს ომი აარიდონ თავიდან.
  • და „სწორედ მაგისთვის არსებობს კონსერვატიული მოძრაობაც, რომ საქართველო გადაარჩინონ“.
ამონარიდი ერთ-ერთი წამყვანის მონოლოგიდან

„კრიტიკული სიტუაციაა და იმის მიხედვით, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება, ეგ განსაზღვრავს ბედს. შარში არ უნდა გავეხვეთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო არ დაზიანდეს. თუ საქართველო ამ ამბავში ზედ მიაყოლეს უკრაინას, მერე უკვე არაფრის გაკეთება აღარ იქნება შესაძლებელი.“

ძირითადი გზავნილებია:
  • საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს იცავს.
  • უკრაინის მხარდამჭერი აქციების გამართვა აზიანებს საქართველოს.
  • ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის მიმართ სანქციებს, გაწონასწორებული, პრაგმატული და სწორია.
  • ვინც უკრაინას უჭერს მხარს, მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
  • როგორ უნდა დაუდგეს საქართველო გვერდში უკრაინას გვერდით, როცა ამერიკაც კი არაფერს აკეთებს?!

მოკლედ, ალტ-ინფოს შესახებ

  • ალტ-ინფომ 2018 წელს აინტერნეტ ტელევიზია შექმნა - "ლიბერალურ პროპაგანდასთან" საბრძოლველად.
  • 2021 წლის 20 ნოემბერს კი პარტია დააფუძნა სახელწოდებით „ კონსერვატიული მოძრაობა“ და მთელი საქართველოს მასშტაბით ხსნიან ოფისებს.
  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები, რომლის ორგანიზატორებიც ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები იყვნენ, მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • ფეისბუქმა არაერთხელ დაიბლოკა ალტ-ინფოს გვერდები, თუმცა მუდმივად სხვადასხვა სახელით ახალ-ახალ გვერდებს ქმნიან.
  • ISFED-ის შეფასებით, „ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული.
  • DFRLab-ის შეფასებით, კი „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.
კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საინფორმაციო დახმარებას სთავაზობს


  • პირველი არხი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში დაეხმარებიან.
  • დახმარების სურვლის შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე: +995 32 240 94 77




    კონტექსტი

    24 თებერვლის დილით რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. ამ დროისთვის უკვე დაბომბილია რამდენიმე ქალაქი და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, მედიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საზოგადოებას მიმართავს, რომ არ გახდნენ პრორუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი

ქარტია მიმართავს საქართველოს მედიასაშუალებებს:

  • გამოიჩინონ სიფრთხილე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, რადგან ასეთ დროს განსაკუთრებით აქტიურდება პროპაგანდისტული კამპანიები და დეზინფორმაცია, ვრცელდება უამრავი გადაუმოწმებელი ცნობა, ვიდეო და ფოტო მასალა.
  • იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ყურადღება მთლიანად მიმართულია უკრაინის მოვლენებისადმი, მნიშვნელოვანია, მედიამ გაორმაგებული ძალისხმევა დახარჯოს ინფორმაციის გადასამოწმებლად და მხოლოდ სანდო წყაროები გამოიყენოს. 



ამ თემაზე ვრცლად: როგორ აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება მედიის გზავნილებს ომის შესახებ 



ქარტია მიმართავს საზოგადოებასაც, რომ

  • ნუ წამოეგებიან საქართველოში მოქმედი პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაციებისა და საინფორმაციო არხების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მედიის წარმომადგენლებს და კოლეგებს უკრაინის პრესის საბჭოში.

კონტექსტი

24 თებერვლის დილით რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. ამ დროისთვის უკვე დაბომბილია რამდენიმე ქალაქი და ქვეყნისსხვადასხვა რეგიონში სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს.
კატეგორია - საქართველო
კრიმინალის, ტრაგედიების თუ ძალადობის გაშუქებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.


1989 წელს, ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში იპოვეს უგონოდ მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ცემისა და სექსუალური ძალადობის კვალი ეტყობოდა. მალევე პოლიციამ ხუთი 14-დან 17-წლამდე ბიჭი დააკავა.

ამავე წლის 21 აპრილს, გაზეთი New York Daily News, სტატიაში, სახელწოდებით, „მგლების ხროვის მსხვერპლი“ იტყობინებოდა, რომ თინეიჯერები ჰარლემიდან, ნიუ იორკის ერთ-ერთი უბნიდან არიან, მოიხსენიებდა მათ „ბანდის წევრებად“ და დეტალურად აღწერდა მათ მიერ ჩადენილ „დანაშაულს“. მედიამ და პოლიციამ დაიწყო საუბარი „რასობრივ დანაშაულზეც“.

  • ამ ამბიდან მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2002 წელს გაირკვა, რომ არცერთი მათგანი დამნაშავე არ იყო, ნამდვილმა დამნაშავემ დანაშაული აღიარა და ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა.
  • უდანაშაულოდ დაპატიმრებულები გაათავისუფლეს, თუმცა ისინი წლებით ადრე უკვე ჰყავდა „გასამართლებული“ მედიას.

„სწორედ მედია იყო მაშინ ნამდვილი „მგლების ხროვაო“ - ამბობდა 2003 წელს, ნიუ იორკ დეილი ნიუსის ყოფილი ჟურნალისტი, ლინელ ჰარისი 2003 წელს.

ეს ამბავი, რომელზე დაყრდნობითაც 2019 წელს სერიალიც გადაიღეს, უამრავიდან მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმის საჩვენებლად, რომ კრიმინალური ამბების არასრულფასოვან გაშუქებას საზოგადოებისთვის - სრულიად უსარგებლო, ეჭვმიტანილისთვის კი, ხშირად კატასტროფული შედეგები მოაქვს.

კრიმინალის გაშუქების სისტემური პრობლემა ქართულ მედიაში

ქართულ მედიაში, განსაკუთრებით, ტელევიზიაში, მუდმივად ქვეყნდება პრობლემური, ეთიკისგან დაცლილი და სენსაციაზე ორიენტირებული მასალა ქვეყანაში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებზე.

გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულება შეიძლება ჰქონოდა მაყურებლისთვის, გარდა რეიტინგისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა.

მაგალითად:

  • ისედაც ტრაგიკული ამბის კიდევ უფრო დრამატიზებას და სენსაციურად გაშუქებას.
  • მსხვერპლის ან/და ბრალდებულის ვინაობის ცოდნას.
  • მშობლების მკვლელობის თვითმხილველი, მსხვერპლი არასრულწლოვნის ჩაწერას და მომხდარის დეტალურად მოყოლას.
  • დანაშაულის ჩადენის რეკონსტრუქციის ჩვენებას (მაგალითად, არასრულწლოვნის მიერ მოხუცი ბებიის დანით დაჭრა).
  • ძალადობის თუ მკვლელობის ფაქტის დეტალურ აღწერას.
  • ახლობლების/ნაცნობების ფარულად ჩაწერას და დაუდასტურებელი ინფორმაციების ტირაჟირებას.
  • დანაშაულის მოტივის მეზობლებში ძიებას.
  • პირადი ცხოვრების დეტალების თუ სხვა არასაჭირო ინფორმაციების გასაჯაროებას.
  • ჭორების, არაოფიციალური, დასკვნების, ვარაუდებისა თუ ეჭვების გაშუქებას.

კრიმინალური შემთხვევების არაეთიკურად გაშუქების მაგალითები:


  • ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში მედიები აქტიურად ცდილობენ, რომ მსხვერპლები და არასრულწლოვნები დაფარონ, რათა მათი იდენთიფიცირება შეუძლებელი იყოს.
  • მეორე მხრივ, რეიტინგულ ტელევიზიების ეთერში მაინც ხშირად დაუფარავად ვხედავთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს მათ შორის ბავშვებიც. მედიას დაუფარავად უჩვენებია მკვლელობის ამსახველი “ექსკლუზიური” კადრები, დასახიჩრებული გვამები, სადაც ამას კონტექსტი არ მოითხოვდა.
  • ზოგჯერ, მართალია არა პირდაპირ, მაგრამ მსხვერპლის ვინაობა მედიამ უნებურად გაამჟღავნოს გარემოს აღწერით, მეზობლების თუ ახლობლების ჩვენებით, ადგილის დასახელებით და სხვა მრავალი დეტალის გასაჯაროებით

მედიის როლი კრიმინალის გაშუქებისას



კრიმინალურ ისტორიებთან დაკავშირებული სიუჟეტები, როგორც წესი, მაღალი რეიტინგის მომტანია.
  • სოციალურ ქსელში, ცენტრალური ტელევიზიების გვერდებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწორედ კრიმინალური ფაქტების არაეთიკური, სენსაციური გაშუქების ვიდეოებია და ასეთ სიუჟეტებს ხშირად ასი ათასობით ნახვა აქვს.
  • თუმცა აქ მედიის მოვალეობაა, განსაზღვროს, ემსახურება ეს საჯარო ინტერესს, თუ უბრალოდ აუდიტორიის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

ამ თემაზე ვრცლად: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

საერთაშორისო კონტექსტი

მსგავსი ტენდენციაა ამერიკაშიც. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კრიმინალური შემთხვევების რიცხვი მუდმივად იკლებს, კრიმინალის გაშუქება ამერიკელებისთვის კვლავ ახალი ამბების ერთ-ერთ პირველ თემად რჩება.

ბუნებრივია, აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. თუმცა, საჭიროა, მედიამ თავისი როლი და პასუხისმგებლობა კარგად გაითავისოს და განსაზღვროს, რას ემსახურება ეს გაშუქება.

"რატომ არ შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი სამუშაოზე ცოტა სხვანაირად?" - ამბობს ჟურნალისტი და მედიაკრიტიკოსი სოფი ჰეიგნი cjr.org-თან (Columbia Journalism Review) ინტერვიუში - „მედიასაშუალებები ხშირად ისეთ დანაშაულებს აშუქებენ, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთოდ არც უნდა გააშუქონ. იმ შემთხვევაში კი, თუ აშუქებენ, ყურადღება სისტემურ პრობლემაზე და ტენდენციებზე უნდა გაამახვილონ.“

რა უნდა გავითვალისწინოთ კრიმინალის ან ტრაგედიის გაშუქებისას?

  • ამბის გაშუქების მთავარი ამოსავალი წერტილი საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა უნდა იყოს
  • მედიის მიერ კრიმინალის გაშუქება არ უნდა იყოს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებზე რეაქცია
  • ცალკეული შემთხვევები პანიკისგან დაცლილად, მთავარი პრობლემის გამოკვეთით და სწორი აქცენტების დასმით უნდა გაშუქდეს
  • მედია უნდა ეძებდეს სისტემურ პრობლემას, ჩაუღრმავდეს საკითხს და რელევანტურ წყაროებზე დაყრდნობით, მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები
  • ჟურნალისტებმა კარგად უნდა გაითავისონ პასუხისმგებლობა და ის რისკეები, საფრთხეები, ზიანი, რაც კრიმინალური ამბების არასწორ გაშუქებას შეიძლება მოჰყვეს

ამავე საკითხზე იხილეთ ქარტიის რეკომენდაციები: კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესები
კატეგორია - საქართველო
5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმის მორიგ სასამართლო პროცესზე ბრალდებულები „ფორმულას“ ჟურნალისტს დაემუქრნენ.

რა მოხდა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას, მოწმის სახით გამოკითხვის დროს ბრალდებულები ჟურნალისტის განცხადებამ გააღიზიანა.

  • ბრალდებულების აგრესია და ხმაური მოჰყვა რატი წვერავას ნათქვამს: "ჩვენ არაკაცებს არ ვაშუქებთ ანუ ძალადობრივი მოწოდებების მქონე ადამიანებს არ ვაშუქებთ ეთერში".
  • ბრალდებულის, გიორგი ნასყიდაშვილის მუქარა: „არაკაციც ხარ და უნამუსო... გამომიშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდევ, მიმიშვით ამ არაკაცთან. ამ ვიგინდარას რომ შემოვარტყამ მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი. მოდის და არაკაცს გვიწოდებს".
  • ბრალდებულების ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სხდომა დატოვა, ის მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა.

პროკურორის შეფასება

„დაცვის მხარის მიზანი არ არის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, მათი მიზანია პროცესის გაჭიანურება, ეს მიუთითებს სასამართლო დარბაზში მათ ქცევაზეც და ასევე მათ მიერ მოწმეებისათვის დასმულ შეკითხვაზე.“, - თქვა ლევან ვეფხვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
  • დღეს ჩვენება უნდა მიეცა „მთავარი არხის“ ოპერატორის დათუნა ახალკაცსაც, თუმცა მისი გამოკითხვა გადაიდო.
  • 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების გამოკითხვა მომდევნო პროცესზე 2 მარტს დასრულდება.

კონტექსტი


  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის „ფორმულას“ ჟურნალისტს რატი წვერავას.
  • ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.



    ვრცლად: დაუსჯელი ორგანიზატორები და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ბრალდებულები - რა ხდება 5 ივლისის საქმეზე
კატეგორია - საქართველო
ჟურნალისტებზე კასპში მომხდარ ძალადობის ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
  • უწყებაში დღეს ტელეკომპანია "მთავარის", "პირველისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები გამოკითხეს.
  • მოკვლვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კონტექსტი

  • 18 თებერვალს,კასპის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას "მთავარის" ინფორმაციით, მათს ჟურნალისტსა და ოპერატორზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.
  • არხის განმარტებით: მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მითითებით მედიის წარმომადგენლებს ჯერ სხდომათა დარბაზი, შემდეგ კი შენობა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაზიანდა აპარატურა.
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, კასპში არასათანადო პირობებში მუშაობა მოუწიათ "პირველის", „ფორმულას”, „თრიალეთისა” და „ტვ მონიტორინგის” წარმომადგენლებსაც.
ქარტია შესაბამის უწყებებს მოუწოდებს სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ პოლიციელების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.

მეტი კასპის ინციდენტზე ნახეთ აქ.

კატეგორია - საქართველო
გიორგი გაჩეჩილაძე „მთავარი არხისგან“ სასამართლოს გზით მოითხოვს „მათ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას“.

  • ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ ოჯახმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი დეკემბერში შეიტანა.
  • “მთავარი არხი” მიიჩნევს, რომ სასამართლომ მათი სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს

მთავარი არხის სადავო სიუჟეტი:

2021 წლის 9 ოქტომბერს „მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში არხი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, თითქოს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირების ერთ-ერთი სამალავი ადგილი ძმები გაჩეჩილაძეების საცხოვრებელი სახლი იყო.



რას ედავებიან გაჩეჩილაძეები „მთავარ არხს“?


მოსარჩელეთა ადვოკატის, გოდერძი გრიგალაშვილის ინფორმაციით, გაჩეჩილაძეების ოჯახი ითხოვს:

  • მთავარმა არხმა აღიაროს, რომ მათ მიერ გავრცელებული სიუჟეტი ცილისმწამებლური იყო.
  • სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში „მთავარი არხის“ საიტზე და ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

„მთავარი არხის“ პოზიცია


„პასუხის გასაცემად შემჭიდროვებული ვადები გვქონდა და ძალიან მოკლედ ვუპასუხეთ, რომ არ ვეთანხმებით ამ სარჩელს. თუმცა, შეგვიძლია, უფრო სიღრმისეულად ვუპასუხოთ. სასამართლოს ვუთხარით, რომ დაზუსტებულ შესაგებელს წარვადგენთ“, - ამბობს “მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი.

მისი თქმით, სასამართლომ სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს, რადგან:

  • სიუჟეტში ჩანდა, რომ ინფორმაცია ანონიმური წყაროს მიერ იყო მოწოდებული.
  • ჟურნალისტმა სცადა ინფორმაციის გადამოწმება, მივიდა გაჩეჩილაძეების სახლში - „ანუ, არ ყოფილა ცალმხრივი გაშუქება“.
  • რადგან გაჩეჩილაძე საჯარო პირია (და ამას თავადაც ადასტურებს) არხი მიიჩნევს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება.

მურადაშვილი ამბობს,
რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყველა ინსტანციას გაივლიან და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

სანამ გაჩეჩილაძეები სასამართლოს მიმართავდნენ


28 ოქტომბერს, სანამ გაჩეჩილაძეების ოჯახი სასამართლოს მიმართავდა, „უცნობმა“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა.

  • საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ მაუწყებლობის შესახებ დღევანდელი კანონი არაეფექტურია.
  • გაჩეჩილაძე პარლამენტს სთხოვს, შეიმუშაოს “სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას”.
  • ტექსტში არ არის დაზუსტებული, რა კონკრეტულ ცვლილებებს ითხოვს გიორგი გაჩეჩილაძე.

ვრცლად: “უცნობის” ინიციატივა - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე


გაჩეჩილაძესთან ამ თემაზე დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.

ადვოკატი, გოდერძი გრიგალაშვილი ამბობს, რომ:

  • ეს საკანონმდებლო წინადადება არ გულისხმობს ჟურნალისტის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
  • თუმცა „სიტყვის გამოხატვის და ჟურნალისტის თავისუფლება აბსოლუტურად ხელშეუხებელი და თავისუფალი უნდა იყოს, გარდა იმ ჩარჩოებისა, რასაც სტრასბურგის სასამართლო ადგენს, ევროკონვენცია ადგენს და რაც ევროპაში არის მიღებული“.

მისი ინფორმაციით, პარლამენტში ამ ეტაპზე საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად:

ადვოკატის თქმით, გაჩეჩილაძე ითხოვს:

  • ერთმანეთისგან კანონით გაიმიჯნოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება.
  • პარლამენტმა შეიმუშაოს ახალი კანონი, სადაც ცილისწამება დაექვემდებარება უფრო მკაცრ კონტროლს და უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას, მაგალითად, ფულად დაჯარიმებას.
მისივე თქმით, ცვლილებების პროცესში უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა მედიის თითო წარმომადგენელი და დაინტერესებული პირები.

ასევე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ კანონში საჭიროა, ჩაიწეროს „ბოდიშის მოხდის“ ცნება და თუ მედიას ცილისწამება დაუმტკიცდება, მას ბოდიშის მოხდა დაეკისროს.

საჭიროა თუ არა ცვლილებები კანონში?

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.


ვრცლად ნახეთ აქ: საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.



დამოუკიდებელ მედიაექსპერტებს, იურისტებს და მედიის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს არაერთხელ უთქვამთ საჯაროდ, რომ:
  • დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება მაღალი სტანდარტითაა დაცული და არ საჭიროებს არანაირ ცვლილებას.
  • ნებისმიერმა ჩარევამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ სტანდარტს.
  • რადგან, შესაძლოა, ძალაუფლების მქონე პირებმა, კანონი მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენონ.


ნახეთ მეტი ამ თემაზე:


„რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს“ - ამბობს გიორგი გაჩეჩილაძის ოჯახის ადვოკატი, გოდერძი გრიგალაშვილი, მათ მიერ შეტანილ საკანონმდებლო წინადადებაზე საუბრისას - „სწორედ ამიტომაც, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ისედაც უკიდურესად სენსიტიურ საკითხს“.

რას ამბობს დღევანდელი კანონი ცილისწამებაზე?

 

  • თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მედიამ ცილი დასწამა, შეუძლია მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, თვითრეგულირების სხვა ინსტიტუტს ან სასამართლოს.
  • თვითრეგულირების ორგანოები მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროფესიული და ეთიკური სტანდარტის ჭრილში განიხილავენ, სასამართლო კი - სამართლებრივად.
  • პირს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.
  • ანუ, პირის პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგეს, სასამართლომ უნდა დაადგინოს მისი განზრახვა.
  • ცილისწამების დადასტურების შემთხვევაში, მოპასუხეს ცილისწამებისთვის შეიძლება დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება (შესწორება ან უარყოფა), ან მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.