საქართველო
კატეგორია - საქართველო


რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებიდან დღემდე "მედიაომბუდსმენი" 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლებებს 21 საქმეზე იცავს. ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით სახელმწიფოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა დანაშაულებრივი მექანიზმი გამოიყენეს.

"მედიაომბუდსმენის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მიმდინარე წელს მედიის წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს და ყურადღებას სამ მათგანზე ამახვილებს.

  • მედიის წარმომადგენლების მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა

"საქართველოს პარლამენტი იყენებს ყველა სადავო ინსტრუმენტს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ამ გზით ცდილობს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

  • ჟურნალისტების და ოპერატორების დევნა, სხეულის დაზიანება და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა

რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, “მედიაომბუდსმენმა” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რამდენჯერმე მიმართა.






შეტყობინებები  ჟურნალისტის უფლებების დარღვევისა და მათთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნას ეხებოდა. მედიის ეს წარმომადგენლები არიან: 

1. ალექსანდრე ქეშელაშვილი, "პუბლიკა" - სცემეს სპეცრაზმელებმა;

2. გიორგი ბადრიძე, "ტაბულა" - 16 აპრილს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 2 მაისს ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ბადრიძეს 16 მაისს სახლიდან დაახლობით 100-200 მეტრის დაშორებით მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა;

3. გიორგი ბასხაჯაური, "აპრილი" - სპეცრაზმელებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს;

4. მარიამ ნიკურაძე, OC Media - სპეცრაზმელები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში;

5. ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი" - სპეცრაზმელმა შეასხა წიწაკის სპრეი; 

6. ლიკა ზაკაშვილი და მამუკა მგალობლიშვილი, "პუბლიკა" - სპეცრაზმელებმა ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში;

7. ნანუკა ქაჯაია, დავით ბერაძე, “ტელეკომპანია პირველი" - ხელი ეშლებოდათ პროფესიულ საქმიანობაში;

8. რობი ზარიძე, "აი, ფაქტი" - სპეცრაზმელები გაუსწორდნენ ფიზიკურად; 

9. გიგა გელხვიიძე, CNews Exclusive • ახალი ამბები - მის მიმართ გამოიყენეს ე.წ “წიწაკის სპრეი”;

10. გიორგი ჟამერაშვილი, “ინტერპრესნიუსი” - სპეცრაზმელებმა ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

  • სატელეფონო მუქარებით და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებით ჟურნალისტების დაშინების მცდელობა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “მედიაომბუდსმენის” შეტყობინების საფუძველზე გამოძიება ე. წ. სატელეფონო მუქარებისა და დაშინებების საქმეზე დაიწყო. ამ საქმეებზე გამოიკითხნენ როგორც ჟურნალისტები, ისე მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები და რედაქტორები: ნათია კუპრაშვილი, „TOK TV“ დამფუძნებელი და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნინო ზურიაშვილი, „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნანა ბიგანიშვილი, „სტუდია მონიტორის“ მთავარი რედაქტორი, "სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები: თეიმურაზ ინასარიძე და ნუნუ სტეფნაძე, რუსუდან გვარამაძე, “ფორმულას" ჟურნალისტი და “ტაბულას” რედაქტორი, გიორგი ბადრიძე.

"საგანგაშოა, რომ დაშინების მიზნით, 2024 წლის 10 მაისს, დილით „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებლის ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს და მასზე სიძულვილის შემცველი წარწერები დატოვეს. მსგავსი მეთოდები გამოყენებული იყო სამოქალაქო საზოგადოების არაერთი წარმომადგენლის მიმართ", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

რუსული კანონის მიღების პროცესში დაწყებული “მედიაომბუდსმენის” 21 საქმიდან 13-ზე (აქციის გაშუქებისას ზიანის მიყენება) გამოძიება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილით მიმდინარეობს. 7 საქმეზე - (სატელეფონო მუქარები და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრა) "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 154-ე მუხლით. 1 საქმე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (მუხლები 166/173) ეხება.

"მედიაომბუდსმენის" შეფასებით, ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:

- მედიის წარმომადგენლების საქართველოს პარლამენტის შენობაში მუშაობა, თითქმის, შეუძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ უშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ან/და არ აქვთ მუშაობის სათანადო პირობები. გამოვლენილია დისკრიმინაციული მიდგომები და ონლაინმედიასაშუალებების უფლებების არაერთხელ დარღვევის შემთხვევები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანებების საფუძველზე;

- პარლამენტის აპარატი აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ;

- “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას, უცვლელი ტაქტიკაა

ჟურნალისტების და ოპერატორების დევნა, სხეულის დაზიანება და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა;

- მმართველი პარტიის სასარგებლო ნარატივით, დაფიქსირებულია სატელეფონო მუქარებითა და სიძულვილის ენის შემცველი პლაკატებით ჟურნალისტების დაშინების არაერთი მცდელობა;

- სამართალდამცველები ცდილობენ, არ მისცენ მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა, სრულად და თავისუფლად გააშუქონ საპროტესტო აქციები და იქ განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, საზოგადოებას ეზღუდება ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომა;

- როგორც 2023 წლის, ისე 2024 წლის დანაშულებრივ შემთხვევებთან დაკავშირებით, გამოძიება სწრაფი და ეფექტური არ არის. ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, სხეულის დაზიანებისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა ისევ გამოსაძიებელია;

- ამ დრომდე არ გამოვლენილან და არ დასჯილან დამნაშავე პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი იდენტიფიცირება თავად მედიის მიერ გადაღებული მასალების მიხედვით სრულიად შესაძლებელია.


ორგანიზაციის ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს სახელმწიფოს წარმომდგენლების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებაც:

1. გასულ წელს დაწყებული საგამოძიებო პროცესი, თითქმის, შეჩერებულია. 2023 წლის ივნისის შემდეგ გამოკითხულია მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი, რომელთა ჩვენებებიც საგამოძიებო პროცესისათვის არ არის მნიშვნელოვანი. პოლიციელები შაბლონური ტექსტებით განმარტავენ, რომ არ ფლობენ არავითარ ინფორმაციას ჟურნალისტებთან დაკავშირებული ძალადობის შესახებ;

2. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის გადაცემულია ერთ ჟურნალისტთან დაკავშირებული სამედიცინო დასკვნა. დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ ჟურნალისტს მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ეს დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება 2023 წლის 08 მარტს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შემთხვევებთან დაკავშირებით “მედიაომბუდსმენმა” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 13 ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭების

მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა, უარი მიიღო. საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი 21 პირი გამოკითხა და აქედან სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მხოლოდ 8 ჟურნალისტს მიენიჭა.

"გასულ წელს მმართველი პარტიის მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო

არსებული ლეგიტიმური პროტესტის გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

“მედიაომბუდსმენი”  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს როგორც 2023, ისე 2024 წელს ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. 

ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც მიმართავს, რომ შეწყდეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკა და გააუმჯობესოს მედიის წარმომადგენლების სამუშაო გარემო.


ფოტო: "ნეტგაზეთი"

"მედიაომბუდსმენის" ანგარიში სრულად

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 29 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, ამ მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედია საშუალებები: იმედი და POSTV  მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, თითქოს, 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია.

"სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება აბსოლუტურ სიღარიბეში და არაფერს ამბობს ამ მაჩვენებლის საფუძვლებსა და მიზეზებზე. ნათელია, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია, თუმცა ზემოაღნიშნული მედიასაშუალებები სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ.

რეალურად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი არა მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევის, არამედ სხვა არაერთი ფაქტორის გამო შეიძლება მცირდებოდეს. მათ შორისაა, ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაცია; 2023 წელს, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ - 163 000-ზე მეტმა ადამიანმა, დატოვა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განმარტავს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა არაერთ სხვა ფაქტორსაც ჰქონოდა, მათ შორის:

  • სოციალური შემწეობითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობას 
  • ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულებას 

"სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობაზე საუბრისას, აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ ისეთი მაჩვენებლებიც, როგორიცაა ფარდობითი სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი. ამ ორი მონაცემის ანალიზისას ირკვევა, რომ 2023 წელს მდგომარეობა წინა წელთან შეფარებით არათუ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც" - წერია განცხადებაში.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს შეუქმნიდა. რეალური რეფორმების ნაცვლად, კი მთავრობა ინარჩუნებს სისტემას, რომელიც მოსახლეობას სოციალურ გასაცემლებზე დამოკიდებულს ხდის და აგრძელებს ამ დამოკიდებულებისა და, ზოგადად, სოციალური საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას.

კატეგორია - საქართველო

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი კომისია დაამტკიცა. 

საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.

ამ 9-კაციანი კომისიიდან 4 წევრი ისევ „იმედის“ თანამშრომელი: დავით მაღლაფერიძე, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია და ოთარ ტატიშვილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოთარ ტატიშვილის ძმა, ვლადიმერ ტატიშვილი ახლა "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორია.

პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი მესამედ, 20 მაისს გამოაცხადა.

პირველად კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა და რამდენიმე დღეში სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაც შეირჩა. თუმცა, საკმარისი აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა.

22 მარტს შერჩეული კომისია პარლამენტმა გუშინ, 29 მაისს ხელმეორედ, თითქმის, უცვლელად დაამტკიცა. ამჯერად წინა კომისიის წევრი მაკო ჯაოშვილი ერმილე მესხიამ შეცვალა.

მეორედ გამოცხადებული კონკურსის დროს [18 აპრილი-3 მაისი] საკანონმდებლო ორგანომ საკმარისი (10) განაცხადი მიიღო, თუმცა, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმ პერიოდში პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მოქმედების გამო, პროცესი შეფერხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა 3 წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

პარლამენტი სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევად განაცხადებს 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით მიიღებს. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ყველას აქვს.

 
კატეგორია - საქართველო


საინფორმაციო სააგენტო INFO9-ის მანიპულაციური ფოტოკოლაჟი თავისუფლების მარშის - "მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!" მონაწილეთა რაოდენობაზე ფეისბუქმა ყალბ ინფორმაციად მონიშნა.


26 მაისს INFO9-მ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი - "რეალური მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე", რომელსაც თანდართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობის 2 ფოტო ჰქონდა.



INFO9-ის მანიპულაციური კოლაჟის ერთ ფოტოზე ეწერა - "როგორ აშუქებს ოპოზიციური ტელევიზიები აქციას", მეორეზე კი - "რეალური მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე".




აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელსაც INFO9 ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაშუქებულ აქციას უწოდებს, ჭავჭავაძის გამზირზე მარშის დროს ფოტოგრაფმა, ეზ გაბერმა გადაიღო. ამ ფოტოს გარდა, გაბერს სოციალურ ქსელში დრონით გადაღებული მსვლელობის სხვა ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული. 



26 მაისის მარშის მონაწილეთა რაოდენობის შეფასება სხვა მედიების მიერ გავრცელებული დრონის კადრებითაც არი შესაძლებელი. მაგალითად, "რადიო თავისუფლების" ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული მასალით. 

INFO9-ის მანიპულაციური კოლაჟის მეორე ფოტოზე - "რეალური მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე" მარშის ბოლო ნაწილია ნაჩვენები. თავისუფლების მარში ფილარმონიასთან დაიწყო და მისი მონაწილეები მსვლელობით ვაკის პარკამდე მივიდნენ. ეს ფოტოც სწორედ მარშის დასრულების ადგილას, ვაკის პარკთან არის გადაღებული და მასზე მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობა სრულად არ ჩანს.



საინფორმაციო სააგენტო INFO9-ის ვიზუალური მანიპულაცია "მითების დეტექტორმა" Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში 

შეისწავლა და "მითების დეტექტორის" სტატიის საფუძველზე Facebook-მა ეს მანიპულაციური ფოტოკოლაჟი ყალბ ინფორმაციად მონიშნა.


"ისევე, როგორც სხვა დღეებში გამართულ აქციებზე 26 მაისის მარშთან დაკავშირებითაც პროსახელისუფლებო მედია და ფეისბუქ გვერდები ხალხის რაოდენობით მანიპულირებენ. მაგალითად, დრონით გადაღებული კადრებით აჩვენებენ მსვლელობის მხოლოდ ნაწილს – ადგილს, სადაც მარში დაიწყო და დასრულდა", - ვკითხულობთ "მითების დეტექტორის" სტატიაში.

 
კატეგორია - საქართველო

ჯოზეფ ბორელის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაზე სამმა ტელეკომპანიამ იდენტური ქარდები გამოაქვეყნა.

„იმედის“, POSTV-ისა და „რუსთავი 2“-ის ფეისბუქის საკუთარ გვერდებზე გამოქვეყნებულ ჯოზეფ ბორელის ნათქვამთან დაკავშირებულ ქარდებზე ერთი და იგივე ტექსტია დატანილი.

„ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს [გამჭვირვალობის ქართული კანონი] არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა“, - ვკითხულობთ სამივე ტელეკომპანიის ქარდზე.





აღსანიშნავია, ისიც რომ სამივე ტელევიზიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ოთხკუთხედ ფრჩხილებში ერთნაირად - „გამჭვირვალობის ქართულ კანონად“ განმარტა. 

ტელეკომპანიების მიერ ამ ქარდების გამოქვეყნების დროებს შორის სხვაობა რამდენიმე [1 და 7] წუთია. 

გუშინ, 27 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დაიწყეს იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში.

"მოსაზრებები გავცვალეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არც ისე მნიშვნელოვანია, სხვები ფიქრობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. იქვე ახსენეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი.

ჩვენ დავიწყეთ იმის განხილვა, რა იქნებოდა შესაფერისი პასუხი, თუკი ეს კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები მზად არიან გადაწყვეტილებისთვის, როდესაც არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, საერთაშორისო სამართალი, არ სრულდება ევროპული გზა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან, მსოფლიოში. ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა ქვეყნის ტრაექტორიას უნდა მისცეს ხმა. მთავრობის ქმედებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება არ მიგვიღია", - განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადების თარგმანი ეკუთვნის „რადიო თავისუფლებას“.

 
კატეგორია - საქართველო


დღეს, 28 მაისს საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. ვეტო დაძლეულად რომ ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს. 

11:00 საათიდან რუსული კანონის გასაპროტესტებლად საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები იკრიბებიან. 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია 17:00 საათზეც.

საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, ისევე როგორც რუსული კანონის ყველა საკომიტეტო და პლენარული განხილვის დროს, დღესაც არ უშვებენ. 

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 27 მაისიდან მის მოხსნამდე საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც ვიზიტორთა შეზღუდვას გულისხმობს.

„შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე“, - წერია პარლამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოს პრემიერ მინისტრმა გასულ კვირას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძის 23 მაისის განცხადება ტელეკომპანიების მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მთავარ თემად იქცა. 


ტელეკომპანია "იმედი" - "ქრონიკა" 20:00 საათზე


ტელეკომპანია "იმედის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი ამბავი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება იყო.  ამბავი „იმედმა“ დაასათაურა ფრაზით - „ევროკომისრისგან მუქარა ლიკვიდაციაზე“. 

ჟურნალისტმა, ლევან მორჩიაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით თქვა, რომ “შანტაჟი და სიცოცხლის მოსპობით მუქარა ირაკლი კობახიძესთან სატალეფონო საუბრის დროს გაჟღერდა, ავტორი ერთ-ერთი ევროკომისარია.” 

სიუჟეტში კობახიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება გრაფიკული გამოსახულებით სრულად იყო გახმოვანებული. დრო დაეთმო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის შეფასებებსაც, თუმცა, მასში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ იმ დღეს გაკეთებული განცხადებები ვერ მოხვდა. 


„პოსტვ" - "ახალი ამბები" 19:00-ზე


„პოსტვ"-ის საინფორმაციო გამოშვებაც ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო. მასალის სათაური კი იყო - „მუქარა საქართველოს პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ“. 

გადაცემის წამყვანმა, ანა აშორდიამ ამბის თხრობა დაიწყო წინადადებით: „ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრემიერს ერთ-ერთი ევროკომისარი ღიად დაემუქრა, მძიმე შინაარსის დიალოგი სატელეფონო საუბრის დროს შედგა".

ტელეკომპანიამ ამბავი ვრცლად არა სიუჟეტის სახით, არამედ ჟურნალისტის ჩართვით გააშუქა. ჟურნალისტმა, ირაკლი აკობიამ მაყურებელს პრემიერ მინისტრის განცხადება გააცნო, რასაც ამავე განცხადების გახმოვანებული გრაფიკული გამოსახულებაც მოჰყვა. ამბავი მასალაში მხოლოდ შალვა პაპუაშვილმა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეაფასეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს დრო მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არც „პოსტვ"-მა დაუთმო.


"რუსთავი 2" - "კურიერი" 21:00 საათზე


“რუსთავი 2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო. წამყვანმა, ნათია ლაზაშვილმა პირველივე წინადადებაში დასვა კითხვა: „ 27 კომისარი, რომელმა გაავლო პარალელი რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაზე ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში?" 

სიუჟეტი - "პრემიერი მუქარის შესახებ" კობახიძის განცხადების გახმოვანებული გრაფიკით დაიწყო. მაყურებელმა შემდეგ შალვა პაპუაშვილის განცხადება მოისმინა, რასაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ამბის გახსენება და კვლავ „ქართული ოცნების“ წევრის, რატი იონათამიშვილის სინქრონი მოჰყვა. სიუჟეტში დრო დაეთმო ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებიც, მის დასასრულს კი მაყურებელმა ისევ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარები და  ირაკლი კობახიძის "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი მოისმინა, სადაც კობახიძე „გლობალური ომის პარტიასთან" ბრძოლაზე საუბრობს. 

 

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" - "მოამბე" 21:00-ზე 


ტელეკომპანია "პირველი არხის" მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც ირაკლი კობახიძის განცხადებაზე მომზადებული მასალით - "მუქარა ევროკომისრის მხრიდან - პრემიერის-მინისტრის განცხადება" დაიწყო. კობახიძის განცხადების გახმოვანებული გრაფიკის შემდეგ,  ჟურნალისტმა, სალომე ქოქიაშვილმა პირდაპირი ჩართვისას მაყურებელს სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის ამბავიც გაახსენა. ამბის შესაფასებლად კი "პირველმა არხმა"პირდაპირ ეთერში მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი გაუშვა. ქოქიაშვილის ჩართვა გაგრძელდა სიუჟეტით - "უსაფრთხოების რისკები - პრემიერ-მინისტრის შეფასება".


ტელეკომპანია „ფორმულა“ - "ფორმულა" 20:00-ზე


"ფორმულამ" მთავარი საინფორმაციო გამოშვება აშშ-ის კონგრესსა და სენატში საქართველოს შესახებ განხილვების მიმდინარეობის გაშუქებით დაიწყო. ამბავი ეხებოდა ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” წევრებისთვის განკუთვნილ სანქციებზე. 

ტელეკომპანიამ პრემიერ მინისტრის განცხადება კი მეორე ამბად გააშუქა. მასალა სათაურით - „ ირაკლი კობახიძის კონსპირაციული გზავნილი" წამყვანმა, ელისო ჯარიაშვილმა  წარადგინა ტექსტით:

 „ირანიდან დაბრუნებულმა პრემიერმა საზოგადოების გაოგნება კიდევ ერთხელ შეძლო. ოლიგარქის პრემიერის მტკიცებით, ერთ-ერთი ევროკომისარი მკვლელობით დაემუქრა. განცხადებაში ნახსენებია სატელეფონო საუბარი და მინიშნება სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმის შესახებ. კობახიძე ამტკიცებს, რომ რობერტ ფიცოს დაჭრაც გლობალური ომის პარტიას უკავშირება.“

ჩართვისას ჟურნალისტმა, ქეთი ნადიბაიძემ კი განმარტა, რომ ის ცდილობდა გაერკვია, თუ რომელ ევროკომისარს ესაუბრა ირაკლი კობახიძე, თუმცა, იმ დროისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. 

მაყურებელმა "ფორმულას" ეთერში კობახიძის განცხადების გრაფიკული გახმოვანების გარდა, მოისმინა შალვა პაპუაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარებიც.

 

„ტვ პირველი“ - "პირველები" 20:00-ზე


„ტვ პირველის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ფორმულას“ მსგავსად ამერიკაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სანქციების კანონპროექზე მუშაობის ამბით დაიწყო. 

ჟურნალისტმა, ინა ცარციძემ საზოგადოებას აშშ-ის კონგრესსა და სენატში მიმდინარე მოვლენები გააცნო და ამავე ჩართვის ბოლო ნაწილში აღნიშნა, რომ „ხელისუფლება სრულ პანიკაშია". თუ რატომ ამასთან დაკავშირებით კი მაყურებელს სიუჟეტი - „კობახიძის შეთქმულების თეორიები“ შესთავაზა.

მასში პრემიერ მინისტრის განცხადება ვრცლად იყო განხილული. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებთან ერთად, „ტვ პირველის“ რეპორტაჟში დრო დაეთმო ენოტონი ბლინკენისა და სხვა უცხოელი მაღალჩინოსნების კომენტარებსაც.

ჟურნალისტმა ჩართვის ბოლოს დასვა კითხვაც, რომ თუ ირაკლი კობახიძეს მართლა დაემუქრნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება რატომ არ დაიწყო.


„მთავარი არხი“ - "მთავარი" 21:00-ზე


„მთავარი არხის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ მომზადებული მასალით - ირაკლი კობახიძის „ახალი შეთქმულება“ დაიწყო. "მთავარის" წამყვანა, დიანა ჯოჯუმ თემის წარდგენისას განაცხადა: 

"შეთქმულების თეორიის ახალი სტანდარტი ირაკლი კობახიძისგან. საქართველოს პრემიერ მინისტრი სრული სერიოზულობით ამბობს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას მკვლელობით დაემუქრა".

 ჟურნალისტმა, ნათია გოქსაძემ პირდაპირ ეთერში ჩართვისას მაყურებელს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებების გარდა, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის კომენტარიც შესთავაზა, რომელიც ამბობდა, რომ ევროკომისარი, რომელთანაც კობახიძემ ისაუბრა, ჯოზეფ ბორელი ნამდვილად არ ყოფილა. 

23 მაისს, საღამოს გაირკვა, რომ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ესაუბრა.  

ვარჰეიმ კობახიძის ბრალდება, თითქოს, ევროკომისარი მას სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, უარყო და მას კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა.

რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების მიხედვით, „მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა –ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“.

პარლამენტი შესაბამის განაცხადებს 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით მიიღებს. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ყველას აქვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი კონკურსი პირველად 18 მარტს გამოცხადდა, თუმცა, საკმარისი აპლიკანტების არ არსებობის გამო პროცესი ჩავარდა. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანომ მეორედ გამოცხადებული კონკურსის ვადაში საკმარისი (10) განაცხადი მიიღო, თუმცა, იმ პერიოდში პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მოქმედების გამო, პროცესი შეფერხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევი ღია კონკურსი მესამედ გუშინ, 20 მაისს გამოცხადდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან ვადა სამ წევრს: მიხეილ ჩიკვილაძეს, ბესიკ ლილუაშვილსა და იზაბელა ოსიპოვას ამოეწურა. ესენი „ქართული ოცნების“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატები არიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.

 
კატეგორია - საქართველო


„ტაბულას“ რედაქტორს, გიორგი ბადრიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გიორგი ბადრიძე 3 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას დააკავეს და რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საქმეზე ბადრიძე სასამართლო გუშინ დაიბარეს. 

როგორც ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ იურისტი და ბადრიძის ინტერესების დამცველი, ილონა დიასამიძე ამბობს, სასამართლოში საქმის შეტანამდე, 13 დღის განმავლობაში ჟურნალისტისთვის არავის აუხსნია, თუ რა იყო მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი:

„16 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ოქმის შემდგენი მხარე ედავება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. რეალურად კი პოლიციამ დააკავა იმიტომ, რომ იღებდა იმას, რასაც უშავებდნენ აქტივისტებს, როგორ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს". 

გუშინვე, 16 მაისს, გვიან ღამით გიორგი ბადრიძეს სახლისკენ მიმავალ გზაზე მისთვის უცნობი პირი დახვდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ბადრიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს: "კორპუსთან ახლოს უცნობი ადამიანი მომიახლოვდა, გამაჩერა და ვინაობას მეკითხებოდა, ვინ ხარო, სახელი რა გქვიაო. ძალიან აგრესიული იყო, მერე აბსოლუტურად უმიზეზოდ დამარტყა. ჩემგან საპასუხო აგრესია არ ყოფილა".

ბადრიძის განმარტებით, მან დახმარება გამვლელი მანქანის მძღოლს სთხოვა და საპატრულო პოლიციაც მალევე გამოიძახა. მომხდარზე შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 

„ტაბულას“ რედაქტორს სპეცრაზმელები თავს 16 აპრილის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროსაც დაესხნენ. ილონა დიასამიძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაზიანების საკითხს ექსპერტიზა სწავლობს, საქმეს კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
კატეგორია - საქართველო


POSTV-მა დილის გადაცემა "პოსტ ალიონის“ წამყვანთან, მსახიობ ანა ამილახვართან თანამშრომლობა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის გამო შეწყვიტა. 

ამილახვარმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ, 15 მაისს დაწერა: 

„ორი კვირის წინ, აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება, ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდ პრეცენდენტი( მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს) მოკლედ დაველოდე და ისე მალე მომიხმეს გამეცინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ მე ჩემს გზაზე, ისინი თავისაზე.

გუშინ ვიგებ, რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?!“ - წერს ანა ამილახვარი.

POSTV -ზე შეჩერდა მომღერალ ირმა სოხაძის გადაცემა „დღის პოსტიც“.  როგორც სოხაძე ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, გადაცემის შეჩერებაზე ინიციატივა მისგან წამოვიდა და ტელევიზიის მენეჯმენტიც დაეთანხმა: 

„დროებით შეჩერდა სწორი ფორმულირებაა. გავაჩერეთ გადაცემა იმიტომ, რომ საერთო აზრამდე მივედით. არც მე მინდა და საერთოდ არ არც არის საჭირო ეს გადაცემა. მერე ვნახავთ აღვადგენთ, სხვას გავაკეთებთ, საერთოდ წამოვალ, თუ რას ვიზამთ. დროში გამოჩნდება ყველაფერი. ამჟამად გაჩერებულია გადაცემა“.

რამდენიმე დღის წინ ირმა სოხაძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა: "სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის. პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგებით". 

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთხელ ეხმაურება. 120 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს.

„14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ. სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას.

კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ. სწორედ ამ ძალადობის და დასავლური ვექტორის შეცვლის შემაკავებელი კანონზომიერი შედეგი იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა.

ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - ვკითხულობთ მათ საერთო განცხადებაში.

განცხადება სრულად


 


 
 
კატეგორია - საქართველო


25-ზე მეტი სპორტული ჟურნალისტი რუსულ კანონს საერთო განცხადებით აპროტესტებს. მათი შეფასებით, ამ კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებულია. 

„ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს სპორტული ჟურნალისტები, ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად ვგმობთ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას. ჩვენი აზრით ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, არის ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული. 

სპორტული ჟურნალისტების განცხადებით, რუსული კანონის მიმღებ დეპუტატთა შორის ის ცნობილი სპორტსმენებიც არიან, რომლებსაც ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ევროპულ არენებზე ასპარეზობა პროფესიონალური ზრდის აუცილებელი პირობაა. 

„სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება. სამწუხაროდ, რუსული კანონის მიმღებ დეპუტატთა შორის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი სპორტსმენები არიან, რომლებსაც გამომდინარე მათი გამორჩეულად კარგი სპორტული კარიერისა, ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ევროპულ არენებზე ასპარეზობა პროფესიონალური ზრდის აუცილებელი პირობაა. ამისი დასტურია ის უდიდესი ისტორიული წარმატება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, მთელი ერი ერთად ზეიმობდა და რომლის გამოც, კანონისთვის ხმის მიმცემ 84 დეპუტატს შორის მყოფი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ღირსების ორდენზეა წარდგენილი. 

საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია! ამ გზიდან გადახრის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ აფერხებს ჩვენი ერის წინსვლას და კეთილდღეობას! 

ჩვენ, სპორტული ჟურნალისტები თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და რა თქმა უნდა, ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობას“, - წერია განცხადებაში.


განცხადებას ხელს აწერენ: 

◉ სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport)

◉ სალომე საგინაშვილი (90 წუთი)

◉ დავით ერაძე (Mtavari Tv)

◉ ირაკლი იმედაძე

◉ მაგდა კლდიაშვილი (Recorder)

◉ ლევან ყუფარაძე 

◉ საბა საბანაძე 

◉ სანდრო ბრაგვაძე (Gms Tv / Geo Rugby)

◉ ტატო ნიკურაძე (Free rugby)

◉ შალვა ქობალია (Marca)

◉ ეკა ელოშვილი

◉ ნიკა ბაიდაური (საფეხბურთო კლუბი დილა)

◉ გუგა როგავა

◉ ნიკა მითაიშვილი 

◉ თინათინ ცეცხლაძე (Marca)

◉ ირაკლი ფოფხაძე

◉ დიმა შარიქაძე

◉ სალომე ბალახაშვილი

◉ სალომე ხარატიშვილი (სპორტული გაზეთი ლელო)

◉ გიორგი გელაშვილი ( საფეხბურთო კლუბი ორბი / ხაშურის ივერია / ხაშურის სპორტი)

◉ ზაქრო გალუსტაშვილი

◉ გიორგი ხარშილაძე 

◉ ნოდო ბროლაშვილი

◉ ცოტნე შაორშაძე ( TST სპორტი)

◉ თაზო კურტანიძე (TST სპორტი)

◉ ნიკა ჩალათაშვილი (ოვალური სტუდია)

 


ხელმომწერების სია განახლებადია.