საქართველო
კატეგორია - საქართველო


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კრიტიკული ტელევიზიების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილ ოქმებსა და სასამართლოს მხიდან ტელეკომპანიების დაჯარიმებას ეხმიანება.

რა ხდება?

„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნულ მაუწყებლებში წინასაარჩევნო რეკლამა განათავსა, რომელშიც უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტშია ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ტელეკომპანია „მთავარმა“, კანონის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის საფუძვლით, რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე უარი თქვა, ხოლო „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ კი ის ეთერიდან მალევე ამოიღეს. ამის გამო კომუნიკაციის კომისიამ და მოგვიანებით სასამართლომ თითოეული ტელეკომპანია 5000 ათასი ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანიებმა სასამართლოს ეს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ამის მიუხედავად  გუშინ, 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ ამ საკითხზე განმეორებით იმსჯელა და ტელეკომპანიებს კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ვარაუდობს, სასამართლო თითოეულ ტელეკომპანიას დამატებით, არანაკლებ 10 000 ლარით დააჯარიმებს.

სადავო სარეკლამო ვიდეორგოლში ფრაზის - „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას“ ფონზე  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა პირების ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟი ჩნდება.

„ვიდეორგოლი მასში ასახულ ადამიანებს აქცევს სიძულვილის ჯგუფების სამიზნედ და აქეზებს მათ მიმართ ძალადობას, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებას, რის გამოვლინებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ადრეც, მათ შორის, ახლო წარსულში“, - ვკითხულობთ TI-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ რეკლამა სამაუწყებლო ბადეში უფასო წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არის განთავსებული, რაც მისი ჩვენების მაღალ ინტენსივობას  გულისხმობს, ეს კი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან რეკლამაში გამოთქმულ ბრალდებებზე პროპორციული პასუხის გაცემის შესაძლებლობას სრულიად არარეალურს ხდის. 

„მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოოდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო, კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ქართული ოცნების“ მიერ განთავსებული რეკლამების არსებული სახით სამაუწყებლო ბადიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.

„მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია და მისცეს საშუალება კრიტიკულ მედიას შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე მოვუწოდებთ სამთავრობო მედიებს, შეწყვიტონ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიებში მონაწილეობა და მოხსნან ეთერიდან აღნიშნული ვიდეორგოლები“.

კომუნიკაციების კომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას „მედიაომბუდსმენიც“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, კომისიამ მმართველი პარტიის რგოლის განუთავსებლობის საბაბით სამი კრიტიკული მაუწყებელი: „ტელეკომპანია პირველი“,  „ფორმულა“, „მთავარი არხი“ განმეორებით დასაჯა.

ამასთან, „მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, თუმცა, უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შეზღუდვის ნაწილში მარეგულირებელმა კომისიამ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. 

„სამართალდარღვევის ოქმების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. სადავო საკითხებს შორისაა მესამე პირების უფლებების დარღვევის რისკები, რომლებიც „ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკური რეკლამის მიხედვით, ჩანან პოლიტიკური ანგარიშსწორების და აგრესიის სამიზნეები ხდებიან“.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

 
კატეგორია - საქართველო


კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო, ტელეკომპანია „ბი ემ ჯის” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

„კვლევის გამოქვეყნებისას ტელეკომპანიის მიერ დაირღვა საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის დამკვეთი, გამოკითხვის თარიღი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ასევე, ფასიანია თუ უფასო გამოკითხვა,“ - აღნიშნულია ComCom-ის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ ამის გამო ტელეკომპანია „ბი ემ ჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და სამართალდარღვევის ოქმს განსახილველად სასამართლოს წარუდგენს.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 

 
კატეგორია - საქართველო


„დრაკონის ცეკვა: ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე“ „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“ ახალი კვლევაა, რომელიც „სამოქალაქო იდეასთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.  

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სამაუწყებლო მედიის დეტალურმა ინსტიტუციურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქართულ სამაუწყებლო მედიაში 2023 წელს, 2021-2022 წლებთან შედარებით გაზრდილია კომუნისტური ჩინეთის, ან მასთან აფილირებული ბიზნესაქტორების მხრიდან მიღებული დაფინანსების სიხშირე. ამ მხრივ ზრდა გვაქვს, როგორც პროსამთავრობო, ისე ოპოზიციურ მაუწყებლებში. როგორც პროსამთავრობო, ისე ოპოზიციურ სამაუწყებლო მედიაში გაჩნდა ჩინეთის თემის გაშუქებისადმი გარკვეული სარედაქციო მიდგომები. 2021- 2022 წლების კვლევა აჩვენებდა, რომ მედიას ჰქონდა ქაოტური და არათანმიმდევრული მიდგომა ჩინეთის შესახებ ამბების გაშუქების მიმართ. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა სამთავრობო ინტერესად იქცა, პროსამთავრობო მედიებში გაიზარდა ჩინეთის დადებითი გაშუქების ტონი და შემცირდა ნეგატიური გაშუქების მაჩვენებელი, ხოლო ოპოზიციურ მედიებში პირიქით.


კვლევის ავტორებს სიღრმისეულმა ინტერვიუებმა საშუალება მისცა ჩაღრმავებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიდგომებს. 

„ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩინეთის თემის გაშუქების პოზიტიური მაჩვენებელი უმეტესად გამოწვეულია კონკრეტული სარედაქციო ჯგუფის მემარცხენე - სოციალისტური იდეოლოგიით. აქ არ გვხვდება გარდა იდეოლოგიური თანხვედრისა და ინტერესისა, ჩინეთის მხრიდან გავლენის მცდელობები, არც მაგალითად ტექნიკის მიწოდების (საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაიარაღების პროცესში გამოცხადებულ ტენდერში, მაგალითად ტექნიკის მიწოდების ინტერესი ჩინურ კომპანიებს არ გამოუხატავთ)“.

კვლევამ აჩვენა, რომ პროსამთავრობო მედიებში პროსამთავრობო დღის წესრიგთან ერთად, პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიდგომებიც ახდენს გავლენას პროჩინური და ანტიდასავლური მედიაკონტენტის ზრდაზე და ეს ნარატივები რეალურად აღწევს მიზნობრივ აუდიტორიამდე.


კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი ოპოზიციური არხის წარმომადგენელთან ინტერვიუმ აჩვენა, რომ ოპოზიციურ სამაუწყებლო მედიას ჯერ კიდევ არ აქვს თანმიმდევრული მიდგომა ჩინეთის თემის გაშუქების მიმართ და სიღრმისეული შინაარსების, მათ შორის კრიტიკული ნარატივების შექმნა ამ ორგანიზაციებში მომუშავე კონკრეტული ინდივიდების იდეოლოგიურ მიდგომებსა და უნარებს უკავშირდება. ფოკუსჯგუფებმა კი აჩვენეს, რომ ჩინეთის სიღრმისეული კრიტიკით შექმნილი ნარატივები მიზნობრივ აუდიტორიამდე ნაკლებად მიდის.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კვლევამ დაადასტურა, რომ გვხვდება პრესის კიდევ ერთი განსხვავებული მოდელი: ეს არის პრესის კაპიტალისტური მოდელი/თეორია. ამ კუთხით, კვლევამ ბიზნესმედია BM.GE გამოყო, რომელიც მონიტორინგისთვის განსაკუთრებული საფუძვლების გამო შეირჩა.

„BM.GE სწორედ ბიზნეს მიდგომით ახერხებს ჩინეთის სიღრმისეულ კრიტიკასაც, პოზიტიურად მიკერძოებულ გაშუქებასაც და ნეიტრალური გაშუქებისას ისევ ბიზნესის სასარგებლოდ მიკერძოებას“.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, 2021-22 წლების მონიტორინგის შედეგებთან შედარებით პროჩინურ მედიაში კონტენტის რაოდენობა გაზრდილია და მკაფიოდაა ხაზგასმული ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური როლი გლობალური მასშტაბით. 

„აღსანიშნავია, რომ ,,სინომედიაზე“ ჩინეთის გლობალური სამშვიდობო როლის წარმოჩენის პარალელურად, ვხედავთ აშშ-ის კრიტიკას, არა მხოლოდ ტაივანთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. გლობალურად ჩინეთის საკვანძო როლის და დასავლურ კულტურასთან უპირატესობის წარმოსაჩენად ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენება განათლების და კულტურის თემაც“.

პროკრემლისტური მედია „სპუტნიკ საქართველო“ კი კვლავ რჩება საქართველოში ჩინეთის პოპულარიზაციის და აუდიტორიისთვის უკიდურესად დადებით ტონში მიმწოდებელ პლატფორმად. 

„აქტიურ რუსულ პროპაგანდასთან ერთად, „სპუტნიკ საქართველო“ არის ჩინეთის ინტერესების გავრცელების აქტიური ხელსაწყო, რომელიც დასავლეთის აქტიურ დისკრედიტაციასთან ერთად, ახალი გეოპოლიტიკური ცენტრის შექმნის საკუთარ ვერსიას სხვადასხვა თემის მეშვეობით უწევს პროპაგანდას. ამ მიზნით იყენებს პოლიტიკური ანალიზის შემცველ მანიპულაციურ სტატიებთან ერთად, მსუბუქად საკითხავ კონტენტს“.

ზემოთხსენებული პროჩინური პლატფორმებისგან განსხვავდება Chinesestories. ის კვლავაც ჩინეთის შესახებ კულტურული, ტრადიციული, საგანმანათლებლო შინაარსის გამავრცელებლად რჩება, თუმცა, ოპერირებს უფრო პერსონალური ბლოგის ფორმატში, ვიდრე სტანდარტული საინფორმაციო ხასიათის მედიის. 

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დამოუკიდებელი ინტერნეტგამოცემები მაგალითად ისეთი, როგორიცაა „ნეტგაზეთი“ პერიოდულად ამზადებენ სიღრმისეულ, ვრცელ კრიტიკულ ტექსტებს ჩინეთთან დაკავშირებით, "მაგრამ მათსავე გვერდებზე ჩინეთის შესახებ სარეკლამო მასალებს, რეკლამის სახით გამოქვეყნებულს, აუდიტორიის გაცილებით უფრო ფართო წვდომა აქვს". 

„ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“ კვლევა 10 მედიასაშუალების:„მთავარი არხი“ „ტვ პირველი“ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „იმედი“ „პოსტ ტვ“ BM.ge Chinesestories.ge Sinomedia.ge Sinologia.ge „სპუტნიკ საქართველო“ მედიამონიტორინგს მოიცავდა. საკვლევი დრო კი 2023 წლის 1 აპრილიდან  1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდია.

ნინა ხელაძე „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის“ კვლევის შედეგებზე:

 
კატეგორია - საქართველო


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, „უცხოელი ჟურნალისტებისთვის საქართველოში შემოსვლის უკანონო და გაუმართლებელი აკრძალვის შემთხვევებს“ გმობს. 

გუშინ, 17 სექტემბერს საქართველოში ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი არ შემოუშვეს, წინა დღეს, 16 სექტემბერს კი ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ბელარუს ჟურნალისტს, ანდრეი მიალეშკას უთხრეს. 

კოალიციის შეფასებით, ეს ტენდენცია ხაზს უსვამს ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საქმიანობის შეფერხების შემაშფოთებელ მდგომარეობას.

"ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ჟურნალისტების შემოსვლას უკანონოდ უშლის ხელს. აღნიშნული დისკრიმინაციული და უკანონო შეზღუდვა, როგორც წესი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შეეხება.

მმართველი პარტიის მუდმივი მცდელობა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლას, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და მნიშვნელოვანი შემაფერხებელია ანგარიშვალდებულებისთვის, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოებისთვის. ასეთი ქმედებები ახშობს ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას და ძირს უთხრის საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული საქართველოში კრიტიკული მოვლენების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს დისკრიმინაციული პრაქტიკა და გამოიჩინოს ერთგულება მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებისადმი.

 
კატეგორია - საქართველო


„მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” სამთავრობო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა. კვლევა 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პროექტის ფარგლებში მედიასაშუალებების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემებიც შეგროვდა.

მონიტორინგის შედეგად კი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების სისტემური პრობლემა გამოიკვეთა. ორგანიზაციამ ერთი წლის განვალობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ გაგზავნილი 1863  წერილი შეაგროვა და დაამუშავა. 

"წერილების საერთო რაოდენობიდან 1099 წერილზე ჟურნალისტებმა მიიღეს პასუხი, თუმცა თითქმის ერთი მესამედი, 341 (31%) - კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, რაც გარდა იმისა, რომ ნათლად მიანიშნებს მმართველობითი ინსტიტუტების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ღიაობის ხელშეწყობის დაბალ ხარისხზე, ასევე მედიისთვის დაგვიანებით მიღებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში კარგავს რელევანტურობას, რაც მათ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორია. 

დაბრუნებული პასუხების საერთო რაოდენობიდან კი, მხოლოდ 44% (488) პასუხობდა მოთხოვნას სრულყოფილად, ხოლო 52% (569) ნახევარზე მეტი - მხოლოდ ნაწილობრივ იძლეოდა გამოთხოვილ ინფორმაციას, რაც ასევე მედიისთვის ხარისხიანი მასალის მოსამზადებლად ხელოვნურ ბარიერებს წარმოადგენს. 27 (2%) წერილის პასუხად უარი გამოიგზავნა, 15 (1%) წერილს კი სხვა სტატუსი აქვს".

ერთწლიანი კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებებია:

  • საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მატარებელი უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%).
  • მთლიანობაში ცენტრალური და ადგილობრივი უწყებები ინსტიტუტებში შესულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ 26%-ს გაეცემა სრულყოფილი პასუხი. 
  • ცენტრალური უწყებები ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) არ პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. ამასთანავე, წერილების 11%-ზე ვადის გადაცილებით პასუხობენ.
  • ცენტრალური უწყებები იშვიათად გასცემენ სრულყოფილ პასუხებს (19%). 
  • ადგილობრივ უწყებებში უპასუხოდ რჩება მოთხოვნათა 38%, ხოლო ვადაგადაცილებით ბრუნდება - 20%. 
  • ადგილობრივი უწყებები მიერ მიღებული წერილებიდან სრულყოფილად გაეცა პასუხი 28%.
  • საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი - 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ზე, ნაწილობრივი 10%-ზე. მეორე თემა, რომელიც დომინირებდა - მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა,საერთო მონაცემების 20%-ია, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი- 25%. მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ზე.
პროექტის განმავლობაში “მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოს, თითქმის, ყველა რეგიონში მოქმედ 46 მედიასაშუალებასთან ითანამშრომლა.

საჯარო ინფორმაციაზე წვდომა საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული. კონსტიტუციის მე-17 მუხლი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას უზრუნველყოფს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კი, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და მიღების წესს ადგენს.


იხილეთ ამ თემაზე მედიაჩეკერის სტატია არქივიდან:





 
 
კატეგორია - საქართველო

ფოტო : ფლანგვის დეტექტორი

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების რეკლამირებაში, რომელშიც იგი „ოს დებსა და ძმებს“ ბოდიშს უხდის, „იმედმა“ და Postv-მა 1.4 ათასი დოლარი გადაიხადეს.

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და სიის პირველმა ნომერმა გორში გამართულ პარტიის ღონისძიებაზე თქვა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო რომ დავალების შესაბამისად მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გაახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. 

„ფლანგვის დეტექტორის“ განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა სამთავრობო არხები და “ქართული ოცნების” წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა თუ თავიანთი კომენტარების გასავრცელებლად სოციალურ ქსელში პოსტებს არეკლამებენ.

„აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სამთავრობო არხებიც იხდიან თანხას სოციალური ქსელის რეკლამებში, რათა ხელი შეუწყონ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გავრცელებას. 

„ტვ იმედმა“ მამუკა მდინარაძის გამოხმაურებისა და გორში ჩატარებული შეხვედრის ვიდეოს დარეკლამებაში საერთო ჯამში 200 აშშ დოლარი გადაიხადა. 

გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა ტელეკომპანია პოსტვ-მ. ბიძინა ივანიშვილის განცხადების დარეკლამებაში ტელეკომპანიამ 700$ გადაიხადა, შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაში დამატებით 300$, მამუკა მდინარაძისა და კახა კალაძის კომენტარები კი 100-100 აშშ დოლარით დარეკლამდა“. 

„ფლანგვის დეტექტორის“ შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილ სამხედროებსაც. მმართელი პარტიის წევრები და მასთან აფილირებული ტელეკომპანიები კი სოციალურ ქსელში დარეკლამებული პოსტებით ხელს უწყობენ ამ განცხადების გავრცელებასა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას.

 
კატეგორია - საქართველო


პარლამენტმა დღეს, 17 სექტემბერს ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო. მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ერთი ძირითადი კანონპროექტისა და 18 მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებებისგან შედგება.

ძირითადი კანონპროექტი ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ინფორმაციის გავრცელებასაც არეგულირებს, ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. 

საკანონმდებლო პაკეტის საბოლოოდ მიღებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელა სამოქალაქო სექტორმა. 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი დაგმო.

"კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვნებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია, საბაზისო საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობა, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რესურსების უსამართლო და უთანასწორო გადანაწილება, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება, განადგურებული  გარემო და სხვა. ერთადერთი გზა, ვუპასუხოთ ამ და სხვა რეალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრინციპული და მტკიცე წინსვლაა - სწორედ ის, რისი შეფერხებასაც ხელისუფლება, მათ შორის ამ საკანონმდებლო პაკეტითაც, ცდილობს.

კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან იგი სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს. პაკეტი თავისი არსით ეხება არამხოლოდ ერთ ჯგუფს, ლგბტქ თემს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ხდება ერთი ჯგუფისათვის უფლებების შეზღუდვა უფრო მასშტაბური რეპრესიების დასაწყისი", - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს - რომ მიიღოს ყველა ზომა კრიტიკული საჯარო შეფასებისა და მომავალში შესაბამის სასამართლოებში მისი გასაჩივრებისთვის და სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს - რომ მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად.

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

„ქართულ ოცნებას" „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტებიც აქვს დაინიციირებული.

 

კატეგორია - საქართველო


ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და ხვალ სომხეთში უნდა წასულიყო, საქართველოში არ შემოუშვეს. ხარატიანი სტამბოლში გააბრუნეს, საიდანაც წასვლა ისევ ლუქსემბურგში მოუწევს.

როგორც არსენ ხარატიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, ყველაზე დიდი პრობლემაა ისაა, რომ მისთვის მიზეზი არავის აუხსნია. ხარატიანი საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და როგორც ის ამბობს, საქართველო მისთვის მეორე სამშობლოა. 

ხარატიანის თქმით, „ამ დროისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, ანუ დეპორტაცია, პოლიტიკურია“. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას მისნაირი ადამიანების ან ეშინია, ან მოსკოვში ან ბაქოში ჰყავთ პატრონები, რომლებიც ეუბნებიან, რომ არჩევნებამდე „გაწმინდონ სივრცე“.  

არსენ ხარატიანი თბილისის აეროპორტში 11 სექტემბერსაც დააყოვნეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ საზღვრის კვეთის უფლება მისცეს. მაშინ, ისევე როგორც ახლა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად შსს-ს გადაწყვეტილებაში მითითებული აქვს: "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს". 

ხარატიანი 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველიც იყო. ის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში საქმიანობს.

 
კატეგორია - საქართველო


„მედიაჩეკერთან“ საუბრისას თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი  ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ განაცხადა, რომ აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. 

სადიგოვას თქმით, მას აფგანმა დღეს დაურეკა და უთხრა, რომ აზერბაიჯანულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი მიიღო, სადაც წერია, რომ აზერბაიჯანში მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფგან სადიგოვი შემდგომი ექსტრადირების მიზნით თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი მას 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კატეგორია - საქართველო


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულა“ და „TV პირველი“ კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. 

ორივე შემთხვევაში სასამართლომ სამართალდარღვევად ტელევიზიების ეთერიდან „ქართული ოცნების“ იმ საარჩევნო კლიპის ამოღება მიიჩნია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან. პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.

ტელეკომპანიების ცნობით, გადაწყვეტილება გამოცხადდა პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის დათმობასთან დაკავშირებულ ComCom-ის მეორე სარჩელზეც. საქალაქო სასამართლომ ორივე ტელევიზია სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, მათ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კომისიაში საჩივრების შემოტანის მომენტში ჰქონდა, დადასტურა ComCom-ის განზრახვაც, რომ კრიტიკულ მედიებზე ზეწოლა მოახდინოს.

„ორივე საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა აბსოლუტური დარღვევები და ასევე სიძლვილის ენა წააქეზა, რომელიც არის მიმართული მესამე სექტორის მიმართ,“ - აღნიშნავს იურისტი „TV პირველის“ განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტის, ეთერ ქათამაძის შეფასებით კი, წინასაარჩევნოდ ცუდი პრეცედენტები ყალიბდება და ComCom-ი უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს იღებს.

„სამწუხაროდ, ცუდი პრეცედენტები ყალიბდება წინასაარჩევნოდ და შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო გადაწყვეტილებებსაც იღებს კომისია და ახალ-ახალ პრაქტიკას ადგენს. ისე განმარტავენ კანონს, რომ „ქართული ოცნების“ საჩივარი მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.

ფაქტია, რომ ძალიან დიდი ზეწოლა წამოვიდა ამ წინასაარჩევნოდ კრიტიკულ მედიებზე და არამარტო მედიებს, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო სუბიექტებსაც ზღუდავს მათთვის კუთვნილ, კანონით დადგენილ საეთერო დროში,“- აღნიშნა ქათამაძემ.

სასამართლომ 13 სექტემბერს ComCom-ის სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 5 000 ლარით დააჯარიმა „მთავარი არხიც“. კომუნიკაციების კომისიამ სამართალდამრღვევად „ქართული ოცნების“ იგივე რეკლამის განუთავსებლობის გამო ცნო. 

„მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ ამ რეკლამის განთავსება კანონით გათვალისწინებული სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას ეწინააღმდეგება.

ტელეკომპანიები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ComCom-ის ძველი გადაწყვეტილებების შსახებ იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

 
კატეგორია - საქართველო


საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც ჟურნალისტი თემო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში აბრუნებენ.

„საქართველოში მისი მეუღლე და მეორე შვილი რჩება. სასაზღვრო პოლიციამ უარა თქვა არშეშვების მიზეზების განმარტებაზე. მეშვიდე საათია ზიან აეროპორტის საკანში, არავინ ეკონტაქტება, საჭმელიც არ მოაქვთ. კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება საოცარ ახალ სამყაროში!“ - წერს კიღურაძე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება.








კატეგორია - საქართველო


„მედიაომბუდსმენი“ კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგს იწყებს. ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ comcom-ისა და მასთან დაკავშირებული სამსახურების: მედიააკადემიისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობას დააკვირდება.

„მედიის სამუშაო პირობები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ ვაკვირდებით ჟურნალისტების და ოპერატორების შესაძლებლობას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მეორეს მხრივ, გვსურს მედიაორგანიზაციები დაცულნი  იყვნენ მოტივირებული რეგულირებისგან,“ - ვკითხულობთ „მედიაომბუდსმენის“ განცხადებაში. 

გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად ორგანიზაციის გუნდი ასევე:

  • მოამზადებს მასალებს კომისიის მაკონტროლებელი რგოლის - საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების დაინტერესებული წრეების ინფორმირების მიზნით;
  • გაუწევს იურიდიულ კონსულტაციებს;
  • მედიაორგანიზაციებს სამართლებრივ წარმომადგენლობას გაუწევს კომისიასა და სასამართლოში   და კომისიის საქმიანობის შესახებ ყოველთვიურ ანგარიშს მოამზადებს.

„მედიაომბუდსმენის“ საკონსულტაციო ნომრებია: 595 92 45 97  /  577 07 05 92