საქართველო
კატეგორია - საქართველო


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს გუშინ, 14 მაისს საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას შსს-ის წარმომადგენელმა ხელკეტი დაარტყა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

გიორგი ჟამერაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.

წყარო: „სტუდია მონიტორი“.


კატეგორია - საქართველო


„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ (CPJ) გუშინ საქართველოს პარლამენტის მიერ  რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უცხოეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალებებია.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროექტების მენეჯერის, გულნოზა საიდის განცხადებით, საზოგადოების მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველი პარტიის მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში მიღება, მედიის თავისუფლებას ახშობს.  

„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ აღნიშნავს, რომ კანონის საწინააღმდეგოდ გამართული მასობრივი აქციებისას ორგანიზაციამ პოლიციის მხრიდან მედიის არაერთ წარმომადგენელზე ძალადობა დააფიქსირა. ასევე, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ კოორდინირებული დაშინების კამპანია მიმდინარეობდა.

კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური კანონი მიმდინარე წლის აპრილში ყირგიზეთშიც მიიღეს. 

 
 
კატეგორია - საქართველო


გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტს გუშინ, 14 მაისს საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას შსს-ის წარმომადგენელმა მცირე ზომის კამერა წაართვა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.  

საბა სორდია „მედიაჩეკერს“ უყვება, რომ ის აქციის დარბევის დაწყებამდე, პარლამენტის წინა შესასვლელთან აქციის მონაწილეების ხმაურის პარალელურად პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე სპეცრაზმელების გადაადგილებას გარე სივრციდან იღებდა, რა დროსაც საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფი შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომელიმოუახლოვდა და კამერა წაართვა. 

„კამერა წამართვეს ზუსტად 4 საათზე. ამ რკინის ბარიერის უკიდურეს მარცხენა მხარეს შედარებით ფართო სივრცეა, აქედან ვიღებდი კადრს, უცებ [შსს-ის თანამშრომელმა] გამოყო ხელი და კამერა გამომგლიჯა. მაშინვე დავიძახე, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი, ჩაფხუტი მოვიხსენი, ზემოდან ვაჩვენე, რომ აი, პრესა აწერია, დამიბრუნეთ კამერა, მაგრამ უშედეგოდ არავინ არ მობრუნდა. ეს წართმევის მომენტიც ჩაწერილია, მაგრამ კამერა რომც დააბრუნონ, იმ მასალას, ალბათ, ან წაშლიან, ან ჩიპსაც დატოვებენ თუ არა, ეგეც საკითხავია“.

საბა სორდიას თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, გენერალურ ინსპექციასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს მაშინვე დაუკავშირდა, თუმცა, „ინდიგოს“ კამერას ამ დრომდე არ უბრუნებენ. სორდიას განცხადებით, ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმაც დაკითხეს. 

„ინდიგოს“ ჟურნალისტი გამოკითხვაზეა დაბარებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც. 

 
 
კატეგორია - საქართველო


ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ, 13 მაისს 35-ზე მეტი უნივერსიტეტიდან სტუდენტური ჯგუფების გაფიცვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის პროტესტის ნიშნად არ გააშუქა. 

„იმედმა“ დრო არ დაუთმო არც გუშინ გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო სტუდენტურ მსვლელობას.

ტელეკომპანიამ „ქრონიკის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადება გააშუქა.

„ქრონიკის“ წამყვანის, ხატია ქვათაძის განცხადებით,  სტუდენტების ნაწილის გადაწყვეტილებას - პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში არ შევიდნენ, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ განცხადებით გამოეხმაურა.

„საგანმანათლებლო დაწესებულება აღნიშნავს, რომ არ წყვეტს აკადემიურ თუ სამეცნიერო პროცესს, ლექციებზე დასწრება ან არდასწრება კი ახალგაზრდების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობაა“, - ამბობს ქვათაძე.

მასალის ლინკი: https://www.imedi.ge/ge/video/158183/teqnikuri-universitetis-gantskhadeba#!?page=3 

 
კატეგორია - საქართველო


მუქარისა და სისტემური დევნის გამო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახური „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარეს, ნინო ზურიაშვილს და მთავარ რედაქტორს, ნანა ბიგანიშვილსაც გამოკითხავს.

საგამოძიებო სამსახურმა გუშინ გამოკითხვა TOK TV-ის დამფუძნებელი და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნათია კუპრაშვილი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) ბოლო დღეებია როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. უცხო პირები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ნათია კუპრაშვილსაც.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი წარწერები და პლაკატებიც დაუტოვეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“. მის დამფუძნებელს, ნინო ზურიაშვილს კი პირადი ავტომობილიც დაუზიანეს.

ჟურნალისტებმა „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს 9 მაისს მიმართეს. 

 
კატეგორია - საქართველო


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House მხარს უჭერს ქართველ ხალხს  და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

Freedom House გმობს მიმდინარე რეპრესიებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და გამოთქვამს შეშფოთებას უფლებადამცველებზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევების გამო.

"თუკი ამ კანონს მიიღებენ, ის მოახდენს ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სტიგმატიზებას. ის მისცემს ხელისუფლებას ახალ საშუალებას, ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმებას ან სხვაგვარად დასჯას, რომელთა მუშაობასაც არ ეთანხმება. ეს კანონი დააახლოებს საქართველოს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიცაა რუსეთსა და ყირგიზეთში - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემატურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძალისხმევას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას "ქართული ოცნების" მიმართ, რომ დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი", - ამბობს Freedom House-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ბიბინს სედაკა, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს  კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს, რათა შეწყდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესია.  

„ამ მთავრობებმა დაჟინებით უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასოს შემოთავაზებული კანონპროექტი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. "ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მანამ, სანამ მისი დასკვნა გამოქვეყნდება", - წერს ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

მასალის პირველწყარო: „ამერიკის ხმა“.

 
კატეგორია - საქართველო


"იმედმა", "რუსთავი 2"-მა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა" "ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებები პროსამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, საკუთარ ვებგვერდებზე, თითქმის, იდენტური ტექსტებით გამოაქვეყნეს. 

"იმედის", "რუსთავი 2"-სა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველის არხის" საიტებზე ირაკლი ქადაგიშვილისა და რატი იონათამიშვილის კომენტარებს, თითქმის, უცვლელი ფორმით ვკითხულობთ. მასალებს აქვთ მსგავსი სათაურებიც.

No description available.

















No description available.


მანამდე ტელეკომპანია "იმედმა" ცალკე გამოაქვეყნა ამბავიც, რომ არსებული ინფორმაციით, ჯიმ ო’ბრაიენს ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს, თუმცა, მოგვიანებით ტელევიზიის ვებგვერდიდან მასალა გაქრა.




alt


გავრცელებული ინფორმაცია ივანიშვილის სანქცირების პაკეტზე დარჩა ტელეკომპანია „იმედის“ 5-საათიანი "ქრონიკის" ჩანაწერში.

https://www.imedi.ge/ge/video/158157/jeims-obraienis-viziti#!?page=3 

ამ ინფორმაციის მოსმენა შესაძლებელია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 6-საათიან "კურიერშიც". თუმცა, ტელევიზიის ვებგვერდზე ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის განცხადებაზე დაყრდნობით გაქვეყნებული მასალაც აღარ იძებნება.



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში შეხვედრებს ხვალ, 14 მაისს დაიწყებს. 

14 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება რუსული კანონის მესამე პლენარული მოსმენაც.

"კურიერი" 6 საათზე - https://rustavi2.ge/ka/video/79653?v=2

 
კატეგორია - საქართველო


TOK TV-ის დამფუძნებლისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის მუქარისა და სისტემური დევნის გამო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. 

ნათია კუპრაშვილის გამოკითხვა საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კუპრაშვილმა და „სტუდია მონიტორის“ სამმა ჟურნალისტმა: ნინო ზურიაშვილმა, ნანა ბიგანიშვილმა და მარი დუდუნიამ „მედიაომბუდსმენის“ დახმარებით სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს 9 მაისს მიმართა.

გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ„სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტები, თუმცა,  საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებაში მათაც დაიბარებენ. 

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) ბოლო დღეებია როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. მათ შორის უცხო პირები დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ნათია კუპრაშვილსაც. 

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი წარწერები და პლაკატებიც დაუტოვეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“. მის დამფუძნებელს, ნინო ზურიაშვილს კი პირადი ავტომობილიც დაუზიანეს. 

 
კატეგორია - საქართველო


"საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი" პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და პრესისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

ოფიციალურ წერილში საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები და უფლებადამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელმეორედ ინიცირების, ძალადობრივი ქმედებების უეცარი ზრდისა და იმ შეზღუდვების გამო, რომლებსაც ქართველი ჟურნალისტები მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას აწყდებიან:

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ უკან კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალი დამოუკიდებელი მედიის არსებობას. ამასთან, მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს, რომ გარანტირებული იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. სულ მცირე 20 მედიის წარმომადგენელი დაშავდა ფიზიკურად, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დააკავეს პროტესტების გაშუქების დროს".

წერილში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით ახლახანს მიიღო, ხელისუფლებას აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციის, ზეწოლისა და საბოლოოდ გაჩუმებისთვის, რითაც საფრთხეს  პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას უქმნის. 

წერილის მიხედვით, კანონი არა მხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიწებონ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ იარლიყი, არამედ იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, ჩაატარონ ამ ორგანიზაციების „საფუძვლიანი გამოძიება“ მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი განცხადების საფუძველზე: 

„იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, მოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მას ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და შეარყიოს მათი დამკვირვებლის როლი".

წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი ეშლებათ. 

„ჟურნალისტებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება. გადაწყვეტილება - ჟურნალისტებისთვის, ონლაინ გამოცემებისთვის პარლამენტში შესვლის აკრძალვის შესახებ, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, ჟურნალისტები ვერ ახერხებენ თავიანთი სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებას თბილისის ქუჩებში პოლიციის ძალადობისა და დაშინების გამო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.“

 

საქართველოს პრემირ მინისტრისადმი მიმართულ წერილს ხელს 18 საერთაშორისო ორგანიზაცია აწერს.

წერილის ლინკი:

 
კატეგორია - საქართველო


საინფორმაციო პორტალ QvemoQartli.ge-ის ინფორმაციით, უცნობი პირები ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ ქვემო ქართლში მომუშავე ჟურნალისტებს:

  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე, სათემო რადიო „მარნეული“-ს ჟურნალისტი
  • მანონ ბოკუჩავა, „ქვემო ქართლის მედია“ -ს ხელმძღვანელი
  • მარიკო წიქორიძე, ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW-ს დამფუძნებლი
  • თიკო დავაძე, სათემო რადიო „მარნეული“-ს ჟურნალისტი


„ქვემო ქართლში მედია მენეჯერების და ჟურნალისტების პირად ნომრებზე, შეურაცხმყოფელი ზარები განხორციელდა. უცნობი მოქალაქე, მათ და მათი ოჯახის წევრებს ურეკავდა. ჟურნალისტებს მოიხსენიებდა, როგორც სამშობლოს მოღალატეებს“, - წერია QvemoQartli.ge-ის განცხადებაში.

„ქვემო ქართლის მედიამ“ სატელეფონო ზარების გამო სახალხო დამცველის აპარატსა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს უკვე მიმართა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ზარზე პასუხისას მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. 

მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტის: ნინო ზურიაშვილის, ნანა ბიგანიშვილისა და ნათია კუპრაშვილის უფლებების დასაცავად „მედიაომბუდსმენმა“ შესაბამის უწყებებსაც: სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მიმართა. 

მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერებიც ხვდებათ.

 
კატეგორია - საქართველო


მეორე დღეა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და აქტივისტებს საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერები ხვდებათ. მათ შორისაა დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“, რომელიც მომხდარს ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებულ ტერორად აფასებს: 

„უკვე მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი "სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.

დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები.

გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც "სტუდია მონიტორის" ოფისია განთავსებული.

ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.

ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.

მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას.  არა რუსულ კანონს!“ - წერია „სტუდია მონიტორის“ განცხადებაში.

438164759-1007165581130666-155467449442444487-n

ღირსების შემლახველი პლაკატები და წარწერები დახვდა „მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელს, გელა მთივლიშვილს.

441601164-7900925676593967-2896702549535298542-n

„მედიის განვითარების ფონდის“ ოფისთან დატოვეს სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები და წარწერებიც.



წარწერების გამოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და მათი ოჯახის წევრებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან, როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან დარეკვა დაიწყო. ზარზე პასუხისას კი მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. 

მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტის: ნინო ზურიაშვილის, ნანა ბიგანიშვილისა და ნათია კუპრაშვილის უფლებების დასაცავად „მედიაომბუდსმენმა“ შესაბამის უწყებებსაც: სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს მიმართა. 

 
კატეგორია - საქართველო


მედიაომბუდსმენი
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მუქარის, სისტემური დევნისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტები.

მედიაომბუდსმენმა შესაბამის უწყებებს „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილისა და ამავე ორგანიზაციის მთავარი რედაქტორის, ნანა ბიგანიშვილის, TOK TV-ისდამფუძნებელისა და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ დღეს, 9 მაისს შეატყობინა. 

 

„ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების დაშინების ტენდენცია უკიდურესად საშიშ ფორმებს იღებს. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ერთის მხრივ, ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, მეორეს მხრივ, ქმნის რისკებს ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც კი“, - წერია მედიაომბუდსმენის განცხადებაში. 

 

ბოლო დღეებია რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში ჩართულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს (მათი ოჯახის წევრებსაც) როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ადგილობრივი ნომრებიდან ურეკავენ, ზარზე პასუხისას კი შეურაცხყოფას აყენებენ და მუქარის შემცველი ენით ესაუბრებიან. დღეს, დილით კი საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებთან მათ სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები დახვდათ გაკრული.