საქართველო
კატეგორია - საქართველო
2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, ქსენოფობიური, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი და რასისტული კომენტარები კი შემცირებული - მედიის განვითარების ფონდმა “სიძულვილის ენის” 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
MDF-ის დაკვირვებით, 2019 წელს სულ 1918 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, მათი უმეტესობა - 1214 კი ჰომოფობიური შინაარსის იყო. აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ენის შემცველი ყველაზე მეტი - 646 კომენტარი მედიასაშულებებმა გააკეთეს.

alt

“ჰომოფობიური განცხადებების უმრავლესობა ამკვიდრებდა აზრს, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას (275); რომ ჰომოსექსუალობა გადახრა, ცოდვა და გარყვნილებაა (209); ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლება გარყვნილების პროპაგანდად და უმრავლესობის უფლებების ხელყოფად იყო წარმოდგენილი (196). ისმოდა თემის წარმომადგენლებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებები (188), ასევე ხდებოდა ინდივიდუალური სექსუალური ორიენტაციის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა (106).

ჰომოფობიურ განცხადებებს, რაოდენობრივად ქსენოფობიური კომენტარები მოსდევს. MDF-ის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2019 წელს 538 ქსენოფობიური შინაარსის გზავნილი გავრცელდა, მათგან ყველაზე დიდი წილი - 277 ანტიმიგრანტული შინაარსის კომენტარებზე მოდიოდა, 136 კი თურქოფობიური განცხადებებზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 65 განცხადება გავრცელდა, რომლებიც, ძირითადად, დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა და ამკვიდრებდა აზრს, რომ აზერბაიჯანი ქართული ტერიტორიის მიტაცებას, ოკუპაციას ცდილობს. 41 კო- 12 მენტარი არმენოფობიური ხასიათის იყო და მეტწილად პოლიტიკოსების და ცალკეული პირების სომხური გვარით ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებას უკავშირდებოდა. სხვადასხვა ეთნოსების წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები (19) ამ ჯგუფებს სეპარატიზმისა და ტერიტორიების დაკარგვის საფრთხესთან აკავშირებდა, ასევე ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების თანამდებობაზე დანიშვნას მიუღებლად მიიჩნევდა.

რაც შეეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულ განცხადებებს, მონიტორინგის მიხედვით, მათი უმეტესობა ისლამოფობიური შინაარსის იყო, რასაც იეჰოვას მოწმეების (9) და არამართლმადიდებლური კონფესიების წინააღმდეგ (8) გაკეთებული კომენტარები მოსდევდა. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულ კონტექსტში იყო მოხსენიებული ევანგელურ – ბაპტისტული (5) და კათოლიკური (5) ეკლესიები. ერთი განცხადება იუდეველთა, ერთი კი სხვადასხვა სექტების წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთდა.

MDF-ის მონიტორინგის მიხედვით, სხვადასხვა მოტივით სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებიდან (84) ყველაზე მეტი შემთხვევა ინდივიდუალური შუღლის გაღვივებასა და ძალადობის წამახალისებელ კომენტარებზე (38) მოდის. 27 განც- 15 ხადება ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეხებოდათ. სიძულვილის ენის შემცველი 7 კომენტარი „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მისამართით გაკეთდა. თითქმის თანაბარი იყო ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ (4) და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ (5) მისამართით გაკეთებული კომენტარები.

რაც შეეხება რასისტული შინაარსის განცხადებებს, ექვსიდან სამი თანაბრად გაიყო მედიის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სასულირო პირებს შორის, ხოლო დანარჩენი სამი საზოგადოების წარმომდგენლებმა გააკეთეს.

alt


MDF-ის კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მედია მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა

უფრო კონკრეტულად, მედიამონიტორები აკვირდებოდნენ 4 ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, “იმედის”, “რუსთავი 2-ისა” (შემდგომში “მთავარის”) და “ობიექტივის” პრაიმ თაიმის ყოველდღიურ საინფორმაციო და კვირის ანალიტიკურ გამოშვებებს; 5 ტელევიზიის , “იმედის”, “რუსთავი 2-ის” (შემდგომში “მთავარის”), “ობიექტივის” და “კავკასიის” ტოქშოუებს; 6 ონლაინ გამოცემას - “საქინფორმი”, “ნეტგაზეთი”, “ინტერპრესნიუსი”, “საქართველო და მსოფლიო”, PIA და “მარშალპრესი”. ასევე, 4 გაზეთს - “რეზონანსი”, “კვირის პალიტრა”, “ასავალ-დასავალი”, “ალია”.

კატეგორია - საქართველო
ფონდია “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სათემო რადიოს ქმნის. რადიო “ლილე” ქართულ და სვანურ ენებზე იმაუწყებლებს.

“მთის ამბების” ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რადიო სატესტო რეჟიმში დაიწყებს მაუწყებლობას და სხვადასხვა ტიპის სამ გადაცემას მოამზადებს: საინფორმაციო გამოშვებას და ორ გადაცემას - „ღია სტუდია“ და “ლილე”.

საინფორმაციო გამოშვება, ეთერში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 18:00 საათზე გავა და მსმენელს ამბებს არამხოლოდ სვანეთიდა, არამედ მთელი საქართველოდან გააცნობს. გადაცემა „ღია სტუდია“ ოთხშაბათობით გავა ეთერში და სტუმრებთან ერთად, რეგიონის მთავარ თემებს განიხილავს. გადაცემა “ლილე” კი, ყოველ პარასკევს, ადგილობრივი უხუცესების მონაწილეობით, სვანური კულტურის, ტრადიციებისა და წესების შესახებ მოუყვება მსმენელს.

რადიო „ლილეს“ შექმნის ინიციატორი ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, 2020 წლის 14 თებერვალს დაფუძნდა. “მთის ამბების” ინფორმაციით, სვანეთის სათემო რადიო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სვანური ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას.

ამ დროისთვის საქართველოში ოთხი სათემო რადიო ფუნქციონირებს. ნინოწმინდაში - რადიო “ნორი”, პანკისში - “რადიო WAY”, გორში - “მოზაიკა” და საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერია”.

ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით ახორციელებს მთაში ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის პროექტს, რომლის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის ყოველწლიური დეტალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში მედიალანდშაფტი პლურალისტური, მრავალფეროვანი, თუმცა კვლავ პოლარიზებული იყო, რასაც ძირითადი მედიასაშუალებების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა სდევდა თან.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „მთავარი არხის“, „ტელეკომპანია აჭარის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტელეკომპანია პირველის“ გარშემო განვითარებული მოვლენები, მედიაპლურალიზმისა და პრესის თავისუფლების კუთხით სიტუციის პოტენციური გაუარესების თვალსაზრისით ადგილობრივი არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციების განგაშის საფუძველი გახდა.

Freedom House-ი გასული წლის აპრილში აჭარის მაუწყებლის დირექტორის ნათის კაპანაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მაუწყებლის საქმიანობა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ დადებითად იყო შეფასებული. ანგრიშში ასევე ნათქვამია, რომ კაპანაძის გათავისუფლება ადგილობრივმა არასამთავრობო ორანიზაციებმა გააკრიტიკეს და განმარტეს, რომ ქვეყანაში განგრძობადი ნეგატიური ტენდენციაა, რომელიც მედიაგარემოს გაუარესებისკენ არის მიმართული და პროცესში პოლიტიკური ჩარევების შესახებ ეჭვებს აძლიერებს.

Freedom House-ი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში” მფლობელების შეცვლის, ტელევიზიიდან ჟურნალისტების დიდი ნაწილის წამოსვლისა და ქვეყანაში ახალი ტელევიზიის ჩამოყალიბებაზეც საუბრობს.

„საბოლოო ჯამში, ტელეკომპანიის „წაღება“, ისე, როგორც ეს განხორციელდა, საქართველოში უფრო ფართო ტენდენციაზე მიუთითებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხმების ჩახშობა იყო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოში ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ გასული წლის 20 ივნისის აქციაზე ბევრი ჟურნალისტი დაშავდა. Freedom House-ი Amnesty International-ის მონაცემებს იშველიებს, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის აქციის დაშლისას 31 ჟურნალისტი დაშავდა, მათგან უმეტესობა პოლიციელების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე გასული წლის დასასრულისთვის კვლავ სათანადოდ არ იყო გამოძიებული. ამავე ანაგრიშის თანახმად, მუხთარლი მის გატაცებაში სწორედ საქართველოს კრიმინალურ პოლიციას ადანაშაულებს.

Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიში - „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები“ - ქვეყნებს ეროვნული მმართველობის, საარჩევნო პროცესის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელ მედიის, ადგილობრივ მმართველობის, ასევე სასამართლო სისტემისა და კორუფციის კრიტერიუმებით აფასებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა 7-დან 3.25-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 0.04 პუნქტით ნაკლებია. მედიის თავისუფლების ნაწილში კი - საქართველო 7-დან 3.75 ქულით არის შეფასებული.

წყარო: freedomhouse.org
კატეგორია - საქართველო
TV პირველის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ცნობილია. “ესაა ოჯახური კონტაქტი, უკვე დავუკავშირდით ამირან გამყრელიძეს და ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს”- წერს ინგა გრიგოლია.

საქართველოში მედიის წარმომადგენელის კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევაა. 4 სექტემბერს, COVID-19 დაუდასტურდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელსაც. შემთხვევის დაფიქსირების გამო, აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა
კატეგორია - საქართველო
15-ის ნაცვლად, 5%-მდე გაზრდილი რეიტინგი, ისიც მეგაშოუების ხარჯზე, ძველი შენობის გაყიდვის სამი უშედეგო მცდელობა, მაუწყებლის და ახალი შენობა, რომლის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ჯერ ტენდერი ახლა გამოცხადდა - რა გეგმებით მოვიდა ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დირექტორად და რა ეტაპზეა მაუწყებელი რეფორმის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა.

ორგანიზაციამ რეფორმის მიმდინარეობა და რეფორმის შედეგებთან მიმართებაში გაწეული ხარჯები შეაფასა. ანალიზში ნათქვამია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებლის ფინანსური რესურსები გაორმაგდა. რეიტინგი კი უმნიშვნელოდ გაიზარდა, ისიც, მეგაშოუების ხარჯზე.

ვასილ მაღლაფერიძემ მაუწყებლის დირექტორად დანიშვნიდან მალევე, 2017 წელს მასშტაბური რეფორმები დააანონსა და არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელი წარადგინა. რეფორმის ძირითადი ამოცანა მაუწყებლის ტექნიკური განახლება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება, საბოლოო მიზანი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის გაზრდა იყო.

2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან. ვასილ მაღლაფერიძე 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგის პრობლემა არ დაუსახელებია. მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილების იმიტომ მიიღო, რომ არჩევნების გაშუქების პროცესში პირველი არხის მიუკერძოებლობის საკითხზე კითხვები არ გაჩენილიყო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი TVMR-ის მონაცემებს ეყრდნობა და ამბობს, რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასაჯაროებს როგორც არხის წლიურ, ასევე ცალკეულ გადაცემათა რეიტინგებს. TVMR-ის მონაცემებზე დაყრდნობით კი წერს, რომ მაუწყებლის რეიტინგმა 2019 წლისთვის ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს.

IDFI-ის მონაცემებით, 2018-2019 წლებში მაუწყებლის რეიტინგს უმნიშვნელო ზრდა ჰქონდა, რაც, მეტწილად, არხზე დაწყებულმა ახალმა პროექტებმა და მეგაშოუებმა გამოიწვია. 2019 წლის ყველაზე მაღალ ხარჯიანი გადაცემები „მასტერშეფი” და „საქართველოს ვარსკვლავი” იყო. ამავე გადაცემებზე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, შესაბამისად - 8.91% და 8.60%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრული როლიდან გამომდინარე, კითხვები ჩნდება, რამდენად ემსახურება აღნიშნული გადაცემები საზოგადოებრივ სიკეთეს.

გარდა რეიტინგებისა, კვლევაში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საბიუჯეტო დაფინანსების ყოველწლიურ ზრდაზე და ამასთანავე, მაუწყებლის მიერ აღებულ სესხზე. IDFI წერს, რომ აღნიშნული სესხის მიზნობრიობა ტექნიკური გადაიარაღება იყო, თუმცა სასესხო თანხის ათვისება 2019 წელს ვერ მოხერხდა და 2020 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი სწორედ ამ გაუხარჯავი სესხის მომსახურებას უკავია.

მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა რეფორმის გასაგრძელებლად 45 მლნ ლარის სესხი აიღო. თუმცა, IDFI ამბობს, რომ გაურკვეველია მიაღწევს თუ არა სასურველ შედეგს მაუწყებელი ამ თანხის გამოყენებით.

IDFI ამგარიშში პირველი არხის საშტატო განრიგის საკითხსაც ეხება და წერს, რომ მაუწყებელში კვლავაც არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი, რაც დასაქმებულთათვის არასტაბილურ გარემოს ქმნის.
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ დაამტკიცა ცვლილებები “საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის შესახებ” დადგენილებაში და ჩანაწერის ის ნაწილი, რომელიც მას უფლებამოსილებას უფართოებდა, დააკონკრეტა. უფრო ზუსტად, ცვლილების მიხედვით, დადგენილებიდან ამოღებულია “მედიის” განმარტება და დაკონკრეტებულია, რომ რეგულაციები “მაუწყებლებს” ეხება, რაც თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული არ იყო.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული ცვლილებები 20 აგვისტოს განიხილა. თავდაპირველ ვერსიაში მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები გარკვეულ ხარვეზებს ხედავდნენ. განხილვას წინ უსწრებდა კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” საჯარო განცხადება. მედიაკოალიცია მიიჩნევდა, რომ ტერმინთა განმარტების ცვლილება ხარვეზიანი იყო და დადგენილებაში ზოგადი ფორმულირებების შემოტანა შეუსაბამოდ აფართოებდა კომისიის დისკრეციას.

ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ “მედიის” განმარტების და, ასევე, ჩამონათვალის, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები, დადგენილებიდან ამოღებით, საქართველოს კომუნიკაციების კომისიას უფლებას მიეცემოდა, რომ მისი მოქმედების სფერო გაეფართოებინა და რეგულაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელე და რადიო მაუწყებლებსა და გაზეთებზე ვრცელდებოდა, ონლაინ მედიასაშუალებებზეც გაევრცელებინა.

მედიაკოალიციამ GNCC-ის წარუდგინა წერილობით მოსაზრებები, სადაც საუბარი იყო იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ორგანიზაციები თავდაპირველი ვერსიის მიღებაში ხედავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ GNCC აცხადებდა, რომ ეს შენიშვნები უსაფუძვლო იყო, სადავო ჩანაწერი მცირედით დაკორექტირდა, დაკონკრეტდა, რომ რეგულაციები მაუწყებლებზე გავრცელდება და ონლაინ მედიაზე გაავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის შესახებ” დებულებაში ცვლილებები 27 აგვისტოს შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები 7 სექტემბრიდან, დადგენილების გამოქვეყნების დღიდან ამოქმედდა.
კატეგორია - საქართველო
პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები რამდენიმე საფრთხეს ხედავენ, მათ შორის, დაუსჯელობის წახალისებას. უმეტესობა თანხმდება, რომ პროცესი არ არის თვითდინებადი და ასევე, იმ მუქარებზე, რაც აქციებზე ღიად ისმის, შესაბამისი უწყებების რეაგირება აუცილებელია. დღეს, 8 სექტემბერს, სამართალდამცავ უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდა სახალხო დამცველმაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, მომხდარიდან მე-10 დღეს, ჯერ მხოლოდ საქმის შესწავლა დაიწყო.

altსაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ მუქარა, უშუალოდ მედიის დახურვასთან დაკავშირებით და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ, ძალიან საგანგაშო და საფრთხილოა: “მეორე აქციის დროს გაჟღერებული ღია მუქარები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში გამოიწვევდა ხელისუფლების მყისიერ რეაგირებას - საჯაროდ დაგმობას მსგავსი ქმედების და შესაბამის რეაგირებას მუქარისა და მედიის საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით”.

მისივე შეფასებით, ასეთ დროს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, რადგან მისი ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის დამოუკიდებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

“კოალიციის მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი ნათია კაპანაძე ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი შემთხვევები საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისა და ინტერესების გადაკვეთაზე მიანიშნებს: “ცხადია, რომ თითქმის წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი პროცესების განვითარება, მით უფრო, როდესაც საკითხში ჩართულები არიან პოლიტიკური წრეებიდან, ანუ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ პროცესი არ არის თვითდინებით”.

altნათია კაპანაძე სათემო რადიოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი საგამოძიებო უწყებების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს: “ამ შემთხვევაში, პანკისის და რეგიონების შემთხვევები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგანაც, ხშირ შემთხვევაში, საზღვრისპირა რეგიონები ან რეგიონები, სადაც თემის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხელისუფლების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თუკი ხელისუფლება არ იქნება ეფექტური, ვერ განახორციელებს ობიექტურ მმართველობას, ეს გაზრდის უნდობლობას და იმ ეჭვებს, რომლებიც დღეისთვის გვაქვს”.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ მედიის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით გამოძიების დაწყება საგამოძიებო ორგანოებს “არ უყვართ”, რადგან ქვეყანაში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე ეს დამატებითი პრობლემა და ბარიერია. თუმცა, მსგავი ტიპის შემთხვევები არ დაიმალება და აუცილებლად მოხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში:

“შეიძლება, ხელისუფლების, საგამოძიებო ორგანოების მიდრეკილება იყოს, რომ რაც შეიძლება გაჭიანურდეს ამ ტიპის საქმეების გამოძიება და რაც შეიძლება ნაკლები საქმე იყოს ამ და მსგავსი მუხლებით დაწყებული, იმას ვერავინ ვერსად გაექცევა, რომ ამ ტიპის შემთხვევები მოხვდდება აუცილებლად იმ ანგარიშებში, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამზადებენ პერიოდულად და არა მარტო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, გამოძიებას რა ინტერესიც არ უნდა ჰქონდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შემთხვევა და სხვა მსგავსი ტიპის შემთხვევები, რომლებიც ზოგადად ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას შეიძლება შეიცავდეს, ვინმეს ინტერესს მიღმა დარჩება”.

altსულხან სალაძე აქვე აკონკრეტებს, რომ გამოძება რომც დაიწყოს, მხოლოდ დაწყება არაფერს ნიშნავს, თუ შესაბამისი პირების პასუხისგების საკითხი არ დადგება. მისივე თქმით, უნდა დადგინდეს, ერთი მხრივ, რამდენად რეალურია ის განცხადებები და მუქარები, რაც კეთდებოდა და მეორე მხრივ - რა პროცესთან გვაქვს სინამდვილეში საქმე: “ამ ტიპის შემთხვევებზე გამოძიების არ დაწყება შეიძლება იყოს წამახალისებელი სხვა მორიგი შემთხვევების და შეიძლება უფრო რთული და მძიმე შედეგები მივიღოთ საბოლოოდ.”

შეგახსენებთ, ბოლო ათ დღეში პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ ორი საპროტესტო აქცია გაიმართა - 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს. აქციის მონაწილეები პანკისის რადიოს დარბევით, მის დამფუძნებელს კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ. მომხდარს გამოეხმაურნენ საერთაშორისო და ადგილობირივ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართალდამცავ უწყებებს დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

პანკისის რადიოს წინააღმდეგ გამართულ აქციებს დღეს, 8 სექტემბერს, გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მუქარის შემცველი და ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება. გაქციებზე გაკეთებული განცხადებები კი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელის შეშლის ნიშნებს შეიცავს:

alt“სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის მნიშვნელოვან როლს ხეობაში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაიწყოს გამოძიება ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე შეაფასოს გელა მთივლიშვილისა და პანკისის რადიოს სხვა თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის რისკები და მიიღოს სათანადო ზომები მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ 8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის მისამართით საჯაროდ გაჟღერებულ მუქარის შემცველ განცხადებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარის შესწავლა დაიწყო.

პანკისის სათემო რადიო WAY ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2016 წლის იანვარში დააფუძნა. რადიოს ინფორმაციით, WAY ინგლისურად გზას ნიშნავს, ჩეჩნურად – ჩვენი. პანკისის სათემო რადიოსთვის ამ სახელის დარქმევა ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივა იყო.

დღეს პანკისის უხუცესთა კავშირმა ვრცელი განცხადება გაავრცელა და პანკისის სათემო რადიოსა და გელა მთივლიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მოვლენები ისე ვითარდება ქისტური თემის ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილში, რომ საკუთარი თავის განადგურებისაკენ მივდივართ. ჩვენ, უხუცესებს ბევრი გვინახავს, ბევრი გაგვიგონია და ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რადიკალური, ანტიეროვნული მოვლენები. და ის ვინც თავზე იღებს ასეთი ძალის მართვას, უფსკრულისაკენ მიემართება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო
მიუხედავად საპროტესტო აქციებისა და იმ მუქარისა, რაც ადგილობრივების მხრიდან პანკისის სათემო რადიოს მისამართით ისმის, რადიოს დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ რადიო სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. პარალელურად, მისივე თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე რეალურია და შესაბამისმა უწყებებმა მომხდარზე დროულად უნდა ირეაგირონ. სამართალდამცავ უწყებებს დაუყოვნებლივ რეაგირებისა და მედიისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებენ მედიის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ამ დრომდე გამოძიება არ დაუწყია.

ბოლო ერთ კვირაში პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ ორი საპროტესტო აქცია გაიმართა - 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს. აქციის მონაწილეები პანკისის რადიოს დარბევით, მის დამფუძნებელს კი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.

„მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. დავუდგებით და არ შევუშვებთ“; „თავის რადიოს დავამხობთ თავზე თუ მოითხოვა საქმემ“; „თუ წავა თავისი ფეხით, წავა, თუ არადა ძალით გავუშვებთ აქედან”, - ისმოდა 5 სექტემბერს გამართულ აქციაზე.



ამ ვითარების გამო რადიო WAY-ს მუშაობაში ცვლილებების შეტანა მოუხდა. გელა მთივლიშვილი “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას ამბობს, რომ, მოსალოდნელი საფრთხის გამო, თავს იკავებს პანკისში ჩასვლისგან, გააუქმეს ჟურნალისტური საქმიანობისთვის დაგეგმილი რამდენიმე მივლინება და, ასევე, შეაჩერეს გადაცემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო რადიოს ეთერში.

“პირველ შემთხვევაში, როცა 29 აგვისტოს გაიმართა აქცია, ჩვენ პირდაპირ დაგვემუქრნენ სათემო რადიოს დარბევით და ჩემი იძულებით, რომ არ მომცემენ საშუალებას ხეობაში მუშაობის. მეორე აქციის დროს, რომელიც გაიმართა შაბათს - როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა სხვა საინფორმაციო საშუალებიდან, ეკითხება აქციის მონაწილეებს როგორ შემიშლიან ხელს მუშაობაში, ანუ რა ფორმით არ მომცემენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას - დააკონკრეტეს აქციის მონაწილეებმა, რომ დამამხობენ რადიოსთან ერთად და ფიზიკურად გამიწევენ წინააღმდეგობას”.





გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მუქარის განხორციელების საფრთხე რეალურია: “ჩვენ გვაქვს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ამას არ ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს დაკავება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გვინდა. მხოლოდ რადიოს სტუდიაში ვიმუშავებთ ამ ეტაპზე და ველზე სამუშაოდ არ გავალთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ამ დაძაბულობის კვალდაკვალ ვინმეს რაიმე ზიანი და საფრთხე არ შევუქმნათ”.

altგელა მთივლიშვილი სათემო რადიოს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკასა და რადიოს შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასა და “როდი სკოტის” ფონდს შორის არსებულ მოლაპარაკებებს უკავშირებს: “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიოს დაუპირისპირდნენ. მე მახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კრიტიკულად გავაშუქეთ თემში მიმდინარე პროცესები, და მაშინაც იყო რადიოს მიმართ სერიოზული წინააღმდეგობა, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ სწორი მიდგომებით”.

გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მუქარების მიუხედავად, რადიო არ აპირებს თავისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირების იმედი არ აქვს, თუმცა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს:

“არ მაქვს დიდი იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პროკურატურა რაიმენაირად ობიექტურ რეაგირებას მოახდენს ძალადობისა და მუქარის შემცველ განცხადებებზე. თუმცა, მეორე მხრივ, არც მე ვაპირებ გაჩერებას. ყველანაირად ვეცდები, რომ ხელი შევუწყო პროცესს ობიექტური გამოძიებისთვის”.





გამოძიება კი, მიუხედავად ღია მუქარებისა, ასევე, თავად გელა მთივლიშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა, ამ დრომდე არ დაწყებულა.

გელა მთივლიშვილმა 4 სექტემბერს გენერალურ პროკურორს წერილობით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. პროკურატურაში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ განცხადება 4 სექტემბერსვე გადაეგზავნა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.

„პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს - აცხადებენ კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები. პროცესებს საგანგაშოდ აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც”.

“საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის სათემო რადიო / Radio Way-ს და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 5 სექტემბერს გამოაქვეყნებულ განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო
ორდღიანი წყვეტის შემდეგ, დღეიდან, 7 სექტემბრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, ერთი თანამშრომლის კოვიდინფიცირების გამო შეწყვეტილი მაუწყებლობა განაახლა. ამ დროის მონაცემებით, არხის სხვა არცერთ თანამშრომელს პირველადი ტესტირებით ვირუსი არ დაუდასტურდა. მედიაექსპერტები ფიქრობენ, რომ არხზე მაუწყებლობა არ უნდა შეჩერებულიყო და მენეჯმენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა დროებით 5 სექტემბერს შეაჩერა, მას შემდეგ, რაც არხის ერთ-ერთ თანამშრომელს Covid-19 დაუფიქსირდა. ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება მიმდინარეობდა.

alt


არხის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს. მედიაექსპერტები კი ამ გადაწყვეტილებით გაოცებული არიან და ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მისი მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მაუწყებლობა არ უნდა შეეწყვიტა.

alt“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოქალაქეებს უთხრა, რომ მე იმის გამო, რომ ერთი დასნებოვნებული ადამიანი მყავს ორგანიზაციაში, ვწყვეტ მუშაობას და, შესაბამისად, შენ გართმევ საშუალებას და შენსავე უფლებას, რომ მიიღო ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რომლისთვისაც ნებისმიერი მოქალაქე იხდის ფულს”, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

მისივე თქმით, მაუწყებლის მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში პანიკა დათესა: “თურმე, თუ ერთი ადამიანი არის დაავადებული, ამის გამო ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს მუშაობა. ეს, ჩემი აზრით, არის პანიკის შემცველი ელემენტი და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო არხის მენეჯმენტმა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაზრდილ როლზე პანდემიის პირობებში და ამბობს, რომ ამ ვალდებულების გარდაც, ასეთი პრაქტიკის დანერგვა საინფორმაციო სივრცისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: “ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, რომელიც არ უნდა გაჩერდეს. ინფორმირება, პანდემიის პირობებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება კი კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მატარებელია. ჩემთვის ასეთ სიტუაციაში მედიაორგანიზაციის გაჩერება იგივეა, რაც, მაგალითად, იქნებოდა საავადმყოფოს გაჩერება ადმინისტრაციის თანამშრომლის ინფიცირების გამო”.

altმისივე მოსაზრებით, შესაძლოა, ახლა ამ პროცესს ასე დრამატულად ვერ ვხედავდეთ, თუმცა, ამგვარი პრეცენდენტები პრობლემურია: “ეს აჩენს გარკვეული ტიპის საფრთხეებს სხვა მაუწყებლებისთვისაც. ანუ, თუ გყავს ინფიცირებული თანამშრომელი, ე.ი. “გემშვიდობები”. შეიძლება იგივენაირი “დამშვიდობები” გამოგვიწერონ ხვალ და ზეგ ჩვენ მედიებში. ეს არის, მინიმუმ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სპონტანური და პანიკური გადაწყვეტილება და ეს მენეჯერულად არასწორია”.

მისივე თქმით, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია პანდემიაა და საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელი იყო, რომ მზად დახვედროდა მსგავს შემთხვევებს: “რაც მოხდა, არ იყო მოულოდნელი, ეს არ არის ფორსმაჟორი, ჩვენ ვიცით, რომ პანდემიის პირობებში ვართ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს თუ არ აქვს ალტერნატიული გეგმები როგორ მოიქცეს მაშინ, როდესაც რომელიმე თანამშრომელს უფიქსირდება კოვიდი, პატარა რეგიონულ მაუწყებლებსაც კი გვიფიქრია ამაზე და ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ”.

ზვიად ქორიძე პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება მიმდინარეობდა: “პირველი არხის ყურება მაყურებელს ისედაც შეუძლია შესაბამის არხზე. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დანიშნულება ის არის, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ადამიანებს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით, რასაც უნდა იცავდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის მათი ფუნქცია და არა ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა გაიმეორონ - ამისთვის არ არსებობს აჭარის ტელევიზია და რადიო”.

altსაქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიასამართლის იურისტი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში პირდაპირი ჩანაწერი, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მაუწყებელი, არ არსებობს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეზე ვერ ვიმსჯელებთ. ასეთ დროს გადაწყვეტილება მენეჯმენტმა უნდა მიიღოს, ის სწორედ ამისთვის არის ორგანიზაციაში: “როდესაც სადმე კორონავირუსი დგინდება, ორგანიზაციის ფუნქციონირება არ ჩერდება და არც უნდა ჩერდებოდეს”.

აქვე, საინტერესოა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირიქით, პანდემიებისა და ასევე, საგანგებო მდგომარეობების დროს, გაზრდილი ვალდებულებები აქვს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირებისათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა. თეორიულად, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროდ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოგვევლინოს”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოშ, რომელიც საქართველოს ჟრნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ არის მომზადებული და კორონავირუსის გაშუქებას ეხება (თავი I - სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვა).

altკითხვაზე, რის საფუძველზე შეწყდა არხზე მაუწყებლობა, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ “მედიაჩეკერს” უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს: “გადამდები სივრცეა, ბევრი ადამიანი იზოლაციაშია, იმიტომ, რომ დერეფნებში სიარული უწევდათ. ეხლა ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზეა, აინტერესებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”.

როგორც ონლაინგამოცემა “პუბლიკამ” გაარკვია, აჭარის მაუწყებლობის შეჩერება ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაცია იყო. ამის შესახებ გამოცემას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 
alt

ამ დროისათვის, აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას არასრული შემადგენლობით აგრძელებს. ერთი კოვიდ ინფიცირებული თანამშრომელი ბათუმის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობს, სხვა არცერთს პირველადი ტესტით, ვირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, 7 სექტემბრის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში 12 თანამშრომელია გადაყვანილი, რამდენიმე კი იზოლაციაში იმყოფება.
კატეგორია - საქართველო
კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს. დღიდან, 5 სექტემბრიდან, ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი 4 სექტემბერს დაუდასტურდა. მაუწყებლის ინფორმაციით, ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა და ამ დროისთვის ტელევიზია დაკეტილია. მიმდინარეობს როგორც ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, ასევე მისი ინფიცირების წყაროს მოძიება.

 ტელევიზიის 300-ზე მეტი თანამშრომელი ტესტირებას გაივლის და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმატით გააგრძელებს მაუწყებლობის აჭარის ტელევიზია.
კატეგორია - საქართველო
პანკისის სათემო რადიო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პანკისის სათემო რადიოს და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. Radio Way წერს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს, 5 სექტემბერს რადიოსა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება. მათივე ინფორმაციით, აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, პანკისის სათემო რადიო უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ რეაგირება მოახდინონ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე:

“მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და მედია ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე” - წერს Radio Way.

რადიოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 29 აგვისტოსაც გაიმართა. რადიოს დარბევით დაემუქრნენ და მის დამფუძნებელ გელა მთივლიშვილს ერთკვირიანი ვადა მისცეს პანკისის ხეობაში საქმიანობის შესაწყვეტად. სათემო მაუწყებელში ფიქრობენ, რომ პროტესტი მათმა კრიტიკულმა სარედაქციო პოლიტიკამ გამოიწვია.
კატეგორია - საქართველო
ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ნიკა ლალიაშვილის დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილება არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 31 ივლისს მიიღეს.

პარალელურად, ნიკა ლალიაშვილი “იმედის” გადაცემა “SWOT ანალიზის” წამყვანია. მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომზე მომზადებული პროპაგანდისტული ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს". ნიკა ლალიაშვილის პროდიუსერობით მომზადებული ფილმი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა და ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ნაწილი ფილმის "მთავარ ხაზს" გაემიჯნა

ნიკა ლალიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” დირექტორის პოზიციაზე ელდარ მდინარაძე ჩაანაცვლა.  ცვლილებები საჯარო რეესტრში 6 აგვისტოს აისახა.