საქართველო
კატეგორია - საქართველო

პანკისის სათემო რადიოს დარბევით ემუქრებიან, მის დამფუძნებელს გელა მთივლიშვილს კი ერთკვირიანი ვადა მისცეს პანკისის ხეობაში საქმიანობის შესაწყვეტად. რადიოს წინააღმდეგ უკვე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორი, რადიოს ინფორმაციით, ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ წახალისებული, დუისში მოქმედი „როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს“ ხელმძღვანელი იყო. სათემო მაუწყებელში ფიქრობენ, რომ პროტესტი მათმა კრიტიკულმა სარედაქციო პოლიტიკამ გამოიწვია.

რადიო WAY-ს წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტზე ვრცელი მასალა თავად მაუწყებელმა გამოაქვეყნა. რადიოს ინფორმაციით, 29 აგვისტოს, პანკისში, სოფელ დუისში, იქ, სადაც სათემო მაუწყებლის ოფისი მდებარეობს, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 150-ზე მეტი ადგილობრივი მონაწილეობდა.

რადიო WAY წერს, რომ ლია მარგოშვილი, რომელიც აქციის ორგანიზატორი იყო, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე. როდი სკოტის ფონდს მრავალი წელია პანკისში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები აქვს და მისი ოფისი იმავე შენობაშია, სადაც რადიოს ოფისი. შენობა ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, რადიოს 89.7 კვმ სამუშაო ფართი მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით სარგებლობის უფლებით. ამავე შენობის პირველ სართულზეა პანკისის მუზეუმი, მცირე სამკერვალო საწარმო, სტომატოლოგიური კაბინეტი და ასევე, ცხოვრობს ორი ხანდაზმული ქალი.

რადიოს ინფორმაციით, როდი სკოტის ფონდი შენობის შესყიდვას აპირებს და მას უკვე აქვს თანხმობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. რადიო WAY წერს, რომ მისი ინფორმაციით, ფონდის ხელმძღვანელი მათ, ვინც ამ შენობაში იჯარით ან იჯარის გარეშე სარგებლობს ფართს, დაპირდა, რომ გაძევების საფრთხე არ ემუქრებათ. თუმცა, იგივე ბედი არ ელის რადიოს, - 2021 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც იჯარის ხელშეკრულებას ვადა გაუვა, ახალი მესაკუთრე რადიოსთვის ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს.

„ოფისის კაპიტალურ რეაბილიტაციაში რადიოს დაახლოებით 60 ათასი ლარი აქვს დახარჯული. სათემო მაუწყებლობის გარდა, რადიოში პერიოდულად, ზაფხულობით ფუნქციონირებს უფასო სასწავლო კურსები, სადაც ახალგაზრდები და ქალები ავტომობილის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ, ბუღალტერიის, მცირე პროექტების წერისა და გრანტების მოძიების კურსებს გადიან. 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 300-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა“, - წერს რადიო WAY.

რადიოში ფიქრობენ, რომ მათ წინააღმდეგ აქცია-პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რადიოს ჟურნალისტები შენობის გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შენობის შესაძლო პრივატიზების საკითხზე ინფორმაცია მოითხოვეს, ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელს უთხრა, რომ შენობას ვეღარ მისცემდნენ. „მარგოშვილს ურჩიეს, დუისში აქცია მოეწყო, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა. მერიაში დასახული გეგმის მიხედვით, აქციაზე მივიდოდნენ ახმეტის საკრებულოს წევრები პანკისის სოფლებიდან და მერიის თანამშრომლებიც”, - - წერს რადიო WAY. მაუწყებლის ინფორმაციითვე, „დაიგეგმა, რომ ამ აქციაზე მონაწილეებს პროტესტი უნდა გამოეთქვათ პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, ის ხეობისა და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებაში უნდა დაედანაშაულებინათ და პანკისიდან მისი გასვლა მოეთხოვათ“.

რადიო WAY წერს, რომ აქციაში მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები, რომელთაც დაავალეს აქციაზე 20 მონაწილე მიეყვანათ, ასევე, სოფლის უხუცესები, რომელთაც მხარდაჭერა მარგოშვილმა სთხოვა, იმ მოტივით, რომ გელა მთივლიშვილი შენობიდან ფონდის გამოძევებას აპირებდა. ასევე, აქციაში მონაწილეობდნენ ის პირები, რომელთა შესახებაც, სხვადასხვა დროს, რადიოს კრიტიკული რეპორტაჟები აქვს მომზადებული.

ამ ხეობაში, თუ რამე ზიანი ხდება, ყველაფერი მისგან მოდის. აი, ჰესიდანაც ბევრი რაღაცეებია, ამ ბოლო დროსაც ბევრი რაღაცაა, რასაც ის აზიანებს. არასდროს ჩვენი ხალხის ინტერესები არ დაუცავს მას. ხეობაში 10-20 კაცი იქნება მისი მომხრე, დანარჩენი ყველა მისი წინააღმდეგია. ის ამ ხეობიდან უნდა გავუშვათ. წავიდეს და სხვაგან იმუშაოს. ჩვენ გვაბინძურებს ის. მან ეს ხეობა დააბინძურა. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა, ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი დღეს აქ ამის გამო მოვიდა.

ამ საქმესაც ღმერთის წყალობით მოვაგვარებთ და შენობას არავის დავუთმობთ“, - ციტირებს რადიო WAY აქციაზე გამომსვლელ ადგილობრივს თამაზ მარგოშვილს.

პანკისის სათემო რადიო იმოწმებს სისხლის სამართლის 154-ე მუხლს, რაც გულისხმობს სასჯელს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლისთვის, ასევე, ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქცია, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლით დაიმუქრნენ, პოლიციის შენობის გვერდით გაიმართა და გამომსვლელებს სამართალდამცავებიც უსმენდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება მუქარის ფაქტებზე.

პანკისის სათემო რადიო მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.

ასევე, მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირების გამოყენებით, პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება და დეზინფორმაციის გავრცელება.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ „პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მედიაკოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

„გუშინ, 2020 წლის 01 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა , რომელშიც დაფიქსირებულია როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან იძულებით - პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას.

მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კოალიციამ დღეს, 2 სექტემბერს გაავრცელა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მიიჩნევენ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი.

შენიშვნა: "მედიაჩეკერი" რამდნიმე საათია ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, უწყების პოზიციის გაგებისთანავე მასალა განახლდება.

კატეგორია - საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველმა, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს ახლად არჩეულ სპეციალურ მომხსენებელ ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელ ჰარლემ დეზირს მიმართა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ომბუდსმენის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილებში სახალხო დამცველი ვარაუდს გამოთქვამს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად.

“წერილებში სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს თხოვნით მიმართავს დაინტერესდნენ წარმოდგენილი ინფორმაციით, საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და პირველივე შესაძლებლობისთანავე ოფიციალური ვიზიტით ეწვიონ საქართველოს, რათა ადგილზე შეისწავლონ წერილში აღწერილი გარემოებები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო მანდატის მქონე პირთა რეაგირება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი მედიის არსებობას ქვეყანაში”, - ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენებს და სწავლობს მაუწყებლის თანამშრომლების შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს, როგორც საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე ჟურნალისტების მომართვის საფუძველზე: "კერძოდ, 2019 წლის 5 დეკემბერს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრები გამართა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჟურნალისტებს მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში და დაპირდა, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს”.

გარდა ამისა, 2020 წლის 24 აგვისტოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომითი უფლებების აღდგენის, ასევე მომავალში შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.
კატეგორია - საქართველო
დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან,  "ბავშვთა უფლებათა კოდექსი" ძალაში შევიდა და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს სამაუწყებლო ბადის დაგეგმვისა და მედიაშინაარისის თვალსაზრისით გარკვეული ვალდებულებები და შეზღუდვები უწესდებათ.

ცვლილებები საქართველოს პარლამენტის „ადამიანის უფლებათა კომიტეტის“ თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტის ფარგლებში შემუშავდა და როგორც ავტორი განმარტავს, მათი მიზანი არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვაა.

„მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით:

  • მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა;
  • მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
  • მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.
  • მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:

  1. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;
  2. 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე;
  3. 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
  4. 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

ცვლილების თანახმად, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ იგი შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება მოიცავს სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას განუწყვეტლად, აგრეთვე ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ, მასალის გადაცემამდე.

ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივით ის კრიტერიუმებიც განისაზღვრა, რომლებზე დაყრდნობითაც, მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადე უნდა დაგეგმონ. ესენია: პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულება; ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას და ა.შ.

აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის გამო, შესაძლოა, კომისიამ მაუწყებლებს ლიცენზია შეუჩეროს.


მაუწყებლების გამოხმაურება

პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულ ცვლილებებს ტელეკომპანია „მთავარია არხის“ „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“, „კავკასიისა“ და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ პარლამენტისა და კომუნიკაციების კომისიის მისამართით გავრცელებული მიმართვა მოჰყვა, რომელშიც ისინი საკანონმდებლო ცვლილებებში მთელი რიგი საკითხების გარშემო არსებულ „ბუნდოვანებაზე“ მიუთითებენ და მიმართვის ადრესატებისგან შესაბამის განმარტებებს ითხოვენ.

„კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც“, - აცხადებენ ისინი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ (GDI) 31 აგვისტოს, მთავარი არხის, ფორმულას, ტელეკომპანია კავკასიასა და ტელეკომპანია პირველის და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

GDI მიიჩნევს, რომ მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.

“კანონში გამოყენებული ტერმინები, იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს მისი სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა არა. მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლებს მათი ეთერის შინაარსის განსაზღვრისას იმდენად დამოკიდებულს ხდის კომუნიკაციების კომისიაზე, რომ ატარებს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს და ეწინააღმდეგება ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს”, - აცხადებს GDI.

ორგანიზაციის შეფასებით, მედიის თავისუფლებისთვის მსგავსი შებოჭვა განსაკუთრებით დაუშვებელი და საფრთხის შემცველი წინასაარჩევნო პერიოდშია. მაშინ, როდესაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.

“სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, სარჩელით ასევე ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მოქმედების შეჩერებას. მიგვაჩნია, რომ ნორმებს აქვს რესურსი უარყოფითად იმოქმედოს, არა მხოლოდ მათში ჩამოთვლილი ინფორმაციის, არამედ იმ ინფორმაციის გავრცელებაზეც რაც სცდება მათი დაცვის სფეროს და რომელზე წვდომაც, საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. მაუწყებელთა საქმიანობის შეჩრების საფრთხე და ინფორმაციის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა კი შეუქცევად ზიანს წარმოადგენს როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს ინფორმაციის მიღება”, - ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიის ყოფილი რედაქტორის, მაია მერკვილაძის სარჩელი, რომლითაც იგი იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ტელევიზიაში მისი შტატი გააუქმეს. მაია მერკვილაძე ამბობს, რომ მოსამართლისთვის კონტექსტი საინტერესო არ აღმოჩნდა, რაც შესაძლოა რამდენიმე ფაქტორს გამოეწვია.

გარდა იმისა, რომ მისი საშტატო თანამდებობა გაუქმდა, მაია მერკვილაძე, როგორც რედაქტორი ჩამოაშორეს სატელევიზიო ახალი ამბების რედაქტორობას და რადიოს ახალ ამბებში გადაიყვანეს. „მედიაჩეკერთან“ საუბარში მაია მერკვილაძე ამბობს, რომ სწორედ ამის საფუძველზე, ისინი ითხოვდნენ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

„ჩვენ ამის დასაბუთებაც გვქონდა, გვყავდა მოწმე და ყველანაირად შევეცადეთ მოსამართლისთვის აგვეხსნა ის ცვლილება და ის შედეგი, რაც გამოიწვია ამ აქტის გამოცემამ. პირველი ეს იყო ის, რომ ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე სარედაქციო მიმართულებით და ახალი ამბების რედაქტორი რადიოს მიმართულებით, განსხვავებული პოზიციებია, იმიტომ რომ, მე ვიყავი სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი ახალ ამბებში და ახლა ვარ რიგითი რედაქტორი, რომელსაც არანაირი გავლენა არ მაქვს ახალ ამბებზე“, - ამბობს მაია მერკვილაძე და ამატებს, რომ ამ ცვლილების შედეგის დასაბუთებას ასევე შეეცადნენ მონიტორინგის შედეგებით, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა.

საუბარია მედიამონიტორინგის შედეგებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის შეცვლამდე, აჭარის მაუწყებელში საინფორმაციო გამოშვებები იყო მიუკერძოებელი, თუმცა, მათი შეცვლის შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვასა ან არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.

მაია მერკვილაძის თქმით, დასაბუთების ნაწილში მათ სახალხო დამცველის რეკომენდაციაც მოიშველიეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს გადაწყვტილება არ იყო დასაბუთებული და ის შეიძლება შეფასდეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენების ტოლფასი გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა არხზე პოლიტიკა. თუმცა, მოსამართლემ ეს გარემოებები მხედველობაში არ მიიღო, მისთვის კონტექსტი საინტერესო არ აღმოჩნდა.

„მოსამართლემ თქვა, რომ ჩემს შემთხვევაში მატერიალური ზიანი არ მომდგომია, ვინაიდან მე ვმუშაობ იგივე ფუნქციებით და მაქვს იგივე ანაზღაურება“, - ამბობს მაია მერკვილაძე და ამატებს, რომ მისი აზრით, ამ არგუმენტების გაუთვალისწინებლობა მოსამართლის მხრიდან, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ნაკლები მგრძნობელობა ამ თემებისა და ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ, და, მეორე მხრივ, შესაძლოა ეს იყოს გავლენაც: „იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ არაერთი ფაქტი, როგორც ცდილობდნენ პოლიტიკოსები შეცვლილიყო აჭარის მაუწყებელში პოლიტიკა“.

მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს: „და, თუკი ეს გაგრძელდება (რამდენიმე შრომითი დავა მაქვს მე მაუწყებელთან, არამარტო მე, სხვა თანამშრომლებსაც),ვერ შევძლებთ დასაბუთებას, რომ აჭარის მაუწყებელში განხორციელდა თანამშრომლების უკანონო დევნა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული, ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენ აუცილებლად დავადასტურებთ იმას, რისი ეჭვიც გვაქვს და რის გამოც ვდაობთ სასამართლოში“.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას ჯერ ტოქშოუს, შემდეგ კი რადიოს ახალი ამბების რედაქტორობა შესთავაზეს. მერკვილაძე ამ შეთავაზებას დასთანხმდა და მაუწყებლის წინააღმდეგ დავა სასამართლოში დაიწყო.

“ჩვენ შევედით ამ ბრძოლაში, მე და ჩემი კოლეგები, არ ვაპირებ ბრძოლის შეჩერებას. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩემი აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი, რა პოზიციაც არ უნდა იყოს ის, ამ ბრძოლაში მე ვიქნები მათ გვერდით. პარალელურად გავაგრძელებ საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ყველაფრის გაკეთებას, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ეს მე ხელს ვერ შემიშლის”, - განაცხადა მაშინ მაია მერკვილაძემ “მედიაჩეკერთან” საუბარში.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო თეონა თურმანიძეს დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება და მოახდინოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა; 

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის 4 თანამშრომლისახალი ამბების სამსახურის გამოშვების წამყვან-რეპორტიორის თეონა თურმანიძის, ამავე სამსახურის რეპორტიორის, თეონა ხარაბაძის, ონლაინ მედიის სამსახურის უფროსის, სოფიო ჟღენტის და საავტორო შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის საღამოს გადაცემის ყოფილი წამყვან-რეპორტიორის მალხაზ რეხვიაშვილის საქმეში შრომითი უფლებები დაირღვა. 

ომბუდსმენის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან დათხოვნის, თეონა თურმანიძის სატელევიზიო საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვისა და სოფიო ჟღენტისთვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის (შესასრულებელი სამუშაოს სახე) შეცვლის შედეგად, ადგილი ჰქონდა მათი შრომითი უფლებების დარღვევას, ხოლო რეპორტიორის საქმიანობის განსახორციელებლად თეონა ხარაბაძისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა მის შრომით უფლებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენდა.

"ამასთან, საგულისხმოა, რომ მალხაზ რეხვიაშვილისა და თეონა თურმანიძის უფლებების დარღვევა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელმა და არაპროპორციულმა ჩარევამ გამოიწვია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ თეონა თურმანიძისა და თეონა ხარაბაძის შრომითი უფლებებში ჩარევის დროს, ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც დღეს, 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ამ განცხადების თანახმად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა აჭარის ტელევიზიის დირექტორს,

  • ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო თეონა თურმანიძეს დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება და მოახდინოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა;

  • მომავალში, ნებისმიერი სახის საკადრო თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოახდინოს აღნიშნული პროცედურების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა განუხრელი დაცვა და იმ დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილი რეალიზების უზრუნველყოფა, რომელთა უფლება-მოვალეობებზეც მსგავსი გადაწყვეტილებები ახდენენ გავლენას;

  • ბათილად ცნოს გადაწყვეტილება, რომლითაც თეონა ხარაბაძეს ეცნობა, რეპორტიორის მოვალეობები განეხორციელებინა ქუთაისში და უზრუნველყოს იგი სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობით; ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

საქართველოს სახალხო დამცველს შრომითი უფლებების დარღვევა ასევე დადგენილი აქვს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის საქმეებშიც.

 

კატეგორია - საქართველო
„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, 5000 ლარით დაჯარიმდა. ამავე დროს, არხს რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაევალა. 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას „ყველას გასაგონად“, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა.

"კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” 25 აგვისტოს განცხადებით, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” რეკლამები, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ტრიალებს, არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევად ითვლება.

ორგანიზაციის თქმით, 18 აგვისტოდან ტელეკომპანია “ობიექტივზე” ვიდეორგოლები გადის, რომლებშიც პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიული სიმბოლიკის და საარჩევნო ნომრის ფონზე, ეკონომიკურ პროექტებზე საუბრობს და მაყურებელს მათი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პროექტების განხორციელებას ჰპირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებში არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები (ფასიანი/უფასო პოლიტიკური რეკლამა და საარჩევნო სუბიექტი), ვიდეორგოლები თავიანთი შინაარსით ცალსახად წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პოლიტიკურ რეკლამას. შესაბამისად, აშკარაა, რომ მაუწყებლის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში განთავსებულია პოლიტიკური შინაარსის რეკლამები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N392/18 გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალულია“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.

ორგანიზაციისვე განცხადებით, “თუ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადის ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში, ადგილი ექნება ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მიმართავს:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ტელეკომპანია „ობიექტივსა” და პატრიოტთა ალიანსს - ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შეწყვიტონ მაუწყებლის ეთერში მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების განთავსება.
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაწუყებლის პირველი არხის შენობიდან, ბომბის არსებობის შესახებ შესული ზარის გამო, თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს.

“არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”, - წერს “პირველი არხი”.

მაუწყებლის ინფორმაციით, არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე მუშაობს.


მთავარი ფოტო: პირველი არხი
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა და ტელემაუწყებლებში სარეკლამო შემოსავალი შემცირდა. GNCC-იმ 2020 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო შემოსავლების შესახებ ინფორმაცია დღეს 24 აგვისტოს გამოაქვეყნა.

GNCC-ის ინფორმაციით, მეორე კვარტალში ყველაზე მეტი შემოსავალი - 5.4 მილიონი ლარი ტელეკომპანია “იმედმა” მიიღო.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • იმედი - 5.4 მილიონი ლარი
  • რუსთავი 2 – 2.1 მილიონი ლარი
  • მთავარი არხი - 1.3 მილიონი ლარი
  • ტელეკომპანია პირველი - 0.8 მილიონი ლარი
  • GDS TV- 0.5 მილიონი ლარი
  • POSTV - 0.4 მილიონი ლარი
  • ფორმულა - 0.3 მილიონი ლარი
  • რ.ბ.ჯ. – 0.2 მილიონი ლარი
  • სეტანტა ჯორჯია – 0.1 მილიონი ლარი
  • სტუდია მაესტრო - 0.1 მილიონი ლარი
  • სხვა - 0.9 მილიონი ლარი

“კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანესებს და წლის ჭრილში, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება”, - აცხადებს GNCC.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების კომისია ეხმიანება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საჯაროდ წარდგენილ რეკომენდაციებს „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და აცხადებს, რომ ეს შენიშვნები უსაფუძვლოა.

კერძოდ, კომისიის განმარტებით, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებაში ცვლილებები განპირობებულია მხოლოდ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, რითაც ხდება დადგენილების „საარჩევნო კოდექსთან“ შესამისობაში მოყვანა. დადგენილებიდან ამოღებულია ის დებულებები, რომლებიც იდენტური იყო და ხდებოდა „საარჩევნო კოდექსში“ გაწერილ დებულებებთან დუბლირება.

„რაც შეეხება კოალიციის შენიშვნებს მედიის განმარტებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის დებულებიდან მედიის განმარტება ამოღებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს ტერმინი არ არის გამოყენებული რაიმე რეგულაციასთან კავშირში და ყველა რეგულაცია შეეხება მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებს: მაუწყებლებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებს. კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც ის ახორციელებს საარჩევნო პროცესში, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და კომისიის უფლებამოსილების გაზრდა ვერ მოხდება კომისიის ნორმატიული აქტით, შესაბამისად, არც წარდგენილი დადგენილების პროექტით არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა კომისიის რეგულირებად სუბიექტთა წრის გაფართოება“,-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აგვისტოს, კომუნიკაციების კომისიამ ზეპირი მოსმენით განიხილა ცვლილებები „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, დადგენილებიდან ამოიღებენ მედიის განმარტებას და ასევე ჩამონათვალს, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები. კომისიას ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
კატეგორია - საქართველო
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ კომუნიკაციების კომისიას შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას.

მედიაკოალიციის განცხადების თანახმად, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის იმგვარად მიღებამ, რგორც ის არის წარმოდგენილი, შესაძლოა წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში. ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას.

მედიაკოალიციის წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2012 წელს კოალიციის წევრი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებდნენ მარეგულირებელი კომისიის მიერ შემოთავაზებულ თავდაპირველ ვერსიას, თუმცა ცვლილებები, რომელსაც 2020 წელს გვთავაზობს კომუნიკაციების კომისია, კიდევ უფრო აუარესებს სტანდარტს შემდეგი გარემოებების გამო:

1. ტერმინთა განმარტების ცვლილების ხარვეზი - განსხვავებით 2012 წლის რედაქციისაგან, სადაც მითითებული იყო, რომ მედია ამ დადგენილების მიიზნებისათვის არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი, განახლებულ რედაქციაში განმარტება ამოღებულია. არ არის დათქმა, თუ რომელ მედია სუბიექტებს მოიაზრებს კანონი მონიტორინგის ვალდებულებებში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მედიის ძირითადი/ფართო განმარტება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონითაა ფორმულირებული, რომლის თანახმადაც, მედია არის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი. შეუძლებელია საარჩევნო მონიტორინგი გავრცელდეს ყველა ტიპის მედიაზე, დაუშვებელია ონლაინ მედია მიექცეს კონტროლის ქვეშ წინასაარჩევნი და საარჩევნო პროცესების გშუქებისას. ამიტომაც საჭიროდ მიგვაჩნია, კომისიამ დროულად უნდა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი და დაავიწროვოს სუბიექტთა წრე.

2. დადგენილებაში ზოგადი ფორმულირებების შემოტანა შეუსაბამოდ აფართოებს კომისიის დისკრეციას - ზოგადი გახდა დადგენილების მუხლი 4 - საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლის შინაარსშიც არ დგინდება თუ რა პასუხისმგებლობები აკისრია მედიას, რაც მეორეს მხრივ, შესაძლებლობას აძლევს მარეგულირებელ ორგანოს ფართო დისკრეციით განსაზღვროს მოთხოვნა და დაადგინოს დარღვევა; 3. დადგენილებიდან ამოღებულია დაკონკრეტება სავალდებულო პროცედურების შესახებ - დადგენილების განახლებული ტექსტის მიხედვით, საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსება უნდა მოხდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული ჩანაწერით უნდა ჩანაცვლდეს რედაქცია, რომელიც შედარებით კონკრეტულად მიანიშნებდა მედიის პასუხისმგებლობებზე. აღნიშნული ცვლილებით მედიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობები ნათელი და განჭვრეტადი აღარ იქნება.

4. დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით - დადგენილებიე მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად „ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება“ აღნიშნული ჩანაწერით დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც კოდექსი კონკრეტულად არ მიუთითებს საწყის ვადაზე, დადგენილება მკაცრად ადგენს, თუ როდიდან შეიძლება რეკლამის განთავსება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას გადახედოს პროექტს და შექმნას სივრცე წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობის თავისუფლების და თავისუფალი მედიაგარემოს რეალიზებისათვის“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 20 აგვისტოს, კომუნიკაციების კომისია განიხილავს ცვლილებებს „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. ეს ცვლილებები მას უფლებას მისცემს, მისი მოქმედების სფერო გააფართოოს და რეგულაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელე და რადიო მაუწყებლებსა და გაზეთებზე ვრცელდებოდა ონლაინ მედიასაშუალებებზეც გაავრცელოს.
კატეგორია - საქართველო


საქართველოს კომუნიკაციების კომისია გეგმავს ცვლილებები შეიტანოს დადგენილებაში, რომელიც მას უფლებას მისცემს, მისი მოქმედების სფერო გააფართოოს და რეგულაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელე და რადიო მაუწყებლებსა და გაზეთებზე ვრცელდებოდა ონლაინ მედიასაშუალებებზეც გაავრცელოს.

საუბარია დადგენილებაზე “საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილების მიხედვით, დადგენილებიდან ამოიღებენ მედიის განმარტებას და ასევე ჩამონათვალს, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები.

უფრო კონკრეტულად, დადგენილების მესამე მუხლში განმარტებულია, რომ საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებზე, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელსა და გაზეთებზე, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ცვლილების მიხედვით კი, დადგენილებიდან ამ ჩამონათვალს ამოიღებენ. ეს კი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, ფაქტობრივად, კომისიის უფლებამოსილებას გააფართოებს.

„მედიის განმარტების ამოღებით, კომისია სავარაუდოდ დადგენილებას გაავრცელებს ონლაინ მედიაზეც. აღსანიშნავია, რომ საარჩეევნო კოდექსის საფუძველზე კომისია დღესაც ადგენს სამართალდარღვევათა ოქმებს, თუმცა მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საფუძველზეც კი არ აქვს კომისიას უფლებამოსილება დაამონიტორინგოს და მისი უფლებამოსილება გაავრცელოს ონლაინ მედიებზე. ონლაინ მედიებზე კომისიის უფლებამოსილების გავრცელების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომისია ამ ნაწილზე დაელოდოს სასამართლოს განმარტებას”, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2020 წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ბეჭდური და ონლაინ მედიის მიმართ იმავე რეგულაციების გავრცელება, რაც სამაუწყებლო მედიის (ტელევიზია და რადიოს) მიმართ არის დაწესებული. საქმე ეხებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ონლაინ გამოცემა reginfo-სთვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენას იმ მიზეზით, რომ ვებგვერდმა კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

გარდა ამისა, მესამე მუხლიდან ასევე დაგეგმილია მეორე ქვეპუნქტის ამოღებაც, სადაც განმარტებულია, რომ რეგულაციები ვრცლდება წინასაარჩევნო რეკლამაზე, წინასაარჩევნო დებატებზე, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსა და წინასაარჩევნო აგიტაციაზე.

მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილებაც მთელ რიგ კითხვებს აჩენს:

“ცვლილება შესაძლოა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ მარეგულირებელმა დაამონიტორინგოს მაუწყებლის მთლიანი ბადე”.

კომუნიკაციების კომისია „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხს დღეს, 20 აგვისტოს განიხილავს. ცვლილებების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ უახლოეს 10 დღეში უნდა მიიღოს.