კატეგორია: ბლოგი
ბოლო დროს ერთი ფრაზა მახსენდება-ხოლმე, ბეგბედერის "99 ფრანკიდან", სიახლის უპირატესობა ისაა, მუდმივად იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება ისეთი, რაც წინას დააძველებსო.

სარეკლამო ინდუსტრიის კონტექსტში კი დაწერა ავტორმა, რაშიც იმას გულისხმობდა, რომ ამ ინდუსტრიის ხალხის ძალაა, სიგიჟემდე მოგვანდომონ რაიმე ნივთი, გვაიძულონ, შევაკოწიწოთ მის საყიდლად თანხა, და როცა როგორც იქნება და ვიყიდით, უცებ, ჰოპ! - მარკეტერები ჩვენი ოცნების ნივთს მეორე დღესვე "დააძველებენ" და ჩვენი ტვინიც იმავე ნივთის ახალ ვერსიაზე დაიწყებს ოცნებასო,

მაგრამ არც არაფერი დაშავდება, თუ იმავე ფრაზაში "სიახლეს" სხვა სიტყვით - "ბრაზით" ჩავანაცვლებთ.

აი, რაღაც ასეთს მივიღებთ: ბრაზის უპირატესობაა, რომ ბრაზის ობიექტი, ან სუბიექტი მუდმივად იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება რაღაც სხვა, რაც წინა ბრაზს დააძველებს, ანუ გადაფარავს.

გადაფარავს იმიტომ, რომ ასეთია ადამიანის გონი და, ეს, ერთგვარი შესაძლებლობაცაა ჩვენთვის და - საფრთხეც.

აი, დავაკვირდეთ, რამდენი რამ გვაბრაზებს. ვაღიაროთ, იმდენი, რომ "გვენანება" კიდეც, წინა ბრაზი ახალმა ბრაზმა ჩაანაცვლოს, რადგან ის, რაც გუშინ გვაბრაზებდა, როგორც მიზეზი, არც დღეს გამქრალა სადმე; იმავე პრობლემადაა დარჩენილი და ამის ყოველი გააზრება ისევ და ისევ კი აღაგზნებს და ააქტიურებს ჩვენი ტვინის იმ უბანს, რომელიც იმ ბრაზის მიზეზს აცნობიერებს, მაგრამ რა ვქნათ, დღესაც რომ ახალი გასაბრაზებელი დაგვემატა?! რადენს გავწვდეთ?

ხო.

თუ ვინმე ჯერ ვერ მიხვდა, "პირადულ ბრაზებზე" არა — ბრაზის კოლექტიურ მიზეზებზეა აქ საუბარი და ბრაზი - ბრაზად, მაგრამ ეს ყველაფერი სადარდებელი უფროა, ალბათ.

მხოლოდ ამ თვის ახალი ამბების "თაიმლაინს" რომ გადავხედოთ, ბეგბედერის იმავე ფრაზაში "ბრაზივით" წარმატებით შეიძლება ჩავსვათ სიტყვები: "უიმედობა", "სასოწარკვეთა", "ტკივილი", "კატასტროფა", "უპასუხიმგებლობა" და იმ წინადადებას მაინც შეეძლება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტი იმდენადვე მართლად აღწეროს, როგორადაც სარეკლამო ინდუსტრიაზეა დაწერილი პოპულარული წიგნის ორიგინალში.

შოვის კატასტროფის მერე, ტკივილიც, უიმედობაც, სასოწარკვეთაც და უპასუხისმგებლო ადამიანებზე ბრაზიც ერთნაირი "წარმატებით" გამოვიარეთ.

რა აღარ ვნახეთ და რამდენი ვერ ვნახეთ კიდევ…

რა აღარ მოვისმინეთ და ნეტავ, იქიდან სულ უფრო ცოტა მოგვესმინა, და განსაკუთრებით, მათგან, ძალაუფლების ფლობის ბერკერტს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა რომ გამოაცალეს. ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობის შესაძლებლობად რომ ჩასჭიდებიან და გამოშიგნეს უმთავრესისგან - პასუხისმგებლობისგან, სამშობლოსა და რიგითი მოქალაქის მიმართ.

აი, ესაა ყველა იმ ბრაზის პირველწყარო, რაც მერე უიმედობასაც გვიჩენს-ხოლმე, სასოწარკვეთასაც და ტკივილსაც. და ისინიც არა და აღარ ჩერდებიან, წინა დღის ბრაზს დღევანდელი ბრაზის საბაბებს “საინფორმაციო აბის” დოზებად გვიმატებენ და ჩვენც ვიძველებთ იმ ბრაზებს, ჯერ რომ მონელებაც ვერ მოგვისწრია.

და რამდენადაც ორგანული არ უნდა იყოს ჩვენში არსებული უნარი, ახალი დღის უბედურებები წინა დღისას “აძველებდეს”, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, რეალურად, აქ და ახლაა, იმდენადვეა ჩვენივე მხრიდან ერთმანეთის მიმართ უპასუხისმგებლობა, ამ “თაიმლაინში” ძირითად გასაბრაზებელ საკითხებს დიდ წითელ წრეში არ მოვხაზავდეთ და ვტოვებდეთ არა ბრაზად, როგორც ემოციად, არამედ ვნიშნავდეთ მას გადასაწყვეტ, მოსაგვარებელ საკითხად. ისე, როგორც ეს ზრდასრულ, ქვეყნის, ერთმანეთის, საკუთარი თავისა და შვილების მომავლის მიმართ პასუხისმგებელ საზოგადოებას შეშვენის და მოეთხოვება კიდეც.

აი, აქედან დავიწყებ ძირითად სათქმელს, სათაურად რაც მივაწერე და რამაც ამ ბლოგზე გადმოგიყვანათ: რატომ არ უნდა "გავუტაროთ" რუსთავი 2-ს შემტევი კამპანია თეა გოდოლაძეზე, მეცნიერ ქალზე, რომლისთვისაც სულაც არ დაუთმია 9-საათიანი კურიერის პირველი, “ოქროს წუთები” რუსთავი 2-ს მაშინ, როდესაც შოვის კატასტროფის შემდეგ ჰქონდა სათქმელი ხელისუფლებისთვის; სათქმელი, რომელიც დაგროვებულია წლების პროფესიული ცოდნისგან, გამოცდილებისა და სამეცნიერო მონაცემების ფლობით, და კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე შეეძლო მიეწვდინა ხმა გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის.

მაგრამ იმავე კურიერმა, მთავარი, 9-საათიანი გამოშვების პირველი, პრიორიტეტული წუთები დაუთმო მეცნიერის პირად კონფლიქტს და ამან მედია ხელისუფლების ხელში აქცია ერთი კონკრეტული ადამიანის ერთგვარ დეჰუმანიზების ისტრუმენტად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ არხზე გავლენის მქონე პარტიისგან განსხვავებულად ფიქრობს და ეს ძალიან, ძალიან საშიში და ძალიან დიდი ამბავია; იმაზე დიდი ამბავია, კურიერში რომ “ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია” ჰგონიათ.

და არა, არ უნდა გავუტაროთ ეს "რუსთავი 2"-ს და არც სხვა რომელიმე მედიას, რადგან რეალურად, ამის გატარებაა რუსეთი — ასე რომ არ მოსწონს ფეისბუქსტატუსების მიხედვით, ბევრ ჟურნალისტს სამთავრობო არხიდან.

არც ამ და არც სხვა ქვეყნებში, არავის დაუშლია მედიისთვის, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკური გემოვნება, როგორიც უნდა, მაგრამ კი, ჩვენ როგორც საზოგადოებამ, ნათლად, მკვეთრად უნდა გავუვლოთ მათ წითელი ხაზი, რას გავუტარებთ და რას - არა.

და ყოველთვის უნდა ჰქონდეს საზოგადოების მკაფიო "არა" ძალაუფლების მფლობელი ადამიანების ჟინსა და ვნებას, აქციონ მედია ადამიანის მორალური ჩაგვრის ინსტრუმენტად, მხოლოდ იმიტომ, რომ გაანეტრალოს ის საზოგადოებრივი, თუ პროფესიული გამოხატულებებისგან, რადგან აი, ეგ არის ის რუსეთი, ფეისბუქით რომ აძაგებთ-ხოლმე ოცნების დაქვემდებარებაში მყოფი მედიის ზოგი ჟურნალისტი.

და თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ თეა გოდოლაძის უფლებას, ხვალ თეა გოდოლაძისნაირად, ისევ თქვენივე ხელით მოგთხოვენ გაანადგუროთ ვინმე სხვა, და ყოველ დღე იქნება ის "ვინმე სხვა" და ასე, არასდროს დაილევა "თქვენ მიერ მოპოვებული ექსკლუზივები" ძალაუფლების მფლობელთათვის არასასრულველი ადამიანების პირად ცხოვრებაზე, და აი, ეგ არის რუსეთი.

და იცით, მთელ ამ ამბავში, რა არის იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე კურიერის მიერ, გოდოლაძეზე ამბის "ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციად" გამოცხადებაა? ის, რომ ზუსტად "ოცნებისთვის" ამდენად საძულველი, "სისხლიანი ცხრა წელის სააკაშვილის" მთავარი მედიასაყრდენების ხელით აკეთებენ ასეთ საინფორმაციოებს, "ოცნებისავე" დაქვემდებარებაში მყოფ არხებზე, და გთხოვთ, ეგეც გვითხარით, ეგ როგორ ხდება? ჩვეულებრივ?

და ყოველგვარი მორალისტობის გარეშე, უბრალოდ, ფაქტად მიიღეთ, რომ კი, ვართ ამ ქვეყანაში მედიაში მომუშავე ისეთი ხალხიც, ვინც, სააკაშვილსაც ვეუბნებოდით სათქმელს, მერე ივანიშვილსაც და ახლაც მივუთითებთ "ამათ", ოღონდ, დანამდვილებით ნუ გვაფიქრებინებთ, რომ "ახლა" უკვე რუსეთია.

პ.ს. თუ მართლა ისე არ გინდათ რუსეთი, როგორც ამას ფეისბუქზე გამოხატავთ, როგორც რატომღაც, ბეგბედერით დამიწყია, მისივე ფრაზით დავასრულებ: "თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორც ფრანკენშტაინის საცოლე."
კატეგორია: ბლოგი
ცოტა შორიდან დავიწყოთ.  

Netflix-ს აქვს ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი "შავი სარკე", რომელიც ჩვენშიც საკმაოდ პოპულარულია.  

სერიალი, მაღალტექნოლოგიური ახლო მომავლის მაგალითზე გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში კაცობრიობის უდიდესი ინოვაციები ადამიანისთვის შეუცვლელ ინსტიქტებსა და საჭიროებებთან. 

შოუმ, ასეთი დილემური თეორიებიდან, სხვადასხვა სერიაში სხვადასხვა საკითხი გვაჩვენა, მათგან ორი კი — White Christmas და The entire history of you, სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანებისთვის ციფრული მეხსიერების ქონის შესაძლებლობის თეორიას ავითარებს, რომელიც იმ ყველაფრის რეალურ დროში გაციფრულებას გულისხმობს, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ. ასეთი "ციფრული მეხსიერება" კი, ადამიანის მხედველობას ისეთივე სამომხმარებლო ფუნქციებს მისცემს, როგორიც დღეისათვის ციფრული პროდუქტების მოხმარებისას უკვე გვაქვს — ინტერნეტში, ან ტელევიზორში აუდიოვიზუალური მასალის გადახვევა, წაშლა, ან არასასურველი გამოსახულების დაცენზურება და დაბლოკვაც კი.  

მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ მომავალი, რომელშიც შეგიძლიათ აღარ უყურებდეთ და ხედავდეთ მათ, ვისი დანახვა და მოსმენაც ნერვებს გიშლით, ან ფიქრობთ, რომ გაზიანებთ. ასეთ ადამიანებს დაბლოკავ და მორჩა, გათავდა! 

აი, დაახლოებით ამ ფუტურისტულ იდეას მიუახლოვა "ქართულმა ოცნებამ" მათთვის არასასურველი მედიებისადმი მიდგომა, როდესაც ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსვლის შემდეგ, უარი თქვა მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების თოქ-შოუებში სიარულზე და, თოქ-შოუები რაღა მოსატანია, ოფიციალურ სამთავრობო ღონისძიებებზე შესვლისა და კითხვების დასმის შესაძლებლობაც კი გაუქრო მათ. 

სულ ახლახან ინტერნეტგამოცემა BM.ge-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია საერთოდ არც კი შეუშვეს იმ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მთავრობა ყოველკვირეული მთავრობის სხდომის შემდეგ მართავს-ხოლმე და ამ ფორმატში, ცალკეული მინისტრები ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ. მთავრობის ადმინისტრაციის არაოფიციალური პასუხის მიხედვით, გელანტიას არდაშვების მიზეზად "ბევრი შეკითხვის დასმა" დასახელდა, არადა, ეს პრესკონფერენციები, კრიტიკული მედიებისთვის, მინისტრებთან პირდაპირი კომუნიკაციის თითქმის ერთადერთი ოფიციალური "ფანჯარაა". 

მედიის მიმართ, "ქართული ოცნების" "შავი სარკისეულმა" დამოკიდებულებამ — იმის არდანახვისა და არმოსმენის სურვილმა, რაც არ მოსწონთ, ქართული მედია საოცრად მოსაწყენი და ერთფეროვანი გახადა. თითქოს დიდად აღარც თოქ-შოუების ყურება ღირს, რადგან ისედაც წინასწარ იცი, რომ ასეთი ფორმატის გადაცემებში წამყვანებისაც და მოწვეული სტუმრების უმეტეს ნაწილსაც, ერთმანეთთან მიახლოებული ხედვები და ღირებულებები აქვთ და ეს ასეა-ხოლმე როგორც სამთავრობო, ასევე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებში. ამის გამო კი, თითქოს, სანახავი და მოსასმენიც აღარაფერი დარჩა. უკვე ვიცით რას იტყვით, გავიგეთ, გასაგებია.  

სწორედ ამის საპირისპირო მიზეზის გამო იყო "უცნობისა" და ჯაფარიძის ეთერი კარგი. ვნახეთ ერთმანეთისგან ხედვებით, მიდგომებითა და ღირებულებებით განსხვავებული ორი ადამიანი და იმდენად მოწყურებულები ვართ ერთი გადაცემიდან ორი სხვადასხვა აზრის მოსმენას, ეს ყველაფერი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თოქ-შოუ სენსაციად ქცეულიყო.  

არ ვაპირებ გადაცემის შინაარსში შესვლასა და პოზიციების განხილვას. ჯერ თუ არ გინახავთ, ნახეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვინც უკვე ვუყურეთ გადაცემას, რა გვიხარია?! 

გვიხარია ის, რომ შეიძლება, ერთ გადაცემაში, სხვადასხვა პოზიციებს ვუსმინოთ და ვუყუროთ დებატებს "ქართული ოცნების" მიმართ აშკარა ერთგულებითა და მხარდაჭერით გამორჩეული გიორგი გაჩეჩილაძესა და ოპოზიციონერს შორის. 

2022 წელს, დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ გვიხარია ეს და ალბათ, ამ მხოლოდ ამ ფაქტმა აქცია გადაცემა სენსაციად და არა წამყვანისა და სტუმრის პოზიციებმა, რადგან რას ფიქრობს ჯაფარა, ან "უცნობი" დასავლეთზე, რუსეთზე, ან "მეორე ფრონტზე", ეს ისედაც კარგად ვიცოდით. 

ასევე წაიკითხეთ: ხელისუფლება კრიტიკულ გადაცემებთან ბოიკოტის რეჟიმში [მედიაჩეკერის არქივი, 2021 წელი]
კატეგორია: ბლოგი
უკრაინა ომშია. ქვეყნის მოსახლეობა, ყოველდღიურად, ნამდვილ ჯოჯოხეთს გადის. პუტინის ჯარისკაცები სადისტურად ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. რუსების დაუნდობელი შეტევის შემდეგ, ასობით ნაწამებ, შემდეგ კი, დახვრეტილი მოქალაქის გვამებს საერთო სასაფლაოებში პოულობენ. მესამე თვეა, მედია უწყვეტად აჩვენებს იქაურ ამბებს.  არავინ იცის, როდის დაასრულებს თანამედროვე სამყაროს ტირანი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას ჩვენს მეგობარ და მეზობელ უკრაინაში და შესაძლოა, დიდად არც ის ვიცით, რეალურად, რის გაკეთება შეუძლია ჩვენს ქვეყანას მათი ტკივილის შესამსუბუქებლად, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით, რა არ უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მოძმე ერს ჭრილობებზე მარილი არ დავაყაროთ. ჭრილობებზე მარილის მოყრა ჩვენს მთავრობას ჰკითხეთ.

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, ზღვარი შენივე ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ გასაკეთებელ და არ გასაკეთებელ განცხადებებს შორის, ჯერ კიდევ ომის დაწყებისთანავე მოშალა. ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, ზურგს მუდამ უმაგრებს სახელისუფლებო მედიაც. ეს კი, პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან დიდი ძალაა და სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ მთავრობისადმი კეთილგანწყობილი მედია ფარავს.  დამოუკიდებელი საქართველოს მედია ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელისუფლებო მედიად ყოფნა ბევრი კომფორტის მომტანია. კომფორტი, თავის დროზე, არც სააკაშვილს დაუკლია რევოლუციის შემდეგ სასურველი პარტნიორებისთვის გადაფორმებული “რუსთავი 2"-ისთვის, დარბევის შემდეგ “დათრეული” “იმედისა” თუ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელიც, ჩვენს ქვეყანაში, არჩევნებში გამარჯვებული ძალებისთვის გარდამავალი პროპაგანდისტული ჩირაღდანივით ვაქციეთ. 

იყო სამთავრობო მედია, ნიშნავს, არ გაგაჩნდეს არც საკუთარი აზრი, არც ხმა, არც ტონი — არაფერი, რაც მედიას მედიად აქცევს. ამას რა დიდი ანალიზი ან დაკვირვება სჭირდება, მაგრამ რუსეთის მიერ, უკრაინაში ომის დაწყებამ მაინც უფრო მკვეთრად დაგვანახა ეს ყველაფერი და, მაგალითისთვის, ტელეიმედისთვის თვალის დევნებაც კმარა.

ტელეკომპანია „იმედმა“, ჯერ კიდევ წლების წინ გამოაცხადა, რომ ერთვებოდა ბრძოლაში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და მოქმედი ხელისუფლების მხარდასაჭერად. ოღონდ, იმ ხელისუფლებისა, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის დამაზიანებელი პოლიტიკით სულ უფრო და უფრო ემსგავსება წინამორბედს, მეორე მხრივ კი, თავის მიერვე, “ომის პარტიად” გამოცხადებული “ნაციონალების” დევნაში, ოპონენტებზე თავდასხმის ასპარეზი იმდენად გააფართოვა, რომ რეალურ, სასტიკ ომში ჩართული უკრაინა ლამის სიტუაციურ მტრად აქცია.

“ოცნების” ხელისუფლების უკრაინასთან სიტუაციურ მტრობას თავისი საფასური აქვს სამთავრობო მედიისთვის. მათ უწევთ თავადაც იქცნენ უკრაინის სიტუაციურ მტრად და რამდენადაც მძიმედ არ უნდა ჟღერდეს, გარკვეული გაგებით - რუსული პროპაგანდის სიტუაციურ მოკავშირედაც და კი, ეს სამთავრობო მედიად ყოფნის ძალიან მძიმე საფასურია.

ტელეიმედის ტონი უკრაინაში ომის გაშუქებისას ერთი ერთზე მიჰყვება სამთავრობო გუნდის დღის წესრიგს. გაამკაცრებს კობახიძე ტონს? - გაამკაცრებს “იმედი”, შეარბილებს კობახიძე ტონს? - შეარბილებს “იმედიც”. საკუთარი გაუაზრებელი, თუ გააზრებული (და ღმერთმა უწყის, რომელი უარესია) განცხადებებით გადაგვკიდებს ღარიბაშვილი უკრაინას? - გადაეკიდება “იმედიც”, უკრაინასთან ურთიერთობებში შექმნის მეგობრულ, “მოდი, ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, ოღონდ ნაცების გარეშე” ფონს პარლამენტის თავმჯდომარე? - ამავე ხაზს, სამთავრობო ტონშივე შეუერთდება “იმედიც”. 

და სამთავრობო სურვილებს, სამთავრობო არხზე, ვერავინ აღუდგება წინ, იმიტომ რომ მთავრობამ უკეთ იცის, როგორც ებრძოლოს ნაცებს, ანუ - უკრაინას, ანუ - მტრებს და ამგვარად, ტელევიზიისთვის სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ზღვარი სამთავრობო პროპაგანდასა და რუსული ინტერესებისთვის ხელსაყრელ პროპაგანდისტულ მესიჯებს შორის, რადგან, როდესაც მთავრობა უკრაინის მაღალჩინოსნებზეა გამწარებული, “იმედიც” გამწარდება და კვირის ცენტრალურ საინფორმაციო - ანალიტიკური გამოშვების დასაწყისშივე, ძირითად დროს დაუთმობს იმას, თუ „როგორ გადაგვემტერა უკრაინა“.  ჰო, ამას. აი, ამას - როგორი ომში ჩამთრევია უკრაინა. აი, ის უკრაინა, ახლა, ამ ბლოგის კითხვის მომენტში, რუსეთი რომ უხოცავს ხალხს. რომელი რუსეთი და ის რუსეთი, აი, ჩვენ რომ ამოგვიწყვიტა ხალხი 2008 წელს, კიდევ 90-იანებიც, კიდევ მანამდეც, ერთი საუკუნის წინაც... და “იმედი” იმაზე საუბარს, თუ როგორ გვითრევს ცუდი უკრაინა ომში, არ დასჯერდება არგუმენტების მხოლოდ წულუკიანისა და ვოლსკის კომენტარებით გამყარებას და სიუჟეტს დაიწყებს იუთუბზე ატვირთული იმ პროვოკაციული ვიდეოს ჩვენებით, რომელშიც სახედამალული ვიღაც ტიპები აფხაზეთში შეჭრისკენ მოგვიწოდებენ და ამის გავრცელებასაც უკრაინის სურვილებს დაუკავშირებს, გახსნას საქართველომ “მეორე ფრონტი”. 

ეს ის ვიდეოა, რომელიც დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა და არცერთ თავმოყვარე ქართულ ონლაინ, თუ ტელემედიას არ გაუშვია ეთერში, სამაგიეროდ, არსებობს ეჭვები, რომ მის გავრცელებაში ძალისხმევა არ დაუშურებია რუსეთს და ამ ვიდეოს, იუტუბზე, დასპონსორებული სახით უგდებდა ქართულენოვან აუდიტორიას. აი, ასე ვიწროვდება ზღვარი სამთავრობო პროპაგანდასა და რუსულ პროპაგანდას შორის, თუ ხდება ისე, რომ ეს ორი, ნაცების, ანუ - უკრაინის, ანუ - ბოროტების წინააღმდეგ სიტუაციური მოკავშირეები ხდებიან. 

ჰოდა, სად გადის ზღვარი სამთავრობო მედიისთვის ხელისუფლების მხარდაჭერასა და რუსულ პროპაგანდას შორის? ვფიქრობ, რაც უნდა მიუღებელი იყოს მათთვის ჩემი, ან სხვა მაყურებლების კრიტიკული მიდგომა მათი საქმიანობის ამ ნაწილის მიმართ, სულ მცირე, ამ კითხვამ უნდა დააფიქროს ამ არხების ინტელექტუალური რესურსი და კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამთავრობო არხები ბევრ გონიერ, კარგი შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების ადამიანსაც აერთიანებს.
კატეგორია: ბლოგი
პირველი თებერვლის საღამო, როგორც „ანტივაქსერების საღამო“, ქართული ტელევიზიის უახლეს ისტორიაში “ოქროს ასოებით” ჩაიწერება. სატელევიზიო მედიისთვის აქამდე აქტუალურ კითხვას — რა ვუყოთ ანტივაქსერებს, პასუხი ერთდროულად ორმა პოპულარულმა მაუწყებელმა - „რუსთავი 2“-მა და „ტვ პირველმა“ მათთვის პრაიმტაიმში ეთერის დათმობით გასცა.

ვიდრე შევაფასებთ, ეს რას ნიშნავს და რამდენად დამაზიანებელი იქნება ვაქცინაციის პროცესისა და ზოგადად, ტელემაყურებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ერთად გავიხსენოთ, რა უძღოდა წინ „ანტივაქსერების საღამოს“.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მთავრობა უკვე ორი წელია, ლამის გვაყვედრის, რომ იდეალურად მართავს პანდემიის პროცესს. მართალია, ყველაფერი საპირისპიროზე მიუთითებს, მაგრამ რა ვუყოთ ჯანდაცვის სექტორის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ზოგჯერ სრული დამაჯერებლობით ტელეეკრანიდან იმასაც კი გვიმტკიცებდნენ, „საქართველომ ამ პროცესში სამაგალითო პრაქტიკით განვითარებული ქვეყნების ყურადღებაც კი მიიპყრო და რჩევებისთვისაც მოგვმართავენო“.

ძალიანაც რომ მოვინდომოთ ამის დაჯერება, გაუგებარია, რა იგულისხმება პანდემიის კარგად მართვაში — ვაქცინაციის სრულიად ჩავარდნილი საინფორმაციო კამპანია, დაგვიანებით შემოტანილი ვაქცინები, ამის საპირისპიროდ - დღეისათვის დასაწყობებული და გაფუჭებისთვის განწირული დოზები, თუ ინფიცირების დღიური მაჩვენებლები, რომელიც 2 თებერვლის მონაცემებით, 26 000-ზე მეტია.

სანამ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად მთავრობა სწორი კომუნიკაციის ფორმად ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგებს მიიჩნევდა (რომელსაც უკლებლივ ყველა პოპულარული სატელევიზიო არხი, თუ ონლაინ-მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა), რაც მოსახლეობის ნაწილს პანდემიისა და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის ილუზიას უქმნიდა, ანტივაქსერებმა მთავრობაზე უკეთ გაიაზრეს ოცდამეერთე საუკუნის უპირატესობები და საკუთარი ანტივაქსერული პოზიციების გასავრცელებლად ყველა ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმა წარმატებით აითვისეს.

იმდენად წარმატებულად, რომ ფაქტია, სამთავრობო ტრიბუნიდან გაკეთებულ აცრისკენ მოწოდებებზე მეტი შედეგი სწორედ სოციალურ ქსელებში წარმოებული საპირისპირო კამპანიებით „დადეს“.

მათი მუშაობა, რომელიც ერთიანად მოიცავდა ფეისბუქს, ტიკტოკსა და ტელეგრამის არხებსაც კი, შესაძლოა, ერთი შეხედვით ქაოტურადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა რომ დავფიქრდეთ, კამპანია საკმაოდ გეგმაზომიერი იყო. ცნობილ პლატფორმებზე ერთიმეორეზე აბსურდული „არგუმენტებით“ გაჯერებული დეზინფორმაციით უდიდესი დაფარვაც მოიპოვეს და უკეთესი შედეგების მისაღწევად არც „ინფლუენსერების“ ჩართულობა დავიწყებიათ.

ონლაინ აქტივობებს ერთი-ორი ინტერნეტს მიღმა აქტივობაც დაამატეს, გამართეს აქციები და შედეგებმაც არ დააყოვნა. მათი მუშაობის შედეგები ყველაზე უკეთ „აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევებმა აღწერა, რომელშიც, კითხვაზე — გაიკეთებდით თუ არა ვაქცინას, გამოკითხულთა 47%-მა პროცენტმა უპასუხა, არაო. მაშინ, როდესაც ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა მხოლოდ 35-მა პროცენტმა გასცა.

მოდით, ახლა დავუბრუნდეთ შეკითხვას — რა ვუყოთ ანტივაქსერებს?

მედიამ, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული, რა დრამატული გავლენა შეიძლება იქონიოს ანტივაქსერული პოზიციების ტირაჟირებამ ადამიანების გადაწყვეტილებასა და შესაბამისად, ჯანმრთელობაზე, ამ კითხვაზე პასუხი ვაქცინის მოწინააღმდეგეთათვის ეთერის დახურვით გასცა. თუმცა, სხვებმა, ვინც სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ ამავე მიდგომით ბევრი ითმინეს, ითმინეს მაგრამ საბოლოოდ, არგუმენტით - აბა, რა ვქნათ, მედალს ორი მხარე აქვს და მათგან ერთის დაცენზურების შემთხვევაში, საზოგადოების ამ ნაწილის ხმა არ იქნება წარმოდგენილიო, ანტივაქსერების საღამო მოაწყეს.

ჰო, თითქოს სხვა დანარჩენ შემთხვევებში, მათ შორის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე სულ ორი და მეტი პოზიცია ისმოდეს მათი ეთერებიდან.

მაუწყებლებს დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში ანტივაქსერების ხმა ისედაც ძალიან, ძალიან ხმამაღლა ისმის. მათი ხმა ისმის სოციალურ ქსელებში, ანტივაქსერული განწობებით ცნობილ არაერთ მცირე რეიტინგების ტელევიზიაში, მათი ხმა ისმის საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, მთავრობაშიც, ეკლესიებშიც, ქუჩებშიც. მათი ხმა ბევრი ჩვენგანის, ან ჩვენი ახლობლის ოჯახებშიც ისმის და პოპულარულ ტელეარხებზე, ყველაზე უფრო ყურებად დროს ბევრი ანტივაქსერის გამოჩენა მათ ხმას კიდევ და კიდევ უფრო აძლიერებს.

პირადად ჩემთვის, ყველაზე ცუდი მთელ ამ ამბავში წამყვანების, ამ არხების წარმომადგენლების პოზიციები იყო.

„ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი ინგა გრიგოლია, რომელმაც ეთერი ანტივაქსერული განწყობებით ყველაზე ცნობილ ინტერნეტვარსკვლავს, ხატია სიჭინავას დაუთმო, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყველა რეკორდს აჭარბებდა, სტუმრის „არგუმენტებს“ პროვაქსერული პოზიციების სასარგებლოდ მხოლოდ საკუთარ ემოციურ დამოკიდებულებას უპირისპირებდა.

წამყვანს ანტივაქსერი სტუმრისთვის არ მოუყვანია სამეცნიერო ფაქტები, სტატისტიკები და სხვა სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც აჩვენებდა სტუმრის არარაციონალური, აბსურდული შიშებით გაჯერებულ რწმენას, თითქოს, კოვიდვაქცინაცია საზიანოა.

კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო „რუსთავი 2“-ის შემთხვევა, სადაც ჯერ ანტივაქსერული პოზიციების მქონე პოპულარულ ადამიანებს დაუთმეს ტრიბუნა, შემდეგ კი, ამავე გადაცემაში სტუმრად მყოფმა არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა საყვედურებით აავსო გადაცემის ანტივაქსერი სტუმარი ეკა კვალიაშვილი. „თქვენთვის გასაგებია, რომ თქვენი განცხადება ადამიანების სიცოცხლისთვის საზიანოა?.. იღებთ პასუხისმგებლობას, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს განცხადებას, თუ თქვენს ნათქვამს ვინმე დაუჯერებს?“ — აღშფოთებით მიმართა არხის ერთ-ერთმა მთავარმა მენეჯერმა სტუმარს. ოღონდ ამ ყველაფერს ისე ეუბნებოდა ანტივაქსერ კვალიაშვილს, თითქოს, ეს ყველაფერი რომელიმე სხვა არხზე ხდებოდა და არა არხზე, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავადვეა. თითქოს სწორედ მის არხს არ მოეწვია ეს სტუმარი ზუსტად იმისთვის, რომ კვალიაშვილს ეთქვა ის, რაც თქვა.

ორივე გადაცემის შემდეგ, სრულიად გაუგებარია, რა საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურებოდა დისკუსია შინაარსით — ავიცრათ, თუ არა. რა შემატა ტელევიზიების ყველაზე უფრო ყურებად პერიოდში ანტივაქსერების ეკრანზე გამოჩენამ პროვაქსერულ კამპანიას, და საერთოდ, იყო კი საერთოდ ეს ამ ტელეგადაცემების მიზანი?

გადაცემებში ანტივაქსერების გამოჩენას შეეძლო მხოლოდ გაეძლიერებინა სკეპტიკოსების პოზიციები, მით უფრო, რომ ახლა ამ პოზიციებს კიდევ უფრო მასშტაბური დაფარვის ტრიბუნებიდან კიდევ უფრო მეტი პოპულარული ადამიანი ახმოვანებდა.

დაბოლოს, ვფიქრობ, ტელევიზიების მიერ გამართულმა „ანტივაქსერების საღამომ“ ძალიან მარტივად გვაჩვენა პასუხი კითხვაზე — რა ვუყოთ ანტივაქსერებს? თუ მედიისთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უზენაესი ინტერესია, ვერაფერს, საერთოდ ვერაფერ კარგს ვერ მოუტანს ამ დისკუსიებისთვის სივრცის გახსნა პანდემიის პროცესს.

იქნებ, უბრალოდ, უმჯობესია, რომ ეს თემაც, პროვაქსერული პოზიციების სასარგებლოდ, ისეთივე ცალმხრივად გააშუქონ, როგორც ამას პოლიტიკური პროცესების შემთხვევაში აკეთებენ. პოლიტიკური პოზიციებისგან განსხვავებით, ანტივაქსერული პოზიციებისთვის გვერდის ავლას საზოგადოებრივი სიკეთე მაინც მოაქვს.
კატეგორია: ბლოგი
სიზუსტე, მიუკერძოებლობა, ბალანსი — ახალი ამბების პატიოსნად წარმოების ამ ძირითად ფორმულას ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ასწავლიან, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სატელევიზიო სივრცის რეალობა განსხვავებულია და, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ამ მთავარ მცნებებს არაფრად დაგიდევენ. ტელევიზიებს, მეტწილად, მოსწონთ ხმაური, დაძაბულობა, ისედაც დრამატული გარემოს მეტად დრამატიზება და აბა, ასეთ მოცემულობაში რა სიზუსტე, რა მიუკერძოებლობა, რა ბალანსი?!

ამ თემას — რამდენად შეიცვალა ახალი ამბების გაშუქების სტანდარტი ბოლო წლებში, როგორ დაკარგეს პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულმა მაუწყებლებმა მიუკერძოებელი გაშუქების ფორმალური სახეც კი, სხვა ბლოგპოსტში მივუბრუნდები. მანამდე კი, სხვა ხარვეზებს ჩამოვთვლი, რომელთა მიზეზით ქართული ტელევიზიები პირადად ჩემთვის სულ უფრო და უფრო უინტერესო ხდება და ვისურვებდი, ეს ხარვეზები 2021 წელს დარჩეს.

1. ისე მოქცევა, თითქოს ხალხი და სოციალური პრობლემები არ არსებობდეს

საინფორმაციო გამოშვებაში გასაშუქებელი ძირითადი თემების მხოლოდ პოლიტიკური მოვლენებით გაჯერება მაყურებელს თამაშგარე მდგომარეობაში გვამყოფებს, რადგან გამოშვებებში თითქმის არაფერს ამბობენ ჩვენზე, ჩვენს პრობლემებზე, გასაჭირზე, იმ შემთხვევების გარდა, თუ რომელიმე ჩვენგანი ყურადღების მიქცევის მიზნით ბენზინს არ გადაისხამს, ან რამე მსგავსი.

2. რეალითი შოუს კეთება პოლიტ-ელიტაზე

როდესაც ახალ ამბებს ვაშუქებდი, მჯეროდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაყურებლისთვის/მკითხველისთვის იმის მოსმენა, რა თქვა ამა თუ იმ მორიგ პოლიტიკურ კინკლაობაზე მეორე მხარემ, რას პასუხობს პირველ მხარეს და რა კომენტარს აკეთებენ ამ კინკლაობის შესახებ სხვა პოლიტიკოსები. იმ მომენტში მიმაჩნდა, რომ სწორედ ის იყო ყველაზე უფრო "ცხელი" თემა, რომელიც მკითხველს, ან მაყურებელს შეიძლება აინტერესებდეს.

ახალი ამბებისგან დისტანცირებამ ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა. აღმოვაჩინე, რამდენად უინტერესო და ქვეყნის განვითარებისთვის სრულიად არაფრისმომცემია ყოველი მეორე პოლიტიკური დაპირისპირება და რეალურად, რამდენად არის აცდენილი იმას, რომელიც მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ახალი ამბებისგან ველი. ის კი, რაც ახლა ახალ ამბებში ხდება, ერთი დაუსრულებელი რეალითი შოუა პოლიტიკოსების მონაწილეობით.

3. წამყვანების კომიკურობამდე მკაცრი ტონალობა და ხმოვნებზე უმოწყალოდ "დაწოლა"

გთხოვთ, წელს მაინც აღარ გინდოდეთ ყოველი გამოშვების ისეთი სახითა და ტონით დაწყება, თითქოს, ეს სამყაროს აღსასრულის შესახებ ცნობა იყოს. ნურც თვალებს დაგვიბრიალებთ მეტჯერ, თუ შეიძლება.

4. საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაუფასურება (რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა)

კარგი საგამოძიებო ჟურნალისტიკა საქართველოსნაირი მყიფე დემოკრატიის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება სუსტი დემოკრატიის ხარვეზებით ბოროტად სარგებლობს და თანაც — ახლა უკვე მესამე ვადით. თუმცა, უდიდესი იმედგაცრუებაა შინაარსისგან დაცლილი, სკანდალზე ორიენტირებული შაბათის გადაცემების ზოგიერთი „საგამოძიებო“ სიუჟეტი, რომელთა ანონსი ქვასაც კი გახეთქავს, თუმცა, სიუჟეტის შინაარსისი ძალიან ხშირად გვახსენებს გასული წლების ტრენდული მიმების სერიას – რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა.

5. ერთი და იგივე სტუმრების ჩამოტარება ყველა არხის ყველა თოქ-შოუში

თოქ-შოუს, როგორც სადისკუსიო სივრცის მთავარი ხიბლი ფაქტების ანალიზი, მაყურებლისთვის მოვლენების ფართო ხედვით ჩვენება და პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზების ძიებაა. თუმცა, როდესაც ყველა ეთერში ერთი და იგივე პოლიტიკოსი, ან ექსპერტი საუბრობს, მათი მონაწილეობით დისკუსიის მოსმენა სრულიად კარგავს აზრს. თითოეულმა მაყურებელმა უკვე წინასწარ ვიცით რომელი არხის რომელი სტუმარი როგორ უყურებს აწმყოს, წარსულსა, თუ მომავალს. იმედია, თოქ-შოუების პროდიუსერები მალე განაახლებენ რესპონდენტების სიას.

6. ტრაგედიებით მანიპულირება

დაბოლოს, გასული წლის უდიდესი ტრაგედიის — ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის გაშუქების ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა ვფიქრობ, ყველაზე მტკივნეულად და ნათლად დაგვანახა, რამდენად დიდი სიფრთხილე მართებს მედიას ასეთი ამბების შესახებ სიუჟეტის მომზადებისა თუ პირდაპირი ეთერით ტრანსლირებისას.

დროა, ამ შეცდომამ მაინც შეცვალოს ტრაგიკული ამბების გაშუქების სრულიად მიუღებელი მიდგომა, რომელიც ერთგვარ სტანდარტადაც კი იქცა და ამ მიდგომას ზოგიერთი პროდიუსერი “მაყურებლის ინტერესით” ამართლებს.

არ ვიცი, შესაძლოა, მართლაც არსებობენ ადამიანები, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს ინტერვიუ თვალცრემლიან ჭირისუფალთან, რომელიც ჩაწერის მომენტში უდიდეს ტკივილს უმკლავდება, ან კუბოს ახლო კადრით ჩვენება, მაგრამ არა — უმრავლესობას.

არა, ნუ დააბრალებთ ჩვენს ინტერესს. არ მოგვწონს ამ ყველაფრის ყურება და მეტიც, უდიდეს ადამიანურ ტკივილს გვაყენებს ყოველი ასეთი კადრი. არც რომელიმე ჩვენგანი ისურვებდა ანალოგიურ ვითარებაში დაუპატიჟებლად მოშვერილი მიკროფონის ხილვას. ამის დასტური სწორედ ის გამოხმაურებები იყო, რომელიც ბათუმის ტრაგედიის გაშუქებისას ერთ-ერთი მედიის მიერ დაშვებულ შეცდომას მოჰყვა.

ასე რომ, იმედი მაქვს, ყველაფერი ზემოთ თქმული, განსაკუთრებით კი ტრაგედიებით მანიპულირება, გაჰყვება გასულ წელს და ამიერიდან მედია, ამ ნაწილში მაინც შეძლებს ეთიკის მაღალი სტანდარტის დაცვას.
კატეგორია: ბლოგი
12 წელია, მედიაში ვმუშაობ. ეს პრაქტიკა მოიცავს მედიის ყველა დარგს — ციფრულ მედიას, ტელევიზიას, პრესას, რადიოს. თითოეულ პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია, თუმცა, მათ ერთი რამ აქვთ საერთო — წარმატების საზომი.

ამ სფეროში დამკვიდრებული სტანდარტებით, წარმატების მთავარი საზომი რეიტინგია. და რაც უფრო დიდია შენი წილი აუდიტორიაზე წვდომის ზრდაში, მით მეტია შენი წარმატების შანსები მედიაბიზნესში.

ასეთია თამაშის წესები მედიაში და ეს წესი ხშირად მნიშვნელოვნად აზიანებს ცალკეული ჟურნალისტის, ან რედაქციის მიერ მომზადებული მასალის შინაარსს, და რაც უფრო მნიშვნელოვანია - აზიანებს ადამიანებს.

რატომ ვუშვებთ შეცდომებს, ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ეს მიზეზები, სხვადასხვა ტელევიზიის ან რედაქციის შემთხვევაში, სხვადასხვა მომენტში განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა, არის ერთი ფაქტორი, რაც ვფიქრობ, ყველა რედაქციას უბიძგებს დრამატული შეცდომისკენ და ეს შეცდომა, ციფრულ ენაზე რომ ვთქვათ, "ინგეიჯმენტის ვნებაა" („ინგეიჯმენტი“ სოციალურ მედიაში გავრცელებული ტერმინია და ამა თუ იმ პოსტში აუდიტორიის ჩართულობას ითვლის).

მე თავად ვყოფილვარ ამ ვნების ნაწილი და ვიცი, რომ სწორედ ამ ვნებას მოაქვს შეცდომები. ახალი და მიმდინარე ამბების გაშუქების ნაწილში, ყველაზე მეტად მაშინ შევმცდარვარ, როდესაც ყველაზე ნაკლებად დავფიქრებულვარ ერთ უმთავრეს ფაქტორზე — ინფორმაციის გავრცელების მიზანშეწონილობაზე.

მუდმივი სამუშაო სტრესისა და ახალი ამბების გაშუქებისას არსებული მუდმივი ფორსმაჟორის მიუხედავად, ჯობდა თუნდაც ორი წუთით მეტად დაფიქრება იმაზე, იყო კი კონკრეტული სინქრონი, კადრი, ამბავი იმდენად მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს იმ მომენტში მეჩვენებოდა? ხომ არ იყო კონკრეტული მასალის განთავსების ერთადერთი მიზანი არა საზოგადოებრივი ინტერესი, არა მასალის ინფორმაციული ღირებულება, არამედ ვნება მაღალი ინგეიჯმენტის მიმართ.

მეტწილად, ამ ყველაფერზე დაფიქრება სწორედ ციფრულ პლატფორმებზე მომუშავე ადამიანებს გვმართებს, ვინაიდან, მედიის ვერც ერთი მიმართულება ვერ ზომავს რეალურ დროში აუდიტორიის ინტერესს იმაზე ზუსტად, ვიდრე ციფრული მედია და ხშირ შემთხვევაში მცდარი, თუმცა სინამდვილეში აუდიტორიის საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზიც სწორედ Google Analytics-ში ასახული მკითხველთა რაოდენობის მაჩვენებლების ზრდა ან ფეისბუქპოსტის რაც შეიძლება მეტად გავრცელების დაუოკებელი ჟინი შეიძლება გახდეს.

თავისთავად, არაფერია ცუდი იმაში, რომ მედიას ჰქონდეს სწრაფვა მაღალი აუდიტორიის მაღალი ჩართულობისკენ, მაგრამ როდესაც ეს ფაქტორი იქცევა ძირითად ვნებად და მედიაპროდუქტის წარმატებულობის ერთადერთ საზომად, ეს უკვე ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აგდებს ხარისხს, ზრდის სენსაციურობისკენ სწრაფვას. შედეგად, ამ დროს მარტივია სტანდარტებიდან გადახვევა, რაც ძალიან აზიანებს რეპუტაციას, რომელიც სინამდვილეში, რეიტინგზე მეტად ფასობს.

ინგეიჯმენტის ვნებასა და ნახვების ზრდის ჟინს აყოლილებს ხშირად გვავიწყდება ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ სინამდვილეში, ნებისმიერი ბიზნესის და განსაკუთრებით, მედიაბიზნესის შემთხვევაში, სწორედ იმ რეპუტაციაზეა დამოკიდებული დიდი წარმატებაც და დიდი მარცხიც. თუმცა სამწუხაროდ, ხშირადვე, ამაზე მაშინ გვიწევს დაფიქრება, როდესაც უკვე დაგვიანებული შეიძლება იყოს.

რეპუტაცია, რომელიც მხოლოდ მედიასტანდარტების ზედმიწევნით დაცვამ შეიძლება მოგვიტანოს, ინგეიჯმენტზე მეტია და ახლა ამ ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ გააზრების დროა. დროა, გავიაზროთ, რომ მკითხველზე ან მაყურებელზე ჩვენს გავლენას განსაზღვრავს არა ის მასალა, რომელიც სოციალურ ქსელებში მრავალ ათასობით ნახვას აგროვებს, არამედ ის, რომლებიც ჩვენ მიმართ ნდობით განაწყობს აუდიტორიას. ანუ ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად ღირებულია მისი შინაარსით და არა ინფორმაცია, რომლის ერთადერთი „ღირსება“ სანახაობაა.

და თუ დღევანდელ ციფრულ სამყაროში მკითხველს ან მაყურებელს რამით ვეღარ გააოცებ, სწორედაც რომ მრავალათასიანი ნახვებია. მრავალათსიანი ნახვების დაგროვება რიგით ტიკ-ტიკერს, იუთუბერს, ან ინსტაგრამის ვარსკვლავსაც გადასარევად შეუძლია, და ეს ფაქტია. და თუ მივიღებთ ამას, როგორც ფაქტს, მეტად დავფიქრდეთ, აბა, რაშია ჩვენი, როგორც ჟურნალისტების მთავარი ღირებულება. მხოლოდ ნახვებში?

და თუ ვაღიარებთ რომ მაღალი ინგეიჯმენტის ჟინი ჩვენი სფეროს ნამდვილ პრობლემად და გამოწვევად იქცა, ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები წარმატების საზომშია. უპირველესად კი ეს მედიამენეჯერებმა უნდა გაიაზრონ და ყოველკვირეული „ინგეიჯმენტის დოღის ათეულში“ (რომელსაც ამ დოღში გამარჯვებული ტელევიზიები სოციალურ ქსელებში ლამის ყოველკვირეულად აქვეყნებენ ხოლმე) საკუთარი შედეგებით ხიბლში ჩავარდნის ნაცვლად იმის გააზრება დაიწყონ, რამ მოუტანათ აუდიტორიაზე მაღალი წვდომისა და ჩართულობის მაჩვენებლები — მედიასტანდარტების დაცვით შექმნილმა, აუდიტორიის ინფორმირების მიზნით მომზადებულმა შინაარსმა, რომელსაც მოაქვს სარგებელი და არ აზიანებს მაუურებლის და მკითხველის ინტერესს, თუ სენსაციურად გაშუქებულმა ამბავმა?
კატეგორია: ბლოგი
თუ პოლიტიკაში მიდიხარ, კარგად უნდა გესმოდეს ორი რამ: მედია შეუბრალებლად დაიწყებს შენზე დაკვირვებას და იუმორისტული შოუები დაცინვას დაგიწყებენ.

აქ მთავარი ის არის, რომელი არხი რომელ პოლიტიკოსს, ან პოლიტიკოსთა ჯგუფს დასცინის, რადგან სწორედ ეს ამბობს არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე ძალიან ბევრს. ხშირ შემთხვევაში, ალბათ, სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის შედეგებზე მეტსაც კი, რადგან ტელევიზიების მცირე ნაწილი მაინც (მეტწილად, წინასაარჩევნო პერიოდში) ხელოვნურად ცდილობს ერთგვარი ბალანსის დაცვას.

ხელოვნური ბალანსი კი არასდროს ეხება იუმორს. ქართული ტელეტრადიციით, იუმორში ბევრად ნათლად არის გამოკვეთილი არხის პოლიტიკური გემოვნება და ამის გამო, იუმორისტული შოუების ყურებისას განსაკუთრებულ ინტერესს წამყვანის მონოლოგი იწვევს. სწორედ მონოლოგი მოიცავს მთავარ პოლიტიკურ მესიჯებსაც და ისრებსაც არხისთვის არასასურველი პოლიტიკოსების მიმართ.

ეს ბლოგპოსტი რუსთავი 2-ის პოლიტიკურ იუმორს დაეთმობა და არა ზოგადად, ქართული ტელევიზიების "ღამის შოუების" ატაპტირებულ ვერსიებს. საბაბი კი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ტელევიზია ახალი მენეჯმენტისა და მედიაჰოლდინგ "პრაიმტაიმის" დაქვემდებარებაში მაუწყებლობს, არხზე პირველი ე.წ. ღამის შოუს ფორმატის პროექტი გამოჩნდა.

alt

ახალი იუმორისტული პროექტის პოლიტიკურ გემოვნებაზე საუბრამდე გავიხსენოც ისიც, რომ არხი ჯერ "ვანოს შოუმ" და "კომედი ჯგუფის" დიდმა ნაწილმა, შემდეგ კი "ვანოს შოუს" ჩასანაცვლებლად შექმნილმა ნიკა არაბიძის შოუმაც დატოვა.

"ვანოს შოუც" და მის საპირწონედ შექმნილი "ნიკა არაბიძის შოუც", თავისი შინაარსით, სწორედ ისეთი იყო, როგორიც "რუსთავი 2"-ის იმ პერიოდის საინფორმაციო პოლიტიკა, რა დროსაც ეს შოუები გადიოდა არხზე.

ჯავახიშვილის შემთხვევაში, მკვეთრად კრიტიკული იუმორი ხელისუფლების მიმართ, არაბიძის შემთხვევაში - მეტწილად, თანაბრად კრიტიკული ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე მიმართ.

"არხმა უნდა მოიპოვოს გამარჯვება ცენზურაზე განურჩევლად იმისა, საიდან მოდის ცენზურა - ხელისუფლებისგან, თუ ოპოზიციისგან", — თქვა არხზე მისვლის შემდეგ ირაკლი იმნაიშვილმა და რუსთავი 2-ზე იმნაიშვილის მისვლის შემდეგ შექმნილი ნიკა არაბიძის შოუც ტოვებდა განცდას, რომ შოუს იუმორისტული ხაზიც ზუსტად ამავე პოლიტიკის შემადგენელი იყო.

არხის მცდელობა, ყოფილიყო თანაბრად კრიტიკული ყველა პოლიტიკური აქტორის მიმართ, იმ დროისათვის შესამჩნევი იყო "კურიერზე" თუ თოქ-შოუებზე დაკვირვებითაც, თუმცა ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, "კურიერის" ტონიც და ახლადჩაშვებული იუმორისტული შოუს პოლიტიკური იუმორიც ბევრს ამბობს არხის ახალ პოზიციებსა და პრინციპებზე.

შაბათის საღამო

ახალგაზრდა მსახიობი შოუს, სახელწოდებით "შაბათის საღამო", ღამის თბილისის ხედების ფონზე გადაღებული "ქუდით", ნოსტალგიური ესთეტიკითა და სიმღერით იწყებს, თუმცა მთავარი მას შემდეგ იწყება, რაც წამყვანი სიმღერას მორჩება და თავის პირველ გადაცემას მონოლოგით გახსნის. საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, მონოლოგის პირველივე ხუმრობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეა, ისევე, როგორც ამავე მონოლოგის ზედიზედ მომდევნო 6 ხუმრობა.

რუსთავი 2-ის ახალ იუმორისტულ შოუს არც სხვა ოპოზიციონერები დავიწყებია. მონოლოგში მოვისმინეთ ხუმრობები გრიგოლ ვაშაძეზე, გირჩზე, თაკო ჩარკვიანზე, გუბაზ სანიკიძეზე, შალვა ნათელაშვილზე...

ერთადერთი, ვისზეც ახალბედა კომიკოსს არ უხუმრია, ხელისუფლებაა. მხოლოდ ერთხელ ახსენა "ოცნება" და ისიც "მოღალატე გახარიას" კონტექსტში.

ამ ბლოგპოსტის მიზანი არ არის ხუმრობების შინაარსში შესვლა და ცალკეული ხუმრობების გარჩევა. ვისზე და რა ტონალობაში იხუმრებენ რუსთავი 2-ის ახალ შოუში, ეს არხის მენეჯმენტისა და სცენარისტების პრეროგატივაა. მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესოც სწორედ ეს არის — რუსთავი 2-ის "შაბათის საღამოს" ხუმრობების სცენარსაც ის გუნდი წერს, რომელიც "იმედისა" და "პოსტვ"-სთვის ამზადებს იუმორისტულ შოუებს.

შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი ზვიად ბლიაძეა, რომელსაც მაყურებელი იცნობს სატელევიზიო სახელით "ზვიო". სწორედ ზვიად ბლიაძე აკეთებს გუნდთან ერთად მთავარ იუმორისტულ შოუს "იმედისთვისაც", სახელწოდებით – "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად".

alt

მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ თავად გიორგი გაბუნია, რომელიც, "იმედის" მთავარი იუმორისტული შოუს წამყვანია, სცენარს წერს "რუსთავი 2"-ის ახალი იუმორისტული შოუსთვის. კი, გიორგი გაბუნია სცენარს უწერს კონკურენტს, რუსთავი 2-ის შაბათის საღამოს წამყვანს, ნიკო ნანიტაშვილს. და არამხოლოდ გაბუნია, ნანიტაშვილისთვის სცენარს წერს კიდევ ორი კონკურენტი წამყვანი — ნოე ჟორჟოლიანი და ჯიმი აბესაძე, რომლებსაც ტელეკომპანია "პოსტვ-ზე“ იუმორისტული გადაცემები მიჰყავთ.

alt

რუსთავი 2, რომლის ახალი ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ არხი აღარ იქნებოდა რომელიმე პარტიის სამსახურში, თავისი იუმორისტული ხაზით "იმედისა" და "პოსტვ"-ის ტრენდს აჰყვა. იმ არხების ტრენდს, რომელთა გაცხადებული, დეკლარირებული პოზიციაა მოქმედი მთავრობის მხარდაჭერა.

მოქმედი მთავრობის მხარდაჭერა კი, "რუსთავი 2"-ისთვისაც არახალია და თითქოს ეს არხის ერთგვარი ტრადიცია და ბედისწერაც კია. მას შემდეგ, რაც 2004 წელს, არხის სამი დამფუძნებლიდან ორის — დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წილები ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა, არხის საინფორმაციო პოლიტიკაც და იუმორიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხარდამხარ დადგა. არხის ბედისწერაა ისიც, რომ ბევრი წლის შემდეგაც, 2019 წელს, არხის შინაარსში გარდამტეხი ცვლილებები კვლავ მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლო დავის შემდეგ, არხის მფლობელად კვლავ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა.

რა იქნება შემდეგ? კიდევ უფრო მეტად შეცვლის თუ არა არხზე ახლადგამოჩენილი სამთავრობო ნარატივის იუმორისტული შოუ ზოგადად, ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკას და იუმორის მსგავსად, საინფორმაციო სამსახურის პრიორიტეტებიც დაემთხვევა თუ არა "იმედისა" და "პოსტვ"-ს პრიორიტეტებს, ამაზე წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ პერიოდშიც, არხისავე ტონალობა თავადვე იტყვის.