კატეგორია: ეთიკა
6 ოქტომბერს “რუსთავი 2-ის” გადაცემა “შაბათის კურიერში” გავიდა სიუჟეტი, რომელიც ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნის შესაძლო უკანონო გათავისუფლებას ეხებოდა. სიუჟეტში ისმოდა არაერთი ბრალდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, თუმცა, არ ყოფილა უწყების პოზიცია.



თემის წარდგენისას წამყვანმა თქვა, რომ 2009 წლიდან სისტემაში დასაქმებული, უკვე ყოფილი პოლიციელი შს სამინისტროს სამართალდამცველების მიმართ ტერორში ადანაშაულებს: “ყოფილი პოლიციელი ახლა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის, თუმცა წინასწარ ამბობს, რომ ობიექტური განაჩენის იმედი არ აქვს, რადგან სასამართლოც, პოლიციაც და პროკურატურაც ერთი სისტემს ნაწილია, რომელიც მოქალაქეების დაცვის ნაცვლად ამ ადამიანებს ებრძვის”, - ამბობს წამყვანი. 6-წუთნახევრიანი სიუჟეტი მხოლოდ შს სამინისტროს, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და უწყების გენერალური ინსპექციის მიმართ მძიმე ბრალდებებს დაეთმო, თითქოს დეპარტამენტი რომელიც გახარიას ექვემდებარება, სამართალდამცავებს დევნის.

სიუჟეტის ავტორი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო იაკობ მანველიძემ სამსახური დაკარგა. მოგვიანებით კი თავადვე ამატებს, რომ ოფიციალურად მანველიძეს სამსახურის არასაპატიო მიზნით გაცდენას ედავებოდნენ.

“მანველიძე ამბობს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, გენერალურ ინსპექციაში ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, სადაც ის აღიარებს, რომ სამსახურს არასაპატიო მიზეზით აცდენდა. ამბობს, რომ ხელი რომ არ მოეწერა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ”, - ამბობს ჟურნალისტი და ამ მძიმე ბრალდებების დასადასტურებლად მანველიძის ადვკოატის სინქრონს გვთავაზობს - ადამიანის, რომლის პირდაპირი მოვალეობაა მანველიძის პოზიციის დაცვა სასამართლოში, - “იაკობ მანველიძე ყოველთვის ამბობდა იმას, რაც იყო სათქმელი. ის ვერ იტანდა იმ უსამართლობას, ადამიანთა დამცირებებს, რასაც პოლიციის ორგანოებში ჰქონდა ადგილი”.

“რუსთავი 2-ის” ეთერიდან მაყურებელს არ მოუსმენია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. სიუჟეტში არ ჩანდა, ჰქონდა თუ არა ავტორს მათგან ინფორმაციის მიღების მცდელობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის განმარტებაში კი ცალსახად ნათქვამია, რომ მასალაში “უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია”.
კატეგორია: ეთიკა
ბოლო რამდენიმე დღეში სავარაუდოდ უცნობი ნივთიერების ინტოქსიკაციით ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი ახალგაზრდა ამ დრომდე კომაშია. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და გარემოებები დადგენილი არაა, ონლაინმედიის ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ზედოზირებამ იმსხვერპლა, რომლებიც თითქოს კლუბებში იყიდება.

მომხდარს სოციალურ ქსელში დისკუსია და ბევრი ემოციური კომენტარი მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი კლუბების დახურვას მოითხოვს და წერს, რომ იქ “ბავშვებს რყვნიან”, ნაწილი კი თემას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ ამით უარეს შედეგებს მივიღებთ.

ეს შემთხვევაც, ისევე როგორც სხვა, მსგავსი ფაქტები, ახლაც მედიის დღის წესრიგში მოხვდა. თუმცა, ონლაინმედიის ნაწილი მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარების ციტირებით შემოიფარგლა. ამგვარ გამოცემებს მკითხველისთვის არც გადამოწმებული ფაქტები შეუთავაზებიათ, არც პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე უმსჯელიათ და არც სხვადასხვა მხარის პოზიცია უჩვენებიათ. ასეთმა მიდგომამ კი, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, არასწორ დისკუსიას, სტერეოტიპების გამყარებასა და თემის დემონიზაციას (ნეგატიურად წარმოჩენას) შეუწყო ხელი.

ამის ნათელი მაგალითია ჯონდი ბაღათურიას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის ახალ ამბად ქცევა. ბაღათურიამ 29 აპრილს დაწერა, რომ “ბოლო 4 დღეში თბილისში 12 მოზარდი გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკით და ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, რადგან პოლიცია ვერაფერს აკეთებს იმის გამო, რომ კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის”.

ბაღათურიას ეს განცხადება ონლაინმედიების ნაწილმა უცვლელად, დამატებითი ინფორმაციის გარეშე გამოაქვეყნა.  მაგალითად: Alia.ge, ww.ge, dainteresdit.ge, metronome.ge, cyc.ge, sazogadoeba.ge, newsroom.com.ge, sarkenews.ge, dianews.ge, gmvt.ge. ამით მათ ფაქტობრივად მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას პლატფორმის როლი შეასრულეს. გარდა იმისა, რომ სტატუსი დაუდასტურებელ და არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს (რეალურად ორი ადამიანი გარდაიცვალა), გამოცემებს მომხმარებლისთვის ალტერნატიული აზრი არ შეუთავაზებიათ. მასალებში არაა წარმოდგენილი არცერთი კლუბისა თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის პოზიცია.

მსგავსი, დაუბალანსებელი და გადაუმოწმებელი მასალა გაავრცელა 30 აპრილს newposts-მაც. სტატიის - "კლუბური ნარკოტიკების გასაღების უკან ხელისუფლების და შოუბიზნესის წარმომადგენლები დგანან - მამა პეტრეს სკანდალური განცხადება”, უდიდესი ნაწილი ეთმობა მღვდელ პეტრე კოლხის მოსაზრებებს, რომლის მტკიცებით, ღამის კლუბებში არასრულწლოვნები დადიან და მათ იქ ნარკოტიკებს სთავაზობენ. მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა პეტრე კოლხის ნათქვამის გადასამოწმებლად.

“როგორც ამბობენ” - წერს ავტორი და აგრძელებს - “სწორედ “მეფედრონმა” იმსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა”, თუმცა ბუნდოვანია ვინ ამბობს ამას. მკითხველისთვის გაუგებარი რჩება ვინაა ინფორმაციის წყარო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად კი, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

ტერმინი “კლუბური ნარკოტიკი” აერთიანებს იმ ნივთიერებებს (MDMA, LSD და სხვა), რომელთა მოხმარების შემთხვევაში ადამიანი ეიფორიისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. “კლუბური ნარკოტიკი” არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ კლუბებშია ხელმისაწვდომი და არ შეიძლება მათი მოხმარება რესტორანში, სახლში, პარკში და ა.შ. (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ქმედება დასჯადია). შესაბამისად, ბუნდოვანია, რატომ უკავშირებს ქართული მედიის ნაწილი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ ამბებს, ხშირად, კლუბებს.

უცნობი ნარკოტიკული საშუალებით შესაძლო ინტოქსიკაცით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებისას, უმჯობესია, მედიამ კარგად გადაამოწმოს ყველა ფაქტი და განცხადება, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ფოკუსირდეს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, სავარაუდოდ რომელი ნივთიერება გახდა ადამიანების დაღუპვის მიზეზი, არის თუ არა მხოლოდ ამ ნივთიერების მოხმარება მომაკვდინებელი თუ ფატალური შედეგი მხოლოდ სხვა ნივთიერებებთან ერთად მიღების დროს დგება, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ზედოზირების დროს და ა.შ. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ნარკოტიკების საკითხზე მომუშავე ჯგუფი და მათი რეკომენდაციაც ისევე მარტივად ხელმისაწვდომია, თუნდაც იგივე სოციალურ ქსელში, როგორც სხვადასხვა პირების განცხადებები.

კატეგორია: ეთიკა
“სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის მხიდან ქალების სავარაუდო შევიწროვება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქტუალურ თემაში” ბოლო ორ კვირაში ორჯერ განიხილეს. პირველად, როცა სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გასაჯაროვდა (21 მარტი) და მეორედ, როცა ზვიად დევდარიანმა სამართლებრივი ბრძოლის დასაანონსებლად პრესკონფერენცია გამართა (3 აპრილი). ორივე გადაცემის ფოკუსი იყო არა ქალთა მიმართ ძალადობა, არამედ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვა.

21 მარტს ამ თემაზე მსჯელობა “ტაბულას” დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილთან, ევანგელური ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსთან, რუსუდან გოცირიძესთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთან, რამილია ალიევასთან გადაწყვიტეს. პირველი კითხვა, რომელიც წამყვანმა გადაცემის დაწყებისას დასვა, შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ხდება “ძალადობაში ბრალდებულის” უფლებების დაცვა მის შესაძლო დანაშაულზე საუბრით მაშინ, როცა არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. იგივე შინაარსის კითხვა წამყვანმა მოგვიანებითაც გაიმეორა, რითიც ფაქტობრივად მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სავარაუდო დანაშაულზე მსჯელობა არ შეიძლება.

მაშინ, როდესაც სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ ქალების “მონათხრობი შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს”, გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ რამდენჯერმე ეჭვქვეშ დააყენა ამგვარი ფაქტების არსებობა.

“იგივე, როცა ძალადობის ფორმებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, მე არაძალადობრივი მიდგომები აღვიქვა ძალადობად და ამას დავარქვა ძალადობა”, - ამ ფრაზით გააწყვეტინა წამყვანმა ერთ-ერთ რესპონდენტს საუბარი, რომელიც ქალებზე ძალადობის ფორმების ახსნას ცდილობდა. როცა “ტაბულას” რედაქტორი იმ ისტორიებზე საუბრობდა, სადაც ქალები დევდარიანის დანაშაულზე ყვებოდნენ, წამყვანმა თქვა: “საინტერესოა, რა ინფორმაციაა. მე ვერ მოვიპოვე ეს ინფორმაცია”.

გადაცემის მესამე ნაწილი ქალთა მოძრაობის მიერ სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ პარლამენტში შეტანილ ინიციატივასაც შეეხო, სადაც საუბარია “სექსუალური ხასიათის კომენტარებზე, უხამს ხუმრობებზე, მიშტერებაზე, სტვენასა და ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნზე, რომელიც უარის შედეგადაც გრძელდება”. წამყვანმა ამ ინიციატივას რადიკალიზმი უწოდა და დაინტერესდა ამით ქალები ხომ არ მოექცევიან უხილავი ჩადრის ქვეშ და მათზე “შეხედვა ხომ არ აიკრძალება”.

ასევე მხოლოდ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვას ეძღვნებოდა 3 აპრილის გადაცემა. ზვიად დევდარიანმა “აქტუალური თემა” გამოიყენა ტრიბუნად იმისთვის, რომ საზოგადოება საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა. ამას ხელს უწყობდა წამყვანიც, რომელიც რიგ შემთხვევებში პასიური მსმენლის როლში იყო და არც განმეორებით სვამდა უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს და არც დეტალებით ინტერესდებოდა. გადაცემა ცალმხრივი იყო, მხოლოდ დევდარიანის და მისი ადვოკატის პოზიციები ისმოდა.

„რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი და ვინ ვისი უფლება დაარღვია, ახლა, ამას სასამართლო დაადგენს“, - ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა წამყვანმა, პირველი კითხვა კი ქალების იმ ისტორებიების შესახებ დასვა, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობაში ადანაშაულებენ, თუმცა წამყვანს არ უხსენებია კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულზე იყო საუბარი, ან რას ყვებოდნენ ქალები. დევდარიანმა რამდენიმეწუათიანი მონოლოგის შემდეგ, რომელიც კითხვაზე პასუხის ნაცვლად პირად განცდებს აღწერდა, თქვა, რომ ქალების ისტორიების ნამდვილობის დადგენა მასაც სურს.

მოგვიანებით, გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა აღიქვეს იმ ქალებმა სექსუალურ შევიწროებად ან ძალადობად, რომლებიც მას უჩივიან. დევდარიანი, ასევე, აღნიშნავდა, რომ მას არ ჰქონდა გავრცელებულ ბრალდებებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა და რომ მისი სამეურვეო საბჭოს კანდიდატებიდან მოხსნა მმართველი პარტიისთვისაც ხელსაყრელი იყო. მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა სახელმწიფო სტრუქტურები, მმართველი პარტია. მიუხედავად ამისა, წამყვანი არ შეეცადა დაეზუსტებინა და ეჩვენებინა აუდიტორიისთვის, რამდენად რელევანტურია მისი მოსაზრებები. რა სარგებელს იღებდა მმართველი პარტია ზვიად დევდარიანის მიმართ ბრალდებების გავრცელებით, როცა მარტივად შეეძლო მისი კანდიდატურის ჩაგდება.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში აქტუალური გახდა ქალთა უფლებების დაცვა, როდესაც ქალებმა გაბედეს ხმამაღლა სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ საუბარი, მნიშნელოვანია, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ფრთხილად მუშაობდეს ამ თემაზე. ორივე გადაცემაში წამყვანი ნაცვლად ფაქტებით, არგუმენტებით დაპირისპირებისა, ცალმხრივად აშუქებს საკითხს და მთელ ეთერს მხოლოდ ძალადობაში დადანაშაულებულ პირს უთმობს, არ აჩვენებს თავად მსხვერპლების პოზიციებს და არ უხსნის აუდიტორიას რეალური პრობლემის არსს.
კატეგორია: ბლოგი
ყველაზე მარტივი პასუხი ამ კითხვაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აქვს. ქარტიის მე-7 პრინციპი ამბობს:

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე: ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ხშირად, ჟურნალისტები თავს იმართლებენ, რომ ბალანსის დაცვისთვის მეორე მხარე სჭირდებათ. სწორედ აქ არის პრობლემა - ძალადობის და დისკრიმინაციის მომხრე ვერასოდეს იქნება საზოგადოებრივი დისკუსიის პროცესში მეორე ლეგიტიმური მხარე. ტექნიკური ბალანსი არ არის პროფესიული სტანდარტი. მაგალითად, როცა ქალს სახის გამოჩენისთვის ქვებით ქოლავენ, ქმართან გაშორებისთვის სახეს მჟავით უწვავენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, მოძალადეები ვერ იქნებიან ამ თემაზე საჯარო დისკუსიის ლეგიტიმური მონაწილენი. მედიამ საზოგადოების ინფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მეტი გაიგონ კონკრეტული საკითხების შესახებ და შემდეგ, სწორი არჩევანი გააკეთონ. მარტივად, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, მტერი და მოკეთე გაარჩიონ ერთმანეთისგან.

როცა ეთერში ისმის ქსენოფობია - განსხვავებულის მიმართ სიძულვილი, ჟურნალისტი ვალდებულია, რომ რესპონდენტი გააჩეროს და არ დაუშვას სიძულვილის ფრქვევა. ფაქტებით გამყარებული ინფორმაციით და საკითხის ცოდნით დაიცვას ადამიანები უმრავლესობის, იქნება ეს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური, ტერორისგან.

კომუნიკაციის თეორეტიკოსი, მედიის კრიტიკოსი და კოლუმბიის პროფესორი ჯეიმს ქერი წერდა, რომ მედია არ არის საზოგადოების მხოლოდ ამსახველი, ის ქმნის კიდეც საზოგადოებას, საზოგადოების საერთო და მნიშვნელოვან ღირებულებებსა და კონტექსტებს. მედია საზოგადოებრივი დისკუსიის, უფრო სწორად სამოქალაქო საჯარო დისკუსიის მონაწილეა. სამოქალაქო სივრცისთვის კი ქსენოფობია სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი მოვლენაა. სამოქალაქო სივრცისთვის სწორედ საერთო საჯარო სიკეთეა მნიშვნელოვანი.

მედიის სოციოლოგი, მრავალი წიგნის ავტორი ახალი ამბების სოციოლოგიასა და ინფორმაციის გავლენაზე მაიკლ შადსონი წერს, რომ მედია მშრალად არ უნდა აშუქებდეს მოვლენებს და უნდა ეცადოს, რომ ყურადღება მიაქციოს გასაშუქებელი საკითხის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა კონტექსტებს, რაც საზოგადოებას ამ მოვლენის არსში უკეთ გარკვევაში დაეხმარება.

პროფესიული მედიის როლი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ აღწეროს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქმედება, მაგალითად ქსენოფობთა მარში, არამედ ახსნას რა არის მარშის მხარდამჭერთა მოტივაცია, აჩვენოს მარშის სრული კონტექსტი და მნიშვნელობა ჩვენი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის. კულტურის ისტორიკოსები წერენ, რომ მთავარია აჩვენონ არა მხოლოდ მოქმედება, არამედ ისიც, რა მნიშვნელობა, მიზეზები და შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ მოქმედებას. მოახდინოს მისი მენტალური, ემოციური, კონცეპტუალური დეკონსტრუქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აღწერა, რაც ჟურნალისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, არამედ ფართო კონტექსტის ჩვენება, ერთი შეხედვით დაფარული მნიშვნელობებისა და სიმბოლოების ახსნა. მედიის მიზანია იმ მსოფლმხედველობის დეკონსტრუქცია, რომელიც რესპონდენტს ამოძრავებს. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი მოვლენის, საკითხის სახელდება - ეთნიკურად არაქართველი ადამიანების მიმართ სიძულვილის მობილიზება ვერ იქნება ქართველთა მარში, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებს ასე უნდათ პოზიციონირება და პატრიოტიზმით სპეკულაცია. მედიამ უნდა დაარქვას მოვლენებს სახელი, თქვას, რომ ეს ქსენოფობთა მარშია, რომელსაც თავად ორგანიზატორები ქართველთა მარშს უწოდებენ.

თუ საკითხის მშრალად გაშუქება და ტექნიკური ბალანსი ხელს უშლის მოვლენის არსის გაგებას, ე.ი. მედია ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას - სიმართლე მოუყვეს საზოგადოებას.

მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქება არ ნიშნავს სიმართლის დაკარგვას. მოვლენების არსის ანუ სიმართლის ჩვენება კი გამორიცხავს სხვაზე მოძალადეების ლეგიტიმურ მხარედ აღიარებას და საზოგადოებრივი სიკეთისთვის უმნიშვნელოვანესი ხარისხიანი დისკუსიის იაფფასიან, მყვირალა ცირკად ქცევას.
კატეგორია: ეთიკა
საქართველოს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დარეგისტრირდა. პროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებელია. 27 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მეხუთე სიუჟეტი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. საკითხი ცალმხრივად გაშუქდა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო სექტორისგან და მათმა ნაწილმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც პუნქტობრივადაა აღწერლი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან მაუწყებლის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, იქამდე კი 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც კანონპროექტის ინიცირების შეჩერებასა და ცვლილებებთან დაკავშირებით ფართო განხილვას ითხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში მათი პოზიციები ფაქტობრივად, ვერ მოხვდა. მასალაში სიღმისეულად არ იყო წამოწეული ის პრობლემური საკითხები, რასაც კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ასახელებენ. სიუჟეტში ჩანდა 7 რესპონდენტი, საიდანც 6 კანონპროექტის დადებით მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას, შესაბამისად, ბალანსი ფორმალურადაც კი არ ყოფილა დაცული.

კანონპროექტში შესატანი ცვლილებების შეფასებისას, სიუჟეტში დადებითად შეფასებას ჯამში 217 წამი, ხოლო მის უარყოთ მხარეებზე საუბარს 56 წამი დაეთმო.



„ევროპის მაუწყებელთა კავშირის და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დადებითი დასკვნების მიუხედავად, მესამე სექტორი პროექტში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს” - აღნიშნა წამყვანმა შესავალ ტექსტში. ჟურნალისტმა კი სიუჟეტის ტექსტში განმარტა, რომ მაუწყებელი ცვლილებებით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დააზუსტებს: „ექვსთვიანი მუშაობის შედეგად მომზადებული საკანონდმებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ათამდე მუხლში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის დაზუსტებას შეძლებს”.

სიუჟეტში, ჟურნალისტის მხრიდან, ცვლილებები შეფასებულია, როგორც “მაუწყებლისთვის კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზა, რაც არ მოსწონს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ნაწილს”.

სიუჟეტში კანონპროექტთან დაკავშირებით ერთადერთი კრიტიკული აზრი რეგიონული მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელისგან, ნათია კუპრაშვილისგან ისმის. სინქრონის სიუჟეტში გამოყენებულ ნაწილში, კუპრაშვილი ჩამოთვლის იმ ცვლილებებს, რაც კანონში განხორციელდება. კონკრეტულად, რატომ არის საზიანო ეს ცვლილებები, რატომ ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორი მას, სიუჟეტში ფაქტობრივად არ ჩანს.

სიუჟეტში არაერთხელაა ხაზგასმული, რომ ცვლილებები პოზიტიურად შეაფასა ევროპის მაუწყებელთა ასოციაციამ და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ: ”როდესაც მესამე სექტორის ნაწილი ცვლილების ამ ნაწილს აკრიტიკებს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საზოგადოებრივის მოთხოვნა რეკლამასთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან”. სიუჟეტის ავტორი, პუნქტობრივად მიჰყვება შესატან ცვლილებებს და ყოველ მათგანზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერის, მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორის, მაუწყებლის იურისტის, სამეურვეო საბჭოსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეების და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას კომენტარს გვთავაზობს. ყველა მათგანი ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.

საბოლოო ჯამში, მაყურებელი სიუჟეტიდან იგებს, რომ კანონში შედის ცვლილებები, რომელიც არასამთავრობო სექტორს არ მოსწონს, მაგრამ კონკრეტულად რატომ არ მოსწონს, ამის შესახებ, “მოამბე” მას ინფორმაციას ამომწურავად არ აწვდის, თუმცა დეტალურად აცნობს კანონპროექტის მომხრეთა პოზიციებს და არგუმენტებს.

რა ცვლილებები შედის მაუწყებლობის შესახებ კანონში და რას ფიქრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ გაავრცელეს დოკუმენტი, სადაც განმარტებულია კანონში შესატანი ცვლილებები და მათი პოზიციები.

1.შესატანი ცვლილებების მიხედვით: კანონის პროექტი ზღუდავს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას; კერძოდ, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების, ინოვაციური ხასიათის, შიდა მმართველობითი პროცესების ამსახველ ცნობებს, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო ინფორმაციად არ ჩაითვლება და შესაბამისად, მისი გაცემის ვალდებულება მაუწყებელს არ ექნება. ინფორმაციის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას კი გენერალური დირექტორი მიიღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით: მაუწყებლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. გენერალური დირექტორის მიერ ინფომრაციის გაცემაზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება კი სახელმწიფოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს; საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად ყველა მოქალაქე უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ დოკუმენტაციაზე, თუ აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო დეტალურად აწესრიგებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. კერძოდ კოდექსის თანახმად საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია, შესაძლებელია არ გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წარმოადგენს სახელმწიფო, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს ან დაცულია აღმასრულებელი პრივილეგიით. საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა სხვა ნებისმიერი საფუძვლით არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, შესაბამისად არის არალეგიტიმური.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი ვერ დააწესებს საჯარო ინფორმაციის ახლებურ განმარტებას კონკრეტულად იმ ინფორმაციისთვის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმა შეუძლებელია შეზღუდოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება საჯარო ინფორმაციაზე. დაუშვებელია ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიენიჭოს ერთპიროვნული და ექსკლუზიური უფლებამოსილება თავად გადაწყვიტოს თუ მაუწყებელთან დაკავშირებით რა ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს და რა არა. მსგავსი პრეცედენტი დაშვება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთიან სისტემას სახელმწიფოში. განმარტებითი ბარათის თანახმად აღნიშული ცვლილების განხორიცელების საჭიროება გამომდინარეობს მაუწყებლის კონკურენტუნარიანობის დაცვის ინტერესიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინტერესი არის ლეგიტიმური, დაუშვებელია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შემოთავაზებული ცვლილების მიღება. მოქმედი კანონმდებლობა უკვე იცნობს კომერციული და პროფესიული საიდუმლოების ცნებას, რომელთა ერთ-ერთ ძირითად მიზანსაც სწორედ პირთა კონკურენტუნარიანობის დაცვა წარმოადგენს.

2. შესატანი ცვლილებების მიხედვით: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალების, მხატვრული და დოკუმენტური ფილმების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. ტელერადიოპროდუქციის (პროგრამები, გადაცემები, ფილმები, რეპორტაჟები, კულტურული ღონისძიებები) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოხდება არარეზიდენტი პირისაგან ტელერადიოპროდუქციის შესყიდვა.“

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით: შემოთავაზებულ ცვლილებათა კუმულაციური ეფექტი გამოხატულებას პოვებს ისეთ ვითარებაში, როდესაც “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროდან სრულად გამოირიცხება პროდუქციის დამზადების და გამზადებული პროდუქციის შესყიდვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და არარეზიდენტი პირებისგან. შესაბამისად, პროდუქციის შეძენა-წარმოების შესყიდვისათვის ტენდერის ჩატარების ვალდებულება, საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება მხოლოდ რეზიდენტი პირებისგან შეძენის შემთხვევაში. შესაბამისად “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით” დადგენილი სტანდარტის დაცვა საზოგადოებრივ მაუწყებელს შესყიდვათა მხოლოდ ძალზედ შეზღუდულ ნაწილზე გავრცელდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე და შიდა პროდუქციის შესყიდვის გატანა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოქმედების სფეროდან დაუშვებელია, ვინაიდან ეს გაუმჭვირვალეს გახდის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვებს და შეასუსტებს მაუწყებლის ანგარიშვალდებულების სტანდარტს. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ფუნქციონირება და დაფინანსება მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსურ რესურსებზე. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური გამჭვირვალობის დონე მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს. კანონში შესატანი ცვლილებების ზემოთ მოყვანილი რედაქცია მაუწყებლის გამჭვირვალობის სტანდარტს დაბლა წევს, აჩენს მაუწყებლის შესყიდვებში კორუფციულ რისკებს და მის მიერ საჯარო ფინანსების გაუმჭვირვალედ ხარჯვის შესაძლებლობას იძლევა.

3.შესატანი ცვლილებების მიხედვით: ბიუჯეტის კორექტირების ნაწილში, გენერალური დირექტორის უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამეურვეო საბჭოსი- მცირდება

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს უფლებას საკუთარი ინიციატივით წარადგინოს ცვლილებები ბიუჯეტში. შემოთავაზებული კანონპროექტით საბჭოს ერთმევა აღნიშნული უფლება, და ნაცვლად ამისა ბიუჯეტის, ისევე როგორც ბიუჯეტში ცვლილებების ინიცირების უფლება გენერალური დირექტორის ხელში გადადის. ამასთან საბჭოს ერთმევა უფლება-მოსილება საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილებები მაუწყებლის დებულებაში, და ნაცვლად ამისა აღნიშნული მხოლოდ გენერალური დირექტორის მიერ ინიცირების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ნაცვლად ამისა პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში გაუმართლებლად გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება, სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობათა შემცირების ხარჯზე. აღნიშნული კი ამცირებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე სრულყოფილი დემოკრატიული კონტროლის განხორციელების საშუალებებს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება 2013 წელს მაუწყებლის რეფორმირების სულისკვეთებას

4.შესატანი ცვლილებების მიხედვით: ნახევრდება სოციალური რეკლამისთვის დასათმობი დრო;

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით: საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი საქმიანობის განხორციელების ერთ-ერთ წარმოჩინებას სწორედ უფასო სოციალური რეკლამა წარმოადგენს. დაუშვებელია სოციალური რეკლამისათვის დასათმობი დროის განახევრება, მითუმეტეს კი იმ ვითარებაში, როდესაც განმარტებით ბარათში არ არის დასაბუთებული აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა;

5.შესატანი ცვლილებების მიხედვით: თანამშრომლების ხელშეკრულებების შინაარსს სამეურვეო საბჭო აღარ განსაზღვრავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების პირობების წესის განსაზღვრის უფლების შეზღუდვით, სუსტდება არა მხოლოდ მისი როლი საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში და არამედ, მაუწყებელი საერთოდ თავისუფლდება მითითებული შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულებისგან, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯია.
კატეგორია: ეთიკა
2 მაისს გადაცემა “ცეცხლის ხაზის” თემა ქალთა უფლებებს უნდა დათმობოდა. თუმცა, გადაცემის ნაწილი ამ უფლებების დარღვევის გამართლებასა და საკითხის ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ კონტექსტში განხილვას დაეთმო. გადაცემაში ფორმალურად იყო დაცული ბალანსი და ისმოდა განსხვავებული მოსაზრებები. “ცეცხლის ხაზის” ამ გამოშვების მიზანი პრობლემის ძირეული გაშუქება არ ყოფილა. გადაცემის ინტერაქტივის კითხვის ფორმულირება კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, რომ ქალთა უფლებები საქართველოში ირღვევა, კითხვა კი ასე იყო ფორმულირებული - “ირღვევა თუ არა ქალთა უფლებები საქართველოში”. გადაცემაში მოწვეულები იყვნენ: ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი - ანა აბაშიძე, “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე - ნიკოლოზ მჟავანაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი - მაკა ფერაძე, ჟურნალისტი - რამინა ალიევა და ფილოლოგი - გურამ ფალავანდიშვილი.

გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ვაკა გორგილაძემ ქალთა უფლებების საკითხზე საუბარი რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის გახსენებით დაიწყო. ის 17 წლის გოგოს გამტაცებელს “სიძეს” უწოდებს და ფაქტს ოჯახის შექმნის ტრადიციასთან აკავშირებს. 28 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს. გატაცებას მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების აქცია თბილისში მთავარ პროკურატურასთან გამტაცებლის დასჯის მოთხოვნით.

“სახლში დაბრუნებული მე-12 კლასელი ამბობს, რომ მზადაა დარჩეს გამტაცებელთან ერთად. მომავალ სიძეს აღარც მისი მშობლები უჩივიან. რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქე პატივს უნდა სცემდეს კანონს. ხოლო, ძალადობა, განსაკუთრებით არასრულწლოვანი ქალების მიმართ დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ სად გადის ზღვარი პირობით ძალადობასა და ეროვნულ ტრადიციებს შორის, იქნებ იმიტირებული ძალადობა მხოლოდ რიტუალური, თეატრალიზირებული ქმედებაა, რომელიც ასახავს კულტურულ თავისებურებებს და თემის წეს-ჩვეულებას. მახსოვს, სულ რაღაც 20 წლის წინ თბილისში, პატარძლის მოტაცება ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ნეტავ, რატომ აღარ ვიტაცებთ შეყვარებულებს. ალბათ, არასამთავრობო ორგანიზაციების შიშით,” - თქვა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ, რომელიც თავს კონსერვატორს უწოდებს.



“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე - ნიკოლოზ მჟავანაძე გადაცემაში აცხადებდა, რომ როდესაც სამართალდამცავები გატაცების მუხლით იწყებენ საქმის წარმოებას, არ აქვთ უფლება, რომ ვინმე დააკავონ, რადგან გამტაცებელი და მსხვერპლი ამბობენ, რომ გატაცება არ მომხდარა.

ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის მკვლელობით დასრულების შემთხვევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას კი, მჟავანაძე პარალელს ლგბტ თემთან ავლებს და ამბობს:

“ძირითადად, როდესაც, აი, მაგალითად, სექსუალური უმცირესობების მიმართულებით ხდება ასეთი მკვლელობა და გამოდიან, აი, თქვენი ორგანიზაციიდან [„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“], ანდა თქვენი მომიჯნავე ორგანიზაციები, რომელებიც იმავე კუთხით მუშაობენ, საუბრობენ, რომ მკვლელობა მოხდა ქალთა მიმართ”.

მჟავანაძის პათოსს ნაწილობრივ იზიარებს გადაცემის წამყვანი ვაკა გორგილძეც:

“ცხადია, რომ ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას და პარტნიორობას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ამდენად, გადაბრალება შინაგან საქმეთა სამინისტროზე, აი, ამ პრობლემის, ამ სიმწვავის, მე მგონი არ არის სამართლიანი და მემგონი, გარკვეულწილად, სამართლიანია ის პრეტენზიები, რომელსაც ბატონი ნიკოლოზი [მჟავანაძე] გამოთქვამს არასამთავრობო სექტორის მიმართ. რას იტყვით?”- ასეთი ფორმულირებით დასვა კითხვა გადაცემის წამყვანმა ვაკა გორგილაძემ.

მას შემდეგ კი, რაც სტუმარმა პასუხის გაცემა დაიწყო, გორგილაძე დაინტერესდა რა მოცულობის თანხა მიიღო რესპონდენტის ორგანიზაციამ და შემდეგ კი აღნიშნა, რომ ამ თანხით შესაძლებელი იქნებოდა მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად ბუკლეტები დაბეჭდილიყო.

გადაცემის მეორე ნახევარში ეთერში ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი ჩაერთო. ფალავანდიშვილის არც ეს გამოსვლა ყოფილა სხვა დანარჩენისგან განსხვავებული და ამჯერადაც, მისი საუბარი ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ტექსტებით იყო გაჯერებული. ის ამართლებდა ადრეულ ქორწინებას და ამბობდა:

“ჩვენ ვნახეთ 8 მარტს ქალთა უფლებების დასაცავი აქცია, სადაც იყვნენ ფემინისტები, მათ შეუერთდნენ კაცები, ვინც თავის თავს თვლიან ქალებად… მათ გამოიტანეს ფოტო და ისინი შეურაცხყოფდნენ ქალებს. აი, ეს არასამთვარობო ორგანიზაციები და ლიბერალური, ლიბერასტული ფრთა შეურაცხყოფს ქალს. რაც შეეხება ადრეულ ქორწინებას, 17-18 წლის ახალგაზრდა შეიძლება დაოჯახდეს, მაგრამ მათი მიზანია, რომ ადამიანი არ დაოჯახდეს, ოჯახს ებრძვიან”.

გარდა ამისა, ფალავანდიშვილს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობენ ბავშვთა სექსუალურ ურთიერთობებს სკოლაში და ხელს უშლიან მათ გათხოვებას.

“ქალებს უკარგავენ ქალობას, ეუბნებიან, რომ დედობა, შვილიერება არის ჩამორჩენილობა, პატიოსნება არის მონობა. და მათთვის, ბოდიში და, ბოზობა არის წარმატება და ლიბერალიზმი და თვითრეალიზაცია. ეს არის თქვენი ტენდენცია,” - დასძენდა ფალავანდიშვილი ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.

გადაცემის ამავე ნაწილში მჟავანაძემაც საკითხზე საუბარი ანტიდასავლურ კონტექსტში დაიწყო, სექსისტურ განცხადებებსაც არ მოერიდა და ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული სხვა ტიპის დანაშაულს გაუთანაბრა.

“კომუნისტების პერიოდში იყო ასეთი ორგანიზაცია - “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი” და მისი წევრი იყო 200 ათასი კაცი. და რას აკეთებდა ეს “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”? გაზეთიც ჰქონდათ, ანუ მაშინ ტელევიზიები არ იყო, მედიაშიც კარგად იყვნენ წარმოდგენილები და ანგრევდნენ ეკლესიებს, ეროვნულ ფასეულობებს ებრძოდნენ… მე ვავლებ პარალელს, რომ ეს ადამიანებიც [არასამთავრობო ორგანიზაციები] ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან ოჯახს, ებრძვიან ეროვნულ ფასეულობებს,” “მე მანდილოსნების მიმართ უძლური და განიარაღებული ვარ”, “ქალის მიმართ არავითარი ძალადობა არ არის და ახლა როდესაც საუბარია ძალადობაზე, საქართველოში ვერავინ ვერ მოსპობს დანაშაულს, ეს ოდითგანვე იყო, უბრალოდ, პრევენცია უნდა მოხდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაშაული მოხდეს. ახლა ქურდობა რომ არის, მკვლელობა როა, ყაჩაღობა, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო მიაქვს დანაშაულს?”

შემდეგ კი მჟავანაძემ ოჯახში მომხდარ ძალადობაზე საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება განაგრძო და თქვა, რომ ოჯახში ქალების მკვლელობა სქესის ნიშნით არ ხდება. ამ საუბარს მალევე გადაცემის წამყვანების ჩაკითხვა და რეპლიკა მოჰყვა. მაგდა ანიკაშვილმა მჟავანაძეს ჰკითხა: “უფრო მეტი ცოლი კვდება, თუ უფრო მეტი ქმარი?” ანიკაშვილის ამ კითხვას მისმა თანაწამყვანმა გორგილაძემ უპასუხა: ”ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი ქმარი მოკვდეს”.

გადაცემის კიდევ ერთი მონაწილე რამინა ალიევა იზიარებდა გადაცემის იმ მონაწილეების მოსაზრებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას სხვა ტიპის დანაშაულთა კონტექსტში განიხილავდნენ:

“უფლებას არ აქვს სქესი, უფლების დაცვას არ აქვს სქესი. ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ ჩვენ, სადაც კაციც ადამიანია და ქალიც ადამიანია, მაგრამ თუ ასეთი აქტუალურია ქალის უფლება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო ნაზი და უფრო სუსტი არსებები ვართ და გვჭირდება უფრო მეტი დაცვა, ვიდრე კაცებს,” - ამბობდა ალიევა. მისივე თქმით, აზერბაიჯანულ თემში ქალის დაქორწინებისას სიძის მხრიდან ქალის ოჯახისთვის თანხის გადახდა არის არა “ქალის ყიდვა”, არამედ ოჯახის ფინანსური დახმარება.

2 მაისს “ცეხცლის ხაზის” მაყურებელი ვერ შეძლებდა გაერკვია, რეალურად რა პრობლემა არსებობს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. გადაცემის მსვლელობის დროს გამოთქმული მოსაზრებებით პარალელების გავლება ხდებოდა სხვა მოწყვლად ჯგუფებთან, რითაც ჩანდა მცდელობა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა უფრო ნაკლებმნიშვნელოვან საკითხად ყოფილიყო წარმოჩენილი. გარდა ამისა, უცნობია, რა მიზანს ემსახურებოდა გადაცემის ინტერაქტივის შეკითხვა, რომლითაც მაყურებელს ქალთა მიმართ არსებულ პრობლემაზე უნდა დაეფიქსირებინა პასუხი, შეკითხვა კი ასე იყო დასმული - ირღვევა თუ არა ქალთა უფლებები საქართველოში. მაშინ როცა ქვეყანაში ფემიციდის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, ოჯახში ძალადობა კი საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, კითხვის ამ ფორმულირებით დასმა არის პრობლემის მნიშვნელობას ხელოვნურად დაკნინება.
კატეგორია: ბლოგი
2017-03-10 „ცეცხლის ხაზი“ - ასე ჰქვია ტოკ-შოუს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს ეთერში“, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს გადის. გადაცემის წამყვანები არიან მაგდა ანიკაშვილი და ვაკა გორგილაძე. ლიბერალი და კონსერვატორი - სწორედ ასე აცნობენ წამყვანები მაყურებელს საკუთარ იდეოლოგიურ კუთვნილებას. გადაცემის ფორმატიც სწორედ განსხვავებული იდეოლოგიებისა და შეხედულებების მქონე ადამიანების კამათს გულისხმობს.

7 მარტს გადაცემის სადისკუსიო თემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება იყო.

გადაცემის ე.წ. ქუდში თემა შემდეგნაირად დაანონსდა - „სამართლიანი იყო თუ არა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2 - თან დაკავშირებით?“. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობას ეხებოდა ინტერაქტივის შეკითხვაც.

გადაცემის სტუმრები იყვნენ: ისტორიკოსი - გიორგი ოთხმეზური, ადვოკატი - გელა ნიკოლეიშვილი და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი - ნოდარ ხარშილაძე. სწორედ ისინი მსჯელობდნენ, რამდენად სამართლიანი იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

მაყურებელთან მისალმების შემდეგ, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ თემის წარდგენისას ორჯერ და გადაცემის მსვლელობისას, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „მორიგე მოსამართლემ შეაჩერა“, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ წამყვანი თითქოს, ევროსასამართლოს განჩინების დაკნინებას ცდილობდა. მან განმარტა, რომ ამ განჩინებამ „უფრო დაძაბა ვითარება საქართველოში, ვიდრე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ“, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ვითარების უფრო დაძაბვაში და რა კონკრეტული ფაქტებით დასტურდებოდა „ვითარების უფრო დაძაბვა“.

წამყვანმა ვაკა გორგილაძემ „რუსთავი 2 - ის" მხარდამჭერი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო სექტორი, „მარიონეტულ პოლიტიკურ პარტიებად“ და „იდეოლოგიზირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებად“ მონათლა. მან მიმდინარე პროცესი მათსა და სამართლიანობის აღდგენის მომხრე მოსახლეობას შორის წარმოქმნილ უფსკრულად შეაფასა. თუმცა, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა წამყვანმა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მომხრე ხალხის სახელით საუბარი და რატომ მიაწერა, მათ რომ სამართლიანობის აღდგენა მათთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2 - ის“ სწორედ ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნებას ნიშნავს.

გადაცემაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს წამყვანი კიდევ ორჯერ შეეხო. მისგანვე შევიტყვეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკოსების, ექსპერტების ნაწილი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები სამართლიანობის აღდგენის პროცესს ეწინააღმდეგებიან და ეჭვის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე ორი ინსტანციის გადაწყვეტილებასაც. რაც, მისივე შეფასებით, არის სივრცის დელეგიტიმაციის მცდელობა. მან ერთ-ერთ სტუმარს შემდეგი კითხვითაც მიმართა - „როდის უნდა ვცეთ პატივი საკუთარ სასამართლოს? ცხრავე მოსამართლემ ერთმნიშვნელოვნად მიიღო გადაწყვეტილება. რატომ ვაყენებთ ეჭვის ქვეშ ამ გადაწყვეტილებას?“

გადაცემის მსვლელობისას წამყვანი ვაკა გორგილაძე აგრესიული ტონით აქტიურად ცდილობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაეკავშირებას. მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკურ გამარჯვებადაც შეაფასა. მანვე „რუსთავი 2 - ის“ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების დამსახურებას და იმ მიზანმიმართულ საინფორმაციო პროპაგანდის შედეგს მიაწერა, რომელსაც, მისი თქით, „რუსთავი 2“ აწარმოებს.

წამყვანი არც ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას მოერიდა. „რუსთავი 2“ არის პარტიული ტელევიზია, არის პარტიის საკუთრებაში, ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს. ძალიან ხშირად საუბრობენ არაფორმალურ მმართველზე, მაგრამ ავიწყდებათ არაფორმალური ფლობა ამ ტელევიზიის. პარტიული ტელევიზია, რომლის მიზნებიც, ამოცანებიც იდენტურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებთან და ამოცანებთან. ანუ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის დესტაბილიზაცია, ბუნებრივია „რუსთავი 2- ც" არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს ქვეყნის დესტანილიზაციას“ - სწორედ ასეთი მონოლოგი შესთავაზა მან მაყურებელს. წამყვანს არც ის დაუსაბუთებია, კონკრეტულად როდის და რა მიმართულებით გამოვლინდა ტელეკომპანიის მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „რუსთავი 2 - ის" ფლობის დამადასტურებელი ფაქტები წარმოუდგინა.



კონსერვატორმა წამყვანმა ტელევიზიის მისამართით არც შემდეგი შეფასებები დაიშურა -„მედიასაშუალება, რომელიც იტყუება, აპრავებს, მკვლელობას, წამებას, მალავს ფაქტებს, იმ საშინელებებს, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, პენიტენციალურ სისტემაში“.

მანვე, ასევე სრულიად გაუგებრად და უკონტექსტოდ ლტოლვილთა ბანაკების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხდებაც გაიხსენა, რომელიც უპრეცედენტო თავხედობად შეაფასა და თქვა, რომ აფრიკიდან და აზიიდან ლტოლვილებისთვის ბანაკების საქართველოში და არა ევროპაში შენების მცდელობით, კარგად ჩანს ევროპული ეგოცენტრიზმი. აქვე მან ისიც აღნიშნა, რომ ამის ფონზე ჩვენ ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებებს ვანო მერაბიშვილსა და „რუსთავი 2 - თან" დაკავშირებით და შემდეგი კითხვაც დასვა - „ეს ყველაფერი რა ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის გეოპოლიტიკურ არჩევანზე, ხომ არ წაახალისებს ეს პრორუსულ განწყობებს და ანტიდასავლურ რიტორიკას?“ თუმცა, წამყვანს, ალბათ, სულაც არ უფიქრია იმაზე, რომ მსგავსი ქვეტექსტებითა და ფარული მინიშნებებით, დასავლური ფასეულობებისა და ინსტიტუტების დისკრედიტაციას სწორედ თავად ახდენდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პარტიულ ტელევიზიად გამოაცხადა გადაცემის სტუმარმა ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმაც. მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი შრომის შედეგს მიაწერა. მანვე აღნიშნა, რომ „რუსთავი 2 - ზე" სარედაქციო პოლიტიკას ყოველთვის ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები წარმართავდნენ. გიორგი ოთხმეზურმა ასევე ისაუბრა ძველი ხელისუფლების მმართველობაზე, მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ტერიტრიული მთლიანობის რღვევაზე და ა.შ. თუმცა, ის, რომ აღნიშნული საკითხი სადისკუსიო თემასთან კავშირში არ იყო, წამყვანებს არ განუმარტავთ, არც თემის დისკურსის შეცვლა და არც სტუმრის შეჩერება უცდიათ. მაშინ, როდესაც ვაკა გორგილაძე გადაცემის კიდევ ერთ სტუმართან ნოდარ ხარშილაძესთან აქტიურ დებატში შედიოდა და ხელისუფლების პოზიციების დაცვას ცდილობდა. მაგალითად ნოდარ ხარშილაძის კითხვას, აქვს თუ არა მას იმის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, ვაკა გორგილაძემ კონტრშეკითხვით უპასუხა - „და თქვენ რა ფაქტები გაქვთ, რომ ხელისუფლება ერეოდა სასამართლო პროცესში?“. ის საგარეო საქმეთა მინისტრს მინდია ჯანეილიძესაც გამოესარჩლა და ნოდარ ხარშილაძის მოსაზრებას, რომ საგარეო სამქეთა მინისტრს სტრასბურგში არაფერი ესაქმებოდა, კითხვითვე უპასუხა „იქნებ სხვა რამეზე იყო ჩასული?“

გადაცემის ყურებისას, მკაფიოდ იკვეთება ე.წ. კონსერვატორი წამყვანის უპირატესი როლი. ის აქტიურად ერთვება სტუმრებთან დებატში, ღიად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. ამის პარალელურად, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა კონრეტული როლი აქვს გადაცემაში ლიბერალ წამყვანს მაგდა ანიკაშვილს. თუკი, ფორმტიდან გამომდინარე, ის საპირისპირო პოზიციას უნდა იცავდეს და გადაცემის კონსერვატორ წამყვანს ოპონირებას უწევდეს, ეს მას ნამდვილად არ გაუკეთებია. გადაცემის მსვლელობისას, მან მხოლოდ რამდენიმე ნეიტრალური ტიპის შეკითხვა დასვა. ის არ ჩაბმულა დისკუსიაში, არ შესულა კამათში და არც გადაცემის მეორე წამყვანისაგან განსხვავებული არგუმენტებისა და მოსაზრებების გაჟღერება, ან დაცვა უცდია.
კატეგორია: ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში 4 ოქტომბერს გავიდა ე.წ. „კადრ სინქრონის“ ტიპის მასალა, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი“ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

წამყვანი რესპონდენტზე დაყრდნობით ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სულხან ქობულაძეს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც სატელეფონო ზარის შემდეგ, შეხვედრას დათანხმდა. საქმის გარჩევა კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს მოჰყვა, სადაც ქობულაძემ საკრებულოს თავმჯდომარე „ყვარყვარეს“ სახელით მოიხსენია.

ამ ბრალდებას კომენტარში თავად ქობულაძეც ადასტურებს. მასალაში არ ჩანს ბრალდების არც ერთი ობიექტის პასუხი. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“.

კატეგორია: ეთიკა
23 აპრილს გადაცემა “2030-ის” ბოლო ბლოკის ჩართვაში ჟურნალისტის თქმით, მათ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ადამიანები, რომლებიც ზუგდიდის ცენტრში აქციებს მართავენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბინების არასწორ განაწილებაში ადანაშაულებენ, “იმართებიან პოლიტიკური პარტიებისგან, კონკრეტულად საუბარი არის ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე.”

მასალაში ჩაწერილია დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ნონა შეროზია, რომელიც დევნილთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

“ქალბატონმა ნონამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ის ხვდება, მაგრამ ნაციონალების დახმარებაზე უარს დევნილები ამბობენ”, ამბობს ჟურნალისტი, რასაც შეროზიას კომენტარი მოსდევს. რესპონდენტი არსად ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგნლებმა აქციების შესახებ შეიტყვეს და მისვლა თავიანთი ინიციატივით გადაწყვიტეს.



“ჩვენ აქ საპროტესტო აქციები გავმართეთ იმის თაობაზე, რომ ჩვენი კუთვნილი ბინები იყო განაწილებული არაკანონიერად. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიგო ეს, არ ვიცი, რანაირი იმით, როცა გადავკეტეთ ჩვენ გზა… ჩამოსული იყო მინაშვილი, მაჭავარიანი, წიკლაური და კიდევ იყო ერთ-ერთი, გვარი არ ვიცი” - აცხადებს ნონა შეროხია.

ამ სინქრონს კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის, ოთარ გოგოხიას, სინქრონი მოსდევს:“იმართება (დევნილები) სხვადასხვა ადამიანების მიერ, სხვადასხვა პარტიის მიერ. მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური პარტიის ხელმძღვანელები, ადგილობრივი დევნილები დადიან იქ, რატომ დადიან, რა უნდათ იქ”.

ჟურნალისტი ჩართვაში ამბობს, რომ ოთარ გოგოხიას არა მარტო ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ ეს აქციები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ იმართება, არამედ “მას აქვს ამ თემაზე ფაქტები“. თუმცა, მასალაში არ არის ნაჩვენები არც ერთი კონკრეტული ფაქტი ბრალდებების დასადასტურებლად. არ არის წარმოდგენილი არც ნაციონალური მოძრაობის წევრების კომენტარები. აქციის ორგანიზატორის, ნონა შეროზიას, კომენტარით კი, ბალანსი ფორმალურადაა დაცული.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლი 18:

1. პოლიტიკური მოვლენების თავისუფალი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს თითოეული შეხედულებისთვის თანაბარი დროის დათმობას, არამედ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა.

2. პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს.