კატეგორია: ბლოგი
ახლა, როცა "ამ სტრიქონს ვწერ", ჩემი კოლეგები არკვევენ - რა ხერხითა და მექანიზმებით შემოდის რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომ მედიის" შვილობილი - NTV Plus -ი საქართველოს ტელებაზარზე. ბევრს უკვირს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა არც მალავს, რომ მათი პრიორიტეტი "გეოგრაფიული ექსპანსიაა" და აქ კომერციულ პროექტზე ნაკლებად ვსაუბრობთ. რაა გასაკვირი, რა აზრი აქვს იმის დამალვას, რაც ცხადზე უცხადესია.

ლეგიტიმურად, ისევ აქტუალური გახდება "რუსული არხების" აკრძალვის თემა. მედიები არკვევენ რა მექანიზმებით გაიარა, ან შეიძლება გაიაროს რეგისტრაცია კომპანიამ, რომელიც რუსულ არხებს გაავრცელებს. არა და, ეს უკვე ხდება. არხები, რომელიც შესაძლოა ქართულ ბაზარზე ახალი პაკეტის სახით გავრცელდეს, უკვე ისედაც მაუწყებლობდნენ ფასიან პლატფორმებზე თუ ღია თანამგზავრზე და მათ უკვე შარშან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემით, საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს აუდიტორიის 20%-ზე მეტი ისედაც წაართვეს.

აუდიტორიას საქართველოში მოქმედი მედიები დიდწილად იმ სამაუწყებლო პლატფორმებზე კარგავენ, რომელთა რეგულირება მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი, ესაა თანამგზავრული მაუწყებლობა და IPTV. საკუთარ სამეზობლოშიც რომ გადაამოწმოს დაინტერესებულმა პირმა, აღმოაჩენს, რომ თანამგზავრული ანტენები პირატულ, ე.წ. "დაკრეკილ" არხებს იღებენ, IPTV -ს პაკეტების წვდომა კი უკიდეგანოა. აქ აკრძალვები რომც გქონდეს, მხოლოდ ქაღალდზე თუ დარჩება, სირაქლემას პოზაში ყოფნისთვის გამოსაყენებლად.

თუ სირაქლემას თავს ქვიშიდან ამოვწევთ და მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი რეაქციული ნაბიჯი არ გვიშველის და ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოებას. აქ პროაქტიულობა თუ დაგვეხმარება, ისიც კომპლექსური სტრატეგიული მიდგომით.

თებერვლის დასაწყისში ქართული მედიები კანტიკუნტად ყვებოდნენ, რომ მოლდოვამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი კანონი აამოქმედა და რუსული სამაუწყებლო კონტენტი აკრძალა. ჩვენ, JRC-ელები, ამ დროს, საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პირველ რუსულენოვან რეგიონულ არხს, TOK TV -ს ვრთავდით, ღია და უფასოდ გავრცელებად სიხშირეზე.

სიხშირე სწორედ ის პლატფორმაა, რომლის რეგულირება თეორიულთან ერთად პრაქტიკულად, ფიზიკურადაა შესაძლებელი. ამიტომ, სიხშირული სამაუწყებლო პლატფორმის გაძლიერება, მისი მიმზიდველობა და გავრცელების ხელშეწყობაც უნდა ყოფილიყო წესით საინფორმაციო უსაფრთხოების სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი, იმ სტრატეგიის, რომელიც არ გვაქვს.

ცოტა პარადოქსული ამბები გვჭირს, ერთ-ერთი პარადოქსთაგანი ისაა, რომ ანტიდასავლური პროპაგანდით შეწუხებული ჩემთვისაც პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი, აგერ ჩემს "ნიუსფიდშიც", მოლდოვის ახალი გადაწყვეტილებით ხარობდა და არც კი უღრმავდებოდა ამბავს, რომ მოლდოვამ ახალი კანონით ქართული სამაუწყებლო კონტენტიც აკრძალა.

საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, მოლდოვის ტერიტორიაზე შეიზღუდა საინფორმაციო-ანალიტიკური, პოლიტიკური და სამხედრო თემატიკის გადაცემების ტრანსლირება და რეტრანსლირება. იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც არ აქვთ რატიფიცირებული ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენცია, რუსეთთან ერთად საქართველოცაა.

ცოტა სიმბოლურიცაა, რომ მედიის სფეროში უფრო რუსულ სივრცეში ვართ ჯერ, ვიდრე ევროპულში. პირველად JRC -მ, ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის წევრიცაა, ამის შესახებ 2015 წლის პოლიტიკის დოკუმენტში დაწერა, მაგრამ ყოველწლიური შეხსენების მიუხედავად, ამ ევროპული კონვენციის რატიფიცირება არა და არ ხდება.

პოლიტიკის დოკუმენტში, მაშინაც და შემდეგაც ვსაუბრობდით მექანიზმების ერთობლიობაზე, რაც უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი: მათ შორისაა ადგილობრივი არხების კონკურენტულობის ხელშეწყობა.

ახლა ჩვენც ადგილობრივი რუსულენოვანი არხი გვაქვს და ჩვენს თავზე განვიცდით - როგორი ,,ხელშეწყობა აქვს” ადგილობრივი მედია კონტენტის წარმოებას: ბანკებისთვის მედია ბიზნესი არ არის, შეღავათიანი სესხი რაა, სამომხმარებლო ძვირადღირებულ სესხსაც ვერ მიიღებ მედია კონტენტის საწარმოებლად. ევროკავშირიც კი არ განიხილავს საქართველოში მედიას როგორც ბიზნესს, რადგან მის მიერ მხარდაჭერილი ბიზნეს სესხები მედიაწარმოებას არ მოიცავს. ადგილობრივი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მოჩლუნგებულია, არხს, რომელსაც უმეტესად სოციალური დანიშნულება აქვს და საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის გასაგებ ენაზე მედიაწარმოებას ისახავს მიზნად, ადგილობრივი ბიზნესი მხარს არ უჭერს - ჯერ გავლენა უნდა აჩვენო. გავლენას, ანუ აუდიტორიას კი რეგიონებში ვერასდროს დაითვლი და აჩვენებ, რადგან მთვლელი კომპანიები მხოლოდ მსხვილ ქალაქებში მუშაობენ, სოფელი და მით უფრო, ეთნიკური უმცირესობის ზონები, არ ითვლება. არც დონორები სწყალობენ მედიასტარტაპებს. TOK TV-სთვის, მიუხედავად მცდელობისა, არც ერთი დონორისგან არ გვაქვს მხარდაჭერა. სახელმწიფო? მისგან არც არაფერი გვითხოვია, ერთადერთი, რასაც სანთლით დავეძებთ, PIK TV -ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმებია, რომელშიც ქართველმა გადამხდელებმა, ერთ დროს, საკამოდ ძვირი გადავიხადეთ. ამ დრომდე ვერც პატრონს მივაკვლიეთ და ვერც კონტენტს.

მიუხედავად ამისა, TOK –ზე, პირველ რეგიონულ რუსულენოვან არხზე, რომელსაც არ უნდა გაიმეოროს PIK -ის შეცდომები, მაგრამ უნდა ერთ საინფორმაციო ველში გააერთიანოს PIK -ის გაუქმებით დაკარგული აუდიტორია, უკვე 20-ზე მეტი პროგრამა გადის და არხი შეუფერხებლად მაუწყებლობს. ეს არხი ადასტურებს, რომ ფული ყველაფერს არ წყვეტს ამ საქმეში და სრულიად არაა ფრუსტრირების საფუძველი, რომ გაზპრომის დიდ ფულს მცირე სახსრებით ვერ გაუწევ წინააღმდეგობას.

20-მდე პროგრამას პარტნიორები გვჩუქნიან. DW, BBG, ETV - პარტნიორი არხები ევროპიდან და აშშ-დან შემეცნებით, გასართობ, დოკუმენტურ კონტენტს უსასყიდლოდ გვიზიარებენ. "მაუწყებელთა ალიანსის" წევრ სხვა რეგიონულ არხებთან პარტნიორობით ოთხ პროგრამას თავადაც ვამზადებთ: ,,აგრო სიახლეები” , ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა” საზოგადოებრივი ჟურნალი "სათვალე" და ტელე-რადიო ჩანართი "რვEUლი". ამ პროგრამების რუსულ წარმოებაში ჩვენი გუნდი ჩვენსავე ხელფასებს ვხარჯავთ, რომლებსაც სხვა საქმის კეთებაში ვიღებთ. პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტთა დახმარებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნად დავიწყეთ "ასი წლის - ასი ისტორიის" კეთებაც. და რაც ასევე მახალისებს, უახლოეს ხანში TOK TV მაყურებელს უახლესი წარმოების უკრაინულ ტელესერიალებს და ფილმებსაც შევთავაზებთ, რომელთა შეძენაც "ნისიად" შევძელით.

საინფორმაციო ომიც ("ც" - გამაძლიერებელი ნაწილაკია) ომია და აქ ყველაზე მეტადაა საჭირო მოხალისეობა.
კატეგორია: ბლოგი
,,ცენზურა აკრძალულიაო!” - უპასუხა კომუნიკაციების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. კომისიამ NGO -ებს შეახსენა, რომ ,,მაუწყებელი სარედაქციო დამოუიდებლობით სარგებლობს და კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება”. პირიქით რომ ყოფილიყო და ამ ტექსტით არასამთავრბოებს გაეცათ პასუხი მაუწყებელთა მარეგულირებელი კომისიისთვის, ეთქვათ, რომ მაუწყებლის შინაარსზე თავად მაუწყებელი აგებს პასუხს და ,,მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს” - არც არაფერი იქნებოდა გასაკვირი. (არადა ეს მედიის გულშემატკივრებს, მათ შორის ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, კარგად ახსოვდათ მოსამართლე ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის შინაარსზე დაუშვებელი მსჯელობისას).

კომუნიკაციების კომისიასა და არასამთავრობეობს შორის ადგილები გაიცვალა, რაც უკვე მოასწავებს საფრთხეს.

სამმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ,,კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” 8 სექტემბერს მიმართა და მოუწოდა, შეესწავლა ,,თუ რამდენად შეესაბამება ტელეკომპანია GDS -ის ქმედება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისა და ,,საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილ სტანდარტებს” და დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მიეღო ,,შესაბამისი ზომები”.

,,შესაბამისი ზომები”?!

ქცევის კოდექსი თვითრეგულირების დოკუმენტია, რომელიც მაუწყებლობის კანონთან ერთად სამართლებრივ გარანტიებს ქმნის იმისას, რომ მედიის შინაარსზე თავად მედიამ იმსჯელოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გამოსწორდეს. მაგრამ GYLA-მ TI-მ და ISFED - მა GDS -ის ნაცვლად მარეგულირებელ კომისიას მიმართეს.

კომისიამაც პასუხად გულმოდგინედ იმსჯელა GDS - ის პროგრამაზე, რომელიც ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გადაიცემა და სადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს საქართველოს 10 რეგიონიდან ადგილობრივი ჟურნალისტები ხვდებიან. კომისიამ იმსჯელა ისე, თითქოს GDS -ის თვითრეგულირების ორგანო ყოფილიყო და განაცხადა, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ეს მუხლი წინასაარჩვენო პროცესში მაუწყებლის მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის ასახვისას, განსაკუთრებული სიფრთხილის რეკომენდაციას იძლევა.

,,რაც შეეხება „პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას“, აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აგატიციის ნიშნებით ხასიათდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, არამედ გასართობი და იუმორისტული გადაცემები, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები და სხვა.“ - ასე უპასუხა კომისიამ არასამთავრობოთა მიერ GDS -ს პროგრამის ანონსის აგიტაციად მიჩნევას.

არასათავრობოებმა GDS -ის გადაცემის ანონსში ქართული ოცნების საარჩევნო ნომრის გამოჩენაზე მიუთითეს, მარეგულირებელმა კი პასუხად შეგვახსენა, რომ ამ და სხვა მაუწყებელთა პროგრამების ანონსებში ჩვენ უხვად ვხვდებით ყოფილ პრეზიდენტებს, მინისტრებს, ჩინოვნიკებს, საარჩევნო სიმბოლოების ფრიალთან ერთად და ასეთი ანონსები, თავის გასართობ-შემეცნებით-ინფორმაციული პროგრამებიანად აგიტაციად რომ მიიჩნიო, ყველა მაუწყებელი დასახური გახდება. ,,ცენზურა კი დაუშვებელიაო”.

მთელი ამ მიმართვა-პასუხის პროცესში ჯერ არასამთავრობოებმა, შემდეგ კი კომისიამ ძალა არ დააკლო თვითრეგულირების მექანიზმის არაეფექტურობის ხაზგასმას, რაც შემდეგი მითითებით დაგვირგვინდა: - ,,მაუწყებლობის შინაარსობრივი რეგულირების საკითხი განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია, მით უფრო, რომ შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკულად, არ არსებობს”.

,,მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოო!”

,,არ არსებობსო”!

,,პრაქტიკულადო”!

თვითრეგულირება თავისუფლების დამხმარეა, ქათული მედია ცდილობს თვითდარეგულირდეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამის კარგი მაგალითია, ახლახანს მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოებში მიმართვის გამარტივებისთვის რეგიონულმა ტელევიზიებმაც საკუთარი სურვილით გაუშვეს საერთო პორტალი. როცა შეცდომას უშვებს, ქართული პასუხისმგებლობის მქონე მედია ბოდიშს იხდის და ასწორებს გადაცდომას (მაგალითები შეგიძლიათ ქარტიის გვერდზე განხილულ საქმეებში ნახოთ), რაც მათივე სიძლიერის მაჩვენებელია და არა სისუსტის.

არასამთავრობოებს და კომისიასაც შეუძლიათ თვითდარეგულირდნენ, აღიარონ რომ შეეშალათ ამ მიმართვა-პასუხისას, სანამ მედიის ,,შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს” შექმნამდე მივიდოდეს საქმე “პრაქტიკულად”.

არა და რა საინტერესო და სასარგებლოც იქნებოდა, გვენახა GDS -ის თვითრეგულირების ორგანოს მსჯელობა სადავო პროგრამის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან შესაბამისობაზე.
კატეგორია: ბლოგი
მინდა აზერბაიჯანელ კოლეგას აზერბაიჯანის პრესის დღე მივულოცო, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ, ან კი რაა მისალოცი. ხუთი დღის წინ, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ ტელეარხ ANS -ის მაუწყებლობა შეაჩერა. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ANS-ის პოზიცია ,,ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული ძმობისა და სტრატეგიული პარტნიორიბის იდეას”.

,,აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებმა თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და მკაცრად დაგმეს კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა” , რასაც თურმე მხოლოდ ANS -ის მიერ ფათულლაჰ გიულენთან აღებული ინტერვიუს შესახებ გადაცემულმა ანონსმა ,,მიაყენა ჩრდილი”.

კოლეგისთვის მისაწერ სიტყვებზე ფიქრში ვნახე კადრები როგორ არბევენ თურქეთში ბიბლიოთეკას, წვავენ ,,საშიშ წიგნებს”. ცხადია, დღეს ვიკილიქსის დაბლოკვა ერდოღანის მთავრობის მიერ აღარც გამკვირვებია.

რაღა თურქეთი, ორი დღის სომხეთშიც შეიზღუდა დროებით facebook-ი. სომეხი კოლეგა წერდა ტვიტერზე, რომ სოციალური ქსელი, რომელსაც ოპოზიცია ინფორმაციის გასავრცელებლად ხშირად იყენებს, ძირითადმა პროვაიდერებმა დაბლოკეს.

სოციალური ქსელიდან ვიგებ, რომ კიევში პაველ შერემეტი ააფეთქეს, მინსკში დაბადებული ჟურნალისტი, რომელიც გამოექცა რეპრესიებს ჯერ ბელორუსიდან, შემდეგ რუსეთიდან. ბოლოს კიევში ცხოვრობდა და რუსეთთან და ბელორუსთან ერთად, უკრაინის მთავრობას აკრიტიკებდა.

ეს ყველაფერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ხანგრძლივ სხდომაზე ყოფნისას მომიწია გამეგო და მეფიქრა. სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეარხ ,,მაესტროს” ედავებოდა - სოციალური რგოლის უსასყიდლოდ განთავსებაზე უარის გამო. ,,მაესტროს” წარმოამდგენელი კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ კლიპში ადრეული ქორწინებით დაზარალებულად მხოლოდ გოგონები არიან გამოყვანილნი, რაც ვაჟების მიმართ დისკრიმინაციულია, კლიპსაც ამიტომ არ ვუშვებთო ეთერში.

ერთი წლის წინაც კი გამიჭირდებოდა მეფიქრა, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო მედიისთვის ივლისის ერთი დღე ჩვენს სამეზობლოში. შარშანდელ ნახევრადთავისუფალ მედიაგარემოს საქართველოში Freedom House-ს მონაცმეებით უკრაინა 33, სომხეთი 43, თურქეთი 51, რუსეთი 88, აზერბაიჯანი კი 95 ქვეყნით ჩამორჩებოდა, 199 ქვეყანას შორის.

ეს პოსტი მედიაზეა, თუმცა მასში ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სფეროც შეიძლება თავისუფლად ჩავანაცვლოთ. საქართველო ალყაშია და წრე, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, უფრო და უფრო ვიწროვდება, თავისუფელბის კისერზე მოხვეული ყულფივით.
კატეგორია: ბლოგი
,,ზედმეტად კრიმინალები” - ასე თარგმნა ევროპულმა, უმეტესად, გერმანული მედიის, ნაწილმა რუსული გამოთქმა „Лицо кавказской национальности“ საკუთარ ენებზე და ამგვარ კონტექსტში საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭების თემას არაერთი მასალა მიუძღვნა .

ამგვარმა მედიებმა პროპაგანდისთვის (იარლიყის არ იყოს) რუსული, თან მარტივი რეცეპტი გამოიყენეს:

ვერსია 1:

  • სტერეოტიპიზირებისთვის გამოსადეგ იარლიყთან ერთად საჭიროა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტები - გემოვნებით;
  • ციფრი მანიპულირებისთვის - რაც მეტი, მით უკეთესი;
  • სტატუსის მქონე ექსპერტის (ნიშა თემატურად უნდა უკავშირდებოდეს სათქმელს) მოსაზრება - რაც შეიძლება ბლომად;
  • ვიზუალიზაცია (ეფექტის გასაძლიერებლად) - მინიმუმ ერთი;
  • მეტყველი სათაური (დასკვნის კარნახისთვის )- 1 ც.
  • ქვესათაურები (დასკვნის გასამყარებლად) – 3-4 ც.

კიდევ უფრო მარტივი რეცეპტია (ვერსია 2), ავიღოთ მეტყველი სათაური და ლიდი და დავეყრდნოთ სხვა მედიის უკვე გამოქვეყნებულ პროპაგანდას.

გუგლის გერმანულენოვანი სივრცე - google .de მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდში, როცა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დაწესების განხილვა აქტიურ ფაზაში შევიდა, ასეულობით პუბლიკაციას ითვლის, სადაც კონტექსტურად ლაგდება ,,ქართველი, მაშასადამე კრიმინალი”.

ყველაზე პოპულარული (როგორც გუგლი ამბობს) ამ მასალებიდან გერმანული ტაბლოიდი BILD -ი -ის სტატია აღმოჩნდა, რომლის დასამზადებლად გამოცემამ აქ მოყვანილ პირველ რეცეპტს მიმართა:

  • იარლიყი: ,,ზედმეტად კრიმინალი”, ,,მაფიოზური”
  • სათაური: ,,ზედმეტად კრიმინალური. კავშირი (ქდკ) საქართველოსთვის ვიზა-თავისუფლების მინიჭების წინააღმდეგია!”
  • ლიდი (ც ასეთი უნდა): ,,ექსპერტი გვაფრთხილებს: „ქართველი თავშესაფრის მაძიებლები ისეთი კრიმინალურები არიან, როგორც არც ერთი სხვა უცხოელთა ჯგუფი.“
  • ექსპერტი, როგორც ძირითადი წყარო: არმინს შუსტერი. გამოცემა მას ,,შინაგან საქმეთა ექსპერტს” უწოდებს, თან აღნიშნავს, რომ შუსტერი ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს წარმოადგენს და თან იმასაც, რომ შუსტერი ,,თავად არის პოლიციის მოხელე”. ცხადია, ამდენი წოდების შემდეგ მის ანალიზს აუდიტორიისთვის ,,წყალი არ გაუვა”.
  • ციფრი: ,, 2015 წელს განხორციელებული ბინების ძარცვის 167000 ფაქტის ლომის წილი ქართული მაფიის სინდისზეა. “ ციფრი სწორია, 2015 წელს ძარცვების საერთო რაოდენობაზე არაერთი გერმანული გამოცემა წერდა. თუმცა იმ ოფიციალურ სტატისტიკაში, რომელსაც ეს ციფრი ეყრდნობა, ასევე აღნიშნულია, რომ არაგერმანელთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის ქართველების წილი მხოლოდ 0,9% და ის წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (1.1%) შემცირებულია. ეს სწორედ ის დეტალია, რომელიც ბოლდმა უნდა დამალოს, რადგან ბილდისთვის ,,ლომი”, შეიძლება იყოს მცირე რაოდენობის, მაგრამ მაინც ლომია და წილიც მეტი აქვს.
  • ვიზუალიზაცია: სტატიის ირგვლივ სხვა მსგავსი მასალებია მიმობნეული, ფოტოილუსტრაციებით, რომლებიც კრიმინალს ასახავს.

ფავორიტულია (ჩემთვის) პირველი აბზაცი: ,, სულ უფრო მეტი ბანდა ჩამოდის საქართველოდან გერმანიაში ბინების გატეხვის ტურით! მიუხედავად ამისა, ევროკავშირს სურს ამ ქვეყანას ვიზათავისუფლება მიანიჭოს.”

ამბობენ, რომ BILD -ზე, როგორც ტაბლოიდზე, სწორება ზოგად ტენდენციებზე აზრის გამოსატანად ჩვენგან არასწორია. სოციალურ ქსელში უკვე არაერთგზის შემხვდა ზეიმი იმის გამო, რომ ავტორიტეტულმა ,,SPIEGEL”-მა ამავე თემაზე, ამავე პათოსით გამოქვეყნებული მასალა ჩაასწორა. ჩასწორებული სტატია კიდევ უფრო ნათელყოფს იმას, რა მძლავრია ანტიქართული კამპანია გერმანულ მედიაში. სტატია დღესაც სრულად იმეორებს აქ მოყვანილი პროპაგანდის მეორე რეცეპტს:

  • სათაური: ,,კრიმინალთან კავშირის შიში”
  • და წყარო, არც მეტი არც ნაკლები, BILD -ის შესაბამისი სტატია. მორჩა, მასალა- მზადაა.

ძნელია გაარკვიო - რა შეცვალა ,,შპიგელმა” მასალაში, ამაოა ელოდო ბოდიშს. მაგრამ იმისთვის, რომ გერმანული მედია მცირედად მაინც განვკურნოთ შეყრილი რუსული პროპაგანდისგან, ისღა დაგვრჩენია, მივმართოთ გერმანიის პრესის საბჭოს, რომლის მე-11 პრინციპი ამბობს, რომ პრესამ თავი უნდა შეიკავოს უსაფუძლო სენსაციური მასალების გამოქვეყნებისგან, ხოლო მე-12 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს დისკრიმინაციას.

ერთი ქართული ფილმის პერსონაჟისა არ იყოს, უნდა ჩავიდე და ადგილზე ვუთხრა გერმანული პრესის საბჭოს,: ,,ვას ისტ დას? დას ისტ კვას! მე თქვენ გასწავლით ჭკუას!”.
კატეგორია: ბლოგი
ამ, ან მსგავსი სათაურით გამოქვეყნებული განცხადების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ათეულობითაა, ასე იყო წინა წლებშიც, სულ ასეა: ვაკანსიებისა თუ განცხადებების, კერძო სტრუქტურებისა და სახელმწიფო დაწესებულებების ვებებზე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველაზე ხშირად სწორედ პროფესიით ჟურნალისტებს ეპატიჟებიან. საძიებო სისტემებს უჭირთ მოიძიონ განცხადება ექიმების, ფერმერების, ინჟინრების და სხვა პროფესიებისთვის გამოცხადებული კონკურსების შესახებ.

მედიაკონკურსების უმეტესი ნაწილი თემატურია და ჟურნალისტებს თემასთან ერთად მასზე მუშაობისთვის გარკვეულ პერიოდს უწესებს, კონკურსის ორგანიზატორთა ნაწილი უფრო შორსაც მიდის და საკითხის გაშუქების კონტექსტსაც განსაზღვრავს.

კაცმა არ იცის, გააშუქებდა თუ არა ქართული მედია წელს - თუ რას ცვლის შენობების დათბუნება და კარ-ფანჯრის გამოცვლა ენერგოეფექტურობის კუთხით, რომ არა შესაბამისი კონკურსი, რომლის მიზანი საზოგადოების ფართო ფენებში მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების პოპულარიზებაა. ან ეცდებოდა თუ არა მედია შშმ პირთა დისკრიმინაციის შემცირებას; დაუთმობდა თუ არა დროს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს; აქტიურად მიაწვდიდა კი ინფორმაციას აუდიტორიას ბუნებრივი კატასტროფების შესახებ რისკების შესამცირებლად; ჩათვლიდა თუ არა მასალის ავტორი, რომ ,,თანამედროვე კონტრაცეფცია აბორტის ალტერნატივაა” რომ არა შესაბამისი კონკურსი.

კითხვები და პრობლემები სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით უფრო ღრმავდება. შეძლო, ან შესაძლებელია კი მედიამ ტრეფიკინგის საკითხები ისე გააშუქოს, რომ რეალურად იკვლიოს - რამდენად ეფექტურია სახელმწიფოს მუშაობა ამ მიმართულებით, ან შეძლოს ოჯახში ძალადობის კუთხით სამართალდამცავი სისტემის ეფქტურობის ობიეტური მონიტორინგი, მაშინ როცა მასალას სამინისტროების მიერ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში ამზადებს.

არადა, ყველა ის ,,საკონკურსო თემა”, რომელიც ჩამოვთვალეთ და არ ჩამოგვითვლია, ბუნებრივადაც, კონკურსების გარეშეც უნდა გამხდარიყო მედიის ინტერესის საგანი.

ამგვარი კონკურესების კარნახის გარეშე შექმნილი მედიაპროდუქტისთვის კი გვაქვს სხვა - იშვიათი კონკურსები, რომელიც ყოველგვარი თემის კონკრეტიკისა და აქცენტების კარნახის გარეშე უფასებს მედიას პროფესიონალიზმს, გამბედაობას, ოპერატიულობას, გულწრფელობას, პატიოსნებას, ყველა იმ თვისებას, რაც სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდება სივრცეში, სადაც მედიის დღის წესრიგსა და შინაარსს დაწესებული ჯილდოს მოცულობა და წონა განსაზღვრავს.
კატეგორია: ბლოგი
,,ყოველ 15 ევროპელში ერთი გაუნათლებელია” - ეს ჰედლაინი, როგორც ჟურნალისტების მიერ მონაცემების აღქმისა და გაშუქების პრობლემური მაგალითი, ახლახან ჟურნალისტებისთვისვე განკუთვნილ ერთ კარგ სახელმძღვანელოში შემხვდა.

იქაც იყო თქმული, რომ მონაცემი Eurostat -ს ეყრდნობა, რომელიც, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ 500 მილიონ ევროპელს შორის 36 მილიონმა კითხვა მართლაც არ იცის. თუმცა Eurostat-ისვე მონაცემით 36 მილიონი ევროპელი ჯერ 7 წლისაც არაა.

იმავე წიგნში იყო მითითება მათემატიკის საფუძვლების ცოდნის აუცილებლობაზე ჟურნალისტების მხრიდან, მაგრამ განა კი უშველის მხოლოდ ეს მონაცემთა ჟურნალისტიკას საქართველოში?

რა უფრო სწორია, ის, რომ NDI-ს გამოკითხვის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გაუარესდა ან იგივე დარჩა, თუ ის, რომ იმავე გამოკითხვის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა ან იგივე დარჩა? ორივე მონაცემი შეესაბამება NDI -ს კვლევის შედეგების ამ დიაგრამას, რომელსაც პოლარიზებული, პოლიტიკასთან დაკავშირებული, ნაწილობრივ თავისუფალი მედია საქართველოში იმ სახით ინტერპრეტირებს, რა სახის ,,სარედაქციო პოლიტიკასაც” ატარებს.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ ,,გამოკითხულებს პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტად დავით ბაქრაძე მოსწონთ?”, თუ გამოკითხვის შედეგების მიხდევით კითხვაზე ,, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკაში ?” 23%-მა უპასუხა, რომ არ იცოდა, 10 % -მა უარი თქვა პასუხზე, ხოლო დავით ბაქრაძე სულ 15%-მა დაასახელა.

ჰოდა, სარედაქციო პოლიტიკას და სინდისიერებას გააჩნია, თორემ თითო რედაქციაში ერთი ელემენტარული მათემატიკის მცოდნე როგორმე მოიძებნება.

,,სანდოა თუ არა?” - რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ახლაც ისევ ეს კითხვა იყო ყველაზე ხშირად დასმული ქართული მედიის მიერ NDI -ს კვლევებთან დაკავშირებით, რაც ამ კითხვას ლეგიტიმურს უფრო ქართულ მედიასთან დაკავშირებით ხდიდა, ვიდრე კვლევის ავტორთან მიმართებით.

სანდოა თუ არა მედია, რომელიც ციფრებით ჟონგლიორობს? სანდოა თუ არა მედია, რომელიც მუდმივად პოსტფაქტუმ და არა პროცესში აშუქებს კვლევას, რომელზეც იცის, რომ ,,მორიგია”, ,,რეზონანსულია”, ,,განმეორებადია”? სანდოა კი მედია, რომელიც, როგორც შემდგარ დადასტურებულ ფაქტს (წყაროზე მითითების გარეშე), გვეუბნება, რომ ,,კვლევაში 3900 ადამიანი მონაწილეობდა და ის თებერვალ- მარტში ჩატარდა” და არც კი თვლის საჭიროდ მიუთითოს, რომ აღნიშნულს NDI -სვე მონაცემებით აცხადებს.

ენდე, აი
კატეგორია: ბლოგი
ახალი წლის დადგომამდე ნორვეგიულმა გაზეთმა 226 წლის ასაკში მყოფი სანტას გარდაცვალების შესახებ ნეკროლოგი გამოაქვეყნა, რასაც ნორვეგიელების გულისწყრომა და აღშფოთება მოჰყვა. გამოცემამ სინანული გამოხატა მომხდარის გამო. შობისა და ახალი წლის დღეებმა და სანტასგან მიღებულმა საჩუქრებმა მალევე დაავიწყა მკითხველს მომხდარი.

გერმანული მედიის ნაწილი, განსაკუთრებით კი ZDF, დღემდე სინანულით საუბრობს და ბოდიშს იხდის ახალი 2016 წლის ღამეს გერმანიის ქალაქების, უმეტესად კელნის, ქუჩებში ქალებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გაშუქების დაგვიანებისთვის. ZDF-ს დღემდე აძლევენ ინტერვიუს კელნში იმ დღეს დაზარალებული ქალებიც.

იორდანიული გაზეთი ისრაელის მოქალაქეებს ებოდიშება საკუთარ ფურცლებზე გამოქვეყნებული განცხადების გამო, რომელმაც სოციალურ მედიაში მოქალაქეთა აღშფოთება გამოიწვია. გაზეთი ტირაჟს და მნახველებს დაშვებული შეცდომისა და მობოდიშების შემდეგაც არ უჩივის.

რუპერტ მერდოკი კვლავ გავლენიან მედიამაგნატად რჩება იმის მიუხედავად, რომ მისი კორპორაციის კუთვნილ გაზეთს - News of the World- ს მოქალაქეთა სატელეფონო მოსმენა და პირად ცხოვრებაში ჩარევა დაუდასტურდა, ბოდიში და გაზეთზე პასუხისმგებელი პირის გაშვება მისთვისაც კი საკმარისი აღმოჩნდა.

ქართული მედიის პრაქტიკა აჩვენებს, რომ მას ბოდიშის მოხდა ძალიან უჭირს. ბოდიში აქ მედიაშეცდომების თუ მედიადანაშაულის ჩადენისას ძნელად ან საერთოდ არ ითქმის. აქ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალური გადაწყვეტილება დასჭირდა “მოდელირებული ქრონიკის” გამო ბოდიშის მოხდას, რაც "იმედმა" საბოლოოდ მხოლოდ ვებზე წერილობითი განცხადების გამოქვეყნების სახით გამოხატა. ჩანს ეს ძალდატანებითი, თან არც თუ გულწრფელი ბოდიში საზოგადოებამ მიიღო, რადგან მოდელირებული ქრონიკის შემოქმედები კვლავ აქტიურად საქმიანობენ ჟურნალისტებად, ექსპერტებად, მენეჯერებად.

ქართული მედიის უდიდესი ნაწილი არ აღიარებს უბრალო მოქალაქის პირად ცხოვრებაში ჩარევის ხელშეუხებლობას, მას შეუძლია აჩვენოს მომაკვდავი მშობიარე საავადმყოფოში; ,,რუსთაველ მანიაკად” გამოაცხადოს უდანაშაულო ახალგაზრდა და აღარ ინაღვლოს მის შემდგომ ბედზე; სატანისტებად შერაცხოს ბავშვები და საჯიჯგნად მიუგდოს აღშფოთებულ საზოგადოებას; სრულად იდენტიფიცირებადი გახადოს ვირუსმატარებელი (მისი ნების მიუხედავად), მერე რა, თუ ამით მას სუიციდის მცდელობამდე მიიყვანს. ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ინტერესდება მოკლული მეუღლეების პირადი ცხოვრების დეტალებით: ეკრანიდან, ეთერიდან, ფურცლებიდან - ყველგან მეზობლები და ახლობელბი ჭორაობენ - სად, როდის და ვისთან დადიოდა ჯერ არგაციებული მსხვერპლი. აქ უბრალო მოქალაქეს არ აქვს არც პირადი ცხოვრება და არც უდანაშაულობის პრეზუმფცია და ხელზე გაკეთებული ტატუს შინაარსიც კი ამბის მთავარი დეტალია. ქართულმა მედიამ შეძლო ყველაფერ ამის ,,გაშუქება” ისე, რომ არასდროს, არასდროს მოუხდია ბოდიში!

ერთადერთი რაც ქართულ მედიას აღმოაჩნდა, ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მაღალი მგრძნობელობა, თუ საქმე ცნობილ პიროვნებას ეხება. მხოლოდ თითზეჩამოსათვლელი რაოდენობის მედიასაშუალება თუ შეცდა და სავარაუდოდ ფარული თვალთვალის შედეგად გადაღებული ერთ-ერთი ცნობილი პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია ისე გამოაქვეყნა, რომ კადრების მისამართისა და მასზე სავარაუდოდ აღბეჭდილი პირის ირიბი იდენტიფიცირება მოახდინა. მერე მასალა წაშალა და ბოდიშები და რედაქტორთა პასუხისმგბელობაც არ დაივიწყა. თუმცა ეს ბოდიში ძნელად ან საერთოდ არ იქნა მიღებული.

ქართული მედიის უდიდესი ნაწილი დარწმუნებული ჩანს იმაშიც, რომ კადრების ავთენტურობის და დადასტურების შემთხვევაშიც კი, მასზე აღბეჭდილი პირის პირად ცხოვრებას ბოლომდე უნდა გაუფრთხილდეს და მისი იდენტიფიცირება არ მოახდინოს, საკითხზე მსჯელობა შეწყვიტოს, რადგან ჩვენთან ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება ხელშეუვალია და პირადი სივრცე მხოლოდ უბრალო მოქალაქეებს არ გააჩნიათ.

დიახ, ქართული მედია არ ჰგავს წამყვან უცხოურ მედიასაშუალებებს, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხშირად ივიწყებენ, როცა საქმე ცნობილ პიროვნებას დადასტურებულად ეხება და საზოგადოების ინტერესი მაღალია. არ ჰგავს ამერიკულ მედიას, რომელიც ბილ კლინტონთან დაკავშირებულ სექსუალურ სკანდალს მონიკა ლევინსკის ლურჯი კაბის ლაქებამდე ჩაჰყვა. არ ჰგავს ბრიტანულ მედიას, რომელიც ტონი ბლერის სასიყვარულო ისტორიებით დაინტერესდა, არც ზოგადად ევროპულს - სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ შესაძლო სექსუალურ სკანდალებს პუბლიკაციათა სერია რომ მიუძღვნა.

ქართული მედია არაფერს და არავის ჰგავს. ის თვითმყოფადია და თამამად შეუძლია სოლიდარული იყოს ხელისუფლების მიმართ, როცა ეს უკანასკნელი სხვა მედიას გმობს. მედიის ბოდიში სხვა მედიათა მიერ აქ არ მიიღება, აქ მხოლოდ სხვებს გმობენ და არა საკუთარ თავს!
კატეგორია: ბლოგი
ხშირად წარმოვიდგენ - როგორ განვითარდებოდა ისტორიული მოვლენები და ქვეყნების ბედი წინათ, მედიატექნოლოგიები და თავად მედია ისეთივე რომ ყოფილიყო, როგორიც დღესაა.

როცა პირველად გაბრიელე კეპის ისტორიის და მისი წიგნის შესახებ შევიტყვე, სახელწოდებით ,,ჯანდაბა, რად ვიყავი გოგონა” ( ჩემეული თარგმანია, სიზუტეზე ნუ შემომედავებით, ორიგინალში Gabriele Köpp-ის წიგნს "Warum war ich bloss ein Mädchen?"ქვია ) მაშინაც დავფიქრდი, როგორი იქნებოდა 1945 წელს ბერლინში ჩარჩენილი ასობით გერმანელი ქალის ბედი, რომლებიც გააუპატიურეს. ჩავთვალე, რომ მათი ხმა არ იქნებოდა ჩახშული, რომ ისინი თავს მეტად დაცულად იგრძნობდნენ. არც ბერლინელ 15 წლის გაბრიელეს (მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა საბჭოთა ჯარისკაცებმა ის 1945 წელს ერთ დღეში 4-ჯერ გააუპატიურეს) დასჭირდებოდა 65 წელი ამ ტრაგიკული ამბის პირველად მოსაყოლად.

სულ ტყუილად ჩავთვალე...

2016 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის რამდენიმე ქალაქში (უმეტესად კელნში, ტაძართან, ცენტრალურ მოედანზე) ასობით მამაკაცმა ათობით ქალზე იძალადა, მათგან რამდენიმე გააუპატიურეს (დაზარალებულთა რაოდენობამ, ბოლო ცნობებით, 140-ს გადააჭარბა).

ოთხი დღე დასჭირდა დაზარალებულების ხმების გერმანულ და ზოგადად ევროპულ მეინსტრიმ მედიამდე მიწვდენას, მანამდე, ისიც კანტიკუნტად, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება დაზარალებულებმა სოციალური ქსელების მეშვეობით შეძლეს. 6 იანვრამდე მომხდარზე არაფერი თქვა გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ZDF-მა ამის გამო მალევე ბოდიში მოიხადა, განმარტა, რომ თემაზე მეტი ინტერვიუს აღებას და წყაროების დამატებას დაელოდნენ.

ZDF -ის უმოქმედობის შედეგად ლამის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაზე ამიცრუვდა გული. ამან იმაზე მეტადაც კი იმოქმედა, ვიდრე პოლონეთში ახლახან მიღებულმა კანონმა, რომელზეც დღეს ZDF -იც, სხვა ევროპული მედიებივით, კრიტიკულ სიუჟეტებს ამზადებს.

თუმცა ჩემი იმედგაცრუება რა მოსატანია მედიით უკიდურესი უკმაყოფილების განცდასთან,

რასაც გერმანიაში საზოგადოების ნაწილი დღემდე არაერთ მსჯელობასა და დისკუსიაში გამოხატავს. ასე მაგალითად აქ ღიად მსჯელობენ ცენზურაზე ევროპულ მედიაში (რაც კონსტიტუციით, რა გასაკვირია, რომ გერმანიაშიც აკრძალულია). დაზარალებულები და ექსპერტები, რომლებიც მედიებს აკვირდებოდნენ, ჩიოდნენ და სწუხდნენ, რომ მედიას ფაქტობრივად აკრძალული ჰქონდა მიგრანტების დასახელება ძალადობაში ეჭვმიტანილებადაც კი, ამგვარ ეჭვსა და ვარაუდს ხომ დაზარალებულთა უმრავლესობა გამოთქვამდა და გამოთქვამს.

ევროპული, განსაკუთრებით, გერმანული მედია, თითქოს დღემდე ერიდება მომხდარზე მსჯელობას, როგორც დაგეგმილ, ორგანიზებულ ქმედებაზე - საშინელი ფორმის ტერაქტზე, რასაც იმაზე გაცილებით ნაკლები პროტესტით გამოეხმაურა ევროპული საზოგადოება, ვიდრე ტერორისტების შეტევას პარიზზე.

ტერორისტთა მიზანი, ცხადია, მომხდარის იმგვარად გაშუქებაა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა გაიგოს, დაფრთხეს, შეშინდეს. ამ საშინელი ,,საახალწლო ძალადობის” მიზანი კი ამასთან ერთად, სავარაუდოდ, ანტიმიგრანტული განწყობების შექმნაც იყო (მით უფრო იმ ქვეყანაში, რომელმაც 2015 წელს მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტი შეიფარა). ლოგიკურია, რომ ეს ხელისუფლებას უსახავს ამოცანას - არ გავრცელდეს ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას. ინფორმაცია, რომელიც შეასრულებს მოძალადეთა მიზნებს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ იუწყებოდა კელნის პოლიციის 1 იანვრის პრესრელიზი, რომ ახალი წლის ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა.

მაგრამ როგორია ამ პირობებში მედიის ამოცანა?

როგორ მოხდა, რომ გერმანული მეინსტრიმ მედია პრესრელიზს, ანუ ტყუილს დასჯერდა? სიმართლის თქმას - დუმილი არჩია? როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მომხდარზე სხვა ქვეყნის გავლენიან მედიებს რომ არ მოეთხროთ? რამდენ ხანს გასტანდა ეს დუმილი?

როგორი იქნებოდა სოციალური მედიის რეაქცია, google, Twitter და facebook -ი გერმანიის მთავრობის მიმართვას - 24 საათის განმავლობაში ქსელიდან წაეშალათ ყველა ის პოსტი, რომელიც მიგრანტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას უწყობდა ხელს- ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე რომ არ დასთანხმებობდნენ? ამ შეზღუდვის გარეშე რამდენად ექნებოდა მეტი გასაქანი დაზარალებულთა ხმებს სოციალურ ქსელში მაინც?

როგორ შეიძლება გადაეზარდოს მედიას თვითრეგულირება (პრინციპით - ეჭვმიტანილთა ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმის დაუშვებლობა, როცა ეს არსებით გარემოებას არ წარმოადგენს) თვითცენზურაში (შედეგით - ფაქტის არგაშუქება მაშინ, როცა ეჭვმიტანილთა წარმომავლობა დანაშაულის არსებითი ნაწილი შესაძლოა იყოს)?

ეს ის კითხვებია, რომელზეც დროულად უნდა ვიმსჯელოთ, დავფიქრდეთ, რომ გაბრიელე კეპის მსგავსად დაზარალებულებს არ მოუწიოთ თქმა -ჯანდაბა, რად ვიყავი გოგონა?

რომ ჩვენც არ მოგვიწიოს ვთქვათ - ჯანდაბა, რად ვიყავი ჟურნალისტი?
კატეგორია: ბლოგი
სტუდენტობისას მინდოდა თეატრის კრიტიკოსი გავმხდარიყავი, თავს ვზრდიდი კიდეც ამ სფეროში, სტატიებს ვწერდი, გადაცემებს ვაკეთებდი.

მერე მსახიობი შემიყვარდა, მასზე გათხოვილმა, ერთ გამოცემას დავუწერე კრტიკული სტატია, სათაურით ,,თეატრი ბნელში”. არ იყო ცუდი ნაწერი, ფაქტებს და მცოდნე ხალხის აზრებს ეფუძნებოდა.

მოგვინებით გავიგე, რომ თეატრში კედელზე გამოუკრავთ, ხელმძღვანელობას კი პასუხად მხოლოდ ის უთქვამს, რომ გაბრაზებული მსახიობის ცოლის ნაწერი იყო.

პირველად მაშინ დავფიქრდი ინტერესთა კონფლიქტზე (უნივერსიტეტში ჩემ დროს ეთიკას ზედაპირულად გავდიოდით) - იმაზე, იქნებოდა თუ არა ჩემი სტატია ასეთივე, ქმარი ,,განაწყენებული მსახიობი” რომ არ მყოლოდა? თავს ვარწმუნებდი, რომ სტატიაში არაფერი შეიცვლებოდა. მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ თეატრის კრიტიკის მიზნობრივი აუდიტორია ჩემს სტატიებს ყოველთვის წაიკითხავდა, როგორც ,,ცოლის ავტორობით” დაწერილს. მოკლედ, ამ სფეროს შევეშვი.

მას შემდეგ მხოლოდ სოცლიალურ ქსელში წამომცდა ორიოდ სიტყვა ქუთაისის თეატრზე (ძალიან მიყვარს და ვერ ვეშვები) და იქაც კომენტარებში სულ ,,ცოლი” მეძახეს.

ხვდებით ალბათ, რომ ეს ისტორია ეკა მიშველაძის ,,პირველი სტუდიის” ამბებმა გამახსენა. რამდენიმე დღის წინ ეკას კოალიცია ,,მედია ადვოკატირებისთვის” მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა ჯერ 150 კაცის თანდასწრებით, ერთ-ერთ პოლიტიკოსზე ქორწინება მიულოცა, და შემდეგ მაუწყებლის შიდა ქცევის კოდექსიდან ამონარიდი წაუკითხა იმის განსამარტად, თუ რატომ ვეღარ განაგრძობდა ეკა პოლიტიკური ტოკ- შოუს წაყვანას.

ამონარიდი ასეთია: ,,ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა”.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჩემთვის მოულოდნელად, არაერთი განსხვავებული აზრი გაჩნდა. მოგვიანებით ვნახე, რომ ამ თითქოსდა მარტივად გასაგებ აზრს სოციალურ ქსელში მეგობართა ჯგუფიც სხვადასხვაგვარად კითხულობს. უკირკიტებენ უცხოურ პრაქტიკას, ვინ CNN -ს წამყვანს იხსენებს, ვინ BBC -სას.

არა და მეჩვენება, რომ ძალიან მარტივად გასაგები ქართული რეალობა გვაქვს:

- რაც არ უნდა ობიექტური იყოს ეკა, თუ ის განაგრძობს პოლიტიკური თემის გაშუქებას, აუდიტორიის ნაწილი მას მაინც აღიქვამს კონკრეტული პოლიტიკოსის მეუღლედ. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ ნაწილის ტელევიზიაცაა.

- სულელური მიდგომაა - ცოლის მიერ ქმრის წყაროდ არგამოყენება, ეთერში არმოწვევა, რას ცვლის, რას გვაძლევს - გარდა ქმრის დისკრიმინაციისა.

- სულელური და სასაცილოა შეზღუდვის მხოლოდ მეუღლეებზე და ახლო ნათესავებზე გავრცელება. მსგავსი რეგულაციების კონტექსტური წაკითხვა ცხადყოფს, რომ ეს ,,სამსახურებრივ განაწესზე” მეტად თვითრეგულირების მექანიზმია და გულისხმობს, რომ ნებისმიერ პირთან ურთიერთობა (ამაზე ფიქრმა ნათლად შემაგრძობინა facebook -ის სტატუსის ,,In a relationship with” არსი) თუ ის უშვებს ინტერესთა კონფლიქტის ალბათობას და ამასთან, ამ ურთიერთობის გამჟღავნებამ (ჰოი, რომ არაფერი იმალება ამ პატარა ქვეყანაში) შესაძლოა იმოქმედოს აუდიტორიის ნდობაზე მედიის ან ჟურნალისტის მიმართ, უნდა დაგაფიქროს - რა და როგორ აკეთო მომავალში და თავად უნდა მიგაღებინოს გადაწყვეტილება.

- მაწუხებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების თავად მიღების შესაძლებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა მიშველაძეს არ მისცეს. მას საჯაროდ და მისთვის მოულოდნელი ფორმით ,,მიულოცეს გათხოვება”. არადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა წესი და ეთიკა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არ არის, მენეჯერებისთვისაცაა, იმისთვის, რომ მათ ცალკეულ თანამშრომლებთან მიმართებით (გუშინდელ შეხვედრაზე ეკა სხვა თანამშრომლების მსგავს ინტერესთა კონფლიქტზეც მიუთითებდა) არა მხოლოდ ის პუნქტები წაიკითხონ, რომლებიც აწყობთ, არამედ დანარჩენიც. მაგალითად ის, რომ იგივე კოდექსი მენეჯმენტს კარნახობდა საკითხზე თანამშრომელთან ერთად არასაჯაროდ ემსჯელა და გადაწყვეტილებაც ამ მსჯელობის შედეგად ისე დამდგარიყო, რომ საზოგადოებას ვნებათაღელვის გარეშე გადაეტანა ცვლილებები.

და რაც ყველაზე სამწუხაროა, თვითრეგულირების მექანიზმმა, ამ შემთხვევაში, ვერ შეძლო ხსენებული ეთიკური ნორმის მიზნის მიღწევა - დაეზღვია მაუწყებელი აუდიტორიის ნდობის დაკარგვისგან. საზოგადოების ნაწილი ,,ხმაურიანი გაშვების” შესახებ ფიქრობს, რომ ეკა ,,ოპოზიციონერზე” გათხოვების გამო მოხსნეს გადაცემიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ ნაწილის ტელევიზიაცაა.
კატეგორია: ბლოგი
სტენლი ფორმანის ფოტომ, რომლის გამოქვეყნების გადაწყვეტილება, თანაც პირველ გვერდზე, არაერთი გაზეთის, მათ შორის Associated Press –ის რედაქტორმა მიიღო, ათასობით მკითხველისა და მედიაკრიტიკოსის აღშფოთება გამოიწვია. ფოტო ბოსტონში 1975 წლის 22 ივლისს მომხდარი ხანძრის დროსაა გადაღებული და ასახავს, როგორ ჩამოენგრა სახანძრო კიბე ახალგაზრდა, 19 წლის დედას და მის 2 წლის ბავშვს. შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, ბავშვი კი გადარჩა.

მოგვიანებით რედაქტორები იხსენებდნენ, რომ ამ ფოტოსა და მასზე ასახული მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნების გამო მკითხველებმა გამოცემები გააკრიტიკეს და უკმაყოფილება გამოხატეს, ისინი მათ ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

გარდა კრიტიკისა, ფოტომ სტენლი ფორმანს პულიცერის პრემია მოუტანა, ბოსტონსა და მთლიანად შტატებს კი სახანძო უსაფრთხოების წესების შეცვლა - გაუმჯობესება.

2007 წლის 1 აგვისტოს მინესოტაში, პიკის საათში, მოულოდნელად ჩაინგრა ხიდი, რომელზეც ასობით ავტომობილი გადაადგილდებოდა. მინესოტას ხიდის კოლაფსს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 150-მდე კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დღის განმავლობაში თემა ადგილობრივი მედიის ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩებოდა, მოგვიანებით, ცხადია, მას სხვა უფრო აქტუალური თემები ჩაენაცვლა.

თუმცა StarTribune –მა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და მინესოტას ხიდის ნგრევას სპეციალური ონლაინპროექტი - ,,აგვისტოს 13 წამი” მიუძღვნა. ეს არის მინესოტას ხიდის ნგრევის მსხვერპლთა ერთგვარი ონლაინმემორიალი. რამდენიმეწამიან მულტიმედიას, რომელშიც 911-ში განხორციელებული ზარები და მსხვერპლთა ხმები ისმის, მოსდევს ინფოგრაფიკა, ვირტუალური რუკა, რომელზეც კატასტორფაში მოხვედრილი ყველა მანქანაა დატანილი, მგზავრთა დეტალური, მათ შორის პირადი ცხოვრების ისტორიებით.

ეს ონლაინმემორიალი დღემდე არ აძლევს საშუალებას მინესოტას შტატს, დავიწყებას მიეცეს 2007 წლის ტრაგედია, როცა ხიდის მშენებლობისას დაშვებულმა შეცდომებმა კატასტროფა გამოიწვია. ახალი ხიდი ძველის ადგილას შტატში ერთ წელიწადში ააგეს, მეტი დაკვირვებით, ყველა დეტალის გათვლისა და დაზუსტების შემდეგ.

თვეზე მეტი გავიდა, რაც ქობულეთში სასტუმრო არმაზში გაჩენილ ხანძარს საშინელი მსხვერპლი მოჰყვა. ორი კვირაა, რაც თბილისის სტიქიის შედეგებს, წართმეულ სიცოცხლეებს ვითვლით. ამ ორ ტრაგედიაზე ფიქრს გასდევს კადრები: სამი ულამაზესი 10-11 წლის ბიჭი; მგლოვიარე, მიწაზე გართხმული დედა: კადრი, რომელიც არ გვინახავს, მაგრამ ვნახეთ - აბაზანაში ჩახუტებული, მიწას გართხმული უსუსური პატარები; თმაგაშლილი მდინარესგაყოლილი გოგონები; სტიქიასთან შეჭიდებული ვაჟკაცი ბიჭები; ბაბუა -შვილიშვილებს წყალწაღებული სახლის ფანჯრიდან უიმედო ნათებით რომ ემშვიდობება; ნანგრევებში შვილის მძებნელი მამაო; ყელდაკარგული ყელსაბამი; ხელდაკარგული საათი; გვესმის ვეფხვთან მებრძოლი კაცის ბღავილი, ვკითხულობთ შეყვარებულის ბოლო წერილს.

ის, რომ ჩვენ ვნახეთ ეს კადრები, ვიცით დეტალების დეტალები, მართლაც არის მედიასტანდარტიდან გადახვევა, მაგრამ ეს იქნებ საჭირო გადახვევაა.

რადგან ჩვენ ვართ მშობლები, რომლებიც შვილებს ვასვენებთ მკვლელ სასტუმროებში, რომლებიც თავად ვაშენებთ მკვლელ სახლებს, მკვლელ გზებს, მკვლელ გვირაბებს, დავდივართ მკლელი მანქანებით, ვჭამთ და ვაჭმევთ მკვლელ საჭმელს, სიკვდილით ვკვებავთ ჰაერს და ამ მკვლელ ჰაერს უხვადვე ვსუნთქავთ, ჩვენ თავდაუზოგავად ვითხოვთ ავარიული მიშენებებისა თუ დაშენებების დაკანონებას, ვითხოვთ ტექდათვალიერების, სამშენებლო თუ საკვები პროდუქტების სტანდარტიზების უვადოდ გადავადებას, ვითხოვთ ხეების ჭრის, ტყის კაფვის შეზღუდვის გაუქმებას და მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება (თავსმოხვეულს რომ ვუწოდებთ) გვკარნახობს უსაფრთოხებაზე ზრუნვას.

იქნებ ჩვენ, დიახაც, გვჭირდება მეტი კადრი და დეტალი მგრძნობელობის გასაძლიერებლად.

იქნებ ყველა დედამ, დამ, ძმამ, ბიძამ, შეყვარებულმა, ნათესავმა, მეზობელმა, მეგობარმა, კლასელმა, შვილმა და მამამ საკუთარ თავზე ცხადად უნდა წარმოიდგინოს ის ტკივილი, რომელსაც რეზის, დათოს , თორნიკეს, ივლიტას, მარიამის, ინდირას, ლიზას და სხვა დაღუპულების ახლობლები გრძნობენ.

აკი, უკვე დავიწყეთ სასტუმროების შემოწმება. ზოგან უკვე დავამონტაჟეთ სახანძრო სიგნალიზაცია. მანქანებში ჩავიწყვეთ ცეცხლმქრობი, თოკი, გასაბერი ჟილეტები და პირველადი დახმარების ნივთები. დავდგით წყლის დონის მატების წინასწარი შეტყობინების აპარატები და ვმსჯელობთ სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე. ყველაფერი ეს დაღუპულთა, მათი ლამაზი სახეებისა და პირადი ცხოვრების დეტალების ცოდნის დამსახურებაცაა. ისინი არც შეიძლებოდა ფუჭად დაღუპულიყვნენ.

ჟურნალისტიკა არ არის ზუსტი მეცნიერება, სადაც მზა ფორმულები სწორ პასუხებს მოგცემენ. აქ წესები ზოგჯერ უნდა დაირღვეს, რომ წესების დაცვას მიაღწიო.
კატეგორია: ბლოგი
თავიდან გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, რომ მედიის როლსა და სტანდარტებზე მსჯელობის დრო (მაშინ, როცა დაყადაღება-დახურვა- გაშვებებზე გვიწევს საუბარი) არ არის. მაგრამ როცა რამდენიმე დისკუსიას მოვუსმინე, სადაც ჩემი მომავალი თუ მოქმედი კოლეგები ,,ლიდერი ტელეარხის” მედიამიდგომებზე ახლახან გაგონილის ინტერპრეტირებას აკეთებდნენ, მივხვდი, რომ ამაზე სწორედ ახლაა სალაპარაკო, მერე გვიან იქნება.

სტუდენტობა ახლად დაშლილ საბჭოთა კავშირში მომიწია. ეს ის პერიოდი იყო, როცა ახალი ჟურნალისტიკის სწავლას ძველი წიგნებით ვცდილობდით. მეც მომიხდა გადამეშალა ,,დიდი საბჭოთა ენციკლოპედია”.

,,ჟურნალისტიკა ... აყალიბებს მასების შეგნებას და აძლევს მათ სწორ სოციალურ ორიენტაციას. მაღალიდეურობა საბჭოური ჟურნალისტიკის განუყოფელი თვისებაა. სინამდვილის ობიექტური ჩვენება ძალუძს მხოლოდ კომუნისტური პარტიულობის დამცველ ჟურნალისტს”, - წავიკითხე იქ.

ეს ის პერიოდი იყო, როცა გაუნათლებლობისა და უწიგნურობის წინააღმდეგ მედიის განვითარებისთვის მოქმედი საერთაშორისო-დასავლური ორგანიზაციები დაირაზმნენ - მათ მიერვე ორგანიზებული ტრენინგ-კურსებით. პირველად სწორედ ამგვარ შეხვედრებზე მოვისმინე ,,მედიის, როგორც საზოგადოების მოდარაჯე ძაღლის” თეორია; მოვისმინე ისტორიები - პარტიული მიდგომებისა და იდეოლოგიების გადამოწმების; ისტორიები - მამაცი ჟურნალისტების მიერ ე.წ. ,,სახელმწიფო ინტერესების საზიანო” სიმართლის თქმის; ჩახშობილი ხმების მოძიების და გაჟღერების; განსხვავებულის ჩვენების; ჟურნალისტების წინასწარი განწყობების თვითძლევის - სიმართლის სასარგებლოდ. ისტორიები იმაზე, რომ სიმართლის ერთგულებაა ჟურნალისტიკის მთავარი ღირებულებაც და იდეოლოგიაც, რაც ყველა სხვა იდეოლოგიაზე მაღლა დგას.

ახლა სოციალურ კლიპებში, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხით ვრცელდება, ხშირად ისმის კითხვა, სხვადასხვაგვარი საინტერესო პასუხით, თუ ,,რატომ ვირჩევთ ევროპას?” მეც მაქვს ჩემი პასუხი - ჩემი ცნობიერი ევროპული არჩევანი სწორედ ზემოთმოთხრობილი დასავლური მედიის მახასიათებლებითაა განპირობებული, ჩრდილოური, საბჭოთა თეორიის საწინააღმდეგოდ. მეგონა, რომ ეს არჩევანი ქართული მედიის უმეტეს ნაწილს ჩემთან ერთად ჰქონდა გაკეთებული.

სწორედ ევროპულ, დასავლურ არჩევანზე მოვისმინე ამ დღეებში ხმამაღალი განაცხადი ყველაზე რეიტინგული არხის გენერალური დირექტორისა და მასთან ერთად საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელის მხრიდანაც. მათ გვითხრეს, რომ მათთვის, როგორც კონკრეტული იდეის მხარდამჭერებისთვის, მიკერძოებაც დასაშვებია და რომ ეს იდეა - დასავლური ინტეგრაციაა, ევრაზიული არჩევნის საპირისპიროდ.

,,რუსთავი 2“ - ეს არის პროფესიონალების ერთიანობა, სადაც ადამიანები შეკრებილნი არიან გარკვეული ღირებულებებისა და იდეალების გარშემო. და იდეალებიდან ერთ-ერთი მთავარი არის ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. და თუ ჩვენ ამ ღირებულებებში და ამ იდეალებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გადავიკვეთებით, დიდი სიამოვნებით “ - ასე ახსნა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არხის მხარედ ყოფნაც და მიკერძოებაც.

მომეჩვენა, რომ მან კიდევ ერთხელ გადამიშალა ,,დიდი საბჭოთა ენციკლოპედია” და ხმამაღლა, ლევიტანურად წამიკითხა: ,,რუსთავი 2 აყალიბებს მასების შეგნებას და აძლევს მათ სწორ სოციალურ ორიენტაციას. მაღალიდეურობა ჩვენი ჟურნალისტიკის განუყოფელი თვისებაა. სინამდვილის ობიექტური ჩვენება ძალუძს მხოლოდ ამ მიდგომებით პარტიულობის დამცველ ჟურნალისტს”.

თავიდან ამაზე გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, რომ მედიის როლსა და სტანდარტებზე მსჯელობის დრო (მაშინ როცა დაყადაღება-დახურვა- გაშვებებზე გვიწევს საუბარი) არ არის. მაგრამ როცა რამდენიმე დისკუსიას მოვუსმინე, სადაც რუსთავი 2-ის მხარედ ყოფნის შესახებ ზაალ უდუმაშვილისა და ნიკა გვარამიას განმარტებებს განიხილავდნენ, როგორც გულწრფელობის მაგალითს, დავრწმუნდი, რომ ახლაა დრო ითქვას - ჟურნალისტიკის როლის ამგვარი გაგებაა სწორედ ევრაზიული არჩევანი.

აქ ერთი ჩემი კოლეგის სწორად და დროულად დასმულ კითხვას უნდა დავესესხო: ,,მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ?”
კატეგორია: ბლოგი
,,როცა სხვის ტყუილს ვიმეორებ, მატყუარა ვარ?” - კარგა ხნის წინ მკითხა უფროსმა შვილმა. მახსოვს, მაშინ ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ვერაფრით დავარწმუნე, რომ სხვისი ტყუილის გამავრცელებელიც ჩვეულებრივი მატყუარაა - ,,სხვამ თუ თქვა და მე მხოლოდ გავიმეორე, რა შუაში ვარ?!” - იყო მისი პასუხი.

ეს ამბავი ხშირად მახსენდება, როცა მედიაპროდუქციის ერთ ნაწილზე ვფიქრობ. მედიაც სწორედ ასე, პატარა ბავშვივით, იქცევა ხოლმე, როცა სხვისი სიცრუის ტირაჟირებისას მიიჩნევს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის.

საკუთარ მასალებში რედაქციები, ასე თუ ისე, ცდილობენ ე.წ. მეორე მხარის ჩაწერით სხვის მიერ თქმული სიცრუის ,,დაბალანსებას” და ხშირად ახერხებენ კიდეც. ოღონდ, ხანდახან ამით ორი სხვადასხვა ტყუილის ტირაჟირება გამოდის. თუმცა, ეს ბლოგი ამგვარ მედიაპროდუქტზე არ არის.

ბლოგი რეკლამაზეა, რომელიც თუ სიცრუეზეა აგებული, ზოგჯერ უფრო ვნებს აუდიტორიას, ვიდრე რედაქციის მიერ მომზადებული პროდუქცია, რომელშიც სხვის მიერ ნათქვამი ტყუილიც ტირაჟირდება ხოლმე.

ახლაც ეკრანის წინ ვზივარ და ვუყურებ, როგორ აქტიურად ათავსებენ მაუწყებლები სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ ციფრული მაუწყებლობის შესახებ მომზადებულ სარეკლამო რგოლებს, რომლებსაც მთავარ შეტყობინებად გასდევს - ,,სპეციალურად ციფრული მაუწყებლობისთვის!”.

და სწორედ ასე ,,სპეციალურად ციფრული მაუწყებლობისთვის” მაყურებელს ატყუებენ, რომ მათი სახლის ტელევიზორები უკვე გამოუსადეგარია, რომ მხოლოდ ახლის შეძენა თუ უშველით, რომ მალე ქართულ არხებს უფასოდ და თავისუფლად ვეღარ უყურებენ.

ეს მაგალითი მარტო იმიტომ არ მომყავს, რომ განსაკუთრებით მაწუხებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თემა. ესეცაა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ, ეს ის შემთხვევაა, როცა მაუწყებლებმა ზუსტად იციან, არასათანადო რეკლამასთან რომ აქვთ საქმე. იციან, რომ ციფრულზე გადასვლის შემდეგ იმაზე მეტი ქართული არხი გავრცელდება მაყურებლისთვის უფასოდ, ვიდრე დღეს ვრცელდება და რომ ძველი ტელევიზორებიც კი, მცირედი ტექნიკური დახმარებით (დამატებითი მოწყობილობის, ე.წ. ,,სეთ-თოფ ბოქსის” საშუალებით) უფასოდ მიიღებენ მეტი რაოდენობის და უკეთესი ხარისხის სიხშირულ არხებს.

მაუწყებლებმა ისიც იციან, რომ ციფრულზე გადასვლასთან დაკავშირებული ცრუ მითები არა მხოლოდ მომხმარებელს დააზარალებს, არამედ თავად მათაც, რადგან სიხშირული მაუწყებლობა მათი დიდი ნაწილის პრიორიტეტია. თუმცა ესეც არ კარნახობთ, უარი თქვან ცრუ რეკლამის განთავსებაზე.

ნაწილისგან მომისმენია ამგვარი გადაწყვეტილების განმარტებაც, რაც ძალიან ჰგავს ჩემი შვილის იმ პასუხს, თავში რომ დავწერე: ,,რეკლამის შინაარსზე არა მაუწყებელი, არამედ დამკვეთი აგებს პასუხს” ,,რეკლამის დამკვეთისთვის განთავსებაზე უარის თქმის უფლება მაუწყებელს არ აქვს”.

არადა, რეალურად ყველაფერი პირიქითაა, მაუწყებელს ეკრძალება ,,არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება”. ხოლო კანონის პუნქტი, რომელიც საუბრობს, რომ რეკლამის შინაარსზე პასუხს დამკვეთი აგებს, მხოლოდ სოციალური და პოლიტიკური შინაარსის რეკლამაზე ვრცელდება და არა კომერციულზე.

არ მახსენდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან რომელიმე მაუწყებლის სანქცირება არასათანადო რეკლამის განთავსების გამო. კიდევ კარგი, თორემ კომისიამ ამ თემის მუდმივი მონიტორინგი და ადმინისტრირება რომ დაიწყოს, დახურვამდე მისული, დაზარალებული მაუწყებლების რიგი დაგვიდგება.

მოკლედ, სისტემა ისეთია, რომ ტყუილზე აგებული რეკლამის მავნებლობისგან ყველაზე ნაკლებად დაცულია აუდიტორია, შემდეგ თავად მედია. ყველაზე დაცული და შესაბამისად მოგებული კი - მატყუარაა.

P.S. წარმოვიდგინე მედია, რომლის სარეკლამო ბლოკს პრაქტიკით დადასტურებულ სლოგანად გასდევს: ,,აქ რეკლამაც გადამოწმებულია!”