ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
9 აგვისტოს TV პირველის „რვიანის“ თემა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი იყო. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრის, სანდრო ბრეგაძის მიერ, გადაცემის განმავლობაში, არაერთხელ გაკეთდა ჰომოფობიური განცხადებები, წამყვანი არ შეწინააღმდეგებია რესპონდენტის ნათქვამს, არ დაუსვამს დამაზუსტებელი შეკითხვები. შესაბამისად, ტელეეთერი სიძულვილის ენის ტრიბუნად იქნა გამოყენებული.

გადაცემის მსვლელობისას სტუმარი ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდა:

„მთელი სალიბერასტეთი, სოროსის ფონდი და გიგა ბოკერია რატომ აღსდგა ამის წინააღმდეგ?“

„არ შევარჩენთ ამ კაცს ამას, მას არ შერჩება პრეზიდენტის სავარძელი. ჯერ ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნოს, ორი რესპუბლიკელი რომ ყავს მარჯვნიდან და მარცხნიდან დოლიძე და კოჟორიძე, დააწერინოს წერილი და იმ ფურცელს, რომელსაც გამოგვიგზავნიან ეს ჰომოსექსუალების დამცველები უკან გავუგზავნით და შევაჭმევინებთ“

„ქართველი კაცი ვერ შეეგუება, რომ მამაკაცს ერქვას ცოლი“.

სტუმრის ჰომოფობიურ განცხადებებს არ მოჰყოლია ადეკვატური რეაქცია წამყვანის მხრიდან. თუმცა მოგვიანებით, როდესაც ბრეგაძემ პრეზიდენტს მანქურთი, მასხარა, იუდა ისკარიოტელი უწოდა, ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერშივე მოუწოდა მას კორექტულობისკენ.

როგორ უნდა მოიქცეს წამყვანი, როდესაც პირდაპირ ეთერში სტუმარი სიძულვილის ენას იყენებს? პროფესიული სტანდარტების მიხედვით, წამყვანი უნდა გაემიჯნოს რესპონდენტის ნათქვამს, დააფიქსიროს, რომ ეს არ არის მისი და არხის პოზიცია და შეეცადოს განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

ცხადია, პირდაპირი ეთერის დროს, მითუფრო მაშინ როცა გადაცემა დებატების ფორმატისაა, წამყვანისთვის მარტივი არ არის სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტს ჰქონდეს წინასწარი მზაობა და წინასწარვე იფიქროს, რომ თემისა და სტუმრის გათვალისწინებით, შესაძლოა მისი ეთერი სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის იქნას გამოყენებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როცა თემა ქორწინების შესახებ რეფერენდუმია, ხოლო სტუმარი სანდრო ბრეგაძე, რეფერენდუმის ჩატარების მომხრე, რომელიც ზოგადად, ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე, წამყვანს წინასწარვე უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ რესპონდენტი სიძულვილის ენას მის გადაცემაშიც გამოიყენებდა.
კატეგორია - ეთიკა
“რატომ სცემა ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე?” - ამ სათაურით Reportiori.ge-მ სტატია 8 აგვისტოს „პოლიტიკის“ განყოფილებაში გამოაქვეყნა. სტატიაში ვხვდებით ფოტომანიპულაციას, რომელიც გადაუმოწმებელი ინფორმაციის გასამყარებლად არის გამოყენებული.

ინფორმაცია საიდუმლო წყაროზე დაყრდნობითაა გავრცელებული, საკითხი ჟურნალისტს ამბის შესაძლო მონაწილეებთან არ გადაუმოწმებია. მასალას თან ერთვის ფოტო, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრ მიხეილ მაჭავარიანს თვალი აქვს „ჩალურჯებული“. გამოუცდელი თვალისთვისაც მარტივი შესამჩნევია, რომ ეს ფოტომონტაჟია.

ფოტომონტაჟს ბევრი მედიასაშუალება მიმართავს, თუმცა მისი გამოყენება ისე, რომ შეიცვალოს ფოტოს შინაარსი, მიზანშეწონილი არ არის. ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, მედია მოვლენებს მაქსიმალური სიზუსტით უნდა გადმოსცემდეს. ფოტომანიპულაციები კი სიზუსტის პრინციპს არღვევს.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” შინაგანაწესის მიხედვით, ფოტოები და ისტორიები უნდა ასახავდეს რეალობას. რაც შეეხება სამონტაჟო პროგრამებს, ისინი იყენებენ “ფოტოშოპს”, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. “როიტერსი” ცვლის ფოტოების ფორმატს, ზომას და ფერების ბალანსს. თუმცა გამოცემა არ ამატებს, ან არ აკლებს ფოტოს ელემენტებს, არ ცვლის მას ისე, რომ შეიცვალოს შინაარსი და კონტექსტი.
კატეგორია - ეთიკა
7 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში - “მოამბე” გავიდა სიუჟეტი - “რატევანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს”.

წამყვანი აცხადებს, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში, ღამით „დაუდგენელი არსება დადის და უცნაურ ხმებს გამოსცემს“. სიუჟეტში ჩაწერილია სასულიერო პირი, რომელიც რატევანში მცხოვრებ მოსახლეობას ეშმაკისგან დაცვის რეკომენდაციას აძლევს.

სიუჟეტში გამოყენებულია “უცნაური არსების” ხმის აუდიოჩანაწერი, რომელიც, სიუჟეტის ავტორის თქმით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი მობილური ტელეფონით ჩაიწერა. ჟურნალისტი განმარტავს, რომ მოსახლეობის აზრით, ღამით მათ სოფელში კუმისიდან და კოდადან წამოსული უჩინარი არსება დადის და ხმაც სწორედ მას ეკუთვნის. “ნამდვილად ეშმაკი! არ გეჩვენება, სახე არ დამინახავს, ხმა არ ამოუღია, ჩემმა დაკივლებამ ის უკვე დააბრუნა და წავიდა. გაქრა,” - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.



მეორე რესპონდენტი კი აცხადებს, რომ შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მაღალი ქმნილება, რომელსაც მანათობელი თვალები აქვს და უცნაურ ხმებს გამოსცემს, რამდენიმე დღის წინ საკუთარ ეზოში ნახა. გოგონა ამბობს, რომ უცნობი მის ეზოში გაუნძრევლად იდგა. მას შემდეგ, რაც მან შიშისგან დაიყვირა, უცნობი უკვალოდ გაქრა.

მოსახლეობის დასამშვიდებლად, სოფელში სიონის დედათა მონასტრის წინამძღვარი ჩავიდა, ლიტანიობა მოაწყო და ეშმაკისგან თავდაცვის მიზნით მოსახლეობას სპეციალური რეკომენდაციაც მისცა: “შიდა პერიმეტრზე საკმეველი შემოატარონ, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლს 90-ე ფსალმუნის თქმით, რამდენჯერაც ეს დასჭირდება. შესძახონ მრისხანებით ბოლოს, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, განვედ ჩვენგან, ამინ და ჯვარი გარდაისახონ”.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსით ( მუხლი 14), მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. 55-ე მუხლის თანახმად კი, „ეგზორციზმის, ოკულტიზმის, პარანორმალური მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება უნდა მოხდეს ჯეროვანი ობიექტურობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროგრამა აშკარად გასართობი ხასიათისაა“.
კატეგორია - ეთიკა
„მაესტროს ფაქტორი“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუა, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კვირაში 5-ჯერ, ყოველ სამუშაო დღეს გადის. ნაკლებად კრიტიკული კითხვები სტუმრების მიმართ და ნატოსა და დასავლეთის მიმართ სკეპტიკური განწყობა - ეს არის ის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ამ გადაცემის ყურებისას დაგამახსოვრდეთ.

გადაცემის წამყვანები არიან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი, ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი და ასევე ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე. მათ გადაცემა კვირის დღეებში მორიგეობით მიჰყავთ, პარასკევს კი, შემაჯამებელ „ფაქტორს“ ერთობლივად უძღვებიან.

გადაცემა ხშირად ეხება მიმდინარე, აქტუალურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ-საკითხებს. წამყვანები არ გამოირჩევიან სტუმრების მიმართ დასმული კრიტიკული კითხვებით, არ უწევენ მათ ოპონირებას და შესაბამისად, სტუმრებსაც, ძირითადად, მონოლოგის რეჟიმში უწევთ საუბარი.

მაგალითად, 21 ივლისის "მაესტროს ფაქტორის" ერთ-ერთი სტუმარი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იყო. წამყვანს მისთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები თუნდაც მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. კითხვების ფორმულირება საშუალებას აძლევდა სტუმარს ესაუბრა იმაზე, რაც თავად სურდა და იმდენ ხანს, რამდენიც სურდა. მაგალითად, ჟურნალისტის კითხვები შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:

„ამომრჩეველს რამდენად აქვს დღეს ანალიზის უნარი, რომ გადალახოს ეს სტერეოტიპები და რაც არის ეს ნაკადი, ზღვა ბრალდებების“.

„მე მინდა გაიხსენოთ ის პერიოდი, რა არჩევანის წინაშე იდექით, როცა მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდებოდით?“

24 ივნისის "მაესტროს ფაქტორში" სტუმარად პარლამენტარი თამაზ მეჭიაური დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასა და ევროკავშირის მომავალზე სასაუბროდ იყო მოწვეული. მართალია, გადაცემაში კიდევ ორი სტუმარი ჰყავდათ, რომლებიც საკითხს არ განიხილავდნენ ევროსკეპტიციზმის ჭრილში, თუმცა, ისინი გადაცემის სხვა ბლოკში იყვნენ, მეჭიაურს კი ოპონენტი არ ჰყოლია. ჟურნალისტმა თამაზ მეჭიაურს მისცა შესაძლებლობა, უაპელაციოდ, დაუსაბუთებლად გაევრცელებინა მცდარი, ანტიევროპული განცხადებები. მაგალითად, რესპონდენტმა თქვა: „მიგრანტების რაოდენობა გადააჭარბებს ევროპელთა რაოდენობას და უმრავლესობაში ისინი იქნებიან და არა – ევროპელები“; „ადგილობრივი მოსახლეობა შევიწროებულია“; „შეიმჩნევა ემიგრანტების სიჭარბე“ და ა.შ.

ჟურნალისტს არ უცდია, დეპუტატისგან მოეთხოვა მოსაზრების უფრო მეტი დასაბუთება და არც გაზვიადებული ცნობის შესწორება. სინამდვილეში, ალბათობა იმისა, რომ მიგრანტთა რაოდენობამ ევროპის მაცხოვრებელთა რაოდენობას გადააჭარბოს, ან თუნდაც გაუტოლდეს, არარეალურია.

2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა თავშესაფარი სულ 292 ათას მიგრანტს მისცეს, ევროპის მაცხოვრებელთა რაოდენობა კი 500 მილიონს აჭარბებს. რაც შეეხება საშუალოსტატისტიკურ მონაცემებს, ევროკავშირში 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ 260 თავშესაფრის მაძიებელი მოდის.

ნაცვლად იმისა, რომ წამყვანს ოპონირება გაეწია სტუმრის ანტიდასავლური, ევროსკეპტიკური გამონათქვამებისთვის, თავისი კითხვებით საშუალება მისცა, გაეგრძელებინა მსგავსი საუბარი „ევროკავშირში ყოფნა რას ნიშნავს – დაკარგვას ტრადიციების, თვითმყოფადობის და ისტორიის?“ „რომელი ფასეულობაა, რომელიც შეიძლება არ იყოს თავსებადი ევროკავშირთან?“

8 ივლისის კი „მაესტროს ფაქტორის“ თემა იყო ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები. გადაცემის სტუმრები იყვნენ პარლამენტარი ირაკლი სესიაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი. ჟურნალისტის კითხვები ამჯერადაც ნატოს მიმართ სკეპტიციზმით იყო გაჯერებული:

„კომუნიკეში არის აღიარება ჩვენი პროგრესის, ასევე მოლოდინი, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალდემოკრატიულ ხარისხში, მაგრამ არაფერი ახალი და ხელშესახები თავად ნატოში ინტეგრაციისა და გაწევრიანების თაობაზე. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას?“

„ეს ადრეც ითქვა, რომ გაგვაჩნია ყველა ინსტრუმენტი, ფართოვდება თანამშრომლობა, მაგრამ წევრობაზე არ არის ლაპარაკი“.

„როგორ იქნება საქართველო უფრო მეტად დაცული, თუკი არ არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და წევრობაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი?“

„მხარდაჭერა 2008 წელს გვქონდა, მაგრამ ამან ხომ ომისგან ვერ დაგვიცვა“.

13 მაისის გადაცემაში, რომელიც საქართველო-ნატოს ერთობლივ სწავლებებს, ღირსეული პარტნიორი 2016-ს ეხება, წამყვანი გადაცემას შემდეგი ტექსტით იწყებს: „ქართულ ამერიკული წვრთნები, რომელმაც ქვეყნის საგარეო ვექტორზე, ევრო–ატლანტიკურ პერსპექტივაზე და რუსული აგრესიის პროვოცირებაზე ქვეყანაში დიდი დებატები გახსნა. რა საფრთხეს შეიცავს ღირსეული პარტნიორი 2016?“.

„ვისი ღირსეული პარტნიორია საქართველო და რას იღებს პარტნიორობის და ღირსების სანაცვლოდ?“

გადაცემის შესავალშივე, აქცენტი გაკეთებულია საქართველო-ნატოს დაახლოებით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე, გარდა ამისა, ორაზროვანია ტიტრი, რომელიც გადაცემას გასდევს: „ამერიკული ტანკები საქართველოში“.

მაესტროს ფაქტორის იშვიათად, გამონაკლისის სახით, მაყურებელს ინტერაქტივსაც სთავაზობს, თუმცა, ამ იშვიათ შემთხვევებსაც გადაცემა გარკვეულო მანიპულაციისთვის იყენებს.

მაგალითად, 2015 წლის 26 ნოემბრის „მაესტროს ფაქტორის“ კითხვა იყი „ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, რუსეთის, თურქეთის თუ ნეიტრალური?“. ინტერაქტივის შეკითხვა და მთელი გადაცემაც სწორედ ამ „დილემის“ მიმოხილვას მიეძღვნა. თურქოფობიის ტირაჟირება, ისტორიული მოვლენების ცალმხრივი შეფასებები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პარალელები - ეს იყო ის ძირითადი პრობლემები, რაც 26 ნოემბრის „მაესტროს ფაქტორში“ გამოიკვეთა.

მაესტროს ფაქტორის” ინტერაქტივმა 2016 წლის 12 იანვარსაც მიიქცია ყურადღება, გადაცემის ბოლოს დათვლილი მონაცემებით, 5700-მდე მაყურებლიდან 97%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, “მიმდინარეობს თუ არა ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია”.

მთელი გადაცემის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო მიზანმიმართულ კამპანიად შეფასებულიყო იმ ადამიანთა ქმედებები, რომლებიც ინტერესდებიან, რომელმა უწყებამ საზოგადოების საჯარო ფინანსების რა ნაწილი დახარჯა პატრიარქის იუბილეს აღსანიშნავად; რატომ ფინანსდება საპატრიარქო ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით და ნამდვილად იხარჯება ეს ფინანსური რესურსი, ისე როგორც ამას ძნელად ხელმისაწვდომი, ისედაც მწირი დოკუმენტები ითვალისწინებს?

რაც მაესტროს ფაქტორის არაერთი გადაცემის დაკვირვებისას გამოიკვეთა, ეს არის კრიტიკული, მწვავე კითხვების ნაკლებობა, სტუმრებისთვის შესაძლებლობების მიცემა, გაავრცელონ დაუსაბუთებელი, მცდარი მოსაზრებები და ასევე, მანიპულაცია ინტერაქტივის კითხვებით. მაშინ, როცა რესპოდენტს გადაცემაში ოპონენტი არ ჰყავს, ჟურნალისტის მოვალეობაა, თავად გაუწიოს მას ოპონირება მწვავე კითხვებით, რათა მაყურებელმა მიიღოს ამომწურავი, ყოველმხრივი ინფორმაცია. ხოლო ინტერაქტივის საშუალებით არ უნდა ხდებოდეს მანიპულირება და მაყურებლის ისეთი მცდარი არჩევანის წინაშე დაყენება, რაც რეალურად არ არსებობს.
კატეგორია - ეთიკა
“წყალს შემოგთავაზებთ, ეს ნამდვილად ვიცი, რომ სუფთაა და თან სასარგებლო “.

“ბახმაროს წყალი მიირთვით. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავისთვის. ოჰ, მსხვილ ნაწლავს როგორ უხდება თან, ხო ვიცით ჩვენ!”

“რა თქმა უნდა ბახმაროს წყალი. თან ზაფხულია, მაგრად ცხელა. შეველის, ყველაფერს უხდება” - 4 ცნობილი ექიმი, რომლიც ამ ბოლო დროს მუდმივად “ბახმაროთი” და “ნაბეღლავით” გაწყობილ მაგიდასთან ზის, გადაცემის სტუმრებს წყალს თითქმის ყველა გადაცემაში სთავაზობს.

გარდა ამისა, გადაცემების მსვლელობისას, წამყვანები თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან “ მეგობარ კომპანიას” - “ჰუმანითი ჯორჯიას”. ამ დროს კი კადრში კომპანიის ლოგო და პრეპარატი “ჰეფი ბელი -ფლორა” ჩანს.

მაუწყებლობის და რეკლამის შესახებ კანონებში ტერმინი - “მეგობარი კომპანია” არსად გვხვდება.

სავარაუდოდ, “ჰუმანითი ჯორჯია” გადაცემა “ექიმების” სპონსორია, თუმცა ამის შესახებ არც პროგრამის დასაწყისში და არც დასასრულს მითითება არ არის.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში სპონსორზე ნათლად მიეთითება მისი სახელის, სასაქონლე ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, პროდუქტის ეთერში განთავსება გადაცემებში დაშვებულია, თუმცა, კანონი მკაცრად განსაზღვრავს განთავსების წესებს. კანონის 69-ე მუხლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ “ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას” , პროდუქტს გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეს და რეკლამირება გადაცემის შინაარსზე გავლენას არ უნდა ახდენდეს.
კატეგორია - ეთიკა
აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერს, ლევან ვარშალომიძეს, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა,“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში დაახლოებით, 40 წუთი დაუთმო და გაშუქების ტონი, როგორც წესი, პოზიტიური იყო. სიუჟეტების უმეტესობა საკვირაო პროგრამა „P.S-ში“ გავიდა, პირველი რეპორტაჟი 26 ივნისს მომზადდა.

„P.S“ პირველი იყო, რომელმაც ლევან ვარშალომიძის საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. 17 წუთიან მასალაში ვარშალომიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობდა და აკრიტიკებდა ამჟამინდელ მთავრობას. მაგალითად, მან ბათუმის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ არ დაანებეს მთავრობას, ბულვარზე მშენებლობა დაეწყოთ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ახალმა მთავრობამ ძველი მთავრობის პროექტების დიდი ნაწილი გააჩერა, ერთადერთი - კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ხალხს სარგებელი არ აქვს.

ჟურნალისტს ინტერვიუ აქვს ჩაწერილი მიხეილ სააკაშვილთანაც, სადაც მას ფურცელი უჭირავს და ამბობს, რომ მასზე ახალი მთავრობის მიერ გაჩერებული პროექტები აქვს ჩამოწერილი. ჟურნალისტი ტექსტში ამბობს, რომ ხალხმა, დაახლოებით, 300 მილიონი დაკარგა, რასაც ისინი, პროექტების გაგრძელების შემთხვევაში, ხელფასის სახით მიიღებდნენ.

რეპორტაჟის ბოლოს ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული ინფრასტრუქტურისა და შენობების კოლაჟი გადის, რომელსაც ჟურნალისტის შემდეგი ტექსტი ადევს:

„ეს XXI საუკუნის ცათამბჯენები ახალ ბათუმში და XIX საუკუნის სტილის შენობები ქალაქის ძველ ნაწილში, სააკაშვილის პრეზიდენტობის და ვარშალომიძის მმართველობის დროს აშენდა, ბათუმი კი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრად გადაიქცა. თუმცა ამის მიუხედავად, 2012 წელს ხალხმა არჩევნებზე, ნაციონალურ მოძრაობას ზურგი აქცია და პოლიტიკური წითელი ბარათი უჩვენა“.

ლევან ვარშალომიძე 2 ივლისს, „შაბათის კურიერშიც“ ჩნდება. წამყვანი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური საქართველოში 3 ივლისს უნდა ჩამოვიდეს და არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამშობლოში დაბრუნებული ვარშალომიძის დაკავება იგეგმება. სატელეფონო ჩართვაში ვარშალომიძე აცხადებს, რომ „აჭარის დაპაუზება უნდა დასრულდეს“. ის ასევე, არ გამორიცხავს, რომ ბათუმის აბანოების გასხვისების საქმესა და სხვადსხვა საკითხზე, რაზეც ბათუმის პროკურატურაში სიარული ხშირად უწევდა, კიდევ ერთხელ დაკითხონ.

მომდევნო მასალა „P.S-მ“ მეორე დღეს, 3 ივლისს მოამზადა. ამ დღეს ლევან ვარშალომიძე, სარფის გავლით, საქართველოში დაბრუნდა. კადრ-სინქრონში, რომლითაც გადაცემა დაიწყო, ჩაწერილი ჰყავთ მოსახლეობა, რომლიც მას საზღვართან ოვაციებით და ტაშით დახვდა. ისინი კომენტარებში ამბობენ, რომ ახალი მთავრობა არაფერს აკეთებს, მშენებლობები გაჩერებულია და ელოდებიან შეჩერებული პროექტების განახლებას. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ვარშალომიძე ბათუმის გაბრწყინების ავტორი იყო, ის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს და სამართლიანობაც აღდგეს.

ეთერში ასევე გავიდა სანდრა რულოვსის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ვარშალომიძის ჩამოსვლა მისთვის სააკაშვილის დაბრუნების საწინდარია.

კადრ-სინქრონების შემდეგ, ლევან ვარშალომიძე პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აჭარის ამჟამინდელი მთავრობა გააკრიტიკა. საბოლოო ჯამში, ამ გამოშვებაში ვარშალომიძეს 9 წუთზე მეტი დაეთმო.

10 ივლისს “P.S-ში“ აჭარის მთავრობის გადადგომაზე იყო სიუჟეტი. ხაბაძის მმართველობის შეფასებისას, ჟურნალისტი ჰყვება, თუ როგორ მართავდა ის აჭარას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ის ახსენებს, რომ ლევან ვარშალომიძე ბანკი „ქართუს“ აჭარის ფილიალის დირექტორმა ჩაანაცვლა.

სიუჟეტში იმ ხმებზეცაა საუბარი, რომლის მიხედვითაც, ხაბაძის ნაცვლად აჭარის თავმჯდომარეობას არმაზ ახვლედიანს უპირებდნენ. თავად ახვლედიანი ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევანი ლოიალურობის სასარგებლოდ გაკეთდა, რადგან მთავრობაში სჭირდებოდათ ჭური, რომელსაც რასაც ჩასძახებდნენ, იმას ამოსძახებდა. მისივე თქმით, ასეთი ხაბაძე იყო. ახვლედიანმა მთავრობა წლევანდელი ზამთრისთვისაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბათუმის ქუჩების გასაწმენდად ტექნიკა არავის გამოუყვანია.

სხვადასხვა რესპონდენტთან ერთად, სიუჟეტში ლევან ვარშალომიძეც შემოდის. ჟურნალისტი ამბობს:

„ლევან ვარშალომიძე არჩილ ხაბაძეზე არ საუბრობს. ის იმ პროექტებს გვიჩვენებს, რომელიც ხაბაძეს უნდა გაეგრძელებინა და რომელიც აჭარის განვითარებას არ გააჩერებდა.“ ამის შემდეგ, სიუჟეტი გარკვეული ხნით იცვლის მიმართულებას და ლევან ვარშალომიძესა და მის მიერ დაწყებულ და შემდეგ გაჩერებულ პროექტებზე კონცენტრირდება. მათ შორისაა წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც ბათუმს დატბორვისგან დაიცავდა. კადრზე, რომელშიც ვარშალომიძე ერთ-ერთ დასახლებაში მოსახლეობას ხვდება, ჟურნალისტი ამბობს:

„ახლა ვარშალომიძე დატბორილ ქალაქში მოსახლეობას ხვდება, მთავრობის წევრები კი თბილ კაბინეტებში სხედან“.

19 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით დაინტერესება. როგორც ცნობილია, „სოციალური სახლების პროექტი“ ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლების მიხედვით, პროექტის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლევან ვარშალომიძე, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებდა მენჯისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. შეთანხმების საფუძველზე ის იღებდა ვალდებულებას, რომ ბათუმში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მრავალბინიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ, დასახლებაში მცხოვრებ პირებს ბინებს უსასყიდლოდ გადასცემდა. TI-ში ამბობენ, რომ ხელშეკრულებაში არაა მითითებული, რა წყაროდან დაფინანსდა პროექტი. ამავე დღეს, „კურიერის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, თემას 1.14 წუთი დაეთმო და მეორე ბლოკის ბოლოს, კადრ-სინქრონად გავიდა.

რაც შეეხება სხვა არხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ლევან ვარშალომიძის გაშუქებას, მედიასაშუალებები საარჩევნო სუბიექტთან დაკავშირებით დღის ამბებს მიყვებოდნენ კადრ-სინქრონებისა და მოკლე სიუჟეტების სახით. მასალები ძირითადად, მშრალი, საინფორმაციო ტიპის იყო.

/media/1001663/2018/03/05/0d84912495ca78abee0d3b7c91caad8e.jpg
კატეგორია - ეთიკა
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გუშინ, 29 ივნისს გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილი 2004 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით დაკავეს. 2005 წელს კი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოლაშვილმა ევროსასამართლოს მიმართა. სახელმწიფომ ევროკონვენციის 4 მუხლის, მათ შორის მესამე მუხლის დარღვევა აღიარა (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და აიღო ვალდებულება, რომ საქმეს ხელახლა გამოიძიებდა, ხოლო მოლაშვილს ფულად კომპენსაციას გადაუხდიდა. მოლაშვილი შემოთავაზებულ დეკლარაციას დათანხმდა.

მედიაჩეკერი დააკვირდა როგორ გაშუქდა თემა „იმედის“, „რუსთავი2-ის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მაესტროს“ და GDS-ის 29 ივნისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. აღმოჩნდა, რომ თემა ზემოჩამოთვლილი ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგში მოხვდა. ერთადერთი არხი, რომელსაც სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი არ მოუმზადებია, რუსთავი 2 იყო.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თემას საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. „ოთხწლიანი პატიმრობა და მძიმე დიაგნოზით დატოვებული ციხე, 8 წლიანი მკურნალობის შემდეგ დღეს დილით სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ სასჯელის მოხდის დროს შეექმნა“, აღნიშნა შესავალ ტექსტში წამყვანმა. სიუჟეტში კი, ვრცლად იყო მიმოხილული 2004 წელს მოლაშვილის დაკავების დეტალები და მოგვიანებით, ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, აღნიშნული იყო რომ პატიმრის წამების ფაქტი ევროსასამართლომაც დაადასტურა, "რომელმაც სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა".

მოლაშვილის დაკავებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები ვრცლად იყო მიმოხილული GDS - ის 2030 -ში და მაესტროს დღის მთავარ გამოშვებაშიც. 2030-ის სიუჟეტში ჩაწერილია სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომლის თქმითაც, დაავადება, რომლის შედეგადაც მოლაშვილი გარდაიცვალა, მას სწორედ პატიმრობის დროს დაემართა. 2030-ის სიუჟეტშიც აღნიშნული იყო, რომ ევროსასამართლომ, მოლაშვილი "ოთხი მუხლით გაამართლა".

ტელეკომპანია „იმედმა“ თემის შესახებ 50 წამიანი სინქრონი გაუშვა, რომელშიც მოკლედ ახსენეს, ვინ იყო სულხან მოლაშვილი, როდის და რატომ დააპატიმრეს და როგორი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. მასალის მიხედვით, "სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა".
კატეგორია - ეთიკა
25 ივლისს, ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ პირველი ნაწილი ოლიმპიელთა ჩაცმულობასა და საზოგადოების დამოკიდებულებას მიეძღვნა. სტუმრად მოწვეულები იყვნენ ადვოკატი ზვიად კორძაძე, ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი, სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი და პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი, ლაშა დვალიშვილი.

გადაცემაში დებატები წარიმართა ზვიად კორძაძესა და გურამ ფალავანდიშვილს შორის. ამ უკანასკნელმა გარყვნილება უწოდა მოკლე კაბას და გამოიყენა სექსისტური გამონათქვამები. წამყვანმა ბლოკის მიწურულს, მაყურებელს ეთერში რესპონდენტის მიერ გამოთქმული სექსისტური გამონათქვამის გამო ბოდიში მოუხადა.

ფალავანდიშვილმა LGBT თემსაც მიაყენა შეურაცხყოფა. მან კორძაძესთან დებატებში თქვა: „XXI საუკუნე არის პიდარასტების ზეობა. მოგწონს?“ თუმცა, ამ შემთხვევაში წამყვანი რესპონდენტის ნათქვამს არ გაემიჯნა და ჰომოფობიური გამონათქვამების ტირაჟირების გამო, ბოდიში არ მოუხდია. ამ დებატების განმავლობაში წამყვანი ცდილობდა სიტუაციის დარეგულირებას და მოუწოდებდა რესპონდენტებს, თავი შეეკავებინათ შეურაცხყოფისგან, მიუხედავად წამყვანის მცდელობისა, ტელეეთერი მაინც იქნა სიძულვილის ენის ტრიბუნად გამოყენებული.

ვრცლად,ამავეთემაზე: როგორ უნდა გავშუქოთ რესპონდენტის დისკრიმინაციული გამონათქვამები.
კატეგორია - ეთიკა
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის სექსისტური შეფასება 25 ივლისს მედიასაშუალების ნაწილმა პირდაპირ, ყოველგვარი მითითების გარეშე გამოაქვეყნა.

ამ მედიასაშუალებების მხრიდან არ ყოფილა აღნიშნული, რომ გამონათქვამი სექსისტურია და რედაქცია ემიჯნება სიძულვილის ენას, შესაბამისად, ტელეეთერი და გამოცემების გვერდები დისკრიმინაციული გამონათქვამების ტრიბუნად იქნა გამოყენებული.

კახა კალაძემ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს “ჭორაობა უწოდა” და ამ კონტექსტში ქალები მოიხსენია:

„მე ეჭვი მეპარება. ამ განცხადებებს როდესაც ვისმენ მგონია პოლიტიკური სპეკულაციები, რადგან დღემდე არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში. მგონია, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ეს, ვფიქრობ, არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების”.

ეს განცხადება გაავრცელა საინფორმაციო პორტალმა “ნეტგაზეთმაც”, თუმცა მათ მასალის დასაწყისშივე აღნიშნეს, რომ ვიცე-პრემიერის განცხადება სექსისტური იყო. სათაურიდანვე ჩანდა სარედაქციო მიდგომა, რომ გაშუქების მიზანი, პირველ რიგში, არატოლერანტული გარემოს ჩვენება იყო და არა ნათქვამის პირდაპირი ტირაჟირება.

“საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სექსისტური შეფასება გამოიყენა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, ხოლო ჭორიკნობის კონტექტსში კალაძემ ქალები გაიხსენა”, - ვკითხულობთ “ნეტგაზეთის” სტატიაში.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, ხოლო თუ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს რესპონდენტი პირდაპირ ეთერში ამბობს: “წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ:

"პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".

ვრცლად, ამავე თემაზე:როგორ უნდა გავშუქოთ რესპონდენტის დისკრიმინაციული გამონათქვამები.
კატეგორია - ეთიკა
რუსეთის ხელისუფლება თავისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების შესანახად ყოველწლიურად მინიმუმ 1 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს – ეს ოფიციალურად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეალურად, თანხა გაცილებით მაღალია. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა ძირითად ტელეარხს, გაზეთსა და ონლაინ გამოცემას ფლობს, ასევე, ის აფინანსებს ისეთ პროპაგანდისტულ საერთაშორისო მედიასაშუალებებს, როგორიცაა ტელეარხი Russia Today და მულტიმედია სააგენტო Sputnik.

Russia Today მსოფლიოს რამდენიმე ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის არაბულად, ესპანურად, ინგლისურად, ფრანგულად. რაც შეეხება სპუტნიკს, ის მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიცაა წარმოდგენილი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. რუსული პროპაგანდა გაცილებით მძლავრი და ფესვგადგმულია სხვადასხვა ქვეყანაში, ის მოიცავს ასეულობით ადგილობრივ მედიასაშუალებას, არასამთავრობო ორგანიზიაციას, პოლიტიკურ პარტიასა თუ რელიგიურ ორგანიზაციას. რუსეთის ხელისუფლებას თავისი პროპაგანდის გავრცელების სხვადასხვა მეთოდი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით.

სანამ რუსული პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით ამოქმედდებოდა უკრაინაში 2014–2015 წლებში, ესტონელები იყვნენ ისინი, რომლებმაც 2007 წელს პირველებმა იგემეს მისი მასშტაბური შემოტევა. ვილარ ვიბელი, ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროგრამის ხელმძღვანელი წერს, რომ ესტონელებმა 2007 წელს ქვეყანაში აიღეს საბჭოთა ჯარისკაცთა მემორიალური ძეგლები, რასაც არნახული შეტევა მოჰყვა რუსეთის მხრიდან. რუსულ მედიაში ხორციელდებოდა პირდაპირი ფსიქოლოგიური ზეწოლა ესტონელებზე, ისმოდა მოწოდებები მათი პროდუქციის ბოიკოტირებისკენ, ასევე, რუსული ვებგვერდები აქვეყნებდნენ ინსტრუქციებს, როგორ განეხორციელებინათ კიბერთავდასხმები ესტონურ საიტებზე. პროპაგანდის საყრდენად რუსეთი აქტიურად იყენებდა ესტონეთის რუსულენოვან მოსახლეობას. ესტონეთში პუტინის ხელისუფლება ახლაც ხარჯავს ფულს თავისი პროპაგანდისტული ინფორმაციის გასავრცელებლად. საპასუხოდ, ესტონურმა მხარემ რუსულენოვანი მოსახლეობისთვის გახსნა რუსული ტელეარხი, თუმცა მისთვის გამოყოფილი თანხა ვერაფრით შეედრება იმ ფინანსებს, რასაც რუსეთი ესტონეთში პროპაგანდისთვის ხარჯავს.

2014–2015 წლებში რუსული პროპაგანდისტული ომი იმდენად ხელშესახები გახდა, განსაკუთრებით უკრაინაში, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პროპაგანდის წინააღმდეგ სპეციალური სტრატეგიაც კი შეიმუშავა, რაც ამ ქვეყნებში პირველ რიგში, თავისუფალი მედიის მხარდაჭერას და ინფორმაციის რუსულად გავრცელებას გულისხმობს.

რუსეთმა რეალური ომის პარალელურად, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ იმ მასშტაბის პროპაგანდისტული, ტყუილზე დაფუძნებული ომი წამოიწყეს უკრაინის წინააღმდეგ, რომ უკრაინელ ჟურნალისტთა ნაწილი საერთაშორისო დონორების დახმარებით გაერთიანდა და შექმნეს საიტი Stopfake.org. საიტის მიზანი რუსული პროპაგანდისტული ინფორმაციის მხილებაა.

როგორც აღმოჩნდა, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ცდილობენ უკრაინელი სამხედროების დემონიზებას, მათ ფაშისტებად, სისხლისმსმელებად წარმოჩენას. ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს ბავშვი და ა.შ. Stopfake–ის გუნდი კი, ფაქტების გადამოწმებით ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, გაანეიტრალოს მსგავსი ინფორმაცია.

მაგალითად, ერთ–ერთი ბოლო მცდარი ამბავი, რომელიც რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, უკრაინის პრეზიდენტს ეხება, თითქოს, გაეროს ტრიბუნალმა პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა.

რუსულმა მედიასაშუალებებმა ასევე დაწერეს, რომ უეფამ უკრაინელი ფეხბურთელები დოპინგის მოხმარებაში ამხილა, თუმცა, Stop Fake-ს უეფადან, რომ ყველა უკრაინელმა ფეხბურთელმა დოპინგ ტესტი წარმატებით ჩააბარა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ რუსული პროპაგანდის ძირითადი გზავნილები ეფუძნება დასავლეთის კრიტიკას, ევროპის შესახებ დაუჯერებელი ამბების გავრცელებას. (მაგალითად, რომ თითქოს ევროპაში ინცესტი და ნეკროფილია დაკანონებულია)

რუსეთის ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის დემოკრატიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის –სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის მნიშვნელობა, და იცის, როგორ გამოიყენოს ეს ღირებულებები სათავისოდ. მათ კარგად იციან, რომ სიტყვის თავისუფლების ქოლგის ქვეშ შეფარებულ პროპაგანდას დემოკრატიული სახელმწიფოები ვერ და არ აკრძალავენ, ასე რომ, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად ერთადერთ ეფექტურ გზად ფაქტების გადამოწმება და სწორი ინფორმაციის გავრცელება რჩება.
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმე ქართულ ვებსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთში კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა ქალები შინაურ ბინადრებად ცნეს. ინფორმაცია ყალბია, მსგავსი კვლევა არსად ჩატარებულა და არც ამ „დასკვნამდე“ მისულა რომელიმე მეცნიერი.

„საუდის არაბეთის მეცნირებისგან შემდგარი კოლეგია, მივიდა გაუგონარ დასკვნამდე: მათ გადაწვიტეს, რომ ქალი ნამდვილად ითვლება ძუძუმწოვარ არსებად, ე.ი. ის უნდა ფლობდეს იმავე უფლებებს, რასაც ამავე კლასის წარმომადგენელი ცხოველი- აქლემი, ერთკუზიანი აქლემი, თხა და ა.შ.“ - წერს lifegeek.ru-ზე დაყრდნობით ერთ-ერთი ქართული საიტი.

ინფორმაცია ამ „აღმოჩენის“ შესახებ პირველად World News Daily Report (WNDR)- ზე გამოქვეყნდა, რომელზეც სატირული, იუმორისტული ტიპის სიახლეები ქვეყნდება ხოლმე. გამოცემის გვერდზე ვკითხულობთ, რომ გამოქვეყნებული მასალების მიზანი გართობაა და სიახლეებში ნახსენები ფაქტები ყალბია, პირები კი, გამოგონილი.
კატეგორია - ეთიკა
გადაცემა „ღამის სტუდიაში“ სტუმარად მიწვეულმა დავით თარხან-მოურავმა ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, რასაც წამყვანის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, ტელეეთერი სიძულვილის ენისა და ჰომოფობიის ტრიბუნად იქნა გამოყენებული. მოგვიანებით კი, წამყვანი სტუმარს დაეთანხმა და უარყოფითად შეაფასა ჰომოსექსუალობის დაავადებების სიიდან ამოღება. სირიელი მიგრანტები კი, წამყვანმა გარეგან კანის დაავადებებს შეადარა.