ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
მიმდინარე წლის 11 მაისს ცნობილი გახდა, რომ მოხის სადავო ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, მუსლიმ თემს კი მეჩეთის ასაშენებლად მიწა გამოეყო.
კატეგორია - ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის 31 მაისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გაუჩინარების ფაქტი მეორე ამბად გავიდა. საკითხი ორ ნაწილად გაშუქდა, პირველ ნაწილში თავად ფაქტი იყო მიმოხილული, მეორეში კი პოლიტიკოსების და არასამთავრობოების შეფასებები შემოგვთავაზეს. თემის გაშუქებისას იკვეთებოდა, რომ მაუწყებელი ცდილობდა, მუხტარლის პიროვნების შესახებ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მთავარი საკითხიდან, ყურადღების მეორეხარისხოვანზე გადატანას. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოაჩენდა, რომ თითქოს, მუხტარლი არა ჟურნალისტი, არამედ ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტია.

უნდა აღინიშნოს, რომ „მოამბის“ პირველ სიუჟეტში მოსწავლეების თვითდაზიანების შესახებ გვიამბეს - მასალიდან ვიგებდით, რომ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა ხელები დაისერეს და ეს ფაქტი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ინტერნეტ თამაშს უკავშირდებოდა. „მოამბემ“ მიიჩნია, რომ 31 მაისს, ეს თემა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის ამბავი.

აქცენტის გადატანა მთავარიდან მეორეხარისხოვანზე

„ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები საქართველოში გაუჩინარებულ და აზერბაიჯანში ნაპოვნი ჟურნალისტის შესახებ. აფგან მუხტარლის საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან, რასაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი უარყოფს და ფაქტს გატაცებად აფასებს“, - ასე დაიწყო წამყვანმა თემაზე მომზადებული პირველი, გამხსნელი სიუჟეტის შესავალი ტექსტი. „ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებად“, არა მხოლოდ შესავალ ტექსტში, არამედ მთლიან სიუჟეტში წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

ა) მუხტარლი ან აზერბაიჯანულმა მხარემ გაიტაცა

ან

ბ) საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა

ამ სიუჟეტში საერთოდ არ დასმულა კითხვა, როგორ მოხვდა მუხტარლი აზერბაიჯანში - ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობით, თუ აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მეშვეობით, ისე რომ ქართულმა მხარემ ვერაფერი გაიგო. ამ მნიშვნელოვანი საკითხიდან აქცენტი გადატანილი იყო იმაზე, მუხტარლი აზერბაიჯანულმა მხარემ გაიტაცა, თუ საზღვარი მართლაც უკანონოდ გადაკვეთა.

როგორ მოხვდა ჟურნალისტი საქართველოდან აზერბაიჯანში - ეს კითხვა გამოშვებაში პირველად, თემაზე მომზადებულ მეორე სიუჟეტში, გადაცემის 14-ე წუთზე დაისვა (შეგახსენებთ, რომ 31 მაისის მოამბე სულ 20 წუთიანი იყო). შესავალ ტექსტში აღინიშნა, რომ ზემოხსენებული შეკითხვა „მესამე სექტორს“ აინტერესებს. ამავე სიუჟეტში მოხვდა ინფორმაცია, ჟურნალისტების მიერ მუხტარლის მხარდასაჭერად გამართული აქციის შესახებ, თუმცა საინტერესოა, რომ სიუჟეტში არათუ აქციის მონაწილე არც ერთი ჟურნალისტის კომენტარი არ შეუთავაზებიათ მაყურებლისთვის, არამედ არც კი აღუნიშნავთ, რომ აქცია ჟურნალისტების მიერ იყო ორგანიზებული და მონაწილეთა უმეტესობაც სწორედ მუხტარლის ქართველი კოლეგები იყვნენ. მაყურებელმა სიუჟეტიდან მხოლოდ ის გაიგო, რომ თბილისის რამდენიმე ადგილზე, მუხტარლის მხარდასაჭერად აქცია გამართეს: „აქციაზე მივიდნენ პოლიტიკოსებიც, პლაკატები გაშალეს საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმაც“ - დააკონკრეტმა ჟურნალისტმა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სინქრონები შემოგვთავაზა. მოგვიანებით, საპარლამენტო ოპოზიციის, სახალხო დამცველის, აშშ-ს ელჩის, პრეზიდენტის შეფასებებიც მოვისმინეთ.

ცხადია, პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი, პრეზიდენტი, არასამთავრობოები თუ აშშ-ს ელჩი, ხშირად აკეთებენ განცხადებებს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის შესახებ, მაგრამ საქართველოში ჟურნალისტები არც თუ ისე ხშირად გამოდიან აქციებზე მონაწილის სახით და არც თუ ისე ხშირად აპროტესტებენ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად, ის რომ აქციაზე ჟურნალისტები უცხადებდნენ აზერბაიჯანელ კოლეგას სოლიდარობას, ამბის მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რაც „მოამბემ“ თავის მაყურებელს არ უამბო.

მუხტარლის დაკავშირება „ანტიაზერბაიჯანულ იატაკქვეშა მოძრაობასთან“

„ცოტა ხნის წინ მუხტარლი ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა მედიამ იატაკქვეშეთში მოქმედი ანტიაზერბაიჯანული მოძრაობის ლიდერადაც გამოაცხადა“ - მოვისმინეთ წამყვანისგან შესავალ ტექსტში. ბუნდოვანი დარჩა, რომელმა აზებაიჯანულმა მედიასაშუალებამ გამოაცხადა მუხტარლი ანტიაზერბაიჯანული მოძრაობის ლიდერად, რამდენად სანდოა ეს მედია და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მუხტარლის ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის შესახებ - ეს აქცენტები წამყვანის შესავალში არ დასმულა. ამავე ტექსტიდან მაყურებელს ექმნებოდა განწყობა, რომ მუხტარლი საეჭვო საქმიანობაში იყო გარეული.

მუხტარლის „ანტიაზერბაიჯანულ საქმიანობას“ უშუალოდ სიუჟეტშიც შეეხნენ, ვრცლად განიხილეს ვერსია, რომ დაკავებული მუხტარლი და მისი მეგობრები იატაკქვეშა ანტიაზერბაიჯანული მოძრაობის წევრები არიან. სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ მუხტარლის ფეისბუკ გვერდიდან „საინტერესო დეტალები იკითხება“. კერძოდ, „26 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში ჟურნალისტი წერს, რომ აღარაღლის აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ. ამ პოსტის მიხედვით, იგივე ადამიანები ცოტა ხნით ადრე უთვალთვალებდნენ მათ საერთო მეგობარს და აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის , ეროვნულ ფრონტის თავმჯდომარის მოადგილეს, გოზალ ბაირამლის, რომელიც თბილისში მეგობრებს, მათ შორის კლინიკა ლანცეტის დირექტორს, ფარმან ჯეირანის სტუმრობდა”, - ამბობს ჟურნალისტი.

„პოსტში დასახელებული მეოთხე ადამიანი და მეგობარი, რომელმაც მუხტარლი ბოლოს ნახა, იატაქვეშა მოძრაობის არსებობას უარყოფს, თუმცა არ მალავს რომ ისინი ახლო მეგობრები იყვნენ და აზერბაიჯანის დატოვებადე ოპოზიციური მოძრაობის, ეროვნული ფრონტის რიგებში იყვნენ“- განმარტავს ჟურნალისტი და გვთავაზობს მუხტარლის იმ მეგობრის სინქრონს, რომელმაც მუხტარლი გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა.

სიუჟეტის ამ ნაწილით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მიზანი მუხტარლის ანტიაზერბაიჯანულ მოძრაობასთან კავშირის ვერსიის გაჟღერება იყო, გარდა ამისა, მაყურებელს ექმნებოდა განცდა, რომ დააკავეს არა ჟურნალისტი, რომელიც თავის ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობის გამო იდევნება, არამედ პოლიტიკური მოძრაობის წევრი, რომელიც საეჭვო, ანტიაზერბაიჯანულ, ანუ ანტისახელმწიფოებრივ იატაკქვეშა მოძრაობასთანაა დაკავშირებული.

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის და მუხტარლის მეგობრობა

სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ მუხტარლი და მის ფეისბუკ პოსტში აღნიშნული ადამიანები „აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო გამოცემამ ანტიაზერბაიჯანული იატაქვეშა მოძრაობის ლიდერებად მოიხსენია“. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ამ დასახელებული 4 პიროვნებიდან სამი უკვე დაკავებულია - მუხტარლი და გოზელი, რომლებსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთას და თანხის არადეკლარირებულად გადატანას ედავებიან, და კლინიკა ლანცეტის დირექტორი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში დააკავეს და რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს, ორი ადამიანის გარდაცვალების გამო, თაღლითობა ედება ბრალად. გაუგებარი დარჩა, თუკი მიზანი იმის წარმოჩენაა, რომ მუხტარლის ფეისბუკ სტატუსში ნახსენები პირები , რომლებსაც მუხტარლის თქმით უთვალთვალებდნენ, დაკავებულები არიან აზერბაიჯანული მხარის მიერ, რა კავშირში იყო ლანცეტის დირექტორი, რომელიც ქართულმა მხარემ დააკავა კონკრეტული ბრალდებით - თაღლითობით. სიუჟეტში არაერთხელაა ხაზგასმული, რომ ლანცეტის დირექტორი, მუხტარლი და დასახელებული კიდევ ორი პიროვნება მეგობრები არიან.

ლანცეტის დირექტორის დაკავების საკითხს დაკავების დღიდან მედია აქტიურად აშუქებს მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე - ამ პირს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს ორი ადამიანის გარდაცვალების გამო, თაღლითობაში ედება ბრალი. ამ გაშუქების შედეგად, ცხადია, საზოგადოებას აქვს გარკვეული წინასწარი განწყობები და ინფორმაცია ლანცეტის დირექტორის შესახებ. „მოამბის“ სიუჟეტში, ამ ადამიანის მუხტარლისთან კონტექსტში ხსენება, ისე რომ ბუნდოვანი დარჩა, რა კავშირში იყო მისი დაკავება მუხტარლის გაუჩინარებასთან, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ემსახურებოდა მუხტარლის საქმიანობის შესახებ ეჭვების გაჩენასა და იმ აზრის გაჟღერებას, რომ მუხტარლი და თაღლითობის ბრალდებით დაკავებული “ლანცეტის” დირექტორი მეგობრები არიან.

„მუხტარლი ჟურნალისტი არ არის“

მას შემდეგ, რაც მუხტარლის და მისი ნაცნობების თუ მეგობრების ანტიაზერბაიჯანულ მოძრაობაში და პოლიტიკურ პარტიაში საქმიანობის ვერსიები მიმოიხილეს, შემოგვთავაზეს ვიცეპრემიერ ჯეჯელავას განცხადება, რომ მუხტარლი ჟურნალისტი არ არის და ის რადიო თავისუფლებაში არა ჟურნალისტად, არამედ დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.

ჯეჯელავას სინქრონის შემდეგ, ჩართვაზე ჟურნალისტი დაბრუნდა და მუხტარლის საქმიანობის შესახებ აღნიშნა:

„ჩვენ დღეს ამ თემაზე დავუკავშირდით რადიო თავისუფლების თანამშრომლებს პრაღის ოფისში, მათ შორის იმ ჟურნალისტებს , რომლებიც მუშაობდნენ აზერბაიჯანის ოფისში, ამ ოფისის დახურვამდე და მათ დაგვიდასტურეს, დაკავებული ჟურნალისტი იყო არა შტატიანი თანამშრომელი, არამედ უბრალოდ, შეკვეთით ამზადებდა მათთვის სტატიებს“.

მუხტარლის საქმიანობის შესახებ მსჯელობა, ჟურნალისტის ამ სიტყვებით დასრულდა. მაყურებელმა კი, ჯერ ვიცეპრემიერისგან გაიგო, რომ მუხტარლი ჟურნალისტი არ იყო, შემდეგ „მოამბის“ რეპორტიორისგან მოისმინა, რომ ის „იყო არა შტატიანი თანამშრომელი, არამედ უბრალოდ შეკვეთით ამზადებდა სტატიებს“.

აქვე, შედარებისთვის გთავაზობთ, როგორ გააშუქა ნეტგაზეთმა ვიცე პრემიერის განცხადება. „აფგან მუხტრალის ჟურნალისტობის დამადასტურებელი ფაქტები“ სტატია ამ სათაურით , ჯეჯელავას განცხადების პერიფრაზით დაიწყო, შემდეგ კი მასალას ერთვოდა მუხტარლის მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტის ბმულები, რომელიც ცხადყოფდა, რომ ჯეჯელავას განცხადება მცდარი იყო. “ჯეჯელავას ტყუილი - აფგან მუხტარლი არაერთი ჟურნალისტური გამოძიების ავტორია“ - ეს კი კიდევ ერთი გამოცემის on.ge -ს სათაურია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემა „მოამბემ“ წინა დღეს, 30 მაისსაც გააშუქა, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველ ამბად. 30 მაისი სიუჟეტს ის პრობლემები, რაც ზემოთ მიმოვიხილეთ, არ ჰქონია, აქცენტები სწორად, ადეკვატურად, საჯარო ინტერესის შესაბამისად იყო დასმული, თუმცა 30 მაისის აქცენტები 31 მაისის სიუჟეტში ვეღარ მოხვდა.

შენიშვნა: მასალა ვებსაიტზე პირველად, 1 ივნისს გამოქვეყნდა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო, საიტი გაითიშა და ბოლო ერთი კვირის მონაცემები წაიშალა, შესაბამისად, მასალა ქვეყნდება ხელახლა. ბოდიშს გიხდით, შეფერხებისთვის.
კატეგორია - ეთიკა
„ქართულ არხზე“ სახალხო პარტიის თავმჯდომარეს მამუკა გიორგაძეს საავტორო გადაცემა “ქართული გზა“ მიჰყავს. გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავენ ხოლმე და მის შესახებ ანონსი პერიოდულად იდება „სახალხო პარტიის“ ფეისბუქ გვერდზეც.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (მუხლი 16) აღნიშნულია:„დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით“.
კატეგორია - ეთიკა
სტუდენტურმა გაერთიანებამ „აუდიტორია 115“ გაზეთ „კვირის პალიტრაში“, 20 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით - „როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) აუდიტორია 115 „ბიბლუსის“ წინააღმდეგ“ ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას მიმართა.

აუდიტორია 115 მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (ინფორმაციის გაყალბება) პრინციპები.

განცხადების მიხედვით, სტატიის სათაურშივე საუბარია იმაზე, ვინ დგას სიცრუის კამპანიის უკან და მასალის ერთ ნაწილში, აუდიტორია 115 შედარებულია ბოლშევიკებთან, რითიც ხდება მათი მარგინალიზება: „ჟურნალისტი მკითხველს დაბეჯითებით უმტკიცებს, რომ აუდიტორია 115-ის მიერ წარმოებული კამპანია სიცრუეა და თან ამავდროულად გვამცნობს, რომ მის უკან “ვიღაც” დგას“.

„შემდეგი ნაწილი კი ეთმობა აუდიტორია 115-ის ე.წ სქემის ჯაჭვის გაშიფრვას. სქემაში მტკიცებით ფორმაში არის ნაჩვენები „გავლენის აგენტების ჩანერგვა კომპანიაში“, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ დონორებიდან დაფინანსება და ა.შ. თუმცა არც წყარო და არც რაიმე ტიპის მტკიცებულება ჟურნალისტს არ მოჰყავს ამ ყველაფრის დასამტკიცებლად“, - ვკითხულობთ აუდიტორია განცხადებაში.

საქმეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღია სხდომაზე განიხილავს
კატეგორია - ეთიკა
„აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის „ლგბტ“ საზოგადოების მისამართით წამოწყებული პოლიტიკის კვალდაკვალ Facebook-ის შემქნელმა - მარკ ცუკერბერგმა ფეისბუკიდან Mossgreen -ის სააუქციონო სახლის მიერ რეკლამირებული ნახატი ამოიღებინა“ - წერს "საქართველო და მსოფლიო".

გამოქვეყნებულ სიახლეში ასევე ვკითხულობთ: „საქმე ეხება ჩარლზ ბლექმენის ტილოს, რომელზეც ასახულია ორი მანდილოსნის პიკანტური სცენა, შესაბამისად მისი რეკლამირებით საიტიც ხელს შეუწყობდა პროპაგანდისტულ პოლიტიკას „ლგბტ“ საზოგადოების მისამართით“.

ფეისბუქმა Mossgreen - ს ნახატის „ქალი საყვარლები“ სოციალურ ქსელში დასპონოსრების საშუალება მართლაც არ მისცა, თუმცა არა იმიტომ, რომ ის „ლბგტ პროპაგანდას“ უწყობს ხელს. ფეისბუქის განმარტებით, ამგვარი ნახატის შემცველი პოსტის ფეისბუქით დასპონსორება, ე.წ. დაბუსტვა აკრძალულია, ვინაიდან ის უფროსების მომსახურების პროდუქტის რეკლამირებაა და სექსუალური ხასიათისაა.

თავისმხრივ, Mossgreen ფეიბუქის ამ გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს:

„განცდა მაქვს რომ XXI საუკუნეში არ ვცხოვრობ. ამ ნახატში სექსუალური შინაარსის არაფერია, ეს უბრალოდ ლამაზი ნახატია, სადაც ორი ქალია გამოსახული“ - ამბობს გარდიანთან საუბარში Mossgreen- ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ სამერი.

ნახატის ავტორი ჩარლზ ბლექმენი ცნობილი ავსტრალიელი ხელოვანია. მისი ნახატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10 ათასობით დოლარად იყიდება.

კატეგორია - ეთიკა
6 მარტს რუსულმა მედიასაშუალებებმა აქტიურად დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ თითქოს, ევროკავშირი საქართველოს, უვიზო მიმოსვლის
კატეგორია - ეთიკა
2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ საქმეზე იმსჯელა და კომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მთელი დღის განმავლობაში, სასამართლოსთან ტელეკომპანიის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ.

კატეგორია - ეთიკა
რუსული საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკის" ქართულმა ფილიალმა, 21 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია დეზინფორმაციული სათაურით “საქართველოში შესაძლოა დაუშვან ლესბოსელობა და სოდომია”. სტატია „სპუტნიკ საქართველოს“ ვებგვერდზე რუსულ ენაზე ამ სათაურით იყო ხელმისაწვდომი 27 თებერვლის დილამდე, თუმცა, ამჟამად მისი სათაურია „საქართველოში ქალთა წინდაცვეთის აკრძალვა სურთ“.

სტატია მთლიანად ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე თავად კანონპროექტშიც დეტალურადაა მითითებული დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, „სპუტნიკ საქართველოს“ აღნიშნული ინფორმაცია მკითხველისთვის მიწოდებული აქვს არასწორი ინტერპრეტაციით.

ზემოაღნიშნული ცვლილებების მიზანია, საქართველოს კანონმდებლობა მოვიდეს ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ მიღებულ კონვენციასთან (ე.წ. სტამბულის კონვენცია). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საჭიროა ამ კონვენციის რატიფიცირების დასრულებისთვის.

კერძოდ, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია, ასევე, მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. კანონპროექტის მიხედვით იკრძალება ქალების სასქესო ორგანოების დამახინჯება რიტუალური მოტივით, ასევე, ადევნება, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება ძალადობა ოჯახის წევრის წინააღმდეგ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ „სპუტნიკ საქართველომ“ დეზინფორმაციული სათაური შეცვალა, სტატიაში მსგავსი ინფორმაცია მაინც არის შემორჩენილი. კერძოდ, ერთ-ერთ აბზაცში ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის კოდექსიდან ქრება სასჯელი სოდომიისთვის, ლესბოსელობისთვის, ან გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტისთვის“.

ისევე, როგორც სტატიის პირვანდელი სათაური, აღნიშნული ინფორმაციაც მცდარია, რადგან საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 2000 წელს მოხდა, სწორედ მას შემდეგ არ მიიჩნევა ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად. ახლანდელ კანონმდებლობაში კი მსგავსი ჩანაწერი საერთოდ არ არის, შესაბამისად, კანონმდებლებმა რომც მოინდომონ, ცხადია, არარსებულ ნორმას ვერ გააუქმებენ.
კატეგორია - ეთიკა
26 თებერვალს „იმედის დროში“ გასული სიუჟეტის მიხედვით, პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში მისი ბეჭედი და ფაქსიმილიე დაიკარგა. ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე და თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილზე დაყრდნობით გავრცელდა. სიუჟეტში რელევანტური წყაროების მხრიდან არ დასტურდება ბეჭდის დაკარგვის ისტორია, არ ჩანს ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა.

სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, წამყვანმა სხვა არხის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზე ისაუბრა:

„სასულიერო პირების მეგობრობა ჟურნალისტებთან, ცალკეული ჟურნალისტების კავშირი პატრიარქის დაცვასთან და ჭეშმარიტების სახელით გავრცელებული ე.წ. ობიექტური ინფორმაცია მრევლს აბნევს, ბერში კი უნდობლობას აჩენს. „იმედის დროს“ წყარო ამბობს, რომ დაჯგუფებებს შორის ერთ-ერთი ფრთის დამცველი პატრიარქის დაცვის უფროსია. სწორედ, სოსო ოხანაშვილმა დაიწყო დამოუკიდებელი თამაში საპატრიარქოს კარზე. ვის სასარგებლოდ, ამ კითხვაზე დღეს პასუხი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ მიერ შეთავაზებულ პირდაპირ ეთერზე დაცვის უფროსმა, რომელიც საპატრიარქოს მიღმა აღმოჩნდა, სამდღიანი ფიქრის შემდეგ უარი განაცხადა. თავშეკავების მიზეზად მომავალში დაგეგმილი პრესკონფერენცია დაასახელა, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი ჟურნალისტისთვის გამართა, ან გაამართინეს. ჩვენ ვეძებთ ფაქტებს, რომლის პოვნაც ძალიან რთულია. იცვლება პატრიარქის დაცვა, მდივანი პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს იკარგება პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი".

სიუჟეტი კი, რომელიც ამ შესავალ ტექსტს მოსდევდა, თეოლოგი რესპონდენტის, გიორგი ტიგინაშვილის სიტყვებით იწყება: „ბეჭედი არის, ფაქტობრივად, უზენაესი ხმა კათოლიკოს პატრიარქისა“. თეოლოგის განმარტების შემდეგ, ჟურნალისტის ტექსტს ვისმენთ: „ვინ მოიპარა პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე? - ამ კითხვაზე პასუხი უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ ნივთების გაქრობა პატრიარქის გერმანიაში წასვლას ემთხვევა“.

თეოლოგი ამბობს, რომ „ილია მეორეს ბეჭედი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში ვაკანტური თანამდებობის შესავსებად გამოიყენეს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე შარაშენიძე დაინიშნა“, ანუ, სანამ პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, მისი ბეჭედი და ფაქსიმილიე მოიპარეს და მეუფე გერასიმე ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიის დორებით მმართველად დანიშნეს.

რატომ მოიპარეს ბეჭედი - ამ საკითხზე სიუჟეტში კიდე ერთი ვარაუდი ისმის: „ბეჭდის და ფაქსიმილეის მოპარვა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში ყოფილიყო პატრიარქის ანდერძის გაყალბებასთან“ - ამბობს ჟურნალისტი და ამ ვარაუდის ავტორად „ანონიმურ წყაროს“ ასახელებს და ამატებს, რომ თეოლოგიც იმავე აზრზეა.

ბუნდოვანი დარჩა, რატომ არის თეოლოგი რელევანტური წყარო, რა კავშირი აქვს მას საპატრიარქოსთან, მან რატომ შეიძლება იცოდეს ბეჭდის დაკარგვის ისტორია, ან თუ იცის, რაზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას, რატომ არის საინტერესო ანონიმური წყაროს ვარაუდი, რომ ბეჭედი ანდერძის გასაყალბებლად მოიპარეს, რას ეფუძნება ეს ვარაუდი და საერთოდ, რატომ ითქვა ფაქტის სახით, რომ ბეჭედი და ფაქსიმილიე მოიპარეს, მაშინ როცა, სიუჟეტში წარმოდგენილი არ არის არც ერთი რელევანტური წყარო თუ დოკუმენტი, რომელიც ინფორმაციას დაადასტურებს. არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ სურდა მოეპოვებინა საპატრიარქოდან ინფორმაციის უარმყოფელი, ან დამადასტურებელი კომენტარი.

სიუჟეტის გასვლიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ, 21:09 წუთზე ჩაერთო „იმედის“ ეთერში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძე, რომელსაც გადაცემის წამყვანმა, ჩართვიდან 10 წუთის შემდეგ (21:20), ჰკითხა ბეჭედთან, ფაქსიმილიესთან და მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში დანიშვნასთან დაკავშირებით. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უარყო ყველა ის ინფორმაცია, რაც დაახლოებით საათნახევრის წინ, არხმა ფაქტის სახით გაავრცელა.
კატეგორია - ეთიკა
„თურქმა მესაზღვრეებმა სარფის სასაზღვრო პუნქტში საქართველოს ორი მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც მამაკაცს 28 წლის ქალი საზღვარზე ჩემოდნის საშუალებით გადაჰყავდა,“- ამის შესახებ ინფორმაცია, თურქულ მედიაზე დაყრდნობით, ქართულმა გამოცემებმა 21 თებერვალს გაავრცელეს.

„შემოწმებისას პოლიციას საეჭვოდ მოეჩვენა კაცი, რომელსაც ხელში ჩემოდანი ეკავა და მისი გახსნა მოითხოვა. ჩემოდანში ქალი აღმოჩნდა. დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 28 წლის ქალი სამი თვის წინ თურქეთიდან იყო დეპორტირებული. ორივე პირი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება,“ - იუწყებიან მედიასაშუალებები. “რუსთავი 2-ის,“ „იმედის,“ „presa.ge-ს,“ „newpost.ge-ს,“ „primenewsgeorgia.ge-სა“ და „primetime.ge-ს“ მიერ გავრცელებულ ამ სიახლეს თან ერთვის ფოტო, რომელზეც დაკავებულების სახე დაფარული არ არის. ვინაიდან, სიახლეში მთავარია თავად ამბავი და არა ის, თუ კონკრეტულად ვინ დააკავეს საბაჟოზე, გაუგებარი დარჩა, დაკავებულების სახის ჩვენების მიმართ რა საჯარო ინტერესი არსებობდა.

კატეგორია - ეთიკა
22 თებერვალს ონლაინმედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, გალაკტიონის არაკომპეტენტურობაზე საუბრობდა.

„როგორც ჩვენი ჯეჯელავაზე არანაკლებ ტუტუცი კორესპონდენტი გვატყობინებს, მესამე ვიცეპრემიერმა არც აცია, არც აცხელა და მორიგ საკბილოდ პირდაპირ გალაკტიონი აირჩია. როგორც ჯეჯელავა ამბობს, გალაკტიონი ჭიანჭველაზე კიდევ უფრო არაკვალიფიციურია და მისი ყველაზე ცნობილი ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ სასწრაფოდ არის ასაკრძალი,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ მასალებში.

„მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას - „მთვარე, რომელიც მთწმინდიდან დავინახე,“ ეს საკითხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია,” - სტატიაში ეს სიტყვები ალექსანდე ჯეჯელავას მიეწერებოდა.

ონლაინგამოცემება , tb24.ge- მ, საქართველო და მსოფლიომ, mpress.ge-მ news.coa.ge-მ და www.geotimes.ge-მ აღნიშნული სტატიის ბოლოს მიუთითეს წყარო, მაგრამ არ აღნიშნეს, რომ ინფორმაცია იუმორისტული ხასიათის იყო, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა.

ინფორმაციის პირველწყაროა ბაკურ სვანიძის პორტალი bstv.ge . როგორც ვებგვერდის ადმინისტრაცია უთითებს, საიტის ძირითადი მიმართულება „მიმდინარე რეალური მოვლენების სატირული ხერხით ასახვაა“.
კატეგორია - ეთიკა
17 თებერვალს ფოთში მომხდარი სუიციდის შემთხვევა ონლაინმედიის ნაწილში სენსაციურად, მყვირალა სათაურებით გაშუქდა. გამოქვეყნებულ მასალებს თან ახლდა გარდაცვლილისა და მისი ყოფილი შეყვარებულის ფოტოები. სტატიებში სუიციდის რომანტიზება შეიმჩნეოდა.

ონლაინგამოცემები დეტალურად აღწერდნენ თვითმკვლელობის მეთოდს, ადგილს და მიზეზს.

მაგალითად, „kvira.ge-ს სტატიაში დასახელებულია გარდაცვლილისა და მისი ყოფილი შეყვარებულის სამუშაო ადგილი. მედიასაშუალებამ ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების ვინაობისა და მათი პროფესიული საქმიანობის შესახებაც გამოაქვეყნა ინფორმაცია. გარდა ამისა, დასახელებულია სუიციდის მიზეზი. სტატიაშივე ვხვდებით გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლის მისამართსა და თვითმკვლელობის მეთოდის დეტალურ აღწერას. მასალის ბოლოს კი ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარი თვითმკვლელობაც გაიხსენა: „სავარაუდო მოტივი ამ შემთხვევაშიც, „სიყვარულია“- წერს ჟურნალისტი.

თემა primetime.ge-ს, ambebi.ge-ს, და ნიუპოსტის მასალებშიც სენსაციურ კონტექსტში გაშუქდა, დეტალურად იყო გადმოცემული თვითმკვლელობის მიზეზები, რაც სუიციდის რომანტიზებას უწყობდა ხელს.

სუიციდი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა, ამიტომ მისი გაშუქება მრავალი ეთიკური დილემის გადაჭრას მოითხოვს. „ევროპოს დართ ცენტრის“ მიერ სუიციდის თემის ეთიკური გაშუქებისთვის გამოცემულ ბროშურაში საუბარია ე.წ „გადამდებ სუიციდზე,“ რაც გულისხმობს, რომ „სუიციდის გაშუქება, განსაკუთრებით, დეტალების აღწერა, ზრდის სუიციდის რიცხვს (გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ითმატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება).“ სწორედ ამიტომ სუიციდის გაშუქებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული დეტალების გაუმჟღავნებლობის პრინციპი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, დაუშვებელია, როცა მედია ზედმიწევნით აღწერს ცნობილი ადამიანების თვითმკვლელობას, აქვეყნებს ინფორმაციას სუიციდის მეთოდის შესახებ, აჩვენებს დადგმულ სცენას (რეკონსტრუქციას) ან ამართლებს სუიციდს, როგორც კრიზისსა და უბედურებაზე მისაღებ რეაქციას.

თვითმკვლელობის გაშუქებისთვის სახელმღავნელო რეკომენდაციებს შეიცავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოცემული „სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებიც.“