ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
იაფი, სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობა - აი რა შემოთავაზება შეიძლება მივიღოთ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ იმ გვერდებიდან, რომლებიც მედიცინას ეხება. ამ რუბრიკაში უგულებელყოფილია ტრადიციული მედიცინა და შემოთავაზებულია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები. მაგალითად, გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, ამა თუ იმ ავადმყოფობისგან ხსნა სხვადასხვა სახის ბალახოვან ნაყენებში, ნახარშებსა თუ მუხლის ქვედა ნაწილის სტიმულაციაშია.

გაზეთს აქვს რუბრიკა „ექიმის ტრიბუნა“, სადაც თავმოყრილია დაავადებათა არატრადიციული განკურნების გზები. „ასავალ-დასავალი“ გვარწმუნებს რომ: „ჰომეოპათია შესაძლებელია ეფექტიანი აღმოჩნდეს იქ, სადაც კლასიკური, ოფიციალური მედიცინა, ანუ ქიმიური მედიკამენტებით მკურნალობა არანაირ შედეგს არ იძლევა“.

„ეს სასწაულმოქმედი ნაყენია, რომელიც ყველა სახის სიმსივნეს ამარცხებს!“ -ვკითხულობთ გაზეთის ერთ-ერთ ნომერში. როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ამ „წამლის“ დამზადება ყველა მსურველს შეუძლია, დამზადების პროცესში თუ რაიმე სახის სირთულე წარმოიქმნა, „ასავალ-დასავალი“ გვირჩევს, რომ მივმართოთ დეკანოზ სერაფიმე დანელიას. ოღონდ წამლის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ “ადამიანი ხორცთან ერთად, სულის განკურნებასაც უნდა შეეცადოს“.

„პროსტატის ადენომის უოპერაციოდ განკურნება სავსებით შესაძლებელია!“-ვკითხულობთ გაზეთის ამავე რუბრიკაში. სხვა სტატიებში კი მდოგვისა სოდის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ მოგვითხრობენ. ამ თემებზე მომზადებულ მასალებში არ ჩანს პროფესიონალი ექიმების მოსაზრებები, არაა შემოთავაზებული ალტერნატიული აზრი ან მკურნალობის სხვა საშუალებები. ხშირად, ამ რუბრიკაში ვკითხულობთ სკეპტიკურ მოსაზრებებს ტრადიციული მედიცინისა და ექიმების მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ სტატიაში აღნიშნულია: „დღეისათვის კომერციულ სამედიცინო დაწესებულებაში, ძირითადად, პროდუქტიულად მუშაობენ ის ექიმები, ვისაც შეუძლია მიიღოს სერიოზული სახე და მოახერხოს პაციენტის დარწმუნება, ჩაიტაროს ძვირადღირებული კვლევები, შეიძინოს ძვირად ღირებული მედიკამენტები“. „ჯობია წამალი საერთოდ არ მიიღო და ხალხური საშუალებებით იმკურნალო, ვიდრე შენი ფინანსები საკუთარი ორგანიზმის განადგურებას მოახმარო!“
კატეგორია - ეთიკა
იყო დრო, როცა რუსული პროპაგანდა, ძირითადად, რუსეთის შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი, რათა მოსახლეობაში ყოფილიყო ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობა და აქტუალობა უკვე დიდი ხანია ისევე გასცდა რუსეთის საზღვრებს, როგორც თავად რუსული პროპაგანდა. მის სამიზნეს უკვე არ წარმოადგენს მხოლოდ რუსეთის მოსახლეობა - ის მისწვდა ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, კარიბის აუზის ქვეყნებს, სამხრეთ ამერიკას, არაბულ სამყაროს, აზიას. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები მსოფლიოს ყველა წერტილში მუშაობენ. მაგალითად, Russia Today თითქმის ყველა ძირითად ენაზე მაუწყებლობს - ინგლისურად, ესპანურად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად და რა თქმა უნდა, რუსულადაც. რაც შეეხება ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ "სპუტნიკს", ის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანასა თუ რეგიონში, ამდენივე ენაზე მუშაობს - დაწყებული ევროპა-კავკასიიდან, დამთავრებული სამხრეთ ამერიკითა და აღმოსავლეთ აზიით.

რუსეთის საზღვრებს გარეთ მისი პროპაგანდის მასშტაბები იმდენად თვალსაჩინო, ხელშესახები და მრავალი პრობლემის გამომწვევი გახდა, რომ ევროპის პარლამენტმა მის წინააღმდეგ 2016 წლის შემოდგომაზე სპეციალური რეზოლუციაც კი მიიღო. ამ დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზე, რასაც პროპაგანდა იწვევს და ამავე კონტექსტში ერთად არის ნახსენები რუსეთი და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთმა გააძლიერა თავისი პროპაგანდა ევროპულ მედიაში, რათა შექმნას თავისი პოლიტიკის მხარდამჭერი საზოგადოებრივი აზრი და ევროპის ერთიან საგარეო პოლიტიკას ძირი გამოუთხაროს. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ რუსეთი “აგრესიულად იყენებს” ისეთი პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა ორგანიზაცია “რუსკი მირი”, არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ორგანიზაციები, მრავალენოვანი ტელეარხი “Russia Today”, ფსევდო საინფორმაციო სააგენტოები, ასევე სააგენტო “სპუტნიკი”. როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის მთავარი მიზანია, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ტრადიციული რელიგიური ღირებულებების ერთადერთი დამცველი, გაყოს ევროპა და ამისთვის გამოიყენოს ყველა შესაძლო რესურსი. ევროპარლამენტმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, დაგეგმონ კოორდნირირებული სტრატეგია, რათა წინ აღუდგნენ დეზინფორმაციას.

რუსული პროპაგანდა დასავლეთში არაერთი ჟურნალისტისა და მკვლევარის დაკვირვების ობიექტი გახდა. სულ უფრო ხშირად და დეტალურად იწერება იმ ხერხებისა და მეთოდების შესახებ, რომლის საშუალებითაც ის მოქმედებს.

პირველი და უმთავრესი, რასაც რუსული პროპაგანდისტული საშუალებები აკეთებენ, ესაა დასავლური მეინსტრიმ მედიისგან განსხვავებული, ალტერნატიული რეალობის შექმნა და შემდეგ ამაზე განუწყვეტელი მსჯელობა. ამისთვის პროპაგანდა იყენებს შემდეგ საშუალებებს:


ამგვარი მესიჯების მიზანია არა იმის მტკიცება, რომ რუსეთი არის “კარგი”, არამედ ის, რომ სხვები მასზე არანაკლებ ცუდები არიან.

როგორც Pand Corporation-ის მკვლევარები ერთ-ერთ კვლევაში წერენ, Russia Today და მსგავსი პროპაგანდისტული არხების მიზანია ფაქტების გარშემო რაც შეიძლება ბევრი ცრუ, სავარაუდო ვერსია გაავრცელონ, რათა აუდიტორიაში დაბნეულობა გაიზარდოს. ისინი ცდილობენ, სხვებს დაასწრონ ახალი ამბავი და საინფორმაციო სივრცეში ამით დაიმკვიდრონ ადგილი, თუმცა არც ფაქტების გადამოწმება-დადასტურებისგან იწუხებენ თავს და არც - შეცდომის გასწორებისგან. მაგალითად, Russia Today-მ არაერთხელ გაავრცელა დეზინოფრმაცია იმის შესახებ, რომ ISIS-ის მებრძოლები უკრაინის სამხედროების მხარეს იბრძვიან უკრაინის აღმოსავლეთით, ასევე, თითქოს პოლონეთის პრეზიდენტი ითხოვს უკრაინისგან ტერიტორიის გადაცემას და ა.შ.

ხშირ შემთხვევაში, მსგავსი დეზინფორმაცია მუშაობს და არც თუ იშვიათად, რესპექტაბელური, არაპროპაგანდისტული მედიასაშუალებები ავრცელებენ Russia Today-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

რუსული პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი მთავარი იარაღია ცრუ თვითმხილველების მონათხრობისა და ცრუ ამბების გაშუქება. ამ საქმეში Russia Today და "სპუტნიკი" მარტო არ არიან. მაგალითად, Zvezda Tv-მ გააშუქა ინტერვიუ ქალთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას სირიელი ლტოლვილი თავს დაესხა გერმანიაში, რაც რეალურად არ მომხდარა. რუსულმა ტელეარხებმა 2015 წელს აქტიურად გააშუქეს დონბასში, უკრაინის სამთავრობო ძალების დაბომბვის შედეგად 10 წლის გოგონას “დაღუპვის” ამბავი, თუმცა, BBC-მ გამოიკვლია, რომ ეს იყო სიცრუე და სინამდვილეში მსგავსი 10 წლის გოგონა არც არსებობდა.



ტრადიციული მედიასაშუალებების გარდა, რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს თავისი მიზენბისთვის. მაგალითად, მაშინ, როცა უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ყალბი ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინელი ნაციონალისტები ბავშვებს ჯვარზე აკრავენ. მსგავს პირობებში სულ უფრო რთული ხდება სიცრუის სიმართლისგან გარჩევა - ამ გარჩევაში კი იკარგება დრო და რესურსები, ადამიანები მსჯელობენ ფაქტებზე, რომელიც არ არსებობს, იზრდება გაურკვევლობა, დაბნეულობა, სკეპტიციზმი, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ რუსული პროპაგანდა თავის მიზანს ჯერჯერობით წარმატებით აღწევს. გამოყენებული მასალები http://smallwarsjournal.com/jrnl/art/nine-lessons-of-russian-propaganda http://www.stopfake.org/en/tag/russian-propaganda/ http://euromaidanpress.com/2016/05/05/a-guide-to-russian-propaganda-part-1-propaganda-prepares-russia-for-war/ http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?type=REPORT&reference=A8-2016-0290&language=EN https://www.bloomberg.com/view/articles/2016-11-28/how-russian-propaganda-really-works-in-the-west ფოტო: stopfake
კატეგორია - ეთიკა
digest.pia.ge და topnews.com ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „ქუთაისში ტანკებია მობილიზებული“. გამოქვეყნებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ „ტანკების გამოყვანა თავდაცვის მინისტრის ქუთაისში ვიზიტსა და სამხედროების სწავლებას უკავშირდება,“ თუმცა სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და შესაძლოა გამოიწვიოს პანიკა, რასაც კომენტარის ველებში მკითხველთა გამოხმაურებებიც მოწმობს.გარდა ამისა, მასალებს თან ერთვის ფოტო, რომელზეც არა ტანკები, არამედ ქვეითთა საბრძოლო მანქანებია გამოსახული.
კატეგორია - ეთიკა
10 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს, საავტმობილო გზების დაგების შესახებ მასალა გავიდა. სიუჟეტში ადგილობრივებზე დაყრდნობით, ვითარდება აზრი, რომ გზა, რომელიც სოფელ ზემო ნიქოზთან იგება, ცხინვალისკენ მიდის და შესაძლოა, სწორედ ცხინვალიდან მომავალ მაგისტრალურ გზას შეუერთდეს. თუმცა, რაიმე სახის მტკიცებულბა, ან კომენტარი, რომელიც ადგილობრივების ვარაუდებს გაამყარებდა, სიუჟეტში არ ჩანს.

„გზა, რომელიც საოკუპაციო საზღვრამდე მიდის - ზემო ნიქოზში დასრულებული სამუშაოებით თუ ვიმსჯელებთ, ეს სოფლის გზას ნაკლებად ჰგავს, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთო ავტომობილებზეც არის გათვლილი. ამიტომ, ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ საბოლოოდ ეს მაგისტრალი ცხინვალიდან მომავალ გზას დაუკავშირდება,“ - ამ სიტყვებით წარადგინა სიუჟეტი გადაცემის წამყვანმა დაწყებამდე.

სიუჟეტის დაწყებიდან რამდენიმე წამში ადგილობრივების კომენტარები ისმის, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ე.წ. დარიალის გზა იკეტება და შესაძლოა, ცხინვალის მიმართულებით ავტომობილებმა ახალდაგებული გზით იარონ. ჟურნალისტმა ადგილობრივების ვარაუდები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, შერიგებისა და თანასწორობის მინისტრთან გადაამოწმა. ყველა მათგანმა უარყო ინფორმაცია, რომ ეს გზა ცხინვალიდან მომავალ მაგისტრალურ გზას დაუკავშირდება.

„ოფიციალური უწყებების განმარტებები საეჭვოდ მიაჩნიათ ზემო ნიქოზში. ადგილობრივები კურიერთან ყვებიან, რომ მთავრობის მიერ გაკეთებული გზა არა ქართული სოფლებისკენ, არამედ ცხინვალისკენ მიდის. ამბობენ იმასაც, რომ გზის რეაბილიტაცია არ ხდება სოფელში არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებთან, რაც კიდევ უფრო დიდ ეჭვებს აჩენს“ - ამბობს ჟურნალისტი და გვთავაზობს ადგილობრივის კომენტარს, რომელიც იმავეს იმეორებს, თუმცა ჟურნალისტი თავად არ მისულა იმ მნიშვნელოვან ობიექტებთან, რომელზეც კომენტარშია საუბარი და არ უჩვენებია, არის თუ არა იქ გზა გაკეთებული.

სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, საკუთარი თვალით გადაემოწმებინა სად მიდის გზა, არ იყო წარმოდგენილი გზის რეაბილიტაციის პროექტი/ნახაზი, რაც ნათელს გახდიდა, მართლაც უერთდება თუ არა ეს გზა ცხინვალის მაგისტრალს. არ ჩანდა ამ დოკუმენტების მოპოვების მცდელობა.

სიუჟეტიდან იკვეთებოდა, რომ გზა, რომელიც სიუჟეტის მიხედვით, სავარაუდოდ ცხინვალის მაგისტრალურ გზას შეუერთდება, პრობლემებს შექმნის ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა ამ საკითხის სიღრმისეული განხილვა არ მომხდარა, მაყურებელმა უშუალოდ სფეროს სპეციალისტებისგან, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისგან ვერ მოისმინა, თუკი მართლაც ასეა და გზა ცხინვალის მაგისტრალთან მიდის, რა კონკრეტული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის. სიუჟეტში თემა ერთი მხრივ საპარლამენტო უმრავლესობას, მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებს შეაფასებინეს. გიორგი ბარამიძის აზრით, ამ გზის რეაბილიტაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ქვეყნის ღალატი იქნება, გია ვოლსკის თქმით კი, ზოგადად, კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში რაც მეტი გზა იქნება, უკეთესია, ამ ეტაპზე კი, კონკრეტულად ამ გზის ცხინვალის მაგისტრალურ გზასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების ან მოსაზრების არსებობას ვერ დაადასტურებს.

„ზემო ნიქოზისა და ცხინვალის დამაკავშირებელ გზაზე ბოლოს და ისიც 2008 წელს რუსულმა ტანკებმა გაიარეს. მას შემდეგ რუსმა სამხედროებმა გზა მავთულხლართებით ჩაკეტეს,“ - ამ სიტყვებით დაამთავრა სიუჟეტი წამყვანმა.

კატეგორია - ეთიკა
უკრაინელი მილიარდერის, კიევის ყოფილი მერის, საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობისა“ და პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დამაარსებლის ლეონიდ ჩერნოვეცკის ფეისბუკ სტატუსები თუ აქტივობები რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ ზუსტად ერთი და იმავე პერიოდულობით, ერთნაირი სათაურებით, ტექსტებითა და ფოტოებით აქტიურად შუქდება. ტექსტებში კორექტურული და მექანიკური შეცდომებიც კი იდენტურია.

2017 წელს ლეონიდ ჩერნოვეცკის გაშუქება „presa.ge-მ,“ და „newpost.ge-მ“ ერთდროულად, 5 იანვრიდან დაიწყეს. საიტების საძიებო სისტემით დათვლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 5 იანვრიდან დღემდე, ორივე გამოცემაში, ჩერნოვეცკის შესახებ 36 სიახლე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, იდენტური სიახლეები news.ge-ზეც ქვეყნდება, თუმცა ყველა სიახლეს, გარდა ოთხისა, R ნიშანი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასალა სარეკლამოა, იდენტურ სიახლეებს “presa.ge-სა“ და „newpost.ge-ზე“ კი ამგვარი ნიშანი არ აქვს, შესაბამისად, მკითხველისთვის აღიქმება, როგორც სარედაქციო მასალა. (კონკრეტულ მაგალითს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე: news.ge, newpost.ge, presa.ge )

„შრომა სირცხვილი არ არის, მაგრამ ბავშვები, პირველ რიგში, სკოლაში უნდა დადიოდნენ,“ - ეს წელს დაწერილი პირველი სიახლის სათაურია. სიახლეში ჩერნოვეცკის ფეისბუქ სტატუსია მოცემული. უცნაურია, რომ ზუსტად ამავე სათაურით, იდენტური ტექსტითა და ფოტოთი გამოქვეყნდა მასალა სამივე საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე. მეტიც, „news.ge-სა“ და „newpost.ge-ზე“ ზუსტად ერთსა და იმავე დროს (15:44 სთ-ზე) განთავსდა, 8 წუთით გვიან აიტვირთა იგივე მასალა „presa.ge-ზე“. რეკლამის ნიშანი ამ შემთხვევაში, არც news.ge- ზე გვხვდება.

ასეთივე ვითარებაა 9 იანვარს გამოქვეყნებულ მასალებშიც. „ჩერმოვეცკის ფონდი – ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. სასტუმრო „მერკურმა“ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები საზეიმო საახალწლო წვეულებაზე დაპატიჟა,“ - ასე იწყება სიახლე ყველა საინფორმაციო სააგენტოს მასალაში, ამჯერად ერთნაირია კორექტურაც - სამივე საინფორმაციო სააგენტოს ტექსტში რატომღაც ერთნაირი მექანიკური შეცდომა გვხვდება(„ჩერმოვეცკი“ ჩერნოვეცკის ნაცვლად). გარდა ამისა, ამ სიახლეს news.ge-ზე R ნიშანი აქვს, presa.ge-ზე და newpress.ge-ზე კი სარედაქციო მასალის ფორმით დევს.

„ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა,“ - ასე იწყება ამ დროისთვის ბოლო, 13 მარტის ყველა მასალა. შემდეგ კი სრულადაა გამოქვეყნებული ჩერნოვეცკის ფეისბუკპოსტი.

ყველა სიახლეებში ლეონიდ ჩერნოვეცკი პოზიტიურადაა გაშუქებული: ჟურნალისტები ყვებიან, როგორ მოუწყო ექსკურსია ბავშვებს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა, როგორ დაპატიჟა ამავე ფონდის მზრუნველობის ქვეს მყოფი პატარები წვეულებაზე, როგორ გაამახვილა ჩერნოვეცკიმ ყურადღება ხანშიშესული ადამიანების პრობლემებზე. „მე ყოველთვის ვცდილობ ბავშვებს დღესასწაული ვაჩუქო. ყველაზე მეტად მათი ბედნიერი სახეების ხილვა მაბედნიერებს! პატარებს სასწაულების ყოველთვის უნდა სწამდეთ და ოცნებით არასდროს უნდა დაიღალონ!“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ სიახლეში ჩერნოვეცკის სიტყვებს.

იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოები ერთნაირი სათაურებით, ზუსტად ერთნაირი ტექსტებით, ერთნაირი კორექტურული შეცდომებით და ერთნაირი ფოტოებით აქვეყნებს მასალებს, ხშირ შემთხვევაში კი ერთსა და იმავე სიახლეს news.ge-ზე R ნიშანი აქვს, presa.ge-ზე და newpost.ge-ზე კი სარედაქციო მასალით ქვეყნდება, ჩნდება ეჭვი, რომ მასალები სარეკლამო ხასიათისაა და მომზადებულია არა რედაქციების მიერ, არამედ მათი ავტორი თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი ან მისი პიარ სამსახურია.
კატეგორია - ეთიკა
6 მარტს „პალიტრანიუსის“ ერთ-ერთი სიუჟეტი სასაფლაოს საყარაულოში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების თემას ეხებოდა, სადაც ჟურნალისტი დედასთან და ბებიასთან ერთად მცხოვრები სამი არასრულწლოვნის მძიმე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა. მასალაში ბავშვები სენსაციურ და სენტიმენტალურ ჭილში გაშუქდნენ, აჩვენეს ატირებული პატარები, კადრებს კი ტრაგიკული მუსიკა გასდევდა.

სიუჟეტი საფლავზე მოთამაშე ბავშვების კადრით იწყება, რასაც არასრულწლოვნების დედის კომენტარი ერთვის: „ისეთი შეყვარებულები არიან, სულ სასაფლაოზე გარბიან ხოლმე. ხშირად თამაშობენ,“ - რესპონდენტის ამ ფრაზას მოყვება წამყვანის „მხატვრული“ ტექსტი, რომელიც სიუჟეტის მუსიკასთან ერთად, კიდევ უფრო დრამატულს ხდიდა ამ ამბავს: „იმის ნაცვლად, რომ პატარები ახლა სკვერში ან სულაც ეზოში თამაშობდნენ, უკვე წლებია მათი საყვარელი და გასართობი ადგილი სასაფლაოა. ბავშვობის ლამაზ წლებს აქ, ამ ადგილას გაატარებენ. სასაფლაოზე გარდაცვლილთა მეზობლობა მათი განაჩენია. ეს პატარები, საფლავის პრიალა მარმარილოს ჯებირების ნაცვლად, ნამდვილ კარუსელებზე უნდა კატაობდნენ... ახლა მათი მეზობლები საფლავებია და ამ საფლავებზე იშვიათად გამოჩენილი ჭირისუფლები.“

სიუჟეტში დედა იმ მძიმე სოციალურ პირობებზე ყვება, რომელშიც ის და მისი შვილები ცხოვრობენ, კადრში დედის გვერდით ჩანს მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დედის მონათხრობს ისმენს და ტირის.

სენტიმენტალურია სიუჟეტის დასასრულიც: „ამ ბავშვებს ცოცხალი ადამიანები ენატრებათ... შემთხვევითი არაა, რომ ისინი სასაფლაოზე ცხოვრობენ, მათი არსებობა ისეთივე შავი ფერისაა, როგორიც ძაძებში გამოწყობილი ჭირისუფალი. ისინი დამპალოს სასაფლაოზე მიცვალებულთაგან თავის დასაღწევად იბრძვიან... მათ სამყოფელს სხვა მგლოვიარეთა ხმა მოიცავს, ღამე კი ლამპიონების ნაცვლად, ჩაბნელებულ სამარხებზე ანთებული კანდელები ანათებენ“.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, ჟურნალისტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არ გადაუხვიონ უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებსა და ნორმებს ბავშვთა პრობლემების გაშუქებისას, კერძოდ: „მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით“.

კატეგორია - ეთიკა
კრიზისული სიტუაციები, კატასტროფები, ბუნებრივი კატასტროფები - მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც წესი, დაუყოვნებლივ ხვდება.

ასეთ დროს მედიასაშუალებები იწყებენ ბრძოლას, თუ ვინ აცნობებს აუდიტორიას პირველად მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ვინ დაასწრებს კატასტროფის ენით აღუწერელი კადრების ავრცელებას, ვინ მოყვება ადამიანურ ტრაგედიებზე, სტიქიის დამანგრეველ და ხშირად სიცოხლისათვის სახიფათო შედეგებზე, ვინ უამბობს მაყურებელს გადარჩენილების ისტორიას.

კატეგორია - ეთიკა
„უზნეობა დემოტრაკიის სახელით,“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „საქართველო და მსოფლიომ (geworld.ge-მ)“ 1 მარტს ტრანსგენდერებთან დაკავშირებული მასალა.

„წვერიანი ქალები,“ - ასეთი ფრაზით მოიხსენიებს ავტორი ტრანსგენდერ ქალებს სტატიის დასაწყისში.

„მუსიკოსები მაკიაჟით გალამაზებულები და ქალების მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე “ამხედრებულები” წარსდგებიან მაყურებლების წინაშე. როგორც ამ ქალ-კაცებმა განაცხადეს, მათ მომზადებული აქვთ ნამდვილი ჰიმნი ლგბტ-თემის დასაცავად იმ ქვეყნებში, რომლებშიც “მამათმავლების უფლებები ირღვევა,“ - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც აშკარად იგრძნობა ჟურნალისტის ცინიკური და ჰომოფობიური განწყობები.

გამოქვეყნებულ მასალაში ავტორი ჰომოფობიურ დამოკიდებულებასა და ცინიზმს ავლენდა თავად ევროვიზიის მაყურებლების მისამართითაც: „ეს არასტანდარტული როკკოლექტივი აპირებს, გააოცოს დამსწრენი პროვოკაციული წარმოდგენით და იმედოვნებენ, რომ მათ თბილად მიიღებს “ევროვიზიის” მაყურებელი, რომელთა შორის ტრადიციულად ბევრი არიან პედერასტები ყველა ქვეყნისა.“

სტატიის მეორე ნახევარში ავტორი მოულოდნელად, პედოფილი მამაკაცის თემას ეხება და მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, როგორ უკავშირდება პედოფილიაში ბრალდებული პირის თემა ტრანსგენდერი ქალების თემას.

მასალის დასასრულ კი, ჟურნალისტი წერს უკრაინელ გეი წყვილზე, რომელმაც, როგორც სტატიიდან ირკვევა, „დასაქორწინებლად აშშ-ს მიაშურა.“ საყოველთაო სიხარულს ერთი კოვზი კუპრი ამწარებდა: უკრაინაში მათი ურთიერთობის დაკანონებას არავინ აღიარებს,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ცინიკური იყო ავტორის კიდევ ერთი ფრაზა: „სამაგიეროდ პატრიოტები არიან: ნეფეს ლურჯი კოსტიუმი ეცვა და ყვითელი ჰალსტუხი ეკეთა, დედოფალს პირიქით _ ყვითელი კოსტიუმი და ლურჯი ჰალსტუხი ამშვენებდა. იქნებ, პირიქით? ალაჰმა უწყის.“

ჰომოფობიურია „საქართველო და მსოფლიოს“ 1 იანვრის კიდევ ერთი მასალა („ობამას შემოღებული ტრანსგენდერების სპეცტუალეტები აყროლდა და გააუქმეს“), რომელშიც ავტორი ტრანსგენდერებსა და ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების მომხრეებს დასცინოდა და მათ „საყროლეთის მეცენატებს“ უწოდებდა.
კატეგორია - ეთიკა
5 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა "კურიერ P.S.-ში" საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული პრობლემების საილუსტრაციოდ სიუჟეტი გავიდა, რომელის მთავარი გმირებიც მღვდლის ყოფილი ცოლი და მათი საერთო შვილი იყვნენ. სიუჟეტში მოქმედი სასულიერო პირის მიერ, მის მღვდლად მოღვაწეობამდე, ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეა საუბარი. ამავე სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 4 წლის ბავშვის მიმართ,მისი მამის ოჯახის მხრიდან, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და ბავშვი ამის გამო, ფსიქოლოგთან დაჰყავთ.

სიუჟეტში არასრულწლოვნის პირდაპირი იდენტიფიცირება არ ხდება, მისი სახე არ ჩანს, თუმცა მასალაში დაუფარავად ჩანან ბავშვის დედა, მამა და ბაბუა, რითიც ბავშვის ირიბი იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ სიუჟეტის მთავარ თემად გადაცემის წამყვანი ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ასახელებს, სიუჟეტის გმირებს სტატუსებად ტიტრში მითითებული აქვთ „დედა“ და „ბაბუა“. სიუჟეტში არაერთხელაა საუბარი არასრულწლოვანზე:

„ეს პატარა სამი თვიდან ბაბუის ოჯახში იზრდება. მისმა მშობლებმა ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე უარი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში თქვეს,“ - ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტმა სიუჟეტი, რომელიც სასულიერო პირის ყოფილი ცოლის მიერ ძალადობის შესახებ ისტორიის მოყოლით გრძელდება. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუზე უარი თქვა არასრულწლოვნის მამამ, რომლმაც აღნიშნა, რომ კომენტარს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარეარ აკეთებდა: „4 წლის ბავშვს მორალურ ზიანს ვერ მივაყენებ ჩემი ვერანაირი კომენტარით,“ - აღნიშნავდა ის.

სიუჟეტში არასრულწლოვნის დედა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

„ეუბნებიან ბავშვს იქ რომ მიდის - რატომ მიდიხარ, რატომ რჩები დედასთან, რატომ გიყვარს. საშინელებებს ეუბნებიან ჩემზე, რასაც ბავშვი თვითონ აფიქსირებს ფსიქოლოგთან ურთიერთობაში. დაგვჭირდა ფსიქოლოგი, სოციალურმა სამსახურმა ჩართო ეს ფსიქოლოგი, ჩემი მოთხოვნით. უკვე გაუსაძლისია, ისეთი ამბები მოჰქონდა იმ ოჯახიდან, აუცილებლად უნდა ჩართულიყო ამაში ფსიქოლოგი და ეს ვინმეს ყურამდე უნდა მისულიყო," - ამბობს არასრულწლოვნის დედა.

კატეგორია - ეთიკა
საავტორო სვეტები, პოლიტიკური სიახლეები, სოციალური თემები, რელიგია, სამართალი - „საქინფორმი" მკითხველს ამ რუბრიკებს როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე სთავაზობს. გამოცემა გამოირჩევა ანტიდასავლური განწყობების ტირაჟირებით.

კატეგორია - ეთიკა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან იყო დევნილი და თავს საქართველოში აფარებდა, დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობს, გაიტაცეს, რაშიც მონაწილეობას ქართული მხარეც იღებდა.