ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
14 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი „ქართველთა მარში“ ჩატარდა. ქსენოფობიური მსვლელობით, მონაწილეები უცხოელი არალეგალების საქართველოში ყოფნას აპროტესტებდნენ. ამბავი ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. თითქმის ყველა გაზეთს ჰქონდა გამოქვეყნებული მასალა ჩატარებულ მსვლელობაზე, სტატიების ძირითადი ნაწილი იყო ქსენოფობიური, შეიცავდა რესპონდენტთა მხრიდან დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, გამოხატული იყო პოზიტიური დამოკიდებულება ჩატარებული მარშის მიმართ და აღსანიშნავია, რომ არ მომხდარა ამ აზრების და განწყობების საწინააღმდეგო, დამაბალანსებელი თუ ალტერნატიული პოზიციის გაჟღერება.

მაგალითად, გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ქსენოფობიური მსვლელობა შეფასებულია „პატრიოტთა სულის გამოღვიძებად“ და „ეროვნული ღირსების დაცვად“. „ქართველმა ხალხმა ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და, როგორც მართლმადიდებლებს გვეკადრება, ეს ნაცლიბერალისტული გვამი სამუდამო განსასვენებელში ჩავაბრძანოთ“.

ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით გაზეთ „ალიაშიც“. სიტუაციის უფრო მწვავედ წარმოსაჩენად , ტექსტში ვკითხულობთ, რომ ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 10 % იქნება ქართველი, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სრულიად განსხვავებული სურათია გაზეთ „კვირის პალიტრასა“ და „ქრონიკა პლუსში“. აქ საერთოდ ვერ შევხვდებით ამბავს ჩატარებულ მარშზე, მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით ძალიან ზედაპირულად და მშრალად ეხება ჟურნალისტი მომხდარ ამბავს.

რაც შეეხება „რეზონანსს“, მართალია, არ იგრძნობოდა გამოცემის პოზიტიური დამოკიდებულება ქსენოფობიური მარშის მიმართ, მაგრამ გაზეთი იქცა სიძულვილის ენის ტრიბუნად. ძირითადად, გაჟღერებული იყო მარშისტების მოთხოვნები და კომენტარის სახით, გამოქვეყნებული იყო სანდრო ბრეგაძის დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი ფრაზები, რაზეც არ ყოფილა საპირისპირო, ალტერნატიული აზრი დაფიქსირებული არც გამოცემის და არც სხვა რესპონდენტების მხრიდან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად, მედიამ არა მხოლოდ თავად არ უნდა გამოიყენოს სიძულვილის ენა, არამედ უნდა გაემიჯნოს რესპონდენტების მხრიდან გაჟღერებულ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

კატეგორია - ეთიკა
„უზნეობა დემოტრაკიის სახელით,“ - ამ სათაურით „geworld-მა“ 19 ივლისს მორიგი ჰომოფობიური მასალა გამოაქვეყნა. სტატია იწყება შეკითხვით - „ევროპელობა გეობით განისაზღვრება?“ ავტორი ლგბტ ადამიანებს „პედერასტებად,“ „ორიენტაციააღრეულებად,“ „სოდომისტებად,“ „გახრწნილებად“ და „გარყვნილებად“ მოიხსენიებდა.

ტექსტში, გაურკვეველ კვლევაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ ლგბტ მშობლების გაზრდილ ბავშვებს „ფსიქიკის კარდინალური დარღვევები აღენიშნებათ“, რომ, თითქოს მათი უმეტესობა ლოიალურადაა განწყობილი ცოლქმრული ღალატისადმი, განსხვავებით, „ნორმალურ ოჯახებში“ აღზრდილი ბავშვებისგან.

„გარყვნილი დედის აღზრდილი ბავშვების 31 პროცენტი და გარყვნილი მამის მიერ აღზრდილი ბავშვების 25 პროცენტი იძულებით ჩაურთავთ სექსუალურ ურთიერთობაში (მათ შორის, მშობლებს). ჩვეულებრივ ოჯახებში ეს მაჩვენებელი 8 პროცენტს არ აჭარბებს,“ - ამ წინადადებით კი ავტორი ამტკიცებდა, რომ ოჯახური ძალადობა ჰომოსექსუალთა ოჯახებში გაცილებით ხშირია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, მედიას უნდა ესმოდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის (მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის გამო) თავიდან ასაცილებლად.
კატეგორია - ეთიკა
17 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ურაველში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ბეგლარ კაპანაძეს, მის მამას და შვილს სცემეს. კაპანაძე ცემაში “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებდა. თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, “იმედმა” და “TV პირველმა” 17 ივლისს დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქეს. ამ ამბის შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-ის მაყურებელი შეიტყობდა.
კატეგორია - ეთიკა
18 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ გოგოზე. სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ის ამჟამად გაუჩინარებულია. მასალის ავტორი, რესპონდენტებთან ერთად, მაყურებელს უყვება 18 წლის ახალგაზრდის პირადი ცხოვრების დეტალებს, იდენტიფიცირებულია მისი ვინაობაც და უფრო მეტიც, სიუჟეტში გამოყენებულია ამ გოგოსა და მშობლების შეხვედრისას გადაღებული კონფლიქტური სცენა. რამდენიმეწამიან კადრში ჩანს, რომ ის სასოწარკვეთილია.

გოგო რომ შესაძლო ძალადობის მსხვერპლია, საუბრობენ მისი მშობლებიც. კერძოდ, მათი მონაყოლის მიხედვით, ის 17 წლის ასაკში, მოტყუებით დააქორწინეს, უფრო კონკრეტულად კი, მისმა ბიძამ “გაყიდა”. ოჯახისა და ჟურნალისტის მონაყოლის მიხედვით კი მას ქმრის ოჯახი მონურ პირობებში ამყოფებდა.

18 წლის ახალგაზრდას მამა ინტერვიუში ასევე ამბობს: “რაც ცხოვრება დაენგრა, მას მერე ვერ აზროვნებს, სანამ გათხოვდებოდა, ასეთი პრობლემები არ ჰქონდა”.

მასალაში არ არის თავად ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის კომენტარი, როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, ის გაუჩინარებულია და შესაბამისად, მაუწყებელს ვერ ექნებოდა მისგან თანხმობა, მისი პირადი ცხოვრების გასაჯაროების შესახებ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა სრულად იყო იდენტიფიცირებული, ითქვა მისი სახელი და გვარი, გვიჩვენეს ვიდეოკადრები სადაც ის ჩანდა და დეტალურად მიმოიხილეს მისი პირადი ცხოვრება.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არ დაიწყო, რადგან თავად შესაძლო დაზარალებული ძალადობას უარყოფდა. რაც შეეხება სიუჟეტის დანარჩენ ნაწილს, შთაბეჭდილება რჩება, რომ ამბავში აქცენტი გაკეთებულია სკანდალსა და სანახაობაზე და - არა პრობლემის არსზე, კრიტიკულად არ არის შეფასებული გოგოს ოჯახის ქმედება, არ ჩანს კომპეტენტური სპეციალისტის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არის მიუღებელი და საზიანო ადამიანის მიმართ მსგავსი მოპყრობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. საკითხი ისე უნდა გაშუქდეს, რომ ზიანი არ მიადგეს მსხვერპლს, მის შვილებსა და ახლობლებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეკომენდაციას აძლევს მედიას, რომ მოერიდოს მსხვერპლის იდენტიფიცირებას, რადგან ამან შესაძლოა, დააზიანოს მსხვერპლი.

“კარგად გააანალიზეთ, დაცული იქნება თუ არა მსხვერპლის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მის ისტორიას მოჰყვებით. რესპონდენტის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია არათუ სახელის, გვარის და სახის დაფარვა, არამედ ისტორიის დეტალების შეცვლაც კი მოგიწიოთ”, - აღნიშნულია ქარტიის რეკომენდაციაში.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში კი ვკითხულობთ:

მუხლი 34. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი

მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

მუხლი 35. 3 მაუწყებლის მიერ მასალის მოპოვების მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს პროგრამის შინაარსის პროპორციული.

მუხლი 35. 6. ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.
კატეგორია - ეთიკა
15 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გავიდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის, ირაკლი კორძაიას ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან მართლაც გაიყვანეს. რესპონდენტი აღნიშნავდა, რომ მერაბიშვილის გაყვანაში საქართველოს მაშინდელი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, მსჯავრდებულის გაყვანის შესახებ ინფორმაცია მას მაშინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დაუდასტურა.

სიუჟეტი ამ თემაზე, ინტევრიუს გასვლიდან მეორე დღეს, კვირის “კურიერ P.S. -შიც” გავიდა. საკითხი ამავე დღეს გააშუქა “TV პირველის” დღის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამაც, თუმცა ვერ მოხვდა “მოამბისა” და “ქრონიკის” ვერც კვირის შემაჯამებელ გადაცემაში და ვერც ორშაბათის დღის მთავარ გამოშვებებში.

16 ივლისი, "კურიერ P.S", "იმედის კვირა", "კვირის მოამბე", "TV პირველის" დღის მთავარი გამოშვება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თემის გაშუქებას 16 ივლისის 4 საათიან გამოშვებაში 1 წთ და 16 წამი დაეთმო. აღსანიშნავია, რომ კადრ-სინქრონი ეხებოდა არა კორძაიას განცხადებას, არამედ მის განცხადებაზე ვანო მერაბიშვილის ადვოკატისა და “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის პასუხს. კახიძის სინქრონის დაწყებამდე კი წამყვანმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ადასტურებდა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას. თუმცა თავად მასალაში კორძაიას განცხადებას აღარ შეხებიან და არც მისი ინტერვიუდან მოგვისმენია ნაწყვეტი.

1 წთ და 6 წამი დაეთმო იმავე საკითხის გაშუქებას “იმედზე,” 16 ივლის 2 საათიან გამოშვებაში. მასალიდან მაყურებელი ვერ შეიტყობდა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ადასტურებდა, ამ ინტერვიუს შესახებ საერთოდ არაფერი თქმულა. მასალაში მხოლოდ, ოთარ კახიძის კომენტარი იყო, რომელიც ამბობდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეების დუმილი მოისყიდა და ხელისუფლებას, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოძიების დაწყების მოთხოვნისკენ მოუწოდებდა. ირაკლი კორძაიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ “იმედინიუსის” გვერდზე არის ხელმისაწვდომი.

ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს, შუაღამეს, ის #9 პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს და მიიყვანეს სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. მაშინ, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მსჯავრდებულს “ციხიდან გაყვანა მოელანდა”.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ციხიდან გაყვანის ფაქტი ნამდვილად მოხდა, რადგან:

ვანო მერაბიშვილი დამაჯერებლად და დეტალურად აღწერდა შემთხვევის დეტალებს;

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ევროსასამართლოს არ მიაწოდა ვიდეო კამერების ჩანაწერები, რასაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო ფაქტი;

მაღალი თანამდებობის პირები კერძოდ, პრემიერ-მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ეწინააღმდეგებოდნენ აპლიკანტის განცხადებების საფუძველზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას;

სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, დაადასტურა, რომ ამგვარ შემთხვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც იგი მალევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

სახელმწიფოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ამ შემთხვევის რაიმე სახის ყურადსაღები ახსნა.

ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასმართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრა.
კატეგორია - ეთიკა
პროპაგანდისტულმა რუსულმა მედიასაშუალებებმა “ქართველი ერის მუსლიმებისგან გადარჩენის ბრძოლის” კონტექსტში გააშუქეს მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში გამართული ქსენოფობიური “ქართველთა მარში”. საინფორმაციო წყაროების ნაწილში მარში წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ტრადიციების, მართლმადიდებლობისა და ქვეყნის გარყვნილებისგან დასაცავად გადადგმული მასშტაბური მოძრაობა. რუსულმა მედიამ, 14 ივლისის ქსენოფობიური მარშის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას “არა რუსულ ფაშიზმს”. აღნიშნული მოვლენა ისე გაშუქდა თითქოს, ათასობით ადამიანმა კვერცხები დაუშინა ანტირუსულ, პროევროპულ აქციას, რომელსაც სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები ატარებდნენ.

სტატიაში, რომელიც 14 ივლისის “ქართველთა მარშს” მიეძღვნა, რუსული მედიასაშუალება Lifenews ამბის მიმოხილვასთან ერთად წერს:

“საიდუმლო არაა, რომ ბოლო დროს თბილისის ცენტრში ბოლო წლებში გახსნილი ათეულობით თურქული და არაბული ბარი, კლუბი და მსგავსი დაწესებულებები, ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი მოქალაქეებისთვის სექს ტურიზმის არენას წარმოადგენს”.

ჟურნალისტი პარალელს ავლებს კუბასთან, სადაც ე.წ. მშრალი კანონის დროს, ბატისტას მმართველობისას, ამერიკელები კუბაში თავისუფალი გართობის მიზნით ჩადიოდნენ.

“სწორედ ასეთი ადგილი გახდა საქართველო თურქებისთვის, ირანელებისთვის, არაბებისა და ინდოელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ XVI–XVIII საუკუნეებში თურქებისა და ირანელების მმართველობა, და პირდაპირი მნიშვნელობით გაქრობისაგან, ისინი სწორედ რუსეთის იმპერიამ იხსნა”.

Lifenews-ის აღნიშნული სტატია არაერთმა სხვა რუსულმა მედიასაშუალებამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ქსენოფობიური “ქართველთა მარშის” რუსულ მედიაში გაშუქებას ახლდა, არის ის, რომ “საქართველოს აქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა უცხოელების ქვეყანაში შეშვების მიმართ და ბოლო დროს მნიშვნელოვნად მომრავლდა საჩივრები განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულთა მიმართ”. რა თქმა უნდა, ასეთ სტატიებში არ ჩანს არც კონკრეტული რიცხვები და ოფიციალური მონაცემები მსგავსი საჩივრების, ან უცხოელთა მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, იმ უცხოელებს შორის, რომლებმაც 2016 წელს დანაშაული ჩაიდინეს, რაოდენობით მეორე ადგილზე არიან თავად რუსეთის მოქალაქეები.

რამდენიმე მედიასაშუალებამ ინტერვიუ ჩაწერა შოთა აფხაიძესთან, რომელიც აღნიშნულ პუბლიკაციებში წარმოდგენილია როგორც “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორი.

შოთა აფხაიძე აღნიშნულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართველთა მარშს” საზოგადოების ძირითადი ნაწილი, მათ შორის ეკლესია უჭერდა მხარს. შოთა აფხაიძის ქსენოფობიური მოსაზრებების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორთა მომრავლების შემდეგ, ქვეყანაში იმატა ბავშვთა პორნოგრაფიისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის შემთხვევებმა. სხვა მოსაზრებების მსგავსად, აღნიშნულიც არ არის გამყარებული რაიმე ოფიციალური მონაცემებით და რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი მიზანმიმართულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას.

აფხაიძე ასევე საუბრობს აჭარის “თურქეთიზაციაზე” და “ოსმალების” გავლენის აღდგენაზე. აფხაიძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ეხება რუსეთსა და მის მხსნელად წარმოჩენას. შოთა აფხაიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ძმათამკვლელ ომს და ორივე მხარის შეცდომად აფასებს.

“თუმცა, გავიმეორებ, რუსოფობია, გარდა ლიბერალებისა, ჩვენთან არ არის. ქართველი ერისთვის რუსეთი მთლიანად მისაღებია. არის ძალიან მარტივი ფორმულირება: რუსი რწმენით ჩვენი ძმაა, რუსეთი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, უფრო პირიქით, რუსები ჩვენი მხსნელები არიან”.

შოთა აფხაიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა სადისკუსიო კლუბმა “კონსერვატორმა”. აღნიშნული კლუბი წერს, რომ “ქართველთა მარშზე” უცხოელების წინააღმდეგ თბილისში 150 ათასი ადამიანი გამოვიდა.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რუსულმა მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს “ქართველთა მარშის” წარმომადგენლების მიერ “ევროპული საქართველოს” მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებას. ახალი ამბების უმეტეს ნაწილში წარმოჩენილი იყო, თუ როგორი “საკადრისი პასუხი” გასცეს ქართველმა ნაციონალისტებმა “ლიბერალ რუსოფობებს”.
კატეგორია - ეთიკა
„ჯეჯელავა არ გაბედო და ქართველ ბავშვებს ეს ბინძური წიგნები არ გააკარო,“ - ამ სათაურით ქვეყნდება მასალა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 10-16 ივლისის ნომერში.

ტექსტი გაჯერებულია სიძულვილის ენის შემცველი ფრაზებით, ლგბტ თემი „პიდარასტებად“ და „ავადმყოფებად“, ხოლო მათი საქციელი „ცივილიზებულ გარყვნილებად“ არის მოხსენიებული: „დღეს ვემონებით , სოდომისტურ, ყველაზე ბილწ და უარეს სამყაროს, რომელიც შვილებს გვირყვნის და მომავალს გვისპობს. ჩვენ მიგვაღებინეს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომლის საფუძველზეც მამათმავლებს უფლება აქვთ, სკოლაში ბავშვებს ასწავლონ!“- ვკითხულობთ სტატიაში.

მასალაში მთავარი პათოსია ასევე ის, რომ „ ყველგან წითელთმიანი და მწვანეთმიანი ქალები სხედან -ლესბოსელებს, გენდერებს, მამათმავლებს მიჰყავთ პარადი“ და „თუ შენ, მაგალითად ბავშვს არ გაუშვებ რომელიმე გაკვეთილზე დასასწრებად, სოციალურ მუშაკი მოვა, რომელიც შეიძლება იყოს ლგბტ პირი, მოვა და წაგართმევს ბავშვს, აქაოდა შენს შვილს საბაზისო განათლების მიღების შანსს აკარგვინებო, “-ვკითხულობთ გაზეთში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპში ვკითხულობთ: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".
კატეგორია - ეთიკა
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 14 ივლისს გამართული ქსენოფობიური მსვლელობა „ქართველთა მარში“, რომლის მონაწილეებიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნას აპროტესტებდნენ, მედიის ინტერესის საგანი გახდა. თემა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში პირველივე ბლოკში გაშუქდა. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო გამოშვებების ნაწილში მარშის შესახებ ინფორმაცია და იქ გაჟღერებული დისკრიმინაციული მოწოდებები პირდაპირ, ყოველგვარი ალტერნატიული აზრის გარეშე შემოგვთავაზეს, რის შედეგადაც, ეთერი სიძულვილის ენის ტრიბუნად იქცა.

მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2–მა“ ქსენოფობიური მოტივებით გამართულ „ქართველთა მარშს“ 14 ივლისის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის 4 წუთი და 30 წამი დაუთმო. ფაქტები გადმოცემული იყო მშრალად, შეფასების გარეშე. არც წამყვანის ტექსტში და არც ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვისას არ ყოფილა მკაფიო განმარტება მაყურებლისთვის, რომ ტელეარხი ემიჯნება მარშის შესახებ მომზადებულ სიუჟეტში რესპონდენტთა ქსენოფობიურ მოსაზრებებს, ასევე, წარმოდგენილი არ ყოფილა ალტერნატიული მოსაზრებები და შეფასებები ამ მსვლელობის შესახებ.

„ორგანიზატორთა განცხადებით, ეს შეკრება არის ახალი, ქართული გამაერთიანებელი მოძრაობა, ლიდერების განცხადებით, ამ აქციით ისინი აფრთხილებენ ხელისუფლებას და კონკრეტულ მოთხოვნებსაც აყენებენ“, – ასეთი იყო ჟურნალისტის შესავალი ტექსტი. სიუჟეტში ასევე ჩასმულია აქციის ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის მოსაზრება: „აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს „სოროსისტული, ლიბერასტული იდეოლოგიისგან, რომელიც არის თავსმოხვეული“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.

სიუჟეტში ასევე დეტალურად იყო წარმოჩენილი ორგანიზატორთა მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში უნდა შეიზღუდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და შემოსვლის უფლება.

აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, გია კორკოტაშვილმა "კურიერის" ჟურნალისტს უთხრა: „ან შენს დედიკოს, ან შენს მეუღლეს, ან დას, ღამის ათ საათზე, ძმობას გაფიცებ, გამოუშვი რა პლეხანოვზე, აი, ხვალ, ზეგ, აი, მერე ხვალ შეიძლება ასხმული მოხვიდე და დააგდო ღორივით“. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ჩაეკითხა, მისი ოჯახის წევრს ხომ არ ჰქონია მსგავსი შემთხვევა, რაზეც კორკოტაშვილმა უარყოფითად უპასუხა და განმარტა, რომ მას ამის შესახებ სხვისგან სმენია.

"კურიერის" წამყვანებმა სიუჟეტის დასაწყისსა და დასასრულშიც თქვეს, რომ ეს იყო „ეგრეთ წოდებული ქართველთა მარში“, რაც საკმარისი არ არის რესპონდენტების ქსენოფობიური განცხადებების გასანეიტრალებლად. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ამბების გაშუქებისას გამიჯვნა იყოს მკაფიო ან თავად ჟურნალისტის ტექსტით, ან სხვა, ალტერნატიული შეფასებების წარმოდგენით.


ასეთივე იყო თემის გაშუქება TV „პირველის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ჟურნალისტი მოვლენის ადგილიდან ჩაერთო და გაგვაცნო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, მოვისმინეთ ორგანიზატორთა ინტერვიუებიც, რაც სიძულვილის ენას შეიცავდა. მაყურებელს TV პირველმა ქსენოფობიური მარშის შესახებ ინფორმაცია და ორგანიზატორთა დისკრიმინაციული მოსაზრებები პირდაპირ, ყოველგვარი ალტერნატიული, კრიტიკული აზრის გარეშე შესთავაზა, რითიც საკუთარი ეთერი შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის ტრიბუნად აქცია.

ქსენოფობიური მარში ფართო განხილვის საგანი გახდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ „ღამის სტუდიაშიც“ , წამყვანმა ნინო რატიშვილმა ჯერ მარშის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი საკითხზე მსჯელობა სტუმრებთან, გუბაზ სანიკიძესთან და მამუკა არეშიძესთან ერთად განაგრძო. მთელი გადაცემის განმავლობაში როგორც სტუმრების, ისე წამყვანის მხრიდან ისმოდა ქსენოფობიური გამონათქვამები.

განსხვავებული იყო გაშუქება 8 საათიან „მოამბესა“ და „ქრონიკაში“. საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მართალია, აჩვენებს ქსენოფობიური მოწოდებების შემცველი ინტერვიუები, მაგრამ პირდაპირი ჩართვის შემდეგ, წამყვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაუწყებელი ემიჯნება და არ ეთანხმება მასალაში გაჟღერებულ მოწოდებებს.


„ქრონიკაში“ რედაქცია ამ ფორმით არ გამიჯვნია ქსენოფობიას, თუმცა, აღმაშენებლის გამზირიდან ჟურნალისტის ჩართვისა და მარშის მონაწილეთა ინტერვიუების შემდეგ, მაყურებელს შესთავაზეს ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის, „გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის და EMC-ს წარმომადგენელ ნონა ქურდოვანიძისა კომენტარები, რომლებიც აკრიტიკებდნენ გამართულ მარშს და პირდაპირ უწოდებდნენ მას ქსენოფობიურს, ისინი ხაზს უსვამდნენ მსვლელობისა და რუსული სპეცსამსახურების შესაძლო კავშირს. შესაბამისად, „ქრონიკას“ მარში და იქ გაჟღერებული ქსენოფობია უალტერნატივო აზრად არ შეუთავაზებია საკუთარი აუდიტორიისთვის.


როგორ უნდა გააშუქოს მსგავსი საკითხები მედიამ ისე, რომ არ იქცეს სიძულვილის ენის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის ტრიბუნად? მაუწყებელთა ქცევის კოდექსსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე -7 მუხლში განმარტებულია, რომ ჟურნალისტმა არათუ თავად არ უნდა გამოიყენოს დისკრიმინაციული გამონათქვამები, არამედ რესპონდენტებსაც არ უნდა მისცეს სიძულვილის ენის ტირაჟირების საშუალება. მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ გამოთქმული დისკრიმინაციული მოსაზრებები არ არის მედიასაშუალების პოზიცია, ჟურნალისტმა კრიტიკული კითხვები უნდა დაუსვას რესპონდენტს.

ისეთი საჯარო ინტერესის მქონე თემებზე მუშაობისას, როგორიც 14 ივლისის ქსენოფობიური მარშია, მნიშვნელოვანია, რომ გაშუქება მხოლოდ ფაქტის მშრალი აღწერით და მონაწილეთა ქსენოფობიური მოსაზრებების ტირაჟირებით არ შემოიფარგლოს, მედიასაშუალებამ ან მკაფიოდ უნდა გამოხატოს თემის მიმართ სარედაქციო მიდგომა, აღნიშნოს, რომ მსვლელობა ქსენოფობიური შინაარსისაა, თქვას, რომ რედაქცია ემიჯნება მის შინაარსს, ან სულ მცირე, მაყურებელს სხვა რესპონდენტების საშუალებით მაინც უნდა შესთავაზოს ალტერნატიული პოზიციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთიკური სტანდარტების მიხედვით, ეთერი გამოყენებული იქნება შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციული ენის ტირაჟირებისთვის.

ფოტო: On.ge
კატეგორია - ეთიკა
14 ივლისს დაგეგმილ „ქართველთა მარშს“, ქსენოფობიურ აქციას, რომლის ძირითადი მოთხოვნაა „ ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია“ ქსენოფობიური მასალა მიუძღვნა გაზეთმა „ალიამ.“ გაზეთში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ერთ-ერთ ორგანიზატორთან, სანდრო ბრეგაძესთან, რომელიც დისკრიმინაციულ გამოთქმებს იყენებს უცხოელების და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიმართ.

დოკუმენტების გაყალბება, სხვადასხვა სახის კრიმინალური დანაშაული, არასრულწლოვნების გარყვნა, დაკავშირებულია მათთან: „გაივსო ეს ქვეყანა არალეგალი არაბებით, ირანელებით, ჩინელებით, პაკისტანელებით.“ - ვკითხულობთ გაზეთში.

გაზეთ „ალიას“ ამავე ნომერში გამოქვეყნებულია მასალა: „საქართველოში ინდოელთა რამდენიმე დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიულ ფილმებს იღებს და შემდეგ მას ევროპაში ასაღებს!“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე- 7 პრინციპი: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".

„დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს“ - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც კრიმინალთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ეხება.
კატეგორია - ეთიკა
ქსენოფობიურ მსვლელობას, ე.წ. „ქართველთა მარშს“ , რომლის ძირითადი გზავნილია: „ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია,“ უკვე არა ერთი მასალა მიუძღვნა ბეჭდურმა მედიამ. მათ შორისაა „ასავალ-დასავალი“, რომლის მასალებიც ერთი მხრივ, მკითხველს მოუწოდებს, შეუერთდეს მარშს, მეორე მხრივ კი გაჯერებულია ქსენოფობიითა და დისკრიმინაციული ენით

ეს ის ძირითადი ფრაზებია, რასაც რესპონდენტების ტექსტებში ვაწყდებით:

√ „აზიური ქვეყნებიდან უამრავი არალეგალია ჩამოსული, სახლებს ყიდულობენ და ქართველების ადგილს იკავებენ“.

√ „საქართველო ტურიზმის კიარა, სექსტურიზმის ქვეყნად აქციეს“.

√ „18 წლის შვილი მყავს, ქუჩაში რომ გავიდეს, მეშინია, ვიღაც თურქი ან არაბი არ აეკიდოს“.

√ „აქვე ახლოს გზას თხრიან, ერთი ქართველიც არ დაასაქმეს, სულ თურქები არიან ესენი საქართველოს ხეირს დააყრიან?“

√ „ასე თუ გაგრძელდა აღმაშენებლის გამზირზე, ქართველი ვეღარ იცხოვრებს.“

√ „აღმაშენებლის გამზირზე არაბთა, თურქთა და ერაყელთა პარპაში უნდა შეწყდეს. ძალიან გათავხედებულები არიან, ახალგაზდებს რყვნიან, გაიხედავ და მშვენიერი ქართველი გოგონა თურქსა და არაბს მიჰყვება“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე- 7 პრინციპი: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეტერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".
კატეგორია - ეთიკა
გასაკვირი არ არის, თუ რატომ ხარჯავს რუსეთის ხელისუფლება მილიონებს საკუთარი პროპაგანდისტული მანქანის გამართულად მუშაობისთვის მთელს მსოფლიოში. ეს მიზნები განსაკუთრებით ცხადია ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე, მის მოსაზღვრე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. თუმცა, ამის პარალელურად ჩნდება კითხვა, რა ესაქმება რუსეთს ლათინური ამერიკის ქვეყნებში? რატომ იხარჯება მილიონები ამ ქვეყნებში როგორც რუსული პროპაგანდისტული მანქანის გასაძლიერებლად, ისე – სამხედრო-ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად? რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი მრავალფუნქციური მედიასაშუიალება „სპუტნიკი“ მსოფლიოს 30-მდე მეტ ენაზე მაუწყებლობს ამდენივე რეგიონსა თუ ქვეყანაში, მათ შორის ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ასევე, მრავალმილიონიან აუდიტორიაზე წვდომა აქვს ტელეარხ Russia Today-ს, რომელიც ხუთ ენაზე მაუწყებლობს.

ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯეიმს კელი, წლების განმავლობაში აშშ-ს სამხრეთის სარდლობას ედგა სათავეში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, 2015 წელს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის მიწოდებულ განცხადებაში დაწერა, რომ 2008 წლის შემდეგ, ლათინურ ამერიკაში, რუსეთი პერიოდულად ზრდის თავის წარმომადგენლობას როგორც პროპაგანდის, ისე – სამხედრო შეიარაღების მიწოდების, ვაჭრობისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით. კელი მიიჩნევს, რომ პუტინის მმართველობის ქვეშ, რუსეთი დაუბრუნდა ცივი ომის ტაქტიკას და წინამორბედის, საბჭოთა კავშირის მსგავსად, დაიწყო კავშირების გამყარება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ეს ეხება აშშ-სთან ახლომდებარე სახელმწიფოებს, მათ შორის, კარიბის აუზის ქვეყნებს. 1960–იან წლებში, აქ დაძაბულობამ იმდენად იყო გაზრდილი, რომ პლანეტის ორი სუპერსახელმწიფო ბირთვული დაპირისპირების საფრთხის წინაშეც კი დადგა.

ლათინური ამერიკის მიმართულებით მომუშავე ანალიტიკური მედიასაშუალება Americas Quarterly წერს, რომ რუსეთმა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერება განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციისა და დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შემდეგ, დაიწყო. მანამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს, რუსეთმა საერთაშორისო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში ჩაწერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ლათინურ ამერიკასთან მჭიდრო კავშირების დამყარება. რუსეთი უკვე წლებია ფინანსურად ეხმარება ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს – ნიკარაგუასა და ვენესუელას, სანაცვლოდ კი მათგან საერთაშრისო დონეზე მხარდაჭერასაც იღებს სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და ყირიმის ოკუპაციის კანონიერად აღიარების სახით. რაც შეეხება ბრაზილიას, არგენტინასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებს, აქ რუსეთის გავლენა, თუნდაც, ექსპორტის კუთხით, ჩინეთისას ბევრად ჩამორჩება, თუმცა რუსეთი მაინც ცდილობს, რომ მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავოს ენერგეტიკაში ინვესტირების ასევე, სამხედრო შეიარაღების მიწოდების სფეროში პოზიციების გამყარების კუთხით. რუსეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია პოზიციების გამყარება საინფორმაციო სივრცეშიც და მას არც ამ მიმართულებით ენანება მნიშვნელოვანი რესურსის ხარჯვა.

„სპუტნიკი ბრაზილია“ ერთ-ერთია ამ რუსული მედიაგიგანტის 30-მდე ფილიალს შორის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია მოდებული. მიზანიც ამ შემთხვევაში ადგილობრივი საზოგადოებისთვის ალტერნატიული, კრემლის პოლიტიკისთვის სასურველი ფაქტების, ინტერპრეტაციებისა და მოსაზრებების მიწოდებაა, რასაც შეიძლება, ოდესმე პოლიტიკური შედეგიც მოჰყვეს.

„სპუტნიკი ბრაზილია“ ნებისმიერ საერთაშორისო მოვლენას რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების დაცვით აშუქებს, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როცა ამბავი ეხება რუსეთის ურთიერთობებს ნატოსთან, ევროკავშირთან, ასევე კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში და რა თქმა უნდა, ყირიმის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. „სპუტნიკის“ ბრაზილიური ოფისი მომხარებელს ხშირად სთავაზობს ამ მოვლენების ანალიზს რუსი, ან პრორუსი ექსპერტების მხრიდან.

ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ეხება “ამერიკის საგარეო პოლიტიკის სულელურ შეცდომებს“ რუსეთის პოლიტიკის მიმართ, საუბარია ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ კოსოვოს აღიარებაზე, რომელიც სახელმწიფოების ნაწილსა და გაეროს ჯერ ოფიციალურად არ უღიარებიათ. ამავე კონტექსტში სტატიაში ნათქვამია, რომ დასავლეთს არ აქვს მორალური უფლება რუსეთს უსაყვედუროს ყირიმისა და საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გამო.

„პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ თქვა, რომ რუსეთმა საკუთარ თავს არ უნდა მისცეს ევროპის საზღვრების შეცვლის უფლება იარაღის მუქარით. სამწუხაროდ, არცერთ ჟურნალისტს არ მოსვლია აშშ-ს პრეზიდენტისთვის ეკითხა, რას ფიქრობდა ის კოსოვოში ნატოს ქმედებებზე“, – წერს „სპუტნიკი ბრაზილია“. ამავე პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „კოსოვოს ცალმხრივი აღიარებისგან განსხვავებით, რუსეთთან შეერთებას ყირიმელთა 96-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი“. სტატიაში ნახსენებია 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი და აღნიშნული ფაქტიც, სხვების მსგავსად, რუსული ინტერპრეტაციითაა მიწოდებული.

„სპუტნიკი ბრაზილია“ ასევე აქტიურად აშუქებს რუსული სამხედრო მრეწველობისა და ახალი საბრძოლო იარაღების გამოცდის „მიღწევებს“, აშშ-უკრაინის ერთობლივ წვრთნებს შავ ზღვაში პროვოკაციად აფასებს.

რუსული პროპაგანდისტული მანქანის მეთოდები და გზავნილები, შეიძლება, რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით იცვლებოდეს, საქართველოში უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს კულტურასა და ხელოვნებაზე, სხვა ქვეყნებში – ვაჭრობასა და სამხედრო შესაძლებლობებზე, სხვაგან – საარჩევნო პროცესში ქაოსის გამოწვევაზე, თუმცა, ამ ყველაფერს ერთი საერთო აქვს – ალტერნატიული, რუსული რეალობის შექმნა, რომლის საბოლოო მიზანი კრემლისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევაა.
კატეგორია - ეთიკა
10 ივლისს ცნობილი გახდა იუნესკოს 41-ე სესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გელათი საფრთხის წინაშე მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობიის სიიდან ძირითად ნუსხაში დაბრუნდა, ბაგრატის ტაძარი კი ამ ნუსხის მიღმა დარჩა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც ბაგრატის და გელათის ტაძრები 2010 წელს ძირითადი ნუსხიდან ამოიღეს, 2009 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ 2012 წელს იუნესკო წინასწარ შეფასებაში აღნიშნავდა, რომ “სამუშაოებმა, რომელიც ბაგრატის ტაძარზეა ჩატარებული, გადაფარა ტაძრის პირველადი ავთენტურობა, ამიტომაც ბაგრატის ტაძარი ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო”.

10 ივლისს იუნესკოს გადაწყვეტილება გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და TV პირველის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა სიახლე ვერ მოხვდა 9 საათიან “კურიერში”.