ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
27 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამოაქვეყნა 2011-2016 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ კვლევა, რასაც „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ სიუჟეტები მიუძღვნეს, თუმცა, მკვეთრად განსხვავებული კუთხით წარმოაჩინეს.

კვლევაში მოყვანილი მონაცემები IDFI-მ 2015 წლის მარტში გამოითხოვა, მაგრამ მისი მიღება 2017 წლის ივნისში მხოლოდ სასამართლოს სამი ინსტანციის გავლის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართვით შეძლო. კვლევაში მიმოხილული იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ხელფასების, პრემიებისა და დანამატების, წარმომადგენლობითი და ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო თანხები. კვლევაში ერთი ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობრივ სარგოსაც ეხებოდა.

რა გააშუქა რუსთავი 2-მა?

IDFI-ს კვლევით „რუსთავი 2“ გამოქვეყნების დღესვე დაინტერესდა და საკითხი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა. ჟურნალისტმა საუბარი სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გაცემისას წარმოქმნილ დარღვევებზე საუბრით დაიწყო. ამის მაგალითად კი 2014 წელს ეკონომიკის მინისტრის (ამჟამად პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის) სახელფასო ანაზღაურების შესახებ IDFI-სთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და დეკლარაციას შორის უზუსტობა დაასახელა.

სიუჟეტიდან მაყურებელი იგებდა, რომ სამინისტროს ხარჯებზე ინფორმაციის მისაღებად IDFI-ს სამი წელი და სამი ინსტანციის სასამართლო დავა დასჭირდა. აქვე განმარტებული იყო, რომ ამის მიუხედავად უწყება ფაქტებს მაინც მალავდა.

მასალიდან ცნობილი ხდებოდა, რომ კვირიკაშვილის მინისტრობის დროს ეკონომიკის სამინისტროს ჩინოვნიკებზე გაცემული პრემია-დანამატები ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. სიუჟეტში ასევე ნათქვამი იყო, რომ სამინისტროს მიერ გაცემული პრემია-დანამატების შესახებ მანამდე გასაჯაროებულ ინფორმაციასა და უწყების მიერ IDFI-ისთვის მიწოდებულ მონაცემებს შორის სხვაობა 300 000 ლარია. კვლევაში კი აღნიშნულია, რომ სხვაობა 205 ათასი ლარი იყო.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სიუჟეტში ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სამინისტრო მიერ რესტორნებსა და საჩუქრებში დახარჯული თანხებია. გარდა ამისა, მასალაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ კვირიკაშვილის მინისტრობის დროს „რეკორდი მოიხსნა“ და 2011 წლიდან დღემდე ყველა წინა და მომდევნო მინისტრზე მეტი დაიხარჯა მივლინებაში.

რა გააშუქა იმედმა?

„რუსთავი 2-სგან“ განსხვავებით, რომელმაც აქცენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაზრდილ ხარჯებზე გააკეთა, ტელეკომპანია „იმედმა“ IDFI-ს კვლევა განსხვავებული კუთხით გამოიყენა და შეეცადა აუდიტორიისთვის ეჩვენებინა ეკონომიკის სამინისტროს ხარჯვის მიზნობრიობა.

30 ივლისს გადაცემა „იმედის კვირაში“ ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტის დასაწყისშივე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯებიც გაიხსენეს, რომელიც IDFI-ს კვლევაში საერთოდ არ ფიგურირებდა.

„მისთვის [მიხეილ სააკაშვილისთვის] ხალხზე უფრო მნიშვნელოვანი პირადი კომფორტი იყო. მასაჟი, საუნა, ბოტოქსი, პიჯაკი და მსოფლიოს ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენება სახელმწიფოს ხარჯზე, სააკაშვილისთვის კანონდარღვევა არ იყო“, - აღინიშნა სიუჟეტის წარდგენისას .

იმ დროს, როდესაც წამყვანი მიხეილ სააკავშვილის ხარჯების არამიზნობრიობაზე საუბრობდა, ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებს „ქამრების შემოჭერის შთამბეჭდავ ეფექტს“ უწოდებდა. სიუჟეტში კი საუბრობდნენ ხარჯების პოზიტიურ ტენდენციებზე, შემცირებული სახელფასო, სამივლინებო, სატელეფონო, საწვავის, როუმინგის და ავტოპარკის განახლების ხარჯებზე.

გარდა ამისა, სიუჟეტში ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მიერ 2014 წელს გაღებულ წარმომადგენლობით ხარჯებზე. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სიუჟეტში ხარჯებს წარმატებული მოლაპარაკებებით ასაბუთებდა. ამავე მიზეზით ხსნიდა მინისტრის მოადგილე პრემია-დანამატების „უმნიშვნელო ზრდას“ 95 ათასი ლარით. რეალურად კვლევაში ნათქვამია, რომ 2014 წელს პრემია-დანამატები 2011 წელთან შედარებით გაიზარდა 994 162 ლარით.

სიუჟეტის ბოლოს აქცენტი კვლავ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხარჯების ოპტიმიზაციაზე გაკეთდა.

ამ თემაზე საუბარი ისე დასრულდა, არ უხსენებიათ რომ კანონით გათვალისწინებული 10 დღის ნაცვლად IDFI-მ ინფორმაცია 3 წლის შემდეგ მიიღო.
კატეგორია - ეთიკა
28 ივლისის “მოამბის” მთავარ გამოშვებაში სიუჟეტი ქართულ მედიაგარემოში არსებულ სიტუაციას მიეძღვნა. ამბის საინფორმაციო საბაბი გახდა ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც საქართველოში არსებულ ისეთ პრობლემურ საკითხებთან ერთად, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ა.შ, მედიის გაუარესებულ მდგომარეობაზეც იყო საუბარი. ნახსენები იყო საზოგადოებრივი მაუწყებელიც.

„მოამბე“ ამ წერილიდან მხოლოდ მედიაგარემოს ნაწილით დაინტერესდა და მომზადებულ სიუჟეტში ისე წარმოაჩინა, თითქოს ქვეყანაში მედიაგარემო არათუ გაუარესდა, არამედ პირიქით, გაუმჯობესდა, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა კი უსაფუძვლოა.



არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ სამი სამაუწყებლო კომპანია („იმედი“, „მაესტრო“ და „GDS“) მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით. მსგავს კავშირებზე იყო საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტთან დაკავშრებითაც. იქვე აღნიშნული იყო, რომ ალტერნატიული კრიტიკული აზრი მხოლოდ ერთადერთი ნაციონალური მაუწყებელიდან, „რუსთავი 2-დან“ ისმის, რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის და ჩართულია მისი საკუთრების საკითხზე წარმოებულ სამართლებრივ დავაში.

“რატომ არ მოსწონს არასამთავრობო სექტორს საქართველოში არსებული მედიაგარემო და რა პრეტენზიები აქვთ მათ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით - ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი „მოამბემ“ დღეს ვერ მიიღო”, - ამბობს გადაცემის წამყვანი შესავალში და დასძენს, რომ გზავნილის ხელმომწერთა უმრავლესობა „მოამბესთან“ აღნიშნავდა, რომ წერილის შინაარსს არ იცნობს, ან არ სურს კომენტარის გაკეთება.

მსგავსი შინაარსის ტექსტი ჰქონდა სიუჟეტის ავტორსაც, თუმცა, მასალიდან ირკვევა, რომ 24 ხელმომწერი ორგანიზაციიდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არა უმრავლესობასთან, არამედ 5 მათგანის წარმომადგენელთან სცადა დაკავშირება, საიდანაც საკითხზე ორმა მათგანმა ისაუბრა. სამმა კი კომენტარი არ გააკეთა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაზე რესპონდენტს, ISFED-ის ხელმძღვანელ მიხეილ ბენიძეს, “კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუმცა აქვს ეჭვები, რომელსაც ჯერ ფაქტებით ვერ ასახელებს”. არადა, ჟურნალისტის ამ ტექსტის შემდეგ, რესპონდენტი პრობლემის საილუსტრაციოდ, ასახელებს, რომ მაგალითად, გუშინ მოკრა თვალი, (იგულისხმება 26 ივლისის გამოშვება) რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში NDI-ს კვლევა “მოამბემ” არ გააშუქა. ჟურნალისტი იქვე ეკამათება რესპონდენტს და ამბობს: “არა, იყო ნამდვილად, 20 საათიან გამოშვებაში”. იმ გამოშვებაში, რომელსაც რესპონდენტი გულისხმობს, ეს თემა "მოამბეს" მართლაც არ გაუშუქებია. ჟურნალისტის ამ რეპლიკით კი ისე აღიქმებოდა, თითქოს რესპონდენტი ცრუობდა.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ რესპონდენტების კრიტიკის უსუსურობაში აუდიტორიის დარწმუნებას შეეცადა, ჟურნალისტი ზოგადად მედიაგარემოს მიმოხილვაზეც გადავიდა. სიუჟეტიდან იკვეთება, რომ მედიაპლურალიზმი ავტორს მხოლოდ მაუწყებლობის შესაძლებლობის გამარტივება და არხების სიმრავლე ჰგონია. იმავე მოსაზრებებს გამოთქვამენ რესპონდენტები: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, ისინი ამბობენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, იმატა მაუწყებელთა რაოდენობამ. ამით მაყურებელს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რადგან ახლა მაუწყებლების რაოდენობა მეტია, შესაბამისად მედიაპლურალიზმის კუთხით ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა, არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები და მათ მიერ გაგზავნილი წერილი კი არაკომპეტენტურია.

იმის საჩვენებლად, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემები არ არის, ჟურნალისტი საკუთარ ტექსტში წინა ხელისუფლების (ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე) და ახალი ხელისუფლების (ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ) პერიოდებს ადარებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაუწყებლების სიმრავლეს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მაუწყებელთა რაოდენობა ავტორიზაციის გამარტივებული პროცესის გამო გაიზარდა, თუმცა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგაც გვაქვს კვლავ ორი დიდი კერძო ნაციონალური მაუწყებელი - “რუსთავი 2”, “იმედი”, აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე იყო. ახლადშექმნილი მაუწყებლები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რას ცვლის მედიაში პოლიტიკური გავლენების, პოლარიზების, პლურალიზმის კუთხით სიუჟეტში დასახელებული ფაქტი ახალი მაუწყებლების დაფუძნების შესახებ და რატომ იყო წარმოჩენილი მაუწყებელთა რაოდენობის ზრდა მედიაგარემოს გაუმჯობესების საილუსტრაციოდ.

საერთო ჯამში, სიუჟეტის ყურების შემდეგ, მაყურებელს ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქარველოში კარგი მედიაგარემოა, რაზეც მეტყველებს მედიასაშუალებების რაოდენობის ზრდა. მედიაგარემოს შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიები კი უსაფუძვლო, შეცდომაში შემყვანი და არაკომპეტენტურია.

მედიაგარემოსთან დაკავშირებული თემები სიუჟეტში ისე მიმოიხილეს, რომ საერთოდ არ აღუნიშნავთ ბოლო პერიოდში მედიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები: სამი ტელეკომპანიის „იმედის“, „მაესტროსა“ და „GDS-ის“ გაერთიანება და „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივი დავები, რასაც მედიაგარემოს გაუარესებაზე საუბრისას 24 არასამთავრობო ორგანიზაციაც აღნიშნავდა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში.
კატეგორია - ეთიკა
26 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილის შედეგები წარმოადგინა. ამ ნაწილში საუბარი იყო ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის თემებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კვლევის შედეგები 26 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ვერ მოხვდა, თუმცა ის გააშუქეს, რუსთავი 2-ის, იმედისა და TV პირველის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებებმა.

კითხვარს შორის მოხვდა ისეთი აქტუალური საკითხები, რომლის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მათ შორისაა საკონსტიტუციო რეფორმა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არსებული სასჯელი. მათგან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა კვლევის გასაჯაროების დღეს დაძლია.

კვლევიდან ირკვეოდა, რომ გამოკითხულთა 44%-მა არ იცოდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქი უქმდებოდა, 59%-სთვის კი მიუღებელი იყო ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება და ერთი ხელმძღვანელის არსებობა. საერთო ჯამში ამ ცვლილებას ქვეყნისთვის უარყოფითი გავლენის მომტანად 45% აფასებდა.

NDI-ის კვლევით გაირკვა, რომ გამოკითხულთა 60%-მა არ იცის საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. იმ ადამიანებიდან ვინც იცოდა (32%) რეფორმის შესახებ, ნახევარზე მეტი (59%) ამბობდა, რომ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების პირად მოხმარებასთან არსებულ დანაშაულს: გამოკითხულთა 57% მიიჩნევდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს ციხეში არ უნდა იხდიდნენ.

კატეგორია - ეთიკა
„ქართველთა მარში“, „ქალთა სოლიდარობის მარში“ , „არა რუსულ ფაშიზმს“ ეს ის აქციებია, რომელთა გაშუქებას „ასავალ-დასავალი“ ძალიან ბევრ სტატიას უძღვნის. გაშუქებისას მკაფიოდ იკვეთება დადებითი შეფასებები და მხარდაჭერა ქსენოფობიური მარშის მიმართ. ტექსტები შეიცავს ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებს.

გაზეთში გვხვდება ფრაზები, სადაც „ქალთა სოლიდარობის მარშის“ აქტივისტებს ჟურნალისტი „პედერასტებად“ „მამათმავლებად“ და „ასო-ლიბერასტებად“ მოიხსენიებს:

● „აი ეს არის 19 ივლისის გეი-აქციის ერთ-ერთი მთავარი კულმინაცია: ვიღაც წვეროსანი ლგბტ ფერებით შეღებილი „ქართული მარშის“ სიმბოლიკით -ჯვრით!“

● „ანუ ეს მამათმავალი დადის მთავრობის მიერ გახსნილ საზაფხულო ბანაკებში და იქ რყვნის ჩვენს შვილებს!“

● „ქართველთა მარშმა“ უნდა გადაუაროს მეძავთა საროსკიპოებს და პედერასტთა სამყაროს, რომელიც ჩვენს სივრცეში შემოიჭრა“

გარდა ჰომოფობიური გამონათქვამებისა, „ასავალ-დასავალის“ ამავე ნომერში შევხვდებით ქსენოფობიასაც: „რადიკალური ზომები უნდა იქნას მიღებული ერის რეაბილიტაციისათვის! უნდა ამოქმედდეს ქართველების საკუთარ მამულში დაბრუნების პროგრამა, თორემ ხომ ხედავთ, თვალსა და ხელს შუა მათ ადგილს არაბები, მონღოლები, თურქები, ირანელები იკავებენ“.

მრავლად შეგხვდება ასევე თურქოფობიური ტექსტებიც, სადაც თურქეთის სპეცსამსახური დაკავშირებულია „ქართველთა მარშის“ საწინააღმდეგო აქციის ჩატარების ორგანიზებასთან, აქვე უკონტექსტოდაა ნახსენები ყარსის ხელშეკრულებაც და თურქეთი ჩვენს პოტენციურ დამპყრობლადაა წარმოჩენილი: „თურქეთის ნომერ პირველი ამოცანაა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ლიკვიდაცია მოახდინოს და აჭარა მიიერთოს,“-ვკითხულობთ გაზეთში.
კატეგორია - ეთიკა
„ირანელს ბარი მივაქირავე და ბორდელად მიქცია და ვერც ვაგდებ იქედან!!!“ - ამ სათაურით ქვეყნდება მასალა გაზეთ „ალიას“ 24-30 ივლისის ნომერში. მასალაში გამოქვეყნებულია ინტერვიუ რესპონდენტთან, რომელიც ირანელებს თაღლითობაში და ცემაში ადანაშაულებს. მასალა მოწოდებულია ცალმხრივად, ისმის მხოლოდ ერთი მხარის ბრალდებები, ტექსტი დისკრიმინაციულია და შეიცავს სიძულვილის ენას.

გარდა ამ მასალისა, „ალიას“ ამავე ნომერში გამოქვეყნებული მასალა ეხება ქვეყანაში ბოლო დროს სადემონსტრაციო აქტივობებთან („ქართველთა მარში“, „ქალთა სოლიდარობის მარში“) დაკავშირებულ საკითხებს, სადაც უცხოელები ქსენოფობიურ კონტექსტში არიან მოხსენიებული: „ხარაგაულში დღეს ჩინელები ლამის უმრავლესობაში არიან, დაგვცინიან, მალე ხარაგაულის მერი ჩვენიანი ჩინელი იქნებაო“.

„კი გათამამებული არიან თურქები საქართველოში, გათამამებული არიან ირანელები, არაბები და ყველა უცხოეული გათამამებულია, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის, ისინი იქამდე გათამამდებიან და წავლენ თავს, რამდენის ნებასაც მისცემს მათ ხელისუფლება.“-ვკითხულობთ გაზეთში.
კატეგორია - ეთიკა
14 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ქსენოფობიური მსვლელობა ე.წ. „ქართველთა მარში“ მოეწყო. მსვლელობით აქციის მონაწილეები ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნას აპოტესტებდნენ და ხელისუფლებისგან საიმიგრაციო კანონისა და უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრებას მოითხოვდნენ.

ორგანიზატორებისთვის ღია ტრიბუნის დათმობით, ქსენოფობიური მარშის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი მედიამაც შეიტანა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაცემების ნაწილის მიზანი ე.წ. ქართველთა მარშის შესახებ პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის შექმნა იყო. მარშამდე ორი დღით ადრე, მის ორგანიზატორებს ტელეკომანიებმა „იბერიამ“ და „ობიექტივმა“ სრული თავისუფლება მისცა. პირდაპირი ეთერის საშუალებით ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები ნაციონალისტურ-შოვინისტური პათოსით გამსჭვალული ტექსტებით საზოგადოებას მსვლელობაზე მისვლისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ.

ტელეკომპანია „იბერიაზე“ ტოქშოუ „ფაბრიკას“ 13 ივლისის თემა სწორედ ე.წ. „ქართველთა მარში“ იყო. გადაცემის წამყვანმა ლალი მოროშკინამ თავშივე აღნიშნა, რომ მარშის ორგანიზატორები მისი მეგობრები არიან და ზუსტად იცის, რომ მათი მარში მიმართული არ არის არც არაქართველების წინააღმდეგ და არც ტურისტების წინააღმდეგ. მან იქვე გულისწყვეტაც გამოხატა, რომ ხშირად, მისი მეგობრები ფაშისტებად გამოჰყავთ და რომ ეს ასე ნამდვილად არ არის.

გადაცემაში ქართველთა მარშის ორგანიზატორებმა იმ „საფრთხეებზე“ ისაუბრებს, რომელსაც მათი რწმენით, ქვეყანაში ე.წ. არალეგალი უცხოელი ემიგრანტები ქმნიან. ერთ-ერთმა სტუმარმა სანდრო ბრეგაძემ ისიც აღნიშნა, რომ მათი მასიური ჩამოსახლება ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წლების წინ მიზანმიმართულად დაიწყო. მანვე პირობა დადო, რომ მალე არალეგალ თურქებს და არაბებს დეპორტის სახით საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ და საქართველოში ქართველი კვლავ იქნება, როგორც მასპინძელი და არა ეთნიკური უმცირესობა. მათივე თქმით, თუკი ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა, მალე საქართველო უცხო ტომელებით, ან ბოკერიასნაირი მანქურთებითა და მუტანტებით იქნება დასახლებული.

გადაცემაში გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით, საუბარი იყო მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს მთავრობის მისამართით გამოთქმულ მუქარებზეც, რომ თუკი ე.წ. „ქარველთა მარში“ ბათუმშიც გაიმართებოდა, ისინი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საზღვარს გადმოლახავდნენ. მართალია, სტუმრებმა მეზობელი ქვყენის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს, თუმცა მინიშნებები აშკარად თურქეთისკენ იყო.

გადაცემის სტუმრებმა საზოგადოების ლიბერალურად განწყობილი ნაწილი „ლიბერასტებად“ შერაცხეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მეხუთე კოლონად, მოღალატეთა რაზმად მონათლეს. “საშიში სიმსივნე, რომელიც უნდა ამოიკვეთოს და შემდეგ ქიმიოთერაპიით გადარჩეს” - ამბობდნენ გადაცემის სტუმრები.

გადაცემის წამყვანმა არარერთხელ აღნიშნა, რომ აღმაშნებლის ქუჩა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვთ და იქ ღამით გასვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია და საფრთხეებთან არის დაკავშირებული. წამყვანის პათოსს ერთხმად იზიარებდა ყველა სტუმარი.

გადაცემაში ისიც ითქვა, რომ აღმაშენებლის გამზირიდან ქართული წარწერები სრულიად გაქრა და მის ადგილას თურქული და ირანული გაჩნდა. ის, რომ ქუჩაზე მხოლოდ ერთი ქართული კაფე ფუნქციონირებს და რომ ეს პრობლემაა, გადაცემის წამყვანმაც აღნიშნა.

გადაცემაში ისიც აღინიშნა, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირანული, თურქული, ჩინური საროსკიპოებია გახსნილი, სადაც არასრულწლოვნების ექსპულატაცია ხდება. “ჩვენი შვილები უნდა გაიზარდნონ იმ ქუჩებში, სადაც არაბული ჩინური საროსკიპოების და არალეგალების ადგილი არ არის” - ითხოვდნენ სტუმრები.

კითხვაზე ვინ დგას მათ გვერდით ე.წ “ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კორკოტაშვილმა ამაყად თქვა, რომ მის გვერდით დგას ტრამპი, კელი და მთელი დემოკრატიული ქვეყნიერება.

“არ შეგრცხვეთ, რომ ქართველები ხართ. ვიღაც გაჯგიმული ტიპი სხვა ადგილებში უყურებს გოგოებს. ვერ იგრძნეს მამაკაცური სიძლიერე. უსახსრობისგან გაჭირვებული გოგოები მითრეული ჰყავთ. რადგან იმათზე ძალადეობენ, ჰგონიათ, რომ მთელი ქვეყნაც მაგათი საძალადოა. ეგრე არ არის ჩვენო ძმებო, განახებთა ახლა ვინ ვისზე იძალადებს” - მოგვიწოდებდა კორკოტაშვილი ეთერიდან.

“თუ სახლში დარჩებით, არ მოხვალთ მარშზე და არ გააპროტესტებთ ამას ღირსები იქნებით, რომ თქვენს შვილებს უქნან იგივე არაბებმა და თურქებმა” - გადაცემაში აქტიურად ისმოდა მსგავსი მოწოდებები.

გადაცემის წამყვანმა სტუმრებს ის კადრებიც შეახსენა, რომელიც, მისი თქმი, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა და სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ გადმოდის ათასობით თურქი საქართველოს საზღვარზე და სტუმრებს აღიშნულის გათვალისწინებაც შეახსენა. მან მარშის ორგანიზატორებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და მსვლელობაზე მისვლის პირობაც დადო.

გადაცემაში სტუმრებმა სრულიად უკონტექსტოდ ერთმანეთთან ქვეყენაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნა და ოკუპირებული ტერიტორიები ერთმანეთთან დააკავშირეს და ქვეყანაში სეპარატიზმის გაღვივების საფრთხეებზეც ისაუბრეს.

ე.წ. “ქართველთა მარშის ორგანიზატორებს, 12 ივლისს ღია ეთერი დაუთმო ტელეკომპანია ობიექტივმაც. 40 წუთის განმავლობაში მათ პირდაპირი ეთერის საშუალებით ქსენოფობიური და ნაციონალისტური შინაარსის მქონე გაცხნადებების კეთების სრული“თავისუფლება” ჰქონდათ.

ფოტო: on.ge
კატეგორია - ეთიკა
„რასაც ვაკეთებ, პრეზიდენტი სააკაშვილი ვეტოს ადებს. ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება, რომ არ ვთქვათ - ტრაგიკომიკური. არ შეიძლება, ყველა ჩემს ნაბიჯს ვეტო დაადოს. იმედი მაქვს, რომ ბოლოს ჩემს ფეხსაცმელებს არ დაადებს ვეტოს, რომ ვეღარ ვიმოძრაო" - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გიორგი მარგველაშვილს 2013 წელს გაკეთებული ეს განცხადება გაუხსენა და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, „ახალი ამბების“ რუბრიკაში დღეს, 21 ივლისს გამოაქვეყნა.

„რას ამბობდა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვეტოებზე“, ასე ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ „ახალ ამბავს“ და მასში გარდა მარგველაშვილის კომენტარისა, სხვა არაფერია მოცემული. კითხვებს აჩენს, რა საჯარო ინტერესი არსებობს დღეს, მარგველაშვილის ოთხი წლის წინანდელი განცხადების მიმართ, რატომ არის ეს „ახალი ამბავი,“ 2017 წლის 21 ივლისს. მასალიდან იკითხება ქვეტექსტი, რომ იმას, რაზეც მარგველაშვილი 2013 წელს სააკაშვილს ედავებოდა, ახლა თავად აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ამ „ახალი ამბის“ გამოქვეყნებას, 20 ივლისს, წინ უსწრებდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ერთდროულად ორი კანონპროექტისთვის, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისთვის ვეტოს დადება. ვეტოს დადების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.
კატეგორია - ეთიკა
„საქართველო და მსოფლიო“ ეხმაურება იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც 13 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება, ჰომოსექსუალი პირებისთვის სისხლის დონორობის აკრძალვის შესახებ.

გარდა იმისა, რომ ტექსტი ჰომოფობიურია, იგი შეიცავს ცრუ ინფორმაციასაც, თითქოს ჰომოსექსუალობა სისხლით გადადის და დღეს უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა თავის დროზე სწორედ იმიტომ მიიღეს, რომ ჰომოსექსუალი მამაკაცის სისხლის გადასხმის შემთხვევაში „არავინ იყო დაზღვეული, რომ ერთ მშვენიერ დღეს გული სხვა კაცისკენ გაუწევდა“.

„ახლა კი, არ არის გამორიცხული, სისხლის ბანკში ნაყიდი სისხლი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანისა იყოს და ჩვენს შვილებს გადავუსხათ, მერე კი… მერე ის, რომ მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ჩვენც შეგვაშინებს და ბავშვსაც; საბოლოოდ კი, ვერც მივხვდებით, რა მოხდა და რატომ აერია ცხოვრება თუ გონება შვილს, რომელსაც მანამდე ანალოგიური ნიშნები არ ჰქონდა,“ - წერდა ავტორი.

სინამდვილეში, მიზეზი, რის გამოც მსმ პირებს საკონსტიტუციო სასამართლოს 13 ივლისის გადაწყვეტილებამდე სისხლის დონორობა ეკრძალებოდათ, არა მასალაში დასახელებული დეზინფორმაცია, არამედ ის გახდა, რომ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებით, ჰომოსექსუალი ადამიანები ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე დონორთა კატეგორიაში მოხვდნენ.

დღეისათვის კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ჰომოსექსუალი ადამიანებისთვის დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური და არ განსაზღვრავდა კონკრეტული დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქცევა ქმნიდა რისკებს დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. სასამართლოს განმარტებით, „არსებული ტექნოლოგიებით აივ-ვირუსის გამოვლენა სრულად არის შესაძლებელი ე. წ. „ფანჯრის პერიოდის(ფარული პერიოდის, როდესაც ინფიცირებული დონორის გამოვლენა ტესტირების არსებული მეთოდებით ვერ ხერხდება)“ შემდეგ. შესაბამისად, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა სარისკო ქცევის მქონე ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის არათანაზომიერია“.
კატეგორია - ეთიკა
„ირანელების ხელიდან მოკლული ვარ!“ - ამ სათაურით ქვეყნდება მასალა გაზეთ “ასავალ- დასავალის” 17-23 ივლისის ნომერში. გაზეთში გამოქვეყნებულია ინტერვიუ, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ცემაში ადანაშაულებს ირანელ მოქალაქეს. მასალა შეიცავს სიძულვილის ენას.

რესპოდენტი ამბობს, რომ : „დღეს აჭარა აჭარლების, ქართველების აღარ არის! თუ რაიმეს ყიდვა ან ქირაობა გინდა, თურქთან, ირანელთან, არაბთან, პაკისტანელთან და ინდოელთან უნდა მიხვიდე!“

“გადით პლაჟზე, ნახეთ, რა ხდევა-პალტოებით ბანაობენ ზღვაში, სასტუმროებში ცხვრებს კლავენ!“-ვკითხულობთ გაზეთში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე- 7 პრინციპი: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".

„დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს“- ვკითხულობთჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულსახელმძღვანელო წესებში, რომელიც კრიმინალთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ეხება.
კატეგორია - ეთიკა
14 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი „ქართველთა მარში“ ჩატარდა. ქსენოფობიური მსვლელობით, მონაწილეები უცხოელი არალეგალების საქართველოში ყოფნას აპროტესტებდნენ. ამბავი ბეჭდური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. თითქმის ყველა გაზეთს ჰქონდა გამოქვეყნებული მასალა ჩატარებულ მსვლელობაზე, სტატიების ძირითადი ნაწილი იყო ქსენოფობიური, შეიცავდა რესპონდენტთა მხრიდან დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, გამოხატული იყო პოზიტიური დამოკიდებულება ჩატარებული მარშის მიმართ და აღსანიშნავია, რომ არ მომხდარა ამ აზრების და განწყობების საწინააღმდეგო, დამაბალანსებელი თუ ალტერნატიული პოზიციის გაჟღერება.

მაგალითად, გაზეთ „ასავალ-დასავალში“ ქსენოფობიური მსვლელობა შეფასებულია „პატრიოტთა სულის გამოღვიძებად“ და „ეროვნული ღირსების დაცვად“. „ქართველმა ხალხმა ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და, როგორც მართლმადიდებლებს გვეკადრება, ეს ნაცლიბერალისტული გვამი სამუდამო განსასვენებელში ჩავაბრძანოთ“.

ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით გაზეთ „ალიაშიც“. სიტუაციის უფრო მწვავედ წარმოსაჩენად , ტექსტში ვკითხულობთ, რომ ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 10 % იქნება ქართველი, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სრულიად განსხვავებული სურათია გაზეთ „კვირის პალიტრასა“ და „ქრონიკა პლუსში“. აქ საერთოდ ვერ შევხვდებით ამბავს ჩატარებულ მარშზე, მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით ძალიან ზედაპირულად და მშრალად ეხება ჟურნალისტი მომხდარ ამბავს.

რაც შეეხება „რეზონანსს“, მართალია, არ იგრძნობოდა გამოცემის პოზიტიური დამოკიდებულება ქსენოფობიური მარშის მიმართ, მაგრამ გაზეთი იქცა სიძულვილის ენის ტრიბუნად. ძირითადად, გაჟღერებული იყო მარშისტების მოთხოვნები და კომენტარის სახით, გამოქვეყნებული იყო სანდრო ბრეგაძის დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი ფრაზები, რაზეც არ ყოფილა საპირისპირო, ალტერნატიული აზრი დაფიქსირებული არც გამოცემის და არც სხვა რესპონდენტების მხრიდან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად, მედიამ არა მხოლოდ თავად არ უნდა გამოიყენოს სიძულვილის ენა, არამედ უნდა გაემიჯნოს რესპონდენტების მხრიდან გაჟღერებულ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

კატეგორია - ეთიკა
„უზნეობა დემოტრაკიის სახელით,“ - ამ სათაურით „geworld-მა“ 19 ივლისს მორიგი ჰომოფობიური მასალა გამოაქვეყნა. სტატია იწყება შეკითხვით - „ევროპელობა გეობით განისაზღვრება?“ ავტორი ლგბტ ადამიანებს „პედერასტებად,“ „ორიენტაციააღრეულებად,“ „სოდომისტებად,“ „გახრწნილებად“ და „გარყვნილებად“ მოიხსენიებდა.

ტექსტში, გაურკვეველ კვლევაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ ლგბტ მშობლების გაზრდილ ბავშვებს „ფსიქიკის კარდინალური დარღვევები აღენიშნებათ“, რომ, თითქოს მათი უმეტესობა ლოიალურადაა განწყობილი ცოლქმრული ღალატისადმი, განსხვავებით, „ნორმალურ ოჯახებში“ აღზრდილი ბავშვებისგან.

„გარყვნილი დედის აღზრდილი ბავშვების 31 პროცენტი და გარყვნილი მამის მიერ აღზრდილი ბავშვების 25 პროცენტი იძულებით ჩაურთავთ სექსუალურ ურთიერთობაში (მათ შორის, მშობლებს). ჩვეულებრივ ოჯახებში ეს მაჩვენებელი 8 პროცენტს არ აჭარბებს,“ - ამ წინადადებით კი ავტორი ამტკიცებდა, რომ ოჯახური ძალადობა ჰომოსექსუალთა ოჯახებში გაცილებით ხშირია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, მედიას უნდა ესმოდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის (მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის გამო) თავიდან ასაცილებლად.
კატეგორია - ეთიკა
17 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ურაველში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ბეგლარ კაპანაძეს, მის მამას და შვილს სცემეს. კაპანაძე ცემაში “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებდა. თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, “იმედმა” და “TV პირველმა” 17 ივლისს დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქეს. ამ ამბის შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-ის მაყურებელი შეიტყობდა.