ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
„ასავალ დასავალის“ 3-9 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებში თურქოფობიისა და ქსენოფობიის ტირაჟირებაა.

„შესაძლოა, ქართველი ბაცნების ხილვა ისრაელის მიწაზე ბევრს აღიზიანებს, ისევე როგორც ბევრ ქართველს უკლავს გულს გათურქებული აჭარისა და დავით აღმაშენებლის გამზირის ხილვა თუქების მიერ ათასგზის გადამწვარ თბილისში, “- ვკითხულობთ გაზეთის მე-2 გვერდზე.

სტატიებიდან რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, საქართველოს ექსპანსიის საფრთხე ემუქრება. თურქეთი დამპყრობლად და მტრადაა წარმოჩენილი: „თუკი პირველი „რევოლუციის“ შედეგად საქართველოს დე იურე ჩამოშორდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც დე ფაქტო რუსეთის ფედერაციას ერგო, ახლა თურქეთის ხელში აჭარა გადავა“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

კატეგორია - ეთიკა
11 აპრილს ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა „კრაზანა“ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპიკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს სტუმრობდა. წამყვანი მთელი გადაცემის განმავლობაში სტუმარს წარმოაჩენდა „უჩვეულო“, „ეგზოტიკურ ქმნილებად,“ რომელიც თან ქალია და თან ეპისკოპოსი.

“ტრადიციული ქართული სახელი, რუსუდანი, გვარიც ქართული, გოცირიძე და საქართველოსთვის აბსოლუტურად განსხვავებული და არადამახასიათებელი წოდება -მეუფე რუსუდანი. ქალი ეპისკოპოსი, ქალი, რომელიც მსახურობს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში” - ასეთი შესავლის შემდეგ, წამყვანი რესპონდენტის სახლში შეგვიძღვა და მასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

წამყვანი ლგბტ თემისა და მუსლიმებისადმი რესპონდენტის განწყობითაც დაინტერესდა და არაერთი არაადეკვატური შეკითხვა დასვა: „როდესაც მუსლიმების ინტერესებს იცავდით, მათ ჰყავთ თავიანთი მოძღვარი, თქვენი პოზიცია აქ ცოტა გაუგებარია. რა საჭირო იყო კიდევ თქვენი ჩარევა? იმისთვის ხომ არა, რომ მერე ჯილდო მიგეღოთ, ქულები დაგეწერათ?“

სტუმარს გადაცემაში არაერთხელ მოუწია წამყვანის სექსისტურ და დისკრიმინაციულ გამონათქვამებთან დაპირისპირება, რამაც წამყვანის მხრიდან, ასეთი შეფასება დაიმსახურა: „ვაიმე, უკაცრავად, რუსუდან, ახლა რომ არ მცოდნოდა, რომ ვესაუბრები მეუფეს და ეპისკოპოსს, ვიფიქრებდი, რომ ფემინისტებს ვესაუბრები“. რაზეც რესპონდენტმა უპასუხა: „დიახ, მე ფემინსტი ვარ“. სტუმარი ჟურნალისტს უხსნის, რომ ფემინისტობა ცუდი არ არის, რომ იყო ფემინისტი, არ ნიშნავს, იყო კაცთმოძულე. წამყვანი ფემინიზმის თავისებურ გაგებას მიანც გვიზიარებს: „ხო, მაგრამ ხშირად ქვები ზუსტად რომ კაცებს ხვდებათ და შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზუსტად კაცთმოძულეობაა“.

წამყვანი იმდენად გაკვირვებული ჩანდა გენდერულ საკითხებზე რესპონდენტის დამოკიდებულებით, რომ განსხვავებული პასუხის მისაღებად მას არაერთხელ დაუკონკრეტა სექსისტური შინაარსის კითხვა: „თქვენ გყავთ ორი შვილი, დავიჯერო, თქვენ არ აკეთებთ ამ სხვაობას? არანაირ მიმართულებას არ აძლევთ გოგოს მაინც უფრო ქალურისკენ და ბიჭს უფრო მამაკაცურისკენ? მაგ. ბიჭს უნდა უთხრა აუცილებლად, რომ შენ თავი უნდა დაიცვა, თუ გცემენ, უნდა უპასუხო. გოგოს პირიქით, რომ კონფლიქტს მოარიდოს თავი“.

მას შემდეგ კი, რაც სტუმარი კვლავ თავის პოზიციას იცავდა, წამყვანმა დასვა შეკითხვა: „თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ იმიტომ არის, რომ ბევრი არამამკაცური მამაკაცი იზრდება უკვე ოჯახებში და თუნდაც ეს ჰომოსექსუალიზმი იმიტომაა, რომ ბიჭებს აღარ ზრდიან, როგორც უნდა გაზარდონ, ბიჭური მიმართულება რომ უნდა მისცენ?“

სექსისტური ფრაზები ისმოდა წამყვანის მხრიდან გადაცემის ბოლოსკენაც: „გოგოს არ უნდა უთხრა, რომ გოგო უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, გოგომ არ უნდა იძახოს ბოზის შვილი ვარ და ა.შ? არც ბიჭმა არ უნდა იძახოს, მაგრამ მე მგონი, გოგოს პირიდან უფრო საშინლად ჟღერს, არა?“

„ფიზიოლოგიურად იმდენად განსხვავებულები ვართ მამაკაცები და ქალები, რომ ალბათ ეს ბუნებრივიც არის, რომ ქცევაც უნდა იყოს განსხვავებული?“ - განაგრძობდა წამყვანი.

წამყვანი ინტერვიუს განმავლობაში თავად აღნიშნავდა, რომ გადაცემის სტუმრად რუსუდან გოცირიძის შერჩევის ერთადერთი მოტივი მისი სქესი და „უჩვეულობა“ გახდა: „ჩვენ თქვენთან მოვედით არა იმიტომ, რომ თქვენ გამორჩეული მოძღვარი ხართ, სულიერი მამა თქვენი მრევლის, ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ თქვენ ხართ ქალი და ხართ ეპისკოპოსი“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, (მუხლი 33) მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას.

კატეგორია - ეთიკა
„საქართველოს ასეულათასობით მოქალაქეს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, უვიზო მიმოსვლა პრობლემათა მთელ თაიგულს შეუქმნის, უფრო მეტიც - მათ საარსებო წყაროს დაკარგვა მოელით!“- წერს ავტორი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მასალაში. ტექსტში საუბარია იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია საბერძნეთში დასაქმებულ ქართველებს, რომლებიც იქ არალეგალურად იმყოფებიან, ზიანს მოუტანს. რესპონდენტი ასევე საუბრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა, იმიტომ დაუშვეს, რომ : „ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დეპორტაციის ბერკეტი შეექმნათ”. მასალიდან ბუნდოვანი დარჩა, როგორ უკავშირდება ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტების საკითხს.

ამავე ნომერში გამოქვეყნებულია მასალა სათაურით: „რაიმონდ პაულსი ევროკავშირს ამხელს!“ სადაც საუბარია იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ლატვიამ დაკარგა მოსახლეობის მესამედი და ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა „გაევროპელებამ.“ „ჰოდა იგივე დაემართება საქართველოსაც, თუკი ოდესმე შეგვათრიეს „ევროკავშირის ძმურ ოჯახში“. ჩვენ აღარც ღვინის მრეწველობას დაგვიტოვებენ, ვაზსაც აგვაჩეხინებენ, ჩაისაც და სოფლის მეურნეობასაც საბოლოოდ გაგვიპარტახებენ.“-ამბობს ტექსტის ავტორი.
კატეგორია - ეთიკა
გაზეთ „ალიას“ 3-9 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, სანდრო ბრეგაძესთან. ტექსტი შეიცავდა ჰომოფობიას და სიძულვილის ენას სხვადასხვა ეროვნების ადამიანების მიმართ.

კითხვას, რომელიც სირიელი ლტოლვილების ბანაკების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას ეხება, რესპონდენტი ვიზალიბერალიზაციასა და ევროინტეგრაციას უკავშირებს. იმის შესახებ, რომ ეს დეზინფორმაციაა და საქართველოს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა ლტოლვილთა ბანაკების აშენების სანაცვლოდ არ მიუღია, მედიაჩეკერიც წერდა.

გარდა ამისა, რესპონდენტი სხვადასხვა ეროვნულ იდენტობას დანაშაულებრივ და ანტისოციალურ ქმედებებსაც უკავშირებს, აღნიშნავს პირთა იდენტობას მაშინ, როცა ეს ინფორმაცია არანაირი დამატებითი ცნობის შემცველი არ არის:

√ „წინა კვირას სამმა თურქმა გააუპატიურა ქართველი ახალგაზრდა გოგონა, რომლის ოჯახიც ფულის გადახდის შემდგომ გააჩერეს“.

√ „მანამდე ვნახეთ როგორ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები“.

√ „ამ ბოლოს ვნახეთ ქართველი ყველაზე საზიზღარი და ამაზრზენი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის კარებს ანგრევდა არაბი ექსტრემისტი“.

√ „და კიდევ ყველაზე საშინელება, რაც ბოლო დღეებში მოხდა: ბათუმში თურქებმა დაანგრიეს ეკლესიის გალავანი იმისათვის, რომ იქ თავისი კომერციული საქმიანობა ეწარმოებინათ”.

მასალაში საუბარია ლტოლვილების ქვეყნიდან დეპორტაციაზე: „ჩვენი თითოეული მოქალაქე უნდა გავწმინდოთ ამ გაურკვეველი წარმოშობის აზიელი, აფრიკელი პიროვნებებისაგან, რომლებიც არც საქართველოს სცემენ პატივს და საერთოდ, არანაირი პოლიტიკური დევნილები ისინი არ არიან!“

გაზეთ „ალიას“ ამავე ნომერში, 28-ე გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც გვხვდება ჰომოფობიაც. ტექსტში ვკითხულობთ: „პედერასტებს თმიდან ბეწვიც რომ ჩამოუგდოს ვინმემ, სახალხო დამცველის აპარატი საერთაშორისო სკანდალს ატეხს“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
კატეგორია - ეთიკა
დეზინფორმაცია:

geworld-ზე გამოქვეყნებულ სიახლეში, სათაურით „აშშ-მ სირიაზე თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 72 ადამიანი!“, ვკითხულობთ:

“ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო“.

გადამოწმებული ინფორმაცია

· აშშ-ს შეტევის შედეგად დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დასავლურ მედიას ჯერ არ გაუვრცელებია. ალჯაზირა , ბი-ბი-სი CNN და სხვა დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ სირიის არმიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი.

· ვაშინგტონმა იერიშები მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.80 ამდე ადამიანი დაიღუპა არა აშშ-ს მიერ განხორციელებულ შეტევაში, არამედ რამდენიმე დღის წინ, ქიმიური იარაღის გამოყენების დროს.

შესაბამისად:

გაუგებარია, რას ეყრდნობა ქართული გამოცემა, მაშინ როცა წერს, რომ თავდასხმის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, ნაწილი კი მოიწამლა.

სხვა ფაქტობრივი ინფორმაცია:

· სირიაში მეექვსე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს;

· რამდენიმე დღის წინ სირიაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აჯანყებულთა მიერაა კონტროლირებული, ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მოიწამლა და მძიმედ დაშავდა ასობით ადამიანი, ხოლო ბოლო ცნობებით, 80 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც;

· 7 აპრილს, აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ესაა პასუხი 4 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე;

· ასადის რეჟიმს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია და ეხმარება მიმდინარე სამოქალაქო ომშიც, რუსულმა ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა აჯანყებულთა დისლოკაციის ადგილები;

· პუტინმა აშშ-ს მიერ დღეს განხორციელებული იერიში "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად" შეაფასა;
კატეგორია - ეთიკა
4 აპრილს „geworld.ge-ზე“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც ავტორი რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ საქმიანობის აკრძალვას „ქვეყნის ინტერესების დაცვასთან“ აიგივებდა და სვამდა შეკითხვას, „უნდა დაიცვას თუ არა საქართველომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები ისე, როგორც ამას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აკეთებს და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მისი არჩევის წუთიდან სახელმწიფოსა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის არ ერიდება არაფერს?“ მასალაშივე, ჟურნალისტის ამ კითხვას პოლიტოლოგები, სოსო ცინცაძე და თამარ კიკნაძე პასუხობდნენ.

„ბევრს შეიძლება სურვილი აქვს, იეღოველთა საქმიანობა აიკრძალოს, მათ შორის, ეკლესიას, რასაკვირველია, მაგრამ ევროპა ცალი თვალით უყურებს ხელისუფლებას. თქვენ არ გეგონოთ, რადგან ასოცირება და ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს ევროპელებად გვთვლიდნენ,“ -ამბობს სოსო ცინცაძე და იქვე ამატებს, რომ ისლამი უფრო საშიშია: „ჩვენ „სხვა პრიორიტეტები უფრო გვიჭირს, ვიდრე იაღოველთა საქმიანობის აკრძალვაა, შედარებისთვის ისლამი უფრო საშიშია”. (სტილი დაცულია)

თამარ კიკნაძის აზრით, „საქართველოს არ აქვს საკმარისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს თავისი იდენტობის შენარჩუნება.“ ამ ბერკეტს კი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროასოცირების ხელშეკრულება ართმევს: „საქართველო სხვა პოლიტიკას ეწევა, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია და ევროასოცირებისთვის ხელი აქვს მოწერილი, შეასაბამისად, ასეთ ღონისძიებას ვერ განახორციელებს, იმიტომ რომ მთელი რიგი ვალდებულებები აქვს ნაკისრი“. (სტილი დაცულია)

„საქართველოში ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი იცვლება და რაღაც უნდა შეიცვალოს. მართმადიდებლობა ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია,“ -ამბობს კიკნაძე და ამატებს, რომ ჩვენს რეალობაში უმრავლესობაა დაუცველი: „დემოკრატიის ძირითადი პოსტულატი არის უმრავლესობის ინტერესების დაცვა. ახალა უმცირესობის უფლებები უფრო დაცულია, ვიდრე უმრავლესობის. უმრავლესობა, ფაქტობრივად, დისკრიმინაციაშია“. (სტილი დაცულია)

რუსეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვა პოზიტიურადაა წარმოჩენილი და არც გამოცემისა და არც რესპონდენტების მხრიდან არ ისმის მსჯელობა იმაზე, რომ კონკრეტული რელიგიური უმცირესობის საქმიანობის აკრძალვა დისკრიმინაციაა. გამოცემის მიერ, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება შეფასებულია „ქვეყნის ინტერესების დაცვად“ და ისმის მოწოდებაც, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც იგივე უნდა გააკეთოს.
კატეგორია - ეთიკა
ძირითადად რა გზავნილებს ავრცელებს რუსული პროპაგანდისტული მანქანა აღმოსავლეთ პარტნიორბის ექვს ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და ბელორუსში? – სწორედ ეს საკითხი გამოიკვლიეს პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედმა ორგანიზაციებმა:

● მემო 98 ● ინტერნიუსი უკრაინა (უკრაინა); ● ერევნის პრესკლუბი (სომხეთი); ● დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრი (მოლდოვა); ● მემო 98 (სლოვაკეთი); ● ბელარუსელ ჟურნალისტთა ასოციაცია (ბელარუსი); ● საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (საქართველო); ● აზერბაიჯანელ ექსპერტთა ჯგუფი.

ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში იკვლევდნენ მედიასაშუალებებს 2016 წლის 3 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში. კვლევის მიხედვით, რუსულ პროპაგანდას რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს, მათ შორისაა სიძულვილის ენის გამოყენება, დისკრიმინაცია, ქსენოფობია, რასიზმი, ომისა და ტერორიზმის საკრალიზება. პრორუსული პროპაგანდისტული მედია ფაქტებით მანიპულირებს და სადავო, მტკივნეულ საკითხებს წარმოაჩენს ცალმხრივად, სტერეოტიპული ხედვით.

კვლევის ავტორებმა შეაჯერეს ის ძირითადი, 44 გზავნილი, რომელსაც რუსული პროპაგანდა იყენებს და ესენია:

1. ევროკავშირის პოლიტიკა მთლიანად დამოკიდებულია აშშ–ზე;

2. აშშ ცდილობს დაასუსტოს ევროკავშირი და ხელი შეუშალოს მის დაახლოებას რუსეთთან;

3. ევროკავშირი, მისი ინსტიტუციები და პოლიტიკა (შენგენის ზონა, სამეზობლო პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, უსაფრთხოება და ა.შ.) დასასარულს უახლოვდება;

4. ფაშისტური მოძრაობები ევროპაში მიგრანტთა შემოდინების შემდეგ გააქტიურდა როგორც ევროპული პოლიტიკა;

5. ევროპის ერთადერთი ხსნა რუსეთთან თანამშრომლობაა (რუსეთის პირობებით);

6. ევროპის მიგრანტა კრიზისი დასავლეთის ქმედებებისა და მისი პოლიტიკის შედეგია;

7. თანამედროვე დასავლური ღირებულებები გადაშენდა და მხოლოდ რუსული შემორჩა საღად;

8. დასავლური დემოკრატია ყალბი და კორუმპირებულია, აქ ყველას და ყველაფრის ყიდვა შეიძლება;

9. საერთაშორისო ტერორიზმი (რადიკალური ისლამი) აშშ–ს პოლიტიკის შედეგია;

10. აღმოსავლეთ პარტნიორობა ანტი–რუსული პროექტია, რომლის მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული გავლენის შემცირება. მას ქვეყანა მიჰყავს სიღარიბისა და სუვერენიტეტის დაკარგვისკენ.

11. დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, პირველ რიგში, აზიანებს ევროპელებს;

12. უკრაინა წარუმატებელი სახელმწიფოა. ის არის პოლონეთის, რუსეთის და უნგრეთის ტერიტორიებზე შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნი. ადრე თუ გვიან ის დაემხობა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

13. უკრაინის ხელიუფლება ხელში ჩაიგდეს რადიკალმა ნაციონალისტებმა (ფაშისტებმა);

14. უკრაინული რეფორმები წარუმატებელი გამოდგა, კორუფციის ხარისხი იმაზე მაღალია, ვიდრე ის იყო იანუკოვიჩის მმართველობისას;

15. ყირიმის რუსეთთან მიერთება არის თვითგამორკვევის ლეგიტიმური აქტი;

16. უკრაინა არის პასუხისმგებელი მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაზე;

17. თუ ყირიმი და დონბასი არ გავიდოდნენ ყირიმის კონტროლის არეალიდან, მათი მოსახლეობა ნაციონალისტების (ფაშისტების) მსხვერპლი გახდებოდა;

18. ევროპას არ სჭირდება უკრაინა;

19. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კარგად ყოფნა შესაძლებელია, მხოლოდ რუსეთთან ალიანსის შემთხვევაში;

20. უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, საქართველოსა და მოლდოვის არასამთავრობო ორგანიზაციები არის დასავლეთის “მეხუთე კოლონა”;

21. ბელორუსიელები და უკრაინელები იგივე რუსები არიან და შეუძლებელია ამ ერების გაყოფა. ყურადღების გამახვილება მათ იდენტობაზე მხოლოდ დასავლეთის ანტი–რუსული ინტრიგებია;

22. რუსეთის მიერ ყარაბაღის კონფლიქტის ორივე მხარისთვის იარაღის მიწოდება არის საშუალება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძალთა ბალანსი. რუსეთი თუ არ მიაწოდებდა ამას (იარაღს), ვიღაც სხვა იზამდა.

23. ყარაბაღში სამხედრო შეტაკებების განახლება თურქეთის მიერაა ინსპირირებული;

24. ყარაბაღის კონფლიქტის გალღვობა დასავლეთის ინტერესის იმპლემენტაციის გამო ხდება;

25. სომხეთში ანტი–რუსული მოძრაობა დასავლეთის მიერაა მომზადებული;

26. საპარლამენტო არჩევნების წინ დასავლეთი დამანგრეველ ქმედებებს ახორციელებს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა;

27. საქართველოში ზეწოლაა (რეპრესიებია) იმ ჭეშმარიტად პატრიოტულ ჯგუფებზე, რომლებიც მხურვალედ იცავენ ეროვნულ იდენტობას და ეწინააღმდეგებიან უცხო (დასავლური) ღირებულებების დამკვიდრებას;

28. მოლდოველთა უმრავლესობა მომხრეა რუსეთთან დაახლოების და წინააღმდეგია დასავლეთთან ახლო კავშირების;

29. მოლდოვას შანსი არ აქვს გადარჩეს ეკონომიკურად რუსეთის ბაზრის გარეშე, ვინაიდან მისი პროდუქცია არავის არ სჭირდება;

30. დასავლეთს სურს თავისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოება ევრაზიაში და რუეთის დასუსტება. ევროკავშირი და აშშ კონსპირაციულად მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ; 31. რუსეთის პარლამენტს მოუწია მიეღო კანონი, რომელმაც აუკრძალა სამოქალაქო საზოგადოებას მიერღო ფინანსური დახმარება დასავლეთიდან, რადგან ის (დასავლეთი) სწორედ სამოქალაქო სექტორის საშუალებით ცდილობდა რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევას;

32. ნატოს ჯარების განთავსება ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში წარმოადგენის რუსეთის მიმართ პირდაპირ საფრთხეს;

33. დასავლეთმა პატივი უნდა სცეს რუსეთის სტატუსს, როგორც “თანასწორ” პარტნიორს და აღიაროს მისი “გავლენის სფეროები.

34. ის რუსები (ოპოზიცია), რომლებიც აკრიტიკებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას, მოღალატეები არიან;

35. პუტინი საუკეთესოა, ის არის რუსეთის სახელმწიფოებრიობის ბირთვი. დასავლეთის მთავარ მიზანს პუტინის ჩამოშორება წარმოადგენს;

36. დასავლეთია პასუხისმგებელი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღოსავლეთის ომებსა და დესტაბილიზაციაში;

37. თურქეთი სირიის კონფლიქტი მხარს უჭერს ტერორისტებს (ისინი რეალურ ბრძოლას არ აწარმოებენ მათ წინააღმდეგ);

38. დასავლეთი სირიის კონფლიქტი მხარს უჭერს ტერორისტებს (ისინი რეალურ ბრძოლას არ აწარმოებენ მათ წინააღმდეგ);

39. დასავლური კოალიციის მიერ სირიაში განხორციელებული ქმედებები უკანონოა;

40. მხოლოდ რუსეთი იყენებს სამხედრო ძალას სირიაში ქვეყნის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის მიერ და შესაბამისად, მოქმედებს კანონიერად და ეფექტიანად;

41. მიუხედავად დასავლური სანქციებისა და მაქინაციებისა, რუსეთის ვითარდება;

42. გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი (ხშირად იტალია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები) რუსეთის მოკავშირეები არიან;

43. ნადეჟდა სავჩენკო რადიკალი ფსევდო–პოლიტიკოსია. ის საშიშია უკრაინისა და რუსეთისთვის;

44. რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, SCO, BRICS, EAEU არის გეოპოლიტიკური პროცესების ახალი ვექტორი. ვაჭრობის გააქტიურობა, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა ამ ალიანსებისა და გაერთიანებების ფარგლებში ხდება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი რუსეთის საგარეო ეკონომიკის სტრატეგიაში, ასევე ის ხდება ევრო–ატლანტიკური ალიანსის ალტერნატივა.
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ტელეკომპანია “Music Box-ის” მიერ ჩაწერილი ინტერვიუ რეალითი შოუს ყოფილ მონაწილესთან. “ცნობილი ადამიანი ხარ და გამოდიხარ საზოგადო მოღვაწე, შენი აზრით, ხარ თუ არა ღირსი, რომ დაგასაფლაონ პანთეონში?” - ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას რესპონდენტმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ის პანთეონში დაკრძალვის ღირსია. ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის საუბარი იმ თემაზე გაგრძელდა, თუ სად იქნებოდა უმჯობესი პანთეონის მოწყობა - მახათას მთაზე თუ დიდუბეში.

ვიდეო ტელეკომპანიამ Youtube- ს საკუთარ არხზე განათავსა და მას 10 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ამავე ვიდეოს კომენტარების ველში განთავსებული გამოხმაურებების უმეტესობა მკვეთრად ნეგატიური, შეურაცხმყოფელია რესპონდენტის მიმართ. ვიდეო დამცინავი კომენტარებით აქტიურად გაზიარდა სოციალური ქსელითაც.

ქმედება, როცა ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ონლაინფორუმი და სხვა ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენება იმ მიზნით, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს ან დაამციროს სხვა ადამიანი, - სწორედ ასე განიმარტება “კიბერბულინგის” ცნება. ბოლო პერიოდში კიბერბულინგის პრობლემა ქართულ რეალობაშიც გააქტიურდა, სოციალურ ქსელებში ზიარდება ვიდეოები თუ ტექსტები, რომლებიც საყოველთაო დაცინვის ობიექტად აქცევს ამა თუ იმ პირს. ხშირია შემთვევები, როდესაც კიბერბულინგის პირველადიწყარო ტრადიციული მედია ხდება - მედიაში გასული სიუჟეტი სოციალური ქსელში ვრცელდება და ბულინგი ინტერნეტსივრცეში გრძელდება.

2013 წელს კვლევითმა კომპანიებმა IZI და LfM-მა გერმანული ტალანტ შოუების მონაწილეები გამოკითხა. მათ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა ნაწილისთვის ტალანტ შოუში მონაწილეობა “მატრავმირებელი გამოცდილება იყო”, ნაწილს კი პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. ტალანტ შოუების მონაწილეები კიბერბულინგის მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან საქართველოშიც.

კიბერბულინგის წყაროა სატელევიზიო ქუჩის გამოკითხვებიც. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მოსახლეობის განათლების დონის შემოწმება ქუჩის გამოკითხვის ჩატარებით გადაწყვიტა. ჟურნალისტი რესპონდენტებს შეკითხვებს საქართველოს ისტორიიდან, ლიტერატურიდან უსვამდა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა ნაწილმა არ იცოდა, რომ დათა თუთაშხია რეალური ადამიანი კი არა, წიგნის პერსონაჟია, არ იცოდა, ვინ იყო დავით აღმაშენებელი თამარ მეფისთვის, არ იცოდა, რა მოხდა 9 აპრილს და რა მოვლენას უკავშირდებოდა ეს თარიღი. მოსახლეობის განათლების დონის შესამოწმებლად ჩატარებულმა ქუჩის გამოკითხვამ სოციალურ ქსელებში დიდი დისკუსია გამოიწვია. ვიდეო ვირუსივით გაზიარდა სოციალურ ქსელებში, კომენტარებში კი მომხრმარებლები ხაზს გამოკითხვის მონაწილეთა გაუნათლებლობას უსვამდა.

იმ ინტერვიუში კი, რომელიც გასულ კვირას სოციალურ ქსელებში “გავირუსდა”, რესპონდენტი, გარდა პანთეონისა, საუბრობს რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტზეც, როდესაც ის კიდევ ერთხელ იქცა ინტერნეტში საყოველთაო დაცინვის ობიექტად, ერთ-ერთ ტალანტშოუში შესრულებული ცეკვის გამო. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მისთვის ეს დიდი ტრავმა იყო და საკმაო ძალისხმევა დასჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

რა ხდება მაშინ, როცა კიბერბულინგის პირველადი წყარო ტრადიციული მედიაა, არის თუ არა მედია პასუხისმგებელი მაშინ, როცა სწორედ ის ხდება კიბერბულინგის პირდაპირი ან ირიბი მაპროვოცირებელი? გავცელებულმა ვიდეომ ეს დისკუსიაც წარმოშვა.

ჟურნალისტი ლაშა ქავთარაძე ფიქრობს, რომ არის შემთხვევბი, როცა რთულია წინასწარ ივარაუდო, რა ტიპის მასალა გახდება ვირუსული და რა არა რადგან, გარკვეული თვალსაზრისით, ვირუსულობის ფენომენი ირაციონალურია და ის, რაც სრულიად ნეიტრალურ კონტენტად გვეჩვენება, შესაძლოა მეორე დღეს სოციალური ქსელების და ფორუმების ჰიტი გახდეს და ცხადია, ასეთ დროს, მედიის პასუხისმგებლობაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, როგორც წესი, მაინც შესაძლებელია წინასწარვე დავინახოთ, რა შეიძლება გახდეს ვირსული, რა განაპირობებს ხოლმე ამა თუ იმ ამბის, მოვლენის ან პერსონის ვირუსულობას, მედიის პასუხისმგებლობის საკითხიც სწორედ ასეთ შემთხვევაში დგება:

“მაგალითად, როდესაც ადამიანს შეგნებულად უსვამ შეკითხვას, რომლის შესახებაც მას ინფორმაცია არ გააჩნია, ან პასუხის გაცემის შემდეგ ხედავ რომ ის ამ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ ამ მასალას მოგვიანებით მაინც აქვეყნებ იმისათვის, რომ მაყურებელი თუ მკითხველი გააცინო, გაართო და აჩვენო თუ როგორი სულელია შენი რესპონდენტი, რა თქმა უნდა, აქ მედიის პასუხისმგებლობა დიდია. განსაკუთრებით ეს ტენდენცია შესამჩნევია ე.წ. ტალანტ შოუებში, სადაც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა უნარებს ფლობს შოუს მონაწილე. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანი ვერ აანალიზებდეს სრულყოფილად რისი უნარი აქვს მას და რისი არა, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მედიას იმის მორალურ უფლებას, რომ ეს ადამიანი აქციოს მაყურებლების გასართობ საგნად. განსაკუთრებით საფრთხილოა, როდესაც საუბარი შეეხება ბავშვებს. არა იმიტომ, რომ ბავშვები ხელშეუხებლები არიან და მათ მიმართ ასპროცენტიანი სტერილური მიდგომა უნდა გვქონდეს, არამედ იმიტომ, რომ ბავშვები თავიანთი სოციალური როლიდან გამომდინარე, აპრიორი ისეთ პოზიციაში არიან, რომ მედიამ შესაძლოა ძალიან ადვილად დაუშავოს რაიმე, რაც მოგვიანებით, ნეგატიურ გავლენას იქონიებს მათ განვითარებასა და ცხოვრებაზე. ამისი არაერთი მაგალითი არსებობს და ინტერნეტში უამრავი მასალის მოძიება შეიძლება, როდესაც ერთი შეხედვით ბავშვების სასაცილო პასუხები ინტერნეტ მომხმარებლების ფანტაზიის გავარჯიშების ობიექტი გამხდარა. მედიის პასუხისმგებლობა კი უპირველეს ყოვლისა არის შემდეგი - მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს, არ უნდა წაახალისოს ადამიანების გადაქცევას დაცინვის ობიექტად ან ინტერნეტ-მემეებად. მედიას ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და ამ ღირსების შებღალვის ხარჯზე არ მოიპოვოს რეიტინგი თუ სარეკლამო შემოსავლები” - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილიც ფიქრობს, რომ როცა ჟურნალისტი იცავს პროფესიულ სტანდარტებს, მისი მასალა ვერ იქცევა კიბერთავდასხმის წყაროდ:

“ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება განზრახ ართმევს ინტერვიუებს ზოგიერთ ადამიანს იმისათვის, რომ შემდეგ მათი ვიდეოები ათასობით ადამიანმა ნახოს და მერე ეს ადამიანები, ასევე ათასობით ადამიანის მხრიდან, კიბერ ბულინგის მსხვერპლად იქცნენ. ეს საქციელი არანაირ ჟურნალისტურ და ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება. მედიის პასუხისმგებლობაა შექმნას ისეთი მასალა, რომელიც არ იქცევა კიბერბულინგის თემად. მედიის პასუხისმგებლობაა იცავდეს სტანდარტს და როდესაც ჟურნალისტი იცავს სტანდარტს, მისი მასალა ვერ იქცევა კიბერ თავდასხმის ნიადაგად”.

ნეტგაზეთის რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი მაია მეცხვარიშვილიც ფიქრობს, რომ მედიამ წინასწარ უნდა იფიქროს, რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის მიერ გავრცელებულ მასალას:

“ყველაზე ხშირად, მსგავსი დილემის წინაშე ჟურნალისტი შეიძლება დადგეს, როდესაც, მაგალითად, საპროტესტო აქციას აშუქებს. შესაძლოა, აქციის მონაწილე რომელიმე პირის ვიზუალი ან სინქრონი გახდეს საზიგადოების დაცინვის ობიექტი. თავისთავად ცხადია, როდესაც ასეთ მასალას ჟურნალისტი იღებს, მაშინვე უნდა დაფიქრდეს, რა არის მისი მოტივაცია. თუ მისი მოტივაცია არის გაშუქება იმისა, თუ რა ხდება ღონისძიებაზე, მაშინ მისი ინტერესის საგანი არცერთ ვარიანტში არ უნდა იყოს რესპონდენტის სასაცილო ობიექტად წარმოჩენა. აქ საზოაგდოების ინტერესი არის უშუალოდ მოვლენის მიმართ. ამდენად, ამაზე მუდმივად უნდა ფიქრობდეს ჟურნალისტი”.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ კიბერბულინგს ადამიანის ფსიქიკურ მდომარეობაზე განსაკუთრებული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია:

“რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, რომელიც საჯარო დაცინვის ობიექტია, რომლის ფოტო, ვიდეო ან ე. წ. სქრინშოტი გვერდიდან გვერდზე გადადის და უკვე ათასობით "სიცილაკი" აქვს? ადამიანებს ძალიან უჭირთ სირცხვილის განცდასთან გამკლავება, სირცხვილის ოჯახის წინაშე, მეგობრების წინაშე, მთელი ქვეყნის წინაშე, თუმცა ყველაზე დამანგრველი საკუთარი თავის შერცხვენილად აღქმა და საკუთარი თავის წინაშე სირცხვილია, რასაც შედეგად, შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული ემოციური პრობლემები. ჩვენ აქ პრობლემათა ფართო სპექტრი შეიძლება მივიღოთ, დაწყებული რევანშისტული, უკიდურესად აგრესიული რეაქციებით, დასრულებული უკიდურესი იზოლაციით”- ამბობს მაია ცირამუა. მისი აზრით, კიბერბულინგის თემას კიდევ უფრო დრამატულს ხდის თანამედროვე კომუნიკაციური გარემო - ის რაც ერთხელ შენზე გამოქვეყნდება, სამუდამოდ რჩება ციფრულ მეხსიერებაში: “სტიგმა, რომელსაც გადებენ, მარადიულია, რადგან, რა წამსაც "თავს ამოყოფ" და მოუნდებათ შენი განიარაღება, ვირტუალური მეხსიერებიდან ამოქექილი "მასალა" თავის ფუნქციას ყოველთვის შეასრულებს”.
კატეგორია - ეთიკა
„მრუშობა ყველა დროში იყო, მაგრამ დღეს მრუშობა უკვე მისაბაძი და ეტალონი გახდა! ამიტომაც ვამბობ: ეს არ არის ზვიადის საქართველო, ეს არის მამათმავლებისა და დედათმავლების ქვეყანა!“- ამ ტექსტს წავიკითხავთ, გაზეთ ასავალ-დასავალის, მე-15 გვერდზე, რომელიც 27 მარტის ნომერში გამოქვეყნდა. ეს ფრაზა რესპონდენტს ეკუთვნის, თუმცა ჟურნალისტის მხრიდან არ ყოფილა არც დისკრიმინაციის თავიდან აცილების მცდელობა და არც საპირისპირო აზრი დაუფიქსირებია.

მასალაში ჰომოსექსუალიზმი გამოყვანილია როგორც მრუშობა, მამულის, ენის და სარწმუნოების წინააღმდეგ აღზევებად. რაც თავისთავად აძლიერებს და აღვივებს სიძულვილს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
კატეგორია - ეთიკა
თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თავსატეხი რუსული პროპაგანდა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლაა.
კატეგორია - ეთიკა
ასავალ-დასავალის მასალის მიხედვით, რამდენიმე დღის წინ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძართან ყვიროდა და ტაძრის ეზოს კარიბჭეს ურტყამდა ფეხებს. ამბავი გამოცემამ ქსენოფობიურად გააშუქა, ქსენოფობიური იყო სათაურიც: „მთვრალი არაბი ტაძარში შეიჭრა!“

„მთავარ მოედანზე, ახალი წლის ღამეს მოხდა, არაბები ასამდე ქალს სანამ არ გაგვიუპატიურებენ, მანამდე ვიფიქროთ, რამდენად „კარგი ევროპელები“ ვართ?!“ - ვკითხულობთ სტატიაში. მასალაში საუბარია იმაზეც, რომ არ უნდა ხდებოდეს არაბი, აზიელი თუ აფრიკელი მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება, რომ „უამრავი ბორდელია, სადაც ესენი ქართველ გოგოებთან ერთობიან“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
კატეგორია - ეთიკა
26 მარტის „იმედის დროის“ სიუჟეტი ელექტრონულ პირადობებს ეხებოდა. სიუჟეტში წარმოჩენილი იყო საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის შიშები, თუმცა, კითხვები, რომელსაც ჟურნალისტი ე.წ. ID ბარათების შესაძლო “სატანისტურ წარმომავლობასთან” დაკავშირებით სვამდა, უპასუხოდ დარჩა.

დაახლოებით 13–წუთიანი სიუჟეტის პირველი 7 წუთის განმავლობაში, მოქალაქეები და სასულიერო პირები საუბრობდნენ ელექტრონული პირადობის “სატანისტურ წარმომავლობასა” და “არაქრისტიანულობაზე. ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ალტერნატიული აზრი, რომელიც გააქარწყლებდა ადამიანთა ნაწილის ცრუ წარმოდგენებს თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ, ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე.

სიუჟეტში რესპონდენტებისგან ისმოდა ფრაზები, რომ “ეს არის რეპეტიცია ეშმაკის ბეჭდის დასმამდე”, “სურათის გადაღების დროს ხდება ანტიქრისტეს ბეჭდის დასმა შუბლზე”, “კოსმოსიდან გაგაკონტროლებს მთავრობა” და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი სიუჟეტის მთავარი სათქმელი - თუ რა მიზანს ემსახურებოდა მისი მომზადება, ჟურნალისტი ირიბად აკისრებდა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, რომელიც თითქოს მოქალაქეებს ID ბარათების “ალტერნატივას არ სთავაზობს”. სწორედ ამ კითხვას სვამს ჟურნალისტი სიუჟეტის ფინალში: “ID ბარათი კომფორტია და აქვე უნდა ვიკითხოთ, ამ საყოველთაო კომფორტის ფონზე, ირღვევა თუ არა იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ID ბარათისა და შესაბამისად, პენსიის, შემოსავლის, სოციალური დახმარებისა და კიდევ ძალიან ბევრი სერვისის გარეშე ცხოვრობენ”.

ჟურნალისტს სიუჟეტში არაფერი უთქვამს იმ მოქალაქეების პირად პასუხისმგებლობაზე, რომლებიც პირადი გადაწყვეტილებით არ იღებენ ელექტრონული პირადობის მოწმობას, ამის საშუალებას საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არ აძლევენ, რის გამოც ისინი რჩებიან არაერთი სერვისის გარეშე, მათ შორის სკოლის ატესტატის, დაზღვევის და ა.შ.



მოქალაქეების ნაწილის მთავარი შიში ეხება ელექტრონული პირადობის მოწმობის ჩიპს და ბიომეტრიულ პასპორტს. ისინი აქცენტს სწორედ ამ ორი დეტალის “ეშმაკისეულ” წარმომავლობაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მათ მიღებას სიკვდილი ურჩევნიათ.

ჟურნალისტს სიუჟეტში არ განუმარტავს მკაფიოდ, თუ რას წარმოადგენს ტექნიკურად ბიომეტრიული ფოტო, რატომ არის ის აუცილებელი თანამედროვე პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტისთვის, ასევე, რა ფუნქცია აქვს რეალურად პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის ჩიპს.

“იმედის დროს” სიუჟეტში, ასევე იყო მანიპულაციური, ცრუ განცხადებები სასულიერო პირების მხრიდან, რაც ასევე არ განუმარტავს ჟურნალისტს, არ აუხსნია, რომ ამ განცხადებას შეიძლება შეცდომაში შეჰყავდეს ადამიანთა ნაწილი.

მაგალითად, ერთ–ერთი ვიდეო ფრაგმენტში, რომელიც ჟურნალისტმა გამოიყენა, სასულიერო პირი მრევლს უხსნის, თუ რას ნიშნავს ID ბარათი:

“I ინგლისურად ნიშნავს “მე” D – დემონს, ანუ დემონი ვარ”.

სინამდვილეში, ID ბარათი არის ინგლისურენოვანი Identity Document-ის, ანუ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოკლე დასახელება და მას არანაირი კავშირი არ აქვს დემონთან.

მართალია სიუჟეტის მეორე ნახევარში, ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობა, სინოდის და ორი სასულიერო პირის მოკლე განცხადებებით წარმოეჩინა ალტერნატიული აზრი, რომ ელექტრონული პირადობების მოწმობებთან მსგავსი დამოკიდებულება ფანატიკურია და არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან, თუმცა საერთო ჯამში, ეს არ იყოს საკმარისი საკითხის სრულყოფილად, ყოველმხრივ წარმოსაჩენად. სიუჟეტის დროის აბსოლუტური უმრავლესობა დაეთმო ფაქტებით გაუმყარებელი მოსაზრებების, ცრურწმენებს ტირაჟირებას, საკმარისად არ იყო წარმოდგენილი კონტრარგუმენტები, არ იყო ახსნილი, რეალურად რა ფუნქცია აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობას, ბიომეტრიულ ფოტოსა და პასპორტს.

რა არის ბიომეტრიული ფოტო?

ბიომეტრული ფოტო არის თანამედროვე სტანდარტების დოკუმენტის ფოტო, სადაც ადამიანის ისეთი ბიოლოგიური მახასიათებლები, როგორიცაა კანისა და თვალის ფერი, სახის ფორმები და ა.შ, უნდა იყოს მკაფიო და უფრო დეტალური, ვიდრე ჩვეულებრივი ფოტო. სწორედ ეს გამოარჩევს მას ჩვეულებრივი ფოტოსგან. მის გადაღებასა და შემდეგ ამობეჭდვას, ფოტოაპარატისა და პრინტერის არასწორი პარამეტრების გამო, ხშირად კარგად ვერ ახერხებენ ფოტოსტუდიები. სწორედ ამის გამო, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ელექტრონული პირადობის მოწმობისთვის, მისი გადაღება მხოლოდ იუსტიციის სახლებში განთავსებულ ფოტო კიოსკებშია შესაძლებელი. ეს აპარატი ფოტოს გადაღებისას ადამიანის ორგანიზმზე არანაირ კვალს არ ტოვებს.

რა არის ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩიპი?

ის, რაც ბიომეტრიულ პასპორტსა და თანამედროვე ელექტრონული პირადობის მოწმობას საერთო აქვს და რაც მათ განასხვავებს ძველი დოკუმენტებისგან, არის მცირე ზომის მეტალი – მიკროპროცესორი, ანუ ჩიპი.

ჩიპი განთავსებულია პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის ზედაპირზე. აღნიშნულ ჩიპს ერთადერთი ფუნქცია აქვს – მასზე ელექტრონულად დატანილია ის ინფორმაცია, რაც ხილულად ისედაც ჩანს ქაღალდის დოკუმენტზე. ეს არის დაბადების თარიღი, ვინაობა და სხვა მონაცემები. გარდა ამისა, ჩიპზე დატანილია თითის ანაბეჭდები. ჩიპზე არსებული მონაცემების წაკითხვა სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოთია შესაძლებელი.

რატომ არის აუცილებელი ბიომეტრიული ფოტო, ბიომეტრიული პასპორტი და ელექტრონული პირადობის მოწმობა?

ბიომეტრიული დოკუმენტები, კომფორტზე მეტად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის გამო არის მნიშვნელოვანი. ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, უფრო მარტივი გახდა ფოტოებისა და დოკუმენტების გაყალბება. სწორედ ამიტომ დადგა მსოფლიოს დღის წესრიგში პირადობის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტების შექმნა, რომელიც გაყალბებისგან მაქსიმალურად იქნება დაცული. ჩიპზე დატანილი მონაცემების გაყალბება კი ისეთი მარტივი და არ არის, როგორც ჩვეულებრივი ქაღალდის დოკუმენტის. ამჟამად სახელმწიფოების დიდი უმრავლესობა სწორედ ბიომეტრიულ პასპორტებს გასცემს თავის მოქალაქეებზე.