ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
10 აგვისტოს Primetimenews.ge-მ დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, იმის შესახებ, რომ გორში მღვდლის ფორმაში გადაცმული ადამიანები დადიან, ბავშვებს იტაცებენ და მათი ორგანოებით ვაჭრობენ. ამასთან, სიახლე და განსაკუთრებით მისი სათაური- “უკვე დაკარგულია 7 ბავშვი და ნაპოვნია 4 ცარიელი ხერხემალი” – მოსახლეობა პანიკაშია”, მკითხველში პანიკის დანერგვას უწყობს ხელს.

მასალა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა. სიახლის ავტორი კონკრეტულ წყაროებს არ ასახელებს, თუმცა წყაროების აღწერისას იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “ინფორმაციის გამავრცელებლები წერენ”, “ერთ-ერთი ინფორმაციით”, “ერთ-ერთმა შეშინებულმა მომხმარებელმა PrimeTimeNews-საც მისწერა”.

მასალაში არ ჩანს, ადასტურებენ თუ არა ოფიციალური უწყებები ამ ცნობებს და რამდენად სახიფათოა სიტუაცია. მდგომარეობას ამძფრებს ფოტოც, წარწერით “help me” (დამეხმარეთ).

არასწორი ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით 3.5 საათში Primetimenews.ge-მ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც გავრცელებული ინფორმაცია ბავშვების დაკარგვის შესახებ უარყოფილია.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტები არსებობს. შსს-ში ამ დრომდე მსგავსი შინაარსის არც ერთი შეტყობინება არ შესულა მოზარდების გატაცების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია”, - ვკითხულობთ სიახლეში.

თუმცა აღნიშნული განცხადება გამოქვეყნდა, როგორც ცალკე მასალა და არასწორი ინფორმაციის შემცველი მასალა არ შესწორებულა.

ასეთი ინფორმაციის გავრცელება გადაუმოწმებლად, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქართველოს სხვადასხვა სოფლებში ე.წ. „მოჩვენების“ გამოჩენაზე საუბრობენ და მას პოლიცია დღემდე ეძებს, განსაკუთრებით სახიფათოა და ჟურნალისტების მხრიდან უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამასთან ჟურნალისტმა ინფორმაცია უნდა გადასცეს მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
კატეგორია - ეთიკა
9 აგვისტოს, სააგენტო topnews.com.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა - “მონურ პირობებში ვმუშაობთ, ჩინელი კი მოკვლით გვემუქრება" - ხარაგაულში ასამდე მუშა სამუშაო პირობებს აპროტესტებს”. სიახლე უცვლელი სახით გადაიტანა საკუთარ ვებგვერდზე სააგენტო primetimenews.ge-მ. ინფორმაცია დისკრიმინაციულია საქართველოში ჩამოსული უცხოელების, კერძოდ - ჩინელების მიმართ.

topnews.com.ge-ზე გამოქვეყნებულ სიახლეში აღნიშნულია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის მიერ დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა. დასაქმებულებს პრეტენზიები სამუშაო პირობებთან დაკავშირებით აქვთ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლეს.

,,ასამდე ადამიანი მონურ პირობებში ვმუშაობთ. ხმის ამოღების უფლებაც არა გვაქვს. პრეტენზია რომ გამოვთქვათ სამსახურიდან დათხოვნით გვემუქრებიან. გუშინ რაღაც ვუთხარი ჩინელ უფროსს, არ მოეწონა და ალმატურით მომზდევდა. იქნებ ვინმე მოგვეშველოს და დაინტერესდეს რა პირობებში გვიწევს მუშაობა. საშინელი მტვერი და აუტანელი სიცხე არის ჩვენი ყოველდღიურობა,-" აცხადებს სააგენტოსთან საუბარში მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაუმართავი სამუშაო ტექნიკის გამო მშენებლობაზე ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ზომები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით და თავი აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის პარალელების გავლებას და ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან. როცა დისკრიმინაციულ გამონათქვამს იყენებს არა ჟურნალისტი, არამედ რესპონდენტი, თუ ის საჯარო პირი არ არის, ჟურნალისტმა არ უნდა დაუთმოს ტრიბუნა ამგვარ დისკრიმინაციულ გამონათქვამს...
კატეგორია - ეთიკა
6 აგვისტოს "ღამის სტუდიის" შესავალი ტექსტი, რომელშიც წამყვანი გადაცემის თემას აანონსებდა, ბუნდოვანი იყო. მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, რა იყო გადაცემის თემა.

გადაცემის სტუმარი იყო დევი ხეჩინაშვილი, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე.

გთავაზობთ წამყვანის შესავალ ტექსტს, უცვლელად (სტილი დაცულია)

„რამ განაპირობა ბატონი დევის შეწუხება და მისი ჩვენთან მოსვლა... ჯერ ერთი, თქვენ იცით, რომ... ნუ თქვენ იცით რა, ნუ პირველად არ არი ბატონი დევი, ზოგიერთმა ალბათ იცით კიდეც, ვინც შარშან ნახეთ ჩვენი გადაცემა, რომელიც ეხებოდა, ბატონი დევის სტუმრობით ჩატარდა იგი... ეხებოდა აგროდაზღვევის საკმაოდ აქტუალურ, მაგრამ საკმაოდ ახალ თემას ჩვენს ქვეყანაში. აქ მინდა აღვნიშნო ერთი სასიამოვნო ფაქტი, რაც იშვიათია ჩვენთან, ხო....ნუ სადაზღვეო ინდუსტრია საერთოდ, ჩვენ აქ პატარა კავკასიაში მაინც, გარკვეული ლიდერია, მე მგონი, არა ბატონო დევი? და ეს არი გარკვეული ხალხის დამსახურება, გარკვეული პიროვნებების.... მთელი ინდუსტრიის, მარა ნუ მათი ლიდერების და ბატონი დევიც ერთ-ერთი მათგანია.... მეორე გარემოება, რამაც გამოწვია ეს სტუმრობა, ეს არის ბატონი დევიმ გუშინ გამართა პრესკონფერენცია, რომელიც მიძღვნილი იყო, მე ესე დავახასიათებდი, ბატონი დევი თავისმხრივ შემისწორებს, თუ არასწორი ვარ, რო გარკვეული პოლიტიკური ძალები, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობა, მისი, ესე იგი, ერთ-ერთი კანდიდატის, პარლამენტის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სახით, იგი იცით თქვენ, რომ ქალბატონ ირმა ინაშვილის კონკურენტი გახლავთ საგარეჯოში, ნუ ახლა ცოტა ის... არასერიოზულია ეს კონკურენციის ამბავი, მარა ნუ ესეა, დღესდღეობით ესე ქვია, და შეჯიბრი უნდა მოხდეს მათ შორის, თუმცა, ეხლა ეს რა შეჯიბრი იქნება, ეხლა მე რო ისა, კასიუს კლეის ცოცხალი იყოს და ვერკინებოდე, მანდამაინც შეჯიბრი ვერ გამოვა მე მგონი და კონკურენცია არა? თუ რა თქმა უნდა ბრძოლა სამართლიანად ჩატარდა და რამე ისეთი ხერხი, არავაჟკაცური არ ვიხმარე. ხოდა, ესე იგი, ნაციონალური მოძრაობა, ხშირად საუბრობს იმაზე, რომ დისკრედიტაციას ახდენენ ვიღაც ვიღაცების, ვისი დაცვაც მას ძალიან უნდა. ეს იქნება პოლიტიკური ძალები, ნუ იცით თქვენ, რომ ნაციონალური მოძრაობამ იმდენად იბარტყა, რომ ერთი ხუთი პარტიად გადაიქცა მგონი. ხოდა გვარწმუნებს, რომ ეს დამოუკიდებელი პარტიები არიანო და ეს პარტიებიც თავისმხრივ, არა? კიდევ იცით თქვენ, რომ თუ ვინმე ლამობს, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოვიდნენ ამასწინათ, დიდით ამბით იცავდნენ, რო საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების დისკრედიტაციას ახდენს მთავრობის წევრებიო და ნუ ახლა, საკვირველია როგორ უნდა მოახდინო ისეთი კაცის დისკრედიტაცია, რომელიც ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, ნუ ძალიან ეჭვმიტანილია, თუ მთლად დამტკიცებული არ არის ეს ამბავი, ყაჩაღობაში, იმ აზრით, რომ ყაჩაღობის თანამონაწილეა, ვინაიდან ნაყაჩაღარ სახლში ცხოვრობს, ხოდა თუ აი ასეთი პიროვნების დისკრედიტაცია შეიძლება რამენაირად, არა, ნუ მაშინ, ალბათ, პირიქით, მთავრობის დისკრედიტაციაა, რომ ასეთი ადამიანი არის თავისუფალი და მეტიც, არა თუ თავისუფალი, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ. ნუ აგრძელებს თავის, ესე იგი, ნუ ძალიან მავნე საქმიანობას, რასაც მთავრობა ხანდახან ბუზღუნებს ამაზე, მეტი ვერაფერი, სხვათა შორის ძალიან სამწუხაროა ესეთი მთავრობა გვყავს, რო ვერ მოაბა აი ამ ამბებს თავი და ვერ დაისაჯა ის ხალხი, ვინც დასასჯელია, კანონის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ ამას ვგულისხმობ....ხოდა, როგორ შეიძლება ერთი მხრივ დისკრედიტაციას იცავს და მეორე მხრივ სრულიად უსამართლოდ ახდენდე დისკრედიტაციას მთელი ინდუსტრიის და სახელმწიფო პოლიტიკის... აი ამ შემთხვევაში, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო რაღაცას ახერხებს მე მგონი, აგროდაზღვევაზე მოგახსენებთ.... ამას ლამობდნენ, ესე იგი, სრულიად უსაფუძვლოდ და მეორეს მხრივ, საფუძვლიან დისკრედიტაციაზე, საფუძვლიან კრიტიკაზე იძახდნენ, რო ეს არის დისკრედიტაცია. აი ამან განაპირობა და კიდევ იმან, რომ მინდა თქვენ იცოდეთ, თუ რა კარგ საქმეს აკეთებს სადაზღვევო ინდუსტრია სახელმწიფოს დახმარებით, და რამდენად ეს საჭიროა ჩვენი სოფლის მეურნეობისა და საერთოდ, საზოგადოდ კიდე აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ამაზე ვესაუბრო ისეთ კომპეტენტურ კაცს, როგორიც ბატონი დევი გახლავთ. ასე, რომ გადმოგცემთ სიტყვას ეხლა ბატონო დევი და...მოყვეთ, აი თქვენი პრესკონფერენცია რას მიეძღვნა, როგორ იყო და შემდეგ უკვე უფრო ჩავუღრმავდეთ ამ თემატიკას დროიდან გამომდინარე".

კატეგორია - ეთიკა
9 აგვისტოს TV პირველის „რვიანის“ თემა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი იყო. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრის, სანდრო ბრეგაძის მიერ, გადაცემის განმავლობაში, არაერთხელ გაკეთდა ჰომოფობიური განცხადებები, წამყვანი არ შეწინააღმდეგებია რესპონდენტის ნათქვამს, არ დაუსვამს დამაზუსტებელი შეკითხვები. შესაბამისად, ტელეეთერი სიძულვილის ენის ტრიბუნად იქნა გამოყენებული.

გადაცემის მსვლელობისას სტუმარი ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდა:

„მთელი სალიბერასტეთი, სოროსის ფონდი და გიგა ბოკერია რატომ აღსდგა ამის წინააღმდეგ?“

„არ შევარჩენთ ამ კაცს ამას, მას არ შერჩება პრეზიდენტის სავარძელი. ჯერ ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნოს, ორი რესპუბლიკელი რომ ყავს მარჯვნიდან და მარცხნიდან დოლიძე და კოჟორიძე, დააწერინოს წერილი და იმ ფურცელს, რომელსაც გამოგვიგზავნიან ეს ჰომოსექსუალების დამცველები უკან გავუგზავნით და შევაჭმევინებთ“

„ქართველი კაცი ვერ შეეგუება, რომ მამაკაცს ერქვას ცოლი“.

სტუმრის ჰომოფობიურ განცხადებებს არ მოჰყოლია ადეკვატური რეაქცია წამყვანის მხრიდან. თუმცა მოგვიანებით, როდესაც ბრეგაძემ პრეზიდენტს მანქურთი, მასხარა, იუდა ისკარიოტელი უწოდა, ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერშივე მოუწოდა მას კორექტულობისკენ.

როგორ უნდა მოიქცეს წამყვანი, როდესაც პირდაპირ ეთერში სტუმარი სიძულვილის ენას იყენებს? პროფესიული სტანდარტების მიხედვით, წამყვანი უნდა გაემიჯნოს რესპონდენტის ნათქვამს, დააფიქსიროს, რომ ეს არ არის მისი და არხის პოზიცია და შეეცადოს განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

ცხადია, პირდაპირი ეთერის დროს, მითუფრო მაშინ როცა გადაცემა დებატების ფორმატისაა, წამყვანისთვის მარტივი არ არის სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტს ჰქონდეს წინასწარი მზაობა და წინასწარვე იფიქროს, რომ თემისა და სტუმრის გათვალისწინებით, შესაძლოა მისი ეთერი სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის იქნას გამოყენებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როცა თემა ქორწინების შესახებ რეფერენდუმია, ხოლო სტუმარი სანდრო ბრეგაძე, რეფერენდუმის ჩატარების მომხრე, რომელიც ზოგადად, ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე, წამყვანს წინასწარვე უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ რესპონდენტი სიძულვილის ენას მის გადაცემაშიც გამოიყენებდა.
კატეგორია - ეთიკა
“რატომ სცემა ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე?” - ამ სათაურით Reportiori.ge-მ სტატია 8 აგვისტოს „პოლიტიკის“ განყოფილებაში გამოაქვეყნა. სტატიაში ვხვდებით ფოტომანიპულაციას, რომელიც გადაუმოწმებელი ინფორმაციის გასამყარებლად არის გამოყენებული.

ინფორმაცია საიდუმლო წყაროზე დაყრდნობითაა გავრცელებული, საკითხი ჟურნალისტს ამბის შესაძლო მონაწილეებთან არ გადაუმოწმებია. მასალას თან ერთვის ფოტო, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრ მიხეილ მაჭავარიანს თვალი აქვს „ჩალურჯებული“. გამოუცდელი თვალისთვისაც მარტივი შესამჩნევია, რომ ეს ფოტომონტაჟია.

ფოტომონტაჟს ბევრი მედიასაშუალება მიმართავს, თუმცა მისი გამოყენება ისე, რომ შეიცვალოს ფოტოს შინაარსი, მიზანშეწონილი არ არის. ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, მედია მოვლენებს მაქსიმალური სიზუსტით უნდა გადმოსცემდეს. ფოტომანიპულაციები კი სიზუსტის პრინციპს არღვევს.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” შინაგანაწესის მიხედვით, ფოტოები და ისტორიები უნდა ასახავდეს რეალობას. რაც შეეხება სამონტაჟო პროგრამებს, ისინი იყენებენ “ფოტოშოპს”, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. “როიტერსი” ცვლის ფოტოების ფორმატს, ზომას და ფერების ბალანსს. თუმცა გამოცემა არ ამატებს, ან არ აკლებს ფოტოს ელემენტებს, არ ცვლის მას ისე, რომ შეიცვალოს შინაარსი და კონტექსტი.
კატეგორია - ეთიკა
7 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში - “მოამბე” გავიდა სიუჟეტი - “რატევანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს”.

წამყვანი აცხადებს, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში, ღამით „დაუდგენელი არსება დადის და უცნაურ ხმებს გამოსცემს“. სიუჟეტში ჩაწერილია სასულიერო პირი, რომელიც რატევანში მცხოვრებ მოსახლეობას ეშმაკისგან დაცვის რეკომენდაციას აძლევს.

სიუჟეტში გამოყენებულია “უცნაური არსების” ხმის აუდიოჩანაწერი, რომელიც, სიუჟეტის ავტორის თქმით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი მობილური ტელეფონით ჩაიწერა. ჟურნალისტი განმარტავს, რომ მოსახლეობის აზრით, ღამით მათ სოფელში კუმისიდან და კოდადან წამოსული უჩინარი არსება დადის და ხმაც სწორედ მას ეკუთვნის. “ნამდვილად ეშმაკი! არ გეჩვენება, სახე არ დამინახავს, ხმა არ ამოუღია, ჩემმა დაკივლებამ ის უკვე დააბრუნა და წავიდა. გაქრა,” - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.



მეორე რესპონდენტი კი აცხადებს, რომ შავ ტანსაცმელში გამოწყობილი მაღალი ქმნილება, რომელსაც მანათობელი თვალები აქვს და უცნაურ ხმებს გამოსცემს, რამდენიმე დღის წინ საკუთარ ეზოში ნახა. გოგონა ამბობს, რომ უცნობი მის ეზოში გაუნძრევლად იდგა. მას შემდეგ, რაც მან შიშისგან დაიყვირა, უცნობი უკვალოდ გაქრა.

მოსახლეობის დასამშვიდებლად, სოფელში სიონის დედათა მონასტრის წინამძღვარი ჩავიდა, ლიტანიობა მოაწყო და ეშმაკისგან თავდაცვის მიზნით მოსახლეობას სპეციალური რეკომენდაციაც მისცა: “შიდა პერიმეტრზე საკმეველი შემოატარონ, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლს 90-ე ფსალმუნის თქმით, რამდენჯერაც ეს დასჭირდება. შესძახონ მრისხანებით ბოლოს, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, განვედ ჩვენგან, ამინ და ჯვარი გარდაისახონ”.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსით ( მუხლი 14), მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. 55-ე მუხლის თანახმად კი, „ეგზორციზმის, ოკულტიზმის, პარანორმალური მოვლენების ან ჰიპნოზის ამსახველი მასალის ჩვენება უნდა მოხდეს ჯეროვანი ობიექტურობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროგრამა აშკარად გასართობი ხასიათისაა“.
კატეგორია - ეთიკა
„მაესტროს ფაქტორი“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუა, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კვირაში 5-ჯერ, ყოველ სამუშაო დღეს გადის. ნაკლებად კრიტიკული კითხვები სტუმრების მიმართ და ნატოსა და დასავლეთის მიმართ სკეპტიკური განწყობა - ეს არის ის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ამ გადაცემის ყურებისას დაგამახსოვრდეთ.

გადაცემის წამყვანები არიან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი, ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი და ასევე ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე. მათ გადაცემა კვირის დღეებში მორიგეობით მიჰყავთ, პარასკევს კი, შემაჯამებელ „ფაქტორს“ ერთობლივად უძღვებიან.

გადაცემა ხშირად ეხება მიმდინარე, აქტუალურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ-საკითხებს. წამყვანები არ გამოირჩევიან სტუმრების მიმართ დასმული კრიტიკული კითხვებით, არ უწევენ მათ ოპონირებას და შესაბამისად, სტუმრებსაც, ძირითადად, მონოლოგის რეჟიმში უწევთ საუბარი.

მაგალითად, 21 ივლისის "მაესტროს ფაქტორის" ერთ-ერთი სტუმარი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იყო. წამყვანს მისთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები თუნდაც მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. კითხვების ფორმულირება საშუალებას აძლევდა სტუმარს ესაუბრა იმაზე, რაც თავად სურდა და იმდენ ხანს, რამდენიც სურდა. მაგალითად, ჟურნალისტის კითხვები შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:

„ამომრჩეველს რამდენად აქვს დღეს ანალიზის უნარი, რომ გადალახოს ეს სტერეოტიპები და რაც არის ეს ნაკადი, ზღვა ბრალდებების“.

„მე მინდა გაიხსენოთ ის პერიოდი, რა არჩევანის წინაშე იდექით, როცა მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდებოდით?“

24 ივნისის "მაესტროს ფაქტორში" სტუმარად პარლამენტარი თამაზ მეჭიაური დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასა და ევროკავშირის მომავალზე სასაუბროდ იყო მოწვეული. მართალია, გადაცემაში კიდევ ორი სტუმარი ჰყავდათ, რომლებიც საკითხს არ განიხილავდნენ ევროსკეპტიციზმის ჭრილში, თუმცა, ისინი გადაცემის სხვა ბლოკში იყვნენ, მეჭიაურს კი ოპონენტი არ ჰყოლია. ჟურნალისტმა თამაზ მეჭიაურს მისცა შესაძლებლობა, უაპელაციოდ, დაუსაბუთებლად გაევრცელებინა მცდარი, ანტიევროპული განცხადებები. მაგალითად, რესპონდენტმა თქვა: „მიგრანტების რაოდენობა გადააჭარბებს ევროპელთა რაოდენობას და უმრავლესობაში ისინი იქნებიან და არა – ევროპელები“; „ადგილობრივი მოსახლეობა შევიწროებულია“; „შეიმჩნევა ემიგრანტების სიჭარბე“ და ა.შ.

ჟურნალისტს არ უცდია, დეპუტატისგან მოეთხოვა მოსაზრების უფრო მეტი დასაბუთება და არც გაზვიადებული ცნობის შესწორება. სინამდვილეში, ალბათობა იმისა, რომ მიგრანტთა რაოდენობამ ევროპის მაცხოვრებელთა რაოდენობას გადააჭარბოს, ან თუნდაც გაუტოლდეს, არარეალურია.

2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა თავშესაფარი სულ 292 ათას მიგრანტს მისცეს, ევროპის მაცხოვრებელთა რაოდენობა კი 500 მილიონს აჭარბებს. რაც შეეხება საშუალოსტატისტიკურ მონაცემებს, ევროკავშირში 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ 260 თავშესაფრის მაძიებელი მოდის.

ნაცვლად იმისა, რომ წამყვანს ოპონირება გაეწია სტუმრის ანტიდასავლური, ევროსკეპტიკური გამონათქვამებისთვის, თავისი კითხვებით საშუალება მისცა, გაეგრძელებინა მსგავსი საუბარი „ევროკავშირში ყოფნა რას ნიშნავს – დაკარგვას ტრადიციების, თვითმყოფადობის და ისტორიის?“ „რომელი ფასეულობაა, რომელიც შეიძლება არ იყოს თავსებადი ევროკავშირთან?“

8 ივლისის კი „მაესტროს ფაქტორის“ თემა იყო ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები. გადაცემის სტუმრები იყვნენ პარლამენტარი ირაკლი სესიაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი. ჟურნალისტის კითხვები ამჯერადაც ნატოს მიმართ სკეპტიციზმით იყო გაჯერებული:

„კომუნიკეში არის აღიარება ჩვენი პროგრესის, ასევე მოლოდინი, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მაღალდემოკრატიულ ხარისხში, მაგრამ არაფერი ახალი და ხელშესახები თავად ნატოში ინტეგრაციისა და გაწევრიანების თაობაზე. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას?“

„ეს ადრეც ითქვა, რომ გაგვაჩნია ყველა ინსტრუმენტი, ფართოვდება თანამშრომლობა, მაგრამ წევრობაზე არ არის ლაპარაკი“.

„როგორ იქნება საქართველო უფრო მეტად დაცული, თუკი არ არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და წევრობაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი?“

„მხარდაჭერა 2008 წელს გვქონდა, მაგრამ ამან ხომ ომისგან ვერ დაგვიცვა“.

13 მაისის გადაცემაში, რომელიც საქართველო-ნატოს ერთობლივ სწავლებებს, ღირსეული პარტნიორი 2016-ს ეხება, წამყვანი გადაცემას შემდეგი ტექსტით იწყებს: „ქართულ ამერიკული წვრთნები, რომელმაც ქვეყნის საგარეო ვექტორზე, ევრო–ატლანტიკურ პერსპექტივაზე და რუსული აგრესიის პროვოცირებაზე ქვეყანაში დიდი დებატები გახსნა. რა საფრთხეს შეიცავს ღირსეული პარტნიორი 2016?“.

„ვისი ღირსეული პარტნიორია საქართველო და რას იღებს პარტნიორობის და ღირსების სანაცვლოდ?“

გადაცემის შესავალშივე, აქცენტი გაკეთებულია საქართველო-ნატოს დაახლოებით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე, გარდა ამისა, ორაზროვანია ტიტრი, რომელიც გადაცემას გასდევს: „ამერიკული ტანკები საქართველოში“.

მაესტროს ფაქტორის იშვიათად, გამონაკლისის სახით, მაყურებელს ინტერაქტივსაც სთავაზობს, თუმცა, ამ იშვიათ შემთხვევებსაც გადაცემა გარკვეულო მანიპულაციისთვის იყენებს.

მაგალითად, 2015 წლის 26 ნოემბრის „მაესტროს ფაქტორის“ კითხვა იყი „ვისი მხარე უნდა დაიჭიროს საქართველომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, რუსეთის, თურქეთის თუ ნეიტრალური?“. ინტერაქტივის შეკითხვა და მთელი გადაცემაც სწორედ ამ „დილემის“ მიმოხილვას მიეძღვნა. თურქოფობიის ტირაჟირება, ისტორიული მოვლენების ცალმხრივი შეფასებები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პარალელები - ეს იყო ის ძირითადი პრობლემები, რაც 26 ნოემბრის „მაესტროს ფაქტორში“ გამოიკვეთა.

მაესტროს ფაქტორის” ინტერაქტივმა 2016 წლის 12 იანვარსაც მიიქცია ყურადღება, გადაცემის ბოლოს დათვლილი მონაცემებით, 5700-მდე მაყურებლიდან 97%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, “მიმდინარეობს თუ არა ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია”.

მთელი გადაცემის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო მიზანმიმართულ კამპანიად შეფასებულიყო იმ ადამიანთა ქმედებები, რომლებიც ინტერესდებიან, რომელმა უწყებამ საზოგადოების საჯარო ფინანსების რა ნაწილი დახარჯა პატრიარქის იუბილეს აღსანიშნავად; რატომ ფინანსდება საპატრიარქო ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით და ნამდვილად იხარჯება ეს ფინანსური რესურსი, ისე როგორც ამას ძნელად ხელმისაწვდომი, ისედაც მწირი დოკუმენტები ითვალისწინებს?

რაც მაესტროს ფაქტორის არაერთი გადაცემის დაკვირვებისას გამოიკვეთა, ეს არის კრიტიკული, მწვავე კითხვების ნაკლებობა, სტუმრებისთვის შესაძლებლობების მიცემა, გაავრცელონ დაუსაბუთებელი, მცდარი მოსაზრებები და ასევე, მანიპულაცია ინტერაქტივის კითხვებით. მაშინ, როცა რესპოდენტს გადაცემაში ოპონენტი არ ჰყავს, ჟურნალისტის მოვალეობაა, თავად გაუწიოს მას ოპონირება მწვავე კითხვებით, რათა მაყურებელმა მიიღოს ამომწურავი, ყოველმხრივი ინფორმაცია. ხოლო ინტერაქტივის საშუალებით არ უნდა ხდებოდეს მანიპულირება და მაყურებლის ისეთი მცდარი არჩევანის წინაშე დაყენება, რაც რეალურად არ არსებობს.
კატეგორია - ეთიკა
“წყალს შემოგთავაზებთ, ეს ნამდვილად ვიცი, რომ სუფთაა და თან სასარგებლო “.

“ბახმაროს წყალი მიირთვით. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავისთვის. ოჰ, მსხვილ ნაწლავს როგორ უხდება თან, ხო ვიცით ჩვენ!”

“რა თქმა უნდა ბახმაროს წყალი. თან ზაფხულია, მაგრად ცხელა. შეველის, ყველაფერს უხდება” - 4 ცნობილი ექიმი, რომლიც ამ ბოლო დროს მუდმივად “ბახმაროთი” და “ნაბეღლავით” გაწყობილ მაგიდასთან ზის, გადაცემის სტუმრებს წყალს თითქმის ყველა გადაცემაში სთავაზობს.

გარდა ამისა, გადაცემების მსვლელობისას, წამყვანები თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან “ მეგობარ კომპანიას” - “ჰუმანითი ჯორჯიას”. ამ დროს კი კადრში კომპანიის ლოგო და პრეპარატი “ჰეფი ბელი -ფლორა” ჩანს.

მაუწყებლობის და რეკლამის შესახებ კანონებში ტერმინი - “მეგობარი კომპანია” არსად გვხვდება.

სავარაუდოდ, “ჰუმანითი ჯორჯია” გადაცემა “ექიმების” სპონსორია, თუმცა ამის შესახებ არც პროგრამის დასაწყისში და არც დასასრულს მითითება არ არის.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში სპონსორზე ნათლად მიეთითება მისი სახელის, სასაქონლე ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, პროდუქტის ეთერში განთავსება გადაცემებში დაშვებულია, თუმცა, კანონი მკაცრად განსაზღვრავს განთავსების წესებს. კანონის 69-ე მუხლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ “ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას” , პროდუქტს გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ უნდა ანიჭებდეს და რეკლამირება გადაცემის შინაარსზე გავლენას არ უნდა ახდენდეს.
კატეგორია - ეთიკა
აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელსა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერს, ლევან ვარშალომიძეს, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა,“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში დაახლოებით, 40 წუთი დაუთმო და გაშუქების ტონი, როგორც წესი, პოზიტიური იყო. სიუჟეტების უმეტესობა საკვირაო პროგრამა „P.S-ში“ გავიდა, პირველი რეპორტაჟი 26 ივნისს მომზადდა.

„P.S“ პირველი იყო, რომელმაც ლევან ვარშალომიძის საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. 17 წუთიან მასალაში ვარშალომიძე სამომავლო გეგმებზე საუბრობდა და აკრიტიკებდა ამჟამინდელ მთავრობას. მაგალითად, მან ბათუმის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ არ დაანებეს მთავრობას, ბულვარზე მშენებლობა დაეწყოთ. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ახალმა მთავრობამ ძველი მთავრობის პროექტების დიდი ნაწილი გააჩერა, ერთადერთი - კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ხალხს სარგებელი არ აქვს.

ჟურნალისტს ინტერვიუ აქვს ჩაწერილი მიხეილ სააკაშვილთანაც, სადაც მას ფურცელი უჭირავს და ამბობს, რომ მასზე ახალი მთავრობის მიერ გაჩერებული პროექტები აქვს ჩამოწერილი. ჟურნალისტი ტექსტში ამბობს, რომ ხალხმა, დაახლოებით, 300 მილიონი დაკარგა, რასაც ისინი, პროექტების გაგრძელების შემთხვევაში, ხელფასის სახით მიიღებდნენ.

რეპორტაჟის ბოლოს ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული ინფრასტრუქტურისა და შენობების კოლაჟი გადის, რომელსაც ჟურნალისტის შემდეგი ტექსტი ადევს:

„ეს XXI საუკუნის ცათამბჯენები ახალ ბათუმში და XIX საუკუნის სტილის შენობები ქალაქის ძველ ნაწილში, სააკაშვილის პრეზიდენტობის და ვარშალომიძის მმართველობის დროს აშენდა, ბათუმი კი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრად გადაიქცა. თუმცა ამის მიუხედავად, 2012 წელს ხალხმა არჩევნებზე, ნაციონალურ მოძრაობას ზურგი აქცია და პოლიტიკური წითელი ბარათი უჩვენა“.

ლევან ვარშალომიძე 2 ივლისს, „შაბათის კურიერშიც“ ჩნდება. წამყვანი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური საქართველოში 3 ივლისს უნდა ჩამოვიდეს და არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამშობლოში დაბრუნებული ვარშალომიძის დაკავება იგეგმება. სატელეფონო ჩართვაში ვარშალომიძე აცხადებს, რომ „აჭარის დაპაუზება უნდა დასრულდეს“. ის ასევე, არ გამორიცხავს, რომ ბათუმის აბანოების გასხვისების საქმესა და სხვადსხვა საკითხზე, რაზეც ბათუმის პროკურატურაში სიარული ხშირად უწევდა, კიდევ ერთხელ დაკითხონ.

მომდევნო მასალა „P.S-მ“ მეორე დღეს, 3 ივლისს მოამზადა. ამ დღეს ლევან ვარშალომიძე, სარფის გავლით, საქართველოში დაბრუნდა. კადრ-სინქრონში, რომლითაც გადაცემა დაიწყო, ჩაწერილი ჰყავთ მოსახლეობა, რომლიც მას საზღვართან ოვაციებით და ტაშით დახვდა. ისინი კომენტარებში ამბობენ, რომ ახალი მთავრობა არაფერს აკეთებს, მშენებლობები გაჩერებულია და ელოდებიან შეჩერებული პროექტების განახლებას. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ვარშალომიძე ბათუმის გაბრწყინების ავტორი იყო, ის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს და სამართლიანობაც აღდგეს.

ეთერში ასევე გავიდა სანდრა რულოვსის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ვარშალომიძის ჩამოსვლა მისთვის სააკაშვილის დაბრუნების საწინდარია.

კადრ-სინქრონების შემდეგ, ლევან ვარშალომიძე პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აჭარის ამჟამინდელი მთავრობა გააკრიტიკა. საბოლოო ჯამში, ამ გამოშვებაში ვარშალომიძეს 9 წუთზე მეტი დაეთმო.

10 ივლისს “P.S-ში“ აჭარის მთავრობის გადადგომაზე იყო სიუჟეტი. ხაბაძის მმართველობის შეფასებისას, ჟურნალისტი ჰყვება, თუ როგორ მართავდა ის აჭარას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ის ახსენებს, რომ ლევან ვარშალომიძე ბანკი „ქართუს“ აჭარის ფილიალის დირექტორმა ჩაანაცვლა.

სიუჟეტში იმ ხმებზეცაა საუბარი, რომლის მიხედვითაც, ხაბაძის ნაცვლად აჭარის თავმჯდომარეობას არმაზ ახვლედიანს უპირებდნენ. თავად ახვლედიანი ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევანი ლოიალურობის სასარგებლოდ გაკეთდა, რადგან მთავრობაში სჭირდებოდათ ჭური, რომელსაც რასაც ჩასძახებდნენ, იმას ამოსძახებდა. მისივე თქმით, ასეთი ხაბაძე იყო. ახვლედიანმა მთავრობა წლევანდელი ზამთრისთვისაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბათუმის ქუჩების გასაწმენდად ტექნიკა არავის გამოუყვანია.

სხვადასხვა რესპონდენტთან ერთად, სიუჟეტში ლევან ვარშალომიძეც შემოდის. ჟურნალისტი ამბობს:

„ლევან ვარშალომიძე არჩილ ხაბაძეზე არ საუბრობს. ის იმ პროექტებს გვიჩვენებს, რომელიც ხაბაძეს უნდა გაეგრძელებინა და რომელიც აჭარის განვითარებას არ გააჩერებდა.“ ამის შემდეგ, სიუჟეტი გარკვეული ხნით იცვლის მიმართულებას და ლევან ვარშალომიძესა და მის მიერ დაწყებულ და შემდეგ გაჩერებულ პროექტებზე კონცენტრირდება. მათ შორისაა წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც ბათუმს დატბორვისგან დაიცავდა. კადრზე, რომელშიც ვარშალომიძე ერთ-ერთ დასახლებაში მოსახლეობას ხვდება, ჟურნალისტი ამბობს:

„ახლა ვარშალომიძე დატბორილ ქალაქში მოსახლეობას ხვდება, მთავრობის წევრები კი თბილ კაბინეტებში სხედან“.

19 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით დაინტერესება. როგორც ცნობილია, „სოციალური სახლების პროექტი“ ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლების მიხედვით, პროექტის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი, ლევან ვარშალომიძე, ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებდა მენჯისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. შეთანხმების საფუძველზე ის იღებდა ვალდებულებას, რომ ბათუმში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მრავალბინიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ, დასახლებაში მცხოვრებ პირებს ბინებს უსასყიდლოდ გადასცემდა. TI-ში ამბობენ, რომ ხელშეკრულებაში არაა მითითებული, რა წყაროდან დაფინანსდა პროექტი. ამავე დღეს, „კურიერის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, თემას 1.14 წუთი დაეთმო და მეორე ბლოკის ბოლოს, კადრ-სინქრონად გავიდა.

რაც შეეხება სხვა არხების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ლევან ვარშალომიძის გაშუქებას, მედიასაშუალებები საარჩევნო სუბიექტთან დაკავშირებით დღის ამბებს მიყვებოდნენ კადრ-სინქრონებისა და მოკლე სიუჟეტების სახით. მასალები ძირითადად, მშრალი, საინფორმაციო ტიპის იყო.

/media/1001663/2018/03/05/0d84912495ca78abee0d3b7c91caad8e.jpg
კატეგორია - ეთიკა
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გუშინ, 29 ივნისს გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილი 2004 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით დაკავეს. 2005 წელს კი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოლაშვილმა ევროსასამართლოს მიმართა. სახელმწიფომ ევროკონვენციის 4 მუხლის, მათ შორის მესამე მუხლის დარღვევა აღიარა (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და აიღო ვალდებულება, რომ საქმეს ხელახლა გამოიძიებდა, ხოლო მოლაშვილს ფულად კომპენსაციას გადაუხდიდა. მოლაშვილი შემოთავაზებულ დეკლარაციას დათანხმდა.

მედიაჩეკერი დააკვირდა როგორ გაშუქდა თემა „იმედის“, „რუსთავი2-ის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მაესტროს“ და GDS-ის 29 ივნისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. აღმოჩნდა, რომ თემა ზემოჩამოთვლილი ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგში მოხვდა. ერთადერთი არხი, რომელსაც სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი არ მოუმზადებია, რუსთავი 2 იყო.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თემას საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. „ოთხწლიანი პატიმრობა და მძიმე დიაგნოზით დატოვებული ციხე, 8 წლიანი მკურნალობის შემდეგ დღეს დილით სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ სასჯელის მოხდის დროს შეექმნა“, აღნიშნა შესავალ ტექსტში წამყვანმა. სიუჟეტში კი, ვრცლად იყო მიმოხილული 2004 წელს მოლაშვილის დაკავების დეტალები და მოგვიანებით, ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, აღნიშნული იყო რომ პატიმრის წამების ფაქტი ევროსასამართლომაც დაადასტურა, "რომელმაც სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა".

მოლაშვილის დაკავებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები ვრცლად იყო მიმოხილული GDS - ის 2030 -ში და მაესტროს დღის მთავარ გამოშვებაშიც. 2030-ის სიუჟეტში ჩაწერილია სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომლის თქმითაც, დაავადება, რომლის შედეგადაც მოლაშვილი გარდაიცვალა, მას სწორედ პატიმრობის დროს დაემართა. 2030-ის სიუჟეტშიც აღნიშნული იყო, რომ ევროსასამართლომ, მოლაშვილი "ოთხი მუხლით გაამართლა".

ტელეკომპანია „იმედმა“ თემის შესახებ 50 წამიანი სინქრონი გაუშვა, რომელშიც მოკლედ ახსენეს, ვინ იყო სულხან მოლაშვილი, როდის და რატომ დააპატიმრეს და როგორი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. მასალის მიხედვით, "სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა".
კატეგორია - ეთიკა
25 ივლისს, ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ პირველი ნაწილი ოლიმპიელთა ჩაცმულობასა და საზოგადოების დამოკიდებულებას მიეძღვნა. სტუმრად მოწვეულები იყვნენ ადვოკატი ზვიად კორძაძე, ფილოლოგი გურამ ფალავანდიშვილი, სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი და პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი, ლაშა დვალიშვილი.

გადაცემაში დებატები წარიმართა ზვიად კორძაძესა და გურამ ფალავანდიშვილს შორის. ამ უკანასკნელმა გარყვნილება უწოდა მოკლე კაბას და გამოიყენა სექსისტური გამონათქვამები. წამყვანმა ბლოკის მიწურულს, მაყურებელს ეთერში რესპონდენტის მიერ გამოთქმული სექსისტური გამონათქვამის გამო ბოდიში მოუხადა.

ფალავანდიშვილმა LGBT თემსაც მიაყენა შეურაცხყოფა. მან კორძაძესთან დებატებში თქვა: „XXI საუკუნე არის პიდარასტების ზეობა. მოგწონს?“ თუმცა, ამ შემთხვევაში წამყვანი რესპონდენტის ნათქვამს არ გაემიჯნა და ჰომოფობიური გამონათქვამების ტირაჟირების გამო, ბოდიში არ მოუხდია. ამ დებატების განმავლობაში წამყვანი ცდილობდა სიტუაციის დარეგულირებას და მოუწოდებდა რესპონდენტებს, თავი შეეკავებინათ შეურაცხყოფისგან, მიუხედავად წამყვანის მცდელობისა, ტელეეთერი მაინც იქნა სიძულვილის ენის ტრიბუნად გამოყენებული.

ვრცლად,ამავეთემაზე: როგორ უნდა გავშუქოთ რესპონდენტის დისკრიმინაციული გამონათქვამები.
კატეგორია - ეთიკა
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის სექსისტური შეფასება 25 ივლისს მედიასაშუალების ნაწილმა პირდაპირ, ყოველგვარი მითითების გარეშე გამოაქვეყნა.

ამ მედიასაშუალებების მხრიდან არ ყოფილა აღნიშნული, რომ გამონათქვამი სექსისტურია და რედაქცია ემიჯნება სიძულვილის ენას, შესაბამისად, ტელეეთერი და გამოცემების გვერდები დისკრიმინაციული გამონათქვამების ტრიბუნად იქნა გამოყენებული.

კახა კალაძემ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებს “ჭორაობა უწოდა” და ამ კონტექსტში ქალები მოიხსენია:

„მე ეჭვი მეპარება. ამ განცხადებებს როდესაც ვისმენ მგონია პოლიტიკური სპეკულაციები, რადგან დღემდე არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში. მგონია, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ეს, ვფიქრობ, არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების”.

ეს განცხადება გაავრცელა საინფორმაციო პორტალმა “ნეტგაზეთმაც”, თუმცა მათ მასალის დასაწყისშივე აღნიშნეს, რომ ვიცე-პრემიერის განცხადება სექსისტური იყო. სათაურიდანვე ჩანდა სარედაქციო მიდგომა, რომ გაშუქების მიზანი, პირველ რიგში, არატოლერანტული გარემოს ჩვენება იყო და არა ნათქვამის პირდაპირი ტირაჟირება.

“საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სექსისტური შეფასება გამოიყენა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, ხოლო ჭორიკნობის კონტექტსში კალაძემ ქალები გაიხსენა”, - ვკითხულობთ “ნეტგაზეთის” სტატიაში.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, ხოლო თუ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს რესპონდენტი პირდაპირ ეთერში ამბობს: “წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ:

"პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს".

ვრცლად, ამავე თემაზე:როგორ უნდა გავშუქოთ რესპონდენტის დისკრიმინაციული გამონათქვამები.