ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებსა და დამსაქმებელი ორგანიზაციის („ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“) წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირება ქართული მედიის მიერ აქტიურად გაშუქდა. თუმცა ონლაინგამოცემებისა და ბეჭდური მედიის ნაწილი მკითხველს ინფორმაციას ქსენოფობიურ კონტექსტში, ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევით აწვდიდა და ყოველგვარი საინფორმაციო ღირებულების გარეშე აღნიშნავდა მომხდარში ბრალდებულთა ეთნიკურ კუთვნილებას.

ქსენოფობიური იყო სიახლეების სათაურებიც:

„ზვარეში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - ჩინელებმა 4 ქართველი დანით თუ ცულით დაჭრეს,“

„ხარაგაულში ჩინელებმა ქართველი მუშები სცემეს“

„ქართველი მუშები ჩინელებმა არმატურით სცემეს-რა მოხდა ზვარეში,“

„რა მდგომარეობაშია ზვარეში ჩინელების მიერ ნაცემი 4 მუშა“

"ხორცის ნაჯახი ჩამარტყა ზურგში" - ჩინურ კომპანიაში ნაცემი მუშა ახალ დეტალებზე საუბრობს“

„ხარაგაულში ჩინელებმა ქართველი მუშები სცემეს“

,,ჩინელებს ქართველი მუშები არმატურებით უცემიათ!!!_ ასე რამ დაგაბეჩავათ ქართველებო?“

კიდევ უფრო შორს წავიდა ბეჭდური მედია: „ჩინური ტერორი ხარაგაულში“ - ასე შეაფასა „რეზონანსმა“ მომხდარი. სტატიის დასაწყისში კი ვკითხულობთ: „ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობენ. მათი უფლებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ამიტომ მორიგი ასეთი შემთხვევა გუშინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მოხდა.“

„ჩინელებმა ქართველ მუშებს არმატურებითა და ხელკეტებით სცემეს“, -წერია გაზეთ „ახალ თაობაში.“ „ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ" - რატომ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები ხარაგაულში?!“ - შეკითხვაზე პასუხის გაცემას „კვირის პალიტრაც“ შეეცადა.

„ჩინელებმა ქართველები ტყით სარგებლობისთვის სასიკვდილოდ სცემეს“ – ამ სათაურით სტატია geomediapress.ge-ზე 3 ნოემბერს გამოქვეყნდა.

აღნიშნული სტატია ავტორის შეფასებებით იწყება, ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას უცხოელებზე აზოგადებს და მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს: „საკუთარ ქვეყანაში სხვადასხვა ჯურის და სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები ბევრად უფრო კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე ქართველები. საქართველოში სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში დასაქმებული ადამიანები კაბალურ პირობებში მუშაობენ, უცხოელები მათ დამამცირებელ მდგომარეობაში აგდებენ, ახლა ესეც არ იკმარეს და ჩინური რკინიგზის ბიუროს თანამშრომლებმა ქართველები სასიკვდილოდ სცემეს.“

ავტორი კონფლიქტში მონაწილეთა ციტირების ნაცვლად, მონაყოლს ფაქტად წარმოაჩენდა: „კონფლიქტის მიზეზი ჩინური კომპანიის წარმომადგენელთა ქმედებამ გამოიწვია,“ - დადასტურებით წერია სტატიაში.

„მე ან თქვენ რომ რამდენიმე ადამიანი დაგვეჩეხა ნაჯახით, ასლარიან ჯარიმას გვაკმარებდნენ? კანონი მდიდრებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ ვრცელდება... ჩინელების მიერ ქართველი მუშების ნაჯახებით დაჩეხვა, ფაქტობრივად, არ ისჯება, შსს-ს მხრიდან დანაშაულზე სწორი კვალიფიკაციის მინიჭების იმედი არ გვაქვს, რადგან ამ ქვეყანაში ინვესტორის ფული უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რიგითი ქართველის სიცოცხლე,“ - ცოტნე გამსახურდიას ეს ქსენოფობიური განცხადება, რომელიც უცხოელების სტერეოტიპიზაციას უწყობს ხელს, ambebi.ge-მ გამოაქვეყნა. აღნიშნული განცხადება არავითარ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენდა და მისი ტირაჟირება არავითარი საინფორმაციო აუცილებლობით არ იყო განპირობებული. მედიასაშუალებას შეეძლო, არ გამოექვეყნებინა იგი ან, გამოქვეყნების შემთხვევაში, აღენიშნა, რომ განცხადება არის დისკრიმინაციული, რასაც მედიასაშუალება ემიჯნება.

დისკრიმინაციული და ანტიჩინური განწყობების წამახალისებელი განცხადების უკრიტიკო ტირაჟირება გვხვდება postalioni.com-ზეც, სადაც ზვიად ტომარაძის ფეისბუკპოსტია გამოქვეყნებული: „ჩინელებს ქართველი მუშები არმატურებით უცემიათ!!! - ასე რამ დაგაბეჩავათ ქართველებო? შერჩევითი სამართალი, უცხოელებთან კეკლუცი და უშნოდ კუდის ქიცინი ხომ ქართველებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს?! ჰოდა აგერ, ახლა, როცა საქართველოში, ხარაგაულში, ერთ-ერთი კომპანიის უფროსმა ჩინელმა ქართველები ნაჯახებითა და რკინის კეტებით სცემეს, ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია,“ - წერს ტომარაძე.

სიძულვილის ენა და დისკრიმინაციული გამონათქვამები გვხვდება მკითხველის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებშიც (კომენტარების ველში).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი ეხმიანება ადამიანის უფლებების უპირობო დაცვის იდეას და კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის დეკლარაციაში, ჟურნალისტთა ქცევის პრინციპებში, მითითებულია: „ჟურნალისტი მხედველობაში მიიღებს მედიის მეშვეობით დისკრიმინაციის პროპაგანდის საფრთხეს და გააკეთებს მაქსიმუმს, რათა თავიდან იქნას აცილებული დისკრიმინაცია, წარმოქმნილი, სხვა მოტივთა შორის, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა და ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის საფუძველზე.“

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას ეხმაურება მედიის პროფესიული სტანდარტიც, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს ამა თუ იმ პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ და რელიგიურ მრწამსს, სოციალურ მდგომარეობას, კანის ფერს თუ სექსუალურ ორიენტაციას, თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია საქმის არსთან“.
კატეგორია - ეთიკა
29 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, “კურიერში” გავიდა სიუჟეტი, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე 9 დღით ადრე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 30%-იანი მხარდაჭერა აქვს.

პირველ ოქტომბერს იგივე თემა “შაბათის კურიერმაც” განავრცო. გადაცემაში წამყვანი ამბობს: “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ეს სინამდვილეში “ნაციონალების” მიერ ჩატარებული გამოკითხვაა და ეს დღესაც მოვისმინეთ და არანაირ ნდობას არ იმსახურებს, იმიტომ, რომ ისინი ხელოვნურად ზრდიან თავის რეიტინგს. ამ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი “ნაციონალი” ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. სააკაშვილის პარტიის რეიტინგი მან რამდენიმე დღეში თითქმის ნულოვანი მაჩვენებლიდან 30%-მდე გაზარდა. აი, დააკვირდით: დაახლოებით ათიოდე დღის წინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ ვერ შესულიყო პარლამენტში, ანუ ის ვერ მოახერხებდა მანდატების მოპოვებას ვერც პარტიული და ვერც მაჟორიტარული სიით”.

გადაცემაში გამოყენებულია კადრი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი შეხვედრიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს: “კუთხეში არიან შეყრილები. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად, არავითარი შანსი მათ არ აქვთ, რომ ხელისუფლება აიღონ. 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და ეხლა, ნუ, მაგათი უკეთესი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უკეთესი შედეგი... და უარესი შედეგი მაგათი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ.”

ამის შემდეგ წამყვანი აცხადებს: “ე.ი. თუ პარტიას პარლამენტში ვერცერთი დეპუტატი ვერ შეჰყავს, ეს ნიშნავს, რომ მან 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი ვერ მოახერხა. თუ პარტია 10 კაცით შედის საკანონმდებლო ორგანოში, ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ბარიერი ძლივს გადალახა და შესაძლოა, 1-2 მაჟორიტარული ოლქიც მოიგო. ანუ, ყოფილი პრემიერის ნათქვამიდან გამომდინარე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით 5%-ის ფარგლებში ჰქონია რეიტინგი ან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. გავიდა რამდენიმე დღე და ბიძინა ივანიშვილისგან სულ სხვა შინაარსის განცხადება მოვისმინეთ... ანუ ახლა აღმოჩნდა, რომ ბევრ ოლქში მეორე ტურიც გაიმართება და როგორც ჩანს, ამის მთავარი მიზეზი ის იქნება, რომ “ნაციონალების” რეიტინგი თურმე საშუალოდ 30% ყოფილა. აბა ჩვენ რას გვერჩიან, ჩვენს კვლევას რატომ აკრიტიკებენ, ფაქტობრივად ჩვენც ზუსტად იგივეს ვამბობთ ხოლმე ამდენი ხანია”.

განცხადება, რომელსაც “რუსთავი 2” იმოწმებს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ მედიასთან 29 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

თავდაპირველად მან ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირებაზე ისაუბრა: “სხვათა შორის, უტყდებათ მაგათ: ის სოლიდური რაც ჰყავდათ მხარდამჭერები, დაიწყო ქვემოთ ჩამოსვლა. 200 000 შეიძლება აღარ იყოს მაგრამ ას ორმოცდაათიც ბევრია. რას ელოდებიან, რა უნდათ ამ ხალხისგან აი, ეს ზოგჯერ მაოცებს.”

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რაოდენობა მეორედ მან პროპაგანდაზე საუბრისას ახსენა: “ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არის პროპაგანდის მსხვერპლი, აბსოლუტურად გეთანხმებით და ამ პროპაგანდაში ძირითადი როლი და წამყვანი როლი აქვს “რუსთავი 2-ს” და რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობ ელექტორატზე და არ ვარ კმაყოფილი, რომ 30% ისევ ფიქრობს, რომ 100 და 150 000 – 200 000 ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს, რა თქმა უნდა ისინი მსხვერპლნი არიან ცრუ პროპაგანდის.”



როგორც ჩვენ მიერ მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ “30% ისევ ფიქრობს” ( ეს სიტყვები გარკვევით ისმის “რუსთავი 2-ის” მიერ გამოყენებულ ჩანაწერშიც და სავარაუდოდ, ამ 30%-ში ბიძინა ივანიშვილი გადაუწყვეტელ ამომრჩეველს გულისხმობს - მ.ვ.) და არსად უთქვამს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 30%-იანი მხარდაჭერა აქვს.

კატეგორია - ეთიკა
31 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „დღის შოუში“ რამდენიმე თვის ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. მაყურებელი ისმენდა ბავშვის ისტერიკულ ტირილს, ხოლო უფროსები მონდომებით გვიხსნიდნენ, როგორ უნდა გავაკავოთ ასეთ დროს ბავშვი, თან პრაქტიკულად გვიჩვენებდნენ, ხელების, ფეხების, თავის გაკავების მეთოდს. ერთ-ერთმა წამყვანმა მძიმე სანახაობის ყურება ვერ შეძლო და თვალებზე ხელი აიფარა.



მიუხედავად ბავშვის ტირილისა, ყურის გახვრეტის პროცესი არ შეწყვეტილა. წამყვანებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მშობელს შვილისთვის ყურის გახვრეტა ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა და მათ არაფერი დაუძალებიათ. ისიც შეგვახსენეს, რომ მშობელი სტუდიაშია და შესაბამისად, მედიასაშუალებას მისი ნებართვა აქვს, თუმცა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, მშობლის თანხმობა მედიასაშუალებას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
კატეგორია - ეთიკა
„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ 12 სექტემბრის გადაცემაში, სადაც წამყვანი და რესპონდენტი პოლიტიკურ მოდაზე, პოლიტიკაში წასულ ჟურნალისტებზე, საარჩევნო კლიპებსა და პარლამენტართა ჩაცმულობაზე საუბრობდნენ, ერთ-ერთ ბლოკში არასრულწლოვნები „ექსპერტებად“ მოგვევლინენ და წამყვანის თხოვნით, სხვადასხვა პარტიის სლოგანებზე ისაუბრეს.

„რისი თქმა უნდათ პოლიტიკოსებს?“ - ამის განმარტებას ბავშვები შეეცადნენ და უპასუხეს შეკითხვეს: „რას ნიშნავს, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება,“ რას გვეუბნება „გასაკეთებელი კიდევ ბევრია,“ „რას გულისხმობს პარტია, თუ ამბობს, ვირჩევ გონიერ ხელისუფლებას?“ განსაკუთრებული ინტერესი „ლეიბორისტული პარტიის“ სლოგანმა („მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ“) გამოიწვია, რამაც ბავშვებს რობინ ჰუდი მოაგონა.

გადაცემის მთელი ეს ნაწილი და ბავშებისადმი ამგვარი ინფანტილური დამოკიდებულება ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საყვარელი ბავშვის ხატი მასალის მიმზიდველობის გასაძლიერებლად გამოიყენებოდა.

ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, ამბობს, რომ ამა თუ იმ საკითხზე ბავშვების მოსაზრებებით დაინტერესებას მიესალმება: „კარგია, როცა ბავშვი ჩართულია პროცესებში, ეს, ერთი მხრივ, გაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი სერვისი გახადო მასზე მორგებული და მეორე მხრივ, ზრდის ბავშვის ჩართულობის, მისი თვითეფექტურობის განცდას.“ თუმცა იქვე დასძენს, რომ ის, რაც ამ გადაცემაში ვნახეთ, განსხვავებული შემთხვევაა: „ეს, რასაც ჩვენ ეკრანზე ვხედავთ, ამ კონცეფციისგან სრულიად განსხვავებულია. ესაა შოუ არა ბავშვის მონაწილეობით, არამედ ბავშვის გამოყენებით. წამყვანი, რომელიც არ არის პარიტეტული, თითქმის ენამოჩლექით საუბრობს და ბავშვს იყენებს, როგორც ჯამბაზს, რომლის მოსაზრებებზეც მაყურებელს უნდა გაეცინოს. ეს დამოკიდებულება არის დამაკნინებელი ბავშვისთვის“.

„იუნისეფის“ მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც ბავშვისაგან ინტერვიუს აღებას ეხება, ვკითხულობთ: „ბავშვებს არ მოსწონთ, როდესაც მათი სერიოზული კომენტარი მედიაში უფროსების გასართობ ხუმრობად გაიჟღერებს, რაც უფროსისთვის სასაცილოა, ბავშვისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს. ბავშვებს სურთ, რომ თქვენ მათ ისე მოეპყროთ, როგორც ტოლი ტოლს, ანუ ისე, როგორც სხვა ნებსმიერ ადამიანს“.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც“ შეიცავს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს ბავშვების გაშუქებისთვის. კერძოდ, 47-ე მუხლის მე-9 პუნქტი განმარტავს, რომ მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობის გარეშე, მაუწყებელმა არ უნდა სთხოვოს არასრულწლოვანს ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოთქმა (ინტერვიუ ან/და სამაუწყებლო პროგრამაში მონაწილეობა), რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მის შესაძლებლობებს აღემატება. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ბავშვები ხშირად აზვიადებენ საკითხებს ან ამბობენ იმას, რისი გაგონებაც, მათი აზრით, სურთ ზრდასრულებს“.

კატეგორია - ეთიკა
„მას შემდეგ რაც ტრანსგენდერი ზიზი შეყელაძე დაჭრეს, სექსუალური უმცირესობების უფლებადმცველები კვლავ სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივზე ალაპრაკდნენ. ამბავი იმითაც გახდა საინტერესო, რომ ლგბტ თემს ტრანსგენდერთა ნაწილი გამოეყო და საკუთარი ორგანიზაცია დაარსა“ - წამყვანის ამგვარი შესავლის შემდეგ, „იმედის დროში“ 11 წუთიანი სიუჟეტი ვიხილეთ. 11 წუთიდან ჯამში ალბათ, 2 წუთზე ნაკები დაეთმო ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ფაქტსა და ზოგადად, იმ მძიმე გარემოზე საუბარს, რაშიც ამ ადამიანებს ცხოვრება უწევთ. სიუჟეტის უდიდეს ნაწილში კი, ლგბტ ორგანიზაციების დემონიზაცია მოვისმინეთ. ორგანიზაციები „გრანტიჭამიებად“ და ფულის არამიზნობრივად მფლანგველებად იყვნენ წარმოჩენილნი, თანაც ყოველგვარი კონკრეტული ფაქტისა და არგუმენტის გარეშე. გარდა ამისა, სიუჟეტში ტრანსგენდერი ადამიანები სტერეოტიპულად იყვნენ წარმოჩენილნი, მათ ძირითად საქმიანობად კი, სხეულით ვაჭრობა დასახელდა. ამავე სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში 40-ამდე ტრანსგენდერი ცხოვრობს, ბუნდოვანი დარჩა, რა სტატისტიკას ეყრდნობა ეს მონაცემი.

სიუჟეტში გვიყვებიან, როგორ გაიყო ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები ორ ნაწილად, ჟურნალისტის თქმით, დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის საქმის სასამართლო პროცესისას, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილი „სახელმწიფოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებას თხოვდა, ნაწილი კი უფლებადამცველებს აკრიტიკებდა“.

სიუჟეტის ავტორებმა გადაწყვიტეს რომ მასალის მთავარი ხაზი უნდა ყოფილიყო სწორედ ეს მეორე საკითხი - ლგბტ ორგანიზაციების საქმიანობის კრიტიკა. ფაქტობრივად, არაფერი თქმულა ლგბტ ადამიანების დაცვის კუთხით სახელმწიფოს როლსა და ვალდებულებებზე, არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე, პრაქტიკაზე და ა.შ. სამაგიეროდ, მოვისმინეთ, რომ ლგბტ ორგანიზაციები ფულს ფლანგავენ, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და არა თემის საჭიროებებზე და უფლებების დაცვაზე.



„ტრანსგენდერთა ნაწილი უფლებადამცველებისგან თავს საკმარისად დაცულად არ გრძნობს“ -ამბობს ჟურნალისტი და ამის შემდეგ, სინქრონებსაც გვთავაზობს:

„ასეთი ტიპის ორგანიზაციები ახორციალებენ ისეთი ტიპის მიზნობრივ პროექტებს, რომელებიც არ არის სოციალურ პაკეტებთან მიბმული. ორგანიზაციები, რომლებიც საქმიანობენ, განცხრომაში, ქონებრივ მდგომარეობაში, პირადი მიზნებისთვის გამოყენებული ფულით ყველაფერს აკეთებენ და აქვთ საკმაოდ დიდი ქონებაც დაგროვილი“.

„რამდენჯერმე მივმართე და გასამართლებელი იყო, რომ აი რესურსები არ გვაქვს, დაიშალა იდენტობა, არ გვაქვს გრანტები, არ გვაქვს დაფინანსება. ამ დროს კარგად ვხედავდი, ოფისს არაფერი არ აკლდა, ხელფასებს იღებდნენ“.

„რამდენჯერმე რაღაც დამჭირდა და ნუ, არ მივმართე, იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდა აზრი, არ შეიბერტყავდა ყურებს. არ მოხდებოდა რეაგირება“.

არც ერთი ზემოთ მოყვანილი კომენტარიდან არ ჩანს კონკრეტული ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მოსაზრებას, რომ ლგბტ ორგანიზაციები თანხებს ფლანგავდნენ.

„რაში ხარჯავენ ფულს რეალურად ლგბტ ორგანიზაციები?“- სვამს რიტორიკულ შეკითხვას ჟურნალისტი და კითხვას თავადვე პასუხობს შემდეგი ტექსტით: „დაავადებათა კონტროლის ცენტრი 2014 წლიდან ახორციელებს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროგრამას. ერთ- ერთ კომპონენტს წარმოადგენს შიდსის პრევენცია ტრანსგენდერ პოპულაციაში. წელს ტენდერის გზით გამოვლინდა განმახორციელებლი ორგანიზაცია - თანასწორობის მოძრაობა, იგივე „ლგბტ საქართველო“. კონტრაქტის ღირებულება 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით 585 500 ლარის შეადგენს“. ისეა წარმოჩენილი, თითქოს 585 500 ლარი უაზროდ გაიფლანგა, კონრეტულად რა აქტივობებს მოხმარდა ეს თანხა, ან რა აქტივობები იგეგმება 2017 წლამდე, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ ორგანიზაციის წარმომადგენლების კომენტარები სიუჟეტში წარმოდგენილია, ზემოჩამოთვლილი კონკრეტული საკითხები პასუხგაუცემელი დარჩა. სიუჟეტის ავტორებმა ამის შესახებ რესპონდენტებს ან არაფერი კითხეს, ან ის ნაწილი, რომელშიც ამ თემაზე საუბრობდნენ, სიუჟეტში არ ჩასვეს.

გავიგეთ ისიც, რომ ადვოკატ ციალა რატიანის მუშაობით ლგბტ ადამიანების ნაწილი უკმაყოფილოა.

ერთ ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ გაიტაცეს და ციალა რატიანს დაურეკა:

„ციალას დავურეკე, იმან იქ დარეკა, აქ დარეკა მაგრამ დახმარება დღემდე არავის აღმოუჩენია“ - რა არის საქმის გარემოებები, ან რა სახის დახმარება უნდა აღმოეჩინა ადვოკატს მისთვის, არ დაკონკრეტებულა.

ლგბტ ორგანიზაციებისა და ადვოკატის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ჟურნალისტი „საგულისხმო“ ფაქტს გვაცნობს:

„საგულისხმოა ისიც, რომ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ატეხილი ხმაურის პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი, იგივე ტრანსგერნდერი მაცაცო ტატიშვილი მოინათლა. მაშინ მისი იდენტობა გაურკვეველი გახდა, რადგან ის თავს ტრანსგენდერად აღარ თვლიდა. დღეს კვლავ ტრანსგენდერის სტატუსით ფიქსირდება“.

საერთო ჯამში, იმის ნაცვლად, რომ სიუჟეტს მაყურებლისთვის გაეცნო ის არატოლერანტული გარემო, რომელშიც ტრანსგენდერი ადამიანები ცხოვრობენ, ეჩვენებინა რა არის მათი უფლებების დაცვაში სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობა, როგორია საკანონმდებლო ჩარჩო, ან რამდენად საფუძვლიანად და დროულად ხდება ლგბტ ადამიანებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტების გამოძიება, სიუჟეტში მოვისმინეთ დაუსაბუთებელი ბრალდებული ლგბტ ორგანიზაციების მისამართით.

ამას გარდა, სიუჟეტის კიდევ ერთი ხაზი თავად ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ გვიქმნიდა სტერეოტიპულ წარმოდგენებს. ახლო ხედებით გვიჩვენეს წითელპომადიანი ტუჩები და ქუსლიანი ფეხსაცმელები. საინტერესოა, ჰეტეროსექსუალი ქალის შესახებ საუბრის დროსაც იგივენაირად თუ აჩვენებდნენ მის ტუჩებსა და ქუსლიან ფეხსაცმელს ახლო ხედებით. ტრანსგენდერი - ტიტრში სახელისა და გვარის ქვემოთ სწორედ ასეთი მითითება ჰქონდათ ჩაწერილ ადამიანებს, თითქოს ტრანსგენდერობა პროფესია იყოს. მათ პროფესიას ჟურნალისტი კიდევ უფრო ჩაუღრმავდა და ყველა მათგანი სექსმუშაკად მონათლა: „ისინი ხშირად არიან ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ვერ საქმდებიან, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო სხეულით ვაჭრობაა“- ამბობს ჟურნალისტი. სიუჟეტში გამოყენებულმა ამგვარმა კადრებმა და შეფასებებმა, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ არსებული სტიგმის გაძლიერებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სახელმძღვანელო წესები: ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებული თემის გაშუქება
კატეგორია - ეთიკა
გადაცემა “ცეცხლის ხაზი“, შაბათობით ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გადის და მას ორი წამყვანი ჰყავს: მაგდა ანიკაშვილი და ვაკა გორგილაძე. გადაცემის ფორმატი საპირისპირო იდეოლოგიების მქონე ადამიანებს შორის კამათს გულისხმობს, აქ წამყვანები მხარეები არიან, ერთი ერთ პოზიციას იცავს, მეორე კი საპირისპიროს. ერთი წამყვანი თავს ლიბერალად, მეორე კი კონსერვატორად წარადგენს ხოლმე.

სწორედ ამ უცნაური ფორმატის წყალობით, 17 სექტემბრის „ცეცხლის ხაზი“ სიძულვილის ენისა და ჰომოფობიის ტრიბუნად იქცა. სიძულვილის ენის ტირაჟირებას კი ყველაზე ხშირად, სწორედ ერთ-ერთი წამყვანი კონსერვატორი ვაკა გორგილაძე ახდენდა. გადაცემაში მეტად სენსიტუირ თემას, კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ ჩანაწერის გაჩენას განიხილავდნენ.

“აგრესიული ლიბერალიზმი, რომელსაც არაფერი საერთო აქვს ტრადიციულ ლიბერალურ ფილოსოფიასთან, ახდენს კიდევ ერთი გლობალური პროექტის პრომოუშენს. დასავლური ცივილიზაცია შეპყრობილია დაუოკებელი ჟინით, მოახდინოს ერთსქესიანთა საქორწინო ურთიერთობების ლეგალიზაცია და მთელ თავის საკანონმდებლო, ინტელექტუალურ რესურსს იყენებს საუკუნის მთავრი სოციალური აბსურდის ინსტიტუციონალიზაციისთვის . რას უპასუხებენ ნაშვილებ ბავშვებს გეები და ლესბოსელები, ბავშვების მთავარ ფილოსოფიურ კითხვას, თუ რა მოხდება მას შემდეგ, როცა პატარა ადამიანი გაიგებს, რომ მას არ ჰყავს არც დედა, არც მამა და მას ზრდის მშობელი იქს ერთი და მშობელი იქს ორი” - ეს ჰომოფობიური ტექსტი სწორედ წამყვანის შესავალი სიტყვაა.

მსგავსი მესიჯები ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ ლიბერალიზმი ერთნაირი სქესის ადამიანებისთვის საქორწინო ურთიერთობების დაკანონებით, საფრთხეს უქმნის მომავალ თაობებს და ოჯახის ინსტიტუტს.

გარდა ამდაგვარი მონოლოგებისა, ისმოდა ისეთი სიტყვათშეხამებები როგორიცაა: „სოდომი და გომორი“, „ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა“ „ლიბერასტები“, „ლიბერალიზმი არის ფაშისტური იდეოლოგია“, „გრანტიჭამია NGO-ები“.

“როგორც ჩანს, ეს რაღაც თეორიაა, რომლის თანახმადაც, ჯერ გათავისუფლდნენ მონები, შემდეგ მოხდა ქალების ემანსიპაცია დღეს LGBT- თემის და ხომ არაა ლოგიკური ეს გაგრძელება აი იმ დიალექტიკური ევოლუციის, რომელსაც დასასრული არ აქვს, როგორც ჩანს, რომ ერთ მშვენიერ დღეს დადგება საკითხი ადამიანის და ცხოველის ქორწინების, ურთიერთობების“ - კითხულობს გადაცემის “კონსერვატორი” წამყვანი.

ამ კითხვის შემდგომ გადაცემაში მსჯელობა პოლიგამიაზე და ცხოველებთან შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობებზე გაგრძელდა. ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა და ცხოველთა და ადამიანთა ქორწინება ერთ სიბრტყეში განიხილებოდა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ კონსერვატორ წამყვანს LGBT თემზე მსჯელობისას დაავიწყდა, რომ საუბარი იყო ადამიანებზე, პატივისა და ღირსების მქონე ადამიანებზე და საკითხის ცხოველებთან სასიყვარულო ურთიერთობის კონტექსტში განხილვა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ამ ადამიანების პატივისა და ღირსების შელახვა.

გადაცემაში კონსერვატორი წამყვანისგან ისმის აბსურდული, სიძულვილის ენისა და ჰომოფობიის შემცველი შეკითხვები. ის სვამს კითხვას, თუკი ჰეტეროსექსუალები არ აწყობენ აღლუმებს, ჰომოსექსუალებმა რატომ უნდა მოაწყონ... მაშინ როცა ჰომოსექსუალი კლავს ჰეტეროსექსუალს, არავინ აღნიშნავს ამ დღეს და რატომ აღვნიშნავთ ჰომოსექსუალებზე ძალადობის დღეს....

„ცოლ-ცოლი“, „ქმარ-ქმარი“ - წამყვანი ირონიულად გვთავაზობს ამგვარ განმარტებას ჰომოსექსუალი წყვილების ცნების აღსანიშნად.

და ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი ისაა, რომ კონსერვატორი წამყვანი თავისი ჰომოფობიური განცხადებებით უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე ე.წ. „ლიბერალი“ წამყვანი.

რომ შევაჯამოთ, გადაცემას აქვს რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა:

1. გაუგებარია, რა ფორმატისაა გადაცემა, რა კონცეფცია აქვს მას. რა იდეა დევს იმაში, რომ წამყვანები მხარეები არიან. თუკი გადაცემის მიზანი „იდეოლოგიათა ჯახის“ ჩვენებაა, რატომ არ შეიძლებოდა ეს „ჯახი“ გვეხილა მიუკერძოებელი, მომზადებული წამყვანების პირობებში, რატომ არის აუცილებელი, რომ წამყვანები იყვნენ მხარები. რატომ გადაწყვიტეს გადაცემის ავტორებმა, რომ წამყვანების სუბიექტური პოზიციები უფრო საინტერსოა ჩვენთვის, ვიდრე მათ მიერ დასმული მიუკერძოებელი, კრიტიკული, აზრიანი შეკითხვები. ან საერთოდ, რატომ არის აუცილებელი პოზიციის დასაცავად სიძულვილის ენის გამოყენება?

2. „ლიბერალ“ ანიკაშვილს ამავე არხზე „მაესტროს ფაქტორიც“ მიჰყავს, სადაც წესით, ფორმატიდან გამომდინარე, მიუკერძოებლი მოდერატორის როლი უნდა შეასრულოს. როგორ უნდა წარმართოს „მაესტროს ფაქტორში“ ანიკაშვილმა მაგალითად, კახა კუკავასთან ნებისმიერ თემაზე ინტერვიუ, მაშინ როცა მას „ცეცხლის ხაზში“ კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი უწოდა და ნეგატიურ კონტექსტში რუსეთის დუმის დეპუტატებს შეადარა? რესპონდენტმა კი, თავისმხრივ, არაერთხელ მიუთითა წამყვანის არაკომპეტენტურობაზე. ან საერთოდ, რა მიდგომაა, როცა წამყვანი ერთ გადაცემაში კონკრეტულ თემებზე მკვეთრად გამოხატავს სუბიექტურ პოზიციებს, იმავე არხის სხვა გადაცემაში კი ცდილობს მიუკერძოებელი მოდერატორის როლი შეასრულოს?

3. ამ გადაცემაში ნაცვლად არგუმენტირებული, აზრიანი, მრავალფეროვანი მსჯელობისა, მაყურებელი ისმენს ოთხ ხმაში გაშლილ ქაოტურ, არაფრისმომცემ კამათს, რომელიც არც თუ იშვიათად, მონაწილეთა შორის პირად შეურაცხყოფაში გადადის.

4. დაბოლოს, გადაცემაში გაჟღერებული მოსაზრებები ცდება გამოხატვის ეთიკურ სტანდარტებს. სრულიად წარმოაუდნელია, ერთ სიბრტყეში ისაუბრო ერთი და იმავე სქესისის მქონე ადამიანებისა და ცხოველისა და ადამიანის ქორწინების დაკანონებაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად, მსგავსი ალოგიკური შეურაცხმყოფელი შედარებების ავტორი გადაცემის წამყვანია. არადა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მაუწყებლის ჟურნალისტებს ავალდებულებს არათუ თავად არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, არამედ რესპონდენტსაც არ მისცენ საშუალება, შეუწყნარებლობის ტრიბუნად აქციონ სატელევიზიო ეთერი. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამ ნორმის დარღვევა გადაცემის ფორმატით ვერ გამართლდება. გაუგებარია, რატომ ხდება გადაცემაში წამყვანის მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირება, რა მიზანი აქვს ამ გადაცემას, მართლაც მრავალფეროვანი მოსაზრებების შემოთავაზება და საკითხის მრავალმხრივი გაშუქება, თუ ჰომოფობიური, ანტიდასავლური დისკურსის გაძლიერება....
კატეგორია - ეთიკა
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი - მეორე დღეა, ეს თემა ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების ინტერესის საგანია. საკითხი 15 სექტემბერსაც გაშუქდა, თუმცა განსხვავებული იყო გაშუქების კუთხეები. ტელეკომპანიების უმეტესობამ ძირითადი აქცენტი სატელეფონო საუბრის შინაარსზე გააკეთა, სიუჟეტებში მსჯელობა იმაზე მიდიოდა, რამდენად ეთიკურია ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან პოლიტიკოსის დაშანტაჟება. სიუჟეტების ნაწილში კი თემა არა მედიაეთიკის, არამედ ფარული მიყურადების კონტექსტში გაშუქდა.

გთავაზობთ, ხუთი ტელევიზიის 15 სექტემბრის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში თემის გაშუქების მიმოხილვას:

საზოგადოებრივი მაუწყებელი



„ფარული ჩანაწერები“ - ასე ერქვა 8 საათიან „მოამბეში“ გასულ სიუჟეტს. წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის ტექსტი იყო მიუკერძოებელი და არ მოიცავდა შეფასებით სიტყვებს. საკითხი მთლიანად ფარული მოსმენების კონტექსტში იყო გაშუქებული, არც ჟურნალისტებს და არც ჩაწერილ რესპონდენტებს საუბრის შინაარსზე აქცენტი არ გაუკეთებიათ.

პირველივე წუთიდან, სიუჟეტში ისმის ჟურნალისტის შეკითხვა, რომელსაც ის პაატა ბურჭულაძეს უსვამს - „ვის კვალს ხედავთ გამოქვეყნებაში?“ „სუსის“- პასუხობს პოლიტიკოსი.

გარდა ბურჭულაძისა, სიუჟეტში მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილს შეფასებები, რომ ჩანაწერები შესაძლოა, თავად გვარამიას მიერ იყოს გამოქვეყნებული. ასევე, მოვისმინეთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარებიც, ისინიც თემას ფარული მოსმენების კონტექსტში განიხილავდნენ.

„მესამე სექტორის შეფასებით, ქვეყანაში ფარული მიყურადების პრაქტიკა საგანგაშო ხასიათს იღებს, მოსმენები, თვალთვალი, შანტაჟი, არასამთავრობოებს სჯერათ, რომ ძველი მეთოდებით ბრძოლა მაშინ დასრულდება, როცა კანონი შეიცვლება, კანონი, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა ჯერ კიდევ მოქმედია“ - ასეთი იყო ჟურნალისტის საკადრო ტექსტი, სიუჟეტის მიწურულს. თემა კი მომდევნო სიუჟეტში სწორედ ამ სადავო კანონზე საუბრით გაგრძელდა და მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ამბის სრული კონტექსტი გაეგო.

მაესტრო



„მედია და პოლიტიკა“ - ეს კი ტელეკომპანია მაესტროს მიერ თემაზე მომზადებული სიუჟეტის სათაურია. სიუჟეტში ფართოდ მიმოიხილეს ჩანაწერის შინაარსი, იმსჯელეს, რამდენად ეთიკური და სამართლიანია, ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან პოლიტიკოსთან ამგვარი საუბარი. ფარული მოსმენების საკითხი სიუჟეტის მთავარი თემა არ ყოფილა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ ამბის შესავსებად და ფორმალური ბალანსის საჩვენებლად გამოიყენეს.

„სარედაქციო ვაჭრობა, თუ პროვოკაციული ზარი წინასწარგაწერილი სცენარით“ - სიუჟეტის შესავალი ტექსტიდანვე, საკითხი სწორედ ასე იყო დაყენებული.

წამყვანის შესავალი ტექსტი:

„უდგენს თუ არა ტელემენეჯერი პოლიტიკოსებს დღის წესრიგს. ურთიერთობების ე.წ. წარმოუდგენელი სტანდარტი, მედიაექსპერტებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს. აქვს თუ არა სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელს უფლება, განსაზღვროს ამა თუ იმ პარტიის სამოქმედო გეგმა და თამაშის საკუთარი წესები შესთავაზოს. ამ მიმართულებითაც დაისვა დღეს კითხვები. სარედაქციო ვაჭრობა თუ პროვოკაციული ზარი წინასწარგაწერილი სცენარით, რაზეც მმართველ გუნდშიც საუბრობენ“.

„მედიაექსპერტების განმარტებით ეს ის შემთხვევაა, როცა მედია პოლიტიკოსებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი და შემდეგ, ექსპერტების კომენტარებს გვთავაზობს.

ამავე სიუჟეტში გაიხსენეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბარიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. გვიჩვენეს ის ნაწყვეტი, სადაც სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ რუსთავი 2 - ის შენობასთან ბარიკადები უნდა შეიქმნას. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჩანაწერის „შეხსენების“ მიზანს, იმის ხაზგასმა წარმოადგენდა, თუ რა ტიპის ურთიერთობები აქვს გვარამიას პოლიტიკოსებთან.

ამ სიუჟეტის შემდეგ, ცალკე კადრ-სინქრონი გავიდა ფარული მოსმენების შესახებ. მასალის ორი წყაროდან ერთი, საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელი საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობს, მის კომენტარს კი სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას შეფასება მოსდებს, რომ სუსი არის მიუკერძოებელი და ის უკანონოდ არავის უსმენს.

2030



„ბურჭულაძე -გვარამიას სკანდალური აუდიოჩანაწერი და შეკითხვები, რომლებიც მისი გავრცელების შემდეგ გაჩნდა, ვინ ვის უსმენს და აძლევს თუ არა კერძო ტელევიზიის დირექტორი თავს უფლებას, პოლიტიკური ძალის ლიდერს ულტიმატუმი წაუყენოს. რას ეუბნება მსგავსი ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს“ - ამ ტექსტით დააანონსა 2030 -ის წამყვანმა გადაცემაში განსახილველი თემა. საკითხზე მსჯელობა ჯერ პატრიოტთა ალიანსის ლიდერთამ, ირმა ინაშვილთან, შემდეგ მანანა ნაჭყებიასთან, ბოლოს კი ირაკლი სესიაშვილთან გაგრძელდა.

ირმა ინაშვილთან ინტერვიუს დაწყების წინ, წამყვანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ტექსტი, მცირედი ცვლილებებით: “ვინ უსმენს და რატომ აძლევს კერძო ტელევიზიის დირექტორი თავს უფლებას, პოლიტიკური ძალის ლიდერს ულტიმატუმი წაუყენოს. რას ეუბნება მსგავსი ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს. შეკითხვებს ირმა ინაშვილი პასუხობს“.

სამივე სტუმრის შემთხვევაში, მსჯელობა ძირითადად, სატელეფონო საუბრის შინაარსის განხილვით წარიმართა. სტუმრები აფასებდნენ, რამდენად ეთიკურად იქცევა ნიკა გვარამია, როცა ასე ესაუბრება პოლიტიკოსს. ბუნებრივია, საუბრის ამგვარად წარმართვას ხელი წამყვანის შეკითხვებმა შეუწყო.

მაგალითად, წამყვანი დაინტერესდა, ირმა ინაშვილთან თუ ხორციელდება ამგვარი ზარები, რაზეც სტუმარმა უპასუხა, რომ ამას გვარამია ინაშვილს ვერასოდეს გაუბედავს, შემდეგ კი საუბარი იქითკენ წავიდა, თუ „რომელი პარტია ვის ნავში ზის“.

სტუმრად მიწვეულ მანანა ნაჭყებიას კი, წამყვანი ჯერ იმას ეკითხება, თუ ვის ინტერესში შედის ჩანაწერის გამოქვეყნება, შემდეგ კი ინტერესდება, რამდენად მისაღები იყო ნაჭყებიასთვის „ულტიმატუმის, დირექტივის ენა“, რომელიც გვარამიას მხრიდან სატელეფონო საუბარში ჩანს.

„ჯიდიესის დირექტორს ამ ტონით, ამ პათოსით რომ დაერეკა, თუნდაც თქვენთან, რამდენად მისაღები იქნებოდა ეს თქვენთვის“ - ასე ჟღერდა იმავე სტუმრისთვის დასმული კიდევ ერთი შეკითხვა.

ბოლო სტუმარსაც წამყვანმა ის კითხა, თუ რაზე მიუთითებდა ეს ჩანაწერი... რაზეც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად მიუღებელია, როცა ტელეკომპანიის დირექტორი ასე თავხედურად ელაპარაკება პოლიტიკური პარტიის ლიდერს.

- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნიკა გვარამია აშანტაჟებს ბურჭულაძეს? - ჩაეკითხა წამყვანი.

სესიაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისთვის ეს საუბარი მიუღებელია, ამბობს, რომ შერცხვა, როცა ეს ჩანაწერი მოისმინა.

-თქვენ რატომ შეგრცხვათ, ბატონო ირაკლი? - დაინტერესდა წამყვანი.

სტუმრებთან საუბარი მთლიანად, სატელეფონო ჩანაწერის შინაარსის განხილვის მიმართულებით წარიმართა, ფარული მოსმენები კი რამდენჯერმე გაკვრით, ფორმალურად ახსენეს.

იმედი

„ბურჭულაძე-გვარამიას საუბარი“ - „ქრონიკის“ მიერ თემაზე მომზადებული სიუჟეტიც, გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ნაწყვეტით იწყება. მართალია, ფარული მოსმენების კონტექსტიც მეტნაკლებად წარმოჩენილია, მაგრამ მასალის ძირითადი აქცენტი, აქაც სატელეფონო საუბრის შინაარსზეა.

„პაატა ბურჭულაძე დღეს იმის დამტკიცებასაც ცდილობდა, რომ ამგვარი საუბრები მას სხვა ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთანაც აქვს“, ამბობს ჟურნალისტი და შემდეგ, ბურჭულაძის კომენტარს ვისმენთ, სადაც ის განმარტავს, რომ ეს საუბარი შედგა არა პოლიტიკოსსა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელს შორის, არამედ დიდი ხნის ნაცნობებს შორის. ეთერში ისმის ჟურნალისტის შეკითხვაც ბურჭულაძის მისამართით: სხვა არხებთანაც გაქვთ მსგავსი მოლაპარაკებები?

სიუჟეტი მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული შეფასებებით გაგრძელდა. „გვარამია-ბურჭულაძის საუბარს გაუგებარს უწოდებენ მმართველ გუნდში, ქართული ოცნების თავმჯომარე ფიქრობს, რომ ამ საუბარმა ფარდა ახადა ნაციონალებისა და ბურჭულაძის ურთიერთობას“ - ამბობს ჟურნალისტი, შემდეგ, გია ვოლსკის სინქრონს ვისმენთ.

„ალასანიას გუნდისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს დირექტორი გვარამია მუქარის ენით, ოპოზიციური პარტიის ლიდერთან“- ჟურნალისტის ამ ტექსტს თავისუფალი დემოკრატების ლიდერის გია ცაგარეიშვილის კომენტარი მოსდევს, რომ „მოსმენები გრძელდება, მაგრამ ამასთანავე, წარმოუდგენელია ასე ესაუბრო და დაამუნათო პარტიის ლიდერი“.

სიუჟეტში რამდენიმეწამიან კომენტარებში ფარული მოსმენების შესახებ ფაქტრობრივად, მხოლოდ თავად პაატა ბურჭულაძე და ნაციონალური მოძრაობის წვერი თინათინ ბოკუჩავა საუბრობენ, დანარჩენ სინქრონებსა და ჟურნალისტის ტექსტში კი ძირითადი აქცენტი სატელეფონო ჩანაწერის შინაარსზე კეთდება.

რუსთავი 2

„ფარული მოსმენების საქმე“ - სიუჟეტი „კურიერის“ მიერ ასე იყო დასათაურებული. სათაურიდანაც ცხადია, რომ ძირითადი აქცენტი სწორედ ფარულ მოსმენებზე გაკეთდა.

სიუჟეტში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩანაწერის შინაარსზე საუბრით, ყურადღება მთავარიდან - ფარული მიყურადების პრობლემიდან, მეორეხარისხოვან საკითხზე - ჩანაწერის შინაარსზე გადაიტანოს.

წამყვანების შესავალი ტექსტი:

„გამოძიება მიმდინარეობს, საქმის მთავარი მოქმედი პირები კი ჯერ გამოსაკითხად არ დაუბარებიათ. თუმცა ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის ჩვენებები, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური იქნება. რადგან ხელისუფლების გზავნილები, მორიგი ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, უკვე ცნობილია.

ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ ლიდერების ვერსია საკუთარ გადაცემაში მტკიცებულებით ფორმაში გადაიყვანა და ფარული ჩანაწერების გავრცელებაში რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორი დაადანაშაულა. ივანიშვილისთვის, ისევე როგორც მისი თანაგუნდელებისთვის, საუბრის შინაარსია მნიშვნელოვანი და არა თავად უკანონო მიყურადების ფაქტი. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი გაცილებით უფრო შორს წავიდა შეფასებებში ქართული ოცნების ახალი სახე, რომელმაც ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის პირადი საუბარი ჰილარი კლინტონის სკანდალსაც შეადარა“.

ჩანაწერის შინაარსზე და მედიაეთიკაზე ქართული ოცნების წევრის, თამარ ჩუგოშვილის კომენტარებში იყო საუბარი, თუმცა მის კრიტიკას ნიკა გვარამიას პასუხები მოსდევდა.

„სირცხვილია, როცა შინაარსზე აკეთებენ აქცენტს“ - ამბობს კიდევ ერთი რესპონდენტი, რესპუბლიკელი თამარ კორძაია.
კატეგორია - ეთიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ წინასარჩევნო პერიოდში მიმდინარე ტოქშოუებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ზოგჯერ სტუმრები არ არიან დაკავშირებული განსახილველ თემასთან, ან არ არიან ამ თემის სპეციალისტები. არიან ექსპერტები, რომლებსაც ჟურნალისტების აზრით, ყველა თემაზე შეუძლიათ საუბარი, ან არიან ცნობილი სახეები, რომლებსაც იმიტომ, რომ ცნობილი სახეები არიან, ან რაიმე პოსტი მიუძღვნეს სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის მიმდინარე აქტუალურ თემას, ყველაფერზე შეუძლიათ კომპეტენტური აზრის გამოთქმა.

მაგალითად, “მაესტროს ფაქტორის” 5ივლისის გადაცემის თემა იყო გიგი წერეთლის დამარცხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში, „მაესტროს ფაქტორში” პირველი სტუმრები იყვნენ თამაზ მეჭიაური და კახა კუკავა. ისინი არ წარმოადგენდნენ რომელიმე დაპირისპირებულ მხარეს. ამასთან თამაზ მეჭიაურმა, გარდა გიგი წერეთლის საქმისა,საკუთარი პარტიისხედვებსა დასამომავლო პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა.

კიდევ ერთ გადაცემაში, სადაც მიწვეული იყვნენ ზაზა ფირალიშვილი და არჩილ გამზარდია. სტუმრებს დღის ისეთ მიმდინარე საკითხებზე უნდა ესაუბრათ, როგორიცაა NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა და ა.შ. “ვიცი, რომ არ გეხებათ ეს საკითხი, მაგრამ მაინც გკითხავთ”, - მიმართა წამყვანმა სტუმრებს და შემდეგი კითხვა დაუსვა:

“როგორც მაყურებლები, უყურებთ როგორ შუქდება ეს საკითხი, მაინტერესებს, მთავარი ბრალდება, ეჭვები, რომელიც იყო გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით არის ის, რომ ის მაინც თამაშობს ნაციონალური მოძრაობის თამაშს და ცდილობს, რომ საკუთარი თანამდებობა გამოიყენოს გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის. დღევანდელმა ძალიან კონსტრუქციულმა შეხვედრამ, როდესაც ის მივიდა პროკურატურაში, შეხვდა, მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც როგორც ჩანს მართლაც არსებობს გარკვეული ფაქტები. თქვენ გაგეფანტათ თუ არა, ეს ეჭვები, დავუშვათ, რომ ის მართლაც გულწრფელია, შეიძლება?”

13 ივლისის “მაესტროს ფაქტორში” კი “ქართული ოცნების” ახალი სახეების შესაფასებლად მიიწვიეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე და ე.წ. ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ზარქუა.

არარელევანტური სტუმრების პრობლემა ტელეკომპანია “კავკასიაზეც” შეგვხვდა. 13 ივლისს გადაცემის მესამე ბლოკში ექსპერტის სტატუსით მოწვეულ მამუკა გამყრელიძეს წამყვანმა სთხოვა შეეფასებინა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, რის საპასუხოდ გამყრელიძემ აღნიშნა:

“მე შეიძლება საშუალო სტატისტიკური ქართველისგან განვსხვავდები იმით, რომ ტელევიზორს არ ვუყურებ და ამიტომ ეს ხალხი გვარები რომ ჩამომითვალეს, ნამდვილად არ ვიცი. ერთადერთი, ვინც გამიგია, ჩუგუაშვილი”. წამყვანმა შეუსწორა, უთხრა რომ ის „ჩუგოშვილია“, ცნობილია საზოგადოებისთვის და შეახსენა მისი კარიერა.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წაყმვანები ე.წ. ექსპერტებს წარადგენენ კონკრეტული სტატუსით და შემდეგ ისინი განსხვავებულ თემებზე საუბრობენ. არადა, სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში ექსპერტი განიმარტება, როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს სპეციალური უნარი ან ცოდნა რაიმე კონკრეტულ საკითხში.

მაგალითად “მაესტროს ფაქტორში” ივლისსა და აგვისტოში ექსპერტის სტატუსით 4-ჯერ იყო მიწვეული ირაკლი ზარქუა. მას წამყვანი წარადგენდა, როგორც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტს, თუმცა ეკონომიკის ნაცვლად, ის შიდა პოლიტიკურ პროცესებს აფასებდა. აღსანიშავია, რომ ზარქუა ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “2030-ის” ექსპერტი და გადაცემა “2030-ის” მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში, რაც წამყვანს გადაცემის მსვლელობისას არ აღუნიშნავს.

რა პრინციპით იწვევენ ჟურნალისტები პოლიტიკოსებს და ე.წ. ექსპერტებს ეთერში? რატომ ფიქრობენ, რომ ყველას შეუძლია ყველა საკითხზე გამოთქვას ექსპერტული მოსაზრება? რატომ უნდა შეაფასონ რომელიმე პარტიის ახალი სახეები ე.წ. ექსპერტებმა, თუ საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მიაწოდონ მათ ამომრჩეველს? რას იღებს მაყურებელი გადაცემების სტუმრებისგან, რომლებიც არ ამატებენ ახალ დეტალებს, არ იკვლევენ, არ სწავლობენ კონკრეტულ სფეროს?- ეს, ალბათ, ის კითხვებია, რაც ნებისმიერ მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს სხვადასხვა გადაცემის ყურებისას და მათზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს.

პრობლემა კომპლექსურია. ერთი მხრივ, არ არის ჩამოყალიბებული ტოქშოუს ფორმატები და გადაცემა ერთი კონკრეტული თემის შესახებ არ იგეგმება. არ ხდება ერთი საკითხის სიღრმისეული განხილვა. შესაბამისად, სტუმრების მოწვევაც ხშირად არალოგიკურია. ჟურნალისტები მოტივირებული არიან, რომ ეთერი შეავსონ და ნებისმიერი სტუმრის მისვლას თანხმდებიან.
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ზოდიაქოს ნიშნები შეიცვალა. ეს “სიახლე” ქართულ სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა.

მედიასაშუალებებმა info9.ge-მ, pia.ge-მ წყაროდ ვებგვერდი awarenessact.com გამოიყენეს, სადაც აღნიშნულია, რომ NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები პირველად განაახლა 2000 წლის შემდეგ. ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ ვარსკვლავების განლაგება შეიცვალა, რამაც ზოდიაქოს ნიშნების ცვლილება გამოიწვია.

იგივე ინფორმაცია ოღონდ BBC-ზე დაყრნობით ჟურნალმა რეიტინგმაც გამოაქვეყნა 2015 წლის 26 აგვისტოს.

მსგავსი ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნების შეცვლის შესახებ 2011 წელსაც გავრცელდა, თუმცა მაშინვე აღინიშნა, რომ ეს არ იყო სიმართლე.

BBC-ის 2011 წლის 17 იანვრის მასალაში ვკითხულობთ, რომ ვარსკვლავები არ მოძრაობენ, თუმცა მათი განლაგება იცვლება დედამიწის მოძრაობის ფონზე. ამ პროცესს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, 26 ათას წლიან გრძელ პერიოდს, პრეცესიას (precession) უწოდებენ. პრეცესია გავლენას ახდენს მხოლოდ “ვარსკვლავურ” ასტროლოგიაზე, სისტემაზე, რომელიც უმეტესად გამოიყენება ინდოეთში და იმ ადამიანების მიერ, ვინც “ვედური” ასტროლოგიითაა დაინტერესებული. ამ სისტემებში ნიშნები იცვლება.

“ადამიანი შესაძლოა მერწყულია ტროპიკული სისტემით, მაგრამ თხის რქა ვედური სისტემით”, - ამბობს ასტროლოგი რასსელ გრანტი”.

“ტროპიკული ზოდიაქოს” სისტემას ე.წ. დასავლელი ასტროლოგები იყენებენ და ეს სისტემა მკაცრად დადგენილია მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობის მიხედვით.

“ტროპიკული ზოდიაქოს სისტემა დადგენილია და არ იცვლება. ის უძრავია მიუხედავად დედამიწის მოძრაობისა”, - აღნიშნულია BBC-ის საიტზე.

“ტროპიკული ზოდიაქოს” სისტემა ყველაზე მეტად გავრცელებულია, ასე რომ მერწყულები კვლავ მერწყულები არიან და თხის რქებიც თხის რქები.
კატეგორია - ეთიკა
სააპელაციო სასამართლომ „ასავალ - დასავალს“ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის 6 ათასი ლარი დააკისრა. საქმე ეხება „თიბისი ბანკსა“ და გაზეთს შორის ორი წლის წინ დაწყებულ სასამართლო დავას, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მიერ ბანკის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებს მოჰყვა.

თიბისი ბანკმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2014 წლის21 თებერვალს მიმართა. ბანკი და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევდნენ, რომ „ასავალ-დასავალმა“ ცრუ ინფორმაცია გამოაქვეყნა, მახრე ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

ერთწლიანი განხილვის შემდეგ, 2015 წლის 11 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელი დაგაზეთს მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა დაავალა.

ბანკში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ „ასავალ-დასავალმა“ კვლავ გააგრძელა ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება, რასაც “თიბისი ბანკმა” და მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო საჩივრით უპასუხეს.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაზეთის მიერ ცრუ ფაქტების გავრცელებით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ და დამატებით „ასავალ-დასავალს“, მის რედაქტორსა და ჟურნალისტებს 6 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ფულადი ანაზღაურების საკითხიც და მიიღო ადექვატური გადაწყვეტილება. როდესაც მედიასაშუალება მხილებულია მოქალაქის პატივისა და ღირსების შელახვაში, ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც, რასაც არ პასუხობდა წინა სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თანხას, სასამართლომ გაითვალისწინა „მსუსხავი ეფექტის“ ალბათობა და გაზეთს ის თანხა დააკისრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა მისი არსებობის საკითხს,“- აცხადებს თიბისი ბანკის ადვოკატი ქეთი ქვარცხავა.
კატეგორია - ეთიკა
12 სექტემბერს, „საქინფორმის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია ირწმუნება, რომ უკრაინაში იჭერენ მარტოხელა ადამიანებს, ორგანოებად ანაწევრებენ და საიდუმლოდმარხავენ. „ადამიანთა ნეშტებით სავსე ჭა კიევის მახლობლად ნახეს“ - აღნიშნულია სტატიაში.

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ უკრაინაში ცხედრებით სავსე ჭა იპოვნეს, არ დასტურდება. თემაზე მხოლოდ რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული გამოცემა წერს: rusgambit.ru, Pravda.ru, news.sputnik.ru.

თუმცა, საქინფორმი მეტი დამაჯერებლობისთვის, „წყაროდ“ უკრაინელ სამართალდამცველებსაც იშველიებს:

„კიევის ოლქის იაგოტინის რაიონში საგანგებო ვითარების შესახებ უკრაინის ნაცპოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენლებმაგანაცხადეს. უწყებაში დააზუსტეს, რომ თითოეულ პაკეტს მიმაგრებული ჰქონდა ბირკები სამედიცინო დიაგნოზით, თარიღითა და გვარით. ახლა პაკეტებს სასამართლო ექსპერტები შეისწავლიან.სამართალდამცავები ადამიანთა ნეშტების საზარელი სამალავის შემქმნელებს ეძებენ. აღნიშნულ ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის“ მუხლით. ვარაუდობენ, რომ შენობა გამოიყენებოდა ორგანოთა გადანერგვის მიწისქვეშა ლაბორატორიის დამუშავებული ბიოლოგიური მასალის საცავად“

მასალის ბოლოს, საქინფორმი ირწმუნება, რომ ამ ყველაფერში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ხელი ურევია. „საქინფორმი“ წერს, რომ ეს კავშირი თავად რედაქციის მიერ, ინფორმაციის შეჯერების შედეგადაა დადგენილი. თუმცა რა ტიპის ინფორმაცია შეაჯერა გამოცემამ, ან როგორ მივიდა ამგვარ დასკვნამდე, განმარტებული არ არის.

„საქინფორმი, შეაჯერა და გააანალიზა რა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, აცხადებს, რომ აღმოჩენილი საცავი უკავშირდება საქართველოში, სამეგრელოში სხვადასხვა მიწისქვეშა სამალავების მოწყობის მოყვარული, ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის იურიდიულ მეუღლეს. სანდრა რულოვსი კი, მეტსახელად „სანდრა–მფატრავი“ ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში როგორც ადამიანთა ორგანოების მსხვილი მიმწოდებელი“- ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიას თან ერთვის ცხედრების ფოტოები. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ფოტოები „უკრაინაში აღმოჩენელი სამარხიდანაა“. სინამდვილეში ფოტოებია ძველია, ერთ-ერთი მათგანი „მირორს“ 2014 წელს აქვს გამოქვეყნებული, ფოტოს მინაწერში აღნიშნულია, რომ ის გადაღებულია რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ხოლო ფოტოზე უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარია ასახული.

საქინფორმის სტატიის მთავარ ფოტოზე კი, ფოტომონტაჟის მეშვეობით, სანდრა რულოვსი ადამიანის ორგანოების ფონზეა გამოსახული.

ორგანოებით ვაჭრობა - ეს ის თემაა, რის შესახებაც რუსული პროპაგანდა საკუთარ მესიჯებს აქტიურად ავრცელებს ხოლმე. არასასურველი პირების თუ ჯგუფების დემონიზაციის მიზნით, მათთვის „ორგანოებით მოვაჭრის“ იარლიყის მიწებება კრემლის პროპაგანდის ცნობილი მეთოდია.

რუსული პროპაგანდისტული მესიჯები ორგანოებით ვაჭრობის შესახებ რუსულ საიტებზე 2011-2012 წლიდან ჩნდება და განსაკუთრებით აქტიურდება 2014 წელს, მას შემდეგ პერიოდულად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, სხვადასხვა მაღალჩინოსნის ორგანოებით ვაჭრობაში მონაწილეობის, ორგანოთა ვაჭრობის ლეგალიზაციის, ორგანოებამოცლილი ცხედრების სამარხების აღმოჩენის შესახებ.

Russia Today 2011 წელს ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეს პროპაგანდისტული მესიჯი სტატიაში გააჟღერა. „უკრაინა ორგანოებით ვაჭრობის ცენტრი ხდება“ - სტატია ასე იყო დასათაურებული.

2014 წელს, „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ირწმუნებოდა, რომ უკრაინაში „ჰუმანიტარული კრიზისია“, გამოცემა წერდა, რომ 180 უკრაინელი ჯარისკაცის გვამია ნაპოვნი, ცხედრები გაკვეთილი იყო და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. სიახლეს თან ერთვოდა ყალბი ფოტო, რომელსაც უკრაინასთან კავშირი არ ჰქონდა. Russian TV 24-მ კი გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს იულია ტიმოშენკოს ადვოკატი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობდა. ტელევიზია ირწმუნებოდა, რომ ადვოკატი სოციალური ქსელით დაუკავშირდა გერმანელ ექიმს ოლჰა ვიბერს და მასთან ორგანოების გაგზავნის დეტალებს აგვარებდა.

„მე არ ვარ ექიმი და არ ვიცნობ ამ ადვოკატს, ეს ნონსენსია. ყველა ინფორმაცია ჩემ შესახებ, ფოტოები, სივი, რომელიც ტელევიზიამ გამოიყენა, აღებულია ინტერნეტიდან. ჩემ შესახებ ამგვარი ყალბი ინფორმაცია ათასობით სააგენტომ დაწერა. მეჩვენება, რომ მთელი პროპაგანდისტული მანქანა ჩემკენაა მომართული“ - ამბობდა ოლჰა ვიბერი.

ყალბი სიახლეები ორგანოებით ვაჭრობის შესახებ ქართულ მედიაშიც, უკრაინის მსგავსად, 2011-2012 წლიდან ჩნდება, ოღონდ მცირედი ტრანსფორმაციით. „ასავალ-დასავალი“ და „საქართველო და მსოფლიო“ იყვნენ პირველები, რომლებმაც მკითხველს ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად შესთავაზეს. მედიასაშუალებები ირწმუნებოდნენ, რომ ორგანოებით მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი ვაჭრობდა, რომ ის ჯერ საქართველოში აჭრიდა ორგანოებს ქართველ პატიმრებს, შემდეგ კი საქმიანობა უკრაინაშიც განაგრძო. ცნობა, სანდრა რულოვსის ორგანოებით ვაჭრობასთან კავშირის შესახებ, ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სანდრა რულოვსი კენჭს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრის. ამჯერადაც, ინფორმაცია ყოველგვარი ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობის, ინფორმაციის გადამოწმებისა და წყაროების გარეშე ვრცელდება.
კატეგორია - ეთიკა
8 სექტემბერს “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი კვირკაშვილმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა. რამდენიმე ტელეკომპანიამ პროგრამის წარდგენა პირდაპირ ეთერში სრულად აჩვენა. ტაბულას, რუსთავი 2-სა და კავკასიას წარდგენა პირდაპირ ეთერში არ გაუშვიათ, ხოლო TV პირველზე ჩართვის ხანგრძლივობა 7 წუთი იყო. დანარჩენმა ტელევიზიებმა პროგრამის წარდგენა სრულად, საათზე მეტი ქრონომეტრაჟით გვიჩვენეს.