ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ახალი პოლიტიკური ცენტრის - "გირჩის" ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს, 22 აპრილს, პარტიის ოფისში, პარტიის ახალი წევრების სტატუსით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხური და აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვების წამყვანები - არაზ მაშოვი და ედგარ ბარსაღიანი წარადგინა. არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, ამას მაუწყებლის დისციპლინური კომისია შეისწავლის.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი არ გვინდა იყოს მხოლოდ ახალი ადამიანების გაერთიანება, არამედ ასახავდეს იმ მრავალფეროვნებას, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა, ამიტომ მე დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს ორ ახალ წევრს - არაზ მაშოვსა და ედგარ ბარსაღიანს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც 12 წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარე ახალ ამბებს აცნობენ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს” - აღნიშნა ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.

მაუწყებლობის შესახებ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უკრძალავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას. ამის შესახებ კანონის 23-ე მუხლშია აღნიშნული. გარდა ამისა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-16 მუხლში წერია, რომ დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანები მიიჩნევენ, რომ მათ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვთ:

“მეც და სომხური გადაცემის წამყვანიც ამჟამად ვმუშაობთ საზოგადოებრივ მაუწყებელში, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, მაგრამ როგორც ასეთი, იმ პარტიაში არ ვართ გაწევრიანებული. ჩვენი სურვილია რომ ვიყოთ მათ რიგებში და თუ კანონი მოითხოვს, გავაკეთებთ ამას ისე, როგორც შეესაბამება კანონს. დოკუმენტურად არ ვართ გაფორმებული, ამჟამად ვართ კონსულტაციის დონეზე. აგიტაციასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჯერ ჩართული არ ვართ. როცა ასეთი რამ იქნება და მოთხოვნა იქნება, გავაკეთებთ როგორც საჭიროა. ახსნა-განმარტება მოგვთხოვეს მაუწყებლის იურისტებმა. მე არ ვაპირებ არანაირი ახსნა-განმარტების დაწერას. თუ კი რაიმე მიაჩნიათ რომ არასწორია, აქეთ მომედავონ”, - განუცხადა მედიაჩეკერს არაზ მაშოვს. იგივე პოზიცია აქვს ედგარ ბარსაღიანს:

“რადგან წლების წინ ვმუშაობდით ეროვნული უმცირესობების საკითხზე, ძირეულად გვესმის მათი პრობლემები. ახლა ვართ მრჩევლების პოზიციაში, რათა კონსულტაცია გავუწიოთ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებში. სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვით. ჩვენს სატელევიზიო საქმიანობას ეს არ ეხება”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის თქმით, მან უკვე მიმართა მოხსენებითი ბარათით საზოგადოებრივი მაუწყებლის დისციპლინურ კომისიას, რომელმაც გადაწყვეტილება განხილვის შემდეგ უნდა მიიღოს.

“დიდი ალბათობით, თუ დადასტურდება, რომ ისინი არიან პოლიტიკური პარტიის წევრები, მათ მოუწევთ სამსახურის დატოვება. მათ მოეთხოვათ ახსნა-განმარტების დაწერა, რომელიც განხილული იქნება კომისიაზე და რა თქმა უნდა, მათთან საუბრის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, - ამბობს გიორგი გვიმრაძე. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის სახე ვერ იქნება საინფორმაციო სამსახურში დასაქმებული და მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტია იქნება ეს.
კატეგორია - ეთიკა
17 აპრილს, გადაცემაში "P.S" გავიდა სიუჟეტი - "ივანიშვილი და რუსული აგენტურული ქსელი", სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართულმა სპეცსამსახურმა რუსული აგენტურული ქსელის წინააღმდეგ ბრძოლა, პრაქტიკულად, შეწყვიტა. მასალაში ორ ადამიანს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი ისე, რომ დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

სიუჟეტში პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მონაცემთა საიდუმლო ბაზიდან ამავე უწყების ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია და ის რუსულ სპეცსამსახურს გადასცა. მნიშვნელოვანია, რომ გვაზავა კონრეტული პირის სახელსა და გვარს არ ამბობს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ინფორმაცია გაიტანა, გია არდაზიშვილია. ის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს. ჟურნალისტი არდაზიშვილის დედასაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ერთ-ერთი პირი კი, რომელიც სიუჟეტში არდაზიშვილის ნათესავად არის მოხსენიებული, ამბობს, რომ მისი დაკავება სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. რესპონდენტი ზუსტად არ ადასტურებს, ბრალი უკავშირდება თუ არა ჯაშუშობას (კომენტარის დროს, მისი სახე დაფარულია.)

ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ადასტურებს, რომ არდაზიშვილი დაკავებულია და ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული. აქ ჟურნალისტი არ აზუსტებს არსობრივად მნიშვნელოვან ინფორმაციას - კონრეტულად რას ედავება მას ბრალდება და არის თუ არა დასახელებულ ოთხ მუხლს შორის ჯაშუშობა.

ამის შემდეგ, ჟურნალისტი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, ბრალდებულს საიდუმლო მასალებთან წვდომა არ ჰქონია. კადრში გვიჩვენებენ ნინო გიორგობიანის ფეისბუკ სტატუსს, ჟურნალისტი კი სტატუსის მხოლოდ იმ ნაწილს კითხულობს, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაკავებულს დახურულ ინფორმაციასთან წვდომა არ ჰქონდა. არადა, ამავე სტატუსში გიორგობიანი იმ მუხლებსაც ასახელებს, რომლითაც არდაზიშვილს ბრალი აქვს წაყნებეული:

„მინდა გამოვეხმაურო ბატონ ლევან გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშნველოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა. 1. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და მას ბრალი აქვს წარდგენილი 4 მუხლით: საქართველოს სსკ-ის 237-ე მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოგადაზიდვა; 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თაღლითობა; 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის, რომ მან მნიშვნელოვანი მასალები ქვეყნიდან გაიტანა არის დიდი ტყუილი. აღნიშნული პირის დაკავება სწორედ სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად განხორციელდა და წინასწარ არ მოხდებოდა დაანონსება, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებდით მის დაკავებას“.

გივი თარგამაძე ამბობს, რომ ამ პირმა „წვდომა მოახდინა“ დახურულ ინფორმაციაზე და ის გაიტანა. სხვა წყაროსთან ინფორმაცია გადამოწმებული არ არის. გაუგებარია, თავად ოპოზიციის ლიდერს, გივი თარგამაძეს საიდან აქვს ეს ინფორმაცია და რა ადასტურებს მის ნათქვამს.

ჟურნალისტი კახეთიდან, მაია მოსიაშვილი კი, „რუსთავი 2-ისთვის“ მიცემულ კომენტარში ყვება, როგორ აღმოჩნდა სუს-ში გია არდაზიშვილი, რომელიც მანამდე თელავის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა: "2012 წლის შემდეგ ის უკავშირდება კონტრდაზვერვის თანამშრომელს, პაატა ბატიაშვილს, რომელიც თელავში ცხოვრობს და ის ამ ფორმით ხდება სუს-ის თანამშრომელი. თუმცა, მას შემდეგ, რაც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მის რეკომენდატორს - ბატიაშვილს სამსახურიდან ათავისუფლებენ“. წყაროს საუბრიდან გარკვევით არ ჩანს, რა დანაშაულზეა საუბარი. ამ საუბრიდან არ დასტურდება, რომ წყარო არდაზიშვილის ჯაშუშობას გულისხმობს. გარდა ამისა, „კურიერის“ ჟურნალისტების მიერ, რესპონდენტის ნათქვამი გადამოწმებული არ არის. მაყურებლისთვის გაუგებარია, მართლაც გაათავისუფლეს თუ არა სამსახურიდან ბატიაშვილი და თუ გაათავისუფლეს, რა გახდა სამსახურიდან მისი დათხოვნის საფუძველი.

„P.S.-ის“ სიუჟეტში ავტორი ამბობს, რომ პაატა ბატიაშვილი, ვისი რეკომენდაციითაც გია არდაზიშვილი სპეცსამსახურებში სამუშაოდ აიყვანეს, შევარდნაძის მთავრობის დროს კახეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი იყო და უშიშროების სისტემიდან ის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაუშვეს. "გავრცელებული ინფორმაციით", ის ამ პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკის" უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2012 წლის შემდეგ კი ის ისევ უშიშროების სისტემაში დაბრუნდა. "ბატიაშვილი ცნობილი პრორუსული, კგბ-ს ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია - ხაბურძანიას და სხვებს ვგულისხმობ. ეს თავისთავად მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით ის იყო ან გავლენის აგენტი ან პირდაპირი აგენტი თავიდანვე, " - ამბობს თარგამაძე.

სიუჟეტიდან გაუგებარია, სად არის ახლა ბატიაშვილი, არის თუ არა სისხლის სამართლის საქმე მის მიმართაც აღძრული. პირს, რომელსაც ფაქტობრივად ბრალი დასდეს ჯაშუშობაში, სიუჟეტში არ მიეცა ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება.

გამოდის, რომ ერთადერთი წყარო, რომელიც არდაზიშვილის და ბატიაშვილის აგენტობაზე საუბრობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გივი თარგამაძეა. სიუჟეტიდან გაუგებარია, რას ეყრდნობა წყარო, პირად მოსაზრებებს თუ ფაქტებს, არც ის ჩანს, საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია. არ ყოფილა წარმოდგენილი სარწმუნო წყარო ან ფაქტი, რომელიც თარგამაძის მიერ გაჟღრებულ ბრალდებებს დაადსატურებდა.
კატეგორია - ეთიკა
შესწორება ჟურნალისტიკაში ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეხუთე პრინციპი სწორედ შესწორების სტანდარტს ეხება: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებულიარსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაშიშეჰყავს საზოგადოება“. ამ მუხლის განმარტებით ნაწილში კი აღნიშნულია: ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ.

როგორია შესწორების სტანდარტი ონლაინ, ბეჭდურ და ტელემედიაში და როგორია ქარტიის საბჭოს პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. მედიაჩეკერი გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრთან, მაია მეცხვარიშვილთან.

მაია მეცხვარიშვილი:

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, უნდა შესწორდეს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. შესწორების ფორმა მედიასაშუალებების ტიპების და სპეციფიკის მიხედვით სხვადასხვაა. მაგალითად, ბეჭდური მედიის შემთხვევაში უკვე დაბეჭდილ და გავრცელებულ გამოცემაში ვერ შევძლებთ მცდარი ინფორმაციის გასწორებას. ამიტომაც აუცილებელია, რომ მეორე ნომერში გავიდეს შესწორება. თანაც იმავე გვერდზე, რომელზეც წინა არაზუსტი ინფორმაცია დაიბეჭდა.

ტელევიზიის შემთხვევაში თუკი, მაგალითად, დილის საინფორმაციო გამოშვებაში რაიმე არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა და მყისიერად, იმავე გამოშვებაში შესწორება ვერ მოხერხდა, ის უნდა შესწორდეს მეორე ან მესამე გამოშვებაში.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ამ მხრივ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაცია ონლაინ მედიაში დასაქმებული ჟურნალისტებისათვის - ის ინფორმაცია, რომელიც მცდარი იყო, აღარ უნდა იძებნებოდეს ინტერნეტსივრცეში. არსებობს სხვა ვარიანტიც, სტატია შესაძლოა იძებნებოდეს ძველი ფორმით, მაგრამ მომზადებული ახალი მასალა, რომელიც ასწორებს ამ ძველ სტატიას, აუცილებლად იყოს „გალინკული“ იმ ძველ სტატიაში, რადგან მკითხველს შეეძლოს ზუსტი ინფორმაციის მიღება. თუმცა ამ ვარიანტმა, შესაძლოა, მკითხველი დააბნიოს, ამიტომ საბჭო რეკომენდაციას პირველ ვარიანტს აძლევს - შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არ უნდა იძებნებოდეს. რაც ნიშნავს იმას, რომ არაზუსტი ინფორმაცია იქვე უნდა იყოს ჩასწორებული, ოღონდ ამის თაობაზე ახსნა-განმარტება აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. აუცილებელია, რომ იქვე იყოს განმარტებული რა შესწორდა, რატომ შესწორდა. პირდაპირ კორექტირებების შეტანა თავისთავად არაეთიკურია და მიუღებელია. როცა მკითხველი შემოდის გვერდზე, ეცნობა მასალას და მოგვიანებით ის შეცვლილი ხვდება, მან უნდა იცოდეს რა მოხდა, რატომ შეიცვალა ინფორმაცია.

თუ არსებობს რაიმე სტანდარტი შესწორების დროსთან დაკავშირებით? მინიმუმ რამდენ ხანში უნდა გაასწოროს რედაქციამ მცდარი ინფორმაცია, რომ შესწორების სტანდარტი დაცულად მივიჩნიოთ? რა არის „გონივრული ვადა“ შესწორებისთვის?

საერთოდ, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და უნიკალური რეცეპტი, რომელიც ყველას მოერგება, არ არსებობს. დაირღვა თუ არა შესწორების სტანდარტი, ამის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია ზიანის განსაზღვრა. რა ზიანი მიადგა კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებით აუდიტორიას ან იმ ადამიანს, ვისაც უშუალოდ ეხება ეს არაზუსტი ინფორმაცია. ზიანის განსაზღვრისთვის კი მნიშვნელოვანია დროის რომელ მონაკვეთში გამოქვეყნდა არაზუსტი ინფორმაცია,რამდენი ვიზიტორი, მკითხველი ან მაყურებელი ჰყავს მედიასაშუალებას. რაც შეეხება ვადას, ქარტიის საბჭომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში „ნეტგაზეთის“ შესახებ შესწორების სტანდარტი დარღვეულად არ მიიჩნია და დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში საათ-ნახევარი გონივრული ვადა იყო მასალის გასასწორებლად. თუმცა ჩვენ გვაქვს საბჭოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, მაგალითად, ქევხიშვილი- მთივლიშვილის წინააღმდეგ, სადაც საბჭომ უფრო მეტი ვადაც - 8 საათიც მიიჩნია გონივრულ ვადად. მაგრამ შეიძლება არსებობდეს ისეთი შემთხვევაც, როცა ნახევარი საათიც კი ვერ ჩაითვლება შესწორების გონივრულ ვადად. ვადა განისაზღვრება მიყენებული ზიანის შესაბამისად.

ქარტიის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება შესწორების საკითხს ეხება, იქნებ გვითხრათ რა გარემოებების გამო მიიჩნია საბჭომ დარღვევა ამ საქმეზე?

GDS -ის ეთერში გევორქიანის ცეკვის აკადემიის მიერ შესრულებული „დაისის“ შესახებ ორი სიუჟეტი გავიდა. პირველ სიუჟეტში მინიშნება იყო იმაზე, რომ „სომხურმა ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა“. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ადასტურებდა რომ ანსამბლს არაფერი მოუპარავს, პირველ სიუჟეტში არ გაშუქებულა. მოგვიანებით მომზადდა მეორე სიუჟეტიც, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კონკრეტული ანსამბლის ხელმძღვანელი თითქოს ბოდიშს იხდიდა მომხდარის გამო. სინამდვილეში ეს ადამიანი ბოდიშს იხდიდა მესამე მხარის, იმ ადამიანის ნაცვლად, რომელმაც უნებართოდ ატვირთა ინტერნეტში ვიდეო მცდარი დასათაურებით. საბჭომ მიიჩნია, რომ ეს არ იყო შეცდომის გასწორება, ეს იყო უბრალოდ ახალი სიუჟეტი იმავე თემაზე. გამოშვებაში არ უხსენებიათ, რომ პირველი სიუჟეტი არსებითად მცდარ ინფორმაციას შეიცავდა.

როგორია შესწორების სტანდარტი უცხოური პრესის საბჭოების პრაქტიკაში ან მედიაში?

ონლაინ მედიაში არის განსხვავებული სტანდარტი. ძველი, შემდგომში დაზუსტებული, შესწორებული ან შეცვლილი მასალა შესაძლოა უცვლელად იდოს, ოღონდ იქვეა განმარტებაც, რომ მასალაში შეცდომაა დაშვებული, რომელიც გასწორდა. გამოცემები გვთავაზობენ ახალ ბმულს. როგორც გითხარით, საქართველოში ქარტიის საბჭოს რეკომენდაცია განსხვავებულია - არაზუსტი ინფორმაციის შემცველი მასალა აღარ უნდა იძებნებოდეს. ასე რომ მიდგომები სხვადასხვანაირია, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მედიამ დაშვებული შეცდომა აუცილებლად უნდა გაასწოროს.
კატეგორია - ეთიკა
სამთავრობო უწყებების საქმიანობა, მათი წარმატებული პროექტები და აქტივობები - ინფო 9 -ის შინაარსობრივი მონიტორინგისას იკვეთება, რომ გამოცემა ამ ტიპის სიახლეებს ხშირად აშუქებს. მაგალითისთვის, 24 მარტს, საღამოს 21:00-მდე, საიტზე სულ 90 ნიუსი განთავსდა. მათგან 44 მთავრობის, პრეზიდენტის (1) და თბილისის მერის (1) საქმიანობის გაშუქებას მიეძღვნა. ამ სიახლეებში, მთავრობა მეტწილად, პოზიტიურად იყო გაშუქებული.

მედიასაშუალება „ინფო 9-ის“ 100% წილის მფლობელი ბაია ცანავაა, რომელიც პარალელურად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის პოზიციას იკავებს. ცანავა ამ პოზიციაზე 2015 წლის 14 აგვისტოს დაინიშნა, ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდი წერს.

იქამდე, საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-სთან“ 2015 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 4000 ლარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები მოიცავდა სააგენტოს მიერ სამინისტროს საინფორმაციო მხარდაჭერას, აქტივობების გაშუქებას. ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 31 იანვარს ამოიწურა. მას შემდეგ, სამინისტროს გამოცემასთან ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია. (აბზაცში შესულია შესწორება. განმარტება იხ. სტატიის ბოლოს)

გამოცემის გვერდზე სასჯელაღსრულების სამინისტროს შესახებ ორმოცდაათამდე სიახლე იძებნება, სიახლეების უმეტესობა მინისტრის, მოადგილეების აქტივობებს ეხება, სამინისტრო რამდენიმე მასალაში ნეიტრალურადაა გაშუქებული, სიახლეების უმრავლესობა კი, უწყებისადმი პოზიტიურ იმიჯს ქმნის. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანის სათაურს:

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი N19 დაწესებულებას ესტუმრა;

აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს ბაირამობასთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ;

შსს-ს აკადემიაში უწყებებს შორის ფსიქოლოგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა;

8 მარტთან დაკავშირებით N5 პენიტენციურ დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა;

სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში კონცერტს მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ;

კახა კახიშვილმა სამინისტროს 119 თანამშრომელ ქალბატონს მადლობა გამოუცხადა;

მსჯავრდებულ ქალბატონებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს;

პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მსჯავრდებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა;

გამოქვეყნებული მასალები ძირითადად, „პოლიტიკისა“ და „საზოგადოების“ რუბრიკაში იდება, არც ერთ მათგანს სარეკლამო ნიშანი არ აქვს მითითებული, შესაბამისად, მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, სააგენტოზე გამოქვეყნებული სიახლეებიდან რომელია თავად სააგენტოს გადაწყვეტილებით გამოქვეყნებული და რომელი, სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

ბაია ცანავა ამბობს, რომ გამოცემაში 100%იანი წილის ფლობა და სამინისტროს პრესსამსახურში მუშაობა ინტერესთა კონფლიქტს არ ქმნის: „კანონის თანახმად, სრული უფლება მაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას ვიკავებდე და ამავე დროს, ვფლობდე საწარმოს ან წილს საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლს სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ახორციელებს. მით უმეტეს, რომ „ინფო 9-ში“ მე არ მიკავია არანაირი პოზიცია და არ ვასრულებ ანაზღაურებად სამუშაოს. მოგეხსენებათ, მედიასფეროში მუშაობის მრვალწლიანი გამოცდილება მაქვს. არამხოლოდ „ინფო 9ის“, არამედ სხვა წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელიც ვიყავი და წილსაც ვფლობდი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავასხვისე. ვერავინ დამისახელებს „ინფო9“-ს მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსადმი ტენდენციურობის გამოვლენის თუნდაც ერთ მაგალითს“.

გამოცემაში სხვა სამინისტროების საქმიანობაც აქტიურად შუქდება. მაგალითისათვის, საიტზე დღის განმავლობაში ერთი და იმავე შინაარსის ნიუსი 3 სხვადასხვა მინისტრზე დაიდო. სამივე შემთხვევაში ნიუსი პრემიერის, ნოდარ ხადურის და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ბელგიელი ხალხის მიმართ სამძიმრის გამოხატვას გვამცნობდა.

ვებგვერდის მონიტორინგმა აჩვენა ისიც, რომ საიტზე აქტიურად შუქდებოდა ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. ისეთი თემები, როგორებიცაა ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც C - ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობას გულისხმობს, ამ თემაზე საიტზე ათობით სიახლის ნახვაა შესაძლებელი.

„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში „მედიის თავისუფლება 2015“, (კვლევა მიმოიხილავს მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას)ერთ-ერთი ქვეთავი სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან მედიასაშუალებებისთვის სარეკლამო დროის/სივრცის შესყიდვისთვის გადახდილ თანხებს ეთმობა. კვლევაში ნათქვამია, რომ 2015 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მედიაში სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურებისთვის საქართველოს მასშტაბით 7 173 955 ლარი გადარიცხეს. კვლევის თანახმად, ონლაინ მედიაში საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მიღებული თანხებით საინფორმაციო საშუალება „ინფო 9“ 2015 წელს 66286 ლარით მესამე პოზიციაზეა.

შესწორება: მასალაში შეტანილია ცვლილება, თავდაპირველ ვერსიაში, აღნიშნული არ იყო, რომ ხელშეკრულების ვადა სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ინფო 9-ს შორის 2016 წლის იანვარში ამოეწურა და მას შემდეგ, გამოცემასთან ახალი ხელშეკრულება აღარ დადებულა. გარდა ამისა, მასალა შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას, რომ ბაია ცანავა ინფო 9-ის რედაქტორი იყო, რის გამოც მედიაჩკერი მკითხველს ბოდიშს უხდის. ეს ნაწილი ამოღებულია სტატიიდან.

შესწორებული ვერსია: იქამდე, საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-სთან“ 2015 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 4000 ლარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები მოიცავდა სააგენტოს მიერ სამინისტროს საინფორმაციო მხარდაჭერას, აქტივობების გაშუქებას. ხელშეკრულების ვადა 2016 წლის 31 იანვარს ამოიწურა. მას შემდეგ, სამინისტროს გამოცემასთან ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია.

თავდაპირველი ვერსია: საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-სთან“ 2015 წლის 27 თებერვალს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 4000 ლარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა, კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები მოიცავს სააგენტოს მიერ სამინისტროს საინფორმაციო მხარდაჭერას, აქტივობების გაშუქებას.

შესწორება შევიდა 15 აპრილს, 15:35 სთ.
კატეგორია - ეთიკა
11 აპრილს, ტელეკომპანია “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა რეპორტაჟი, სადაც საუბარი იყო ხელვაჩაურში გარდაცვლილ 14 წლის მოზარდზე. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმე მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. ერთ-ერთ სინქრონში, რესპონდენტის მიერ დასახელებული იყო იმ მოზარდის გვარი, რომელსაც ოჯახი, სავარაუდოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.

“გამოიძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, ოჯახის წევრებს კი მკვლელობის ვერსია აქვთ. ისინი სავარაუდო მკვლელების ვინაობასაც ასახელებენ, მათივე მტკიცებით მოზარდს სადაბრაზოში თანატოლები გაუსწორდნენ. შემთხვევის შემდეგ ისინი უბანში არავის უნახავს. დაკეტილია მათი სახლებიც. ექპსერტიზის დასკვნას ელოდება როგორც ოჯახი, ასევე შსს“- ამბობს წამყვანი შესავალ ტექსტში.

სიუჟეტის მიხედვით გარდაცვლილს კონფლიქტი ჰქონდა თანატოლებთან. ერთ-ერთი რესპონდენტი (მეზობელი) ინტერვიუს დროს, შემთხვევის დეტალებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევამდე მოზარდთან სახლში მისი თანატოლები მივიდნენ. რესპონდენტი ასახელებს ერთ-ერთი იმ მოზარდის გვარსაც, რომელსაც, ოჯახი, სავარაუდოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.
კატეგორია - ეთიკა
შვეიცარიული გაზეთის Tribune de Geneva–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბურ ჟურნალისტური გამოძიებაში, პანამის დოკუმენტებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს. გამოცემის ინფორმაციით, 2008 წელს კეზერაშვილი თანამდებობიდან გადადგა და პოსტის დატოვებიდან ათ დღეში, 3 ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა, სადაც ნავთობის ბიზნესიდან მიღებული თანხები გადაირიცხა.

ინფორმაცია ამის შესახებ, ქართულ მედიაში 9 აპრილს, შაბათს გაჩნდა. თუმცა, ტელევიზიების ნაწილს თემა არ გაუშუქებია.

ეს საკითხი ვერ მოხვდა „რუსთავი-2 ის“ დღის „კურიერსა“ და შაბათის „კურიერში“, ამბავი არ იძებნება ტელევიზიის ვებგვერდზეც. აღსანიშნავია, რომ დავით კეზერაშვილი შაბათის „კურიერში“ მოხვდა, თუმცა, სულ სხვა კონტექსტით. სიუჟეტი ეხებოდა, ბრიტანეთის მიერ კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარის თქმას. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, „ბრიტანეთის სასამართლო მისი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კეზერაშვილის პოლიტიკური ნიშნით გასამართლების საფრთხეს ხედავს“.

კეზერაშვილის და პანამის დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია არ გასულა არც „მაესტროს“ დღის საინფორმაციო გამოშვებაში , თუმცა საკითხი გაშუქდა მთავარ გამოშვებაში.

თემა საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველმა არხმა გააშუქა როგორც დღის გამოშვებებში, ისე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც. „მოამბეში“ 8 საათზე, თემა ვრცლად იყო წარმოჩენილი და სიუჟეტის გარდა, ეთერში ინტერვიუც ვიხილეთ. სიუჟეტები განთავსდა ტელევიზიის ოფიციალურ გვერდზეც.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პანამის დოკუმენტებში გამოჩენა გაშუქდა „იმედის“ დღის გამოშვებაში, იგივე სიუჟეტი განთავსდა ტელეკომპანიის ვებგვერდზე, თუმცა ამ საკითხზე მასალა გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ არ გასულა (შაბათს „იმედზე“ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ არ გადის, ამ დროს ბადეში გადაცემა „ქრონიკის სტუდია“ არის განთავსებული).

დღის განმავლობაში საკითხი არ გაშუქებულა GDS – ის ეთერში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არხზე საინფორმაციო გამოშვება „2030“ შაბათ დღეს საერთოდ არ გადის, დღის ამბები კი, მხოლოდ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს ეხება და არა ლოკალურ თემებს. კეზერაშვილის თემა გაშუქდა „2030-ის“ ვებგვერდზე - 2030.news
კატეგორია - ეთიკა
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ანონიმური წყაროს საშუალებით პანამაში, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანია მოსაკ ფონსეკას 11 მილიონი დოკუმენტი მოიპოვეს, რომელთა მოცულობა 2.6 ტერაბაიტია.

დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მსოფლიოს მოქმედი თუ ყოფილი სახელმწიფო ლიდერები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ხელოვანები კომპანია "მოსაკ ფონსეკას", ხშირ შემთხვევაში, მილიონების დასამალად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად იყენებდნენ.კომპანია კლიენტებს ეხმარებოდა სხვადასხვა პროცედურების გვერდის ავლით არალეგალური პროცედურები განეხორციელებინათ. მის კლიენტებს შორის აღმოჩნდნენ რუსეთის პრეზიდენტი, ისლანდიის პრემიერი, ეგვიპტისა და ლიბიის ყოფილი ლიდერები, სირიისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ოჯახები და ა.შ.

ასევე ირკვევა, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მოსაკ ფონსეკას საშუალებით პანამაში რეგისტრირებული ჰქონდა კომპანია, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას მის მიერ შევსებულ დეკლარაციებში არ იყო მითითებული.

თემა ქართული მედიის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა. კვირას, 3 აპრილს თემა "კურიერ P.S.- ში" გაშუქდა, მომდევნო დღეებში კი, სიუჟეტების ქრონომეტრაჟი და რიგითობა ტელევიზიების საინფორმაციო ბადეში ასეთი იყო:
კატეგორია - ეთიკა
reportiori.ge - ს კონტენტი მრავალფეროვანია, მკითხველს აქ პოლიტიკის, კულტურისა თუ რელიგიის სფეროდან ახალი ამბების ნახვა შეუძლია.

გამოცემაში დიდი ადგილი ეთმობა მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ საკითებს. მაგალითად, 7 მარტს მთავარ თემაში, ე.წ სლაიდშოუში, დღის პირველ ნახევარში განთავსებული იყო 3 სიახლე პატრიარქის შესახებ, განახლების შემდგომ 13:00 ვეცნობით ე.წ. 2 „ნიუსს“ რელიგიური თემატიკით პირველი: „ნუცა ჯანელიძე: არ საუბრობს პატრიარქი სიძულვილის ენით!!!“ და მეორე „ევედრეთ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ ვნებისაგან გასათავისუფლებლად“ - საიტზე დაკვირვება აჩვენებს იმასაც, რომ „არ საუბრობს პატრიარქი სიძულვილის ენით“ - კამპანიურ ხასიათს ატარებს და ვებგვერდზე ამ სახელწოდების არაერთი მასალის ნახვაა შესაძლებელი.

აქვეა მასალები, რომლებიც ეროვნულობის საკითხის წინ წამოწევას ემსახურება. აქცენტი ხშირად კეთდება იმაზე, რომ „გაურკვეველი ძალები შესაძლოა საქართველოს და მარლთმადიდებლობას ებრძოდნენ“, რომ „ლიბერალური ღირებულებები შესაძლოა სახიფათო იყოს“, საიტზე ხშირია სიახლეები ლევან ვასაძის შესახებაც: „დიახ! თეა თუთბერიძის თანამოაზრე თამარ სანიკიძე მართლმადიდებლობას ცეცხლითა და მახვილით ებრძვის!“ „ზვიად ტომარაძე: საქართველოში, შესაძლოა, ხუთი არაბული სოფელი გაშენდეს!“, „ვასაძე: ქალის ლეჩაქს თუ არ დავიხურავთ, ლიბერალურ ფაშიზმს დავამარცხებთ“ „ლევან ვასაძე: შე მამაძაღლო, მოდიხარ და განათლების სამინისტროში ნერგავ რაღაც საგნებს, როგორ გავზარდო ბავშვები?“ „საგანი "მე და საზოგადოება" ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის კულტივირება სკოლებში - მარინა კაჭარავა“.

საიტი ნეგატიური განწყობებით გამოირჩევა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, საძიებო სისტემაში გვარის „სააკაშვილი“ ჩაწერის შემდგომ საკმაოდ მოცულობითი მასალა გროვდება.

„ლალი მოროშკინა: სააკაშვილი შეეცადა, ჭუჭყი და ტალახი მიესხა გიორგი კვირიკაშვილისთვის!“ „მიხეილ სააკაშვილის გაუგებარმა სიტყვებმა ინტერნეტში დიდი ხალისი გამოიწვია“ „დავით თარხან-მოურავი: სააკაშვილი პირდაპირ რუსეთის აგენტია“ - საიტზე შესაძლებელია მსგავსი შინაარსის არაერთი მასალის ნახვა.

საიტზე ხშირია ისეთი სიახლეებიც, რომლებიც მთავრობის გატარებულ ღონისძიებებს ეხება: „საქართველოში ენერგოეფექტური ნათურების წარმოება დაიწყო“, „ნოდარ ხადური: ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ველოდებით“ „სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს“, „დავით ნარმანია: სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელი გზა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია“. აქვე, რამდენიმე მასალა ეძღვნება ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყებას, რომელიც ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების გამოსავლენად ტარდება: “ავთანდილ იმედაძე: „რა გაწუხებთ?“ ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა მოქალაქეების საჭიროებების დასადგენად!”, „თემურ ნანეიშვილი: აქცია - „რა გაწუხებთ?“ ფაქტობრივად, ეპიდემიოლოგიურ კვლევასაც მოიცავს” და „„რა გაწუხებთ?“ - სოციალური ინიციატივის ფარგლებში 16 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა“.

2015 წლის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2015 წლის აგვისტოს თვეში ვებგვერდს სარეკლამო მომსახურება გაწეული აქვს: ქალაქ თბილისის საკრებულოსთვის, რომლისგანაც ბანერის განთავსების სანაცვლოდ 300 ლარი მიიღო.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს საიტმა 2,500 ლარის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან 1,620 ლარის მომსახურება გაუწია.

ამ მომენტისათვის საიტზე 15 რეპორტიორია დასაქმებული, საიტზე რეკლამის სახით განთავსებულია 2 სარეკლამო ბანერი. ვებგვერდზე არაა მითითება დონორის ან სხვა სახის დამფინანსებლის შესახებ, შესაბამისად, გაუგებარი რჩება მედიასაშალების დაფინანსების წყაროც.

გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით („ვის ეკუთვნის ქართული მედია“) ონალინ მედიასაშუალება reportiori.ge-ის მფლობელები გიორგი მამაცაშვილი და ნუგზარ ფოფხაძე არიან, მათვე ეკუთვნით პრესკლუბი „რეპორტიორი“. რეესტრის ინფორმაციით შპს „რეპორტიორი“ 2014 წლის 18 ივნისს დაარსდა.

გიორგი მამაცაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალიტი იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, ნუგზარ ფოფხაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობას, მას კომუნისტური რეჟიმის დროს ცეკას მდივნის თანამდებობაც ეკავა. 2004 წლამდე ნუგზარ ფოფხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. მისი დეკანობის პერიოდში გიორგი მამაცაშვილი ფაკულტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარე გახლდათ.

ამავე კვლევის თანახმად, ნანა დევდარიანთან ერთად მამაცაშვილი და ფოფხაძე „თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი VI კორპუსის” გამგეობის წევრები არიან.

ნანა დევდარიანი ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარესთან, გულბაათ რცხილაძესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური თანამშრომლობის” გამგეობის წევრია. ორგანიზაცია იმავე სახელწოდებით მოსკოვში 2009 წელს დაარსდა. საქართველოში დაარსებული ორგანიზაცია რუსულ „კავკასიურ თანამშრომლობასთან” მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის „სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენაა“.
კატეგორია - ეთიკა
„ნეტგაზეთი“ სარედაქციო წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორი ჟურნალისტი, რომელიც 2016 წლის იანვრის ბოლომდე თანამშრომლობდა გამოცემასთან, სისტემატურად მიმართავდა პლაგიატს.

გამოცემა ორი თვის განმავლობაში ატარებდა შიდა გამოძიებას: „ისინი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, კომენტარებს, ინტერვიუებს ასაღებდნენ თავიანთ ნამუშევრებად და უგზავნიდნენ ნეტგაზეთს. საქმე ეხება 2014-15 წლებში გამოქვეყნებულ სტატიებს სამხრეთი კავკასიის რეგიონის შესახებ” - ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.

როგორც წერილიდან ვიგებთ, რედაქციის შიდა გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა სწორედ ერთ-ერთი ავტორის სტატია, რომელიც არ გამოქვეყნებულა: “სტატია 2016 წლის იანვარში მივიღეთ, მასში პლაგიატის შემთხვევა აღმოვაჩინეთ და გადავწყვიტეთ მისი და სხვა ავტორის მიერ მომზადებული ყველა სტატია შეგვემოწმებინა. თუმცა პლაგიატის პრაქტიკა მხოლოდ ორი ავტორის ტექსტებში აღმოჩნდა“.

გამოცემამ პლაგიატის დადასტურების შემდეგ, ჟურნალისტებთან კონტრაქტი გაწყვიტა: „ჩვენი გამოძიების შემდეგ საიტიდან წაშლილია ორივე ავტორის მიერ 2014-16 წლებში გამოქვეყნებული 40-ზე მეტი სტატია. ამ სტატიების ლინკები კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა საკუთრივ სტატიის ნაცვლად ნახავთ წარწერას, რომ ტექსტი წაშლილია აღმოჩენილი პლაგიატის გამო. სტატიების წაშლის გარდა, “ნეტგაზეთმა” გაუგზავნა ბოდიშის წერილები 40-ზე მეტ გამოცემას – ვებგვერდებს, რომლებიდანაც ორივე ჟურნალისტი პირდაპირ იწერდა სხვადასხვა ინფორმაციას, საკუთარ ნამუშევრად ასაღებდა და ამ ქმედებების შედეგად მიღებულ ტექსტებს “ნეტგაზეთზე” ვაქვეყნებდით” - განმარტავს გამოცემა.

ნეტგაზეთი, მომხდარის გამო, მკითხველს და კოლეგებს ბოდიშს უხდის: „ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიმუშაოთ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად, თუ ის დავკარგეთ ამ ძალიან უსიამოვნო შემთხვევის გამო”.

რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი კი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს: „ყველაზე მძიმე შეცდომა ჩემს, როგორც რედაქტორის პრაქტიკაში, რაც განაპირობა გაუმართლებელმა ნდობამ ამ ავტორებისა და მათი რეკომენდატორებისადმი, თუმცა მიზეზებს მკითხველისთვის, ცხადია, არ აქვს მნიშვნელობა... ამიტომაც ნეტგაზეთის ამ პროექტში მეც აღარ ვიქნები ჩართული. ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ვუხდი ბოდიშს ჩვენს მკითხველებსა და გულშემატკივრებს“.

აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა გამოცემა თავადვე ღიად აცხადებს აღმოჩენილი პლაგიატის შესახებ, ბოდიშს უხდის მკითხველს და საქმის დეტალებს სარედაქციო წერილის სახით აცნობს აუდიტორიას.
კატეგორია - ეთიკა
27 მარტს, „იმედის დროში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც პალიატიურ მკურნალობას და მძიმე სენის მქონე ბავშვებს ეხებოდა. სიუჟეტში ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის თანდასწრებით საუბრობს პრობლემაზე:

„მსოფლიოში პრეცედენტი არ ყოფილა ამ დაავადების განკურნების. ყველაზე დიდი, ხუთი წელი ცხოვრობენ ასეთი ბავშვები. სანამ შემიძლია, ჩემს შვილს ვაცოცხლებ, როგორც შემიძლია. ამას აქვს ეტაპები. პირველი ეტაპია გონებრივი შეზღუდვა, მახსოვრობის უნარის დაქვეითება, რაშიც ჩვენ ვართ ახლა. შემდეგი ეტაპი აქვს უკვე ტეტრაპარეზი, კიდურების მოდუნება, ბავშვი ვეღარ დადის, უკვე მეტყველების დაქვეითება, ყლაპვის გაძნელება და ბოლო სტადია ფატალურია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაც გავაკეთო“- ამბობს მშობელი და ამ საუბარს ბავშიც ისმენს.

ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, „მედიაჩექერთან“ საუბარში აღნიშნავს:

„თავისთავად ძალიან მძიმე ამბავია ამ სიუჟეტში აღწერილი, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია ბავშვის იდენტიფიცირება და განსაკუთრებით მისი თანდასწრებით მის დაავადებაზე და მოსალოდნელ ფატალურ დასასრულზე საუბარი. საოცარია, ნუთუ დედასთან, რომელიც სასოწარკვეთილია, არ უსაუბრია სპეციალისტს, არ განუმარტავს მისთვის რამდენად მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა ბავშვისთვის, კამერის თვალწინ თუ კამერის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომელ ფაზაზეა დაავადება და აქვს თუ არა მას რეალობისა და მოსალოდნელი საფრთხის აღქმის უნარი. ასეთი დამოკიდებულება უბრალოდ უსამართლობაა ბავშვის მიმართ. განსაკუთრებით გაუგებარია მედიის პოზიცია - როგორ დაუშვა მან ბავშვის იდენტიფიცირების შესაძლებლობა ან, ბავშვის თანდასწრებით, მშობლის მხრიდან მოსალოდნელ რისკებზე საუბარი?! არაჰუმანური მიდგომაა, როცა მედია სარგებლობს მშობლისა და ბავშვის უმწეო მდგომარეობით. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის ასეთი სიუჟეტის მიზანი? ნუთუ ამ მიზნის მიღწევა არ შეიძლება ბავშვის უფლებების დარღვევის გარეშე?!
კატეგორია - ეთიკა
საოკუპაცი ზონის მიმდებარე ტერტორიიდან მოქალაქეების გატაცება, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, პოლიტიკოსთა განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, – ეს არის ის ძირითადი თემები და აქცენტები, რასაც “მოამბე” 20:00 საათზე ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ სთავაზობს მაყურებელს.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.

მოამბეს იმავე ვალდებულებას აკისრებს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში სხვა საკითხებთან ერთად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების ასახვას.

დასაკვირვებლად შერჩეულ ორთვიან მონაკვეთში (2016 წლის 15 იანვრიდან 15 მარტამდე) მთავარ საინფორმაციო გამოშვება “მოამბეში”, 20:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ეთერში 20–მდე მასალა გავიდა:

გატაცება საოკუპაციო ზოლიდან

პუტინის განცხადება ჩრდილო კავკასიასა და აფხაზეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით

საოკუპაციო რეჟიმის ინიციატივა – სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა

არაღიარებული ფეხბურთი – არაღიარებული ქვეყნების მოსფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სოხუმში

ენერგოკრიზისი აფხაზეთში - შესაძლოა აფხაზეთი ჩაბნელდეს საოკუპაციო კონტროლი ახალგორში საზღვარზე - დედა შვილის დასაფლავებაზე არ გაუშვეს (13 თებერვალი, 16:00 მოამბე)

ინტერვიუ ზაქარეიშვილთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე

მორიგი უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან - როგორია ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერორორიებზე

სოხუმის ციხე-სიმაგრე ქართული კვალის წაშლის საფრთხის წინაშე

ევროპარლამენტის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით ინტერესდებიან

აფხაზეთის ენერგოკრიზისის მოგვარების გზა - ოფიციალურმა თბილისმა რუსეთიდან ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობა შეიძინა

ლეონიდ თიბილოვი რუსეთს საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის აღიარებას სთხოვს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სომხეთში საზენიტო შეიარაღების მოდერნიზებას იწყებს

4 პატიმარი 14-ის სანაცვლოდ - თბილისმა საოკუპაციო რეჟიმებთან პატიმრები გაცვალა

სოხუმის იზოლატორიდან და ე.წ. დრანდის ციხიდან გათავისუფლებული მოქალაქეები პატიმრობაში გატარებულ წლებს "მოამბის" კამერებთან იხსენებენ;

საოკუპაციო ზოლთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გალის ოთხმხრივი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, წელს აღდგება

ოკუპანტების ახალი სამიზნე - რა ვითარებაა ჯარიაშენში

“მოამბის” ყურადღების ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ძირითადად, პოლიტიკურად სენსიტიური, ან კრიმინალთან დაკავშირებული საკითხები ხვდება. ნაკლები ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ყოფისა და ისეთი პრობლემების ასახვას, რასაც ნაკლები პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, დაკვირვების ორთვიან პერიოდში მოამბემ დღის გამოშვებებში მოკლე ამბის სახით გაუშვა ინფორმაცია აფხაზეთში გრიპის ვირუსის გამო კარანტინის გამოცხადების, სავიზო რეჟიმის შემოღების, აფხაზეთის დე–ფაქტო შს მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებისა და სხვა მიმდინარე ამბების შესახებ. თუმცა, ასეთი ამბები ნაკლებად ხვდება მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 20:00 საათზე.

გარდა იმისა, რომ მოამბის მთავარ გამოშვებაში მხოლოდ მიმდინარე, პოლიტიკურად მგრძნობიარე ამბები ხვდება ოკუპირებული რეგიონებიდან, არის შემთხვევები, როცა იქ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები ყურადღების მიღმა რჩება.

მაგალითად, 10 თებერვალს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთში აბორტის აკრძალვის შესახებ. თემა არ გაშუქებულა მთავარ გამოშვებაში, “მოამბეს” მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია ინფორმაცია, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი აფხაზი ქალების ჯანმრთელობაზე, კონკრეტულად რა წერია ახალ კანონში და საქართველოს ხელისუფლება ხომ არ გეგმავს რაიმე გამოსავლის შეთავაზებას.

ასევე, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქდა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ იმ კანონზე ხელმოწერა, რომელიც კრძალავს დროებითი ცხოვრების ნებართვის მიცემას აივ/შიდსით ინფიცირებულ პირებზე.

აფხაზურ მედიაში მიმდინარე წლის თებერვალში ასევე აქტუალური იყო ადგილობრივი მაღალჩინოსნის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ ტუბერკულოზით დაავადებული მოქალაქეებისთვის სამკურნალო რესურსი. დღის მთავარ გამოშვებაში ვერც ეს ამბავი მოხვდა.

როგორც ორთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის მთავარი საინფრომაციო გამოშვება, მოამბეში, მაყურებელს ნაკლებად სთავაზობს ინფორმაციასა და ანალიზს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ყოფის, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. “მოამბის” მიერ აქცენტი უფრო მეტად კეთდება ისეთი თემების გაშუქებაზე, რაც პოლიტიკურ გამოხმაურებასა და ვნებათაღელვას იწვევს თბილისში.
კატეგორია - ეთიკა
მედიაჩეკერმა სახელმწიფო უწყებების მიერ 2016 წელს სატელევიზიო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გამგეობები რეგიონული ტელევიზიებისგანაც ყიდულობენ საინფორმაციო მომსახურებას. ტელევიზიების წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი საინფორმაციოში გასულ სიუჟეტებშიც იღებენ თანხას.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მერიასა და საკრებულოს ერთი წლის განმავლობაში სატელევიზიო მომსახურებას გაუწევს, ამაში კი 180 ათას ლარს აიღებს. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ტელევიზიას ევალება:

∙ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების საინფორმაციო გამოშვებაში გაშვება;

∙ ტელეკომპანიის საეთერო ბადეში არსებულ თოკ შოუებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების მიწვევა (პირდაპირი ეთერი ან ჩანაწერი);

∙ დაკვეთილი სარეკლამო რგოლების განთავსება საეთერო ბადეში;

∙ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პირდაპირი ჩართვების უზრუნველყოფა დამკვეთის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებიდან;

∙ ტელეკომპანიის ეთერში, თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გასულ გადაცემებში თვითმმართველობის თანამშრომლების არაქონებრივი უფლებების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია ან პირადი ინფორმაციის შემლახავი ცნობა) დაცვა;

ტელევიზიაში არ მალავენ, რომ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ მასალებსა და ტოკ-შოუებში ფულს იღებენ.

“ვაშუქებთ, მაგალითად მერი გავიდა და მოსახლეობას შეხვდა. ვწერთ მერს და ვწერთ კმაყოფილ ან უკმაყოფილო მოსახლეობას. ძირითადად ასეთია. ასევე ტოკ-შოუში დროს ყიდულობენ და მოდიან”, - ამბობს ტელევიზიის გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი.

ტელეკომპანია “ეგრისმა” 2016 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20 ათას ლარიანი ტენდერი მოიგო.

სატენდერო დოკუმენტაციაში ერთ-ერთ პირობად ვკითხულობთ: “სატელევიზიო მომსახურეობა უნდა მოხდეს 50 საეთერო გადაცემაზე (პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების გადაღება დამონტაჟება და გაშუქება)” , ასევე ტექნიკურად გამართული პირდაპირი სატელეფონო ჩართვები და პირდაპირი ეთერი. არხის დირექტორი მერაბ ჩიქობავა ამბობს, რომ გამგეობამ ამ ტენდერით საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტების გაშვებაც შეისყიდა.

“ვაშუქებთ რაღაც-რაღაცებს რაც ხდება სენაკში, საინფორმაციოში სიუჟეტებს ვაკეთებთ. ყველანაირი სიუჟეტი შეიძლება იყოს. მაგალითად, გზები რომ კეთდება, ახალი რამე რომ გაიხსნება, სტუმარი ჩამოვა და ა.შ. საინფორმაციოში ვუშვებ და ისედაც ვუშვებ, თვითონ აკეთებენ, თავისი გადაცემები მოაქვთ”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ჩიქობავა.

რა წერია კანონში

კანონში მაუწყებლობის შესახებ ვკითხულობთ (66-ე პრიმა მუხლი):

1.“აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

2.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით.

ამავე კანონის 63. 17 მუხლის მიხედვით, აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება.

საკითხის რეგულირება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) ევალება. ჩვენ GNCC-ის მივმართეთ კითხვებით, თუ შეუსწავლიათ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები და სტატიაში მოყვანილი რამდენიმე სატენდერო წინადადებაც გავუგზავნეთ. GNCC-ში განგვიცხადეს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით დაუშვებელია საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების ნებისმიერი ფორმით დაფინანსება მესამე პირების მიერ. კომისია შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და მოგვიანებით გააკეთებს უფრო ვრცელ განმარტებას. მედიაჩეკერი GNCC-ის უფრო დეტალურ პასუხს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

თავად ტელეკომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ. გიორგი მგალობლიშვილის თქმით “ეს სხვანაირად განიმარტება. სიუჟეტები ხან არის სარეკლამო და ხან არა. თქვენი თვალით ნახეთ ჩვენი საინფორმაციო და მიხვდებით. კანონი არ ირღვევა”.

“მე ტენდერში გავიმარჯვე. რა დარღვევაა, თუ საინფორმაციოში არ გავუშვით, რა გამოვიდა მაშინ. მარტო რეკლამებზე უნდა ვიყო?! ყველა ტელევიზიაში ასეა”, - გვიხსნის მერაბ ჩიქობავა.

ეთიკური საკითხები

ტელეკომპანიების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ სატენდერო პირობების ფარგლებში საინფორმაციო გამოშვებაში ან ტოკ-შოუში გასულ მასალას მინიშნება იმის შესახებ, რომ ის სარედაქციო მასალა არაა და მომზადებულია სატენდერო პირობების ფარგლებში, არ აქვს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელისგან” წელიწადში 38 ათას ლარად დროს ყიდულობს, რომ მოსახლეობას ანგარიში ჩააბაროს. როგორც ტელევიზიის დირექტორი ოლეგ უგრეხელიძე ამბობს, გადაცემას წამყვანად ჟურნალისტიც ჰყავს და ეთერში მოსახლეობაც რეკავს. თუმცა ის, რომ გადაცემას მუნიციპალიტეტი აფინანსებს, არსად აწერია.

“გამგეობას აქვს გრაფიკი ყოველ თვეში ვინ უნდა მოვიდეს. ეს გადაცემა ემსახურება იმას, რომ მოსახლეობას ინფორმაციას აძლევს თვითმმართველობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

ტენდერს ვინც იგებს, ის არ არის ვალდებული მიაწეროს, რომ მუნიციპალიტეტის დაფინანსებულია. გზებზე რომ იგებენ ტენდერს, ის აწერს რომ დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერო?” – ამბობს ტელევიზიის დირექტორი.

ტელეკომპანია “მეგატივიმ” ხონის მუნიციპალიტეტისგან 20 ათასლარიანი ტენდერი მოიგო, მათ შორისაა გადაცემის ეთერში გაშვება. გადაცემა ეთერში ჯერ არ გაუშვით, მაგრამ ფიქრობენ, რომ რამდენიმე სიუჟეტი იქნება, რომელსაც ცალკე დრო გამოეყოფა და “თვითმმართველობის საათი” ან მსგავსი სახელი ერქმევა. გადაცემას ტელევიზიის ტექნიკით თვითონ მუნიციპალიტეტი მოამზადებს.

“ჩვენ პროდუქტს აწერია წელი და “მეგატივი”, ხოლო იმას სავარაუდოდ ეწერება “წელი და თვითმმართველობა”, - ამბობს ნანა თოშხუა, კომპანიის მენეჯერი. კითხვაზე, იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებელმა გაიგოს გადაცემის თვითმმართველობის მიერ დაფინანსების შესახებ, ამბობს, რომ ჯერ გადაცემა ეთერში არ გასულა და შეიძლება მიაწერონ კიდეც, რომ თვითმმართველობის მიერაა დაფინანსებული.

მედიაჩეკერი ამ საკითხზე ადრეც წერდა: რა განსხვავებაა რეკლამასა და სარედაქციო მასალას შორის? რეკლამაში რედაქცია ფულს იღებს და შესაბამისად, ეთიკური სტანდარტების მიხედვით, მკითხველს უნდა აცნობდეს, რომ ამ მასალაში ფული აქვს აღებული. ხოლო სარედაქციო მასალა არის ის მასალა, რომელზეც რედაქცია მუშაობს, დეტალურად ამოწმებს მის სისწორეს, სიზუსტეს და აქვეყნებს არა იმიტომ, რომ ვინმემ ფული გადაუხადა, არამედ იმიტომ, რომ მიიჩნევს საჭიროდ და მნიშვნელოვნად. როცა მედიასაშუალება აქვეყნებს მასალას, რომელსაც არ აქვს მითითება, რომ ის დაფინანსებულია, ან რეკლამაა, ან მომზადებულია რომელიმე უწყებასთან/კომპანიასთან ხელშეკრულების ფარგლებში, მკითხველს ლოგიკურად აქვს მოლოდინი, რომ მასალა სარედაქციოა, შესაბამისად, მას გავლილი აქვს ყველა ის სარედაქციო ფილტრი (ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და ა.შ.) რასაც ჩვეულებრივ ნებისმიერი ტიპის ჟურნალისტური პროდუქტი უნდა გადიოდეს.

ამავე თემაზე: მრავალათასიანი კონტრაქები ინტერნეტმედიას ხელისუფლებისგან