ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია “მაესტრომ” ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთ ქართველ საველე მეთაურზე, თარხან ბათირაშვილზე, იგივე ომარ ალ შიშანზე სიუჟეტი 15 ივლისს მოამზადა. სიუჟეტს წინ უძღოდა ინფორმაცია ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ბათირაშვილს ტერორისტად მოიხსენიებს, სიუჟეტი გაჯერებულია სენტიმენტალური ფრაზებით და ოთხივე რესპონდენტი ტერორისტზე დადებით ინფორმაციას ავრცელებს.

https://www.youtube.com/watch?v=U2PveHz1E8c

„სახლი, სადაც 29 წლის წინ თარხან ბათირაშვილი დაიბადა, ახლა ცარიელია. დღეს აქ არც წითელწვერა მოჯაჰედია და არც მისი ჭირისუფალი“, – ამბობს ჟურნალისტი, რის შემდეგაც სიუჟეტში ჩანან ბათირაშვილის მეზობლები, რომლებიც ტერორისტს აქებენ:

„კარგი ადამიანი იყო, ძალიან კარგი“.

„საქართველომ ის ვერ გამოიყენა და უღალატა“.

„ის საქართველოს გმირია“.

„საქართველომ ვერ გამოიყენა და ვერ დააფასა“.

ჟურნალისტი ამბობს, რომ „დღეს სოფელში ბათირაშვილს გლოვობენ“, შემდეგ კი, ციტირებს ბათირაშვილის ახლობელთა შეფასებებს: „მათთვის დღეს ის გმირია – ხეობიდან უსამართლობას გაქცეული პანკისელი მამლუქი“. გარდა ამისა, დადებით კონტექსტშია წარმოჩენილი ომარ ალ შიშანის წარსული საქმიანობა, რაც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს მისი პიროვნბის რომანტიზებას: „გზა თარხან ბათირაშვილიდან ომარ ალ შიშანამდე რამდენიმე ომზე გადის, მათ შორის რუსეთ საქართველოს ომზე. ქართული არმიის დაზვერვის სერჟანტი რუსეთის წინააღმდეგ ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა“.

კიდევ ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ მას ტერორისტად ის ადამიანები მოიხსენებენ, ვინც არ იცნობენ, „მან დიდი შრომა ჩადო საქართველოს დაცვაში“.

სიუჟეტის ბოლოს ბათირაშვილს ასევე დადებითად აფასებს კავკასიოლოგი სიმონ გურეშიძე. ის ამბობს, რომ ბათირაშვილი წყაროებში „ომის მინისტრადაა“ მოხსენიებული: „როდესაც სამხედრო უნარ–ჩვევებზე საუბრობენ, ერთხმად აღიარებენ იმას, რომ მის მიერ დაგეგმილ ოპერაციებს ეტყობა მტკიცე ხელი და გაბედული ადამიანის გადაწყვეტილებები, რომელიც არ ერიდება არაფერს გამარჯვების მისაღწევად. თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბათირაშვილის სახელი არ უკავშირდება ისლამური სახელმწიფოს მიერ სისასტიკით გამორჩეულ ოპერაციებს, ასე ვთქვათ, საჩვენებელ სიკვდილით დასჯებში მონაწილეობა მიეღოს“.

სიუჟეტში ჟურნალისტის მიერ, ბათირაშვილი არაერთხელაა მოხსენიებული „ჟღალ გენერლად“, ხოლო მისი ტერორისტული საქმიანობა შეფასებულია, როგორც „მოღვაწეობა“.

სიუჟეტში დამატებითი ინფორმაციის სახით არ არის ნათქვამი, რომ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, იგივე დაეში, თანამედროვე მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი დაჯგუფებაა, რომელიც არ ერიდება ადამიანთა ცოცხლად დაწვას, წამებას, გაუპატიურებას, თავების მოჭრას, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ტერორისტული აქტების მოწყობას და ა.შ. ამ სიუჟეტით კი მაყურებელს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ტერორისტის ნაცვლად, საუბარია მამაც ჯარისკაც თარხან ბათირაშვილზე, რომელსაც საქართველო „ცუდად მოექცა, ვერ დააფასა“, ის კი საომრად წავიდა სირიაში, სადაც „მისი შესაძლებლობები გამოიყენეს“.
კატეგორია - ეთიკა
18 ივლისს ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ვინ არიან ნიცაში დაღუპული საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე.” მასალა ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა ნიცაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ცნობა. Ambebi.ge -ს სტატიაში გარდაცვლილის ეთნიკური კუთვნილება დაუსაბუთებლად, საჭიროების გარეშეა ნახსენები.

Ambebi.ge წერს: “უწყების ინფორმაციით, ეროვნებით სომეხი საქართველოს მოქალაქე, 56 წლის რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა”.

გარდაცვლილის ეთნიკური კუთვნილების შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში არაფერი წერია.

გაუგებარია, რას ემსახურებოდა სტატიაში პირის ეთნიკური იდენტობის ხაზგასმა, რა საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა მას ან რის საფუძველზე დაადგინეს, რომ დაღუპული ეროვნებით სომეხი იყო.

მრავალფეროვნების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, თუკი აუცილებლობა არ არის, სტატიაში პირის ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სახის იდენტობა არ უნდა აღინიშნოს.
კატეგორია - ეთიკა
საპატრიარქოს ტელევიზიის ვიდეორგოლში „რატომ არ ვართ ეკლესიაში?“ მოქალაქეები, რომლებიც კვირას ეკლესიაში არ დადიან, ცხოველებთანაა შედარებული. მასალა 16 ივლისს ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდითაც გავრცელდა.

„ეკლესიაში ყოფნა ადამიანად ყოფნაა, ვინ არიან ისინი, ვინც არ დადიან ტაძარში? ნუთუ ისინი ადამიანები არ არიან? თვალები, ფეხები და სხვა ორგანოები, ცხოველებსაც აქვთ, და თანაც უფრო დიდი ზომისაც, მაგრამ ამის გამო ისინი არ არიან ადამიანები. ადამიანები ცხოველებისგან გამოირჩევიან არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ ღვთისაგან ბოძებული აზროვნებითაც, რის ერთ-ერთ გამოვლინებასაც ეკლესიურობა წარმოადგენს. თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, ნუ მიწყენთ და, იგი ემსგავსება ცხოველს“ - ნათქვამია ვიდეომასალაში, ტექსტს ფონად მართლმადიდებლური ეკლესიების, მრევლისა და სასულიერო პირების ფოტოები ადევს.

ტელეკომპანიამ ფუნქციონირება 2008 წელს დაიწყო და 2010 წლიდან მისი 100 %-იანი წილის მფლობელი საპატრიარქოა. "ერთსულოვნება" მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ისევე ვრცელდება ეთიკური ნორმები და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, როგორც სხვა მაუწყებლებზე.

“მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება” - აღნიშნულია ქცევის კოდექსში.
კატეგორია - ეთიკა
საინფორმაციო სააგენტო “პირველმა” 18 ივლისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. შეცდომა იყო სტატიის სათაურში “თურქეთი შესაძლოა, NATO - დან გარიცხონ - ჯონ ქერი”.

როგორც სიახლეში ვკითხულობთ, ინფორმაცია გამოცემა The Independent-ზე დაყრდნობით გავრცელდა. თუმცა არც The Independent-ის სტატიაში, არც სააგენტო “პირველის” ინფორმაციაში არ ჩანს ჯონ კერის კონკრეტული ციტატა, სადაც ის თურქეთის NATO-დან გარიცხვის საფრთხეზე საუბრობს. ამგვარი ციტატა არც სხვა სანდო მედიასაშუალებების ვებსაიტებზე იძებნება.

The Independent-ის მასალის სათაურში გამოტანილი სიტყვები: „თურქეთის ამბოხებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ნატოს წევრობას“ გამოცემის ინტერპრეტაციაა და არა ჯონ ქერის მიერ ნათქვამი ციტატა ან მისი პერიფრაზი. სტატიაში აღნიშულია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ მდივანთან, ჯონ კერისთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნები, სადაც სიკვდილით დასჯა გამოიყენება, ვერ შეუერთდებიან ევროპის კავშირს, ჯონ კერიმ კი დაამატა, რომ ასეთი მოთხოვნები აქვს NATO-საც.

იგივე ინფორმაცია არასწორი ფორმულირებით ჰქონდა გამოქვეყნებული The Washington Post-საც, თუმცა მასალა მალევე შესწორდა. თავდაპირველად, მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯონ კერის თქმით,თურქეთის NATO-სწევრობა საფრთხის წინაშე იდგა.

კატეგორია - ეთიკა
შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე, რომელსაც 10 ივნისიდან ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, კვლავ ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. ზოგიერთმა გამოცემამ უცვლელად გაავრცელა ვიდეომასალა სასამართლო პროცესიდან, სადაც მტკიცებულებების სახით გარდაცვლილების გვამები და სისხლიანი თეთრეული უჩვენეს. უფრო მეტიც, გაშუქებისას მედია პირადი ცხოვრების ისეთი დეტალების ჩვენებაზე გადაერთო, რომელთაც საქმესთან კავშირი არ აქვს.

ბოლო დღეებში მედიის განხილვის თემად იქცა არა მხოლოდ ბრალდებულის შვილისა და მეუღლის მკვლელობის საქმე, არამედ მისი პირადი ცხოვრება, მათ შორის, ქორწინებამდელი ურთიერთობებიც.

სტატიები ხმაურიანი სათაურებით ვრცელდებოდა, რამდენიმე მათგანის სათაური ასეთია:

“სისხლიანი ნივთები მკვლელობის ადგილიდან, რომლებიც სასამართლოზე წარმოადგინეს - კადრები მონტაჟის გარეშე”.

ბრალდებული: "ახლა რომ არ მრცხვენოდეს, ჩემს შიშველ მუცელს გაჩვენებდით...".

"მკვლელობამდე ხვდება მეგობარ მამაკაცს, გადასცემს თავის ოქროულობას და აფრთხილებს, რომ იმ დღეს არ დაურეკოს".

ბრალდებულის პირადი ცხოვრების შესახებ პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებმა და რამდენიმე მოწმემ ისაუბრეს. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანის, მთავარი მოწმის ჩვენება, რომელსაც მედია ბრალდებულის „მეგობარ მამაკაცად“ მოიხსენიებს, სასამართლომ დახურულ რეჟიმში მოისმინა, თუმცა მათი ურთიერთობის ზოგიერთი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი მაინც გახდა, რადგან პროკურორმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მედიამ და საზოგადოებამ იმის გარჩევა დაიწყო, უყვარდა, თუ - არა ბრალდებულს მისი მეუღლე და რას სწერდა სხვა მამაკაცს დაქორწინებამდე სკაიპში.

ასევე, მედიამ გაამახვილა ყურადღება ბრალდებულს და მის დედამთილს, ასევე სხვა ახლობლებს შორის დაპირისპირებაზე. მედიასაშუალებების ნაწილმა შემოგვთავაზა ვიდეომასალა სასამართლო პროცესიდან, სადაც რძალ-დედამთილის სიტყვიერი დაპირისპირება, შეურაცხყოფა და ურთიერთბრალდებები ვნახეთ.

მედიამ გაშუქებისას ფაქტობრივად დაკარგა თემის ფოკუსი. ორი ადამიანის მკვლელობის საქმის გაშუქება დაემსგავსა ბრალდებულის პირადი ცხოვრების გაშუქებას. მედია აშუქებდა პირის ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომელსაც საქმესთან საერთო არ აქვს და მათი ცოდნა არც საზოგადოებას აძლევს რაიმეს. მედია აშუქებდა ისე, რომ არ გახსენებია, ბრალდებულის უფლება, სარგებლობდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით. საბოლოოდ, გაშუქება ჭორაობაში გადაიზარდა.

სხდომა დახურული არ ყოფილა, მედიას შეეძლო დასწრება და გაშუქება. დაიხურა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც მთავარი მოწმე დაიკითხა.

მედიის უფლება, დაესწროს და გააშუქოს სასამართლო სხდომები, უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებაა. თუმცა, გქონდეს სასამართლოზე დასწრების და გაშუქების უფლება, არ ნიშნავს გქონდეს უფლება აჩვენო პირის პირადი ცხოვრება, აჩვენო სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეო, რომელზეც ცხედრებია ასახული, განიხილო პირადი ცხოვრების ისეთი დეტალები, რომლის ცოდნაც არაფერს აძლევს საზოგადოებას.

ბუნებრივია, მედიამ უნდა გააშუქოს სისხლის სამართლის საქმეები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმის მიმართ გარკვეული საჯარო ინტერესი არსებობს. შესაძლოა ღია სასამართლოზე მოსმენილის და ნანახის ეთერში ჩვენება კანონდარღვევა არ იყოს, მაგრამ კანონის გარდა, არსებობს პროფესიული ეთიკაც, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, გარკვეული ეთიკური სტანდარტებისა და ნიუსღირებულების საფუძველზე გაფილტროს ჟურნალისტის მიერ ნანახი და მოსმენილი ინფორმაცია.

კითხვაზე, როდის ხვდება, ან როდის უნდა ხვდებოდეს ამბავი მედიის დღის წესრიგში, პასუხი ასეთია - როცა ამბავს აქვს საინფორმაციო ღირებულება, საჯარო ინტერესი. საჯარო ინტერესია განმსაზღვრელი არა მხოლოდ იმისა, უნდა გაშუქდეს თუ არა ამბავი მედიაში, არამედ იმისაც, რა დოზით და როგორ უნდა გაშუქდეს ის.

აუცილებელია, დაისვას კითხვა, არის კი ამ კონკრეტული საქმის მიმართ საჯარო ინტერესი იმდენად მაღალი, რა დოზითაც მედია მას აშუქებს? შეესაბამება გაშუქება და საჯარო ინტერესი ერთმანეთს? ხომ არ არის მედიის გადაჭარბებული ინტერესი არაადეკვატური? რას ემსახურება მედია, რომელიც ამ საქმეს ასე და ამ დოზით აშუქებს, საზოგადოების საჯარო ინტერესს თუ უბრალო ცნობისმოყვარეობას, იქექოს სხვისი პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებში? ეს ის შემთხვევა ხომ არ არის, სადაც ისევ ერთმანეთში ვურევთ საზოგადოების ინტერესს და უბრალო ცნობისმოყვარეობას?
კატეგორია - ეთიკა
გერმანიის პრესის საბჭომ „ბილდის“ წინააღმდეგ საჩივარი წარმოებაში მიიღო. სადავო მასალა საქართველოს ეხება და ის გერმანულ ტაბლოიდში 7 ივნისს გამოქვეყნდა.

პრესის საბჭოს საჩივრით მიმართა ორგანიზაცია „გერმანულ-ქართულმა ცენტრმა საერთაშორისო ურთიერთობებისათვის“.

„ბილდის“ სტატია სათაურით: “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციაზე უარს ამბობს” კრიმინალის რუბრიკაში გამოქვეყნდა. სტატიის ქვემოთ აღწერაში კი წერია: “შიდა ექსპერტები გაფრთხილებას იძლევიან: ქართველი თავშესაფრის მაძიებლები უფრო დიდი კრიმინალები არიან, ვიდრე სხვა ჯგუფები“.

სტატიის მიხედვით, გერმანიაში ქურდობისა და ბინების ძარცვისთვის უფრო და უფრო მეტი ქართველი ჩადის, ამის მიუხედავად კი ევროკავშირი ქვეყანას უვიზო მიმოსვლას ჰპირდება. ჟურნალისტ ფრანც ზოლმს-ლაუბახს ინტერვიუ აქვს ჩაწერილი გერმანიის მმართველი კოალიციის, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების წევრ არმინ შუსტერთან და ახსენებს როგორც ექსპერტს. რესპონდენტის თქმით, ქართველები მასობრივად არიან ჩართულნი ორგანიზებულ დანაშაულში, უფრო მეტადაც ვიდრე სხვა ჯგუფები და ამიტომ, უვიზო რეჟიმის მიცემით ქვეყნისთვის, დანაშაულებრივი ქმედებები სამომავლოდაც წახალისდება.

მომჩივანისთვის გამოგზავნილ წერილში გერმანიის პრესის საბჭო იტყობინება, რომ საქმემ დასაშვებობის ეტაპი გაიარა და ის აუცილებლად განიხილება. საბჭო წელიწადში ოთხჯერ იკრიბება და საქმის განხილვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, განახლებული „გამომძიებელი რეპორტიორი“ ეთერში მაისში გავიდა. ჯერჯერობით, სულ 2 გადაცემა მომზადდა. მიზეზი, რაც მაუწყებლის ხელმძღვანელობამ 2015 წლის შემოდგომაზე პროგრამის შეჩერების საფუძვლად დაასახელა, მისი ხარისხი იყო, როგორც შინაარსობრივი, ისე - ტექნიკური.

ნაკლებად მძიმე კადრები და მეტი მტკიცებულებები - ეს არის ის, რაც განახლებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ერთი შეხედვით არის შესამჩნევი. ხარისხობრივად ფაქტობრივად, სხვა არაფერი შეცვლილა.

„გამომძიებელი რეპორტიორის“ პირველი გადაცემა ეთერში 2014 წლის შემოდგომაზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელი იყო გასული, თავდაპირველად, გადაცემები მთლიანად ყოფილი ხელისუფლების საქმიანობას ეხებოდა.

პირველი ფილმის სახელწოდება იყო „ძალაუფლების ტყვეები“ და ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მყოფი თანამდებობის პირების საქმიანობას ეხებოდა, შემდეგი ფილმიც, „სოდომის მოქალაქეები“, ასევე ყოფილი ხელისუფლების საქმიანობაზე მომზადდა. საერთო ჯამში, დღემდე, გამომძიებელმა რეპორტიორმა 20-ზე მეტი გადაცემა მოამზადა, საიდანაც ნახევარზე მეტი ყოფილ ხელისუფლებას ეხება, დანარჩენი ნაწილი - ორივე ხელისუფლებას, უფრო მცირე ნაწილი კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს.

2015 წლის შემოდგომაზე „გამომძიებელი რეპორტიორის“ გადაცემების ეთერში გაშვება მოულოდნელად შეწყდა, როგორც გაირკვა, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით. 2016 წლის 10 მარტს, თბილისში, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო გადაცემის შინაარსთან. მან არ განმარტა, კონკრეტულად რას გულისხმობდა გადაცემის შინაარსთან დაკავშირებულ პრობლემებში, რაზეც მან დეტალურად საუბარი არ ისურვა: “ნახეთ ბოლო ფილმი, წინა ფილმი და მიხვდებით რას ვგულისხმობ”.

გადაცემის დროებით შეჩერებამდე, „გამომძიებელმა რეპორტიორმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ორი ფილმი გაუშვა, ერთი „რუსთავი 2-ის“ წილების გაყიდვის ისტორიას ეხებოდა, მეორე კი თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმირების პროცესს ყოფილი ხელისუფლების პირობებში. ორივე გადაცემის ბრალდების მთავარი ადრესატები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ 2014-2015 წლებში მომზადებულ გადაცემებში, ხშირად შეხვდებით დაუსაბუთებელ ბრალდებებს, დასკვნებსა და ჟურნალისტის მიერ წარმოთქმულ რადიკალურ შეფასებებსაც. მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში „გამომძიებელმა რეპორტიორმა“ მოამზადა გადაცემა „სოდომის მოქალაქეები“, რომელიც ეხებოდა პატიმართა წამებას, მუხროვანის ამბოხის, ლაფანყურისა და ფოტოგრაფების საქმეებს. გადაცემა დასრულდა ჟურნალისტის ტექსტით: „მათ ერთსა და იმავე საზოგადოებაში უწევთ ცხოვრება, ერთმანეთის გვერდით, დასჯილებსა და დამსჯელებს, ეს კი საშიშია“.

მოგვიანებით მომზადებულ ერთ გადაცემაში, რომელიც ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის თემას ეხება, ისმის მსგავსი პათოსის ტექსტი: „ვახტანგ მაისაიას, ფოტოგრაფების, ენვერის, ლაფანყურის საქმეებში ეჭვმიტანილ კონტრდაზვერვის ყოფილ თანამშრომლებს თანამდებობებზე აწინაურებენ – ეს კი საეჭვო განზრახულებას ჰგავს და საზოგადოების სახიფათო გამოწვევაა“.

„გამომძიებელ რეპორტიორს“ არაერთ გადაცემაში (მათ შორის ვაზაგაშვილის საქმეზე), გამოყენებული აქვს სისხლიანი კადრები, ახლო ხედით გადაღებული დაცხრილული და დამწვარი გვამები და ა.შ.

საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დოდო შონავამ, 2016 წლის 10 მარტის შეხვედრაზე გიორგი გვიმრაძის მიერ გამოთქმული შენიშვნა გადაცემის შინაარსთან დაკავშირებით არ მიიღო და გადაცემის ხარისხის ეჭვქვეშ დაყენება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მან თავის არგუმენტად „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ ევროკავშირის პრიზის მიღება დაასახელა. მოგვიანებით, მან მედიაჩეკერთან ინტერვიუში თქვა, რომ გადაცემას სჭირდებოდა როგორც ტექნიკური, ისე რეჟისორული დახმარება და განახლებული ჟურნალისტური გამოძიება იქნებოდა უფრო საინტერესო და გამართული.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლის მაისში, „გამომძიებელი რეპორტიორი“ ეთერში დაბრუნდა. ჯერჯერობით, სულ ორი გადაცემა მომზადდა - ორივე მოქმედი ხელისუფლების პირობებში მომხდარ ამბებს ეხება, ჟურნალისტური გამოძიების მთავარი ობიექტიც მათი საქმიანობა და პოლიტიკაა. განახლებული ეთერის პირველი გადაცემა ეხება პოლიციელსა და მოქალაქე ვაჟა ნაჭყებიას შორის მოხმდარ კონფლიქტს, მეორე გადაცემა კი ვერეს ხეობაში სტიქიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკას. უარყოფითადაა შეფასებული სახელმწიფო უწყებების ქმედებები სტიქიის შემდგომ პერიოდში. თავად გადაცემის თემები საკმაოდ აქტუალურია და მნიშვნელოვანია, საზოგადოება ამ თემებზე ინფორმაციას ფლობდეს. თუმცა, გადაცემების ხარისხი კვლავ პრობლემად რჩება. მაგალითად, ვაჟა ნაჭყებიას საქმეზე მომზადებულ ფილმში ვხვდებით არარელევანტურ შედარებებს წლების წინ მომხდარ სხვა კრიმინალურ შემთხვევებთან, რამდენიმე ფაქტი კი არაზუსტადაა მოყვანილი, გადაცემაში ვერ ვხედავთ მეორე მხარის, პროკურატურის პოზიციას.

ამავე ფილმის მიხედვით, პოლიციელი ინციდენტის დროს პოლიციელის უფლებამოსილებას არ ასრულებდა, თუმცა ჟურნალისტი "პოლიციის შესახებ კანონს" იშველიებს და ამბობს: „რატომ არ შეასრულა პოლიციელმა მანუჩარ მაისურაძემ კანონით დაკისრებული ვალდებულება, რატომ არ გააფრთხილა სროლის წინ ნაჭყებია? რატომ არ ისროლა ჰაერში გასაფრთხილებლად? პასუხი მრავალგვარი შეიძლება იყოს: იქნებ იმიტომ, რატომაც არ გააფრთხილეს ბუტა რობაქიძე, როცა ესროდნენ, გიორგი გამცემლიძე, როცა ესროდნენ, ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, როცა ესროდნენ. პოლიციის მაღალჩინოსნებმა გვითხრეს, რომ ამ ფაქტებთან მაისურაძის გასროლის გაიგივება არ შეიძლება, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში სხვა დროში და სამსახურებრივი დავალებით მოქმედებდნენ. მაგრამ რა შეღავათია ეს დაჭრილი ნაჭყებიასთვის?“

ერთ-ერთი მოწმე კი, გადაცემის ავტორთა მიერ წამოჩენილია თვითმხილველად, თუმცა ამავე გადაცემიდან ვიგებთ, რომ მოწმე უარყოფს შემხთვევის ადგილზე ყოფნას, შესაბამისად, გაუგებარია, რას ეყრდნობა ჟურნალისტი, როცა პირს თვითმხილველად მტკიცებით ფორმაში მოიხსენიებს. კიდევ ერთ მონაკვეთში კი ჟურნალისტი კიდევ ერთ მოწმეს ინიციალებით მოიხსენიებს, თუმცა კადრში, რომელიც ამ ტექსტს ადევს, მოწმის სრული სახელი და გვარი ჩანს.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე ეპიზოდში ჟურნალისტის მოსაზრებები წარმოჩენილია ფაქტად, ან ეს მოსაზრებები არ გამომდინარეობს ფაქტებიდან. გარდა ამისა, გადაცემა დაუბალანსებელია, არ ჩანს პროკურატურის პოზიცია, და არც რაიმე მცდელობა, უწყებიდან ინფორმაციის მოპოვებისა.

ამავე გადაცემაში ჟურნალისტი ამბობს „პოლიციელმა თითქმის ინვალიდ ახალგაზრდას ესროლა“, „ნახევრად ხეიბარი ახალგაზრდა“. სპეციალისტები სიტყვა „ინვალიდს“ შეზღუდული შესაძლებლობების აღწერისას დისკრიმანციულად და შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ. შესაბამისად, სასურველი იქნებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, აღნიშნული ტერმინოლოგია არ გამოეყენებინათ.

საბოლოო ჯამში, „გამომძიებელი რეპორტიორის“ პირველ ორ გადაცემას განახლება, პირველ რიგში, თემატიკის შერჩევაში დაეტყო. წინა სეზონისგან განსხვავებით, ახალი გადაცემების მთავარი ფოკუსი ამჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობის კვლევაა. გარდა ამისა, კადრებში ვეღარ ვხედავთ იმდენ სისხლს, რამდენსაც წინა სეზონზე გვაჩვენებდნენ, სამწუხაროდ, განახლება სხვა მიმართულებით, ფაქტობრივად არ მომხდარა.

როგორც გიორგი გვიმრაძემ 2016 წლის გაზაფხულზე დააანონსა, „გამომძიებელი რეპორტიორი“ შემოდგომის სატელევიზიო სეზონამდე სულ 4 გადაცემას მოამზადებს.
კატეგორია - ეთიკა
ყოველ შაბათს,19:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გადაცემა "ეპიცენტრი” გადის. გადაცემა ძირითადად ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებს მასპინძლობს და მათ გაწეული საქმიანობის წარმოჩენისა და მომავლის ნათელ გეგმებზე საუბრისთვის შეუზღუდავ ტრიბუნას სთავაზობს.

მედიაჩეკერი ბოლო ოთხი თვეა (2016, მარტი - ივნისი) აკვირდება „ეპიცენტრს“ და წარმოგიდგენთ გადაცემის თვისებრივ ანალიზსს, სარედაქციო პოლიტიკის მიმოხილვას.

ფოკუსშია ხელისუფლების მიღწევები

მაუწყებლის საიტზე განთავსებული გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ: “გადაცემა "ეპიცენტრი" მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. გადაცემის სტუმრები, რომლებიც ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები არიან, ერთგვარ ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, პასუხობენ წამყვანისა და ფეისბუქის საშუალებით შემოსულ კითხვებს გაწეული და მიმდინარე სამუშაოს შესახებ".

გადაცემა ძირითადად სტუდიური ინტერვიუს ფორმატში მიმდინარეობს, მაყურებელი კი ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების შესახებ "ამომწურავ ინფორმაციას" უშუალოდ ხელისუფლების პირველი პირებისგან იღებს.

მაგალითად, 16 აპრილს „ეპიცენტრის" სტუმარი იყო პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული , რომელმაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული უფასო სერვისის სიკეთეებზე 48 წუთის განმავლობაში ისაუბრა. გადაცემაში არ გაანალიზებულა ის ხარვეზები და უარყოფითი შედეგები, რაც გასულ წლებში ჩატარებულ მიწის რეფორმას ახლდა თან, ყურადღება არ გამახვილდა არც იმ შენიშვნებზე, რომლებიც ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის თაობაზე გამოთქვა.

7 მაისს გადაცემის სტუმარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი იყო. მინისტრის მოადგილემ 43 წუთის განმავლობაში მთავრობის მიერ დაანონსებული დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროგრამის და პროექტის - “აწარმოე საქართველოში” მიღწევებზე ისაუბრა.

21 მაისს კი გადაცემას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი სტუმრობდა. გადაცემაში, რომელიც 43 წუთი გაგრძელდა და რომლის მთავარი თემაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა იყო, წამყვანს მინისტრის მოადგილისთვის არც ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამს. პირიქით, მისი კითხვა ისეა ფორმულირებული, რომ შს მინისტრის მოადგილემ აქცენტი სწორედ მიღწევებზე გააკეთოს: “ახლა ძირითად შეკითხვებზე გადავიდეთ, რომელიც უფრო გლობალური, ასე ვთქვათ, ხასიათისაა. იმ გამოწვევების, ასე ვთქვათ, წინაშე მდგარი ცივილიზებული სამყარო, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ და საკმაოდ ისეთი რისკებია დღეს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია პრევენცია დანაშაულისა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გლობალიზაციის მიმართ გადადგმული ის ნაბიჯები, რომლებიც საერთაშორისო პოლიციურ თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ საქართველოსძალისხმევას სწორედ აი, ასეთი ურთიერთობების ჩართულობაზე და აგრეთვე იმაზე, რომ ფაქტიურად ის მოთხოვნები, რომლებიც არის ასეთი თანამშრომლობისათვის, თითქმის შესრულებულია. მე მაინტერესებს, რა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ ასეთი დადებითი შეფასება დაგვემსახურებინა?”(სტილი დაცულია)

წამყვანი არ აკონკრეტებს, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ დადებითად საქართველოს შსს-ს საქმიანობას, რა კრიტერიუმები უდევს საფუძვლად მათ შეფასებას, ან არის თუ არა ამავე ორგანიზაციების შეფასებებში საუბარი შსს-ს საქმიანობის სუსტ მხარეებზე.

ზოგადად, გადაცემებში არ ჩანს, რომ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების გუნდი, რომელიც მის მომზადებაზე მუშაობს, გადაცემის თემას სიღრმისეულად სწავლობს. “ეპიცენტრი” არ იყენებს მულტიმედიურ ჩანართებს და სიუჟეტებს, საიდანაც მაყურებელი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ობიექტურ, სტატისტიკური მონაცემებით გაჯერებულ ინფორმაციას მიიღებდა და მოსახლეობის, დარგის ექსპერტთა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კრიტიკულ და განსხვავებულ შეფასებებსაც მოისმენდა. გადაცემას არ აქვს დინამიკა: წამყვანსა და სტუმარს შორის საუბარი მონოტონური დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. სტუმარს კი, რომელიც, როგორც წესი, საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იყოს კომფორტის ზონაში - საკუთარი და იმ უწყების საქმიანობა, სადაც ის მუშაობს, მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოაჩინოს და სასურველ თემასა და საკითხზე კრიტიკული კითხვებისა და კონტრარგუმენტების გარეშე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისაუბროს. მკაცრად განსაზღვრული და დადგენილი ფორმატის არარსებობის პირობებში კი დრო ამ გადაცემას ნამდვილად ბევრი აქვს.

ფორმატი

"ეპიცენტრის" ქრონომეტრაჟი ხან 43 წუთია, ხან კი 1 საათი და 23 წუთი. სტუდიაში ზოგჯერ ერთი სტუმარია მიწვეული, ზოგჯერ - რამდენიმე. “ეპიცენტრს” ხან ერთი წამყვანი ჰყავს, ხან კი წამყვანიც და თანაწამყვანიც, რომლის ერთადერთი ფუნქციაც სტუდიაში მიწვეული სტუმრისთვის გადაცემის ფეისბუკგვერდზე შესული კითხვების დასმაა. გადაცემა ხან ტოკშოუს ფომრატისაა, ხან კი სტუდიური ინტერვიუსი.

“ეპიცენტრის” აღწერაში აღნიშნულია, რომ გადაცემა “ასევე ითავსებს სტუდიური დისკუსიის ფორმატს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითარებულ განსაკუთრებულ მოვლენებზე (კატასტროფები, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მოსალოდნელი საფრთხეები, ღირშესანიშნავი თარიღები)". დისკუსიაში მონაწილე სტუმრები კი "გადაცემის თემასთან თანამდებობრივად დაკავშირებული და, ზოგადად, საკითხის საფუძვლიანად მცოდნე პირები” არიან. თუმცა სტუდიური დისკუსიის ფორმატში იყო განხილული ისეთი თემები, როგორებიცაა: "ეთნიკური უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობა" და "სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნა - რეალობა, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერგო". არც ერთი ეს თემა კი გადაცემის აღწერაში მითითებულ “განსაკუთრებულ მოვლენას” არ წარმოადგენს.

წამყვანის კითხვები

გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე “გამორჩეული” და სახასიათო ნიშანი წამყვანის მიერ დასმული კითხვებია, რომლებიც ხშირად ძალიან გრძელი და დაულაგებელია. მაგალითად, 12 მარტის გადაცემაში, რომლის მთავარი თემა იყო - “სად გადის საქართველოს უსაფრთხოების წითელი ხაზები?!”, სტუმრად მიწვეულ პარლამენტარს, ირაკლი სესიაშვილს, წამყვანი ასეთ კითხვას უსვამს: "ბუნებრივია, ჩვენს საუბარს გუშინდელი ფაქტის, ასე ვთქვათ, შესახებ საუბრით დავიწყებთ. იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, წითელი ხაზი სწორედ ინტერნეტზე გადის, რადგანაც ინტერნეტი ეს ის სივრცეა, სადაც შეიძლება ისეთი მასალა გამოქვეყნდეს, რომელმაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რყევები გამოიწვიოს ჩვენს საზოგადოებაში. როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტიურად, ჩვენ ვაცნობეთ, საზოგადოებას, რომ ეგრეთ წოდებული კასრების ფაილები განადგურებულია, აქა თუ იქ, მაინც ჩნდება ხოლმე აქედან, ასე ვთქვათ, ამოღებული ვიდეო ან ვიდეოს შინაარსი. რამდენადაც ვიცი, პროკურატურა უკვე მოკვლევას აწარმოებს ერთ-ერთ ასეთ ფაილზე. გუშინ კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. პირადად მე არ მინახავს, რადგან ჩემი პრინციპია: ასეთი ტიპის ვიდეოს არ ვნახულობ, არ ვხსნი არასოდეს. მაინტერესებს თქვენი აზრი, საიდან მოდის ეს ფაილები, რა დანიშნულება აქვს, რას ისახავენ მიზნად და როგორ უნდა აღვუდგეთ ამას ყველაფერს წინ?" (სტილი დაცულია)

წამყვანის კითხვა ხშირად შეფასებებსაც შეიცავს. მაგალითად, იმავე გადაცემაში წამყვანი ირაკლი სესიაშვილს ეკითხება: “ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ამ ბოლო დროს თავისუფალი დემოკრატები სამიზნე. ფაქტიურად, ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელიც გახსნილად გამოაცხადა ხელისუფლებამ, დაჭერილია შემსრულებელი, თუმცა თავისუფალი დემოკრატები თვლიან, რომ საქმე გახსნილად გამოცხადდება მაშინ, როცა დამკვეთს მიაკვლევენ. ფაქტიურად, თავისუფალი დემოკრატები, ალბათ, მომავალ არჩევნებზე ხმებს უფრო “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიყოფენ, ხომ სწორია? იმიტომ, რომ ისე ლაგდება, ასე ვთქვათ, საარჩევნო რუკა. ისინი კონკურენტები უფრო “ნაციონალური მოძრაობისა” იქნებიან და იმ, ასე ვთქვათ, სეგმენტისა, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის იქნება ამ არჩევნებზე განკუთვნილი. ამიტომ, ფაქტიურად, ალბათ, საჭიროა კარგი ანალიზი: ვის უნდა აწყობდეს დღეს თავისუფალი დემოკრატების დისკრედიტაცია. იმიტომ, რომ, თუნდაც, ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებული საქმე, ამბობენ, რომ ეს პირადია, შეიძლება, ეს მართლაც პირადია, მაგრამ ეს უკვე რაღაცა ტიპის დისკრედიტაციაა, ხომ სწორია? თქვენ, მაინტერესებს, აი, ასეთი ანალიზიც რომ გავაკეთოთ, ვის უნდა აწყობდეს დღეს თავისუფალი დემოკრატების დისკრედიტაცია?” (სტილი დაცულია) ფაქტობრივად, წამყვანი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას მის დისკრედიტაციად აფასებს და აქვე მინიშნებას აკეთებს, რომ ამ თავდასხმის უკან, შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობა” იდგეს. თუმცა რა არგუმენტები დგას მისი შეფასების უკან, არ ჩანს.

კითხვა ხშირად ძალიან ზოგადია და რჩება შთაბეჭდილება, რომ წამყვანი შეკითხვებს გადაცემის ჩაწერამდე რამდენიმე წუთით ადრე ამზადებს. მაგალითად, 28 მაისის გადაცემაში, რომლის თემა იყო - "CHECK IN GEORGIA - ძვირადღირებული პროექტი თუ გზამკვლევი ტურისტებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის", წამყვანი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ეკითხება: "კულტურა ეს არის ის, რისი ექსპორტიც ჩვენ თამამად შეგვიძლია მსოფლიოში. ეს სწორი სტრატეგიით და სწორი, გათვლილი პოლიტიკით, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის დაცვა და მე მაინტერესებს, დავუშვათ, რა არის კულტურის სტრატეგიაში თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული სწორედ იმ კულტურული ძეგლების მიმართულებით, რომელიც დასაცავია და სამწუხაროდ, არის ასეთები, რომლებიც ძალიან დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს." კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან მუშაობს კულტურის გრძელვადიანი სტრატეგიის - „კულტურა 2025“ შექმნაზე. წამყვანს შეეძლო, წინასწარ გასცნობოდა სტრატეგიის ბოლო, სამუშაო ვერსიას ( ჯერ არ დაუმტკიცებია მთავრობას) და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაესვა მინისტრისთვის კითხვები ხელისუფლების და სამინისტროს პრიორიტეტების და მათი მართებულობის შესახებ.

ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ გადაცემის ფორმატი აბსოლუტურად გაუგებარი და არეულია, წამყვანი კი, როგორც წესი მოუმზადებელია, ამ გადაცემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ კრიტიკული, საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური კითხვების დეფიციტი გადაცემაში სტუმრად მოწვეულ ხელისუფლების პირველ პირებს აძლევს საშუალებას, რომ სასურველი რეალობად წარმოაჩინონ. მაყურებელი კი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებისა და მოვლენების თაობაზე დაპირებული "ამომწურავი ინფორმაციის" მაგივრად მხოლოდ ცალმხრივ, ხელისუფლების მიერ გაფილტრულ ინფორმაციას იღებს".
კატეგორია - ეთიკა
სააგენტო პირველმა ევროკავშირის გაუქმების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა2016-06-28 საინფორმაციო სააგენტო პირველმა 2016 წლის 27 ივნისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ. აღნიშული ინფორმაციის წყაროდ სააგენტომ “უცხოური მედია” მიუთითა. კერძოდ - პოლონური ტელეკომპანია TVP Info. ამ კონკრეტული საინფორმაციო საშუალების გარდა იგივე ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე სხვა საინფორმაციო ვებგვერდმა, მათ შორის, რუსულმა მედიასაშუალებებმა Russia Today-მ და Pravdareport-მა. მათ განაცხადეს, რომ ფრანგული და გერმანული მხარის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია ახალი “სუპერსახელმწიფოს” შექმნაზე, თუმცა მითითებულ დოკუმენტში ევროკავშირის დაშლაზე არაფერია აღნიშნული.

იგივე შინაარსის სიახლე "მარშალპრესმაც" გაავრცელა და წყაროდ "პირველი" მიუთითა.

უნდა აღინიშნოს, რომ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არცერთ სანდო დასავლურ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია. ამასთანავე გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები, ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას.
კატეგორია - ეთიკა
პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარეს ვალარი კვარაცხელია ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გადაცემა მიჰყავს. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრი გადაცემის წამყვანი არ შეიძლება იყოს.

ცესკოს მონაცემებით, პარტიამ უკვე მიმართა კომისიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ამჯერად, განაცხადი რეგისტრაციის პროცესშია.



ვალერი კვარაცხელია გადაცემის მსვლელობისას აუდიტორიას ესაუბრება, როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი და ფაქტობრივად, ატარებს საარჩევნო კაპმპანიას, აკრიტიკებს ხელისუფლების საგარეო კურსს და მიმოიხილავს, რა პოზიტიური მხარეები აქვს თავად მის პარტიას საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მაგალითად 25 ივნისის გადაცემაში წამყვანი აღნიშნავს:

„რომელიღაცა პოლიტიკოსად წოდებულმა ადამიანმა ჩემ შესახებ თქვა, რომ მას მხარდამჭერები არ ჰყავსო, მაშინ იმ დღეს, გორში სრულიად საწინააღმდეგო რამ გამოჩნდა“- ამბობს წამყვანი და მაყურებელი რომ დაარწმუნოს, რამდენად ბევრია მისი მხარდამჭერი, ეთერში გვიჩვენებს გორის შეხვედრის ჩანაწერებს, სადაც პარტიის სიკეთეებზე მათი მხარდამჭერები საუბრობენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (მუხლი 16) აღნიშნულია: „დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით“.

საარჩევნო კოდექსის (მუხლი 51) მიხედვით კი, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ საკითხი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის სფეროა, ის მაუწყებლობის შესახებ კანონით არ რეგულირდება და შესაბამისად, მისი განხილვა და რეაგირება კომისიის საქმიანობის სფეროში არ შედის. თუკი მსგავსი შემთხვევები კომისიის მედიამონიტორინგისას დაფიქსირდა, GNCC შენიშვნის სახით მიუთითებს ქცევის კოდექსის ნორმებს.
კატეგორია - ეთიკა
უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხების რეტრანსლირება საქართველოში - ამ თემაზე დისკუსია დღემდე არ წყდება, აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ არხები ქვეყნის განვითარებას უქმნის საფრთხეს, მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ აკრძალვა დემოკრატიული მეთოდი არ არის. ეს საკითხი საქართველოს გარდა განსაკუთრებით აქტუალურია ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვაში.

საქართველოში რუსული არხები 2008 წლის ომის პერიოდში დაიბლოკა, არხების რეტრანსლირება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაწყო. ცოტა ხნის წინ არასამთავრობოების და საზოგადოების ნაწილის მიმართვა გავრცელდა. წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და კომუნიკაციების კომისიას შეზღუდონ რუსული პროპაგანდისტული არხები საქართველოს ტერიტორიაზე. გავრცელებულ განცხადებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ზემოხსენებული რუსული არხები ავრცელებენ დაუშვებელ პროდუქციას, კომისია მზადაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაატაროს სათანადო ზომები - მათ შორის შეზღუდოს შესაბამისი არხების რეტრანსლირება.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მომძლავრებულ რუსულ საინფორმაციო შეტევას უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში რუსული არხებისა და ონლაინ გამოცემების დაბლოკვის არაერთი შემთხვევა მოჰყვა. გარდა ამისა, იქმნება უამრავი პლატფორმა თუ კამპანია, რომლის მეშვეობითაც რუსულ პროპაგანდას ებრძვიან.

უკრაინა

2014 წელს უკრაინამ 14 რუსული ტელეარხი დაბლოკა, მიზეზად კი ომისა და ძალადობის პროპაგანდა დაასახელა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს, განცხადებით, არხების დაბლოკვის მიზეზს ომის პროპაგანდა წარმოადგენდა. ამავდროულად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ეთნიკური რუსებისთვის რუსული არხები ინფორმაციის მიღების მთავარი საშუალებაა.

„როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, უკრაინას შეუძლია და ვალდებულია დაიცვას თავისი მედიასივრცე რუსული აგრესიისგან, რომელსაც უკრაინის მოქალაქეებს შორის სიძულვილი და უთანხმოება შეაქვს“ - განაცხადა გერაშენკომ.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ გადაწყვეტილებამდე რუსეთმა დაბლოკა უკრაინული არხები ყირიმის ტერიტორიაზე.

მოლდოვა

2015 წლის 28 მაისს მოლდოვის „ტელევიზიისა და რადიოს საკოორდინაციო საბჭოს“ გადაწყვეტილებით დაიბლოკა რუსული არხი, „Россия 24“, ასევე დაჯარიმდა არხები: RTR Moldova და Ren Moldova. სამივე არხის დაჯარიმების მიზეზად რუსული არხების მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებისას ფაქტების დამახინჯება და მაყურებელთა მოსაზრებებით მანიპულირება დასახელდა.

„ტელევიზიისა და რადიოს საკოორდინაციო საბჭოს“ განცხადებით, არხებით გავრცელებული ინფორმაცია ხელს უწყობდა ეთნიკური შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას. ამგვარი ტრანსლირება კი არ შეესაბამება ახალი ამბების გაშუქების საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტს.

ლატვია

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ბალტიის ქვეყნებს. 2016 წლის 7 აპრილს რუსული არხი RTR 6 თვით გათიშა ლატვიამ. ქვეყნის „ნაციონალური ელექტრონული მასმედიის საბჭოს“ დადგენილებით, Rossiya RTR -მა ლატვიის მასმედიის შესახებ კანონი და ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიის შესახებ დირექტივა დაარღვია. მარეგულირებელმა გათიშვის მიზეზად ამავე არხზე გასული გადაცემებით სიძულვილის გაღვივება დაასახელა. მარეგულირებელმა არაერთხელ მიმართა არხის ადმინისტრაციას პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა უშედეგოდ.

მნიშვნელოვანია ის, რომ ლატვიის მარეგულირებელს არხი ანალოგიური ქმედებისთვის 2015 წლის სექტემბერშიც ჰყავს გაფრთხილებული. მაშინ გაფრთხილების მიზეზი ტელეარხით რუსი პოლიტიკოსის, ვლადიმერ ჟირინოვსკის, გამოსვლა გახდა. საკუთარ გამოსვლაში ჟირინოვსკიმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას დაებომბმა თურქეთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. ამ შემთხვევაშიც მარეგულირებელმა სამხედრო ქმედებებისკენ მოწოდების და სიძულვილის გაღვივებისთვის არხს კანონმდებლობის დარღვევა დაუდგინა და გააფრთხილა.

იმავე არხის გათიშვის ტაქტიკას ლატვიის ხელისუფლებამ 2014 წელსაც მიმართა და RTR- ს ტრანსლირება შეუწყვიტა.

ლიტვა

2015 წლის 9 აპრილს ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ გადაწყვიტა, დაებლოკა RTR Planeta. იგი შედის რუსეთის „სახელმწიფო რადიო თუ ტელევიზიის გადამცემი კომპანიის“ (VGTRK) სერვისის პაკეტში, კომპანია დისტრიბუციას უწევს არხს მთელ ბალტიისპირეთში.

არხის დაბლოკვის მიზეზი ვლადიმერ სოლოვიევის გადაცემა გახდა, რომელშიც წამყვანი სიძულვილის ენასა და პროპაგანდას იყენებდა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით არხი 3 თვით დაიბლოკა.

VGTRK -ის მმართველი ოლეგ დობროდიევია, რომელიც პუტინის გაპრეზიდენტების შემდგომ, 2000 წელს, მის სპიკერად დაინიშნა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას მედიის კონტროლი და რუსული საინფორმაციო პროპაგანდის უზრუნველყოფა დაევალა. დობროდიევმა გააერთიანა ყველა სახელმწიფო რადიო და ტელევიზია, რითაც მძლავრი პროპაგანდისტული ქსელი შექმნა.

RTR Planeta-ს დაბლოკვა იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც არხის დაბლოკვა მოხდა ევროკავშირის აუდივიზუალური დირექტივის თანახმად. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ თავად აღნიშნული დირექტივა არხის დაბლოკვას კრძალავს, თუმცა ლიტვის მარეგულირებელმა მიუთითა დირექტივის მე-6 მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი ყველა შესაძლო ხერხით უნდა შეეწინააღმდეგოს პროპაგანდას.

„ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება გაეთიშა არხი, შესაძლოა ბევრი არ დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონმდებლობის ჩარჩოებში“, - განაცხადა ედმუნდას ვაიტეიკუნასმა, ლიტვის მარეგულირებლის პრესსპიკერმა, ევრონიუსისთვის მიცემულ კომენტარში.

ლიტვამ სანქციები გაატარა ონლაინგამოცემა Sputnik-ის მიმართაც და 2016 წლის გაზაფხულზე პროპაგანდისტული შინაარსის მასალების გამო დაბლოკა იგი. ამავე პერიოდში, იმავე მიზეზით, Sputnik-ი დაიბლოკა თურქეთში და ლატვიაში.

ესტონეთი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ესტონეთი ყურადღებით დააკვირდება, ხომ არ არღვევს ესტონურ კანონმდებლობას რუსული ონლაინგამოცემა, თუმცა ამ მომენტისათვის მეზობელი ქვეყნების მსგავსად Sputnik-ის გათიშვას ქვეყანა არ გეგმავს.

ფინეთი

რუსულ მედიასაშუალებებზე დასაკვირვებლად სამუშაო ჯგუფი შექმნა ფინეთმაც. სამთავრობო ჯგუფი, შემდგარი არასამთავრობო და უმცირესობათა წევრებისაგან, დააკვირდება და შეისწავლის ინფორმაციის დამახინჯებისა და პროპაგანდის ფაქტებს ფინეთის ტერიტორიაზე.

შვედეთი

რაც შეეხება შვედეთს - შვედეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთი შვედეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულ საინფორმაციო შეტევას ახორციელებს, რომლისგანაც თავდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად იქცა. შვედეთის მთავრობის განცხადებით, ასეთი მძლავრი საინფორმაციო აგრესია რუსეთის მხრიდან ბოლოს საბჭოთა კავშირის დროს მოდიოდა.

მომძლავრებული რუსული პროპაგანდის გამო შვედეთი შეუერთდა ნატოს ანტიპროპაგანდისტულ ცენტრს და გააძლიერა იგი ფინანსურად. ცენტრის მიზანია, წინ აღუდგეს რუსეთი საინფორმაციო ომს.

ქვეყნებში რუსული არხების დაბლოკვამ პრობლემა ვერ მოაგვარა, აღმოჩნდა, რომ ეს არაა ერთადერთი და ეფექტური მეთოდი პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. დასავლეთში პროპაგანდას ფაქტების გადამოწმებით უპირისპირდებიან. სწორედ ამ მიზნით, უკარინაში შეიქმნა საიტი “stop fake”. ორგანიზაცია დაზუსტებულ მასალებს რვა ენაზე ავრცელებს (რუმინულ, ბულგარულ, იტალიურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, ესპანურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე).პროექტი 2014 წლის 2 მარტს შექმნეს სტუდენტებმა, „კიევის მოჰილას ჟურნალისტურ სკოლაში“.

„სთოფ ფეიქ-ის“ მთავარი მიზანია გამოავლინოს ყალბი ისტორიები, ფოტოები და მათი ალტერნატიული, რეალური, ისტორია აჩვენოს. საიტზე მოცემულია ტუტორიალები, თუ როგორ გამოვავლინოთ ყალბი ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც გამოადგება ნებისმიერ ჟურნალისტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არსებობის 2 წლის განმავლობაში საიტს რამდენიმე მილიონი მნახველი და უამრავი ხელმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში. ხაზგასასმელია, რომ ეს არაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საიტი. ის ძირითადად შემოწირულობებით და გრანტებით არსებობს.

გარდა ამისა, 2015 წლის აგვისტოში ლატვიაში შეიქმნა “ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი“, რომელიც აერთიანებს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს: ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს, გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ფინეთს, აშშ-ს და ნიდერლანდების სამეფოს.

ცენტრის მიზანია ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო უსაფრთხოება და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ლიტვის პრეზიდენტმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, „პროპაგანდა განსაკუთრებით საშიშია, მით უმეტეს ამ რეგიონში. მას შეუძლია შექმნას ხელსაყრელი კლიმატი სამხედრო ინტერვენციისთვის“.

2011 წლის 1 იანვარს ჩაეშვა „ევროპის საგარეო მოქმედების სერვისიც. (European External Action Service) ცენტრის მიზანია დაეხმაროს დიპლომატებს. ის აკეთებს ყოველკვირეულ მოკლე მონახაზს კრემლის პროპაგანდისტულ აქტივობებზე.
კატეგორია - ეთიკა
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა მაგდა პაპიძის საქმეზე მოწმის ჩვენება, რომელიც მან წინასწარი გამოძიების ეტაპზე მისცა. მასალა გამოქვეყნდა www.kvirispalitra.ge- ზეც. სასამართლო სხდომა კი, რომელზეც ეს მოწმე დაიკითხა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაიხურა, ვინაიდან საქმე პირად ცხოვრებას ეხებოდა.

მასალაში ვკითხულობთ, რომ „გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოახერხა და მოიპოვა გამოძიებისთვის მიცემული მოწმის ჩვენება”. გამოცემამ მკითხველს შესთავაზა ჩვენების ნაწილი, რომელშიც მოწმისა და ბრალდებულის პირადი ცხოვრების დეტალებზეა საუბარი.

მედიაჩეკერი „კვირის პალიტრის“ რედაქტორს, გიორგი კვიტაშვილს, ესაუბრა, ის ფიქრობს, რომ გამოცემამ ჩვენება ყველა ეთიკური და სამართლებრივი ნორმის დაცვით გამოაქვეყნა: „ამ საქმის მიმართ საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია, მას საუკუნის მკვლელობაც კი უწოდეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის სწორედ ამ ადამიანთან ურთიერთობა იყო მკვლელობის მოტივი. ეს არ იყო დახურულ სხდომაზე მიცემული ჩვენება, ეს იყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, საქმეს არ ედო გრიფით საიდუმლო, შესაბამისად, მისი გამოქვეყნების უფლება გვქონდა და გამოვაქვეყნეთ კიდეც, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენება მნიშვნელოვნად დავარედაქტირეთ, ამოვიღეთ ის ნაწილი, სადაც საუბარი იყო ინტიმურ დეტალებზე და დავტოვეთ მხოლოდ ის, რაც საქმეს ეხებოდა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის, განმარტებით, სამართლებრივად, თუკი საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების არგასაჯაროების ვალდებულება მხარეებს არ აქვთ. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენების გასაჯაროებამ სასამართლო სხდომის დახურვას აზრი დაუკარგა:

„ვინაიდან სასამართლო სხდომაზე ამ მოწმის ჩვენება დახურულ სხდომაზე განიხილეს, ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენება შეიცავდა ისეთ დეტალებს, რისი საჯარო სხდომაზე განხილვა არ შეიძლებოდა. რადგან გამოძიების ეტაპზე ამ პირის მიერ მიცემული ჩვენება გასაჯაროვდა, სასამართლო სხდომის დახურვამ აზრი დაკარგა”- ამბობს ნესტან ლონდარიძე.

მაგდა პაპიძის საქმის მედიაგაშუქების შესახებ მედიაჩეკერმა მიმოხილვა მოამზადა. მასალაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საკითხების გაშუქებისას არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ინფორმაციის ან ჩვენების გასაჯაროება ჟურნალისტის მხრიდან კანონდარღვევა არ არის, თუმცა კანონის გარდა არსებობს პროფესიული ეთიკაც, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, ეთიკური სტანდარტების შესაბამისად გაფილტროს ინფორმაცია, რომელსაც საქმის შესახებ წყაროებისგან იღებს ან სასამართლო პროცესზე ისმენს.

„ჩვენ დიდხანს მოგვიწია ბრძოლა იმისთვის, რომ სასამართლო მედისთვის ღია ყოფილიყო. მედია არ უნდა იქცეოდეს ისე, რომ აუდიტორიას არწმუნებდეს, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება. ის რაც ახლა ხდება პაპიძის საქმესთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით აფუჭებს მდგომარეობას, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით დააზიანებს მთლიან პროცესს. თუ მედიამ ვერ დაინახა ზღვარი, რა არის საზოგადოებისთვის საჭირო და რა არის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო შეიძლება აინტერესებდეს ადამიანს, ეს საფრთხის შემცველია. გასაგებია, რომ მედიას შეუძლია მოიპოვოს საქმის მასალები, მათ შორის დახურული სხდომიდან, თანაც ისე, რომ წყარო არ გაამჟღავნოს, მას ამ უფლებას არავინ ართმევს, მაგრამ ამგვარი ინფორმაციის მოპოვებას ამართლებს ერთადერთი რამ - საჯარო ინტერესი. ოღონდ, საჯარო ინტერესი არამც და არამც არ ნიშნავს ცნობისმოყვარეობას. მედიას ამ ზღვარის გავლება უჭირს" -ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი.