ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს კიევის აეროპორტში დააკავეს. მასზე ინტერპოლმა ძებნა რუსეთის მოთხოვნით გამოაცხადა. ვრცლად საქმის შესახებ: http://netgazeti.ge/news/168752/
კატეგორია - ეთიკა
17 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გადაცემაში „ბრიფინგის დრო“, - არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიმართვა მოისმინა აუდიტორიამ. ორგანიზაციას ჯამში 14 წუთი დაეთმო, მიმართვაში ისმოდა ანტიდასავლური განცხადებები. გადაცემა გამოქვეყნდა მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ორგანიზაციის წევრები საუბრობენ, ქვეყანაში ეთნიკური ქართველების „გადაშენების“ პრობლემაზე, ასევე აღნიშნავენ რომ ქართველების დიდი ნაწილი ემიგრაციაშია გადახვეწილი, „ერი კვდება, ოფიციალურად 30 ათასამდე აბორტი კეთდება ამ ქვეყანაში. ყველაფერი ამ პრობლემის საწყისი და საფუძველი არის ლიბერალური იდეოლოგია და ლიბერალები“ - აღნიშნავს გამომსვლელი. ირკვევა, რომ ორგანიზაციის მიზანი სწორედ ლიბერალიზმთან და ასევე, კომუნიზმთან ბრძოლაა.

ისმოდა ქსენოფობიური განცხადებებიც, მაგალითად, ორგანიზაციის აზრით, ქვეყანაში პრიორიტეტული „მენტალურად ქართული მსოფლმხედველობა“ უნდა იყოს.

აუდიტორიამ მოისმინა მოძრაობა „შავპერანგიანების“ ასისთავების, ინფორმაციათა გავრცელების შენაერთის სპასპეტის პოზიციებიც - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თანამებრძოლები სწორედ ამ ფორმით წარადგინა.

ორგანიზაციის წევრებმა მათი საგარეო ხედვაც წარმოადგინეს - საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებში.

14 წუთის განმავლობაში მაყურებელი ანტიდასავლურ, პრორუსულ მესიჯებს შეუფერხებლად ისმენდა.

მაუწყებლის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ გადაცემა "ბრიფინგის დროში” პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ბრიფინგები დაუმონტაჟებლად თავსდება.
კატეგორია - ეთიკა
2017 წლის 11 იანვარს გასაჯაროვდა, რომ საქართველოს მთავრობა გაზპრომის პირობებს დათანხმდა და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა აირის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. ამ დღესვე გავრცელდა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ღამის კლუბებში ქართველი მამაკაცების არშეშვების თაობაზე. დღის განმავლობაში სოციალურ ქსლებში არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ პრემიერის ამ განცხადების მიზანი გაზპრომის თემის გადაფარვა იყო. ფაქტია, რომ გაზპრომის თემა არ გადაიფარა, 11 იანვარს საკითხი ტელევიზიების დღის მთავარი გამოშვებების პირველ სიუჟეტად გაშუქდა. გამონაკლისი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის მთავარ გამოშვებაშიც თემა მეოთხე სიუჟეტად 14-ე წუთზე გავიდა. წინა სამი სიუჟეტი ეხებოდა:

1. პრემიერის განცხადებას ღამის კლუბებში ქართველი მამაკაცების არშეშვებასა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციასთან დაკავშირებით;

2. პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობას;

3. პოლიციის შესვლას „გირჩის“ ოფისში.

მართალია, თემა არ გადაიფარა, თუმცა გაზპრომთან დადებული შეთანხმების შესახებ მაყურებელმა ბევრი ვერაფერი გაიგო. ამის უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ თავად მთავრობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დეტალები იმ მოტივით არ ეთქვათ, რომ ეს „კომერციული საიდუმლოებაა“, მოლაპარაკებებში ჩართული პირების ცალკეული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. შესაბამისად, თემაზე მომზადებული სიუჟეტებიც მეტწილად ბუნდოვანი იყო, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მედიას თავად გაუჭირდა საკითხში გარკვევა. მასალების უმეტესობაში ჭირდა ფაქტებს შორის ლოგიკური ჯაჭვის დანახვა. მიუხედავად ამისა, სიუჟეტებში აქცენტი იმაზე, რომ სწორედ მთავრობა არ აკონკრეტებს საკითხს სათანადოდ, არ ყოფილა, არც ის ღიად დარჩენილი კითხვები დასმულა, რაზეც შესაბამისი პირებისგან პასუხი ვერ მოვისმინეთ.

მნიშვნელოვანი ფაქტები:

1. 2017 წლის 11 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა დათანხმდა გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა მიიღებს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ხელშეკრულების მოქმედების პირველ წელს საქართველო სომხეთში რუსული გაზის გატარების სანაცვლოდ, ნაწილობრივ კვლავ ნედლეულს მიიღებს, რაც შემდეგ ფულადი ანგარიშსწორების ფორმით გაგრძელდება.

2. ბოლო ხელშეკრულებით, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, საქართველო სომხეთში გატარებული რუსული გაზის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა. ანგარიშსწორების ამ ფორმის შეცვლას „გაზპრომი“ უკვე რამდენიმე წელია ითხოვს. შარშან ამგვარი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და საქართველომ ტრანზიტის პირობების შენარჩუნება შეძლო.

3. საქართველო გაზის 90 % -ს აზერბაიჯანიდან იღებს, აქამდე დანაკლისს სწორედ სომხეთში რუსული გაზის გატარების სანაცვლოდ მიღებული ბუნებრივი აირით (დაახლოებით 200 მლნ კუბური მეტრი გაზი )უფასოდ ავსებდა. ახალი პირობების ამოქმედების შედეგად, ქვეყანას დანაკლისის შესავსებად ამ მოცულობის გაზის შეძენა ან კვლავ აზერბაიჯანიდან, ან რუსეთიდან მოუწევს.

4. ხელშეკრულების პირობები გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთი 1000 კუბურ მეტრს საქართველოს 185 აშშ დოლარად მიჰყიდის.თუ აზერბაიჯანიდან ვერ მოხერხდება დამატებითი გაზის შემოტანა, საქართველოს „გაზპრომისთვის" 37 მლნ აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

5. ახალი ხელშეკრულების მიხედვით რა თანხას გადაუხდის რუსეთი საქართველოს გაზის ტრანზიტისთვის, არ საჯაროვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო „კომერციული საიდუმლოების“ მოტივით არ ავრცელებს. აქვე, საგულისხმოა, რომ კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, თუმცა დაადასტურა, რომ ტრანზიტისთვის გადახდილი თანხა შედეგობრივად, ძველი პირობების მიხედვით გატარებული გაზის 10 % ზე ნაკლებია. თუკი ტრანზიტის არსებულ საბაზრო ფასებსაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ტრანზიტიდან მიღებული თანხით, დეფიციტის შესავსებად საჭირო გაზს საქართველო ვეღარ შეისყიდის.

6. ვინაიდან უცნობია ტრანზიტისთვის რა თანხას მიიღებს ქვეყანა, გაუგებარია, შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ.

რა გააშუქა მედიამ

("იმედის", რუსთავი 2- ის და საზოგადობერივი მაუწყებლის 11 იანვრის მთავარი გამოშვებები)

- სამივე საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ, რომ იცვლება გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, „საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებას“ - იმას, რომ შეთანხმება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდა, ხაზი ენერგეტიკის მინისტრმა სიუჟეტებში წარმოდგენილ სინქრონებში არაერთხელ გაუსვა.

თუმცა, ვერ გავიგეთ: რას ნიშნავს „საერთაშორისო სტანდარტი“. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი გვარწმუნებს, ყველაფერი ევროპული სტანდარტის შესაბამისად მოხდა, მას არ დაუკონკრეტებია, შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ. ეს საკითხი სიუჟეტებში განხილული არ ყოფილა.

- სიუჟეტებიდან გავიგეთ, რომ ჩვენთვის წამგებიან ხელშეკრულებას დავთანხმდით. იმავე პირობას გაზპრომი შარშანაც აყენებდა, თუმცა მაშინ ქართულმა მხარემ უცვლელად დატოვება მოახერხა.

თუმცა, ვერ გავიგეთ, რა მდგომარეობაში იყო საქართველო და რატომ იყო ეს ის „მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეგვეძლო“, რა პირობები წაუყენა რუსეთმა საქართველოს, რატომ ვერ დაიცვა ქვეყანამ ინტერესები, რატომ გავხდით იძულებული, რომ დავთანხმებოდით ასეთ პირობებს, რა ულტიმატუმები წაუყენა რუსეთმა საქართველოს, რატომ გახდა ქართული მხარე იძულებული მისთვის თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა, სიუჟეტში ოფიციალური პირების მისამართით არც ეს შეკითხვები და არც მათზე პასუხი ისმის.

- სიუჟეტებიდან გავიგეთ, რომ თუ ქვეყანას დამატებითი გაზი დაჭირდება (და ცხადია, რომ დაჭირდება, რადგან შეიქმნება გაზის იმ მოცულობის დეფიციტი რასაც აქამდე რუსეთისგან ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ ვიღებდით) რუსეთი გაზს შეღავათიან ფასად, 215 დოლარის ნაცვლად, 185 დოლარად მიჰყიდის ქართულ მხარეს.

თუმცა ვერ გავიგეთ: რა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ იმისთვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების გაზი არა რუსეთისგან, არამედ სხვა წყაროებისგან მიიღოს. არის თუ არა შემოთავაზებული 185 დოლარი, ფიქსირებული ტარიფი, თუკი დეფიციტური გაზის რუსეთისგან ყიდვა მოგვიწევს, ხომ არ მოიმატებს ეს ტარიფი, ან რა მოხდება მაშინ, თუკი რუსეთი გადაწყვეტს, რომ ტრანზიტის თანხა გადაგვიხადოს, გაზი კი არ მოგვყიდოს - არის თუ არა ეს რისკები ხელშეკრულებაში გაწერილი.

- სიუჟეტებიდან გავიგეთ, რომ ტრანზიტის საფასური კომერციული საიდუმლოების ნაწილია.

თუმცა ვერ გავიგეთ: უფრო კონკრეტული არგუმენტები, რატომ არ საჯაროვდება ტრანზიტის საფასური, რამდენად არგუმენტირებულია ხელისუფლების პასუხი, რომ საფასური „კომერიცული საიდუმლეობაა“, როგორია საერთაშორისო ან ადგილობრივი პრაქტიკა, სხვა ამ ტიპის ხელშეკრულებებში ტრანზიტის საფასური არის თუ არა საჯარო. ვერ მოვისმინეთ, რას ფიქრობენ სფეროს სპეციალისტები ამ კონკრეტულ საკითხზე. მედიამ უბრალოდ გაიმეორა მინისტრის ნათქვამი, რომ „საფასური საიდუმლოა“, რატომაა საიდუმლო ან რამდენად ლეგიტიმურია მისი გასაიდუმლოება, ეს საკითხები სიუჟეტებში არ წამოჭრილა.

- რუსთავი 2 ის სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ - „ამ დრომდე გასაიდუმლოებულია, რა თანხას მიიღებს საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსული ენერგოგიგანტი კვლავ ტრანზიტის 10 % ის ანაზღაურებას აპირებს“ - ჟურნალისტის ამ სიტყვებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი პირობებით, საქართველო იმდენივე თანხას მიიღებს, რასაც ადრე ტრანზიტით გატარებული გაზის 10% - ის შემთხვევაში მიიღებდა.

თუმცა, ვერ გავიგეთ: თუ ახალი პირობებით რუსეთის მიერ გადასახდელი თანხა თანაბარზომადია გატარებული გაზის 10% ისა, მაშინ რატომ ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომ ეს თანხა, შედეგობრივად, იმაზე ნაკლებია, რასაც ადრე გატარებული გაზის 10 %-ით ვიღებდით. კურიერის სიუჟეტში ეს საკითხი უფრო ნათლად წარმოჩენილი არ ყოფილა, არ იყო ხაზი გასმული, რომ ეს მოლაპარაკება სწორედ ამ მიზეზითაა წამგებიანი. შესაბამისად, მაყურებელი ვერ გაიგებდა, რატომ არის ცუდი გაზის გატარების სანაცვლოდ ფულის მიღება, რატომ იყო წინა პირობები უკეთესი, როცა საქართველო ტრანზიტისთვის გატარებული გაზის 10% ნედლეულის სახით იღებდა.

- რუსთავი 2 ის სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ თუ საქართველოს გაზის დამატებითი მოცულობა დასჭირდება, მის შეძენას რუსეთისგან 185 დოლარად შეძლებს.

თუმცა, ვერ გავიგეთ - რას ნიშნავს 185 დოლარი, რამდენად ბევრია, ან ცოტა, რა ტარიფით ვიღებთ გაზს აზერბაიჯანიდან და რამდენით მეტია ან ნაკლები რუსეთის მიერ შემოთავაზებული ტარიფი აზერბაიჯანის ტარიფთან შედარებით. ეს საკითხი განხილული არ ყოფილა, უბრალოდ ითქვა, რომ 185 დოლარს გადავიხდით.

- საზოგადოებრივი მაუწყებლის და რუსთავი 2 ის სიუჟეტებში გავიგეთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების აზრით, ეს არის მავნებლური ხელშეკრულება, „ხელისუფლების მოღალატური ქმედება“, „კაპიტულაცია“.

თუმცა, არ აუხსნიათ: კონკრეტულად რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს ხელშეკრულება, რატომ არის ის „მავნებლური“, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ინტერესებზე.

- „იმედის“ სიუჟეტიდან კი გავიგეთ, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველომ მაქსიმუმი მიიღო, „ამ მდგომარეობაში მივიღეთ საუკეთესო პირობები“ - ამის შესახებ სიუჟეტში დარგის ექსპერტებმა განაცხადეს.

თუმცა, ვერ მოვისმინეთ: შეთანხმების კრიტიკული შეფასებები. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწვეტილების გამო დღის განმავლობაში არაერთი პოლიტიკოსისა თუ სფეროს სპეციალისტისგან სხვა მედიასაშუალებებით ხელისუფლების კრიტიკა არაერთხელ გაისმა, „ქრონიკის“ სიუჟეტში ამგვარი მოსაზრებები ვერ მოხვდა.

- იმედის სიუჟეტიდან ასევე გავიგეთ, რომ „სამართლიანი ანაზღაურება მიღწეულია“, თუმცა „ზუსტად იგივე ფინანსური ეფექტი ჩვენ არ გვაქვს“ (ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე)

თუმცა, ვერ გავიგეთ: თუკი იმავე ფინანსურ სარგებელს ვეღარ მივიღებთ, მაშინ, „სამართლიანი ანაზღაურება“ როგორღა მივიღეთ, ეს საკითხი მაყურებლისთვის ნათლად განმარტებული არ ყოფილა.

- „ქრონიკაში“ , სიუჟეტის შემდეგ, სტუმრად მიწვეული კახი კალაძისგან კიდევ ერთხელ გავიგეთ, ის რაც უკვე სიუჟეტშიც მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ ვერ გავიგეთ ის, რაც საკითხში გასარკვევად მნიშვნელოვანი იყო. ვერ გავიგეთ იმიტომ, რომ სტუმრად მიწვეულ მინისტრს არავინ ჰკითხა:

1. თუ დეფიციტის შევსების მიზნით გაზს რუსეთიდან შევიძენთ, მაშინ არის თუ არა დასახელებული 185 დოლარი ფიქსირებული, შეიძლება თუ არა რომ ფასი გაიზარდოს

2. რა მოხდება მაშინ, თუკი რუსეთი გადაწყვეტს, რომ მხოლოდ ტრანზიტის თანხა გადაგვიხადოს და ნედლეული არ მოგვყიდოს, არის თუ არა ეს რისკები ხელშეკრულებაში გათვლილი და დაზღვეული.

3. რა ულტიმატუმები წაუყენა რუსეთმა საქართველოს, რის გამოც ქვეყანა იძულებული გახდა, მისთვის წამგებიან პირობებს დათანხმებოდა

4. რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ დეფიციტი არა რუსეთიდან, არამედ სხვა წყაროებიდან შეავსოს?

5. როგორ და ვინ დაადგინა ტრანზიტის საფასური, იყო თუ არა ის ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილი და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ.
კატეგორია - ეთიკა
ბავშვთა საკითხების ზედაპირული და ფრაგმენტული გაშუქება, ბავშვების ქველმოქმედების, მოწყალების მიმღებ ობიექტებად წარმოჩენა და მათი სტიგმატიზაცია - მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქებაში არსებული ეს პრობლემები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია 22 დეკემბერს შედგა.

ანგარიშის თანახმად, მართალია ბავშვთა საკითხების გაშუქება გაუმჯობესდა, თუმცა მედიაში რიგი საკითხები კვლავაც ზედაპირულადაა განხილული. ბავშვთა საკითხებზე მომზადებული მასალების მხოლოდ 1 % იყო სიღრმისეული.

„მასალების უმეტესობა მხოლოდ რეტროსპექტულად აშუქებს ამბებს და ძირითად შემთხვევაში არ ხდება თემების მოძიება თავად მედიასაშუალებების თუ ჟურნალისტების ინციატივი” - ვკითხულობთ ანგარიშში.

მედიის მიერ ბავშვებთან დაკავშირებით გაშუქებული თემებიდან სჭარბობს განათლება (27%) და კრიმინალი (12%).

ამასთან, ანგარიშში განმარტებულია, რომ განათლებასთან დაკავშირებული მასალების დიდი რიცხვი ძირითადად გამოწვეულია არა განათლების პრობლემის სიღრმისეული გაშუქებით და მედიის განათლებისადმი განსაკუთრებული ინტერესით, „არამედ ახალი ამბების ფორმატით გაშუქებული ისეთი თემებით, როგორიცაა სკოლებში სასწავლო წლის დაწყება/დამთავრება, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, მინისტრის განცხადებები და აშ“.

„საკითხის ზედაპირულად წარმოჩენის მაგალითებია ბავშვებთან დაკავშირებით კანონპროექტების გაშუქება, რომელიც ძირითადად პოლიტიკოსების დაპირისპირების ჭრილში შუქდება. მედია არ უხსნის აუდიტორიას რა დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ცვლილებებს“ ვკითხულობთ ანგარიშში.

2015 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით 12-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა იმ მასალების რიცხვი, სადაც ბავშვები თავად საუბრობენ. თუმცა, კვლავაც რჩება ბავშვთა რეპრეზენტაციის პრობლემა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნების, როგორც ინფორმაციის წყაროებად თუ რესპონდენტებად მიზერულ წარმოჩენაში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მედიაში ბავშვებს სათანადოდ არ ეძლევათ საშუალება, ისაუბრონ სხვადასხვა საკითხზე - მათ ნაცვლად უფროსები საუბრობენ. ყველაზე ხშირად, მედია ბავშვს აზრს ისეთ მასალებში ეკითხება, რომელიც სპორტსა და კულტურას ეხება: „ეს შესაძლოა ამყარებდეს სტერეოტიპს, რომ ბავშვებს აზრი მხოლოდ ე.წ. მსუბუქ თემებზე, კულტურისა და სპორტის სფეროზე, უნდა გამოვათქმევინოთ. ყველაზე ნაკლებად ბავშვები ბავშვთა უფლებების თემატიკაზე მომზადებულ მასალებში ჩანან“.

კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ხშირად, ბავშვები რეკლამისა და ქველმოქმედების ობიექტებად არიან წარმოჩენილნი, ბავშვების გამოყენება პიარ მიზნებისთვის განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღესასწაულებზე: “წელს საპარლამენტო არჩევნებამდე განსაკუთრებით გაძლიერდა ბავშვებთან ერთად პოლიტიკოსების, საარჩევნო კანდიდატების გამოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების მასობრივი გამოყენება პოლიტიკოსების საქმიანობის, ამომრჩევლებთან შეხვედრის და ა.შ. კონტექსტში არ ყოფილა. თუმცა, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“.

კვლევის კიდევ ერთი მიგნების მიხედვით, მართალია მედიასაშუალებების მგრძნობელობა ბავშვთა საკითხებისადმი ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ზოგჯერ ზედმეტად ფრთხილობენ და ბავშვების იდენტიფიცირებას ერიდებიან მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არის. მაგალითად, ყოველდღიური თემების გაშუქების დროსაც კი, როდესაც მოსალოდნელი არ არის რაიმე ზიანის მიყენება, ბავშვი ხშირად დაფარულია.

ეთიკის ქარტიის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ბავშვის დაფარვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლებელია მისი მდგომარეობა გაუარესდეს, ეს არის გამონაკლისი შემთხვევა: გადაღების დაგეგმვისას უმჯობესია წინასწარ განსაზღვროთ, საჭიროა თუ არა ბავშვის დაფარვა. თუ რედაქცია იღებს ბავშვის ამ გადაწყვეტილებას, მაშინ აცნობეთ ეს ოპერატორსაც და კადრები შესაბამისად გადაიღეთ - აჩვენეთ ისეთი დეტალები, რაც ერთის მხრივ მის იდენტიფიცირებას არ მოახდენს და მეორეს მხრივ არ დააზარალებს მასალის ვიზუალურ მხარეს, მაგალითად, აჩვენეთ სხვადასხვა დეტალები“ - აღნიშნულია ანგარიშში.

მედიამონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის(იუნისეფის) დახმარებით განხორციელდა. კვლევა მოიცავდა 2016 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე ქართულ ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო მედიაში ბავშვთა საკითხებზე მომზადებულ მასალებზე დაკვირვებას და მათ ანალიზსს.
კატეგორია - ეთიკა
„მამაკაცის თვალით დანახული ქალი“ - ასეთი იყო 7 დეკემბრის „სხვა რაკურსის“ თემა. სტუმრად მიწვეული მამაკაცები საუბრობდნენ, რა სურთ ქალებს, როგორია იდეალური ქალი. წამყვანის კითხვები და სტუმართა უმრავლესობის შეხედულებები სექსისტური იყო და ხელს უწყობდა გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას.

„მე მგონია ქალი ყველაზე სათუთი, ყველაზე ძლიერი არსებაა. ბოლობოლო რა სურთ კაცებს“ - წამყვანის ამ შესავალი ტექსტის შემდეგ, მამაკაცებმა დაიწყეს მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს მათთვის სასურველი, იდეალური ქალი.

„ეშხიანი, გრძელთმიანი, კარგი ფორმებით, საშუალოზე მაღალი, ესეთი, ღრმა სულის პატრონი“.

სტუმარი: აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეშხი, ძალიან ლამაზი უნდა იყოს, ქალი როგორ მიყვარს ყველამ იცის

წამყვანი: ყველამ რატო იცის?

მექალთანე ხარ?

სტუმარი: ხო ნუ...

აქვე, გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი ინტერესდება, საიდან მოდის ეშხი, „მკერდიდან, ზემოდან, ქვემოდან“..

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი პასუხობს, რომ „ეშხი მკერდიდან არ მოდის, მოდის შიგნიდან“.

„თუ აქვს ხარიზმა, გინდა კეხიანი ცხვირი ქონდეს, გინდა, გრძელი თმა, გინდა არ ქონდეს დიდი ძუძუ, მაინც მოგხიბლავს“. (სტილი დაცულია)

„ნამდვილი ქალი ნამდვილი მამაკაცის ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს“.

გადაცემიდან ირკვევა, რომ ბედნიერებას სქესიც აქვს, რომ არსებობს ქალური და არაქალური ბედნიერება. „რა არის ქალური ბედნიერება?“ - წამყვანის ამ შეკითხვას სტერეოტიპული პასუხები მოჰყვა. სტუმრები შეთანხმდნენ, რომ ქალი ბედნიერი მაშინაა, როცა ოჯახი და შვილები ჰყავს:

„ოჯახი არის ქალური ბედნიერება, სადაც ის თავის ქმართან და ბუნების საჩუქართან, შვილებთან, გრძნობს იმდენად კომფორტულად თავს, რომ მაინცდამაც ფული და კარაკულის შუბა არ აინტერესებს“.

წამყვანის კიდევ ერთი შეკითხვა ასე ჟღერდა: როგორ უნდა გავაბედნიეროთ ქალი? ერთ-ერთმა სტუმარმა მაყურებელს ზუსტი რეცეპტი შესთავაზა: „ჯანმრთელი სექსით, ფინანსებით, შენი წარმატებით“...

გადაცემაში არც ქალიშვილობის ინსტიტუტის და ქალის სქესობრივი ცხოვრების მიმოხილვა დავიწყებიათ.

„მე იმ თემასაც არ ვეთანხმები, რომ ქალი და კაცი თანასწორია, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ღალატის თემა ქალსაც იგივენაირად ტკივა, როგორც კაცს. ჩემთვის კაცი არის პრიორიტეტული, არა იმიტომ რომ მე კაცი ვარ, არამედ იმიტომ რომ ეს დაუწერელი კანონია, ოჯახში არის მნიშვნელოვანი მამაკაცი, ყველგან ეგრეა , ცხოველებშიც ეგრეა. ჩემი აზრით, ქალთან არ უნდა მოგიწიოს საერთოდ საუბარმა, რომ შენ იმაზე წინ დგახარ რაღაცეებში და მამაკაცი უპირატესი უნდა იყოს“.

„მამაკაცი დაოჯახებამდე რამდენ ქალთან იქნება ნამყოფი აქვს მნიშვნელობა? დაქორწინებამდე კაცი 100 ქალთან თუ იყო ნამყოფი, ხო არ აქვს მნიშვნელობა? ქალი ას კაცთან რომ იყო და მერე შექმნის ოჯახს, ხო აქვს მნიშვნელობა?“

მთელი გადაცემის განმავლობაში ქალები ან სათუთ, ნაზ არსებებად იყვნენ წარმოჩენილნი, ან სექსუალური მოხმარების ობიექტებად. წამყვანი არათუ ხელს უშლიდა და ემიჯნებოდა სტუმრების სექსისტურ გამონათქვამებს, არამედ თავადაც სვამდა დისკრიმინაციულ შეკითხვებს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი აღნიშნავს, რომ მაუწყებელმახელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #7 მუხლში კი გაწერილია, რომ ჟურნალისტს უნდა ესმოდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოსდისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
კატეგორია - ეთიკა
1 დეკემბერს „ფეისბუკში“ ტრანსგენდერი თოჯინების ფოტოები გამოჩნდა. როგორც შემდგომში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო იუწყებოდა, ამ თოჯინების შეძენა ბათუმშია შესაძლებელი. ფაქტს საზოგადოებრივი გამოხმაურება და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება მოჰყვა. საინფორმაციო სააგენტოების ნაწილი კი პირდაპირ ტირაჟირებდა სიძულვილის შემცველ კომენტარებს და ხელს უწყობდა ჯგუფის სტიგმატიზებასა და სტერეოტიპიზაციას.

Ambebi.Ge-ზე გამოქვეყნებულ სიახლეს თან ერთვოდა მკითხველის კომენტარები, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავდა: „ეს თოჯინა პედოფილებთან ასოციაციას მიქმნის, რა უბედურება,“ „ფუ, ესეც თქვენი ამერიკა და ევროპა,“ „ამის მყიდველიც მაგარი ავადმყოფი მგონია, რატომ უნდა მოგინდეს დედას, რომ შენს გოგონას უყიდო ესეთი თოჯინა,“ - ეს იმ კომენტარების ნაწილია, რომელიც აღნიშნულმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა. იგივე კომენტარები გვხვდება presa.ge-ს მასალაში.

ვითარების ხელოვნურად დრამატიზებას ისახავდა მიზნად Newstime.ge-ს გამოქვეყნებული მასალაც: „ჩვენი საზოგადოება თურმე იმაზე დიდ საფრთხეშია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს თოჯინა ბათუმში აღმოაჩინეს,“ - ვკითხულობთ სტატიის დასაწყისში. აქვე გვხვდება კომენტარი, სადაც ტრანსგენდერი თოჯინა „უბედურებადაა“ შეფასებული.

აგრესიას ახალისებდა news.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარიც: „არ გადაამტვრია თავზე მაღაზიის მფლობელს? მე ასე მოვიქცეოდი. „ეს რა ჯანდაბაა???? სად არის შეძენილი???კონჩიტა ამით ერთობოდა“.

საინფორმაციო სააგენტო nsp.ge-მ კი ბესო ჩუბინიძის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იგი ტრანგენდერებს ავადმყოფებად მოიხსენიებს, საკუთარ თავს კი „ავადმყოფობის წინააღმდეგ მებრძოლ კაცს უწოდებს“.

კატეგორია - ეთიკა
„უარი უნდა ვუთხრათ შეუზღუდავ ძალაუფლებას, რაც ნიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ყველანი მოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ის გარემო, სადაც სიცილიც გაგვიხარდება, შრომაც შეგვეძლება და პერსპექტივაც იქნება წინსვლისა“- მსგავსი ტიპის პოლიტიკური განცხადებების გასართობი გადაცემის სტუმრისაგან მოსმენა „THE ვანო’ს შოუს“ მაყურებელს 21 ოქტომბერს შეეძლო. გადაცემას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა რურუა, სტუმრობდა. წამყვანი და რესპონდენტი მთელი გადაცემის განმავლობაში პოლიტიკურ თემებზე, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, პირველი ტურის შედეგებზე, გაბათილებულ ბიულეტენებზე, კარდაკარის პრინციპზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო „კარუსელებზე“ საუბრობდნენ.

ნიკა რურუამ ირონიულ და დამაკნინებელ კონტექსტში ისაუბრა მეორე ტურში მის კოკურენტ სალომე ზურაბიშვილზეც („ეს არის პერსონა, რომელიც სხვაგან ცხოვრობს, სხვაგან გაიზარდა და ძირითადად არჩევნებზე, „პოლიტიკურ შოპინგზე,“ ჩამოდის ხოლმე საქართველოში“) და პოლიტიკურ ოპონენტს ქართული ენის ცოდნაც დაუწუნა: „ეს ადამიანი მაინცდამაინც კარგად ქართულ ენას ვერ ფლობს, ძირითადად იცის, ერთი ლიტერატურული ნაწარმოების გმირივით, სამი სიტყვა: ძიალოგი, ქადჟებო და მაშვინ“.

მეორე ტურში გასული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ილო ბეროშვილის შოუშიც“ იყო მიწვეული. გადაცემის სტუმრებად 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია და მისი მეუღლე, მაკუნა გამცემლიძე, შეირჩნენ. შოუს განმავლობაში რესპონდენტმა მეორე ტურზე, პირველი ტურის შედეგებსა და მეუღლესთან ოჯახურ თანაცხოვრებაზე ისაუბრა, დასასრულ კი იმღერა კიდეც.

ტელეკომპანია „იმედის“ კიდევ ერთ გადაცემაში, „იმედის დილაში,“ ბექა ოდიშარია 26 სექტემბერსაც ვიხილეთ, ამჯერად შვილებთან ერთად. პოლიტიკოსის ვოკალური შესაძლებლობებით აღნიშნული გადაცემაც დაინტერესდა: მაყურებელმა სპეციალურად პოლიტიკოსის დაბადების დღისთვის მომზადებული ვიდეოკლიპი იხილა, რომელშიც მაჟორიტარობის კანდიდატი ბევრ ცნობილ შემსრულებელთან ერთად მღეროდა.

შემდეგ, წამყვანი რესპონდენტის კვების რაციონით, საყვარელი სამზარეულოთი, პირველი სიყვარულით, პირველი ორიანით, ტელეფონში ბოლო სმს შეტყობინებით, ჩვევებით, ძილის გრაფიკითა და იმ ნივთებითაც დაინტერესდა, რომელთა გარეშეც ბექა ოდიშარია სახლს არასდროს ტოვებს. რესპონდენტი გადაცემის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს პოზიტიურად წარმოაჩენდა: „დადებითისკენ შეიცვალა თავად გარემო, გათავისუფლდა აბსოლუტურად წნეხებისაგან“.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მარიამ ჯაშის ბლიც-ინტერვიუ „იმედის დილაში“ 28 ოქტომბერსაც ვნახეთ. „რისთვის არ ენანება თანხა მარიამ ჯაშს,“ „სად იცხოვრებდა თბილისის გარდა,“ ბოლოს რაზე გაეცინა?“ - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ შეკითხვებისა, რომლებიც წამყვანმა დასვა და რესპონდენტის „სხვა კუთხით“ წარმოჩენას შეეცადა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და ამდენად, საარჩევნო პერიოდი, ჯერ არ დასრულებულა. ქვეყნის 50 ოლქში არჩევნების მეორე ტურია ჩანიშნული. სწორედ მეორე ტურში გასული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან ზემოთ ჩამოთვლილი რესპონდენტები მიუხედავად იმისა, რომ მათ მონაწილეობას გასართობ გადაცემებში „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ კრძალავს: „საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება („მაუწყებელთა ქცევის კოდექსი,“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
კატეგორია - ეთიკა
23 ოქტომბერს 40-მდე ჟურნალისტმა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე, „მასმოდა 2016-ზე,“ მოდელის ამპლუა მოირგო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ჟურნალისტებს ორგანიზატორებისა და პარტნიორი კომპანიებისაგან სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

„სტუდიამონიტორის“ ინფორმაციით, მოდების ჩვენებისთვის, რომელშიც ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, თბილისის მერიამ 36 971 ლარი დახარჯა, რაც ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას, ტექნიკური და ადმინიტრაციული ჯგუფის ჰონორარებს, დიზაინერის ანაზღაურებასა და სასცენო ხარჯებს მოხმარდა.

„მასმოდას“ საქართველოში ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ის პირველად 2005 წელს ჩატარდა და მას შემდეგ 8-ჯერ გაიმართა. 2012 წლიდან სამწლიანი პაუზის შემდეგ კი წელს, მერიის ფინანსებით, ღონისძიება კვლავ აღდგა.

ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა ტელევიზისა თუ ონლაინგამოცემის ჟურნალისტებმა მიიღეს, ხოლო საღამოს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია უძღვებოდა.

„ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი” - ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, დაუშვებელია მაუწყებლის თანამშრომლემა მიიღოს საჩუქრები, ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს.

ქმნის თუ არა რაიმე ეთიკურ უხერხულობას ჟურნალისტის მონაწილეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებაში, იმ ფონზე, როცა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი თბილისის მერიაა, ხოლო მონაწილეები საჩუქრებს სხვადასხვა ბიზნესკომპანიებისგან იღებენ? რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ისეთი კონკურსები, როგორიც მასმოდაა და ამ კონკურსის შედეგად მიღებული ,,სიკეთეები," შეუთავსებელია სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპთან: „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც საქართველოში მოქმედი ყველა მაუწყებლისთვისაა სავალდებულო შესასრულებლად, სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის, ცალსახად გვეუბნება, რომ ,,მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს". ცხადია, ეს პრინციპი სავალდებულოა მაუწყებლებისთვის, მაგრამ ეხება არამაუწყებელ მედიებსაც, რადგან ჟურნალისტური პრინციპი ზოგადია ყველასთვის, სადაც არ უნდა მუშაობდე, თუნდაც თავისუფალი ჟურნალისტი იყო,“ - განმარტავს ნათია კუპრაშვილი.
კატეგორია - ეთიკა
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი VI თავში წერია, რომ კერძო საერთო მაუწყებელი ვალდებულია, თანაბრად დაუთმოს დრო არჩევნებში მონაწილე როგორც კვალიფიციურ, ასევე არაკვალიფიციურ სუბიექტებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი ამომრჩევლის ინფორმირება. მიუხედავად კოდექსის აღნიშნული დებულებისა, ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემა „ღამის სტუდიაში“ არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა მრავალფეროვნება არ შეიმჩნეოდა. გადაცემის სტუმრები, უმეტესად, ერთი და იმავე პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. ეთერში ხშირად ნახავთ „პატრიოტთა ალიანსის,“ „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსათვის,“ ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასისა“ თუ „ბურჯანაძე - დემოკრატების“ წევრებს. აქ ხშირად იწვევენ სტუმრებს, რომლებიც არც ერთ პარტიას არ წარმოადგენენ, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები არიან.

გადაცემის ძირითად თემებს შორის ხშირად გვხვდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და „ქართული ოცნების“ კრიტიკა. უმეტესად იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა სამართლიანობა ვერ აღადგინა. განხილვის თემებს შორისაა ქვეყნის საგარეო კურსი, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა და რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობა. ძირითადი გზავნილი კი ისაა, რომ საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს, რუსეთთან კი ნორმალური, მეზობლური ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია.

გადაცემებში ხშირად ისმის პრორუსული მესიჯებიც. მაგალითად, 5 სექტემბერს, „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, მოსკოვში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ქართველი სტუდენტებისათვის რუსეთში სასწავლო პროგრამებზე ისაუბრა. წამყვანმა, ნინო რატიშვილმა, ბაღათურიასთან დიალოგში შემდეგი რამ თქვა:

„მე არ ვეკუთვნი იმ მოქალაქეებისა და იმ ჟურნალისტების რიცხვს, რომელიც ამბობს, რომ რად მინდა დოსტოევსკი და რუსული კლასიკა, რუსულ სიმღერას როგორ მოვუსმენ, რუსული შოკოლადები არ ჭამოთო, ზოგი იქამდე მივიდა, რაღაცა მარაზმამდეა მისული სიტუაცია და რუსულ ფილმებს და რუსულ პროგრამებს არ უყუროთო, მოდით, ავკრძალოთო.“

წამყვანი აღნიშნავს, რომ რუსები შეიცვალნენ და „სხვა რუსები“ გახდნენ. ჯონდი ბაღათურია კი პასუხობს:

„ის აბსოლუტურად სხვა რუსების არის ძალიან მცირე ნაწილი. ხალხი, აბსოლუტური უნმრავლესობა, დარჩა ისეთივე უბრალო, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ისეთივე თავმდაბალი, კეთილი ღიმილით, როგორებიც იყვნენ და ნინო, ძალიან გვგვანან ჩვენ. იქაც, ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ეკლესიებია როგორც ჩვენთან.“

წამყვანის მორიგ კითხვაზე, თუ როგორ უნდა აღიქვას ქართველმა ახალგაზრდობამ ეს მიპატიჟება რუსეთში, ჯონდი ბაღათურია პასუხობს:

- კეთილ ჟესტად და ქართველების პოზიციების დაბრუნებად რუსეთში.

ყველაზე ხშირად არხის სტუმრებს შორის, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არიან. „ღამის სტუდია“ აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. პარტიის წევრების სტუმრობისას განსაკუთრებული აქცენტი აჭარაზე კეთდება. სტუმრები აჭარაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას თურქების მიმართ. წამყვანის კითხვები კი ხშირად, მაპროვოცირებელის როლს თამაშობს. მაგალითად, 7 ოქტომბერს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან მოურავის სტუმრობისას, წამყვანი თითქოს, რესპონდენტის პროვოცირებას ახდენდა. მაგალითად:

“ბატონო დავით, თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც აღვნიშნეთ თავში, რომ აჭარში სათავეში ჩაუდგეთ “პატრიოტთა ალიანსს.“ აჭარაში, სადაც თქვენ ძალიან ბევრი შრომა გაწიეთ, რომ აჭარის მოსახლეობის ინტერესები ყოფილიყო დაცული თუნდაც აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით და დღეს ისევ არის საუბარი, რომ ვინმე ამას დააფინანსებს და მეჩეთი მაინც აშენდება და ა.შ. და ა.შ. სინამდვილეში 60.000-ზე მეტი ხელმოწერა არსებოს მოსახლეობის. რა პრობლემების დასაძლევად მიდიხართ აჭარაში?”

“თურქეთის იმპერიალისტურ ზრახვებს პირველი პირები არ მალავენ და საჯაროდ გამოხტავენ.”

პასუხად თარხან-მოურავი საუბრობს თურქეთის პოლიტიკაზე, თუ როგორ მუშაობს ის სხვადასხვა ქვეყანაში და როგორ სურთ, ოსმალეთის იმპერიის აღდგენა.

გადაცემაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა თურქული სკოლა იყო, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. მის შესახებ სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვებაშიც მომზადდა და „ღამის სტუდიაც“ არაერთხელ დაუბრუნდა.

21 სექტემბრის გადაცემაში, წამყვანი, ანი კიკნაძე, დავით თარხან-მოურავს შემდეგი კითხვებით მიმართავს:

„პირველი კითხვა მინდა დაგისვათ ყველაზე ცხელი, აქტუალური თემის შესახებ, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი ბათუმისა და აჭარის მოსახლეობისათვის. ახალი ბულვარის მიმდებარედ ახალი სკოლა გაიხსნა. ბათუმში მცხოვრები თურქი მოსწავლეებისათვის. პედაგოგებიც იქნებიან თურქები, ენა იქნება სასწავლო თურქული, პროგრამა თურქული სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, აჭარის განათლების სამინისტრო ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის. თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და როგორია „პატრიოტთა ალიანსის“ პიზიცია კიდევ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც იქნება მთლიანად თურქული და იქნება,ასე ვთქვათ, საქართველოს კანონმდებლობის მიღმა?“

„არასამთავრობო სექტორი და გარკვეული ორგანიზაციები როდესაც საუბარია კრიტიკაზე თუნდაც ამ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, რითიც დავიწყეთ საუბარი, ყოველთვის ამბობენ ტერმინს „ქსენოფობია“ და მოიწოდებენ ადამიანებს, არ გააღვივონ რელიგიური შუღლი. ეს მინდოდა მეკითხა, სად გადის ზღვარი სახელმწიფო ინტერესებს, რელიგიას და ამ საკითხებს შორის?“

23 სექტემბრის გადაცემაში კი ქუჩის გამოკითხვაც გაუშვეს ბათუმიდან, სადაც კითხვას ასეთი ფორმულირება ჰქონდა: „მისაღებია თუ არა თქვენთვის საგანმანათლებლო დაწესებულება ბათუმში, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას?“

თურქოფობია გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია. მაგალითად, 22 სექტემბერს, „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისში, მამუკა არეშიძე, თურქული დაჯგუფება „რუხი მგლებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი კანდიდატის კავშირზე საუბრობს:

ნუ დაგვავიწყდება ქვემო ქართლი. არა გარდაბანში, არა თეთრიწყაროში, სხვა რაიონში კენჭს იყრის “ნაციონალური მოძრაობიდან” პიროვნება, ჩვენ გვაქვს საშუალება, ყურადღება მივაქციოთ მის წინასაარჩევნო კამპანიას. პრაქტიკულად, ეს არის ჩათვალეთ, “რუხი მგლები.” თურქული ორგანიზაცია “რუხი მგლები,” რომლებიც შესაბამისი ტექსტებით გამოდის, რომლისთვისაც ბორჩალო თურქული მიწაა დაა.შ.“

არეშიძე ასევე ამბობს, რომ ორგანიზაცია საქართველოში ნელ-ნელა მძლავრდება.

შესაძლოა ითქვას, რომ „ღამის სტუდია“ არის როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მესიჯების, ასევე სხვადასხვა ფორმის სიძულვილის ენისა და რუსული პროპაგანდის ტრიბუნა.
კატეგორია - ეთიკა
თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში ჩატარებული საქორწილო რიტუალი, რომელშიც ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მედიასაშუალებების უმეტესობამ თემა ისე გააშუქა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც რიტუალის სცენები იყო ასახული, ან საერთოდ არ გამოაქვეყნა, ან გამოაქვეყნა ისე, რომ ბავშვების სახეები დაფარა. თუმცა, რამდენიმე მედიასაშუალებამ ვიდეო პირდაპირ, რედაქტირებისა და ბავშვების სახეების „დაბლარვის“ გარეშე გვიჩვენა. მათ შორის იყვნენ ონლაინგამოცემები, sazogadoeba.ge, droni.ge ტელეკომპანია იმედის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ და TV პირველის დილის გადაცემა. მოგვიანებით Sazogadoeba.ge-მ ვიდეო წაშალა, droni.ge-ზე კი მასალა დღესაც იძებნება.

არის თუ არა აუცილებელი, რომ ამ ტიპის მასალაში ბავშვები იდენტიფიცირებულნი არ იყვნენ? რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს თავად ვიდეოში მონაწილე ბავშვებისთვის მასალის ტირაჟირება? რატომ მიიღეს რედაქციებმა ბავშვების იდენტიფიცირების, ან პირიქით, მათი დაფარვის გადაწყვეტილება? ამ საკითხებზე მედიაჩეკერი თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს და ბავშვთა უფლებების სპეციალისტებს ესაუბრა.

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ნინო ჯაფარიძე მედიაჩკერთან საუბარში ამბობს, რომ ვიდეოს გამოქვეყნებამდე რედაქციაში ბევრი იმსჯელეს. იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეოკადრები უკვე უამრავ ადამიანს ჰქონდა ნანახი სოციალური ქსლების მეშვეობით, მათაც გადაწვიტეს, რომ მასალა პირდაპირ, რედაქტირების გარეშე გაეშვათ და ბავშვის სახეები არ დაუფარავთ.

მასალაში ბავშვების იდენტიფიცირებაში პრობლემას ვერ ხედავენ droni.ge- შიც:

„ვიდეო სახეების დაფარვის გარეშე გამოვაქვეყნეთ, რადგან ითქვა, რომ ეს იყო ბაღის ოფიციალური პროგრამა, საქმე არ გვქონდა არანაირ კანონდარღვევასთან, შესაბამისად, ვერ ვხედავთ პრობლემას ვიდეოს ამ ფორმით გამოქვეყნებაში. გარდა ამისა, ეს ვიდეო ისედაც ნახა უამრავმა ადამიანმა სოციალური ქსელების მეშვეობით. არ მგონია ჩვენი მასალა იმაზე უფრო ზიანისმომტანი იყოს ბავშვებისთვის, ვიდრე ის, რაც ვიდეოშია აღწერილი, ანუ ის, რაშიც ბავშვები ბაღის პროგრამის ფარგლებში მონაწილეობენ . ის, რომ ბავშვები ასეთ აქტივობაში მონაწილეობდნენ, მშობლებმაც იცოდნენ, თვითონაც იღებდნენ და სოციალურ ქსელებში ტვირთავდნენ ამ ვიდეოებს, შესაბამისად, პრობლემას ვერ ვხედავთ“, ამბობს ელა ლიონიძე, droni.ge -ს რედაქტორი. მედიაჩეკერის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ვიდეოს გამოქვეყნებაზე ნებართვა თავად ამ ბავშვების მშობლებისგან, droni.ge- ს რედაქტორი პასუხობს, რომ ყველა მშობლისგან ნებართვას ვერ აიღებდნენ.

განსხვავებულია TV პირველის გადაცემა „საქმიანი დილის“ პროდიუსერის ეკა ბაშარულის პოზიცია. ის ფიქრობს, რომ მათ მასალაში ბავშვების იდენტიფიცირება შეცდომა იყო: „ვფიქრობ, რომ ჯობდა, ვიდეო იმ ფორმით არ გაგვეშვა, რა ფორმითაც გავუშვით და ბავშვების სახეებიდაგვეფარა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ვიდეომ მოიარა სოციალური ქსელები, ფაქტობრივად ყველამ ნახა და რამდენად ჰქონდა აზრი, რომ ჩვენ დაგვეფარა და ისე გაგვეშვა, არ ვიცი. როცა ბაღში ქორწილის ინსცენირების შესახებ გავიგეთ, სიმართლე გითხრათ, აღვშფოთდით. დავუკავშირდით, ბაღების სააგენტოს, სადაც ამბობდნენ, რომ ქორწილის ინსცენირება ბავშვების სურვილით მოხდა. ფაქტობრივად, მხოლოდ ბავშვებს ბრალდებოდა მომხდარი. მივიჩნიეთ, რომ ამ ამბავში მთავარი სწორედ ეს იყო და აქცენტიც ამაზე გავაკეთეთ და ბავშვების დაფარვის საკითხი გამოგვრჩა…კარგად არ გვიმსჯელია, როგორ გაგვეშვა ვიდეო - ბავშვების იდენტიფიცირებით, თუ იდენტიფიცირების გარეშე. მომავალში, ვეცდებით, რომ ასეთ შემთხვევებში, ჩვენს მასალებში ბავშვების იდენტიფიცირება არ მოხდეს“.

Sazogadoeba.ge-ს რედაქტორი თეა მაჭარაშვილიც ფიქრობს, რომ ვიდეოს პირდაპირ, სახეების დაფარვის გარეშე გამოქვეყნება შეცდომა იყო: „იმ დღეს, როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, ვერ გავაკონტროლეთ სიტუაცია, არ ვიყავით ადგილზე… ბუნებრივია, არანაირად არაა სწორი მსგავსი ტიპის ინფორმაციის ასეთი ფორმით გაშუქება, არც ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ამიტომ გულწრფელად ვიხდით ბოდიშს, ვიდეო წაშლილია, მოხდა შეცდომა და ამაზე მზად ვართ მოვისმინოთ კრიტიკული შენიშვნებიც ".

გამოცემა ON.ge - ზე კი ინფორმაცია ვიდეოკადრების გარეშე გამოქვეყნდა. სიახლეს ვიდეოდან მოჭრილი ფოტო (ე.წ. სქრინშოთი) ერთვოდა, რომელშიც ბავშვების სახეები დაფარული იყო.

თაზო კუპრეიშვილი, ON.ge-ს რედაქტორი: "ჩვენი მთავარი მოტივატორი, რატომაც ვიდეო არ გავუშვით იყო ის, რომ სრულად ვერ დავბლარავდით იმ კონკრეტულ მომენტში, რადგან დროში ვიყავით შეზღუდული. პლუს, ამბის გადმოსაცემად და საილუსტრაციოდ სრულიად საკმარისი იყო ის ფოტო, რაც გამოვაქვეყნეთ. ფოტოს დაბლარვა, პირველ რიგში, გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ დაგევცვა ბავშვების ინტერესი. როცა სპეციალისტებს ვესაუბრეთ, მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ შესაძლოა ეს იყო ძალადობის გარკვეული ფორმა, რადგან ეს ინციატივა, დიდი ალბათობით, იყო უფროსებისგან თავსმოხვეული, რადგან ეს იყო საბავშვო ბაღის პროგრამაში და არ იყო თავად ბავშვებისგან წამოსული. ბავშვებმა შესაძლოა მართლაც ითამაშონ სხვადასხვა სახის როლური თამაშები, თუნდაც ოჯახობანა და ეს ნორმალურია, თუმცა სპეციალურად ცერემონიის მოწყობა უფროსების მიერ, ამ შემთხვევაში ბაღის მიერ, არ შეიძლება აღქმული იყოს ამ ბავშვების ნებად. ასეთი იყო იმ სპეციალისტების მოსაზრება, ვისაც ვესაუბრეთ და ვიდეოს არგაშვების, ფოტოზე კი ბავშვების სახეების დაფარვის გადაწყვეტილება ამ მოტივით მივიღეთ.

ვიდეო გამოაქვეყნა Palitra.tv-მაც, თუმცა ისე, რომ ბავშვების სახეების დაფარვით.

გიორგი გიორგაშვილი, Palitra.tv-ს რედაქტორი: „სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ ვიდეოში მნიშნველოვანი მისი შინაარსი იყო. არ არსებობდა არანაირი საჭიროება, მაყურებელს ბავშვების სახეები ენახა. რაც შეეხება ზიანს, საფრთხეებს: ვიცით, რომ ბავშვებთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას მედიას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მართებს. არ უნდა დავუშვათ, რომ ციფრულ სამყაროში, რომელსაც არაფერი ავიწყდება, მედია ტოვებდეს რაიმე ტიპის ვიზუალურ, თუ ტექსტურ ინფორმაციას ბავშვზე, რომელსაც შესაძლოა, დღეს არ შეექმნას სტრესი მასზე, ან მისი მონაწილეობით გამოქვეყნებული მასალის გამო, თუმცა უნდა დავუშვათ, რომ ერთი შეხედვით ისეთმა "უწყინარმა ვიდეომაც" კი, როგორიც საბავშვო ბაღში გამართული საქორწინო ცერემონიაა, ზრდასრულ ასაკში მიაყენოს რაიმე ზიანი, შეუქმნას დისკომფორტი“.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ როცა მედია ასეთი დილემის წინაშე დგება, აუცილებელია კარგად გაიაზროს ყველა ის რისკი ან ზიანი, რაც შესაძლოა მის მასალაში მონაწილე პირებს მიადგეთ: „ცხადია, ამგვარმა საკითხმა შიდასარედაქციო ფილტრები უნდა გაიაროს, გამოქვეყნებამდე რედაქციამ უნდა იმსჯელოს, რა ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, ხომ არ არის მედიაპროდუქტი ზიანის მომტანი მონაწილე ბავშვებისთვის, არის თუ არა საჯარო ინტერესი ბავშვების იდენტიფიცირებაში? მეორე საკითხია, რომ ზოგადად, ბაღში ნებართვის გარეშე ვერავინ შევა და ვერ გაესაუბრება ბავშვებს. მედია უნდა ფიქრობდეს, რატომ არსებობს ამგვარი წესი? რას ემსახურება მისი არსებობა? სანამ გამოაქვეყნებს მასალას, მედიას ამ კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ფორმით გაავრცელოს ინფორმაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კეთილსინდისიერი აუდიტორიის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბავშვები რომლებიც ვიდეოკადრებში ჩანან, რეალურად, გახდნენ დაცინვის ობიექტები თავად იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ აქტივობას ესწრებოდა და ეს კადრებშიც ნათლად ჩანს. ის მედიასაშუალებები, რომლებმაც დაფარეს ბავშვები, ჩემი აზრით, მოიქცნენ ძალიან მაღალეთიკურად. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ვინც არ დაფარა, ის რადიკალურად არაეთიკურად მოიქცა. უნდა გამოვიდეთ ვიდეოს კონტექსტიდან. ვიდეოში რასაც ვხედავთ, ეს არ არის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. მეორე მხრივ, ცხადია, არსებობს საჯარო ინტერესი, იმის შესახებ, თუ რა ხდება ბაღებში, მაგრამ საერთოდ არ არის საზოგადოების ინტერესი, ვიცოდეთ რომელი ბავშვია ამ აქტივობის მონაწილე. მთავარი აქ არის თავად ამბავი და არა ის, კონკრეტულად ვინაა ვიდეოში გამოსახული, შესაბამისად, ვფიქრობ რომ ასეთი ვიდეოს მედიაგაშუქებისას, ბავშვების დაფარვა იქნებოდა უკეთესი“.
კატეგორია - ეთიკა
2 სექტემბერს „THE ვანო’ს შოუს" წამყვანი ექსპრეზიდენტს ოდესაში, საკუთარ ბაღში ეწვია და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. თემები, რომლებზეც წამყვანი და რესპონდენტი ხუმრობდნენ, ძირითადად პოლიტიკური იყო: ქართული ოცნების მმართველობის პერიოდი, საარჩევნო დაპირებები, რუსთავი 2-ის საქმე... ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს პოზიტიურად წარმოაჩენს: „მაშინ კაი დრო იყო, ხან ბუში ჩამოვიდოდა, ხან სარკოზი... გეგონება, მსოფლიოს ცენტრი ვიყავით“.

მკვეთრად პოზიტიურად გაშუქდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი , „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც“. 7 სექტემბრის გადაცემაში წამყვანი მიხეილ სააკაშვილს ოდესაში ესტუმრა. იქამდე კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის რესპონდენტის მშობლიურ სოფელში ჩავიდა და მოკლე ინტერვიუები მოსახლეობისგან აიღო.

სხვადასხვა კუთხეში გადაღებული კადრები ინტერვიუს განმავლობაში გვიჩვენეს. მოსახლეობა ყოფილ პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, რომ დაბრუნდეს საქართველოში, ისინი ამბობენ, რომ „საქართველო მიშას გარეშე იღუპება“, რომ „ეს ხელისუფლება ნელ-ნელა გვკლავს“, რომ "მიშა ყველას ენატრება".

მიხეილ საკაშვილი, ფაქტობრივად, მთელი გადაცემის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, თუ რა პროექტები ხორციელდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და წუხილს გამოთქვმდა, რომ ახლა ეს პროექტები გაჩერებულია. მან დადებით კონტექსტში ისაუბრა მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის, შესახებაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია.

მართალია, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა აუდიტორიისთვის ის სწორედ ამ პარტიასთანაა ასოცირებული, არის მისი დამფუძნებელი.

ვანო ჯავახიშვილისა და ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემებში სტუმრებად, საანგარიშო პერიოდში სხვა საარჩევნო სუბიექტებიც იყვნენ მიწვეულნი. აღსნიშნავია, რომ ყველა მათგანი თავისი პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე საუბრობს, საკუთარი კანდიდატურის რეკლამირებას ეწევა.

14 სექტემბერს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს დაეთმო. 21 სექტემბერს იმავე გადაცემაში შალვა ნათელაშვილი, 28 სექტემბერს კი სანდრა რულოვსი ვიხილეთ.

რესპონდენტებთან თვითონ აღარ მისულა, თუმცა სტუდიაში არაერთი საარჩევნო სუბიექტი ჰყავდა ვანო ჯავახიშვილსაც: 16 სექტემბერს გადაცემას სტუმრობდა პაატა ბურჭულაძე („სახელმწიფო ხალხისთვის“), იმავე თვის 23 რიცხვში კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია, რომელიც, სხვა რესპონდენტების მსგავსად, პირდაპირ მოგვიწოდებდა თავისი პარტიის საარჩევნო ნომრის შემოხაზვისაკენ. 30 სექტემბერს გადაცემას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დავით ბაქრაძეც ეწვია.

პათოსი ყველა გადაცემისთვის საერთოა: ოჯახური სიტუაცია, ახლობლების გარემოცვა, საუბრები ბავშვობაზე, განვლილ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ გეგმებზე, საარჩევნო სიაზე, ოპონენტებზე, არჩევნებზე და პირველ სიყვარულზეც კი.

გასართობ გადაცემებს პოლიტიკოსები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიც სტუმრობდნენ. „იმედის დილა" მაყურებელს ახალ რუბრიკას - „არჩევნები 2016-ს“ სთავაზობს. წამყვანმა განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ იმედის დილის შემოქმედებითი გუნდი, ზოგადად, არცთუ ისე ახლოს დგას პოლიტიკასთან,“ მაინც უნდა გაგვაცნონ „ის ადამიანები, ვინც მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესაძლოა განსაზღვროს ჩევნი ქვეყნის კანონმდებლობა, ეკონომიკა და ა.შ.“ „არჩევნების 2016-ს“, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება(სამუშაო სივრცე, სახლი და წინასწარ გაგზავნილი „ბლიც“ შეკითხვები) საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ „ქართული ოცნების“, რესპუბლიკური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის, ნაციონალური მოძრაობის, დემოკრატიული მოძრაობის, ეროვნული ფორუმისა და მემარცხე ალიანსის წარმომადგენლები.

კიდევ ერთი გასართობი გადაცემა, რომელშიც სააარჩევნო სუბიექტების ხილვა შეგვეძლო, „ილო ბეროშვილის შოუა“. გადაცემას 25 სექტემბერს „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტრობის კანდიდატი, ლევან ბერძენიშვილი ეწვია. იმავე დღეს იყო გადაცემაში „ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ლილუაშვილი. მანამდე კი, 18 სექტემბერს, „ილო ბეროშვილის შოუში“ მოწვეული იყო ქართული ოცნების კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაზა ხუციშვილი, რომელმაც, დასასრულ, თავისი პარტიის საარჩევნო კლიპის ცნობილი ქართული სიმღერის თანამედროვე ვერსიაც შეასრულა.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი,” რომელიც „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ საფუძველზეა მიღებული, შეიცავს მოთხოვნებს არჩევნების გაშუქებისთვის. კერძოდ, 23-ე მუხლის მეხუთე პუნქტით, საარჩევნო სუბიექტის არაპოლიტიკურ გადაცემაში მონაწილეობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა რესპონდენტი საარჩევნო კანდიდატი არ იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რესპონდენტის სტუმრობაზე შეთანხმება საარჩევნო პერიოდის დადგომამდე შედგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რესპონდენტი არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მხოლოდ იმიტომ რომ ის კანდიდატია, მისი ეთერში სტუმრობა არ უნდა ჩაიშალოს, ან გადაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის არაპოლიტიკურ გადაცემაში სტუმრობა დაუშვებელია.

„ნანუკას შოუ“ და „იმედის დილის“ რუბრიკა "არჩევნები 2016" გადაცემის წამყვანების მიერვე, პირდაპირ დაანონსებულია, როგორც "საარჩევნო ფორმატი". წამყვანები ამბობენ, რომ გადაცემების მიზანი პოლიტიკოსების, საარჩევნო სუბიექტების საზოგადოებისთვის წარდგენაა. რაც შეეხება დანარჩენ ორ გადაცემას, სადაც საარჩევნო ფორმატი ასე პირდაპირ დაანონსებული არ არის, ცხადია, კითხვას აჩენს, მოიწვევდნენ თუ არა გადაცემის ავტორები სტუმრად მაგალითად, გიორგი ლილუაშვილს ან ზაზა ხუციშვილს, ისინი საარჩევნო სუბიექტები რომ არ ყოფილიყვნენ?

გარდა ამისა, გასართობ გადაცემებში „კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება” - ვკითხულობთ ქცევის კოდექსში. ყველა ზემოაღნიშნულ გადაცემაში საარჩევნო სუბიექტები პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ და ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ეწეოდნენ საარჩევნო კამპანიას.

მედიასამართლის სპეციალისტი ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ ქცევის კოდექსის ამ მუხლის დაცვა მაუწყებლების მხრიდან აუცილებელია, რათა საარჩევნო სუბიექტები თანაბარ პირობებში გაშუქდნენ: „ამ მუხლის მიზანია, დაიცვას ამომრჩეველი ტენდენციურად მიწოდებული ინფორმაციისაგან, რადგან არაპოლიტიკურ გადაცემებში საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობა თავისთავად გამოკვეთს ტენდენციებს, რომელიც შეიძლება არ იყოს კავშირში პოლიტიკასთან და არჩევნებთან, წამყვანის შეხედულების მიხედვით, დადებითად ან უარყოფითად წარმოჩნდეს საარჩევნო სუბიექტი”.

აღსანიშნავია, რომ არაპოლიტიკურ გადაცემებში საარჩევნო სუბიექტების მოწვევისას ქცევის კოდექსის დაცვისაკენ, მედიასაშუალებებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც მოუწოდებს: „კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება”.
კატეგორია - ეთიკა
რამდენი ადამიანი ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის შემაჯამებელ აქციას 5 ოქტომბერს - ამ საკითხს ონლაინ მედიასაშუალებები აქტიურად მიმოიხილავდნენ. მათმა ნაწილმა, „სპეციალური ფორმულის“ მეშვეობით, ხალხის რაოდენობა დაიანგარიშა და საკითხს არაერთი სიახლე მიუძღვნა, სათაურით: „რამდენი ადამიანი ესწრებოდა ნაციონალების“ აქციას.

მაგალითად, „ინფო 9“ agenda.ge-ზე დაყრდნობით წერს: „ხალხის ნაკლებად მჭიდრო მასა, როდესაც მონაწილეებს შორის მანძილი გაწვდილი ხელის სიგრძის ტოლია, ადამიანზე 0,9 მ2-ს საჭიროებს. უფრო მჭიდრო მასის შემთხვევაში, ადამიანზე 0,4 მ2-ია საჭირო. ტერიტორია, სადაც აქცია გაიმართა, 4 827 მ2-ს შეადგენს. Agenda.ge-ს ფოტოებზე ნათლად ჩანს მასის სიმჭიდროვე, რომელიც „ვარდების მოედნის“ სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულია. გამოთვლების თანახმად, მხარდამჭერთა რაოდენობა მერყეობს ორ მონაცემს შორის: ნაკლებად მჭიდრო მასა, რომელიც შედგებოდა 5 363 ადამიანისგან; მჭიდრო მასა, რომელიც შედგებოდა დაახლოებით, 12 000 ადამიანისგან“.

Reportiori.ge კი ქართული ოცნების წევრის დიტო სამხარაძის გამოთვლის შედეგებს ეყრდნობა. ამ მონაცემით, არა მხოლოდ ისაა დათვლილი, რამდენი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, არამედ ისიც, რამდენ პროცენტს აიღებს პარტია არჩევნების დღეს: „ესე იგი! საქართველოს ამომრჩეველთ არაოდენობა 3 473316 მოქალაქეს შეადგენს (ცესკო-ს მონაცემებით)! იქ, სადაც ნაცებს შეკრება აქვთ, ტერიტორია არის 4 000კვ.მ. მაშასადამე, რომ გადავამრავლოთ კვადრატზე 4 კაცი! გამოვა16 ათასი ნაცი! რასაც პირდაპირი ეთერის კადრებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ ასეა! მაგალითი: თუ ჰყავთ10 000კაცი-0,2% შეადგენს! 15 000 კაცი - 0,4% შეადგენს! აბსურდია, მაგრამ მაინც-20 000კაცი-0,5% შეადგენს! სასაცილოა, მაგრამ მაინც-25 000კაცი-0,7% შეადგენს! ზღაპარია, მაგრამ მაინც-30 000კაცი-0,8% შეადგენს!“