ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
27 მარტს, „იმედის დროში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც პალიატიურ მკურნალობას და მძიმე სენის მქონე ბავშვებს ეხებოდა. სიუჟეტში ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის თანდასწრებით საუბრობს პრობლემაზე:

„მსოფლიოში პრეცედენტი არ ყოფილა ამ დაავადების განკურნების. ყველაზე დიდი, ხუთი წელი ცხოვრობენ ასეთი ბავშვები. სანამ შემიძლია, ჩემს შვილს ვაცოცხლებ, როგორც შემიძლია. ამას აქვს ეტაპები. პირველი ეტაპია გონებრივი შეზღუდვა, მახსოვრობის უნარის დაქვეითება, რაშიც ჩვენ ვართ ახლა. შემდეგი ეტაპი აქვს უკვე ტეტრაპარეზი, კიდურების მოდუნება, ბავშვი ვეღარ დადის, უკვე მეტყველების დაქვეითება, ყლაპვის გაძნელება და ბოლო სტადია ფატალურია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაც გავაკეთო“- ამბობს მშობელი და ამ საუბარს ბავშიც ისმენს.

ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, „მედიაჩექერთან“ საუბარში აღნიშნავს:

„თავისთავად ძალიან მძიმე ამბავია ამ სიუჟეტში აღწერილი, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია ბავშვის იდენტიფიცირება და განსაკუთრებით მისი თანდასწრებით მის დაავადებაზე და მოსალოდნელ ფატალურ დასასრულზე საუბარი. საოცარია, ნუთუ დედასთან, რომელიც სასოწარკვეთილია, არ უსაუბრია სპეციალისტს, არ განუმარტავს მისთვის რამდენად მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა ბავშვისთვის, კამერის თვალწინ თუ კამერის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომელ ფაზაზეა დაავადება და აქვს თუ არა მას რეალობისა და მოსალოდნელი საფრთხის აღქმის უნარი. ასეთი დამოკიდებულება უბრალოდ უსამართლობაა ბავშვის მიმართ. განსაკუთრებით გაუგებარია მედიის პოზიცია - როგორ დაუშვა მან ბავშვის იდენტიფიცირების შესაძლებლობა ან, ბავშვის თანდასწრებით, მშობლის მხრიდან მოსალოდნელ რისკებზე საუბარი?! არაჰუმანური მიდგომაა, როცა მედია სარგებლობს მშობლისა და ბავშვის უმწეო მდგომარეობით. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის ასეთი სიუჟეტის მიზანი? ნუთუ ამ მიზნის მიღწევა არ შეიძლება ბავშვის უფლებების დარღვევის გარეშე?!
კატეგორია - ეთიკა
საოკუპაცი ზონის მიმდებარე ტერტორიიდან მოქალაქეების გატაცება, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, პოლიტიკოსთა განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, – ეს არის ის ძირითადი თემები და აქცენტები, რასაც “მოამბე” 20:00 საათზე ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ სთავაზობს მაყურებელს.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.

მოამბეს იმავე ვალდებულებას აკისრებს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში სხვა საკითხებთან ერთად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების ასახვას.

დასაკვირვებლად შერჩეულ ორთვიან მონაკვეთში (2016 წლის 15 იანვრიდან 15 მარტამდე) მთავარ საინფორმაციო გამოშვება “მოამბეში”, 20:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ეთერში 20–მდე მასალა გავიდა:

გატაცება საოკუპაციო ზოლიდან

პუტინის განცხადება ჩრდილო კავკასიასა და აფხაზეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით

საოკუპაციო რეჟიმის ინიციატივა – სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა

არაღიარებული ფეხბურთი – არაღიარებული ქვეყნების მოსფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სოხუმში

ენერგოკრიზისი აფხაზეთში - შესაძლოა აფხაზეთი ჩაბნელდეს საოკუპაციო კონტროლი ახალგორში საზღვარზე - დედა შვილის დასაფლავებაზე არ გაუშვეს (13 თებერვალი, 16:00 მოამბე)

ინტერვიუ ზაქარეიშვილთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე

მორიგი უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან - როგორია ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერორორიებზე

სოხუმის ციხე-სიმაგრე ქართული კვალის წაშლის საფრთხის წინაშე

ევროპარლამენტის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით ინტერესდებიან

აფხაზეთის ენერგოკრიზისის მოგვარების გზა - ოფიციალურმა თბილისმა რუსეთიდან ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობა შეიძინა

ლეონიდ თიბილოვი რუსეთს საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის აღიარებას სთხოვს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სომხეთში საზენიტო შეიარაღების მოდერნიზებას იწყებს

4 პატიმარი 14-ის სანაცვლოდ - თბილისმა საოკუპაციო რეჟიმებთან პატიმრები გაცვალა

სოხუმის იზოლატორიდან და ე.წ. დრანდის ციხიდან გათავისუფლებული მოქალაქეები პატიმრობაში გატარებულ წლებს "მოამბის" კამერებთან იხსენებენ;

საოკუპაციო ზოლთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გალის ოთხმხრივი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, წელს აღდგება

ოკუპანტების ახალი სამიზნე - რა ვითარებაა ჯარიაშენში

“მოამბის” ყურადღების ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ძირითადად, პოლიტიკურად სენსიტიური, ან კრიმინალთან დაკავშირებული საკითხები ხვდება. ნაკლები ყურადღება ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ყოფისა და ისეთი პრობლემების ასახვას, რასაც ნაკლები პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, დაკვირვების ორთვიან პერიოდში მოამბემ დღის გამოშვებებში მოკლე ამბის სახით გაუშვა ინფორმაცია აფხაზეთში გრიპის ვირუსის გამო კარანტინის გამოცხადების, სავიზო რეჟიმის შემოღების, აფხაზეთის დე–ფაქტო შს მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებისა და სხვა მიმდინარე ამბების შესახებ. თუმცა, ასეთი ამბები ნაკლებად ხვდება მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 20:00 საათზე.

გარდა იმისა, რომ მოამბის მთავარ გამოშვებაში მხოლოდ მიმდინარე, პოლიტიკურად მგრძნობიარე ამბები ხვდება ოკუპირებული რეგიონებიდან, არის შემთხვევები, როცა იქ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები ყურადღების მიღმა რჩება.

მაგალითად, 10 თებერვალს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთში აბორტის აკრძალვის შესახებ. თემა არ გაშუქებულა მთავარ გამოშვებაში, “მოამბეს” მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია ინფორმაცია, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი აფხაზი ქალების ჯანმრთელობაზე, კონკრეტულად რა წერია ახალ კანონში და საქართველოს ხელისუფლება ხომ არ გეგმავს რაიმე გამოსავლის შეთავაზებას.

ასევე, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქდა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ იმ კანონზე ხელმოწერა, რომელიც კრძალავს დროებითი ცხოვრების ნებართვის მიცემას აივ/შიდსით ინფიცირებულ პირებზე.

აფხაზურ მედიაში მიმდინარე წლის თებერვალში ასევე აქტუალური იყო ადგილობრივი მაღალჩინოსნის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ ტუბერკულოზით დაავადებული მოქალაქეებისთვის სამკურნალო რესურსი. დღის მთავარ გამოშვებაში ვერც ეს ამბავი მოხვდა.

როგორც ორთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დღის მთავარი საინფრომაციო გამოშვება, მოამბეში, მაყურებელს ნაკლებად სთავაზობს ინფორმაციასა და ანალიზს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ყოფის, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. “მოამბის” მიერ აქცენტი უფრო მეტად კეთდება ისეთი თემების გაშუქებაზე, რაც პოლიტიკურ გამოხმაურებასა და ვნებათაღელვას იწვევს თბილისში.
კატეგორია - ეთიკა
მედიაჩეკერმა სახელმწიფო უწყებების მიერ 2016 წელს სატელევიზიო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გამგეობები რეგიონული ტელევიზიებისგანაც ყიდულობენ საინფორმაციო მომსახურებას. ტელევიზიების წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი საინფორმაციოში გასულ სიუჟეტებშიც იღებენ თანხას.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მერიასა და საკრებულოს ერთი წლის განმავლობაში სატელევიზიო მომსახურებას გაუწევს, ამაში კი 180 ათას ლარს აიღებს. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ტელევიზიას ევალება:

∙ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების საინფორმაციო გამოშვებაში გაშვება;

∙ ტელეკომპანიის საეთერო ბადეში არსებულ თოკ შოუებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების მიწვევა (პირდაპირი ეთერი ან ჩანაწერი);

∙ დაკვეთილი სარეკლამო რგოლების განთავსება საეთერო ბადეში;

∙ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პირდაპირი ჩართვების უზრუნველყოფა დამკვეთის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებიდან;

∙ ტელეკომპანიის ეთერში, თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გასულ გადაცემებში თვითმმართველობის თანამშრომლების არაქონებრივი უფლებების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია ან პირადი ინფორმაციის შემლახავი ცნობა) დაცვა;

ტელევიზიაში არ მალავენ, რომ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ მასალებსა და ტოკ-შოუებში ფულს იღებენ.

“ვაშუქებთ, მაგალითად მერი გავიდა და მოსახლეობას შეხვდა. ვწერთ მერს და ვწერთ კმაყოფილ ან უკმაყოფილო მოსახლეობას. ძირითადად ასეთია. ასევე ტოკ-შოუში დროს ყიდულობენ და მოდიან”, - ამბობს ტელევიზიის გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი.

ტელეკომპანია “ეგრისმა” 2016 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20 ათას ლარიანი ტენდერი მოიგო.

სატენდერო დოკუმენტაციაში ერთ-ერთ პირობად ვკითხულობთ: “სატელევიზიო მომსახურეობა უნდა მოხდეს 50 საეთერო გადაცემაზე (პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების გადაღება დამონტაჟება და გაშუქება)” , ასევე ტექნიკურად გამართული პირდაპირი სატელეფონო ჩართვები და პირდაპირი ეთერი. არხის დირექტორი მერაბ ჩიქობავა ამბობს, რომ გამგეობამ ამ ტენდერით საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტების გაშვებაც შეისყიდა.

“ვაშუქებთ რაღაც-რაღაცებს რაც ხდება სენაკში, საინფორმაციოში სიუჟეტებს ვაკეთებთ. ყველანაირი სიუჟეტი შეიძლება იყოს. მაგალითად, გზები რომ კეთდება, ახალი რამე რომ გაიხსნება, სტუმარი ჩამოვა და ა.შ. საინფორმაციოში ვუშვებ და ისედაც ვუშვებ, თვითონ აკეთებენ, თავისი გადაცემები მოაქვთ”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ჩიქობავა.

რა წერია კანონში

კანონში მაუწყებლობის შესახებ ვკითხულობთ (66-ე პრიმა მუხლი):

1.“აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

2.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით.

ამავე კანონის 63. 17 მუხლის მიხედვით, აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება.

საკითხის რეგულირება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) ევალება. ჩვენ GNCC-ის მივმართეთ კითხვებით, თუ შეუსწავლიათ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები და სტატიაში მოყვანილი რამდენიმე სატენდერო წინადადებაც გავუგზავნეთ. GNCC-ში განგვიცხადეს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით დაუშვებელია საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების ნებისმიერი ფორმით დაფინანსება მესამე პირების მიერ. კომისია შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და მოგვიანებით გააკეთებს უფრო ვრცელ განმარტებას. მედიაჩეკერი GNCC-ის უფრო დეტალურ პასუხს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

თავად ტელეკომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ისინი კანონს არ არღვევენ. გიორგი მგალობლიშვილის თქმით “ეს სხვანაირად განიმარტება. სიუჟეტები ხან არის სარეკლამო და ხან არა. თქვენი თვალით ნახეთ ჩვენი საინფორმაციო და მიხვდებით. კანონი არ ირღვევა”.

“მე ტენდერში გავიმარჯვე. რა დარღვევაა, თუ საინფორმაციოში არ გავუშვით, რა გამოვიდა მაშინ. მარტო რეკლამებზე უნდა ვიყო?! ყველა ტელევიზიაში ასეა”, - გვიხსნის მერაბ ჩიქობავა.

ეთიკური საკითხები

ტელეკომპანიების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ სატენდერო პირობების ფარგლებში საინფორმაციო გამოშვებაში ან ტოკ-შოუში გასულ მასალას მინიშნება იმის შესახებ, რომ ის სარედაქციო მასალა არაა და მომზადებულია სატენდერო პირობების ფარგლებში, არ აქვს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი სამაუწყებლო კომპანია “ბოლნელისგან” წელიწადში 38 ათას ლარად დროს ყიდულობს, რომ მოსახლეობას ანგარიში ჩააბაროს. როგორც ტელევიზიის დირექტორი ოლეგ უგრეხელიძე ამბობს, გადაცემას წამყვანად ჟურნალისტიც ჰყავს და ეთერში მოსახლეობაც რეკავს. თუმცა ის, რომ გადაცემას მუნიციპალიტეტი აფინანსებს, არსად აწერია.

“გამგეობას აქვს გრაფიკი ყოველ თვეში ვინ უნდა მოვიდეს. ეს გადაცემა ემსახურება იმას, რომ მოსახლეობას ინფორმაციას აძლევს თვითმმართველობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

ტენდერს ვინც იგებს, ის არ არის ვალდებული მიაწეროს, რომ მუნიციპალიტეტის დაფინანსებულია. გზებზე რომ იგებენ ტენდერს, ის აწერს რომ დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერო?” – ამბობს ტელევიზიის დირექტორი.

ტელეკომპანია “მეგატივიმ” ხონის მუნიციპალიტეტისგან 20 ათასლარიანი ტენდერი მოიგო, მათ შორისაა გადაცემის ეთერში გაშვება. გადაცემა ეთერში ჯერ არ გაუშვით, მაგრამ ფიქრობენ, რომ რამდენიმე სიუჟეტი იქნება, რომელსაც ცალკე დრო გამოეყოფა და “თვითმმართველობის საათი” ან მსგავსი სახელი ერქმევა. გადაცემას ტელევიზიის ტექნიკით თვითონ მუნიციპალიტეტი მოამზადებს.

“ჩვენ პროდუქტს აწერია წელი და “მეგატივი”, ხოლო იმას სავარაუდოდ ეწერება “წელი და თვითმმართველობა”, - ამბობს ნანა თოშხუა, კომპანიის მენეჯერი. კითხვაზე, იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებელმა გაიგოს გადაცემის თვითმმართველობის მიერ დაფინანსების შესახებ, ამბობს, რომ ჯერ გადაცემა ეთერში არ გასულა და შეიძლება მიაწერონ კიდეც, რომ თვითმმართველობის მიერაა დაფინანსებული.

მედიაჩეკერი ამ საკითხზე ადრეც წერდა: რა განსხვავებაა რეკლამასა და სარედაქციო მასალას შორის? რეკლამაში რედაქცია ფულს იღებს და შესაბამისად, ეთიკური სტანდარტების მიხედვით, მკითხველს უნდა აცნობდეს, რომ ამ მასალაში ფული აქვს აღებული. ხოლო სარედაქციო მასალა არის ის მასალა, რომელზეც რედაქცია მუშაობს, დეტალურად ამოწმებს მის სისწორეს, სიზუსტეს და აქვეყნებს არა იმიტომ, რომ ვინმემ ფული გადაუხადა, არამედ იმიტომ, რომ მიიჩნევს საჭიროდ და მნიშვნელოვნად. როცა მედიასაშუალება აქვეყნებს მასალას, რომელსაც არ აქვს მითითება, რომ ის დაფინანსებულია, ან რეკლამაა, ან მომზადებულია რომელიმე უწყებასთან/კომპანიასთან ხელშეკრულების ფარგლებში, მკითხველს ლოგიკურად აქვს მოლოდინი, რომ მასალა სარედაქციოა, შესაბამისად, მას გავლილი აქვს ყველა ის სარედაქციო ფილტრი (ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და ა.შ.) რასაც ჩვეულებრივ ნებისმიერი ტიპის ჟურნალისტური პროდუქტი უნდა გადიოდეს.

ამავე თემაზე: მრავალათასიანი კონტრაქები ინტერნეტმედიას ხელისუფლებისგან
კატეგორია - ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო საბჭო მაუწყებლის ჟურნალისტის, რომან ქევხიშვილის ფეისბუქ სტატუსს განიხილავს. ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში 21 მარტს ლალი მოროშკინას მიერ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ დაწერა. სტატუსი შეიცავდა მოროშკინას მისამართით უცენზურო გამონათქვამებს.

რომან ქევხიშვილის თქმით, მას პირადად საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე დაუკავშირდა. ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის კამპანია, რომელიც მაუწყებლიდან მისი „გაგდების ხანგრძლივ ოცნებას“ ემსახურება.

„ჯერ კიდევ 23 იანვარს, ხელმძღვანელმა პირებმა მითხრეს, რომ მაუწყებელს, ჩემთან დამშვიდობება მოუწევს, თუ ფეისბუქში ხელისუფლების მისამართით კრიტიკული სტატუსების წერას არ შევეშვები“, - წერს ქევხიშვილი სოციალურ ქსელში.

თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღანელის, გიორგი ფუტკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალურ ქსელში ჟურნალისტების ქცევა არ არღვევდეს მაუწყებლის სტანდარტებს, საინფორმაციო სამსახურის მიუკერძოებლობას არ უნდა აყენებდეს ეჭვქვეშ არცერთი რეპორტიორის ქმედება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ სადისციპლინო საბჭომ იმსჯელოს ამ საკითხზე და დადგინდეს დაარღვია თუ არა ქევხიშვილმა კოდექსი.

„ჩვენ ვცდილობთ, წესად დავამკვიდროთ, რომ ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში არ უნდა ჩაიდინონ ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შეურაცხყოფს ადამიანებს“ -ამბობს ფუტკარაძე. მისივე თქმით, დისციპლინარული საბჭოსგან დამოუკიდებლად, ასევე ეცდებიან დაადგინონ, თავად რომან ქევხიშვილის სტატუსის კომენტარებში, ხომ არ შეილახა მისი უფლებები საჯარო პირების მხრიდან.

გიორგი ფუტკარაძემ უარყო, რაიმე სახის მუქარა ან ზეწოლა რომან ქევხიშვილის მიმართ. მისი თქმით, ტყუილია, რომ ჩინოვნიკების მიმართ კრიტიკული სტატუსის დაწერა აუკრძალეს.

„ყველა ჟურნალისტი გაფრთხილებულია, რომ მათი საჯარო აქტივობები არ უნდა არღვევდეს ქცევის კოდექსს და ეს არის მაუწყებლის პრინციპი“, - ამბობს ფუტკარაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით სსმ-ის თანამშრომელთა ქმედებამ ან გარეშე საქმიანობამ არასასურველი გავლენა არ უნდა იქონიოს სსმ-ის გადაცემებსა და სამსახურებზე. აუდიტორიას არ უნდა მიეცეს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს სსმ-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაში, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებაში.

დაარღვია თუ არა ქცევის კოდექსი მაუწყებლის ჟურნალისტმა ამაზე, სადისციპლინო საბჭო იმსჯელებს.
კატეგორია - ეთიკა
ინტერნეტ გამოცემა Euronews.ge 2015 წლის დეკემბერში დაფუძნდა, როგორც აღწერაში აქვს მითითებული, ის “არის საინფორმაციო პორტალი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ”.

სააგენტოს თავის ფეისბუკ გვერდზე მითითებული აქვს, რომ არის “დამოუკიდებელი, თვითდაფინანსებაზე მყოფი ონლაინ მედია პორტალი, რომლის მიზანი არის ევროატლანტიკური და ევროპული პოლიტიკის პოპულარიზაცია საქართველოში”.

მედიაჩეკერი დაუკავშირდა euronews.ge-ს ხელმძღვანელ ტატო (შალვა) მახაშვილს, რომელმაც განგვიცხადა: „2015 წლის დეკემბერში პროექტი დაიწყო ნოდარ კაპანაძემ, ის თავიდან თანამშრომლობდა ჟურნალისტ ლიზა გეგეჭკორთან, რომელმაც მოგვიანებით მუშაობა დაიწყო უშიშროების ეროვნულ საბჭოში, ამის შემდეგ ის წავიდა euronews.ge-დან და გამოცემა მთლიანად გადმომაბარეს მე, რადგან ამ მიმართულებით მაქვს გამოცდილება. შპს სოლოსტუდიო, რომლის მფლობელიც ვარ მე, ასევე ფლობს live24.ge-ს, yelloblog.ge-ს. მე შემომთავაზეს ევრონიუსის მართვა და ეს ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მომეწონა თემატიკა. დომენის გადმოფორმება ნოდარ კაპანაძიდან ჩემი კომპანიის სახელზე ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და მხოლოდ ფორმალობებია მოსაგვარებელი“. ტატო მახაშვილის თქმით, მისი მიზანია, რომ euronews.ge გახდეს მომგებიანი გამოცემა და ეს არის მისი პირადი ბიზნესი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს სოლოსტუდიოს 100%-ს ტატო მახაშვილი ფლობს, ის ასევე ფლობს შპს სოლომედიას 55%-ს. აღნიშნული კომპანიის 45%-ის მფლობელი კი შორენა ბოლქვაძეა. რაც შეეხება შორენა ბოლქვაძეს, ის არის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, თამაზ თურმანიძის ცოლი. თამაზ თურმანიძის ბიოგრაფიაში, რომელიც ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული, წერია, რომ ის არის სოლოჯგუფის დამფუძნებელი. თურმანიძე 2012 წლიდან პარტია ქართული ოცნების წევრია.

Euronews.ge თავდაპირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2016 წლის თებერვალში მოექცა, როცა გამოაქვეყნა ახალი ამბავი სათაურით “ფრანსუა ოლანდი პოლონეთისა და სხვა ულტრა-მემარჯვენე მთავრობების მქონე ქვეყნების ევროკავშირიდან გარიცხვის მომხრეა”. აღნიშნული ამბავი მკითხველს euronews.ge-ზე დაყრდნობით უცვლელად შესთავაზა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმაც.

Euronews.ge მომხმარებელს შემდეგი შინაარსის ამბავს სთავაზობს: „ევროკავშირის ხელშეკრულებები ითვალისწინებენ იმ წევრების გარიცხვას, რომელთა ქმედება დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება“ – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ რადიოსთან საუბარში. „როდესაც მედიის დამოუკიდებლობა საფრთხეშია, პრობლემა ექმნება კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს.ევროკავშირი ვერ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი ასეთი ქვეყნებისათვის“- დასძინა ოლანდმა.

ფეისბუქის მომხმარებელთა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა აღნიშნული ინფორმაციის სინამდვილე, რის შემდეგაც მედიაჩეკერმა მისი გადამოწმება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსი რადიკალური განცხადების შესახებ არცერთი საერთაშორისო მედიასაშუალება არ წერს. ერთადერთი ინგლისურენოვანი წყარო, სადაც აღნიშნული ინფორმაცია იძებნება, breitbart.com-ია, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა გერმანულენოვან გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachrichten-ს. პაკისტანურ გამოცემა brecorder.com-ს კი იგივე ინფორმაციის ავტორად საერთაშორისო სააგენტო AFP აქვს მითითებული, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია სხვაგან არ იძებნება.

სააგენტო ინტერპრესნიუსი 2016 წლის თებერვლიდან ყოველდღიურად აქვეყნებს ახალ ამბებს euronews.ge-ზე დაყრდნობით.

ინტერპრესნიუსის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ნატა მუმლაძემ, რომელიც ახლა პალიტრა მედია ჰოლდინგში ვებგანვითარების მენეჯერია, მედიაჩეკერს განუცხადა, რომ euronews.ge არის ქართული ინტერნეტ გამოცემა და მას კავშირი არ აქვს ტელეარხ ევრონიუსთან.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ euronews.ge-სთან, რადგან ჩვენთვის საინტერესოა მათი კონტენტი და ამიტომ გადავწყვიტეთ, თუმცა არანაირი ფინანსური დაინტერესება არ არის. რადგან ჩვენი მედიასაშუალებისთვის მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები და ეს მედიასაშუალებაც ამ მიმართულებით მუშაობს, ჩვენთვის საინტერესო იყო”, - გვითხრა ნატა მუმლაძემ.

მისივე თქმით,ინტერპრესნიუსი euronews.ge-ს მასალებს თავდაპირველად გადაუმოწმებლად აქვეყნებდა, თუმცა, ფრანსუა ოლანდთან დაკავშირებული ნიუსის გამოქვეყნების შემდეგ, რომლის სანდოობაც ეჭვქვეშ დადგა, ინტერპრესნიუსმა მასალების გადამოწმება დაიწყო და იგივე მოითხოვა euronews.ge-სგანაც. მიუხედავად ამისა, ინტერპრესნიუსის ვებგვერდზე 20 მარტამდე შეიძლებოდა დაუდასტურებელი ინფორმაციის წაკითხვა აღნიშნულ ბმულზე ფრანსუა ოლანდის განცხადებასთან დაკავშირებით (მასალა 24 თებერვალს გამოქვეყნდა). ამჟამად სადავო ნიუსი საიტიდან მოხსნილია.

ინტერპრესნიუმა რუბრიკების განყოფილებაში მთავარ გვერდზე ცალკე განყოფილებად გამოიტანა euronews.ge, სადაც ამ დრომდე აქვეყნებს აღნიშნული სააგენტოს მასალებს.

euronews.ge რეგულარულად აქვეყნებს ახალ ამბებს ევროპაში მიგრანტთა კრიზისზე, ევროკავშირის მომავალზე, შენგენის ზონის გამოწვევებზე და ა.შ.

არის შემთხვევები, როცა ინტერნეტ გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს ევროპაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე ისე, რომ გაუგებარია, წყაროს წარმოადგენს გამოცემის ჟურნალისტი, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი თუ ვინმე სხვა. ტატო მახაშვილის თქმით, Euronews.ge-ს ნამდვილად ყავს წყარო, რომელიც გამოცემას აწვდის ექსკლუზიურ ინფორმაციას და მის ვინაობას ვერ გაამჟღავნებს. მისივე თქმით, გამოცემა ცდილობს, რომ ყველა მასალა სანდო წყაროზე დაყრდნობით მომზადდეს და მუდმივად ინახავენ იმ ორიგინალი მასალის ბმულებს, საიდანაც თარგმნიან ახალ ამბებს.

მაგალითად, 18 თებერვალს პორტალმა გამოაქვყნა ახალი ამბავი სათაურით “წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას არ დათანხმდება”. გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია Euronews.ge-ს წყარომ მიაწოდა.

გამოცემის ვებგევრდზე შეხვდებით ახალ ამბებს სათაური: “შენგენის ზონა დაშლის საფრთხის წინაშე დგას?” “გერმანულ ლუდში გლიფოსატი აღმოაჩინეს”(ამბავი ეხება კონკრეტულ ბრენდს და არა ყველა გერმანულ ლუდს), “შენგენის ზონა საფრთხეშია: აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო” და ა.შ.

10 თებერვალს გამოცემამ გამოაქვეყნა მოსაზრება “უკან მომავალში, ანუ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ?” . მასალას ავტორი არ აწერია, თუმცა, ის მკითხველს სთავაზობს სუბიექტურ მსჯელობას იმის შესახებ, რამდენად შეძლებს ევროკავშირის დამფუძნებელი ექვსი ქვეყანა გაერთიანების წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვას: “არსებითი, რაც კომუნიკედან ჩანს, არის კიდევ ის, რომ ეს ექვსი ქვეყანა ირიბად აღიარებს ევროკავშირის წევრთა სიმრავლეს, როგორც მთავარ პრობლემას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ეს კი თავის მხრივ იმის აღიარებას ნიშნავს, რომ მომავალი გაფართოვება არათუ სასურველი, საფრთხილოც კი არის მინიმუმ იქამდე, ვიდრე თავად ევროკავშირი არ რეფორმირდება”.

Top.ge-ს მონაცემებით, euronews.ge-ს რეიტინგი ინტერნეტ გამოცემებს შორის მზარდია. 21 მარტის მონაცემებით, საიტს დღეში დაახლოებით 4 500–მდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

შენიშვნა: სტატიაში დაზუსტების მიზნით, შეტანილია ცვლილება, მესამე და მეოთხე აბზაცი დამატებულია გამოქვეყნების შემდეგ. 25 მარტი, 2015. 16:30
კატეგორია - ეთიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ის მასალები განიხილა, რომელიც “გევორქიანის ცეკვის აკადემიის” მიერ ქართული ცეკვის შესრულების შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030 -მა“ და ვებგვერდმა Artinfo.ge -მ მოამზადეს.

საქმის განხილვა მოქალაქეების, ელენე მეჩიტოვას, ინა სუკიასიანის და ედიტა ბადასიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო. განცხადებას კი წინ უძღვოდა საზოგადოების ფართო დოსკუსია, რომელიც თებერვალში ანონიმური ავტორის მიერ YouTube-ზე ვიდეოს ატვირთვამ გამოიწვია. კადრებში ჩანდა, რომ „გევორქიანის ცეკვის აკადემია“ ასრულებს ცეკვა "დაისს", ვიდეოს სახელწოდებად კი მითითებული იყო „სომხური საქორწილო ცეკვა“. საზოგადოებამ ეს ფაქტი "სომხების მიერ ქართული ცეკვისა და სიმღერის მოპარვად" აღიქვა. ამ ჭრილში მოამზადა სიუჟეტი „2030-მა“, Artinfo.ge -მ კი რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა.

როგორც მოგვიანებით, თავად „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ მიერ გავრცელებული წერილით ირკვევა, ვიდეო არ ატვირთულა „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ მიერ. იქვე განმარტებულია, რომ “გევორქიანის ცეკვის აკადემია” ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, მის რეპერტუარში შედის სხვადასხვა ქვეყნის ცეკვები. ოფიციალურ განცხადებაში აკადემიამ აღინიშნა, რომ მას არავითარი საერთო არ აქვს ვიდეოს გამავრცელებელთან, ვიდეო აიტვირთა მათი თანხმობის გარეშე და ყველა გამოსვლისას ისინი ამცნობენ საზოგადოებას, რომელი ქვეყნის ცეკვას ასრულებენ.

ქარტიის საბჭომ განმცხადებლებთან ერთად იმსჯელა სადავო სიუჟეტზე. „2030-ის“ წარმომადგენლები სხდომას არ დასწრებიან. მასალის განხილვის შემდეგ, საკუთარ გადაწყვეტილებაში საბჭომ აღნიშნა, რომ სიუჟეტიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „სომხურმა ცეკვის ანსამბლმა“ ცეკვა „დაისი“ მიითვისა და ის „სომხურ საქორწინო ცეკვად“ გამოაცხადა. ანსაბმლიც მოხსენიებული იყო არა ზუსტი დასახელებით „გევორქიანის ცეკვის აკადემია“, არამედ წევრების ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმით - “სომხური ცეკვის ანსამბლი“.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, სიუჟეტის ავტორს არ გადაუმოწმებია ინფორმაცია, „დაისის“ შესრულებისას „გევორქიანის ცეკვის აკადემია“ მოიხსენიებდა თუ არა მას სომხურ ცეკვად.

„ჟურნალისტს ყურადღება უნდა მიექცია იმ ფაქტობრივი გარემოებისადმი, რომ „დაისის“ შესრულების ვიდეო ატვირთული იყო ანონიმური ავტორის მიერ და ვიდეოს სახელწოდებაც, „სომხური საქორწილო ცეკვა“, ამ ავტორის მიერ იყო შერჩეული. თავის მხრივ YouTube-ი არ ზღუდავს მომხმარებლებს სახელის შერჩევაში. ამ ფაქტობრივი გარემოებების შედეგად ცხადი იყო, რომ ანონიმური ავტორის მიერ ვიდეოს სახელწოდებად „სომხური საქორწინო ცეკვის“ გამოყენება არ ნიშნავდა, რომ „გევორქიანის ცეკვის აკადემიამ“ დაისი მიითვისა ან ცეკვას ავრცელებდა როგორც „სომხური საქორწინო ცეკვა“ - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭომ ასევე იმსჯელა სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტის მიერ ნათქვამ ფრაზაზე – „გაგრძელდება თუ არა დავა“, რითიც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს არსებობს გარკვეული დავა: „იმის გათვალისწინებით, რომ არ არის იდენტიფიცირებული ვინ ასრულებს ცეკვას, ნამდვილად ხდება თუ არა ცეკვის წარდგენა როგორც „სომხური საქორწინო ცეკვა“, ვინ ფლობს ცეკვაზე საავტორო უფლებებს და საერთოდ ფლობს თუ არა, დავაზე საუბარი არ შეესაბამებოდა რეალურ ფაქტს....“ - ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.

სადავო სიუჟეტში რამდენიმე რესპონდენტი საუბრობდა, რომელთა კომენტარებზე ასევე იმსჯელა საბჭომ და თქვა, რომ ისინი „ფაქტის შეფასებისას აშკარად ამჟღავნებენ დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით“. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ ჟურნალისტმა თავად არ გამოიყენოს დისკრიმინაციის შემცველი ტერმინოლოგია, არამედ ხელი არ უნდა შეუწყოს დისკრიმინაციის წახალისებას და გაემიჯნოს მას: „იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი იყო არაზუსტი და რეალურად დაისის „მითვისება“ არ მომხდარა, სიუჟეტის მომზადებამ აქცენტით “ქართული ცეკვა სომხურად?!“ და „მითვისების“ რეალურ ფაქტად გავრცელებამ გამოიწვია ეთნიკური დისკრიმინაციის ტალღა, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე სხვადასხვა საინფორმაციო ველებში. არასწორ ინფორმაციაზე დარყდნობით გაძლიერდა ეთნიკურად სომეხი პირების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება“.

აღსანიშნავია, რომ სადავო მასალის გარდა, ამავე თემაზე „2030-მა“ კიდევ ერთი სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც მაყურებელს სრულად გააცნო „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ ხელმძღვანელის განმარტება, სადაც ვართან გევორქიანი აღწერს გარემოებებს და გამორიცხავს ცეკვა „დაისის“ მითვისებას. მიუხედავად ამისა, საბჭომ მიიჩნია, რომ შესწორება არ მომხდარა, ვინაიდან მეორე სიუჟეტში არ აღნიშნულა, რომ წინა დღეს არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი გავიდა ეთერში. ქარტიის საბჭოს განმარტებით, იმისათვის, რომ შეცდომა გამოსწორებულად ჩაითვალოს, საჭიროა შეცდომაზე ხაზგასმა და მითითება, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

შესაბამისად, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ დაირღვა შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე) მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).

განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ამ თემაზე Artinfo.ge - ს მიერ მომზადებულ სტატიებშიც დარღვეული იყო ეთიკის სტანდარტები, საბჭომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა:

"ამ შემთხვევაში იკვეთება დისკრიმინაციის მკვეთრად გამოხატული ფორმა. თუ „2030-თან“ დაკავშირებით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჟურნალისტმა თავიდან არ აიცილა დისკრიმინაციის წახალისება, „ARTINFO.GE-ს“ ნაწილში თავად ავტორი ჟურნალისტი გვევლინება დისკრიმინაციის წყაროდ. სტატიის სათაურად გამოტანილია: „სომხების ბოდიში ქართველებს“, რაც როგორც უკვე აღინიშნა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მხოლოდ იწვევდა ეთნიკური დაპირსპირების პროვოცირებას. თითქოს ერთი ეთნიკური ჯგუფი, მეორე ჯგუფს ბოდიშს უხდის. „ARTINFO.GE-ს“ ასევე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაავრცელა კონკრეტული პირების სტატუსები, რომლებიც არასწორი ფაქტის შეფასებისას იყენებდნენ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას – „ბოდიში მოუხადონ ქართველ ერს“ , „მოსთხოვეთ პასუხი ქურდბაცაცებს“.

შესაბამისად artinfo.ge-ს შემთხვევაშიც საბჭომ ქარტიის პირველი, მეხუთე და მეშვიდე მუხლების დარღვევა დაადგინა.

კატეგორია - ეთიკა
3 თვეზე მეტია, რაც “გამომძიებელი რეპორტიორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გადის, თუმცა გადაცემის თანამშრომლები მუშაობას აგრძელებენ და შესაბამისად, კუთვნილ ხელფასსაც ჩვეულებრივ იღებენ. გადაცემის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური ტოქშოუ “პირველი სტუდიის” ავტორი და წამყვანი ეკა მიშველაძე. ამ დროის განმავლობაში ისიც ხელფასს ჩვეულებრივ იღებდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს მას დისკომფორტს უქმნიდა.

ეკა მიშველაძის გადაცემა 2015 წლის ივლისის მერე ეთერში აღარ გასულა. როგორც უკვე ყოფილი ტელეწამყვანი მედიაჩეკერთან ინტერვიუში ამბობს, ის თვიდან თვემდე ელოდა გადაცემის ეთერში გასვლას, თუმცა, უშედეგოდ: “ჯერ იყო დაპირება, რომ გადაცემა ეთერში ოქტომბერში გავიდოდა, რაც არ მოხდა. შემდეგ ვიფიქრე, რომ ნოემბერში, მაგრამ ნოემბერშიც არ გავედით ეთერში. ნოემბერში მითხრეს, რომ იანვარში გავიდოდი ეთერში და ველოდებოდი იანვარს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ხელფასს ვიღებდი და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არ იყო კომფორტული, რადგან ხელფასს უნდა იღებდე მაშინ, როცა მუშაობ, რაღაც პროდუქტს ქმნი. ვინაიდან მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ეს სწორია და მართებულია”.

ეკა მიშველაძის თქმით, როცა მისი გადაცემა იანვარშიც არ გავიდა ეთერში, მან საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსთხოვა, მისთვის მიეცათ იმ საქმის კეთების საშუალება, რისთვაც ის ხელფასს იღებდა. საბოლოოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა მას თებერვალში გაგზავნილი ოფიციალური წერილით აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. გადაწყვეტილების საფუძვლად წერილში მითითებულია ის გარემოება, რომ გადაცემა “პირველი სტუდია” დაიხურა, ხოლო მაუწყებელმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია იმ ახალი გადაცემის ეთერში გაშვება, რომლის პროექტიც ეკა მიშველაძემ წარადგინა. ჟურნალისტი დავას შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოში აგრძელებს.

რამდენად არის მიზანშეწონილი იმ თანამშრომლებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ხელფასის გადახდა, რომლებიც თვეების განმავლობაში არ ქმნიან პროდუქტს, ეს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორ გიორგი გვიმრაძეს 10 მარტს, კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზეც დაუსვეს. გვიმრაძემ თქვა, რომ ეკა მიშველაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა მიიღო და შესაბამისად, მხოლოდ ის იყო კომპეტენტური ამ საკითხის შესახებ. რაც შეეხება “გამომძიებელ რეპორტიორს”, გვიმრაძის თქმით, გადაცემის გუნდთან ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის და ისინი მაუწყებელში მუშაობას აგრძელებენ.

“ეს ჯგუფი არც სამსახურიდან გაგვიშვია, არც პროექტი დახურულა, რომ მათთვის ხელფასი არ გადაგვეხადა და არც საქმიანობა შეუწყვეტიათ. ისინი თემებზე მუშაობენ, რამდენიმე თემა დამუშავებული აქვთ და როგორც კი მათ მომავალი კვირიდან დაემატებათ რესურსი, ისინი წარმოადგენენ იმ ფილმებს, რომლებზეც ნამუშევარი აქვთ ამ დროის განმავლობაში”, – თქვა გვიმრაძემ. მისივე განმარტებით, გამოძიება შეჩერებულია მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რადგან მიაჩნია, რომ გადაცემას ჰქონდა როგორც ტექნიკური, ისე შინაარსთან დაკავშირებული პრობლემები. სოწრედ ამიტომ, მაუწყებლისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო გადაცემის ხარისხი. გიორგი გვიმრაძის ინფორმაციით, გადაცემას არ ჰყავდა რეჟისორი, გარდა ამისა, სარგებლობდნენ მეორე არხის მოძველებული კამერებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი არ განმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა გადაცემის შინაარსთან დაკავშირებულ პრობლემებში, რაზეც მან დეტალურად საუბარი არ ისურვა: “ნახეთ ბოლო ფილმი, წინა ფილმი და მიხვდებით რას ვგულისხმობ”.

საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა დოდო შონავამ 10 მარტს გამართულ შეხვედრაზე გვიმრაძეს საჯაროდ უპასუხა, რომ ის არ იზიარებდა პრეტენზიებს გამომძიებელი რეპორტიორის მიერ მომზადებული ფილმების შინაარსთან დაკავშირებით, ამასთანავე, დაადასტურა, რომ ჟრნალისტებს მართლაც მწირი ტექნიკური რესურსით უწევდათ გადაცემების მომზადება.

მოგვიანებით, დოდო შონავამ მედიაჩეკერთან ინტერვიუში თქვა, რომ საგამოძიებო გადაცემის გუნდს მაუწყებელი მუდმივად პირდებოდა ტექნიკურ დახმარებას, თუმცა, ბოლო პერიოდამდე ეს ვერ მოხერხდა. “ახლა გვპირდებიან, რომ ეს ძალიან მალე მოხდება”, – ამბობს დოდო შონავა. ის ასევე განმარტავს, რომ მიუხედავად გადაცემების ეთერში არგასვლისა, ჟურნალისტები აგრძელებენ მუშაობას კონკრეტულ თემებზე:

“ახლა ერთ ფილმზე მიდის მუშაობა, ამ თვეების განმავლობაში კი ჟურნალისტები რამდენიმე თემაზე პარალელურად მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებრობა იყო, ეს ჯგუფი ერთი წამითაც არ გაჩერებულა, იძიებდნენ მასალებს, დოკუმენტებს რამდენიმე საქმეზე. ძალიან ბევრი თემაა დამუშავებული, აქედან ერთი ფილმია ტექნიკურად გადაღებული, წყაროებთან მუშაობა დამთავრებულია, სასამართლოს განაჩენი გამოტანილი აქვს, ჩვენ განაჩენის დადგომამდე არ გვაქვს გამოძიების ჩატარების უფლება, რადგან ეს სასამართლომ არ აღიქვას ზეწოლად. პირველი განაჩენი დამდგარია და ახლა ეს ჯგუფი სარეჟისორო სცენარსაც მოამზადებს და გადაცემას საბოლოო ფორმას მისცემს”.

გიორგი გვიმრაძის ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტომდე, ანუ მიმდინარე სატელევიზიო სეზონის დასრულებამდე, გამომძებელმა რეპორტიორმა 4 ფილმი უნდა მოამზადოს. ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული 2015–2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებიც ავალდებულებს, სადაც წერია: “განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჟურნალისტურ გამოძიებას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას და კონკურენტულ უპირატესობას. გადაცემები უნდა მომზადდეს როგორც სატელევიზიო, ისე - რადიო და ინტერნეტ ფორმატებში, შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებით”. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია, წელიწადში მინიმუმ 12 ასეთი გადაცემა მოამზადოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებელი არასწორად მოიქცა ეკა მიშველაძესთან დაკავშირებით.

“ან თავიდანვე უნდა გაეშვათ ეკა მიშველაძე, ან ახლა გაშვება არ იყო სწორი. თუ ადამიანის გაშვება და გადაცემის დახურვა გინდა, ეს თავიდანვე უნდა მოხდეს და არ უნდა გაგრძელდეს ასე – ხელფასი გადაუხადო და ა.შ. საგამოძიებო ჯგუფი სხვა შემთხვევაა იმიტომ, რომ ეს გადაცემა არ დახურულა, ის უბრალოდ გასაუმჯობესებელია”, – თქვა ქეთი მსხილაძემ 10 მარტს მედიაკოალიციის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე.

მედიაჩეკერი შეეცადა დაკავშირებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორ გიორგი ბარათაშვილს და მისთვის თემასთან დაკავშირებით დაესვა კითხვები. თუმცა, ჩვენ მასთან დაკავშირება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შევძელით. ბარათაშვილმა არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც – მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მაუწყებლის იურიდიულ სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ მანამ სანამ ეკა მიშველაძის საქმეს სასამართლო იხილავს, კომენტარს ვერ გააკეთებენ.
კატეგორია - ეთიკა
ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტებიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გაჩნდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოები, რომლებიც თითქოსდა ასახავდა აფეთქების ეპიზოდებს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროსადგურებში. ვიდეოების თარიღად მითითებული იყო 2016 წლის 22 მარტი. შავ-თეთრი კადრებიდან ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო ადგილმდებარეობის გარჩევა.

ინტერნეტში მოკვლევის შედეგად, ცხადი ხდება რომ ეს ვიდეოები რამდენიმე წლის წინ არის ატვირთული. ორი მათგანი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტებში მომხდარ მოვლენებს ასახავს, მესამე კი - მინსკის მეტროში აფეთქებას.

ასეთი ვიდეოკადრები ქართულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.

„ანოტაციის გარეშე | აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში (ახალი ვიდეო)“, „აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში - სათვალთვალო კამერით გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები“, „ბრიუსელის აეროპორტში სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული აფეთქების კიდევ ერთი ვიდეო“, „სათვალთვალო კამერით გადაღებული აფეთქების მომენტი ბრიუსელის აეროპორტში“, „სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების მომენტი დააფიქსირა“, - ამ სათაურებით გამოაქვეყნა ვიდეოები ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა.

ფოტოზე ასახული მომენტი სათვალთვალო კამერებით ჩაწერილი ვიდეოდან, რომელიც რეალურად მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში 2011 წლის 4 იანვარს მომხდარ აფეთქებას ასახავს. მაშინ თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას ჩამოსვლების დარბაზში 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100 კი - დაიჭრა.

ეს კადრები შეცდომით გააშუქეს უცხოურმა გამოცემებმაც.

ეს კადრიც დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქებას ასახავს. იგივე მასალა ვიპოვეთ რუსეთის „მეხუთე არხის“ კადრებში. მასალა 2011 წლის 24 იანვრითაა დათარიღებული.

კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა ტვიტერზე, თუმცა ის ქართულ მედიასაშუალებებს არ გამოუქვეყნებიათ. ვიდეოს სათაურად მითითებული იყო, რომ კადრები ასახავდა ბრიუსელის მეტროში მომხდარ აფეთქებას 2016 წლის 22 მარტს. თუმცა BBC-ის ცნობით აღნიშნული მასალა მინსკის მეტროში 2011 წლის 11 აპრილს მომხდარ აფეთქებას ასახავს.

კატეგორია - ეთიკა
კვირას, 20 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დროში“ გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „თვალთვალის საქმე“, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა. რეპორტაჟში გიორგი ფარესიშვილი საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ლაშა ამირეჯიბი დაუკავშირდა და გადასცა ნუგზარ ფოფხაძის ნათქვამი.

„ეს იყო დანაბარები ნუგზარ ფოფხაძისგან, თუ არ შევწყვეტდი ჩემს ინტერვიუებს რომელიც იყო მიმართული გარკვეულ ბიზნესინტერესებზე გელა ხვედელიძის, ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის ინტერსებზე ბიზნესის კუთხით და კიდევ სხვა კუთხით, ამ შემთხვევაში გამოქვეყდნეებოდა“.

ამასთან, ფარესაშვილი სიუჟეტში ამბობს, რომ ნუგზარ ფოფხაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი დიდი მასალა აქვს, რომელსაც პირად სერვერზე ინახავს.

რეპორტაჟში არ ჩანს ნუგზარ ფოფხაძის პოზიცია და არც მცდელობა, დაუკავშირდა თუ არა ჟურნალისტი მას კომენტარის მისაღებად. ამასთან, რეპორტაჟის შემდეგ, ეთერში თემაზე სასაუბროდ იყვნენ მოწვეული სტუმრები, თუმცა მათ შორის არ იყო ფოფხაძე, არც წამყვანს აღუნიშნავს, სცადეს თუ არა დაკავშირება მასთან.
კატეგორია - ეთიკა
20 მარტს, დღის ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ამბავი, რომელიც გიორგი ჩხარტიშვილის მიმართ პროკურატურის ბრალდებას ეხებოდა. წამყვანმა ტექსტში აღნიშნა: „ლგბტ თემის წარმომადგენელს, გიორგი ჩხარტიშვილს, იგივე მაცაცოს თაღლითობასა და მტკიცებულებების გაყალბებას ედავება გამოძიება. მას ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა.“

კადრ-სინქრონში არ ჩანს, იკვეთება თუ არა დანაშაულში ბრალდებულის კავშირი რომელიმე თემთან.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის #33 მუხლი, რომელიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვას ეხება, ამბობს:

1.მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.

2.მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი.
კატეგორია - ეთიკა
ერთი ან ორი მთავარი თემის განხილვა სტუდიაში მიწვეული რამდენიმე სტუმრის თანხლებით, ახალი ამბების ბლოკი ყოველ ნახევარ საათში, შოუ ბიზნესის სიახლეები, სპორტის ამბები გრძელი ქრონომეტრაჟით, ანიმაციური ფილმი ბავშვებისთვის, ქართული პრესის მიმოხილვა, ამინდის და კვირის ასტროლოგიური პროგნოზი და, რა თქმა უნდა, ფლორისტულ-კულინარიული ჩანართები - ეს ქართული ტელეკომპანიების დილის გასართობ-საინფორმაციო გადაცემების მთავარი კონსტრუქციული ხაზი წლების განმავლობაში უცვლელია, რომლის წყალობითაც კონკურენტი არხების მიერ მაყურებლისთვის შეთავაზებული დილის პროგრამები ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ემსგავსება.

ყველაზე ადრე, 07:05 სთ-ზე, „დილა პირველზე” იწყება. გადაცემა ხშირად ერთ მთავარ თემაზეა აგებული, მთავარი თემა კი, შესაძლოა, მოგზაურობა ან განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყოს. ნახავთ და გაიგებთ, სად შეიძლება ბილეთების იაფად შეძენა, რით და როგორ დააკომპლექტოთ სამოგზაურო ჩანთა, რომელი ნივთების ატანა არ შეიძლება თვითმფრინავის სალონში, რატომ და რამდენი ოჯახი ინგრევა საქართველოში, რა პრობლემები ჩნდება განქორწინების შემდეგ და ამ საკითხზე იურისტის რჩევებსაც მოისმენთ. შოუბიზნესის ცნობილი ვარსკვლავების შესახებ მომზადებული ამბების კალეიდოსკოპიდან შეიტყობთ, რომ თურმე გაი რიჩი და მადონა ისევ “შეასკდნენ ერთმანეთს”, “ბილბორდის” მუსიკალური ჩარტის 200 საუკეთესოში ადელის ალბომი ლიდერობს, მრავალშვილიან ცნობილ მსახიობთა შორის კი - მელ გიბსონი. ერთი სიტყვით, „დილა პირველზე“ მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ამბებით იწყება.

“რუსთავი 2-ის” დილის გადაცემა - “დილა მშვიდობისა, საქართველო” არსებობის 12-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში დიდად არც გადაცემის ფორმატი შეცვლილა. ამ ეტაპზე ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ამინდის პროგნოზს წამყვანის ნაცვლად ცნობილი ან მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანი გვაცნობს. გადაცემაში, რომელიც 2,5 სთ გრძელდება, ერთი მთავარი თემა, მაგალითად გენდერული ბალანსი, სტუმრებთან ერთად მხოლოდ გადაცემის მიწურულს, მეორე ბლოკის მეორე ნახევარში განიხილება. გადაცემის დიდ დროს აქ ძირითადად რეკლამა ავსებს. რეკლამაა ყველგან, სარეკლამო ჭრაში, პირდაპირ ჩართვებსა და სიუჟეტებშიც კი. რეკლამის ჟურნალისტური პროდუქტისგან გარჩევაზე თავად მაყურებელმა უნდა იზრუნოს - რეკლამის აღმნიშვნელი მითითება, ან მითითება, რომ გადაცემას სპონსორია ესა თუ ის კომპანია, ან ის შეიცავს სარეკლამო სიუჟეტებს, როგორც წესი არ არის. არადა, ერთ მშვენიერ დღეს, საოჯახო მენიუს ბლოკში, წამყვანთან ერთად სამზარეულოში, შესაძლოა, სუნამოების დიდი არსენალით შეიარაღებული “ვულევუს” PR მენეჯერი დაგხვდეთ და შოკოლადის დესერტის მომზადების პარალელურად მაღაზიაში შეტანილი ახალი ბრენდის და ახალი სურნელის შექმნის მეთოდებზე გესაუბროთ.

კულინარიული ჩანართების მომზადება ქართული ტელეკომპნიებისთვის ერთგვარი ვნებაა. გამონაკლისი არც “იმედი” და “იმედის დილაა”. აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა ტელეკომპანიაში, კერძები ძვირადღირებული ქართულ-უცხოური ინგრედიენტებით იქმნება. დილის საუზმისთვის, შესაძლოა, ერთ-ერთ რესტორანში ლუდში გამოყვანილი და შემწვარი გოჭის კანჭი მოამზადონ. ეთერში ამ ბლოკის გასვლისას ბოლო დროს გაჩნდა მინაწერი, რომ გადაცემა სარეკლამო ხასიათის ეპიზოდებს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ რესტორნისა და კვების ობიექტის რეკლამას ვუყურებთ, სადაც წამყვანი იმყოფება. “რუსთავი 2-ის” დილის გასართობ-საინფორმაციო პროგრამის მსგავსად, ჟურნალისტურ პროდუქტში ჩამალული რეკლამა, შესაძლოა, აქაც შეგხვდეთ.

დილის სხვა გადაცემების მსგავსად “იმედის დილაც” აქცენტს კულტურისა და შოუბიზნესის სიახლეებზე აკეთებს. თუმცა ფოკუსში აქ ძირითადად შოუბიზნესის ადგილობრივი წარმომადგენლები არიან. სწორედ მათზეა გათვლილი რუბრიკები: “ცნობილის დღიური” და “დილის გასეირნება”. რუბრიკაში “ცნობილის დღიური” რომელიღაც ცნობილი ან თვითონ რომ ჰგონია, რომ ცნობილია, ისეთი ადამიანი ჰყვება რითი იყო დაკავებული და რას აკეთებდა ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს... და კვირის სხვა დღეებში. მთავარი თემა სტუმრებითურთ აქაც, ისევე როგორც გადაცემაში - “დილა მშვიდობისა, საქართველო” მეორე ბლოკის ბოლო ნაწილისთვისაა შემონახული.

ახალი და აქტუალური ინფორმაციებით დატვირთულია “მაესტროს” “საქმიანი დილა”. 2 საათის განმავლობაში გადაცემა მაყურებელს ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს აცნობს. “საქმიანი დილის” ყურადღების ცენტრში ბიზნესთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული თითქმის ყველა აქტუალური საკითხი ხვდება: კანონპროექტი “მიწის რეგისტრაციის” და “მომხმარებელთა უფლებების” შესახებ, ინიციატივა სადისტრიბუციო მანქანების დედაქალაქში გადაადგილების შეზღუდვაზე, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა... ერთი სიტყვით, ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს. პრობლემას და სფეროში არსებულ მდგომარეობას დარგის ექსპერტებთან ერთად მეწარმეები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც აფასებენ: “საქმიან დილას” სტუდიაში სტუმრები დილიდანვე ჰყავს. უხერხულობას ზოგჯერ წამყვანთა სიმრავლე ქმნის. “საქმიან დილას” სამი წამყვანი ჰყავს, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს კითხვის დასმას არ აცდიან. თუმცა ამ ნაკლის მიუხედავად “საქმიანი დილა” დილის გადაცემების ყველაზე განსხვავებულ და გამორჩეულ გადაცემად რჩება.
კატეგორია - ეთიკა
რაჭის ულამაზესი ხედები, სასიამოვნო მუსიკალური ფონი, დასაქმების ახალი პერსპექტივებით კმაყოფილი რაჭველები, მთაზე შეყვარებული კვირიკაშვილი, მისი ბავშვობის ისტორიები, საარჩევნო დაპირებები და ხელისუფლების მიერ უკვე გაკეთებული წარმატებული პროექტები - ეს ყველაფერი „იმედის დორში“, პრემიერის რაჭაში სტუმრობის შესახებ გასულ 15 წუთიან სიუჟეტში ვნახეთ.

წამყვანმა სიუჟეტი "იმედის დროს" ექსკლუზივად დააანონსა. შესავალი ტექსტი:

„ახლა კი "იმედის დროს" ექსკლუზივი...ქვეყნის პრემირ-მინისტრი რაჭაში. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, მეცხოველეობის ფერმა „ბლაუენშტაინი“ , რომელიც ონის რაიონში მდებარეობს, კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დასაქმდეს ხალხი მაღალმთიან რაიონში, როგორ უნდა დაიწყონ ადგილობრივებმა საკუთარი მცირე ბიზნესი და აღარ იყვნენ იძულებულები დასაქმების საძიებლად სახლები მიატოვონ. მარიამ ოშხნელის სიუჟეტიდან გაიგებთ, როგორია მთის განვითარების გეგმა და რა აკავშირებს თავად გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთიანეთთან“.

სიუჟეტის პირველ ნაწილში ვხედავთ, როგორ გაატარა კვირიკაშვილმა ერთი სამუშაო დღე ფერმაში.

„როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, გვერდში დგომა ადგილობრივებსთვის მნიშვნელოვანია. ერთი სამუშაო დღის ფერმაში გატარება კი, სტიმული ფერმერებისთვის“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

ფერმის დათვალიერებისას პრემიერი თან სამომავლო გეგმებზეც საუბრობს, ამბობს, რომ ამ ტიპის ფერმები სხვა მთიან რეგიონებშიც აშენდება:

კვირიკაშვილი: „თუ ჩვენს სხვა მთიან რეგიონში გავამრავლებთ ასეთი ტიპის საწარმოებს, მე დარწმუნებული ვარ რომ 5-7 წელიწადში მთლიანად შეგვიძლია, რომ მოვაგვაროთ სოციალური პრობლემები მთიან რეგიონში“.

ჟურნალისტი: „ბატონო გიორგი, მე ვიცი რო თქვენ მაშინ ეკონომიკის მინისტრი ბრძანდებოდით, როცა თქვენთან ამ ინიციატივით მოვიდნენ. მაშინვე მიხვდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი?“

ამ კითხვის შემდეგ, პრემიერი იხსენებს, როგორ მივიდნენ მასთან პროექტის ავტორები, როგორ აღტაცებით უსმენდა მათ და როგორ გადაწყვიტა, რომ მსგავსი პროექტები სხვა მთიან რეგიონებშიც უნდა განეხორციელებინათ. აქვე, პრემიერი პროექტის განხორციელებაში მთავრობის მიერ შეტანილ წვლილზეც საუბრობს:

„დავუსაკუთრეთ მიწები აქ ფერმერებს, საძოვრები მივეცით, სწორედ ამიტომ შეძლეს, რომ აეღოთ სესხები და, სახელმწიფოს სპეციალურ პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა, გაიმართა მათი ბიზნესი“.

ჟურნალისტი: კიდევ თუ შეიძლება, ასეთი ტიპის ბიზნესის ხელშეწყობისთვის, დაინერგოს ახალი პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან?

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, კვირიკაშვილი სამომავლო გეგმებს გვიზიარებს: „რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მთიანი რეგიონები არის საქართველოს უდიდესი სიმდიდრე

მოგვიანებით, სიუჟეტში ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი ტიპის შეკითხვა კიდევ ერთხელ ისმის: „სახელმწიფო როგორ შეუწყობს ხელს, რომ თუნდაც მსგავსი ინიციატივები გაჩნდეს სხვა რეგიონებშიც?“

პრემიერი: „სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა უნდა გაუკეთოს, მთიან რეგიონებში გზები უნდა გავიყვანოთ და ეს ჩვენი პირდაპირი გეგმებია, გვაქვს გაწერილი ნაბიჯ-ნაბიჯ, სად, რა, როდის, უნდა გაკეთდეს და რა თქმა უნდა, გრძელვადიანი სესხები გაგრძელდება. მეცხოველეობას წავახალისებთ“.

მთავრობის წვლილს ჟურნალისტიც უსვამს ხაზს:

„როსტომ გელოვანის ოჯახიც მთიან რაჭაში სახლმწიფოს მხრიდან ფერმერებისთვის შეღავათების დაწესებამ გააჩერა. ვიდრე საქონელს საძოვრებიდან ჩამორეკავს, იაფი აგროსესხით ფერმის მოწყობასაც დაასრულებს. შემდეგ, ოჯახის წვერებთან ერთად, მეზობლებსაც დაასაქმებს და ასე გადარჩება სოფელი თლუხი დაცარიელებას“.

ამავე სიუჟეტში, ფერმერები ამბობენ, რომ თივის დასამუშავებელი ტექნიკა არ აქვთ, თუმცა პრემიერი პირობას დებს, რომ მათ ეს ტექნიკა ექნებათ:

„მცირე მექანიზაციის მიმართულებით, გვაქვს სპეციალური გეგმა, რომელიც განხორციელდება მაღალმთიან რეგიონებში . რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, ეს არის ზუსტად გათვალისწინებული, რომ ის ტექნიკა რომელიც მთიანი რეგიონებისთვის არის, უფრო გამოსადეგი იყოს, იყოს მიწოდებული აი თქვენნაირი ფერმერებისთვის. საქართველოს სიმდიდრე არის მთა. განსაკუთრებული ყურადღება იქნება მთისკენ მიმართული“.

სიუჟეტის კიდევ ერთი ხაზი, პრემიერის მთასთან დაკავშირებული მოგონებები და გრძნობებია.

ჟურნალისტის კითხვა: თქვენ რამე გაკავშირებთ ან მთასთან, ან სოფელთან?

პრემიერი: ნუ, მთასთან როგორ შეიძლება ქართველ კაცს არ აკავშირებდეს არაფერი? ჩვენ გვქონდა ტრადიცია ოჯახში, ბავშვობაში, რომ ზაფხულში აუცილებლად 2 კვირა უნდა გაგვეტარებინა მთაში. ყოველ ზაფხულს, როგორც წესი, ჩვენ მივდიოდით მთაში. ამიტომ მოვლილი მაქვს პრაქტიკულად ყველა მთიანი რეგიონი. ბავშვობიდანვე მაქვს შეთვისებული ეს მთის სიყვარული.

ჟურნალისტი: თქვენი ოჯახის მიმართებაშიც თუ არის ეს ტრადიცია?

პრემიერი: ჩემი შვილები ყოველ შაბათ-კვირას სადღაც არიან, კარავში ათენებენ და ჩემზე მეტი აქვთ უკვე ნანახი, მე რაც მახარებს. მე მინდა, რომ ეს სიყვარული მათაც ისეთივე ჰქონდეთ, როგორც მე მაქვს.

სიუჟეტი პრემიერის მიერ რაჭული ხვანჭკარას დაგემოვნებით გრძელდება.

„მას შემდეგ, რაც ფერმებმა მთის მოყვარული პრემიერისგან მთის პრობლემის მოგვარების პირობა მიიღეს, სოფელში რაჭული ხვანჭკარას დასაგემოვნებლად დაპატიჟეს“ - ამბობს ჟურნალისტი და კადრში პრემიერს ფიალით ხელში ვხედავთ.

პრემიერის სადღეგრძელო:

„ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა ვხედავ დაცლილი სოფელი როგორ ივსება და როცა დასაქმებულ ადამიანებს ვხედავ , ღმერთმა ბევრი ასეთი ოჯახი მანახოს, რაჭა უნდა გაივსოს ისე, როგორც იყო და რაჭას უნდა დაუბრუნდეს, და საერთოდ მთას უნდა დაუბრუნდეს ჩვენი მოსახლეობა. გაგიმარჯოთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ“.

სიუჟეტის კულმინაცია ამბროლაურის მშენებარე აეროპორტია.

კადრში ჩანს პრემიერი, რომელიც თავისი სმარტფონით ფოტოს მშენებარე აეროპორტს უღებს, ჟურნალისტის საკადრო ტექსტი: „ახლა პრემიერის ფოტოობიექტივში ამბროლაურის მომავალი აეროპორტია. სამუშაო პროცესი ათი დღის წინ დაიწყო და თვის ბოლოს აქ უკვე 1100 მეტრიანი ასაფრენი ბილიკი უნდა იყოს, ამიტომ სამუშაო პროცესს თვალყურს თვითონ ადევნებს. გეგმას არ უნდა გადაუხვიონ“.

სიუჟეტი კვლავაც რაჭის პეიზაჟების კადრებით დასრულდა. ჟურნალისტი: „ასე დასრულდა ერთი სამუშაო დღე რაჭაში, მზის ჩასვლის ულამაზესი პეიზაჟით და იმ მთების პანორამული ხედით, რომელიც პრემიერის დაპირებით , სულ მალე ხალხით გაივსება“.

მთელი სიუჟეტის განმავლობაში პრემიერი პოზიტიურადაა გაშუქებული. გაუგებარი დარჩა, რა საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა ამ სიუჟეტს და რატომ გადაწყვიტა „იმედის დრომ,“ რომ 15 წუთის განმავლობაში მაყურებლისთვის ეჩვენებინა რაჭაში უკვე აშენებული და მშენებარე პროექტები, ბედნიერი რაჭველები და „მთაზე შეყვარებული პრემიერის“ წინასაარჩევნო დაპირებები, მისი ბავშვობის მოგონებები. ამ სიუჟეტში მხოლოდ პოზიტივი გვიჩვენეს, რაჭაში არსებულ პრობლემებზე არაფერი თქმულა.