ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
11 მარტს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გამოქვეყნების შესახებ.

ეს ფაქტი ქართული მედიის დიდმა ნაწილმა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის სრულად დაფარვით გააშუქა. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ ფარულად გადაღებული კადრები გავრცელდა.

მედიის დიდმა ნაწილმა საკითხის გაშუქების საკმაოდ მაღალი სტანდარტი აჩვენა, თუმცა რამდენიმე მედიასაშუალებაში მაინც მოხდა პოლიტიკოსის იდენტიფიცირება. ზოგიერთმა მათგანმა შეცდომა გააცნობიერა, ზოგიერთმა - არა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” (ipn.ge) 16 საათსა და 11 წუთზე გამოაქვეყნა. გამოცემას ვიდეო არ გაუვრცელებია, თუმცა მასალაში ჩანდა პოლიტიკოსის ვინაობა (ნახსენები იყო ვიდეოს სახელი, რომელშიც პოლიტიკოსის გვარი და სახელი ფიგურირებდა). ინფორმაცია ასეთივე ფორმით გაავრცელა სააგენტო Etanews.ge-მ და რადიო “ფორტუნას” ვებ-გვერდმა Fortuna.ge-მ. Etanews.ge-მ ვიდეოდან ფოტოკადრიც გამოიყენა, სადაც შესაძლებელი იყო კადრებში ასახულ პირთა იდენტიფიცირება. თუმცა ამ ვებ-გვერდებმა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მალევე წაშალეს და ბოდიშიც მოიხადეს. Etanews.ge-მ საერთოდ სტატია წაშალა. სააგენტო “ინტერპრესნიუსში” კი ამ შეცდომის გამო სამსახური დატოვა სააგენტოს პასუხისმგებელმა რედაქტორმა.

ინფორმაცია იდენტიფიცირებით გაავრცელა ერთმა ქართულენოვანმა და ერთმა რუსულენოვანმა ვებგვერდმა. მათ სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებთ, რადგან არცერთმა მათგანმა არ შეცვალა მასალა და არ წაშალა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

საზოგადოების რეაქცია საკმაოდ ხისტი იყო. უფრო ხისტი აღმოჩნდა მთავრობის წევრთა პოზიცია. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მათი უწყებების ფარგლებში თანამშრომლობა შეწყვიტეს სააგენტო “ინტერპრესნიუსთან”, წულუკიანმა - რადიო “ფორტუნასთანაც”.

თეა წულუკიანმა განაცხადა: “სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ”.

თინა ხიდაშელისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებში საუბარი იყო მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტაზე. მათ არ უსაუბრიათ საინფორმაციო სააგენტოსთვის პრესრელიზების არგაგზავნის შესახებ.

“სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქმვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას. არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ,”- აღნიშნა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში.

"დღეს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ, რომელთანაც თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განხორციელდა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის ტირაჟირება, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტება და რეაგირება იქნებოდა ადეკვატური, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წყვეტს კონტრაქტს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან", - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

აღნიშნული კადრების გავრცელებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ცალსახად, პასუხისმგებლობას აკისრებდა საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს”, ზოგი მათგანი კი საუბრობდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდარ აქცენტებზე.

“ინტერპრესნიუსს” მისი შეცდომის შემდეგ, მიუხედავად ბოდიშისა, არა მხოლოდ სამთავრობო უწყებები, არამედ მედიასაშუალებებიც გაემიჯნენ.

ამ ფორმას მიმართეს ჯერ ტელეკომპანია “მაესტრომ” და შემდეგ “რუსთავი 2”-მა. გარდა იმისა, რომ მათ ვიდეოს გავრცელება დაგმეს, ჩამოთვალეს სხვა მსგავსი ფაქტები, დაგმეს IPN-ის და სხვა მედიასაშუალებების ქმედებები, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ფარული კადრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას. “რუსთავი 2”-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ აღარ დაეყრდნობა სააგენტო IPN-ის მიერ გავრცელებულ არცერთ ინფორმაციას, “რადგან სააგენტომ უგულებელყო როგორც ჟურნალისტური ეთიკის, ასევე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები”.

"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მედიაორგანიზაციის მიერ, ოპერატიულობისა და რეიტინგის სახელით ადამიანის პირადი ცხოვრების ნებისმიერი ფორმით გამოყენება”, - ასე დაასაბუთა “მაესტრომ” თავისი გადაწყვეტილება.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერმა ნინო რობაქიძემ მთავრობის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ აქცენტის გადატანა და პასუხისმგებლობის მედიაზე დაკისრება , არასწორია.

“ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას, კონკრეტულად სამართალდამცავ სტრუქტურებს იმ გამოუძიებელი ფაქტების გამო, რომელიც ამ შემთხვევას წინ უსწრებდა. მსგავსი ფაქტების არაეფექტური გამოძიება, ჩვენი აზრით, ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს მსგავსი ფაქტის გამეორებისთვის. ამ დროს ოფიციალური პირებისგან მედიის პასუხისმგებლობაზე საუბარი, უბრალოდ არასწორია. მიუხედავად იმისა, თუ რა სტანდარტი დაარღვია მედიამ და რა დააშავა. მედია პასუხისმგებელია მისი აუდიტორიის, საზოგადოების და არა პოლიტიკოსების წინაშე”, - აღნიშნა რობაქიძემ.

ჟურნალ “ინდიგოს” რედაქტორის ჟურნალისტ ნინო ჯაფიაშვილის თქმით კი, არ არის კარგი, როდესაც სახელმწიფო მოხელეები მედიას შეცდომის გამო, რომელიც აღიარა და რომლის გამოც ბოდიში მოიხადა, ინფორმაციის შეზღუდვას უწესებენ.

“ამასთან ცუდია ის, რომ ხელისუფლება პროპაგანდისა და პიარისთვის იყენებს მედიას და მედია ცხადად არ ამბობს, ან მალავს, რომ ამაში ფული აქვს აღებული”, - აღნიშნა ჯაფიაშვილმა.

მედიაჩეკერი აგრძელებს თემაზე მუშაობას და მასალებს, დღის განმავლობაში, კიდევ შესთავაზებს მკითხველს.
კატეგორია - ეთიკა
თსუ-ში სტუდენტთა ნაწილის საპროტესტო აქციები 7 მარტს დაიწყო. ისინი თვითმმართველობის ბიუჯეტის გამჭვირვალობას ითხოვდნენ და კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის დასახელებას აპროტესტებდნენ. იმავე დღეს გავრცელდა ლადო პაპავას პასუხი სტუდენტების შეკითხვაზე, სადაც ის ამბობდა, რომ თსუ-ში ე.წ. ოდეერი არსებობს. ტელევიზიების უმრავლესობამ სახელმწიფო უნივერსიტეტის ამბების გაშუქება 2 დღის შემდეგ, 9 მარტიდან დაიწყო .

გაშუქება საკმაოდ ფრაგმენტული და არათანმიმდევრული იყო. გამონაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც ამბის შესახებ ინფორმაცია 7 მარტსვე გაავრცელა და როგორც საინფორმაციო გამოშვებაში, ისე ტოკ-შოუ “რეალურ სივრცეში” აუდიტორიას თანმიმდევრულად და ამომწურავად აწვდიდა თსუ-ში მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციას.

7 მარტის მოვლენათა განვითარება

თსუ-ში საპროტესტო აქციები დაიწყო. სტუდენტების ნაწილი სტუდენტური თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებდა.

მოგვიანებით აქციას დაემატა გიორგი გაფრინდაშვილის, კანცლერობის კანდიდატის, წინააღმდეგ პროტესტი. სტუდენტები ამბობდნენ, რომ გაფრინდაშვილი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი იყო და წლების განმავლობაში მათ ძალადობრივ პოლიტიკას უჭერდა მხარს. მას კი დღეს ე.წ. “ოდეერი” “მფარველობს”. საპროტესტო აქციამ ეზოდან უნივერსიტეტში გადაინაცვლა. სტუდენტები რექტორისგან და აკადემიური საბჭოსგან ითხოვდნენ პასუხს გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატად დასახელებისა და თვითმმართველობის ხარჯების შესახებ.

შეხვედრაზე ვლადიმერ პაპავამ აქციის მონაწილის კითხვაზე უპასუხა, რომ უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერი” არის, ხოლო სტუდენტების მიერ “ოდეერად” დასახელებული პირი, რექტორის თქმით, გიორგი გაფრინდაშვილის მეგობარია.

რა გააშუქა მედიამ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

7 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებელის მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქცია მეოთხე მასალად შესთავაზა მაყურებელს. მასალის მიხედვით, სტუდენტები კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის დასახელებას აპროტესტებდნენ. “საარჩევნო მარათონში ჩართულ ერთადერთ კანდიდატს პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებენ” - აღნიშნა წამყვანმა შესავალ ტექსტში. მასალაში არ იყო ახსნილი, თუ რაში გამოიხატებოდა გაფრინდაშვილის პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ კითხვები. “მოამბეს” მაყურებლისთვის ასევე არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თსუ-ს რექტორმა, ფაქტობრივად, დაადასტურა ე.წ. ოდეერის არსებობა უნივერსიტეტში.

იმავე დღეს “რეალურ სივრცეში”, ღამის 9 საათზე, სტუდიაში სკაიპით ჩართეს აქციის მონაწილე ლევან ლორთქიფანიძე, რომელმაც სტუდენტთა პროტესტის მიზეზებზე ისაუბრა. თუმცა “ოდეერების” თემა არც აქ გაჟღერებულა.

კავკასია

თემაზე “კავკასიის” 20:30-იან გამოშვებაში 2 წუთიანი (2 წთ და 19 წმ) მასალა გამოშვების 38-ე წთ-ზე გავიდა. მასალის ძირითადი აქცენტი გაკეთდა სტუდენტების მოთხოვნაზე ბიუჯეტის თანხის ხარჯვის გამჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებით. ვისმენთ აქციის მონაწილეების სინქრონებსაც. მათ ბრალდებებს თვითმმართველობის პრეზიდენტი პასუხობს.

უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერების” არსებობის საკითხი “კავკასიის” სიუჟეტში არ განხილულა.

ამავე დღეს ამბავი ტოკ-შოუ „ბარიერის“ თემაც გახდა. გადაცემაში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც თვითმმართველობის, ისე აქციის მონაწილე სტუდენტები.

GDS

2030-მა ვრცლად გააშუქა თემა. 7 წუთიან ჩართვაში საუბარი იყო სტუდენტების მოთხოვნასა და ლადო პაპავას მიერ ე.წ. “ოდეერის” არსებობის დადასტურების შესახებ. ასევე, ახსნილი იყო, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვთ სტუდენტებს კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის მისამართით.

თემა არ გაშუქდა შემდეგი არხების დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში:

ტელეკომპანია “იმედი”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”

ტელეკომპანია “მაესტრო”

8 მარტის მოვლენათა განვითარება

საღამოს დაახლოებით 22:00 სთ-ზე აქციის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ირაკლი კუპრაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ მის ოჯახთან ორჯერ მივიდნენ უშიშროების თანამშრომლები და ოჯახის წევრებს ირაკლისა და მათი ოჯახის შესახებ ცნობების მიწოდებას სთხოვდნენ;

რა გააშუქა მედიამ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

8 მარტს თემას აღარ დაბრუნებიან “მოამბეში”, თუმცა ამ დღის “რეალური სივრცის” ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ 7 მარტს დაწყებული სტუდენტური პროტესტი იყო. გადაცემის მეორე ნახევარი მთლიანად ამ თემის განხილვას დაეთმო სტუმრებთან ერთად. ჟურნალისტებმა მაყურებელს ვრცლად უჩვენეს 7 მარტს თსუ-ში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია, რის შემდეგაც დისკუსია სტუდიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის გაგრძელდა. გადაცემის სტუმრები იყვნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე თვითმმართველობის წარმომადგენელი. წამყვანებმა სტუმრებს საშუალება მისცეს, დეტალურად ესაუბრათ თავიანთ მოთხოვნებსა და განმარტებებზე. მაყურებელს ამ გადაცემით ჰქონდა საშუალება, მიეღო სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე. თუმცა “ოდეერების” თემა არც 8 მარტს განუხილავთ.

თემა არ გაშუქდა შემდეგი არხების დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში

ტელეკომპანია “კავკასია”

ტელეკომპანია “რუსთავი2”

ტელეკომპანია GDS - “2030”

ტელეკომპანია “მაესტრო”

ტელეკომპანია “იმედი”

9 მარტის მოვლენათა განვითარება

პროტესტი გაგრძელდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყვეს, რომ თსუ-ში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია;

უსაფრთხოების სამსახურმა ასევე უარყო, რომ აქციის მონაწილე სტუდენტის ოჯახში მათი თანამშრომლები მივიდნენ;

რა გააშუქა მედიამ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” არსებობის შესახებ ეჭვები და რექტორის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სწორედ 9 მარტს გაშუქდა. (“ოდეერის” არსებობის შესახებ ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისას 7 მარტს ისაუბრა).მოამბემ გააშუქა სუს–ის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უნივერსიტეტში სუს-ის თანამშრომელი არ არის.

გარდა ამისა, “მოამბის” სიუჟეტში გაშუქდა აქციის მონაწილე ირაკლი კუპრაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც მან შსს დაადანაშაულა ოჯახზე ზეწოლაში.

სიუჟეტში ვრცლად ისაუბრეს კანცლერობის კანდიდატზე გიორგი გაფრინდაშვილზეც და მის მიმართ სტუდენტების მხრიდან არსებულ შეკითხვებსა და პროტესტზეც. სიუჟეტში არ ყოფილა გაფრინდაშვილის კომენტარი. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის მედიასთან არ კონტაქტობს.

“რეალური სივრცის” 9 მარტის გადაცემის ერთ–ერთი მთავარი თემა კვლავ თსუ იყო. გადაცემის პირველი ნაწილი მთლიანად ამ პრობლემას დაეთმო, გადაცემაში სტუმართან, პარლამენტარ თამარ კორძაიასთან, აქციის მონაწილე ირაკლი კუპრაძესა და არასამათავრობო ორგანიზაცია” ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად ამომწურავად ისაუბრეს “ოდეერის” ინსტიტუტზე.

რუსთავი 2

“რუსთავი 2 - მა" ამბის გაშუქება 9 მარტს, 2 დღის დაგვიანებით დაიწყო. სიუჟეტი 42-ე წუთზე გავიდა და ძირითადი აქცენტი ირაკლი კუპრაძის ოჯახში სუს-ის თანამშრომლების მისვლაზე გაკეთდა.

სიუჟეტში წამყვანი ამბობს: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე უარყოფენ ინფორმაციას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათი თანამშრომელი მუშაობს. თუმცა უნივერსიტეტის სტუდენტის, ირაკლი კუპრაძის ოჯახში სამართალდამცველები სწორედ ამ ინფორმაციისა და სუს-ის თანამშრომლის გვარის გასაჯაროების შემდეგ მივიდნენ”

ამავე სიუჟეტში სტუდენტებმა ისაუბრეს, თუ რა პრეტენზიები აქვთ კანცლერობის კანდიდატთან, გიორგი გაფრინდაშვილთან.

სიუჟეტში ჩაწერილია თვითმმართველობის პრეზიდენტი და ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გიორგი გაფრინდაშვილის გადაწყვეტილებით, ის არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

“იმედი”

მე-18 წუთზე ქრონიკაში თემაზე დაახლოებით 4 წუთიანი სიუჟეტი გავიდა. ძირითადი აქცენტი უნივერსიტეტში სუსის თანაშრომლების არსებობას ეხებოდა. სიუჟეტში ისმის ლადო პაპავას კომენტარი, სადაც ადასტურებს რომ უნივერსიტეტში სუსის თანამშრომელი არის. სიუჟეტში ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებას, რატომ არ შეიძლება უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი უნივერსიტეტში იყოს. წარმოდგენილია განათლების მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც. ისინი “ოდეერის” არსებობას უარყოფენ.

სიუჟეტში ფაქტობრივარდ არ ჩანს სტუდენტების სხვა მოთხოვნები, მაგალითად, თვითმმართველობის ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხი, ასევე არაფერი თქმულა წინა დღეს, 8 მარტს, აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ირაკლი კუპრაძის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერილი სტატუსის შესახებ, სადაც ის ამბობდა, რომ მის ოჯახთან 2-ჯერ მივიდნენ უშიშროების თანამშრომლები და ოჯახის წევრებს ირაკლისა და მათი ოჯახის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდნენ.

თემა არ გაშუქდა შემდეგი არხების დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში

ტელეკომპანია “კავკასია”

ტელეკომპანია GDS „2030“

ტელეკომპანია “მაესტრო”

10 მარტის მოვლენათა განვითარება

10-ში სენატს გაფრინდაშვილის კანდიდატურა უნდა განეხილა. სტუდენტებმა უნივერსიტეტში იმ ოთახის პიკეტირება მოახდინეს, სადაც აქცია უნდა ჩატარებულიყო. ხმაურიანი აქციის ფონზე კრება ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილსა და სენატის წევრებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ისინი მოითხოვდნენ, გაფრინდაშვილს უარი ეთქვა კანცლერის არჩევნებში მონაწილეობაზე. სტუდენტებს ნაწილმა პროტესტის ნიშნად ღამით უნივერსიტეტში დარჩენა გადაწყვიტა.

რა გააშუქა მედიამ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

10 მარტის “მოამბემ” თსუ-ში მიმდინარე პროტესტი პირველ ამბად გაუშვა. სიუჟეტში ასახული იყო სტუდენტთა პრეტენზიები კანცლერობის კანდიდატის მიმართ, მათი მოთხოვნები და განწყობები. გარდა ამისა, სიუჟეტში ნაჩვენები იყო კადრები სტუდია “მონიტორის” არქივიდან. პირველი არხის თქმით, კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს სტუდენტების ცემაში წლების წინ ადანაშაულებდნენ. გიორგი გაფრინდაშვილმა ამჯერადაც უარი თქვა მედიასთან ურთიერთობაზე.

სხვა დღეების მსგავსად, 10 მარტსაც თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს, “რეალური სივრცე” ფეისბუქზე ონლაინ რეჟიმშიც აქტიურად აშუქებდა. საღამოს გამოშვებაში კი რამდენიმე წუთი დაეთმო თსუ–ს ამბების მიმოხილვას და სტუდენტის ჩართვას უნივერსიტეტიდან.

რუსთავი 2

10 მარტს "კურიერი" გაიხსნა უნივერსიტეტში მიმდინარე ამბებით. “კურიერმა” 7 წუთიან მასალაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესების დეტალური მიმოხილვა შემოგვთავაზა: სტუდენტების მიერ იმ ოთახის პიკეტირება, სადაც კანცლერი უნდა აერჩათ, სტუნტების დაპირისპირება უნივერსიტეტის დაცვასთან და პრობლემები პოლიციასთან, რექტორის და სტუდენტების პოზიციები.

2030

თემის გაშუქებას „2030“ ათ მარტს დაუბრუნდა. პირველივე სიუჟეტში თსუ-ში მიმდინარე ამბები დეტალურად აღწერეს. მეორე ბლოკი კი მთლიანად ამ თემას დაეთმო. გადაცემის სტუმარი იყო აქციის 2 მონაწილე, ასევე სხვადასხვა პოზიციის მქონე პროფესორები. თვითმმართველობის წარმომადგენლები გადაცემაში არ იყვნენ.

იმედი

ტელეკომპანია “იმედმა” ძირითადი აქცენტები თსუ-ში პოლიციის შესვლის ფაქტზე და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე გააკეთა. ჟურნალისტის თქმით, “სტუდენტებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება. რამდენიმე სტუდენტი აცხადებს, რომ მათ მიიღეს ფიზიკური დაზიანება”.

მაესტრო

მაესტრომ თსუ-ში მიმდინარე ამბები პირველად სამი დღის დაგვიანებით, სწორედ 10 მარტს გაუშვა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.

ჟურნალისტმა აღწერა დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები და იქვე აღნიშნა, რომ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას დადებითად აფასებენ სენატის წევრები. მათი თქმით, ბრალდებები, რომლებსაც გაფრინდაშვილს უყენებენ, უსაფუძვლოა. სიუჟეტში კი სენატის მხოლოდ ერთი წევრი ჰყავთ ჩაწერილი, რომელიც ამბობს, რომ ის მხარს უჭერს სხდომის ჩატარებას იმისთვის, რომ ყველა პოზიცია მოისმინოს. მას გაფრინდაშვილზე მხოლოდ კარგი სმენია, “უარყოფით კონტექსტში მოვისმინე სტუდენტებისგან, ამიტომ საინტერესოა რა არგუმენტი აქვთ მათ”.

თსუ-ს თემა კიდევ ერთმა გადაცემამ, მაესტროს “ფაქტორმა” გააშუქა. წამყვანის თქმით, თსუ-ში “უპრეცედენტო მღელვარება იყო” . სტუმრად ჰყავდათ მხოლოდ თვითმმართველობის წევრი გიორგი კაკაურიძე. წამყვანმა მას ჰკითხა, რას აპროტესტებდა და რა ეჭვები ჰქონდა კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილის მიმართ. სტუმარმა ლოგიკურად უპასუხა, რომ ის არაფერს აპროტესტებდა და არც კანცლერობის კანდიდატის მიმართ ჰქონდა რამე ეჭვი.

მთელი გადაცემის განმავლობაში სტუმარი გიორგი გაფრინდაშვილზე პოზიტიურ კონტექსტში საუბრობდა. წამყვანი ცდილობდა რესპონდენტისთვის გამოეკითხა, რომელი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ხედავდა მიმდინარე მოვლენებში, სტუმარმა კი ეჭვი გამოთქვა, რომ რაც უნივერსიტეტში ახლა ხდება, ყველაზე მეტად რექტორის ინტერესებში შედის. გადაცემის ბოლოს წამყვანმა აღნიშნა, რომ სხვა დღეებში სტუდენტების სხვა მოსაზრებებს შემოგვთავაზებს.

თუმცა იმ ფონზე, როცა თსუ-ში მთელი დღე სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, როცა ისინი სტუდენტურ თვითმმართველობას უპირიპირდებოდებიან და ამბობენ, რომ კანცლერობის კანდიდატი თვითმმართველობის ყოფილი წევრია, თვითონ სტუდენტური თვითმმართველობის წევრის ეთერში მოყვანა და იმის კითხვა, თუ რას აპროტესტებდა და რა ეჭვები აქვს კანცლერის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ლოგიკას მოკლებულია.

შენიშვნა: მეთოთხმეტე და მეჩვიდმეტე აბზაციდან, ფაქტობრივი უზუსტობის გამო, ამოღებულია წინადადება: "აქცია უცვლელი მოთხოვნებით, ისევ გაგრძელდა". 13.03.2016, 14:30
კატეგორია - ეთიკა
ონლაინ მედიაგამოშვება Geworld.ge-ზე გამოქვეყნებული ჰომოფობიური, ანტიდასავლური განწყობების შემცველი თუ ქსენოფობიური მასალები „მედიაჩეკერმა“ არაერთხელ განიხილა. ამჯერად ამ გამოცემის „წარმომავლობის“ შესახებ ვისაუბრებთ.

Geworld.ge გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ელექტრონული გამოცემაა. ონლაინგამოცემას ბეჭდურისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი კონტენტი აქვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის - „ვის ეკუთვნის ქართული მედია“ - თანახმად, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო” 2009 წელს დაარსდა. გაზეთის გამომცემელი აიპ „ისტორიული მემკვიდრეობაა”, მისი მთავარი რედაქტორი კი ირაკლი თოდუაა. ირაკლი თოდუა „ასავალ-დასავალის” რედაქტორთან, ლაშა ნადარეიშვილთან, ერთად „საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია.

Geworld.ge-ს ვებგვერდის დომენი „ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული. Geworld.ge და თავად ტარას გაგნიძე ორგანიზაციების: „ისტორიული მემკვიდრეობა“ და „ევრაზიის ინსტიტუტი“ პარტნიორები არიან. საიტზე განთავსებულია ევრაზიის ინსტიტუტის, როგორც პარტნიორი ორგანიზაციის ბანერიც. თავის მხრივ, „ევრაზიის ინსტიტუტის” პარტნიორები არიან Georus.org – “სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის” და ლევ გუმილევის ცენტრი. „ევრაზიის ინსტიტუტი” საქართველოში 2009 წელს დაარსდა. „ევრაზიის ინსტიტუტი” დეკლარირებულად პრორუსული ორგანიზაციია და მის მთავარ პრიორიტეტად ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება რჩება.

საიტზე რუსოფილიის გამოვლინების არაერთი მაგალითია, ყველაზე თვალსაჩინო კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის დათმობილი სიახლეებია.

მაგალითად: „აშშ-ის ანალიტიკოსები: პუტინის 2007 წელს გამოთქმული პროგნოზები ბოლო 9 წლის განმავლობაში ახდა“ „პოლკოვნიკს ყველა წერს“ პუტინისა და ობამას სატელეფონო საუბარი სირიისა და უკრაინის საკითხებზე“.

საიტზე უხვადაა ანტიდასავლური, ანტიამერიკული, თურქოფობიური მასალები: „სერგეი ლავროვი: თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს“, „ვის მხარეზე უნდა იყოს საქართველო რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში?“ „თინა ხიდაშელი მეუღლესთან ერთად ნატოში გაიქცა“ „სოდომია ვაშინგტონის დიადი გამარჯვება“ „უკრაინელებს ჰომოსექსუალიზმში საფოსტო მარკებით გაანათლებენ ანუ როგორ ნერგავენ უკრაინაში “დასავლურ ფასეულობებს”.

საინტერესო რუბრიკებია „ისტორია“ და „რელიგია“. პირველი მათგანი თითქმის სრულად აქვს დათმობილი სტალინს. მასალებიდან აშკარად ჩანს, რომ მედიასაშუალება სტალინის, როგორც ძლიერი ბელადის, პოლიტიკოსის, ზოგადად, ლიდერის რეაბილიტირებას ცდილობს.

სტატიაში „სტალინი დიდი მხედართმთავარი“ ვკითხულობთ: “მსოფლიოში ყველა თოფმომარჯვებულის _ მომხდურის თუ დამხდურის, ყველაზე დიდი მხედართმთავარი იყო ქართველი კაცი _ იოსებ ჯუღაშვილი. დღეს ვიღაც ისტორიკოსს, რომანისტსა თუ ბელეტრისტს ეშინია, კალამი არ გაექცეს და სტალინს იმაზე მეტი არ მიაწეროს, რაც ეკუთვნის...“

ხოლო სტატიაში „სიმართლე გულაგის არქიპელაგის შესახებ“ - საუბარია იმაზე, რომ სტალინის მმართველობის ეპოქაში სულაც არ იყო რეპრესირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი.

„დასავლელი მკვლევარების მიერ რეპრესირებულთა მონაცემების ფალსიფიკაციის მიზანი მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების მისაკუთრება და სსრკ-ის, უწინარესად, ამ ომში გამარჯვების სულისჩამდგმელის, სტალინის, როლის დამცრობა-დაკნინება რომ იყო, კარგად წარმოაჩინა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, ახლახან გარდაცვლილი ვიქტორ ზემსკოვის კვლევის შედეგებმა, რომლის შესახებაც მასალა _ “რეპრესიები უემოციოდ“.

რუბრიკა „რელიგიაში“ კი, უმეტესწილად, თავმოყრილია ინტერვიუები სასულიერო პირებთან. ხშირ შემთხვევაში განხილვის საგანი პოლიტიკური თემებია. საყურადღებოა ისიც, რომ ამ რუბრიკაში გამოქვეყნებულ მასალებში დასავლეთი მარლთმადიდებლურ რელიგიასთან მებრძოლადაა გამოყვანილი.

მასალაში: “ანტიმართლმადიდებლების მთავარი მიზანია, ერი დაიშალოს პატარ-პატარა ჯგუფებად და გახდეს იოლად სამართავი” - ვკიხულობთ: „დღეს მოდურ ტენდენციად იქცა ათეისტობა, მაგრამ უამრავ ადამიანს, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტს უწოდებენ, საერთოდ არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ისინი, უბრალოდ, ექცევიან დასავლეთის მიერ წამოწყებული ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ, ამის შემდეგ საკუთარი სარწმუნოების დაცვა და პატივისცემა სათაკილოა“.

რელიგიურ საკითხებთან მიმართებით ხშირადაა აქცენტირებული ის, რომ ამერიკა და ევროპა ცოდვების, „ნორმალურობად“ წარმოჩენისთვის იბრძვის, მაშინ როცა ამ უკანონობის აღმკვეთი ერთმორწმუნე რუსეთი შეიძლება იყოს. ამის დასტურად გამოდგება თუნდაც ისიც, რომ სასულიერო პირებთან ჩაწერილ ყველა ინტერვიუში ჟურნალიტები სვამენ კითხვას რუსეთთან დაახლოების და მისი როლის შესახებ.

მაგალითისთვის გამოდგება ინტერვიუ სასულიერო პირთან, დავით ნოზაძესთან, სათაურით: „მამა დავით (ნოზაძე): “ცისფერი კომისრები” უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლები არიან და ძირს უთხრიან სხელმწიფოს“, ინტერვიუში ვკითხულობთ:

ჟურნალისტი: „დასასრულ, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც გკითხავთ. ბევრი ფიქრობს, რომ სარწმუნოება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება იყოს ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობის განსამუხტავად, ზოგი კი ამას არარეალურად მიიჩნევს. თავის მხრივ, “ლიბერალები” ამაზე ბევრს ქილიკობენ, _ ერთმორწმუნეობა არაფერს ნიშნავსო. თქვენ როგორ ფიქრობთ: რა როლი ეკისრება ეკლესიას ამ პროცესებში?“

სასულიერო პირი დავით ნოზაძე: „რაც შეეხება ურთიერთობების დარეგულირებას, თუკი აჭარაში სამასი წლის განმავლობაში ფაშები ისხდნენ და დღეს თურქებს ძმებს ვეძახით (ირანში კიდევ გვახსოვს, წინა პრეზიდენტის ვიზიტისას რა განცხადებები გაკეთდა: ოდითგანვე ცნობილია ირანელებისა და ქართველების მეგობრობაო), ჩვენ და რუსები რომ ისევ დავმეგობრდეთ, რა დაშავდება?! ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და, თუ ღმერთი ინებებს, ასე იქნება. მთავარია, არ გავტყდეთ სულიერად და არ წავიდეთ სარწმუნოებრივ კომპრომისზე, რომელსაც დღეს ამერიკა და ევროპა ითხოვს...“

ინტერვიუში სათაურით: „მამა გიორგი (რაზმაძე): თუ ასე გაგრძელდა, აჭარასაც საბოლოოდ დავკარგავთ“ ვკითხულობთ:

ჟურნალისტი: „ანტიდასავლური განწყობის გაძლიერებაში ზოგი რუსული პროპაგანდის კვალს ხედავს. საუბრობენ რუსული არხების აკრძალვაზეც.

სასულიერო პირი გიორგი რაზმაძე:„ეს აბსურდია და თვითონაც კარგად იციან. ანტიდასავლური, განსაკუთრებით ანტიამერიკული, განწყობა იმიტომ ძლიერდება, რომ ეს სახელმწიფო სჩადის უამრავ ბოროტებას“

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიის განვითარების ფონდის ჩატარებული კვლევის თანახმად, Geworld.ge და „საქართველო და მსოფლიო“ ონლაინ მედიაში ლიდერობენ ანტიდასავლური განწყობების ტირაჟირებით.

კატეგორია - ეთიკა
“მეტი ქალი პოლიტიკაში”, კვოტირების მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მსჯელობა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ნაკლები ყვავილი და ნაკლები აქცენტი ქალზე, როგორც „ნაზ არსებასა“ და “სუსტ სქესზე” - შარშანდლისგან განსხვავებით, ქართულმა მედიასაშუალებებმა წლევანდელი 8 მარტი სწორედ ასე გააშუქეს. სიუჟეტების ძირითადი აქცენტი სწორედ ქალთა უფლებებზე იყო.

თბილისსა და რეგიონებში გამართული აქცია კვოტირებისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით თითქმის ყველა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა.

მაგალითად, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ აქციის გაშუქების გარდა, მოკლე ისტორიული ექსკურსიც შესთავაზა მაყურებელს იმაზე, თუ რა მოიტანა კვოტირებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გრაფიკების საშუალებით ინფორმაცია ამომწურავად და გასაგებად იყო გადმოცემული.

რვა მარტს ქალთა უფლებების თემას „რუსთავი 2-ის“ ეთერში ერთი სიუჟეტი მიეძღვნა. სიუჟეტი კვოტირების მომხრეთა მიერ გამართულ აქციას შეეხებოდა.

აქციის შესახებ სიუჟეტის გარდა „იმედის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე მომზადებული მასალაც მოხვდა. სიუჟეტი დაწესებულებაში მყოფი ქალების ცხოვრებას ასახავდა. მასალაში ძირითადი აქცენტი იყო იმაზე, რომ ქალები შეწყალებას ითხოვენ, დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების სხვა პრობლემების შესახებ სიუჟეტში საუბარი არ ყოფილა. მასალა მსჯავრდებულების ცეკვისა და სიმღერის ამსახველი კადრებით დასრულდა.

აქცია ტელეკომპანია “კავკასიის” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც მოხვდა. თუმცა „კავკასიამ“ გაუშვა მასალა, თუ როგორ ულოცავენ ქალ მძღოლებს რვა მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

წლევანდელი სარვამარტო გაშუქება ნაკლებად დისკრიმინაციული იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ტერმინოლოგიური პრობლემები მაინც გამოიკვეთა. მაგალითად, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კვოტირებისა და ქალთა ზოგადი მდგომარეობის მაჩვენებელზე საუბრისას, ოჯახში ძალადობის ნაცვლად ტერმინი “ოჯახური ძალადობა” გამოიყენეს. “მაესტრომ” ჟურნალ “სითის” ღონისძიების გაშუქებისას, არაერთხელ ახსენა ტერმინი “ქალბატონი” (ამავე მიმართვის ფორმას იყენებდა რესპონდენტი ეკა ხოფერიაც), ეს სიტყვა ხშირად იყო გამოყენებული “კავკასიის” საინფორმაციო გამოშვებაშიც.
კატეგორია - ეთიკა
„ქართველ პოლიტიკოსებს „თურქული“ შეეყარათ“ – ამ სათაურით 27 ოქტომბერს geworld.ge - ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით, პროფესიული სტანდარტების უხეში დარღვევის ტიპური მაგალითია.

„როგორ შეიძლება, მგელი და კრავი „სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ?!“ - ამ რიტორიკული შეკითხვით ავტორი ლევან ვარშალომიძის იმ ფრაზას ეხმაურება, სადაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ „ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი - ორ სახელმწიფოში“.

ავტორი „ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით“ თურქეთს ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ და ისტორიულ მტრად წარმოაჩენს: „საქართველოს უამრავი დამპყრობი და ამაოხრებელი ესეოდა - ასურელები, სპარსელები, არაბები, მონღოლები, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი მაინც თურქული მოდგმის ხალხმა მოგვაყენა. თურქეთს დღესაც იმპერიალისტური მიზნები რომ ამოძრავებს და უდიდესი თურქული იმპერიის შექმნა სურს, საიდუმლო არავისთვის არის“.

მთელი სტატია ზემოაღნიშნული სულისკვეთებით არის გაჯერებული და მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს: „სად თურქი და სად ქართველი?! ჩვენ ხომ საერთო არაფერი გვაქვს?! თურქები შუა აზიელები არიან, ქართველები _ კავკასიელები და სხვადასხვა ენათა ჯგუფს მივეკუთვნებით. სისხლითაც და დნმ-ითაც ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. არც ტრადიციები და ცხოვრების წესი გვაქვს ერთნაირი. სალაპარაკოდაც არ ღირს, რომ სარწმუნოებაც გვყოფს ერთმანეთისგან,“ – წერს ავტორი.

სტატია პრორუსულ მესიჯებსაც შეიცავს, რუსეთს ჩვენს მოკავშირედ და თურქეთისაგან საქართველოს „დამცავ ფარად“ წარმოაჩენს: „შეცდომაში ნუ შეგვიყვანს ის ფაქტი, რომ ახლა თურქეთი ძუძუს გოჭივით არის გატრუნული, ეს რუსეთის დამსახურებაა. რუსეთმა ისეთი სილა გააწნა თურქეთს, რომ მისი ხელისუფალი კრემლის ნებართვის გარეშე ნაბიჯსაც არ დგამს. რომ არა რუსეთი, თურქეთი საქართველოში ისეთ ამბებს დაატრიალებდა, სირია მონაგონი იქნებოდა,“- ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპიც ეხმიანება ადამიანის უფლებების უპირობო დაცვის იდეას და კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
კატეგორია - ეთიკა
ვებგვერდი Marshallpress.ge 2015 წლის 1 თებერვალს დაარსდა. საიტი გამოირჩევა ყოფილი ხელისუფლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა კრიტიკით, მათ მიმართ ბრალდებებითა და შეურაცხყოფით, ასევე - პრორუსული ორიენტაციით და ანტიდასავლური რიტორიკით, ჰომოფობიური გამონათქვამების გავრცელებით. ხშირად ვხვდებით გადაუმოწმებელ ინფორმაციასაც.

ვებგვერდს აქვს “პოლიტიკის” განყოფილება, ასევე რუბრიკა “ინტერვიუ”, “პრესის უნიკალური არქივი”, “პრესკლუბი”, “ანატომია (ვიდეო არქივი)“ და “დადას გვერდი” (დასასვენებელი ადგილი).

საიტი ძირითადად მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს აშუქებს. ახალი ამბების გარდა Marshalpress.ge-ს ყურადღების ცენტრში ხვდება უკრაინული wikileaks-ის მიერ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მთავრობის ყოფილ წევრებზე გავრცელებული ჩანაწერები.

ვებგვერდი ძირითადად, აკრიტიკებს ოპოზიციაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” და შედარებით ნაკლებად გვხვდება სახელისუფლებო გუნდის კრიტიკა. Marshalpress.ge-ის მიერ სხვადასხვა პირებთან ჩაწერილ ინტერვიუებშიც რესპონდენტები უმეტესად ყოფილი ხელისუფლების მავნებლობაზე საუბრობენ.

დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაშუქების პარალელურად, Marshalpress.ge საკმაოდ ხშირად ინტერესდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილი საქმეებით ან რომელიმე ინფრასტრუქტურული თუ მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სხვა პროექტებით.

გადაუმოწმებლად ქვეყნდება უკრაინული wikileaks-ის მიერ გავრცელებული ყოფილი ხელისუფლების წევრთა სავარაუდო საუბრის ჩანაწერები. აღსანიშნავია, რომ თითქმის არცერთ შემთხვევაში არ დევს აუდიო ან ვიდეომასალა, მოცემულია ტექსტის ტრანსკრიპტი და მკითხველმა უნდა იგულისხმოს, რომ ეს საუბარი მართლაც ამ ფორმით შედგა. თუმცა რთულია რეალურად დაადგინო, რამდენად ავთენტურია ეს მასალები. თანაც, მოპასუხე მხარის კომენტარები სტატიებში არ ჩანს.

ერთ-ერთ ჩანაწერში პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი საუბრობენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მათი საუბრის თემა ორგანოებით ვაჭრობაა. უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილისა და რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობაზე ბევრჯერ დაწერილა, თუმცა ეს ფაქტი არასდროს დადასტურებულა. სარწმუნო დოკუმენტები არც ამ შემთხვევაშია მოყვანილი. მოპასუხე მხარის კომენტარი კი სტატიაში საერთოდ არ არის.

სხვა არაერთი ჩანაწერით Marshalpress.ge იმის წარმოჩენასაც ცდილობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მის გარემოცვას საქართველოში სიტუაციის დაძაბვა სურთ. მოპასუხე მხარე არც ამ მასალებშია წარმოდგენილი.

ზოგიერთ ასეთ მასალას ახლავს შენიშვნა, რომ „მარშალპრესის” რედაქცია პასუხს არ აგებს უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

Marshalpress.ge-ზე გამოქვეყნებულია გადაცემა „ანატომიის“ ჩანაწერები. ყველა ვიდეო ყოფილი ხელისუფლების საქმიანობას ეხება. მხოლოდ ერთი გადაცემა შეეხებოდა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს. განყოფილებაში ატვირთულია გადაცემები გივი თარგამაძეზე, გია უდესიანზე, გიგა ბოკერიაზე, ახალაიებზე, გიგი უგულავაზე, ვანო მერაბიშვილზე, ძმებ რურუებზე, მეგის ქარდავაზე. აღსანიშნავია, რომ „ანატომია“ ჯერ ტელეკომპანია „მაესტროს“, შემდეგ კი TV3-ის ეთერში გადიოდა, შემდეგ კი პროექტი შეწყდა. როგორც მისი ავტორი აცხადებდა, ტელეკომპანიამ უკვე მომზადებული გადაცემა არ გაუშვა ეთერში.

განყოფილებაში „პრესის უნიკალური არქივი“ Marshalpress.ge ქართული და უცხოური პრესის არქივს წარმოადგენს. პრესის საარქივო მასალები ძირითადად ყოფილ პრეზიდენტებს ედუარდ შევარდნაძესა და ზვიად გამსახურდიას შეეხება. ასევე საუბარია 2004 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე.

Marshalpress.ge ხელს უწყობს ჰომოფობიური გამონათქვამების გავრცელებას. ზოგჯერ ვებგვერდი სხვადასხვა პირის ფეისბუქის სტატუსებს აქვეყნებს უცვლელად, ან პრესაში გავრცელებულ განცხადებებს იყენებს. მაგალითად შემდეგი მასალებიც გამოდგება: „გიგაური: ლადო პაპავამ საკუთარი სტუდენტების გაპი*დარასტ-გალეს*ოსელებაზე განაცხადა თანხმობა“, „აი გეი იმენნა გრუზინი გეია რააა!!!!! პიდარასტობაშიც გრუზინები როგორ ხართ??“, „თქვენი ბანძი პიდარასტული “ვნებები” ყელში ამოგვივიდა – გეი აღლუმით”გაკეთებული ფულები და პოპულარობა“.

რაც შეეხება ანტიდასავლურ განწყობებს, ვებგვერდი აქვეყნებს მასალებს, სადაც ამერიკა და ევროპული ქვეყნების ცხოვრება გარყვნილებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მასალაში, რომელიც ფეისბუქის სტატუსს ეძღვნება, ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე წერს, ამერიკელებმა მოახერხეს ქართველთა უმრავლესობის დამსგავსება, რადგან ჩემს ქვეყანაშიც გარყვნილობას, უზნეობას ეძახიან თავისუფლებასო. ხოლო წერილში „რატომ გაუფერულდა ნატო-ევროკავშირის მითი – როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?“, პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი წერს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდაზე საუბარი „ჭიქაში ქარიშხალია“. მისი თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობას მეთოდურად უმალავენ უკრაინაში ან სირიაში მიმდინარე მოვლენებს და მთავარ დამნაშავეებად რუსეთს, ირანს, ან სირიის ხელისუფლებას ასახელებენ.

„მერკელმა მხარი ერდოღანს დაუჭირა, პრეზიდენტს, რომლის საოჯახო ბიზნესი მჭიდროდ უკავშირდება „ისლამურ სახელმწიფოს“, განსაკუთრებით ნავთობით ვაჭრობაში. მერკელმა დაბეჯითებით მოითხოვა სირიის ცაში ფრენების შეწყვეტა. ამ წინადადებით კარგა ხანია ერდოღანი გამოდის, რაც რუსეთის თვითმფრინავების სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას ნიშნავს. საჰაერო იერიშების გარეშე სირიის არმიის წინსვლა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილი ტერიტორიების უკან დაბრუნება შეუძლებელია. არის თუ არა ეს ანტირუსული განცხადება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ დახმარების გაწევა? სიტყვით ყველა ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“, საქმით მხოლოდ ირანი, რუსეთი, ერაყი, „ჰესბოლა“ (ლიბანური დაჯგუფება) და სირიელი ქურთები“, - ამბობს ჭიპაშვილი.

ვებგვერდი თითქმის არ აქცევს ყურადღებას ჟურნალისტურ სტანდარტებს და მასალებს მეორე მხარის საპასუხო კომენტარების გარეშე აქვეყნებს. მაგალითად, 2016 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი აქვეყნებს ფოტოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რიგაში იმყოფებოდა. ფოტოზე მყოფ ყველა პირს სტატიის ავტორი „ნაცჭურნალისტებად“ მოიხსენიებს, „ნაცების მიერ ნაყიდ მედიას“ და „სააკაშვილის ზონდერ ჟურნალისტებს“ უწოდებს. სტატიაში არ ჩანს ალტერნატიული მოსაზრება, თუმცა ფოტოზე მყოფ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ხშირად გაუკრიტიკებია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მთავრობა.

საინტერესოა შემდეგი სტატიაც სათაურით: „ხიდაშელის ბრძანებით ყაზარმებში მეჩეთები და იეჰოვას მოწმეთა სასულიერო დაწესებულებები გაიხსნება!“ Marshalpress.ge ამ ინფორმაციას საკმაოდ ნეგატიური ფორმით სთავაზობს მკითხველს. სტატიის სათაური აგრესიულად განაწყობს მათ მუსლიმებისა და იეჰოვას მოწმეთა მიმართ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებით Marshallpress.ge-ს მფლობელი, დირექტორი და რედაქტორი info9.ge-ს ყოფილი ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილია. მისივე ინფორმაციით, რომელიც TI-ს მიაწოდა, ვებგვერდს დღეში დაახლოებით 14 000 უნიკალური ვიზიტორი ჰყავს და მას სამ სხვა ვებგვერდთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა. ამ სამიდან ერთიქართული ვებგვერდი Reportiori.ge არის, ხოლო დანარჩენი ორი ვებგვერდი უკრაინაშია დარეგისტრირებული: slovo.net.ua და wikileaks-ua.livejournal.com. „ეს უკრაინული ვებგვერდები პრორუსული განწყობებით და ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან. ასევე, ორივე ვებგვერდი აქტიურად აქვეყნებს მასალებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ახლანდელი ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის და უკრაინაში მყოფი სხვა ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ,“ - ვკითხულობთ კვლევაში.
კატეგორია - ეთიკა
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალის საქმე მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. 19 თებერვალს ამბის საინფორმაციო საბაბი პროკურატურის მიერ მტკიცებულებათა ნაწილის გასაჯაროება გახდა. საგამოძიებო უწყების მიერ ანგარიშის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა იურისტებისა და უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასებები. მათი ნაწილი ამბობდა, რომ მტკიცებულებების ამ ფორმით გასაჯაროება არსებითად ზღუდავს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებების კრიტიკა და იურისტების არგუმენტები ვერ მოხვდა რამდენიმე ტელეარხის მიერ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებში. თუმცა ახლო ხედით ვიხილეთ სისხლიანი ბალიშისა და ზეწრების კადრები, ჟურნალისტების თავდაუზოგავი მცდელობა, რომ გარდაცვლილის დედისგან კომენტარი მოეპოვებინათ, მედიასაშუალებების ნაწილმა ქალი „ქმრის მკვლელად“ გამოაცხადა.

„მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და საქმის წინასასამართლო განხილვა არ დაწყებულა, ამგვარი ინფორმაციის და დასკვნების გასაჯაროვება მთლიანად აზრს აცლის ბრალდებულის ისეთ უმნიშვნელოვანეს უფლებებს, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია, უფლება, საქმე განხილულ იქნეს დახურულ სხდომაზე და/ან ბრალდებულის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა....ამასთან, იმპერატიული ტერმინოლოგიის გამოყენება და საზოგადოებრივი აზრის ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ ფორმირება, პრობლემურია არამხოლოდ კონსტიტუციური უფლებების რეალიზების კუთხით. გაჟღერებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, არსებითი საფრთხე შეუქმნას როგორც თავად ბრალდებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა ბრალდებულის განცხადებით, ის ერთხელ უკვე გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი“, - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20:23 წუთზე გამოაქვეყნა.

დღის განმავლობაში გავრცელდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის (კონსიტუციის 42-ე ხული, ადამიანის უფლებათა ცენტრი) დაახლოებით მსგავსი შინაარსის კომენტარები, სადაც ისინი პროკურატურას მტკიცებულებების გასაჯაროების გამო აკრიტიკებდნენ და ხსნიდნენ იმ საფრთხეს, რაც საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას შეიძლება დაემუქროს. ტელეკომპანია„იმედის“და„ჯიდიესის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში თემაზე მომზადებულ მასალებში ეს კუთხე წარმოჩენილი საერთოდ არ ყოფილა.

პრობლემა იყო პროკურატურის ვერსიის უტყუარი ფაქტების სახით წარმოჩენა, თემის სკანდალურ, სენსაციურ კონტექსტში გაშუქება და მედიის მიერ ბრალდებულისთვის „გამამტყუებელი ვერდიქტის“ გამოტანა.

„მასალები, რომლებიც ქმრის და შვილის მკვლელობისთვის დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს (...)თბილისში ცოტა ხნის წინ მომხდარი შემზარავი დანაშაული დღეს კიდევ ერთხელ ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში ქმარ-შვილის მკვლელობისთვის დაკავებული გოგონას ბრალეულობას ადასტურებს“, - ასეთი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ,მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის შესავალი ტექსტი.

თავად სიუჟეტში კი დეტალურად მოვისმინეთ პროკურატურის ვერსიაც და ახლო ხედით ვნახეთ სისხლიანი ბალიში და ზეწრები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ისიც გვაჩვენა, როგორ არ სურს მოკლული მამაკაცის ოჯახს მედიისთვის კომენტარის მიცემა.... „უბრალოდ გადი, წადი, გეხვეწები... არ მაინტერესებს. მერე რომ გამოაქვეყნა, რაღა გინდათ“ - ეუბნება გარდაცვლილის ძმა ჟურნალისტს... სიუჟეტში ბრალდებულის დაც არის ჩაწერილი, რომელიც ამბობს, რომ არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას.

ტელეკომპანია „იმედისა“ და „2030-სგან“ განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში იურისტების და უფლებადამცველების არგუმენტები პროკურატურის მიერ მტკიცებულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ვრცლად იყო წარმოჩენილი.

პროკურატურის ვერსია პირდაპირ, უტყუარი ფაქტების სახით წარმოგვიდგინა “TV პირველმა” 17:00 იან გამოშვებაში. “უროთი მოკლული ქმარი“ - ასე დასათაურებულ მასალაში ჟურნალისტი ამბობს: „საგამოძიებო უწყების მიერ ფოტო და ვიდეო მასალებში დეტალურად აღწერილია 19 დეკემბრის ღამის საათები, ქალაქ თბილისში მაგდა პაპიძემ მკვრივი ბლაგვი საგნის, უროს თავის არეში ჩარტყმით მოკლა მეუღლე და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. ბრალდებულმა სცადა კვალის დაფარვა და დანაშაულის ადგილიდან გაიტანა ნივთმტკიცებები“.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის შესახებ კი წამყვანი ამბობს: „ბრალდებულ პაპიძის დღიურში ჩანაწერის საფუძველზე საგამოძიებო უწყებას აქვს მტკიცე საფუძველი იფიქროს, რომ ქმარ-შვილის მკვლელობა და დანაშაულის კვალის წაშლა პაპიძეს განზრახული ჰქონდა“. (სავარაუდოდ, წამყვანი პროკურატურის განცხადებიდან კითხულობს ამონარიდს, თუმცა მითითება იმის შესახებ, რომ ეს პროკურატურის განცხადებაა, არსად ჩანს, შესაბამისად, მაყურებლისთვის ისე აღიქმება, რომ ჟურნალისტი მკვლელობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გვიზიარებს)

ამავე მასალაში თითქმის ერთი წუთის განმავლობაში გვიჩვენეს, როგორ ამბობს უარს მოკლულის ოჯახი ჟურნალისტისთვის კომენტარის მიცემაზე. „არ ვიცი, არ მომისმენია არაფერი“ - ამბობს დედა და ჟურნალისტს კარს უხურავს, მაგრამ ის დახურულ კარს მიღმა ისევ განაგრძობს კითხვების დასმას: „პროკურატურამ გამოაქვეყნა მტკიცებულებები, თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ“. შემდეგ კადრში გარდაცვლილის ძმა ჩნდება, რომელიც ჟურნალისტს სთხოვს გაწიოს კამერა, გადაღება მაინც გრძელდება და ჟურნალისტი ისევ ცდილობს კითხვებზე პასუხის მიღებას.

ამავე არხის 20:00-იან გამოშვებაში დაახლოებით მსგავსი ტიპის მასალა ვიხილეთ. თუმცა იმ განსხვავებით, რომ აქ უკვე საიას განცხადება წამყვანმა საკუთარ ტექსტში მოკლედ გაგვაცნო, აღნიშნა, რომ საიას აზრით, მტკიცებულებების გამოქვეყნება აზარალებს ბრალდებულის უფლებას... თუმცა რატომ აზარალებს, რას აზარალებს კონკრეტულად - განმარტებული არ ყოფილა. თემა ისევ პროკურატურის კომენტარებით გაგრძელდა.

რუსთავი ორის სიუჟეტი კი, ზემოგანხილული მასალებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სიუჟეტში პროკურატურის მიერ გავრცელებული მტკიცებულები დეტალურად არ მიმოუხილავთ. მასალის მთავარი ფოკუსი იყო არა ის, რა გაავრცელა პროკურატურამ, არამედ ის, რატომ გაავრცელა და შეუშლიდა თუ არა ეს ფაქტი ხელს საქმის სასამართლო განხილვასა და საბოლოო ვერდიქტს. მასალაში ვრცლად, გასაგებად და ამომწურავად იყო წარმოჩენილი იურისტების არგუმენტები. ამავე მასალაში, საინტერესო დეტალია პროკურორის მოკლე სინქრონი და ჟურნალისტის კონტრშეკითხვები, რომლებსაც ის რესპონდენტს უსვამს. ამ მოკლე დიალოგით ნათლად გამოჩნდა, რომ ჟურნალისტი კარგად იყო მომზადებული.

პროკურორი ამბობს, რომ მტკიცებულებების გასაჯაროება ხელს არ შეუშლის ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვას. სინქრონში ისმის "რუსთავი 2 ის"- ჟურნალისტის კონტრშეკითხვები: „მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა ხომ არ უნდა იცოდნენ მტკიცებულებები?“ რაზეც პროკურორი პასუხობს, რომ ნაფიცი მსაჯულები მტკიცებულებებს ყველა შემთხვევაში გაეცნობიან, ისე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ... აქვე ჟურნალისტი აზუსტებს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მტკიცებულებები სასამართლო დარბაზში, სასამართლო მოსმენისას უნდა მოისმინონ და არა მანამდე.




კატეგორია - ეთიკა
მედიის მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქვამით დაინტერესების ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა პარლამენტარ გოგი თოფაძის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტის მისამართით ნათქვამი სიტყვები იყო: “ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს”.

როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, რომ ხელი არ შეუწყოს დისკრიმინაციული გამონათქვამების ტირაჟირებას და მისი პლატფორმა რესპონდენტების სიძულვილს ენის ტრიბუნად არ იქცეს?! აქ მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, რამდენად მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, ვინ იყენებს დისკრიმინაციულ გამონათქვამს, საჯარო თუ არასაჯარო პირი. ასევე, რესპონდენტის დისკრიმინაციული ნათქვამი ჩანაწერია თუ პირდაპირ ეთერში ამბობს მას.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, ხოლო თუ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს რესპონდენტი პირდაპირ ეთერში ამბობს: “წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ: “პირდაპირი ეთერის შემთხვევაში, ჟურნალისტი უნდა გაემიჯნოს დისკრიმინაციულ განცხადებას და დაუპირისპირდეს მას, რაც გულისხმობს შემდეგს: ჟურნალისტმა ან სხვა სტუმარს უნდა მისცეს სიტყვა, რომელიც გამოთქვამს საპირისპირო აზრს, ან თავადვე ამცნოს აუდიტორიას, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც აქვს საზოგადოების ნაწილს“. რაც შეეხება გადაცემის ჩანაწერს, ან სტატიას, განმარტებითი ნაწილის მიხედვით, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია: „საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამები უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი შეიძლება ამოუჭრას, თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის. ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს“.

გოგი თოფაძის დისკრიმინაციულ ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერშიც გაიმეორა. ჟურნალისტი სტანდარტების შესაბამისად, პირდაპირ ეთერშივე გაემიჯნა პოლიტიკოსის გამონათქვამს: "ბატონო გოგი, ბოდიშს გიხდით, თქვენ ჩვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ გამოიყენეთ ეს სიტყვა, მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ჩვენ ვემიჯნებით გოგი თოფაძის ამ განცხადებას, არ გვინდა რომ ჩვენი ეთერი იყოს ამისთვის გამოყენებული".


ვებგვერდებმა კი, გოგი თოფაძის დისკრიმინაციული გამონათქვამი სხვადასხვანაირად გააშუქეს. დიდმა ნაწილმა გოგი თოფაძის ციტატა პირდაპირ გამოაქვეყნა, ყოველგვარი მინაწერისა თუ დამატებითი კონტექსტის გარეშე.

განსხვავებული იყო „ნეტგაზეთის“ მიდგომა, გამოცემამ ამბავი ასე დაასათაურა: “გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა” . რედაქციამ სტატიაში მკითხველს, გარდა თოფაძის გამონათქვამისა, შესთავაზა ამბის სრული კონტექსტი: გაახსენა, კიდევ რომელ პოლიტიკოსებს გამოუყენებიათ სიტყვა “დაუნი” სალანძღავ სიტყვად და სინდრომის სამედიცინო განმარტებაც დაწერა.

ვებგვერდის მთავარი რედაქტორის ნესტან ცეცხლაძის თქმით, უმჯობესია სათაური იყოს ნათელი, რადგან ბევრმა ახალი ამბის ტექსტი შეიძლება არც წაიკითხოს და სათაურმა სტიგმა, ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ, უფრო გააძლიეროს.

"როდესაც მოქალაქე იყენებს ინტერვიუში ასეთ ტერმინებს, ჩვენ მას საერთოდ არ ვაქვეყნებთ, მაგრამ როდესაც პარლამენტის წევრი, პარლამენტის ტრიბუნიდან, საჯარო გამოსვლისას იყენებს ამა თუ იმ დაავადებას სალანძღავ კონტექსტში, ვფიქრობთ, ეს სწორედაც არის ცალკე ახალი ამბის თემა. ასე მოხდა გოგი თოფაძის გამონათქვამთან დაკავშირებით. ამ თემაზე ცალკე ახალი ამბავი შევქმენით, მკითხველებს ყურადღება მივაქცევინეთ დეპუტატის ტერმინოლოგიაზე, თორემ ის, რომ თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა არის ფაქტი და არა შეფასება. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ნამდვილად არის ასეთი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ახალი ამბების გაშუქებისას," - ამბობს ნესტან ცეცხლაძე.

“ლიბერალმა” კი, გოგი თოფაძის განცხადების ციტირება გააკეთა და ბოლოში მიაწერა, რომ “ლიბერალის” რედაქციას გოგი თოფაძის განცხადება დისკრიმინაციულად მიაჩნია და ემიჯნება მას”.

“ლიბერალი“ მასალებს, რომელიც შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას და დისკრიმინაციას, თავის პლატფორმას არ უთმობს. ამის შესახებ ჩვენთან მომუშავე ყველა ჟურნალისტმა იცის. ეს განცხადება ჩვენს ვებგვერდზე დავდეთ, რადგან პარლამენტარს ეკუთვნოდა და მიგვაჩნია, რომ მკითხველმა უნდა იცოდეს როგორი კანონმდებელი გვყავს. ოღონდ იქვე განვმარტეთ, რომ გოგი თოფაძე სიტყვა “დაუნს” დამამცირებელ და სალანძღავ კონტექსტში იყენებს, პასუხისმგებლიანი მედიის ვალია, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ეს განცხადება დისკრიმინაციულია,”- ამბობს ვებგვერდ “ლიბერალის” რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

გადაცემის მიმდინარეობისას რესპონდენტის მიერ დისკრიმინაციული გამონათქვამის გამოყენების შემთხვევა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2010 წელსაც განიხილა. ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილს პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი სტუმრის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო უჩივლეს. მომჩივანი ფიქრობდა, რომ ჟურნალისტს არაფერი გაუკეთებია რესპონდენტის მიერ ჰომოფობიური განცხადებების აღკვეთის მიზნით.

გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა, რომელიც გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, წამოიწყო საუბარი ღირებულებებზე და განაცხადა: “ეს [ევროპული ღირებულებები] არის ფსევდოლიბერალური, რასაც ვითომ „თავისუფლების ინსტიტუტი” მართავს. რა უნდათ, რომ საქართველოში მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინება დაამკვიდრონ? თუ რას აკეთებენ ამ აღვირახსნილი კამპანიით, რასაც საინფორმაციო საშუალებებში მასობრივად პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს და ლესბოსელობას. რა ხდება ეს გამაგებინეთ? ეს რომელ ქვეყანაში ხდება? დავით აღმაშენებლის და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში ხდება, რომელმაც სიშიშვლე რომ გამოუჩნდა, იმაზე შეჰკივლა, წამებაზე არ შეუკივლია? ამ ქვეყანაში ხდება? ამ ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამეები იყოს დაცული? ჩვენ ზუსტად აი ეს მოძრაობა შევებრძოლებით აი ესეთ გამოვლინებას …. გვჭირდება ევროპული ღირებულებები კი არა, იმიტომ რომ ევროპაში ღირებულება არის, ამტკიცებს ევროსაბჭო ერთსქესიან ქორწინებას, მე ამ ღირებულებას ვერ შევუერთდები ვერანაირად“; „ფაქტია, რომ ევროსაბჭოში ბოდიში და ცისფერები თამაშობენ წამყვან როლს“. მალხაზ გულაშვილის ამ გამონათქვამებზე მოწვეულ სტუმართაგან რეაგირება არავის მოუხდენია. ეს გამონათქვამები კომენტარის გარეშე დატოვა გადაცემის წამყვანმაც. ალექსანდრე ელისაშვილმა ზეპირი მოსმენის დროს დასმულ კითხვაზე უპასუხა შემდეგი: „იქ [გადაცემაში] რომ ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობაზე საუბარი და არა ჰომოსექსუალებზე, უფრო მეტად აღვკვეთდი, ვიდრე აღვკვეთე ჰომოსექსუალებზე. სიმართლე გითხრთ, არასოდეს ჩემს გადაცემაში ჰომოსექსუალიზმზე არ ყოფილა საუბარი, შესაბამისად, ამ თემის დისკრიმინაციულობა-არადისკრიმინაციულობაზე ნაკლები მგრძნობიარობა მაქვს. მე ეთნიკურ უმცირესობასთან ხშირად მაქვს საქმე და ვიცი, ამ თემას ისინი როგორ უყურებენ”. ქარტიის საბჭოს მიერ უფრო კონკრეტულად დასმულ კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ჰომოსექსუალების აღვირახსნილი პროპაგანდის ნაცვლად საუბარი ეროვნულ უმცირესობაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე რომ ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ ჩაერეოდა. კითხვაზე, ხედავს თუ არა სიძულვილის ენას ფრაზაში: „ჩვენ ყოველგვარ ასეთ გამოვლენას შევებრძოლებით“, ელისაშვილმა უპასუხა: „ამ ფრაზაზე დავფიქრდი მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვნახე გადაცემა. ეს ფრაზა დავაფიქსირე შემდეგ. მაშინ ეს ფრაზა არ დამიფიქსირებია. დღეის გადასახედიდან, ვკითხავდი „შევებრძოლები“-ში რას გულისხმობდა“.

„ალექსანდრე ელისაშვილი საბჭოს ხშირად მიუთითებდა გულაშვილის გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც არ შეზღუდა გადაცემის მსვლელობისას. გამოხატვის თავისუფლება ხშირ შემთხვევაში მოიცავს არაეთიკური გამონათქვამების თავისუფლებასაც. როდესაც ადამიანი იწყებს არაეთიკური გამონათქვამების გავრცელებას მედიის საშუალებით, სწორედ ამ მომენტიდან მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლი, ანუ ტელეწამყვანი ვალდებულია სტუმრის მეშვეობით გასცეს პასუხი ან პირადად გააკეთოს განცხადება და საზოგადოებას აცნობოს ალტერნატიული მოსაზრებების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის მეშვეობით მოხდება ჰომოფობიური მოსაზრებების პროპაგანდა. ტელეკომპანია „კავკასიის“ 9 მარტის გადაცემის – „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში, რომელსაც ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებოდა, მალხაზ გულაშვილმა გამოიყენა სიძულვილის ენა და წაახალისა ჰომოსექსუალების დისკრიმინაცია. გადაცემაში მოწვეული სტუმრებიდან საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუხატავს, ანუ საზოგადოებამ ვერ გაიგო ალტერნატიული აზრის არსებობის შესახებ. არც წამყვანმა ალექსანდრე ელისაშვილმა გამოხატა აზრი, რომ ჰომოსექსუალი მოქალაქეები საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არიან უფლებრივად თანასწორნი და საზოგადოების ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს”, - აღნიშნა ქარტიის საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში და ჟურნალისტის მხრიდან მეშვიდე პრინციპის დარღვევა დაადგინა.
კატეგორია - ეთიკა
ქართულ ვებგვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოველწლიური საყოველთაო აცრები ბავშვებში აუტიზმს იწვევს. ამ თემის შესახებ მასალები ძირითადად ისეთ ვებგვერდებზე გამოქვეყნდა, რომელთა შინაარსი ჯანდაცვის საკითხებს ეხება და საკმაო პოპულარობით სარგებლობენ ინტერნეტმომხმარებლებში. ხშირად აქ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოქალაქეები პრაქტიკულ ცხოვრებაშიც იყენებენ.

ასეთი მასალების გამოქვეყნება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს აცრების მიმართ საზოგადოებაში სტერეოტიპების ჩამოაყლიბებას და მეორე მხრივ, პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან. შესაძლოა მივიდეთ გართულებებთან, რასაც აცრების არგაკეთება გამოიწვევს.

სხვადასხვა დროს ამ შინაარსის სტატიები შემდეგი სათაურებით გამოქვეყნდა: “ბავშვთა აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, აცრა იყოს”, “ბავშვთა აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ვერცხლისწყლის შემცველი ზოგიერთი ვაქცინა იყოს”, “აუტიზმის გამომწვევი მიზეზი და აცრა”, “აცრები...უდიდესი სიცრუე”, “რისგან მზადდება ვაქცინა და რითი გვწამლავენ”.

2016 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ “ბოლო მონაცემებით, ბავშვთა აუტიზმის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ვერცხლისწყლის შემცველი კონსერვანტებიც, რომლებიც ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში შედის. სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ბავშვებს აუტიზმი ხშირად სწორედ იმ ასაკში უვითარდებათ, როცა აქტიურად უტარებენ ვაქცინაციას. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კონსერვანტები ბავშვის ორგანიზმში გროვდება და ტვინის ქსოვილს აზიანებს”.

სხვა მასალაში ვაქცინის დამზადების შესახებ უყვებიან მკითხველს და მას “მასობრივი განადგურების იარაღს” უწოდებენ. სტატიაში აღნიშულია, რომ ვაქცინები, რომლითაც აცრები ტარდება მზადდება ჰეპატიტით, სიმსივნით, ან სარკომით გარდაცვლილი ადამიანის ორგანოებითა და სისხლით.

“სწორედ ეს ორგანოები გახლავთ საწიყისი მასალა ვაქცინური ვირუსების გამოსაყოფად. როგორც კი ვირუსს გამოყოფენ, იწყება მისი გამოზრდა სპეციფიკურ კულტურულ გარემოში, რისთვისაც ისევ და ისევ (ამჯერად, უკვე „მკვებავი სუბსტრატის“ სახით) ადამიანის და ცხოველის სისხლი, ქსოვილი და ორგანოები გამოიყენება. და თუკი ვაქცინას იღებენ სიმსივნური ქსოვილებისგან, მაშინ ბავშვებში ხდება სიმსივნური დნმ-ს იმპლანტირება! მაშ რითი აიხსნება ბოლო 60 წლის მანძილზე სიმსივნური დაავადებების მკვეთრი ზრდა, რომელიც იდენტიფიცირებულია ვაქცინასთან!”, - ვკითხულობთ მასალაში.

ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატიების დიდ ნაწილში არ ჩანს პროფესიონალი ექიმების მოსაზრებები. გამონაკლისი არც ეს სტატიაა. უფრო მეტიც აღნიშნული მასალა იწყება შემდეგი ფრაზით: “ექიმი - ისეთივე კარგი კონსულტანტია აცრების საკითხში, როგორც ყასაბი - ვეგეტარიანულ საკითხებში“, - ბერნარდ შოუ”. ასეთი ფრაზის კონტექსტიდან ამოგლეჯილ მდგომარეობაში გამოყენება კი ისედაც ნდობადაკარგულ ექიმებს უფრო მეტად უკარგავს ნდობას საზოგადოებაში. ამასთან მკაფიოდ ჩანს ავტორის სუბიექტური დამოკიდებულება საკითხისადმი. ის ერთმნიშვნელოვნად უგულებელყოფს სახელმწიფოს პოზიციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და მის დადებით ეფექტს.

“ყველაზე ცუდია ის, რომ ჩვენი „მშობლიური“ პედიატრები, იმუნოლოგები, სანექიმები და ჩინოვნიკები ჯანდაცვიდან, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა, ყოველწლიურად ფანატიკურად თავს ახვევენ საზოგადოებას მასობრივი განადგურების იარაღის დახვეწილ ნაირსახეობას. ამასთან, ისინი ფარისევლურად ამტკიცებენ, რომ ეს არის „იმუნოპრიფილაქტიკის საშუალება“, და მეტიც... -„წამლები“! - ვკითხულობთ სტატიაში.

პირველ რიგში უნდა აღვნიშოთ, რომ აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირის შესახებ პირველი ეჭვები 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. თუმცა ეს იყო კვლევის ჰიპოთეზა, რომელიც მოგვიანებით არ დადასტურდა და უფრო მეტიც, სამეცნიერო ჟურნალმა სადაც სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა, უკან გაიწვია ნაშრომი. მიუხედავად ამისა, მაინც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვაქცინაციის იმიჯზე საზოგადოებაში.

საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციით იმუნიზაციის სისტემა მოქალაქეებს იცავს მართვადი ინფექციებისგან. ვაქცინაციით გამოწვეული გართულება კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს.

საქართველო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამბობს, რომ იმუნიზაცია ყველაზე დიდი მიღწევაა, რაც მედიცინას გააჩნია.

“იმუნიზაცია კაცობრიობის მიღწევებს შორის აღსანიშნავია. ის, რაც მუსრს ავლებდა კაცობრიობას, ან მთელ რიგ ნაკლოვანებებს ტოვებდა ადამიანებში, იმუნიზაციის საშუალებით აღმოიფხვრა.

დღეს უკვე 12 დაავადებაზე ვცრით საქართველოში, რითაც დავეწიეთ განვითარებულ ქვეყნებს. მათთან საბოლოოდ დასაახლოვებლად 2-3 ვაქცინა დაგვრჩა დასანერგი.

ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჯერენმა ყვავილის ვაქცინა გააკეთა, მაშინდელი პრესა წერდა, არ აცრათ ბავშვები, რქები და ჩლიქები ამოუვათო. საუბარია ე.წ. “ძროხის ყვავილზე”, რაც იმ დროს იყო გავრცელებული და ჯერენმა ყვავილის ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენა. არ მინდა, რომ დღევანდელი ქართული პრესა ისევე წერდეს ამ საკითხებზე, როგორც მაშინ”, - ამბობს პაატა იმნაძე.

მისი თქმით, აცრასა და აუტიზმს შორის არანაირი კავშირი არ არის და ეს ბევრი სამეცნიერო კვლევით დადასტურდა.

“თუკი სტატისტიკა გვინდა შევადაროთ, აუტიზმის მქონე 1000 ბავშვში ის კი არ უნდა გამოვიკვლიოთ, რამდენს ჩაუტარდა აცრა. არამედ უნდა შევადაროთ რამდენი შემთხვევა იყო აუტიზმისა მაშინ, როცა არ ხდებოდა აცრა და რამდენია, როცა იცრებიან ბავშვები”, - ამბობს იმნაძე.

ფსიქოტერაპევტი ზაზა ვარდიაშვილი ამბობს, რომ აუტიზმი იმ ადამიანებშიც გვხვდება, ვისაც საერთოდ არ გაუკეთებია აცრა. ამიტომ, ასე გადაჭრით იმის მტკიცება, რომ აცრები იწვევს აუტიზმს არასწორია.

“აუტიზმის გამომწვევია პოლიფაქტორული მდგომარეობა. გამომწვევი მიზეზების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ არის დაზუსტებული. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ქიმიური დარღვევები ორგანიზმში, მეტალებით მოწამვლა. ხელაღებით აცრებთან დაკავშირება აუტიზმისა, არ შეიძლება. თავის მხრივ, აცრებიც იწვევს რაღაც გართულებებს და შემდეგ ხდება ამ გართულებების გამოკვლევა. მაგრამ ცალსახად მათ უარყოფით მხარეებზე ვერ ვისაუბრებთ”, - ამბობს ზაზა ვარდიაშვილი.

ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თითოეულმა ქვეყანამ პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი შეიმუშავა. კალენდარის მიხედვით, საქართველოში ტუბერკულიოზის, B ჰეპატიტის, დიფტერიის, ტეტანოსის, ყივანახველას, პოლიომილიტის, წითელას, წითურას და ყბაყურას წინააღმდეგ აცრები სავალდებულოდ ითვლება. ეს აცრები 14 წლის ასაკამდე კეთდება.

ამერიკის დავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, აუტიზმი, აუტისტური აშლილობის სპექტრი არის ტვინის ფუნქციების დარღვევა. თუმცა აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ადამიანებს შეუძლიათ კომუნიკაცია, ინტერაქცია, აქვთ ქცევები და სწავლობენ სხვადასხვა გზით. ამ უწყების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ არანაირი კავშირი ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის არ არსებობს.

“ის, რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს, იყო რამდენიმე ადამიანის მოსაზრება, რაც კვლევებით არ დადასტურდა”, - აღნიშნულია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ვებგვერდზე. აქვე მოყვანილია კვლევები, სადაც ამ საკითხებზეა საუბარი.
კატეგორია - ეთიკა
ვებგვერდი tb24.ge 2015 წლის 1 აპრილს დაარსდა. „საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, ვებგვერდის დამფუძნებლები და 50-50% წილის მფლობელები გოჩა ნაჭყებია და მაია შაიშმელაშვილი არიან. გოჩა ნაჭყებია, საიტის აღმასრულებელი დირექტორი და რედაქტორიცაა. საჯარო რეესტრის მონაცმებით, გოჩა ნაჭყებია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრია, მათ შორის, ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის” - რომელის გამგეობის თავმჯდომარე, გახმაურებული ციხის კარების ავტორი ლადო ბედუკაძეა. ბედუკაძესთან ერთად, გამგეობის ერთ-ერთი წევრია „ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაიაც.

საიტზე, თვალში გხვდება, მასალები, რომელშიც უარყოფითი კონტექსტითაა წარმოჩენილი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტი: აშშ ჩართულია სისხლისღვრაში, რომელსაც ადგილი აქვს რეგიონში; რიჩარდ ლუგარის სახელობის ამერიკული ლაბორატორია, ნელი მოქმედების სასიკვდილო ბომბი საქართველოში, ვებსაიტი არაერთ ჰომოფობიურ მასალასაც აერთიანებს. ერთ-ერთ ასეთ მასალაში ვკითხულობთ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებასა და "მისგან მომავალ საფრთხეებზე“. სიძულვილის ენაა გამოყენებული კიდევ ერთ სტატიაში - „თამაზ ჭეიშვილი: რა გინდათ ნატოში, სავსეა პიდარასტებით!“ . „ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერები თბილისში ჩამოდიან“ - ასე გამოეხმაურა მუსიკალური ჯგუფის „პლაცებოს“ ვიზიტს საქართველოში ვებგვერდი. ამავე სტატიაში ვკითხულობთ: “დიახ, ჩვენ ვართ პიდარასტები, ვისზეც თქვენი გოგოები აღიგზნებიან”, – ამბობს მოლკო და აღფრთოვანებით იხსენებს იმ შემთხვევებს, როდესაც ის გოგო ჰგონებიათ“ - ნათქვამია მასალაში. ჰომოსექსუალიზმის თემა საიტზე სწორედ ამ კონტექსტით შუქდება და მასალების მიზანი, „გარყვნილი ევროპის“ იმიჯის შექმნაა.

ამის პარალელურად, საიტზე უხვად მოიძებნება ვლადიმერ პუტინისადმი მიძღვნილი სტატიები. პუტინი - ძლიერი და პატრიოტი ლიდერი - გამოცემა რუსეთის პრეზიდენტს ამგვარი იმიჯით წარმოგვიდგენს: „ვლადიმერ პუტინი: პატრიოტიზმი, ერთადერთი ეროვნული იდეაა! ესაა გრძნობა, რომელიც ადამიანს დაბადებიდან უნდა გააჩნდეს“; „ვლადიმერ პუტინი: NATO- მ მეფობა მოისურვა!“; „ვლადიმერ პუტინი - 2015 წლის გლობალური მოაზროვნეები“ .

საიტზევე ნახავთ, რუსეთის დადებით როლთან დაკავშირებულ არაერთ მასალას, თუმცა ამ მიმართულებით ყველაზე საყურადღებო საქართველოს პატრიარქის ილია მეორის რუსული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუა, სადაც ის ქართველი და რუსი ხალხის მართლმადიდებლობის საფუძველზე დაახლოების აუცილებლობაზე საუბრობს. ვიდეოინტერვიუ სახელწოდებით - „უნდა აღვადგინოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილი ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს მალე“ - საიტზე შესვლისთანავე, „მთავარ თემაში“ დევს. მასლა 2015 წლის 30 აპრილსაა განთავსებული და ვებგვერდის რედაქტორთა აზრით, დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია ისაა, რომ TB24.ge აქტიურად ცდილობს ლადო ბედუკაძის პერსონის პოპულარიზაციას. მედია, რელიგია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - ამ თემებზე ლადო ბედუკაძის ინტერვიუები და კომენტარები საიტზე მრავლადაა გამოქვეყნებული. ბედუკაძის ბოლო კომენტარი 4 თებერვალსაა განთავსებული და იგი პარლამეტში მარგველაშვილის გამოსვლაზე გოგი თოფაძის გამოხმარებას უკავშირდება. ვებგვერდის საძიებო სისტემაში "ლადო ბედუკაძის" ჩაწერისას, 33 შედეგი იძებნება. ძიების შედეგეში ისეთი მასალების ნახვაცაა შესაძლბელი, რომელშიც ბედუკაძე გმირადაა შერაცხული. „ასავალ-დასავალს“ დღეს უტევს სწორედ ის ბანდა, რომელიც მე მიპირისპირდება, რომელიც ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ ილაშქრებს. ეჭვი არავის შეეპაროს — დიახ, ლადო ბედუკაძე გმირია!“ - წერს რესპონდენტი ზაზა დავითაია.

საიტზე ხშირია პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოთქმული ბრალდებითი მოსაზრებებიც, რომელთა საპირწონედ, მასალები არ გვხვდება. მაგალითად ერთ-ერთ სტატიის სათაურში ირკალი და დავით კოდუების დედა ლაურა ღაჭავა მკვლელებისა და ბარიგების დედადაა მოხსენიებული: „ლაურა ღაჭავა - ქალი, რომელმაც აღზარდა მკვლელი, თაღლითი და ბარიგა შვილები!“ - სტატია ასეა დასათაურებული. „და, აი, ამ ბინძური ქალის მეტი ვერა ნახე ვერავინ, თინა ძალო??? ამ ქალის მეტი ვერავინ შეუკერავდა სამხედრო ფორმას ქართულ ჯარს? თუმცა რა არის ამაში გასაკვირი? ერთი სატანა შეეკრა მეორე სატანას!“ - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა პრეზიდენტ მარგველაშვილსაც, როგორც წესი, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს. სტატიაში, სათაურით: „მარგველაშვილი თავისი აზროვნებით, სულით, შინაგანად პირწმინდა ანტიქართველია“ ვკითხულობთ ელიზბარ ჯაველიძის „არგუმენტებს“, რომ მარგველაშვილი ანტიქართველია. მასალას თან ერთვის პრეზიდენტის ფოტოებიც.

მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას კი, გამოცემა ასე გამოეხმაურა:

გარდა ამისა, საიტი ხშირად ეყრდნობა რუსულ წყაროებს, მასალების ნაწილის წყარო კი, გადაუმოწმებელია და მოიცავს არაზუსტ ფაქტებს.
კატეგორია - ეთიკა
სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის არგაშუქება და ყურადღების მიღმა დატოვება, ასევე, აქტუალურ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებების სიმწირე - ეს არის ტენდენცია, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის “მოამბის” მთავარი გამოშვების მონიტორინგისას გამოიკვეთა.

სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის საინფორმაციო სამსახურს, განუსაზღვრა პრგრამული პრიორიტეტები, სადაც წერია, რომ ახალი ამბები ასახავდეს რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, ასევე, ასახული უნდა იყოს სოციალური პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი პროცესები.

“მედიაჩეკერი” “მოამბეს” 20 საათზე შემთხვევით შერჩეულ ორკვირიან მონაკვეთში - 17 იანვრიდან 31 იანვრამდე აკვირდებოდა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რამდენად მისდევს ის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგრამულ პრიორიტეტებს და რამდენად სთავაზობს ის თავის მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებზე.

როგორც ორკვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, არის შემთხვევები, როცა “მოამბე” ან საერთოდ არ აშუქებს მიმდინარე, მნიშვნელოვან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ან არასათანადო ყურადღებას უთმობს მას და ასეთი საკითხი ვერ ხვდება მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. როგორც წესი, მთავარი საინფორმაციო გამოშვება მაყურებელს სთავაზობს დღის მთავარ, მნიშვნელოვან თემებს და როცა მაუწყებელი კონკრეტულ საკითხს აშუქებს დღის გამოშვებაში, მაგრამ არა – მთავარ გამოშვებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ის ნაკლებ მნიშვნელოვნად, მეორეხარისხოვან საკითხად მიიჩნევს. ხოლო, თუ რაღაც ამბავი საერთოდ ვერ მოხვდა რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაში, ესეც თავის მხრივ, მიუთითებს არხის პრიორიტეტზე, რა ინფორმაცია მიაწოდოს, ან არ მიაწოდოს მაყურებელს.

მაგალითად, “მოამბემ” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა ქობულეთში ასწლოვანი ხეების ამოთხრისა და ურეკში გადატანის პროცესი, რომელსაც ყოფილ პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ახორციელებს. 15 იანვარს, დღის გამოშვებებში გავიდა კადრ-სინქრონი იმის შესახებ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სანერგე მეურნეობაში მიმდინარე სამუშაოები გააპროტესტა. შემდეგ კი 18 იანვარს, ასევე დღის საინფორმაციო გამოშვებაში “მოამბემ” გააშუქა ამ საკითხზე აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ეს ამბავი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მონიტორინგის პერიოდში არ მოხვედრილა.

“მოამბის” მთავარი გამოშვების ყურადღების მიღმა დარჩა “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელთა საპროტესტო აქცია და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი. კერძოდ, “ჯორჯიან მანგანეზმა” რამდენიმე თვით შეაჩერა ჭიათურაში მაღაროების მუშაობა, რის შედეგადაც 3 200 თანამშრომელი დროებით უსამსახუროდ დარჩა. კომპანია მათ 20 მაისამდე ხელფასის 60%–ს გადაუხდის, ეს ადამიანები დანარჩენი 40%–ის გადახდას ხელისუფლებას სთხოვენ. “მოამბემ” აღნიშნულ ამბავზე ეთერში სიუჟეტები გაუშვა დღის საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა, არა – მთავარ “მოამბეში” 20:00 საათზე.

17 და 25 იანვრის “მოამბეში” 20:00 საათზე არ მოხვედრილა ზაჰესის ხიდის გარშემო დაწყებული პროტესტი, კერძოდ, მოსახლეობა მერიას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათ საპროტესტო აქციაც კი გამართეს, 25 იანვარს თბილისის საკრებულოში ეს საკითხი ოპოზიციასა და მერიის მაღალჩინოსნებს შორის კამათის საგანიც გახდა. კომპანია “ხიდის” საქმიანობით, რომელმაც ვალდებულება არ შეასრულა, საგამოძიებო უწყებაც დაინტერესდა. მოგვიანებით, 4 თებერვალს, ამავე კომპანიის დამფუძნებელი 1.5 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. ეს ამბავი 4 თებერვლის “მოამბის” პრიორიტეტულ თემებში ვერ მოხვდა. ტელეკომპანია “პირველი არხის” ვებგვერდზე, ახალი ამბების არქივში ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთადერთი ამბავი იძებნება, რომელიც 2015 წლის 25 იანვარს გავიდა ეთერში და რომელიც ხიდის რეაბილიტაციის დაწყებას ეხება.

27 იანვარს “მოამბემ” დღის გამოშვებაში ეთერში გაუშვა ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის” ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოსახლეობის დაურეგისტრირებელ, მემკვიდრეობით მიღებულ და სარგებლობაში მყოფ მიწებს ირეგისტრირებს. პრობლემა, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ წამოჭრა, მასშტაბური და რეგიონის მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ათასობით ოჯახს, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებული არ აქვს ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული, ან მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ამბავი, მონიტორინგის პერიოდში არ მოხვედრილა “მოამბის” მთავარ გამოშვებებში, თუმცა, იგივე თემას მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს კერძო ტელეარხებმა.

“მოამბის” მთავარი გამოშვების ყურადღების მიღმა დარჩენილ თემებს შორისაა რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიოსთან დაკავშირებული ამბავიც. კერძოდ, 30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მასშტაბით ყველა სამგზავრო მიკროავტობუსში მხოლოდ ერთადერთი, გოგა ხაინდრავას რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი, შესაბამისი მემორანდუმი ახლად შექმნილმა კომპანიამ უკვე გააფორმა “თბილისის მიკროავტობუსთან”. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სხვა რადიოსადგურების პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხარებლის თავისუფალ არჩევანს ზღუდავს.

“პირველი არხის” არქივში ამ ამბავთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ იძებნება, თუმცა, ამავე არქივში ჩანს, რომ “მოამბეს” გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებული სხვა ამბები არაერთხელ გაუშუქებია. მაგალითად, 2015 წლის ივნისში “მოამბემ” მოამზადა მასალები სახელწოდებით “გოგა ხაინდრავას მხატვრული ფილმი “ოცნებების სასაფლაო” სამშობლოში დაბრუნდა” და “ქართველი ჯარისკაცებისთვის რეჟისორ გოგა ხაინდრავას მხატვრული ფილმის “ოცნებების სასაფლაოს” ჩვენება გაიმართა”.

სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილი “პროგრამული პრიორიტეტების” მიხედვით, გარდა მნიშვნელოვანი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური ვალდებულია, რომ ინფორმაციის მოპოვებისას დაცული იყოს წყაროთა სანდოობა და მრავალფეროვნება. გარდა ამისა, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი ამბების მაყურებლისათვის დამახასიათებელია მოთხოვნილება, რომ გადაცემებმა პირველ ყოვლისა რიგითი მოქალაქის პოზიცია ასახონ, ხოლო შემდეგ - ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების და ექსპერტების შეხედულებები. თუმცა, მონიტორინგის ორკვირიან პერიოდში გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენცია. კერძოდ, “მოამბის” მთავარ გამოშვებაში შესამჩნევია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებების ნაკლებობა, ან არარსებობა.

მაგალითად, 21 იანვარს “მოამბეში” გავიდა სიუჟეტი “რეგულაციები მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის”, სადაც ერთ–ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, სიუჟეტში მხოლოდ პოლიტიკოსების ინტერვიუებია ნაჩვენები და არ ჩანს რა შენიშვნები, ან რეკომენდაციები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებები ასევე არ ახლავს ევროსაბჭოს მიერ საქართველოზე მომზადებულ რეზოლუციაზე მომზადებულ სიუჟეტს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებები არ არის შემოთავაზებული საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით 26 იანვრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.

აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებზე მოამბე მაყურებელს, ძირითადად, პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მოსაზრებებს სთავაზობს, უფრო ნაკლებად, შედარებით მიუკერძოებელი აქტორების – არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების, რაც ასევე უშლის ხელს მაყურებელს, მიიღოს ყოველმხრივ ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე.

“მედიაჩეკერი” კვლავ აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგს და მკითხველს პერიოდულად შესთავაზებს ინფორმაციას, რამდენად ასრულებს ის სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილ პროგრამულ პრიორიტეტებს.

შესწორება: მეექვსე და მეშვიდე აბზაცში შევიდა ცვლილებები დაზუსტების მიზნით. თავდაპირველი ვერისია:

"მაგალითად, “მოამბემ” 17 იანვარს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა ქობულეთში ასწლოვანი ხეების ამოთხრისა და ურეკში გადატანის პროცესი, რომელსაც ყოფილ პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ახორციელებს. ამბის გახმაურებიდან მეორე დღეს, დღის საინფორმაციო გამოშვებაში “მოამბემ გააშუქა” ამ საკითხზე აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ეს ამბავი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემდეგ დღეებშიც არ მოხვედრილა.

21 იანვარს “მოამბის” მთავარი გამოშვების ყურადღების მიღმა დარჩა “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელთა საპროტესტო აქცია და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი. კერძოდ, “ჯორჯიან მანგანეზმა” რამდენიმე თვით შეაჩერა ჭიათურაში მაღაროების მუშაობა, რის შედეგადაც 3 200 თანამშრომელი დროებით უსამსახუროდ დარჩა. კომპანია მათ 20 მაისამდე ხელფასის 60%–ს გადაუხდის, ეს ადამიანები დანარჩენი 40%–ის გადახდას ხელისუფლებას სთხოვენ. “მოამბემ” აღნიშნულ ამბავზე ეთერში სიუჟეტები გაუშვა დღის საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა, არა – მთავარ “მოამბეში” 20:00 საათზე".
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა: მშენებარე სახლიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მედიასაშუალებების ნაწილი შეეცადა, დაეცვა გაშუქების სტანდარტები, თუმცა რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში მაინც ვნახეთ ნანგრევებში ჩაჩეხილი ადამიანის ცხედარი.

ქართულ მედიასივრცეში ეს მსგავსი ფაქტების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ზოგჯერ ახლობლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები ინფორმაციას ტელევიზიით იგებენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილია ნორმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი და ჟურნალისტი უბედური შემთხვევების გაშუქებისას. დოკუმენტი მაქსიმალურად ითვალისწინებს როგორც დაღუპულის ოჯახის წევრების, ასევე მაყურებელთა ინტერესებს. ქცევის კოდექსში აღნიშნულია, რომ მედიამ არ უნდა გააშუქოს უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან კონკრეტული პირი ტრაგედიის ან მწუხარების დროს. ერთადერთი გამონაკლისი ოჯახის ნებართვაა, თუმცა აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაუფრთხილდეს ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფონს.

რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან, სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარული, ორი ახალგაზრდა გადმოხტა. უბედური შემთხვევის შედეგად, ორივე ადგილზე დაიღუპა. "კურიერმა" ოჯახის თანხმობით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გარდაცვლილთა უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები გაუშვა. კადრში ასახული იყო, როგორ ხტებოდნენ ხიდიდან ახალგაზრდები.

ვიდეოს ეთერში გაშვება მაუწყებელმა მაშინ მაღალი საზოგადოებირივი ინტერესით ახსნა. ეს კადრები კი გარკვეული პერიოდის მანძილზე, საზოგადოების მითქმა-მოთქმისა და მედიის კრიტიკის საგნად იქცა. რას ნიშნავს „საზოგადოებრივი ინტერესი“ და „საზოგადოებისთვის საინტერესო“, რა განსხვავებაა მათ შორის, ბევრისთვის ისევ ბუნდოვან საკითხად დარჩა.

არადა, საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლბის შესახებ, ნათლადაა განმარტებული, რომ: „საზოგადოებრივი ყურადღება არის საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან”.

გარდა რეიტინგისა, რა დამატებითი ინფორმაციული ღირებულების მატარებელია ცხედრის ან სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები? პრაქტიკულად არაფრის. როდესაც პოლიციის ყვითელ ლენტს ან შემთხვევის ადგილის ნეიტრალურ კადრს ვაჩვენებთ, მაყურებელს ისედაც სჯერა, მომხდარის. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს გარდაცვლილის ახლობლების ემოციური მდგომარეობა, ამგვარი კადრების ნახვისას.

ქართულთან ერთად, BBC-ს სახელმძღვანელო პრინციპებშიც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა პატივი სცეს გარდაცვლილის პირად ცხოვრებასა და ღირსებას. ასევე არასოდეს უნდა ვაჩვენოთ ცხედრის კადრები იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს. გზამკვლევი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, გაანალიზდეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მძიმე კადრის ჩვენებას. აუცილებელია, მასალის მომზადებისას ჟურნალისტმა იფიქროს ამბის მონაწილე პირებზე, მსხვერპლებზე, მისი ოჯახის წევრებსა თუ მაყურებელზე.

რაც შეეხება საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, იქ აღნიშნულია შემდეგი:

· მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა;

· მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს, შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინს შორის;

· დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით;