ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
26 სექტემბერს, შაბათის „კურიერის“ ეთერი საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს დაეთმოთ. წამყვანმა სტუდიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ხიდაშელი და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ირმა ინაშვილი მიიწვია.

გიორგი გაბუნიას ერთ-ერთი კითხვა ირმა ინაშვილის მუსლიმი თემისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა. წამყვანმა მაყურებელს ირმა ინაშვილის ყურბან-ბაირამის დროს, მეჩეთსა და მის მიმდებარედ გადაღებული ფოტოები შესთავაზა, რის შემდეგაც ეთერში 2012 წლის ვიდეო ჩანაწერი გავიდა, სადაც ბათუმში შეკრებილ საკუთარ მხარდამჭერებს ირმა ინაშვილი მოუწოდებს, რომ არ დაუშვან ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. გაბუნია დაინტერესდა, სად იყო ინაშვილის პოზიცია გულწრფელი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუნღალოში, სადაც საპარლამენტო კანდიდატმა რელიგიურ უმცირესობას დღესასწაული მიულოცა თუ ბათუმში, სადაც მხარდამჭერებს ამ რელიგიური უმცირესობის საკულტო ნაგებობის აშენების დაუშვებლობაზე ესაუბრობდა.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ის თანმიმდევრულია მუსლიმებთან დაკავშირებით, მათ პატივს სცემს და ძმებად მიიჩნევს, თუმცა წინააღმდეგია, რომ ბათუმში, „თურქული ფულით“ მეჩეთი აშენდეს:

„ჩვენ არ გვინდოდა დაგვეშვა, ჩვენ ქართველ მუსლიმებთან ერთად, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ და ახლაც ჩვენთან არიან, უცხო ქვეყნის, კონკრეტულად თურქეთის ფულით, თურქეთის წინადადებით, პროექტით აშენებული მეჩეთი ჩვენს ქვეყანაში, თორემ როცა ქართველ მუსლიმებს სჭირდებათ მეჩეთი, რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს... თურქეთის მხრიდან აშენებული მეჩეთი არ გვინდოდა, ჩვენ არ გვინდოდა, ყოფილიყო თურქი რელიგიური მსახური ამ რელიგიურ დაწესებულებაში და სხვათა შორის, ვუსვამ ხაზს, რომ ქართველი მუსლიმები იდგნენ ჩვენს გვერდით და დაახლოებით 60 ათასი კაცი გამოვკითხეთ ბათუმში, მათ შორის ჩვენი მუსლიმი ქართველი ძმები და მათი დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო, თურქული ფულით, თურქეთის რეკომენდაციით აშენებულიყო იქ მეჩეთი“, - თქვა ინაშვილმა შაბათის „კურიერში“.

ამ საკმაოდ ვრცელი კომენტარის შემდეგ, გადაცემის წამყვანს რესპონდენტისთვის არ უკითხავს, თუ რატომ ფიქრობდა ასე საპარლამენტო კანდიდატი; ან ინაშვილის ასეთი განცხადება თურქოფობიის გავრცელებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ხომ არ ქმნიდა, რაც თავის მხრივ, საქართველოში თურქების დისკრიმინაციას წაახალისებდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლში მითითებულია: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“

ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ: „ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეტერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.
კატეგორია - ეთიკა
24 სექტემბერს “მაესტროს” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი ახალი კლინიკის შესახებ, სადაც “თანამედროვე მიდგომებით ურთულესი ოპერაციები ტარდება”.

სიუჟეტში ნაჩვენებია აპარატურა, რომელიც კლინიკის გენერალური დირექტორის თქმით “იძლევა საშუალებას, რომ პაციენტს ჩავუტაროთ კარგად, ადეკვატურად და სწრაფად ისეთი ოპერაციები, რომელიც შედეგიანი იქნება”, ხოლო ჟურნალისტის თქმით, კლინიკას თავ-კისრის ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ.

ჟურნალისტი კლინიკის მისამართსაც გვეუბნება - „ყელ-ყურისა და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ ფრანგული ერთობლივი სამედიცინო კვლევითი ცეტრი პაციენტებს უზნაძის 103 ნომერში მიიღებს“.

სიუჟეტი შეიცავს რეკლამის ნიშნებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის მიხედვით: “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოსმარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერდაფინანსებული მასალებისაგან”.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 57.რეკლამის ეთერში განთავსების პრინციპი აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა უნდა შეინარჩუნოს პროგრამის შინაარსზე სარედაქციო კონტროლის დამოუკიდებლობა და არ დაუშვას პროგრამების დამახინჯება მიღებული სარგებლის სანაცვლოდ. რეკლამა მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს პროგრამის ელემენტებისგან.

კატეგორია - ეთიკა
25 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში, საინფორმაციო პროგრამა “კურიერში”, გავიდა სიუჟეტი სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ.

სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ 8 აფთიაქი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კანონისა და სანებართვო პირობების დარღვევით, ურეცეპტოდ გასცემდა მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე. კადრებში ახლო ხედით ჩანს ფსიქოტროპული მედიკამენტები და გარკვევით იკითხება მათი დასახელებები. “რუსთავი2-ის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში კი ჩამოთვლილია წამლების დასახელებებიც.

სიუჟეტში “რუსთავი 2” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას და ინფორმაციას იყენებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სააფთიაქო ნარკომანიის თემაზე ექსპერიმენტი ჩაატარა ტელეკომპანია “მაესტროს” მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამაც. “კონტაქტის” მიერ გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტი აფთიაქში ერთ-ერთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს რეცეპტის გარეშე ყიდულობს. კადრებში ახლო ხედით ჩანს მედიკამენტი, გარდა ამისა, მას ჟურნალისტი ტექსტშიც ასახელებს.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქმის უცვლელი სახით გამოაქვეყნეს საინფორმაციო სააგენტოებმა: “info9-მ” და “ინტერპრესნიუსმა” . ორივე სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას თან ერთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების ამსახველი ფოტო, ტექსტში კი ჩამოთვლილია მათი დასახელებები.

"ხშირად ხდება, რომ ნარკომანიის საწინააღმდეგო აქციის ფარგლებში მომზადებულ კლიპებში აჩვენებენ როგორ მზადდება ნარკოტიკული საშუალებები, რომელ ინგრედიენტებს იყენებენ მის მოსამზადებლად და როგორ იკეთებს მას ადამიანი. ნარკოტიკების მოხმარების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალებები და მათი მომზადების შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი არ იყოს. მედიაში სააფთიაქო ნარკომანიაში გამოყენებული ფსიქოტროპული საშუალებები რეკლამირებული არ უნდა იყოს. ასეთი რეკლამა ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებისთვის, შესაძლოა, მაცდუნებელი იყოს," - ამბობს ილიას უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ჯანა ჯავახიშვილი.
კატეგორია - ეთიკა
მაია ასათიანის 23 სექტემბრის “პროფილის” ძირითადი ნაწილი ბავშვების მძიმე ისტორიებს ეხებოდა. გადაცემაში ვნახეთ უკიდურეს სოციალურ გაჭირვებაში მყოფი ბავშვები ახლო ხედებით, სევდიანი ისტორიებით, პირადი ცხოვრების დეტალებით.

ისტორია N1

პირველი ამბავი ეხება ოჯახს, რომელმაც ბინა დაკარგა და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.

“უჭირთ ბავშვებს ძალიან, მეუბნებიან სახლში შევიდეთ დავიძინოთო და ვერაფერს ვუხსნი ფიზიკურად”, - ყვება თვალცრემლიანი დედა. კადრებში კი გვიჩვენებენ, როგორ ცდილობს ბავშვი დაკეტილი სახლის კარის გაღებას.

სიუჟეტის მერე კირვალიძეების ოჯახი გადაცემის წამყვანმა ბავშვებთან ერთად ეთერში მიიპატიჟა.

“გკითხავთ ქალბატონო რას აპირებთ? ეს ხომ შეუძლებელია? ბავშვებისთვის ძალიან მავნეა”, - ეუბნება თვალცრემლიან დედას წამყვანი ინტერვიუს დასასრულს.

ისტორია N2

შემდეგი ნიკას ისტორიაა, რომელიც პლაჟზე სასმელს ყიდის. ჟურნალისტი დეტალურად გვიჩვენებს ნიკას პლაჟზე ვაჭრობის სცენებს, რა სიძნელეებს აწყდება, როგორ ცდილობს ოჯახს დაეხმაროს და, რა თქმა უნდა, სტუდიაში თავის ასევე არასრულწლოვან ძმასთან ერთად პატიჟებს.

“ყველაზე ძნელი ამ საქმეში რა არის?” - ჟურნალისტი.

“სიმძიმის წევა. თუ არა გაყიდვა ძაან ადვილია”, - ნიკა.

“რატოა გაყიდვა ადვილი?” - ჟურნალისტი.

“რომ ყიდი თანდათან მსუბუქდება და...” - ნიკა.

ინტერვიუს ბოლოს მაია ასათიანი სტუმრად მოწვეულ არასრულწლოვნებს ბოდიშსაც უხდის.

“მაპატიეთ, უბრალოდ, რომ ისეთი შეკითხვები დაგისვით, რომელიც შეიძლება არ გსიამოვნებთ, თუმცა მგონია, რომ ეს ძალიან საამაყოა და ძალიან დასაფასებელია, როცა ადამიანი მუშაობს”.

ისტორია N3

კიდევ ერთი სიუჟეტი ეხება ბავშვებს, რომლებიც ასევე გაჭირვებაში ცხოვრობენ ბებიასთან ერთად. სიუჟეტში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების დეტალებიც ცხადდება. დედა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

“დედის გარდაცვალების შემდეგ ვნახეთ მამა. ერთხელ ჩამოვიდა და იმ დღის მერე აღარ გვინახავს, აღარ გვაქვს კონტაქტი, არ ვიცი ზუსტად, შეიძლება სხვა ოჯახიც ჰყავს.”- ჰყვება არასრულწლოვანი.

სიუჟეტში აღწერილია ბავშვების უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები, როგორ აგროვებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი ჯართს იმისთვის, რომ ოჯახს დაეხმაროს.

ისტორია N 4

შემდეგი ისტორია ეხება დედას, რომელიც შვილებთან ერთად ქუჩაში მათხოვრობს, რომ ბავშვები არჩინოს. დედა სამ არასრულწლოვანთან ერთად სტუდიაში მიიწვიეს.

“ეს ფული გზის ფულად შევინახოთ, პურო ვიყიდოთ. თუ მოგვივა, გიორგის და პეტროს და ნიკას ვუყიდოთ რვეულები. თუ მოგვივა, რა ვიცი”, - დედა.

“მოვგვივა”, - შვილი.

“მოგვივა? ცოტა რომ გვაქვს, დედი?”- დედა.

ისტორია N5

“პროფილი“ დაინტერესდა ისეთი ოჯახითაც, რომელიც არასრულწლოვნებთან ერთად ვაგონში ცხოვრობს.

“ბევრჯერ ყოფილა, შეიძლება არ დაიჯეროთ, რომ ბავშვები სკოლაში რომ დადიან, ჩაიც კი არ მქონდა, რომ გამეცხელებინა ან ამედუღებინა, რომ ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ მშივრები. შეიძლება ეგეც არ დაიჯეროთ, მაგრამ ბევრჯერ მარტო ხახვი და მარილი ჭამეს, რომ პურიც არ მქონდა”, - ჰყვება დედა. ლაპარაკს კადრებად კი არასრულწლოვანი ბავშვების ახლო ხედები ადევს.

იქვე მყოფი ერთ-ერთი ბავშვი ჟურნალისტს ეუბნება : “მეგობრებს ვერ მოვიყვან აქ, მრცხვენია. ჩვენც ვერ ვეტევით, ისეთი პატარა ადგილებია”.

ისტროტია N6

ბოლო სიუჟეტში კი გადაცემის წამყვანი “ძალიან მაგარი ბიჭების ამბავს” გვიყვება, რომლებიც ფეხბურთმა გადაარჩინა. ბიჭი, რომელსაც მძიმე შრომა უწევდა პროფილაქტკაში, ასევე საბა, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, კიდევ სხვა მეგობრები, რომლებსაც მხოლოდ ქუჩა და ქუჩური ცხოვრება იტაცებდათ, ღიად ყვებიან, როგორ ეწეოდნენ სიგარეტს და როგორ არ დადიოდნენ სკოლაში. ახლა კი ფეხბურთით არიან დაკავებულები.

სტუდიაში წამყვანმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ბავშვებთან ინტერვიუების აღების თაობაზე მშობლებისგან ნებართვა ჰქონდა. თუმცა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, მშობლის თანხმობა ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს: „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს “პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად”- აღნიშნულია კოდექსში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველი პრაქტიკისგან განსხვავებით, 23 სექტემბრის პროფილში უკეთესი ტენდენცია დაფიქსირდა: წამყვანი სფეროს სპეციალისტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად ცდილობს კითხვებზე პასუხის მიღებას, რაშიც ჩანს მედიის მცდელობა - მხოლოდ ერთი კონრეტული ადამიანის/ბავშის ისტორიით არ შემოიფარგლოს და საკითხი უფრო სიღრმისეულად წარმოაჩინოს.

ამ კონრეტულ გადაცემაში მოთხრობილი იყო იმ ბავშვების ისტორიები, რომლებიც მძიმე სოციალურ გარემოში იზრდებიან. შესაძლოა, ზრდასრულობის ასაკში ამ ადამიანებმა უხერხულობა იგრძნონ იმის გამო, რომ ოდესღაც, მათი მძიმე ბავშვობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიტყო. შესაძლოა, გადაცემაში მოთხრობილი ისტორებისა და გასული სიუჟეტების გამო, ბავშვები სტიგმატიზაციის მსხვერპლნი აღმოჩდნენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებში ვკითხულობთ: “ ზიანი არ მიაყენოთ არც ერთ ბავშვს. თავი აარიდეთ ისეთი კითხვების დასმას, ან ისეთი დამოკიდებულების ან მოსაზრებების გამოხატვას, რომლებსაც აქვს განსჯის ხასიათი, რომლებიც არ ითვალისწინებს ბავშვის კულტურულ ფასეულობებს და საფრთხეს უქმნის ან ამცირებს ბავშვს, ან რომლებიც იწვევს ტრავმის შედეგად წარმოქმნილი ტკივილის და უარყოფითი ემოციის ხელახალ განცდას”.

საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, ბავშვი დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლოგისგან და ბავშვის ინტერესი უპირველესია.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები, რომელიც ეხება ბავშვების საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს:

„ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდ აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით“.

კიდევ ერთი რეკომენდაციის შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბავშვების სტიგმატიზაცია ანუ ისეთი დეტალები არ გახდეს საჯარო, რომ მას რაიმე იარლიყო მიაკრან ან სამომავლოდ პრობლემები შეექნას.

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვებზე რეპორტაჟის მომზადებისას

„უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზაციას; თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა -დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან ადგილობრივი საზოგადოების მიერ გარიყვა“.
კატეგორია - ეთიკა
როგორ დავიკლოთ 5 თვეში 25 კგ, 9 დღეში 7-8 კგ, ერთ თვეში 22 კგ - ასეთი სათაურებით სხვადასხვა ქართული მედიასაშუალება ყოველდღიურად გვთავაზობს რჩევებს წონაში დასაკლებად. წონის კლების მეთოდი რომ დამაჯერებელი იყოს, მათ ცნობილი ადამიანები წარმოგვიდგენენ. ამ „პრობლემის“ გაშუქებით, განსაკუთრებით ონლაინმედიის გასართობი რუბრიკები და ტელევიზიების დილისა და შუადღის შოუები ინტერესდებიან ხოლმე.

სტატიები სათაურებით - გიგი უგულავას დიეტა, ქეთა თოფურიას დიეტა, როგორ დაიკლო მაკა შალიკაშვილმა 25 კილოგრამი, სუხიშვილების დიეტა შაინინასგან, ვიქტორია ბექჰემის და ჯენიფერ ენისტონის დიეტა - ხშირად გვხვდება და მკითხველს წონაში კლებისკენ უბიძგებს.

გამხდარი სხეული და ზოგადად, სიგამხდრე პოპულარული მხოლოდ საქართველოში არაა. ამ პოპულარობაში კი მედიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მედიასაშუალებები დაუღალავად გვარწმუნებენ, რომ უნდა ვიყოთ იმაზე გამხდრები, ვიდრე ვართ, უნდა დავიკლოთ არა იმიტომ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესია მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ სათანადო ეფექტი მოვახდინოთ. იქმნება სტერეოტიპი, რომ წარმატებული ადამიანები ძირითადად გამხდრები არიან, ისინი ბედნიერებას ასხივებენ. ყოველ შემთხვევაში - ასეთებად წარმოგვიჩენენ მათ ჟურნალების პრიალა გარეკანებზე, ვებგვერდებზე, ვიდეოკამერებთან, სარეკლამო პოსტერებისთვის პოზირებისა.

მედიაში სიგამხდრის ასეთი რეკლამირება გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც წონა აწუხებს. განსაკუთრებით ამძაფრებს სტრესს "სილამაზის სტანდარტები", რომელსაც მედია ადგენს.

ყველა ადამიანის სხეული ინდივიდუალურია და შეუძლებელია ყველას ფორმები ერთნაირ სტანდარტში ჩაჯდეს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სიგამხდრეზე ან დიეტებზე საუბრისას მთავარი ადრესატები ქალები არიან. მსგავს თემებზე მომზადებულ მასალებს უმეტესაც ქალების ფოტოები ერთვის. ასეთი მასალები ქალებს არწმუნებს, რომ აუცილებლად გამხდრები უნდა იყვნენ.

ბრიტანეთში ჩატარებული რამდენიმე კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ 2003-2004 წლებთან შედარებით იმატა კვებითი ფუნქციის დარღვევით საავადმყოფოებში ახალგაზრდების მოხვედრის შემთხვევებმა. მათი დიდი ნაწილი გოგონები არიან. მათ ნერვული ფუნქციის დაღვევაც აღენიშნებათ.

2003-2004 წლებში კვებითი ფუნქციის დარღვევით საავადმყოფოში 19 წელს ქვემოთ 658 პაციენტი მოხვდა, 2013-2014 წლებში ეს ციფრი გაიზარდა 172 პროცენტით და მიაღწია 1791-ს. ამ მოზარდებს შორის 90 პროცენტზე მეტი იყვნენ გოგონები. როგორც წესი, ისინი კვებითი ფუნქციის დარღვევასთან ერთად ანორექსიით იყვნენ დაავადებული. გარდა ამისა, მათ აღენიშნებოდათ ნერვული აშლილობა და მენტალური პრობლემები.

ბრიტანელი ექიმი, პედიატრი კოლინ მიჩი, რომელიც პედიატრთა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის კვებითი განყოფილების ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც კვებითი ფუნქციის დარღვევით ხვდებიან საავადმყოფოში, ძირითადად ცნობილი სახეების გავლენის ქვეშ არიან. მისი თქმით, ბავშვებზე საკმაოდ ძლიერად ზემოქმედებს რეკლამები.

“ჩვენ გამოვუშვით ბეჰემოტი, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ”, - განაცხადა კოლინ მიჩმა.

NHS Choices-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ნორმალურზე ნაკლები წონა თინეიჯერ გოგონებში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რიგით მესამე პრობლემად - კვებითი ფუნქციის დარღვევა ითლება.

გამხდარი სხეულების რეკლამირებას ემატება ექსტრემალური დიეტების ისე მიწოდება საზოგადოებისთვის, თითქოს მათ გვერდითი მოვლენები არ აქვთ. აუდიტორიას მოუწოდებენ დალიონ რამდენიმე ერთმანეთში არეული პროდუქტი ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც, მართალია, წონას აკლებინებს, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ მძიმედ აისახება ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე.

მნიშვნელოვანია, ასეთი ინფორმაციის მიწოდებისას ჟურნალისტებმა დიეტის შემადგენელი პროდუქტების თავისებურებები გაითვალისწინონ. ასევე საჭიროა იმის ცოდნაც, რომ ყველა ორგანიზმი სხვადასხვა საკვებზე და მისი მიღების რეჟიმზე ინდივიდუალურად რეაგირებს და მასალების მომზადებისას ეს საკითხიც დასამუშავებელია.

დიეტების აღწერის შემდეგ იშვიათადაა აღნიშნული, რომ თუკი წონაში ერთბაშად ბევრ კილოგრამს დაიკლებთ, დიეტის დასრულების შემდეგ თქვენთვის ნორმალურ კვებაზე დაბრუნებით დაკარგული კილოგრამები შესაძლოა გაიორმაგოთ.

ტელეკომპანია BBC-ის ეთიკის კოდექსში კვებითი დარღვევების გაშუქებას ცალკე მუხლი ეთმობა. კოდექსის მიხედვით ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტით არ უნდა წაახალისონ ბულემია, ანორექსია და კვებითი ფუნქციის დარღვევა.

BBC განსაკუთრებულ აქცენტს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე აკეთებს, რადგან სწორედ ამ ასაკშია დიდი რისკი, რომ მათ ეთერში გასული მასალებიდან მაგალითი აიღონ, რამაც შესაძლოა განაპირობოს კვებითი ფუნქციის დარღვევა ახალგაზრდებში. ასეთი გავლენის თავიდან ასაცილებლად, BBC თავის კორესპონდენტებს ურჩევს, კონსულტაცია გაიარონ ექსპერტებთან, რათა აუდიტორიაზე მავნე ზეგავლენა შეამცირონ.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს სოციალურ ქსელ Instagram-ზეც. ინსტაგრამი კრძალავს სიგამხდრის წამახალისებელი ფოტოების გამოქვეყნებას.

ორგანიზაცია Bodywhys, რომელიც კვებითი ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი ორგანიზაციაა, მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ ცნობილი ადამიანების კვებითი ფუნქციის დარღვევაზე, წონასა და დიეტებზე საუბრისგან. ამ საკითხების ხშირმა გაშუქებამ, ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა გამოიწვიოს მიბაძვა საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებში. ასევე ორგანიზაცია მედიას მოუწოდებს სიგამხდრის მიმზიდველად წარმოჩენა შეწყვიტოს - არ გამოაქვეყნოს ძალიან გამხდარი ადამიანების ფოტოები კვებითი დარღვევების შესახებ სტატიების დასურათებისას.
კატეგორია - ეთიკა
23 სექტემბერს „კურიერში“ გავიდა სიუჟეტი ბიზნესმენ არჩილ ვეკუას შესახებ, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება. ვეკუას საქმიანი პარტნიორი ალი კიზილდაგი ერთ-ერთი კომპანიის წილების, პროკურატურა კი თანხების უკანონო მითვისებას ედავებოდა, თუმცა ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ იგი გაამართლა. მოსარჩელე მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაიზიარა და არჩილ ვეკუას დაუსწრებლად 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ვეკუამ კი, თავის მხრივ, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

„კურიერის“ სიუჟეტში ქართველმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ზეწოლის შედეგად არ გაიზიარა, თავის მხრივ კი პრემიერს ამისკენ საქართველოში შვეიცარიის ყოფილმა ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა უბიძგა, რომელთანაც, ვეკუას ინფორმაციით, კიზილდაგს ახლო მეგობრობა აკავშირებს.

„კურიერის“ ინფორმაციითვე, ამ საკითხზე ვეკუა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს გიორგი გახარიას არაერთხელ შეხვდა, რომელმაც მას დაუდასტურა, რომ ბეხლერის ერთადერთი მოთხოვნა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა იყო. როგორც ვეკუა ამბობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე დღეში შეცვალა, „კურიერმა“ აუდიტორიას პრემიერის განცხადების მონაკვეთიც შესთავაზა, რომელიც მთავრობის მეთაურმა ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და სადაც განაცხადა, რომ შესაძლო კანონდარღვევას წილებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ.

გამართა თუ არა ნამდვილად გიორგი გახარიამ კონსულტაციები პრემიერთან ვეკუასა და კიზილდაგის დავაზე - „კურიერის“ კითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან ბიზნეს ომბუდსმენმა საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. ჟურნალისტმა პასუხი ვერც საქართველოში კიზილდაგის წარმომადგენლისგან მიიღო. თუმცა „კურიერს“ არ უცდია, გადაემოწმებინა ინფორმაცია, მართლა იყო თუ არა საქმეში გარეული შვეიცარიის ყოფილი ელჩი გიუნტერ ბეხლერი. კითხვა მნიშვნელოვანია, რადგან ვეკუა სწორედ მას ადანაშაულებს პრემიერის იძულებაში, ზეწოლა მოეხდინა სასამართლოზე. ბრალდების ადრესატს კი სიუჟეტში პასუხის გაცემის საშუალება არ მისცემია. გასაგებია, რომ ბეხლერის კომენტარი ადვილად მოსაპოვებელი არ იქნებოდა, მაგრამ სიუჟეტში მცდელობაც არ ჩანს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში კი ნათქვამია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 20,8: „პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება“.

მუხლი 20,9: „მაუწყებელმა დეტალურად უნდა აღწეროს ბრალდებები სათანადო პასუხის მიღების უზრუნველსაყოფად. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად, ზუსტად და გადაიცეს იმავე პროგრამით“.

მუხლი 14, 4: . „არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია“.
კატეგორია - ეთიკა
Geworld.ge-მ 23 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “აშშ-ის სახმელეთო ჯარების მინისტრად პედერასტს ნიშნავენ”. სტატია სათაურშივე შეურაცხმყოფელია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირების მიმარ, რადგან გამოყენებულია ისეთი შეურაცხმყოფელი ტერმინი, როგორიცაა „პედარასტი“.

„მასში დაინახა ბარაკ ობამამ “ლიდერის თვისებები და მდიდარი გამოცდილება, რომელიც საჭიროა ამ თანამდებობისთვის”. “მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის დაწყებას, რათა ჩვენი არმია შევინარჩუნოთ, როგორც საუკეთესო მსოფლიოში”, _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა უცნობია, სამხედრო მახასიათებლებს გულისხმობდა თუ სექსუალურს, როცა ამერიკის არმიის “საუკეთესოობაზე” ლაპარაკობდა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი სექსუალური უმცირესობების მიმართ სტერეოტიპებსაც აღვივებს. ის წერს, რომ „ლგბტ თემის წარმომადგენლებს გზა ყველგან ხსნილი აქვთ ამერიკაში“.

Geworld.ge-ს სტატიაში აშშ-ს მთავრობის მოწოდებას ლგბტ პირთა უფლებების დაცვის შესახებ მოხსენიებულია, როგორც „ისტერიკა“. ასევე მასალაში ჩამოთვლილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ის თანამდებობის პირები, ვინც, გამოცემის მტკიცებით, სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ. სტატია კი შემდეგი ციტატით სრულდება: „როგორც ჩანს, მსოფლიო შეიშალა, პირველ რიგში _ ბებერი ევროპა, რომელიც ქრისტიანულ ტრადიციებს განუდგა და აშშ-ს უხმოდ ემორჩილება“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
კატეგორია - ეთიკა
„ასავალ-დასავალი“ 21-27 სექტემბრის ნომერში თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხმყოფელი სტატიით. შეურაცხყოფა თვალში გვხვდება სათაურიდანვე - „გარეწრებო, გამოდით და იყვირეთ: მე არ ვარ შარლი!“ „თქვენ ყველანი ისეთივე კანიბალები ხართ, როგორებიც სირიელი მკვლელები!“

სათაურს თან ერთვის ფოტო, რომელზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე არიან გამოსახული.

სტატია ეხება ფრანგულ გამოცემა „შარლი ებდოში“ დამხრჩვალი სირიელი ლტოლვილი ბავშვის კარიკატურის გამოქვეყნებას. ავტორს მიაჩნია, რომ ამ კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს საპროტესტო აქცია უნდა მოეწყოთ, ტრანსპარანტებით - „მე არ ვარ შარლი“. ჟურნალისტი იხსენებს იმ პერიოდს, როცა „შარლი ებდოს“ რედაქციას თავს ტერორისტები დაესხნენ და ჟურნალის მხარდასაჭერ აქციებს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ ტრანსპარანტებით - „მე ვარ შარლი“.

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი სიტყვებით აკრიტიკებს.

ჟურნალისტი სიძულვილის ენას შეგნებულად, დემონსტრაციულად იყენებს და აცხადებს: „ტყუილად ნურავინ ეცდება, წამოიკნავლოს „ასავალ-დასავალი“ ისევ სიძულვილის ენით“ ლაპარაკობსო! „სიძულვილის ენა“ და „სიძულვილით აზროვნება“ სწორედ ლიბერასტული საზოგადოების „საფირმო ნიშანი“ და შიგთავსია!“

სტატიაში არასამთავრობო ორგანიზაციები მოხსენიებული არიან დამამცირებელი აბრევიატურით - ასო (თითქოსდა - არა-სამთავრობო ორგანიზაცია).

გაზეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაციას ცდილობს და მათ ხალხის მტრებად წარმოაჩენს: „საქართველოში მოქმედი ათასობით ასო-ს აბსოლუტური უმრავლესობა (99,99%), ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის საქართველოსა და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი და უცხოეთის ლაბორატორიებში გამოყვანილ მომაკვდინებელ ბაქტერიათა ბუდე!“

სტატიის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას სტერეოტიპული და ქსენოფობიური ფრაზებით აკრიტიკებს: „ეს ასო-ები, პატრონების დავალებით, გააფთრებით ებრძვიან ათასწლოვან ქართულ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს და ქართველთათვის აუცილებელ სივრცეს!“ „ეს ასოები მიზანმიმართულად იბრძვიან უცხოტომელებზე ქართული მიწის შეუზღუდავი გაყიდვისათვის!“

იგივე ავტორი სიძულვილის ენას („ცისფერი“, „პედერასტი“ და ა.შ.) იყენებს კიდევ ერთ სტატიაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ და მის ლიდერს, ირაკლი ვაჭარაძეს ეხება.
კატეგორია - ეთიკა
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის „პირველი სტუდიის“ დახურვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დისკუსიაში ჩართულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უსაფუძვლოდაა მიღებული და საქმე „შერჩევით ინტერესთა კონფლიქტთან“ გვაქვს. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაგანაწესში აღნიშნულია, რომ „ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა“.

Mediacheker-მა გადაწყვიტა, მიმოეხილა საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილი, რომელიც პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ურთიერთობას და მათ პროფესიულ საქმიანობას ასახავს.

„ვებსტერის“ ენციკლოპედიაში „ინტერსთა კონფლიქტი“ განმარტებულია, როგორც „კონფლიქტი პირად ინტერესებსა და ნდობის მანდატის მქონე პირის ოფიციალურ პასუხისმგებლობებს შორის“. მედიასაშუალებათა დიდი ნაწილის შინაგანაწესში აღნიშნულ საკითხს ცალკე თავი ეთმობა. იქ აღნიშნულია ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ჟურნალისტებს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად უწევთ.

„ინტერესთა კონფლიქტის“ საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია ჟურნალისტებისათვის. მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისათვის, რათა პირადმა დამოკიდებულებებმა გავლენა არ მოახდინონ მათ პროფესიულ საქმიანობაზე“, - აღნიშნულია ვაშინგტონ პოსტის ერთ-ერთ წერილში. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხშირია შემთხვევა, როდესაც გავლენიანი ჟურნალისტების ახლო ნათესავები თეთრ სახლში მუშაობენ.

იმ ჟურნალისტთა შორის, რომლებსაც მსგავსი კავშირები აქვთ, არის ABC-ს ახალი ამბების პრეზიდენტი ბენ შერვუდი. ის ელისაბედ შერვუდ-რენდალის ძმაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩევლის პოსტს იკავებს. ბენ შერვუდის კოლეგა CBS-ში, დევიდ როუდი, პრეზიდენტ ობამას მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში, ბენჯამენ როუდის ძმაა. CNN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვირჯინია მოუსლი კი 2015 წლის დასაწყისამდე ჰილარი კლინტონის მოადგილის, ტომ ნიდის მეუღლეა.

თეთრის სახლის პრესატაშეს (2014 წლის მაისამდე), ჯეი ქერნის ცოლია კლარა შიფმანი, რომელიც ABC-ს ვეტერანი რეპორტიორია. NPR-ის თეთრი სახლის კორესპონდენტი არი შაპირო კი ადვოკატ მაიკლ გოტლიბზეა დაქორწინებული. ეს უკანასკნელი თეთრ სახლს 2015 წლიდან შეუერთდა.

მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ სახის ურთიერთობებმა შესაძლოა, ობამას გაშუქებაზე გავლენა მოახდინოს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ახალ ამბებში თეთრი სახლის წარმატებები შუქდება. სწორედ მსგავს თემაზე დაიწერა კრიტიკული წერილი “The National Review Online“, სადაც ავტორმა ნათესაური ურთიერთობები პროფესიულ ინცესტს შეადარა.

„ნულის ტოლია ფაქტები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენ მიერ გაშუქებული ამბების მიუკერძოებლობაზე“, - აცხადებს ბენ შერვუდის შესახებ ჯეფრი შნაიდერი, რომელიც ABC News-ს წარმოადგენს. ამის დასტურად შნაიდერს მაგალითები მოჰყავს, სადაც ABC მწვავედ აკრიტიკებს თეთრ სახლს საერთაშორისო პოლიტიკის გამო.

CBS News-ზე ამბობენ, რომ ძმები როუდები მრავალი წლის მანძილზე ცდილობენ ინტერსთა კონფლიქტის აცილებას. როცა დეივი როუდი Fox-News-ის ამომავალი ვარსკვლავი იყო, მისი ძმა მაშინ იწყებდა პოლიტიკურ კარიერას. ამავე ტელევიზიის ახალ ამბებს ხელმძღვანელობდა როუდი, როდესაც მისი ძმა 2008 წლის არჩევნებში ობამას ეხმარებოდა და შემდეგ მისი მრჩეველიც გახდა.

მედიასაშუალებების უმეტესობა ამერიკაში განსაკუთრებით აკვირდება ჟურნალისტებს, რომლებსაც შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი შეექმნათ. გამოცემათა და ტელევიზიათა ნაწილი თანამშრომელთაგან მკაფიოდ მოითხოვს, გაემიჯნონ სფეროს, რომელშიც, შესაძლოა, მათი ოჯახის წევრის აქტივობა შედიოდეს.

ასე მაგალითად, ABC-ში ამბობენ, რომ შერვუდი არ აშუქებს უსაფრთხოების საკითხს, NPR-ში შაპირო თავს არიდებს თეთრი სახლის მრჩეველთა საბჭოსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას, CNN-ი კი აღნიშნავს, რომ ვირჯინია მოუსლიმ თავი აარიდა ბენღაზში რამდენიმე წლის წინ მომხდარი აფეთქების გაშუქებას, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის მისი ქმარი სახელმწიფო დეპარტამენტში არ მუშაობდა.

ინტერესთა კონფლიქტის რისკის ქვეშ მყოფი ჟურნალისტები, როგორც წესი, თავად აცხადებენ ამის შესახებ და ცდილობენ მის თავიდან აცილებას. ABC-ს ვეტერანი ჟურნალისტი, შიპმანი, რომელიც თეთრ სახლში, პოლიტიკის თემაზე მუშაობდა, „დილა მშვიდობისა ამერიკაში“ ფიტნესისა და ჯანსაღი კვების ნაწილის გასაშუქებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი ქმარი ჯო ბაიდენთან სამუშაოდ წავიდა. ბაიდენის ამჟამინდელი კომუნიკაციების სპეციალისტი შაილა მურეი კი ნეილ ქინგზე, “The Wall Street Journal“-ის მთავარ პოლიტიკურ რეპორტიორზეა დაქორწინებული. ჟურნალის ოფისში ამბობენ, რომ ქინგი რჩება პოლიტიკურ მიმომხილველად, თუმცა არ წერს ბაიდენსა და მის აქტივობებზე.

NPR-ს ჟურნალისტმა მიშელ ნორისმა კი თავად განაცხადა უარი რიგი საკითხების გაშუქებაზე მას შემდეგ, რაც მისი ქმარი სენატში, ჯონ ქერის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად წავიდა.

ამერიკის მსგავსი შემთხვევები გვხვდება ევროპის კონტინეტზეც. 2012 წელს, საფრანგეთის არჩევნებისას, ფრანსუა ოლანდის მეგობარმა ქალმა, ვალერი ტრიელვაილერმა, რომელიც „Paris Match“-ში პოლიტიკის თემაზე 1989 წლიდან მოყოლებული წერდა, ინტერესთა კონფლიქტის გამო უარი თქვა ამ საკითხზე მუშაობაზე და წიგნების მიმომხილველად გადავიდა.

ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად გაწერილი წესები BBC-ს აქვს. 2009 წელს, ტელეკომპანიამ ექვსსაათიანი ახალი ამბების წამყვანს, ჯორჯ ალაგიას, მოსთხოვა, თავი დაენებებინა საქველმოქმედო ჟურნალში მუშაობისათვის, რომელიც იმპორტულ საკვებ პროდუქტზე წერდა. ალაგია ჟურნალში გაწეული საქმიანობისათვის ანაზღაურებას არ იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ალაგიას საკვების მომავლის შესახებ გადაცემის ორი სერია უნდა წაეყვანა, BBC-მ მიიჩნია, რომ ტელეწამყვანის საქველომოქმედო საქმიანობას, შესაძლოა, მაუწყებლის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დაეყენებინა.

„ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ გადაწყვეტილება ძალიან დამამწუხრებელია როგორც გაზეთის, ასევე ჯორჯისათვის, მაგრამ BBC-ს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას რეპუტაცია და მიუკერძოებლობის პრინციპი,“ - აღნიშნული იყო ოფიციალურ განცხადებაში.

ერთი შეხედვით, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი გამოცემების თვითრეგულირების მექანიზმები უფრო მკაცრია, ვიდრე შეერთებული შტატებისა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟურნალისტებს, რომლებსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ, ხშირად, ახალ ამბებზე მუშაობის საშუალებას აძლევენ, თუმცა, როგორც წესი, არა იმ სფეროზე, რომელშიც მათი ახლო ნათესავი მოღვაწეობს. ევროპულ და ამერიკულ თვითრეგულირების მექანიზმებს ის საერთო აქვთ, რომ ჟურნალისტს მოეთხოვება ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წინასწარვე მიაწოდოს ინფორმაცია რედაქტორებს, პროდუსერებსა და მთლიან გუნდს.
კატეგორია - ეთიკა
6 დეკემბერ, 12 საათიან „მოამბეში“ გავიდა კადრსინქრონი , იმის შესახებ, რომ „თურქეთი ახალ ენერგეტიკულ მიმწოდებლებს და ახალ გზებს ეძებს. მასალის პირველი ნაწილი ეხება ერდოღანის განცხადებას, რომ „თურქეთმა შეიძლება რუსეთის ნაცვლად სხვა ენერგიის მიმწოდებლები იპოვოს“. ინფორმაციის წყაროდ „მოამბე“ BBC-ს უთითებს.

იმავე კადრსინქრონში „მოამბის“ წამყვანი ამბობს: „მედიასაშუალებები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თურქეთი ენერგორესურსების მიღების და რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების ტრანზიტის ახალ გზებს ეძებს. ამ კონტექსტში ინტერნეტგამოცემები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ასახელებენ და ვარაუდობენ, რომ ამ მარშრუტით მომავალი წლიდან უკვე რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა გახდება შესაძლებელი“. წამყვანის ტექსტიდან, გაუგებარი რჩება რომელი ინტერნეტგამოცემები ასახელებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ენერგორესურსების მიღების ალტერნატიულ გზად. ვინაიდან კადრსინქრონი BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით იწყება და კადრში სწორედ BBC-ს სტატია ჩანს, მაყურებელს შესაძლოა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ინფორმაცია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებაც BBC-მ გაავრცელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, სტატიაში, რომელიც „მოამბემ“ წყაროდ მოიყვანა, საერთოდ არაა ნახსენები რკინიგზის ეს პროექტი.

ინფორმაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ, თავდაპირველად lenta.ru -მ გაავრცელა. Lenta.ru სტატიის პირველი აბზაცი იწყება ასე: „რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე თურქეთი შეუთანხმდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს რუსეთის გვერდის ავლით ტვირთების გადაზიდვის პროექტების განვითარებაზე. მომავალ წელს იგეგმება ბაქო თბილისი ყარსის რკინისგზის მონაკვეთზე რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა“ . „მოამბეს“ ამ საკითხის გაშუქებისას, არ აღუნიშნავს ინფორმაციის წყარო - lenta.ru იყო.

მუხლი 13. „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე“.

მუხლი 14. „1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“.
კატეგორია - ეთიკა
9 სექტემბერს, „კურიერის“ მთავარ გამოშვებაში, გორში სტალინის ძეგლის შესაძლო აღდგენაზე სიუჟეტი გავიდა. მასალა შეიცავდა სტერეოტიპებს, რადგან როგორც წამყვანის, ისე სიუჟეტის ავტორის ტექსტებში, საკითხი განზოგადდა და გორის მთელი მოსახლეობა სტალინის მეხოტბედ წარმოჩნდა.

„სტალინი გორში ბრუნდება. უკვე მზად არის კვარცხლბეკი მუზეუმის მიმდებარე პარკში, სადაც ხვალ, სავარაუდოდ, ძეგლი აღიმართება, ქალაქის ერთ-ერთი სუპერმარკეტის ვიტრინებს კი ასევე იოსებ ჯუღაშვილის პორტრეტი ამშვენებს, - ასე ხვდებიან გორელები დიდი ბელადის ქანდაკებას,“- აღნიშნა წამყვანმა შესავალ ტექსტში.

ჟურნალისტმა კი სიუჟეტის დასასრულს თქვა: „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გორის მოსახლეობა სტალინის ძეგლის დადგმას ცდილობს. რამდენიმე თვის წინ ძეგლის აღმართვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა“.

გარდა საკითხისადმი სტერეოტიპული მიდგომისა, სიუჟეტი შეიცავდა ფარული მანიპულაციის ნიშნებსაც. კერძოდ, ჟურნალისტის მიერ გამოკითხული გორის ოთხივე მცხოვრები, რომლებიც სტალინის ძეგლის დადგმის იდეას იზიარებდნენ, საშუალო ასაკს გადაცილებულნი იყვნენ. ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, თუ რას ფიქრობენ მოქალაქეთა ჯგუფის ინიციატივაზე შედარებით ახალგაზრდა მოქალაქეები, სტუდენტები და ა.შ., რომელთა ნაწილი საბჭოთა კავშირში არ დაბადებულა და შესაძლოა, უფროსი თანამოქალაქეებისგან განსხვავებით, საბჭოთა დიქტატორის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდათ. ამ გამოკითხვით, ვინაიდან მასში განსხვავებული აზრი არ გამოთქმულა, შეიქმნა ცრუ შთაბეჭდილება, რომ ძეგლის დადგმას ყველა გორელი უჭერს მხარს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს სტერეოტიპების გავრცელებასა და ცრუ, შეცდომაში შემყვანი ინფრომაციის გავრცელებას.

კატეგორია - ეთიკა
საგარეჯოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თამარ ხიდაშელს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებით აკრიტიკებენ.

გაზეთის აგრესია დიდწილად, მიმართულია არა ზოგადად „ქართული ოცნების“, არამედ ამ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის - რესპუბლიკური პარტიის მიმართ.

7-13 სექტემბრის „ასავალ-დასავალის“ მე-5 გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი წერს: „ოცნებაში“ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თამარ ხიდაშელი გამოჩხრიკეს. თუმცა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, თინა ხიდაშელის ადგილმონაცვლის შერჩევის პრეროგატივა რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა და მანაც თავისი მაღალი ყურადღება კიდევ ერთ ლიბერასტზე და თანაც - ხიდაშელზე - თამარზე შეაჩერა...“

ავტორი ქსენოფობიურ გამონათქვამებს იყენებს, ასევე, ეთნიკურ უმცირესობებზე საუბრისას: „თამარ ხიდაშელის რესპუბლიკელობა იქით იყოს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მან თავისი ლიბერასტობა არ დამალა და პირდაპირ თქვა, ადამიანის უფლებების კუთხით გავირჯებიო - ნახეთ, საგარეჯოს რაიონში რამდენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენო! ანუ საგარეჯოში მცხოვრები ქართველები და მათი ინტერესები თამარ ხიდაშელისთვის მეათეხარისხოვანია! ნამდვილი ლიბერასტი რესპუბლიკელია და რა ქნას, ვერ მალავს თავის შიგთავსს!“

პარალელურად, „ასავალ-დასავალი“ დადებითად აშუქებს თამარ ხიდაშელის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის - „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის აქტიურობას. გაზეთის მე-4-მე-5 გვერდზე გამოქვეყნებულია ირმა ინაშვილთან ვრცელი ინტერვიუ, სადაც რესპონდენტიც და ჟურნალისტიც უარყოფითი ტონით საუბრობენ თამარ ხიდაშელზე. მეორე მხარის პოზიციას კი გაზეთში ადგილი არ ეთმობა.

რესპუბლიკური პარტიისადმი გაზეთის ჟურნალისტების აგრესია სხვა პუბლიკაციებშიც გვხდება.მე-8 გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც დეპუტატ თამაზ მეჭიაურისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა დაპირისპირებას ეხება, ჟურნალისტი წერს: „რესპუბლიკელი ხომ სწორედ იმის რესპუბლიკელია, რომ გულღრძოობისა და ქვებუდანობის გარეშე არ შეუძლია! იმ მორიელისა არ იყოს, კუს მდინარის მეორე ნაპირზე ზურგით რომ გადაჰყავს, ის კი შუა გზაში დაგესვლას დაუწყებს!“