კატეგორია - ეთიკა
ინფორმაციის არასრულად გაშუქება -
ეს იყო ის ძირითადი პრობლემა, რაც რეგიონული მაუწყებლების გასული ორი
კვირის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგისას
გამოიკვეთა. მედიაჩეკერი აკვირდება ტელეკომპანია „რიონის“,
„თრიალეთის“, „გურჯაანისა“ და საზოგადოებრივი მაუწებლის აჭარის
ტელევიზიის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს.
ტელეკომპანია “გურჯაანის“ 3
დეკემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი , სადაც
საუბარია, რომ სიღნაღის სახელმწიფო თეატრში წყალი ჩამოდის და ფილები
აყრილია.
ჟურნალისტი ამბობს, რომ აღნიშნულ
შენობას რეაბილიტაცია 2007 წელს ჩაუტარდა, თუმცა თეატრის რეჟისორის
თქმით, სამუშაოები სწრაფად და არასწორად განხორციელდა. თეატრი
დახმარებას ადგილობრივ ხელისფულებას სთხოვს. სიუჟეტის ბოლოს კი
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, გამოიყოფა თუ არა 2016
წლის სიღნაღის ბიუჯეტში თანხა თეატრის პრობლემის მოსაგვარებლად.
მასალაში თემაზე მხოლოდ ერთი რესპონდენტი - თეატრის რეჟისორი საუბრობს
და ხაზს პრობლემის სიმწვავეს უსვამს. თუმცა, არც ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენელია ჩაწერილი და არც ამ საკითხზე
პასუხისმგებელი სხვა რომელიმე პირი.
ინფორმაცია არასრულად იყო
გაშუქებული ტელეკომპანია “თრიალეთის“ 1 დეკემბრის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში. მაყურებელმა იხილა სიუჟეტი, რომელიც გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში სასმელი წყლის პრობლემას უკავშირდება.
ჟურნალისტი განმარტავს, რომ სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე წყლის მილების რეაბილიტაციის პროცესი უკვე
დაწყებულია, თუმცა თავდაპირველად წყლის რეზერვუარი მხოლოდ 130 ოჯახს
მოამარაგებს. ის აღნიშნავს, რომ სათემოს მოსახლეობის ის ნაწილი,
რომელიც წყლის ძველი სისტემით სარგებლობს, წყლის სისტემის სრულ
რეაბილიტაციას ითხოვს. სიუჟეტი არასრულია. მაყურებლისთვის გაუგებარი
დარჩა, რა პრინციპით შეარჩია ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული 130
ოჯახი, რატომ აპირებს ის წყლის რეზერვუარით სოფლის მხოლოდ ნაწილის
უზრუნველყოფას და კონკრეტულად, დროის რა მონაკვეთს მოიცავს “უახლოესი
მომავალი“, რომელშიც დარჩენილ 22 კომლს სასმელი წყლის პრობლემა
მოეხსნება.
ცალმხრივად და არასრულად გაშუქდა
ინფორმაცია ტელეკომპანია “გურჯაანის“ 8 დეკმებრის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში “დღეს“.
სიუჟეტში ზურაბიშვილების ოჯახზეა
საუბარი, რომლებსაც სოციალური დახმარება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც
მათი შვილი სასწავლებლად თბილისში გადავიდა და აღნიშნული დემოგრაფიული
ცვლილების შესახებ ოჯახმა სოციალური დახმარების სააგენტოს შეატყობინა.
მასალაში ორი რესპონდენტი საუბრობს, ორივე ამ ოჯახის წევრია. სიუჟეტში
არ არის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის კომენტარი,
თუმცა ჟურნალისტი აღნიშნავს :
“როგორც სოციალური მომსახურების
სააგენტოში განაცხადეს, ზურაბიშვილების გადამოწმების ერთ-ერთი მიზეზი
დემოგრაფიული ცვლილება გახდა. რაც შეეხება სოციალური შემწეობის
შეწყვეტას, ოჯახს მაღალი ქულები მიენიჭა, რაც ფულად დახმარებას არ
ითვალისწინებს და მათივე ინფორმაციით, მაღალი ქულების მინიჭება ,
სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლის ფართმა განაპირობა. “
მასალაში სოციალური შემწეობის
მოხსნის ორ სავარაუდო მიზეზზეა საუბარი: ერთი, რომ ოჯახის ერთ-ერთი
წევრი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და მეორე, ოჯახის საცხოვრებელი
სახლის ფართი. ჟურნალისტი სოციალურ სააგენტოს არცერთი აღნიშნული
მიზეზის შესახებ სრულ ინფორმაციას არ თხოვს, მაყურებლისთვის გაუგებარი
დარჩა მათი პოზიცია. შედეგად, სიუჟეტიდან ვერ გავიგეთ, რეალურად რა
გახდა ამ ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის ზუსტი მიზეზი.
ამასთან, არც ის ჩანს, რომ ჟურნალისტი ამ მიზეზების გარკვევას
შეეცადა.
ფოტო: ამერიკის ხმა
15.12.2015
ვრცლად