ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ონლაინ მედიასაშუალებები „რეპორტიორი“ და „kutaisitoday.com” ავრცელებენ სიახლეებს სათაურით: „ბონდო მძინარაშვილი ნაციონალებს: მალე ნახავთ, რა არის ინკვიზიცია!“ და „აღვადგინოთ სიკვდილით დასჯა და ძელზე გავსვათ ეს პათოლოგები”–ბონდო მძინარაშვილი“.

გამოცემებმა, „ობიექტივის“ წამყვანის ბონდო მძინარიშვილის მიერ სოციალური ქსელის პირად გევრდზე გავრცელებული სტატუსი გამოაქვეყნეს, სადაც ის აზიარებს ვიდეო ამონარიდს ფილმიდან „მაკულატურა,“ რომელშიც ასახულია ძალადობის სცენები და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ასე აწამებდა ადამიანებს: „თქვენ აწამებდით ანდა თქვენი წახალისებით თუ დუმილით აწამებდნენ ხალხს! თქვე ჯალათებო! თქვე მანიაკებო! თქვე პათოლოგებო! თქვენც მალე ნახავთ, რა არის ინკვიზიცია!"

იგივე შინაარსისაა kutaisitoday.com-ის ნიუსი რომლის წყაროც ისევ სოციალური ქსელის მეშვეობით მძინარიშვილის მიერ გავრცელებული სტატუსია, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მხარდამჭერებს „ნაცსექტანტებს“ უწოდებს: „აღვადგინოთ სიკვდილით დასჯა და ძელზე გავსვათ ეს პათოლოგები და მათი მფარველები!“

პროფესიული სტანდარტების მიხედვით, ჟურნალისტი, მაქსიმალურად უნდა ერიდოს ისეთი კომენტარების, ინტერვიუების, ტირაჟირებას, რომელიც დისკრიმინაციის ნიშნებსა და ძალადობისკენ მოწოდების ნიშნებს მოიცავს.
კატეგორია - ეთიკა
ონლაინ გამოცემა Geworld.ge-ზე ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „აჩვენეთ ეს კადრები საქართველოს და “ნაცბანდა” აღარ იქნება!“. ტატიის ავტორი იყენებს დისკრიმინაციულ ეპითეტებს სხვადასხვა პირის მიმართ.

მისი აზრით, წამების კადრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, უნდა ნახოს ყველა ქართველმა (გარდა ბავშვებისა) და ამის მერე არ იარსებებს საერთოდ ნაციონალური მოძრაობა, რომლებსაც „ნაცბანდად“ და „ნაცხროვად“ მოიხსენიებს.

ჟურნალისტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს „ქათმებს“ და „დოლარნაჭამ ასოებს“ უწოდებს, აქვეა განმარტება, თუ რა იგულისხმება ამ ტერმინში (არასამთავრობო ორგანიზაციები)

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნულიანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი და ნიკა გვარამიას დაკითხვა პროკურატურაში 22 ოქტომბრის მთავარი ამბავი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და „რუსთავი 2-ის“ შენობასთან მოქალაქეთა აქციები მიმდინარეობდა. საღამოს ცნობილი გახდა, რომ გვარამიამ ალექსი ახვლედიანი დაასახელა იმ პირად, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება მას ეკონტაქტებოდა და სწორედ მან გადასცა მუქარის შემცველი შეტყობინებაც. დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტიც, რომელმაც საკუთარ განცხადებაში პრემიერ მინისტრი გააკრიტიკა.

ეს ამბები გახდა მთავარი თემა ტელემედიისთვისაც, მათ საინფორმაციო გამოშვებები სწორედ, პროკურატურაში ალექსი ახვლედიანის მისვლით და იქ განვითარებული მოვლენებით დაიწყეს.

ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო გამოშვება „2030“ არ ყოფილა გამონაკლისი. მათ გადაცემა პროკურატურიდან ჩართვით დაიწყეს და აღნიშნეს, რომ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანია ის პირი, რომელიც ნიკა გვარამიას „სამთავრობო მესიჯებს“ აწვდიდა. რასაც თავად ახვლედიანის, შემდეგ კი გვარამიას კომენტარები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტს არ განუმარტავს რა იყო ეს „სამთავრობო მესიჯები“, არ უხსენებია კონკრეტულად რა ბრალდებას უყენებს გვარამია ხელისუფლებას. მით უფრო რომ წინა დღეს „2030-ს“ საკუთარი მაყურებლისთვის ამ თემაზე არ მიუწოდებია ამომწურავი ინფორმაცია და არც გვარამიას გამოსვლა გაუშვიათ ეთერში.

მეორე ჩართვა ჰქონდათ რუსთავი ორის ოფისთან, სადაც აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ აქციის მონაწილეები ფიზიკურად აპირებენ ტელეკომპანიის დაცვას. ცალკე სიუჟეტი მიუძღვნეს სასამართლო პროცესს, არ აღუნიშნავთ რომ მოქალაქეები იქაც იყვნენ შეკრებილები „რუსთავი 2-ის“ მხარდასაჭერად.

ამის შემდეგ კი, დრო ციხის კადრების საზოგადოებაზე გავლენაზე ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების მოსაზრებებს დაეთმო. რასაც მოჰყვა კიდევ ერთი სიუჟეტი ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევაზე. შემდეგ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩართვით დაუბრუნდნენ „რუსთავი 2-ის“ თემას და პრემიერის განცხადება და მის საპასუხოდ პრეზიდენტის გამოსვლა გაუშვეს ეთერში. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არაადეკვატურს უწოდებდნენ პრეზიდენტის განცხადებას, რასაც მოჰყვა გია ვოლსკისა და თამარ კორძაიას განცხადებები. ეთერში არ გაუშვიათ მინისტრების მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკება.

„2030-სგან“ განსხვავებით, უფრო სრულყოფილად და დიდი ქრონომეტრაჟით გააშუქეს მიმდიანრე მოვლენები „იმედმა“, „პირველმა არხმა“, „მაესტრომ“ და „კავკასიამ“. მათაც საინფორმაციო გამოშვება პროკურატურიდან ჩართვით დაიწყეს. ეთერში გაუშვეს როგორც ალექსი ახვლედიანის, ისე ნიკა გვარამიას კომენტარები. თქვეს, რომ პროკურატურამ გვარამიას დაცვა შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა უნდობლობის გამო. მცირედად განსხვავებული იყო „მაესტრო“, რომელიც გვარამიას კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ალექსი ახვლედიანმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები და „მესენჯერობა“ უარყო.

ზემოთ აღნიშნულ მაუწყებლებში მეორე სიუჟეტი უკვე რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს დაეთმო, რომელიც ნიკა გვარამიასთვის პროცესებზე დასწრების აკრძალვით დაიწყო. სიუჟეტში აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ “რუსთავი 2-ის” ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მოსამართლე ურთმელიძის აცილება, თუმცა არ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა. ისაუბრეს სხვა არდაკმაყოფილებულ შუამდგომლობებზე და აღნიშნეს, რომ პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მაყურებელს მიაწოდეს ინფორმაცია ტელეკომპანიის შენობასთან მიმდინარე აქციის შესახებაც.

შემდეგ გაშუქდა პრემიერ მინისტრის და პრეზიდენტის შეფასება. მაუწყებლების ნაწილმა მათი გამოსვლა „რუსთავი 2-ის“ კონტექსტში, ნაწილმა კი ძალადობის მოწოდება/დაგმობის ჭრილში განიხილა.

მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თქვა, რომ „რუსთავი ორის“ სასამართლო პროცესთან და ოპონენტებთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრემიერი პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნე ხდება“.

„იმედმა“ კი ასეთი შესავალი გაუკეთა - „სახელისუფლებო ტრიბუნიდან დღეს ორი განცხადება გაკეთდა და ორივე კრიტიკის საგანი გახდა. პრეზიდენტმა დღეს პოლიტიკური კლიმატის ესკალაციასა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობაზე მიანიშნა“.

ყველა სიუჟეტში ნაჩვენები იყო მთავრობის წევრთა კრიტიკული კომენტარები პრეზიდენტის მიმართ.მხოლოდ „იმედმა“ გაუშვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მოსაზრება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა სხვდასხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების შემდეგ.
კატეგორია - ეთიკა
21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ საუბარი იყო „რუსთავი 2-ისა“ და ნიკა გვარამიას შესახებ. სტუმართან საუბარში წამყვანმა ქალების მიმართ სტერეოტიპული და შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა:

„თემურ, კაცურად გეტყვი: ქალიშვილებივით იჯდნენ გუშინ და ყაყანებდნენ. გახსოვს, ხაშურში რა გააკეთეს? ის კაცი რომ მოკლეს, პოლიციაში. ხუთი თუ ოთხ ტელევიზიაში ერთნაირი ტექსტით გავიდა. ამის შემდეგ ამათმა როგორ უნდა ილაპარაკონ გამოხატვის თავისუფლებებსა და რამეზე?“

კატეგორია - ეთიკა
ინტერპრესნიუსი, ინფო 9, reportiori.ge, kvira.ge, "სააგენტო პირველი" - ამ მედიასაშუალებებმა ე.წ. „უკრაინული ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ბოკერიასთან ერთად საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს, პირდაპირ, გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს. ტელევიზიებიდან კი, თემა „იმედმა“ გააშუქა და ნაციონალურ მოძრაობას კომენტარისთვისაც დაუკავშირდა, თუმცა პარტიაში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ქართულმა მედიასაშუალებებმა „უკრაინულ ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული ინფორმაცია უცვლელად შემოგვთავაზეს. ინფორმაცია არ ყოფილა გადამოწმებული სხვა წყაროებთან. თავად "უკრაინული ვიკილიქსი" ირწმუნება, რომ მათ საიტზე გამოქვეყნებული მასალა, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამაა. მასალაში არ არის ფოტო, ვიდეო, აუდიო ან სხვა სახის ჩანაწერი, რომელიც ინფორმაციას უფრო სარწმუნოს გახდიდა.

ეჭვს იწვევს, თავად ინფორმაციის პირველადი წყაროს, ე.წ. „უკრაინული ვიკილიქსის“ სანდოობის საკითხიც. მათ საიტზე, საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე, ცნობები პროექტის შესახებ არ იძებნება. საიტს აქვს ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც, დარეგისტრირება და ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გამოქვეყნებული ინფორმაციის დაახლოებით 80% მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "კომპრომატებს" მოიცავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია:

პირველი პრინციპი: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია. არაიდენტიფიცირებული ინფორმაცია, რაგინდ მნიშვნელოვანი, უნდა გავიდეს სარედაქციო სვეტში და არა ახალ ამბებში. იგივე ეხება ამბავს, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, მაგრამ რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად ფოტოთი, ვიდეოთი, ხმის ჩანაწერით და ა.შ."

მესამე პრინციპი: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 13.

1. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე.

2. მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 14:

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

2. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის, მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.

3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია.

5. ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა დააზუსტოს მისი წარმომავლობა და სიზუსტე. თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია.
კატეგორია - ეთიკა
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებას ყველაზე მეტი დრო "იმედმა" დაუთმო 2015-10-22 ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 20 ოქტომბერს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ განმარტებები გააკეთა და პრესკონფერენცია გამართა. ეს საკითხი თითქმის ყველა ტელევიზიამ გააშუქა სხვადასხვა აქცენტით, თუმცა ყველაზე მეტი დრო ტელეკომპანია „იმედმა“ დაუთმო.

ტელეკომპანია „იმედმა“ „გაზპრომთან“ მოლაპარაკება და ზოგადად საქართველოს გაზმომარაგების საკითხი 2 სიუჟეტში გააშუქა „ქრონიკის“ მთავარი გამოშვების დასაწყისში. გადაცემის მეორე ბლოკში კი სტუმრად ენერგეტიკის მინისტრი მოიწვიეს. „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საკითხი მეორე ამბავი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" ამ თემაზე სიუჟეტი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მე-3 სიუჟეტად გაუშვა. ჯიდიეს-ის გადაცემა 2030-ზე კი „გაზპრომის“ საკითხი მეოთხე სიუჟეტად მე-19 წუთიდან გაშუქდა. ტელეკომპანია „მაესტრომ“ მთავარ გამოშვებაში „გაზპრომის“ საკითხს საერთოდ არ დაუთმო დრო. კახა კალაძის პრესკონფერენცია მოკლედ მიმოიხილეს გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“.

„იმედის“ „ქრონიკამ“ აქცენტი „გაზპრომიდან“ კომერციული გაზის მიწოდების აუცილებლობაზე გააკეთა. ჟურნალისტი გაესაუბრა ბიზნესმენებს, რომლებმაც ხაზი გაუსვეს, რომ თუ ბაზარზე ალტერნატიული წყარო და შესაბამისად, გაზის უფრო დაბალ ფასად მიღების შესაძლებლობა გაჩნდება, ამ ვითარებით ისარგებლებენ მეტი მოგების მისაღებად.

ევროპაში რუსული გაზის დაბალ ფასზე ისაუბრა თავად ჟურნალისტმაც.

„ევროპაში რუსული საწვავის ფასი დღეს უკვე შემცირებულია 250 დოლარამდე, საქართველოში კი კომპანიების ნაწილისთვის აზერბაიჯანული გაზის ფასი 315 დოლარს აღწევს. გაზგასამართმა სადგურებმა, ლარის გაუფასურების გამო, პროდუქცია გააძვირეს, დღეს იმედი აქვთ, რომ სიტუაცია შეიცვლება“, - აღნიშნა „ქრონიკის“ ჟურნალისტმა.

კახი კალაძის პრესკონფერენციიდან კი „ქრონიკის“ სიუჟეტში ვიცეპრემიერის განცხადებების პოლიტიკური ნაწილი მოხვდა. კალაძემ აღნიშნა,რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება 2003 წელს გაფორმდა და მოლაპარაკებები რუსულ ენერგოგიგანტთან ყოველწლიურად მიმდინარეობდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც კი.

გამოშვების მეორე სიუჟეტი მიეძღვნა საქართველოს მთავრობისა და „გაზპრომის“ ურთიერთობის 12 წლიან ქრონიკას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ „გაზპრომთან“ ურთიერთობას წინა ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლები არ თაკილობდნენ მაშინ, როცა იმდროინდელი ოპოზიციონერები, დღეს კი მმართველი კოალიციის წარმომადგენლები, (ზვიად ძიძიგური, დავით უსუფაშვილი) რუსული ენერგოდამოკიდებულების გამო ჩიოდნენ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. სიუჟეტში აღინიშნა ისიც, რომ 2005 წელს განიხილებოდა მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვის ვერსიაც, თუმცა როგორც სიუჟეტში აღინიშნა, მაშინ ეს აშშ-ში არ დაუშვეს და საქართველოს 300 მილიონიანი დახმარება გამოუყვეს.

გადაცემის მეორე ბლოკში ენერგეტიკის მინისტრის 20 ოქტომბრის პრესკონფერენციას „ქრონიკის“ წამყვანმა „წინა ხელისუფლებისა და „გაზპრომის“ ურთიერთობის მამხილებელი პრესკონფერენცია“ უწოდა. ამ ბლოკში სტუმრად კახი კალაძე მიიწვიეს. მან ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდაზე ისაუბრა. „სოკარის“ შევიწროებაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა კალაძემ და კვლავ გაიმეორა, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება 2003 წლიდან არის გაფორმებული.

აღსანიშნავია „ქრონიკის“ წამყვანის ბოლო კითხვა, რომელიც ეხებოდა მამუკა არეშიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საკითხი ეხება 2006 წელს რუსულ ნაწილში გაზსადენის აფეთქებას, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობა გაზის გარეშე დარჩა. როგორც არეშიძეს უთქვამს ჟურნალისტებისთვის, იმ დროს ინგუშეთში მისთვის ურჩევიათ, რომ აფეთქების კვალი საქართველოში მოეძებნა.

- „თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ე.წ. ქართულ კვალთან დაკავშირებით?“

- „მე გამიგია ბატონი მამუკა არეშიძის სერიოზული კავშირების შესახებ. ის წლებია, კავკასიის თემაზე მუშაობს. აქ საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა ჩვენს მოსახლეობას, აშინებდა, აშანტაჟებდა, ინსცენირებას აწყობდა ტერაქტების, „მოდელირებული ქრონიკის“ და ამ ადამიანებისგან მოულოდნელი არაფერია, თუმცა მე გამიჭირდება რამე კონკრეტიკაზე საუბარი. ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურები იმ ინფორმაციით, რაც მოვისმინეთ, უნდა დაინტერესდნენ“

- „ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყურადსაღები თემაა და ამის გამოძიება უნდა მოხდეს.“

- მე ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები, უნდა მოიკვლიონ მასალები ამასთან დაკავშირებით და თუ რამე ხელმოსაკიდი არსებობს, უნდა დაიწყოს გამოძიება“

რაც შეეხება „რუსთავი 2-ს“ , აქ „კურიერის“ 21 საათიან გამოშვებაში მთავარი აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ „გაზპრომიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა საქართველოსთვის გარდაუვალი იქნება”. სწორედ ამ ფრაზით წარადგინეს წამყვანებმა სიუჟეტი. მათ კალაძის პრესკონფერენციას „დაგვიანებული კომენტარი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკის მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. “რუსთავი 2-მა” სიუჟეტს დაახლობით ოთხი წუთი დაუთმო.

სიუჟეტში აღინიშნა, რომ საქართველო ამ ეტაპზე რუსულ გაზს მხოლოდ რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან იღებს. ქვეყანა სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს 110 დოლარად ყიდულობს. დანარჩენი წილი კი აზერბაიჯანზე მოდის. „კურიერის“ ჟურნალისტის თქმით, ამ ვითარების ცვლილება „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

სიუჟეტში კალაძის ორი სინქრონია გამოყენებული. ერთში ვიცეპრემიერი ამბობს, რომ იმის შესახებ, თუ რატომ არ ჰქონდა აზერბაიჯანს დამატებითი მოცულობები, ალბათ, აზერბაიჯანს უნდა დაუსვან კითხვები. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კალაძემ ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეს არ შეუქმნის. „კახა კალაძემ ამის დასტურად ის ხელშეკრულებები მოიყვანა, რომელიც 2003 წლის მაისიდან დღემდე რუსეთის სახელწიფო ენერგოგიგანტთან გაფორმებულა“.

კალაძის მეორე კომენტარი ექსპერტების კრიტიკას ეხებოდა. კალაძემ აღნიშნა “დღეს რატომღაც ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს გაზპრომთან და მილსადენთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოვლენებს”. “საინტერესო მოვლენების” შესახებ მინისტრს სიუჟეტში აღარ უსაუბრია. მის კომენტარს ექსპერტების პასუხი მოჰყვა. ექსპერტებად ფინანსების სპეციალისტი რომან გოცირიძე და საზოგადოება „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა იყვნენ წარმოდგენილი. რომან გოცირიძის თქმით, “დღეს უკან დაბრუნება ეს არის სიბეცე. ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი”. ხოლო ნიკა რურუამ კალაძის “ვირეშმაკობაზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ის “ნაცარს აყრის ყველას თვალებში”.

სიუჟეტში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა კალაძის ინიციატივას “მოღალატეობირივი ნაბიჯი” უწოდა. ენერგეტიკის მინისტრი გააკრიტიკეს საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებმაც. ჟურნალისტმა კი აღნიშნა, რომ რუსეთთან ფარული მოლაპარკებებსა და ანტისახელწიფოებრივ ქმედებებში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მთავრობა საპარლამენტო ოპოზიციამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ თუ საქართველო გაზის მიწოდების სხვა გზას არ იპოვის, ქვეყანა კვლავ რუსეთზე დამოკიდებული გახდება“, - აღნიშნა ჟურნალისტმა. სიუჟეტის ბოლოს კი თინა ხიდაშელის კომენტარია ჩაწერილი, რომელიც ამბობს, რომ “ეს თანამშრომლობა მიმდინარეობს ტრანზიტის რეჟიმში. არა იმ რეჟიმში, რაზეც დღეს ისტერიკა და წიოკია ატეხილი”. საზოგადოებრივი მაუწყებლის “მოამბის“ მთავარი აქცენტი ის იყო, რომ რუსულ ენერგოკომპანიასთან მოლაპარაკებას წინა ხელისუფლებაც აწარმოებდა და ამ პროცესში “სიახლე არაფერი იყო”.

3,5-წუთიანი მასალის წარმდგენი ტექსტი ასე დაიწყო “გაზპრომთან მოლაპარაკების თემაზე პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება. ამ დღეებში გახშირებული ბრალდებების პასუხად ენერგეტიკის მინისტრი ყოფილ პრეზიდენტს მაგისტრალური გაზსადენის “გაზპრომზე” გასხვისების მცდელობაში ადანაშაულებს. კახა კალაძე ოპონენტებს 2005 წლის მოლაპარაკებებს ახსენებს. ვიცეპრემიერი, რომელიც ბრიუსელში გამართული შეხვედრის გამო ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნეა, დღეს ადასტურებს, რომ მოლაპარაკება ტრანზიტული გაზის მოცულობის გარდა რუსული კომპანიისგან დამატებითი ბუნებრივი აირის შეძენასაც ეხებოდა. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამ მოლაპარაკებაში სიახლე არაფერია. მეტი დამაჯერებლობისთვის მინისტრი მედიის წინაშე “გაზპრომთან” 12 წლის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულების მუხლებით და კონკრეტული ციფრებით წარდგა”.

ტექსტში ჟურნალისტი ამბობს: “ენერგეტიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებში ახალი არაფერია. მისი თქმით, 2005 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, ხელისუფლება “გაზპრომთან” აქტიურ მოლაპარაკებაში იყო ჩართული სომხეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის გასხვისების საკითხზე”.

ბრიფინგიდან აღებულია მინისტრის ციტატა, რომელიც გასხვისების დეტალებზე და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე საუბრობს. კალაძე იქვე იმასაც განმარტავს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში აწარმოებდა.

სიუჟეტში ჩაწერილია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, აკაკი მინაშვილის, კომენტარიც, რომელიც კალაძის განცხადებას ტყუილს უწოდებს. „დაახლოებით 2 კვირა ფიქრობდა ხელისუფლება ამ ტყუილ არგუმენტებზე. მთელმა საქართველომ ძალიან კარგად იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში საქართველომ მოიპოვა ენერგოდამოუკიდებლობა,” - ამბობს მინაშვილი.

ენერგეტიკის მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ბუნებრივი აირის ექსპორტის ბოლო 12 წლის მონაცემების გაცნობის შემდეგ შეფასებებს აკეთებენ ექსპერტებიც. “როგორც ჩანს, კალაძის ახლანდელი მოლაპარაკება “გაზპრომთან” იყო ერთ-ერთი მათგანი, რაც ტრადიციულად ამ წლების მანძილზე ტარდებოდა “გაზპრომთან” სწორედ ამ ტრანზიტის პირობებზე დ დამატებითი გაზის მოცულობებზე. ასე, რომ ახალი და საგანგაშო, როგორც ჩანს, ამაში არაფერი ყოფილა,” - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ენერგეტიკის საკითხზე ჩაწერილია მამუკა არეშიძის კომენტარიც. რომელიც აღნიშნავს, რომ მაშინდელმა მთავრობამ სტრატეგიული ობიექტის სტატუსი მოუხსნა მილსადენს და ახლაც იმავე ტიპის ვაჭრობა მიდის. თუმცა არეშიძე იქვე აჟღერებს მთავრობის პოზიციას და ამბობს, რომ ახლა გაზის დივერსიფიკაციაზე მიდის საუბარი. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს, რომ ენერგეტიკის მინისტრის თქმით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

GDS-ის გადაცემა 2030-ში აქცენტი გაკეთდა გაზპრომთან 12 წლიან ურთიერთობაზე, რომ შეხვედრები რეგულარულად იმართებოდა წინა მთავრობის დროსაც. სიუჟეტში ნათქვამია, რომ 2005 წელს მთავრობა მაგისტრალური გაზსადენის გაზპრომისთვის მიყიდვას აპირებდა. რასაც მოსდევს კალაძის კომენტარი, რომლის თანახმადაც აშშ-მ შეუშალა ხელი ამ მილსადენის გასხვისებას. ჟურნალისტის თქმით, 21 დამატება შევიდა გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ამით დასტურდება ის ურთიერთობები, რაც წლებია იყო, არის და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება „გზაპრომთან“.

სიუჟეტში ნაჩვენებია საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ დამფუძნებლის, წინა მთავრობის წევრის, ნიკა რურუას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ გაზპრომთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას დაუშვებლად მიიჩნევს. ამავე აზრს იზიარებს ჟურნალისტი გელა ბედინეიშვილი, რომელიც ჩაწერილია, როგორც გაზპრომის წინააღმდეგ ჩატარებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ჟურნალისტი ბედინეიშვილზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2006 წლიდან რუსული გაზის მოხმარების მხრივ იყო კლების ტენდენცია, ახლა კი ხელისუფლება რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას კვლავ ზრდის.

ამის შემდეგ ნაჩვენებია უმცირესობისა და უმრავლესობის კომენტარები „გაზპრომის“ შესახებ. ექსპერტის სტატუსით ჩაწერილია ლევან კალანდაძე, რომელიც, ჟურნალისტის თქმით, რუსეთიდან გაზის მოცულობის ზრდაში საფრთხეს ვერ ხედავს. კომენტარში ლევან კალანდაძე აღნიშნავს - „ის, რომ საქართველოს ახლა ეძლევა შესაძლებლობა სომხეთში ტრანზიტის მოცულობის გაზრდით დამატებითი სარგებელი მიიღოს, ამაზე უარის თქმა ჩვენი მხრიდან არარაციონალური იქნება“.ამ ნაწილით იქმნება შთაბეჭდილება რომ საუბარია რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე და არა საქართველოს მიერ რუსეთიდან გაზის შესყიდვაზე.

„მაესტროს“ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ ზოგადად გაშუქდა კახი კალაძის პრესკონფერენცია, რომელიც წამყვანმა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ შეხვედრის შემდეგ არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან გამოწვეულ რეზონანსს არაჯანსაღ ეიფორიას უწოდებს. აქვე კალაძეზე დაყრდნობით აღინიშნა, რომ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება და კომუნიკაცია უკვე წლებია, არსებობს. და რომ - გაზპრომთან ხელშეკრულებას 2003 წელს მოეწერა ხელი, მას შემდეგ კი 21 დამატება გაფორმდა ვადის გაგრძელებასა და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე.

აქვე მოყვანილია კალაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ აზერბაიჯანიდან რომ ყოფილიყო შესაძლებელი დამატებითი მოცულობების მიღება, არ წავიდოდით გაზპრომთანო. სიუჟეტი სრულდება იმით, რომ გაზის საფასურის ზრდის შესახებ კითხვას კალაძემ არ უპასუხა.
კატეგორია - ეთიკა
16 ოქტომბრის “ქრონიკის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი - “მედიაში მიმდინარე პროცესები”.

წამყვანმა წარმდგენ ტექსტში განაცხადა, რომ პარლამენტარებმა მედიის საკითხებზე 5 სთ-ის განმავლობაში იკამათეს, თუმცა, ხანგრძლივმა დებატებმა საბოლოოდ შედეგი მაინც ვერ გამოიღო და “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა “რუსთავი 2-თან” და სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებით ჩავარდა.

სიუჟეტი, რომლის სახელწოდებაა “მედიაში მიმდინარე პროცესები”, სინამდვილეში პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის განხილვისას მიმდინარე პროცესებს ასახავს. მასალაში, რომლის ქრონომეტრაჟიც თითქმის 4 წუთია, 9 დეპუტატის სინქრონია გამოყენებული. პარლამენტში გადაღებულ კადრებში ვისმენთ, რა ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს გიორგი გაბაშვილი, ივანე კიღურაძე, აკაკი მინაშვილი, ეკა ბესელია, ირმა ნადირაშვილი, გივი თარგამაძე, ზვიად ძიძიგური, ნუკრი ქანთარია და ზაქარია ქუცნაშვილი.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი აცხადებს, რომ “ის, რაზეც დეპუტატებმა რამდენიმე საათის განმავლობაში იდებატეს, კენჭისყრაზე ჩავარდა” და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებულ განცხადების პროექტს პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

სიუჟეტიდან “ქრონიკის” მაყურებელმა ვერ გაიგო, რა იყო “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის არსი “რუსთავი 2-თან” და სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებით, რა განცხადების მიღებას ითხოვდა ის და რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის წინადადებას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ.
კატეგორია - ეთიკა
ბავშვთა საკითხების მონიტორინგი მედიაში 3 წლის წინ დავიწყეთ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დადებითისკენაც… მაგრამ უკვე მესამე წელია უცვლელია ის, რომ ბავშვების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში ბავშვების აზრს ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ.

2015 წლის მარტი-ივნისის “ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში” ანგარიშის მიხედვით, იმ მასალებში, რომლებიც ბავშვებს ეხება, მათ აზრს მხოლოდ 13 პროცენტის შემთხვევაში ეკითხებიან. არასრულწლოვნების შესახებ მომზადებული სტატიებისა და სიუჟეტების 87 პროცენტის შემთხვევაში ბავშვები საერთოდ არ ჩანან.

ზოგადად, ბავშვების იდენტიფიცირება საფრთხილო საქმეა, რადგან ხშირად ჟურნალისტურ მასალებში ბავშვის იდენტიფიცირებით მათ ვვნებთ (განსაკუთრებით, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ან ჩამდენი, ბრალდებული ან მსჯავრდებულია...) თუმცა, ეს არ ნიშნავს მეორე უკიდურესობაში გადავარდნას - არ ვკითხოთ აზრი ბავშვს, როცა თემა მის კეთილდღეობას, მის მიერ ან მის შესახებ მომზადებულ პროექტს ეხება.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებებსა და პრინციპებში წერია, რომ “როდესაც ეს შესაძლებელია, მისცენ ბავშვებს მასმედიით თავიანთი აზრების გამოხატვის საშუალება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე”.

ქართველი ჟურნალისტები ბავშვებს აზრს ძირითადად მაშინ ეკითხებიან, როცა ტრაგედიის გამძაფრება სურთ, ქველმოქმედებისას ვინმესთვის გულის აჩუყება უნდათ ან რაიმე ღონისძიებას (კონცერტი, სპორტული შეჯიბრები...) აშუქებენ.

თუმცა ბავშვებს ხშირად არც ამ უკანასკნელ შემთხვევაში უმართლებთ. მაგალითად, აჭარის ტელევიზიაზე გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ ბათუმში სკოლბურთში გოგონათა შორის შეჯიბრება დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა. სიუჟეტში ჩაწერილია ფეხბურთის ფედერაციის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. გახარებული ბავშვები მხოლოდ სიუჟეტის ფონია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ზემოთ ნახსენები კვლევის მიხედვით, საქართველოში ჟურნალისტების მიერ ბავშვების შესახებ მომზადებული მასალები ყველაზე ხშირად განათლების საკითხებს ეხება. ბავშვები დისკუსიაში არც ამ შემთხვევაში მონაწილეობენ. მათ შესახებ ძირითადად ოფიციალური პირები საუბრობენ.

რატომ უნდა ავიღოთ ინტერვიუ ბავშვებისგან? სარა მაკრამისა და ლოტ ჰიუს პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან:

• ბავშვებს შეუძლიათ საინტერესო და ახალი ინფორმაციით მოგამარაგონ.

• ისეთი თემები, როგორიცაა განათლება, თამაში ბავშვებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უფროსებისთვის. ამიტომ ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ ამ თემებზე ბავშვები.

• მედიის მომხმარებელთა შორის ბავშვებიც არიან. მათ აინტერესებთ, რას ამბობენ და გრძნობენ მათი თანატოლები.

• ბავშვებს აქვთ უფლება, რომ მათ მოუსმინონ, მათი აზრი გაითვალისწინონ, რომ მასმედიაში გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები.

ყველა ეს პრინციპი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისგანუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
კატეგორია - ეთიკა
„თიბისი“ - ბანკის განახლებული საკრედიტო ოფისის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„თიბისი ბანკის" იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს კონსულტანტის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე. მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნა იპოთეკური ცენტრის ვებგვერდიც“ - ნათქვამია მასალაში.

მასალშივეა განმარტებული, რომ „დაინტერესებულ პირებს იპოთეკურ ცენტრში მისვლის გარეშე, ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დეტალური ინფორმაციისა და ფოტომასალის ნახვა ონლაინ შეუძლიათ. ხოლო მათ, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, იპოთეკური ცენტრის მენეჯერი სატელეფონო ზარის საშუალებით დაეხმარება“.

ინფორმაცია შეიცავს რეკლამის ნიშნებს, თუმცა მითითება იმის შესახებ, რომ ის სარეკლამოა, არ აქვს.
კატეგორია - ეთიკა
საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9-მ” 2015 წლის 9 ოქტომბერს ხელი შეუწყო ჩინელების მიმართ დისკრიმინაციული მასალის გავრცელებას. სტატია სახელწოდებით “ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი მოკლეს, მისი ხორცი კი მიირთვეს” სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

ამ მასალით მედიასაშუალებამ ხელი შეუწყო ჩინელების მიმართ სიძულვილის ენას, სტერეოტიპების გაძლიერებას და აგრესიის გაღვივებას საზოგადოებაში.

მასალაში ინფორმაცია, რომ ჩინელებმა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ძაღლი ელექტროსაყელურით მოკლეს, ხორცი კი მიირთვეს, ფაქტად არის წარმოჩენილი და თანაც ეს ფაქტი განზოგადებულია. ამ ინფორმაციით, კონკრეტულ დასახლებაში მცხოვრები ყველა ჩინელი მოიაზრება ძაღლის მოკვლასა და შეჭმაში ეჭვმიტანილად.

„ჩვენი მკითხველის წერილებიდან და სატელეფონო ზარებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ინტერესს იწვევს გუშინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ვანდალური ფაქტი.

შეგახსენებთ, რომ იქ დასახლებულმა ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი ელექტროსაყელურით მოკლეს, მისი ხორცი კი სადილად მიირთვეს”, - სტატიაში ეს ციტატა თამაზ ელიზბარაშვილის ფეისბუქ გვერდიდან არის გადმოტანილი.

აღსანიშნავია სოფელ ზვარეს მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ვლადიმერ ტალახაძის განცხადება, რომელიც მდგომარეობას უფრო ამწვავებს, “ინფო 9” კი, მის კომენტარს უცვლელად ყოველგვარი კომენტარის გარეშე გვთავაზობს. კომენტარში ტალახაძე კვლავ განზოგადებულად, ჩინელებს აბრალებს მინერალური წყლებისთვის შემცველობის დაკარგვას.

,,პირადად მე გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი დაზუსტებით, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩინელები 2011 წლიდან აშენებენ სარკინიგზო გვირაბს. მათ თავიანთი საცხოვრებლები ააგეს სწორედ იმ ადგილას, სადაც მოგვეპოვება უნიკალური მინერალური წყლები. გვირაბის მშენებლობის გამო მიმდინარეობს აფეთქებები, რითიც შესაძლოა, სრულიად დაუკარგონ მინერალურ წყალს თავისი შემცველობა და უნიკალურობა. 2012 წლიდან ადგილობრივების გაპროტესტებით მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამის შემდეგ მათ შეუცვალეს მიმართულება გვირაბს, მაგრამ მათი საცხოვრებლები კვლავ იმავე ადგილზე რჩება”, - განაცხადა ვლადიმერ ტალახაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მეშვიდე მუხლის მიხედვით კი ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

მედიის განვითარების ფონდი სახელმძღვანელოში „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში“ მედიასაშუალებებს ურჩევს თავიდან აიცილონ ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც შესაძლოა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს რომელიმე ეთნიკური უმცირესობისთვის, აღვივებდეს სიძულვილს, შეუწყნარებლობას მათ მიმართ, თესავდეს შუღლს ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, იყოს დისკრიმინაციული ეთნიკური ნიშნით. ფონდი ასევე ურჩევს ჟურნალისტებს არ განაზოგადონ უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლის საქმიანობა, ქცევა თუ ქმედება მთელ ეთნიკურ ჯგუფზე, თავი შეიკავონ პირის ეთნიკურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებისაგან. ხელი შეუწყონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრირებას საზოგადოებაში.
კატეგორია - ეთიკა
ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა „კვირის პალიტრის“ სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში სკოლის დარაჯმა 11 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა, ბავშვის ნათესავებმა კი, დარაჯს სასტიკად სცემეს. მასალაში

„როგორც ახლობლები ჰყვებიან, 11 წლის, მეხუთეკლასელი გოგონა ცეკვიდან ბრუნდებოდა და საკუთარ ეზოში შედიოდა, როდესაც იქვე მდებარე სკოლის დარაჯი წინ გადაუდგა და ჭიქა წყალის სკოლაში, დაცვის ოთახში შეტანა სთხოვა. ბავშვი სახლში შევიდა წყლის გამოსატანად. ამ დროს დედამისი დაინტერესდა ვისთვის მიჰქონდა გოგონას წყალი, - ბავშვმაც უპასუხა. როგორც ჩანს, ქალი დაეჭვდა და მალევე გაჰყვა შვილს უკან, კაცი თავის ოთახში იყო და გოგონას შესვლას ელოდა“- ვკითხულობთ სტატიაში.

მასალაში არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება ხდება, დასახელებულია ქალაქი, სადაც შემთხვევა მოხდა, ასევე სკოლა, რომელშიც გოგონა სწავლობდა და ჩაწერილია სკოლის დირექტორის კომენტარი (დირექტორის სახელი და გვარი აღნიშნულია)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მერვე მუხლის მიხედვით: „ჟურნალისტი ვალდებულიამ დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მომაზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვის შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.“
კატეგორია - ეთიკა
10 ოქტომბერს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საინფორმაციო გადაცემაში “შაბათის ქრონიკა” გავიდა მასალა - “საჰაერო სივრცის დარღვევა - რუსული მიგ-29 სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოაგდეს.”

კადრ-სინქრონის ტიპის მასალაში აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხედრო ძალებმა რუსული მიგ-29, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოაგდეს და თვითმხილველები მასშტაბურ აფეთქებაზე საუბრობენ. წამყვანი ამბობს, რომ თავდაპირველად, სოციალური მედიით გავრცელებული ცნობა ბრიტანული და უკრაინული მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მოხვდა, ოფიციალური კომენტარისთვის კი ჟურნალისტებმა რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის უწყებებს მიმართეს, მაგრამ კომენტარი მათი მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.

კადრებში ჩანს, რომ “შაბათის ქრონიკა” “Mail Online-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის სამხედრო ძალების მიერ რუსული მიგ-29-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ სანდო საერთაშორისო მედიასაშუალებას(CNN, BBC, Reuters, The Guardian).

სიუჟეტში არ ჩანს, რომ “შაბათის ქრონიკის” ჟურნალისტებმა მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად "ყველა გონივრული ზომა გამოიყენეს".