ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ვებგვერდი tb24.ge 2015 წლის 1 აპრილს დაარსდა. „საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, ვებგვერდის დამფუძნებლები და 50-50% წილის მფლობელები გოჩა ნაჭყებია და მაია შაიშმელაშვილი არიან. გოჩა ნაჭყებია, საიტის აღმასრულებელი დირექტორი და რედაქტორიცაა. საჯარო რეესტრის მონაცმებით, გოჩა ნაჭყებია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრია, მათ შორის, ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის” - რომელის გამგეობის თავმჯდომარე, გახმაურებული ციხის კარების ავტორი ლადო ბედუკაძეა. ბედუკაძესთან ერთად, გამგეობის ერთ-ერთი წევრია „ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაიაც.

საიტზე, თვალში გხვდება, მასალები, რომელშიც უარყოფითი კონტექსტითაა წარმოჩენილი ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტი: აშშ ჩართულია სისხლისღვრაში, რომელსაც ადგილი აქვს რეგიონში; რიჩარდ ლუგარის სახელობის ამერიკული ლაბორატორია, ნელი მოქმედების სასიკვდილო ბომბი საქართველოში, ვებსაიტი არაერთ ჰომოფობიურ მასალასაც აერთიანებს. ერთ-ერთ ასეთ მასალაში ვკითხულობთ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებასა და "მისგან მომავალ საფრთხეებზე“. სიძულვილის ენაა გამოყენებული კიდევ ერთ სტატიაში - „თამაზ ჭეიშვილი: რა გინდათ ნატოში, სავსეა პიდარასტებით!“ . „ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერები თბილისში ჩამოდიან“ - ასე გამოეხმაურა მუსიკალური ჯგუფის „პლაცებოს“ ვიზიტს საქართველოში ვებგვერდი. ამავე სტატიაში ვკითხულობთ: “დიახ, ჩვენ ვართ პიდარასტები, ვისზეც თქვენი გოგოები აღიგზნებიან”, – ამბობს მოლკო და აღფრთოვანებით იხსენებს იმ შემთხვევებს, როდესაც ის გოგო ჰგონებიათ“ - ნათქვამია მასალაში. ჰომოსექსუალიზმის თემა საიტზე სწორედ ამ კონტექსტით შუქდება და მასალების მიზანი, „გარყვნილი ევროპის“ იმიჯის შექმნაა.

ამის პარალელურად, საიტზე უხვად მოიძებნება ვლადიმერ პუტინისადმი მიძღვნილი სტატიები. პუტინი - ძლიერი და პატრიოტი ლიდერი - გამოცემა რუსეთის პრეზიდენტს ამგვარი იმიჯით წარმოგვიდგენს: „ვლადიმერ პუტინი: პატრიოტიზმი, ერთადერთი ეროვნული იდეაა! ესაა გრძნობა, რომელიც ადამიანს დაბადებიდან უნდა გააჩნდეს“; „ვლადიმერ პუტინი: NATO- მ მეფობა მოისურვა!“; „ვლადიმერ პუტინი - 2015 წლის გლობალური მოაზროვნეები“ .

საიტზევე ნახავთ, რუსეთის დადებით როლთან დაკავშირებულ არაერთ მასალას, თუმცა ამ მიმართულებით ყველაზე საყურადღებო საქართველოს პატრიარქის ილია მეორის რუსული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუა, სადაც ის ქართველი და რუსი ხალხის მართლმადიდებლობის საფუძველზე დაახლოების აუცილებლობაზე საუბრობს. ვიდეოინტერვიუ სახელწოდებით - „უნდა აღვადგინოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილი ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს მალე“ - საიტზე შესვლისთანავე, „მთავარ თემაში“ დევს. მასლა 2015 წლის 30 აპრილსაა განთავსებული და ვებგვერდის რედაქტორთა აზრით, დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია ისაა, რომ TB24.ge აქტიურად ცდილობს ლადო ბედუკაძის პერსონის პოპულარიზაციას. მედია, რელიგია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - ამ თემებზე ლადო ბედუკაძის ინტერვიუები და კომენტარები საიტზე მრავლადაა გამოქვეყნებული. ბედუკაძის ბოლო კომენტარი 4 თებერვალსაა განთავსებული და იგი პარლამეტში მარგველაშვილის გამოსვლაზე გოგი თოფაძის გამოხმარებას უკავშირდება. ვებგვერდის საძიებო სისტემაში "ლადო ბედუკაძის" ჩაწერისას, 33 შედეგი იძებნება. ძიების შედეგეში ისეთი მასალების ნახვაცაა შესაძლბელი, რომელშიც ბედუკაძე გმირადაა შერაცხული. „ასავალ-დასავალს“ დღეს უტევს სწორედ ის ბანდა, რომელიც მე მიპირისპირდება, რომელიც ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ ილაშქრებს. ეჭვი არავის შეეპაროს — დიახ, ლადო ბედუკაძე გმირია!“ - წერს რესპონდენტი ზაზა დავითაია.

საიტზე ხშირია პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოთქმული ბრალდებითი მოსაზრებებიც, რომელთა საპირწონედ, მასალები არ გვხვდება. მაგალითად ერთ-ერთ სტატიის სათაურში ირკალი და დავით კოდუების დედა ლაურა ღაჭავა მკვლელებისა და ბარიგების დედადაა მოხსენიებული: „ლაურა ღაჭავა - ქალი, რომელმაც აღზარდა მკვლელი, თაღლითი და ბარიგა შვილები!“ - სტატია ასეა დასათაურებული. „და, აი, ამ ბინძური ქალის მეტი ვერა ნახე ვერავინ, თინა ძალო??? ამ ქალის მეტი ვერავინ შეუკერავდა სამხედრო ფორმას ქართულ ჯარს? თუმცა რა არის ამაში გასაკვირი? ერთი სატანა შეეკრა მეორე სატანას!“ - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა პრეზიდენტ მარგველაშვილსაც, როგორც წესი, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს. სტატიაში, სათაურით: „მარგველაშვილი თავისი აზროვნებით, სულით, შინაგანად პირწმინდა ანტიქართველია“ ვკითხულობთ ელიზბარ ჯაველიძის „არგუმენტებს“, რომ მარგველაშვილი ანტიქართველია. მასალას თან ერთვის პრეზიდენტის ფოტოებიც.

მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას კი, გამოცემა ასე გამოეხმაურა:

გარდა ამისა, საიტი ხშირად ეყრდნობა რუსულ წყაროებს, მასალების ნაწილის წყარო კი, გადაუმოწმებელია და მოიცავს არაზუსტ ფაქტებს.
კატეგორია - ეთიკა
სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის არგაშუქება და ყურადღების მიღმა დატოვება, ასევე, აქტუალურ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებების სიმწირე - ეს არის ტენდენცია, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის “მოამბის” მთავარი გამოშვების მონიტორინგისას გამოიკვეთა.

სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის საინფორმაციო სამსახურს, განუსაზღვრა პრგრამული პრიორიტეტები, სადაც წერია, რომ ახალი ამბები ასახავდეს რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, ასევე, ასახული უნდა იყოს სოციალური პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი პროცესები.

“მედიაჩეკერი” “მოამბეს” 20 საათზე შემთხვევით შერჩეულ ორკვირიან მონაკვეთში - 17 იანვრიდან 31 იანვრამდე აკვირდებოდა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რამდენად მისდევს ის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგრამულ პრიორიტეტებს და რამდენად სთავაზობს ის თავის მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებზე.

როგორც ორკვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, არის შემთხვევები, როცა “მოამბე” ან საერთოდ არ აშუქებს მიმდინარე, მნიშვნელოვან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ან არასათანადო ყურადღებას უთმობს მას და ასეთი საკითხი ვერ ხვდება მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. როგორც წესი, მთავარი საინფორმაციო გამოშვება მაყურებელს სთავაზობს დღის მთავარ, მნიშვნელოვან თემებს და როცა მაუწყებელი კონკრეტულ საკითხს აშუქებს დღის გამოშვებაში, მაგრამ არა – მთავარ გამოშვებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ის ნაკლებ მნიშვნელოვნად, მეორეხარისხოვან საკითხად მიიჩნევს. ხოლო, თუ რაღაც ამბავი საერთოდ ვერ მოხვდა რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაში, ესეც თავის მხრივ, მიუთითებს არხის პრიორიტეტზე, რა ინფორმაცია მიაწოდოს, ან არ მიაწოდოს მაყურებელს.

მაგალითად, “მოამბემ” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა ქობულეთში ასწლოვანი ხეების ამოთხრისა და ურეკში გადატანის პროცესი, რომელსაც ყოფილ პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ახორციელებს. 15 იანვარს, დღის გამოშვებებში გავიდა კადრ-სინქრონი იმის შესახებ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სანერგე მეურნეობაში მიმდინარე სამუშაოები გააპროტესტა. შემდეგ კი 18 იანვარს, ასევე დღის საინფორმაციო გამოშვებაში “მოამბემ” გააშუქა ამ საკითხზე აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ეს ამბავი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მონიტორინგის პერიოდში არ მოხვედრილა.

“მოამბის” მთავარი გამოშვების ყურადღების მიღმა დარჩა “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელთა საპროტესტო აქცია და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი. კერძოდ, “ჯორჯიან მანგანეზმა” რამდენიმე თვით შეაჩერა ჭიათურაში მაღაროების მუშაობა, რის შედეგადაც 3 200 თანამშრომელი დროებით უსამსახუროდ დარჩა. კომპანია მათ 20 მაისამდე ხელფასის 60%–ს გადაუხდის, ეს ადამიანები დანარჩენი 40%–ის გადახდას ხელისუფლებას სთხოვენ. “მოამბემ” აღნიშნულ ამბავზე ეთერში სიუჟეტები გაუშვა დღის საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა, არა – მთავარ “მოამბეში” 20:00 საათზე.

17 და 25 იანვრის “მოამბეში” 20:00 საათზე არ მოხვედრილა ზაჰესის ხიდის გარშემო დაწყებული პროტესტი, კერძოდ, მოსახლეობა მერიას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათ საპროტესტო აქციაც კი გამართეს, 25 იანვარს თბილისის საკრებულოში ეს საკითხი ოპოზიციასა და მერიის მაღალჩინოსნებს შორის კამათის საგანიც გახდა. კომპანია “ხიდის” საქმიანობით, რომელმაც ვალდებულება არ შეასრულა, საგამოძიებო უწყებაც დაინტერესდა. მოგვიანებით, 4 თებერვალს, ამავე კომპანიის დამფუძნებელი 1.5 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. ეს ამბავი 4 თებერვლის “მოამბის” პრიორიტეტულ თემებში ვერ მოხვდა. ტელეკომპანია “პირველი არხის” ვებგვერდზე, ახალი ამბების არქივში ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთადერთი ამბავი იძებნება, რომელიც 2015 წლის 25 იანვარს გავიდა ეთერში და რომელიც ხიდის რეაბილიტაციის დაწყებას ეხება.

27 იანვარს “მოამბემ” დღის გამოშვებაში ეთერში გაუშვა ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის” ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოსახლეობის დაურეგისტრირებელ, მემკვიდრეობით მიღებულ და სარგებლობაში მყოფ მიწებს ირეგისტრირებს. პრობლემა, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ წამოჭრა, მასშტაბური და რეგიონის მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ათასობით ოჯახს, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებული არ აქვს ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული, ან მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ამბავი, მონიტორინგის პერიოდში არ მოხვედრილა “მოამბის” მთავარ გამოშვებებში, თუმცა, იგივე თემას მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს კერძო ტელეარხებმა.

“მოამბის” მთავარი გამოშვების ყურადღების მიღმა დარჩენილ თემებს შორისაა რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიოსთან დაკავშირებული ამბავიც. კერძოდ, 30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მასშტაბით ყველა სამგზავრო მიკროავტობუსში მხოლოდ ერთადერთი, გოგა ხაინდრავას რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი, შესაბამისი მემორანდუმი ახლად შექმნილმა კომპანიამ უკვე გააფორმა “თბილისის მიკროავტობუსთან”. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სხვა რადიოსადგურების პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხარებლის თავისუფალ არჩევანს ზღუდავს.

“პირველი არხის” არქივში ამ ამბავთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ იძებნება, თუმცა, ამავე არქივში ჩანს, რომ “მოამბეს” გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებული სხვა ამბები არაერთხელ გაუშუქებია. მაგალითად, 2015 წლის ივნისში “მოამბემ” მოამზადა მასალები სახელწოდებით “გოგა ხაინდრავას მხატვრული ფილმი “ოცნებების სასაფლაო” სამშობლოში დაბრუნდა” და “ქართველი ჯარისკაცებისთვის რეჟისორ გოგა ხაინდრავას მხატვრული ფილმის “ოცნებების სასაფლაოს” ჩვენება გაიმართა”.

სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილი “პროგრამული პრიორიტეტების” მიხედვით, გარდა მნიშვნელოვანი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური ვალდებულია, რომ ინფორმაციის მოპოვებისას დაცული იყოს წყაროთა სანდოობა და მრავალფეროვნება. გარდა ამისა, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი ამბების მაყურებლისათვის დამახასიათებელია მოთხოვნილება, რომ გადაცემებმა პირველ ყოვლისა რიგითი მოქალაქის პოზიცია ასახონ, ხოლო შემდეგ - ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების და ექსპერტების შეხედულებები. თუმცა, მონიტორინგის ორკვირიან პერიოდში გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენცია. კერძოდ, “მოამბის” მთავარ გამოშვებაში შესამჩნევია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებების ნაკლებობა, ან არარსებობა.

მაგალითად, 21 იანვარს “მოამბეში” გავიდა სიუჟეტი “რეგულაციები მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის”, სადაც ერთ–ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, სიუჟეტში მხოლოდ პოლიტიკოსების ინტერვიუებია ნაჩვენები და არ ჩანს რა შენიშვნები, ან რეკომენდაციები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებები ასევე არ ახლავს ევროსაბჭოს მიერ საქართველოზე მომზადებულ რეზოლუციაზე მომზადებულ სიუჟეტს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებები არ არის შემოთავაზებული საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით 26 იანვრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.

აქტუალურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საკითხებზე მოამბე მაყურებელს, ძირითადად, პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მოსაზრებებს სთავაზობს, უფრო ნაკლებად, შედარებით მიუკერძოებელი აქტორების – არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების, რაც ასევე უშლის ხელს მაყურებელს, მიიღოს ყოველმხრივ ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე.

“მედიაჩეკერი” კვლავ აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგს და მკითხველს პერიოდულად შესთავაზებს ინფორმაციას, რამდენად ასრულებს ის სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილ პროგრამულ პრიორიტეტებს.

შესწორება: მეექვსე და მეშვიდე აბზაცში შევიდა ცვლილებები დაზუსტების მიზნით. თავდაპირველი ვერისია:

"მაგალითად, “მოამბემ” 17 იანვარს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქა ქობულეთში ასწლოვანი ხეების ამოთხრისა და ურეკში გადატანის პროცესი, რომელსაც ყოფილ პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ახორციელებს. ამბის გახმაურებიდან მეორე დღეს, დღის საინფორმაციო გამოშვებაში “მოამბემ გააშუქა” ამ საკითხზე აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, ეს ამბავი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემდეგ დღეებშიც არ მოხვედრილა.

21 იანვარს “მოამბის” მთავარი გამოშვების ყურადღების მიღმა დარჩა “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელთა საპროტესტო აქცია და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი. კერძოდ, “ჯორჯიან მანგანეზმა” რამდენიმე თვით შეაჩერა ჭიათურაში მაღაროების მუშაობა, რის შედეგადაც 3 200 თანამშრომელი დროებით უსამსახუროდ დარჩა. კომპანია მათ 20 მაისამდე ხელფასის 60%–ს გადაუხდის, ეს ადამიანები დანარჩენი 40%–ის გადახდას ხელისუფლებას სთხოვენ. “მოამბემ” აღნიშნულ ამბავზე ეთერში სიუჟეტები გაუშვა დღის საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა, არა – მთავარ “მოამბეში” 20:00 საათზე".
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა: მშენებარე სახლიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მედიასაშუალებების ნაწილი შეეცადა, დაეცვა გაშუქების სტანდარტები, თუმცა რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში მაინც ვნახეთ ნანგრევებში ჩაჩეხილი ადამიანის ცხედარი.

ქართულ მედიასივრცეში ეს მსგავსი ფაქტების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ზოგჯერ ახლობლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები ინფორმაციას ტელევიზიით იგებენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილია ნორმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი და ჟურნალისტი უბედური შემთხვევების გაშუქებისას. დოკუმენტი მაქსიმალურად ითვალისწინებს როგორც დაღუპულის ოჯახის წევრების, ასევე მაყურებელთა ინტერესებს. ქცევის კოდექსში აღნიშნულია, რომ მედიამ არ უნდა გააშუქოს უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან კონკრეტული პირი ტრაგედიის ან მწუხარების დროს. ერთადერთი გამონაკლისი ოჯახის ნებართვაა, თუმცა აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაუფრთხილდეს ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფონს.

რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან, სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარული, ორი ახალგაზრდა გადმოხტა. უბედური შემთხვევის შედეგად, ორივე ადგილზე დაიღუპა. "კურიერმა" ოჯახის თანხმობით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გარდაცვლილთა უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები გაუშვა. კადრში ასახული იყო, როგორ ხტებოდნენ ხიდიდან ახალგაზრდები.

ვიდეოს ეთერში გაშვება მაუწყებელმა მაშინ მაღალი საზოგადოებირივი ინტერესით ახსნა. ეს კადრები კი გარკვეული პერიოდის მანძილზე, საზოგადოების მითქმა-მოთქმისა და მედიის კრიტიკის საგნად იქცა. რას ნიშნავს „საზოგადოებრივი ინტერესი“ და „საზოგადოებისთვის საინტერესო“, რა განსხვავებაა მათ შორის, ბევრისთვის ისევ ბუნდოვან საკითხად დარჩა.

არადა, საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლბის შესახებ, ნათლადაა განმარტებული, რომ: „საზოგადოებრივი ყურადღება არის საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან”.

გარდა რეიტინგისა, რა დამატებითი ინფორმაციული ღირებულების მატარებელია ცხედრის ან სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები? პრაქტიკულად არაფრის. როდესაც პოლიციის ყვითელ ლენტს ან შემთხვევის ადგილის ნეიტრალურ კადრს ვაჩვენებთ, მაყურებელს ისედაც სჯერა, მომხდარის. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს გარდაცვლილის ახლობლების ემოციური მდგომარეობა, ამგვარი კადრების ნახვისას.

ქართულთან ერთად, BBC-ს სახელმძღვანელო პრინციპებშიც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა პატივი სცეს გარდაცვლილის პირად ცხოვრებასა და ღირსებას. ასევე არასოდეს უნდა ვაჩვენოთ ცხედრის კადრები იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს. გზამკვლევი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, გაანალიზდეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მძიმე კადრის ჩვენებას. აუცილებელია, მასალის მომზადებისას ჟურნალისტმა იფიქროს ამბის მონაწილე პირებზე, მსხვერპლებზე, მისი ოჯახის წევრებსა თუ მაყურებელზე.

რაც შეეხება საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, იქ აღნიშნულია შემდეგი:

· მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა;

· მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს, შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინს შორის;

· დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით;
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმე დღეა ქართულ მედიაში აქტიურად ქვეყნდება მასალები, რომლებიც საზოგადოებას "სომხების მიერ ქართული ცეკვისა და სიმღერის მოპარვის" შესახებ ამცნობს. გარდა იმისა, რომ თავად მასალები უწყობს ხელს სომეხი ხალხის მიმართ აგრესიას, სტერეოტიპების გავრცელებას, ხშირად, ამ მასალებს თან ახლავს მკითხველის საკმაოდ შეურაცხმყოფელი კომენტარები - “უთავმოყვარეო, უკულტურო, პლაგიატი ერი”, - ასეთი რეაქცია მოჰყვა ზოგიერთი მკითხველისგან ზემოხსენებული საკითხების გაშუქებას. როგორც წესი, კომენტარების გაფილტვრა უმეტეს ვებგვერდებზე არ ხდება.

ამ საკითხების გაშუქებისას გამოქვეყნდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე არ იყო ჩაწერილი მეორე მხარე და კონკრეტული პირების შესაძლო მითვისების ფაქტი სომეხ ერზე განზოგადდა.

ქართული გამოცემების ნაწილმა 20 იანვარს მასალები მიუძღვნა Youtube-ზე ატვირთულ სიმღერას, “ყვავილების ქვეყანა”, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალების თქმით, სომეხმა მომღერალმა და ავტორმა მიისაკუთრეს და ეს სიმღერა გაჰქონდა სომხეთს ევროვიზიაზე. 22 იანვარს კი გამოცემები “სომხური ცეკვის აკადემიის მიერ ქართული ცეკვის მითვისებაზე” ალაპარაკდნენ. ახალი ამბების განხილვის საგანი გახდა ასევე Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ქართული ცეკვა “დაისი” მოხსენიებული იყო, როგორც სომხური საქორწინო ცეკვა.

სიმღერაზე “ყვავილების ქვეყანა” სტატიები გამოქვეყნდა შემდეგი სათაურებით: “სასაცილოა იმის თქმა, რომ ეს სიმღერა სომხურია" - ვინ მიითვისა "ყვავილების ქვეყანა?”, “როგორ იქცა სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ სომხურ „HAYASTAN-ად“, “სომხეთი „ევროვიზიაზე“ „ყვავილების ქვეყანას“ აგზავნის?!”, “მანუკ ხაჩატრიანი: ბო***ო, „ყვავილების ქვეყანა“ სომხური სიმღერაა და ქართველმა ქურდებმა მოიპარეთ”, „სომხებმა Youtube-დან "მოპარული ყვავილების ქვეყანა" წაშალეს“.

მასალებში აღინიშნა, რომ სომეხმა მომღერალმა სერობ აჯემიანმა ქართული სიმღერის მელოდიაზე სომხური სიმღერა Hayastan შექმნა. ზოგიერთმა გამოცემამ დაწერა, რომ სიმღერა “ევროვიზიაზე” წარსადგენადაა მომზადებული. თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გაირკვა, ევროვიზიაზე სომხეთს სულ სხვა მომღერალი წარადგენს და ის “ყვავილების ქვეყანას” არ შეასრულებს.

აღსანიშნავია სტატიის ავტორთა დამოკიდებულება თემის მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტი წერს:

ციტატა 1. „სანამ ქართველი ერი იმის გარკვევაში იყო, თუ ვის ეკუთვნოდა „ყვავილების ქვეყანა“ - მიხეილ ჩირინაშვილს თუ გოგი ვასაძეს, სრულიად მოულოდნელად სიმღერას „ნამდვილი ავტორი“ მანუკ ხაჩატრიანი მოევლინა და ქართველებს სასამართლოში ჩივილითაც ემუქრება“.

ციტატა 2: “აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველები ათწლეულების განმავლობაში “ვიპარავდით და ვითვისებდით” ამ შესანიშნავ სიმღერას, რომელიც თურმე ... ვის თუ არა ჩვენ “მოძმე-მეზობლებს ეკუთვნოდათ”.

ციტატა 3: “ხაჩატრიანი აცხადებს, რომ სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ სინამდვილეში ძველი სომხური სიმღერა “caxikneri ashxarhum“ გახლავთ და ის ქართველმა ქურდებმა მოიპარეს. „ბო***ო, სასამართლოში აგებთ პასუხს“ - ეს ერთ-ერთი „მარგალიტია“ ქართველი მომხმარებლებისადმი ხაჩატრიანის კომენტარებიდან, დანარჩენის ხილვა სიმღერის კომენტარებში ყველა მსურველს თავად შეუძლია“.

კიდევ ერთი სტატიის სათაურში კი კონკრეტული პირების ქმედება განზოგადებულია სომხებზე - „სომხებმა Youtube-დან "მოპარული ყვავილების ქვეყანა" წაშალეს“, თავად მასალაში კი აღნიშნულია, რომ ვიდეო სიმღერის შემქმნელმა და შემსრულებელმა წაშალეს.

ერთ-ერთი რადიოსადგურის ვებგვერდზე კი, “სომხების მიერ “ყვავილების ქვეყნის” მითვისებაზე საუბრისას”, ჟურნალისტმა აღინიშნა, რომ სომხები ყველაფერ ქართულს სომხურს უწოდებენ. რის დასადასტურებლადაც ავტორმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული ხუმრობა მოიყვანა, ასევე თქვა, რომ ინტერნეტში მოიძია ვიდეო, სადაც “სომხებმა ქართული ცეკვაც მიითვისეს”.

“მსგავსი ფაქტი არცთუ იშვიათია, როდესაც ჩვენი მეზობლები უამრავ ქართულ სიმღერას, ცეკვას თუ ნაწარმოებს სომხურს უწოდებენ. ინტერნეტში ამის უამრავ დადასტურებას აღმოაჩენთ. უკვე ხუმრობად არის ქცეული, რომ შოთა რუსთაველს სომხები სომხად მიიჩნევენ.

ინტერნეტში მოვიძიეთ ვიდეო, სადაც ასახულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული კონცერტი. მას აწერია, რომ იქ სრულდება სომხური საქორწილო ცეკვა, გევორქიანის ცეკვის აკადემიის მიერ და აშკარაა, რომ ჟღერს მუსიკა „დაისიდან“, მოცეკვავეებს აცვიათ ქართული ნაციონალური სამოსი და ასრულებენ ქართულ ცეკვას”, - აღნიშნულია სტატიაში.

რამდენიმე მედიასაშუალებამ კი გაავრცელა კულტურის პალატის განცხადება, სადაც ასევე საუბარია “სომხურ სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში ქართული კულტურის მითვისების მცდელობებზე”. კონკრეტული პირების ქმედება ამ შემთხვევაშიც განზოგადებულია სომეხ ერზე.

“დაისს" ამერიკაში სომხურ ცეკვად ასაღებენ - ვიდეო, რომელმაც ქართველი ინტერნეტმომხმარებელი აღაშფოთა” - ამ სათაურით გამოაქვეყნა ვიდეო palitratv.ge-მ. სათაური თავიდანვე უარყოფითად განწყობს სომხების მიმართ მკითხველს.

საკითხი გააშუქა გადაცემა 2030-მაც. სიუჟეტში ჩაწერილია ქართველი სოლისტი, რომელიც ცეკვა დაისს ასრულებდა, ასევე ქართული საბალეტო დასების ხელმძღვანელები, ყველა მათგანი საუბრობს, როგორი აუცილებელია პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე სიუჟეტში ისაუბრა საქპატენტის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საავტორო უფლებებთან არ გვაქვს საქმე და პლაგიატის საკითხის გარკვევა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუკი ცეკვის მემკვიდრეები იჩივლებენ.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გაკეთებულ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით, მედიასაშუალებებს არ უცდიათ სომეხ კულტურის მოღვაწეებთან დაკავშირება. ასევე, ცეკვის შემთხვევაში ვიდეო გაავრცელა არა სომხური ცეკვის აკადემიამ, არამედ კონკრეტულმა მომხმარებელმა Youtube-ში და შესაძლოა ვიდეოს დასათაურებაც მის მიერ იყოს შერჩეული და არა თავად ცეკვის დამდგმელთა, ან შემსრულებელთა მიერ. რაც გამოაშკარავდა 23 იანვარს, როდესაც Gevorkian Dance Academy-ს დირექტორის ოფიციალური მიმართვა გავრცელდა . აკადემიის დირექტორმა უარყო რაიმე კავშირი Youtube-ის მომხმარებელ MENQ meroncov-თან, რომელმაც ცეკვა „დაისი“ გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამ მომხმარებელს არც ნებართვა ჰქონია ვიდეოს გამოსაქვეყნებლად.

„ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ "MENQ meroncov" YouTube-ის ექაუნტს, რათა გაასწორონ შეცდომა და ამოიღონ ვიდეო ქსელიდან. ასეთივე მოთხოვნა ჩვენ გავუგზავნეთ YouTube-ის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს. 1987 წელს, სომხეთში, ქ. ერევანში ჩამოყალიბდა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლი "დრუჟბა" (მეგობრობა). მრავალი ქორეოგრაფი სხვა ქვეყნიდან იქნა მოწვეული, რათა მიეცათ საკუთარი ეროვნული ცეკვების გაკვეთილები ანსამბლისთვის. ქორეოგრაფთა შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი“, - აღნიშნა აკადემიის დიექტორმა. მან ბოდიში მოიხადა ასეთი შეცდომის გამო.
კატეგორია - ეთიკა
“იცით თუ არა რომ დამსაქმებელს უფლება ეძლევა თქვენი, ანუ თანამშრომლის პირადი მიმოწერა შეამოწმოს. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ეკუთვნის,“ - ასე წარადგინა 2030 ის წამყვანმა სიუჟეტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. არადა, იმავე სიუჟეტში რესპონდენტებმა ნათლად განმარტეს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, არ ეხება დამსაქმებლისთვის პირადი მიმოწერის ნახვის უფლების მიცემას.

2030 არ იყო ერთადერთი, რომელმაც მსგავსი ტიპის ინფორმაცია გაავრცელა. ბოლო დღეებში მედიასაშუალებების ნაწილი აუდიტორიას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა და ამცნობდა, რომ დღეიდან, დამსაქმებელს მათი პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლო.

„ყურადღება, დღეიდან დამქირავებელს შეუძლია წაიკითხოს თქვენი მიმოწერა სოციალურ ქსელში“ ამგვარი სათაურით გაავრცელა ინფორმაცია ვებგვერდმა intermedia.ge-მ. „აწი დამსაქმებელს შეუძლია სამუშაო პერიოდში სრულად გააკონტროლოს თანამშრომლის მიმოწერა სოციალურ ქსელში, მათ შორის ელექტრონული ფოსტა, Facebook და სხვა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ“...“ეს კანონი შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, მათ შორის საქართველოს“, ვკითხულობთ სტატიაში.

ინტერნეტგამოცემა reportiori.ge კი, აქვეყნებს ლაშა ტუღუშის განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს რომ: „ევროსასამართლოს არ უთქვამს რომ დამქირავებელს ნებისმიერი მეილის წაკითხვა შეუძლია“. მიუხედავად ამ განმარტებისა, მასალის ბოლოს ჟურნალისტი წერს: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუშაო საათებში დამსაქმებელს დასაქმებულის პირადი მიმოწერის შემოწმების უფლება ექნება“.

დამსაქმებლისთვის ახალი უფლების მინიჭებაზე წერს commersant.ge-ც, სტატიის ბოლოს კი გვამცნობს, რომ „გადაწყვეტილება ვრცელდება ყველა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია აქვს რატიფიცირებული“. news.ge-ს მასალის მიხედვით კი, დამსაქმებელს დასაქმებულის პირადი მიმოწერის ნახვა, სპეციალური “ჩატ პროგრამების საშუალებით შეეძლება“.

„თუ სამსახურში მეგობრებს და ოჯახის წევრებს, WhatsApp-ით ან Facebook-ის საშუალებით ეკონტაქტებით, გადაამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა ამის გაკეთება თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოსცა წესდება, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულის მიერ სამუშაო საათებში ჩატში გაგზავნილი პირადი მესიჯები და მეილი წაიკითხოს.“...“ამჟამად სასამართლოს განჩინება ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში შემავალ ყველა ქვეყანაზე გავრცელდა“, - ვკითხულობთ Ambebi.ge-ზე

Megatv.ge- ზე კი ვკითხულობთ, რომ ევროსასამართლომ ჯერ ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ კი კანონში შევიდა ცვლილებები: „მოცემულ ვერდიქტს ევროკავშირის ახალი კანონი მოჰყვა, რომლის თანამხადაც დამსაქმებელს უფლება აქვს აკონტროლოს თანამშრომლის მიმოწერა და ფოსტაც კი თუ ამას საჭიროდ ჩათვლის“.

medianews.ge-ს ცნობით, „გადაწყვეტილება ვრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებმაც უკვე მოახდინეს ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროპული კონვენციის რატიფიცირება“, gurianews.ge-ს თქმით კი, გადაწყვეტელება „ევროპის საბჭოში შემავალ ყველა ქვეყანაზე და ბრიტანეთზე ვრცელდება“.

სინამდვილეში კი, ადამიანის უფლებათა ევროპელ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს წაიკითხოს დასაქმებულის პირადი მიმოწერა რომელიმე კონკრეტული სოციალური ქსელისა თუ საფოსტო შეტყობინებების გამოყენებით, ეს არის არის არც კანონი, არც დადგენილება და არც წესდება. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ბარბულეშკუ რუმინეთის წინააღმდეგ“.

საკითხზე განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმაც, რომელშიც საქმის ფაქტორბივი გარემოებები დეტალურადაა ახსნილი:

„ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ რუმინეთის მოქალაქე ბარბულეშკუ სამუშაო დროს სამსახურებრივი მიზნებისთვის შექმნილი "Yahoo Messenger-ის" პირადი მიმოწერისთვის გამოყენების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიის შიდა რეგულაცია კრძალავდა სამუშაო დროს ორგანიზაციის საკომუნიკაციო საშუალებების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.

რუმინეთის სასამართლომ ბარბულეშკუსა და კომპანიის დავის განხილვისას მითითება არ გააკეთა არც პირადი კომუნიკაციის შინაარსზე და არც იმ პირთა იდენტიფიცირება მოახდინა, ვისთანაც ბარბულეშკუს ჰქონდა კომუნიკაცია. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომუნიკაციის შინაარსი ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ფაქტორი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ დასაქმებულმა ვერ დაასაბუთა, რატომ გამოიყენა "Yahoo Messenger-ი" პირადი მიზნებისთვის.

ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ რუმინეთის სახელმწიფომ დაიცვა სამართლიანი ბალანსი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის, რადგან დამსაქმებელმა შეამოწმა კომუნიკაცია მხოლოდ "Yahoo Messenger-ზე" და არა დასაქმებულის კომპიუტერში არსებული სხვა დოკუმენტები, შესაბამისად, დამსაქმებელი მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში და თანამშრომლის მონიტორინგი ლიმიტირებული და პროპორციული იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხოლოდ დავის მხარე ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში, რუმინეთისთვის. თუმცა, გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა მნიშვნელოვანია კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.

ევროსასამართლოს განმარტებით, სამუშაო შენობიდან სატელეფონო ზარის განხორციელება, ისევე, როგორც ელექტრონული მიმოწერა, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. თუ დასაქმებული არ არის გაფრთხილებული მონიტორინგის შესახებ, მას აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი პირადი კომუნიკაცია და ინტერნეტით სარგებლობა დაცულია ჩარევისგან (იხილეთ საქმეებიHalford v. United Kingdom(1997) დაCopland v. United Kingdom(2007)), განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც დამსაქმებლის შიდა რეგულაცია მკაცრად კრძალავს კომპანიის კომპიუტერისა და რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გადაწყვეტილების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-159906#{"itemid":["001-159906"]}
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო გამოშვება „2030-ის“ წამყვანი მაკა ცინცაძე ჟურნალ „სითის“მიერ მომზადებულ სარეკლამო სახის მასალაში გამოჩნდა. სტატია „სითი Promotion, iTechnics იყავი მუდამ პირველი“ მაღაზია iTechnics-ის უპირატესობას და მის მიერ რეალიზებულ Apple-ის ტექნიკისა და აქსესუარების დადებით მხარეებს ეხება. სტატიაში საზოგადოების ცნობილი სახეები ამ მაღაზიის შესახებ საუბრობენ.

მაკა ცინცაძე მასალაში ამბობს: „ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ტელეფონი და ლეპტოპი მჭირდება. ერთიც და მეორეც ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.უკვე წლებია ვირჩევ iTechnic-ს. iPhone და Apple- ს სხვა ტექნიკა აქ მაქვს ნაყიდი და ხარისხმა დროს გაუძლო. ჩემი ნდობა "აიტექნიკმა" ნამდვილად დაიმსახურა და ამიტომ მათი ერთგული მომხმარებელი ვარ. ახლა ველოდები iPhone 7-ს, რომელსაც, რა თქმა უნდა, iTechnic-ში შევიძენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 63-ე მუხლის თანახმად, „იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში“
კატეგორია - ეთიკა
სათაურად გამოტანილი კითხვის დასმის აუცილებლობა „მაესტროს“ მიერ გასულ კვირას მომზადებულმა ორმა გადაცემამ განაპირობა: „მაესტროს ფაქტორმა“ და უფრო მეტად კი ყოველკვირეულმა ინტერვიუმ. „SWOT ანალიზმა“ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ მსჯელობისას მაყურებელი პრაქტიკულად ცალმხრივი მოსაზრებების ანაბარა დატოვა, რადგან აქცენტი გაკეთდა ეკლესიისა და მისი მეთაურის შესახებ კრიტიკული მოსაზრებების მქონე პირების კრიტიკაზე და ამგვარი აზრების გამოთქმა ერთგვარი „ანტიეკლესიური ლობის გაძლიერებას“ დაუკავშირდა.

16 იანვრის „SWOT ანალიზში“, გადაცემის წამყვანი ნიკოლოზ ლალიაშვილი პარტიარქის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარეს ლაშას ჟვანიას მასპინძლობდა. როგორც დასაწყისიდანვე გავიგეთ, საუბარი უნდა შეხებოდა „ანტიეკლესიური კამპანიის“ სუსტ და ძლიერ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, თუმცა პრაქტიკულად მთელი გადაცემა დაეთმო „ლიბერალიზმის, როგორც ანტიქრისტიანობის“, დაგმობას, თან ისე, რომ ადამიანები, რომლებიც წამყვანმაც და სტუმარმაც "ანტიეკლესიური კამპანიის“ მონაწილეებად მოიაზრეს, არც დაუსახელებიათ და არც მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებებისთვის პასუხების გაცემის საშუალება მიუციათ.

საინტერესო ის არის, რომ სტუმარზე მეტად „ლიბერალიზმის ანტიქრისტიანობაზე“ თავად გადაცემის ავტორი და წამყვანი საუბრობდა:

„მათთვის საფრთხე არის არა საკონსტიტუციო შეთანხმება ან სამართლებრივი აღიარება ეკლესიის განსაკუთრებული როლისა და არც ეკლესიის უცვლელად დიდი ავტორიტეტი... გულის ფანცქალით ელოდებიან NDI-ს და IRI-ს კვლევებს, იქნებ მოაკლდეს ერთი პროცენტი მაინც პატრიარქისა და ეკლესიის ავტორიტეტსო, მაგრამ არა, მადლობა ღმერთს, არაფერი იცვლება. აი, ეს კი არ არის საფრთხე, საფრთხე მათთვის არის რწმენა, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს საქართველოს ეკლესიის მიმართ“, - თქვა ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში და რამდენიმე წუთში ევროპულ ღირებულებებზე საუბრისას დაამატა, რომ „ქართველი ლიბერალების აზრით, თუ გინდა ევროპა, უნდა იყო ლიბერალი, უნდა ემხრობოდე ერთსქესიანთა ქორწინების უფლებას, გენდერული თანასწორობა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი და თანამედროვე ქალი როგორმე უნდა გამოვტაცოთ ტრადიციული ოჯახის „კლანჭებს“.

გადაცემა პრაქტიკულად ერთი ღირებულებათა სისტემის მქონე მოსაუბრეების ურთიერთდათანხმების 40 წუთი იყო, სადაც განსხვავებული მოსაზრება მცირედითაც კი არ გაჟღერებულა ან საარქივო ჩანაწერის ან რაიმე სხვა ფორმით.

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია გამუდმებით უსვამდა ხაზს, რომ „ანტიეკლესიურ ჯგუფს“ უნდა, ეკლესია ჩვეულებრივი ინსტიტუციის დონეზე დაიყვანოს, არადა, ის ქრისტეს ინსტიტუტია და ვერანაირად ვერ გაუთანაბრდება ვერც სახელმწიფო და ვერც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები; რომ ე.წ. შავი პიარით ცდილობენ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ტყუილები გაავრცელონ; რომ ეკლესია ყველაფერზე მაღლა დგას და ა.შ.

ჟურნალისტური პრინციპების აბსოლუტური იგნორირებით, მაყურებელმა ვერც კი გაიგო, რა კითხვებს სვამს ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც წამყვანმა და სტუმარმა „ქართველი ლიბერალი“ შეარქვეს ან რა აღიზიანებს ორივეს ამ კითხვებში; რას ეხება ეს კითხვები: ეკლესიის ავტორიტეტს, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას, საეკლესიო კანონიკას, ახალი ეკლესიების მშენებლობას, სახელმწიფო ფინანსების რელიგიური მიზნებით ხარჯვას? - გადაცემაში არც ერთი „ქართველი ლიბერალი“ არ ყოფილა მიწვეული და არც ერთი კითხვა არ დაკონკრეტებულა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ. შესაბამისად, დიდი ალბათობით, „SWOT ანალიზის“ მაყურებელს შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსებით გაძლიერებული ადამიანები სხედან და გამუდმებით ფიქრობენ, თუ როგორ მიაყენონ შეურაცხყოფა ეკლესიას და სასულიერო პირებს, როგორ გახადონ საქართველოს საზოგადოება მორალს მოკლებული, როგორ წაშალონ ადამიანებში ისტორიული მეხსიერება, „საით მიდიან, რა ფასეულობებზე უნდათ გაზარდონ საკუთარი შვილები“, - იკითხა ლაშა ჟვანიამ ამ ადამიანების მისამართით.

“SWOT ანალიზმა“ პრაქტიკულად შეკრა „მაესტროს“ სარედაქციო პოლიტიკის ის ჯაჭვი, რომელიც გასულ კვირას განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა 12 იანვრის „მაესტროს ფაქტორში“. როცა გადაცემის წამყვანს ერთ-ერთმა სტუმარმა ჰკითხა, რა საჭირო იყო სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსისთვის(იგულისხმებოდა ნინია კაკაბაძის სტატუსი პატრიარქზე) გადაცემის მიძღვნა, წამყვანმა გაიკვირვა და უპასუხა, რომ კაკაბაძის რეზონანსულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამიტომ გადაწყვიტა გადაცემის სწორედ ამ თემაზე მომზადება.

რედაქციის მიზანი თავიდანვე გასაგები იყო (5 იანვარს გამოქვეყნებული პოსტის შესახებ გადაცემა ერთი კვირის შემდეგ, 12 იანვარს გავიდა ეთერში - სამართლიანობა იმის აღნიშვნას მოითხოვს, რომ საახალწლო დასვენების გამო “მაესტროს ფაქტორი” 11 იანვარს დაუბრუნდა ეთერს): წამყვანმაც არაერთხელ განაცხადა, რომ გადაცემა ყველაზე “სენსიტიურ, მგრძნობიარე” თემას მიეძღვნებოდა, შესაბამისად, “მაესტროს ფაქტორი” ელოდა, რომ ხმაურიანი, სკანდალური ანონსის შემდეგ უამრავი მაყურებელი მიუჯდებოდა ტელევიზორს და კიდევ ერთხელ მოუსმენდა, თუ როგორ იცავენ “ნამდვილი ქართველები” საქართველოს ეკლესიის მეთაურს, ხოლო ავტორიტეტებთან მებრძოლები როგორ “უთხრიან ძირს ეროვნულ სიწმინდეს”.

გადაცემის გამორჩეულ სამ მომენტზე შევჩერდები.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ თქვა, რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მას 100-მდე პირმა მისწერა და წერილების უმეტესობა შეიცავდა მუქარას, შეურაცხყოფას და უხამსობას, წამყვანი არც კი დაინტერესებულა, რა სახის მუქარა იკითხებოდა ამ გზავნილებში, მიმართა თუ არა ჟურნალისტმა სამართალდამცველებს. სხვა თუ არაფერი, მაყურებელი იმ კითხვას მაინც ელოდა, თუ ასე ღიად ემუქრებოდა მავანი ჟურნალისტს საკუთარი მოსაზრების საჯაროდ გამოქვეყნების გამო, რატომ არ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებების დასაცავად? ამის ნაცვლად ჟურნალისტმა ჟურნალისტს დაუსვა შემდეგი კითხვა: “არ ფიქრობ, რომ უნდა არსებობდეს რაღაც მორალური ჩარჩოები? ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს კრიტიკის ობიექტი, თუმცა რაღაცის ზღვარს მიღმა არავინ არ უნდა გადადიოდეს...”

ვინ დაუწესა ზღვარი მოქალაქეს, მით უმეტეს, ჟურნალისტს, აზრის გამოსახატავად? რატომ ვაგებთ კედლებს ისევ საკუთარი თვალსაწიერის შესავიწროებლად და კითხვებზე პასუხის მიღების ნაცვლად ძალაუნებურად ხელს ვუწყობთ ისედაც საკრალიზებული თემებისა თუ პირების კიდევ უფრო დიდ ბუნდოვანებაში გახვევას? ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს “ზღვარი”?

გადაცემის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო დიმიტრი ლორთქიფანიძის ჩართვა. პოლიტიკოსმა მაყურებელზე მანიპულაცია ფოტოებით სცადა, სადაც ჩანს, თუ როგორ მონაწილეობდნენ ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა ბოკერია და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანმა აბსოლუტურად მართებულად მიუთითა რესპონდენტს, რომ ფოტოები არაფერ შუაში იყო გადაცემაში განხილულ საკითხთან, მას მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს აუდიტორიაზე მანიპულაციის საშუალება არ მისცემოდა. ამის საპირისპიროდ უკვე მერამდენედ მივიღეთ სიძულვილის ენით გაჟღენთილი რეპლიკები, რომ თურმე “ნინიები და ბაიები პატრიარქს ებრძვიან”, რომ “უზნეობაა პატრიარქზე ისე საუბარი, როგორც ეს ნინია კაკაბაძემ გააკეთა” და ა.შ.

“მაესტროს ფაქტორმა” 12 იანვრის ინტერაქტივითაც მიიქცია ყურადღება, როგორც ეს მანამდეც რამდენჯერმე მოხდა. გადაცემის ბოლოს დათვლილი მონაცემებით, 5700-მდე მაყურებლიდან 97%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, “მიმდინარეობს თუ არა ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია”. თუ რედაქცია ფიქრობს, რომ ასეთი კამპანია მართლა დაიგეგმა კონკრეტული ადამიანებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან, მაშინ რას აკეთებს იმისთვის, რომ მაყურებელმა მეტი იცოდეს მათ შესახებ; ან საერთოდ, გვაქვს კი კამპანიასთან საქმე თუ ადამიანები, კონსტიტუციურად მონიჭებული უფლებების შესაბამისად, სვამენ კითხვებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ასეთი ფორმით ურთიერთობის მიზანშეწონილობაზე; ინტერესდებიან რომელმა უწყებამ საზოგადოების საჯარო ფინანსების რა ნაწილი დახარჯა პატრიარქის იუბილეს აღსანიშნავად; რატომ ფინანსდება საპატრიარქო ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით და ნამდვილად იხარჯება ეს ფინანსური რესურსი, ისე როგორც ამას ძნელად ხელმისაწვდომი ისედაც მწირი დოკუმენტები ითვალისწინებს?

ეს და მრავალი სხვა კითხვა ორიოდ წლის წინ იმავე “მაესტროს” ეთერში ჟურნალისტმა ვახო სანაიამ საავტორო გადაცემაში დასვა და მართებულადაც დაიმსახურა მოწონება საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც კრიტიკულ თუ სკეპტიკურ დამოკიდებულებას რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე სოციალურ ქსელში, საჯარო წერილებსა თუ გამოსვლებში გამოხატავდა. სამწუხაროდ, პროგრესის ნაცვლად, არხის სარედაქციო პოლიტიკამ უკუსვლა არჩია - თუ ორი წლის წინ არხი ეკლესიის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გავლენებზე ლოგიკურ და ლეგიტიმულ კითხვებს თამამად სვამდა, დღეს უკვე გაღიზიანებულად ეკითხება ასეთი კითხვების ერთ-ერთ ავტორს, უნდა დაემორჩილოს თუ არა მორალური ჩარჩოებს პატრიარქის შეფასებისას.

P.S. 12 იანვარს, “მაესტროს ფაქტორი” ტრადიციულად 21:30 საათზე დაიწყო. ამავე საღამოს “პატრიარქის გინების გამო” “ტაბულას” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. შესაძლოა, გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს რესურსი არ ეყო, ადგილიდან რეპორტიორის ჩართვა უზრუნველეყო, თუმცა რას უნდა შეეშალა ხელი გადაცემის პროდიუსერებისთვის, რომ ამაზე მაყურებლისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. როგორც ჩანს, უბრალოდ არ ჩათვალეს საჭიროდ.
კატეგორია - ეთიკა
“რუსთავი 2-ის“ ეთერში არასაარჩევნო პერიოდში, (2015 წლის ნოემბერი-დეკემბერი) პოლიტიკური შინაარსის რეკლამები გადიოდა. ერთ-ერთ მათგანში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე მოსახლეობას ასე მიმართავდა: “ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობას, გვაქვს კონკრეტული გეგმა. იმ მილიონებით, რომელიც ჩინოვნიკების გაზრდილ პრემიების, დანამატებს და ხელფასებს ხმარდება, შესაძლებელია ყველა პენსიონერისთვის პენსიის გაზრდა 50 ლარით... “


მეორე რეკლამაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სერგო რატიანი, ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ გეგმაზე, კერძოდ გადასახადების შემცირებაზე საუბრობს. რეკლამების ბოლოს ნაციონალური მოძრაობის ლოგო ჩნდება.


საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ რეკლამას უნდა ეწეროს კონკრეტულად რომელი პოლიტიკური პარტიის რეკლამაა, ამასთანავე, “პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა”.

პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო კოდექსში გაწერილი მოთხოვნები წინასაარჩევნო პერიოდში გასულ რეკლამებს ეხება, წინასაარჩევნო პერიოდი კი მოიცავს პერიოდს იმ თვის პირველი რიცხვიდან ოთხი თვით ადრე, როდესაც უნდა გაიმართოს არჩევნები და გრძელდება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე.

“რუსთავი 2 - ის“ გაყიდვების განყოფილების უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი ამბობს, რომ ეს რეკლამები ჩვეულებრივ კომერციული რეკლამების სტატუსით გავიდა ეთერშუ.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის თქმითაც, აღნიშნული რეკლამა კანონს არ არღვევს, რადგან ახლა წინასაარჩევნო პერიოდი არ არის.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელის ლევან ნატროშვილის თქმით კი, ეს საკანონმდებლო ხარვეზია და აუცილებელია აღნიშნული საკითხის დარეგულირება ანუ ამ ნორმების არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე, არამედ ნებისმიერ პერიოდზე გავრცელება. კანონში არაფერია აღნიშნული პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამებზე, რომლებიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში, კომერციული რეკლამის სახით გადის.

“პირველ რიგში ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, ინფორმირებული იყოს რა სახის კლიპს უყურებს”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.

“კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ხვრელს იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამას კომერციული რეკლამის ფასად უშვებენ ეთერში მაშინ, როცა პოლიტიკური რეკლამის ფასს კანონი ცალკე ადგენს და შესაძლოა ეს თანხა კომერციული რეკლამის ფასს აღემატებოდეს”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.

კატეგორია - ეთიკა
br />
„გუშინ ისეთი ამბავი გავიგე შოკირებული ვარ. მინდა თქვენც გითხრათ და გაგაფრთხილოთ, როგორც ჩემი ოჯახი და ახლობლები გავაფრთხილე.მოკლედ ერთ-ერთი ბიჭი, რომელსაც აქვს შიდსი, ისეა გაბოროტებული, რომ ნემსზე, რომელზეც მისი სისხლია უმნიშვნელოდ დატანილი, დებს ჩასარიცხი აპარატის ხურდის ჩასაყრელში, რომ ვინმეს უჩხვლიტოს და ისიც დაინფიცირდეს“ - ეს ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა“. ინფორმაცია უცვლელი სახით შემოგვთავაზა გაზეთმა „ალიამ“.

„უკვე დაინფიცირებულია 6 ადამიანი. ისინი გამოვლინდნენ ოფისში დარეკვის შედეგად, რომლებმაც თითი დაიზიანეს და ბევრი ფიქრის მერე ეჭვი მიიტანეს, რომ ვიღაცას სურდა, სხვაც დაინფიცირებულიყო და მართალიც აღმოჩნდნენ“, ვკითხულობთ სტატიაში. სტატიაში მითითებული არ არის, სად, რომელ ოფისში დარეკვით დადასტურდა ინფორმაცია.

შიდსის ცენტრის ექიმი მაია ცინცაძე ამბობს, რომ შიდსის ცეტრისათვის ასეთი შემთხვევით არავის მოუმართავს: „ქუჩაში, სადარბაზოში, ბაღებში დაგდებული ნემსის შერჭობის დროს მოუმართავთ შიდსის ცენტრში ანალიზის ჩასატარებლად, მაგრამ ამ გზით დაავადების გადაცემა ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ზოგადად საკმაოდ სუსტი ვირუსია, ადვილად ინაქტივირდება გარემოში, ასევე ადვილად ექვემდებარება სტერილიზაციასა და დეზინფექციას“. ექიმი ასევე განმარტავს რომ: „შიდსის გადადების მხოლოდ სამი გზაა დადასტურებული: დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, სისხლისმიერი გზა - ინფიცირებული სისხლისა და მისი პროდუქტების გადასხმა, არასტელირული სამედიცინო იარაღების გამოყენება და ვერტიკალური გზა -დედიდან ახალშობილზე“.

მისივე თქმით, მედიის მიერ ამგვარი ინფორმაციის გაშვება საფრთხის შემცველია, შესაძლოა გამოიწვიოს უსაფუძვლო პანიკა და ხელი შეუწყოს არასწორი სტერეოტიპების გამყარებას: „დაუშვებელია ასე შეუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფომაციის გავრცელება და ადამიანთა გრძნობებზე თამაში. ეს გამოიწვევს სტიგმის გაძლიერებას ამ ადამიანების მიმართ, რაც ისედაც საკმაოდ პრობლემურია და გაზრდის დისკრიმინაციულ შემთხვევევს, რაც ასევე ხშირია“.

USAID- ის დაფინანსებით და „აივ პრეცენციის პროექტის“ ფინანსური და ტექნილური მხარდაჭერით, გამოიცა სახელმძღვანელო - „აივ ინფექციისა და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში“. სახელმძღვანელოში მოცემულია როგორ უნდა გავაშუქოთ აივ/შიდსით დაინფიცირებულთა საკითხები.

“ასეთი მნიშვნელოვანი თემისა და პრობლების გაშუქება ჟურნალისტების სპეციფიკურ მომზადებას მოითხოვს, რათა დისკუსიის მოდელირებისას:

- შესაბამისი სამედიცინო ტერმინოლოგია არ დამახინჯდეს;

- არ გაძლიერდეს დაავადებასთან დაკავშირებული სტიგმა;

- არ მოხდეს დაავადებულთა უნებლიე დისკრიმინაცია.

“საქართველოში ჟურნალისტები ამ თემის გაშუქებისას არაერთ შეცდომას უშვებენ. უპირველესი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სენსაციურად გაშუქების ტენდენციაა. “შავი ჭირი”, “მომაკვდინებელი დაავადება”, “უკურნებელი დაავადება” - ამ და სხვა მსგავს ფრაზებს იყენებენ ტერმინოლოგიად”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო რეკომენდაციებში.

კატეგორია - ეთიკა
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საკითხი კიდევ ერთი ტესტი იყო ქართული მედიისთვის კრიმინალის გაშუქების კუთხით. ამ თემამ გამოკვეთა რამდენიმე ხარვეზი, რაც ქართული მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს კრიმინალის გაშუქებისას კვლავ ახასიათებს. ყველაზე მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ბევრმა მედიასაშუალებამ დაასახელა პირი, რომლის დანაშაულიც ჯერ დადასტურებული არ არის.

გარდა ამისა, გარკვეული სახის ინფორმაცია ჯერ მედიამ გაავრცელა „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით, შემდეგ კი ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს მედიით გავრცელებული ცნობა.

ინფორმაცია დაკარგული პროკურორის ცხედრის პოვნის შესახებ პირველად 16 იანვარს საღამოს 20:49 საათზე პირველმა რადიომ გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და არც განცხადებას აკეთებდნენ, რადიომ სტატია ასე დაასათაურა: “სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურორი გარდაცვლილი იპოვეს”. უცნობია, ჰქონდა თუ არა ამ დროისთვის ქირიას ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” სტატიაშია აღნიშნული, ვახტანგ ქირიას შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ მედიიდან შეიტყო. ამავეს აცხადებდნენ ქირიას მეზობლები, რომ პროკურორის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყვეს.

ინფორმაცია პროკურორ ვახტანგ ქირიას გარდაცვალების შესახებ 16 იანვარსვე გადასცა „რუსთავი 2-მაც” “კურიერის” 9 საათიან გამოშვებაში პირველ ამბად. წამყვანმა აღნიშნა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი, “სავარაუდოდ” ვახტანგ ქირიაა. ამის შემდეგ დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურამაც.

პროკურორის გარდაცვალების საკითხი იყო მთავარი თემა 17 იანვარსაც. დაახლოებით 12 საათის შემდეგ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია “სავარაუდო დამნაშავესთან” დაკავშირებით, რომელმაც თავი მოიკლა. ზოგიერთმა გამოცემამ პირდაპირ “პროკურორის მკვლელი” უწოდა ბიძინა კუჭავას, რომელიც ქირიას ნათესავი იყო და მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებულად დაასახელა. ამ დროისთვის კუჭავა უკვე გარდაცვლილი იყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თავი მოიკლა მაშინ, როდესაც ის მანქანით მიმავალი საპატრულო ბრიგადამ გააჩერა.

პირველად სავარაუდო დამნაშავის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ გაავრცელა. 17 იანვარს დღის 12 საათზე „მოამბის“ გამოშვება ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებით დაიწყო ტელეარხმა:

„ოფიცალური კომენტარი არ გაკეთებულა ირაკლი შოთაძის უწყებაში, თუმცა, არაოფიცალური ინფორმაციით, რომელიც მოამბემ მოიპოვა ვახტანგ ქირიას მკვლელი არის მისი ნათესავი 50 წლამდე მამაკაცი და ასევე, წყარომ რომელმაც ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, გვითხრა ისიც, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები მის კვალზე გავიდნენ. ასევე ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აღნიშნული პიროვნების დადგენა მოახერხეს დეტალური ამონაწერების (სატელეფონო) მეშვეობით და ვახტანგ ქირიას მასთან ჰქონდა განხორციელებული ბოლო სატელეფონო ზარები. თუმცა, მე შეგახსენებთ, რომ ეს არის არაოფიციალური ინფორმაცია და ჩვენ დღის განმავლობაში ველოდებით აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებასა და დადასტურებას ოფიცალურ სტრუქტურეში“, - განაცხადა ჟურნალისტმა ჩართვისას. მაუწყებლის მიერ „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოგვიანებით, ოფიციალური სტრუქტურების მიერ დადასტურდა.

მართალია ჟურნალისტს არ უხსენებია ქირიას ნათესავის სახელი და გვარი, თუმცა, რამდენიმე წუთში გაზეთმმა primetimenews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მომხდარის შესახებ ზუსტად იგივე ვერსია, სადაც მითითებული იყო ვახტანგ ქირიას ნათესავის გვარი. მას გაზეთმა სტატიის პირველ ვერსიაში „მკვლელი“ უწოდა. “გუშინ მოკლული პროკურორის მკვლელი ბიძინა კუჭავაა - Exclusive”, - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია primetimenews.ge-ზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით გამოცემამ სათაურიც შეცვალა და ტექსტიც ჩაასწორა (“ზუგდიდის პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა – EXCLUSIVE”.)

ტელეკომპანია იმედის ეთერში 2 საათიან “ქრონიკაში” კი ჟურნალისტმა თქვა, რომ “პრაიმტაიმმა” კულუარულად აქამდე უცნობი დეტალები გაარკვია - როგორც აღმოჩნდა, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი “საქართველოს ხმის” დირექტორი ბიძინა კუჭავაა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”.

“გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელმა თავი მოიკლა”, - ასეთი სათაურით გაავრცელა ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა”, რომელმაც მკითხველს აუწყა, რომ “ბინა, რომელშიც ქირიას გვამი აღმოაჩინეს, მკვლელის დაქირავებული იყო”.

„მაესტროს“ „კონტაქტმაც“ 17 იანვარს, 15 საათიან გამოშვებაში პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელად ვახტანგ კუჭავა დაასახელა.

„გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.

18 საათიან გამოშვებაში ფორმულირება შეიცვალა და კუჭავას მონაწილეობა საქმეში ვერსიად მოიხსენიეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თქმით, „არსებობს ვერსია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობასთან მის დეიდაშვილს ბიძინა კუჭავას კავშირი აქვს, თუმცა კუჭავას ნათესავები და მეზობლები აცხადებენ, რომ კუჭავას და ქირიას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და დარწმუნებულები არიან, რომ კუჭავა საკუთარ დეიდაშვილს არ მოკლავდა“.

უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, პირი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ სასამართლო მას ბრალს არ დაუმტკიცებს.

ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები არ ენდობიან გამოძების ვერსიას, ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ახლობლებს არ სჯერათ, რომ მან თავი მოიკლა.

თითქმის ყველა ტელეკომპანიამ უჩვენა ეთერში გარდაცვლილი ქირიას ოჯახის წევრების ცრემლები და ემოციები ახლო კადრებით. უჩვენეს მიცვალებულის ზუგდიდში ჩასვენების კადრები. ჩაწერილი იყო ინტერვიუ ქირიას მოადგილესთან, ფონად კი ისმოდა დატირების ხმები.

ჟურნალისტებმა სხვადასხვა გამოშვებაში განაცხადეს, რომ, “გავრცელებული ინფორმაციით, ქირიას ცხედრის დანაწევრებას ცდილობდნენ”. უნდა აღინიშნოს, რომ ცხედრის დანაწევრების მცდელობისა და მისი მოკვლის შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. რის შემდეგაც ეს დეტალები თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებამ გამოიყენა.

ბიძინა კუჭავას შესახებ მედიაში ძირითადად ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა, რაც საზოაგდოებას მის მიმართ უარყოფითად განაწყობდა. რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ბიძინა ივანიშვილსა და ბიძინა კუჭავას საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი ჰქონდათ. პრესკონფერენციაზე ბიძინა კუჭავამ კითხვის დასმა სცადა, ივანიშვილმა კი მას გაახსენა მათი პირველი შეხვედრა. ივანიშვილის თქმით, მაშინ კუჭავას ძალიან ცუდი პოზიცია ჰქონდა და ცუდ თამაშს თამაშობდა. ვიდეოდან გაუგებარი დარჩა რაზე იყო საუბარი.

9 საათზე “რუსთავი 2-ის“ გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” მეორე სიუჟეტად გავიდა ინფორმაცია ბიძინა კუჭავაზე. სიუჟეტში საუბარი იყო კუჭავას კავშირზე დიდი ხნის წინ მომხდარ ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობის საქმესთან. სატელეფონო ინტერვიუ იყო ჩაწერილი ჟურნალისტ თეა ხურცილავასთან, რომელიც თავის დროზე ამ თემაზე მუშაობდა. მან აღნიშნა, რომ კუჭავა საქმეში ერთერთმა მოწმემ დაასახელა, თუმცა არ დაკითხულა.

კუჭავას დაუკავშირეს მისი დის გაუჩინარებასაც. ასევე მის მიერ დის ოჯახისთვის ბინის გაყიდვაზეც იყო საუბარი. სიუჟეტში ასევე ნახსენები იყო, რომ კუჭავა აზარტული თამაშებით იყო დაინტერესებული. ინფორმაცია გაზეთ ”კვირის პალიტრიდან” იყო ამოღებული.

თუმცა მოგვიანებით 18 იანვრის გამოშვებებში რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორმა მამუკა კუჭავამ განაცხადა, რომ დის გაუჩინარებასთან ბიძინა კუჭავა დაკავშირებული არ იყო და ის ბინა, რომელიც გაყიდა, არა დას, არამედ მას [ბიძინა კუჭავას] ეკუთვნოდა. რაც შეეხება, აზარტულ თამაშებს, მამუკა კუჭავას თქმით, ბიძინა კუჭავა თავად ფლობდა კაზინოს და არ თამაშობდა.

პოსტსკრიპტუმის ინფორმაციაზე დაყრდნობით კი palitratv.ge-მ შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა მასალა - “ვინ იყო ბიძინა კუჭავა? - აზარტული მოთამაშე, რომლის სახელი სხვა მკვლელობებშიც ფიგურირებს?”

კიდევ ერთ მკვლელობასთან გაავლო პარალელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. „მოამბეში“ 20 საათზე ჟურნალისტმა ისაუბრა დაუდასტურებელ, საქმესთან კავშირის არმქონე დეტალებზე და კუჭავას გარკვეულ კავშირებზე რამდენიმე მკვლელობის საქმესთან. გარდა ნინუების მკვლელობისა, მან დაასახელა 2007 წელს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით გოჩა მაღალთაძის გახმაურებული მკვლელობა. მოამბის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა სხვადასხვა წლებში რამდენჯერმე დაკითხულია სხვადასხვა მკვლელობის საქმეზე მოწმის სტატუსით.

გაუგებარია აღნიშნული მასალების საინფორმაციო ღირებულება, რადგან ამ ინფორმაციის გავრცელებით მხოლოდ იმის მტკიცება შეიძლება, რომ კუჭავას სუფთა წარსული არ ჰქონდა, რაც აძლიერებს ეჭვს საზოგადოებაში, რომ მკვლელი შესაძლოა ის იყოს.საერთო ჯამში, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ერთი, რომ შესაძლოა ოჯახმა არ იცოდა ქირიას გარდაცვალების შესახებ და ეს ინფორმაცია ეთერიდან გაიგო. მეორე - ზოგიერთმა მედიასაშუალებამ კუჭავა „მკვლელად“ მოიხსენია მაშინ, როცა ჯერ დადასტურებული არ არის საქმის ყველა გარემოება, ოჯახს აქვს ეჭვები ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით და აპირებს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 48-ე მუხლი

დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო, მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.

49-ე მუხლი

პუნქტი 2 - დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

პუნქტი 8 - დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს სარედაქციო დასაბუთება.

50-ე მუხლი

პუნქტი 4 - სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
კატეგორია - ეთიკა
23 ნოემბერს Geworld.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „უზნეობა დემოკრატიის სახელით“, რომელიც ჰომოფობიის ნიშნებს შეიცავს. სტატიის დასაწყისში ვხედავთ 2014 წლის ფოტოს, რომელზეც ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში შვილებთან, 3 წლის ზაქარიასთან და 20 თვის ელაიასთან, ერთად არიან გადაღებულები. სტატიის ქვესათაურია „ცისფრის 50 ელფერი“.

სტატიის ავტორი ჩამოთვლის „მანკიერებებს, რომელთა გამოც არ უყვართ ჰომოსექსუალები“. ესენია: „გარყვნილება, მავნე ჩვევები, „ცუდი“ სნეულებები, მკვლელობები და ნარკოტიკები, პედოფილია“.

გამოქვეყნებული მასალაში ვკითხულობთ, რომ „ჰომოსექსუალები ეწევიან არაჯანსაღ ცხოვრებას, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების გავრცელებას“, „ჰომოსექსუალების 25-30% ალკოჰოლიკია“, „არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელთა 37 პროცენტი სადომაზოხიზმითაა დაკავებული, რომელიც ხშირად იწვევს სიკვდილს“, „სიკვდილმისჯილი ქალების 50% ლესბოსელი იყო“, „სექსუმცირესობის წარმომადგენელთა 33 პროცენტს დასაშვებად მიაჩნია სექსი არასრულწლოვანთან“, „იმის გამო, რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან, ცდილობენ, ბავშვები გადაიბირონ“, „ჰომოსექსუალის საშუალო შემოსავალი წელიწადში 55,4 ათასი დოლარია“, „ჰომოსექსუალიზმი არ არის ჯანმრთელი და სასარგებლო მოვლენა. ჰომოსექსუალი საუკეთესო შემთხვევაში იქნება უბედური და უფრო დაუკმაყოფილებელი, ვიდრე სექსუალურად ნორმალური ადამიანი“.

ავტორის აზრით, „ლოგიკური იქნება, თუ მათ (ჰომოსექსუალებს) ზოოფილებს შევადარებთ“. იგი, დაუდასტურებული ფაქტების არგუმენტებად მოყვანით, აღვივებს სტერეოტიპებსა და ზიზღს სექსუალური უმცირესობების მიმართ: „გასული საუკუნის 70-იან წლებში გეიაქტივისტებმა აიძულეს ფსიქიატრების ამერიკული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი. მოგვიანებით ამავე სიიდან ამოიღეს პედოფილიაც“; „აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33 პროცენტი გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მოსახლეობის 2 პროცენტი სექსუმცირესობაა, გამოდის, რომ 20-დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია. ჰეტეროსექსუალებში კი ასეთ დანაშაულში 490-დან ერთია შემჩნეული“...

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის მიხედვით, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
კატეგორია - ეთიკა
17 დეკემბერს, “მაესტროს” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა კადრსინქრონი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედმა ადმინისტრაციამ ყოფილი დირექტორი ზვიად სიჭინავა მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ზუგდიდში საფეხბურთო აკადემიას, რომელიც ფედერაციის განცხადებით, არ არის უეფას აკადემიის ფილიალი და ის არა უეფადან, არამედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან უნდა დაფინანსებულიყო.

“კონტაქტში რვაზე” ფედერაციის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით, ისიც ითქვა, რომ ზუგდიდში ამ პროექტის განხორციელებას ზვიად სიჭინავამ ფედერაციის პრეზიდენტობის თანამდებობიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე მოაწერა ხელი.

“მაესტრომ” მხოლოდ ერთი წინადადებით აღნიშნა, რომ ფედერაციის გადაწყვეტილებას ზუგდიდში ხმაური მოჰყვა აკადემიის აღსაზრდელი ახალგაზრდა ფეხბურთელების მშობლების მხრიდან, თუმცა კადრსინქრონში ფედერაციის წარმომადგენელთა კომენტარის გარდა, “კონტაქტს” მაყურებლისთვის სხვა მხარის შეფასებები და არგუმენტები არ შეუთავაზებია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზვიად სიჭინავასთან არა თუ კომენტარი, არამედ მასთან დაკავშირების მცდელობაც კი არ ყოფილა, განსხვავებით, სხვა მედიასაშუალებებისგან (“რუსთავი 2”, ტელეკომპანია “პირველი”) რომლებმაც სიჭინავას საპასუხო განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა მისცეს.

ზუგდიდში საფეხბურთო აკადემიის გაუქმების გადაწყვეტილებისთვის “მაესტროს” წინა დღეების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ყურადღება არ გაუმახვილებია, შესაბამისად, ამბის სრულყოფილად გადაცემის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო პროცესის მონაწილე ყველა მხარის მაქსიმალურად თანაბრად და მიუკერძოებლად წარმოჩენა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 20-ე მუხლის თანახმად, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. ამავ კოდექსის მე-15 მუხლი კი ამბობს, რომ ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მუხლის განმარტების თანახმად, ზუსტ ინფორმაციად მიიჩნევა ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი და მოვლენ, ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.