„პრესის თავისუფლების მკვეთრი ვარდნა საქართველოში“ - SJP-ის 2024 წლის ანგარიში
06.03.2025
კატეგორია - საქართველო


„ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში - „პოლიტიკურ წნეხთან დაპირისპირება, დეზინფორმაცია და მედიის დამოუკიდებლობის ეროზია“, რომელიც 2024 წელს, ევროპის მასშტაბით პრესის თავისუფლების მდგომარეობას მიმოიხილავს, საქართველოზეც არის საუბარი. 

ანგარიშის დასაწყისშივე აღნიშნულია, რომ საქართველოში 2024 წელს, „განგაშის სიგნალები მკვეთრად გაიზარდა – სამჯერ მეტად წინა წელთან შედარებით“, რაც დიდწილად პროევროპული აქციების მიმდინარეობისას ჟურნალისტებზე თავდასხმაში გამოიხატა. გასულ წელს, საქართველოში 18 განგაშის სიგნალი დაფიქსირდა და პრესის თავისუფლების დამრღვევი ქვეყნების ხუთეულში მოხვდა.

განგაშის სიგნალს, რომელშიც ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეები აისახება, ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციები გამოსცემენ.

„ქვეყნები, რომელიც პლატფორმაზე დაფიქსირებული საგანგაშო შემთხვევების სიმრავლით გამოირჩეოდნენ, იყვნენ უკრაინა (40), სადაც შემთხვევათა უმეტესობა მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან დაკავშირებული იყო რუსულ შეიარაღებულ ძალებთან; რუსეთი (32), თურქეთი (28), სერბეთი (20) და საქართველო (18)“.

2024 წელს საქართველოში მომხდარი მედიის თავისუფლების დარღვევებზე ვრცლად საუბარია ქვეთავში - „საქართველო: პრესის თავისუფლების მკვეთრი ვარდნა 2024 წელს“.  მასში აღნიშნუალია, რომ „განგაშის სიგნალების მკვეთრი ზრდით“ გამოწვეულმა რეგრესიამ „ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა დემოკრატიულ პრინციპებს და შეაფერხა მისი ევროკავშირთან ინტეგრაცია“.

2024 წლის ოქტომბერში პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულმა ფაქტების დამდგენმა მისიამ დაასკვნა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება „მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე“ მძიმე მდგომარეობაშია. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ დააჯარიმა რამდენიმე ოპოზიციური ტელევიზია, მათ შორის „მთავარი არხი“, იმ პოლიტიკური რეკლამების განუთავსებლობისთვის, რომლებიც ომით დანგრეული უკრაინის კადრების გამოყენებით პროპაგანდისტულ მესიჯებს მოიცავდა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, სულ მცირე 70 ჟურნალისტი გახდა სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, დაშინებისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის სუბიექტი.

„არჩევნების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა, რამაც ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია. ამ აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა გაძლიერდა“. 

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში პოლიციის მიერ პროტესტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებისას მედიის 90-ზე მეტი წარმომადგენელი გახდა ფიზიკური თავდასხმის, სიტყვიერი შეურაცხყოფის ან ხელის შეშლის მსხვერპლი.

„ყველაზე მეტად დაზარალებული ჟურნალისტები დამოუკიდებელ, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებში მუშაობდნენ “.

საკანონმდებლო შეზღუდვები და დაშინება

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს აშუქებდნენ, სპეცრაზმელების ძალადობის, ცილისწამებისა და მუქარის სამიზნეები გახდნენ. მასში საუბარია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მიღებულ კანონზეც, რომელიც რუსეთის 2013 წლის ანტი-LGBTQ+ კანონმდებლობის მოდელზეა დაფუძნებული და  „კიდევ ერთ შემაშფოთებელ მოვლენადაა“ შეფასებული.

დევნილობაში მყოფი ჟურნალისტების მიზანში ამოღება

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც დევნილი ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა, მზარდად სახიფათო ხდება. ამის მაგალითად მოყვანილია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის დაკავება. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „ჟურნალისტებს ახლა უფრო ხშირად უკრძალავენ ქვეყანაში შესვლას“. ასეთები კი იყვნენ: ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეზელი, ბელორუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალესკა, სომეხი ჟურნალისტი არსენ ხარატიანი და ფოტოჟურნალისტი სტეფან გოსი.

საქართველოს შესახებ ქვეთავი მთავრდება შეფასებით, რომ მედიის თავისუფლების სწრაფი ვარდნა, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი ძალადობით, შემზღუდავი კანონმდებლობითა და პოლიტიკური ჩარევით გამოირჩევა, ხაზს უსვამს შემაშფოთებელ გადახვევას ევროინტეგრაციიდან და დემოკრატიული პრინციპებიდან. ხელისუფლების მიერ სამართლებრივი და ფიზიკური დაშინების ტაქტიკის მზარდმა გამოყენებამ კი, ავტორიტარული მოდელების იდენტურ საკანონმდებლო ზომებთან ერთად, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის მტრული გარემო შექმნა. 

„საჭიროა სასწრაფო მოქმედება, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდეს, დაცული იყოს მედიის თავისუფლება, საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებებისადმი“.

„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ 15 საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს: „ჟურნაისტთა ევროპის ფედერაცია“; „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“; „ევროპელ ჟურნალისტთა ასოიაცია“; „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“; „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“; „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“; „ინდექსი ცენზურის შესახებ“; „საინფორმაციო უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტი“; „ევროპული მაუწყებლობის კავშირი“; „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“; ARTICLE 19; Free Press Unlimited; PEN International; Rory Peck Trust; Justice for Journalists Foundation.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ