კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
- "მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხადაჭერის თხოვნით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოდან 60 ორგანიზაცია წერილით მიმართავს.
- ინიციატივის ავტორია მედიის ადვოკატირების კოალიცია.
- ორგანიზაციები გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს სთხოვენ, საქართველოს პრეზიდენტს, კრიტიკული არხის დამფუძნებელის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ:
- ნიკა გვარამიას პატიმრობის მიზეზი ის არის, რომ ხმამაღლა აკრიტიკებს ხელისუფლებას;
- გვარამიას აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე; გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
- საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც ცალსახად გმობს გვარამიას დაპატიმრების ფაქტს და საქართველოს ხელისუფლებას რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
- მიმართვაში აღნიშნულია ისიც, რომ როგორც "მთავარ არხზე", ასევე, სხვა ტელეკომპანიებზე, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხდება თავდასხმა და შევიწროება.
კონტექსტი:
- ვიდრე მედიის კოალიცია, 60 ორგანიზაციასთან ერთად, შარლ მიშელს გაუგზავნიდა წერილს, ამავე მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 2022 წლის 2 ნოემბერს მას შემდეგ მიმართა, რაც სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პატიმრობაში 3 წლითა და 6 თვით დატოვა.
- 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
- საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
- 2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა ქართული მედიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნიკა გვარამიას შესახებ წერია, რომ "გადაიხედოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას სასჯელი."
09.11.2022
ვრცლად