საქართველო
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარ არხში“ მუშაობის დაწყების გამო, ეკა კვესიტაძეს რ2-სთვის 25 000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტის უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ

რა ხდება

  • „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა კვესიტაძემ შეიტანა.
  • ჟურნალისტი ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას.
  • სასამართლოში ეკა კვესიტაძის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება

კვესიტაძის საქმეზე სამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 10 ივნისს გამოაცხადა. განაჩენის მიხედვით:

  • სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და „რუსთავი 2-ს“ მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა.
  • „მთავარ არხში“ მუშაობის გაგრძელება კი სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია და კვესიტაძეს „რუსთავი 2-ის“ სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.
სხვაგვარი განაჩენი გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მაისს ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავს საქმეებზე.

სასამართლომ მათი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით ნოდარ მელაძისთვის - 80 000 ლარის, ნანუკა ჟორჟოლიანისთვის კი 62 000 ლარის გადახდა დააკისრა.

რას აპირებენ

ეკა კვესიტაძის უფლებადამცველი ორგანიზაციის - საიას განცხადებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე, პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

საია მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძე, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობის გამო, დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

საიას განცხადებით, ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ხელშეკრულების უხეში დარღვევის მოტივით და მენეჯმენტმა კვესიტაძეს და რამდენიმე ჟურნალისტს ხელფასის გადახდა შეუწყვიტა.

„ხელფასის შეწყვეტასთან ერთად მას ურჩიეს შვებულებაში გასვლა. რჩევა მოდიოდა ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლისგან, რომლის მოწმედ დაკითხვაც, სამწუხაროდ, სასამართლომ არ ისურვა. სამწუხაროდ ეს და სხვა მრავალი ფაქტობრივი გარემოება, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას“ - აცხადებს საია.

კონტექსტი

  • ეკა კვესიტაძე „რუსთავის 2“-დან 2019 წელს გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
  • მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა. სწორედ მან მიიღო ეკა კვესიტაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება, 2019 წლის აგვისტოში, ნოდარ მელაძესთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან და გიორგი ლაფერაშვილთან ერთად. მიზეზად კი, ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.
  • იმავე პერიდში ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.
კატეგორია - საქართველო
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით „მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში“.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუარესების გამო და ხაზს უსვამს, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით ქვეყანა 60-დან 89-ე ადგილამდე დაქვეითდა.


რატომ არის მნიშვნელოვანი? რეზოლუციის შესახებ პრესრელიზში წერია, რომ თუკი საქართველო შეასრულებს დოკუმენტში ჩაწერილ პირობებს, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

ევროპარლამენტის რეზოლუციის ძირითადი მოწოდებები:

  • გადაიხედოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას სასჯელი.
  • საქართველომ თავი უნდა შეიკავოს მზარდი რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებისგან მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
  • საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, როგორიცაა მედიის თავისუფლება.
  • საქართველომ შეზღუდოს საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების (SLAPPs) გამოყენება, რაც მიმართულია უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ზღუდავს მათ დამოუკიდებელ მუშაობას.
  • საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ.
  • “ევროპარლამენტარები მიუთითებენ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობაზე იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტებზე ძალადობაზე 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარშის დროს, სადაც ძალადობრივი თავდასხმის შედეგად ერთი ჟურნალისტი დაიღუპა.”
  • ევროპარლამენტარები საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესება კრემლთან მისი კავშირებისა და მთავრობაში მისი გავლენების გამო ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის.

რეზოლუციის მიღებას 8 ივნისს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში გამართული დებატები უძღოდა.

ევროპარლამენტარებმა მედიაგარემოს გაუარესებაზე, კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასა და ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე ისაუბრეს. ვრცლად მათ მთავარი გზავნილები წაიკითხეთ აქ.
კატეგორია - საქართველო
ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევა და ჟურნალისტების უსაფრთხოება განიხილეს.

8 ივნისს, გვიან ღამით, ევროპარლამენტში მედიაგარემოს გაუარესებაზე, კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასა და ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე ისაუბრეს.

ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილები

მოკლედ: საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების შესახებ დებატების დროს სიტყვით 15-ზე მეტი ევროპარლამენტარი წარსდგა. მათი გზავნილების ნაწილი ეყრდნობოდა 5 ივლისის მოვლენებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, ნიკა გვარამიას პატიმრობასა და პრესის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველოს უკუსვლას.

მთავარი აქცენტები:

  •  ბოლო წლებში მედიის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის ნაწილია და ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
  • მნიშვნელოვნად გაუარესდა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება.
  •  ხელისუფლებამ უნდა დაიცვას გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.
  •  თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის განუყოფელი ნაწილია. კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, მათზე ღიად მუქარა და დევნა საქართველოს ამ ამბიციისგან აშორებს.
  •  მედიაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის.
  •  იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველოს მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან „მედიაზე ნადირობას“, იმის ნაცვლად, რომ დაიცვან დემოკრატიის საყრდენი.
  •  ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის თვალსაჩინო მაგალითია.
  •  ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადონ ცალკეული ინტერესები და დაიწყონ ერთობლივი მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე.
  • ევროპული მისწრაფება ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია.

“მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის”

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის და საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები, მათ შორის მედიის თავისუფლების კრიტერიუმი. ეს კი მმართველ პარტიაზე და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ანდრიუს კულიბიუსი: “მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის ფორმალური და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლი, რათა საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზება მოხდეს, ეს სრულიად მიუღებელია. სწორედ ამას ამბობს ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიოდ.”

ევროპარლამენტარმა საქართველოს ვითარება შეადარა 1997 წელს სლოვაკეთის შემთხვევას.

“1997 წელს სლოვაკეთი არ მიიწვიეს მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან სლოვაკეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი იმ დროს ანადგურებდა დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს. სლოვაკმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა და გადაირჩია მეჩიარის მთავრობა. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას არ გაიმეოროს ვლადიმირ მეჩიარის შეცდომები“

ევროკომისრის მოწოდება

დებატების დასასრულს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი ვლადის დომბროვსკისი, და ყურადღება გაამახვილა თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობას:

  • “თუ საქართველო სერიოზულია თავის ევროპულ გზაზე, აქ ვერ იქნება ადგილი პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მედიის თავისუფლების დარღვევებისთვის.”
  •  “შეშფოთებით აღვნიშნავთ საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ეპიზოდების მზარდ რაოდენობას, ძალადობა და დაშინება არასდროსაა მისაღები.”
  •  “მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ დატოვონ სივრცე დაუსჯელობისთვის და დაიწყონ მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ამ შემთხვევებზე და გააუმჯობესონ ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების დაცვა.”
  •  სამწუხაროდ მცირე პროგრესი ვნახეთ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქი ადამიანებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების გამოძიებასა და პასუხისგებაში მიცემაში.

ევროპარლამენტარების უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ქვეყანაში პროგრესის იმედი გამოთქვა.
კატეგორია - საქართველო
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის 14-პუნქტიანი პროექტი საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.


რა არის მნიშვნელოვანი?
დოკუმენტში ზოგიერთი პუნქტი შეიცავს მკაცრ ტერმინოლოგიას, როგორიცაა Demand (მოთხოვნა) და Condemn (დაგმობა) და Strongly Condemn (მკაცრად დაგმობა). მასში მოწოდებაა “მთავარი არხის” დირექტირის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისა და მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკის შეწყვეტის შესახებ.

რა წერია რეზოლუციის პროექტში?

  • ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ მზარდი საფრთხეებით.
  • ევროპარლამენტი გმობს გამოხატვის თავისუფლებაზე ნებისმიერ თავდასხმას.
  • ხელისუფლებისგან მოითხოვს ბოლო მოუღოს ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმეგ ძალადობას, შევიწროებას, დაშინებასა და ცენზურის ყველა გამოვლინებას.

რეზოპლუციის პროექტით, ევროპარლამენტი გმობს:

  • ლგბტქი+ ადამიანების მიმართ სიძულვილის დისკურსს.
  • მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის ცენზურისა და დაშინებისთვის.

ადასტურებს, რომ ჟურნალისტზე თავდასხმების გამოძიების არარსებობა მეტყველებს დამნაშავეების დაუსჯელობაზე.

  • მოუწოდებს დაუყონებლივ,ზუსტ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებისკენ ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები.
  • მოუწოდებს ჩატარდეს დაუყონებლივ სრული, გამჭვირვალე, სანდო და მიუკერძოებელი გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.
  • მოითხოვს ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას;

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მედიის მუშაობაში ჩაურევლობა და უზრუნველყოს პრესის თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა.
  • დაუყონებლივ ჩაატაროს ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვა და ამავდროულად დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. ხელისუფლებას სთხოვს, გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დაკავებული ყველა ჟურნალისტის გათავისუფლებას.
  • უზრუნველყოს არსებული კანონმდებლობის გადახედვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ისე, რომ არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს პროპორციულობა და კანონის წინაშე თანასწორობა.
  • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა უფლება ქალთა და ლგბტი+ უფლებებთან დაკავშირებით.
  • შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და დიპლომატების თვალთვალი და მოსმენები. ითხოვს პროკურატურის მიერ 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება სრულიად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი იყოს.
  • მოუწოდებს ლგბტქი+ ადამიანების უფლებადამცველების დაშინების შეწყვეტისკენ.
  • უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი მოითხოვს:

  • საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს მედიის თავისუფლების შემზღუდავ საკანონმდებლო კანონპროექტებს.
  • ხელისუფლებამ შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და დისკრიმინაციული მოპყრობა მედიის წარმომადგენლების მიმართ, დაგმოს ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები და საჯარო განცხადებებში ტოლერანტული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოზიცია დაიცვას.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს: ურზუნველყოს საქართველოს მიერ კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების ვალდებულებების სრული შესრულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი იყოს.

ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომისა და საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის გამო ევროკავშირმა თვალი არ უნდა დახუჭოს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ვითარებაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიუთითებს ეს რეზოლუცია გაუგზავნოს საბჭოს, კომისიას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო.

  • რეზოლუციის პროექტის ტექსტი საქართველოში მედია გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენებითა და შეფასებებიდან გამომდინარეობს.
  • ევროპარლამენტში ქართული მედიაგარემოს შესახებ დღეს იმსჯელებენ, ხვალ, 9 ივნისს კი კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც პარლამენტის მემარცხენე ჯგუფის სახელით ესპანელმა ევროდეპუტატმა მიგელ ურბან კრესპომ მოამზადა.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს განაჩენს დაუსაბუთებელად მიიჩნევს და პრეზიდენტს მთავარი არხის დირექტორის შეწყალებას სთხოვს.


ომბუდსმენის შეფასება: მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

სასამართლომ თავი აარიდა ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს:

  • ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი
  • ე. წ. მანქანის ეპიზოდი
  • ე.წ. ფულის გათეთრების ეპიზოდი

სახალხო დამცველის ასკვნის, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი უხეშად არღვევს კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპს, და მიმართავს პრეზიდენტს, შეიწყალოს მთავარი არხის დირექტორი.

სახალხო დამცველამდე, მსგავსი შეფასება გამოაქვეყნეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც.


ვრცლად TI-ის შეფასებას გაეცანით ამ ბმულზე.
ვრცლად: საიას შეფასება იხილეთ ამ ბმულზე.


კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა
კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმე შეისაწავლა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ვერ პასუხობს კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებს.

ასეთივე შეფასება გამოაქვეყნა საიამ 3 ივლისს.

ვრცლად: საია: ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია

TI-იმ 5 მიზეზი გამოყო, რის გამოც ორგანიზაცია განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევს:

მოსამართლის აცილების საკითხი

  • TI-ის შეფასებით, საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთან ახლო მეგობრობის ფაქტი მოსამართლის აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

2015 წლის ეპიზოდი (ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე)

  • TI-ის შეფასებით, ნიკა გვარამიას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა დაკისრებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ იგი მოქმედებდა ერთპიროვნული გადაწყვეტილების, მისი პირადი დაინტერესების, თაღლითობის, კორუფციული თუ სხვა დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე.
  • ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განაჩენში მითითებული არაერთი დასკვნა ზოგადი ხასიათისაა ანდა არ შეიცავს მსჯელობას თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ დაშვებამდე.

2019 წლის ეპიზოდი (ე.წ. ავტომანქანის საქმე)

  • TI-ის შეფასებით, მოსამართლეს არ უმსჯელია კომპანიის დირექტორის ქმედება რამდენად იყო სამეწარმეო სამართლით შესაფასებელი კატეგორია.
  • ავტომობილის ფაქტობრივ მფლობელობაში მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო წინააღმდეგობრივ დასკვნას აკეთებს. ასევე, სასამართლოს არ უმსჯელია ნიკა გვარამიას მოტივაციასა და განზრახვის ელემენტზე

სასჯელის დანიშვნა

  •  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, სასჯელის დანიშვნისას მოსამართლის მსჯელობა ზოგადი და აბსტრაქტული იყო, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არაპროპორციული. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების კრიტიკა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლომ განიხილა რამდენიმე ორგანიზაციისა და პირის, ე.წ. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება, რომელიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების კრიტიკა

სასამართლომ დაასკვნა, ზოგიერთი შეფასება სუბიექტური იყო და მიზნად ისახავდა დაცვის მხარის მხარდაჭერას

  • TI-ის დასკვნით, სასამართლომ არ დააკონკრეტა რომელი მოსაზრების რომელი შეფასება ჩათვალა მიკერძოებულად და მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა.
  • ასევე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა, ამ მოსაზრებების ავტორთა გამოძახებაზე სასამართლოში და არ დააკონკრეტა რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. 
ვრცლად TI-ის შეფასებას გაეცანით ამ ბმულზე.

კონტექსტი:

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა
კატეგორია - საქართველო

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2-სგან" გათავისუფების გამო 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას ითხოვს. 


რა ხდება? ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა, "მთავარი არხის" დირექტორის რუსთავის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ გვარამია "რუსთავი 2-სგან" კომპენსაციას ითხოვს. 

ადვოკატის განმარტებით:

  • "რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორის, ნიკა გვარამიას "რუსთავი 2-თან" აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული.
  • ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშმა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით გაათავისუფლა, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. "რუსთავი 2" ვალდებულია გვარამიას გადაუხადოს კომპენსაცია.
  • ეს არის ზიანი, რაც გვარამიას მადგა 'რუსთავი 2-ის" მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით.
"თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამია. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ რუსთავი 2-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს", - ამბობს გვარამიას ადვოკატი.  

კონტექსტი

  • "რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
  • მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.
  • შედეგად, ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.
  • 2-წლიანი დავის შემდეგ, 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა.
  • ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლებისთვის კი  "რუსთავი 2-ს" 62 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 
ნიკა გვარამიას16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ამბობს, რომ ‘მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია და სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული მტკიცებულებით, მის ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.


რა ხდება? საია გაეცნო ე.წ რუსთავი 2-ის საქმეზე კომპანიის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას, ყოფილი ფინანსური დირექტორის კახაბერ დამენიას და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორის ზურა იაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს. ორგანიზაცია ამასთანავე ახორციელებდა სასამართლო სხდომების მონიტორინგს.

ასოციაციამ განიხილა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი, რომლითაც ნიკა გვარამია 2 ეპიზოდშია დამნაშავედ ცნობილი და 50 ათასლარიან ჯარიმასთან ერთად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

საიას ძირითადი შეფასება

ორგანიზაციის განცხადებით, განაჩენი არ პასუხობს სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, რის გამოც მიაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია.

ე.წ 2015 წლის ეპიზოდი


ამ ეპიზოდში მოსამართლემ ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას მიმართ წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ბრალად ედებოდათ 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო შემოსავლების ხელოვნურად შემცირების გზით ტელეკომპანიისთვის განზრახ ზიანის მიყენება.

საიას შეფასება:

„2015 წლის იმ პერიოდში რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები, რეკლამის განთავსების წესის ცვლილება და მათი გავლენა კომპანიის მიერ შემოსავლის მიღებაზე სასამართლოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ აქვს შეფასებული, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ განაჩენი ამ ეპიზოდთან მიმართებით ვერ აკმაყოფიულებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.“

კერძოდ:

  •  სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის იანვარში შეიცვალა რეკლამის განთავსების წესი, რამაც გავლენა იქონია მანამდე არსებულ შედეგებზე.
  •  გაუგებარია, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამიას განზრახული ჰქონდა ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ რუსთავი 2-სთვის ზიანის მიყენება, რადგან მას გაუჩნდა ტელეკომპანიაში წილის მფლობელის ცვლილების გონივრული მოლოდინი, მაშინ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი.
  •  სასამართლოს, ამ მსჯელობაზე დაყრდნობისას, არ უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, რატომ არ გაგრძელდა აღნიშნული განგრძობადად მომდევნო პერიოდებშიც, განსაკუთრებით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, როდესაც რეალურად უნდა გაჩენილიყო ტელეკომპანიაში მესაკუთრის ცვლილების მოლოდინი და არა სარჩელის შეტანისას.
  •  საიას მიაჩნია, რომ სასამართლოს შეფასება მენეჯერული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული კონკრეტულ გადაწყვეტილების, გვარამიას მიერ დადებულ ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების გავლენების შესახებ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობით შესაფასებელ ქმედებას.

ე.წ ავტომანქანის ეპიზოდი

სასამართლომ ნიკა გვარამია ამ ეპიზოდშიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ. გვარამიას ბრალი ედებოდა იმაში, რომ მან პირადი სარგებლობისთვის შეიძინა ავტომობილი შპს „პროესკო მედიასგან“ და თანხის ანაზღაურება ხდებოდა კონტრაქტორითვის რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე.

საიას შეფასება - „ალოგიკური მსჯელობა“ : ამ ნაწილში მოსამართლის შეფასებები წინააღმდეგობრივია. განაჩენში, მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, მოსამართლე თავადვე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, მაგრამ როგორც სასამართლო განმარტავს მან დანაშაულებრივი სქემა არჩია, რაც სიას მიაჩნია, რომ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებელია შეფასდეს როგორც ალოგიკური მსჯელობა.

კერძოდ:

  •  საიასთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს დანაშაულებრივი გზით იმის მიღების სურვილი რის მიღებაც მისი უფლებამოსილებას განეკუთვნება.
  •  სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს კომპანიის დირექტორის მიერ საკუთარი თავისთვის პრემიის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი ფორმით გაცემული. ნიკა გვარამია პრემიის სახით მიიღებდა ავტომობილს, თუ ტელეკომპანიის სხვა აქტივით მოხდებოდა ავტომობილის საფასურის გადახდა, (როგორც სასამართლო განმარტავს, „დანაშაულებრივი სქემით“), „რუსთავი 2“- ისთვის მატერიალურად იდენტური შედეგის მომტანი იყო და არ შეგვიძლია მივიჩნიოთ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად.
  •  საიასთვის სასამართლოს პოზიცია გაუგებარია მხარეთა თანასწორობა-შეჯიბრობითობასთან დაკავშირებით.
  •  სასამართლომ დაცვის მხარეს საჯარო სხდომაზე არ მისცა მისთვის კანონმდებლობით მიცემული შესაძლებლობის რეალიზების და თუნდაც ბრალდების მხარის ნუსხიდან დუბლირებული მოწმეთა პირდაპირი დაკითხვის წესით დაკითხვის შესაძლებლობა.
  •  გაგაუგებარია, სასამართლოს მიერ პოლიტიკური კონტექსტის ნაწილში ბრალდების მხარის პოზიციების ადვოკატირება.
  •  წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში არ გვხდება იმგვარი დასაბუთება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

სასჯელი - საიას შეფასებით, სასჯელის პროპორციულობის ნაწილში სასამართლოს მსჯელობა განსაკუთრებით დაუსაბუთებელია. საიას განმარტებით:

  •  სასამართლოს არგუმენტი საპატიმრო სასჯელის გამოყენებაზე ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე: ბრალდებულს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით წინასწარ აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის.
  •  ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე სასამართლომ ჯარიმის სახით 50 000 ლარის შეფარდებით ივარაუდა, რომ - მიუხედავად კომპანიისთვის მიყენებული მილიონიანი ზიანისა, რომელიც არ არის ანაზღაურებული სასჯელის სახედ განსაზღვრული ჯარიმა მოცემულ ნაწილში შესაბამისობაში იყო სასჯელის მიზნებთან.
  •  ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე, სადაც გვარამიას თვითონვე შეეძლო საკუთარი თავისთვის პრემიის სახით განესაზღვრა ავტომანქანის მიღება ამგვარი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის სახე მიზანშეუწონლად მიიჩნია.

როგორ განმარტავს სასამართლო სასჯელად შინაპატიმრობის არ გამოყენებას?

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ სასჯელის სახით ნაკლებად მკაცრი სასჯელის - შინაპატიმრობის გამოყენებაზე საუბრისას განმარტა, რომ ეს ვერ დააზღვევდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

საია კი ამბობს, რომ ნიკა გვარამია არ არის წარსულში ნასამართლევი და მოცემული საქმის განხილვის დროს, გირაოს პირობებში მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ან გირაოს პირობების დარღვევის ფაქტი არ დადასტურებულა.

  • საიასთვის გაუგებარია, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო იყო დანაშაულის ჩადენის ნაწილში შემაკავებელი ხასიათის სასჯელის სახით შეფარდებული თუნდაც შინაპატიმრობა რატომ ვერ მოახდენდა აღნიშნული რისკის დაზღვევას.

მოსამართლის აცილება

  •  2021 წლის 15 დეკემბერს ნიკა გვარამიამ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა.
  •  მისი თქმით, ჩხიკვაძე ამავე საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი მოწმის, “რუსთავი 2-ის” მმართველი კომპანიის, სს "მედია ჰოლდინგის" დირექტორის ზაზა გველესიანის მეგობარია.

საია ამბობს, რომ:

  •  მოსამართლის აცილების საკითხზე პასუხი გაცემული არ არის განაჩენში.
  •  მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე, რაც უკავშირდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორთან ახლო მეგობრობას (რაც თავად მოსამართლემაც დაადასტურა) და ამ მიზეზით საქმის შედეგით სავარაუდო დაინტერესების ეჭვებს, მოსამართლემ განაჩენშიც დაუთმო ადგილი, თუმცა ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები მისი მიკერძოებულობის თაობაზე.
  •  მოსამართლემ არ შეაფასა განაჩენის გამოტანის შედეგად, მისი მეგობრის ზაზა გველესიანის სამოქალაქო სამართლის მიმართულებით შესაძლო ინტერესი, რასაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დაედოს საფუძვლად. ეს კი ჩრდილს აყენებს მთლიანად ამ საქმეზე მიმდინარე მართლმსაჯულებას.
ვრცლად განაჩენის შესახებ საიას განმარტებებს გაეცანით ამ ბმულზე.
კატეგორია - საქართველო
ევროპარლამენტში ქართული მედიაგარემოს შესახებ იმსჯელებენ. ევროკავშირის ერთ-ერთი საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, 8 ივნისს დებატები გაიმართება თემაზე „მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში“, 9 ივნისს კი ამავე სახელწოდების რეზოლუციის კენჭისყრა შედგება.

გაუარესებული მედიაგარემო

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო პერიოდში გაუარესებულ მედიაგარემოზე მიუთითებენ. ყოველწლიიურ ანგარიშებში ყურადღებაა გამახვილებული 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე, რა დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, თავდასხმიდან 1 კვირაში კი „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

საქართველომ მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა პრესის თავისუფლების ინდექსში. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ შეფასებით, 2021 წელს ქვეყანამ ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა ნახა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურ ანგარიშებში მედიასაშუალებების სარედაქციო შინაარსში პოლიტიკურ ჩარევებზე, პოლარიზებულ მედიაგარემოზე, სამართლებრივ პრობლემებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორების დაუსჯელობაზე წერენ.

  • "ამნესთი ინთერნეიშენალის" ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ფარულად უთვალთვალებენ, აშინებენ და თავს ეხსმიან.
  • საქართველოში ჟურნალისტებისთვის მტრულ გარემოსა და გართულებულ სამუშაო პირობებზეა საუბარი ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის მომზადებულ ანგარიშში.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ოპოზიციური მედიის მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებების, ჟურნალისტების საჯარო ღონიძიებებზე არდაშვების, მედიის ნაწილზე, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთავრობის გავლენის გათვალისწინებით ქვეყანაში მედიის პლურალიზმი შემცირებულია.
  • მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხეზე მიუთითებდა უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-იც.

ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების მფლობელებისა და დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნის საკითხზე კი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკა მოჰყვა „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯას.

  •  ხელისუფლების ბოიკოტისა და კრიტიკული მედიის წინააღმედგ აგრესიული რიტორიკის
  •  წახალისებული ძალადობისა და ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების
  •  კომუნიკაციების კომისიის ჯარიმების
კატეგორია - საქართველო

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია- შავგულიძე აირჩია. მაუწყებლის ბორდი სრულად დაკომპლექტდა

რა მოხდა? პარლამენტში 24 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძე დაამტკიცეს.

ოპოზიციის კვოტით წარდგენილ კანდიდატს მხარი 52-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

  • "ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შევრცხვე სადმე ოდესმე ტყუილად ხარ მანდო, ვინმემ რომ არ თქვას და საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ხალხის ნდობის და ინტერესის გაზრდაზე ვიმუშავებ მთელი მონდომებით. ყველას დიდი მადლობა, ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს, გირჩებს, გახარიას გუნდს და მოქალაქეებს, ასევე გიორგი ვაშაძის გუნდის წევრებს, ასევე ფრიდონ ინჯიას გუნდს", - წერს ბასილაია-შავგულიძე. 

პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით შეივსო საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი სამეურვეო საბჭო, რომლის თავმჯდომარე 21 აპრილს ვასილ მაღლაფერიძე გახდა.

  • 14 აპრილს 3 ვაკანტური პოზიციიდან საბჭოს 2 ახალი წევრი - ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში შეემატა.
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარდგენილ მესამე კანდიდატს  ლიკა ბასიალა-შავგულიძეს კი პარლამენტმა მხარი პირველ კენჭისყრაზე არ დაუჭირა, ამიტომ ოპოზიციამ ის მეორედ წარადგინა.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის დირექტორია. ის 2014-დან 2018 წლამდე იყო ვებპორტალის eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორი.

სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრა, დებულების მიღებას, ბიუჯეტის მიღებას და სხვა ფუნქციებს მოიცავს.

კატეგორია - საქართველო
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “რესპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) “მთავარი არხის” დირექტორისადმი გამოტანილი განაჩენის გადახედვას ითხოვს.

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ მედიის უფლებების დამცველი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები.

რას წერს RSF?

  • “RSF ითხოვს ოპოზიციური არხის დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ უპრეცედენტო და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გადახედვას.”
  • ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ მზარდ საფრთხეებს.

“რესპორტიორები საზღვრებს გარეშე” ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს საქართველოში პატიმრობა მიუსაჯეს”.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი ჟან კაველიე ამბობს:

  • „ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში გამოტანილი განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით“
  • „ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე გამოავლინა არამხოლოდ გარკვეული უმოქმედობა, არამედ მზადყოფნაც, შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა.”
  • "მოვუწოდებთ სასამართლოებს დაუყონებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი განხილვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ყველა მედიისთვის საქართველოში“

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” წერს, რომ “მთავარი არხი” ხშირად ხდება ხელისუფლების თავდასხმების სამიზნე და ამის მაგალითებად არხის 111, 303 ლარით დაჯარიმება და თეა წულუკიანისა და კახა კალაძის მიერ “მთავარის” ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მოჰყავს.

ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით 20 მაისს განცხადება გაავრცელა “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” და “მთავარი არხის” დირექტორის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. საერთაშორისო გამოხმაურებებს შეუერთდნენ სხვა ორგანიზაციებიც.

ამ თემაზე ვრცლად: სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები
კატეგორია - საქართველო
საქართველოში ყველაზე დახურული საჯარო უწყება კულტურის სამინისტროა, ყველაზე ღია კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) 2021 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით უწყებების რეიტინგი გამოაქვეყნა.


რატომ არის მნიშვნელოვანი? “საჯარო დაწესებულებათა ყველაზე ღია თუ დახურულ უწყებად დასახელების მრავალწლიანი უწყვეტი პრაქტიკა, ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და საჯარო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას”, - განმარტავს IDFI.

დეტალები

ორგანიზაციამ 2021 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 285 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების მიხედვით შეაფასა.
  • 2021 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 8 446 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი 6,961 განცხადებაზე (82%) მიიღო.
  • წინა წელთან შედარებით საქართველოში საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2%-ით გაუმჯობესდა.

არცერთი პასუხი თეა წულუკიანის უწყებიდან

2021 წლის 16 მარტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფისა და მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, IDFI-ს სამინისტროდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი აღარ მიუღია.

  • თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინიტრომ აღარ გასცა ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ამ სამინისტროდან (კულტურის და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფამდე) IDFI შეუფერხებლად იღებდა წინა წლებში.
  • თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის პერიოდი უარყოფითად აისახა სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხზეც.
  • 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები უმეტესწილად სამინისტროს ფინანსების განკარგვასთან და მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი განათლების სამინისტროსგან გამოყოფიდან დაახლოებით ერთი წლის გასვლის შემდეგ, საკუთარი ვებგვერდი არ გააჩნია. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მთავრობის დადგენილებით პროაქტიულ გამჭირვალობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები.

პიროვნული ცვლილების ფაქტორი

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” თანახმად, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს იგივე პრობლემა არსებობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაშიც, რომელიც წლების განმავლობაში IDFI-ის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშებში ყველაზე დახურულ უწყებად სახელდებოდა.

  • მინისტრ თეა წულუკიანის ცვლილების შემდეგ, იუსტიციის სამინიტრომ 2021 წელს გასცა ისეთი საჯარო ინფორმაცია რომელიც, მისი ხელმძღვანელობის პირობებში დახურული იყო დაინტერესებული პირებისათვის.
  • “პიროვნული და მოსალოდნელი პოლიტიკური ცვლილებების ფაქტორის გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს საჯაროობის ხარისხზე, ცალსახად მიუთითებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით ქვეყანაში ქმედითი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.”, - წერს IDFI.

ყველაზე დახურული უწყებები

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით 2021 წლის რეიტინგში 262 დაწესებულებას შორის 5 ყველაზე დახურული საჯარო უწყებაა:

  1. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია
  3. წალკის მუნიციპალიტეტის მერია
  4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია
  5. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები მიიღო მთავრობის ადმინისტრაციამ (30,44%) და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ (0%).

ყველაზე ანგარიშვალდებული უწყებები

5 ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო უწყებაა:

  1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
  2. სახალხო დამცველის აპარატი
  3. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი
  4. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო
  5. აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
IDFI-ის ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (95,93%) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (95,65%).