საქართველო
კატეგორია - საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო ერთი პირი დააკავა.

რა მოხდა?

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, არხის გადამღებ ჯგუფს თბილისში 24 აგვისტოს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

  • უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით სიცოცოხლის მოსპობით დაემუქრა და ოპერატორზე თავდასხმას ცდილობდა.
  • მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საგამოძიებო უწყებებს ფაქტის სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლისკენ, ხელისუფლებას კი ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმავე დღეს გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ვრცლად ამ თემაზე: “ფორმულა”: ჩვენს გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ
კატეგორია - საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დეტალები

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

  • გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება.

რა მოხდა?

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, არხის გადამღებ ჯგუფს თბილისში 24 აგვისტოს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

  • უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით სიცოცოხლის მოსპობით დაემუქრა და ოპერატორზე თავდასხმას ცდილობდა.
  • მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საგამოძიებო უწყებებს ფაქტის სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლისკენ, ხელისუფლებას კი ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.

ვრცლად ამ თემაზე: “ფორმულა”: ჩვენს გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, არხის გადამღებ ჯგუფს თბილისში პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს ფაქტზე სწრაფად რეაგირებისკენ მოუწოდებს.

რა მოხდა?

“ფორმულას” ინფორმაციით, უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით სიცოცოხლის მოსპობით დაემუქრა და ოპერატორზე თავდასხმას ცდილობდა.

  • "კონკრეტული პირი მოვიდა, მითითებები ჰქონდა ჩვენთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით და ვთხოვეთ, რომ ორი წუთი მოეცადა, დანა ჰქონდა მას ხელში, დაგვემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცდილობდა თავს დასხმოდა ჩემს ოპერატორს და შემდეგ დააზიანა ჩვენი მიკროფონი და გაიქცა”,- ჰყვება რატი წვერავა.
  • "მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი, ბადრი ჩელენჯს გიცხადებს, მოდი შევხვდეთ სადაც გინდა, როცა გინდა"- ჰყვიროდა პირი კამერის წინ.

მომხდარის შესახებ ჟურნალისტმა პოლიციას შეატყობინა.

ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.

ხელისუფლებას კი მოუწოდებს:
  • დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება
  • პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
კატეგორია - საქართველო
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ “პრველის”, “ფორმულისა” და “მთავარი არხის” მიმართ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ქვეყანაში მედიაგარემოს აუარესებს.

კონტექსტი

კომუნიკაციების კომისიამ 23 აგვისტოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, ტელეკომპანია “პირველი” და “ფორმულა” კი წერილობითი გააფრთხილა.

“ქართული ოცნება” აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხების დასანქცირებას ითხოვდა.

რას ამბობს არასამთავრობო სექტორი?

მედიაკოალიცია, რომელშიც 16 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, აცხადებს, რომ კომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს.

  • “კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასებულიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე.”
  • “პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.”

დავის გაგრძელება

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია​ ამბობს, რომ “მთავარი არხი” ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზეც მზად არიან დაიცვან მაუწყებლების ინტერესები.
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, ტელეკომპანია “პირველსა” და “ფორმულას” კი წერილობითი გაფრთხილება მისცა.

“ქართული ოცნება” აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხების დასანქცირებას ითხოვდა. საკითხის არსებითი განხილვა 23 აგვისტოს შედგა.

რა მოხდა?

კომუნიკაციების კომისიამ კანონდარღვავდ მიიჩნია სამი ტელევიზიის მიერ “შინ ევროპისკენ” ვიდეოს განთავსება და დაადგინა, რომ რეკლამა უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” ლიდერებს, ემსახურება მათ დისკრედიტაციას და ხელს უშლის მათ არჩევას.

  • “გასათვალისიწებელია, რომ მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და მასზე ორგანიზატორებმა, რომლებიც ამავე დროს რეკლამის დამკვეთებს წარმოადგენდნენ, პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს, კერძოდ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.”, - გამოაცხადა კომისიის წარმომადგენელმა.
სამივე ტელევიზიას მაუწყებლობის შესახებ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მეორე პუნქტის დარღვევა დაუდგინდა.

  • რადგან, ტელეკომპანია “პირველსა” და “ფორმულას” ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი კანონდარღვევა არ ჰქონდათ, კომისიამ მათ წერილობით გააფრთხილა.
  • "მთავარ არხს" კი, რადგან უკვე ჰქონდა გაფრთხილება და 2019 წლიდან მსგავსი დარღვევა მე-5 დაუდგინდა, დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში დარღვევის გამო დაეკისრა ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით - 118 688, 67 ლარი, რაც 30 სამუშაო დღეში უნდა გადაიხადოს.

კონტექსტი


მმართველი პარტია მიჩნევდა, რომ სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის დაღვევით განთავსდა, რეკლამა კი „ქართული ოცნების” უარყოფითად წარმოჩენას და სამომავლო არჩევნებში არჩევისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა.

“ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” კი მიიჩნევენ, რომ, ხელისუფლება კომისიის საშუალებით ცდილობს კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი სანქციებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნას და საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობას.

ამავე თემაზე:


“ოცნების” არგუმენტები ტელევიზიების წინააღმდეგ

არსებითი განხილვის სხდომაზე “ქართული ოცნების” მხარის წარმომადგენელმა ნათია ბოკუჩავამ თქვა, რომ ვიდეოში:

  • პარტიის იდენტიფიცირება პარტიის ლიდრების სახეების იდენტიფიცირებით ხდება.
  • ვიდეო მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში ხელის შეშლას.
  • ვიდეო არ არის სოციალური რეკლამა, რადგან არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს.
  • ვიდეოს კომერციული მიზანი არ აქვს და უნდა კვალიფიცირდეს პოლიტიკურ რეკლამად.
  • რეკლამაში ამოგლეჯილია განცხადებები და არ ასახავს მათს სრულ შინაარსს.

“მთავარი არხის”, “ფორმულისა” და “პირველის” პასუხი

სამი ტელევიზიის წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. ისინი ამბობენ, რომ “სირცხვილიას” ვიდეო სოციალური რეკლამაა, მასალა განთავსებამდე შეისწავლეს, მიიჩნიეს, რომ კანონმდებლობით სოციალური რეკლამი კრიტერიუმებს აკმაყოფილებდ. მათი თქმით:
  • ვიდეო სოციალური რეკლამაა, რადგან მისი მიზანი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
  • საჩივრის ავტორი პოლიტიკურ პარტიას აგივებს საარჩევნო სუბიექტთან, რაც არასწორია, რადგან შეუძლებელია მსჯელობა 2024 წელს იქნება თუ არა “ქართული ოცნება” საარჩევნო სუბიექტი ან ვიდეოში ნაჩვენები პირები “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებულები.
  • ვიდეოში ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები წარმოჩენილი არიან, როგორც მაღალი თანამდებობის პირები და არა პარტიის სახეები. ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოს და არა “ქართულ ოცნებას”.
  • ციტატები კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის, თუკი ამოგლეჯილია, მაშინ საჩივრის ავტორმა განმარტოს სად დაირღვა კონტექსტი და პრეტენზია მიმართოს რეკლამის შექმნელის და არა ტელევიზიების მიმართ.
  • კომუნიკაციების კომისია არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში უნდა მოქმედებდეს. ამ შემთხვევაში ამოსავალი უნდა იყოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განმარტება.

სადავო ვიდეო

ვიდეორგოლი, რომელსაც მმართველი პარტია პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევს, აქცია “შინ ევროპისკენ” ორგანიზატორის მოძრაობა “სირცხვილიას” მომზადებულია.

2 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოში ჩანს, როგორ ისმენს ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი პოლიტიკურ განცხადებებს.



ვიდეოში ისმის ამონარიდები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის, ევროპარლამენტის რეზოლუციის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემებზე:
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის
  • მომღერლისა და ტელეწამყვანის გია გაჩეჩილაძის
  • თბილისის მერისა და “ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის
  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, “ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, “ოცნების” წევრის გია ვოლსკის
  • კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებებიდან
ვიდეოს ბოლოს კი ტექსტის სახით 24 ივნისს 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცის ანონსია.
კატეგორია - საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია “პოსტვ” სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.

გოგაშვილის ბრალდებებს კი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უარყოფს.

რა ხდება?

პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა “პოსტვის” შესახებ დეტალების გასაჯაროვება 19 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში დააანონსა:

  • “მალე: როგორ იწრთობოდა ,,POSTV’’ სუსის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები’’. ( ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე )”
  • ტელეარხი “პოსტვ” - “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” 2020 წლის ანგარიშის თანახმად, პროსახელისუფლებოა და მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს „ქართულ ოცნებას“ და ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას.

მანამდე გოგაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზეც:

  • 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.
  • გოგაშვილის ცნობით, 29 ივლისს ციხეში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და სხვა პირობებთან ერთად აფგან მუხთარლის საქმეზე მისთვის სასურველი ჩვენების მიცემა მოსთხოვა.
  • “ვახტანგ გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”- წერს გოგაშვილი.

ამ თემაზე: სოსო გოგაშვილი: შს მინისტრი მუხთარლის საქმეზე სასურველი ჩვენების მიცემას მთხოვდა

რას პასუხობს შს მინისტრი?

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ყოფილი კოლეგის ბრალდებებზე ჟურნალისტების შეკითხვებს 19 აგვისტოს უპასუხა.

  • გომელაური უარყოფს სოსო გოგაშვილთან სატელეფონო კავშირს და მის ყველა ბრალდებას “აბსურდსა” და “ტყუილს” უწოდებს.
  • საგამოძიებო უწყებაში დაბარების შემთხვევაში “მზად ვარ თუ კითხვები ექნება პასუხი გავცე გამოძიებასო”, - ამბობს გომელაური.


ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?
კატეგორია - საქართველო
18 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა „მთავარი არხის“ დილის გადაცემის ყოფილ წამყვანს ლაშა ნაკაიძეს.

დეტალები

  • პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.
  • პროკურატურა ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
  • საქმეზე მორიგი სხდომა 10 ოქტომბერს გაიმართება. 

კონტექსტი

მთავარი არხის“ გადაცემის “შენი დილის” წამყვანი ლაშა ნაკაიძე 16 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დააკავეს: ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარა.

  • პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. ამის შემდეგ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
  • ადვოკატი ამბობს, რომ ნაკაიძე ბრალდებას უარყოფს.
  • 17 აგვისტოს “მთავარმა არხმა” თანამშროლობა შეაჩერა ლაშა ნაკაიძესთან და ყოველგვარი სახის ძალადობა დაგმო.

ამ თემაზე: "მთავარი არხი" ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობას აჩერებს
კატეგორია - საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე სასურველი ჩვენების მიცემა მოსთხოვა.

სოსო გოგაშვილი ამის შესახებ ციხიდან 17 აგვისტოს გავრცელებულ წერილში წერს.

რა მოხდა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან კომუნიკაცია ციხის საშხაპეში ტელეფონით რამდენჯერმე ჰქონდა:

  • 28 ივლისს - “ვახტანგ გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”
  • 29 ივლისს - “ ტელეფონზე დამირეკა ვახტან გომელაურმა და მითხრა, თუ რა გადავწყვიტე. ასევე დამისახელა მათი პირობები: უნდა გამეჩერებინა ყველანაირი აქტივობა ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან, უნდა მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით, ჩემი მხრიდან უარის შემთხვევაში კიდევ ერთელ გამაფრთხილა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე.”
გოგაშვილის წერილის თანახმად, მასსა და მინისტრ ვახტანგ გომელაურს შორის სატელეფონო საუბარი კიდევ შედგა, ხოლო 4 აგვისტოს უთხრა, რომ მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს არ მიიღებდა.

  • “ვახტანგ გომელაურმა მიპასუხა, რომ მე ვუშვებდი ძალიან დიდ შეცდომას და ამის შედეგებს ძალიან მალე დავინახავდი. მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი.” - წერს გოგაშვილი.

რას წერდა გოგაშვილი მუხთარლიზე მანამდე?

26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.

წერილის გავრცელებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს „ფორმულასთან“ ინტერვიუში აფგან მუხთარლიმ თქვა, რომ ის ივანიშვილის ბრძანებით გაიტაცეს.

აფგან მუხთარლიმ მოითხოვა:
  • სოსო გოგაშვილმა ოფიციალური ჩვენება მისცეს პროკურატურას.
  • დაცვან სოსო გოგაშვილი, “რომ ის ციხეში არ მოკლან. მან ძალიან ბევრი რამ იცის ივანიშვილის დანაშაულების შესახებ”.
  • მუხთარლის სურს თბილისში ჩამოსვლა და პროცესში მონაწილეობა, მაგრამ რომ საქართველოში არ უშვებენ.
  • მუხთარლიმ მივმართა ევროკავშირსა და ევროპარლამენტს მისცენ გარანტია, რომ თბილისში ჩასვლას შეძლებს.

ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?

აფგან მუხთარლის გატაცება

  • აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა.
  • მეორე დღეს, 2017 წლის 30 მაისს მუხთარლი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.
  • აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ კვეთისა და 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
  • მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრა.
  • აფგან მუხთარლის დაკავებას დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოში. საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებმა გამართეს არაერთი აქცია მუხთარლის მხარასაჭერად.
  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარება უარყოფითად აისახა საქართველოს იმიჯზე არაერთ საერთაშორისო ანგარიშში.
კატეგორია - საქართველო
“მთავარი არხი” დილის გადაცემის წამყვანთან ლაშა ნაკაიძესთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას აჩერებს.

რა მოხდა?

“მთავარი არხის“ გადაცემის “შენი დილის” წამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დააკავეს: ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარა.

“მთავარმა არხმა” განცხადება 17 აგვისტოს, ტელეწამყვანის დაკავების შემდეგ გაავრცელა.

არხის განმარტება

“მთავარი არხის” განმარტებით, 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას "მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა “დაშავებული ქალი გამოკითხეს და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძე დააკავეს”.

  • არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას - “მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.”
  • “ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა”.
  • თუ ლაშა ნაკაიძეს დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს მასთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას.
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისია დაუსაბუთებელს უწოდებს კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც კომუნიკაციების კომისიის მიერ მათ წინააღმდეგ მმართველი პარტიის საჩივრის მიღებას “ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად” არის შეფასებული.

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულას,” ტელეკომპანია “პირველისა” და “მთავარი არხის” საპასუხო განცხადება 16 აგვისტოს გაავრცელა.

რა ხდება?

კომუნიკაციების კომისიამ 11 აგვისტოს დასაშვებად ცნო მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საჩივარი, რომლითაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხების დასანქცირებას ითხოვს აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო.

“ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” მიიჩნევენ, რომ, ხელისუფლება კომისიის საშუალებით ცდილობს კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი სანქციებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნას და საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობას.

რას პასუხობს კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებს?

კომუნიკაციების მარეგულირელ ორგანოში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია, შესაბამისად:

  • “არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.”
  • “საქმე ეხება სამაუწყებლო რეკლამის კანონიერების საკითხს, რასაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან.”
  • “კანონმდებლობით როგორც სოციალური რეკლამის, ისე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების საკითხი კომუნიკაციების კომისიის განსახილველია.”
  • “ამიტომ, არ არსებობდა სადავო ვიდეორგოლთან დაკავშირებით საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.”
  • “ვიდეორგოლის შინაარსობრივი შეფასება და მისი ეთერში განთავსების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტა არ ხდება კომუნიკაციების კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე.”
  • “კომუნიკაციების კომისია არსებითი განხილვის ფორმატში შეაფასებს სადავო ვიდეორგოლის შინაარსს, განსაზღვრავს მის კატეგორიას და მხოლოდ ამის შემედგ მიიღებს გადაწყვეტილებას რეკლამის ეთერში განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით.”

ამავე თემაზე:

რას ამბობს კომისია მედიის შეზღუდვის ბრალდებებზე?

კომისია ამბობს, რომ 2014 წლიდან არ არსებობს მათ მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს. კომისიის აზრით, მათი მიდგომა და ყველა გადაწყვეტილება, ქვეყანაში მედია პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურად გაზრდისკენაა მიმართული.

გავრცელებულ განცხადებაში კომისია მიუთითებს იმაზეც, რომ “კონკრეტული ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს” და შემდეგ კომისიას ბრალდებებს უყენებენ:

  • “კომუნიკაციების კომისიის მიდგომა და გადაწყვეტილებები მაუწყებლებმა იციან, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს და შემდგომ კანონის მოთხოვნების მიხედვით რეაგირებაზე კომუნიკაციების კომისიას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.”
  • “მაუწყებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი პასუხისმგებლობაა რეკლამის ეთერში განთავსებით კანონი არ დაარღვიონ. კანონის დაცვით რეკლამების განთავსებისას კომუნიკაციების კომისიას საქმის წარმოების დაწყების არავითარი საფუძველი არ ექნება.”

სამი ტელევიზიის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” საჩივრის არსებითი განხილვა 23 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება.
კატეგორია - საქართველო
2021 წელს გამოწვევები, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, აუცილებელია პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს გარანტირება - წერია ევროკავშირის გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მედიასაც მოიცავს.
  • საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში ევროკავშირმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა.
  • ანგარიში ასახავს პერიოდს 2021 წლის 5 თებერვალიდან საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ევროკავშირის ანგარიშში წერია, რომ “საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით - ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.”

ევროკავშირის შეფასება

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს გამოწვევებს შორის, რომლებმაც ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხე შეუქმნა არის:
  • 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა ლგბტქი პირების წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე.
  • ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.

რას წერია მედიაგარემოზე?

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალიან პოლარიზებული.

  • საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა - ეს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებაა 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებით.
  • “თავისუფლების სახლის” (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" 2022 წელს არის 58 100-დან (60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს.)
  • ულტრამემარჯვენე ჯგუფმა “ალტინფომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.
  • 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტქი აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს.
  • 5 ივლისის თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება, თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს.
  • 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომლებიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

ვრცლად ასოცირების პროცესის შესახებ ანგარიშს გაეცანით ამ ბმულზე.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” კომუნიკაციების კომისიის მიერ მათ წინააღმდეგ “ქართული ოცნების” საჩივრის მიღებას “ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად” მიიჩნევს.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი ტელევიზია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

სამი ტელევიზიის პოზიცია

“ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” კომისიის მიერ მმართველი პარტიის საჩივრის განსახილველად მიღებას დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებად აფასებენ.

მაუწყებლებს მიაჩნიათ, რომ:

  • ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას და მათთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნას.
  • ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს საზოგადოებაში კრიტიკული/ნეგატიური აზრის ჩახშობას.
  • კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება

კომუნიკაციების კომისიამ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საჩივარი, რომლითაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხების დასანქცირებას ითხოვს აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო დასაშვებად 11 აგვისტოს ცნო.

საჩივრის არსებითი განხილვა კი 23 აგვისტოს 15:00 საათზე დანიშნა.

“ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” აცხადებს, რომ კომისია:

  • ვალდებული იყო შეეფასებინა, არის თუ არა “ქართული ოცნება” ამ ტიპის განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი, ხოლო კომისია უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საკითხი.
  • მოსამზადებელ სხდომაზევე უნდა შეემოწმებინა სადავო რეკლამა არის პოლიტიკური/წინასაარჩევნო თუ სოციალური, ხოლო ამის გადაწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობის საფუძველზე ემსჯელა შედის თუ არა მის კომპეტენციაში მსგავსი რეკლამის შინაარსის შეფასება.

კომუნიკაციების კომისიის არგუმენტით კი, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე რეკლამის შინაარსში არ შედიან და ჩაითვლება თუ არა ვიდეორგოლი პოლიტიკურად არსებითი განხილვის სხდომაზე იმსჯელებენ.

ვრცლად ამ თემაზე: “ოცნება” კრიტიკულ ტელევიზიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის